სამყაროს შექმნის შესახებ არსებული ერთადერთი ჭეშმარიტების შემცველი წიგნი, ბიბლია, ქრისტიანული საქართველოს სულიერ მოღვაწეთა მუდმივი ზრუნვისა და რუდუნების საგანი იყო. მიუხედავად ამისა, დღევანდელ საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ბიბლიით თარგმნა ქართულ ენაზე საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და დამკვიდრების ხანას, IV-V სს-ს, ე.ი. ჩვენი მწერლობის განვითარების უძველეს პერიოდს უკავშირდება.

ბიბლია საღმრთო წიგნების კრებულია და იგი ორი ნაწილისაგან - ძველი და ახალი აღთქმისაგან შედგება.

ძველი აღთქმის წიგნები ებრაულ სამყაროში ძვ. წელთაღრიცხვის XII-II საუკუნეებშია შექმნილი. მათში ასასხულია ებრაელი ხალხის ისტორია, ღვთისმსახურება, იმდროინდელი ყოფა-ცხოვრება, მათი მსოფლმხედველობა, რელიგიური მრწამსი, მათი ეთიკური და ესთეტიკური შეხედულებები. ახალი აღთქმის წიგნებში კი, რომლებიც ბერძნულ ენაზე ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა, გადმოცემულია მაცხოვრის განკაცება, მის მიერ აღსრულებული სასწაულები, მისი ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, მოციქულთა მოღვაწეობა და მათი ეპისტოლეები, ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება, ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომელიც ამავე საუკუნეებში მისი მოციქულების მეშვეობით ვრცელდებოდა.

ძველ აღთქმაში გამოყოფენ კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებს. კანონიკური წიგნი 39-ია, არაკანონიკური - 11. გარდა კანონიკური და არაკანონიკური წიგნებისა, ძველ აღთქმაში გამოყოფენ აგრეთვე კანონიკური წიგნების არაკანონიკურ დანართებს. ახალი აღთქმა თავისთავად კიდევ რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ოთხთავი, საქმე მოციქულთა, კათოლიკე ეპისტოლეები, პავლეს ეპისტოლეები და იოვანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი), სულ 27 წიგნი.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე მთელი ბიბლიაა თარგმნილი - ძველი აღთქმა თავისი კანონიკური (არაკანონიკური დანართებით) და არაკანონიკური წიგნებით, და ახალი აღთქმა.

ჩვენამდე ძველი აღთქმის წიგნების შემცველმა 30-ზე მეტმა ხელნაწერმა და ფრაგმენტმა მოაღწია. მათზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნების ქართულ ენაზე თარგმნის ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპი უნდა გამოიყოს: 1. უძველესი, IV-V საუკუნეებისა: ამ დროს შესრულებული თარგმანები თავმოყრილია ქართული ბიბლიის ყველაზე ძველ კრებულში - ოშკის ბიბლიაში; 2. XII ს-ში ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით ნათარგმნი და ნასწორები ტექსტები (პირველი რვაწიგნებული და დიდი და მცირე წინასწარმეტყველები ესიადან მოკიდებული დანიელის გარდა) დაცულია გელათის ბიბლიის კრებულებსა და ხელნაწერში; 3. XVIII ს-ის დამდეგს სლავურიდან თარგმნილი 22 წიგნი შესულია ბიბლიის მოსკოვურ გამოცემაში - ბაქარის ბიბლიაში. ყველა დანარჩენ ხელნაწერში (მათ შორის ყველა ფრაგმენტშიც) წარმოდგენილი ტექსტი ბიბლიისა არის არა ახალი, არამედ საუკუნეების მანძილზე ჩასწორებული და გადამუშავებული სწორედ ის უძველესი თარგმანი, რომელსაც IV-V საუკუნეებით ვათარიღებთ და რომელმაც, საბედნიეროდ (ძირითადად ოშკის ბიბლიის წყალობით), ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. შესაბამისად, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ქართული ბიბლიის წარმომავლობის საკითხს სამ ძირითად წყაროს უკავშირებენ: ბერძნულს (ამ აზრს იზიარებენ მ.ბროსე, ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ფ.ალტერი), აღმოსავლურს ანუ სირიულ-ებრაულს (ა.შანიძე, პ.ინგოროყვა, კ.კეკელიძე, ფ.კონიბერი) და სომხურს (დ.ბაქრაძე, ნ.მარი, რ.ბლეიკი, დ.გუსენი, მოლითორი, მესროპ ტერ-მოვსესიანი).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენამდე მოღწეულია ძველი აღთქმის ორი უძველესი კრებული - ოშკისა და მცხეთის ბიბლიები. ოშკის ანუ ათონის ბიბლია ათონის ივერთა მონასტერშია დაცული და გადაწერილია X საუკუნეში, 978 წელს, ათონის ცნობილი მოღვაწის, იოანე თორნიკეს დაკვეთით. ჩვენამდე მოღწეულია ათონის ბიბლიის სამი გადამწერის სახელი - მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ე.წ. მცხეთის ბიბლია კი, რომელსაც სხვაგვარად საბას ბიბლიას უწოდებენ, XVII-XVIII სს-ით თარიღდება და მისი შემდგენელი დიდი სულხან-საბა ორბელიანია.

მიუხედავად იმისა, რომ ოშკის ბიბლიიდან მცხეთის ბიბლიამდე საკმაოდ დიდი პერიოდი, შვიდი საუკუნეა გავლილი, ამ შუალედში ბიბლიის სხვა კრებული არ ჩანს, სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია სწორედ ამ შუალედში გადაწერილმა ცამეტმა ხელნაწერმა, რომლებიც ძველი აღთქმის ამა თუ იმ წიგნს შეიცავენ და რომლებმაც მოუმზადეს კიდეც ნიადაგი მცხეთის ბიბლიისა და შემდგომი კრებულების მომზადებას საქართველოში.

ჩვენამდე მოაღწია ამ შუალედში შექმნილმა ე.წ. გელათურმა ბიბლიამ, რომელიც XI ს-ის ბოლო წლებით თარიღდება. ქართველ მეცნიერებში გელათურ ბიბლიასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან ერთ საკითხში - იგი ენობრივად გელათის სკოლის პროდუქტია. კ.კეკელიძის აზრით, მისი მთარგმნელი შეიძლება იოანე პეტრიწი იყოს, თ.ცქიტიშვილი იოანე პეტრიწს ამ ბიბლიის მხოლოდ რედაქტორად მიიჩნევს, თვლის რა, რომ გელათური ბიბლია არის უძველესი თარგმანის საფუძვლიანი გადამუშავების შედეგად მიღებული ახალი რედაქცია, დ.მელიქიშვილის მოსაზრებით, ენობრივ-სტილისტური მონაცემების მიხედვით, გელათური ბიბლიის რედაქტორ-მთარგმნელი არსენ იყალთოელი ან მისი ჯგუფიდან გამოსული რომელიმე დიდოსტატი უნდა იყოს. ც.ქურციკიძე კი მას ბერძნულიდან შესრულებულ ახალ თარგმანად მიიჩნევს, რომელშიც უძველესი თარგმანი მხოლოდ საკონტროლოდაა გამოყენებული.

გელათურ ბიბლიას, განსხვავებით სხვა კრებულებისაგან, თან ერთვის განმარტებები, ე.წ. კატენები, რის გამოც მას „კატენებიან ბიბლიასაც“ უწოდებენ. ბიბლიას განსაკუთრებულობას სწორედ კატენებში წარმოდგენილ ქრისტოლოგიური კომენტარების ავტორთა სახელების სძენს, რომელთა შორის საქრისტიანო სამყაროს ისეთი დიდი მოღვაწეები არიან, როგორებიცაა: კირილე ალექსანდრიელი, თეოდორიტე კვირელი, ორიგენე, ევსევი კესარიელი, სევეროზ ანტიოქელი, იოანე ოქროპირი, ოლიმპიოდორე, დიოდორე ტარსელი, ირინეოს ლიონელი, ისიდორე პელუსიელი, ბასილი კესარიელი, დიდიმე ალექსანდრიელი.

XVII საუკუნის 60-70-იან წლებიდან საქართველოში ბიბლიის შესწავლის საქმეში ახალი ეტაპი იწყება. სწორედ ამ დროიდან ეყრება საფუძველი ქართული ბიბლიის წიგნების შეკრების, შესწავლის, აღდგენისა და გამოცემის ისტორიას. ამ საქმიანობის წამომწყებად და ინიციატორად სულხან-საბა ორბელიანის მამა - მდივანბედი ორბელ ორბელიშვილი გვევლინება. ვახტანგ VI, სულხან-საბა, არჩილი, ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილები კი ამ წამოწყებისა და ინიციატივის გამგრძელებლები და დამაგვირგვინებელნი არიან. მდივანბეგ ორბელ ორბელიშვილის დაკვეთით გადაწერილმა ბიბლიის სამმა ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე, რომელთა გადამწერები იესე და ნათანაელ ბედისმწერლიშვილები არიან. ერთ-ერთ ხელნაწერთაგანს კი სულხან-საბას რედაქტორული და ფილოლოგიური მუშაობის კვალი ამჩნევია.

როგორც აღვნიშნეთ, მცხეთური ბიბლია რამდენიმე პირის მიერაა გადაწერილი, ერთ-ერთი გადამწერი კი თვითონ სულხან-საბაცაა. იგულისხმება ხელნაწერის მხედრული ხელით ნაწერი ნაწილი ნუსხურად ნაწერ რამდენიმე სხვა ადგილთან ერთად. კრებულში 44 დასახელების ძველი აღთქმის წიგნია შეტანილი.

ორბელიანების კარზე ბიბლიის ხელნაწერების შეკრება-გადაწერასა და რედაქტირებაზე ზრუნვას, როგორც ჩანს, თან მოჰყვა მის დაბეჭდვა-გამოცემაზე ფიქრიც. ბაქარ ბატონიშვილის გადმოცემით, თბილისის სტამბის დაარსება სწორედ ბიბლიის დაბეჭდვის განზრახვასთან ყოფილა დაკავშირებული.

ამ სტამბაში 1709 წელს დაიბეჭდა ფსალმუნისა და ახალი აღთქმის ტექსტები, ხოლო 1710-1711 წლებში - წინასწარმეტყველთა წიგნები. წინასწარმეტყველთა წიგნები ამ გამოცემაში გელათის ბიბლიიდან არის გადაბეჭდილი, ბიბლიის დანარჩენი ნაწილის დაბეჭდვა კი, როგორც ჩანს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ვეღარ მოხერხდა.

ნაბეჭდი სახით არსებული ქართული ბიბლიის ყველაზე სრული კრებული ე.წ. მოსკოვური ბიბლიაა. მას ბაქარის ბიბლიასაც უწოდებენ. მოსკოვური ბიბლია ქ. მოსკოვში 1743 წელს დაიბეჭდა. იგი ძველი აღთქმის ყველა წიგნს და მთელ ახალ აღთქმას შეიცავს. ამ ბიბლიის შედეგნისა და გამოცემის ისტორია მეტად საინტერესოდაა მოთხრობილი მისი გამომცემლების ბაქარ ბატონიშვილის წინასიტყვაობასა და ვახუშტი ბატონიშვილის ანდერძში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბაქარის ბიბლიის სულ რამდენიმე ცალმა ჩამოაღწია. ჩვენში დღეისათვის ამ წიგნის მხოლოდ 4-5 ეგზემპლარი არსებობს, ამიტომაც თითოეულ მათგანს ხელნაწერის მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ახალ აღთქმას, ცნობილია, რომ ახალი აღთქმის კანონი ადრეული ქრისტიანობის პერიოდიდან თანდათანობით ყალიბდებოდა, სანამ საბოლოოს არ დადგინდა ახალი აღთქმის ის კანონი, რომელიც დღეს გვაქვს.

ცალკეული სახარებების შექმნამდე ივარაუდება ე.წ. ლოგიების ანუ აგრაფების არსებობა. ესაა ქრისტეს გამონათქვამები, რომლებსაც იგი წარმოთქვამდა ხალხში ყოფნის დროს და იწერდნენ მოციქულები. აღნიშნული გამონათქვამები ანუ აგრაფები აღმოაჩინეს ცალკეც, ეგვიპტეში 1904 წელს, და თომას აპოკრიფულ სახარებაშიც, რომელიც იმავე ეგვიპტეშია აღმოჩენილი 1946 წელს. ითვლება, რომ სახარებებისათვის პირველწყაროდ სწორედ ეს აგრაფებია გამოყენებული.

უდავოდ საინტერესოა თუ რა ცნობები მოეპოვებათ მეცნიერებს ახალი აღთქმის ცალკეულ სახარებებთან დაკავშირებით. წმ. მათეს სახარების შესახებ ინფორმაცია დაცული ჰქონია ფრიგიის ეპისკოპოს პაპიუსს. ამ ცნობების მიხედვით, მათეს სახარების შექმნა არამეულ ენაზე ივარაუდება - მათეს ჩაუწერია ქრისტეს გამონათქვამები არამეულად, შემდეგ კი არამეული ტექსტი თავად მას ან რომელიმე მის მოწაფეს უთარგმნია ბერძნულად.

წმ. მარკოზის სახარება მათეს სახარებაზე უფრო ძველად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოთხთავში მათეს თავის მომდევნოა. მარკოზის შესახებაც პირველი ცნობებიც პაპიუსთან ყოფილა დაცული. მარკოზი, იგივე იოვანე, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო.

წმ. ლუკას სახარების შესახებ ცნობას გვაწვდის ევსევი კესარიელი (III-IV სს.) თავის „საეკლესიო ისტორიაში“. წმ. ლუკა მახარებელი პავლე მოციქულის ბერძენი მოწაფე იყო, პროფესიით ექიმი, ანტიოქიიდან. ლუკას ეკუთვნის საქმე მოციქულთას ავტორობაც.

ამ სამი სახარების ტექსტობრივი და ლიტერატურულ-იდეური სიახლოვე ყოველთვის იგრძნობოდა. როდესაც ისინი ტექსტობრივად ერთმანეთს შეუდარეს და სამივე სახარებიდან ამოიკრიფა თანმხვედრი ადგილები, აღმოჩნდა, რომ მარკოზის სახარებაში ტექსტი თითქმის აღარ დარჩა. ამის საფუძველზე დაასკვნეს, რომ მარკოზის სახარება უნდა დასდებოდა საფუძვლად მათესა და ლუკას სახარებებს. საერთო ადგილები აღმოაჩინეს აგრეთვე მათესა და ლუკას სახარებებშიც. ჯერ კიდევ ადრექრისტიანულმა ეკლესიამ მიაქცია ყურადღება მეოთხე სახარების განსხვავებას წინა სამი სახარებისაგან. კლიმენტი ალექსანდრიელის (II-III სს.) თქმით, მეოთხე ევანგელისტმა, იოანემ, როდესაც დაინახა, რომ წინა სახარებებში მოცემული მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება და მისი მხსნელი მსახურება მხოლოდ აღწერით ხასიათს ატარებდა, დაწერა მეოთხე სახარება, რომელსაც სულიერ სახარებას უწოდებენ.

ახალი აღთქმაც, თუ არ ჩავთვლით „იოვანეს გამოცხადებას“, IV-V სს-ში უნდა იყოს თარგმნილი. ქართულ ენაზე ძველი ხელნაწერებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ოთხთავის ხელნაწერებია შემონახული. მათ სიმრავლეს ყველა დროში და ძველადაც მათი პრაქტიკული საჭიროება განაპირობებდა. ოღონდ ეს ხელნაწერები X ს-ზე ადრინდელი არ არის, თუ არ ჩავთვლით ადიშის ოთხთავს, რომელიც 897 წელსაა გადაწერილი. V-დან X საუკუნემდე მათ არარსებობასაც იგივე მიზეზი აქვს, რაც ძველი აღთქმის კრებულების არარსებობას ჰქონდა. ხელნაწერთა უმეტესობა თავისი მაღალმხატვრული გაფორმებით უნიკალურია და მსოფლიო ხელოვნების შედევრს წარმოადგენს. ამგვარი გაფორმება ამ ხელნაწერებისა, პირველ რიგში, იმ მოწიწება-მოკრძალების ნიშანი უნდა იყოს, რომელსაც ისტორიულად სახარებათა ტექსტები იწვევდა მართლმორწმუნე ერში.

ჩვენამდე მოღწეულ ამ უნიკალურ ხელნაწერთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე მათგანი: ადიშის ოთხთავი, რომელიც დღესაც სვანეთში, მესტიის მუზეუმშია დაცული; ოპიზის 913 წლის ხელნაწერი, რომელიც ოპიზიდან ათონზე გადაუტანიათ და ახლაც იქაა დავანებული; ჯრუჭის ოთხთავი, რომელიც 936 წლით თარიღდება; პარხალის მრავალთავის გადამწერის, გაბრიელ პატარაიას მიერ გადაწერილი პარხლის ხელნაწერი; პარხლის ხელნაწერი, 976 წელს შატბერდის კრებულის გადამწერის, იოანე ბერის მიერ გადაწერილი; ქსნის ოთხთავი, რომელაც IX საუკუნითაც ათარიღებენ; ურბნისის ოთხთავი აგრეთვე X ს-ისა და სხვ.

გასაკვირი არ არის, რომ ქართველ მწიგნობართა მიერ გადაწერილი ოთხთავების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია XII საუკუნეში, რომლებიც განსაკუთრებული მხატვრულობითაცაა გამორჩეული. მათგან აღსანიშნავია გელათისა და ჯრუჭის (ჯრუჭი II) ოთხთავები. პირველი ნატიფად შესრულებული სამასამდე მინიატურითაა დამშვენებული, მეორეს კი ოთხასამდე ასეთივე მინიატურა ამშვენებს. გამორჩეულია ჯვარცმისა და ვედრების უნიკალური სცენებით შემკული ალავერდის, წყაროსთავისა და ბერთის ოთხთავები, რომელთაგან წყაროსთავის ხელნაწერის ვერცხლის ყდა ბექა ოპიზარს მოუჭედავს, ხოლო ბერთის ოთხთავი - ბეშქენ ოპიზარს დაუმშვენებია. ამავე ეპოქისაა თამარ მეფისადმი მიძღვნილი ვანის ცნობილი ოთხთავი, რომელიც კონსტანტინეპოლში საგანგებოდ თამარისათვის გადაიწერა და ასევე საგანგებოდ მოიხატა ბერძენი მხატვრის, მიქაელ კორესელის მიერ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აფხაზეთში გადაწერილი ბიჭვინთისა და მოქვის ოთხთავები, რომლებიც უძვირფასესი მინიატურებითაა შემკული - პირველის ბუდე მოჭედილია სოლომონ შერვაშიძისა და მისი შვილის არზაყანის მიერ, მეორე კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თან ერთვის ხელნაწერის დამკვეთის, მთავარეპისკოპოს დანიელის განსაკუთრებით ლამაზი მინიატურა.

ისტორიის მანძილზე წმიდა წერილის თარგმნის პირობები და პრინციპები არსებითად არ იცვლებოდა. ამის პირობა იყო ღვთის საგანგებო კურთხევა ერის მოსაქცევად, დასამოძღვრად, მომავალი თაობების აღსაზრდელად, უფალთან ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. ამიტომ მთარგმნელი ეკლესიის წიაღიდან იყო გამორჩეული - როგორც მცოდნე წმიდა წერილისა და ენებისა სარწმუნოებრივი ცხოვრების გამოცდილებით - და, ამასთან ერთად, საეკლესიო იერარქიის კურთხევით მოღვაწეობდა. თუ ბერძნულ ენაზე - ზუსტად გადმოტანა არა მარტო აზრობრივად, არამედ კონსტუქციულად და ლექსიკურადაც. და რადგანაც დედანი მარტივი და გასაგები ენით იყო დაწერილი, ამდენად თარგმანიც სადა და სტილისტურად ერთგვაროვანი უნდა ყოფილიყო. როდესაც ჩვენ წმიდა წერილის სხვადასხვა ენებზე თარგმანებს ერთმანეთს ვადარებთ, ვხედავთ მათ იდენტურობას, რაც თარგმნის კანონიკაზე მეტყველებს.

