შესავალი

1

სამგვამოვანო ღვთაებავ, ერთმანერთს არ შემდგომისო,

მამავ მშობელო ძისაო, გამომვლენელო სულისო,

ერთხელმწიფებავ, ერთნებავ, სამხატო, ერთ-ღვთაებისო,

ყოველთ მოწყალევ სიუხვით, უფრო შენთ მონდობილისო.

2

შენ სიტყვა-დაუსაბამო, რომელ აღმოთქვა მამამა,

ძეო, როს ეშევ ქალწულსა, იდუმალ წმასნილობამა,

სულო, მესამე გაგგვამა ღვთისაგან გამოვლენამა,

განმიხვენ თვალნი გონების, დამიბრმო ჩემა ცოდვამა.

3

კადნიერება არა მაქვს მე თხოვად საწადელისა;

«აფფო» ვიზახდე, დავჰკრევდე, ელისე ვით ხალენისა.

ჩემთა ცოდვათებრ ნუ დამსჯი, მრჩობლთავე მე მოსენისა,

სულთა და ხორცთა კურნება, შენ წყალობა ყავ ჩემისა.

4

აღვახვენ ბაგე მწიკვლითა სავსე, არ მქონე წმიდებით,

შენ, გიაჯ, მომცე სიბრძნენი, თორ ვიქმნე გარ-გან-კიდებით.

ცოდვის მოყვასნი მადლისას, მიკვირს, რად წავეკიდებით!

ის სასუფეველს იშოებს, ჩვენ ცეცხლსა წავეკიდებით.

5

ღმერთო, შენ შეჰქმენ სიბრძნითა კაცი ხატებად შენადა,

ადამისითგან ყოველთა ძმა შეათვისე, შენა და.

განამრავლე და განსთესე, ქვეყანა მით ჰქმენ შენადა.

ზოგთ მიეც ყოვლი საწადი, ზოგთა ლახვარი შენადა.

6

შენ ხარ, რომელსა ვერ მიგწვთა ანგელოზთ დასი კაცებით,

ქვეყანა, ზღვა და უფსკრული, ვით შეჰქმენ არსი ოცებით.

ზოგთ ვისმე რამე უჩვენე, ცხადი იყო თუ ოცნებით,

მაშინც არ იქნა, სრულ ვერ გთქვეს, ვის სიბრძნე ჰქონდა ოცებით.

7

კურთხეულმცა ხარ შენ, ქრისტე, მამის სწორო და სულისა,

ვის ანგელოზნი ვერ გაქებს სრულ ყოფით ცხრად ასულისა.

შენ, მზეო სიმართლისაო, აროდეს არ-დასულისა,

მომეც მე შენის ნებისა ყოფა ხელთ მქონდეს სულისა.

8

უქმის სიტყვისა მიცემად თანაგვაც მაგიერისა,

არ შერაცხს უქმად, დაჰფარავს, წყალობა შენმიერისა.

ნუგეშინის მეც, იმედი მომეც სიმართლის მზერისა,

შენ ხარ მოწყალე ერთბამად — ყრმათ, ჭაბუკის და ბერისა.

9

ხამს სიბრძნესა იუნჯებდეს, ვინ არ მიჰყვეს ამოებას,

საღვთო სრული, საკაცობო ერთმანერთზედ ა მოებას,

ყოვლი ავი განიშოროს, კარგს საქმეს ზედ ამო ებას,

განარჩევდეს დაღრმობილსა, ვინ ერთმანერთს ამოებას.

10

პირველ უნდა ღვთის შიშზედა კაცმან გული დაამყაროს,

სიყვარული მისი ჰქონდეს, სასოება არ გაჰყაროს,

სასოება უეჭველი, ყოლე იჭვი არ შეჰყაროს,

სიმდიდრესა არ დამონდეს, გლახაკთ მისცეს, ან საპყაროს.

11

სიბრძნესა ვითხოვ, მან მომცეს დაუშრომელი ენა და,

გულსა ლახვარი მარიდოს, თვალთ ცუდი ცრემლთა დენა და,

მნებავს ამ ამბის დატკბობა, ყურნი მამიპყრნან სმენადა,

კვლავ მძლეველი მყოს მას ზედა, თუ ვინ გამომყვეს დგენადა.

12

შენ არ გებოძა სადგურად, ვინ მომიყვანდა ამ ოსა?

მონა უხმარი, უდები, ვერ მივებაძო ამოსა.

მით შემიწყალე, ვერას ვიქმ საქმესა შენს საამოსა,

შეჰრისხდი, ქრისტე, ვინ შენი ღვთაება არ იწამოსა!

13

არ ძალმიც, რაზომ ვირჯები, სიბრძნისა კართა გაღება,

არც არას აქო ქონება, არც არას სხვაგან წაღება,

შეთხზვნა სულნელთა ყვავილთა, წალკოტ-ქმნა, ანუ ბაღება,

სანოვაგეთა შეკაზმა საგემად ვისმე დაგება.

14

რადგან მარწმუნე ტალანტი, არ მიხმდა დამემალა მე,

მაგრამ დავჰფარე ბოროტმან, სიმედგრე დამე მალე მე,

აწ სინანული მომმადლე, ცრემლს ქვეშე დამემალამე,

შენ უსასყიდლოვ მკურნალო, მეწამლე და მემალამე.

15

ვეჭვ ესე ჩემი ნათქვამი კარგი რამ მოსაგონარი,

არ საკიცხავი ამბავი, ამო და მოსაწონარი,

არც სხვათ ზღაპრულთა შაირთა ტყუვილად გასაგონარი.

ესევ ვარჩივე დუმილსა, წაწყმდაო ყოვლი მცონარი.

16

სწორად უნდა ლექსი ვინ თქვას, მართლად სცემდეს, განა გაჰკრას!

თავი კარგად მან აუღოს, ბოლო უხამს ზედ მოაკრას,

ვით ხუთძალსა გამართულსა ქვეიდამე ხელი აჰკრას,

ტკბილად იყოს გასაგონი, განა თავსა ვისმე დაჰკრას!

17

ზოგჯერ უნდა წასავლელად, ვით კაპანმა კაცი აბას,

გული ასრე დაუყენოს, ეგონოს თუ თოკი აბას,

ერთი რამე სალაღობო ზედ ხუმრობა წამოაბას,

მერმე კიდევ ძნელსა რასმე შეიქმოდენ მაზე, ა ბას.

18

კიდევ ვისმე დიდებასა მისცემდეს და აამაღლოს,

კვლავ სოფლისგან ნაღვლიანი მიწამდისინ დაამდაბლოს,

დედ-მამასა აყოლებდეს, უჟმოდ მათგან დააობლოს,

ლხინი ჭირად შეუცვალოს, ემდურვიდენ მას საგმობლოს.

19

თვალად ტურფას სანახავსა მდარეც ვინმე შეურიო,

შვენიერთა შეამკობდეს, დუხჭირთ სახე შეურიო,

ლამაზებში შენ რასა იქ, არა გრცხვენის შე ურიო?

იმათ ფასსა ვინ იშოვნის, შენი არის შაურიო.

20

სალხინოს და სათამაშოს თუცა ჭირი ზედ აბია,

ხილნარი და ბაღ-წალკოტი, ღვინო, ვაშლი, მაზედ ბია,

ნათესავნი შემოჰყაროს, მოყვასნი და ასაბია;

ბრძენნი სხედან სიბრძნის ქებად, ყმაწვილებო რას დარბია?

21

სხვაგან იყოს, ვით მორევი, არ ადვილად გასასვლელი,

ქვეით ბაგეს შემოადგეს, არ ქოჩრამდის დასასველი.

ბევრი ადვილ ვით თოხარიკს შარა ედვას წასასვლელი,

ვინ ამ სიტყვას არ შემჯერდეს, სასიკვდილოდ დანას ველი.

22

მინახავს მელექსებისა შედრაზედ დიდი ცილება,

ზოგს მართლა დაიწუნებდენ, ზოგისა იყოს ცილება;

მოდი ყველანი ვახსენოთ, ვჰყოთ მათი შემოყრილება,

ვის კარგად ეთქვას ვაქებდეთ, ზოგს ჯაჭვს ვით ჰქონდეს ყრილება.

23

ვით სიბრძნით ხელყოს ფუტკარმან დატკბობა გოლეულისა,

ყვავილთ ნაყოფი შაქარსა ამზგავსა გარეულისა,

მის გამო მეც რამ დავატკბო, მოდგმა მაქვს გვარეულისა,

ბრძენთაგან მოსაწონარი, არ ცნობად არეულისა.

ძველთ და ახალთ

საქართველოს მელექსეთა

24

სხვას ლექსით ჩახრუხაძემა შეამკო მეფე თამარი,

არ მებრალების საქებრად თამარი, მისი ამარი.

ვა ამით, რომე სრულ ვერ ჰყო, ადრე უთხარეს სამარი.

მუდამ სხვას წიგნებს ვიკითხავთ, მაგრამ ისიცა სამ არი.

25

რ ო ს ტ ო მ ი ა ნ ი უთქვამსო თურმანიძესა ხოსროსა,

სხვა წიგნი მაშინ ძვირობდა, დაუწერია მას როსა.

დიდი საქმისა უცოდნი სჯერდება საქმეს მომცროსა,

ახლა ცუდად ძეს, მაგრამე მოიხმარების ზოგს დროსა.

26

ნანუჩას რუსთვლის ნათქვამში ბევრი რამ ჩაურევია,

საბრალოს ვერ შეუწყვია, წმინდა რამ აუმღვრევია.

მასთან რას სწერდა მის ლექსსა, სირეგვენე მით მორევია!

რუსთველი სიბრძნის ტბა არის, არცა თუ იგ მორევია.

27

ჯაგლაგსა ფავნელისშვილსა არვინ ათხოებს ყურსაო,

მას ვერცხლი დაუმსხვრევია და ვეღარ დაუყურსაო.

სულ მელექსენი შევჰყარე, მაგრამ ამ ორთა მშურსაო,

რა დავაბრალო ჯაგლაგსა, ვერ მიჰყვეს ბედაურსაო.

28

ქაიხოსრომან შიგ-ჩართვით ლექსად თქვა ო მ ა ნ ი ა ნ ი,

ომანის სიმხნე, სიქველე, ჯაჭვისცმა მაემნიანი.

კარგად რამ უთქვამს, მის გამო არა ვსთქვი მისი ზიანი,

ყვავილშიც გამოერევა სულითა ქუფრი რიანი.

29

ფარსადანის-ძემ ნოდარ თქვა ქება კარგა ბ ა რ ა მ-გ უ რ ი ს,

შვიდთ იყლიმთა ხელმწიფეთა ხოტბა სრული, არა გურის,

თვალნი თლილნი მოაფრქვივნა, გარევა ყო არ აგურის.

მის ლექსისა სასმენელად მიპყრობა ხამს კარგა ყურის.

30

ჩოლოყაშვილსა გარსევანს უთქვამს რამე-რაებია,

კიტრი ხილად რაღას ვარგა, ვაშლი მოვა, რა ე ბია.

ესევე სჯობს, რაც მასმია მისგან მონახსენებია,

გული კვდება ნარგისთათვის, თვალნი გაუშტერებია.

31

სულხან ვინ თანიაშვილი, მეც მახსონს, იყო ჩემობას,

ცოდნა მას ჰქონდა ბევრი რამ, მაგრამ სწამობდენ ჩემობას,

ამირან-დარეჯანისძეს უქებდა გამოჩვენობას,

კარგად თქვა, მაგრამ ვერ გვიზამს რუსთვლის თქმულთანა ჩვენობას.

32

ბარძიმ ვაჩნაძემ ს ა ა მ ი ს წ ი გ ნ ი გალექსა ოდიშსა,

სხვას მელექსესთან ჯდომაში უხამს იხდიდეს ბოდიშსა!

თუ არ შეეძლო, რასთვის თქვა, რად შეიქს საამბოდ იშსა?

ვეჭვ თუ არ ეთქვა, მით უთქვამს, საქმეს უზემდენ საშიშსა.

33

აწ სამებელი იაკობ ვახსენო ბრძნად მოუბარი,

ამჟამად მას მეცნიერნი არსად არა ჰყავს უბარი,

ხუცურის ენით მელექსობს, არის საეროს მგმობარი,

სრულად ამისთვის არ ვაქე, რომ იყო ჩემი მკობარი.

34

ფეშანგი ფაშვი-ბერტყასძემ ახლა თქვა ფ ი რ მ ა ლ ი ა ნ ი,

სომხისგან კარგად ჩააგდეს, სიმძიმით ვით ლიტრიანი;

გებრალებოდეს საბრალო ცხვირ-მოჭრით, თვალ-ცრემლიანი,

მე ვათქმევინე, მაგრამე ვერა თქვა მარილიანი.

35

სხვათ მელექსეთ არ ვახსენებ, არც ბააკა დვალიძესა,

არც დათუნა ქვარიანსა, შოთას რად ვერ წაბაძესა?!

რუსთველმან თქვა: კაცის-კაცად საქმე რამე დიდი ძესა,

ხედავთ ვარსკვლავთ სიმრავლესა, ვერ ედრება შუქით მზესა.

36

ვისცა ეთქვას კარგად რამე, ნუ წაუხდენთ, თქვენცა აქეთ,

კარგი კარგად მოუწონეთ, ცუდის მთქმელი მო დაბაქეთ,

ვინ ვერ მიჰყვეს რუსთვლის თქმულსა, გარდმობძანდეს ასე აქეთ!

მელექსობა არ შეშვენის, დააყენეთ მოსაბაქეთ!!

37

ქართველთ ენითა მელექსე ვერ ედარების ამ ორსა,

რუსთველსა ენა რიტორსა, მეფეს — ალვისა ნამორსა.

ერთმანერთს რად ვაბაასებთ? უხამს უყოფდენ ამბორსა!

სრულად იტყვიან უკლებლად ამბავსა სპარსთა ნაჭორსა.

38

ბევრჯელ მასმია ცილება, ამბობდენ, სჯობსო ეს მასო.

შედარებასა ნუ მოვშლით, უნდა თუ მათცა ესმასო,

ლხინსა გვიჩვენებს ამოსა და გაგვიკეთებს ე სმასო,

ჭირთა უკუგვყრის, სევდასა, გულთა ლახვართა ეს მასო.

39

ვინ ლალთან დადვა აყიყი, მის წყალ-ფერ გამომცემელი,

ან ტკბილ-მეტყველსა ენასა უდრის გესლ-გამომცემელი,

ეგრეთ ვერ მივჰყვე რიტორთა, უცები, ბრძენთ-საცემელი,

ბრძენო, გენუკავ, ტარიგსა არა ხამს გამომცემელი.

40

რად ხამდა, ეგზომ მუსიკთა მელექსეთ თავსა შევრევდე,

მათ მარგალიტთა ნაფრქვევთა ღორებრ ვჰსთრგუნვიდე, შევრევდე,

ან ვარდის ბაღსა ბულბულის ნაყეფსა გავატევრევდე,

მაგრამ ამად ვჰქმენ, სევდასა დავსცემდე, მიწყივ მოვრევდე.

41

მელექსენი ასე ითქვა, ბოლოც მმართებს შეუთაო,

ბატონი კი შეუდარო, სხვათ რუსთველი გაუთაო.

კარგადა ვთქვა ყველაკაი, არ მგონია ვნანუჩაო!

კიდევ რამ ვთქვა, რასა ბძანებთ, თუ ამაზედ გავათაო?

42

სიბრძნის მცდელნო, ხელის-მყრელნო, გაიგონეთ, განა გესმისთ?

ორთა ბრძენთა მუსიკობა გულს გაამებსთ გან აგ, ეს, მისთ!

ტკბილად არის შესახვრეტი, სამსალებრივ განა გესმით?

სიტყვა-შაქართ იადონთა მელექსობა განაგეს მისთ.

43

იცით, სიბრძნეს არა მალავს მეფე, არცა დიდებული,

გულსა შინა დაფარული ამოიღეს მიდებული,

მიჯნურობა მრავალგვარად თქვეს სახმილებრ კიდებული,

ზოგნი მსიძავთ შეუდარეს, ზოგნიაო კი დებული.

44

ყური მიპყართ წადიერად, ნურსად წარხვალთ, აქა ვებით,

მას უბრძანა თამარ მეფემ, ბატონმა თქვა თავის ნებით.

ბევრი რამ თქვეს მათ ამბავი, გარდალექსეს თარგმანებით,

ამას უკან თქვენც მოგინდეს, მაგრა მევე დამანებით.

45

მეფე ბევრს რასმე შემოჰკრებს მიჯნურთა ერთად მკობასა,

არ დასწყვეტს სიბრძნის წყაროსა, ენისა მუსიკობასა,

აქებს შვენება-სიტურფეს, სიფიცხე-კისკასობასა,

თუმცა ეწყალვის, მაშინცა არ აკლებს ლახვარსობასა.

46

რუსთველი მოკლის სიტყვითა მზესა ვით ათინათინებს,

მეფე თეთრს ცრემლსა ღაწვზედა ფერად რად ათინათინებს;

შოთა ზის სიბრძნის ეტლზედა, თავსა მით ათინათ-ინებს,

ბატონი სჩარხავს სიტყვასა, ავს კარგთქმად ათ-ინათ-ინებს.

47

თვალს მიჯნურობით დაბმულსა უნატრის ახლად ჩენასა,

უმზერდეს მიუცილებლად უწყვეტლად ცრემლთა დენასა,

ენას ხმარულობს, მუსიკობს, შეუძნდენ ყურნი სმენასა.

მეც მათებრ მაქონ მსმენელთა, ვიტყოდე მათ ოდენასა.

48

ორი არის სიტყვის ცოდნა: სამღდელო და საერიო,

სამღდელოსა მცოდინარე საეროსა მოერიო.

ამათ ორივ სცოდნებიათ, დაუჩაგრავს მით სწორიო,

თქვენც მოგსურდესთ მათი სიბრძნე, თუ ვინ ორშივ გაერიო.

49

აწ თქვენ გასინჯეთ, რომელსაც რომელი უკეთ სცოდნოდეს,

სამღდელო ანუ საერო, მის-მის დროს რომელს მოჰქონდეს,

ენას მსუბუქად ტკბილადრე, არ მობტყოდ მძიმედ მოსწონდეს,

ამის შეტყობა მინდოდეს, ნუ მზრახავთ ეს მომნდომოდეს.

50

ენათა სწვეთენ გოლეულს, ბაგეთა აშაქარებენ,

ხელქმნილსა ხელქმნილისადა საძებრად სადმე არებენ,

მიჯნურთა მოტრფიალეთა მხეცებრ აგარეგანებენ,

კვლაცა მებრძოლთა ძლიერთა დევთა სრვად ალაშქარებენ.

51

ვინა ვიწყო მათი შედრა უდარებდე კარგსად ავით,

თუცა ვიჯდე სიბრძნის ეტლსა, ვიხმარებდე კარგ სადავით,

რად ხამს ბრძენთა არ ხსენება, ვინ აჯობა ქიშპსა დავით?

მნათობთ შუქი არ მოაკლდეს, დუხჭირთ ექმნას ტურფადა ვით.

52

მათ დაურჩათ ბევრი რამე, სიბრძნეს ბოლო არ მოეღოს,

მეც რამ ვიცი, არ დავჰფარავ, ცოდნას კარი არ მოეღოს.

აწ გასინჯეთ, თქვენს წინაშე ლექსი ტკბილი არ მომეღოს?

მაგრამ მაშინც ამას ბრძანებთ, მათგან რამე გარდმომეღოს.

53

გასინჯეთ, სიბრძნის ტრფიალნო, კარგად მითქვამს, თუ არ ავად,

მინდა თქვენ გამოგამჩვენო, არ მინდა დასაფარავად.

ერთხელ ყოვლისა საქმისა ქარი მიქროდა არავად,

ბოლომდის არვის გაუშვებს სოფელი გაუმწარავად.

54

მე ეს ბაასი მასმოდა, შემრჩა ერთს გულის ყურესა,

ვინ ბაასობდეს, ღვინოს სმენ და მე კი მამაწყურესა.

ოდენ შემოვრჩი ოსეთსა, მათ აღარ მომიყურესა,

მარტო ლექსის თქმას დავსჯერდი, მე მისთვის მამასურესა.

55

ამას ის სჯობს ღვთის შიშზედა საფუძველი კაცმა აგოს,

სიწმიდითა შეიყვაროს, სასოება არ გარდაგოს,

მტკიცედ ჰქონდეს სარწმუნება, ამ სამსავე ზედ დააგოს,

მერმე საქმე მისის ნებით წარემართოს, რაც გააგოს.

გაბაასება მეფის პატრონის თ ე ი მ უ რ ა ზ ი ს ა და მელექსეთ დასაბამის რიტორის რუსთვლისა ამ მიზეზით [იქმნა], რამეთუ მათ მელექსეთ შედარება მრავალჯერ მასმოდა მე მეფეს არჩილს.

მეფის თეიმურაზის ამ ქვემოს ხსენებულთ სახელთა და სარჯელთ ამბავი თვითმნახავთა და თან-ნაახლთ მის ყმათ ქართველთა და კახთაგან მსმენოდა, არა ხოტბა — არამედ მართალი; რამეთუ ათორმეტ წელს კახეთს ვმეფობდი, მისნი დაზრდილნი და ნამსახურნი დარბაისელნი გვერთს მახლდენ, ვჰკითხავდი ნაქმარსა მეფისასა და მიამბობდეს. და როდეს კახეთით იმერეთის დასაჭერად წამოველ, სამ წელ არა მცირე სარჯელი ვნახე, და მეოთხეს წელს დავიჭირე ენკენისთვეს; და თიბათვეს ხვანთქარმა სუაზს აქეთი ლაშქარი გამომისია, და მეფე და გურიელი წინ მიეგებნეს და ზოგნი იმერელნი დარბაისელნი. და ყაენმა ადრიბეჟანის ლაშქარი ქართლსა და კახეთს პირს მოუყენა. რომელიც იმერელნი მე მახლდენ, ზოგთ იმათაც იქით ირჩიეს; და დვალეთს გარდმოველ, დედოფალი იქ დავაყენე და მე იქივ იმერთს ჩაველ. და რვას თვეს ჩხერს ვიყავ და ისევ დვალეთს წამოველ, და იქიდამ ოსეთს ფაიქომში გარდმოველ, და ერთს წელიწადს იქ ვიდექ.

ვითაც მოწყენილის კაცის წესია, რაგინდარას მოგონება და ჯავრის დაუმორჩილებლობა, სხვას ზღაპრულ ამბავს ესევ მართალი ამბავი ვარჩიე გასალექსავად; და არცა რა ამაში ტყუილი სწერია ერთის მეფისა და რუსთვლის პირდაპირ გაბაასების მეტი, საქართველოს ამბავსაც კარგად და მართლა მოგახსენებს, ბატონებისა და დარბაისელთასა; ვითაც ამჟამად ასე სახელის მძებნელი კაცი არ გამოსულა, რომ მეფე თეიმურაზ, და მისი სახელი და სარჯელი არ დავჰკარგე და ბევრისაგან უმცირესი ვთქვი; მიზეზად ბატონი და რუსთველი გავაბაასე და ორისავ ვსთქვი, რომელს უფრო მართებდა მელექსობის გამოჩენა და თქვენ გაარჩიეთ უმჯობესი. აწ ამაში ბევრი დასახედავი და ავისა და კარგის გასარჩევი სიტყვები, ვეჭობ, შემოხდა საქართველოს ბატონებზედ და დარბაისელზე, და ვინ რომელი აღირჩივოს, ის ქნას.

ამის ქორონიკონს ქვემორ ლექსად მოგახსენებ, როდის ითქვა. კიდევ ქვემორ ერთი ლექსი სხვა არის, ის გაუწყებსთ. იმ ლექსს ზემოთ ორი გალექსული იამბიკო რომ თავბოლო ლექსად არის, ერთის ანბანთქებით რომ ცხრა ლექსია, ოსეთს და დვალეთს მითქვამს ორს თვესა. და იმას ქვემოთს აწ აშთარხანს ვამბობ. ეგება მოცლით ყოფას მიაჩემოთ, მაგრამ არ ვიყავ უსაქმოდ, ოღონდ ნამუშაკევი ეს გამოჩნდა, სხვა არა.

56

ბაასი შოთა რუსთვლისა მეფისგან თემურაზისა,

მათთა ენათა სიტკბონი ვსცან მამმშვიდებლად ბრაზისა,

არ-მოკლე სასაბრძნობელი, უგრძეა ბევრ მარაზისა,

მათებრ მეფე და ან მონა ბრძანეთ, თუ სადღა რა ზისა?

57

მე მოვახსენებ მეფე და რუსთველს წინაშე მჯდომარსა,

ვცდილვართ და სრულ ვერ მიმხვდარვართ თქვენ სიბრძნით

მოსაგონარსა,

ღარიბთა ლექსთა შეწყობას ბრძენთაგან მოსაწონარსა,

ვინ სიბრძნეს ვეძებთ, გადარებთ, დავჰგმობთ უდებს და მცონარსა.

58

ბევრი რამ გითქვამს სამზღვარი თქვენს შუა რამდენი რამ ძეს,

ვინ ერთი ერთსა მოგიდგეს, დაემდურება მამა ძეს;

დიდი იქნება ცილება, ზოგზოგი კარსაც განაძეს,

გიაჯ, თქვენ გარდაიწყვიტოთ, მე სათხოვარი მიბოძეს.

59

თვით შეექნათ მათ ცილება, სხვათ მელექსეთ არ ირევენ,

სიტყვას ღრმასა ბრძნად სასმენსა შეაწყობენ, არ ირევენ,

სწორს აასხმენ მარგალიტსა, არ თუ მრუდსა გაურევენ,

მათსა პირსა ტკბილი წყარო წმინდათ მოსდის, არ ამღვრევენ.

60

ნახეთ, რუსთველი მეფესა რა ტკბილად გასიტყვებოდეს,

ესათნოება, ეკრძალვის, მას უნდა ეს ეტყობოდეს,

არა ჰყრის თავსა სამონოდ, თუმცა თუ დაეტყვებოდეს,

ასრე სწადს, მუდამ გვერც ახლდეს, არც წამ არ გაეყრებოდეს.

პასუხი პ ი რ ვ ე ლ ი მ ე ფ ი ს ა:

61

რუსთველო, ყური მამიპყარ, გვადრიან მე და შენაო,

ზოგი შენ გაქებს, მე მეტყვის: შოთამ გაჯობა შენ ა ო,

ხან კიდეც გამაგულისეს, მათი მამინდა შენაო,

საკვდავად გამოვიმეტო, ან ამოვართვა ენაო.

პ ა ს უ ხ ი პ ი რ ვ ე ლ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

62

მე რას ღირს ვარ თქვენს დარებას, ამხანაგი შემადარონ,

ჩემისთანა ვერსად ჰპოონ, სულ ხმელეთი მოიარონ:

გრძნებაც რამ ქნან, ცა ღრუბლითა შეპყრობილი მოადარონ,

სრულ მელექსეთ მიუფროსონ, ვით ისრაელთ მღდელი არონ.

პ ა ს უ ხ ი მ ე ო რ ე მ ე ფ ი ს ა:

63

სრულ მელექსეთ უფროსობა რასთვის ბძანე, არ გმართებდა,

არ მეც მათთან დამატანე, ეგ მე ჯავრით ამანთებდა,

ვით ჩამოხვე, გითავმდაბლო, ჩემ კერძ მყოფთა ვერ ვავებ და,

სხვას ვის გინდ რომ ეუფროსო, ბოლოს მოსულს არ ეძებ და.

64

არც მე მინდოდა ბაასი, მითქვამს, აქებდეთ რუსთველსა,

მას ხარბად ენა-მეტყველსა, ვით ტკბილი მოსდის თვე სთველსა.

მაგრამ თიატრონს ავსებენ, ასპარეზსა და კვლავ ველსა,

ბაასობენ და გვადრიან, ვხედავ ხანდახან თვალ-სველსა.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

65

თქვენ ნუ აჰყვები, იუბნან, ვინც უნდა თქვას რა გინდა რა,

ზოგთ თქვენი თქვან და ზოგთ ჩემი, მაგით ვინ დაგვიბინდარა.

თუ კიდევ ბაას მიბრძანებთ, მე აღარ მოვალ მანდ, არა.

ჩემსა დამეხსენ, მეფეო, და თქვენი არა მინდა რა.

66

ცუდად ლაყბობენ, შენმა მზემ, ვინ შეადარა ბატონს ყმა?

თქვენ ყურს ნუ უგდებთ, რაზომცა იძახოს ტბაში ბაყაყმა.

სიტყვა-მცდარმან და უცებმან ცუდი თქვას, სიტყვა ამაყმა,

მათ რომ იუბნან, ჩვენ რა გვრჯის, ვინცა დაათროს არაყმა?

პ ა ს უ ხ ი მ ე ფ ი ს ა მ ე ს ა მ ე:

67

რაღას უშველის, ამბობენ სიტყვასა ამისთანასა,

ზოგი ხმამაღლა ბაასობს და ზოგი იტყვის ბანასა.

ზოგთ ჯავრი ამოატირებს, ღაწვთა შეიქმენ ბანასა.

აწ შენი მქები უფროა, ბოლოს დროს ჰყოფენ ნანასა.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

68

სანამდის გავსძლებ პასუხის შენახვა-უთქმელობასა?

ვიდრე დარევდეს სიფიცხე გულსა მი-და მო ლმობასა,

მანამდი პასუხს არ ვიტყვი, შევეპყრა დიდს სალმობასა,

მერმე მეც ვიტყვი პასუხსა, შევსწირავ ღმერთს მადლობასა.

პ ა ს უ ხ ი მე ფ ი ს ა მ ე ო თ ხ ე:

69

რუსთველო, სხვათ მელექსეთა თუცა შენ გაგითავესა,

მე არც გისწორებ, არ იცი, კარგა მჭირს ან თუ ავ ესა,

მე ჩემი ჯობნა მგონია, თუ სხვათ ვერ გამოგდავესა.

ერთი ამბავი აიწყე, ბოლოც სხვათ შეგითავესა.

70

ჩემოდნად შენ ვინ ჩაგაგდებს, რაცა სთქვი − იძულებითა,

თამარ მეფემან გიბძანა, ძალი გიყო თუ ნებითა.

მე ჩემის ნებით გამოვსთქვი, სხვის ვისით მეთქვა თნებითა?

შენ არ გასტყდები მე გჯობდე, თვარ შემოგფიცავ ყმებითა.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

71

ჯობნა მგონი არვინა თქვას, თქვენ რომ თქვენით თავს იმკობდე,

ჩემი გმართებს სათნოობა, სხვათ მელექსეთ ამაყობდე.

მაშინც ისრევ მე მაქებენ, რაზომ გინდა მუსიკობდე;

თავსა არათ არ დაგიდებ გასწყრე გულით, ან სჯავრობდე.

72

მეფევ, სამართლით ბძანებდე, ხარ რაზომ შეუპოვარი.

მეც რამ ცოდნა მაქვს, თქვენც იცი, არ პირუტყვი ვარ მძოვარი,

ვსთქვი ჩემგან უწინ ართქმული, არც შემდგომთ მოსაპოვარი,

თქვენ რა იშოვნე თქვენის თქმით, ბევრი ვჰქენ მე საშოვარი!

პ ა ს უ ხ ი მ ე ფ ი ს ა მ ე ხ უ თ ე :

73

ვერ გედარო, რით იქნება, როგორ იტყვი, ჰაი ამას?!

ერთის ამბის გარდალექსვა არ მოჰხდება სჯობდეს ამ ას.

სჯობს გამიტყდე, ჩამომეხსნა, თვარემ მოგგვრი თვალთა ნამას,

არ თუ მჯობდე, ვერც მედრები, დავიფიცავ ჩემსა მამას.

74

ერთი კაცი ძალის საქმით კარგს იქმოდეს ანუ ავსა,

მას იმდენად ვინ ჩაუგდებს, ვინ მისცემდეს ნებით თავსა?

რა გასინჯავ ჩემს საქმესა, ვეღარ ითხოვ აგრე დავსა.

რა შარვანდი მზისა მოვა, სხვა მნათობი ყველა დავსა.

75

ასრე არ გარდაგვიწყდება რაზომ გაგრძელდეს ბაასი,

შინაგან მგელ-მტაცებელო, გარ ცხვრის გმოსია დაბასი.

ნაძლევი დავდვათ, გაჯობო, მომცემი იყო დაბასი,

ვერ გაგიტეხო, ტვირთითა ფლური გიბოძო, აბასი.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

76

მეფევ მოწყალევ, თქვენს წიგნში მგონ ჩემი ქება სწერია,

ხელმწიფევ სიბრძნით სავსეო, მეც რამ ვსთქვა მოსაფერია,

თქვენ ბატონობა შეგშვენის, მე ყმა ვარ შესაფერია.

არ დაიმადლებ ამ სიტყვას, მაშ, ძალი გამოერია!

77

საქართველო სავსე არის, ჩემი წიგნი ყველგან გაჰქუხს,

ვის ლხინი აქვს, მას უბნობენ, ანუ გული ვისცა უწუხს,

მხიარულად წაიკითხვენ, მასზედ თვალნი არვის უწუხს,

ნუ გასწყრები, ხელმწიფეო, მოგახსენებ კიდევ პასუხს.

78

მე ვარ ძირი ლექსის თქმისა, მელექსენი ჩემზე შენობს,

ამას ზედან რასთვის სწუხხარ, პირად მზეო, იკრავ შენ ობს.

ლექსი ჩემი საამოა, გან საწყინოდ მონაშენობს?

ნუ ეჭვ მჯობდე, სიხარულით ცუდად იკრავ დაბდაბ შენ ნობს.

პ ა ს უ ხ ი მ ე ფ ი ს ა მ ე ე ქ ვ ს ე:

79

ჩახრუხაძემ უწინ არ თქვა, რად იპარავ პირველ თქმასა?

რას მიერჩი მას რიტორსა, არ ანებებ მისსა მასა!

ვეჭვ, მას დარჩეს პირველობა, დაგიხიოს შენი მასა,

თორემ ვჰკითხოთ ქორანიკონს, გაგიჩნდების შენი ბასა!

80

ერთი ვინმე ერთს საქმეზედ მოიცლიდეს, იყოს მაზე,

რად დაღონდეს მისსა ქნასა, ოდენ იყოს მონახაზე.

კაცს რომ საქმე დაბლა ჰქონდეს, ვინ დააგდო მონახაზე?

ვერ გაგტეხო, სისხლი ჩემი ხვრიტე, ხორცი გაიმაზე.

81

თუცა შენ იყავ აქამდის უმჯობეს მელექსეთასა,

მთიები ცისკრის მასკვლავი შუქს მიჰყვეს ვითა მზეთასა,

მეხუთძლეს ვინ შეადარებს ვინ მასთან ჰკრევდეს სეთასა?

მე ნუ მედრები, მიყვარხარ უფრორე ჩემთა ყმათასა.

82

სჯობს გამიტყდე, მართალი სთქვა, ისომ გჯობვარ, რას უარობ?

მე შენ გჯობდე, რა იქნება, სხვათ შენ სჯობხარ, არ უარობ.

გული ამას დააჯერე, ნუღარ სჭმუნავ, ნუ მწუხარობ,

ვეჭობ ეჭვი შეგივიდა, პირველჟმურად ვეღარ ხარობ.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

83

მადლი რა გკადრო, თუცაღა გარსევანს ვსჯობდე, ან ბარძიმს,

ჩოლაყასშვილს და ვაჩნაძეს რადგან მადარებ, არ მიმძიმს,

ერთს კოჩივარდას მქებარსა, მეორე აქებს მაშ თუ ღიმს,

ნუ ბძანებ, გაგემარჯვება, თორემ მსმენელსა გააღიმს.

84

სწყლიანობ მეფევ, ჯობნასა არ ჰბრძანებ მართლის გულითა,

ერთი მე შეგრჩი არიფი, სხვა ყველა ა ნაბულითა.

თუ ვინ მაქებდეს, რა გაგვა, არ ვიყო დაკარგულითა,

მძიმედ გჩანს ენა ქართველთა, მაშ, ბძანე არაბულითა!

85

ხელოსანი იმას ჰქვიან, უნახავად შექნას რამე,

ჩემგან უწინ ვის რამ გეთქვათ, ქართველთ ენით ვიწყე რა მე,

ჩემი თქმული სახედ გქონდა მით რამ იტკბე, მით რამ ამე,

სხვათ მელექსეთ უმჯობესო, თუ არ სწყრები, მე კი დამე.

86

პირველ ხელყოფა საქმისა თქმულა შემდგომთა უძნელად,

სად არ ნათობდეს მზის შუქი, ყოველნი იქმნეს მუნ ბნელად.

შოთამ დაგასწარ მელექსეთ, თქვენცა მობრძანდით თუ ნელად,

მე ვთქვი სრული და უკლები, თქვენ მოგეც შესაძინელად.

87

რაც კარგია მის ქვეყნისა, ვიცი მეფეს მიერთმისა,

მაგრამ ამას ვერ მოგართმევ, არც სამართლით წამერთმისა.

არ მანებებ, ჰი, გლახ, რა ვქმნა, აღმოფხვრა არს წამწამ-თმისა,

შემარჩინეთ, თუცა თქვენგან ჯავრი სხვას არ დაეთმისა.

პ ა ს უ ხ ი მ ე ფ ი ს ა მ ე შ ვ ი დ ე:

88

ვერ წაგართვამ, გაგიჩნდება რა ჩემს საქმეს ვიტყვი ყველას,

არა გდიო შესაპყრობლად, შავარდენმან ვითა ძერას.

რა სიტყვაა, ან ვინ იტყვის, დაუჩაგრავს ლომი მელას!

ფეხზე ხელი არ მოგკიდო შენ, სოროში შემძრომელას.

89

ერთსა უმეფოს ქალაქსა რა მოურავი დაჯდესა,

მას აქებდენ და მონებდენ, ყოველნი მას იაჯდესა,

დარბოდეს მისგან წარგზავნით, გზირი თავს გაისაჯდესა,

პატრონი მივა, დასჩაგრავს, ტახტიდამ ვირსა გაჯდესა.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

90

მეფე დიაღ ამიჩქარდა, თოფი მკარით, ან გამისრეთ,

შემომკარით ხმალი თქვენი, ფრანგული და ან გამისრეთ.

რასთვის ჩავჰყევ ბაასშიგან, არ ვჰგონებდი იმას ისრეთ,

რამან კაცმან შემიბრალოთ, მტერთაგანმცა თქვენ მოისრეთ.

91

გავს შედრასა არ სჯერდება, ასე რიგად ამიჩემა,

მტერი ამას ვერ მიზემდა, მე რომ საქმე მიყო ჩემა.

სხვათ მელექსეთ არ შეხედავს, ასრე სულ მე დამეჩემა,

ან მე რაღას მოვახსენებ, მიკვირს, რა სთქვი და მეჩემა.

92

უთქვამს ვისმე, ძველს შარას და ძველს მოყვარეს ნუ დააგდებთ,

ძველითგანვე მელექსეთა მაძმობილებთ და მე მადებთ.

რაც კარგი სთქვათ თქვენის ნებით, ისრევ თქვენვე მე დამადებთ.

უწინ ყველამ მე მითავეთ, ახლა როგორ გარდამაგდებთ?

93

სხვა ჩემებრივ არ ნახულა, თუცა ბევრჯელ მონახულა,

წყალობითა შენახულა, არ თუ რისხვით დამარხულა.

ხმალი შენ გაქვს სისხლის მღვრელი, მაგრამ ჩემზედ არ მახულა,

ბევრს დიდს დარბაზს აჯობინეს მონახაზეთ მონა-ხულა.

94

შემძლე ცხენი იმას ჰქვიან, მალ მივიდეს მანძილამდის.

თვარამ ზანტმაც წყნარა-წყნარა მიაწიოს მან ძილამდის.

აქა-იქი შეჰკრებ რასმე ყვავილებსა ენძალამდის,

იოსების ქებაშია ბებიასა გაზდილამდის.

პ ა ს უ ხ ი მ ე ფ ი ს ა მ ე რ ვ ე:

95

ღმერთმან იგი შენ დაგმართოს, რასაც ჩემთვის განიგულავ,

შენ ანჩხლობ და სჯავრიანობ, მე მიძახი: განი გულავ,

გულის კარი საორგულოდ გაგიღია, გან იგულავ,

თუმცა უწინ შენ გაქებდენ, აწყა ჩემგან დაკარგულავ.

96

გაიგონე, შენც გასინჯე, მე ამათგან არ მეცალა,

ბევრგნით საქმე გარდმეკიდა, ერთგნივ სიბრძნე ამეცალა.

არას საქმით არ მამშორდა, არც ცოტადრე გამეცალა,

ჩემა მზემა, მთვარეს ლები დააჩნივა, ა მეც ალა.

97

სად მეცალა ლექსისათვის, ჭირსა შინა გული იობს,

სხვას ჩემდენი განსაცდელი ვის გარდაჰხდა, არ თუ იობს!

ის მოიცლის საშაიროდ, ვინ არ ჭმუნავს, ვინ არიობს.

ჩემს ჯობნასა ვეჭვ რუსთველი გულს აჯერებს, განაგიობს.

98

ვინ მოსთვლის ჩემსა სარჯელსა, ანუ ეგზომსა ჭირებსა,

ხან ადვილ გამარჯვებასა, ხან ძნელად გასაჭირებსა,

განსაცდელისა საკრველთა იგ ძნელად მონაჭირებსა,

ჩემთა საყოლთა დახოცას, ბროლ-მინა განამჭვირებსა.

99

მე და შენ ვინ შეგვადარებს, სად ჩემი საქმე, სად შენი?

თუ ჯობნა შენი ვინმემ თქვას, სიტყვაა არ მოსასმენი!

სიყმაწვილითგან სიკვდიდმდე საქმე მჭირს თავსა საშენი,

ამოსწყდა ჩემი ქვეყანა, ოხერი ვერ ავაშენი.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

100

მეფევ, დასწყნარდი, ნუ სჯავრობ, ყური მამიგდე, გონია,

არ ხელმწიფობით მაჯობო, სხვათა ნურათი გგონია,

ნიადაგ ჩემის ლექსისა ქება თქვენც გაგიგონია.

მე ათინას ვარ გაზდილი, შენ სამ-წელ გქონდა გონია.

101

ათინას თქმულა სიბრძნისა მოპოვნა-მოშოებანი,

ჩემი ნათქვამი წინწილად, ტკბილ-გასაგონად ებანი,

მაღლა მოგძახისთ მელექსეთ, ეს კმარა თუცა ებანი.

მაგ საქმით თუ მედარები, სხვა გიჯობს ღონისძებანი.

102

თქვენს წიგნში დაგიწერია, ჰგულისობ ჩემსა ქებასა,

სხვა მელექსენი, მეფეო, თქვენს მეტი ვერვინ მებასა.

არ ჩამოგივალ მაშინცა, ყელსა საბელი მებასა,

თუ ვინ თქვას შენი ჯობნება, ნუ დამხსნის ცეცხლთა დებასა.

103

მო, ასრე ვთქვათ, თქვენი თქმული ჩემისთანა ვითამ არის,

შევინახოთ საუნჯეში, მობარებით ვით ამარის.

მგონი წყრომა აღარ გმართებს, მიბრძანებდე ვით თამარ ის,

უშვერი და შეუფერი სად რა მითქვამს, ვითამ ა რის?

პ ა ს უ ხ ი მ ე ფ ი ს ა მ ე ც ხ რ ე:

104

მე მიზრახე ქვეყნის მოვლა, არ გმართებდა გეთქვა შენით,

მართალია ბევრი ვნახე ოხერი და მერმე შენით,

სოფლის საქმით შექცეულნი სიმთელით და ზოგნი სენით,

ერთის ამბის გარდალექსვა რა ძნელია ბევრის ენით?

105

ქრისტე ბძანებს, შენც გასმია, დევნულთათვის ნეტარებას,

სხვა თუ რამე დავაშავე, მისთვისა ვიქმ მე ტარებას.

