აფიშა, როგორ უაზროდ გცემდა
წვიმა და ქვიშა
უცნობთა ზვირთთა. შორეულ გემთა
დიდი აფიშა.
მწარე შურისგან თვალები ბადრი
გადიქცა თალხი,
თითქო ყირაზე იდგა თეატრი
და ქუხდა ხალხი.
შენ აამაღლე პოეტის ტახტი,
დამკვიდრდი შიშად.
შენ ისტორიულ აფიშად გახდი,
უკვდავ აფიშად.

ციკლიდან „პაციფიზმი“

აუჩქარებლად, დინჯად,
დრო-და-დრო
ისმის ბუტბუტი გაძრცვნილი ჭადრის -
მშვიდობით, იტალია, მშვიდობით.
მშვიდობით, ინგლისო, მშვიდობით!

ცივა, ჰქრის და ტალახია გზაზე
მიფრინავენ წეროები ცაზე,
მშვიდობით, პარიჟო, მშვიდობით!

ქარმა დაჰქროლა, ხე დაარხია,
ისევ ფოთლები და ტალახია -
მშვიდობით, ამერიკა, მშვიდობით!

„ცაზე მიდიან წერონი,
მწკრივადა, ჯარის-ჯარადა“.
როგორც სამკუთხი შარადა
სამს კიდევ სამი მოება.
მშვიდობით, მშვიდობით
შემოდგომის წეროებო!

აუჩქარა ცხენმა გზაში,
ქიმერებმა დაჰკრეს ტაში,
დაიკივლა ელვამ ცაში
და ღრუბლები შეაჯერა.

აჰა, ბრძოლა დაათავა,
ნაპოვნია მზის სათავე,
დაუჭირა რაშს სადავე.
ხედავთ? იგი შეაჩერა!