ჩვენი საუკუნე განდგომის ჟამია. ურწმუნოების და უსჯულოების გამრავლებამ და გავრცელებამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. თანამედროვე ადამიანის მეტყველება დაშორდა იმ ენას, რომელზედაც თარგმნიდნენ ჩვენი წინაპრები. ამიტომ დღეს აქტუალური გახდა ამ ენობრივი ბარიერის დაძლევა, რის გარეშეც ძნელია ახალი თაობებისათვის ღვთის სიტყვის აღქმა, გაგება და უფალთან მიახლოება. ეს პრობლემა რუსეთის ეკლესიამ XIX სუკუნეში გადაწყვიტა ოთხი სასულიერო აკადემიის ძალისხმევით. ჩვენს ეკლესიაში ეს საკითხი XX საუკუნის 70-იანი წლების დამლევს დაისვა. უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაწყებული მთარგმნელობითი მუშაობა დასრულდა 1989 წელს საპატრიარქოს მიერ ბიბლიის გამოცემით. პარალელურად, ეკლესიისგან დამოუკიდებლად, იგივე საქმიანობა წამოიწყო სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა. დღეს უკვე არსებობს ბიბლიის ორი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე. თუმცა ორივე თარგმანისათვის დამახასიათებელია საუკუნეების მანძილზე არსებული წმიდა წერილის თარგმნის პრინციპების გაუთვალისწინებლობა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად 1990 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოსთან შეიქმნა წმიდა წერილის მთარგმნელთა ჯგუფი ა.ხარანაულის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ა.არჯევანიძე, მ.გოგილაშვილი, ქ.მათიაშვილი, შ.ნაჭყებია, მ.ოვაშვილი, მ.ჭანტურია, ლ.ჭელიძე. ჯგუფის წევრების ძველი  და ახალი ქართულის გარდა ფლობენ ბერძნულს, ებრაულს, არაბულს, სლავურს, რუსულს და თანამედროვე ევროპულ ენებს. მთარგმნელობითი მუშაობა კოლექტიურად მიმდინარეობს, რათა ერთობლივად დაიძლიოს მოსალოდნელი ადამიანური სუბიექტურობა და ტენდენციურობა. ამჟამად თანამედროვე ქართულ ენაზე მათ მიერ ნათარგმნია წმიდა სახარების მათეს და მარკოზის წიგნები და ძველი აღთქმის წიგნებიდან - დაბადება და გამოსვლა.

ბოლო პერიოდში - 1984-2004 წლებში - უწმინდესის და უნეტარესის კურთხევით, ქართველ ერს კიდევ ერთი სულიერი საგანძური შეემატა - ქართული მინიატურებით შემკობილი ხელნაწერი უნიკალური სახარება.

სახარება (ოთხთავი) ხელნაწერის სახით შესრულებულია პერგამენტზე (ხბოს ტყავზე), ნუსხა-ხუცურით (სულ 140 ფურცელი). მისი ზომა 70x90 სმ-ია, ხოლო წონა - 32 კგ. ყდა შესრულებულია მოოქროვილი (ჭედურობის) ტექნიკით. მასზე გამოსახულია ჯვარი, რომელიც იყოფა ექვს ტოლ ნაწილად. თითოეულში სახარების სცენებია გამოსახული: ნათლისღება, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ჯვარცმა, ხარება, შობა. სახარების ყდა შემკულია 35 სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვით, ოთხი მახარებლის გამოსახულებები კი შემოსაზღვრულია პატარა ზომის მარგალიტებით.

სახარების ილუსტრაციებზე სამი წლის მანძილზე მუშაობდნენ მხატვრები: რუსუდან ფეტვიაშვილი, თამარ გურაშვილი, ლიზა ჩქარეული და გურამ ჟვანია და სხვები. სახარება შემკულია რამდენიმე ასეული მინიატურით. დღეს ის წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.


გამოყენებული ლიტერატურა:
სალომე ჯაში „ბიბლია საქართველოში“ (გაზეთი „აღსავალი“, № 1, 2004 წ.)
„ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
წიგნი მათესი“ (საქართველოს საპატრიარქო, 2001 წ.)
ჟურნალი „დედა-ეკლესია“, № 20, 2005 წ.

იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე - და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ.

იესო ქრისტემ თავის მორწმუნეთ აღუთქვა, რომ მუდამ მათთან იქნებოდა. ამ აღთქმის სასოებით განმტკიცებული ეკლესია იმთავითვე უშიშრად შეხვდა თავდასხმებს. დევნა და შევიწროება კი არ აუძლურებდა, პირიქით, ზრდიდა და ძალას მატებდა მას. ქრისტიანთა მოთმინება და იმ სახელმწიფოს კეთილმოქალაქეობა, რომელიც მათ უმოწყალოდ დევნიდა, წარმართებსაც კი აოცებდა.

პირველ ეკლესიას, რომელშიც მოციქულები და მათი მოწაფენი მოღვაწეობდნენ, უკვე ჰქონდა თავისი ადათ-წესები, რომელთა შესახებაც „საქმე მოციქულთა“ და ეპისტოლენი მოგვითხრობენ. მოციქულთა სწავლებას ეკლესია უდიდესი მოკრძალებით ეპყრობოდა და მოწიწებით იცავდა.

პირველი სამი საუკუნის მანძილზე შეკრებილი „წესები და დადგენილებანი მოციქულებისა“ უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროა ძველი ეკლესიის იერარქიისა და ღვთისმსახურების შესასწავლად. ამ წყაროს თანახმად, ახალმოქცეულს ნათლისღების წინ ქრისტეს მოძღვრებას განუმარტავდნენ. ამ რიტუალს „განმზადება“ ეწოდებოდა. ამას მოჰყვებოდა რწმენის აღიარება. თავდაპირველად მრწამსის გადმოსაცემად საყოველთაო, დადგენილი ტექსტი არ არსებობდა, მორწმუნე წრმენას გულიდან ამოსული სიტყვებით გამოხატავდა. მაგალითად, ასე: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა“. ნათლობა წმინდა სამების სახელით, ჩვეულებრივ, წყალში სამგზის შთაფვლით აღესრულებოდა, რაც სიმბოლურად ძველი კაცის დასაფლავებას, მისი ცოდვების მოკვდინებასა და ახალი ცხოვრებისთვის დაბადებას განასახიერებდა. „საქმე მოციქულთაში“ ხშირად იხსენიება მთელი ოჯახების მონათვლა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვილებს ქრისტიანობის პირველსავე საუკუნეებში ნათლავდნენ. ახალმონათლულნი ცოდვებისგან განბანისა და სულიერი განწმენდის ნიშნად თეთრი, სპეტაკი სამოსლით იმოსებოდნენ. ზოგიერთ ეკლესიაში არსებობდა ადათი, რომლის მიხედვითაც მათ, როგორც ახალი ცხოვრებისათვის დაბადებულ ჩვილებს, თაფლსა და რძეს ასმევდნენ. ნათლობის შემდეგ მოციქულები მონათლულებს ხელდასხმით სულიწმიდის მადლს ანიჭებდნენ. „საქმე მოციქულთადან“ ვიცით, რომ მონათლულმა სამარიელებმა მადლი სულისა წმიდისა მანამდე ვერ მიიღეს, სანამ მათთვის პეტრემ და იოანემ არ ილოცეს და ხელი არ დაასხეს. იგივე მოხდა ეფესოშიც - აპოლოსის მომხრეებს სულიწმინდის მადლი და ენების ცოდნა მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც მათ პავლე მოციქულმა დაასხა ხელი. ასე რომ, ხელდასხმის საიდუმლო იმთავითვე იყო გამოყოფილი ნათლისღების საიდუმლოსგან. შემდეგში - მოციქულთა დროშივე - ამ მიზნით მირონცხებაც გამოიყენეს (მორწმუნეები ისე გამრავლდნენ, რომ მოციქულებს, უბრალოდ, აღარ შეეძლოთ, თითოეული მათგანისთვის დაესხათ ხელი, ამიტომაც მოხარშეს და აკურთხეს მირონი).

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად ევქარისტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში“ გვხვდება მრავალი მითითება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისათვის  ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ (მოგეხსენებათ, „ეკლესია“ ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს). პურის განტეხა, ანუ ევქარისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. მოციქულები მათ მხოლოდ პურსა და ღვინოზე სულიწმიდის გარდამოსვლისთვის ვედრება მიუმატეს.

ღმრთისმსახურების ნაწილი იყო წმინდა წიგნების კითხვა, ფსალმუნებისა და სხვა საგალობლების გალობა და ლოცვები, რომლებშიც მორწმუნენი კურთხევას გამოითხოვდნენ ღვთის საიდუმლოს აღსასრულებლად შემოწირულ პურსა და ღვინოზე (უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო ძღვენი თავად მორწმუნეებს მოჰქონდათ). პური და ღვინო, მას შემდეგ, რაც სულიწმიდის გარდამოსვლით იკურთხებოდა, რომელნიც ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მათთან კი, ვისაც ავადმყოფობის გამო არ შეეძლო ლიტურგიაზე დასწრება, ის დიაკვნებს მიჰქონდათ.

საიდუმლოს აღსრულების წინ დამსწრენი ერთმანეთს ამბორისყოფით ესალმებოდნენ ნიშნად იმ სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს შვილებს უნდა აერთებდეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა (როგორც ჩანს, მორწმუნეთა კრებულის რიცხოვრივი ზრდის გამო), მაგრამ მისი ხსოვნა აქამდე შემორჩა სიტყვებში: „ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“. საკურთხეველში მდგარი მღვდელმსახურნი ამ წესს ახლაც ძველებურად აღასრულებენ და ერთმანეთს ეამბორებიან.

პირველი ქრისტიანები ყოველდღე ეზიარებოდნენ, მაგრამ როცა ქრისტიანთა დევნის გამო ღვთისმსახურების ყოველდღე აღსრულება შეუძლებელი გახდა, ზიარება უფლის დღეს - კვირას - დაადგინეს.

თავიდან, ვიდრე ყველა მოციქული იერუსაილმში იმყოფებოდა, ისინი სალოცავად ძველი აღთქმის ტაძარში დადიოდნენ, მაგრამ იქ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ. ლოცვისთვის განსაკუთრებით მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამი იყო დადგენილი: მესამე ჟამს სულიწმიდა გარდამოხდა ზეცით, მეექვსე ჟამს უფალი ჯვარს აცვეს, ხოლო მეცხრე ჟამს მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა.

მგზნებარე სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსე გული პირველ ქრისტიანებს განუწყვეტელი ლოცვის ძალას აძლევდა, მაგრამ როგორ ევედრებოდნენ, როგორ ადიდებდნენ ისინი უფალს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, ერთი რამ ცხადია: მსახურების წესი და რიგი იმთავითვე ყოფილა დადგენილი. როგორც გარდამოცემა გვამცნობს, იაკობისა და მარკოზის ლიტურგიის წესები მოციქულთა დროიდანვე არსებობდა. არსებითად, ეს ერთი ლიტურგია იყო და ერთმანეთისგან მხოლოდ დეტალებით განსხვავდებოდა. ღვთისმსახურებას ქრისტიანები თავიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. ამაზე მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომელშიც ის კორინთელებს ლიტურგიის წესის მიხედვით აღსრულებისკენ მოუწოდებს.

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ „მამაო ჩვენოსთან“ ერთად „უფალო, შემიწყალეც“ მოციქულების დროიდანვე იგალობებოდა. თავიდანვე უნდა ყოფილიყო ლიტურგიაში შეტანილი აგრეთვე ანგელოზთა გალობანი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა; დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - და ქერუბიმთა გალობა: „ალილუია“ და „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“. მეორე საუკუნის დასაწყისიდან წერილობითი ძეგლები უკვე ამ სიტყვებით სრულდება.

ადრევე უნდა შეეტანათ ღვთისმსახურებაში გალობანი ღმრთისმშობლისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა“ და სვიმეონ მიმრქმელისა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო მშვიდობით“.

როგორც „საქმე მოციქულთადან“ ვიგებთ, გარდა დადგენილი საათებისა, ქრისტიანები ღამის ლოცვაზე იკრიბებოდნენ. ევქარისტიის საიდუმლო დევნის პერიოდში ან ღამით, ან ცისკრისას აღესრულებოდა. შეკრების ადგილი ხშირად მიწისქვეშა აკლდამა და მღვიმე (კატაკომბა) იყო.

ღვთისმსახურებისას იყენებდნენ სანთლებსა და ჩირაღდნებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სიბნელის გასაფანტად; მათი ანთება სულიერ ზეიმსა და სიხარულს გამოხატავდა და სიმბოლურად იმ ნათელზე მიანიშნებდა, რომელიც განკაცებულმა უფალმა სამყაროში მოიტანა.

პირველ ქრისტიანთა ეპისკოპოსს არაჩვეულებრივად რთული და მნიშვნელოვანი მოვალეობა ჰქონდა: გარდა მღვდელმსახურებისა და საიდუმლოთა აღსრულებისა, მას უნდა განესაჯა ყველა ის საქმე, რომელიც ქრისტიანთა შორის აღიძვრებოდა, რადგან ქრისტიანები გასაგები მიზეზების გამო სამოქალაქო სასამართლოს არ მიმართავდნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ წარმართული სულით გაჟღენთილი კანონები სრულიად არ შეესაბამებოდა ქრისტეს მცნებებს; მეორეც, სამოქალაქო სასამართლოზე წარმართულ ფიცს ან წარმართული რიტუალის აღსრულებას მოითხოვდნენ, რასაც ქრისტიანები, ცხადია, ვერ შეასრულებდნენ. ეპისკოპოსი კი სახარების სულითა და სინდისით სჯიდა. პავლე მოციქული კორინთელებს საყვედურობს, წარმართების სამსჯავროს რატომ მიმართეთო და არწმუნებს, რომ საერთოდ არიდონ თავი ჩხუბსა და კამათს, რამეთუ ისინი ქრისტიანული სიყვარულის სულს არ შეესაბამება.

ქრისტიანებს ქორწინებისთვის უთუოდ ეპისკოპოსისგან უნდა მიეღოთ კურთხევა. მოციქულთა სწავლება ცოლისა და ქმრის მოვალეობათა შესახებ ადასტურებს, რამოდენა პატივს სცემდნენ ისინი ამ საიდუმლოს. წარმართებისაგან განსხვავებით, სადაც ქორწინება ნაკლებად პატივსაცემი იყო, ქრისტიანებს ეკლესიის მიერ კურთხეული საქორწინო კავშირი ქრისტეს ეკლესიასთან მარადიული კავშირის სახედ მიაჩნდათ. ცოლ-ქმარს ერთობით უნდა ემსახურა ღვთისა და ერთმანეთისთვის და ურთიერთს უფლის წმინდა მცნებათა აღსრულებაში დახმარებოდა. საზოგადოდ, იმ რწმენის საფუძველზე, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია მარადიულისა და მისთვის მზადებას წარმოადგენს, ნებისმიერი სახის ოჯახურმა ურთიერთობამ და მოვალეობამ ქრისტიანულ ზნეობაში ახალი, უფრო მაღალი მნიშვნელობა შეიძინა.

პირველი ქრისტიანები გულწრფელად აღასრულებდნენ უფლის მცნებას: „შეიყვარეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“. ერთმანეთი მათ მართლაც ძმებივით უყვარდათ. მდიდრები ქონებას ღარიბებს უნაწილებდნენ. თუ რომელიმე მხარეში შიმშილობა ჩამოვარდებოდა, ქრისტიანები ფულს აგროვებდნენ და იქაურ ძმებს უგზავნიდნენ. ასეთი საქციელი, ბუნებრივია, უცხო იყო წარმართებისთვის, რომელნიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ, ბრწყინვალე სასახლეებსა და ცირკებს აშენებდნენ და ნადიმებისა და ზეიმებისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ. მათ საპირისპიროდ, ქრისტიანული ეკლესიები შეძლებულ წევრთა შემწეობით თავშესაფრებისა და საავადმყოფოების აშენებისთვის ზრუნავდნენ და თუმცა მათ ლხინსა და ზეიმებში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა, უბედურების ჟამს წარმართებსაც უანგაროდ ეხმარებოდნენ.

პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ ადათი, რომლის მიხედვით კვირის პირველ დღეს (ე.ი. კვირას) ეკლესიის ხარჯებისთვის და ღატაკთა დასახმარებლად, ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენს გაიღებდა ხოლმე. ამ ჩვეულებას პავლე მოციქულიც მოიხსენიებს, რომელიც სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი მოძღვრების მქადაგებელნი და ეკლესიის მსახურნი ქრისტიანთა საზოგადოებას უნდა შეენახა. თუმცა თვითონ თავის შენახვა საკუთარი შრომით ერჩივნა. შემოწირულობანი ეპისკოპოსებს ან ხუცესებს ბარდებოდა; მორწმუნეებს მოჰქონდათ ასევე ღვთისმსახურებისთვის საჭირო პური, ღვინო, ზეთი, თაფლი და რძე (ეს ორი, როგორც აღვნიშნეთ, ნათლობის დროს იხმარებოდა).

ღვთისმსახურების შემდეგ ქრისტიანები საერთო ტრაპეზს მიუსხდებოდნენ, რომელსაც აღაპები - სიყვარულის საღამოები - ეწოდებოდა. აღაპები ხშირად უწესრიგობის მიზეზად იქცეოდა ხოლმე, ამიტომ შემდეგში ეს ტრადიცია დათმეს, მაგრამ „სიყვარულის საღამოები“ გაგრძელდა მიცვალებულთა მოხსენიებისას, როცა წლისთავზზე მათ საფლავზე შეიკრიბებოდნენ ხოლმე.

ქრისტიანთა წეს-ჩვეულებებზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის წარმართი რომაელი მოხელე. მისი თქმით, ქრისტიანები დანიშნულ დღეს, განთიადის დადგომამდე, იკრიბებოდნენ და ქრისტეს, ვითარცა ღმერთს, გალობით ადიდებდნენ. მათ ფარულ შეკრებებში არავითარი დანაშაულებრივი განზრახვა არ შეიმჩნეოდა. პირიქით, ისინი პირობას დებდნენ, რომ არ იქურდებდნენ, ტყუილს არ იტყოდნენ, სხვის ქონებას არ მიითვისებდნენ  და აღთქმას წმინდად იცავდნენ.


მოამზადა დიაკონმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 15, 2005 წ.

თავი I. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XIX-XX საუკუნეებში

ა) ავტოკეფალიის გაუქმება, ეგზარქოსობის ხანა

1795 წლის 10 სექტემბერი. თბილისის შემოსასვლელთან ირანელთა 35- ათასიან  ჯარს 5  ათასი ქართველი მეომარი უპირისპირდება. გადაუღებლად წვიმს. ნისლი ჩამოწოლილა ქალაქში. 75 წლის "პატარა კახმა" მოიგერია ირანელთა იერიშები. აღა-მაჰმად ხანი თბილისიდან წასასვლელად ემზადება. ამ დროს მასთან მიჰყავთ მოღალატე უცხო ტომელნი, რომელნიც დაუჯერებელ ამბავს ატყობინებენ დამპყრობელს – ერეკლე მეფეს ლაშქარი არა ჰყავს!

გათენდა 11 სექტემბერი. წვიმამ გადაიღო. მტკვარზე გაწოლილი ნისლი გაიფანტა და აღა–მაჰმად ხანმა დაინახა მცირერიცხოვან ქართველთა საბრძოლო პოზიციები.

 

ძალა მიეცათ სპარსელებს. დაიწყო ახალი იერიშები. მტრის რიცხობრივმა უპირატესობამ გამარჯვების სასწორი მის მხარეზე გადახარა: ბრძოლაში დაეცა სამასი არაგველი, მტერს შეაკვდნენ მაჩაბლის რაზმის წევრები, ორმოცდაათამდე გადარჩენილმა მეომარმა ერეკლე მეფე ბრძოლის ველს განარიდა და მუხრანის ხიდით ქალაქიდან ანანურისაკენ წაიყვანა...

ორი კვირის განმავლობაში არბევდა აღა-მაჰმად ხანის ლაშქარი თბილისს, აწიოკებდა მოსახლეობას. ქალაქში ეპიდემიამ იფეთქა. ვინც სპარსელებს გადაურჩა, ეპიდემიის მსხვერპლი გახდა.

1798 წლის 11 იანვარს თელავში გარდაიცვალა ქართლ–კახეთის მეფე ერეკლე II. ორმოცი ათასმა რჩეულმა ვაჟკაცმა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრამდე მიაცილა სამშობლოს უბედობით დაღდასმული მეფის ცხედარი...