თუმცა მქონდეს, არას ვირცხვი, ცრემლთა მილის კარკარებას,

მისთვის მიყვეს, რასთვის მიგმობ სიარულსა, კარ-კარ რებას.

106

რაც ენაა ყველა გითქვამს, სომხური და მეგრულიცა,

ყოვლი არსი შეგიყრია, დაბალი და მაღალიცა.

რა გინდ ბევრი ცოდნა გქონდეს, ვერ აჰყვები ვინცა იცა.

არ დასდგები, დაგარისხებ ვინ ეგვიპტე გააბიცა.

107

მე ოდენ ქართულს ენასა მარილად ურთე სპარსული,

თათრულიც გამირევია, მიქია მათი არსული.

ამ სამის მეტი თუ ნახო, გინახავსმც ყმა-გაპარსული.

ბაასის სთველი წაგიხდა და დაგისეტყვა მასული.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

108

ჯაბანია იგი მოყმე, ვინ ქიშპისგან ადრე იძლევს,

ხარბის კაცის წესი არის, თვით არ მისცემს, სხვისგან იძლევს.

ნუ გამიწყრეს მეფე ჩემი, ვერ იშოვნი მაგით ნაძლევს.

ჩემს ლექსს თავი გასწყობია, ბოლოს თარგმანს ტანი აძლევს.

109

დავითის ნათესავი ხარ, წართმა გასწავლა სხვისა მან,

ვის ერთი ჰყვანდა, წაგვარა პატრონმან ბევრის სხვისამან,

მაგრამ მან შეანანია, უჩვენა ცა რისხვისა მან.

რას მერჩი, რას გარდმეკიდე, სამართალი ქნას ისამან.

110

ვერცხლი არ არის, ტრფიალი ვერცხლისა გაძღა არაო,

რას მეცილები შენ ღმერთმა მეფობა მოგაბარაო,

უსამართლოსა მოცილეს, კარგა ქნა, მან წაგვარაო.

მე დამეხსენ და შეგამკობ, ვიტყვი, მელექსედ კმარაო.

111

თამარ მეფით აქანამდის ვიმატე და და ვიკარგე,

რა მამხდარა მაგისთანა, ახლა როგორ დავიკარგე?

ტანი ზროდ ვსთქვი, ვის ვაქებდი პირი მათი გაუმანგე.

თუ გამაგდო მელექსეთგან, შენ სამკვიდრო ლეღვი დარგე.

პასუხი მეფისა მეათე:

112

რას მიზრახავ უსამართლოს, მითხარ, ვის რა გამოვართვი?

ვინც დამმონდა, დამმორჩილდა, მათ ბევრი რამ არ მოვართვი?

ძალად მივსცემ არვის არას, გაიგონე, არ ხარ დათვი.

ბირთველმაც თქვა ჩემი ძვირი, ენა ძირში ამოვართვი.

113

მე რუსთველი ვეღარ მომყვა, სჯობს სხვა ღონე მოინახოს,

თვითან მარტო ვეღარ ბედავს, სრულ მელექსე მო ინახოს.

თუ ტყუილათ შემეჩემოს, მობრძანდეს და მოინახოს,

ლექსის ყანა მგონ წაუხდა, აწ მოჰკაფდეს მთაში ახოს.

114

ნუ მოჰკვდები, ამას იქით ვერ დავშველდეთ შუამავლით,

შენ დაშავდე შენის ენით, ვით მიმინო მხარზე მავლით.

გარდმეხვეწო ვერსად ვერა, სიარულით აგრე მავლით,

კიდევ გული მამიბრუნდა, მოდი, თავსა შემომავლით.

115

ამ სიტყვებსა ტკბილად გითხრობ, გაგეხარდეს, არ გეტყვი ზარს,

თუ შენ მჯობხარ, გრემს მოგცემ და ზედ დაგიდებ მერმე ბაზარს;

თავსა ჯიღით აღგიმაღლებ, წამოგასხამ განა მაზარს!

ბერი ხარ და ლიტრით მოგცემ სიჭაბუკის შენა ფაზარს.

პ ა ს უ ხ ი რ უ ს თ ვ ლ ი ს ა:

116

შენ არა გაქვს, მე რას მამცემ, მაგ ნაძლევით არ იქნება,

მერმე ორივ ოხერია, ძნელი არის აშენება.

მე ეს მინდა, მიჯობინო და ჩამომყვე, დამრთო ნება,

სხვამც რა მინდეს მოსაცემი, ჩემი გული მისთვის დნება.

117

აღარ მინდა საშოვარი, გული ასრე შემიწუხდა,

ერთხელ მქონდა დარი მზითა, ცა რისხვითა არ მიქუხდა,

მამაძულვე ჩემი ყოფა, თვალნი მზერად დამიწუხდა.

შენამდისი სხვა მელექსე რუსთველს ბრძოლად ვინ მოუხდა?

118

აქანამდის არვის უთქვამს, შოთას ლექსსა შეუდარებ,

ეს არა სჯობს ცილებასა, მე ვიტყვი და თქვენ გაბარებ,

თუ რას ვიტყვი საგულისოს, მამკლავ, ვიცი, მას უდარებ,

აქ აღარსად დამაყენებ, გარ გამაძებ, ცუდად მარებ.

119

ვიცი, ავად ჩამომართმენ, რადგან სწორი სიტყვა გკადრე,

მაგრამ რაღას გამოვჩნდები, თუ მელექსეთ დაუვარდე?

ვაჟკაცები ვასახელე, ქალებს ღაწვი გაუვარდე,

მაშინ სცნობენ ჩემს ბაქებსა, თუ სხვას ვისმე გაუვარდე.

პასუხი მეფისა მეთერთმეტე:

120

შენ ასეთი სად რა გითქვამს, მე არ მეთქვას უკეთესად?

ომი მისთვის არ გავლექსე, მე თვით ვექმენ მტერთა კვნესად.

უცხოდ გიჩნდა, შენ მისთვის სთქვი მოუმკალი დანათესად,

ჩემთვის კვეხნად არ ჩაგეგდო, მაჯობებდი მაგით მე სად?

121

გამისინჯე, სად მმართებდა გუნებისა შემოკრება,

თუცა მინად გასაძებლად, მაგრამ სიბრძნე არ მეყრება.

მამაგონდეს ჩემი საქმე, ბევრჯელ გულს შემომეყრება.

არც სულ ჯავრსა დავმოჩრილდი, ლექსადა ვთქვი შვიდი კრება.

პასუხი რუსთვლისა:

122

ვეღარ გავსძლებ მუქარასა, არ ვიყურებ ამბობ ტო რას.

მარჯანი ვარ, მამიტიო და მადევნო ჩიტსა ტორას,

სხვაგნით სითმე გარდგივარდე, ვეღარ დამკრავ თავსა ტორას.

ყმანი ყველა გაგეცლებით, გაგიჩნდების იქ მარტო რას?

123

რაც არ გონია, ის იქნას, ძვირ იქნას მოგონებული,

სიჩქარესა სჯობს სიწყნარე, უსმენსა გაგონებული.

პატრონის ყმისგან ურჩობას უკეთეს დამონებული.

მაშა, სოფელმან დამაგდო მოწყლული, საარებული.

პასუხი მეფისა მეთორთმეტე:

124

ღაზოდა სთქვი, შემოიღე ჯავახური ენა მძიმე,

ქისიყურად პასუხს მოგცემ, ამიხვიდე შენ ვინძი მე!

ძოღან დიაღ მაწყენინე, მხიარულსა დამიმძიმე,

სიტყვის უქმსა რადგან ცუდი სიტყვა წაგცდა, ნეტარძი მე!

125

უყურე ბრიყვსა მესხსა და ამაყსა, შეუპოვარსა,

რაღას გელაყბო ჯავახსა, ღარიბსა, შე უპოვარსა,

ტურას მძორისა მჭამელსა, ზროხას ბალახის მძოვარსა,

ყბედსა, გულ-დიდსა, მტერობა აქლემისებრი მხსოვარსა.

პასუხი რუსთვლისა:

126

რასთვის ჩამოგყევ ბაასში, რად შევსცდი, რა დამეფეთა?

ხრმალიც მოგეკრა საკვდავად, გლახ, ხორცი ჩემი გეფეთა.

სხვა მონა ვინ შეედარა ჭკვიანი თვისთა მეფეთა?!

ყვავმა-ყორანმა დამძახა, მო, ძაღლნო, თქვენც დამყეფეთა!

127

მეფეო, გიხამს დიდება, მუდამ ქვეშ ფენა ნახლისა,

შენმან მტერმან და ორგულმან თავი მიწასა ახლისა!

საღვთოს სწავლისა მოსურნე ყველანი შენ გიახლისა,

თვით უწყი, სადა სწერია ძველი უმჯობეს ახლისა.

პასუხი მეფისა მეცამეტე:

128

მართალია, შენი წიგნი კარგი იყო აქამდისა,

ახლა ჩემმა დააჭარბა, ამად ცრემლი ჩამოგდისა.

მთვარე ღამეს გაანათლებს, მერმე ჰფარავს შუქი მზისა.

ჩემმა წიგნმა დააჭარბა, შენს წიგნს ვინც სწერს, ცუდათ ზისა.

129

ჰე, რუსთველო, მოიცადე, დადეგ, სიტყვა შეინახე,

საღვთოს სწავლით ვერ ამიხვალ, საეროვე მოინახე.

მაღალს საროს ვერ შესწვდები, გლახ, დაბალი მოი ნახე,

ქრისტე არის მართლმსაჯული, მოციქულნი მოინახე.

პასუხი რუსთვლისა:

130

მეფევ, არ იყო სათქმელი წიგნის წახდენა თქვენგანა,

ჯავრითა ბძანებ მაგ სიტყვას, თვარა არ იცი შენ განა?

მე ეს მერჩივა მაგ სიტყვას, თავს გარდმოგეკრა დაგანა,

თქვენგან არ იყო სათქმელი, არ მიკვირს უჭკოთაგანა.

131

შენ უკეთ იცი, მეფეო, პტოლემეოსის ნაქნარი,

ვეზირთ უბრძანა: „მირჩიეთ საქმე რა ჩემგან საქნარი,

ყველა წახდეს და იგი არ, ვით დავითს ებან ან ქნარი.

ერთი რამ მინდა დავაგდო, სოფლისგან არ-დასანთქნარი”.

132

ვეზირთ ჰკადრეს: „ხელმწიფეო, ერთობ ძნელი საქმე გვკითხე,

ერთს რჩევასა მოგახსენებთ, თქვენცა გული გაიკითხე,

ისრაელთა წიგნებისა ბერძნულ ბრძანე წასაკითხე,

თუ ვინ უკეთ მოგახსენოს ის ლომ ქმენ და ჩვენ კი გვითხე.

133

არ დარჩეს დაურღვეველი ნაშენი ქვა ქვაზედაო”

მადლი უბძანა მეფემან: „მეც აგრე დამეხედაო,

მე თქვენი კითხვა კარგად ვჰქმენ, არ ცუდად დამეყბედაო”.

დასჯერდა მეფე რჩევასა, დაასკვნეს ამაზედაო.

134

მოიხვნეს ყოვლი წიგნები წინასწარ-თქმულნი შესაქმით,

გამოსვლათ, მეორეს რჯულთა, მსაჯულთა, ნეშტთა, ეზრაქით.

წარმავალს ცოდნას რას მისდევთ, წარუვალია, ეს აქით.

დიდი საუნჯე დაუგდეს, ბერძენთა დარჩა მას აქით.

135

დაუყვეს ყოვლი წიგნები მწიგნობრებს სიბრძნით ქებულსა.

მისცემდეს თვითოს ყველასა მუნ მდგომთა ჩარიგებულსა,

გამოაჩენენ განმარტვით აქამდის ცუდათ დებულსა,

წილად ხვდა ესაიასი სვიმიონ მოხუცებულსა.

136

იკითხა, პოვა ეს სიტყვა, შეიქმნა განცვიფრებული:

აჰა, მიუდგეს ქალწული, შვას ძეო. — განკვირვებული

გაყუჩდა, ჩხრეკა დაუწყო: „არ იყოს ასო კლებული,

თვარე ვინ ნახა, ვინა თქვა უნივთო განივთებული?

137

ამ სიტყვასა ვერ ვირწმუნებ, წავიკითხო ათასჯერა,

ვით ქალწულმან ქალწულებით ძე შობოსო, არა მჯერა.

ევმანოელ თარგმანებით ღმერთი არის, ვით მაჯერა?

ხმამაღალმან ესაიამ რად დაწერა, გამაჯერა”,

138

მას მოუხვდა ანგელოზი: „რად არა გრწამს, რად მიზეზე?

დაწერე და, ვირ არ ნახო, შენ არ მოჰკვდე, იყო ზეზე,

ქვაბსა იშვას ბეთლემისას, სად მიუშვან ხარი ბზეზე,

შემოქმედი ხორცით ნახო, აღარ ჰქონდეს თვალი მზეზე”.

139

ირწმუნა, გარდმოსთარგმნიდა, დაეხსნა ამ დავებასა,

იშვა ძე ღვთისა ცხოველი, სოფელი დახსნა ვებასა.

სამოთხით გამოძებულნი ამად ვიქთ იქივ შვებასა.

უძლურმან მკლავთა მიირქვა, ევედრა განტევებასა.

140

თუ წიგნები წახდებოდეს, მაშ პტოლემოს ცუდად შვრება.

ერთობ ასრე შემაწუხე, მამინდება სხვაგან რება,

ერთხელ კიდევ გამაგონე, ხორცსა სული გაეყრება,

ნუღარ ბძანებ მაგ სიტყვასა, შენი ჭირი შემეყრება.

141

ამასაც ვიტყვი, მეფეო, თუ თქვენი ყური ინებსა,

მონანი შენნი ერთგულნი, რად გამოგართმენ სიგლებსა?

თხელს ქაღალდს დაიწუნებენ, ეტრატზედ სწერენ წიგნებსა.

თუ კიდევ ბძანებ წახდენას, საქმეს იქ დასაჟინებსა.

142

თქვი, რაც გინდეს საბრძანებლად, გარდამიწყდეს ერთხელ რამცა,

მას ვჰმადლობდე, ვინ ქვეყანა დაამყარა, შექმნა რამ ცა.

თუ ავად ვთქვი, თამარ მეფემ საჯილდოო რასთვის მამცა?

ვინ შენს თავსა მაბაასებს, მიღალატა, დანა დამცა.

პასუხი მეფისა მეთოთხმეტე:

143

ბოლოს საღვთო შემოიღე, არ გიჯობდა მაგისი თქმა,

პასუხს მოგცემ ბაასისას, გაქნევინო ვეჭობ აღთქმა,

საღვთოთ მაშინც უეჭველად შემიძლია შენი დანთქმა.

შენ ტალანტი დაგიმალავს, მოვიპოვო ჩემი დრაქმა...

პასუხი რუსთვლისა:

199

სხვისგან ჩემს ქებას წყინულობ, მე ვითღა გაგაგულისო?

თქვენს უკეთ ლექსი ვის უთქვმს მიჯნურთ, ან მარგე სულისო!

შვიდის სარწმუნოს კრებისა, ნიშები სასწაულისო,

მაგრამ ნაყოფი მოგისთვლავს მის, ჩემგან დანერგულისო.

200

თუცა სჩხრეკენ ჩემს ლექსებსა, ვერ ჰპოებენ ვერსად ნაყის,

სადმე ჰპოონ ავად თქმული, ანუ წყალი ვინ დანაყის?

ბრძენი მიქებს ენის სიტკბოს, ხორხისა და მერმე ამ ყის,

აელვარებს მიჯნურთ ქებას, ვით მელანსა შერთვა სამყის.

201

მოაბასითა, მო აბა სითა, მო ესო, მითხარ, ვით მოე კიდე,

მოაბასითა, მოაბასითა, მოესო ტვირთად, ვით მოეკიდე,

მოაბასითა, მოაბასითა, მოესო ცეცხლო და მოეკიდე,

მოაბასითა, მოაბასითა, მოესო იფრდე ან მო ეკიდე.

202

ჩემს მოსწრებაში აროდეს კვლავ მე ეს არ დამემართა,

სპარსთ შეტმასნილი ამბავი მე ლექსად არ დამემართა?

ასრე ვით გამომიმეტე, ჯობნას მიპირებ მე მართ ა?

ნუღარ მიბრძანებ ჯობნასა, შუამავლად მყავს მე მართა.

203

ორსავ, მეფევ, ნუ წამართმევ, შეჭირვებულს ლხინ მიბოძე,

შენ გაქებდე, შენ გნატრიდე, ხოტბა გკადრო, შეგიმკო ძე,

მეომართა შეთხზვნა ლექსთა ჩემთვის დასვი მაგრა ბოძე,

საღვთო შენთვის დაიჭირე და საერო მე მიბოძე.

პასუხი მეფისა მეთხუთმეტე:

204

ჩემი საქმე ყველაკა ვსთქვა, კვეხნაშიგან ჩამეგდება,

მაგრამ შენი დადუმება სხვის საქმითა არ იქნება.

რა გასინჯო, შენც ჩამომყვე, პასუხის თქმად არ ეგება.

თვარ ხმალ ხე ტარმოტეხილსა, სხვა პირიმცა ნუ ეგება.

205

ბრძენთა ჯობნა ვათქმევინო, სხვა მის მეტი რამცა გიყო?

გაწყენინო ასე, ვით მე გულს ლახვარი ვითამ გიყო.

მე ვარდსა ვჰკრეფ გაუფრჩვნელსა, შენ ზამბახი გაგიდიყო,

სულმობრძავსა დაგამსგავსო, რა გინდ რომე კარგად იყო.

პასუხი რუსთვლისა:

206

ხლართავ ლექსსა ასულს რათმე. მე რომ ვხედავ კიდეც დამას,

არ უშურვებ, ა სულს დასდებ, მისგანც ელი ნაცვალს და მას;

აჰა უჭვრეტ ასულს ნორჩად, შენ საყვარლად აჰა და მას,

ესრეთ გიღირს, ასულს არჩევ და დააცლი, მისცემ დამას.

207

ჩემს ზამბახსა რა დააჭკნობს, არ გაუწყვეტ მუდამ ნამსა,

მიჯნური ვარ, ვის მნათობნი ვერ ურჩ-ექმნნეს ვერცა წამსა,

დაუჭრია გული ლახვარს შავთა რაზმთა წარბ-წამწამსა,

ვით შემიქმნა მე ზამბახი, დიყად ვინ რომ სულს მიდგამსა.

208

თქვი რაც გინდა საბრძანებლად, გარდამიწყდეს ერთხელ რითმე,

ისიც ავად ჩამომართვეს, რომ აქამდი არ დაგითმე.

ასრე მმართებს ფერხთა გბანდე, გარმორტყმული არდაგით მე,

ერთხელ ფხად სთქვი ჩემი ცოდნა, ახლა ბძანე გინდა სითმე.

209

ორთავ უხამს დიდი ქება, მსმენელთ დიდსა სიბრძნეს მოსცემს,

მათი ტკბილი მეტყველება მიჯნურთ გულსა ლახვარს გასცემს;

თუმც უხვია თეიმურაზ, მაგრამ სიბრძნეს კი არ გასცემს,

ერკინება რუსთველს მედგრად, შეიტყევით, თუ ვინ დასცემს!


ამბავი მოწყალისა და მოსამართლისა, სახელოვანისა და

მრავალჯერ სახელოვნად გამარჯვებულისა, ბრძნისა

რიტორისა და ფილოსოფოსისა მეფისა თეიმურაზისა,

რომელი სიყმარწვილით, გაზრდით, ვაჟკაცობით,

სიბერით სიკუდილამდის ეშრომა

და გარდაჰხდოდა

პასუხი მეფისა მეთექვსმეტე:

210

ისმინე ჩემი ამბავი, სიყრმითგან ვით ვზი გოდებად,

სიბერით სიკვდილამდისი სამუდმოდ ცეცხლთა მოდებად, —

მართალი არ თუ ტყუილი, არ მიზეზისა მოდებად.

რაც მახსოვს, ყველას გიამბობ, არ მინდა სხვაგან მოძებად.

211

პაპა ჩემი ჯდა ხელმწიფედ კახეთს ღვთისაგან წყალობით,

მშვიდი, მოწყალე, მდაბალი, რჯულზედან ერთობ მკრძალობით;

ქვრივთა, ობოლთა შემბრალე, არ იყო მათზედ ძალობით,

კვლავ მშვილდოსანი უსახო, ცხენ-მალე, მშვილდ-ფიცხელობით.

212

პაპის ჩემისა ქებასა ვერ ვიტყვი მე ერთხელადა,

ღვთის მოშიში და მორწმუნე, იგ არ თუ იყო ხელადა;

მტერთა მძლეველი, ძლიერი, ლომი მიაჩნდა მელადა,

მუდამ მას ჟინად ნადირთ-სრვა აეღო ერთობ ხელადა.

213

ოთხი შვილი ჰყვა, იმათი აწ მოგახსენო სახელი:

დავით, ერეკლე, გიორგი, იყვნეს სიკეთის მსახველი.

მეოთხე კონსტანტინია, სხვეფ კარგი, ჭკუა-ნათხელი,

გულჯავრიანი, ამაყი, შეუპოვარი და ხელი.

214

მამაჩემსა საპატრონოდ ჭკვას უქებდეს, მერმე ბაქეს,

ერეკლესა სიუხვესა უწონებდეს, დიაღ აქეს.

გიორგისას მას უბნობდეს: იქ ტარიელ იყო, აქ ეს.

როსაც არის მასცა გეტყვი, კოსტანტინეს ბოლოს საქმეს.

215

იგიმც დღე დაიწყევლება, როს მამამ მისცა ყაენსა,

იგ მან ეშმაკმან გაზარდა, მით დაამსგავსა კაენსა.

ბოლოს გიამბობ თუ ღვთისას საქმეს იქს როგორ საწყენსა,

მთქმელთა და გამგონთ ორთავე სანაღვლოს ცრემლთა სადენსა.

216

ერეკლე სტამბოლს წავიდა, მამას შემოსწყრა თუ ძმასა,

დიაღ ეწყინა მეფესა, დიდსა ჩავარდა ჭმუნვასა,

თეთრს წვერს იგლეჯდა, გაჰყრიდა, იტყოდა სოფლის მდურვასა,

დედოფალს ვინ შეჰკადრებდა ამბავსა მის საკრულავსა!

217

ამხანშიგან ჟამთა წავლით ალექსანდრე მოცაბერდა,

მას წინანდელს მისის ჟმისას სიკეთესა ვინმც აღწერდა!

ბერნი, მღვდელნი პატივით ჰყვეს, სრულად ჯარი შეყრით, ერ და,

მაშინ მისის ხელმწიფობით მხიარული ყველა მღერდა.

218

რა შვილებმან მამა ნახეს სიბერისგან დანავარდნი,

ბეჭწახრილი მოყვითანოდ, იქით-აქათ განავარდნი,

დრო მოუხდათ ავი რამე ერთმანერთზედ შენავარდნი,

სოფლის ქარმან აღიტაცნეს, მათ შეექმნათ განა ვარდნი?

219

ორნივ ძმანი წამოვიდეს ქართველთ მეფის შესაყარად,

თან იახლნეს დიდებულნი დაკაზმული ვით მაყარად,

წამოიღეს ორთავ ბევრი, მრავალი რამ იქ საყარად,

ბორკილი აქვს თან უმცროსსა უფროსისთვის შესაყარად.

220

მივიდნენ, გაესალამნეს ძმისწული მამიდაშვილსა,

მოიკითხევდენ ერთმანერთს, ღიმილით იჩენდეს კბილსა.

კარავს ჩამოხდეს ნადიმად, ლხინსა ნახევდენ მუნ ტკბილსა,

გათენებამდინ ზედწართვით მოინდომებდენ არ ძილსა.

221

ახლა მეფე გამოვიდა, ბიძაშვილებს უდარბაზა.

ხილზედ დასხდეს, მოიტანეს უცხოები ბევრი მაზა,

ღვინოს სმიდეს მანაურსა, უკეთეს რომ ეგავაზა.

ასრე დახვდენ ორნივ ძმანი, ვით მამისგან ეანდაზა.

222

ცოტა ხანი ამით წავლეს, ზედ მოაბეს ლხინი და ზმა,

დაღამდა და მოიტანეს სანთლები და მერე ბაზმა;

ლხინი ნახეს დიაღ კარგი, არ მოსწყინდათ ხანთა დაზმა,

დილაზედა ძღვენი უძღვნეს, რაც მათ მისთვის მოეკაზმა.

223

მათ ისაქმეს მათი საქმე ფარული თუ ანუ, ცხადი,

კვლავ მეფემან დაჰპატიჟა, ლხინი მაქვსო დასაქადი.

გიორგიმ თქვა: „აწ არა მცალს, კვლავ მე წავალ, აწ შენ წადი!”

ჰაი, ძმაო, ძმის ღალატზედ შემოქმედსა რასთვის ხადი?

224

მას ჰქონდა ესე თათბირი ადრიდგან გამორჩეულად,

საქმე ერჩივა ბოროტი ეშმაკსა მას მისეულად;

ყმათ განდობოდა, ბევრი ჰყვა ბარამით მას მისეულად,

ბარამ დავითთან ამხილა: „თავს ვერ ვიქ შენგან ეულად”.

225

რა მამაჩემს ესე ესმა, მიზმენ მაგას ვით ვითაო?

მტერი მოუკვდეს დავითსა, გიორგი იპყრას ყმითაო.

აგრე ჯაბანი ვგონივარ, უმცროსი მე გავითაო?

რასა იქ, კარგო გიორგი, რას ვთესავთ, მოვიმკითაო!

226

ლხინით ადგა, წამოვიდა ჯავრიანი, გულით ბრაზი,

მოვიდა და შეუზახა: „ჩემო ძმაო, მანდა რა ზი?

შენ მე როგორ დამიჭერდი, ბიჭი ვიყავ თუ ხაბაზი?” —

თვით შეიპყრა პატრონ-ყმიან, არ წაირთვა ტახტ-დარბაზი.

227

წამოვიდა მასვე წამსა, თუცა ბარგიც არ დაყარა.

მათ რომ მისთვის შესაპყრობლად მშვილდს ჩაეგდო, გარდუყარა,

ძმა ციხეში დაატყვევა, ყმანი კლდესა გარდმოყარა,

მამას ტახტი გამოართვა, მაგრამ დიდხანს ვერ ემყარა.

228

საქმე ეს ქმნა ღვთის საწყენი, ეშმაკისგან ის იძლია,

მამას ბერსა ხელმწიფესა ბატონობა გამოსძლია;

გიორგისა სამართლით ქნა, არ მეფობა შეაძლია,

მამაზედ არს დამნაშავე, თვარამ ძმაზედ უმართლია.

229

ექვსს თვეს კარგად ბატონობდა, ნადირობდის მოისრითა,

მერმე მოკვდა, მისნო მტერნო, მისგან აღარ მოისრითა!

ის სოფელმან გაისტუმრა, მოვაღა როს, მო ის რითა?

ისრევ ბერმან ხელმწიფემან დააშვენა ტახტი სრითა.

230

ცოტა დავრჩი მე ობოლი, თუმც არ ვჰყვანდი ისრევ ძიძას,

პაპამ მასთან დამაყენა, დამანება მე არ ბიძას.

მახაფიფა ნებიერად, ჩამაცმევდა ხამს, არც ძაძას;

ჩემნი სწორნი ყმაწვილები ვერ შვრებოდენ ჩემსა ბაძას.

ამბავი საზარელი და სათქმელად საძნელო, და სასმენელად

საძაგელი, მეორეს კაენისა და ლამექის შვიდგზის

გამოვრდომილის კონსტანტინესი, რომელმან ესევითარი

განზრახვა გულს იდვა და მოკლა ღვთისმოყვარე

ხელმწიფე-მამა ალექსანდრე და ძმა თვისი გიორგი.

უყურეთ მანქანებასა ბელიარისასა!

231

ეს ამბავი ყაენს ესმა, კარგა წვრილად გაიგონა,

ამას ზედა ეშმაკისა საქმე იმან მოიგონა.

კოსტანტინეს დაუძახა, ამით თურე წაიგონა,

აწყა დაგრჩა კახეთიო, მეც შენ მოგცე მგონი, მგონა.

232

გამოგზავნა მან კახეთსა, ბოროტს საქმეს აბარებდა,

მამისა და ძმის სიკვდილსა უეჭველად აბარებდა:

ალექსანდრეს ლალა-ფაშის ძველს საქმესა აბარებდა,

რად იამა უღურსიძსა, ჩქარად მოვა, აბა რებდა!

233

მან ხალათი გამოგზავნა საქმისათვის არ სააზროთ:

მას სიბერე მორევია, გიორგია მართლა საზროთ,

ორთავ ხიშტით დაუშინეთ, შიგავ დარჩეს, არ დააზროთ.

თუ გიყვარვარ, მაგას ნუ იქთ, ვარდი ადრე არ დააზროთ!

234

წამოვიდა, მოახლოვდა, მეფეს ესმა შვილის მოსვლა,

ერთი მკვდარი მოაგონდა და მეორის სხვაგან წასვლა.

დაუკაზმეს ბედაურნი, მარქაფები რახტით ასლა.

გაზაფხულის ჟამი იყო, მაგრამ ჯერ ვარდს არ ეფასლა.

235

რა გრემიდამე წაბძანდა და ჩაეგება ბაზარსა,

გულმხიარული, შვებული, თან არ იახლებს მოზარსა:

შვილს ვჰპოებ მე დაკარგულსა უკვდავებისა მაზარსა!

გამოვბრუნდები ალავერდს და წამოვისხამ მაზარსა!

236

მივიდა და შეიყარნეს მხიარულად, უცხოდ რამე,

მეფე იტყვის: „სახარების მამაგონდა ბძანება მე,

აწ უძღები შვილი ვპოვე, ამეხილა თვალთა ბამე,

ზვარკას დავჰკლავ ჭამებულსა, მეგობარნო, თქვენცა ამე”.

237

პაპაჩემი ბედნიერი სიბერისგან უძლურობდა,

მხეცთა მსვრელი მონადირე, ველთა ისრე ვეღარ რბოდა.

ვინ ბიძად მყვა მხნე, ძლიერი, იგ პირად მზე, ტანად ზრობდა.

შვილისაგან მამა და ძმა სიკვდილს ვითმცა იაზრობდა?!

238

მეფემ ჩაიცვა ხალათი, ცხენს შეჯდა მისავსეულსა,

ვერას დააზრდა საქმესა შვილს მაზედ გამოსეულსა.

მოვიდენ, დარბას გარდახდეს ქვეშსაფენ ოქროქსეულსა.

არა ჰკვირ, მოჰკლავს მამასა და კახეთს გაჰხდის ეულსა.

239

მოიგონა, დასუბავდენ, საქმე მაქვსო არ საჯარო.

მისი ჯარი გარეთ იდგნენ ერთმანერთზედ დასაჯარო.

ნიშნად თურმე ესე მისცა, მისნი ყმანი გამოვყარო,

შემოდით და დაუშინეთ თქვენ ხლმებით და მე ვხანჯარო.

240

მეფეს შერჩა რუსთველი და იმის ძმა ყორჩიბაში,

სხვანი სადგომს წამოვიდნენ, კახნი იყვნეს თუ აბაში,

შევიდნენ და დაუშინეს, შიგ დაჩეხეს მის კაბაში,

მამა და ძმა ორივ მოკლა, ერთად ჩადვეს მოაბაში.

241

რუსთველი და აბელ, ძმანი, ორნივ თავსა დააჩეხეს.

ვის უქნია ამისთანა, ცა რისხვითა მოაქუხეს!

მას ანგელოზ ხელმწიფესა ასრე ხელი ვით შეახეს?

მაგრამ იგი ეშმაკისას გაათავებს დანამკვახეს.

242

რა ესე ქნა, ადვილად სჩნდა მას ურწმუნოს ყოვლი ავი,

მოინდომა დედაჩემი უცხო რამე შესართავი.

მოციქული გაუგზავნა, შეაძლია თურე თავი,

შეუთვალა: „არ შემირთავ, ძალად გშოებ, მითქვამს დავი!”

243

რა მივიდენ მოციქულნი, მოახსენეს შიშით, ძრწოლით:

„უმართლე ხარ თუ დაგვხოცო, რასთვის იქ არ დავიქოლით,

მაგრამ რა ვჰქნათ, მან ურწმუნომ გამოგვგზავნა დიდის ძალით,

ქრისტიანეთ არ საქნელი, ნასწავლი აქვს იმას მოლით”.

244

გაიგონა დედაჩემმა, ბძანა: „ესე ვით დავითმე,

ვინმცა მკადრა უკადრისი, დავივიწყო ან დავით მე?

ვინ ჩიქილა შემირცხვინოს, ან სუმბული რომ დავითმე,

ღმერთმან მისის რისხვით მკითხოს, შემოუშვა იჭვი სითმე”.

245

შეუთვალა: „ღვთის მგმობარო, მამის მკვლელო და ძმისაო,

ავის მქნელო, ავის მთქმელო, შენ უღირსო სულთდგმისაო,

ყოვლის კაცის საძაგელო, სულ მოქმედო ავისაო,

ღვთით ადრე, ვეჭვ, შეგანანო ჩემი თხოვნა დავისაო!”

246

მოციქულთა მიუტანეს მას ეს საქმე, დააჯერეს.

კიდევ ცდასა აპირებდა, მაგრამ სიტყვით შეიჯერეს.

მწვე გაჯავრდა, თათრებიან ჯავრით გული გაიჯერეს.

სხვას ამბავსა ჩამოვეხსნათ, გავათაოთ მოდი ჯერ ეს.

247

ამ საქმეებს წინასხნითვე დედამ ყაენს შემახვეწა,

აქ გიორგის შეუშინდა, ამად მისკენ გარდამხვეწა,

მან შემიტკბო ვითა შვილი, არ თუ შიშით მე დამხვეწა.

გამეხარნეს მასთან მისვლა, ღაწვი ცრემლმან არ მიხეწა.

248

მე შერმაზან თან გამომყვა ზნეობისა სასწავლებლად,

მწვრთნიდის საღვთო-საკაცობოს, თავი ჰქონდის თავსავლებად:

ჭირსა შინა გამამაგრის, გული ჰქონდის ვით სალებად,

მაამის და მსახურებდის, ღაწვთა მწკეპდის არ სალებად.

249

კონსტანტინეს თან ხლებოდეს შირვანელნი და ყაჯარი,

ბაზარს იდგა, წამოვიდა ეშმაკისგან დასაჯარი;

აქათ იმას შეეყარა თვისნი ყმანი, კახთა ჯარი,

შებმულ იყვნენ, მოცაეკლათ, თუმც ეხმარა ხმალ-ხანჯარი.

250

ჩვენცა გვესმა ეს ამბავი, რაც ქმნილიყო და რაც არა.

ყაენს ვეხმე, მიმიყვანეს, მიმატანეს დანაც არა.

შერმაზან თქვა სახლთხუცესმა: „გითქვამს ცოდნა არამც არა,

შენ ამათი დაგრეხილი საბელიო დაგეცა რა”.

251

შემომზახა: „მირზავ, იცი კახეთს ქმნილა დიდი ძალა!

შებმულან და კოსტანტინე მათ მოუკლავს მგონი მალა”;

მეც მიამა, კარგა ქმნილა, მოინდომა რასთვის რძალა?

ავის მქნელსა გარდაჰხდია, რა იქნება, ჩემი ნალა.

252

მიბრძანა, თუ: „აქამდისაც მე მინდოდა შენთვის კარგი,

მოდი, მადლი გარდიხადე, ეს წყალობა მტკიცედ დარგი;

რადგან შენი სამკვიდროა, ან მე რასთვის დაგიკარგი?

ჩქარად წადი, მალ მიბძანდი, თუნდა კიდეც დაგრჩეს ბარგი!”


ბატონის თეიმურაზისა და ყაენისაგან ტკბილად საუბარი, წყალობის

ნიჭისა და მრავლის იმედის დაპირება, და ქადება, გამოსტუმრება

და გრძელისა გზისა მოსწრაფებით სიარული, და შემოკლება

და მათგან უგრძნობლად ქისიყს მოსვლა

253

გამომისტუმრა, წამოველ, მიბოძა ბედაურები,

ცხენები ოქროთკაზმული, არ იყვნენ უსუსურები;

შესამოსელი სალუქი, მნახველთგან მოსასურები,

სუფრისა გაწყობილობა, მურასა თასებ-სურები.

254

წამოვედით მადრიელნი, მხიარულნი დიდად მისგან;

სიარულსა არ ვითმენდით, რა განათლდის ღამე მზისგან.

შევამოკლეთ გრძლად სავლელი ისრე ფიცხლად ჩვენის სვლისგან.

უეჭველად პატრონობა დავიჭირე მაღლის ღვთისგან.

255

ქისიყს მოველ ერთს სოფელსა უმეცარად, შეუტყობრათ,

ერთი კაცი მოგვეგება, მართ ვეგონეთ ჩვენ მეკობრათ;

რა გამიცნა, თაყვანისმცა, ენა იწყო შესამკობრათ,

მადლის ჰკადრა შემოქმედსა: „ნეტარძი ჩემს ამ დროთ მოყრათ!”

256

დაიძახა: „მე საბრალო არას ვღირსვარ პატრონისას,

მოვახსენო, მობრძანდების ჩემსა ვითა სართულისას.

ჩამოხდებით, არას დავჰკლავ, თავსა ვფიცავ შენის მზისას,

მეფევ, უწყი, ისერებდა ქრისტე სიმონ კეთროვნისას!”

257

მან შერმაზანს სახლთხუცესსა უთხრა: „შენ ხარ ჩემი ღონე,

მოახსენე ერთი სიტყვა, უფრო ნუღარ დამაღონე,

თავი, სახლი, საქონელი ყველა თქვენს წინ მოვიძღონე,

ერთი ღვინო დამილივეთ, ხვალ წინ მეფე წამიძღონე!”

258

ვსთქვი თუ, რაღა გაეწყობა ასრე გულით მოპატიჯეს,

მო, ვეწვივნეთ მხიარულსა, ნურას უზამთ საპატიჯეს.

გარდავჰხე და კარს შევედით, ღობეს ვერვინ გარდაბიჯეს.

დავჯე, გარე შემომისხდეს, ვგვანდი მთვარე ბაკით იჯდეს.

259

ღმერთს თურე წყალობა ექმნა, აღარ იღებდა ვახშ მითა,

ბევრი რამ ჰქონდა მზას თურე, არ გვიკეთებდა ხაშმითა;

უცხოდ დაგვიხვდა მებეგრე მცირეს თავისის ვახშმითა,

მან ადრე აღარ გაგვიშვა ღვინითა ერთ სახაშმითა.

260

მოიყვანა ცხრა ყმაწვილი აკვნებითა შიგ ჩაკრული,

„ვიცი არას არ შეიძღვნი ძღვენი გიძღვნა თუცა სრული,

სრულამც თქვენა გენაცვლების დედმამიან თქვენთვის სრული,

შენის ჭირის ჩვენ სანაცლოდ სული გვქონდეს ამოსრული!”

261

დილა გათენდა, ხმა გაჰხდა ყოველგან მოსვლის ჩემისა,

მუნ სიხარული შეიქმნა გულით არ შესაჩემისა.

ვინცა მნახევდა მჭვრეტელნი, ნახვამან გააჩემისა,

სხვანი ნახულნი ჩემთანა უკვირდის, არ ეჩემისა.

262

პირველ კაცი გამოვგზავნე დედაჩემთან მახარობლად:

ღმერთსა დიდი მადლი მიეც, აღარა ხარ საწყალობლად,

შეგვიბრალა ვით გვხედავდა შენ ქვრივად და მე, გლახ, ობლად,

ჩემი აქეთ გამოგზავნა არ შეგექნა საბრალობლად!

263

მახარობელი მისლოდა, ბევრი რამ მას ებოძა და,

მამული ანუ სასახლე, ქვიტკირი, არე ბოძადა;

კვლავ ტურფა შესამოსელი ცუდ-მუდი არ ეძონძა და,

მას სიუხვითა სხვა ქალი ვერსად ვერ შეებაძა და.

264

თუმც ვაცნობე, ჩემი მოსვლა ასრე ადრე არ ეგონათ, —

წყნარად მოვა, შექცევითო, სხვის ვისგანმე გაეგონათ;

სრულად კახნი გრემს მიეხმო დიდებულად ჰყვა, ან მონათ,

თვარ აქ უნდა დამხდომოდა გამჩვენებით, მოსაწონათ.

265

დედაჩემსა მოახსენეს ჩემი მოსვლა ისრე სწრაფად,

მას ენაღვლა, ვერ დავხვდიო ვით მინდოდა კარგად აფად,

კახნი ამად მოვაწვივე, მიმეგება, გამყვა სეფად.

მოურავი მამაგება სხვად დიდად და თუმც არ მეფად.

აქა სრულ ერთპირად კახთ სიხარული და ბედისა და ეტლისა ნატრა

თავისის მემკვიდრის ხელმწიფის შვილისათვის. კარგისა და ცხენ-

კეთილ იარაღ-მარჯვეს კაცით წინ მიგებება. მეფისაგანც

მზგავსიერად გახარება, ლხინი და მოუწყენელი უჭირველად

მხიარულება.

266

მასვე წამს თვით მოურავი თამაზ სულ მისის დროშითა,

სხვა მოხელენი შინაყმით მოვიდენ კრძალვით, შიშითა,

თქვეს: „ვწუხთო აქ არ დამხდომნი, სხვაფერ არა ვართ იშითა.

მე უალერსო მათშიგან, კაცი დავაგდე იშ ვითა!”

267

მოვიდენ და ხელს მაკოცეს, ზოგნი თავსა მევლებოდეს.

შენი მტერი ამას იქით შენის ხლმითო მძლევლებლობდეს,

თავს ათასჯერ განაცვლითო, დაჩაგრულსა ვინმც გგონებდეს!

შენ გასინჯე ამას იქით, თუ გრემს არ მიმესვლებოდეს!

268

ხუთს დღეს იქივ მოვისვენე შორის გზითა დაღალულმა,

თავი კარგად მამაწონეს ჩემს წინაშე მათ მოსრულმა;

მაშვრალობა განგვაშორვა ზედიზედმან თვალთა რულმა.

დიაღ კარგნი ყმანი დამხვდეს მეტის-მეტად, ჩემა სულმა!

269

გაღმა გაველ, ენისელთა იქ დამიხვდა მოურავი,

სრულ თავისის დროშის კაცით სიმრავლითა უამრავი;

კაცი თვალს ვერ გარდაწვდენდა, იდგნენ ვით ტბა საცურავი,

რა მოვიდენ, ტკბილად დავხვდი, მათ არ უთხარ სამდურავი.

270

ასე ვსთქვი, თუ: ერთს ბატონსა ამის უფრო რაღა უნდა?

თავადნი და დიდებულნი მოვიდიან ბუნდა-ბუნდა,

ანგარიში ძნელი იყო, დამთვლელს გული დაუჭმუნდა.

ისინიცა თან ვიახელ, ვინც გვერც მახლდა, არ დაბრუნდა.

271

დილას ავდექით წასავლად, ცოტადრე წავიარენით,

ალავერდელი დიდებით მობძანდა, ითქმის არ ენით,

მშვიდად ამბორი უყავით, შეყრა არ გავიმწარენით.

მერმე სხვათ უთხრა: „მობძანდით, აწე თქვენ შეეყარენით”.

272

მამიკითხა: „აჰა, ბრძენო, თქვენ ამბავი თქვენი გვითხარ,

შორის გზისგან დაღალულსა შემოგხედავ, ლომივით ხარ,

ღვთის შიშსა და სიყვარულსა უეჭველად ვიცი მზა ხარ;

ის აკურთხა, შენ რომელი მოხველ და კვალად მოსვლად ხარ”.

