ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი

ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი.

დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,

გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.

მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან

გათხრათა ფშნები, როგორც არხები.

არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,

მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.

თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,

შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?

თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,

ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.

ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,

ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?

მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -

ორმო-სამარხში გაეღვიძება!

ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -

მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი

და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად

ველი სამთავროს სასაფლაოსი.

სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს

ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -

და ივერიის როსმე უძლეველთ

გმირთ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.

ახ, მტერი, მტერი, ის ტყისკენ იხევს,

არმაზის ხევით მისდევს წვალება,

მაგრამ უძლეველს არმაზის ციხეს,

მთაზე მდგომს, როგორ დაემალება?

უზარმაზარი გალავნის კედელს

ის გაეკვრება, შიშისგან მკვდარი.

ახალო მცხეთავ, შენს შეუწყვეტელს

ამღელვარებას ჟღერს ჩემი ქნარი.

ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და დაფნარი ტოკავს, ტოკავს...
და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი მძაფრი ღრენით სალ კლდეს ლოკავს...
ჰორიზონტი ალისფერი, ჰორიზონტი ცის ფერადის,
ზღვიდან ცამდის, ციდან ზღვამდის მზის ალმურში ჩადის... ჩადის!

ვდგევარ მთაზე, ვდგევარ მარტო, ვდგევარ ერთი, ვდგევარ ობლად...
შორეული არვინა სჩანს, არვინაა არც მახლობლად,
მხოლოდ ერთი იალქანი, ვით ღამის ფრთა გარხეული,
დაქანაობს ქარისაგან დაფლეთილი, დახეული...

ჩუ, ძახილიც ისმის ზღვიდან: ‘ვიღუპები, ჰაუ-უუ... ნავი!"
ალბათ, ვინმე იღუპება... ზღვაა კუბო და საფლავი.
და ზღვა ხარობს... ზღვის უფსკრული თავგანწირულ მებრძოლს ელის...
მაგრამ აქ თავს ვინ გასწირავს? ან მენავეს ვინ უშველის?

ვინ გაიგებს მომაკვდავის განუსაზღვრელ ბოღმა-ნაღველს?
ვინ რას ეძებს გედის ჰანგებს - სხვა ოცნების გამომსახველს?
სად არიან მეგობრები, ნუთუ ყველა ზღვამ დაჰფარა?..
ზღვაზე კაცი იღუპება, შველა უნდა, ნავი, ჩქარა!

მაგრამ კმარა! აღარ ისმის არც ქვითინი, არც გოდება,
დაიღუპა! სივრცემ შთანთქა ის ამაო მოწოდება...
ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი და ნაძვნარი ტოკავს, ტოკავს...
და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი, სალ კლდეს ებრძვის - ღრღნის და ლოკავს!

ამაოდ ცდილობ, რომ ჩემის სახის
გულის სიღრმეში წაშალო კვალი,
ის იქ იცოცხლებს, როგორც ტბის გულში
ჰაეროვანი სახე ფერმკრთალი.
ვერ განიშორებ ჟინიან წარსულს,
მოგონებებში ვერ წაშლი მის კვალს,
მუდამ აანთებს ის შენს თვალებში
ბედნიერ დღეთა ცხოველ ნაპერწკალს.
წადი, სადაც გსურს... შორს, მარტო მყოფი,
როგორც დემონი მოუსვენარი,
არ მოგასვენებს მისი დაღლილი
და გატაცებით მკვნესარე ქარი.
და სახე მკრთალი, დაღონებული
მარადის თვალწინ დაგეხატება,
ბევრჯერ იტირებ და იქვითინებ,
ბევრჯერ წარსულზე გული დაგწყდება.
მოკვდი, რას ნიშნავს? სამარეშიდაც
თან ჩამოგყვება მწველი სიმღერა,
რომ დაგიბრუნოს განსვენებაში
სიცოცხლის სული და ვნების ძგერა.
და როცა ცრემლი განშორებისა
ტრფიალის სურვილს გაუცხოველებს,
გიჟური ვნებით ზედ დააკვდება
ორ გველს და ორ ლერწს - შენს დაღლილ ხელებს.
სიმებს გააბამს ორთა გულს შუა,
სიმღერას მოჰფენს ტყესა და ველებს,
და ამ ჰანგებში თვით უკვდავება
შენს სურვილებსაც აამეტყველებს.
და ფერფლი შენი მივიწყებული
სამარის ჩრდილით გამოიხმობა,
ასეთი არის ტრფობის სიმღერა,
და ასეთია თვით იგი ტრფობა.