ერთმორწმუნე რუსეთმა, რომელიც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულების თანახმად, ქართლ–კახეთს უნდა დახმარებოდა, ბედის ანაბარა მიატოვა იგი. 1800 წლის დეკემბერში, როდესაც გარდაიცვალა გიორგი XII, რუსეთის ხელისუფლებამ პავლე I–ის მანიფესტით გააუქმა ქართლ–კახეთის სამეფო და იგი რუსეთის თვალუწვდენელი იმპერიის ნაწილად გამოაცხადა; 1802 წლის 12 აპრილს კი ქართლ–კახეთის თავადაზნაურობას, სასულიერო მაღალიერარქებს თავი მოუყარეს თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში და წაუკითხეს რუსეთის იმპერატორის - ალექსანდრე I–ის მანიფესტი ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შესახებ. ალექსანდრე I დიდსულოვნად აცხადებდა: "ძალმან გარემოებათა ამათ, ზოგად ამის ძალით გრძნობამან თქვენმან, და ხმამან საქართველოისა ერისაგან, მოგვზიდეს ჩვენ, არა დაუტეოთ და არა მივსცეთ მსხვერპლად განსაცდელისა ენა ერთმორწმუნეთა, მომცემელთა ხვედრისა თვისისა დიდ სულისა რუსეთსა, საფარველისადმი... არა განვრცელებისათვის საზღვრის, და ესრეთცა უკვე ვრცელისა ქვეყანასა ზედა იმპერიასა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართველოს სამეფოსა მართებლობისასა. მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზედა საღმრთოსა ვალსა".[1, 237]. ამ მაღალფარდოვანი სიტყვების მიღმა ქართველობამ თავისი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მოსპობა დაინახა, ერთმორწმუნეობაზე დამყარებულმა იმედებმა მსხვრევა დაიწყო. ხალხს არ უნდოდა დაფიცება, მაგრამ სიონის ტაძრის გარშემო შეიარაღებული რუსი მხედრობა ჩამწკრივდა. როგორც ბაგრატ ბატონიშვილი იგონებდა, შეკრებილთ ასეთი ულტიმატუმი წაუყენეს: "უკეთუ არა ჰყოფთ ფიცსა ერთგულებასა ზედა რუსეთისასა, ამოგწყვეტთ"[2, 63]. რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I ქართველებს მიმართავდა – განღვიძებული იმედი თქვენი არა იქნების მოტყუებულიო, მაგრამ ყველაფრიდან ჩანდა, რომ  ქართველობა მოტყუებული დარჩა.

ქართული სამეფოს გაუქმების შემდეგ დამყარდა რუსული მმართველობა რუსული კანონებითა და ადათ–წესებით. იმპერატორის ბრძანებით, ბაგრატოვანთა სამეფო სახლის წარმომადგენლები რუსეთში გადაასახლეს. ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ქართული ცნობიერება _ ეს ის პრობლემები იყო, რომლებიც რუსეთის მმართველობას საქართველოს მოსახლეობის ასიმილაციაში ხელს შეუშლიდა, ამიტომ აუცილებელი იყო, ეწარმოებინათ გააზრებული, კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რათა დაჩქარებული ტემპით მომხდარიყო ქართველობის  გარუსება.

ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სახელმწიფოს ყურადღება მიპყრობილი იყო დასავლეთ საქართველოსაკენ. 1804–1815 წლებში რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა იმერეთის სამეფოს დაპყრობა, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროების რუსეთის მფარველობაში  შეყვანა. ამის შემდეგ კოლონიური პოლიტიკის განხორციელება უფრო თამამად იყო შესაძლებელი.

რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებისათვის სრულიად მიუღებელი იყო არსებობა უძველესი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიისა, რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II ედგა. ქართული სახელმწიფოებრიობისა და ერთიანობის სიმბოლო იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. იმპერატორ ალექსანდრე I–ის საიდუმლო ინსტრუქცია საქართველოში დანიშნულ რუს მთავარმართებლებს ავალებდა, დაწვრილებით შეესწავლათ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ფინანსური შემოსავლები, ეპარქიებში არსებული მდგომარეობა, ხალხის დამოკიდებულება კათოლიკოს–პატრიარქის მიმართ, შესაძლებლობის ფარგლებში მოეხდინათ შიდასაეკლესიო დაპირისპირების პროვოცირება, რომელიც საერო ხელისუფლებას საშუალებას მისცემდა, ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში და დაეჩქარებინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. ამ თვალსაზრისით სერიოზული სამუშაოები ჩაატარეს მთავარმართებლებმა: პ. ციციანოვმა (1802–1806 წწ), ი. გუდოვიჩმა (1806–1809 წწ.), ა. ტორმასოვმა (1809–1811 წწ.), რომელთაც საქართველოს ეკლესიის ყოველწლიური ფინანსური შემოსავლებიც მიითვისეს და შიდასაეკლესიო დაპირისპირების პროვოცირებაც მოახდინეს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ანტონ II–ს დაუპირისპირეს პატივმოყვარე თბილელი მიტროპოლიტი არსენი (ბაგრატიონი). მთავარმართებელმა ა. ტორმასოვმა რუსეთის იმპერატორისადმი გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში ჩამოაყალიბა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ეპარქიათა შემცირებას, იმპერატორის თანხმობის გარეშე სასულიერო პირთა კურთხევის აკრძალვას, სასულიერო მმართველობის დიკასტერიის დაარსებას.

1809 წლის შემოდგომაზე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო რუსეთის წმიდა სინოდის სხდომები, რომლებზეც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რეორგანიზაციის საკითხები უნდა განხილულიყო. სხდომებს უნდა დასწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II. "ანტონ II-ის პეტერბურგში მიწვევა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის "საპატიო" გადასახლებას ნიშნავდა, საიდანაც მას დაბრუნება არ ეწერა"[3, 44]. ბევრს ეცადა უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II, არ წასულიყო რუსეთის საიმპერატორო კარზე და გადაერჩინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დამოუკიდებლობა, მაგრამ უშედეგოდ. მას მკაცრად მოსთხოვეს პეტერბურგში ჩასვლა. მთავარმართებელმა ა. ტორმასოვმა, მთავარეპისკოპოს ვარლამ ერისთავის მოხსენების საფუძველზე, 1811 წლის 21 ივნისს ალექსანდრე I-ს ხელმოსაწერად წარუდგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც უქმდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ტიტული, საქართველოს ეკლესიის მეთაურს ეწოდა "საქართველოს ეგზარქოსი" და იგი რუსეთის წმიდა სინოდის მუდმივ წევრად დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება იყო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის უხეში დარღვევა.

1810 წლის 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ანტონ II-მ უკანასკნელი წირვა ჩაატარა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, გამოეთხოვა მრევლს და გაემგზავრა რუსეთში. საქართველოს ეკლესიის მეთაურად დაინიშნა მიტროპოლიტი ვარლამ ერისთავი (საქართველოს ეგზარქოსის ტიტულით). ეგზარქოსი ვარლამ ერისთავიც 1815 წელს რუსეთში გაიწვიეს. 1815 წლიდან 1917 წლამდე საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, ამჯერად საქართველოს საეგზარქოსოს, განაგებდნენ რუსი ეგზარქოსები. პირველი რუსი ეგზარქოსი იყო თეოფილაქტე რუსანოვი, რომელიც აქტიურად  შეუდგა საეკლესიო სფეროში გარუსების პოლიტიკას. მისი ბრძანებით სიონის საპატრიარქო ტაძარში შემოიღეს სლავური წირვა–ლოცვა. (უკანასკნელი ეგზარქოსი კი იყო პლატონ როჟდესტვენსკი). რუსი ეგზარქოსები გამოხატავდნენ  ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას: აქტიურად იბრძოდნენ ყოველივე ქართულის წინააღმდეგ. ცნობილი რუსი მეცნიერის ნ. დურნოვის თქმით: "ვინმეს ქართველთაგანს რომ გადაეწყვიტა, დაეწერა ნამდვილი ისტორია რუსი ეგზარქოსების ქმედებაზე, გაწითლება მოგვიხდებოდა, მოვისმენდით რა მათ საქმეებს, იმდენად არცხვენდნენ ისინი რუს მღვდელმთავრობას. რუსი ეგზარქოსები ჩამოდიოდნენ საქართველოში არა მათზე მინდობილი ეკლესიების სამწყემსავად, არამედ ძველი ივერიის საეკლესიო ქონების საძარცვავად და გასაპარტახებლად, ქართული ენის შესარყვნელად... მათ საშინელი ბოროტებისა და ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ ქართული ეკლესიისთვის.  მათთვის ეს  მხოლოდ ბარბაროსთა ქვეყანა იყო. მდინარე მტკვარში გადაყარეს ყველა კანონი და საეკლესიო დადგენილება, რომელნიც საქართველოს ეკლესიას ეხებოდა, ცეცხლს მისცეს მრავალი საეკლესიო დოკუმენტი, მათი ნაწილი პეტერბურგში წაიღეს, დახურეს 25 ეპარქია, 860 ეკლესია–მონასტერი"[4, 5-6].

1817 წელს, ადგილობრივი ქართველი სასულიერო პირების ჩასანაცვლებლად და ეკლესია–მონასტრებში რუსული ენის გასაბატონებლად, თბილისში დაარსდა რუსულენოვანი სასულიერო სემინარია. ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა დაიწყო ქართველ სასულიერო პირთა დევნა–შევიწროება. მან მიზნად დაისახა საეკლესიო რეფორმების გატარება დასავლეთ საქართველოშიც.

XV საუკუნის 70–იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე დასავლეთ საქართველოში არსებობდა ლიხთ–იმერეთისა და აფხაზთა საკათოლიკოსო, რომლის სათავეში იდგა ლიხთ–იმერეთისა და აფხაზთა კათოლიკოს–პატრიარქი. საპატრიარქო რეზიდენცია XVI საუკუნემდე ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI–XVIII საუკუნეებში - გელათში. "1795 წელს იმერთა მეფე სოლომონ II-ის დავალებით რუსეთში დიპლომატიური მისიით მყოფი კათოლიკოს–პატრიარქი უნეტარესი მაქსიმე (აბაშიძე) კიევში გარდაიცვალა. ლიხთ–იმერეთისა და აფხაზთა საკათოლიკოსოს განაგებდა მოსაყდრე, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი (წერეთელი). საკათოლიკოსოში მოქმედი 9 ეპარქიიდან ყველაზე გავლენიანი გაენათის ეპარქია და გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (შერვაშიძე) იყო. თეოფილაქტე რუსანოვის პროექტის თანახმად, უნდა გაუქმებულიყო საკათოლიკოსო, ეპარქიების რაოდენობა შემცირებულიყო 3–მდე, საეკლესიო მმართველობა და ქონება უნდა დაქვემდებარებოდა სინოდალურ კანტორას თბილისში"[5, 87].

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა აღდგა ეგზარქოს თეოფილაქტე რუსანოვის განზრახვის წინააღმდეგ. ეგზარქოსის მიერ საეკლესიო მამულების აღსაწერად წარგზავნილები იმერეთიდან გააძევეს, თვით თეოფილაქტე რუსანოვი ქუთაისიდან სასწრაფოდ დაბრუნდა თბილისში. ხელისუფლება იძულებული გახდა, ოფიციალურად შეეწყვიტა იმერეთში საეკლესიო რეფორმა, მაგრამ ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს ეძებდა საეკლესიო ამბოხების მეთაურთა დასაპატიმრებლად. 1820 წლის 3 მარტს იმერეთის ახლადდანიშნულმა მმართველმა, პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ, გასცა განკარგულება ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოზისა და გაენათელ მიტროპოლიტ ექვთიმეს დაპატიმრების შესახებ. "ორივეს ჩამოაცვეს თავიდან წელამდის ტომრები, შეუკრეს ხელები, ხოლო ქუთათელს სცემეს ფრიად და ესრეთ წაიყვანეს... სურამთან ტომარაში დაიხრჩო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი,  მკვდარი წაიღეს და დამარხეს ანანურს. ხოლო გაენათელი ექვთიმე პეტერბურგს წარუდგინეს იმპერატორ ალექსანდრე I–ს."[5, 88]. იმპერატორთან აუდიენციამდე მიტროპოლიტ ექვთიმეს მოახსენეს, რომ, თუ იგი პატიებას ითხოვდა, იმპერატორი შეიწყალებდა მას. სულით გაუტეხელმა მღვდელმთავარმა ამაყად განაცხადა, რომ მას საპატიებელი არაფერი ჰქონდა, და იმპერატორს "ახალი დროის ნერონი" უწოდა. განრისხებულმა ალექსანდრე I–მა იგი დააპატიმრა და  გაგზავნა პეტერბურგიდან შორს, სვირის მონასტერში, სადაც 1822 წლის 21 აპრილს აღესრულა კიდეც. ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საკათოლიკოსოც რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. სამწუხაროდ, რუსი ეგზარქოსების უმრავლესობამ თავიანთი თავაშვებული, ანტიმართლმადიდებლური  საქმიანობის გამო არა მარტო ქართველების, არამედ თვით რუსი პატიოსანი ადამიანების რისხვა და სიძულვილი დაიმსახურა. ნიკოლოზ დურნოვის მხილებით, "ეგზარქოსი ევგენი ბაჟენოვი  იყო ქართულ მონასტერთა და უდაბნოთა გამპარტახებელი, ისიდორემ საეკლესიო მამულების ჩამორთმევით გააღარიბა ეკლესიები და გააკოტრა სავანეები, ევსევი ილინსკიმ გაყიდა კათოლიკოსთა ძვირფასი შესამოსლები, ხატებს და სამღვდელმთავრო მიტრებს მოაძრო ძვირფასეულობა, ხელი შეუწყო გელათის მდიდარი განძსაცავის გაძარცვას."[4, 8].

რუსი ეგზარქოსების უმრავლესობა პეტერბურგში იმპერატორის სახელზე გაგზავნილ წერილებში საქართველოში არსებულ ვითარებას მუქ ფერებში ხატავდა, შეურაცხყოფდა ქართველ ხალხს, მის ტრადიციებს, ისტორიას. ეგზარქოსი იოანიკე რუდნევი ქართველებს გონებაჩლუნგებს უწოდებდა, ხოლო ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, რომელმაც "სახელი გაითქვა" ხახულის წმიდა ხატზე ძვირფასი თვლების მოპარვით და რომელიც ცნობილი იყო ქართველებისადმი განსაკუთრებული სიძულვილით, 1886 წლის 27 მაისს სასულიერო სემინარიის მოკლული რექტორის - დეკანოზ ჩუდეცკის კუბოსთან წარმოთქმულ სიტყვაში საჯაროდ დაწყევლა ქართველი ერი. ეგზარქოსმა პალადი რაევსკიმ 1888 წელს დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიას ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესია დაარქვა. იგი პატივს არ სცემდა ქართველ წმინდანებს. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი კალისტრატე ეგზარქოს იოანიკე რუდნევზე წერდა: "სარწმუნო წყაროდან ვიცი, რომ, როდესაც 1882 წელს საქართველოდან გადაიყვანეს, ჯვრის უღელტეხილზე შეჩერდა, მობრუნდა საქართველოსაკენ, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: გმადლობ, შენ, ყოვლადწმიდა ქალწულო, რომ შესაძლებლობა მომეცი, ამ ველურებს ცოცხალი გადავრჩენოდიო"[6,9]. ეგზარქოსმა ვლადიმერ ბოგოიავლინსკიმ (1892–1898წწ.) 87 ქართველი სტუდენტი გააძევა სემინარიიდან. მას აღიზიანებდა ტერმინი "საქართველო" და დაუფარავად მოითხოვდა მის ნაცვლად "ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის გუბერნიები" ეთქვათ. "1894 წელს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ, მღვდელმსახურნი პარაკლისის გადასახდელად გამოვიდნენ. საწიგნეზე ორი ხატი იდო - "სვეტიცხოველი" და "ღვთისმშობლის საფარველი". ეგზარქოსმა კანდელაკს უბრძანა "სვეტიცხოვლის" ხატი   წაეღო, "ღვთისმშობლის საფარველი" კი დაეტოვებინა. ხატი წაიღეს, მლოცველთ გული დაუმძიმდათ"[7, 44].

ქართველებისადმი სიძულვილით გამოირჩეოდნენ ეგზარქოსები: ალექსი (ოპოცკი), ნიკონი (სოფიისკი), ინოკენტი (ბელიაევი), ალექსი (მოლჩანოვი), პლატონი (როჟდესტვენსკი), დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი...

სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობის დაკარგვა დიდი ტრაგედია იყო ქართველი ხალხისათვის, მაგრამ ქართველობა არასოდეს არ შერიგებია რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას. ამის დამადასტურებელი იყო 1802 წლის კახეთის, 1804 წლის მთიულეთის, 1812 წლის კახეთის, 1819–1820 წლების იმერეთის, 1832, 1841, 1856 წლების აჯანყებები. მართალია, ისინი მარცხით დამთავრდა, მაგრამ ამ აჯანყებებმა აჩვენა ქართველი ხალხის ნება, რომ ის არ შეურიგდებოდა საქართველოს  ეროვნული და ეკლესიური დამოუკიდებლობის დაკარგვას.

რუსეთის ხელისუფლება XIX საუკუნეში, ერთი მხრივ, იბრძოდა გეორგიევსკის ტრაქტატის იმ მუხლის შესრულებისათვის, რომლის თანახმადაც საქართველოს უნდა დაბრუნებოდა ოსმალეთისა და ირანისგან მიტაცებული ტერიტორიები, მეორე მხრივ, ახლადშემოერთებული ისტორიული ქართული მიწა–წყლიდან ძალით ერეკებოდა ქართველობას და იქ ასახლებდა სომხებს, რომელთაც რუსეთის ხელისუფლება კავკასიაში თავისი ინტერესების ყველაზე საიმედო დამცველებად მიიჩნევდა. ამასთან, უხეში კოლონიური პოლიტიკა, რომელიც ქართველების გაღიზიანებასა და წინააღმდეგობას აწყდებოდა, XIX საუკუნის 40–იანი წლებიდან უფრო დახვეწილი მეთოდებით შეიცვალა. "მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა", – ასე შეაფასა ისტორიამ მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის საქმიანობა, რომელმაც ქართველ არისტოკრატიას, მათი გულის მოსაგებად, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჯილდოები და პენსიები დაურიგა, ხოლო მათი შვილები სახელმწიფოს ხარჯზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქის სამხედრო სასწავლებლებში გაგზავნა. ხელისუფლების ამ ვერაგულ  განზრახვას გარკვეული წარმატებები ჰქონდა. 1840–1850–იან წლებში ქართული ეროვნული ცნობიერება, ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შეგნება თანდათან შესუსტდა. ის თაობა, ვისაც ახსოვდა ხრესილისა და კრწანისის ბრძოლები, იმერთა მეფე სოლომონი და ქართლ–კახეთის მეფე ერეკლე II, მარადისობაში გადავიდა. ახალგაზრდობა იზრდებოდა რუსეთის იმპერიის ისტორიული გმირების მაგალითებზე, რუსულ ენაზე... ქართველობა სულს ღაფავდა. გიორგი ერისთავმა შეუბრალებელ კოლონიზატორ მ. ვორონცოვს ასეთი ლექსი მიუძღვნა:

"პირველი ქართული თეატრი მან დაბადა, დააწესა.
წარმომადგენლები შეკრიბა, ჯამაგირი დაუწესა,
მწერლობიდან გამიყვანა, მეც იმათში გამამწესა,
ვერა მამა ვერ იზავდა, რაც მან ჩემზედ ღვაწლი სთესა,
ვარანცოვი მომხრე ჰყვანდა, სიტყვას დიდად უგონებდა,
რასაც ჩვენთვის შეუკვეთდა, ყოველსავე გვისრულებდა,
საქართველოს წარმატებას სულით, გულით ისურვებდა,
არ ზოგავდა შემწეობას, ქართველთათვის თავსა სდებდა."

რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი ქართველის პატრიოტობა ოჯახურ, სალონურ ჩარჩოს ვერ სცილდებოდა. რუსეთის არმიის გენერალი გრიგოლ ორბელიანი მეფე თამარის ფრესკას ცრემლმორეული ამ სიტყვებით მიმართავდა:

"მიხარის - გიმზერ, ვწუხვარ და გიმზერ
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვჰგრძნობდე,
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას"[8, 348].

იმპერიის სამსახურში ჩამდგარი ქართველობა გრძნობდა  საკუთარ უმწეობას და  შიშით გასცქეროდა თავისი სამშობლოს  მომავალს.