273

ჭიაურითგან წარსრულნი იმ ღამეს არბუხს დავდექით,

წმინდის თევდორეს საყდარსა ვილოცეთ, ცისკრად ავდექით;

ღმერთსა ვმადლობდით წყალობას, ხვეწნითა ცუდად არ ვდექით,

ავიყარენით, მივხარობთ, იქიდამ წინარ წავდექით.

274

მუნით წავედით გრემისკენ, აწყა რუსთველი მოვიდა,

სრულ ნაპირისა ლაშქრითა წითელი ეცვათ, მოვი და;

მათს ანგარიშსა დამთვლელი დათვლითა ვინ აუვიდა?

თუ მტერს მიადგენ ესენი, ვთქვი, ამათ სად წაუვიდა?

275

მოვიდეს და მესალამნეს, თაყვანისმცეს დას-დასებით,

დიაღ ბევრნი შეყრილიყვნეს სიმრავლითა ათასებით.

მხიარული სიტყვა უთხარ, შევიქმოდი ლხინთა ვსებით,

სიხარულით ენთებოდეს, სიმწუხარე დანავსებით.

276

რუსთველმან თქვა: „ვით ბრძანდები, ღვთის წყალობით შენ

მოსრულო?

სახლთა შენთა სიმაგრეო, საძირკველო არ დაძრულო,

ვარდო ახლა გაფურჩქნილო, თრთვილისაგან არ დაზრულო,

თვალად მზეო, ძალად ლომო, ნორჩო, ედემს ამოსრულო!”

277

დედის ნახვა მწვედ მინდოდა, თუმც გავფრინდე ვით გავაზი.

მომახსენეს: „რად დავაგდოთ ჩვენ ულხინოდ აქ გავაზი?”

დაუჯერე, გარდავხედით, მოუწონეთ, უქეთ ვაზი.

მათ ბევრი სვეს, მე წვრილად ვსვი, ვაშლი ზედა გავამაზი.

278

მეორეს დღეს გრემს მივედით, ჯარი დამხვდა ქალაქისა.

ჩვენი ყოფა, ერთგულთ ლხინი ორგულმანცა მალ აქისა.

ფიანდაზსა მიფენდიან, ხორა იდგის ნაქსოვისა.

თქვეს: „მზე არის ქვეყნიერი, ნეტარ გავსო ესე ვისა?”

279

სრას მივიახელ, გარდავჰხე, დედოფალი დგა ქალებით,

მუნ ბანოვანთა სიტურფე ჯარად დგეს ბროლ-ფიქალებით;

ღაწვი — ბრწყინვალე ვარდები, არ ჰქონდა ცემა ნალებით.

ტან-ალვა, ნაზნი, ზარიფნი, მდედრნი, არ გულად სალებით.

280

დედა წინ წამომეგება, ღიმილს ცრემლსა ატანებდა.

მამეხვია, გარდამკოცნა, პირ-ყელ მკერდსა ატანებდა.

მერმე მითხრა წავიდეთო, ხელ-ხელს წამომატანებდა.

შინ შევედით ქალებიან, სხვას ჯარს არ შემატანებდა.

281

მიბრძანა, თუ: „შვილო, მადლი ვის შენ მაგ დროთ მოუყრიხარ,

ღვთით, მგონია, არა გჭირს რა, მე რომ გატყობ აგრე ვით ხარ?

შენიმც ჭირი შემეყრება, შემოგხედავ, დიდად ვიხარ,

სხვა სარჯელი არ გაჩნია, ცოტად პირზე შეუხრიხარ”.

282

გრძლად არ ვიტყვი მაშინდელსა შვებასა და გახარებას,

დიდთაგან თუ მცირეთაგან შეჭირვების ცეცხლთა ვსებას.

დედისაგან ხელის წყობას, ნებიერად მოსვენებას.

მალ აღარვინ მოელოდა სოფლისაგან შეჩვნებას.

283

ორს კვირასა დედოფალი ყოველს დღესა მასპინძლობდა.

მაშინ ჭირს და მწუხარებას ათას წილად ლხინი სჯობდა;

მას ჩემგმეტი არვინ შერჩა ძე, ასული, არც ვინ რძლობდა,

მაგრამ ბედს არ ემდუროდა, რა მე მიველ, ღმერთს მადლობდა.

აქა მეფის თეიმურაზისაგან სრულ ერთპირად კახთა ალავერდლით,

ეფისკოპოზ, საღთოთ კაცთ და დარბაზის ერის შემოყრა. მცხეთას

მოსვლა, კათალიკოზ, მთავარეფიზკოფოზ და სულ ქართველთ

შეყრა. მეფედ კურთხევა, წირვა, ლხინი და მრავლის გაცემა

284

ამავ ხანში მცხეთას მიველ და მეფედა დავეკურთხე.

გამოველ და პალატს დავჯე, ვინ მაღირსა, ის ვაკურთხე;

მამა-პაპათ დანარჩომი დავიჭირე ოთხივ კუთხე,

უსამართლო არვის უყავ, ქვრივნი ობლით გავიკითხე.

285

წამოდგენ, მამილოცევდეს, თავი მანაცვლეს, სულები.

მოყარეს ოქროს ნალბაქნი და ზოგნი მოყვითლულები,

სხვა სურა, თასი, ჯამები, ყოვლფერი ვერცხლეულები,

ათი გოდორი აიღეს მას დღესა იქ დადგმულები.

286

ამათ გარ გამოზიდვიდეს, ივსებენ ფლურით ხელებსა,

მესამედს კათალიკოზსა მისცემდეს, არ მოხელებსა;

ორს წილს სუფრაჩსა, ერთპირად სულ ერთად ჩემს მოხელებსა.

იქ ცუდ-მუდს ვერას ჰპოებდი იარაღს განათხელებსა.

287

წამოველ გვირგვინოსანი, პორფირცმულ, ხელ-სკიპტრიანი,

გამდიდრებული, სვიანი, მაშინ არ ვიყავ მტრიანი;

შეუპოვარი ღმერთს გარდა, არვისგან მქონდა ზიანი.

მოველ და დავჯექ ტახტზედა ნათელმოსილი, მზიანი.

288

ცამეტის წლისა შევიქენ, რა ესეები იყო და,

ვნადირობდი და ვიშვებდი, სხვა საქმე არ შევიტყო და;

საპატრონოსა საქმესა სრულ დედოფალი იტყოდა,

სრულად გააგის სამეფო და ურჩი მალ დაიტყოდა.

აქა დედოფლისაგან გურიელთან მოციქულების გაგზავნა და მეფის

თეიმურაზისათვის ქალის თხოვნა. მათგან დიდად გახარება. დიდის სიმდიდრითა და ზითვით გამოსტუმრება, მოყვანა, გვირგვინის კურთხევა, მოლოცვა, ქორწილი და მხიარულება, სიმღერა,

ბურთობა და სროლა ყაბახისა

289

ამხანშიგა მოვიწიფე, სხვას ქებასა ვიტყვი არა,

მაგრა სხვანი მას უბნობდეს: „მზემ ღრუბელი მოადარა;

მისმან მზემან, ხმელეთზედა ვერვინ პოოს ამის დარა,

თუ ეს არის ამისთანა, იქნებისო ამის და რა?”

290

დედაჩემი თვისად სასძლოდ დაემძახლა გურიელსა.

მალ მამგვარეს შესართავად, არ უხანეს მას ნათელსა.

შემომყარეს ჟამიერად, მხიარულსა, ლხინთა მზმელსა.

ეს სოფელი ვეღარ შეიქს სხვას მისებრივ სულიერსა.

291

ენა ვით იტყვის მაშინდელს ჩემსა ლხინსა და შვებასა?

ორმოცს დღეს ქორწილობასა, სიხარულ, არ თუ ვებასა.

სრულ გათავებით არ ითქმის, ზოგთა ვიქ გარდაშვებასა,

მაგრამ სოფელი მიპირებს ჩემთ სისხლთმსმელთ ზედ მოშვებასა.

292

თორღას ვიდექით ოდეს ვქენ ქორწილი, გამოჩვენება.

ცხადათ არ დაიჯერება, თუ იყო ძილ-მოჩვენება!

მუნ ორმოც დღემდის ზედა-ზედ სმა, ლხინი, არ მოსვენება,

ბურთობა, ყაბახის სროლა, ვის რა ასპარეზს ენება.

293

დილას შევსხდით, ვინადირით, შუადღისას შემოვიქცით,

აწ ბურთობას ხელი მივჰყვით, მუნ საძილოდ არ გავიქცით;

მერმე დავსხდით ერთაჭამად, ლხინი ლხინზედ ზედ დავიცით.

ვზემდით, ვმღერდით, ღვინოს ვსვამდით, ვირემდისი გარდავიქცით.

294

ძლივ ითქმის მაშინდელ კაცთა სიკეთე, სიბევრენია,

სიმდიდრე, დიდებულობა, სიმძიმით ვითა ბრპენია,

ქება არ ითქმის ადვილად, არც მსუბუქ მოსასმენია,

აწ ვაი მათსა მგონესა, რა ბევრჯელ ცრემლი მდენია!

295

სიმრავლით იყვნენ მრავალნი თავადნი, დიდებულნია,

კვლავ აზნაურნი მათ მსგავსად მასზედან მოკიდულნია,

შინაყმანი და მონანი ბევრ-ბევრად, დას-დასულნია,

სხვათ ვინ აუათ სათქმელათ გარეშეთ ვინ მოსულნია?

296

ბანოვანთა სიტურფესა ვით შეუძლოს ენა მქებად?

ღვთის მოშიშნი, რჯულ-მტკიცენი იესოსა ქრისტეს ნებად,

იქ მოდიან ერთად შეყრას, დუხჭირთ გარე გამოძებად,

ჩარიგდიან მის-მის ალაგს, მთვარე ქმნიან განქიქებად.

297

ზეითა ვთქვი რიცხვი დღეთა, ვირე იყო ქორწილობა,

აწ გათავდა მისი საქმე, გაიყარა შეყრილობა;

მაყრებიცა გავისტუმრე, ბევრი მიხვდა ლართ-წილობა,

დატვირთულნი საბოძვრითა, არ შეექმნათ მათ წბილობა.

298

ვინ მამგვარა დედაჩემმა ის რებეკა, თვითან სარა,

ტბა-მელნისა უცხოდ რამე, გარ გიშრითა მოესარა;

ბაღთა შიგან ვყმაწვილობდით, სად რომ გვედგა ტურფა სარა.

ვა გაარმდა ეს სოფელი, ჩემთვის შემრჩა დიდხანს არა.

299

სხვა ქება ვით ვთქვა, თუ არის აუგი ჩემგან სათქმელად,

არა ვსთქვა, მთვარე ვით შევქმნა ვეშპისა გლახ-ჩასანთქმელად?

ვსთქვა და სირცხვილად დამადვან, არ იყო მისგან საქმნელად,

ვითა დავმალო მთიები, ჟამი დილისა ვყო ბნელად?!

300

არას ვიტყვი, თქვენც გასმია ქება, არ თუ ცუდი ხოტბა:

პირად-ბროლი, ბაგე-ძოწი, თვალებია გიშრის ხო ტბა,

ხმა-ბულბული, საფირონი, შაქრისაგან უფრო მოტკბა.

მე არ მითქვამს ნაათალი, ბრძენთა უხამს იქ შემოკრბა.

301

სოფელს კარგად დაუწყნარდი, სამეფოსა გავაგებდი,

ერსა ვსჯიდი სიმართლითა, საბოძვარს ზედ წავაგებდი,

ეკლესიას დარღვეულსა საძირკვლითგან აწ ვაგებდი,

ვიშვებდი და ვიხარებდი, ცუდ-მუდს არას შევიგებდი.


მეფისაგან თავისის სიმდიდრისა, ნადირობისა

და ლხინის ამბავი

302

ამის მეტი სხვა რა არის წლის ბრუნვა და ანუ თარი,

ოთხი არის, ვით ნივთია, მიწა, ცეცხლი, წყალი, ქარი,

გაზაფხული და ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი.

ამათ გამო იხარებენ, მიწის არსნი რაც რამ არი.

303

პირველ გაზაფხულს გიამბობ, სხვის დროსგანც უკეთესია,

ამით იხარებს ყოველი დანერგულ-დანათესია,

ნადირობა და ბურთობა, ლხინიც აქ უკეთესია,

ვარდზედან დაჰყეფს ბულბული, აღარვის ახსოვს ესია.

304

რა მარტი დადგის, მოვიდის, შეიქნის ირაობანი,

ჩიტებმან შექნის გალობა, სიმღერა, ჭიკჭიკობანი.

შეაწყვის მაღალ-დაბალი მობანემ მობა ობანი;

ალონი დაშვენდებოდა, მჭვრეტთ ვიწყით მისი მკობანი.

305

იქ მოვა ყოვლი მფრინველი ხმელს მჯდომი, წყალში მცურავი:

სონღული, ბარი, გავაზი, შავარდნით მოსასურავი;

ვადევნებდით და ვხარობდით საწუთრო მოუმდურავი,

ბაზიერთხუცესს უმცროსით უბოძი დასაურავი.

306

ფიცითა მითქვამს, არ ვიცი მე რიცხვი ბაზიერისა,

ბაზიერთ შიგა მდგომელი ოთხმოცი ანაწერისა,

თავადნი, აზნაურშვილნი, არ ჩოხა ამოწერისა,

ერთი ბაზიერთხუცესი, სიდიდის მქონე ბევრისა.

307

ასრე ჰყვანდათ დამართული მათ მფრინვლები კაამყოლი,

ზოგს იქივე დაიჭერდეს, მაღლა ამსვლელს თან ამყოლი,

კვლავ მხვეველს და მოთამაშეს იქით-აქათ მიმომყოლი,

ხოხბისა და დურაჯისა ზოგთ გამბმელი, ზოგთ მიმყოლი.

308

ბედაურთ ქორთა სიმრავლე იყვის თუღუნი მალები,

წითლები, მედიდურები, გამძლე, ხან შემომწყრალები.

ახალს მწყაზრებსა შვენოდეს გვარი და ყვითელ თვალები.

მიმინო, ფიღო, მარჯნები, ვადევნეთ ხან ალალები.

კარი მეფის ალექსანდრესგან ფარშამანგის დაჭერისა

309

პაპის ჩემის ბაზიერად ვეჭობ ქება თქვენც გასმოდეს,

― მისგან იყვნეს დანაზარდნი, იმას აქათ აწ მე მყმობდეს, ―

ფხიზელნი და უმთვრალონი, სამსახურს ვერ ამაყობდეს,

იტყოდიან ირაობას, ფარშამანგიც მას მოსლოდეს.

310

ასრე მითხრეს, მინდვრის მცველმან ნახა უცხო სანახავი,

მიირბინა მეფესთანა, მოახსენა უნახავი:

„ამ ფრინველმან შექმნა ასე ბევრნახული უნახავი.

რა თქვენც ნახოთ, არ გაჰკვირდეთ, იყვნეთ ჩემი დამზრახავი.”

311

თქვეს თუ, მეფე მასვე წამსა შეჯდა, ბრძანა იყოს რამცა,

დაგვიზახეს ბაზიერებს, თან გამომყვეს ყველაკამცა,

სრულ მფრინვლები წამოასხით მედიდურნი, მერმე მალმცა,

დაბლის მპყრობნი და ამყოლნი მაღლა უნდა მიიცამცა.

312

მიბრძანდა მეფე, რა ნახა, გაჰკვირდა მეტადიო და,

ზოგს ბოლო წამოებურა, ზოგი ხმამაღლა ყიოდა.

ბრძანა: „ვის გაუგონია ან ამბად აქამდიო და?”

მეყორუღემან იკადრა: „გეგონათ ტყუილიო და?”

313

ბძანა: „მინახავს სადაღაც სახე ამისი ნახატად,

თვარ ვის ასმია ალონში კვლავ მოსვლა აქ ამის მეტად?

თვალნი დამიბა მშვენებამ, ვეღარ მოვსხლიტე მე ჭვრეტად”.

გვიბძანა: „თუ არ დამიჭერთ, ცემით გაგხადო თქვენ რეტად.

314

მაგრა, ვა თუ ვერ შეიპყრან ბოლოდიდი იგ მამლები,

მოუტიოთ გავაზები, შავარდნითა სონღულები.”

მოვახსენეთ: „დედალს ადრე დაიჭერენ ეს მფრინვლები,

ზეით იმათ არ აუშვან, დავახვედროთ ძირს ძაღლები.”

315

მეფემ ბრძანა: „მე ეს მინდა სულ ცოცხალი დავიჭიროთ,

შევინახოთ, მოვაშენოთ, ლხინად გვყავდეს, არ საჭიროთ.

მო, ასე ვქნათ, გარეშემო შემოვერტყნეთ, მოუჭიროთ,

აწ მფრინვლები მოუტიოთ, ვეჭვ ეს გვმართებს დავაპიროთ”.

316

დავემოწმეთ ამ თათბირსა, ჯარი გარე შემოარტყა,

უბრძანა თუ: „სასიკვდილოდ ჯოხი არვინ არ დაარტყა”.

მინდორს ისხდეს გამოჩენით, არ უნდოდა ტყეთა ბერტყა,

იპეპლვიდეს მათს დედლებსა, თან არ ახლდათ წვრილი ბარტყა.

317

გავაზები და ბარები გავჰყარეთ, მაღლა აუშვით.

მეფე შავარდნით ცხენფიცხად მიუხდა, ჩვენცა მიუშვით.

მიბრძანდა, ზოგნი მივჰყევით და ზოგი ტბაში შეუშვით.

დაფრინდეს, მოუტივაცა, შესძახა, ვა, თუ გაუშვით!”

318

შავარდენი მასვე წამსა დედალს მოხვდა, შეცაიპყრა,

სხვა მფრინვლებიც დედლებს იჭერს, მამლებს უწყეს ძირს ჩამოყრა

მეფე მისდევს სიცილითა, მისაშველად იწყო წაყრა.

წაეხვივნეს, დაიჭერდეს, ჯარმანც იწყო იქ შემოყრა.

319

გაღანამც გამხიარულდა, მეფეს შეექნა შვებაო,

იცინის, ლაღობს, „კარგად ვჰქენ ამათი არ გაშვებაო”.

ბაზიერთხუცესს უბრძანა: „დღეს ბევრი გეშოვებაო.

ამისგან უკეთ შექცევა არ ოდეს არ ეგებაო.”

320

მას აქეთ კახეთს მომრავლდა, ოდიშსაც აქათ მოშენდა,

ქალს გაატანა ზითევად: „მოგართმევ, იყოს მო შენდა”.

არა აკლდა რა მას მეფეს, ესეც წყალობით მოშენდა.

ძმანო, იყურეთ, გიამბობ, ისმინეთ, მოდით მო შენ და.

კარი გაზაფხულისა ნადირობისა და შექცევა-მხიარულობისა

321

იცია, ირაობასა ქოჩობაც თანა მოჰყვება,

მაშინდელს ნადირობასა სულ წვრილად ვინღა მოჰყვება?

ზოგი რამე ვთქვა, უფროსი დამრჩება, გარდამეშვება.

თუცა არ მინდა სათქმელად, მელექსე არ მომეშვება.

322

ქოჩობის სიხარულითა ყველამ ბოძლები მოლესა,

მშვილდსა უგდებდენ ფიცხელსა და ცხენი მოიმალესა;

ქვეყანას გახარებულსა, ვსჭვრეტდით ახალსა მოლესა,

ბერნიცა გაჭაბუკდიან, არ თავი მოემოლესა.

323

ალონს ვიწყით ნადირობა და ქვემოთრე ჩავჰყვებოდით,

უკეთ სროლის ბაასითა ერთმანერთსა ავჰყვებოდით;

მუნ ნადირი ვინც ვერ დავსცით, შორს აღარვინ გავჰყვებოდით.

მოვიდით და ლხინად დავსხდით, ვინ ვის რასმე ვლაყბებოდით.

324

რა აქედამე წავიდით, კარამდის მოვინადირით,

მუნ განსვენება სად იყო, იმუშაკებდა ნადი რით?

ტყეებსა ვრეკდით ყოველდღე შამურით, ბედიყრის თითრით.

გაზაფხულისა აერი შვენოდა კარგა მუნ ნირით.

325

მცირე ხანს ბაზარს ვდგებოდით სალხინოდ, სათამაშოთა.

ჩვენის ბაასის ჯობნაზედ ნუ ჰგონებთ მალ დამაშოთა!

სად მამეცალა სალექსოდ, მიბრძანე ბრძენო ფაშოთა!

კიდევ ბევრს რასმე უამბობ, ხელიდამ არსად უშოთა.

326

მაისი დადგის ― ტურფა თვე, ვარდი აყვავდის ბაღებსა,

ველნი ყვავილით შეიმკვის, ჰგვანდის წითლითა ნაღებსა,

ბულბულთა ყეფა ისმოდის, ვერ ვსჭვრეტდით სულდანაღებსა.

მე ვინ მნახევდის იმ დროსა ულხინოდ, სუფრა ნაღებსა?

327

იქ მოვიდიან ლეკები, მებატონენი კაცები,

მოკრძალვით გულს ხელმოჭდობით, მშიშრად, ვით ცხვართა ვაცები;

ფეშქაშსა მოცაზიდვიდეს, ვერ რბევით რას მომტაცები.

აწ ნახე სოფლის სიმუხთლე, ჩემზედა კვლა-და-კვლაცები!

328

მინდორს ბალახი მომაღლდის, ხბოს დამალევდის ნადირთა,

იმ წამს მიმართის ირემმა შამბს მალვით მუნ დანაპირთა;

ჩვენც თანა გავჰყვით სიმრავლით, გაწყობით, არ მებოძირთა,

ალაზანს გავხდით ნავითა, სასროლად ზედ მინაშურთა.

329

ერთი თამაშა არ სჯობდა ჩვენს მაშინ ნავით გასვლასა,

ბაზრიდამ აყრას დიდებით, სამინდოროსა წასვლასა.

კაცი ვერ იტყვის ენითა, ვერცა იქს თავის ასვლასა.

დილით მწუხრამდის მხეცს სრვიდეს, ვინ ელის მზისა დასვლასა!

330

ოთხმოცს ყათარსა აქლემსა, ცხენს, ჯორსა, აზავერს გარდა,

კარვებს მის მოფენილობით ჰკიდებენ, იდვის მუნ გორ და,

ტყუილი ნურვის გონია, მართალი არის, არ ჭორ და.

ნუზლიც მრავალი ვიახლით, მინდვრები სოფლებს გაშორდა.

331

შვიდს-რვას დღეს თუ ნავს გავიდით, რაზომ მალე ვისწრაფდითა,

გამოღმართსა ჯერგას გარეთ, ოდენ ისრევ გაღმა მხრითა,

აქათურიც ნავზედ დამხვდის, ნაპირელნი კვერნაქითა.

გვიან ვერვინ მოვიდოდა, მისთვის რომე დავბაქითა.

332

ჯარის სიმრავლე რა გითხრა დიდებულთა თუ მცირეთა:

ახალ-ვაჟკაცთა სიმრავლე ვარსკვლავთა გვანდა ციერთა,

ვინ იგ მოშალა უწყალოდ, მან ღმერთი აღარ იღმერთა!

ვაი, რაზომი სხვა კარგი სოფელმან გაწამიერთა!

333

მუნ იყვის ბედაურთ ცხენთა შეკაზმა, გამოჩვენობა,

შესამოსელთა კეკლუცთა შემოსა, ტურფად ჩვენობა,

ქარქაშის გაწყობილობა, ისარს ორბის ფრთით შვენობა,

ვაჟკაცებისა ხუმრობა, მუნ ჩვენს ხელთ იყო ჩვენობა.

334

ასე დადგიან კარვები, კაცი თვალს ვერ გარდაწვდენდა,

იყვნიან შვებით, მშვიდობით, ვერვინ ვერავის აწყენდა,

მესისხლე ჰყვანდა ვინ ვისმე, მუნ სისხლსა ვით დაადენდა?

ღვთის წყრომით მოჰხდა, თვარემ და მათ ეგრე რა წაახდენდა?!

335

თორმეტი არის მინდორი სხვებისგან უკეთესების:

ირმის, ჯერნისა, დათვისა, ღორის, ტურის და მგელების,

აფთრისა, შვლისა, ფოცხვრისა, კურდღლის, მაჩვისა, მელების.

ბევრს ჯარს რომ მოინდომებდა, მათ სახელები ეს ების.

336

წინა მინდორი შირაქი და ორივ ტარბანაები,

ორი ელიდრის მინდორი, ჯერან ჩუღურში დაები,

ყაჯირლუხ, ბაიდიგოლი, სამგორი, ჩადივარები.

ყარაიაზე დაშვრიან მესროლნი კარგ-სადავები.

337

მივიდით, მინდვრებს მივადგით, დაუწყით ჯერგას რიგება,

შუაღამისგან უწინვე ნადირთ ვერ ექნა შეგება;

ასრე შეკრიან სამგნითვე, მხეცნი მათ ვერ გარდეგება,

დაიწყის მოსვლა კარზედა, პირს ვერვინ ვერ შეეგება.

338

დილა გათენდის, შეიქნის დაწერით დაკარებანი,

ვინ არ ვიახლი ჩემთანა, ვერა ქმნის მოკარებანი.

შეიქმნის სროლა უცდური, დანაცდენთ ძვირად ძებანი.

კარგ-სადავენი მომხრედ ვჰყვი, ავისა შორს გაძებანი.

339

ასრე უნდა მშვილდოსანი, არა ჰკრევდეს ყოვლსა ასოს,

მართალს მხარსა შუასა ჰკრას, წინ-გარდამხტალს — თეთრს დაასოს.

მხეცი სადგომს წამოიღოს, მწყურვალს მინდორს სისხლი ასოს,

ერთს გაზაფხულს თიბათვემდის ოთხმოცისგან უფრო ასოს.

340

ნადირზე ასე მივიდეს, ეგონოს შეეძგერაო,

მერმე სადევეს გამოჰკრას, რას ჰქვიან გულის ძგერაო?

ხარსა და კაცსა მოჰკლევდეს, ცუდია მელა-ძერაო,

მოუწონებდეს სიფიცხეს, ინატრონ მისი მზერაო.

341

რა ნადირობა გათავდის, გრემისკენ წავეყრებოდით,

მუნ მოყვარულნი ქალ-ყმანი ერთმანეთს შევეყრებოდით;

ვარდი დაგვიხვდის გაშლილი, ვჰკრეფდით და შიგ ვეყრებოდით,

ასე გვიამის იქ მისვლა, მალ აღარ გავეყრებოდით.

342

გრემსა იყო ბევრის ქვეყნის უცხოები იქ მოსული,

ბაღებშიგან კვიპაროზი, ალვის ხითა ამოსული,

ფშოდა სული სულნელისა, ყვავილთაგან ამო სული,

მისის ნახვით გაყმდებოდა სიჭაბუკის ძალწასული.

343

ერთი ბაღი და სასახლე გრემს იდგა ლევან მეფისა,

მას შენობაზედ ეტყობის გაცემა სიიეფისა;

ყოვლი ყვავილი, ხეხილი გარმოცულიყო სეფისა,

განცვიფრდებოდა მნახავი, იქმნის სიბრძნისა მკრეფისა.

საზაფხულოს ალაგებისა და შექცევა-სიამოვნისა

ამბავი

344

ბალობა იქავ მოვისთვლით, მერმე მივმართით ზეგანსა,

ბარშიგან დაცხის ამა დრომ, მზე წამოვიდის ზე განსა.

ჰოედ ჩააგდე ეს ლექსი და მოგახსენებ ზეგ-ანსა,

არას დავაგდებ უთქმელად, ბანზედ მოვაბამ ზე განსა.

345

უწინ შუამთას მივედით, ცოტას ხანს იქ დავდგებოდით,

რა დაცხის უფრო და უფრო, ზედარე შეუდგებოდით;

ორს კვირას გომბორს ნამყოფი საერწოდ ავიყრებოდით,

ვმწყერაობდით და ვკურდღლობდით, სტუმარს წინ მივეგებოდით.

346

ერწოა კაი საკურდღლე, მწყერიც მრავალი დაჯდება,

ჩალებში წერო ბევრი სხედს, საკვერცხედ უნდა დადება.

წვრიმალს ტყეებში ნადირი ბევრს ჯარს არ უნდა მოდება.

მერმე თიანეთს ვინც მივა, კალმახით იქ გაჯერდება.

347

თიანეთს სხვა მთის ალაგი ვერ შეადარონ მას შურით,

სალხინოთა და საბურთლად ერწოდამ იქ მივაშურით,

კალმახი დაულევნელი ბადებითა თუ წყალწურით.

ლხინებს ვნახევდით ასეთსა, შორსმყოფთ იქ მოსვლა ვასურით.

348

ლეკს ზეით სხვა მთის კაცები იქ მოვიდიან, ვინც მყმობდა,

დიდონი, თუშნი, ხევსურნი, ფშაველნი ვერ მეკობრობდა,

ქისტი, ღლიღვი და ძურძუკი ერთპირად ძღვენს შემამძღნობდა,

ჩოხა-ნაბადსა დალისას ფეშქაში არ უნახლობდა.

349

თიანეთს ეს სჭირს სიკეთე ― დიდია, მერმე გაშლილი,

მოედანს მწვანით მოსილსა მობურთალი ჰყავს შეშლილი.

მწყერაობაში რას ვარგა უსეფქო კაცი, მოშლილი?

ქალები მკიან ტან-წვრილნი, პირ-თეთრი, შავ-თმა ჩაშლილი.

350

ერთი წყალი საკლმახეთ იორს არსად შეედრება,

სხვა არა სჯობს იმ დროს რამე, იმის წურვას გახარება;

მოწყენილმან კაცმან ნახოს, ჯავრი სხვაგან გაეყრება.

მთიდამ ნადირს მოიტანენ, გორა ხორად დაეყრება.

შემოდგომისა და მყვირალობის ნადირობისა

და შექცევის ამბავი

351

აგვისტოსი იქ გათავდის ლხინითა და უკუყრითა,

მერმე კახეთს წავიდოდით, გარიგებით, მუნ აყრითა,

მხიარულად ჩავიდოდით, მექორწილე ვით მაყრითა.

აწ მზადება დაიწყიან სამყვირალოს შემოყრითა.

352

ღვთისმშობლობასა შუამთას მივიდით, იქ გარდვიხადით,

შევეხვეწით სასოებით, ძის მეოხად იმას ვხადით.

მოძღვართ-მოძღვარს მასპინძლობა იმ დღესა აც ქვევრთა ახდით,

ჩვენა ვართო ამ ყოფასა, მტერნო, აბა თქვენ კი წახდით!

353

ჯვართამაღლებას ალავერდს ჩავიდით, იქ ავამაღლით,

ფილიპე ალავერდელი ლხინით ვერავინ მოვღალით,

მან საჩუქრითა აავსის მუნ მყოფნი მდაბალ-მაღალით.

ნაზარხოშევნი ვიყვენით არ მთრვალნი, ღვინო მამბალით.

354

ერთს სიტყვასა ის იტყოდა, არ ვარ სხვისგან განაგონათ,

ასრე იტყვით, საქონლითა ვერ გავძღებით, ვჰყავართ მონათ,

ამდენი მაქვს, აღარ მინდა, ოქრო მიჩანს ჩალის წონათ.

ბევრი გასცის უცხო ფერად, იყვის ყოვლთა მოსაწონათ.

355

მაგას ნუ ეჭვ, რასაც კაცსა ძალად რამე გამოართვის,

ასრე მე ის საშენდობოდ არ მინახავს, არ მომართვის;

მან მამცის და მე რაც მივსცი, კიდევ სხვა რამ ზედ დაურთვის.

ლოცვა ჰქონდის წესისაებრ, მერმე ჯარის ლხინის წართვის.

356

მოკლედა ვჰთქვა, მყვირალობა ალონს ვიწყით მისვე წესით,

უჭირველად ვნადირობდით, სენით ვიყვით არა კვნესით.

ჭაკს ცხენს ზიხარ ჯავახურად, წოტს ხარზედა მოაწევ სით?

ეს თვეც წავა კაის ყოფით, აწ ზამთარი მოაწევ სით.

357

მოვიარით ტყეები და რაც მინდვრები გითხარ პირველ.

ვირ დრო მქონდა, სიხარულსა ხელი ვჰყარე, მწვერვალს აველ,

მყვირალობა გავათავე, აწ საჯერნედ მინდვრად წაველ,

ყარაიას მივადეგით, გარეჯიდამ მტკვრის პირს დაველ.

358

იქ ჯერგას არ წავიტანდი ქვეითს, თუ არ ცხენოსანსა,

ქისიყით წამოიყვანდენ თორმეტჯერათას ოსანსა,

სრულ კარგს ულაყზედ მჯდომელსა, ვინ ნახავს მათ ჭაკოსანსა?

მარტო იმ სოფლით იტყოდეს შვიდასსა ჭარმაგოსანსა.

359

ერთის სოფლით ეს მოვიდის, ნახე თუ სხვა რამდენია?

შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ, სათქმელი რამ არ მწყენია,

უტკივრად და უჭირველად, ცხვირთა სისხლიც არ მდენია,

ბოლოს საქმე გამისინჯე, რაზმონი ავნი მსმენია.

360

პირველს ღამესა დიდს-ვარცლას მივიდით სრულად ჯარითა,

დაუწყით ჯერგას რიგება ერთმანერთს დასაჯარითა.

მაშინ იქ მყოფმან ჯერგამან თავი არ გასაჯა რითა?

გათენებისა მომლოდნემ იქ ძილი იაჯა რითა?

361

ალიონმა აიზიის, შევსხდით ცხენსა დაუკარდით,

წყნარა-წყნარა მივჰყვებოდით, ცუდ-მუდს არას გაუვარდით;

ვისაც ჯოგი მოგვივიდის, კარგ სადავეთ ზედ მივარდით,

სროლითა და სიკვდილითა დავიღალით და დავარდით.

362

სულ დიდი ჯოგი მოვიდის, ანგარიშს ვერ ავიღებდით,

ვირ არ მოვიდით ნადირზედ, მშვილდს აქ არ ამოვიღებდით;

მივესროდით და მივჰხოცდით, მინდორს სისხლითა მივღებდით,

ამდენი მოკვდის ნადირი, სრულ თან ვერ წამოვიღებდით.

263

მაშინდელთ კარგ მშვილდოსანთა ამად არ ვამბობ სახელებს.

საბატიოთა კაცთა და ვაჟკაცთა ბევრს ასახელებს,

ვაცთა შიგ რჩევით მოჰკლევდეს, ვერ მომკვლელთ მგონ ეს ახელებს,

ზოგს უქებ მშვილდოსნობასა, უცოდნსა დასდებს სახელებს.

264

სხვა მინდვრები ირმით სავსე, ყარაიას ჯერანია,

კარგს მშვილდოსანს გაახარებს, გულის გასაჯერანია;

ვერვინ სრულყოს ჯოგთა რიცხვი, ესე დასაჯერანია.

თუ იმდონს ჯოგს შეეყარო, მოვლე კახი, ჯერ რანია.

365

ზოგნი იტყოდეს: აქა ვჰკრავ, მიყურეთ, უსაცილოდა.

სხვამ თქვის, თუ: იმ ვაცს მე მოვჰკლავ, შევღებო ისრის კილო და,

კვლავ ამ დიდს ჯოგში ხუთს მოვჰკლავ, სროლა არ ვითაკილო და,

ძალიანს მშვილდსა მოზევდე, მკლაო, არ ისარ-წვრილოდა!

366

მაღალს აკრევდენ ფრთეებსა გრძელს ისრებს მათთა მკლავთასა,

იტყოდეს, ახლოს ესე სჯობს, უკეთ იქს ხორცთა ფეთასა;

შორს სროლა რა სადავეა, ახლო სჯობს, ეს უკეთასა!

ბევრჯელ მინახავს, იქმოდეს მსხვილ ბარკლის სულ მოკვეთასა.

367

ყმაწვილები არ არჩევდეს არც კვრასა და არც ნადირსა,

თუ სადგომსა ბევრს მოვიტანთ, ოსტატობას ჩვენ რა გვრჯისა!

დასულებულს ვინ ნახევდა სიცილითა იმათს პირსა?

ის დრო იყო, რომ წავიდა, სხვა ვეღარვინ ვერ ეღირსა.

368

მინახავს ბევრჯელ მინდვრებში მოკლული უფრო ათასი,

ჩემს მოკლულს სხვანი გეტყვიან, მე მოგახსენო სხვათასი;

ერთს ზაფხულს ზამთრის პირამდის ჩემი თქვან, ვეჭობ, სხვათ ასი,

ლხინსა ვნახვიდით ამოსა, ზოგთ ჯამითა სვეს, სხვათ თასი.

369

ერთს დიდმარხვაში ნაგებს ვდექ, რომელ არს ბოსტან-ქალაქი,

აღდგომაც იქ გარდვიხადენ, ჩვენი ახალი პასაქი.

რას აქნევ ინდსა, არაბსა, ესე სჯობს, შენცა ეს აქი!

ვეღარ თამამად ბაასობ, დაყუჩდა ცილების ბაქი.

370

ამ აღდგომის დღის ლხინები ძნელია გამოსათქმელად,

საღვთო წესი და რიგები ნათელ არს, არ დასაბნელად.

ბურთობა, ყაბახის სროლა, გაცემა მქონდა არ ძნელად.

თუმც კიდევ ბევრჯელ მინდოდა, აღარ დამცალდა საქნელად.

371

კურმუხელთ კახთა სიმრავლე ამათ გასინჯე კუხოსი,

ყაბახს ესროდეს ოთხმოცი მარტო ჩერქეზი და ოსი.

მე არ გაუშვი იმ დღესა ჩემი ყმა მუნ შეუმოსი,

ხილზედა ვსვემდი გავაზურს, ხვრეტა არ იყო იქ დოსი.

372

ამ დღეს გავეც სხვას გარდაის ასი ჯიღა, ასი ტყავი,

კვლავ ცხენები ბედაური, არ თუ ზურგზედ განატყავი,

ამას გარდა აბრეშუმი სამოცს აქლემს ნატვირთავი,

არ დავაგდე უბოძარი, ღარიბები მოურთავი.

373

მანამდის არ ჩამომეხსენ, არ მათქმევინე მე ვირ ეს,

მიქებდეს მეტად სიუხვეს, არ მიზრახევდეს სიძვირეს.

კაცი ამ ყოფის პატრონი რად შეგედარო მევირეს?

ჩამოგიყარე ყურები ჯობნისა შენ დანაპირეს.

374

თუმც არის წელიწადშიგან ესე დღეც გასახარონი,

აივსებიან ყოველნი ჭურნი და ბეღელ-ხარონი,

შიმშილისა და წყურილის არვის აქვს თავის ხარონი,

სიმსუქნე სჭარბობს სიმჭლითა, არვინ არს შენაზარონი.

375

სულ გაძღებიან ღარიბნი, გლახა და მუნ მდიდარია,

თავსსაყრელად აქვსთ მთხოვართა მათ მათი სამუდარია,

ანგაართაგანც მიიღონ წყალობა-სათხოვარია.

ამ სიკეთესა მოუსწრო, მერმე ზამთარმა დარია.

376

ვით წესია ამ თვეების, მის-მის დროსა ხელსა ვჰყრიდით.

მყვირალობა რა წავიდის, ქორებს ზარში გამოვჰყრიდით.

ვირემ წყალი არ გაყინის, ვერ მოგვყონდა სიცხის რიდით.

რა აცივდის, მივიყვანით, ფრინველზედა ხელს წავჰყრიდით.

377

აწ ზამთარი შემოვისწრით თოღასა და ბოეთანსა,

შამურსა და ღარნეხშიგა სხვას ვინ ნახავს იმისთანსა?

ყოვლნი რამე სანადირო ასრე ახლავს ინი თანსა.

მაშინ მე რას ვახსენებდი ხანებსა და ან სულთანსა?

378

სრულ წვრილად ვთქვა, ვერ გაუვალ, არც ვინ მართლა დაიჯერებს,

თვარემ ვიტყვი ბევრს ასეთსა კაცისაგან გასაჯერებს:

ცრუი არის ეს სოფელი, ბოლომდისი არ მაჯერებს.

ფიცით მითქვამს, დამიჯერე, მცილეს ფიცი დააჯერებს.

379

რაც მინდოდა, ყველა მქონდა, მე ნაკლები გულს არ მაძე.

მუნ სიმრავლე სპა-ლაშქართა, ჩემნი მტერნი ყოვლგნით ვაძე;

ჩემის სახლის მეფეებსა წარვემატე, აწ წავბაძე,

ეს კი მაკლდა, მართლად გითხრობ, ძმა არა მყვა და არცა ძე.

380

ჩემის სახლისა ჩემს მეტი კახეთს არ მოიძეოდა,

მოწყალემ მომცა ორს წელსა ყმა-შვილი ორი ძეო და,

შემექმნა ლხინ-სიხარული, ვთქვი, დავდეგ ახლა მეო და,

მათის იმედის ქონება, ვა, ადრე დამელეოდა!

381

მაშინდელს მახარობლობას, სრულ კახთა იქ შემოყრასა,

მათ გახარება ― ლხინებსა, იმათს იმდრომდი მოყრასა,

მოსალოცავთა ტურფათა, თვალ-გუართ თავს გარდაყრასა,

ძეობა, ღამის-თევასა, ძილად არვისგან წაყრასა.

382

მომეზარდნეს ორნივ შვილნი, ხუთის წლის და მეოთხისა,

ტურფანი და ჭიკჭიკანი, ორნი ნორჩნი სამოთხისა;

ძლივ ვღირსიყავ, გამეზარდნეს ტანად ნაკვთნი სამოთ-ხისა,

ცხენს სხდებოდეს ყინჩიყურით, ცრემლი ღაწვს არ დაენთხისა.

383

ვით წესია სოფლისაგან, ლხინს არავის გაუთავებს,

ჯერეთ მამყვა, მწვეთ მაამა, აწ საქმესა მიზამს ავებს,

ლხინთა ნაცვლად გლოვასა და სიმღერისა მუქფად მავებს,

ლხინს შემიცვლის გლოვა-ფლასად, წითელ-ყვითელს გამიშავებს.

მეფის თეიმურაზისაგან დედოფლის მგლოვიარობა

და მწუხარება

384

ჟამი გარდახდა შვებისა, მოვიდა გლოვა-წუხილი,

ლხინმა მიმრიდა, შემექმნა გულს ურვა, თვალთა წუხილი,

ღვარი მდიოდა სისხლისა, ცრემლთა ისმოდა ქუხილი,

ნადიმი აღკრბა, სერობა, ვეღარ მაჭამეს წუ-ხილი.

385

მოვსთქვემდი: მზეო, დამაგდე, ცეცხლი მომიდევ, წამ ალი,

მე, გლახ, უშენოდ ოხერმან შენი ვერ ვჰპოვე წამალი,

ბროლი და ლალი შეთხზულნი, მიწითა შიგან წა მალი,

სუფევა ჰპოვე უკვდავი, წმიდათა თანა წამალი.

386

წამწამთა რაზმმან დაფარა თვალნი გიშრისა, დალულა,

მშვილდი შავისა კემუხტით, შემოსით ვით მოზეულა,

თმა ამბრის ფერი შეწმასნით მიწამდის ჩამოწეულა,

ვითარ ვსთქვა საქმე საზარო, ჩემზედა რა მოწეულა!

387

ბაგეს, ვით ვარდის ფურცელსა, აწ ვხედავ გაყვითლებულად,

მას შიგნით თეთრსა კბილებსა სადაფ-მარგალიტებულად,

ენასა შაქრის უტკბოსსა ვხედავ უძრავად დებულად,

ჰაი ვაიმე, რაღა ვქმნა, აქა ვზი ცეცხლ-მოდებულად.

388

ცხვირს ზომიერად ჩამოწვდილს სული ფშვის სურნელებისა,

პირი ერთპირად შექმნილი, უალოდ გამთვარებისა,

რომელმან ენამ აღმოთქვას სინაზე მკლავ-ხელებისა,

ვითა დაასკვენ გაწირვა შენ ჩემი გულ-ნალებისა.

389

ვაიმე წახდა, ვის ჰქონდა, ყელი ბროლისა სურათა,

ვერ გამოხატოს მხატვარმან ჩინელმან მისი სურათა,

მჭვრეტელთა სატრფიალოა, უნახთა მოსასურათა.

ვა, რად გამხადე უბრალო სისხლის ცრემლ გასაცურათა.

390

ვა, რად მიეც შავს მიწასა პირი ვარდი, ბროლ-ფიქალი,

ბრწყინვალე და შუქთა მფენი, აწ ეთერი ფერ-გამქრქალი,

შენს საქციელს ვერ აიღებს ბევრის ცდითა სხვაღა ქალი,

შენ გამხადე დასაწვავად, გარ მომეგზნა მე აქ ალი.

391

რად დააგდე ეს სოფელი, რამცა გაკლდა მისი ნივთი?

სახელმწიფო, ქმარი, შვილნი რად გაჰხადე ოხრად ვითი?

სამუდამო ლოცვა-წირვა, ფსალმუნება, ან დავითი?

პირსა შენსა შუქი ჰკრთოდა, ეგრე ადრე რად წაირთვი?

392

მე გამწირე, საყვარელო, ლევან რად ჰყავ საბრალობლად?

ალექსანდრე ნებიერი, ვით დამიგდე მე ეს ობლად?

შენ უდროოდ ტახტს აოხრებ, თავსა შეიქ საბრალობლად,

მე გამხადე მტერთ გულისად ბედისა და სოფლის მგმობლად.

393

გვირგვინის ნაცვლად ჩაჩს მბურავ, სკიპტრად მამაძლევ შავს ჯოხსა.

პორფირად მაცმევ ძაძასა, ტახტად დამიდგამ ბნელს ქოხსა,

გამაბედითე, დამაგდე, ვჰკვირვარ მე გუშინ დამნახსა,

უდროოდ ამ ყოფისათვის უბნობენ სოფლის საძრახსა.

394

ვით წესია, გარდვიხადე გლოვა დიდი, სულთ წესები,

სულთქმა, ახი სამუდამო და ტკივილი საკვნესები,

ვიჯექ ბნელსა ცეცხლ-ნადები, ნათელ შრეტით დანავსები.

ნაღველს ვსვემდი სამსალითურთ, გული მქონდა შენავსები.

395

ორმოცამდისი ბნელს ვიჯე, სინათლეს ძვილ სად ვნახევდი,

თავსა ვიცემდი, ვსტიროდი, ცრემლითა ღაწვთა ვიხევდი,

შენც შემიბრალე, არიფო, მოდი და ჩემთან ახევდი,

ნუგეშინის მეც სიტყვითა, ღონეს რას მომინახევდი!

მეფის თემურაზის ყაენისაგან დაპატიჟება და

მგლოვიარობიდამ გამოსვლა

396

მე მგლოვიარე ყაენმა მიმიხმო, მიმიპატიჯა,

თუ გლოვით გამოსასვლელად კვლავ უფრო გამიპატიჯა:

ახდა მიბრძანა შავისა, ხორციცა მან დამპატიჯა,

უარი არ მათქმევინა, არც ხანი დამიდარიჯა.

397

ვით მართებდა, მასთან მისვლა მე და ჩემსა სიდიდესა,

ყოვლიფერი თან ვიახელ, ვინ იცის რა მამინდესა!

მას ვმეტობდი გარიგებით, ვინ რომ დავარ მამიდეს ა,

მე რჯულმტკიცედ შეზღუდვილი, იმათ თავი გაინდესა.

398

წაველ, მიველ, მომაგება ომარები კარისკაცნი

ბედაურის ცხენებითა, არ იახლა მათ საკაცნი.

სიმრავლესა ჯარისასა წინ უძღოდეს, ვითა ვაცნი.

გაეკვირვნეს სიკეთესა, ხელთა ჰქონდა მალ-მალ ტკაცნი.

399

მიველ, ვნახე, მიალერსა ხელმწიფემან ვითა შვილსა,

მიბრძანა თუ: „მწოვედ მიმძიმს, გხედავ აგრე შემოსილსა,

მაგრამ რა ვჰქნა, რა გავაწყო ღვთის ბრძანებას ვინ მოშლისა?

გლოვაზედა რად წაბაძე შენ, ჭკვიანმან, სხვათ შეშლილსა?”

400

დაჯდა ნადიმად უცხოდ რამ, მის ლხინს რა გაეწყობოდა!

მუნ რამდენფერი საკრავი ერთმანერთს შეეწყობოდა

გაყრას ვინ მოინდომებდა, გული იქ დაეტყვებოდა.

მას დაფარული მტერობა მაშინ არც შეეტყობოდა.

401

გათენებამდი ნადიმად იჯდა და არც მე გამიშო,

მიბრძანა: „გამხიარულდი, ჩემგან არა ხარ საშიშო,

ბევრს კარგსა გიზამ, იცოდი, საქმე არ გიყო საიშო,

გულსა სევდა და ნაღველი უკუიყარე, მოიშო!”

402

პირველი ნახვა გათავდა, მერმე მიმიხმო ხალვათათ,

მითხრა: „ლუარსაბ მეფესა გამოყვრებ მალე ამლათათ,

ორნივ მეფენი გაერთდით, ის შენთვის იყოს, შენ მათათ,

ჩემიცა ქვისლი იქნები, საქმე არ დარჩეს სახლათათ”.

403

მოვახსენე: „ხელმწიფეო, ეგ ჩვენს რჯულში არ მოჰხდება,

ახლო არის ნათესავი, საკანონო დამედება,

თუ შევირთო ნათესავი, საბოლოო წამიხდება”.

უარი არ გამიგონა: „ცუდიაო მიდ-მოდება.

404

არ იქნება, დამიჯერე, ქართველთ მეფის უმოყვრება,

სხვას უკეთეს ვერ შეირთავ, მეც მასმია დიაღ ქება,

ზურგად მე გყვე, ის მოყვარედ, ვისღა ძალუც შენი ვნება?

მე მწადს, მერმე თქვენ მოგხვდებათ ლხინით შეყრა, ერთად ხლება”.

405

კიდევ რამე მოვახსენე: „მე ეგ საქმე არ მექნება”.

არაფერი არ გავიდა უარისა მოხსენება.

კვლავ მიბრძანა: „ნუღარ იტყვი, თუ არა იქ, არ იქნება”.

რადგან ისრე მოინდომა, რაღა მექნა, დავრთე ნება.

შააბაზ ყაენისაგან აბელის-შვილის ადამის

თხოვნა და არაკის მბობა

406

მერმე მითხარ: „აბა მამეც აბელის-ძე კარგი ადამ,

თუ არ მამეც, არ იქნება, ვერ დაიხსნას მაგისმა დამ”.

გამიჭირდა მისაცემლად იქ მისვლით და მერმე ხადამ.

ჩემს სიტყვასა დააჭარბა ხელმწიფისა მოსაწადამ.

407

მოვახსენე: „ვერ მოგართვამ, ნუ მიბძანებ, ცრემლს ნუ მადენ,

ნამსახური კაცი არის მამით, ბიძით, თავით რამდენ!

გამორთმასა ნუღარ ბძანებ, წყალობა ქმენ შენი ამდენ,

მამა-მისი პაპა-ჩემსა ძმიან ორნივ თავს დააკვდენ.

408

პასუხს გეტყვი მაგისასო, დაჯექ მანდა, მამიცადე.

კარგიაო, არ მოგცემო, მართლა სთქვი თუ გამომცადე?

თუ გიყვარვარ, ვიცი მამცემ, წა, მომგვარე, გა მომც ადე!”

მაგრამ კიდევ არ წამოველ, კიდევ ხანი დავაცადე.

409

არაკი მითხრა მართალი, სიტყვა რამ დასაამიო:

„ერთს ხელმწიფესა ვეზირნი მუდამ გვერც უსხდეს სამიო,

ერთი გვარით და თვითანცა, და ორი არ საამიო,

უფროსი ყოვლის სიკეთით გულ-ქველი, ვით საამიო.

410

ერთმან მონამან შეჰკადრა ხელმწიფეს ღარიბობითა:

„ათასი მამეც თუმანი, არ მითქვამს სათნოებითა,

ასეთი რამე შეგიმკო, შენ იყო არ ქონებითა;

რა ის მოგართვა, გაჰკვირდე, ბევრი სხვა მამცე ნებითა”.

411

ხელმწიფეს დიდად იამა, უბოძა დაუყოვნელად.

ხანმა რამ წავლო, მოჰგონდა, რაც ჰქონდა საიმედებლად,

ბრძანა: „მომგვარეთ იმითურ, რბილს აკეთებს თუ სალებლად”.

მივიდეს, წამოიყვანეს, პირი შეექმნა ნალებლად.

412

მივიდა მონა, უბრძანა: „რა ჰქენ, რა გამიკეთეო?”

მან მოახსენა: „ხელმწიფევ, გწადს თავი მე მამკვეთეო,

ღარიბობამ და შიმშილმა მირჩივა ეს უკეთეო,

ყველა დავხარჯე, შევსჭამე, გინდა ცეცხლს შემიკეთეო.

413

სანამდი მქონდა, ამ სოფელს ყველა რამ მე ვიამეო,

თუ ის არ მექნა, აქამდი ვერ მოვაწევდი სამეო;

ამისთვის ვჰქენი, მეფეო, თუ ღმერთი გიყვარს და მეო,

თვარე რაც გინდა, იგი ქმენ, შენ მანდ ზიხარ და ა მეო”.

414

ერთხან დაფიქრდა, ვეზირთა უბრძანა: „ხედავთ ამასა,

რას არჩევთ, რისხვა რა უყო ერთსა თვალისა წამასა,

ეს მონამ ვით შემომბედოს, შვილმაც ვერ უყოს მამასა?

შიშით არა ძრწის, თავს იდებს მისის ტყუილით ჭამასა”.

415

ხაბაზის შვილმან შეჰკადრა: „თორნეში გამოაცხეო”,

მზარეულისამ ესე თქვა: „შეწვი, ზედ ნავთი წასცხეო”.

კვლა გვარიანმა ურჩივა: „მწვეთ კარგად შეინახეო”, ―

მას მიემოწმა ხელმწიფე, ეს უკეთ დავინახეო!

416

მეც მაგისთვის გთხოვ ამ ადამს, გვარად ვარგა და თავადა.

უგვარო კაცი ასე იქს, თუ ძირად არ ითავადა.

იმ ვეზირთ სიტყვა გასინჯე, რომელმან რამ თქვა ავადა?

ჩამომავლობით სიკეთე კარგია, ბევრად გავა და.

417

კაცი უნდა ან გვარად და ან სწავლაში გაიზარდოს,

თუ სიბრძნეშიგ გაიწვრთნების, უგვარომანც გაივარდოს!

თვარ უგვარო გვარიანსა ცუდათ ვინმე შეუფარდოს,

უგვარო თუ არას იწრთვნის, სიკეთე ვით გაიმარდოს?”

418

რაზომ ვიტყოდი უარსა, მან უფრო დაიჟინაო,

ტკბილის სიტყვითა წამართვა, არ ბაქით შემაშინაო,

აღარ მაცალა პასუხი, სულ იმან დამიშინაო.

მივეც, რა მექნა, ვიტყოდი: ნეტამც დამეგდო შინაო!

419

გამომისტუმრა, წამოველ, კაცი თან გამომატანა,

მეც ნება დავრთე, დავასკვენ მე მისი აქ წამოტანა.

კიდევე მას მაბარებდა, სათუო არ დამატანა.

მოველ, ვემოყვრე მეფესა. პირად მზემ ალვა მატანა.

420

რა მოველ, მეფეს ლუარსაბს ვემოყვრე მისის ბრძანებით.

მან თურე სხვაფრივ არჩივა და საქმით კიდეგანებით,

ჩვენ სულ მართალი გვეგონა, ვიყვენით სხვის არ მგვანებით.

ვინ რას მიუხვდა, ლიქნით იქს, ან რასმე მონაგვანებით!

421

ავემზადე საქორწილოდ, მას ქალს ჩემად მოსაგვარად,

პირველისგან უკეთესზე თავითაც და მერმე გვარად.

ქორწილიცა ეგრეთი ვჰქენ, შესაფერი მის-მისგვარად:

ყოვლი ნივთი მრავლად იყო, არა მქონდა მოსაგვარად.

422

მას თურე მაშინ უნდოდა, რაც ბოლოს ჰქონდა საქნელად

გუნებაშიგან ნარჩევი, პირად არ გამოსათქმელად:

მაგრამ ორნივე მეფენი ჩვენ უნდით მას დასანთქმელად,

არ სიყვარულით შეგვიტკბობს, ჩვენზედა გული ათქს ნელად.

423

ყაზახის ხანსა მოსწერა: „მეფე ლუარსაბ მოკალო,

თავი აქ გამომიგზავნე, ქართლი გალეწე ვით კალო!”

მეფეს სხვა წიგნი მოსწერა: „ეგ ხანი მალვით დაკალო,

შიშით დახეთქე ყაზახნი, შეაქენ თრთოლა-კანკალო”.

424

მას ეგონა, თუ ყაზახი ხერხით ამას აჯობებდა,

მოიგონის უცხო რამე, ლიქნით ამას გააგებდა.

მაგრამ მეფე არ გაება, ის რომ საფრხეს მოუგებდა:

მეფემ მოკლა, გაუგზავნა, თავსა შუბზედ აუგებდა.

425

თუ მე მაბრალებს პაპისას ძველს რასმე დანაშავებსა,

ლუარსაბ მეფეს რადღა ჰკლავს პირად მზეს, არ თუ შავებსა?

სვიმონ მეფემან მსახურა, ურუმებს სთხოვდა დავებსა,

ქართლი სულ ურუმთ ეჭირა, გაუყრის მათ ფაშაებსა.

426

ურუმთ ეჭირა ქართლი და ადრიბეჟანი, შირვანი,

ასრე მათ ეპყრა ციხენი, ვით შიგნით ბასრა, იქ ვანი,

უცილებლად და უომრად არვისგან ჰქონდათ მით ვანი.

არიგებდიან მათს წესზედ, მათი აქ სწერდა მდივანი.

427

ვინ არ მივიდეს მათთანა, ყაენთან მივლენ მჩივანი:

დაიპყრეს არდაველს აქეთ ერანელთ მოსაყივანი;

აქა-იქ დაიმალოდეს, ამაყად ვეღარ მყივანი,

ზოგნი განერეს, ივლტოდეს, შორს მყოფნი იყვნეს სვიანი.

428

ეს როდის იყო, დედასა მცირე ყრმა ჰყვანდა შააბაზს.

სვიმონ მეფესა უბრძანა: ტყვეს ხმალი უნდა შააბას.

ქართლს გამოგზავნა საომრად, ურუმთა უნდა შააბას.

არას ნაღლობდენ სვიმონის, თუ ბოლოს ვინმე დააბას.

429

ბეგუმა თქვა: მეფეს სვიმონს შეუძლია გაძებანი,

ამის მეტსა არვის ძალუც გურგასლანის ბაძებანი.

კაცით ჰკადრა: შინ გაგიშვებ, იქმენ ჩემი ძმა-ძებანი,

მრავალს მოგცემ, რა იქ მიხვალ, აღარ გინდა ჯართ ძებანი.

430

სვიმონ მეფემან შესთვალა: საქმე ვქმნა არ უკადრია,

რაცა გმსახურო, მოგესმას, მოწმად მყვეს თქვენი სადრია;

ღვთის ძალით ქართლში ურუმნი მოვსრნე, განვაძო ადრია.

გმსახურო, არ დამისწავლით, ეს თვქენი რა საკადრია?

431

ძველი რამ ვიცი ამბავი მე ვახტანგ გორგასლისაო,

სპარსთ მეფის ლაშქრად წაყოლა და სინდეთს მის მისვლისაო,

მისგან გოლიათთ დახოცა და მერმე ვინ მოშლისაო?

მასავით მიზამთ, მე ვიცი, მოდგმა გაქვს თქვენ ასლისაო.

432

დიდმან ვახტანგ სინდთ მეფისა გოლიათნი ამოსწყვიდა,

ციხე ხელში გამოუღო, მეფობისგანც გამოსწყვიდა;

მერმე უთხრა სინდთ მეფემან: ვახტანგ, შენთვის ავად ჰყვი და,

მისი ხელი დაგემართა, საქმესა იქს რას ყვავი და.

433

ერთმან ყვავმა ქორის ქოლა ნახა სადმე დავარდნილი,

მიიყვანა თავის ბუდეს, რად შემცდარა ავარდნილი?

მოიზარდა, ყვავმა ნახა ბალახებზედ მივარდნილი,

დაუჭამა, ახლა დარჩა ყვავზედ დრო შემოვარდნილი.

434

რა ბახალები დაჭამა, გაშალა ბოლო მწვერვალი,

ახლა ყვავს გამოუვარდა, მან თავსა დასდვა ეს ვალი.

რად მოჰყევ ჩემზე ამასა, გრძლად გვქონდა აქეთ სავალი,

მე გამათავა, აწ შენზედ მოიცლის, არ აქვს ზავალი.

435

მისი არ იყოს, მე ვიცი, ჯერ სამსახურსა დამაცლი,

ღვთით, მე მგონია, ურუმთა ქართლიდამ ადრე გაგაცლი;

ჩემზედ მოიცლით მას უკან, მათგან ციხეთა რა დავსცლი,

გამომიმეტებ ადვილად, წყალობა-პატივს ამაცლი.

436

მათ უთხრეს ფიცი საშიში და გამომგზავნეს ხლმიანი,

გამოისტუმრეს მებრძოლი ყაირათ-ნამუსიანი;

მოვიდა, ბევრჯელ შეება და ურუმთ უყო ზიანი,

მუდამ მას გაემარჯოდა, ბოლოდ ვერ არის სვიანი.

437

რაც ციხე ჰქონდათ, აიღო, არც ერთი არ დაანება,

ურუმნი ქართლით განდევნა, ყაენისა ქნა მან ნება,

ქართლი იმათვე უშოვნა, თავის თავს უყო სავნება.

მისი არაკი ლუარსაბს მეფეს არ მოეგონება.

438

გორი, ქალაქი, სამშვილდე, აღჯაყალა და დმანისი

ურუმთ ეჭირა ერთპირად, ვით კარი, ანუ ანისი;

სულ სვიმონ მეფემ აიღო, რას გარდეკიდა ან ისი?

მალე ჩაივლის მათ წინა ნაქნარი ეს სვიმანისი.

439

მერმე ურუმთ დაიჭირეს მეფე სვიმონ ალგეთს ― ფარცხის,

ბევრჯელ ომი კარგად მოხნის, ხან დარჩის რომ ვერ დაფარცხის;

სისხლი იცხის მტერთა მისთა და თავისი მას გარდასცხის,

ბოლო ამით გარდაუწყდა, ჩაიყვანეს სტამბოლს მარცხ ის.

440

ასრე იყო ნამსახური პაპითა და თვითან თავით,

მსახურებდის, აამებდა, არვის ახსოვს მაზედ დავით;

არასფერსა არ აწყენდა, მიჰყვებოდა ვით სადავით,

მათ რომ ბევრი კარგიც გიყონ, ბოლო მოაქვს ისრევ ავით.

441

ამას ნუ ბრძანებთ ნურავინ, მე მისთვის რამე მეწყინოს,

უარი მეთქვას რისამე, ან წყენა მე დამეჩინოს;

მაგრამ ესე სწადს, საკუთრად კახეთი მან დაირჩინოს,

ბაგრატიონნი გასწყვიტოს და არსად არ მოარჩინოს.

442

პირველ მიველ, ძმა მივართვი და მერმე დაც იქ ჩავგვარე,

რაც ყმა მთხოვა, ყველა მივეც, იმას რამცა წამოვგვარე!

არ შემჯერდა არას საქმით, ვერაფერი მოუგვარე,

თუმც უფროსი ავი მიყო, მაგრამ მეც სამ გავაჯავრე.

ამბავი პირველი შააბაზ ყაენისა კახეთსა და ქართლს

მოსვლა, და ორთავ მეფეთა იმერეთს წასვლა ―

ქართველთ მეფის ბატონის ლუარსაბისა და კახეთ მეფის

ბატონის თეიმურაზისა, ბატონებისა და ქვეყნის წყრომა,

რბევა, ტყვეება და აოხრება

მოუკლებელი და დაულევნელი

443

ოდეს შააბაზ ჩემზედა საქმე ქნა ეს მისეული,

აიწყო ჩემი მტერობა, ბოლომდის არ დალეული,

ქვეყანა ამომიწყვიდა, თავადნი მუნ ბევრეული.

არ გაძღა ჩემის სისხლითა, ვირემ არ მოკვდა წყეული.

444

განჯას მოვიდა მოპარვით, ამბავი ვერ ვსცანთ მოსვლისა,

სიტყვა რამ შემოეთვალა იქიდამ სხვაგან წასვლისა.

გამწარდა საქმე სოფლისა, მზე მიდრკა ქედად დასვლისა,

გვიპირებს ბნელი დაფარვას, ჟამი ჩანს ნათლის ჩასვლისა.

445

დაიწყო თხოვა შვილების, უფროსი ერთს, დედის ერთსა;

მივეც ყველა, რაცა მთხოვა, არა ვჰრიდე ცოდვას მათსა.

დედა-შვილთა გაყრისათვის მარისხებდეს ცათა ღმერთსა.

ჰგვანდა მაშინ კახეთშიგან მეგვიპტურსა რისხვას ათსა.

446

მაშინც არ იქნა, არ დასცხრა ზღვა ქარით იძულებული,

პირცეცხლიანი, უწყალო, ვეშაპი განძვინებული,

მრავალჯერ გამარჯვებული, მტერზედან ალაღებული,

მომსრველი, ამომწყვედელი, დამწველი, ცეცხლ-მოდებული.

447

აწ ესეღა ვთქვა ამბავი, ვაი ამ დღისა მხსენესა!

რა დიდი მტერი ამკიდე, ბოლომდის არ მამხსენ ესა,

რაცა დანასკვე ჩემზედა, აროდეს არ გამხსენ ესა,

რომელიც დამრჩეს, ჰკითხევდეთ ამისსა თქვენ მომხსენესა.

448

დედა-მისმა ჩემთვის შობა იგი ასრე ჩანასხამი,

მუდმად ჩემის სისხლის მსმელი, გესლიანი ჩანასხამი;

ტახტზედ იჯდა სამესისხლოდ, არ ეხვია ჩან ას-ხამი,

ტანს იცვემდა სასალუქოს, სხვაგან ედვა ჩანას-ხამი.

449

სულ მოვიდა ერანითა, თურქ-ლორით და არაბითა,

ზახირა თან მოიტანა ურმებით და არაბითა;

ღვინოს სვემდა სისხლად ჩემდა, თრიაქს სჭამდა არ აბითა,

ჩემიმც ცოდვა თქვენ გკიდია, ვინც მოუშვით, არ აბითა!

450

სპანი ბევრი უამრავი ერანიდამ მან მოასხა,

ჩვილნი მოსრნა, ვით ჰეროდემ, მოწიფულნი თან წაასხა;

მან ძველითგან ჩათხეული გესლი მაშინ წარმოასხა,

ერთგულები დამიხოცა, ორგულთ ტყავი წამოასხა.

451

მოვიდა მძლავრი, უწყალო, არად არ შემიბრალებდა,

დამიწვა სრულად კახეთი, სახმილსა გამიალებდა;

ვერსად დაუდგა ციხემა, სიმაგრით თუმცა სალებდა.

მას ქურუმთაგან ნასწავლსა საქმესა მე მაბრალებდა.

452

შვილი ეთხოვნა: მამეცო, გავზრდიო შენებრ სათუთად,

სიტკბოთ და სიყვარულითა, არ მჟავედ, ვითა ხართუთად,

მოიწიფოს და მალ მოგცემ ასპარეზსშიგან საბურთად.

მესროდა მწარეს სიტყვასა, წინ უჯე სრულად, ვით ბუთად.

453

ვიცოდი არასფერითა დაშლიდა აღარ მოსვლასა,

რაც ქნა, ეს სწადდა საქნელად, ტყუოდა სხვაგან წასვლასა.

მირჩევენ შვილის მიცემას, ჩემთვის მზის შუქთა დასვლასა,

შეხვეწნას, დედის გაგზავნას, უთუოდ მის წინ მისვლასა.

454

მივაგებე დედაჩემი, ალექსანდრე თან წაგვარა.

„ეს ცოტაა, არ მინდაო”, დაუწუნა, რა მიგვარა.

აწ უფროსი უნდა მივსცე, საქმე ასრე მამიგვარა.

ეს სწადიან, ამომწყვიტოს თავ-შვილიან, გვარის-გვარა.

455

ეთქვა თუ: „ასე ცოტასა რას ვაქნევ, არ ვარ ძიძაო,

რა გავათ მე გაგიზარდო, ვითამ ვჰყოფილვარ ბიძაო”.

გულში სხვა უძევს, ენითა მან ჭლაკვი გააქინძაო.

მწარესაც ტკბილად იტყოდა, ბადენი დამიხინძაო.

456

მეორე კაცი მოვიდა მათის საფიცრით მტკიცითა:

ერთი ღმერთი და მეორე ჩვენ ფეღამბარი ვიცითა,

აქაც მყოფი და ყოველგან ქვეყნად და კვალად ვიცითა.

თუ ლევან მამცე, ეს მოგცე, ეს დამიჯერე ფიცითა”.

457

დედაჩემს შემოეთვალა: „კვლავცა მინახავს ესეო,

წამოსვლა ავად ვარჩივე, მოვიმკე დანათესეო,

უწინ რომ მაპატივებდა, არ არის მის მოწესეო.

― რას ჰქვიან ეგეც არ მოსცე? თვით არის უკეთეს ეო!”

458

ვიცოდი უსაცილობით, რაც იმას სწადდა საქნელად,

მასრულებს ამოსაწყვეტლად ამოდ, წყნარად და ნელ-ნელად;

მაშინ თამამად წახდენა მას ჰქონდა გულ-გასაძნელად,

ორთავე თვალთა სინათლე უნდა შემიქნას მე ბნელად.

459

უთხარ: „კახნო, დამეხსენით, თქვენი რჩევა არ ივარგსა,

რა ამასაც გამომართმევს, ჩვენ გავასწრებთ ვეღარ ბარგსა,

შემოგვიტევს მასვე წამსა, სრულ წარმოსცლის მისსა დარგსა.

ლევანსა და ალექსანდრეს რად მიკარგავთ ორსავ კარგსა?!

460

გარდაიცვეს თავს საბელი, კახთ სულ ასრე დაიჟინეს:

„ქვეყნისა და თავისათვის რად არ დასთმო, თქვა ეს ვინ ეს?”

მერმე კიდევ უარი ვსთქვი, გამოჩენით მათ იწყინეს.

გამომართვეს, გაუგზავნეს, გაზაფხული მამიყინეს.

461

ორივ შვილი გამომართვა, მერმე მეცა დამიბარა.

თუ მეც მასთან მივსულიყავ, ჩემ წილ აქღა დამიბა რა?

რა არ მიველ, შემოვიდა, ბარი მთად ყო, მთა მიბარა,

სულ კახეთი ამიოხრა, საძირკველიც დამიბარა.

462

დამიჟინეს მეც ზოგ-ზოგმა: „თუ არ მიხვალ, თემი წახდა”.

შიში ათქმევს უქნელს საქმეს, თვარ გუნებას ვინ ვერ ჩახდა?

თუ მეც მასთან მივსულიყავ, კიდევ უფრო არ გაოხრდა?

აგვერია შიგნით საქმე, ღვთის რისხვითა ასრე მოჰხდა.

463

მაშინდელი საქმეები არ იმბობის სრულა წვრილად,

ასრე ვამბობ სრულ ნაკლულად, ვითამ იყოს რამე ჩრდილად.

წყნარა-წყნარა მოგვიახლა იგი სადმე სიტყვა-რბილად.

ვიდრე მართლა არ მოვიდა, მოსვლა ჰქონდათ ზოგთ საცილად.

464

აწ ეგების ეს გეგონოს, მაშინ ვერას ვერ შევსძლებდი?

თავს გავრჯიდი სასიკვდილოდ, ზოგს მასაც რას დავაკლებდი,

ქვეყანასა დანადობილსა არც სრულ ისრე ავაკლებდი.

დაგვამშვიდა ტკბილის სიტყვით, ჯებირს არსად არ ვავლებდი.

465

რა შევიტყევ მართლა მოსვლა, სხვა ვეღარა გავაწყევით,

მუკუზნიდამ გაღმა მთამდი სრულ ჯებირი წავავლევით,

გავჯებირეთ ორს მთას შუა, უკან რაზმი დავაწყევით.

რა შეიგნა, მოგვაშურა, ვითა შმაგი მოვა წყევით.

466

ზოგი კიდევ მისვლას მირჩევს და ზოგ-ზოგნი არჩევს შებმას,

რჯულისათვის სისხლთა დაღვრას, კვლავ საომრად ხლმისა შებმას;

ასე მოაქვს რჩევაშიგა ერთმანერთის სიტყვის აბმას.

ომი ვეღარ გაუმართეთ, რა ლამოდეს ჩემს იქ დაბმას.

467

ვინც ან ღმერთი შეიყვარა და ანუ მე მიერდგულა,

წამომყვეს და წამოვედით, ჯებირს კარი დაეგულა,

ვინც იქ დარჩა, სიავკაცით ზოგნი ავად განეგულა.

ამოსწყდეს და დაცატყვევდეს, დარჩეს დამწვარ-დადაგულა.

აქა ჟალეთს ჯარი გაუსივა, წინ დახვდენ მეფესა,

და მეფეს გაემარჯვა

468

რა შეიტყო ჩვენი წასვლა, ჯარი ჟალეთს გარდგვაგება;

მივედით და წინ დაგვიხვდეს რაც მათ უნდა, არ ეგება.

მივახლოვდით, შემოგვებნეს, ჩვენიც წინა მიეგება,

დავამსხვრივეთ ზედ შუბები, მერმე მათიც მათ ეგება.

469

გაგვემარჯვა უზიანოდ, შევანანეთ წინ დახდომა,

წავიქციეთ წინ მეოტნი, შევაქნენით კლდეთა ხლდომა.

თუ კაცი მხნედ დაუხვდებათ, აგრე იცის მათმან ტომა,

პირველ ესრე გაგვემარჯვა, მახალისა ამა ომა.

აქა მეფე ლუარსაბ და ქართველნი დარბაისელნი და მეფე

თეიმურაზ და კახნი დარბაისელნი შეიყარნეს მუხრანს

და არჩიეს თავისი და ქვეყნის საქმე, ზოგმან

ზოგი თქვა და ზოგმან ზოგი

470

გავლეთ ერწო და არაგვი, შევეყარეთ მუხრანს მეფეს,

მომილოცა გამარჯვება და მუნ მათსა სისხლთა მჩქეფეს.

მერმე მითხრა სიცილითა: „არ უჯობდა შენსა სეფეს,

კარგს დროს დრო რამ ავი შეგვხვდა, ჩვენ ორთავე ვარდთა მკრეფეს”.


471

მიბძანა თუ: „როგორც დავხვდი მცირეს სტუმარს უცებ მოსულს?

პურადობას იჩემებდი, არ უჭერდი სტუმარსა სულს,

მხიარულად დახვდებოდი, აწ გეძებენ სადღაც წასულს,

პურად კარგს და გულად უხვსა, ახლა გხედავ შენ დანასულს”.

472

მოვახსენე: „შენც გეწვევა, გაგიჩნდება ვით დახვდები,

თუ შენ მაშინც ლხინს აჩვენებ, ჩემგან უფრო გაუხვდები,

ან გაიცდი თვალთა წინა ანუ ხელში მოუხვდები.

ნუ დამცინი, შენმა მზემან, გავს, რომ მარტო მე არ ვხდები”.

473

შეგვექნა იქაც რჩევა და ერთად რამ შეყრილობანი,

გაგრძელდა რჩევა ქართული, სიტყვა და ვაზირობანი,

ჩვენს ყმათა მასთან ყოფა და ჩვენ მეფეთ მით შემცრობანი.

უცოდნი გვაბრალებდიან, გვიზრახეს მართ შემცდრობანი.

474

ქართველთა დიდებულთაგან უფროსი იმას ჰყოლოდა,

არაგვისა და თვით ქსნისა ერისთვებ კაამყოლოდა,

ანდუყაფარ და ფეშანგი, აღათანგც მას აჰყოლოდა,

ნოდარ და დავით კახი ჰყვა, მე ვინღა წამამყოლოდა?

475

მორავიდოდა, ესენი უწინვე მასთან წავიდენ.

ჩემნი ყმანი რომ ვახსენე, ჩემგან გაგზავნით ჩავიდენ.

ვსთქვი სიკვდილს ვერ ავსცილდები, სისხლს ვადენ, ანუ და ვიდენ,

ხორცი აქ მიწად გარდიქცეს, სულები ზეცად ავიდენ.

476

ვერცა რა ერთად გავაწყვეთ, რადგან ეს სწადდა ღმერთსაო,

სხვაზედ რაზედამც ვიქადო, ვაბრალებთ ერთი-ერთსაო.

ვეღარც სად ქართლშიგ დავდეგით და ვეღარც ქვე ერეთსაო,

ავიყარენით, ვიარეთ, მივმართეთ იმერეთსაო.

477

გარდავლეთ ლიხი, მივედით ადგილსა იმერელთასა.

გიორგი მეფე მობძანდა სამყოფსა წერეთელთასა,

წინ მოგვეგება, გვესალმა საჩხერეს, ადგილს ველთასა.

დავივანენით სამყოფსა მუნ სახლსა კარგთა ქველთასა.

478

მიგვიპატიჟა ქუთაისს მუნ ტახტსა მეფეთ დგმულებსა,

გვიალერსებდა ვით შვილთა, გვანაცვალებდა გულებსა,

შეჭირვებისა სევდასა უკუგვყრის მუნ მისულებსა.

მასთანა მყოფნი მეფენი ვგვანდით მართ უფლისწულებსა.

აქა შააბაზ ყაენისაგან გორს მოსვლა და მეფის

გიორგის მოციქულობა

479

მაშინ შააბაზც თან მოგვყვა, მოვიდა, დადგა ში-გორსა.

მეფეს დაუწყო ელჩს გზავნა: „ნუ შეიხიზნავ შენს გორსა,

რაც გინდა, ფიცით აღგითქვამ, თუ ხელთა მამცემ მაგ ორსა,

თვალ-მარგალიტსაც ესეთსა, მოედანს ბურთებრ იგორსა.

480

თუ არ მამცემ, უსაცილოდ მთის ძირს მოვალ, სომანეთსა,

კარგი თურმე არ გნდომია, მაშ შევებნეთ ერთმანერთსა,

სხვა რაზმი რომ აქავ იდგეს, წინა მოვა სავანეთსა.

მანდ კი ვეღარ დამიდგები, წაბრძანდები თუ სვანეთსა”.

481

მეფეს ასმოდა მუნ მჯდომსა, ჭანდარს ქვეშ სდგმოდა სელია,

გაჰკვირვებოდა: „ამაზედ ელჩი რა მოსასვლელია?”

კაცი გაგზავნა. მობძანდენ დადიან-გურიელია, ―

უმათოდ ელჩს არ შევიყრი, მათცა ცნან რა ყრიელია.

482

მოვიდენ გეგუთს, სამნივე მეფენიც მუნვე ჩავედით.

გიორგი მეფე მაშინღა მდიდარი იყო სვე-ბედით.

სხვას მისებრ მჯდომსა ხელმწიფეს ტყუის, ვინ აქებს გაბედით.

ჯავრი კაჟს ჰკრევდა, ცეცხლს ჰყრიდა, ჩვენ მოგვიდებდა აბედით.

483

მერმე ელჩი მოიყვანეს, ჩვენ რამ საქმე ეს მოგვიხდა.

მოახსენა რაც იცოდა, მას სიტყვის თქმა არ მოუხდა.

უბრძანა თუ: „ვაჟო, რა სთქვი, მეფეს აგრე ვინ მოუხდა?

ნუღარ იტყვი მაგ სიტყვასა, ჯავრით გული შემიწუხდა.

484

ვით მოჰხდება ეგე აგრე, ძმა და შვილი ადვილ გავსცე,

ლიხს იქითი საქართველო ავიღო და პირქვე დავსცე?

ხელდაკრული არათ უნდა, ამათ ყმასა მე ვითა ვსცე,

სმა, ლხინი და გახარება უამათოდ მე თავსა ვსცე?”

485

არჩივეს, მეფემ დაასკვნა თავისის ელჩის გაგზავნა,

აფხაზთა კათალიკოზი, ვინ ანგელოზსა ეგვანა,

სხვა აბაშიძე ლევანცა, თვით სიტყვით მას შეეგვანა.

დილა გათენდა, ელჩიცა მოიხმეს სად დაევანა.

486

აბარებდა: „მოახსენე ხელმწიფესა მას მაღალსა,

სამართალი მეფეთ ეს არს, შენახვეწს კაცს შეიწყალსა.

თუ რამ ამათ დააშავეს, ვხედავთ თავსა დანაბრალსა,

რისხვა დიდი გარდაჰხდია, გეხვეწები აწ წამალსა.

487

თვით იცით, დიდო ხელმწიფევ, ჩვენცა კაცნი ვართ სეფენი,

გვარი გვაქვს დავითიანი, მას მონდა ყოვლი მეფენი;

აწ უპატიოდ ნუ გაგვხვდით, ხვეწნით ვარ შემომყეფენი:

უბოძე ორთავ თვის-თვისი, უცხო ჰქენ სიიეფენი.

488

აწ ეს შეიძღვენ ფეშქაშად ხვეწნა და მუდარებანი,

შენ, ბრძენო, კარგად ისმინე ეს ჩემი უმეცრებანი;

უხვად წყალობა მოჰფინე ხმა-ტკბილი, ვითა ებანი,

პატივი დამდევ, წაბძანდი, ამათ ქმნან მანდეთ რებანი”.

489

დააბარა ესე სიტყვა, ფეშქაშიცა გაუგზავნა:

„ესე არის ჩემი ხვეწნა, ნუღარ არის ძალით თხოვნა”.

სულ არც რბილი შეუთვალა, ნება ძალსა დააგვანა.

„ესეც ჰკადრეთ ბოლო სიტყვა: «არ იქნების ძალად შოვნა».

490

მერმე უთხრა კათალიკოზს, ვის ეწოდა მალაქია:

„მიდი, სიტყვა გაუსინჯე, ბრძენი ხარ და მალ აქია.

ამათს ბაღსა ვარდი დარგე, მოგესწრების მალ აქია,

ჰკადრე, თუ კი არ უბოძებ, ოხრად გახდეს ქალაქია”.

491

რა მოვიდა, კარგად დახვდა კათალიკოსს და ელჩებსა.

აწ უყურე მას გრძნეულსა ვით მოიხმარს მის ხლათებსა,

უალერსებს ტკბილად რამე, სიტყვას ეტყვის საამებსა.

ძალის საქმე გარდასწყვიტა, ხელს მიიყოფს ილათებსა.

492

მოახსენეს ელჩთ მათი და თვითან არის ამის მთქმელი:

„ლუარსაბის სამდურავსა, კათალიკოზო, ნუ მელი.

ჩემი არის თეიმურაზ ძველითგანვე სისხლის მსმელი,

პაპა-მისმა ქალი მამცა, რად წამართვა, რად მყო მელი?

493

რადგან ორნივ აღარ მამცა, მაშ ლუარსაბ შემარიგოს,

თეიმურაზს ნუ აჰყვები, მეფემ ასრე დაარიგოს.

ფიცი მივსცე საშინელი, გრძლად რაც სიტყვა წაარიგოს,

ქართლიც მივცე, სხვა წყალობაც, შევანატრო აწ არ იგ ოს”.

494

აავსო საჩუქარითა ბერი და ერი ორივე.

ჰოი ბოროტო, მაცთურო, სიმართლეს ვითა ო რივე.

გული დამგვრიმე საკვდავად, ლახვარი ესრეთ ო რივე.

ამხანაგსა და მოყვარეს რადა მყრი, ხნით ვართ სწორივე.

495

ესენი გამოისტუმრა და აწ მიიხმო შადიმან

ბარათაშვილი, სუფრაჩი, უბრძანა: „შიგნით შადი”― მან.

მეფე სახელით ახსენა, ცრემლად ადინა შადი მან:

„ეს რა ქნა ჩემმა ლუარსაბ, აღარ მახსენა შად იმან?”

496

უბრძანა: „მისო გამზრდელო, რა უყავ ლუარსაბ-ხანო?

რად ააყოლეთ კახთ მეფეს, პირუტყვნო, დასაძრახანო!

ჩემი სევ გული მისი და, ჩემი გულისა საფხანო,

უბესა მივსებ ცრემლითა სამუდმოდ, არ ხანდახანო.

497

აწ, ამათ წაჰყევ, ამ ფიცით მაჰმადმცა მამითხრიაო,

ღორიმც მის საფლავს ჩამიკლავ და მის წილ ჩამიყრიაო,

ის სახელმწიფოს წამართომს და ჭკვაზედ გარდამრიაო”.

სიტვყით ეს უთხრა, დაწერა, რაყამში განამრიაო.

498

მალ მისვლასა აბარებდა: „სხვასაც მივსცემ, ქართლს ვინ უჭერს?

პაპის მისის შვილის-შვილის აჰყოლია რად ის ჩემს მტერს?

მას არ ახსოვს, სვიმონ მეფემ თუ რა უყო ურუმთა ერს?

არა სჯერა ამ საფიცარს, იმას მივცემ, რას ის დასწერს”.

499

ერთი ხოჯა მუსაიბი, შანად ხმალი მურასობდა,

ამათთანვე გამოგზავნა, ერთმანერთთან ამგზავრობდა.

არა გვანდა გათავებას, ბოლოდ ჩანს რას აობდა.

დამაც წიგნი მიუწერა, ვინ ყაენსა ბაასობდა.

500

რა ეგონა შადიმანსა, კაცი თუ ცრემლს ტყუილად ღვრის?!

წამოვიდნენ მხიარულნი, თან სვლა იწყეს მათ წინამძღვრის.

გარდმოვიდნენ იმერეთსა დამგდებელნი ქართლის სამძღვრის.

ბოლოდა ცნა, ცრემლის წვეთა ჯავრით თურე მან აამღვრის.

501

რა მოვიდენ, ეს ბრძანება ჩვენ და მეფეს მოგვიტანეს.

ლურსაბის შეწყნარებას სათუო არ დაატანეს.

მალ დაჰპირდა ესეც წასვლას, სხვა სიტყვა არ გაატანეს.

მეფე უშლის ასე ძალზედ, მართ ხელებიც წაატანეს.

502

არ დაშალა იმან წასვლა მეფის თქმით და ჩემის ჭკვითა.

― „ამ საფიცარს ვით არ ვენდო, შეუშინდე ნეტარ ვითა?

ანუ ქართლი ავაოხრო დახოცით და მერმე წვითა”.

გვითხრა: „წავალ უსაცილოდ, აბა თქვენ კი აქა სვითა!”

503

ლუარსაბ მეფეს ადამის ერთი არ სჯობდა ნაყოფი,

თვალად და ტანად უცხო რამ, მართ მზისა გამონაყოფი,

უხვი, ზნე-სრული, მამაცი, ლახვრულებრ მტერთა ნაყოფი.

მაგრამ მას დაჟინებაზედ დაედგა მისი სამყოფი.

504

მეფე უშლიდა, უცხოდ რამ შვილებსა იმას არჩევდა,

მტერზედა ეხმარებოდა, მის წილად თავსა უსევდა.

თვით ლევან დადიანიცა წაუსვლელობას ურჩევდა,

და აძლია და მოყვრობა, მაგრამ ის კიდევ ურჩევდა.