ბ)  ეროვნულ–განმთავისუფლებელი მოძრაობა

XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ყველაზე სერიოზული მცდელობის, 1832 წლის აჯანყების, დამარცხების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულმა უიმედობამ მოიცვა: მათ აღარ ჰქონდათ იმის რწმენა, რომ საქართველო თავს დააღწევდა რუსეთის ბატონობას. ქართული საზოგადოების განწყობილება კარგად ჩანს ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ვახტანგ ორბელიანის, ალექსანდრე ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, პლატონ იოსელიანის თხზულებებში. "ღვთის განგებას ვერავინ შეაყენებს, – წერდა პლატონ იოსელიანი, _ ვის შეეძლო ქართველთა სამეფოს დაცვა, გარდა რუსეთისა... ნათესაობითი ერთობა ქართველთა გვარისა განმტკიცდება სარწმუნოებითითა ერთობითა მათთან. მართლმადიდებლობა რუსეთისა, ვითარცა შუქი მზისა, მაცხოველებელისა და მანათობელისა, მოჩანს ვითარცა განბნეველად მაჰმადიანობისა სიბნელისაი. ესე ყოველი ხვდა წილად რუსეთს და აღსრულებაცა ესე ვითარი ქრისტიანობითი და მოქალაქეობითი განახლება კავკასიისა... მაშინ ქვეყანა კავკასიისა, სავსე ქვეყნიურითა და ზეციურითა მადლითა, უხვებითა, სიმდიდრითა, მშვენიერებითა შეიქმნება ერთი და ყოვლადი"[1, 247-248].  ამ სიტყვებით დაამთავრა მან თავისი  ისტორიული ნაშრომი "ცხოვრება გიორგი XIII–ისა". მოთხრობილი ისტორია მისთვის დარჩა წარსულში, რომელსაც არც აწმყო და არც მომავალი აღარ ჰქონდა. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობდა.

XIX საუკუნის 60–იანი წლებიდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა - "თერგდალეულები": ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა–ფშაველა, კირილე ლორთქიფანიძე. მათთვის სრულიად მიუღებელი იყო რუსეთის კოლონიური რეჟიმისადმი უფროსი თაობის შემგუებლური დამოკიდებულება. პეტერბურგიდან სამშობლოში მომავალმა ილია ჭავჭავაძემ თავისი თაობის გულისთქმა მოხევე  ლელთ ღუნიას სიტყვებით გამოხატა: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს". ილიამ ასიმილაციის საფრთხეში მყოფ თანამემამულეებს შესძახა: "რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი–ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, სუყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა–წყალი, ლენგ–თემურებმა ჩვენს საკუთარს სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ–აბასებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა–მაჰმად ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით, გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ–თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს და ურჯულოს, და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრითა და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას!"[9, 176].

ვითარება უმძიმესი იყო, რუსეთის ხელისუფლება კიდევ უფრო აძლიერებდა კოლონიურ პოლიტიკას. უფროსი თაობის ქართველობა, რომელმაც დაკარგა საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა, ერთგული ჩინოვნიკების როლს ასრულებდა. მიუხედავად ამისა,  რუსეთის საიმპერატორო კარზე არ ავიწყდებოდათ ერმოლოვის ცნობილი სიტყვები:  არ იქნება ქართველი, არ იქნება კავკასიის პრობლემა!

XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომრავლდნენ რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსული მოახალშენეები. თბილისი იქცა კავკასიის პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ცენტრად, მან დაკარგა ქართული ქალაქის სახე. თბილისის პრესტიჟულ უბნებში სახლდებოდნენ რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, გერმანელები... რუსეთის მთავრობის მითითებით, ქართველი ხალხის დენაციონალიზაციის ფარულ გეგმაში დიდი ადგილი ეთმობოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა დაპირისპირება-განცალკევების ვერაგულ განზრახვას. გამოჩნდნენ მეგრელების, სვანების, აფხაზების "ქართველთა ასიმილაციისაგან"  დამცველ "მეცნიერთა" ჯგუფები. ეკლესია–მონასტრებიდან განდევნილ იქნა ქართული ენა, ქართული გალობა. ქართულ მონასტრებს რუსეთიდან ჩამოსული ბერ-მონაზვნები დაეპატრონენ...

ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა მიზნად დაისახეს საკუთარ ისტორიულ ფესვებს მოწყვეტილი, გათითოკაცებული ქართველობის გაერთიანება იმ დროშის გარშემო, რომელსაც ეწერა: "მამული, ენა, სარწმუნოება". საჭირო იყო ქართველი ხალხის გამოფხიზლება, არსებული ვითარების ღრმად გაანალიზება, უფროსი თაობის თვითკმაყოფილი ილუზიების მსხვრევა. ჟურნალ "ცისკარს" 1863 წლიდან ჩაენაცვლა "საქართველოს მოამბე", რომელმაც ჩვენი დაცემული ვინაობის აღდგენა აქცია საზოგადოების მთავარ მიზნად. "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა–პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით. რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენი მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრება, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს"[10, 25], - წერდა ილია ჭავჭავაძე.

არსებულ ვითარებასთან შეგუებული უფროსი თაობის წარმომადგენლები მტკივნეულად აღიქვამდნენ ახალი თაობის თითოეულ ნაბიჯს, აკრიტიკებდნენ მათ, ცდილობდნენ გაემართლებინათ თავიანთი უმოქმედობა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ დამაჯერებელი პასუხი გაეცათ მათთვის წაყენებულ მთავარ ბრალდებაზე: "ჩვენც ვლეთ რუსეთი, მაგრამ არც ერთი ხელობა თქვენი არ გვისწავლია, ჩვენი ქვეყანა, მკვდარი თქვენგანა, თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია".

თერგდალეულებმა ქართველი ხალხის ისტორიულ ფესვებთან დაბრუნება საქართველოს ისტორიის პროპაგანდით დაიწყეს. "ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, – წერდა ილია ჭავჭავაძე, - როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგი მთხრობელია მისი, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შეიძლება ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იჭედავს მარტო სულის და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაჭედვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისათვის და გაძლიერებისათვის".[9, 153]  საქართველოს ისტორიული გმირები გახდნენ ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, გიორგი წერეთლის, ვაჟა–ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების შთამაგონებლები. ქართველობა კვლავ ამაყობდა წმიდა მირიანის, წმიდა ვახტანგ გორგასლის, დავით კურაპალატის, ბაგრატ III-ის, გიორგი I-ის, წმიდა დავით აღმაშენებლის, წმიდა თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ლუარსაბ I-ის, თეიმურაზ I-ის, ერეკლე II-ის, სოლომონ I-ის სახელებით.

თერგდალეულებმა რუსეთის განათლების მინისტრის გრაფ ტოლსტოის ქართველთა ასიმილაციის საგანმანათლებლო პოლიტიკას დაუპირისპირეს 1879 წელს შექმნილი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება". ამ საზოგადოების ეგიდით საქართველოს ყველა კუთხეში გაიხსნა ქართული სკოლები, რომლებშიც ყმაწვილებს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის სიყვარულს ასწავლიდნენ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენითა" და "ბუნების კარით".

რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ესარგებლა ისტორიული ძნელბედობის ჟამს სხვადასხვა კონფენსიაზე  გადასული ქართველობის (კათოლიკე, მონოფიზიტი-გრიგორიანი, მაჰმადიანი) დაპირისპირებით, მაგრამ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთა გააზრებული პოლიტიკის მეშვეობით ამას ვერ ახერხებდა - ქართველი ხალხის ეროვნული შეგნება რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გაძლიერების მიუხედავად თანდათან უფრო მტკიცდებოდა. ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ეკლესიურ დამოუკიდებლობას, ამიტომ თერგდალეულთა მოთხოვნებში მკაფიოდ იყო დაფიქსირებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობა, რეაქციონერი ეგზარქოსების პოლიტიკის მხილება. ამ მოთხოვნებით ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა მრავალრიცხოვანი ქართველი სამღვდელოება ეროვნული მოძრაობის თავდადებულ მებრძოლებად აქციეს.

რუსეთის ხელისუფლება მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა, ამიტომ კიდევ უფრო გაამძაფრა კოლონიური პოლიტიკა. ხელისუფლებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა მთავარმართებლის, ეგზარქოსისა და კავკასიის განათლების მზრუნველის შეთანხმებულ საქმიანობას. ამ თანამდებობაზე მყოფნი - დონდუკოვ–კორსაკოვი, ეგზარქოსი პავლე ლებედევი, განათლების მზრუნველი კ. იანოვსკი - გამოირჩეოდნენ ქართველთა სიძულვილით; მაგრამ მათ პოლიტიკას ქართველობამ ერთიანობითა და ეროვნული ინტერესების შეუპოვარი დაცვით უპასუხა. 1886 წლის 27 მაისს ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში სემინარიის რექტორ ჩუდეცკის კუბოსთან საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ საჯაროდ დაწყევლა ქართველები. იგი თავის დღიურში სიამაყით წერდა:  "ჩემმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მოეწონათ რუსებს და არ მოეწონა ქართველების გარკვეულ ნაწილს. სემინარიამ და ქართულმა ინტელიგენციამ საზიზღრად წარმოაჩინეს თავი".[7, 10]

გასაოცარია მისი მსჯელობა. საჯაროდ მაწყევარი ეგზარქოსი უნდა შეექოთ?

ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების დაცვა იტვირთა ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა. მან ეგზარქოს პავლეს ასეთი შინაარსის საპროტესტო წერილი გაუგზვნა: "თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მოიღეთ მწყემსმთავრული მოწყალება და თუ გატაცებული დაუჯერებელის ხმებით ვცოდავ, შემინდეთ ჩემი შეცოდება, მაგრამ ამბობენ, რომ თქვენ  დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოთ ხართ მოწოდებული, და რომელიც მარტოოდენ სიყვარულსა და შეწყალებას მოელოდა თქვენგან, ქრისტეს მსახურისა და წარმომადგენლისაგან... თუ ყოველივე ეს, უფალო, მართალია, თქვენი თანამდებობის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი შეურაცხყოფილი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ იქმნას გაყვანილი."[11, 290]

ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების დასაცავად ხმის ამაღლება დიმიტრი ყიფიანს თანამდებობის დატოვების, სამშობლოდან გადასახლებისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდა; მაგრამ მისი მუხანათური მკვლელობა 1887 წლის 25 ოქტომბერს, სამშობლოში ჩამოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა ქართველი ხალხის ეროვნული კონსოლიდაციის  მძლავრ დემონსტრაციად იქცა. შერცხვენილი და სახელგატეხილი ეგზარქოსი პავლე სულ მალე საქართველოდან გადაიყვანეს.

განათლების ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი ქართველთა დენაციონალიზაციისათვის კახელების, იმერლების, მეგრელების, სვანებისათვის ქართული ენის სავალდებულო სწავლებას საეჭვოდ მიიჩნევდა. მისი "პედაგოგიური ნოვაციები" ამხილეს ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა, დიმიტრი ყიფიანმა. ასევე კრახით დამთავრდა კოლონიური ხელისუფლების მცდელობა, ერთმანეთისათვის რელიგიურ–კონფენსიური ნიშნით დაეპირისპირებინა ქართველობა. ამ მხრივ ხელისუფლების რეაქციული კურსის მხილებაში დიდი წვლილი შეიტანეს ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, მიხეილ თამარაშვილმა, ვინმე მესხმა (ივანე გვარამაძე), ხიმშიაშვილთა და აბაშიძეთა გამაჰმადიანებული საგვარეულოს ღირსეულმა წარმომადგენლებმა. "საქართველოს მოამბე", "ივერია", "დროება", "კრებული", "კვალი" ის გამოცემები იყო, რომელნიც ყოველდღიურად ამხელდნენ რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებს. გაზეთ "დროების" რედაქტორი სერგეი მესხი დანანებით წერდა რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებზე: როდესაც საქმე ეხება ალჟირის გაფრანგებას, ან ინდოეთის გაინგლისელებას, რუსი შოვინისტები გაჰყვირიან, ეს უსამართლობააო, მაგრამ თუ რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ ხალხებზე იმასვე იტყვი, აქ მსჯელობა იცვლება და უსამართლობა სამართლიანობად ცხადდებაო.

რუსეთის ხელისუფლებამ სცადა სამხრეთ კავკასიის ხალხების - ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების _ დაპირისპირების პროვოცირება. სომხური ნაციონალური ბურჟუაზია, რომელიც XIX საუკუნის II ნახევარში რუსეთის ხელისუფლების მფარველობით საკმაოდ გაძლიერდა, ცდილობდა ქართული მიწა–წყლის დაპატრონებას, ხოლო ეჩმიაძინის საკათალიკოსოს მეშვეობით - ქართველობის მონოფიზიტურ–გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადაყვანას. ამ მხრივ მას წარმატებებიც ჰქონდა. ქართველობა არა საერთოდ სომეხ ხალხს, არამედ იმ ჯგუფს უპირისპირდებოდა, რომელიც უტიფრად ცდილობდა სამშობლო წაერთმია მასპინძლებისათვის. ის, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, ქართველებთან არ გაუვიდა.

1874 წელს შვეიცარიაში, ციურიხში, ჩატარდა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდათა შეხვედრა, სადაც იმსჯელეს რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაზე და კავკასიელ ხალხთა მეგობრობის დეკლარაციაზე ხელი სისხლით მოაწერეს. შეკრების მონაწილე ახალგაზრდობამ მიმართა თავიანთ ხალხებს, არ წამოჰგებოდნენ რუსეთის ხელისუფლების პროვოკაციებს.

ასეთი რთული იყო გზა, რომელიც ეროვნულ–განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გაიარა.  სირთულეთა მიუხედავად, XIX საუკუნის 70–90–იან წლებში ქართველობა მტკიცედ იყო გაერთიანებული იმ დროშის გარშემო, რომელსაც ეწერა "მამული, ენა, სარწმუნოება".

XIX საუკუნის 90–იანი წლებიდან ვითარება კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადო ასპარეზზე კოსმოპოლიტურ–ნიჰილისტური მსოფლმხედველობის ახალგაზრდობის  გამოჩენამ. ამ ჯგუფის ერთი ფრთა ეროვნულს დრომოჭმულად მიიჩნევდა. ივანე ჯაბადარი უიმედოდ აცხადებდა, ქართველი ერი დაბერდა და სიბერის ჟამს სიკვდილი გარდაუვალიაო;  გიორგი მუხრან-ბაგრატიონი  ქართული ენის უფლებებისათვის ბრძოლას ფუჭ საქმედ თვლიდა, გარუსება გარდაუვალიაო. თუ ჯაბადარის ნიჰილიზმს გამანადგურებელი კრიტიკით დაუპირისპირდა ილია ჭავჭავაძე, გიორგი მუხრან-ბაგრატიონის კოსმოპოლიტიზმი ამხილა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელმაც აღნიშნა: "ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი არის ენა, მაშასადამე, ისიც საჭირო არის ხალხის ბედნიერებისათვის. თუ ეს ასე არის, მაშინ ენის გამოცვლა არც მცირე ხალხებს არგებს... მცირე ხალხი მოკლებული თავის ენასა – იქნება მოკლებული ყოველი ინდივიდუალური ხასიათის თვისებათა და უსარგებლო იქნება თავისთვისაც და სხვისთვისაც".[12, 1976, 34-35]

XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის სათავეში იდგნენ ეპისკოპოსები: გაბრიელი (ქიქოძე) და ალექსანდრე (ოქროპირიძე). მართალია, არ არსებობს არც ერთი სტატია, ქადაგება, რომელშიც ხსენებული მღვდელმთავრები ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებზე  მსჯელობდნენ, მაგრამ ანტიქართველი, რეაქციონერი რუსი ეგზარქოსების ფონზე ეპისკოპოსების: გაბრიელისა (1825–1896 წწ) და ალექსანდრეს (1824–1907 წწ.) საქმიანობა ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისა და ქართული ეროვნული ცნობიერების ამაღლებისათვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო. დასავლეთ საქართველოში არ დარჩენილა სოფელი, დასახლებული პუნქტი, სადაც მეუფე გაბრიელს წირვა–ლოცვა არ აღუვლენია. იგი მრევლს ქრისტიანულ რწმენას, სამშობლოს სიყვარულს უქადაგებდა, უპირისპირდებოდა ეგზარქოსების ანტიქართულ პოლიტიკას. გაბრიელ ეპისკოპოსი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ილია ჭავჭავაძემ ასე  შეაფასა განსვენებული მღვდელმთავრის ღვაწლი: "დღეს ერი ცრემლს აფრქვევს მისთვის, ვინც მთელი თავისი სიცოცხლე იმის მსახურებაში იყო, რომ თვით მოსწმინდოს ერს თვალთაგან ცრემლი ნუგეშინისცემითა და მადლისფენითა... მას სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მომადლებული ღვთისაგან. ერთი ისა, რომ იგი იყო შვილი, სისხლი და ხორცი ამ ერისა და იცოდა, რა ტკივილით იმტკივნეულოს, რა სიხარულით ინუგეშოს და მეორე ისა, რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა, იმ ენითა, რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა, ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდან საუკუნემდე"[12, 1976, 25]. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), ილია ჭავჭავაძის სულიერი მოძღვარი, ქართული სასწავლებლების, წიგნების ქომაგი და დამფინანსებელი, მკაცრად დაუპირისპირდა სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის ნაცვლად მეგრულის შემოღების მცდელობას და ჩაშალა რუსეთის ხელისუფლების ვერაგული ზრახვები.

XIX საუკუნის 80–90–იანი წლებიდან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებზე ქართულ და რუსულ პრესაში არაერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნეს ნიკოლოზ დურნოვმა, თედო ჟორდანიამ, სერგი გორგაძემ, ეპისკოპოსებმა: კირიონმა (საძაგლიშვილი), ლეონიდემ (ოქროპირიძე), პეტრემ (კონჭოშვილი), არქიმანდრიტმა ამბროსიმ (ხელაია), დეკანოზებმა: კალისტრატე ცინცაძემ, ნიკიტა თალაკვაძემ, ქრისტეფორე ციცქიშვილმა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეა ახლობელი გახდა ქართული საზოგადოების ყველა ფენისათვის.

მაგრამ იყო სხვა პრობლემებიც: XIX საუკუნის 90–იან წლებში, კერძოდ, 1892 წლის 25 დეკემბერს, ყვირილაში (ზესტაფონი) შეკრებილმა ახალგაზრდა ქართველმა სოციალ–დემოკრატებმა  განაცხადეს, რომ ემიჯნებოდნენ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ ლოზუნგს: "მამული, ენა, სარწმუნოება" და საზოგადოებას მის ნაცვლად სთავაზობდნენ მოწოდებას: "პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!" ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურნი _ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა _ მსოფლიო რევოლუციური იდეებით გატაცებული ახალგაზრდა მარქსისტებისათვის მიუღებელნი იყვნენ. მართებულად წერდა აკაკი წერეთელი:

"მტერი იძახის, ვინ გაიგონა
ახლანდელ დროში ეროვნებაო,
მხოლოდ ერთია მუშათ საკითხი,
გულს დაიბეჭდეთ მარქსის მცნებაო,
ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის
სულ სხვანაირად გაიყურება,
ცდილობს კისერი მოგვატეხინოს
და მით თავის ერს ემსახურება.
ჩვენს  ქართველებს კი მეცნიერების
უკანასკნელი სიტყვა ჰგონიათ
და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად,
რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ."[13, 255]

მიუხედავად ამისა, XIX საუკუნე მაინც ითვლება ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის საუკუნედ.