505

რაღას უშველა ამ ამბის ვრცელად თქმა-გამოკიდება,

გული განფიცხდა, მაშინ ყო ნავთმა ცეცხლ გამოკიდება;

არ დაიშალა, ავად ქნა ჩვენგან მან გამო კიდება.

უთხრა: ჩემს ხმალსა უმისოდ აწ ვით გაამო კიდება?

506

რა ბრალია ბევრს კარგ შიგან მცირე ავი გაერიოს,

ანუ რჯულის სიმტკიცესა წვალება რამ შეერიოს,

ან რიტორად ლექსის მთქმელსა ზოგან სიტყვა აერიოს!

ზვაობა და ამაყობა სხვას სიკეთეს მოერიოს!

507

სიჩქარით კარგად ნაქმარი საქმე არ მოვა ბოლოსა,

ვინც აუჩქარდეს სოფელსა, აკომლდეს, აებოლოსა.

დაჟინებისა მოყვასი დაემხოს და ებოლოსა.

სჯობს ავი საქმის შემოცდა, კარგსა არ დაებრკოლოსა.

508

ზოგი სხვა რამ იმწვიტინა, მისგან იყო არ საწყენი,

მეფე გვიჯდა შუაშიგან, არ ზეზედ წამონაყენი,

ერთხან ქუდი მოიხადა, იქმნა ამით მონაწყენი,

თქვა: „თუ არის ამხანაგი, რად შემექმნა ეს ყაენი?”

509

მოვახსენე: თავის წინა არ სჯობს ეგრე გაიზიდო,

თუ სოფელი შენ არ მოგყვეს, შენ გიხმს მისკენ მიიზიდო.

აქანამდი თუ მაღლოდი, ახლა ცოტად დაიზიდო,

გულიც გქონდეს ფოლადისა, ზოგჯერ მშვილდებრ მოიზიდო.

510

რა მომხდარა მაგისთანა, სათუოშიგ თავი იგდო,

შენ წახდე და საბოლოოდ საძრახისა რამ დაიგდო?

დამიჯერე, აგრე გიჯობს გულიდაღმე გარდაიგიდო,

ეგზომ მტერნი შენნი მოსწყდეს, ადრე შენ დროს შემოიგდო.

511

შიხი-შვილთ და ყიზილბაშთა ამბავი თუ შენ არ იცი,

მამისმინე ყველას გითხრობ, თუ როგორ სწამს იმათ ფიცი;

ძველად უთქვამთ მათ ანდერძად, სიტყვა ესე დანამტკიცი:

„რითაც მტერი მოატყუო, ნუ უზოგავ და მე ვიცი”.

512

ამას ბძანებ: „თუ არ მივალ, ქართლს კახეთებრ წაახდენენ”, —

შენი მისვლით რომ წახდების, თუ არ მიხვალ, არ მაგდენენ.

რას წამს მიხვალ, თან წაგიყვანს თვალთა ცრემლთა დაგადენენ,

ქრისტიანეთ მეფეთა წილ კვლა ხანებსა დაადგენენ.

513

თუ შენს მეტი სხვა პატრონი ქართლს რამ უჩნდეს შენიანი,

ანუ ძმა გყვეს, ანუ შვილი, გიყვაოდეს შენ იანი,

არ დაგიშლი, მაშინ წადი სიტყვა-მჭევრი, ენიანი;

არა გყავს რა თავის მეტი, სოფელია სენიანი.

514

მართ ეგრევე მე გამხადა, რაცა მყვანდა ხელთა მივე,

მაგრამ არათ შემიწყნარა, რაზომ მისკენ მივიზივე.

დავრჩომილვართ ორნივ მარტო, აწ შენც მისკენ გაიწივე,

თუ ეგ კარგად მოგივიდეს, მემც მოვჰკვდე და შენც კი მივე!

515

აწ მეფემან დადიანი, გურიელიც თან იახლა,

მოვიდეს და დაუშალეს, მის წინ იწყეს თავის დახლა:

„ბევრჯელ უწინც მოგახსენეთ, დაგვიჯერე, მოდი, ახლა

ნუ წახვალ და მოგვეხმარე”. მან ძველივე განაახლა.

516

მან მადლი ჰკადრა მეფესა წესისაებრ მართებული:

„ღმერთმან ადიდოს, ვით დიდ არს, სვე თქვენი დოვლათებული!

ვით შენს სიკეთეს შეჰფერობს, ეგრე ხარ ძმაზედ ძმებული,

მაგრა, რაღა ვქნა მას უკან, ქართლი ყონ ცეცხლ-მოდებული?!”

517

კვლაც უთხრეს: „ცუდი მიზეზი აიწყე დაჟინებული,

შენს იქით ქართლს რას ხელსა ჰყრი, რა დარჩე სახლ-დავსებული?

მიხვიდე, მოგკლას, ან ტყვე გყოს, შენ იქმნე დანაღვლებული,

ნუ წახვალ, ეს სჯობს, ხმალი ვჰკრათ, გავაძოთ ვაგლახ-ვებული”.

518

რას უშველა გრძლად სიტყვის თქმა, თუ კაცი არ გაიგონებს?

კაცი ბრძენი, გონიერი ერთის წვრთნითაც შეიგონებს.

დაჟინების ეტლზე მჯდომი მისვე მისსა წაიგონებს,

დასჯერდება მის რჩევასა, სხვა აღარას მოიგონებს.

519

დაშლის სიტყვა არ ისმინა, ვერ დაჰყარეს დგომის ღონე.

წამოვიდა, თან გამოჰყვა მეფე, მისი წინამძღონე.

კვლავღა ჰკადრეს: „არ გვისმინე, შენი წასვლით დაგვაღონე,

რადგან წახველ, გაემჩვენე, თავი კარგად მოაწონე”.

520

გამოგვესალმა, წავიდა, დაგვყარნა ღვიძლ-დაკოდილნი.

ვინცა გვიჭვრეტდეს, იტყოდეს: „ერთად ყოფილან დაზრდილნი”.

მზე გარდეფარა გორს სამე, ქვეყანა იქმნეს აჩრდილნი,

ეგრეთ დაბნელდა ჩემთვის დღე, ბინდად მჩნდა დილა-სადილნი.

521

მივიდა, გორს დგა ყაენი, შექნეს თურ შეყრის ცილება:

„არ მივეგებო ცხენითა, ვით შევქნათ ცივთა თბილება?

მივეგებო და არ ხამდეს, მით საქმე დაიჩრდილება”.

ეს თურმე გამოარჩიეს, იქეს მათ მათი ზრდილება.

522

„დილას შევსხდეთ სამინდოროთ და მიზეზით ნადირობის

ისრე ცხენზე შევიყაროთ, ჯარი შესხდეს ერთპირობის,

განით სითმე მოვიყვანოთ, ვითამ ზედა მოგვესწრობის,

მიგებებად ჩამოგვართვამს და სხვათა თქვან არაობის”.

523

შეიყარა ამ წესითა, მიიჩნივა თავი სწორათ,

პირველ ყველა გაუგონა, სიტყვა მისი არ ყო ორათ,

მუსაიბად ლხინობდიან, არ დაისვის მისგან შორათ.

თურმე უნდა სასიკვდილოდ დასტურობით, არ თუ ჭორათ.

524

დაყვეს ხანი გორს მცირედი ლხინითა და დიდის შვებით,

მგოსნებით და მუშაითით, მწუხრი ქნიან გათენებით

ალერსით და ტკბილის სიტყვით, ფერობით და მისის თნებით.

რაც იამის, აამებდის, ხელს უწყობდის მოსვენებით.

525

ვა თუ თავი შეგაწყინე გრძლად სიტყვისა მოხსენებით!

აიყარა გორიდამე, მეფეც მიჰყავს ვითამ ნებით.

აწ შეიქნა მწუხარება, ბევრ-გზის ჭირი, ცხრო და სნებით.

უთხრა: „ქალაქს დაგაგდებო მტერთა შენთა მოყივნებით”.

526

ქალაქიდამც წაიტანა ყარაიას სანადიროთ,

უთხრა: „არ მით ვინადიროთ, მნათობთ წინა თავი ვგმიროთ;

რაც ვისროლოთ ჩვენ ორთავე, კარგ სადავეთ მხეცთა ვგმიროთ,

ნუღარ მოვშლით ამ რჩევასა, ესე ასრე დავაპიროთ”.

527

აიყარნეს და წავიდნენ, მათ შექნეს მინდორობანი,

გარ შემოერტყნეს ველებსა, ნადირთა უყვეს სწრობანი.

თვითან შუაზედ დაკარდეს, სროლით ქნეს მკლავთა შრობანი,

ქალნი ჩიხიდამ აჭვრიტნეს, ვინც ქნის ისრისა სობანი.

528

მათ მოსლოდა ჯოგი მრავლად და ესროლათ ქალთა ჭვრეტით.

უცხოდ თურმე მოიწონეს, შექნილიყვნენ ცნობა რეტით.

მიემსგავსა, როსტენ მეფეს ენადირა როს სპასპეტით:

იმ ერთის დღის მეფის მოკლულს დასთვლიდიან ოცზედ კენტით.

329

უბძანა, თუ: „მეფე, გხედავ ნანადირევს კარგ დამაღით,

ამ მინდვრისა შენ შექცევა დაგავიწყო ყარაბაღით.

იქამდიცა თან მიახელ, იქ ვისროლოთ კვლავ ნასაღით”.

რა ეს ესმა, ჩემი სიტყვა მოაგონდა გულსა-დაღით.

530

წაიყვანა. დაბურნება აღარ მოჰხვდა გამოშვებით,

აწ აშრაფი მაზანდარა უქო, ლხინზედ ისხდეს შვებით:

„ისიც ნახე, ვინადიროთ, იქ ვისროლოთ კვლავ დავებით”.

ამან სულთქვნა: „მე არ მინდა, მაგრამ ვიცი არ მეშვებით”.

531

ყარაბაღით ჩვენ წატანა გავიგონეთ დასტურობით,

ეთქვა: „მიკვირს, იმერეთსა რა მიმჭირდა მე სტუმრობით!

ღმერთმან იცის, კარგათ მითხრეს ზოგთ ჭკუით და ზოგთ მოყრობით,

მაგრამ რა ვქნა, წასულს საქმეს ახლა რითღა მივესწრობით?”

532

მიიყვანა მაზანდარას, მუნ შეიტყო მან სიკვდილი,

მომიტირეთ ცოცხალივე, ვირე გიჩნდეს ჩემი ჩრდილი,

უთხრა თურე მისთა ყმათა: „სიკეთისა ვით ვარ ზრდილი,

გამიცუდდა ყოვლი კარგი და ძალისა მე ქადილი”.

533

დაჯდა, ყმათა მიუტირეს გამზრდელთა და ვინ ჰყვა ზრდილი:

„ყოვლთ ხელმწიფეთ უმჯობესო, აღგვისრულე ჩვენ წადილი,

უბინდოვ და მოწმენდილო, ვით ღამდები ძოღან დილი?

ოდეს მოჰსრენ თათარხანი ხელთ მახვილი გქონდა წვდილი”.

534

ეტირათ ვითა მართებდათ, უქეს საქებსა საქები:

„მშვიდო, მდაბალო, მოწყალევ, კვლავ ურჩს გალევდა ბაქები,

ვინ შენი მჭვრეტი, ეტყოდა მჭვრეტთა: «ნუ მიხვალ, აქ ები».

ყოვლის სიკეთის უკლებო, რაღა ვსთქვათ იქით-აქები?”

535

ეზიარა, გარდასწყვიტა სიცოცხლისა მან იმედი.

ემდუროდა დაჟინებას, დაიწყევლა ჭკვა და ბედი:

„ვინ მირჩიეთ აქ წამოსვლა, რა მწვე ავად დაიყბედი?”

ყმათ გაჰყარეს, მზეც ჩავიდა, დააჩრდილა აქეთ ქედი.

536

რაცა სწადდა, გაათავა, მტერობისა მანა დასო,

ხორცი ჩვენი მაძღრივ ჭამა და სისხლიცა ხარბად ასო,

მაგრამ ქართლს და კახეთშიგან საპატრონოდ ვერვინ დასო.

ემდუროვდეს მას ქალები, ვით ნესტანჯარ მამიდასო.

აქა ნოდარ ჯორჯაძისაგან და დავით ასლანის-შვილისაგან

ბატონის თეიმურაზის კახეთსვე ჩაყვანა

537

კახეთი ნოდარს და დავითს მან მიაბარა სულობით,

მაგრამ მათ მისი ბრძანება მალ გაუცუდეს წბილობით;

მესამეს თვესა ორთავე მოგზავნეს კაცი ყრილობით:

„მობძანდი შენსავ ტახტზედა, მონა ვართ გვარისშვილობით”.

538

რა მოვიდენ მოციქულნი და ეს სიტყვა გაგვაგონეს,

ზოგთა შექმნეს სიხარული, ზოგთ იჭვი რამ მოიგონეს.

მაგრამ მე ვსთქვი, ყმათა ჩემთა რად არ თავი დამამონეს?

აწ მეფესაც მოახსენეს, მათნი თქმულნი მოაწონეს.

539

მეფემ ბრძანა: „კარგად ქნილა ამ ამბისა ასრე მოსვლა,

მეცა თანა წამოგყვები, ადრე გვმართებს იქითა სვლა,

დადიანს და გურიელსა მალ ვაცნობოთ ჩვენი წასვლა”.

ორთავ კაცი გაუგზავნე, არ ვაცალე მზისა დასვლა.

540

იგინიცა მალ მობძანდენ მათის ჯარით დაკაზმულნი,

თავს შეედვათ ჩვენი სიტყვა, ვერა ვნახეთ ხანდაზმულნი.

შეიყარნეს მუნ სიმრავლე დიდებულნი ცხენთა სმულნი.

აღარ ვჰყოვნეთ, წამოვედით, ვეღარც გვნახეს მუნღა სმულნი.

541

გარდმოვიარეთ ლიხის მთა, ქართლისა სიგრძე ჩავლევით,

მოვისწრაფოდით მალ მისვლას, არ ხან-ყოვნებით, მალევით.

ყოვლგნით გაისმის მისვლის ხმა, მე მაშინ დავიმალე ვით?

დიდხანს ყოველი ორგული შიშითა მყვანდა გალევით.

542

თვით არაგვამდის თან მომყვეს მეფე და სხვა ბატონები,

იგინიც იქით გაბრუნდეს, მათიც ჯარ-მონატანები.

არაგვს გამოველ, გამომყვა მამია საროტანები,

მითხრა თუ: „მათზე მეტი ვჰქენ, მე არაგვს გამომყვანები”.

543

რა კახეთს ჩაველ, დამიხვდა დამწვარი, გამტვერებული.

ვჰკვირობდი გუნებაშიგან, რად მექმნა ამტერებული?

რაც მორჩომოდეს, მოვიდეს მტირალნი, დაშტერებული,

ვერას ვარგებდით, თვარემ და ვიყვენით ვაგლახებული.

544

რაც ხამდა მაშინ რიგება ჩვენგან ქვეყნისა ჩვენისა,

გავარიგეთ და გათავდა მუნ სიმძიმილი წყენისა.

აწ არაგვისა ომზედა ხმარება გვიხამს ენისა,

მრავალთ ყიზილბაშთ გაწყვეტა, სისხლი რუდ მინადენისა.

აქა ერანის ხელმწიფემ ყაენმა გაიგონა მეფის თეიმურაზის

იმერეთიდამ გარდმოსვლა და კახეთს ჩასვლა, და ალიყულიხან

და სრულ ყიზილბაშნი გამოგზავნა და არაგვზედ წინ გარდუყენა.

შეიბნეს და ბოლოს ბატონს თეიმურაზს გაემარჯვა

545

ესმა შააბაზ მუნ ჩასვლა, გარისხდა უსამართლობით,

ალიყულიხან მიიხმო დილას, არ თურე მთვრალობით:

„კვლა თეიმურაზ მოსულა, უყურე, თავის ძალობით!

სრულ ყიზილბაშთა გაახლებ, იარე მუხლად-მალობით.

546

მიდი და წინ გარდაუდეგ, შეუკარ კარგად გზებია,

იმერეთს არ გარდაგასწრას, დაცევ ტყე ან უგზებია;

მეც მოვალ ადრე, შევიპყრობთ, ცეცხლით ვჰყოთ ანაგზებია,

მის ყმას მას უკან სათქმელი რაღა აქვს მიზეზებია?”

547

გამოგზავნა ერანითა, არ დააკლო ყულის მეტი,

თოფხანა და ჯაბახანა მოამზადა მეტის-მეტი;

სხვას საომარს იარაღსა მოუმატა რკინის კეტი,

მაგრამ ღმერთი გაურისხდათ, არ ჰფარევდა ნათლის სვეტი.

548

ალიყულიხან არაგვზე მოვიდა, დაივანებდა,

კარავს და ოთაღს იდგემდა, სხვასა წინ მოივანებდა,

ვისი ეგონა «შევიპყრობ», ის უფრო დიდად ავნებდა.

ცოტა მაცალე, გიამბობ, მოსვლას ვით დაინანებდა!

549

რა შევიგნეთ მისი მოსვლა, ავემზადეთ ჩვენც საომრათ,

შეყრილთ მუნვე მივაშურეთ, არ გავყავით ჯარი ორათ;

ყარაული დაეყენათ მათ ახლორე, არ თუ შორათ.

მაშინდელი ჩვენი სიმხნე თუ ყველა ვსთქვათ, შენ თქმა ჭორათ.

550

შუადღისას მიუხედით მათ ცხენიდამ გარდამხდართა,

მაგრამ მაშინც ადრე იგრძნეს და გაეწყვნეს მარცხნივ მხართა,

ჩვენ მივედით, მეწინავე ზედან შეჰხდა დიდთა ჯართა.

ქისიყელთა გაუჭირდათ, მიკვირს, ან კი ვით შეჰმართა?

551

მიეშველნენ მემარცხნენი ენისნელთა დროშა მალე,

კვლავ შეიქმნა ცემა დიდი, ვეღარ პოვეს მათ წამალე;

ასწავლიდეს ერთმანერთსა: „მკვდარშიგ თავი მო წამალე”.

გულნი მათნი გავაცვილე, ჩემთა ყმათა გავასალე.

552

შეუზახე: ჩემნო ყმანო, თავნი თქვენნი ისაამეთ,

მოიგონეთ მოწამენი, თქვენც ეწამეთ, ისა ამეთ,

არ ისმინოთ ესე სიტყვა, მიჟამშიგან მეღადამეთ,

მათ რომ შუბი ჩვენთვის სწადის, ბარემ თქვენნი თქვენვე დამეთ.

553

მათ მიყივლეს: „ჰე, მეფეო, ნუ ეჭვ თავნი დავიზოგოთ;

ამოვსწყვიტოთ უმრავლესნი, არ წვრილად გამოვიზოგოთ;

თუ სრულ თავს ვერ აუვიდეთ, ღვთით მგონი რამ გან ვაზოგოთ,

მკვდართა მათთა მხეცნი სჭამდეს, არ საფლავი განუგოზოთ”.

554

პირველ შუბი მოვიქნივე, მერმე მივჰყავ ხმალსა ხელი,

ხმალმოწვდილი გავერივე, ვაქნევინე ომ-სახელი;

კვლაცა ლახტი დავამსხვრიე, ვინ ახლოს მყვა მონახელი,

სრულ ლაშქარნი გაცაჰკვირდეს თქვეს: „არისო ესე ხელი”.

555

მიმესივნეს ერთპირობით, ვითა ვეფხი კანჯრის ჯოგსა,

დახოცნეს და ამოსწყვიტნეს, არათ გვანდეს დანაზოგსა;

მოლებსაცა უწყლად ჰხოცდეს, თილისმიან მათსა მოგვსა.

ამის მთქმელი მართალს უბნობს, ნურვინ ჰგონებთ ცუდად ბორგსა.

556

რაც გარდაგვჩა, მალ გაგვექცნეს, ვინ-ვის წინა წაუსწრობდა.

ჩვენ შეგვექმნა ცა უღრუბლო, მათზედ მეხით ავდარობდა.

გაქცეულნი წიწამურის ღელეს ღრმასა აავსებდა,

ცხენით ზედან გარდვიარეთ, ვით ვაკეზედ ეგრე რბოდა.

557

ბინდამდისი არ მოვეშვით, ვჰხოცდით მეტად ჩვენ უწყალოდ,

არ შეგვწყალდათ ნაჯავრებთა, რაზომ ვსჭრიდით მათ საბრალოდ.

ცხენნი მათნი მუხლად-მალე დაუზანტდეს მათ სამალოდ,

იარაღსა გარდმოჰყრიდეს, გვითხრეს: „სიკვდილს აღარ მალოდ”.

558

ნაომართა და ნადევნთა გვეტყობის მაშვრალობანი,

ვის რა ენების, იშოვნის, ვის განძთა ჰქონდის ცნობანი.

შური იძიეს მტერზედა, ქმნეს მრავლად ლახვარ-სობანი.

გამარჯვებულთა გვიხარის, რადგან არ გვიყვეს ნდობანი.

559

მამილოცვიდეს, მასხმიდეს ქებასა, არ გინებასა:

„მგონი, მეფეო, ინანდეს ყაენი შენს გაძებასა.

აწ ამას იქით მებრძოლი, ნეტარ, ვსთქვათ, ვინ შეგებასა?

ნიადაგმც გაგმარჯვებია ასე, ნუ შეიქ ვებასა!”

560

მას დღესა მოყმე მართალი დამაკლდა არცერთი არა,

კახთ შეანანეს მათ ლაშქართ მოსვლა, თუ ადრე იარა,

დამწვართა, ამოწყვეტილთა მათ ჭირნი გაეზიარა.

ამოსწყვიტეს და დახოცეს, ვინ ზეით გამომიარა.

561

უწინ მოსვლას ყაენისას, ვსთქვი თუ, ომსა შეუძლებდით,

აქ გასინჯეთ თუ ვიკვეხდი, ან სიტყვასა ცუდათ ვდებდით!

გალახულთ და ამოწვეტილთ მარტო კახთ ქნეს, ვინ სხვა ჰკვდებით?

ყველა განვლით ამ სოფელსა, თქვენც სახელსა ეძიებდით!

562

აივსნეს სრულად ლაშქარნი საჭურჭლე, ცხენ-აქლემითა,

მეტყოდეს: „შებმა კარგად ჰქენ ჯავრითა შენ აქ ლემითა”.

სხვა არ ვინდომე მის მეტი, სარდლის კარავი ჰემითა,

სრულ მისის გაწყობილობით ვერავინ დაეჩემითა.

563

მიუვიდა ეს ამბავი, საცა იყო ყაენს მყოფსა:

ამოსწყვიტა სრულ ლაშქარნი, თეიმურაზ შუა ჰყოფსა,

ხმალი ბასრი, მძიმე ლახტი. უფროს მახვილს შუბსა ჰყოფსა,

თუ გაგზავნი სხვას ლაშქარსა, კიდევ ხმალსა ხელს მიჰყოფსა.

564

გაგულისდა, წამოვიდა მასვე წამსა გულ-მესისხლე,

თქვა, თუ: „ჩემთვის, მისო ხორცო, ივაშლე და გინა ისხლე,

თეიმურაზ, თეიმურაზ, კახთა ჯარი აწ გაისხლე”!

ჰე, შააბაზ, გაგიჩნდება ყიზლბაშნი ვით ისისხლე.

565

რა მოვიდა, განჯას აქეთ გამოსცილდა, დაგვახლოვდა,

ვინც შეიძლო, აიყარა, წამოვიდა, მუხლ-მალოვდა.

ვინც იქ დარჩეს საბრალონი, თავთა, შვილთა მათთა გლოვდა.

ამოსწყვიტნა სამესისხლოდ, აჰყარა და დაბოლოვდა.

566

კიდევ ბევრი გადაურჩათ, ფეიქარხანს მიაბარა.

კვლავ ქართლზედა დაუთხანის-შვილი ბაგრატ, ვსთქვა, ა ბარა.

ორთავ ჩემის მტერობისა საქმე იმან დაუბარა.

თვით გაბრუნდა თავის გზასა, ჩემი იყო ვით უბარა.

მეორეთ მეფის თეიმურაზისაგან

იმერეთს გადასვლა

567

წამოვედით იმერეთსა, ისრევ ჩვენსა სახიზარსა,

ჩვენდა ღონედ იგივ გვქონდა, ვით ჭურს ქონი სახიზარსა.

მეფეც წინა მოგვეგების, ჩვენს მისვლასა არ იზარსა.

რა მივიდით, მოვისვენით, ვით ქორი ჯდის სახიზარსა.

568

რა დავჰყავით ხანი რამე, სასყიდელი დაგვიძვირდა,

ვერ ვიშოვნით დიდის ფასით, ნახევრად რომ არა ღირდა.

ხვანთქარს ელჩი გაუგზავნე და ფეშქაში, მნახავთ ჰკვირდა.

მას ებოძა სანჯახები, კიდევ სხვასაც ბევრს დაგვპირდა.

569

აქ გასინჯეთ იმერეთსა სასყიდლისა დაძვირება!

ვეღარ გავსძლეთ უღომობა, გურიისკენ ვიწყეთ რება.

რა მივედით, მუნ მამია გურიელი იფერება,

რაცა ჰქონდა, არა შურდა, ხელს გვიწყობდა, იფერება.

აქა გურიიდამ საათაბაგოს მისვლა და იქიდამ ხვანთქართან

წასვლა. ოლთის ამირგუნახანისაგან დედოფლის თავს დასხმა

და ჯორჯაძის, დედოფლის სახლთუხუცისაგან, გამარჯვება

მათზედა. უყურეთ განგებასა და მოსამართლისას თუ რას

მცირედის კაცით გაიმარჯვა

570

მივედით ოლთისს, დავჰყარეთ მუნ დედოფალი ქალებით,

დიდროვანთ კაცთა ჯალაბნი დედამთილ-პატარძალებით,

წყნარნი, მშვიდნი და ტურფანი, საქციელ-განაკრძალებით.

ნოდარ დავაგდეთ სახლისა გამგებლად, გულით სალებით.

571

დედოფალი ოლთისს იდგა და ვინც ახლდეს ბანოვანნი,

თუმც ღარიბად ვის ვეგონეთ, მაგრამ არ გვყვეს უმცნობანნი,

ტურფანი და დარჩეულნი, ლამაზნი და არ სადავნნი,

მლოცავნი და ღვთის მოშიშნი, ცუდის საქმით არსად ავნნი.

572

ესე ყველაი შააბაზს მიესმა მართ დასტურობით,

ერევანს ამირგუნახანს მოსწერა მანაშურობით:

„იქ თეიმურაზ არ არის, მიუსწარ მტრად, არ სტუმრობით,

ქალები ვერ შეგებმიან, ვერც დაგხვდენ კაის პურობით”.

573

ესე ჟამი ზამთრის იყო, ჩვენ იმედი თოვლის გვქონდა,

ერევანს და ოლთისს შუა მთებს შეჰკრავსო, ვთქვით ოღონ და.

ჩვენ ამისსა მოიმედეს არც სრულ გული შეგვიღონდა.

მაგრამ თოვლის გასათხარათ ნიჩბები თურ თან მოჰქონდა.

574

გარდმოთხარა, სადაც დახვდა თოვლი ცხენთა დასაყენად,

მაგრამ ღმერთი მათვე შეიქს მხიარულთა მოსაწყენად.

უყურეთ თუ, ვითარ ხვდება მათ ჩემი ყმა სისხლთა მდენად,

მოგახსენებ ამ ამბავთა, ყური უგდე შენ მოსმენად!

575

დედოფალს სიზმარ ჩვენებით ენახა რაც იქნებოდა,

დაბლა ქალაქით ციხეში მას ასვლა მონებებოდა,

ვინც ახლდა, თან აეტანა, არვისთვის დაენებოდა,

ვაი, რომ იქ არ ვიყვენით, სცნობდით თუ რა ევნებოდა.

576

ნოდარ იყო სახლთუხუცეს დედოფლისა, განა ჩემი,

მისანდო და გულითადი, არ თუ ცუდი განაჩემი.

მართალია ეს ამბავი, ნუ გგონია განაჩემი,

იმასა მწვეთ გაემარჯვა, იგინი ქმნა განაჩემი.

577

გამარჯვებოდა მას ასრე, მათ მიჰყოლოდა კარამდი,

ურიათ ჯარიც მშველობდეს იგ რაბანანი კარამდი;

კვლა ზოგნი წინ გარდაუდგეს, გზა უყვეს განაკარამდი,

შუბი ვინ ნახის, გარდვარდის მისვლამდის, მინაკარამდი.

578

შვიდასი მოყმე ჯიღითა და მარქაფებით თან ჩამყვა.

რა მიველ, იბრაიმ სულთან ყიზილბაშთ ბრძოლად არ ამყვა,

სხვის ქვეყნისაკენ ლაშქრობდა, მაღალი დაბლა არ დამყვა.

გამოვბრუნდი და წამოველ, რაც ჩამყვა, თანავ გამამყვა.

579

მიბოძა, საათაბაგოს რაც მაშინ მისთვის ხასობდა:

გონია, ყარაისარი, სხვა სანჯახები ასობდა;

სხვა საბოძვარი ხალათი, თქვეს თუ, ძლივ დაიფასობდა.

მაგრამ კახთ კახეთის გაყრა გულსა ლახვარსა ასობდა.

580

წამოველ, გზაზედ ჯალალი შვიდჯერ შემებნეს ერთს დღესა,

შვიდჯერვე მე გამემარჯვა, ვამგზავსე ცუდს მებეგრესა,

ვერც ყმა დამაკლეს და ოდენ ვერცავინ დამიკოდესა.

თუცა მოეგდოთ კარები, იმათვე მალ გააღესა.

581

მივედით ოლთისს, დაგვიხვდენ უჭირვლად ყოვლი საყოლი,

იქიც უნებლივ მოვიდეს სულ ჯარი ჩემი თანმყოლი,

გახარებულნი მადლობდეს, თქვეს: „მოგვყვა აქეთ წამყოლი”.

ადიდეს ქრისტე მოქენეთ, მსმენელთა მალ ჩამამყოლი.

582

რა მოვედით, კახთა გული არ დასჯერდა სანჯახებსა,

ემდუროდეს ამ სოფელსა: „აქა-იქი გვაჯახებსა,

ჩვენ კახეთს ვართ ლიხნ-ნაჩვევნი, რას ხელსა ვჰყრით ჯავახებსა?”

გულდიდობა ძირად მოუთქს, ეს ასრე სჭირს ჩემს კახებსა.

583

წამოვედით, ოლთისიდამ, ჩამოვედით გონიასა,

კიდევ ბევრი ყმა მიახლა, ნუ ეჭვ ოთხმოცს, გონ იასა,

რუსეთისკენ გავემზადე, ეს რა მოსაგონია, სა?

შავს ზღვაშიგან ნავში ჯდომა დიდად დასაღონიასა.

584

ამ ხანშიგან ბაგრატ მეფე სომხითს მოკვდა, გარდიცვალა,

ვით თავს ვინმე შემომავლო, ასრე ვითა მენაცვალა,

მოურავმან ქართველთ კითხვით ჩემი ჯობნა მან გაცვალა,

მემსახურა უსაზომოდ, ვა სოფელმან არ გვაცალა.

აქა ყაენმა მოურავს და ზურაბ ერისთავს ბაგრატის შვილი

სვიმონ და ყარჩიხან და უსუფხან გამოატანა: კახთ ყათლავი

უყაო და ქართველნი აჰყარე და აქ ჩამამისხიო. და განგებამა

და უსამართლოდ ქვეყნის ამოწყვეტის მდომებამ რა მოახდინა ისიც

ისმინეთ, და ყური მიუპყართ, სიტყვის მსმენელნო

585

ყაენმა სთქვა მოურავსა: „გული მართლა მე დამყარე,

წადი, კახნი ამოსწყვიტე და ქართველნი ამიყარე;

კახთა ცოცხალს ნუ დაარჩენ და ქართველნი აქ მოყარე,

მე ამისი აღვირი მიც, შენ გენუკავ ეს წამყარე.

586

პატარას სვიმონს გაგატან, ვითამ ქართლსა დაიპყრობდეს,

ჩემს შვილის-შვილს ყორჩიბაშის ქალს მივსცემ და მე მოყრობდეს;

ყარჩიხან და უსუფხანცა თან გაახლო, ვინ აზრობდეს,

ამ მიზეზით ვერას მიხვდენ, თქვან: „ესენი მათ მაყრობდეს”.

587

დაასკვნეს და გამოგზავნეს ამ მიზეზით სულ ესენი.

აწ უყურეთ მოურავსა, ვით შეჰყაროს მძიმე სენი!

ზურაბს თურმე იქივ უთხრა: „ვერ სჭვრეტ არის რის მთესენი?

მე სხვა რამე გამიგია, ხმალი აქავ მოლესენი”.

588

რა მოვიდნენ ამ ჯარითა, თქვეს თუ: „ბევრი მაყარია”.

მაგრამ სიტყვით დაამაშეს, ეს საწყენი არ არია.

კახნი მუხრანს შეიყარნეს, ქართველებში არ არია.

უღალატეს, ამოსწყვიტეს, არ უთხარეს სამარია.

589

უთხრა თურმე მოურავმა: ,,ზურაბ, კარგად ყური მიგდე,

მტერობა და ამოწყვეტა მე ბოლომდის ვით დავიგდე?

― კახთა უყავ ყათლავიო, ქართველთზედა ცხენი იგდე ―

რა ესენიც იქ ჩავგვარო, მაშინ ვისღა შეურიგდე?”

590

ზურაბს ეთქვა: „რას აპირებ, მითხარ, ბრძანე, გაამხილე,

საქნელია, თუ არა ვჰქნა, ჩემი საქმე მუნ იხილე,

მაშინ ჩემი სისხლი შესვი, ხორცი ზედან გაიხილე,

ხმალი ჩემი ბასრი არის, გაატყვიე, გამირბილე.

591

რასაც ვაპირებთ, ეს საქმე არ არის ჩვენგან საქნელი,

ამ სოფელს შემარცხვენელი და საუკუნოს დამნთქმელი,

მან დაგვატყუა, რად შეგვქნა, ჩვენ ჩვენის ხორცის ამქნელი,

დამამხობელი ქვეყნისა ჩვენის ბოლოსა დამქნელი?”

592

„კახეთი ხომ ამოვსწყვიტეთ, კვლა ქართველნიც იქ ჩავგვაროთ,

მონასტერნი ავაოხრნეთ, შერცხვენილთა ვგვარის-ვგვაროთ,

მაგას ნუ ვიქთ ნურას საქმით, სხვაფერ რამე მოვაგვაროთ!

ჯერ ამ ლაშქარს უღალატოთ, მერმე მეფე აქ მოვგვაროთ”.

593

ზურაბ უთხრა: „მართალია, მაგრამ რასთვის იქ არ მითხარ,

ცოლიც თანა მამეყვანა, ავმრჩეველი შენ ამით ხარ!

აწ რაღა ვჰქნა, ცოლის სირცხვილს თავს მადებ და სამარს მითხარ,

თვარემ ქართველთ სისხლს დავიდებ, არ ვიქნები გასაკითხარ!”

594

„მუნ ამისთვის არ გაცნობე, ცოლს თან არ გამოგატანდენ,

ვთქვი: თუ უთხრა და არა ქნას, ბოლოს რასთვის დავინანდენ?

იქ მივიყვან, საქართველოს წახდენაზედ ცრემლს დავადენ,

მე შვილს დავსთმობ ქვეყნისათვის, ამან ეს ყოს, იყოს აზდენ”.

595

ტკბილის სიტყვითა ეხვეწა, თავს მას ადებდა ყველასა:

„საქართველოსთვის დაცასთმე, დამხსენ ღამესა ბნელასა!

ცოლს უკეთესსა გიშოვნი ბატონისშვილსა ლელასა,

აქ მოვჰკლავ ყარჩიხახანსა, კახეთს ფეიქარ მელასა”.

596

ზურაბ უთხრა: „შენ შვილს დასთმობ, მეც მოვითმენ ქართლისათვინ,

მაგრამ როგორ გაარიგებ, თქვი მართალი შენ ღვთისათვინ!”

უთხრა: „ზურაბ, შენგან მიკვირს, ეგ მიბრძანე მე რისათვინ?

გამიგონე, ყური მიგდე, ტკბილი გითხრა მწარისათვინ”.

აქა მოურავისა და ზურაბისაგან ყარჩიხანისა

და უსუფხანის ღალატის გამორჩევა, ქართველთ განდობა,

ანდუყაფარ ამილახორის დაჭერა. ნახეთ, თუ როგორი გამარჯვება

მოჰხდების და რას ძნელს განსაცდელს მორჩებიან კახნი და

ქართველნი მოწყალის ძალითა და შეწევნითა

597

„ასრე ვჰქნათ, უთხრათ ქართველთა, რაცა ჩვენ დაგვბარებია,

ვაფიცოთ ღვთით, რომ არა ქნან საქმენი საზარებია;

ანდუყაფარ კი შევიპყრათ, უთხრათ: შენ არშას ებია?

ქართველთ რისხვისა ღრუბელი შეუქნათ ღვთით დარებია.

598

მე ლაშქარშიგან ვიქნები მარტო ოთხისა მოყმითა,

ვერას იაზრებს საქმესა, რა სუბათ მნახავს ამითა.

როს პაემანი დაგიდვა, თქვენ მოდით შუაღამითა,

ღმერთმან მას მისცეს, მოხვიდეთ, გავჰხადო რას სიამითა”.

599

სულ ქართველნი შეიფიცეს, რა ეს საქმე დააპირეს,

ანდუყაფარ არაგვზედა მიიყვანეს, დაიჭირეს.

მოურავი ლაშქარშიგან იყო, მათცა მუნით ირეს.

აწ უყურე მას ლომგულსა და ოთხთ მოყმეთ ვით იგმირეს!

600

პაატა ხერხეულიძე, ავთანდილ ძითა თვისითა,

ელია დიასამიძე, პაპუნა ვაშაყასითა, ―

ოთხის კაცითა ესე ქნა, რას ეჭვ იქმოდა ასითა!

ამის მქნელს კაცსა სხვა ვინმე ვით შეუდარი ფასითა?!

601

მოურავი მასთან დადგა, ზურაბ ქართველთ წინ წაუძღვა,

მიახლოვდეს ლაშქარს, შავად იდგეს, ჰკვირდათ: ვით არს უ ზღვა?

ღვთით გვგონია მცირეთა ვსძლოთ, დრო მოვიდა კახთ სისხლთ

მოზღვა.

რა ამითი ხმა შეიგნა, ყარჩიხახანს უწყო დაღვა.

602

გაიგონეს ყიზილბაშთა მათ კიჟინა ქართველების,

უთხრა: „ჰკადრეთ მოურავსა, ეს ხმა მასცა ეყურების?

თეიმურაზს გონიიდამ ასრე მალ ვით მოესვლების?”

მიუბრუნა მოციქული: „უთხარ, ასერ გიახლების”.

603

მოურავი შეკაზმული მივა ოთხის ცხენოსნითა.

რა მოვიდა სარდალთანა, შემოსძახა მან კვნესითა,

უთხრა: „მითხარ, რა ხმა არის, ან ამ საქმეს ვით დამხსნითა?”

ჰკადრა: „არის თეიმურაზ, არ გვეხსნების არას ხსნითა”.

604

შეერია რა ლაშქარი, მან შესძახა ყარჩიხანსა,

შუბი ჰკრა და მუნვე მოკლა, ჯარს ასმენდა მუნ ჩახანსა;

გულს დაასო სამესისხლოდ, არ თუ ცოტად ხორცსა ფხანსა,

გააქცივნა მან ლაშქარნი, არ აყოვნებს მუნვე ხანსა.

605

იმის შვილსა მოურავის შვილმა უყო საქმე ესევ:

„მამაჩემმა მამაშენი მოკლა, მე შენ სხვას არ გისევ,

საქართველოს ამოწყვეტის მდომნო, ბევრის ავის მთესევ!”

მანცა შუბი ძალიანი ჰკრა, შესძახა: „მაგრა ესევ”.

606

ხმალს ქვეშ დაავლეს, ლაშქარნი აივსნეს საშოვარითა,

უკან მისძახდეს მეოტთა: „თუ აქეთ გაიარითა,

კიდევ უარეს დაგმართებთ სიცოცხლე გასამწარითა,

მიდით, შააბაზს შესჩივლეთ, მალ ყაზმინს ჩაუსწარითა”.

აქა ეს ომი რომ გარდასწყვიტეს, ფეიქარხანზედ წავიდნენ;

ბატონისშვილი ლელა უნდოდათ ეშოვნათ, მეფის ლუარსაბის და,

ზურაბისათვის შეერთოთ. ვეღარ მიუსწრეს და ბარდამდინ სდივეს,

და მრავალი ქვეყანა მოარბიეს, და დიდად გამარჯვებულნი და

ნაშოვარით სავსენი შემოიქცეს ქართლად

607

რა ეს ომი გაათავეს, გამობრუნდეს ლომნი მხნედა,

ფეიქარხანს, კახეთს მჯდომსა, მსწრაფლ მიუხდეს იმას ზედა;

ადრე ეგრძნათ, გასწრობოდეს, ვერ მოუსწრეს, დარჩეს ქვედა,

ზურაბს იგი ვერ უშოვნეს, ფეიქარხანს ვინ ჰყვა მზედა.

608

ვერ მიუსწრეს ფეიქარხანს, უკან სდივეს ბარდამდისა,

მოარბივეს არაზს აქათ, მოსრეს, თქვიან: „სისხლის გვდისა”.

მათ მტერობა ყაენისა თავს დაიდვეს მარადისა,

თავი კარგად მოიხმარეს, ვერ სცოცხლებდენ აქამდისა.

609

ესე საქმე მოურავმა უცხო ქნა და საკვირვალი,

ვით შემართა ამ საქმესა, არის თუცა გულად რვალი!

ეს ყველასგან უძნელეა, სხვა სახელიც ქნა მრავალი,

უსაცილოდ მართალია, არ ტყუილი, არ საკრძალი!

610

სახელისთვის მათ ცოლ-შვილი ორთავ დასთმეს, ეს იცოდეთ!

ვინ არ მიჰყვეთ მათ საქმესა, არ იცით რომ დიდად სცოდეთ?

რჯულისა და ქვეყნისათვის რა იქნების, რასაც ჰყოფდეთ?

აწც ეს ქენით, ქართველებო, ანდერძსავით შვილს ეტყოდეთ!

აქა მოურავმა და ზურაბ და ქართველთ მეფე თეიმურაზ

ჩამოიყვანეს გონიიდამე და ქართლი და კახეთი ორივ

დააჭერინეს, გააბატონეს და დაემორჩილნეს, და მოურავმა

მრავალი სახელმწიფო იარაღი ოქროსა და ვერცხლისა

და კარავორხოვანი და ბედაურნი ცხენი უძღვნა

611

გარდასწყვიტეს რა ეს საქმე, გამოგზავნეს ჩემთან კაცი,

მობრძანდიო, გვიპატრონე ჩვენ ლომებსა, არ ვართ ვაცი;

ჩვენ მოგართვათ სალარო და საჭურჭლენი, თქვენ კი გასცი.

მოგვივიდა ღვთის წყალობა გახარება ხელ-სატკაცი.

612

წამოვედით მხიარულნი, რუსეთს წასვლა მოიშალა,

დედოფლიან ქალებითა თმა გიშერი ჩაიშალა,

დაკაზმულნი განჩვენებით ტანსაცმელი არ იშალა,

ჩვენ ვიმღერდით ბულბულთაებრ, მაისს ვარდი გაეშალა.

613

მიველ მცხეთას, მამილოცეს, ღმერთს ვმადლობდი, მან მაღირსა,

მათ მომართვეს ბევრი რამე, თქვიან: „ქართლად ესეც ღირსა”.

მერმე მითხრეს: „მიგვისივე, ვინ სამტეროდ ხმალს გაღირსა”.

არ იქადდენ ცუდკაცურად, ათავებენ დანაპირსა.

614

შემომფიცეს დიდებულთა, თავადთა და გინდ მომცროთა:

„შენის მეტი, ხელმწიფეო, არ გვინდოდეს ჩვენ შენს დროთა,

ვირე გჭვრეტდეთ შენ ცოცხალსა პირად მზესა, ტანად ზროთა,

ჩვენი თავი მეტრთა ზედა ვამსახუროთ დასაზროთა”.

615

დავიჭირე ორივ ტახტი სამეფო და ქვეყნის გარე,

უთხარ სოფელს: მუხანათო, გამითავე, მოდი ბარე!

ხან სიმაღლე, ხან სიდაბლე, ეს ზნედა გჭირს მოსაგვარე,

ახალა ყველა დამავიწყე, რაც წამართვი, რაც წამგვარე!

616

გამოვიდა ხანი რამე სიმდიდრეს და სიხარულში,

ლხინს, ნადიმს და გახარებას, მოსვენებას, ძილს რამ რულში,

ბურთობას და ნადირობას, აქა-იქი სიარულში.

ჩვენ კაცისა შეპოება რასა ჰქვიან გვქონდა გულში?

აქა შააბაზ ყაენისაგან ისახან ყორჩიბაშის გამოგზავნა სულ

ყიზილბაშის ლაშქრითა და ბევრის ხანებით. ალგეთზედ მარაბდის

თავს შეებნეს ქართველნი თვესა ივნისსა, და ორგნითვე მრავალი

ჯარი დაიხოცა და ამოსწყდა, და ბოლოს ყიზილბაშთ გაემარჯვა

617

მაგრამ კიდევ ჩვენ შააბაზ არ დაგვიშვრა მტერობითა,

ამ ყოფაზედ ყორჩიბაში ჩვენ მოგვიხდა მოსწრობითა,

სრულ ერანი შეეყარა სოფლებიან მას ობითა,

გაუჩნდების აწ შუბებსა, თუ არ გატყდეს დასობითა.

618

ის მოვიდა ალგეთზედა, ჩვენ ავედით ტაბახმელას,

მე გიამბობ, თუ მომისმენთ, ომის საქმეს საქებელას;

მოდი, დაჯექ, გაიგონე, ახლო გიდგამ მაღალ სელას,

რაც არჩივა ათაბაგმა, ქართველთ და კახთ გეტყვი ყველას.

აქა დავით ასლანიშვილისა და აღათანგის ხერხეულიძის ყარაულად

დაყენება, რომელნი იყვნეს კაცნი მეომარნი, ორთავ თვითო

თვალი აკლდა, მაგრამ გულსრულად და მხნე-კაცად იბრძოდეს,

და ორნივე ამ ომში დაიხოცნეს მეწინაეში მისვლითა

619

დავითსა და აღათანგის ორთავ აკლდა თვითო თვალი,

ყარაულად იგინი გვყვეს, რა ჭკვა იყო, თქვი მართალი?

შემოსთვალეს: „თუ არ მოხვალთ, ჩვენ შევებმით არ ვართ

მთვრალი”.

არ გიკვირსთ, რომ დავიჯერეთ ნახევარზედ დანათვალი?

620

აღათანგის, ყორნელთა და დავითს ეთქვა გლდანელებით,

„შევებნეთო, რა გგონიათ, სიმრავლე აქვთ აქლემებით!”

დაეხოცათ მათ თათრები, გამოგზავნეს მკვდარ დილებით,

წამოდითო თქვენ ამათგან დაკოდილთა სადილებით.

621

შეიქნა რჩევა ომისა, იქ შებმისა და მოცდისა,

კაცსა მხნესა და ჯაბანსა დღე ამისთანა დასცდისა.

ზოგთა უცდურად არჩიეს და ზოგისა კი დასცდისა,

ზენა არს გამმარჯვებული, თვარემ კაცთ რჩევა მოსცდისა.

რჩევა მოურავის გიორგისა სააკაძე შიოშის-შვილისა

622

მოურავმა თქვა: „დრო არის მართლის თქმა ხანდახანისა,

გეტყვი, კახნო და ქართველნო, ხან ესე ვსთქვათ და ხან ისა,

მაგრამ იცით ხომ, ყაენთან ვარ დამყოფელი ხანისა,

სრულ ერანს გამოგზავნიდა, იქ არ დამჭერი ხანისა.

623

ქვეითობა იქ არ ვარგა, სიცხეა და მისჭირდება,

ღმერთმან ნუ ქნას, დაგვიმარცხდეს, სრულ ერთპირად ამოსწყდება.

მართლის თქმა სჯობს ტყუილისას, ცუდი არის მიდ-მოდება,

ეს არ სჯობდეს, დაისწავლეთ, რჩევა ნურვის დაგვიწყდება.

624

მე ამას ვარჩევ, მინდორად ნუ ჩავალთ, ნუ შევებმითა,

ჩვენს აქ დგომასა ვერ სცნობენ, თუ აწვე არ წავებმითა;

ქალაქს შემოვლენ თავწვრილად, აქ დავხვდეთ, შევიქთ ვნებითა,

მე ეს მითქვამს და აწ თქვენ თქვით, თუ იქ ომს არ ეშევებითა”.

რჩევა ზურაბ არაგვის-ერისთავისა, ნუგზარის შვილისა

625

ზურაბ უთხრა: „კარგად ბძანე, თუ იქ ხანი არ დაჰყოვნოს,

მაგრამ იცით მათი საქმე, ხანგრძლივ დგომამ ვერ აღონოს,

არ მოვიდენ სიმაგრეთა, ჭკუა მათი მოგვეწონოს,

ეგ არ მინდა, თუღუნითა მინდვრად უკან არ მედევნოს”.

რჩევა ბარათასი ბარათაშვილისა, რომელი იყო

ბარათიანთ სარდალი

626

ბარათა ბარათაშვილი მეწინავეთა სარდალი,

კარგ სარდლად იმას აქებდეს, მტერს მალ შეაქმნის ბანდალი:

„შეყრილის საქართველოსა ყოვნა არს არ სამართალი,

აქა-იქ დაგვეფანტვიან”. უქეს: „ამან თქვა მართალი”.

რჩევა მუხრანის ბატონის თეიმურაზისა და მისის ძმის

ქაიხოსროსი და იესე ქსნის-ერისთავისა

627

თეიმურაზ, ქაიხოსრომ, ორთავ ძმებმა მუხრანს მჯდომთა,

კვლა იესე ერისთავმან, სხვათ ქართველთა ომის მდომთა:

„თუ შეგვაბამთ, შეგვაბითო, რას ხელსა გვხდით აქა მდგომთა?

დროა დასდგეთ ერთს რჩევაზედ, თვარემ წავალთ ჩვენ სადგომთა!”

რჩევა ბაადურ ციცისშვილისა და იქ გულოვნად

შეიბა და მათვე შეაკვდა

628

ბაადურ თქვა ციცისშვილმან, ამ რჩევაზედ არ დაჭმუნდა:

„ჟამი არის მუნ სიცხისა, მზე ჰაერი დააბუნდა,

დაგვიმარცხდეს ქვეითობა, სადღა მორჩეს, თქმა არ უნდა,

თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა”.

რჩევა კახთ საბატიოს კაცთა და დარბაისელთა

629

კახნი მუნ ომსა ისწრაფდეს, უფროსი ჯავრიც ახსონდა,

თქვეს: „მათ იქიდამ რა დასძრავს, ვნახეთ ზახირა მოჰქონდა;

ორჯელ გალახულს თათრებსა საომრად ვინ შეუღონდა?

დილას შევებნეთ სიგრილით, ამას სხვა რჩევა არ უნდა”.

630

კახთა არჩივეს ერთპირად შებმა და მათი ომია,

თქვეს: „არსად წავლენ მუნითგან, ეს ადვილ მისახდომია;

ორჯერ გალახულთ შევებნეთ, ვინცა ხართ ომის მნდომია.

ზოგთა გვწადს ომი ახალი, ზოგს ბევრი გარდაგვხდომია”.

რჩევა მანუჩარ ათაბაგისა და მესხთ დარბაისელთა

631

თვით ათაბაგი მანუჩარ, ურუმთა გამოძებული,

ჩემთან მობძანდა იმ ხანად ომ-ნახულ, სახელდებული,

ამ დღეებზედა ნაქები, მრავალჯერ გამარჯვებული,

სამასის მოყმით, არ ბევრით, რაც ახლდა მისებრ ქებული.

632

მოახსენეს ათაბაგსა: „რად არ ბრძანებ უმჯობესსა?

თქვენგან უფრო ნაომარი არვინ არის ჩვენში დღესა!”

მან უბძანა: „კარგად არჩევთ, მე რას ვიტყვი უკეთესა,

მაგრამ ძველად ნათქვამია, ომი სამზღვარს მესამზღვრესა.

633

მერმე არის ორი რაზმი, დაახლოვდეს ერთმანერთზედ,

ვინც მოუხდეს მეორესა არ ყოვნებით იმავ დღეზედ,

მისი ჯარი გათამამდეს, მდგომთა დადგეს ძლივღა ფეხზედ.

ხანგრძლივ რჩევა ცუდი არის, გამარჯვება არის ღმერთზედ”.

რჩევა კახთა და ქართველთა ვაჟკაცებისა

და ომისა წადილი

634

ვაჟკაცები ისწრაფოდეს, თითქმის კბილთა იმსხვრევდიან:

„ჰე, რად ჰყოვნით მათზედ მისვლას, ისინი აქ არ მოდიან;

მეფის მზემა, უსაცილოდ ჩვენგან იმათ სისხლნი სდიან,

მინდვრად სჯობს ომი ცხენზედ, სიმაგრეში რასა ჰქვიან?

635

ამ რჩევაზედ ბარათიანთ წასვლის ეჭვი შეგვივიდა,

არ ჭორად თქვეს ეს ამბავი, მედასტურე მოგვივიდა.

თქვეს თუ: „ღვთის მადლს ამ ჯარშიგა არამც ეს ხმა გაგვივიდა,

ამად გვიჯობს ადრე შებმა, თუ ესენი წაგვივიდა”.

636

დავასკვნეთ ომი ალგეთზედ, მივმართეთ გულით მაგართა,

კაცთა სამების უცნობთა, მაჰმადიანთა, აგართა;

ჩვენ ვეზიარნეთ ქრისტესა ხორც-სისხლსა, მისთა ამართა,

რისხვით მოგვხედნა მოწყალემ, იგ დაცემულნი აღმართა.

637

ავიყარენით, რა მზემა მწუხრად ქმნა დანასულობა,

დავდევით ქრისტეს რჯულზედა ჩვენი ხორცი და სულობა

მხიარულად და თამამად, რას ჰქვიან დანასულობა?!

აწ გამოჩნდების მოყმეთა სიმხნისა მათ ლომ-გულობა.

638

დღისით ჩავლევით ავი გზა, ღამე ჩავედით ვაკესა,

ცოტას ხანს შემოვიცადეთ, არ თუ ყანები დამკესა,

კახნი ამბობდეს: „ვიაროთ, მოუხდეთ ფურებს მაკესა!”

რაზმი დავაწყვეთ, ვიარეთ, მეთოფემ ტალი დაკვესა.

639

რა ღამეს ბნელსა ნათელმან მომართა, ამან დარიდა,

მზე რა უღრუბლოდ აღმოჰხდა, ქვეყნად მოჰფინა დარი და,

ამ დღეს მოყმესა მამაცსა სხვას ზნით ვინ შევადარი და?

არ სხვას ზნეობის დრო არის, ჟამი არს საომარი და!

640

გათენდა და დაინახეთ ერთმანერთი მუნ შორიდამ,

დავაწყევით ორთავ რაზმი, ჩვენ აქათ და მათ იქიდამ.

მათი იდგა თვალუწდომი, სიმრავლე სჭირს მათ გვარიდამ,

მაგრამ ვერც სულ დაგვაღონა სიბევრისა ჩვენ არიდამ.

641

მან თურე ასრე გააწყო მეთოფე თოფხანიანად,

ჯერ ზარბაზნები გარშემო მომართა არაბიანად,

მას ქვეშ მუხლ-მჯომი მეთოფე, მეორე ზეზე დგიანად,

მესამე ცხენოსანია, მეოთხე აქლემიანად.

642

მივახლოვდით, კომლისაგან მზე დაბნელდა, ჰაერიცა,

ჰგვანდა, თუცა ჩამოვარდა ცა ქვეყანად, ან დაიქცა;

მოწმენდილი მზისა შუქი ჩვენს წინ ღამედ გარდაიქცა,

ვირემ კვამლი არ განქარდა, მათკე ვერვინ ვერ გაიქცა.

643

რა განქარდა თოფის კვამლი, შეუტივეთ ერთპირობით,

გულ-სრულად და ჯავრიანად, ვინ ვის წინა წაუსწრობდით,

ვჰხოცდით, ვლეწდით, ჩამოვჰყრიდით, არ ცოცხალთა შევიპყრობდით,

არ მოსწროდა შაბანდახან, სულ გაწყვეტას უპირობდით.

644

გავაქცივეთ დიდი რაზმი, ის მოგვიხდა აწ მოგანეთ,

მათს ურდოსა გავაცილვეთ, მოსვლა ერთხან შევანანეთ;

უკან ჩვენს რაზმს თავრიზელთა უწყეს ცემა, დიდად მავნეთ,

გაგვიქციეს უკან ჯარი, დაიზახნეს „გაათავნეთ”.

645

ამასზედა „თეიმურაზ, ვინ მუხრანსა პატრონობდა,

მოკლეს” თურე დაიზახეს. ზოგი კაცი ჩემსა სცნობდა,

გამობრუნდეს, უფრო ამით გულსა სალსა დამიდნობდა,

გამარჯვების სიხარული აღარ ჩვენთვის დაბდაბ-ნობდა.

646

ორისავე პაატასი თქვეს, თუ მოვა მოციქულად,

ასრე ჯარსა წინ მიგვიძღვნენ, დაიჯერე უსაცილად.

გაათავეს თვისი თქმული, სადგომსვე თქვეს დაქადილად,

ორნივ თოფით ჩამოყარეს, სიცოცხლე აქვს არ სიკვდილად.

647

ქვეითობა ურდოშიგა ალაფობდეს, იტვირთოდეს,

მათ, გლახ, თურე ის ეგონათ, მარტყოფს შოეს ლარნი ოდეს.

დაგვიმარცხდა, გამარჯვებულთ მართ სრულ ვითმე მოისროდეს,

სიცხისაგან ძალწართმულნი, ისარს ვეღარ მოისროდეს.

648

კვლავ მოისრნეს დიდებულნი ქართველნი და კახნი ბევრი,

აღათანგის სახლის კაცი შვიდი მოკვდა, კარგი ევრი,

სხვა ბაადურ ციცისშვილი, კახი დავით, გულად სვერი,

კიდევ ბევრი კარგი მოყმე დამიკაფნეს, ვითა ტევრი.

649

ჩოლოყაშვილი შვიდი და ცხრა კარგი მაჩაბელია,

სულ ვინ სთვლის აზნაურშვილთა, რაც მოკლეს, საქებელია;

სხვა ბევრი იპყრეს ცოცხალი, მოაბეს ყელს საბელია,

ძლივ მორჩა ალავერდელი, გარდაგდეს ხარჭაშნელია.

650

ათაბაგი ამირგუნხანს იმ დღეს შეხვდა ერევნისას,

შუბი პირველ გასტეხოდა, მინდობოდა ქნევას ხლმისას,

სამი, თურე, ზედის-ზედა შემოჰკრის და შესძახისას:

„ვარ მანუჩარ ათაბაგი, თავს არ ვფიცავ ყაენისას!”

651

მოურავმა იმ ომზედა მუზარადი არ დაიდგა,

თქვა: „რა მიცნას ყიზილბაშმა, ბრძოლად ახლოს ვინ მამიდგა?

თუ დავირქვა ანჩხაბერი, ვეღარ მიცნან, ვინც წინ მიდგა,

არ დამიშვრეს ხელი ცუდად, სანამ პირში სული მიდგა”.

652

ზურაბ ადრე დაგვიკოდეს, თურე სისხლმან შეაწუხეს,

იმისმა ძმამ დათუნამა და ავთანდილ დაიქუხეს.

რაზმი განვლეს, უკან სდივეს მუნამდისი, სად დგა მუხეს,

ფრეწდეს მათსა საჭურველსა, ყოფილიყვნეს ვითამ უხეს.

653

თუ ჩემიც რამ მოგახსენო, მგონ არ ვიყავ უსუარი,

საკვეხურად თუ ჩამიგდოთ, ამად თქმისა მაქვს უარი,

არა ვთქვა და, ისრე დარჩეს, აღარ იყოს მახსუარი,—

„რა უქნია თეიმურაზს” თქვან, რად არ თქვა ვით სა ვარი?

654

ამის მეტსა ვერას გეტყვი, რაცა მქონდა საომარი,

თუ ყველა არ დამემტვრიოს, ვიქნებიმცა მე ომარი,

შუბი, ხმალი, ლახტი გატყდა, მოვიხმარე კვლა ხანჯარი,

სომეხადმცა ჩაგიგდივარ, მათებრ ვიყო მეომარი.

655

მას დღეს მოკვდა ყიზილბაში ათოთხმეტი ათასიო,

ცხრა ათასი საქართველოს, ზურაბის ყმა ცხრაასიო;

მაშინდელთა დახოცილთა კაცთ ვითა ვთქვა საფასიო?

ამოგვწყვიტეს, მაგრამ კიდევ მინდა ვინმე მიუსიო.

656

რას ვაგრძელებ, დაგვიმარცხდა და ღვთის რისხვა მოგვევლინა.

არ დაბრუნდეს ღვთის ბრძანება, ერთხელ თუ გამოავლინა.

მადლი მასვე, ადრე ხანად კიდევ მათზედ გაგვევლინა.

აწ უყურე ქსანზედ მოსულთ, თუცა რაზომ გარდავლინა!

აქა მოურავი გაბრუნდა მესამეს დღეს ნოსტიდამე.

ლისს ქალაქისა და ციხის თათრები გამოვიდეს. ლისი

რომ დაარბიეს, მოუხდა და მოურავს გაემარჯვა

657

მოურავს ეთქვა: „ციხისა თათრები ლისს დამირბევენ,

ტყვეს წაასხმენ და სახლებსა ზოგს დასწვენ, ზოგს დააქცევენ;

არ უშველი, საბოლოოს თავს და შვილსა დამიწყევენ.

მივალ, ვნახავ მინბაშები მეთოფეებს რად მისევენ”.

658

მესამეს დღეს ნოსტიდამე ლისს გაბრუნდა, მიაშურა.

არ გიკვირს, რომ ამ დიდს ომსა ბრძოლისაგან არ დაუშვრა?

გარდახედა, ლისს არბევენ, ჯავრისაგან სისხლი უშრა.

რა გაჭირდეს, სიფიცხე სჯობს სიზანტესა, აჰა, მაშ რა?

659

დახოცა და გააქცივნა, კვლა მისდია ვერემდისა:

„რაც გიქნიათ, ის გეყოფის, მოვიდოდი ვირემდისა.

ასრე თქვენ ვით მიძაბუნეთ, კიდევ სული ამომდისა!

ყორჩიბაშმა გამაქცია, ციხის კაცნო, თქვენ რა გრჯისა?!”

აქა ყორჩიბაშმა ანდუყაფარ ამილახორის ცოლის გამოსაყვანად

არშიდამ ზურაბს საფიცარი სთხოვა და მისცა საფიცარი: ქალი

მოგცე და არცა რა ჩემს მამულში ლაშქარს დაუმარცხდესო და

მოის ჩემს მამულზედ ნუ წამოვა ლაშქარი, ქსანზედ ჩამოიარონო.

დასჯერდა ყორჩიბაში და გაგზავნა თორმეტიათასი კაცი. და

როსტომ რომ ქართლს გაბატონდა, დაუთ, სვიმონ მეფის

ძმისწული, მაშინ ხოსრო-მირზა ერქვა და ის უთავა. და

აწ უყურეთ თუ რას ყოფით ჩამოივლიან

660

როს შეიპყრეს ანდუყაფარ, ცოლიც არშას დაუტყოეს,

ყაენისგან მოცემული იყო, ამით შეიტყოეს;

ეს ლაშქარი ამით უფრო გამოგზავნა, ის იპოეს.

აწ დაუწყეს ლაპარაკი ზურაბის ძმებს, დაუყოეს.

661

შეუთვალა ყორჩიბაშმა ზურაბსა და მისსა ძმებსა:

„რად არ იცით შეპყრობილსა ხანუმს ყაენი ეძებსა?

თვით შვილისა-შვილი არის, ურჩევნია თავის ძებსა,

ეგ მომეცით, გავბრუნდები, თორემ ვერვინ გამაძებსა.

662

ფიცსა მოგცემ, შენს მამულსა მე ვაწყინო არა რამე,

თქვენც აგრევე შემომფიცეთ, საფიცარი მოგცე რა მე,

ჩემს ლაშქარსა თქვენს მამულში არა ევნოს თქვენიდამე,

მერმე დიდს ჯარს გამოვგზავნი, გამოვიყვან ციხიდამე”.

663

რა მოსლოდათ ეს ამბავი, ეთქვათ: „კაი რჩევა არის”.

მისცეს ამათ საფიცარი. თქვეს თუ: „ფიცად მგონივ კმარის,

ჩვენს მამულში არა ევნოს, მაგრა მოის გზა არ არის,

მოის ქსანზედ წამოვიდენ, შიში ნუ აქვთ ავის დარის”.

664

გამოგზავნილთა არაგვი შევლეს, მივიდენ არშასა.

გიორგი არჩევს სხვას თათბირს და ერიდება არ შასა,

ისარს დაუწყებს სროლასა, თოფსა დაუძრავს მაშასა,

ხანებს დაუხოცს ყაენსა, ხონთქარს არც ერთსა ფაშასა.

665

მივიდა არშას ლაშქარი, გამოიყვანეს ხანუმი,

საგძალი არ შეიტანეს, ხან მწვარი ჭამეს, ხან უმი.

ავს დღეს შეასწრო გიორგიმ ქალი გამდელი, ხადუმი.

რა გამოსცილდეს ლომისას, ხმა არის მო დასადუმი.

666

გამოსცილდენ ლომისასა, უკან მოჰყვა მათ გიორგი.

გამოიქცნენ, არ უყურეს, რაც მოსდევდა უკან ბარგი;

მოჰხოცდეს და მოსძახოდეს: „წინ დამხდომნო, აწ ივარგი!

ეს სახელი მე მიქნია, ნუგზარის შვილს, ჩემთვის დარგი”.

667

ეს ამად ქნეს, თუმცა ფიცი გასტეხოდათ ამათ არა,

მოსწეოდენ სხვის მამულში, დაეზახა იმათ არა.

ყიზილბაშთ ჭკვა დაეცდინათ, არ ხლებოდათ მათარა,

კარგად სჯობდა გაესინჯა, მოეხაზა, მოეთარა.

668

წინ დაუხვდა მოურავი და იასე, ქსნის მპყრობელი,

ქაიხოსრო, მუხრანისა ბატონია, ხლმის მსობელი,

ზურაბ, ქველი მეომარი და დათუნა საქებელი, —

წინ დაუხვდენ გამოქცეულთ, აწყევინეს მათ მშობელი.

669

ჩაიყარეს ორთავ შუა უკან მამყოლთ, წინ დამხდომთა.

ყორჩიბაშსა ამ რჩევისთვის აგინებდეს ვერ მიმხდომთა:

„ცოცხალს რაღა მოგვარჩენდა, არშას ციხის ჩვენ მიმხდომთა?”

უფროს ჰხოცდეს მახვილითა, სხვათ აქა-იქ კლდეზედ მხლტომთა.

670

წასვლის ღონე აღარ ჰქონდათ, მათ მოეღოთ სულ ხელ-ფეხი,

გაურისხდათ შემოქმედი, მოევლინათ ზეცით მეხი,

ვეღარც ხმასა იღებდიან, არ ისმოდა მათგან ჭეხი,

ქარქაშიდამ მათს ისრებსა ართმევდიან, ჰქონდისთ ჩეხი.

671

წინ შეუკრეს ასრე გზები, არსით კარი გაეღება,

იგინი დგეს უჩუმარად, ამათ ხმა არ შეეღება;

სისხლთა მათთა მინადენთა სამ დღე ქსანი შეეღება,

ცხენი, მათი საჭურველი ამათს სახლში შეიღება.

აქა ყორჩიბაში წავიდა და ბაგრატ მეფის, როსტომ მეფის

ძმისწული, პატარა სვიმონ ქალაქს ციხეში დასვა საბატონოდ

672

ამ საქმეებით გაბრუნდა, სვიმონ-ხან ქალაქს დააგდო,

სხვა ვერა გაარიგა რა, ვერცა ვინ სხვაგან გააგდო,

ქართველთ და კახთა დაჭერა მართ ისრევ ჩემზედ მააგდო,

ისევ დავიპყარ ორივე, სვიმონ ქვა ვეღარ ჩააგდო.

აქა შააბაზ ყაენის სიკვდილი და შასეფის

ტახტზედ დაჯდომა

673

აწ გარდიცვალა შააბაზ, ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებსა,

მის მტერობისა ბორიოს სიკვდილი მომიმყუდრებსა,

მის შვილის-შვილსა შაჰ-სეფის იმის წილ ამიყუდებსა,

პირველ წყალობით მომხედა, ბოლოს კი გამიცუდებსა.

აქა მოურავისა და ზურაბის დაქიშპება

და მოურავის უკუდგომა

674

ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინა მცირეთა,

აზვავდებიან, იტყვიან: „უჩემოთ ვინ იმღერეთა?”

დაბალს კაცს არ ახსენებენ, იტყვიან: „დამიჭირეთა”.

კაცი სჯობს საქმე კეთილი ანგაარ, მოგულძვირეთა.

675

ზურაბ და შიოშის-შვილი იყვნეს სიძე-ცოლის ძმანი,

გაეზარდა მოურავსა, ყოფილიყვნეს ვით მამანი.

აწ დაქიშპდეს უსაზომოდ, შუა დასვეს მათ სამანი,

დაემტერნეს ერთმანერთსა, აღარ მისცეს წამსა მანი.

676

მოურავი უფროსობდა მასზედა და ქართველთაზე,

თუ ეტყოდა, დასხდებოდენ, თვარ იდგნიან სულ ყველა ზე.

ქეშიკშიგაც უწვებოდეს თავითაც და სხვა შუაზე.

ვინც შესცოდის, ყველამ უთხრის: დაჰკარგეო, გალალა ზე.

677

მე ზურაბსა მოურავმა დამამოყვრა, გამიერთა,

თქვა: „უბოძეთ ზურაბს ქალი, გაიგონეთ სრულ ამერთა”.

მოიყვანა, მუხლს მაკოცა და გამყარა იმიერთა.

მაშინდელთა იმათს საქმეს სულ ვერ დავსწერთ, ცუდათ ვსწერთა.

778

რას უშველა, გარდიკიდნენ, მე ზურაბსა მიმიყენა,

სულ ქართველნი შემომძარცვა, ერთიც აღარ მომიყენა;

ზურაბს უთხრა: „შინ წაბძანდი, ამ სიტყვასა ნუ მიწყენა”.

პირველ იგი გაისტუმრა და მეც უკან წამიყენა.

679

მე ეს მითხრა: „ღმერთმან იცის, ქართლი მოგეც, ჩემი თავიც,

მაგრა რა ვჰქნა, არ განდომეს ჩემი თავი, მით ვარ ავიც;

მაგით თავსა ვერ მოვიკლავ, ან გულს დანა როგორ დავიც?

თქვენც წაბძანდი ზურაბთანა, იქიც მოვალ მითქვამს და ვიც”.

680

აღარ იყო გაცლის მეტი ღონე, სხვა რა მომეღონა?

გავეცალე ჯავრით სავსე, მისმა საქმემ დამაღონა.

მიველ დუშეთს ზურაბისას, იმანც თავი მომაწონა,

მითხრა: „ნახავ, ხელმწიფეო, მათ ყველაზე არ მოწონა?”

აქა მოურავმა იმერელთ მეფეს გიორგის შვილი სთხოვა ქართლს

საბატონოდ. და მეფემ მამუკა ბოქაულთუხუცესი, ამილღაბარა აბაშიძე

და ზემომხრის ლაშქარი მოსცა, და ათაბაგმა საფარფაშამაც ლაშქარი

აშველა; და ქართველნიც მას ახლდენ, ზურაბ ერისთვისა და იოთამ

ამილახორის მეტი. მოუხდა მოურავი და რაზმით შეიბნეს ბაზალეთს

681

აწ დაუწყო მეფეს თხოვნა შვილს ქართლისა საბატონოდ,

აჰყვა მეფეც, დაიყოლა, ბრძანა, არ აქვს დასაღონოდ.

ათაბაგსაც ჯარი სთხოვა ქრთამით რასმე მოსაწონოდ.

ორთავ მოსცეს მას ლაშქარი ჩემად სამტროდ არ საყოვნოდ.

682

მოვიდა, დუშეთს მოგვიხდა ქართველთ და სხვას ამ ჯარითა,

საკვდავად გამოგვიმეტა გულითა საომარითა.

უთხარ ზურაბს და ჩემს კახთა: „ერთს ომად თქვენცა ჰკმარითა,

მე ჩემი ქრისტე შემწედ მყავს, არ ვიბრძვი მე ომარითა”.

683

ზურაბ თქვა და ერთპირ კახთა: „ვიცით, ღმერთი გყავს მფარველად,

ყმას პატრონზედ გაემარჯოს, არ გვასმია ესე ძველად!

თქვენს წინ თავი სასიკვდილოდ დაგვიც, იდვას მძორი ველად,

ღმერთმან ქნას და სამართალმა, გაგემარჯოს ძოღანდელად”.

684

ედიშამ თქვა: „ღვთის მადლს, კახნო, ეცადენით, მას ვინ მოხვდეთ,

საქართველოს ის როგორ რევს, სხვანი ეგრე როგორ წავხდეთ?

თუ ვინ მოხვდეთ მამაცურად, კარგად გმართებს, რომ მას დახვდეთ,

თუ ცოცხალი გარდგვირჩება, კიდევ გაგვრჯის, უნდა ვახდეთ.

685

თუმც არიან უმრავლესნი, ეგრე დგიან ვითა ტევრი,

ღვთის წინაშე სწორი არის შავი ზღვა და ისერ ძევრი;

ბევრს ხუვილსა მოერევის, ჟამერთ გალეწს ერთი კევრი,

ერთმან სძლიოს ასეულსა, ორმან მოსრას ბევრის-ბევრი”.

686

რა მოვიდენ, ბაზალეთსა დაუკიდეს მათ ცეცხლები,

ავი დარი დასცემოდა, დახუთოდათ მათ ხელები.

დავინახეთ, მსწრაფლ მივმართეთ ჩვენ სახლებსა ნათბილები,

შეჭურვილთა მეომართა ცხენი გვყვანდა ფიცხელები.

687

მე მახლდენ ქართლით ესენი: ზურაბ და ამილახორი,

ხან წამივიდის იოთამ, ხან დამრჩის მწვე ნამსახური,

ზნე-კეთილი და საჭვრეტლად სრულ კარგი, არ უსახური,

ხან ჯარით მახლდის, ხან ასრე, თუ შერჩის ორი მსახური.

688

მივედით, ორგნით შეიქნა შეტევა, შემოტივილი,

ხმის ბაიბური არ იყო, ზახილი, არცა კივილი.

დაუკოდელი ვერ მოვრჩით, იმ წამს არ იყო ტკივილი,

თუმც მაშინ ვერ შევიგნევით, მერმე შეგვექნა ჩივილი.

689

მოურავს რა დავენახე, შეჰბრალოდა ჩემი კახნი:

„ჩემი — ეთქვა — უღირსი ძმა, ამოსწყვიტნა მწიფით მკვახნი”.

ღვთით ამათვე მუზარადნი დაუმსხვრიეს, ვითა კვახნი”.

დახოცნეს და ხელთ დაიპყრეს, ის წავიდა ცუდ-მომკვახნი.

690

გოგორისშვილს დაუთბეგსა მისი კურტაკი ჩააცო,

თვისსავ ლურჯსა ცხენსა შესვა, უთხრა: „აბა, კაი კაცო,

ზოგი შუბით ჩამოაგდე, ზოგს ზუჩზედა ლახტი სტკაცო;

ვინ მოგიხდეს, კარგად დახვდი, ვითა გმართებს შენ მამაცო”.

691

პირველზედვე შემეყარა ეს დაუთბეგ, შუბ ხელთ-მქონსა,

შუბი ვჰკარით ერთმანერთსა, მაგრამ ვერც ერთს დაგვიმონსა,

მერმე საამ კობიას ძე მოგანებით შუბს მოსწონსა,

მოვიდა და გვერდს შემოსცა მას, მორევის ჩემსა მგონსა.

692

ვეღარც იმან ჩამოაგდო და ცოტადრე გარდახარა,

მას კვლა ზურაბ შეუზახა: „მოურაო, თქვი თუ ხარა?”

— შიშველს ბარკალს ხმალი დაჰკრა — „ეგრე მაგრად რად სდგახარა?”

სრულ მოჰკვეთა, გარდააგდო, იცოცხლაღა მან, გლახ, არა.

693

მერმე შემხვდა აბაშიძე, იგ ღონენა ქვიშხეთელი,

თავი ფარში ჩამოეყო, მოეხარა ვითა თელი,

ფარის კუბოს შუბი მიკრა, მაგრა ვერ მყო მიწის მთელი,

სამკლავეცა გამიტეხა და დამკოდა მე ნათელი.

694

ედიშას თქმული გათავდა, ეპოვნა მოურავია,

გულსრულად თურმე მოვიდა, მან აღასრულა დავია,

უმუზარადოთ ომს შესვლა კარგთა კაცთაგან ავია, —

ამანც შუბი ჰკრა, მაგრამე მან კი გაუპო თავია.

695

რა ედიშა ჩამოაგდო, ადგა, უნდა მოეწვა და,

მან დაასწრო, თავსა დაჰკრა, ხმალი ძლივღა მოეწვადა,

შუა პირი მოეხვედრა, არ თუ მჯიღი მოეწვადა;

ეს მოკლა და გარდიხვეწა, გლახ, გრძლად წყლული არ ეწვა და.

696

ერთს ომს უფრო გასაჭირსა მართ აღარსად დავხდომივარ,

ჩემს ჯარშიგა დაუკოდი ძვირად მორჩა, და არც მე ვარ.

გამემარჯვა ღვთის ძალითა, არ მოვჰკვეხდი, სულ ომში ვარ,

ყმანი მყვანდეს ნაომარნი, ვით ამირანს მისი სავარ.

697

მამილოცეს იმერელნი, ქართველები, მერმე მესხით,

შეუზახე: „დიდებულნო, რას საქმეზედ თავს დამესხით?

თქვენგან იყო რა საქნელი, ჩემზედ იმას თქვენ მოესხით?”

ვბრძანე: „მინდა ნუღარ გიდგან, ასრე აქეთ წამოასხით!”

698

ხოსუა მაჭავარიანს, მიყურე, რა მოვაწიო,

ყურებს დავსჭრი შიგ ძირშიგან, ნუ ეჭვ ახლოს დავიწვიო,

შემეხვეწა: „სულ ნუ დამჭრი, ცოტა იქით მიიწიო”,

როდეს დასჭრეს, შემომზახა: „არ მეგონე გულპილწიო”.

699

მოურავი აღარ დადგა, ახლა ხონთქარს მიაშურა,

ვერ კარგად ქნა ორგულობა, ვერ ომი და ვერა შურა;

ხვანთქარმან სცა მწვედ პატივი და წყალობა არ უშურა,

ერთს თავს-ვეზირს გარდაისად მას წინ დგომით სხვად უშურა.

700

ქაიხოსრო და იესე, კვლა სხვა ბევრი ქართველები

თან გარდაჰყვნენ სააკაძეს, თავადები ძირ-ძველები;

იქაც ბევრი სახელი ქნა, მაგრამ თავს გარდავევლები,

იქ დახოცეს ქიშპობითა, ვეზირმა ქნა ეს ნავნები.

აქა ზურაბ ბატონს წაუვიდა და სვიმონს მოუვიდა, ქართლი

დააჭერინა, მერმე მოკლა და თავი კახეთს ბატონს გაუგზავნა, და

ისევ მეფეს თეიმურაზს დააჭერინა ქართლი სრულიად

701

რა წავლეთ ხანი, ზურაბთან დამიწყეს ჩხუბს ჩამოგდება,

რად ვერ მოუხვდა, ეს მიკვირს, ცრუს კაცს თავისა აგდება?

სიძე იყო და შვილად მჩნდა, მახსოვს ვალისა დადება,

ადრე ამყოლი სიტყვისა მე აღარ მეიმედება.

702

გავეცალე, კახეთს ჩაველ, ის სვიმონ-ხანს მიუვიდა,

ფიცითა და თავდებითა ქალაქს ციხით გამოვიდა,

წამოუძღვნა ზემო-ქართლზე, თან მოჰყვა და წამოვიდა.

თუ მე ზურაბ მიორგულა, რად ვერა სცნა თავს მოსჭრიდა?

703

ცოტას ხანს სვიმონ ქართლითა ზურაბს ხელთ ჰქონდა ამარად,

ესეც მოსწყინდა, ასრე თქვა: „აწ ეს მაქვს მე საომარად.”

მამას უხმობდა სვიმონ-ხან და ფიცი არ იწამა რად?

მოკლა მან ჩემად უგრძნობლად, მიწა ძლივ მისცა სამარად.

704

თავი უფადარს მამწივა ყაენთან წასვლის მნდომელსა:

„ვით გაგიშვებდი ხელითა, ვირ გხედავ სულთა-მდგომელსა,

ყაენთან წასვლას ესე სჯობს, ქართლითგან შემომწყრომელსა,

ბოლო არ გაუთავდების ბატონის სისხლში მჯდომელსა!”

705

აღარ წაველ ყაენთანა, ისრევ ქართლსავ მოუბრუნდი,

აწ სრულ ერთპირ დავიჭირე სომხითიან, არ დავჭმუნდი;

ხან სიმაღლეს, ხან სიმდაბლეს მიმცა ვინ მე, ასრე უნდი,

ორსავ კარგად ვიტვირთევდი, არცერთ არას შეუღონდი.

706

ამ დროს ვთქვი „ლეილ-მაჯნუნი”,„ზილიხან-იოსებისა”,

ქება, შვენება, სიტურფე, მიჯნურთა ცეცხლებრ დებისა,

გაჭრა მინდორად, ხელობა, გულთა ლახვრულად სობისა.

ტკბილად რამ აღმოვმეტყველე ლექსები სხივ-შუქებისა.

707

გამოვარჩინე ნათქვამი მე ჩემის მუსიკობისა,

არ დაშვრა ენამეტყველი ტკბილად მათზედა მკობისა,

განმარტვითა ვთქვი ქართულად, თქმული სპარსთ არაკობისა,

არ დამორჩილდა მეძავსა იოსებ იაკობისა.

708

აღარა მყვა მტერი მოღმა, მეომარი შემომბმოდა,

დამმორჩილდა ყოვლი ურჩი, ყელსაბელი ვითა ბმოდა.

ყოვლგან ისმა ეს ამბავი და შეიქმნა საამბოდა,

შვება იყო სამუდამო, ლხინ-სობათი შეიმკოდა.


აქა ბატონმა თეიმურაზ ლეკის-წახეთის მიხდომა მოინდომა

სარუბაშს, და ცხენი წაექცა, თვითან ვეღარ წავიდა და ზურაბ

უთავა ქართველთა და კახთა, და მიუხდენ

709

გამიწყრა ოდეს ყაენი, მას მოჰყვა წახეთს ვინ ზისა,

ალიბეგ სახელდებული, პატრონი სარუბაშისა;

მისი მომინდა პასუხი, ჩვენება ჩემის რაზმისა,

მალ შევანანე სიკვდილით მოყოლა შააბაზისა.

710

ალონში ცხენი წამექცა, თავს მტვერი გარდავიყარე,

ძალიან დამცა მიწასა, მაჯები ამოვიყარე;

ვეღარ შევიძლე ლაშქრობა, ვერ წაველ, ვერ ავიყარე,

ზურაბ, კახნი და ქართველნი მათად სამტეროდ წავყარე.

711

ევლოთ, მისლოდეს სარუბაშს, მას შეუტყობრად მყოფარსა,

ასრე შეპარვით მიუვლენ ძაღლებსა მათსა მყეფარსა.

ვეღარ გაუსწრეს, წახეთსა გარ ჯებირს შემოიფარსა,

ქვეითად შეუხდებიან, აგლეჯენ ხმალსა და ფარსა.

712

ზურაბ ცხენით გარდაუხდა, შეუზახა სრულ ლაშქართა:

„გარდმოხედით ყველა ცხენით, ვინ ბრძანებით აქა ხართა!

ვითღა მიხვალთ მეფესთანა, თავს ვერ ნახავთ განახართა?

ვსძლევთ ომითა, ვერ დაგვიდგმენ ხმალ-მოწვდილთა, დანა ფართა”.

713

ამ სარდლობით მალ აეღოთ ჯებირი და სხვა სიმაგრე,

თავი მოსჭრეს ალიბეგსა, შეუზახეს: „იდევ აგრე,

მით გმართებდა შექნილიყავ შააბაზის შენ მოსაგრე?

სარუბაშმა ვერ დაგვიდგა, წა, წახური გაამაგრე!”

714

მოვიდეს, თავი მომართვეს და საშოვრის ფანჯიაკი,

ექმნათ ბევრი საშოვარი, დაეცალათ ცხვართა ბაკი,

მომილოცეს, მიულოცე, თქვეს: „გათავდა თქმული აკი.”

აწ შეიქნა ნადიმობა, არ თუ ცუდი რამ ტაკ-ტაკი.

აქა ზურაბ ერისთვის სიკვდილი

715

ენის ძალი შენ გითქვამს და ცოტა მეც რამ მოგახსენო,

ტკბილი ასპიტს მოამდოვრებს, მწარე ძირში გარდახსენო.

თუ კარგგვარად გაგასინჯო, მგონივ ავად არ მახსენო,

ავმა ენამ საქმე მიყო, ავი, ღვთის მადლს, ჩამომხსენო!

716

ენას აქვს გესლი ბოროტი უმწარე ასპიტისაგან,

თვით დამიცდია აგრევე, ვითა მასმია სხვისაგან.

წინასწარმეტყველთ ასე თქვეს და მტკიცედ თვის და თვისაგან.

მათი მესმინა, მიჯობდა, ეწვართა ავს ავისაგან.

717

ენა მლიქნელი გონებას მყუდროსა, მშვიდად დებულსა,

გულსა განმსჭვალავს და ღვიძლსა გააპობს, სიბრძნით ქებულსა:

ანაზდათ აღსძრავს რისხვასა, შეიქს ცეცხლ-მოკიდებულსა,

აღდუღებს ნაღველს ცეცხლთაებრ, ცნობაზედ ზედ მიწებულსა.

718

ყურსა ლახვრულად ეცემა, უმაგრეს გრდემლ ნაკრავისა,

თვალსა აამღვრევს წმინდასა, ხედვიდეს ავს არ ავისა,

თმათ აშლის, ხელ-ფეხთ ფრჩხილებსა გასწვავს ცეცხლ-განაკრავისა,

შფოთს ააყოლებს ვინც ისმენს, უმშვიდეს იყოს კრავისა.

719

თუ ვინ ჩავარდეს წყალსა და აღმოხდეს დაუსველებლად?

წიაღში მკვრელი ცეცხლისა ვით დარჩეს დაუმწველებლად?

ან ბადეს ვინღა განერეს, აცლიდეს გამოსადებლად?