XX საუკუნე საქართველოში დაიწყო პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირებათა გამძაფრებით. 1907 წლის 30 აგვისტოს მცხეთის ახლოს, სოფელ წიწამურთან, მოკლეს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ილია ჭავჭავაძე... ქვეყანაში ტერორმა, ღირებულებათა გადაფასებამ დაისადგურა. "წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი", –ამ სიტყვებით გალაკტიონ ტაბიძემ ზუსტად დაახასიათა შექმნილი მძიმე ვითარება. პოლიტიკურ ცხოვრებაში რთული, წინააღმდეგობრივი ვითარება შეიქმნა, მაგრამ სასულიერო სფეროში XIX საუკუნის 80–იან წლებში ავტოკეფალიური მოძრაობის მიერ ანთებული სანთელი დიდ ჩირაღდნად გადაიქცა. ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის სასულიერო ნაწილი კიდევ უფრო შეუპოვრად და თანმიმდევრულად ითხოვდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. რუსეთის საიმპერატორო  ხელისუფლებამ  საქართველოს ეგზარქოსებს დაავალა იმ ქართველი სასულიერო პირების დევნა, რომელნიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას მოითხოვდნენ. თავისი ანტიქართული სულისკვეთებით გამორჩეული იყო დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი, რომელიც ეგზარქოსებს თავის ნებაზე ატარებდა. მისი მითითებით, ავტოკეფალიური მოძრაობის ხელმძღვანელს, ეპისკოპოს კირიონს, ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს, ხოლო 1905 წელს საქართველოდან რუსეთში გაიწვიეს. ქართველმა სამღვდელოებამ ისარგებლა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის 1905 წლის 18 თებერვლის რესკრიპტით, რომლითაც  რუსეთის სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს უფლება მიეცა გულახდილად გამოეთქვა თავისი აზრი, თუ რა ღონისძიებებს შეიძლებოდა შეეწყო ხელი ხალხის საკეთილდღეოდ გამიზნული გარდაქმნების წარმატებით განხორციელებაში, და საგანგებო თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, დაადგინა: მოეწვიათ საგანგებო ყრილობა, რომელზედაც განიხილავდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

1905 წლის 28–30 ივნისს, ეგზარქოს ალექსი იპოტოცკის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში შედგა ქართველი სამღვდელოების ყრილობა, რომელსაც თავმჯდომარეობდა დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი. ყრილობამ დაგმო იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ 1811 წელს გამოცემული ბრძანებულება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას ითვალისწინებდა, და მიუთითა, რომ ეს იყო მე–3 მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებული კანონების უხეში, თვითნებური დარღვევა. "ქართველმა სამღვდელოებამ მხედველობაში მიიღო ზემოთქმული, აგრეთვე ის, რომ, ჯერ ერთი, ივერიის ეკლესია კანონიკურად გახლავთ ავტოკეფალიური, ვინაიდან არ ყოფილა კრების დადგენილება მისი ავტოკეფალიის გაუქმებისა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო; მეორეც, მხოლოდ ეკლესიას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თვითშეგნების სრულად  აღსარება, თავისუფალია შინგანი წყობილებით, თავისუფლად ძალუძს თავისი სიტყვით მსახურება, ყველა თავისი საქმისა და მისადმი რწმუნებული ყოველივეს თავისუფლად მართვა, მხოლოდ თავისუფლად თვითმმართველ ეკლესიას შესწევს უნარი, დაიცვას თავისი სრული დიდებული წმიდა რწმენა და სავსებით ფლობდეს მისის ღვთაებრივი მოწოდების განსახორციელებლად აუცილებელ ხმას, რომელიც ადამიანის გულს აღანთებს... კრება ითხოვს, ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს ავტოკეფალიური უფლებები".[6, 81-82].

პეტიციას ხელი მოაწერა 412-მა სასულიერმა პირმა. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ სამღვდელობა საეკლესიო დროშებითა და ხატებით გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე გამოვიდა. მათ, ეგზარქოს ალექსის განკარგულებით, გზა გადაუღობეს რუსმა სამხედროებმა, რომელთაც სამღვდელოებას დროშები და წმიდა ხატები თავზე გადაამსხვრიეს.

ასეთი გაუგონარი თავხედობა და უტიფრობა გასცდა თბილისსა და საქართველოს საზღვრებს. საიმპერატორო ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხის განსახილველად 1906 წელს პეტერბურგში სინოდის საგანგებო სხდომა დანიშნა, რომელზეც მიიწვია ქართველი მეცნიერები და სასულიერო პირები. სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე; პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი. რუსეთის სინოდის უმრავლესობამ უარყო ქართველთა მოთხოვნა, ხოლო ქართული წარმომავლობის გარუსებულმა ეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ, რომელიც თავისი შავრაზმული, ანტიქართული საქმიანობის გამო 1905 წელს საქართველოდან ხალხმა გააძევა, სინოდის წევრებს ამ სიტყვებით მიმართა: "დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე და საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო".

რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ კარგად გააცნობირა შექმნილი ვითარების სერიოზულობა და დაიწყო ავტოკეფალიური მოძრაობის მეთაურთა დევნა–შევიწროება. ეპისკოპოსი კირიონი საქართველოდან გაასახლეს ჯერ კოვნოს მონასტერში, ხოლო 1908 წელს, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრძანებულებით, მას ჩამოერთვა ეპისკოპოსობა, დაპატიმრებულ და გადასახლებულ იქნა სანაქსარის უდაბნოში პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობით. "სტარაია რუსაში" გადაასახლეს არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია). პოლიცია მეთვალყურეობდა ეპისკოპოს ლეონიდესაც.

სინოდის ობერპროკურორის წარდგინების საფუძველზე 1906 წელს, იმპერატორის ბრძანებით, საქართველოს ეგზარქოსად დანიშნეს ეპისკოპოსი ნიკონი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ქართველმა სამღვდელოებამ და საზოგადოებამ. ნიკონმა კიდევ უფრო გააძლიერა ანტიქართული საქმიანობა. მაგრამ 1908 წლის 28 მაისს იგი მოკლეს. რუსეთის ხელისუფლებამ ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში ბრალი ქართველ ავტოკეფალისტებს დასდო  და  გააძლიერა მათი დევნა, მაგრამ ქართველი სასულიერო პირები სულიერად არ დაცემულან. ეპისკოპოსმა კირიონმა გადასახლებაში ყოფნის დროს დაასრულა თავისი პოლემიკური ნაშრომი "საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში". თბილისში დარჩენილ თანამოაზრეებს იქიდან ამხნევებდა. "ჩემი აქ ყოფნა მეტად მძიმეა, – წერდა იგი, – მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან... მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი. წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?! სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია"[14, 16].

ქართველმა საზოგადოებამ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იმედი ეპისკოპოს კირიონის სახელს დაუკავშირა. მისი გაუტეხელი სიმტკიცის ამბავი გასცდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს. 1915 წელს იმპერატორი ნიკოლოზ II იძულებული გახდა მისთვის დაებრუნებინა ეპისკოპოსის ხარისხი, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მიუციათ.

1916–1917 წლებში რუსეთის იმპერიაში სოციალურ–პოლიტიკურმა წინააღმდეგობებმა პიკს მიაღწია. ვითარების განმუხტვის მიზნით, 1917 წლის 25 თებერვალს, იმპერატორი ნიკოლოზ II ოფიციალურად გადადგა, შეიქმნა დროებითი მთავრობა. არსებული ვითარებით ისარგებლა ქართველმა სამღვდელოებამ და 1917 წლის 12 (25) მარტისათვის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დანიშნა "რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა მშვიდობისათვის“ მიძღვნილი წირვა, დაიგზავნა შეტყობინებები საქართველოს სხვადასხვა პროვინციაში.

გათენდა 12  (25) მარტის დილა. თბილისის სადგურზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ყველანი მცხეთისაკენ მიიჩქროდნენ. რკინიგზის სადგურის უფროსის განკარგულებით მცხეთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები გავიდა. იბერიის უძველესი სატახტო ქალაქი რაღაც უჩვეულო სიახლის მოლოდინში ეგებებოდა საქართველოს სხვადასხვა პროვინციიდან ჩამოსულ სტუმრებს. სვეტიცხოვლის ეზო ვერ იტევდა სასულიერო და საერო პირებს.

დაიწყო წირვა. წირავდნენ ეპისკოპოსები: ლეონიდე, პიროსი, ანტონი, გიორგი. ტაძარში თავი მოეყარათ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს.  12 საათზე მღვდელმთავრები ამბიონზე გამოვიდნენ, გურია–ოდიშის ეპისკოპოს ლეონიდეს ხელში სპეციალური ეტრატი ეჭირა, რომელიც მან ფრთხილად გახსნა  და აღელვებულმა წაიკითხა: "1917 წელსა, მარტის 12 დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიაკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნი, სამღვდელონი, კრებულნი და ერისაგანთა წარმომადგენელნი და შემდგომად ლიტურღიისა და კეთილდღეობისათვის ახლისა მთავრობისა სავედრებლის პარაკლისის შესრულებისა გულისხმა ვყავთ სახელმწიფოსა შინა რუსეთისასა მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლის მთავრობისა დაფუძნებაი, ეგრეთვე სახელმძღვანელონი დებულებანი ამა მთავრობისანი, საკუთრივ მის მიერ სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლების აღსარებაი (მუხლი 3). ამასთანავე განვბჭეთ ვითარმედ: ა) ეკლესიასა ქართველთასა აქუნდა, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, ავტოკეფალიური არსებობაი, რომლისა მოსპობაი ანუ გაუქმებაი არავის ძალედვა, თვინიერ მსოფლიო კრებისა, გარნა მას შინა სრულიად არაკანონიკურად შეწყვეტილ იქმნა ავტოკეფალიური მართვა–გამგეობაი; ბ) რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფოს მართვა–გამგეობისაი და მას აღარ შეესაბამების ქართველთა ეკლესიისა უფლებაშეჩერებულად ყოფნაი;  ამისათვის უცილობლად ვსცანით ერთხმად და ერთსულოვნად განვაჩინეთ: 1) ამიერითგან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალიური საეკლესიო მმართველობაი, ხოლო, ვიდრე კანონიკურად აღირჩეოდეს კათოლიკოსი საქართველოისა ეკლესიისაი, მოსაყდრედ მისად დაინიშნოს ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, გურია–ოდიშის ეპისკოპოსი, და მასთან, განსაგებელად ეკლესიისა, დაწესდეს დროებითი მმართველობაი საქართველოის ეკლესიისაი, სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი. 2) ვინაიდან საქართველო ქვაკუთხედად თვისისა არსებობისა აღიარებს სრულსა სოლიდარობასა რუსეთისა ახალსა მთავრობასა თანა, განჩინებაი ესე ეცნობოს მთავრობის თავმჯდომარეს უფალს როძიანკოს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავად ლვოვს, სინოდის ობერპროკურორს  უფალს ლვოვს და კავკასიის კომისარიატს თბილისში".[15, 13-14].

ეპისკოპოსმა ლეონიდემ ჩაათავა ტექსტის კითხვა და ტაძარში შეკრებილი მოულოდნელი სიხარულისაგან ატირებული ხალხი დალოცა...  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დროებით მმართველობაში შევიდნენ როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები, თავმჯდომარე - ეპისკოპოსი ლეონიდი, წევრები: ეპისკოპოსები: ანტონი (გიორგაძე), პიროსი (ოქროპირიძე), პროტო-პრესვიტერი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, მღვდლები: ვასილი და პოლიევქტის კარბელაშვილები, კალისტრატე ცინცაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი, გაბრიელ ყუბანეიშვილი, დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე; საერო პირნი: ვასილ ბარნოვი, ანტონ ნატროშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე, პავლე ინგოროყვა, გიორგი ყაზბეგი, შიო დედაბრიშვილი (არაგვისპირელი), პარმენ გოთუა, მიხეილ მაჩაბელი, სარგის კაკაბაძე, ზურაბ ავალიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, რაფიელ ივანიცკი. დროებით მმართველობას დიდი სამუშაო უნდა შეესრულებინა იმისათვის, რომ მცხეთაში  გამოცხადებული ავტოკეფალია ეღიარებინა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებას.

რუსეთის დროებითი მთავრობა შეეცადა, დაერწმუნებინა ქართველები, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო, თუმცა უშედეგოდ. ასეთ ვითარებაში იგი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ერთი პირობით: ისინი აღიარებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეროვნულ და არა ტერიტორიულ ავტოკეფალიას. რაც შეეხებოდა რუსეთის წმიდა სინოდს, მათ საქართველოს  სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გაგონებაც კი არ უნდოდათ.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დროებითი მმართველობის  დაძაბული მოლაპარაკებანი რუსეთის საერო ხელისუფლებასთან მიმდინარეობდა 1917 წლის 13 მარტიდან 2 აგვისტომდე. ამ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო  ეკლესიის დროებითმა მმართველობამ დიდი სამუშაოები შეასრულა: ოფიციალურად გადააყენა თანამდებობიდან ეგზარქოსი პლატონ როჟდესტვენსკი, არ მისცა მას საშუალება, შეესრულებინა კავკასიის ეგზარქოსისა და თბილისის მიტროპოლიტის მოვალეობა, დაატოვებინა ეგზარქოსის სასახლე, პრინციპული პოზიცია დაიკავა პეტერბურგიდან მოლაპარაკებებზე ჩამოსულ პროფესორ ვლადიმერ ბენეშევიჩთან და კატეგორიულად უარყო მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის სრულიად უცხო ეროვნული ავტოკეფალიური მმართველობის ფორმა.

1917 წლის 8–17 სექტემბერს თბილისში მიმდინარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება. საეკლესიო კრებამ დაამტკიცა "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა–გამგეობის დებულება". დებულების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქიათა რაოდენობა განისაზღვრა 13-ით, გამორჩეულ იქნენ სამღვდელმთავრო კანდიდატები, განხილულ იქნა სასულიერო განათლების, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის, ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტის საკითხები. 17 სექტემბერს ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი: თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. გაიმარჯვა ეპისკოპოსმა კირიონმა. "არღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ", - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი სიტყვა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონ II–მ. 1917 წლის 1 (14) ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო ვითარებაში შესრულდა უწმიდესისა და უნეტარესის - კირიონ II-ის აღსაყდრება. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.


გ) საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917–1977 წლებში

"დიდი არს, მძიმე და საპასუხისმგებლო საჭეთმპყრობელობა ახლად აღდგენილისა ეკლესიისა.. განმტკიცება ახლადაღდგენილი ეკლესიისა მის ისტორიულ უფლებათა ფარგლებში, აი, პირველი საზრუნავი ჩემი... ეკლესია მუდამ უდგა დარაჯად ქართველი ერის მთლიანობასა და დამოუკიდებლობას – აი, მეორე საზრუნავი ჩემი... განახლებული ქართული ეკლესია მიზნად ისახავს კვლავ წამოაყენოს ბევრისაგან დავიწყებული ლოზუნგი: "ერთ არს ღმერთი და ხმა ყოველთა, რომელით ყოველთა ზედა არს და ჩვენ ყოველთა შორის"[16, 69-70]. - განაცხადა უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II–მ. პატრიარქმა შესანიშნავად იცოდა, რა რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ვითარებაში მოუხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვა. მისივე სიტყვებით, იმ დროს, როდესაც "ღელავს და ბობოქრობს მსოფლიო, მრისხანედ გუგუნებს ცეცხლი მსოფლიო ომისა, რომელსა შინა ქვეყანაი და საქმენი მისნი დაწვად განმზადებულან"[16, 69]; საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას თავისი ისტორიული ადგილი უნდა დაებრუნებინა ქართველი ერის ცხოვრებაში.

პოლიტიკური ვითარება რუსეთის იმპერიაში ყოველდღიურად იცვლებოდა. დროებითი მთავრობის ცდა, შეეჩერებინათ რუსეთის იმპერიის რღვევის პროცესი, უშედეგო აღმოჩნდა. 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთში ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც დიდი ცვლილებების მოლოდინში იყვნენ. რუსეთის დროებითი მთავრობის გადაყენების შემდეგ გაუქმდა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ფილიალი "ოზაკომი". 1917 წლის 15 ნოემბერს მის ნაცვლად შექმნილმა ამიერკავკასიის კომისარიატმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები, ვერ გადაჭრა მის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემები (ურთიერთობა თურქეთთან, პირველი მსოფლიო ომის გამო ფრონტის ხაზიდან გამოქცეულ დეზერტირთა საკითხი, ეკონომიკური და საფინანსო ურთიერთობები...). ასეთ ვითარებაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა. ქართველი სასულიერო პირები ეკლესია–მონასტრებში მრევლს პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ საქართველოს ეკლესიური დამოუკიდებლობის აღდგენის  ბუნებრივი გაგრძელება უნდა ყოფილიყო პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის _ კირიონ II–ის მისალმება საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობისადმი, რომელიც 1917 წლის ნოემბერში გაიმართა თბილისში. საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ერთგვარ გაუბედაობას იჩენდა, მაგრამ 1918 წლის იანვარში, როდესაც ბოლშევიკებმა რუსეთში დაითხოვეს დამფუძნებელი კრება და დაამყარეს დიქტატურა ტოტალიტარული მმართველობის ფორმით, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საქმიანობა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის - კირიონის II–ის ხელმძღვანელობით ორი მიმართულებით წარიმართა:

1. შიდასაეკლესიო საკითხების, ეპარქიების, საეპარქიო სასწავლებლების გაეროვნულების, საეკლესიო კანონიკის მიხედვით პრობლემების მოგვარება;

2. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის როლის წარმოჩენა ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საერთაშორისო აღიარებისათვის.

რთული იყო პოლიტიკურ–ეკონომიკური წინააღმდეგობებით გამორჩეულ პერიოდში ამ ამოცანების განხორციელება, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მესვეურებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მსოფლიოს წინაშე  ღირსეულად წარმოჩენილიყვნენ. საეკლესიო მმართველობის გამჭვირვალობის თვალსაჩინო მაგალითი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს, საკათოლიკოსო სასამართლოს საქმიანობა, რომელსაც წარმართავდა მისი უწმიდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი. საქართველოს მართლმდიდებელი სამოციქულო ეკლესია უმოკლეს დროში ერის ცხოვრების შუაგულში აღმოჩნდა. 1918 წლის 26 იანვარს თბილისის უნივერსიტეტის გახსნის საზეიმო ცერემონია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის სამადლობელი პარაკლისით დაიწყო. მეცნიერმა პატრიარქმა კირიონ II-მ მიულოცა ქართველ ერს ეროვნული უნივერსიტეტის გახსნა და გამოთქვა იმედი, რომ, ევროპული უნივერსიტეტების მსგავსად, ახლო მომავალში ამ უნივერსიტეტში იხილავდა თეოლოგიურ ფაკულტეტსაც.

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II მიესალმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისს და ამ ისტორიულ სხდომაზე საქართველოს ეკლესიის სახელით  წარგზავნა თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე და არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა). პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, 1918 წლის 2 ივნისს თავისუფლების მოედანზე გადაიხადეს  სამადლობელი პარაკლისი. საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში სასულიერო პირებმა შეკრებილ მრევლს მიულოცეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საერთაშორისო აღიარების მიზნით, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონ II–მ საგანგებო ეპისტოლეებით მიმართა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ანტიოქიის საპატრიარქოებს, რომის პაპს, ყოველთა სომეხთა უმაღლეს პატრიარქ–კათოლიკოსს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური აღწერდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონების უხეშ დარღვევად აფასებდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ 1811 წელს გამოცემულ ბრძანებულებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ. პატრიარქი მოუწოდებდა მათ, რომ მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინათ 1917 წლის 12 (25) მარტს  დამოუკიდებლობააღდგენილ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან. რაც შეეხებოდა რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობას, ქართული მხარის მცდელობის მიუხედავად, რუსეთის პატრიარქ ტიხონს არაფრის გაგონება არ სურდა და ქართველებს მართლმადიდებლობისაგან განდგომაში სდებდა ბრალს.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი წარმატებები სრულიად მიუღებელი იყო როგორც გარე ძალის, ასევე შიდა მტრული დაჯგუფებებისათვის. სულ მალე თავი იჩინა დაპირისპირებებმა, გაუმართლებელმა ინტრიგებმა. უწმიდესი კირიონ II დანანებით წერდა: "ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორიდან თვალყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის გნმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგნეთ საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ, როგორც ახლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ; თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრით თქვენი გამობრუნება შეუძლებელია."[14, 28].

ამ დაპირისპირებების მსხვერპლი გახდა ავტოკეფალიააღდენილი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი პატრიარქი. 1918 წლის 27 ივნისს იგი ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში. მისი სიკვდილით ჩაქრა  ლამპარი, რომელიც საუკუნეში ერთხელ აინთება ხოლმე. დიდი მეცნიერი, საეკლესიო მოღვაწე, ავტოკეფალიური მოძრაობის მეთაური 1918 წლის 7 ივლისს დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში... "შეგცოდეთ, შეგვინდევ და გვაპატიე, ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო", - ამ სიტყვებით გამოეთხოვა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე უწმიდესისა და უნეტარესის - კირიონ II-ის ცხედარს. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა  სინოდმა, უწმიდესი და უნეტარესი ილია II–ის ლოცვა–კურთხევით,  კირიონ II წმინდანად შერაცხა. კირიონ II–ის მიერ დაწყებული საქმე განაგრძო ახლადარჩეულმა პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, რომელმაც დასავლური დემოკრატიული ღირებულებები აღიარა პრიორიტეტად, მიუღებლად მიიჩნია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსი. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ეკლესია გამოყოფილ იქნა სახელმწიფოსგან; მას ჩამოერთვა მიწები, სათიბები, წისქვილები, ვენახები, სასულიერო სასწავლებლები. საქართველოს სამოციქულო ეკლესია გაუთანაბრეს ქვეყანაში მოქმედ სხვა რელიგიურ კონფენსიებს. მთავრობა ურწმუნო იყო და საქართველოს ეკლესია მას არ აინტერესებდა. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ლეონიდე მთავრობის თავმჯდომარის - ნოე ჟორდანიასადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "ჩვენი მთავრობა სოციალისტურია და პრინციპულად ვერ შეჰგუებია ეკლესიას. თანახმა ვარ, დიახაც ნუ შეეგუებიან ურთიერთს ეკლესია და სოციალისტები, დროზე დაშორდნენ, მაგრამ გაშორებაშიც სავალდებულოა სამართლიანობა. საქართველოს ეკლესია უმთავრესი და უთვალსაჩინოესი ფაქტორია ჩვენი ერის სულიერი ცხოვრებისა. ჩვენს ეკლესიას განსაზღვრული დამსახურება მიუძღვის იმ პირობების შექმნაში, რომელთა მეოხებითაც დღეს ჩვენს სამშობლოს დაჰყურებს ეროვნული დროშა."[17, 6443].