ვინ ისმენს მლიქნელს ენასა, არ უნდა ცუდად სადებლად.

720

ვისცა არ უნდა აყოლა სიტყვა ავისა, ცუდისა,

ვით ნაკვერცხალი კალთასა დაგეცეს, შეშა უდისა,

ანაზდად თუ არ გარდაგდებ, ნატისუს ალი უდისა.

აგრევე ენას თუ უსმენ, დაგრჩება, დაიბუდისა.

721

რადგან ეს ვიცი, რად ავჰყევ ენას ავისა მბობელსა,

ლბილისა გამსალებელსა, ფოლადის დამადნობელსა,

უცებთა შეუტყობარსა, ბრძენთაცა ძლივ საცნობელსა,

ყელშიგან წამჭირებელსა, საბელსა დამარჩობელსა?

722

რას მიშველა, ვინანი და ღმერთს ვიაჯი მოტევებას,

მაგრამ ძნელად გაეძლების ყმის პატრონზედ აზვავებას.

ორივ ერთად შემეყარა, ამად ვერ ვიქ ჯავრთა ვსებას.

ავი ენა, იგ ამაყი, ასრე შემიქს მე დავსებას.

723

სჯობდა, თუ ორივ დამეთმო ღვთის წინ და ამ სოფლისადა,

ვირე ცოცხალვარ, ვინანი, სამუდმოდ ცრემლი მდისა და...

რად მოვჰკალ, ვით შემოვიკალ, შვილის უმჯობე, ძმისა და,

ნამსახური და კვლავ სიძე, სიკეთე აქვს მოდგმისადა?!

724

ღვთისა მეშინის, კაცთაგან მრცხვენის ამისსა მყოფელსა,

გული გაშმაგდეს და ხელნი შემხმეს მის ლახვრის მყოფელსა!

სახელმწიფონი ოხრად მიჩნს, რას ვაქნევ მე საყოფელსა?

იმ სოფელს ნუმც მეკითხება, გარდამხდეს ამავ სოფელსა!

725

ამისგან უგრძედ ამის თქმა ავია, ამად გაუშო.

გვერდს მიჯდა, ვბრძანე სიკვდილი, სისხლი მან ჩემს წინ გაუშო,

დედამ მისთანა თავადსა შვილი ვეღარ ვისღა უშო.

რადგან ის მოვჰკალ, ამაყი არ მმართებს სხვაღა აუშო.

ამას ზეით ლექსები სამისა ერთგვარი იამბიკოთ რომ თავბოლო ლექსად

აქვს, ერთს კიდევ სხვის იამბიკოთ ზეითი-ქვეითი სტრიქონი და თავბოლო ლექისი

აქვს; ცხრა ლექსი ანბანთ ქებისა ოსეთს არის ნათქვამი, ქრონიკონის ლექსით ორმოცს დღეს.


726

ამას ზეით ოსეთს მითქვამს, ამას ქვეით ვიტყვი რუსეთს,

სოფლისაგან არას მიკვირს, მობალხენიც მივლენ მისრეთს.

კარგად მიყო, არ ვემდურვი, ასრე უნდა საქმეს ისრეთს.

კიდევ ღმერთი კარგად შესცვლის, მოწყალებით ისრევ იღმერთს.

727

ნაღვლის რასმე საქარვებლად მე ეს საქმე ვიმეგობრე,

ქვეყანაა მჭიდრო რამე სამესისხლო, სამეკობრე.

ზოგთ ვაქებ და ზოგთ ვაძაგებ, ავის საქმის მე დამგმობრე.

ასე ამან შემიქცია, აღარა რამ ვისალმობრე.

აქა მეფის თეიმურაზისაგან ულუკოსორის მიხდომა

728

ამას უკან გავილაშქრე და მიუხე ულუკოსორს,

თუ ამირან გაბედევდა, არ უქნია ეს არ ნოსორს.

სამ-დღე შევლე დაღისტანი, ოთხისაგან უფრო მოშორს.

რას ეჭვ ამის შემმართველი, შევებმოდი დვალს ან ოს ორს?

729

დავსწვი, დავსტეხე კოსორი, უწინ არვისგან ქნილიყო,

თუ არ ისევე ჩემგანვე, უთუოდ სხვისგან ძნელ იყო.

ნატყვენავი და ალაფი მოის მუხრანსა განიყო.

ვეღარ მემტერნეს მას აქათ, მერმე მშვიდობა დამიწყო.

აქა არეზს აქათის მორბევა მეფის თეიმურაზისაგან

730

აწყა ჩაველ, არეზს აქათ მოვაოხრე, მოვარბივე,

ორგული და ურჩი ჩემი ვინც გამოჩნდა, დავაბივე.

ამ ორისავ ტახტის მჭერმა მეფეც მოყვრად მოვიბივე,

ურჩსა მივე არაფერი, ერთგულებსა ბევრი მივე.

731

დაუთხან იჯდა განჯასა, უნდილაძე ბეგლარბეგად.

წამოვიდა, მამივიდა, თვით ჩემთანვე იყო მდეგად;

სრულ ყაჯარი თან იახლა, იორზედა დადგეს ბეგად,

მერმე კახნი თავს დაასხა მოსასრველად, გარდაგებად.

732

ყაენმა მთხოვა ბევრითა წყალობა უსაზომითა:

„დასწყნარდი, მამეც დაუთხან, გაძელ ჩემითა ომითა,

წყალობა გიყო მრავალი არ ხერხად შემამდგომითა”.

ამად ვერა ვქენ, ვერ მივეც, რომ ხმალზედ მამენდო მითა.

აქა სააკაძე როსტომხან სპასალარი გამოგზავნა შასეფიმ ყაენმა და

როსტომ, ბატონის სვიმონის ძმის დავითის შვილი, გამოატანა

ქართლს გასაბატონებლად და კახეთს სალიმხან

733

აქ სააკაძე როსტომხან ერანზე ასპასალარა,

კვლა დაუთხანის შვილს მისცა, მას როსტომ ეთქვა სალარა,

ქართლი მისცა და სხვაც ბევრი საჭურჭლე მას ასალარა.

მოვიდენ, თუმცა გამაგდეს, მოისვენებდა მალ არა.

734

რა მოვიდენ, ბარათიანთ ფიცი სტეხეს, მიუვიდენ.

რა დათუნა ერისთავი მისის ძმებით შეთაბუნდენ,

ხმალი ვეღარ გაუმართე, ყმათ რა მიყვეს საქმე ესდენ!

მეც წაველ და ჩემნი ყმანი იმერეთსვე გარდმოვიდენ.

735

ქართლი როსტომ დაიჭირა და კახეთსა დასვეს სალიმ,

ჩემი ქრისტე ადრე მამრევს, გამიმაგროს ის ვერ ალიმ.

რა მიუხე, მოარჩინა ცხენმა მისმა მუხლად მალიმ.

ისრევ ფეხზედ დამაყენის გაბედვამ და ჩემა ძალიმ.

აქა როსტომ მეფისაგან დათუნა ერისთვის სიკვდილი,

და საერისთოს შეხდომა და დამარცხება, და ზაალ

ერისთვისაგან მეფის თეიმურაზის ანანურს

დვალეთზე მოყვანა.

736

როსტომ მოკლა დათუნა და თავი ყაენს გაუგზავნა,

რა შეუხდა საერისთოს, სხვათ ძმათ აღარ დაეზავნა.

ზაალ, მისმა უმცროსმა ძმამ, გამოქცევით გამოგზავნა,

რომელიც რამ თან რამ ახლდა, ისიც დარჩა, დიდად ავნა.

737

გამოგზავნა ჩემთან კაცი ფიცითა და თავდებითა:

„ვირ ვცოცხალვართ, მუნამდისი ჩვენ ამ პირზედ დავდგებითა,

არ გიტყუოთ არას საქმით, არას მიზეზ დადებითა,

არ სიტყვით და არა ტრელით, არ იქი-აქ მოდებითა”.

738

შემიჯერეს ფიცითა და, წაველ მთისკენ ანანურსა,

დვალეთზე გარდავიარე, რა გზა მექნა სადაურსა.

მამეგებნეს მხიარულად, აღარ გვანდეს დანამდურსა,

მერმე წვრილად მიამბობდეს მუნ ამბავსა იქიურსა.

739

სალიმისა თქვეს მოსაბრუნს დგომა, სახლისა აგება,

კვლავე როსტომის ტფილისსა სამუდმოდ სუფრის დაგება:

„გვმართებს როსტომის მტერობა, სალიმის მალ გარდაგება”.

„მაგრა სალიმის გაგდება” — ზოგთა თქვეს — ,,სჯობდეს ეგება”.

740

თქვეს, თუ „როსტომ ციხესა ზის, სალიმ არის კახეთშია”.

ესე მესმა გაჯავრებულს, ლომს ნადირზედ მომემშია.

გარდუხე და გავისტუმრე ფეხშიშველა, უმაშია,

ჩემთა ყმათა წინ მიმასწრეს, პაღური ჰკრეს დუმაშია.

741

კახეთი იყო უკაცო კვერნაქიანად გაღმართი.

ასე მოგვეპყრნენ თათრები, ვით ისრაელთა წარმართი.

ანანურს ვიდეგ სამს წელსა, ვიარე აღმართ-დაღმართი.

მრავალი მტერი ამიტყდა, მართალი, არ უკუღმართი.

აქა ოხიაყორჩის დავით ასლანისშვილისა და გარსევან

ჭავჭავაძის, გულბათის შვილის, ანანურით სათოფეთ

წასვლა და ლეკების დახდომა

742

ანანურიდამ წავიდენ გარსევან და მამუკაი,

თუმც მამუკა უმჯობეა, მაგრამ არის ისიც კაი,

თვითანც კარგნი მეთოფენი და იმათი სააკაი,

აქათ მივლენ თვით ესენი, მთიულს დახვდა ბაკაკაი.

743

რა მოვიდნენ სანადიროს, ორნივ წავლენ ერთსა მხარეს,

ლეკნი თურე მზირად უსხდეს, ორმოცია არემარეს;

ბუსუნი ქნეს, ჩაცაუსხდენ, არ თუ შორით მოუარეს,

მათ ერთი ლეკი ხეზედ ჰყავს, ახლოაო, არ თუ შორეს.

744

ლეკი ნახეს ხეზედ მყოფი, მისმა ნახვამ გააცინა,

ერთმანერთსა დაჰპატიჟეს სროლა მისი, სისხლთა მდინა.

ჰგავს გარსევანს უსროლია, მგონი, კიდეც დაეცდინა:

რად ვერ მიხვდენ სხვათაც ყოფნას, კარგნი კაცნი რამ აცდინა?

745

რა თოფის ხმა გაიგონეს, მზირთ ფარული გააცხადეს,

ორნი დარჩეს მოდაბლებით, ლეკნი ზეით წამოადგეს;

გამორიდეს, უკან მოჰყვნეს, ვინც დაეცა ვეღარ ადგეს.

აწ უყურეთ მამუკასა, ჭკუა როგორ გამოადგეს!

746

გარსევანს თოფსა დაცლილსა ფეხი წაუბრკმა, დაეცა,

ერთი უძახის მეორეს: „კა მაგას, დანა დაეცა”.

მამუკა თოფსა აიღებს, არ ესვრის, ჭკუა მოეცა.

გიუნა ნატრობს: „მამუკას ვხლებოდი ნეტაი მეცა!”

747

მამუკასაც თუ ესროლა, მოეკლამცა მას ერთიცა,

მასც მოჰკლავდენ უსაცილოდ, ჩაივლიდა იმათიცა,

კაცმან უნდა იმ დღეს ჭკუა მოიხმაროს და ღმერთიცა.

მოსულიყო სადგომს, ეთქვა დიდი რამე მას ფიციცა.

748

მამუკა ერთათ სიფიცხით და მერმე ჭკვითაც მოურჩა,

ესე სასირცხოდ დაიდვა, რისთვის გარსევან დაურჩა.

თქვა: „მივსდევ დაღისტანამდი, იმას ვეღარვინ დაურჩა,

სად მიიყვანენ, მივჰყვები, მე თეიმურაზ დამირჩა”.

749

გავიდა გაღმა სოფლებში, დავლო ფშაველი ართანა.

ვინც პოვა, არვინ დააგდო, მან არ იახლა ართანა,

უკან გაუდგა გარსევანს, ამხანაგს ნაომართანა.

იმ ტოლი კაცი იმ დროსა მე აღარ მყვანდა მისთანა.

750

ლაგოდახად წაეწივნენ, გარსევან ჰყვათ ხელშეკრული,

ნახა წინამ ამხანაგმა აუფეთქდა მწოვედ გული.

მამუკამ თქვა: „არ შესძახოთ, დაიღევით ასე სული,

თორემ იმას იქავ მოჰკლვენ, მეც დავრჩები დაკარგული.”

751

შეეპარნენ ტყის ბედითა, რა მოვიდენ, შეუზახა.

თვითან მივა ყველას წინა, სხვა არავინ წაუძახა.

ხლმით დახოცა მან ლეკები, აღარც სულთქვნა, აღარც ახა.

გარსევანც ლეკი შეიპყრა, რა ესენი დაინახა.

752

ზოგთა თქვეს, თუ: ესე საქმე მამუკამა ვერ ქნა კარგა,

განა თუ არ მოსწეოდა, მას უკან რადღა ევარგა.

შენ რას იტყვი, მე კი მამწონს, ჩემწინ იმან კარგა დარგა.

კაი საქმე წახდებოდა, თუ ლეკთ აქ არ დაებარგა.

აქა მეფის თეიმურაზისაგან კახეთში ჩასვლა

და შენობის დაგდება

753

რამდენჯერ ლეკთა შევები, არ მახსოვს მე სათვალავი,

ან რაზმით, ან წინ დახდომით, ან მდევრად დასაღალავი;

ვერ წაგვივიდის ჯარი და, ვერცა იქი-აქ მალავი.

უფროსი ერთხან უჩემოდ ყმანი მყვეს მათი მძალავი.

754

ხისიყის ნაცვალს ჯიმშიტას, ხისიყელთ არ მოურავსა,

ორჯელ ლეკთ რაზმის ომზედა უყურე სისხლში მცურავსა!

დიაღ სარდლობდა ჯიმშიტა, ომის ოფლს მოიწურავსა,

ორჯელვე გამარჯვებოდა მას სიხრდლის არ მიმწურავსა.

755

კახეთს ჩავედით ბატონყმით მემკვიდრე, არ თუ ახლები.

რასაც ვით გავწვდით, დავსახლდით, დავიდგით ყოვლგან სახლები.

არაგვისა და ქსანისა ერისთვებთანა ნახლები

იყვნეს კახნი და, ისინი ერთმანერთს მოყვარ-მძახლები.

756

ერთგნით ყაენის ლაშქარი მებრძოდა არ ხანდახანდა,

დაუმადლებდა ჩემს წყენას, ასე სულთნები დახანდა,

მეორედ როსტომ, ქართველი, ვინ კარგი, ან ვინ და ხანდა,

მესამედ ლეკი მტერობდა, სამუდმოდ ვინც გაშამხანდა.

757

მაგრამ ვერათ შემაწუხეს, ჩემგან იმათ ეშინოდეს,

ვლაშქრობდი და ვნადირობდი, ლხინს ვნახავდი მე შინ ოდეს.

„მოვიდაო თეიმურაზ” — როსტომს კაცი მიურბოდეს,

ხან გორს იჯდის, ხან ქალაქსა, ციხეებში მწვე ლხინობდეს.

758

ქართველთა ჩემი ერჩია, მაგრა ყაენი მას ება,

არეზს აქეთი ლაშქარი ხან ნაცვლით ექეშიკება,

ციხეში იჯდა, ფთხილობდა, გაძნელდა მისი გაძება.

რა საქმე დაგვიანდება, სხვაც რამე დაეწმასნება.

759

ხანდახან დავზავდებოდი, ყაენს შევსძღვნიდი ფეშქაშსა,

გამოგზავნიდა ხალათსა, მის შესაფერსა ზარქაშსა.

კვლავ რუსეთიდამც მოვიდის, ფლურით ავსებდნენ ბარქაშსა.

როსტომ მეფესაც გავრიგდი, უხარის ჩემსა დამაშსა.

აქა დიდოეთის მოსაქცევლად წასვლა

მეფის თეიმურაზისაგან

760

დიდოთ ვსჭვრეტდი ყოვლთ წარმართზედ უღვთოთა, უუსჯულესსა.

ღვთისგან შორს და მის უცნობლად კვლავ ეშმაკთა მემსხვერპლესა;

არ უსმენდენ ებისკოპოზთ, რაც რომ მათთვის დაეწესა.

ვთქვი, აწ წავალ, ძალს უჩვენებ სულელთა და ჭკვამოკლესა.

761

ამად წაველ მათ წარმართზედ, მინდოდა რომ მამექცია,

მერმე, თუ არ დაეჯერათ, ციხეები მამექცია,

ვამე, მათგან კარგთა ყმათა სისხლი კლდეთა მამექცია.

მათ ასეთი საქმე მიყვეს, დასარჩობლად მამე ქცია.

762

მიველ, ჩაუდეგ, ავიღეთ ზოგზოგის კოშკებიანად,

უთხარ: „არ მოხვალ რჯულზედან, ყათლანს არ გიზამ გვიანად”.

მათ დაბალი თქვეს ერთხანად, ვთქვი აწ არიან ჭკვიანად.

მერე მომიკლეს მამუკა, სარგებელი ვქენ ზიანად.

763

მამუკა მოკლეს თოფითა, ისროდეს შხამიანებსა

ისარსა მათებრ უკუღმა, უცდურად დასანანებსა.

რუსთველი მირჩევს წამოსვლას, მე ვეტყვი მას უარებსა,

მან მითხრა: „მეფევ, ესე სჯობს ამისგან უუარებსა”.

764

არ დაუჯერე, ავად ვქენ, მიჯობდა გაბრუნებანი.

მათ იხმეს ლეკი საშველად, მალ მოვლენ, ექნათ რებანი.

შეიქნა ომი სასტიკი, კარგთა ვინ შესძლოს ქებანი?

საგორვით გამოგვაქცივნეს, ხრდალს დაუკარგეს ცნებანი.

765

ალავერდელი, რუსთველი, მოკლეს ჩემს წინა და ახლო,

პაპუა აშრაპიშვილი, კაი ყმა, მუდამ საახლო,

სულხან ბაზიერთ-ხუცესი, ჟამ წარვლილ ვინღა აახლო?

მასთან ნათანელ მდივანი, მისთვის ვინ შეგკრას ნაახლო.

766

რევაზ დაჭრეს სახლთხუცესი, მე ცხენი ქვეშ გამომიკლეს,

კვლავ თამაზა ჯაზდანისძე, მათ იმატეს, ჩვენთა იკლეს.

მე ცხენს შემსვა გიორგიმა უკეთესსა, არ მუხლ-მოკლეს.

რადგან ბევრი მტერი მყვანდა, რას ვებრძოდი ჭკუათ მოკლეს?

767

ებისკოპოზთ, დარბაზის ერთ ამოწყვეტილი შინ მოველ.

ისინი ღმერთსა ვერ სცნობენ, ვით გაუმარჯვა სამოველ?

დიაღ დავსუსტდი მას აქეთ, ცოცხალი რადღა წამოველ?

სხვაც ბევრი მოჰკლეს მსახური, მგონივ ერთს ერქვა იოველ.

768

მამუკა ბოქაულთხუცეს, ლაღობით ეთქვა „იშიო”,

იმ ძაღლთა ვით შეურჩიეს, ღაწვს მცირეს, კანჭსა წვრილშიო.

რევაზს ლოყას ჰკრეს ისარი და თამაზასა წვივშიო.

აგრე ისპანი ყოფილან, რად არა ჰქონდათ შიშიო?

აქა ამილახორი და ზაალ არაგვის-ერისთავი მეფეს თეიმურაზს

ახლდენ და კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ, გოჩაშვილი გიორგი

და ნოდარ ციცისშვილი შიგნით გაუორგულდენ როსტომ მეფესა და,

სანამდის ბატონი თეიმურაზ მოასწრობდა, ნოდარ უკუუდგა

როსტომ მეფესა, მიასწრო ნოდარზედ როსტომ

მეფემა და გაემარჯვა

769

ამილახორი იოთამ და ზაალ მაშინც მე მახლდენ,

კათალიკოზი ევდემოზ და გოჩაშვილი გაახლდენ,

კვლამ ციცისშვილი ნოდარ და სხვა ქართველები ვთქვა რამდენ? —

მიმიხმეს, ლაშქრით რა წაველ, ჩემად მისვლამდის გაცუდდენ.

770

ნოდარ ფიცეთს შეიყარა, ჩხეიძენიც მასთან იყვნენ,

როსტომს უთხრეს: „ესე ასრე ნოდარზედ მალ წაიყვანენ,

ნუ შევჰყრითო, მივაშუროთ, თორემ ბოლოს შეინანენ,

ვინ მუხრანსა ჰპატრონობდი, ცუდ-მადები მოიხმარნენ.”

771

მივიდენ ფიცეთს ნოდარზედ უვიცად, შეუტყობარად.

მას ყარაული არ ჰყვანდა, ნეტაა ზვართა საბარად?

ჩხეიძეებმა რა ნახეს ესენი მართ საშუბარად,

მოვიდენ, მოიქნივესცა, ზოგთა ჰკრეს მწვე გასამწარად.

772

მეც მუხრანს მიველ, მიმასწრო და გაემარჯვა ნოდარზედ,

ბეჟია დარჩა იორამს, მოურავის-შვილს, იმ ომზედ;

ოტია თვითან ოტიას რატიშვილს უჯდა გავაზედ;

საციციანო კაცები ცხენს სხედან მათს კვიციანზედ.


აქა მაღაროს მისვლა როსტომ მეფისაგან

დიდის ლაშქრითა

773

ამ საქმემ გამითამამა როსტომ, წამოდგა საომრად

ქართველთა მეფე ქართველით, ჰყვანდა ხანებიც თან ლაშქრად.

მე ბაზარს ვიყავ გაზაფხულ სანადიროსა, მათ შორად.

მითხრეს: „მოვაო ლაშქარი”, არ დავიჯერე ნაჭორად.

774

ქალაქიდამ გამოვიდა, მოვიდაო მედასტურე.

მალ დავაგდე სანადირო კარგები და სხვა სატურე,

შვილი ზეით გამოვგზავნე, მუზარადი არ დავხურე,

ლაშქრისათვის შესაყრელად ვერ მამასწრეს მათ, უყურე!

775

მამაშურეს მათ ხისიყსა, ეგონათ თუ მამისწრობდენ,

მაგრამ კიდევ მე მიუსწარ ცოტას კაცით, ასიოდენ.

რა მე მიველ, იგინიცა კელმეშურში რაზმს აწყობდენ.

სულ ხისიყელთ ვერ მამისწრეს, რაზომ კაცი კაცზედ რბოდენ.

776

მოვიდენ რაზმ-დაწყობილნი ჭოტორის გზითა მაღაროს,

სრულ ერთს გზაზედა მოაწვეს, ჯარი სხვას გზაზედ არ აროს.

სცემდეს ქოსსა და ზურნასა, ჰგონებდეს მათ სანაღაროს,

გაბრუნდებიან იმგვარად, ამ გზაზედ მოვლენ აღაროს.

777

შეიქნა სროლა ორგნითვე უმცროთგან უფრო ფიცხადე,

მოკლეს და დაჭრეს ჩვენგანთა, სისხლი შენ გარდაიხადე;

ყაფლანს ჰკრეს ზუჩის საცხვირეს, ხმა გამოვიდა ჯახადე,

ჯაჭვმა დაუდგა სადგომსა, მიჰყავს და მალე აჰხადე.

778

ბოვნელსა ეფისკოპოზსა ჰკითხე, რად მოჰყვა ჩემზედა?

მე ქრისტიანე მეფე ვარ, იგ არის თათრის რჯულზედა.

თუ უსამართლო ბერია, ღმერთი გამივლენს მას ზედა,

თოფი ჰკრეს, ორივ თვალები წააყრევინეს ქვაზედა.

779

ორი ქისიყელი კაცი, მსახურები რომ იქ იყვნეს,

გონასა მანგოსაშვილი, ერთად მსროლნი არ გაიყვნეს,

გლეხნი იყვნეს, მაგრამ იმ დღეს დარბაისლადაც კმარ იყვნეს,

იმ დღეს იმდენს მეომართა პირი მართ იმ ორთ დაუყვნეს.

780

გაბრუნდენ, ავად გაყარეს ბარგი და მაფრაშებია,

იმდენთ ლაშქართა ცოტათი ღვთითა მე მალ შევებია;

ქართველნი ახლდენ, სხვა ხანიც, აკლია თუ ფაშებია.

ნეტამც გეჭვრიტა, ვინ მახლდენ, შენ ვისმე იქ დაებია!

781

ვეღარც ლაშქარმა მამისწრა და ვეღარ შვილმა, თორემე

თუ მათ მოესწრო, ან აქა შემყროდა გლეხი მერე მე,

მათ ქალაქამდი მივსდევდი, მაგრა რა მექნა მორემე?

აქადამ გავაქციე და ვეღარ მივსდიე შორე მე.

აქა კვალადცა პასუხი რუსთველისა, რომელი მოახსენა მეფეს,

თამარ დედოფლისა და მეფედაც წოდებულის, მის ჟამის ნაქმარნი

ომნი და მის დროთ საქართველოს დიდებულთ ნაქმარნი სრულნი,

რომელნი სწერია ცხოვრებასა შინა საქართველოსასა ვრცელად,

აწ მე შემოკლებით ვთქვა ლექსად

პასუხი ივ [16]

782

ხელმწიფევ, თქვენი ამბავი ვისმინე, რაც გამიხსენე,

მეც რას დროსა ვარ შემსწრობი, მიყურე, თქვენც მამიხსენე,

შეჭირვებისა საკრველი ინებე, აწ მომიხსენე,

თუ ტყული რამ გიამბო, მაგინე, ავად მიხსენე.

783

მეფეო, გვიკვირს, ეგზომი თავს ღვაწლი აწამენითა,

არ თუ გვენახოს, ძველადცა ამბად ვართ ძლივ მოსმენითა,

მარამ მელექსეთ ჯობნება არა ვთქვა აწ ამ ენითა,

თვით მამკლა, ამიონარო სახლ-მარან აწა მენითა.

784

არც მეფედ შეგედარები და არცა ომ-სახელითა,

არც ძალად, გულად, სიფიცხით, რომე გკრა ხელსა ხელითა;

თუ მელექსედა მედრები, ჩვენა ვართ არ ერთ-ხელითა,

მე რიტორი ვარ, მიჯნურნი შევამკევ ხელი ხელითა.

785

ომნი ძლიერნი ნაქმარნი მიბრძანე სახელოვანი,

ჭირნი, სასჯელთა მოთმენა, მართ მსგავსი იობიანი,

ხან დამდაბლება ბედისა, ხან ამაღლება სვიანი,

მეც რამ მოგართვა პასუხი, მისმინე ვთქვა რამ ჭკვიანი.

786

როს თამარ, დიდი ხელმწიფე, სრულ ხმელთა პირსა ნათობდა,

სხვათა მნათობდა უმჯობე, მზესა მით ეკამათოდა,

ბროლ-მინა ერთად შეთხზნილი, გარშემ გიშერი სათოდა,

მძლეველი მძლავრთა მეფეთა, დამამხობელი მათო და.

787

ამხედრდა ჰუნეს მეფეთას, აღვირი იპყრა ძლიერად,

მან ტახტი ხელმწიფობისა შეამკო, კმა მის მიერად;

განბრწყინვებული განშვენდა სფერო, უღრუბლო აერად,

დაიპყრა შვიდივ სამეფო ლიხთ ამერითგან იმერად.

788

თორმეტს წელიწადს სიბრძნითა სამეფოს გაარიგებდა,

ურჩს შეიპყრობდა, ერთგულთა სვე-ბედით აამაღლებდა,

ლაშქართა სარდლებს უჩენდა, ერთს ამირ-სპასალარებდა,

მშვიდი მშვიდთ პატივს უპყრობდა, ამაყთა მოამდაბლებდა.

789

მოესთლო შვება, სამოთხის სურნელთა სახეობანი,

მას მოეფუტკრა ვარდისა დაცვარულ-მობუტკობანი,

მცენარეობა ყვავილთა ასფადელ-ნარგისობანი,

ივლიოს ველის შვენება, სიტურფე ნამორვებანი.

790

აჩინა ყოვლი მოხელე, მის მის პატივსა უპყრობდა,

წინ-მდგომობისა პატივი ვის ჰქონდა, ვინ წაუსწრობდა;

ამპარტავანთა ღრუბელი განქარდა, ვეღარ ავდრობდა.

ახლა ისმინე, სამზღვარი საით სადამდის იპყრობდა.

791

პონტოს ზღვით გურგანის ზღვამდის, სპერიდამ დარუბანდამდის,

ყოვლნი კავკასნი, იმერნი, ამერნი, ხაზარეთამდის,

მთით გელაქუნით, ჩრდილოთ-კერძ მპყრობელი სრულ ყივჩაყამდის.

ვაი, ვაება მამირთე, უმისოდ სული ამამდის...

პასუხი მეფისა მეჩვიდმეტე

978

კარგად ბრძანე ყველაკაი, მაგრა თავი რით იმართლე,

ბევრი ვქენო საშოვარი, მოვარბიე მე საფართლე.

სიტყვა-ბრძენმან მელექსემა რა აანთე, რა განათლე?

შენ გითქვამს და აწ მეც ვიტყვი, ვინ გამოვჩნდეთ უუმართლე?!

979

მითა ვთქვი ჩემი დიდება, მერმე ჭირი და სარჯელი,

ორივ გონებას მისტაცებს კვლა მეფობის სჯა, სასჯელი.

შენ ვით განმართლდე მაგითა, მესხი ომობს და კლარჯელი?

თქვენ თამარს გვერცა ახლავხარ, იგ გიზის პირად ნათელი.

980

ბასიანის ომი რომ თქვი, იქ თქვენ სად იყავ მაშინა?

თამართან არ იბღუნძოდი ოძრიხესა, ვითა შინა?

რა გინდ ბევრნი ყოფილიყვნენ, აგრე ვითა შეგეშინა?

ომის დღესა ქალებთან ხარ, ვა თუ სიხრდლემ აგაქშინა!

981

შენ ეგ რას გიშლის ლექსის თქმას, გვერთ უზი, ვინ მზეს

სწუნარობს,

გავხარ ბულბულსა, ვარდისას ჩირგვს ზიხარ, ჭიკჭიკს მგონარობს,

იძახის ფერად-ფერადად, მისად სამკობლად ონარობს,

შეჰფრფინავს ყოვლი სასმენლად, იგ ასრე მოსაწონარობს.

982

ბევრი გითხარ ჩემი საქმე, აწ ამასაც ყური უგდე,

რადგან სიტყვა ამიშალე, ამად ესეც არ დაგიგდე,

სხვათ ნაქმარი საქმეები პასუხად სთქვი, თუ ამიგდე?

სხვას ღონესა ნუღარ ეძებ, კარი მაგრა წამოიგდე.

პასუხი რუსთვლისა

983

თქვენც არ ბრძანე მაგისთანა ომები, რომ თქვენ არ იყავ?

სხვასაც ბევრსა დავხდომივარ, დიდ ლაშქარსა ვითარ იყავ?

ამას ბრძანებ, რად არ მოჰკვდი, ან ლახვარი რად არ იყავ, —

ეგ ვერა ვჰქენ, ბატონი ხარ, რაც გერჩიოს, მუქფად მიყავ.

პასუხი მეფისა მეთ ვ რ ა მეტე

984

ეს როდის გითხარ, არ მოჰკვდი, უღვთოდ ვინ თავსა მოჰკლევდეს?

ეგ ჭკვათმყოფელმა ვინა ქნა, თუ არ ეშმაკი დასძლევდეს?

მაგრამ ლექსის თქმას რას გიშლის, შენს შორს ვინ ვისმე აძლევდეს!

ბატონი ხარ თუ სარდალი, ეგ სხვას საქმესა ნაძლევდეს.

985

გამგონეთ გაბრჭონ მართალი, ვის მართებს, დარჩეს ნაძლევი,

არ გამოგართვა, რასა იქ, შენ ჩემი შემონაძლევი?

ვა თუ ზამთარმა მოგისწრას, შემოდგომა გაქვს დამლევი.

ვინ გვაბაასებს, ის არის შენის სისხლისა დამლევი.

986

ჩემნი ნაქნარი წინანი გითხარ სარჯელი ამადა,

გარჯა, ჯავრი და ნაღველი ცნობას წაუხვამს ავადა,

გულს ჯანგად ასრე მოეკვრის, ვით ოქროს შავი სავადა.

ბოლოსიც გითხრა ყოველი, საქმე ვინ გამითავა და.

987

მტერი რას უზამს იმდენსა, რომ ყმა პატრონზე მიიღებს?!

მძლავრისა მტრისაც კიდევე ერთს რასმე გზასა გაიღებს.

თუ კაცი შიგნით საქმესა აიშლის, იმას მოიღებს,

ვინ გარდაჰკიდებს ამათა, ჩემთ სისხლით ხელსა შეიღებს.

988

სახლთხუცესი და სუფრაჯი, განაყოფი სახლეული,

კარგნი კაცნი, კარგნი ყმანი, ნამსახური და ერთგული,

ვინ იმათში ჩხუბს დასთესავს, წაუწყმდება იმას სული,

ამით წავხდი, ღმერთს გარდაის დავრჩი ასრე სახლ ეული.

989

სახლთხუცესი რევაზ იყო, კაცი სრული ყოვლის ზნითა,

სამღვთოთა და საკაცობოთ, მერმე ჭკვითა მწვე დამზნითა,

ბიძინაცა კარგი კაცი, გულმართალი, ტოლივ ხნითა.

მათ ოთხ-ოთხი შვილი ჰყვანდათ, ერთი დაკალ, მო დანითა!

990

ცუდი რამე სიტყვა ითქვა, ამად ჰკადრეს უკადრისი,

რევაზისგნით არა თქმული, სუფრაჯის შვილს მანდა რისი;

დილას ცხენით კარს მიუხდა, ავ საქმედ ა საკმარისი,

რევაზ გავა ახალუხით, უმჯობესი სავარისი.

991

უბრალომ კაცმან რა იცის, თუ ავს ვინ რასმე უზმიდეს?

ცხენი ჰკრა რევაზს ფარემუზ, სხვას ვერას ვერ მოურთვიდეს.

შეიგნეს ჯართა, საშველად ყველა იქ შეკრბა, მივიდეს.

აღარ მიუშვეს, გაჰყარეს, მოსული ისევ წავიდეს.

992

გავაბრჭევ, დავსხი სრულ კახნი, არ მარტო ეს პაატიო,

სუფრაჯს დაედვა სახლთხუცის არ სისხლი, საუპატიო;

უთხრეს ეს: „მოგცეს მამული და ზოგი ჩვენ გვაპატიო,

ჩვენ სულს ქვეშ ამას მიმხვდარვართ, აწ გინდა დასვი რატიო”.

993

აღარ იქნა გაშველება, უფრო ჩხუბი გაძლიერდა,

კახნიც შუა გაიყარნენ, დიდნი, მცირნი, სულა ერ და,

ზოგი მისკენ, სხვა ამისკენ, ვაჟკაცები, ან ვინ ბერდა.

რევაზ წუხდა მის საქმესა, მხიარული არვის მზერდა.

994

იოთამ და ზაალ ორნივ ხან აქ იყვნენ და ხან იქა,

მოვიდიან, წავიდიან, დაგმობდიან, ავად იქა,

გულმართალი კაცი ყველა უზრახევდა, უფრო მიქა.

ამ ჩხუბმა და მათმა წასვლამ საქმე ასრე გააქიქა.

995

როსტომ მეფე შეიყარა, საომარად მოვა უღლის,

ეს გზა იმან რა იცოდა, ან გაწევა ჩემის უღლის?

ვიცოდი, რომ არ შეეძლო მას შემართვა ისრე შუღლის,

ბოლოც ამან გამითავა, გაწყვეტა ხამს აწ საუღლის.

996

თიანეთს ვიდექ შეყრილი, რაღაც რამ ყმა დამრჩომოდა,

ბიძინამა თქვა: „ერწოზედ მოვლენ, აქ ვიყო მეო და,

მე ნახევარი ლაშქარი მიბოძე, მივეშველო და.”

ამბობს რევაზის ქიშპობით, მტერობა დაეჩემოდა.

997

უთხრეს ბიძინას: „რას ამბობ, რას ჭკუით მოგიყვანია,

ახლა ლაშქრისა გაყოფა რას ჭკუის შესაგვანია?

შენ ჭკვათამყოფი რად ამბობ მაგ სიტყვას, ვითა სვანია?

აქ კარზედა გვითქს ლაშქარი, ვერა ვართ ათისთავნია”.

998

მან თქვა: „აქ მოვჰკვდე რევაზთან, იქ წახდეს ჩემი სახელო,

რასთვის ვიქ მაგას, რა არის, დამრჩება არ სასახელო!

ეგ თავისას კი ინახავს, მე ჩემი რად გავათხელო?

ეგ თუ თიანეთს მოუარს, მე ერწოს წავალ მით ხელო.”

999

რაღას მიშველის, კარს მტერი მომადგა ჩემს უმძლავრესი?

წამართვა შვილი, ლაშქარი, საქმე ქნა ავს უარესი;

დავრჩით თუ კაცი ათასი, არა ვართ მტერთ საკმარესი.

რა კაი ვალი დამადვა, გაუწყრა საბა ლავრესი.

1000

ესენი ერწოს წავიდეს, ისინი უღლის მოადგეს.

მოვიდა კაცი: ,,მოვიდნენ, თუ ბატონი ზის, მო ადგეს!”

შევსხედით, რანიც ვიყავით, მეთოფეები წინ წადგეს.

მუნ რევაზ არის სარდალი, თავს მუზარადი დაადგეს.

1001

ყარაულმან თქვა: ,,ვიაროთ, თვარ მოვლენ უღლისს უწინა,

თუ მოგვისწრობენ, არ ვარგა”, — ეს სახლთხუცესმა უწყინა, —

ეს ავადა ქნა, ჯებირზედ მეთოფე არ დაუდგინა.

წავედით, იმათ მოგვასწრეს, რევაზ რა ნახა, აგინა.

1002

წადგა რევაზ მეთოფებთან, ასროლინებს, არიგებდა,

ბრუნავს ჯარშიგ ხმალმოწვდილი, ქარქაშიგან არ იგებდა,

ერთხან ჯარი უკუფანტეს, ჩვენი შუბსა მათ აგებდა,

გათამამდეს და ისროდეს, ვირე ამას შეიგებდა.

1003

გაგრძელდა ომი, რევაზს ჰკრეს ორი ფინდიხი ტყუბადა,

შვილებს უთხრა, თუ: „მაცალეთ, მე ბატონს ვნახავ სუბადა,

მივალ, წინ წამოვაყენებ, სისხლი ვადინოთ გუბადა,

ღვთით გამარჯვება ჩვენია, წინ წარვიქციოთ ჯგუფადა”.

1004

მოვიდა რევაზ თამამად, მითხრა: „ძლევა შენიაო,

მაგას ჯარს ნუ დაახედვებ, უჩემობით შენიაო,

წინ წაუდეგ, ვარდი მათი მოუყინე, შენ იაო,

შენმც კახეთს ნუ მოეშლები, ოხერი თუ შენიაო”.

1005

მოვიდა, ხელზედ მაკოცა, ვიდრეღა იყო სულდგმულად,

მითხრა: „მინახავ პირ-ნათლად, როს ქრისტე დაჯდეს მსაჯულად,

შენ ღმერთმან დიდხანს გაცოცხლოს გამარჯვებული კარგრჯულად”,

გაბრუნდა, საცა თოფი ჰკრეს, მუნვე გარდახდა სიკვდილად.

1006

რა ლაშქარმან დაინახა, რევაზ ცხენით გარდავარდა,

ვინცა ნახა, ერთმანერთსა უთხრეს, ყოვლგან ხმა დავარდა.

დაგვიმარცხდა, გამოიქცნენ, ერთი თოფიც არ გავარდა.

რა ზურგები დაგვინახეს, მათი ჯარი ზედ მოგვარდა.

1007

ვეღარ დაუდეგ თიანეთს და ჩაველ შიგნით კახეთსვე,

მომყვეს უკანა ესენიც, მაშინ წამიხდა სრულა სვე.

ხისიყსაც ხმა დაგვივარდა, ამბობდეს ლაშქრის მოსვლასვე,

დათუნა იქით გავგზავნე, მტერს ხმალი ვეღარ დავასვე.

1008

აქათ ესენი მოვიდენ, ხისიყს მოუხდენ ყაზახნი,

ამას ვინ ახლდენ მაგდენი სხვა, არ თუ ისევე კახნი?

მაგრამ რაც ახლდენ, ყველანი მამაცნი, გულითა მკვახნი,

სრულ ვაჟკაცები დაგროვდენ, არ იყვნენ ბევრ ომ-ნანახნი.

1009

შეუტივეს იმავ წამსა, ქვეითობას არ აცალეს,

ვინ ვის წინა გაასწრობდა, ან ცხენს ვინ ჯდა უმუხლმალეს,

ხევი დახვდათ შუაზედა, მათ თოფები ზედ დასცალეს,

ცოტა ვინმე გაუვიდა, სხვანი ცხენით გარდასცალეს.

1010

ჩემი შვილი ხევს ასლოდა, სხვას მეთოფეს შემოჰყროდა,

შუბი ეკრა ამას მისთვის, იმას თოფი დაესწრო და,

ეკრა გულსა, ჩამოეგდო, ვაი, რას დროს შევესწრო და!

თვით მოკლეს და ყმანი კარგნი იმ დღეს მასთან მოესროდა.

1011

ბიძინა დიასამიძე მიუძღვა მეწინავესა,

უცხოფრად თურმე შეიბა, ელიას გულად გავ ესა.

ერთი შვილი მყავს, რად ვჰხირი, უყურე ჩემს სიავესა?

რას სამზღვარზედან მამიკვლენ, სამართლით ვისა დავესა?

1012

ქაიხოსრომ მაყაშვილმან, მან სუფრაჯმა დედოფლისამ,

წამოსულმა სხვასა ჰკითხა, მოიხოცა მან ოფლი სამ:

„ბატონისშვილი მორჩა, თუ მოკლა საქმემ ამ სოფლისამ?”

უთხრეს: „მოკლეს, ეს მოიღო უსაზომომ რისხვამ ღვთისამ”.

1013

თქვა: „მოკლეს დავით თათართა, დედოფალს ვით გაუცხადო?

ამას იქით მე სიცოცხლე ჩემი ღმერთსა აღარ ვხადო;

მივბრუნდები, შევაკვდები, მგონ, სირცხვილი მოვიხადო”.

მიბრუნდა და შეცააკვდა, სასახელოდ თავი დადო.

1014

იესეცა სახლთხუცესი ამასვე იქს მორჩენილი,

ვირემ იარაღთ დაუდგნეს, სცემენ არვის დარჩენილი.

ბევრი მოკლეს, სხვა დააგდეს, მათგან ლახვარ-დაჩენილი,

მერმე თვითანც ზედ შეაკვდენ, რაზომ იყვნენ თავჩენილი.

1015

როსტომ მეფეა ძე მხევლის და არა აზნაურისა,

სვიმონ მეფის ძმის, დავითის, შვილი, გვარ ჩვენებურისა,

მას დედოფალი დათ ხვდება, სვიმონით მამეურისა,

მხევლის ნაშობმა მეფემან საქმე ქმნა ბედაურისა.

1016

აღარ იყო სხვაღა ღონე, დედოფალი ნახავს ძმასა,

მოვიდა და შეეხვეწა, შეიხვეწებს ძმა მის დასა,

იმერეთის გზის მოცემას ემუდარა, არა სხვასა.

საქმე მან ქნა მოსაწონი, უქებდიან ყველა მასა.

1017

უთხრა თურმე დედოფალსა: „ღმერთმან იცის, არ მინდოდა,

თუმც არ ვღირსვარ, მაგრამ თვით ვარ მე ძმა თქვენი და შენო და,

ჩვენსა შუა ჩხუბის მნდომთა თქვენგან უნდა, რომ შენოდა,

ამათთანას ღვთის მგმობართა ჭკუისმყოფი ვით ენდო და?

1018

არა ქნეს იმ ღვთის მგმობართა, ურცხვინოთ ფიცის მტეხართა,

თქვენ აგიყოლეს ჩემზედა სამტეროდ, მათ განახართა,

აწ ზურგი შემოგაქციეს, გრქვიან «აქ ნუღარა ხართა»,

ესენი მხიარულობენ, ჩვენ გვხედვენ ორთავ მწუხართა.

1019

ახლა რა გიყო მის მეტი, გზას მთხოვ და მომირთმევია,

ვინ გარდმოგყვების თქვენი ყმა, არავინ წამირთმევია,

არც შვილის-შვილებს გიხსენებ, არა ვარ ავ სადევია,

ქართველთა შემოგაფიცებ, სახერხო არ ურევია”.

1020

ქართველნი წამოაყენა და შეაფიცა მტკიცეთა:

«ჩემგან აღარა ევნოს რა» თქვენ ასრე დაუფიცეთა.

კათალიკოზი აახლო: წინ მძღოლად გზები მისცეთა.

ამ ყოფით წავალთ იმერეთს, იქ უნდა თავსა ვიცეთა.

1021

როსტომ ამტკიცეს შენს სიტყვას, მტრის მორეულის ყოვნებას,

არ სიკვდილს მორეულისას, სადაღაც უნდა გაშვებას;

საბოლოოდაც იხედავს, ვერ ხედავს კარგად ჩვენს ვნებას,

თუ ჩემთვის ბოლო მოეღო, ჰპოებდა ვერ მოსვენებას.

1022

თუ დავესრულე სრულობით, ასრე ჩნდა საქმე ბოლოსი,

მასაც ხელს ჰყოფდა ყაენი, მოეხმაროდა არ ოსი;

ის ჩემდენს ვერ გაუძლებდა, ვით მოთხე ტანისამოსი.

ასრეა, მე დამიჯერე, მიხვდების კაცი სალოსი.

1023

რა მივედით იმერეთსა, ჩვენი საქმე მათცა ნახეს,

მოვიდეს და მოგვიტირნეს, მათცა სულთქვნეს ჩვენთან, ახეს;

ცოცხალთ საზდო, მკვდართ სამარხი ყოვლიფერი მოგვინახეს,

დაგვიტირეს გულმწუხარედ, სასიცოცხლო შეგვინახეს.

1024

დამრჩა ოთხი შვილისშვილი: სამი ვაჟი, ერთი ქალიც,

სულ უფროსი ხუთის წლისა, ცქვიტნი, კარგნი, მუხლად მალიც,

ყმაწვილურად თამაშობდეს, ხან საქციელ განაკრძალიც.

სულ უმცროსსა მეფემ შვილად ზრდა დაუწყო, არს ობოლიც.

1025

ვიყავ გლოვაში წლამდისი, გათავდა წელიწადია,

დადიანს დაეპატიჟა, მეფემაც ბრძანა: „წადია”.

წაველ უფრორე ამისთვის, სხვა საქმეც რამე მწადია,

ბატონისშვილი მამუკა ხელთა ჰყავს, ვინ არს დადია.

1026

ოდეს ლევან დადიანი აქ ლაშქრითა მოსრულიყო,

თვით გიორგი მეფე ხელთა დაერჩინა, მგონ კმარიყო,

მას თავი დაახსნევინა, მობძანდა და მომკვდარიყო,

აწ მეფისა ალექსანდრეს საქმე მისგან წამხდარიყო.

1027

იყო ამათში მტერობა, ყოვლთ მტერთა უბოროტესი,

მიხდომ-მოხდომა, ხმლისა კვრა პირისა, არა კოტესი.

აწ აქვს დადიანს მეფეზედ ძალი მწვე უუმეტესი,

დადიანსა აქვს ნარჩევი პაატა, წუწკი კუტესი.

1028

აწყა კიდევ მოსულიყო და მამუკა დაერჩინა,

დაეშინა შუბი, მაგრამ სალამაზოს მოერჩინა;

არ მოეკლა, წაეყვანათ, ოდიშს კარგად დაერჩინა,

ჩემს მისვლაზედ დაეტყვევა, ეს წუწკ კუტანს გაეჩინა.

1029

წაველ, მინდოდა მამუკას შუამავლობა, აშვება,

ამათი გარიგება და იქ ნადირობა, აქ შვება.

დადიანს ჩამოვიყოლებ, სულძაღლი არ მოეშვება,

წუწკი არ მისცემს თავს ხელთა: „რას ჰქვიან, არ გაიშვება!”

1030

მიველ, ვნახე დადიანი, უტირე და მომიტირა,

მას ცოლ-მკვდარსა, მე შვილ-მკვდარმა, მიუმჩივნეთ მწარედ ვირა,

ჩვენმა შეყრამ, მოთქმის ხმამან მუნა მყოფნი გააკვირა,

სიტყვა ისმა იქით-აქათ, თქვეს: „რუსთველი გაავირა”.

1031

რა გარდავსწყვიტეთ ტირილი, კვლა იმანც მოიფოჟოლა,

წავედით სანადიროდა, ტყეები ვრეკეთ მუნ ჟოლა,

შემოღობილთა დადგომა, გრძლად ტყეთა ჯილგის მიყოლა.

ჩვენ და-ძმათ შვილთა გვიხარის ერთმანერთისა თან-ყოლა.

1032

პაპა-ჩემსა ალექსანდრეს დავამსგავსე მშვილდოსანად,

მშვილდისა და ისრის სიგრძე სისხო ჰქონდა ვითა მანად;

სამამაცო ყოვლი საქმე ბევრი სჭირდა კიდეგანად,

მაგრა ვეცხლის-მოყვარება გულსა ესვა, ვითა დანად.

1033

ლხინი მიჩვენა კარგები, სალაროს კარი გამიღო,

მნახეთ ტურფანი ეგზომნი, მე ანგარიში წამიღო:

მურასა იარაღები უანგარიშო, საჯიღო.

გამოველ, ჯაზაირი და ერთი სამოგვე მამიღო.

1034

ვეცადე მათს გარიგებას, გამეწყობოდა რითაცა,

ხვეწნით და შემუდარებით, კვლა ფიცით მისით რითა ცა.

ასეთი სიბრძნე უამბე, მოამშვიდებდა გმირთაცა,

წუწკი ეტყოდა პაატა: „ამდენი სიტყვა ვით აცა?”

1035

მან მიზეზი უარისა მითხრა ცუდი ბევრი რამა,

რას უჯერა ერთს კუტს კაცსა, ან შეიპყრა ისრე რამა?

რა შესცოდა მაგისთანა, შვილს მოუკლავს მამიდამა?

საქართველოს დაასუსტებს, ასე უღვთო საიდამა?

1036

თუ ისინი შემერიგა, რაც მინდოდა მას ვიქმოდი:

ორთავ ბევრი ლაშქარი ჰყავს, გამიგონე, ახლოს მოდი,

ვალაშქრებდი ჩემს მტერზედა და ბოლოსაც დავაქმოდი.

არ იქნა და მეც დავეხსენ, ვერ ავიღე ჩემი მოდი.

1037

ამად მინდა მათი შეყრა, ის ძმა იყო და იგ სიძე,

ეს არ იცი, ვით ძმა არის დადიანი, ან ვისი ძე?

მე ძმის-შვილი ვარ, ის დისა, შუაზედ ღობე ისი ძე.

დარეჯან მამიდაჩემი და დავით მას გაუბიძე.

1038

არ გაერთდენ არას საქმით, ორთავ ბევრჯელ შევეხვეწე,

მათი საქმე დაკორდვილი რაზომ წმიდად ჩამოვხვეწე,

გარდავსწყვიტე მათით ღონე, ახლა სხვაგნით გარდვიხვეწე.

ვაიმე თუ ვერც რამ იქ ვქნა და ცუდადრე წავეწეწე!

1039

თუ ყმა ბატონს მოერევა, აჯას აღარ გამოართომს,

ბევრია რომ ღმერთსაცა ჰგმობს, პირში სულსაც ამოართომს;

მამუკასა თვალებს დასწვავს, კარგს ვაჟკაცსა, არ თვალ-სადგომს.

მერმე მოჰკლავს დიდის სარჯლით ციხესა და ერთს ავს სადგომს.

1040

არ მომიკვდა მე გიორგი, მეფე ზრდიდა რომელს შვილად!

ჯერ ყმაწვილი ხუთის წლისა, უსუარი, ისრევ ჩვილად.

კრულმცა არის ჩემი ეტლი, არ მამესწრო პაპას ზრდილად!

ჭირი ჭირზე დამეტმასნა, თავს გარდავსდებ სასიკვდილად.

1041

ვთქვი, თუ: ეტლი უკუღმართი ჩემი ბრუნავს მუდამ ასე,

არ მაჯერებს იმდონს ავსა, რომელ ათსა უფრო ასე.

რაღაც დარჩა სასიკვდინე, შენ ლახვარი მე დამასე,

რად არ მამკლავ, რად გინდივარ, დამაბერე, დამანასე!

1042

ძნელი არის გამოშვება, რა შეიპყრობს კაცსა ჭირი,

უკუღმართის ჩარხის ბრუნვა მაგრა ექმნას მონაჭირი,

ლხინი, შვება, სიხარული მისთვის იქმნას გასაჭირი.

ასე ძნელად მოურჩება, გალამაზდეს ვით დუხჭირი.

1043

თუ მოსავალი არ მოვა, კალო რით გაილეწება?

უბრალოდ ვინმე შემომკრას ლოყას, გამიხდეს ლეწება,

მარჯვენეც უნდა მიუპყრა, საქმე ვქნა შესახვეწება,

როდეს ის ბადე შეიპყრობს, მას ვერვინ გარდეხვეწება.

1044

რასაც ვამბობ, კარგად სინჯავ და გაარჩევ, ვიცი, კარგ-ავს,

ეტლმან მიპყრა კირჩხიბისამ, ჩემთვის კარგი არასა გავს.

მას მოისთვლებს მემუშაკე, ძირად რასაც ნერგსა დარგავს.

თუ ვერ ვირგებ ამ სოფელსა, ღმერთი მუნ არ დამიკარგავს.

1045

სვე და ბედი გარდმეხვეწა, ვხედავ სხვაგან განაქცევსა,

სახელმწიფო დამეკარგა, ვსჭვრეტ ოხერსა, მონაქცევსა;

თვალთა ჩემთა ცრემლთა ხშირად შიგან ვცურავ მონაქცევსა,

ჩემთ საყოლთა სიკვდილისგან არ მოველი მონაქცევსა.

1046

ორნიღა დამრჩენ ძისწულნი, რამე ვქმნა, ამას ვგონობდი,

ვთქვი: ერთს რუსთ მეფეს მივართვამ, წინაშე მიუძღონობდი,

ეგება კარგად მომიხდეს, თათართ წილ იმას ვმონობდი;

თუ ორნივ ჩემთან ვამყოფო, ავად მომიხდეს, ვღონობდი.

1047

რაც მყვანდა ყველა თათართა წამართვეს, მივეც თუ ნებით,

იგ მეტად ავად მამიხდა, ჭკუითა ვქმენ თუ ცთუნებით.

ურჯულოთ წილად მორწმუნეს აწ ამას დავემონებით.

ერეკლე რუსეთს გავგზავნოთ, ხელმწიფეთ მოსაწონებით.

1048

შვიდს წელიწადს მოვიცადე, კიდევ რასმე შევეცადე,

მაგრამ ბედსა უკუღმართსა ასე რიგად დავებადე:

ვერა ვირგე მე მათითა, ღმერთს ამ სვეზედ დავებადე.

აწყა რუსეთს გავემზადე, იქით წასვლა დავიქადე.

1049

ახლა ვსთქვი შვიდის კრებისა, მამათა წმინდათ დასება,

სჯულის სიმტკიცე ნათლისა, მით მიერ შეიმოსება,

სარწმუნოება მართალი მუნითგან დაეთესება,

ჯერკვალთა, დრკუთა, მწვალებელთ ოდიდგან ეყო დავსება.

1050

ვარდს ბულბული გავაუბნე, შემოდგომა გაზაფხულსა,

კვლავ სანთელსა პეპელაი, მისგან დამწვარ, დადაგულსა.

ამ დროს ლექსი ვით გავაწყევ, ძლივღა მხედავ მე სულდგმულსა?!

მუნ „მაჯამას” შეყრილს ხედავ, არ იქი-აქ დაკარგულსა.

1051

ეს ვეჭობ შენცა იცოდე, კაცს რას დროს სიბრძნე უწესებს!

ოცდათს წელიწადს იმატებს ძალ-ჭკუას, ცოდნას დას-დასებს;

ორმოცამდისი დადგება, არ იკლებს, ამად ითავსებს,

მერმეღა წავა კლებაზე, ოდითგან ვეღარ ისავსებს.

1052

დასტურ თქმულა, სიკვდილამდის კაცი ცოდნას ხამს იწვრთიდეს,

მაგრამ მოუძლურებული ჭაბუკისდენს ვით შესმიდეს?

თუ უცოდნი დაიწვართოს, ზოგი წვრთნილი დაავიწყდეს.

მე ეს დრო და მწუხარება შემომესწრო, ცრემლი მდინდეს.

1053

გითხარ სალექსე დროები აროდეს არ შემომესწრო,

ან მოსვენება მენახა, ან ჯავრისათვის დამესწრო,

მაშინ მნახევდი თამამად, თუ შენთვის მე არ წამესწრო!

ხელმწიფეს ვნახავ, თანხლება ვის გმართებს, შეგრცხვეს, არ

მესწრო.

პასუხი რუსთვლისა მეთვრამეტე

1054

მე მაგისთვის ვსთქვი სულ სრული, დროც კაი მქონდა, ხანიცა,

ვინ ბედმან დასცა მიწადა, მერმე სვისაგან ხანიცა,

სალხინო ანუ საჭირო გულისა მოსაფხანიცა,

ტარიელ თუცა ვარდსა ჰკრეფს, ეკალიც ხანდახან იცა.

1055

მარგალიტი მაშინ სწორი შეიქნების, რა ეს მოჰხდეს,

სადაფს პირი გაჰპობოდეს, სწორად ცვარი მგრგვალი მოხვდეს;

ავი ქარი წვეთს არ სწყვეტდეს, თუ გაწყვიტოს, ის კი წახდეს,

მრუდს იეფად სყიდულობდეს, ობოლს ვერვინ დააფასდეს.

პასუხი კვალადცა მეფისა

1056

ხანგრძლად სხვათა კართა ყოფა კაცსა ცეცხლად მოედება,

მუდამ მოყვრის პურის ჭამა საყვედურად დაედება;

რა გინდ რომე არა აკლდეს, მაშინც გაუგემურდება,

ვეღარ გასძლებს შემოცდასა, ამად სხვაგან გარდეგება.

1057

მამეწყინა ამდენს ხანსა მე მოყვრისას პურის ჭამა,

აწ მივმართე რუსთ ხელმწიფეს, ვინ მწერს „ხარო ჩემთვის მამა”.

განვლე ზღვა და ხმელეთიცა, მამაწყინა ხანთა ზმამა.

მისი სიტკბო, თამდაბლობა კაცს ვერ უყოს ვერა ძმამა.

1058

მიველ, დამიხვდა ხელმწიფე დიდისა მოწყალებითა,

სამართლიანი, რჯულ-მტკიცე, სხვათ მეფეთ უმაღლებითა;

დიდად პატივმცა, შემიტკბო გულითა მუნ მდაბლებითა,

ვითა მართებდა მამასა, შვილურად ალერსებითა.

1059

პირველს ნახვაზედ არ ადგა, ხელს ვჰკოცე, თავსა მაკოცა,

დამსვა მის ახლოს, ალერსით სიტყვები კარგად ამკოცა;

მამიკითხა და სიტყვითა თვალთ ცრემლი ტკბილად მამხოცა

თუ ღმერთს სწადს შენი სასჯელი, არ წახდეს, არ დაგამხოცა.

1060

მეორეზედ კვლა მიმიხმო. მიველ, იჯდა თავის წინა,

ადგა ტახტით, მამეგება მე ხელმწიფე კარგა წინა,

ხელი მიპყრა, მერმე ბრძანა: „ეს მმართებდა მე უწინა,

ამად ვერ ვჰქენ მაშინ, რომე დიდრონს რუსებს არ ეწყინა”.

1061

ამიყვანა თავის ტახტზედ, დამსვა, შუღლი არ შეგვექნა,

დავითისა ნათესავსა ვიცი ბოლო არ დაექნა;

არ ვღირსიყავ, გული ჩემი შემიწუხდა, ვითა მექნა?

რადგან ისრე მოინდომა, ან მე რაღა ძალი მექნა?

1062

მოაღებინა ვახშამი და შეჰყვა წვრილადა სმასა,

უცხოდ თავმდაბლად მამეპყრა, ვით ჰფერობს ტახტზედ დასმასა.

მუხლ-და-მუხლ უჯე, თუ ვღირსვარ პირსა მის ფეხთ-მტვერთა

სმასა,

რაც გარდმხდომოდა, მკითხევდა, მე მოვახსენებ აწ მასა.

1063

მიბრძანა: „იმედი გქონდეს, ილოცე, ღმერთს ეხვეწეო”.

მე ლაშქრის მოცემა მინდა, მით მისკე გარდვიხვეწეო,

არც დრო მაქვს საქმის მოცდისა, სიბერით დავიხვეწეო

ვერ მოვიცადე, წამოველ, ვეღარ ვიშოვნე შემწეო.

1064

ვნახე სიდიდე უფროსი, სხვა რაც ხელმწიფე მენახა.

მიბოძა ბევრი სალარო, რა უყო, რად შემენახა?

შენად სასმენლად გიამბე, რასთვის არ ისმენ შენ ას ა?

აშთარხანს მოველ, მომირთე, სოფელო, ვაი შენ ახა.

1065

სამოცდათის წლისა ვიყავ, როს რუსეთსა გავემართე,

წაველ შორეს ქვეყანასა, ზღვა-ხმელეთსა დავემართე;

რაცა მწადდა ღონისძება, იგ ვერცერთი ვერ მოვმართე,

ცუდ-მაშვრალმა, დაღალულმა ისრევ იმერეთს მოვმართე.

1066

აშთარხანს მოველ, საზარო ამბავი მაშინ მომესმა,

აწ ნუღარც შენ შემიბრალებ, გულსა ლახვრისა მომე სმა,

მწუხარებისა საწდევსა სამსალით მმართებს მომე სმა!

ყოვლი იმედი გარდმიწყდა, რად, ღმერთო, ძისა მომე სმა?

1067

მიამბეს, თუცა ძნელია აწ ჩემგან კიდე სათქმელად,

მაშინ მივჰქონდი ღელვასა უფსკრულთა მე დასანთქმელად;

ნათელი თვალთა დამიშრტა და გარდამექცა ცა ბნელად.

აწ ამას იქით მეშველმან მიშველოს მეღა მწვე ძნელად.

1068

პირველ ჩემს ყმათ გაეგონათ, დასტეხოდათ მწარე ზარი,

მოევაჭრათ ღვთის რისხვის დღე, გაეშალათ მათ ბაზარი,

ყოფა ექნათ საკვირველი, გაეკვირვნეს მით ხაზარი.

რა მე მითხრეს, დასამხობი ამოუშვეს მაღლა ზარი.

1069

მოცვიოდიან საზარლად, მაგრამ დავაზრდი ვერასა,

თავსცემით პირსისხლიანნი იგლეჯდეს თმათ და წვერასა:

„ვაი დაგვსია ნათელი, მზე არ ჩანს დანაწვერასა,

გული დარია ლახვარმა, არა გვჩხვლეტს დანა წვერასა”.

1070

დამიჩოქეს, შემომზახეს მაღლის ხმით და ცრემლთ დათხვეით:

„ჰე, მეფეო, მოგკდომია, ვის უჭვრეტდი სამოთხე ვით,

პაპას ბიჭი ახალ ნორჩი, ჯერ არ სრული მაღალს ხე ვით,

ზღვას დაუნთქმან პატრონ-ყმიან, არ დამრჩვალან მცირეს ხევით”.

1071

გარდავიქეც მასვე წამსა, ამის სმენა ვით გამეძლო?

გულიც მქონდეს მაღნიტისა, მის ჩამოღმა ან გამეძლო?

მასვე წამსა მობრუნება ჩემი არვის არ შეეძლო.

გამოვემხვე ყოვლს კეთილსა და დამეხშა ვითა სასძლო.

1072

ცოტად რითმე მომაბრუნეს თვალ-ფახული, გულ-დნობილი,

ვთქვი: „რა რისხვა მამევლინა, ესდენ ვიქმენ მე ცნობილი?

კვლავცა მითხრეს საზარელი სიტყვა ერთად შეწყობილი.

ავიოხრე, მადლი ვჰკადრე, ვინ ქალწულის არს შობილი.

1073

ვჰკადრე: ღმერთო, კურთხეულ არს გაგებული შენი ნება,

მაგრა მამხვდა სიბერის დროს უხოიშნო დიდი ვნება;

მით მეწია რისხვა შენი, ვერ ვათავე შენი მცნება.

სულს ნუ წარსწყმედ, ხორცს გაჰყარე, სხვაღა ღონე არ ექნება.

1074

ეგზომ ცეცხლში გამომდნარსა, სთქვა თუ, რაღა დაეწოდა?

არ თუ ჩემი ყოფილიყო, სხვის ვისგანმე მომეწოდა,

შვილისშვილად არ მყოლოდა, შვილობილი დამეწოდა,

მაშინც ხამდა სიკვდილზედა ზე სიცოცხლე დამეწო და.

1075

არ მინახავს მე მისთანა არც ჩემი და არცა სხვისა,

თვით მნახავი ბევრის კარგის ვარ, როგორცა დღის ავისა,

არსად მახსოვს იმისთანა მენახოს და ვჰკითხო ვისა?

თუ ეს ვისსა შესწრებოდა, შეჰნერწყვიდა მის რამინსა.

1076

მისნი მნახნი მას იტყოდეს, ნაშობია მო ის რისა?

ხედავ, ჰკრთება სხივი მზისა, ვით ისარსა მოისრისა,

გულიც გვქონდეს ალმასისა, დაჭრა მისგან მოისრისა.

ვარდი ვარდსა დაუჩაგრავს, ვითა ხელით მოისრისა.

1077

სხვა მისებრი ცხენოსანი, ვის უნახავს მოისარე?

ვით წავიდის მხიარული, მჭვრეტელთ გულს მკრის მო ისარე,

ჯერ უწვერულს პირსა მზესა წარბ-წამწამი მოისარე,

ყოვლთ სულდგმულთა სატურფალო, მსწრაფლ გული რად

მოისარე?

1078

ხორცი უმანკო დაიცევ, სული მით გაგწრფელებია,

მკლავს ძალი ამჟამ ურკენი გულ-მაგრობ, გაგსალებია,

ფიცხელნი ფერხნი, კისკასნი, სიკეთე არსად გკლებია,

სხვა ამის მეტი რადა ჰყავ ოხერი პაპა-ბებია?

1079

თუ პატიჟი სიკვდილს აწვევს, მაშ სად არის, რად არ მოვა?

რაც მყვა, ყველა დამიხოცა, მე, გლახ, მარტო მისთვის მპოვა;

ყმანი ჩემნი დიდებულნი შემომძარცვა, შემომძოვა,

მწიხნა ფიცხლად საწერტლითა, გაუძღომლად სისხლი მწოვა.

1080

მეფეს ექნა საკვირველი გლოვა დიდი მეტის-მეტით,

გამცხადებელნი მოვიდენ, სულ იმედ-არ-გარდაწყვეტით.

ვიცი ჩემთვის ურგებია, მამიშინე თავსა კეტით,

აწ ერეკლე წამომგვარე, სულ არა ხარ ამოწყვეტით.

1081

მეფის ელჩებიც გავგზავნე და ჩემიც თან გავატანე,

ხელმწიფეს ვსთხოვე ერეკლე, სათუო არ დავატანე.

მწუხარებისა კანკალი ჩემს გულსა ხორცსა ვატანე,

რაღაც წამომყვა რუსეთით სალარო, თან მოვიტანე.

1082

მოველ იმერეთს, დამიხვდა კვლავ მკვდარი დედოფალია,

თუ გზას ვჰკითხევდი კამათელს, სულ მამდის ავი ფალია;

მართ დაჰკდომოდა ლუარსაბს, მიწათა დანაფალია,

დამტირებელთა ვიტირებ, ჭირისა მე უფალია.

1083

აღარ ვიტყვი მაშინდელსა, ეგებ გული არ გეტკივნოს,

ვით გაუძლო ამ საქმესა, მიწაც ვინმე გამარკინოს?

წყეულმც არის ეს სოფელი, თუ კიდევე არ მერკინოს,

ნაძლევი ვარ, ამის უფრო თუღა ვინმე დამაკნინოს!


აქა ლევან დადიანის სიკვდილი და მეფის ალექსანდრესგან

ოდიშისა და გურიისა და აფხაზეთის დაჭერა

1084

დადიანი მომკვდარიყო, მეფეს ეპყრა ლიხს იქითი,

სულ აეღოთ ციხეები რუხ-ნაქალაქევ-ჭაქვითი,

სალარო თან წამოეღო ცუდ-მუდებსა მას იქითი.

აფხაზეთიც დაეჭირა, სრულ სვანეთი საქვეითი.

1085

ვამიყ იყო დადიანის ბიძაშვილი, არ მის გვანი,

ის დაესვათ დადიანად, ვინ არს ლიპარიტიანი,

ბატონობის შეუფერი, ვითა დვალი, ანუ სვანი.

ვერ მოევლო ოდიშისთვინ, გლახას მართებს რცხვენოვანი.

1086

კვლა დადიანსა ძმისწულნი ჰყვანდა მამუკა, ლიპარი,

წასრულიყვნეს როსტომ-ხანთან, მოეხმარა მას ლაშქარი,

როსტომ-ფაშას, ათაბაგსა, კვლა იმასაც მისი ჯარი,

ქაიხოსრო გურიელი და ერთპირად ოდიშარი.

1087

შეყრილიყვნენ მეფეს ზედა, ამათ ექნათ ერთპირობა,

მოსულიყვნენ ბანძას, მაგრამ მეფე წყალს კი გაესწრობა.

მეფე მარტო იმერელთათ ხლმითა ავად მიეპყრობა.

გამარჯოდა სასახელოდ, საქართველო მით ეპყრობა.

1088

უწინც ჰქონდა, ამ ომს უკან დაეჭირა უფრო მაგრა,

დაეხოცა ორგულები და ზოგი კი დაეჩაგრა;

სამღრთო საქმეც ახლა ეწყო, სინანული მოესაგრა,

აწ მარგებდა უსაცილოდ, არ დასცალდა ხანი მაგრა.

1089

როსტომ მეფეც მომკვდარიყო, ვახტანგს ეწყო ქართლის პყრობა,

ყაენმა სიყვარულითა უწოდა შანავაზობა,

კაცი მხნე, ზნეობიანი, სიფიცხით ვით ავაზობა,

მამაცი, კარგი სარდალი, კარგად იცოდა რაზმთ წყობა.

1090

ამ ხანად მეფეც მამიკვდა, ვეღარ გასძლო წელიწადი,

ჭკუათმყოფი დიდად ტირან, ეძახოდეს, თუ: „სა წადი?

საქართველო დაემხობა, მტერთ მიხვდება სულ საწადი,

ჩვენ წახდენად ქვე დაგვყარენ, შენ სუფევის ტახტსა ადი”.

1091

მეფე მოკვდა ლიხს იქითსა, საქართველოს თან ჩაიტანს,

ალაღდებიან თავადნი, ერთი-მეორეს აიტანს,

ერთი-მეორის სიკვდილად მოვა, ამხანაგს მოიტანს.

ერთმანერთს ხოცა დაუწყეს, თავს აშორვებენ მო ი ტანს.

1092

წამოდგა მეფე ქართლისა და ვამიყ დადიანიცა,

იმერეთზედა ილაშქრეს, მთიდამ ალაღდა სვანიცა;

დამოყვრდენ, შუა გაიყვეს მთა-ბარი, შუაგანიცა.

მო, ისიც გითხრა, ვამიყის საქმენი შეუგვანიცა.

1093

მე დავრჩი ყოვლგნით ოხერი არგვეთს, ციხესა სკანდისას,

ვამიყთან როგორ მივიდე, პურს ვსჭამდე უხლმოს კაცისას?

ქართველს ბატონსვე მივენდევ, მისივ ვარჩიე იმისას,

გზას ვსთხოვდი საფიცარითა ყაენის კარზედ წასვლისას.

1094

მომცა მეფემ საფიცარი: „არ დაგიშლი მე მაგასა” .

ამად ვჰქენ, რომ ყაენი არ უმადლოდეს ამას სხვასა,

ჩემის ნებით მივენდობი, ვნახო, რას იქს მუქაფასა.

მაგრამ არას დამიმადლებს და დაარქვამს გაგზავნასა.

1095

მიველ ვახტანგთან, ვით მართებს, დამხვდება ეგრე თავმდაბლად,

ხელი შემიწყო, კვლავ იყო ყოფაქცევითა საკრძალად;

ხმალი, ძალგული, ნამუსი მას ჰქონდა მისად მასალად.

ნებით გამგზავნა ყაენთან, მე მინდა, განა მან ძალად?

1096

რაზომ გამსაჯა სოფელმან, ცდა არ დავაკელ სიკვდიმდი,

არ გავსტყდი, არც შეუზარდი, ვირე არ მოვჰკვდი, მანამდი;

მოსკოვს, სტამბოლს და ისპაანს, მას შიგნით მთა და ბარამდი,

ჩემის სახელის ძეგლები ყოვლგან დავასევ მანამდი.

1097

რაც ვამიყ ქნა, ვის უქნია, სხვას კაცს ასე საქმე ცუდი?

აეშალა ამ კარგს კაცსა ეშმაკის გულს დანაბუდი,

მოყრობიდამ გაეყარა ცუდი, ავად დანაყუდი.

ამ ხლმიანსა ხელმწიფესა სამამაცო ბურავს ქუდი.

1098

ასრე უნდა, მტერმა მტერის თუ სირცხვილი გარდიხადოს,

ჯერ ეს ჭკუა მოიგონოს, მისად შემწედ ღმერთსა ხადოს,

კვლა მიუხდეს ზედა მტერსა, ყოფა ავად გაუხადოს,

მტერი მისი შეარცხვინოს, სასახელოდ მისთვის დადოს.

1099

მიუხდა, ყველა წაართვა სამეფო, სადადიანო,

გურია, აფხაზეთიცა, ჰე, კაცო, ხლმიან-სვიანო!

შვილი მან მეფედ აკურთხა, მოყმე, ჯერ ახალიანო,

ვამიყ და მისნი მიმდგომნი, უყურე, სად დადიანო?

1100

ოდიშს ჩავიდა, იქ დასვა იესეს შვილი ზუგდიდსა.

მოყვარე იყო ამისი, მეცხედრე ე მამიდისა;

მუნ ინადირა ტყეები გარშემო დინაბოდისა.

აფხაზიც შემოიყარა, შიშით ამასთან მოდისა.

აქა ბატონი თეიმურაზ მეორე შააბაზ ყაენთან

წაბძანდა ქალაქით, სიბერით მოუძლურებული

1101

გამისტუმრა ყაენთანა. მიველ, დამხვდა დიაღ კარგა.

რას დღეს მიველ, მასვე ღამეს, ჯერ მართლაც არ დამებარგა,

მოვიდა და მიდარბაზა, ეს რასთვისღა დამიკარგა?

ძველის მტრისა სიკეთემა ბოლომდისი არ ივარგა.

1102

ის ღამე და მეორე დღე ჩემს სადგომს სვა მხიარულად,

დაღალულსა, შორიელსა არ მაცალა ძილად, რულად;

მიალერსა მამასავით თავმდაბლად და ტკბილად სრულად,

კვლავ მიბოძა უსაზომო, მას არ ექმნა დაკარგულად.

1103

რას ვაქნევ გრძლად მის ამბავსა, მარხვაა, განა აღება?

მოცემას ანუ პატივსა ძნელია ხელით აღება.

რას ხელს ვჰყრი ასეთს საქმესა, თუ ბოლო მალ მოეღება?

კლდოვან ღირღატთა ადგილთა ვის შეუძლია ბაღება?

1104

დღე ერთ იყო ოთხშაბათი, როს ჯვარსმცმელთა ექნათ რჩევა,

ამ დღეს ერთი დიდებული ყაენს თურმე ენაძლევა:

„მას თუ ხორცი შენ აჭამო, ჩამოგართვას შენა ძლევა,

ნაძლევი ვარ, რაც მიბძანო, ჩემგან წამ ერთ მოგერთმევა”.

1105

მიველ, ხორცი მომიტანეს, მითხრა: „ხანო, ესე ჭამე”.

მოვახსენე: „მარხვა არის, სად ეგ სიტყვა, სადიდამე?”

მიბრძანა, თუ: „რა იქნება, დამიჯერე, მე მაამე”.

კვლავ ხმა-მაღლა უარი ვსთქვი, ვჭამო, ღმერთი არ ვისამე.

1106

გაგულისდა, თასი სავსე ღვინო პირსა შემაქცია.

მეც მაღალი სიტყვა უთხარ: ვინც გნაძლეობს, თვალთმაქცია,

მე როგორ და მარხვის ჭამა, სხვას რჯულზე ვინ მიმაქცია?

მერმე მოტკბა, მიალერსა, კიდე რითმე შემაქცია.

1107

აწ უყურე ხელმწიფობას, გაათავებს ლხინს რა, სობათს,

თვითან წავა აშრაფსა და მე გამგზავნის ასტარაბათს;

დამაშხამებს მის სიტკბოსა, შარბათის სმას, მერმე ნაბათს.

ამავ ზამთარ მივიცვლები, წელსღა დავპყოფ ვეღარ აბ ათს.

1108

გულსა სწადდა, თუცა კიდევ ვაჟკაცობა მომეახლა,

ხანთ გამოსვლით დაცავბერდი, უძლურს ვითღა მომეახლა?

ჟამი ჩემი დაილია, სიკვდილის დღე მომეახლა.

ძოღან რომე ნაძლევი ვთქვით, დრო მოვიდა, მომეახლა.

1109

სოფელი ჩემის ცემითა არ დაშვრა, რაზომ დამჯიღა,

ვეღარ გაგიძლებ სიცოცხლეს, რა მოვჰკვდე, იქაც დამრჯი-ღა;

ყოვლის ლახვრითა დამკოდე, ერთი გაკლია ბარჯი-ღა,

ჩოხა ჩამიცვამს, მივცვლილვარ, აღარ დამასვა თავს ჯიღა.

***

1110

ამავ წელს მომცა კახეთი ყაენმა მე, ამის მთქმელსა,

წაველ გზაზედ, თქვეს სიკვდილი, ვინ ეახლების ნათელსა.

თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ, უნთებენ სანთელსა,

თავპირს იცხებდეს მიწასა მის ნალახ, მის დანათელსა.

1111

დადუმდა ენა რიტორი, ორღანო მზახი, წინწილი.

აქ გამოგზავნა ყაენმა იგ წმიდათ მსგავსი ნაწილი.

სამება მან აღიარა, იგ ერთღვთაება, სამწილი.

მას კარ-განხმულნი დაუხვდა, სასძლო მზა მუნ საქორწილი.

1112

ალავერდსა მოასვენეს, შეკრბეს სრულად მღვდელთ-მოძღვარნი,

კათალიკოზი დომენტი, მათ განახვნეს საყდრის კარნი.

მიასვენეს, მუნ დაკრძალეს მოწამეთა თანაკმარნი.

მოწამეთა აღიარეს, აღუვლნა ცისა კამარნი.

1113

თავად ბატონი მეც ვნახე სიბერით მჯდომი კუბოსა,

ვეღარ ცხენს ჯდომის შემძლები, მტერზედა ვა უშუბოსა!

მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერვინ შობოსა.

კაცი-რას გაიგონებდა მისის სიტყვისა უტკბოსა?

1114

მეფეთ ამბავი მეფემა შევჰკრიბე საქართველოთა,

ვეჭობ გაამოს სასმენელთ, ვით კარგა მოისთველოთა;

ხან გაიხაროთ ლხინზედა, ხან თვალიც დაისველოთა.

გვედრივარ, სული ნაკოდი თქვენ ლოცვით გამიმთელოთა!

1115

დიდება ყოვლი სოფლისა განქარდეს, ვითარცა ავლი.

თუ სოფლის საქმეს ავჰყვები, სასუფეველში ვერ ავლი,

ვითარ მოვსულვარ შიშველი, აგრევე აქადამ გავლი.

მიჯობს წამალი სულისა, საძებრად მისდა სამ დავლი.

1116

არა განმართლდეს ყოველი ცხოველი წინაშე შენსა,

დღე ერთ იყოს თუ ცხორება, ნუ ხანგრძლად ვინმე მოშენსა.

აურაცხელი წყალობა გაქვს, ზოგჯერ რისხვაც მოშენსა,

რაღა ვთქვა, ტვირთი ცოდვისა მამძიმებს, ერთობ მაქშენსა.

1117

უქმი სიტყვისა ჩემისა, ვამე, თუ პასუხი მთხოვო!

ვიცი, ნაცვალსა არ მაგებ, ბოდიში თუ მოვითხოვო.

მე ნუ განმანქრევ დაწვადა, შენ, პურო, ცხოვრების ხოვო,

რა მაქვს პასუხი მოგიგო, თანანადებნი მკითხოვო.

1118

ცუდად ყოფნით ამის მეტი სხვა ვერარა ვიმუშაკე,

ორსა წელსა მთა ვიარე, ვერსად ვნახე ერთობ ვაკე.

ყველა ვინმე კარგად დამხვდა, ვის ბერწი ჰყვა, ან ვის მაკე.

მომიძიე შეცთომილი, ქრისტე, შენვე მომიბაკე.

1119

ნათქვამია ესე ასრე, კაცს რომ მარტოობა ექნას,

წინ დაედვას ქუდი მისი, გაბრჭობოდეს, ასრე ექნას.

ერთი უნდა რამ მიზეზი სუბაობას შემოექნას.

იმას ესევ ვამჯობინე, ბოლოც ადრე არ დაექნას.

1120

უნაყოფო არ დავაგდო მე სოფელი, თუმც ვინ მაქოს,

უგბილთაგან მოწონებას ეს დია სჯობს, ბრძენმან მაქოს;

ჩემს თქმულზედან ყიბარჩობდენ, გაიგდებდენ ვითა მაქოს,

იშვებდენ და იხარებდენ, ჰკრევდენ დაბდაბს ზედა მაქოს.

1121

იცით, საუნჯეს უხმარსა სჯობს გაცემული ყოველი,

ვით ცის გამხმარსა ჰაერსა ზომიერ წვიმით სოველი.

მართ უტყვი ბრძენიც ცუდია, თქვენც დაგმოთ, ამას მოველი.

ვითა მცონარსა მოღვაწე, სჯობს უტყვსა გამომეტყველი.

1122

ქვეყანა არის ნაყოფთა მომცემი, გამომღებელი,

ზოგი ერთს ბევრად მომცემი და ზოგი გამბიცებელი.

ეგრეთვე კაცი იქნების მართ კარგის შეუძლებელი,

სხვა ბრძენი, ტკბილად მეტყველი, წვრთილების მაუწყებელი.

1123

მართებს ბრძენსა გონიერსა, რაც იცოდეს, არ მალევდეს,

ესრეთ ბრძანებს სახარება, აღორძინდეს, არ გალევდეს:

დაცადევით ტალანტიო, სავაჭროსა მოიძლევდეს,

სახიერი შესძინებდეს და მედგარი დამალევდეს.

1124

თქვა ვინმე ესე უგბილმან: „რაცაღა მინდეს სხვისაო?

წვეთი მე სვისა არ მნებავს, ღრმა ჭური მებრ სიბრძნისაო”.

სხვამ გონიერმან მიუგო: „არა ვარ მე მაგ ჭკვისაო,

ცვარი სიბრძნისა ჩემდა და, თუ გინდა, შენ ზღვა სვისაო”.

1125

მწვირეშიგ მჯდომმან აყვედრა, ვის ცვარი აჯდა ზედაო,

შესძახა: „დასველებულხარ, მე გხედავ ავ-სახედაო”.

კვლავ თვალში ბეწვი უპოვნა, ვის თვითან ჰქონდა ხედაო,

მიუგეს: „შენსა ვერ ჰხედავ, საწყალო, ცრუ-სახედაო”.

1126

ბევრი საქმე უნდა სცადო, თუ გინდა გამოიცადო:

ბევრი უნდა მოითმინო, ავი კარგად მოიცადო,

ავი საქმე, ავი სიტყვა გულით აღარ გაიცადო.

რა ესე ჰქნა, დახალასდე, ნაწველმან გამოიცა დო.

1127

ეგ ნუ გგონიათ, სხვა ენა მეც არ ვიცოდი სხვასავით,

მაგრამ ცუდია გარევა ქართულს ენაში სხვას ავით!

იესო ქრისტე ვის არ გრწამს, მიკვირს, სხვას ღმერთსა ესავით.

თუ იგ არ შეგწევს, ცუდია, მარტო ვერას ვიქთ ესავით.

1128

ორს მელექსეს ჩამოისად სხვა მელექსე მე ამებით,

არა მძულხართ, ყველა გაქე, თქვენის თქმულით მეამებით.

რაც თქვენ დაგრჩა, მე ავჰკრიბე, ამას ნურვინ მედავებით.

სტუმარს დავხვდე ნახორხალით, თქვენით უკეთ მე ამებით.

1129

რაც მასმოდა, ან მენახა, ამბავი ვთქვი მე მართლები,

ანუ ლხინი, ანუ ჭირი ერთმანერთზედ დანათვლები,

სიმართლე და კვლავ სიმრუდე, ვინ ბნელი ქმნა, ან ნათლები.

თუ შენდობას არ მიბრძანებ, წყევლას არვინ მემართლები.

1130

ცხრა თვეს ყველა გავათავე, სულ ამაზედ არ მოცლილმა.

ოსეთს ვიყავ ფაიქომში, საქართველოს გამოცლილმა.

რად ამაზედ მამაცალა სოფლის ბრუნვამ, ვითა ჩრდილმა?

აქ აშთარხანს გავათავე არჩილ მეფემ ასრე ზრდილმა.

1131

მიხმს, ესე ჩემი ნათქვამი ვთქვა ყოვლთა მოსაწონარად,

ფასად მომცემდენ ქებასა, სიბრძნესა მოსაწონარად;

დავაგდო ჩემად სახსოვრად, შენდობის მოსაგონარად,

თუ არვინ მითხრას შენდობა, ვერა მთქვან ცუდად მცონარად.


ეს ლექსი დასაბამიდამ ამ წიგნის გამლექსვამდისინ რამდენი

წელიწადი ჩამოსულა, და ამის დაწყებაზე რამდენის

წლის ვიყავ, და აწ თქვენამდი რა მოვა სოფლის

დასასრულამდი, გაუწყებთ. ამის უწინ ქართულის ლექსით

არ თქმულა, ესეც იცოდით, ქორონიკონი ლექსად

1132

ვიწყე ოდეს ესე წიგნი წლისა ვიყავ სამათოთხ-ტნით,

დასაბამით წელიწადი ეს წასულა ჩემ არ ბასტნით,

შვიდიათასასოთხმოცცხრას, სათვალავს ნურას დასტმასნით,

ეს ჯდებოდა ქორონიკვნად, სხვას ასოსა ნუ დამეტნით.