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ერთადერთი პოზიტიური გადაწყვეტილება იყო 1920 წლის თებერვალსა და აგვისტოში კავკასიის სინოდალური კანტორის გაუქმება, რუსული, ბერძნული და ოსური სამრევლოების საქართველოს საკათოლიკოსოსათვის გადაცემა. ხელისუფლებასთან არსებულ უთანხმოებათა მიუხედავად, საქართველოს ეკლესია ცდილობდა გაეთავისებინა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. უწმიდესი ლეონიდე 1919 წლის ოქტომბერში ეწვია ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიას, გაამხნევა იქაური ქართველობა. მისი ლოცვა–კურთხევით, 1919–1920 წლებში ყველა მოქმედ ეკლესიაში 26 მაისს გადახდილ იქნა სამადლობელი პარაკლისები. პატრიარქმა მრევლისადმი მიმართვაში აღნიშნა: "როგორც თებერვლის იას მარტის ყინვებმა შეიძლება მოუსპოს სიცოცხლე, თავისუფლებაც ასეთი ნაზი, ფაქიზი ბუნებისაა. იგი მარტო იქ ხარობს და ფესვებს იდგამს, სადაც ტრიალებს სული უფლისა"[18, 71].

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა იერიში მიიტანეს საქართველოს დედაქალაქზე. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელმაც იმსჯელა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და დაადგინა:

"1. ეკლესიებში დაუყოვნებლივ იქნეს გადახდილი პარაკლისები მტრებისგან საქართველოს განთავისუფლებისათვის; 2. ეკლესიებში წინამძღვრებმა განმარტონ სამამულო ომის მნიშვნელობა; 3. სამრევლო საბჭოებმა გაიღონ ეკლესიის ქონებისგან შეწირულებანი ომისაგან გამოწვეულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად; 4. მიღებულ იქნეს ზომები ტაძართა განძეულობისა და სიწმინდეთა დასაცავად; 5. იმავე საჭიროებისათვის წირვა–ლოცვის დროს შეკრებილ იქნეს ნებაყოფლობითი შეწირულებანი; 6. კრებულის წევრთა მიერ მიღებულ იქნეს ყოველგვარი ზომები ჯარში გაწვეულთა ოჯახების სულიერ მოთხოვნილებათა დაუყოვნებლივ დასაკმაყოფილებლად."[17, 256]

25 თებერვალს ბოლშევიკური არმიის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ და მოახდინეს ქალაქის ოკუპაცია. წინა დღით უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე საეკლესიო განძითურთ ქუთაისში გადავიდა. 11 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე 13 აპრილს თბილისში დაბრუნდა.

გულსაკლავი სანახავი  იყო თბილისი. პატრიარქის ერთადერთი ავტომობილი საოკუპაციო ხელისუფლებამ მიითვისა. საოკუპაციო ხელისუფლების დროებითი ორგანოს, "რევკომის", დადგენილებით, 1921 წლის 15 აპრილიდან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციად გამოცხადდა. უწმიდესი ლეონიდე ახალი ხელისუფლების იდეოლოგიაზე გულახდილად წერდა: "მათთვის მთავარია სიყვარული ქვეყნიერებისა და არა სამშობლოსი, შორეულისა და არა მახლობელისა, გარეშესი და არა შინაურისა. ყოველივე ეს ემსგავსება წაღმა წარწერის უკუღმა კითხვას, მუხის დარგვას კენწეროთი... ღმერთმა დაიხსნას საქართველო ამ გვარის მანკიერ შვილთაგან".[19, 1304]

თბილისში, ისევე, როგორც საქართველოს სხვადასხვა პროვინციაში, უმძიმესი ვითარება შეიქმნა. გაჩნდა ინფექციური დაავადებები... მისი მსხვერპლი გახდა პატრიარქიც... იგი მოიწამლა წყლით და აღესრულა 1921 წლის 11 ივლისს. 17 ივლისს პატრიარქი ლეონიდე დაკრძალეს სიონის ტაძარში. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელახალი დაკარგვის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი საოკუპაციო ხელისუფლება სასტიკად უსწორდებოდა სამშობლოს ინტერესების დამცველ მამულიშვილებს.

"საქართველოს "რევკომი" ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა.. ფაქტობრივად კი იგი საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას განასახიერებდა."[20, 109]. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ შური იძია ქართველ ხალხზე იმით, რომ "ერთა თვითგამორკვევის პრინციპებით" საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს ორი ავტონომიური რესპუბლიკა (აფხაზეთი და აჭარა), ერთი ავტონომიური ოლქი (სამხრეთ ოსეთი). საქართველოს ჩამოართვეს თავისი ისტორიული ტერიტორიები:  ლორე–ტაშირის მხარე (3812 კვადრატული კილომეტრი) გადასცეს სომხეთს, აღმოსავლეთ კახეთ–ჰერეთი ანუ საინგილო (3564 კვადრატული კილომეტრი) - აზერბაიჯანს, ართვინის, არტაანის, ფოცხოვის ოლქები (12115 კვადრატული კილომეტრი) - თურქეთს; რუსეთმა მიიტაცა გაგრის ოლქის ნაწილი, ქ. სოჭი, დარიალის ხეობაში - ზემო ლარსი, ქვემო ლარსი. ამას დაემატა დემოგრაფიული ექსპანსია... ბოლშევიკური ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქვეყანაში. ამ დროს მოქმედი იყო 1450 ეკლესია, 25 მონასტერი, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 1600–ზე მეტი ადამიანი.

საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ წყდებოდა. ბოლშევიკები ხალხის დასაშინებლად დაუნდობლად უსწორდებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს. ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განსვენებული კათოლიკოსის, უწმიდესისა და უნეტარესის - ლეონიდის ნაცვლად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ გამოეცხადებინა ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია).

1921 წლის 1–5 სექტემბერს ქუთაისში, გელათში, გაიმართა მესამე საეკლესიო კრება. საეკლესიო კრებაზე იმსჯელეს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ–პოლიტიკურ ვითარებაზე და დაადგინეს: ეთხოვოს ხელისუფლებას, ოფიციალურად აღიაროს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურიდიული სტატუსი: "ეს არამც თუ ეწინააღმდეგება დეკრეტის დებულებას  სინდისის თავისუფლების შესახებ, არამედ უნდა ჩაითვალოს აუცილებელ სამართლიან პირობად ამ თავისუფლების დასაცავად. ხელისუფლების მიერ ამ სამართლიანი მოთხოვნის უარყოფა მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გამოცხადებულია დევნილ სარწმუნოებად და ეს გარემოება ეცნობოს ყველა მორწმუნეთ"[21, 65].

კრებაზე იმსჯელეს ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენელთა მხრიდან ეკლესია–მონასტრების სიწმინდეთა ხელყოფის მცდელობებზე და აღნიშნეს, თუ რა სავალალო შედეგების მომტანი იქნებოდა ეს ეკლესიისათვის.

საეკლესიო კრებამ ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აირჩია. იმავე წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ამბროსის აღსაყდრება. პატრიარქმა მრავლისმეტყველი ისტორიული სიტყვით მიმართა ქართველობას. "დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა, – აღნიშნა მან, – იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა. ეროვნული იდეალების საუკეთესო დამცველი არის ჩვენი ეკლესია. ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს ეროვნული სარწმუნოების შეცვლას... ხალხი მხოლოდ უკავშირებს ერთმანეთს ეკლესიას და სამშობლოს, ვინაიდან ის მთელი თავისი ისტორიის განმვლობაში იცავდა თავის სამშობლოს, მაგრამ ქრისტეს ჯვარსაც ხელიდან არ უშვებდა. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად, მაგრამ სარწმუნოების დაცვაში ხედავდა მამულის დაცვასაც. ეს თვისება მას შესისხლხორცებია, გახდომია ჭეშმარიტებად და ცხოვრების აუცილებელ მოთხოვნილებად. ახლაც ამნაირია ხალხის ფსიქოლოგია და როგორ გინდათ ამოგლიჯოთ ეს ხალხის გულიდან. მრავალი საუკუნის განმავლობაში მისი ცხოვრების ღრმად ჩაყრილ საძირკველზე მას აუშენებია მკვიდრი შენობა თავისი ეროვნული ცხოვრებისა და შემეცნებისა და როგორ გნებავთ ახლა ის საძირკველი გამოუცვალოთ ამ დიდ შენობას და ჩაუყაროთ ახალი იმავე სიღრმეში? საძირკვლის გამოცვლა არ შეარყევს თვით შენობას? მოსახერხებელია განა ამნაირი ცდა? თუ ეს მოსახერხებელია და საშიშროებაც არ არის, ვისთვის ან რისთვის არის ეს საჭირო? ასე იქცევიან ისინი, ვინც ხალხს ართმევენ სარწმუნოებას, უნდათ ეროვნულ შენობას გამოაცალონ ბურჯი. უსარგებლო და უნაყოფოა ამნაირი ცდა. ერთადერთი შედეგი ამისა შეიძლება მხოლოდ ის იქნეს, რომ დროებით შეაჩერებენ ხალხის ეროვნულ განვითარებას... შევიგნოთ ისტორიული გაკვეთილების ძალა... საჭიროა შემოვკრბეთ ეროვნული ეკლესიის გარშემო, პოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობასთან ერთად ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე, ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ეს მოგვცემს ძალას შევანახვინოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება, ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც."[22, 22-23]

დამოუკიდებლობადაკარგულ საქართველოში, სადაც საოკუპაციო ხელისუფლება უარყოფდა ყოველგვარ ეროვნულს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის სიტყვა იყო ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოწოდება, გამხნევება შეშინებული  ხალხისა. იმ დროს, როდესაც დაიწყო ქართული კულტურის, განათლების, მეცნიერების, ეროვნული იდეალების დევნა, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი და მთლიანად საქართველოს სამოციქულო ეკლესია  მიუღებელი იყო საოკუპაციო ხელისუფლებისათვის. ქართველი ბოლშევიკების ადგილობრივი ლიდერი ფ. მახარაძე ამცირებდა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართულ ლიტერატურას, "ვეფხისტყაოსანს", დავით გურამიშვილს, ილია ჭავჭავაძეს, სამაგიეროდ, ასპარეზზე გამოჰყავდა საზოგადოებისათვის უცხო, უნიჭო "შემოქმედნი": შაქრო ნავთლუღელი, ვალია ბახტაძე და სხვები. ხელისუფლებისათვის ასევე მიუღებელი იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესურა, რომელთა უმრავლესობას ევროპისა და რუსეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჰქონდა მიღებული განათლება. უნივერსიტეტიდან გააძევეს ივანე ჯავახიშვილი და მისი მოწაფეები, გააუქმეს საქართველოს ისტორიის სასწავლო საგანი და შეცვალეს იგი სამოქალაქო ისტორიით. დევნა–შევიწროებას ვერ გადაურჩნენ ეროვნული სულისკვეთების მქონე თანამედროვე ქართველი მწერლები, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების მოღვაწეები.  ინტერნაციონალიზმისა და მსოფლიო მოქალაქეობის იდეებით შეპყრობილმა ხელისუფლებამ დაუნდობლად დაანგრია ეროვნული მეცნიერება და ხელოვნება. იგი ჩანაცვლებულ იქნა ფსევდომეცნიერებით, ფსევდოლიტერატურით, ფსევდოპროფესურით ("წითელი პროფესორები"). პატრიოტობა ჩამორჩენილობის სინონიმი გახდა. საოკუპაციო ხელისუფლებამ 1921–1922 წლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედ ეკლესიებში ჩაატარა აღწერა საეკლესიო ძვირფასეულობის გამოსავლენად, ხოლო რევკომის 1923 წლის 23 ნოემბრის დადგენილებით, ოქროსა და ვერცხლის ჯვარ–ხატები, ბარძიმ–ფეშხუმები, მიტრები გატანილ და გაყიდულ იქნა.

ასეთ რთულ ვითარებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ხმა აღიმაღლა საოკუპაციო ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. მისმა უწმიდესობამ 1922 წლის აპრილ–მაისში იტალიის ქალაქ გენუაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას მიმართა საგანგებო წერილით, რომელშიც აღწერდა საქართველოს თავს დამტყდარ უბედურებას, ბოლშევიკების საოკუპაციო ხელისუფლების სისასტიკეს, უღმერთობას, ქართველთმოძულეობას. "ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მოძღვარმა"[22, 25], - აღნიშნავდა იგი. უწმიდესი ამბროსი კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოებს მიმართავდა, დახმარებოდნენ საქართველოს, დაეცვათ ის რუსეთის საბჭოთა იმპერიის აგრესიისაგან, რათა  "საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოთ მოაწყოს ისეთი ნორმები სოციალურ–პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე–ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება"[22, 26].

მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების წარმომადგენლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო  ეკლესიის მეთაურის გაბედულმა წერილმა, მაგრამ, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, მათ რეალური დახმარება ვერ აღმოუჩინეს საქართველოს. ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ მისი უწმიდესობა ამბროსი და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭო კონტრრევოლციონერებად გამოაცხადა.

1922 წლის 13 ივნისს საქართველოს უშიშროებამ (`ჩეკამ“) პირველ  დაკითხვაზე წაიყვანა უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი. დაკითხვა მთელი დღე გაგრძელდა. პატრიარქი ღამის 12 საათზე დაბრუნდა თავის რეზიდენციაში.   საკათოლიკოსო საბჭოს ერთ–ერთი წევრი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა: "14 ივნისს შეიკრიბა საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელსაც უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი თავმჯდომარეობდა.. სახეზე თითქოს განმკრთალი იყო, ეტყობოდა, რომ ერთ დღეში დიდი სულიერი ტანჯვა გამოევლო."[22, 28]. პატრიარქმა საბჭოს წევრებს დაწვრილებით მოუთხრო "ჩეკაში" დაკითხვის დეტალების შესახებ და მოუწოდა, გამოეჩინათ სულიერი სიმტკიცე. 1922 წლის 2 ივნისს უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის საპატრიარქო რეზიდენციაში მიართვეს საოკუპაციო ხელისუფლების დასკვნა, რომელშიც  ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქსა და საკათოლიკოსო საბჭოს ბრალს სდებდა "კონტრრევოლუციონერობაში, პროვოკაციაში, მთავრობის გაბრიაბრუებაში". იმავე წლის 17 ნოემბრის მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ჩამოართვეს კათოლიკოს–პატრიარქის რეზიდენცია. საოკუპაციო ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა აგრესიული ათეიზმის პოლიტიკა, სასულიერო პირები კი საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოს მტრებად მიიჩნია. მარტო 1923 წელს საქართველოში დახურეს 600–ზე მეტი ეკლესია, დაიტაცეს საეკლესიო ქონება.

უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი გრძნობდა, რომ მოსალოდნელი იყო მისი დაპატიმრება. 1923 წლის 11 იანვარს მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მისი დაპატიმრების შემთხვევაში უნდა დაწესებულიყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დროებითი მმართველობა, რომლის  თავმჯდომარედაც დაინიშნებოდა ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი).

1923 წლის 11 იანვრიდან 1924 წლის 12 იანვრამდე უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 1924 წლის 12 იანვარს, "ჩეკას" გადაწყვეტილებით, დააპატიმრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს წევრები. მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა როგორც თბილისში, ასევე - პროვინციებში. ანგრევდნენ ეკლესია–მონასტრებს, აპატიმრებდნენ და აწამებდნენ სასულიერო პირებს. 1924 წლის 10–19 მარტს ნაძალადევის მუშათა თეატრში (შემდგომში კინოთეატრი "საქართველო") მიმდინარეობდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების სასამართლო პროცესი. ბოლშევიკური პრესა ქართველი ხალხის ეროვნული და სარწმუნოებრივი თავისუფლებისათვის მებრძოლ სასულიერო პირებს "ანაფორიან ინტრიგანებს", "კონტრრევოლუციონერებს", "ბნელეთის მოციქულებს" უწოდებდა. მათ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების ღალატში სდებდნენ ბრალს "ამხანაგები": ვარლამოვი, ორზუმელოვი, ოქოევი, ნავთლუღელი. მომავალი თაობებისათვის სამაგალითოა უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის, საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრების სულიერი სიმტკიცე და გაუტეხელობა. პატრიარქმა ამბროსიმ კიდევ ერთხელ ამხილა საოკუპაციო ხელისუფლების ბარბაროსობა. "ისტორია გვიმტკიცებს, – აღნიშნავდა იგი, - რომ დევნილობა უძლურია მოსპოს სარწმუნოება... იგი არის  ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნილობა ამ მოთხოვნილებებს კიდევ უფრო აძლიერებს, ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება, და ამოხეთქავს გაძლიერებულის ძალით... მე ვიცავდი ჩვენი ერის თავისუფლებას... თუ ხელისუფლება აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის, მაშინ ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამეთვალოს დანაშაულად ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვა... მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორი თვალით შეხედავს უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებას, ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების 37 წლის განმავლობაში. ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს და როგორც მორწმუნე, ვიტყვი: იყოს ნება ღვთისა! და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: "ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირით ჩემ ზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და  შვილთა თქუენთა"[22, 38].

პატრიარქის ეს სიტყვა იყო გაუტეხელი სიმტკიცის გამოვლენა, ათასობით ქართველი პატრიოტის გამხნევება. საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ თავის თავზე მიიღო ბოლშევიკური ხელისუფლების მთავარი დარტყმა. ბოლშევიკურმა სასამართლომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის 7 წლითა და 9 თვით, საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს - სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1924 წლის აგვისტოში საქართველოს სხვადასხვა პროვინციაში დაიწყო გამოსვლები საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა  დაუნდობელი რეპრესიები, დახვრიტეს ათასობით მამულიშვილი, ზესტაფონში მატარებლის ვაგონებში ჩახოცეს ის ადამიანები, რომელნიც ხელისუფლებას არასამედოდ მიაჩნდა,  მათმა სისხლმა წითლად შეღება მდინარე ყვირილა... 1924 წლის აგვისტოში "კონტრრევოლუციური საქმიანობის" ბრალდებით, ვინმე შონიას და სამეულის (ე.წ. "ტროიკა") დადგენილებით, დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: გერმანე ჯაჯანიძე, სიმონ მჭედლიძე, იეროთეოს ნიკოლაძე, დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე... საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, 1995 წლის სექტემბერში ისინი წმინდანებად შერაცხა.

უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს წევრები თბილისში, მეტეხის საპყრობილეში იხდიდნენ სასჯელს. პატრიარქს აგრძნობინეს, რომ, თუ ხელისუფლებას პატიებას სთხოვდა, მათ გაათავისუფლებდნენ.. პატრიარქის დღიურში ასეთი ჩანაწერია: "შეიძლება მეც მომეთხოვოს იგივე სინანული, როგორც ჩამოურთმევიათ რუსეთის პატრიარქ ტიხონისათვის... ჩემი განცხადების პროექტი ასეთი იქნება. მე ჩემი თავი არ მიმაჩნია დამნაშავედ... დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ამ ინტერვენციას საქართველოს რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებაში, მოჰყვებოდა ეკლესიური თავისუფლების დაკარგვა, რაც მე უბედურებად მიმაჩნდა ჩვენი მშობლიური ეკლესიისათვის. ჩემი შიშები სავსებით გამართლდა და ეკლესიას თავს დაატყდა დიდი უბედურება."[22, 42]

ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, სასულიერო პირების რეპრესიების პარალელურად, სცადა ეკლესიის შიგნით დასაყრდენის მოპოვების მიზნით წაეხალისებინა სასულიერო პირთა ის ნაწილი, რომელიც აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც კანონიერს, და,  ამავე დროს, მორწმუნეთა შორის გაავრცელებდა იმ აზრს, რომ აუცილებელი იყო საეკლესიო სფეროში რეფორმები. ეს მოძრაობა საქართველოში "განახლებისა და რეფორმების ჯგუფის" სახელითაა ცნობილი, რუსეთში - "ობნავლენცები", "ცოცხალი ეკლესიის მიმდევრები". "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფმა   ხელისუფლების დაკვეთით დაიწყო დაპატიმრებული კათოლიკოს–პატრიარქისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების კრიტიკა. უფრო მეტიც, საქართველოს ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვეს კათოლიკოს–პატრიარქის გადადგომა. მათ შეიმუშავეს ახალი ეკლესიის პროექტი, რომელიც აუქმებდა კათოლიკოს–პატრიარქის თანამდებობას, ეკლესიის კანკელს ცვლიდა მოაჯირი, ტაძრიდან უნდა გაეტანათ ხატები, იკრძალებოდა საცეცხლურისა და საკმევლის გამოყენება, წირვის დროს სამოციქულოს წაკითხვა არასავალდებულოდ ცხადდებოდა, შვიდი საიდუმლოდან ამოიღეს სინანული, იკრძალებოდა ბერ–მონაზვნობა, ზიარება, მარხვა, მცირდებოდა საეკლესიო დღესასწაულებიც, ძველი ქართული საგალობლები რევოლუციური ჰიმნებით უნდა შეცვლილიყო. ასეთი რეფორმირებული ეკლესია მისაღები იყო საოკუპაციო ხელისუფლებისათვის. ისინი, ვინც ასეთ რეფორმებს მიუღებლად მიიჩნევდა, რეაქციონერებად მონათლეს, ხოლო რეფორმატორები - "თანამედროვე აზროვნების პროგრესულ სამღვდელოებად", რომელთანაც შესაძლებელი იყო თანამშრომლობა.

1925 წელს საპყრობილიდან გამოსულმა კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ რეალურად შეაფასა შექმნილი ვითარების სირთულე და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ტრადიციების შენარჩუნების მიზნით, თავისი პოზიციების გასამყარებლად, აკურთხა ახალი მღვდელმთავრები: კალისტრატე (ცინცაძე), მელქისედეკი (ფხალაძე), პავლე (ჯაფარიძე), ეფრემი (სიდამონიძე)... ხელისუფლებისაგან გათამამებულმა რეფორმატორებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ამბროსის გვერდის ავლით  1926 წლის 26–27  დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო კრება, დაშლილად გამოაცხადეს საკათოლიკოსო საბჭო, შექმნეს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ხელმძღვანელობით. უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ თვითმარქვია კრება უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ ე.წ. რეფორმატორებმა ისევ პატრიარქის გვერდის ავლით რეგისტრაციაში გაატარეს დროებითი მმართველობა, აიძულეს მიტროპოლიტი კალისტრატე, გადამდგარიყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან, 1927 წლის 4 იანვარს, შინაგან საქმეთა კომისარიატის დახმარებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ჩამოართვეს საეპარქიო კანცელარიის გამგებლობა, საპატრიარქოს ბეჭედი... ხელისუფლებისათვის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი მიუღებელი იყო, ამიტომაც ყველანაირად ხელს უწყობდა რეფორმატორებს. პატრიარქის დასუსტებულმა ორგანიზმმა  ამდენ განსაცდელს ვეღარ გაუძლო და 1927 წლის 29 მარტს, დილის 3 საათზე, იგი გარდაიცვალა. 3 აპრილს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. ქართველი საზოგადოება დიდი მწუხარებით გამოეთხოვა ეროვნული და ეკლესიური თავისუფლებისათვის მებრძოლ დიდ მამულიშვილს.

ათეული წლები დასჭირდა ბოლშევიკური სტერეოტიპებისაგან საზოგადოებრივი აზროვნების გათავისუფლებას. XX საუკუნის 20–80-იან წლებში ოფიციალურად "რეაქციონერ ანტისაბჭოელად" მიჩნეული წამებული კათოლიკოსის _ ამბროსის სიტყვები, ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულშიო, გამართლდა. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი წმინდანად შერაცხა...

1927 წლის 21–27 ივნისს გამართულმა მე–4 საეკლესიო კრებამ დაამტკიცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა–გამგეობის ახალი დებულება, მიიღო დეკლარაცია საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესახებ და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად. საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ შეცდომად მიიჩნია საბჭოთა ხელისუფლებისადმი კათოლიკოს–პატრიარქ ამბროსის დამოკიდებულება და საოკუპაციო ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსი გამოაცხადა. საბედნიეროდ, რეფორმების ის პროექტი, რომელიც თავის დროზე მათ შეადგინეს, საეკლესიო ცხოვრებაში არ გატარებულა. ახალი პატრიარქი შეეცადა საბჭოთა ხელისუფლებასთან  თანამშრომლობით შეესუსტებინა ხელისუფლების აგრესიული ანტირელიგიური პოლიტიკა, მაგრამ უშედეგოდ. ოფიციალურად ხელისუფლება აღიარებდა სინდისის თავისუფლებას, მაგრამ რეალურად სასტიკად დევნიდა სასულიერო პირებს, უწესებდა დიდ საშემოსავლო გადასახადებს და აიძულებდა, თავი დაენებებინათ სასულიერო სამსახურისათვის. 1927–1928 წლებში თბილისში გაძარცვეს ვერის წმიდა ნიკოლოზის, კუკიის წმიდა ნინოს, მთაწმინდის, ავლაბრის ეკლესიები. სრული განუკითხაობა იყო პროვინციებშიც. კათოლიკოს–პატრიარქ ქრისტეფორე III-ის მიმართვები, პროტესტი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი რეაგირების გარეშე რჩებოდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრივ უკანონობის არაერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ: თერჯოლაში მღვდელ ირაკლი გურგენიძეს "თემკომის" თავმჯდომარე ობოლაძე მიწის წართმევით დაემუქრა, სიღნაღში სოფელ აფენის თემსაბჭოს თავმჯდომარემ ლალიაშვილმა მღვდელი დემეტრაშვილი სოფლიდან გააძევა, რაჭის სოფელ წესის მღვდელ გიორგი გოცირიძეს ადგილობრივი თემსაბჭოს თავმჯდომარემ ხელწერილი დააწერინა, რომ იგი მღვდლობაზე უარს იტყოდა. მაშინდელ სავალალო ვითარებას ასახავს კათოლიკოს–პატრიარქ ქრისტეფორეს III-ის წერილი საქართველოს სსრ შინსახკომისა და თბილისის აღმასკომისადმი: "მე მაქვს წარმოდგენილი დეკლარაციები ჩემი შემოსავალისა 1929–1930 წლებში, მაგრამ იმდენი გადასახადები შემომაწერეს, რასაც ვერ გადავიხდი. ფინაგენტმა აღწერა ჩემი ბინა და გასაყიდი ნივთები... ვთხოვ აღმასკომს, მოახდინოს განკარგულება, სრულიად მომეხსნას გადასახადები, როგორც მცირე შემოსავლიანს და მძიმედ დასნეულებულს, ხოლო თუ ეს არ შეიძლება ჩემთვის, მაშინ როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, გადასახადები ჩემი ფაქტიური შემოსავლის მიხედვით გადამხდეს."[23, 2100, 1, 31]

თუ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ასე უჭირდა, რა მდგომარეობაში იქნებოდა პროვინციებში ჩვეულებრივი სამღვდელოება. სასულიერო პირობა, ანაფორისა და ჯვრის ტარება გმირობის ტოლფასი იყო. ბოლშევიკური ხელისუფლება პროვინციებში ადგილობრივი კომკავშირლებისა და პარტიული ლიდერების მეშვეობით აგრძელებდა ეკლესია–მონასტრების ნგრევას, სასულიერო პირების განმოსვასა და მათგან ღვთის მგმობი წერილების მოპოვებას მათ ოჯახებზე ფსიქოლოგიური ტერორის გზით. საქართველოში მოქმედი "უღმერთოთა კავშირი", "ანტირელიგიური უნივერსიტეტი" ატარებდნენ ფართო სააგიტაციო მუშაობას, რათა მოსახლეობა ღვთის რწმენიდან მარქსიზმ–ლენინიზმის აღიარებაზე გადაეყვანათ. ასეთ ვითარებაში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საერთაშორისო აღიარებისათვის ბრძოლა შესუსტდა, გაწყდა კონტაქტი მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რუსეთის ეკლესია კვლავ უარს ამბობდა საქართველოს ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის აღდგენაზე. როდესაც     მსოფლიო პატრიარქმა ბასილი III-მ კონსტანტინოპოლის ეკლესია  ახალ სტილზე გადაიყვანა, მან მხარდაჭერა სთხოვა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას. 1927 წელს კათოლიკოს–პატრიარქ ქრისტეფორე III-ის  ინიციატივით, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთი წლით გადავიდა ახალ სტილზე, მაგრამ იმდენი წინააღმდეგობა შეხვდა მას, რომ იძულებული გახდა 1928 წელს საგანგებო ბრძანებულებით ისევ გაეუქმებინა იგი და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია საეკლესიო დღესასწაულების ძველი სტილით აღნიშვნას დაუბრუნდა.

1932 წლის 10 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III გარდაიცვალა. საგანგებოდ შეკრებილმა საკათოლიკოსო სინოდმა კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე) დაამტკიცა. უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე–6 საეკლესიო კრებამ, რომელიც 1932 წლის 21 ივნისს გაიმართა თბილისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აირჩია მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი აღსაყდრება.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიისათვის უმძიმეს ჟამს მოხდა მიტროპოლიტ კალისტრატეს პატრიარქად კურთხევა. მისი  ოპონენტებიც კი აღიარებდნენ, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი არჩევანი გაკეთდა. ქუთათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) გულახდილად აცხადებდა: "კალისტრატე ინტელექტუალი და მოქმედებითაც უპირატესია, შეიძლება ზოგიერთი ჩვენთაგანი ყველაფერს მისი მსოფლმხედველობისას არ იზიარებდეს, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ იგი ჩვენს შორის პირველია ჭკუით, ცოდნით, განვითარებით, საქმიანობით, გამოცდილებით."[15, 179]

უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ თავისი საქმიანობა ოთხი მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად წარმართა: 1. ეკლესია–მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვისა და მათი ძარცვა–რბევის პროცესის შეჩერება; 2. ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კურსის შენარჩუნება; 3. საეკლესიო პირების მიმართ ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული სულის შემხუთველი გადასახადების შემცირება, სინდისის თავისუფლების კანონის რეალურ ცხოვრებაში გატარება; 4. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის ბრძოლა.

ხელისუფლებისაგან წაქეზებული ბოროტმოქმედები კვლავ აგრძელებდნენ ეკლესია–მონასტრებზე თავდასხმას. შიომღვმის მონასტრის ბერები, ილარიონი და კვიპრიანე, ერთ–ერთი თავდასხმის დროს მოკლეს; უცნობმა ბოროტმოქმედებმა დაარბიეს კაბენის მონასტერი; 1937 წლის სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ სასულიერო პირები: ბესარიონ ვაშაძე, მიხეილ ნანეიშვილი, იოსებ მირიანაშვილი, ილარიონ ოქროპირიძე, გიორგი ეპიტაშვილი, ივანე ჩიტაძე, ერმილე გოგოლიშვილი, ივანე  ქააძე, მალაქია წიკლაური, სამსონ მძინარიშვილი, იოანე ბობოხიძე, პროკოფი ჩიგოგიძე, გიორგი დარჩია, ელიზბარ ანჩაბაძე, გიორგი წულაია, ივანე ფანცულაია, აპოლონ აფხაიძე, ნიკოლოზ ბეშქარიძე; გადასახლებაში გარდაიცვალა მიტროპოლიტი ვარლამი (მახარაძე), მღვდლები: გიორგი მაჭავარიანი, არსენ ჯანელიძე, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, ნესტორ ჯალაღონია, ალექსანდრე ცქიფურიშვილი, ექვთიმე ნანეიშვილი. დააპატიმრეს და გადაასახლეს ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე),  მღვდელი ტერენტი ობოლაძე, მთავარდიაკონი ამბროსი ახობაძე...

ხელისუფლება კიდევ უფრო უზრდიდა სასულიერო პირებს საშემოსავლო გადასახადებს. დახურვის საფრთხის წინაშე დადგა თბილისის სიონი და მცხეთის სვეტიცხოველი. ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ადგილზე განზრახული იყო აბანოს აშენება. კათოლიკოს–პატრიარქი გამოიძახეს საქართველოს უმაღლესი საბჭოს საქმეთა მმართველ ი. მირიანაშვილთან. "გამოვცხადდი 2 საათზე, – წერს უწმიდესი კალისტრატე, – პირადად არ მიმიღო, თანაშემწე მ. დავითაშვილს დააბარა საგადასახადო შეღავათებზე უარი ეთქვასო"[21, 70, 31]

უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე გრძნობდა შექმნილი ვითარების მთელ სერიოზულობას, ეკლესიისადმი ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდით დაბრმავებული ხალხის განწყობას. "ძველად სამღვდელოება იყო ინტელიგენცია, მაღალი შეგნებული წრე, იგი ხელმძღვანელობდა ხალხის განათლების საქმეს, მოწინავე იყო საზოგადოებრივ ასპარეზზე... ახლა ჩვენ ხალხს ვესაჭიროებით მხოლოდ საეკლესიო წესების ასრულებისათვის... მთავარია, როგორმე სიცოცხლე შევინარჩუნოთ, როგორმე ეკლესიები ნგრევას გადავარჩინოთ, როგორმე სარწმუნოება შევინახოთ"[24, 102, 354], - აღნიშნავდა თავის ჩანაწერებში უწმიდესი და უნატარესი კალისტრატე. პატრიარქი ცდილობდა, არსებული კანონმდებლობის მოშველიებით, განემარტა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ უსამართლო იყო მათი მოქმედებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიმართ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანისათვის გაგზავნილ წერილში უწმიდესი კალისტრატე აცხადებდა: "ფინანსთა სახკომის ინსპექტორების ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება რამდენიმე დღეში ბოლოს მოუღებს ათასექვსასწლოვან საქართველოს ეკლესიას, სასულიერო პირები დიდი გადასახადების გამო იძულებულნი იქნებიან თავი გაანებონ სამსახურს... სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124–ე მუხლი, ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული  საქართველოს სამოციქულო ეკლესია, აღგვილი პირისაგან მიწისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი"[24, 102, 130]. კიდევ რამდენიმე წელი და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღარ იქნებოდა.

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.  საბჭოთა პარტიული და სამხედრო ხელმძღვანელობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი საბჭოთა ხალხის მონოლითურ ერთობას. ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნა იოსებ სტალინმა 1941 წლის 3 ივლისს რადიოთი გამოსვლისას. 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ოფიციალური განცხადებით დაგმო გერმანული ფაშიზმი და საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოქმედ ტაძრებში დაიწყო თანხის შეგროვება წითელი არმიის დასახმარებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ შეასუსტა ეკლესიაზე ზეწოლა. უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ მოახერხა ოფიციალურ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა. ადმინისტრაციული წესით დახურული ზოგიერთი ეკლესია გაიხსნა, გადასახლებიდან დაბრუნდნენ სასულიერო პირები. 1945 წლისათვის საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში მოქმედი იყო 29 ეკლესია, რომელთაც ემსახურებოდა 5 მღვდელმთავარი, 41 შტატიანი მღვდელი, ორი მთავარი დიაკონი... მიუხედავად ამისა, მდგომარეობა  მაინც სავალალო რჩებოდა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობას. ქართული მხარე, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები - კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე _ ყველანაირად ცდილობდნენ მოეწესრიგებინათ ურთიერთობა ორ ეკლესიას შორის, მაგრამ რუსულ მხარეს არაფრის გაგონება არ სურდა. ასე იყო პატრიარქ ტიხონის დროს და ასეთივე პოლიტიკა გაგრძელდა 1925–1943 წლებში.

1943 წლის 14 სექტემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ოფიციალური წერილით მიულოცა უწმიდეს სერგის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად არჩევა და გამოთქვა ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის ნორმალური ურთიერთობის აღდგენის სურვილი. საპასუხო წერილში პატრიარქი სერგი წერდა, რომ იგი მზად იყო მოლაპარაკების გზით გადაეჭრათ ორ ეკლესიას შორის არსებული პრობლემები. 1943 წლის ოქტომბერში, რუსეთის ეკლესიის სახელით, სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მორწმუნეთ აცნობა, რუსეთის ეკლესია ოფიციალურად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიასო. პატრიარქმა სერგიმ 1943 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში მცხოვრებ რუსებს ამ სიტყვებით მიმართა: "დამთავრდა განხეთქილება ეკლესიური, ეჭვი წარსულს ჩაბარდა. რუს მრევლს საქართველოში უფლება ეძლევა ილოცოს ქართულ ტაძრებში, მიიღოს წმიდა საიდუმლოებანი, ვადიდოთ საქართველოს ღვთის სათნომყოფელთა ნათელი კრებული: საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთა სწორი ნინო და ქართველი მოღვაწენი, რომელნიც რუსეთის წმიდა ნათლობამდე მრავალი წლით ადრე  უკვე ანათებდნენ მსოფლიოში ქრისტეს მადლს"[15, 211]

1945 წლის იანვარ–თებერვალში პატრიარქი კალისტრატე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა რუსეთში. შემდეგ პატრიარქი ალექსი I ჩამოვიდა საქართველოში. ორ ეკლესიას შორის აღდგა ევქარისტული კავშირი, დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ომის წლებში იოსებ სტალინის წერილებს იღებდა, ქვეყნის პირველი პირი გამოხატავდა   მადლიერებას პატრიარქისა და მორწმუნე მრევლის მიმართ, რომელიც შეწირულობებს აგზავნიდა წითელი  არმიის მეომრებისათვის. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ომის შემდგომაც უგზავნიდა იოსებ სტალინს მისალოც წერილებს, საეკლესიო კალენდრის ყოველწლიურ ნომრებს. "კაცთა შორის რჩეულო, დიდო ქართველო", - ასე მიმართავდა იგი მას. ამ ურთიერთობათა წყალობით, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნა იურიდიული სტატუსი.

პატრიარქის მოთხოვნები ადგილობრივი ხელისუფლებისადმი უფრო მძაფრი და კონკრეტული გახდა. იგი ითხოვდა საპატრიარქო რეზიდენციის დაბრუნებას, საპატრიარქო ჟურნალის გამოცემას, ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების გახსნას. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის - კალისტრატეს ხელისუფლებასთან გონივრული კომპრომისების წყალობით საქართველოს სამოციქულო ეკლესია გადაურჩა განადგურებას. პატრიარქმა მოახერხა გაუცხოებული მრევლის ეკლესიისაკენ მობრუნება, ინტელიგენციასთან მჭიდრო თანამშრომლობა, არაქართული სამრევლოების საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში შემოყვანა, საქართველოს ეკლესიისათვის საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვება. იგი ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან, გარდაიცვალა 1952 წლის 3 თებერვალს. 10 თებერვალს უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

1952 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო  ეკლესიის მე–9 საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აირჩია ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე). იგი ჯერ კიდევ 1943 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ გამოარჩია კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ და ურჩია: "გთხოვთ, ჩემს მიერ აღებულ გეზსა და მიმართულებას ნუ შეცვლით. ეს არ ივარგებს. ეკლესიისა და პირადად თქვენთვის არ იქნება საზიანო."[24, 43, 1]

პატრიარქ მელქისედეკ III–ს ურთულეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც 20–50–იანი წლების სისხლიანი რეპრესიების მთელი სიმძიმე მხოლოდ იოსებ სტალინს დააკისრა და  დაგმო მისი "პიროვნების კულტი". ნ. ხრუშჩოვის მითითებით, ახალი იერიში მიიტანეს ეკლესიებზე. ახალ პარტიულ ბელადს მიაჩნდა, რომ XX საუკუნის 60–70–იან წლებში შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირში კომუნიზმის აშენება, აქედან გამომდინარე, სრულიად მიუღებელი იყო "წარსულის მავნე გადმონაშთად" მონათლული ქრისტიანული სარწმუნოება. ეკლესია–მონასტრების დახურვა დაიწყო როგორც რუსეთში, ასევე - ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებში. ნ. ხრუშჩოვს მიაწერენ შემდეგ სიტყვებს: უკანასკნელ უკრაინელ ან ქართველ მღვდელს ტელევიზიით გაჩვენებთ და ქვეყანაში მასობრივი ათეიზმი დაისადგურებსო. იდეოლოგიური დარგის პარტიულ მუშაკებს ევალებოდათ, გაეძლიერებინათ ანტირელიგიური პროპაგანდა. 1944 წელს საბჭოთა კავშირში შეიქმნა რელიგიის საქმეთა კომიტეტი, რომელსაც თავისი რწმუნებულები ჰყავდა საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში. რწმუნებულთა აპარატს, რომელიც უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, ევალებოდა მკაცრად გაეკონტროლებინა ეკლესიებში მიმდინარე პროცესები. რწმუნებულის  თანხმობის გარეშე შეუძლებელი იყო დიაკვნის, მღვდლის, ეპისკოპოსის კურთხევა, ეპარქიებში სასულიერო პირების გაგზავნა. რელიგიის საქმეთა რწმუნებულები იყვნენ ურწმუნონი და ხელისუფლების პოლიტიკის უსიტყვო გამტარებელნი.

XX საუკუნის 50–იანი წლებიდან რელიგიის საქმეთა რწმუნებულები უხეშად ერეოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საქმიანობაში. ძველი თაობის სასულიერო პირები თანდათან ტოვებდნენ სამოღვაწეო ასპარეზს, ახლების მომზადებისათვის კი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას არ ჰქონდა არც სემინარია და არც აკადემია. ჯერ კიდევ კათოლიკოს–პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ლეონიდეს სურდა სასულიერო სემინარიის გახსნა, რაც განუხორციელებელ სურვილად დარჩა კათოლიკოს–პატრიარქების ამბროსის, ქრისტეფორეს და კალისტრატეს დროსაც. უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი "საქართველოს ეკლესიის უწყებანი"-ს გამოცემის ნებართვის თაობაზე. ამავე დროს მან რელიგიის საქმეთა რწმუნებულ მ. მექვაბიშვილს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "პატივისცემით  მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას მღვდლობის კანდიდატების მომზადებისათვის სკოლა არ აქვს, ამიტომ გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ მთავრობის წინაშე, რომ მოგვცეს ნებართვა, სიონის ტაძართან გავხსნათ უვადო კურსები მღვდლების კანდიდატების მოსამზადებლად; ამასთან, საჭიროა მოგვეცეს ნებართვა, რომ ეკლესიებში კედელზე გავაკრათ განცხადება კურსების გახსნის შესახებ და მოვუწოდოთ მსურველებს განუცხადონ თავიანთი სურვილი კურსების გამგეს"[25, 2691].  ოფიციალურმა ხელისუფლებამ პატრიარქის თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ხოლო საზოგადოებაში გაავრცელა დეზინფორმაცია, პატრიარქს არ სურს სასულიერო სასწავლებლის გახსნაო. ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული მცდელობა შიდასაეკლესიო დაპირისპირებისა, რათა შიდა პრობლემების ფონზე ეკლესიას ნაკლები დრო დარჩენოდა რეალური საქმეების საკეთებლად. მიუხედავად ამისა, პატრიარქმა მელქისედეკ III-მ მოახერხა ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, მოაწესრიგა დიდუბის, ხაშურის, დაიბრუნა ბოდბის, მოწამეთას ეკლესიები. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ცდილობდა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებთან ისტორიული ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ ყოველ ასეთ მცდელობას წინ ეღობებოდა ოფიციალური ხელისუფლება...

1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. სასწრაფოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდი. სინოდის წევრთა უმრავლესობამ იცოდა განსვენებული კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III-ის წერილობითი განკარგულების შინაარსი, რომლის თანახმადაც პატრიარქის მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი) ცხადდებოდა. სინოდის სხდომაზე უხუცესმა მღვდელმთავარმა დიმიტრიმ (იაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიისათვის ესოდენ რთულ ვითარებაში უმჯობესი იყო მოსაყდრედ გამოცდილი, დამსახურებული მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე) აერჩიათ. სინოდის წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა მიტროპოლიტ დიმიტრის მოსაზრებას. 11 იანვარს ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა უარი განაცხადა  კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრეობაზე მიტროპოლიტ ეფრემის სასარგებლოდ. უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III  დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

1960 წლის 19–20 თებერვალს მე–10 საეკლესიო კრებამ "სრულიად საქართველოს ეკლესიის სამღვდელომან დასმან წმიდათა მღვდელმთავართა და განკარგულთა კრებულმან და ყოველმან მორწმუნეთა საქართველოსათა, ერთითა ნებითა, ერთითა გულითა და ერთითა პირითა აღირჩიეს შთაგონებითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსად მცხეთისა და თბილისისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი"[26, 902]. იმავე წლის 21 თებერვალს სვეტიცხოვლის ტაძარში შესრულდა პატრიარქის აღსაყდრება. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II შეუდგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას. პატრიარქი თითოეული სასულიერო პირის გარდაცვალებას მტკივნეულად განიცდიდა, ვინაიდან შემცვლელნი აღარ იყვნენ. "აი, ჩვენ, მოხუცებულები, მივდივართ და შემცვლელნი აღარავინ რჩება. რატომ გაურბის ქართველი ერი თავის მშობელ ეკლესიას?... განა იმიტომ, რომ ღვაწლი მიუძღვის სამშობლოსა და ერის წინაშე?"[26, 902], - გულისტკივილით აღნიშნავდა იგი. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II რელიგიის საქმეთა რწმუნებულის - ა. შალუტაშვილის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში წერდა: "პატრიარქად არჩევის შემდეგ, ახლო გავეცანი რა საქართველოს ეკლესიის სინამდვილეს, ვსცანი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა მისი სამწუხარო მდგომარეობა, კატასტროფას ვერ გადაურჩებოდა... განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო ღვთისმსახურთა რაოდენობა. ეს პრობლემა მძიმე ლოდივით ადევს ქართულ ეკლესიას... საფრთხეს უმზადებს მას. 1962 წლის 3 ივლისს მომეცა შესაძლებლობა, მქონოდა აუდიენცია საქართველოს  მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ გივი ჯავახიშვილთან. ჩემი მოხსენების შემდეგ მან ბრძანა: რახან არსებობს ეკლესია, მას კიდეც უნდა ჰქონდეს სკოლაც და გამომცემლობაც. ამას ისმენდა ჩემს გვერდით მჯდომი მაშინდელი რწმუნებული ბატონი მ. მექვაბიშვილი, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი გაკეთდა."[27, 576, 4773]

სასულიერო სასწავლებლისა და გამომცემლობის არარსებობის გარდა, პრობლემად რჩებოდა საპატრიარქო რეზიდენციის საკითხი. უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II მოითხოვდა 1923 წელს საპატრიარქოსათვის ჩამორთმეული რეზიდენციის დაბრუნებას ან ახლის აშენების ნებართვას. რთული ვითარება იყო ეპარქიებში, სადაც მღვდელმთავრებს ავიწროებდნენ ადგილობრივი პარტიული და შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლები, ალავერდელ ეპისკოპოს დავითს (ბურდილაძე) ედავებოდნენ, თუ 1962 წელს რატომ მივიდა ალავერდობის დღესასწაულზე ტაძარში, ემუქრებოდნენ დაპატიმრებით. გორის მორწმუნე საზოგადოებას სურდა ქალაქში ტაძრის გახსნა, მაგრამ ხელის მომწერთ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდნენ. გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ვერ აუდიოდნენ სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, თვით პატრიარქიც იძულებული  გახდა წერილით მიემართა მთავრობისათვის, რათა სიცხადე შეეტანა ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკაში.

უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის წინააღმდეგ ამხედრებდნენ ცალკეულ სასულიერო პირებს, მორწმუნეებს. "დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვიდრე კათოლიკოს–პატრიარქების _ კალისტრატეს ან მელქისედეკის დროს იყო. ძალიან გართულებულ გარემოცვაშია ჩვენი ეკლესია, შეიძლება გულშემატკივარი ბევრი ჰყავდეს, მაგრამ აქტიურ მომქმედთ ვერ  ვხედავ"[28, 20], -  სწერდა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II  ცნობილ ქართველ მწერალს იპოლიტე ვართაგავას. რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები თითოეულ სასულიერო პირზე ადგენდნენ საშემოსავლო უწყისებს. კათოლიკოს–პატრიარქი ეფრემ II რწმუნებულისაგან ულტიმატუმის ენით დაწერილ ასეთ მიმართვებს იღებდა: "კათოლიკოს–პატრიარქ ეფრემ II–ს. გთხოვთ, დაავალდებულოთ პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე, უყოყმანოთ დაფაროს საშემოსავლო დავალიანება. ამასთანავე, აიძულოთ ყველა ურჩი ღვთისმსახური, დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახადები"[27, 3640]. "ურჩი" პროტოდიაკონი კი კათოლიკოს–პატრიარქს თვალცრემლიანი სწერდა: ნახევრად მშიერი დავდივარ, ჩასაცმელის ფულიც არა მაქვს, როგორ გადავიხადო ეს საშემოსავლო გადასახადიო.

კვლავ გახშირდა ეკლესია–მონასტრების ძარცვა. "კომუნიზმის გაშლილი მშენებლობის ეპოქაში" ეკლესიები საერთოდ უნდა გაუქმებულიყო და ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ინტერესების დაკმაყოფილებას არ აპირებდნენ. მიუხედავად ასეთი შევიწროებისა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ აკურთხა 3 ახალი ეპისკოპოსი. მათ შორის იყო 1963 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ილია ღუდუშაური-შიოლაშვილი, რომელსაც ჩააბარა შემოქმედის ეპარქია. მასვე მიანდო მცხეთაში ახლადგახსნილი სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობა. მეუფე ილია ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის მიმართ. აი, რას სწერდა ახალგაზრდა მღვდელმთავარი მას: "თქვენო უწმიდესობავ, უწმიდესო პატრიარქო და უნეტარესო მამამთავარო და ღვთით დადგენილო მამაო, წმიდა ეფრემ ფილოსოფოსი ესრეთ გადმოგვცემს გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: "ყოველთა მეუფემან ღმერთმან მაღალმან ერთი გპოვა შენ ღირსი მღვდელმთავარი თავისა თვისისა, ღირსად მსახური ნათესავსა ამას ჩვენსა შორის... ხმამაღალი ქადაგი ჭეშმარიტებისაი... და თვალი ბრწყინვალე ქრისტეანობისაი. დიახ, თქვენო უწმიდესობავ, მხოლოდ მაღალმან ღმერთმან და განგებამან უფლისამან გამოგარჩიათ და აღგიყვანათ ღირსი მამამთავრისა ტახტსა ზედა. თქვენ გაგივლიათ დიდი და მეტად რთული ცხოვრების გზა, გზა ექსორიობისა და განსაცდელისა. ღვთისგან რჩეული და ხელდასხმული ადამიანის ცხოვრება მუდამ გამოირჩევა სხვა მოქალაქეთა ცხოვრებისაგან. ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ის ახალგაზრდა ჭაბუკი გრიგოლ სიდამონიძე, რომელიც ხელს აწერდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აქტზე, მომავალში იქნებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? თქვენ თვითონ შეგეძლოთ ამის წარმოდგენა? იმ დროს იდუმალი მარჯვენა ღვთისა, ფარული ყველასათვის, უკვე იყო თქვენ ზედა. უწმიდესო პატრიარქო კირიონ, ჩვენ გვწამს, რომ დღეს არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც იმყოფები ჩვენთანა. გრძნობდი თუ არა, რომ ის ახალგაზრდა სემინარიის სტუდენტი, რომელსაც მოკრძალებით შენთვის მოჰქონდა წიგნები, მომავალში იქნებოდა შენი მემკვიდრე? Mმე მესმის ხმა იდუმალი. Dდიახ, გული მითქმოდა"[27, 3603]

უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ 1963 წელს გამოსცა "ახალი აღთქმა", განაახლა ყოველწლიური საეკლესიო კალენდრის გამოცემა. 1963 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია გაწევრიანდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რათა მას საერთაშორისო ტრიბუნა გამოეყენებინა საქართველოს ეკლესიის ინტერესებისათვის. 1962 წლის აგვისტოში Uუწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II სიტყვით გამოვიდა ჟენევაში, სამშვიდობო კონფერენციაზე. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამის შემდეგ იგი ლევილში შეხვდა ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს. უწმიდესისა და უნეტარესის - ეფრემ II-ის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ გაააქტიურა ურთიერთობები მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისაგან პრინციპულად მოითხოვა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარება. პატრიარქი ხშირად სტუმრობდა მოსკოვს, ეჩმიაძინს, საპასუხო ვიზიტითაც ჩამოდიოდნენ საქართველოში უწმიდესი ალექსი I და სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენ I. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ მოახერხა, გაეგრძელებინა უწმიდესისა და უნეტარესის - კალისტრატეს ტრადიცია მეცნიერებთან, ინტელიგენციასთან თანამშრომლობისა. თავის დღიურში პატრიარქი წერდა: "მე მჯერა, ცხოვრება დაწყნარდება, მაშინ ეკლესიაც საპატიო ადგილს დაიჭერს საქართველოს სინამდვილეში".[27, 4773, 32]

უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II გარდაიცვალა 1972 წლის 8 აპრილს. 1972 წლის 8 აპრილსვე შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი) საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ეფრემ II 13 აპრილს დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

1972 წლის 1 ივნისს თბილისში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–11 საეკლესიო კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აირჩია ურბნელი მიტროპოლიტი დავითი. 2 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა უწმიდესი და უნეტარესი დავით V–ის აღსაყდრება, რომელსაც დაესწრნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ყოველთა სომეხთა პატრიარქ–კათოლიკოსი ვაზგენ I.

კათოლიკოს–პატრიარქ დავით V–ს შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ: "ქართველ ადამიანს სურს, დაინახოს თქვენში მაგალითი კეთილი მოძღვრისა, მოსიყვარულე და თავდადებული მამა, ლამპარი სარწმუნოებისა და ყოველივე სათნოებისა. ჩვენ გვწამს, რომ ეს ასეც იქნება, რადგან თქვენ გაქვთ ორმოცდაათწლიანი სულიერი ცხოვრების დიდი გამოცდილება. დღეს კაცთაგან მიუწვდომელმან განგებამან ღვთისამან ჩაგაბარათ თქვენ სადავე ჩვენი ეკლესიისა. თქვენს წინაშე დღეიდან აღიმართა ქართული ეკლესიური და ეროვნული პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ღვთივდაცული ერის სარწმუნოებრივ–ზნეობრივი ამაღლება. ჩვენი აზრით, მტკიცე რწმენა და მაღალი ზნეობა არის საწინდარი ადამიანის ბედნიერებისა. ამას გარდა, არ უნდა შეწყდეს ხმა ჩვენი ეკლესიისა საერთაშორისო  ასპარეზზე, სადაც ჩვენი ეკლესია გამოდის, როგორც უძველესი დამოუკიდებელი ერთეული. ჩვენმა ეკლესიამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უცხოეთში მცხოვრებ  ქართველებს, რომელთაც ენატრებათ ქართული ენა, ქართული ლოცვა, მშობლიური მიწა, ისინიც ხომ საქართველოს პატრიარქის სულიერი შვილები არიან... ჩვენმა ეკლესიამ უნდა გააძლიეროს ხმა, მომწოდებელი მშვიდობისა, რათა დაემკვიდროს "ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამისათვის თქვენ გესაჭიროებათ განათლებული მოძღვრები, ამისათვის საჭიროა ძლიერი სასულიერო სასწავლებელი, რომლის მიმართ თქვენი უწმიდესობა გამოიჩენს მამობრივ მზრუნველობას."[29, 800]. მიტროპოლიტ ილიას ეს სიტყვა იყო ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილის გულისნადების გამოხატულება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგებოდა მიტროპოლიტ დავითის კათოლიკოს–პატრიარქად არჩევას. შექმნილ დაპირისპირებას ეხმიანება მე–11 საეკლესიო კრებისადმი შედგენილი მიმართვა: "ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სინოდის წევრები, აღშფოთებას გამოვხატავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის ირგვლივ, რომელიც გამოიხატება კერძო თუ კოლექტიური ხელმოწერილი და ანონიმური განცხადებებით, თავდასხმებით მოსაყდრე დავით მიტროპოლიტისადმი და მრავალი სხვა არასასიამოვნო ფაქტით. ვაცხადებთ, რომ ამ სამწუხარო ამბების მოთავე და ჩამდენი პირები არიან უძველესი საქართველოს ეკლესიის აშკარა მტრები, რომელთაც სურთ მის შინაურ ცხოვრებაში შეიტანონ არევ–დარევა, შექმნან ქაოსი და დაბრკოლება კათოლიკოს–პატრიარქის არჩევის მეტად სერიოზულ საკითხში"[27, 3868].

ვითარება კიდევ უფრო გართულდა, რაც, ცხადია, ხელს აძლევდა საერო ხელისუფლებას. მათ სურდათ შიდასაეკლესიო დაპირისპირების გაღრმავება და ამ დაპირისპირებაში მღვდელმთავართა  ჩართვა. 1972 წლის 10 ნოემბერს მაშინდელი კიროვის რაიონის პროკურატურის წარმომადგენელმა დ. ქორიძემ წერილით მიმართა ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას: "გთხოვთ, დაგვიწეროთ და გამოგვიგზავნოთ ახსნა–განმარტება შემდეგ საკითხებზე: 1. თქვენი ბიოგრაფია, 2. რა იცით განსვენებულ პატრიარქ ეფრემ II–ზე. 3. ახალი პატრიარქის არჩევნები სწორად ჩატარდა თუ გაქვთ რაიმე  შენიშვნა. 4. ცნობილია თქვენთვის თუ არა ზემდგომ ორგანოებში ამ საკითხზე შემოსული საჩივრების ამბავი და რა აზრის ბრძანდებით ამის შესახებ?"[27, 3226].

მიტროპოლიტი ილია შესანიშნავად გრძნობდა, რა სურდა საერო ხელისუფლებას, ამიტომ პროკურატურის წარმომადგენელს მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი წერილით აგრძნობინა, რომ იგი არ აპირებდა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციებში მონაწილეობას: "ბატონ დ. ქორიძეს. 1972 წლის 10 ნოემბრის თქვენ მოწერილობაზე მოგახსენებთ, ყოველგვარ თქვენთვის საინტერესო საკითხზე მიმართეთ საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიას. ილია – ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი"[27, 3226].

1972–1977 წლებში ოფიციალურმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა ეკლესიაზე. 1975 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, მორწმუნეთა დაშინების მიზნით, მოხდა აფეთქებები სიონისა და სვეტიცხოვლის ტაძრების ეზოში. მკაცრი მეთვალყურეობა დაწესდა მცხეთის სასულიერო სემინარიის მისაღებ კონტიგენტზე.

პატრიარქ დავით V–ის დროს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბულგარეთის პატრიარქი მაქსიმე, მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი პიმენი, ყოველთა სომეხთა პატრიარქი ვაზგენ  I.   უწმიდესი და უნეტარესი დავით V სტუმრობდა მოსკოვს, ეჩმიაძინს. პატრიარქს მძიმე ავადმყოფობის გამო ბოლო წლებში უჭირდა თავისი მოვალეობის შესრულება. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ახალი  პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: ვინ უნდა გამხდარიყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი? შეძლებდა თუ არა იგი შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალის პოვნას? რა წინააღმდეგობები იყო გადასალახავი?

ქართველ მორწმუნე მრევლს, საზოგადოებას, არჩევანი გაკეთებული ჰქონდა ახალგაზრდა, განათლებული მღვდელმთავრის, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ღუდუშაურ–შიოლაშვილის სასარგებლოდ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ეწინააღმდეგებოდნენ საზოგადოების სწორ არჩევანს...

1977 წლის 9 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე კიდევ ერთი ურთულესი გამოცდის  წინაშე დადგა ჩვენი დედაეკლესია. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ იმ დროს შექმნილი ვითარების სრული სურათი, რომელიც აღდგენილია საარქივო მასალების საფუძველზე, მანამდე კი აუცილებელია მომავალი პატრიარქის ბავშვობიდან დავიწყოთ.

--------------------------------------------------------------------------

წყაროები და ლიტერატურა:

 

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3

 

სერგო ვარდოსანიძე

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.