1

ღმერთო, რომელსა გაქებენ ზეცისა ძალთა კრებული,

ქვე კაცნი - სამოელისგან სამოთხით გამოძებული;

მამა ხარ, სული ცხოველი, ძე თანაარსი ქებული,

სიტყვა უქმისა პატიჟად ცეცხლი არ მომხვდეს გზებული.

2

ენა ლოცვაზედ დამეშრო, სჯობდა ცუდ მიდ-მოდებასა!

წამდაწუმ ღმერთი ვადიდო - ეს დამხსნის ცეცხლთა დებასა;

“ყოველი კაცი ცრუ არსო” - დავით წერს “ფსალმუნებასა.”

ცოტას ხანს ყურსა აამებს - ეს ზნე სჭირს რიტორებასა.

3

ნუ მკითხავ ზღაპრად შეთხზულსა ამ უსარგებლო თქმულებსა,

განქარვებადსა, უნდოსა, იგ სამღთოდ მოკიცხულებსა,

სულსა სხვა უჯობს და ხორცნი სხვას რასმე განიგულებსა,

სრულად სოფლისა მოყვასთა ის მოატყუებს წყლულებსა.

4

მქონდა რამე სამღთო სიბრძნე მე ღვთისაგან ბოძებული,

სწავლით სულთა ამაღლებად, სიტყვა შედგმად ბოძებული,

იგ მოსწრაფე სმენად მისად ვერვინ ვნახე მოძებული,

დალპეს ბევრი სამღთო წიგნი მიწაშიგან მოდებული.

5

არვის უნდა სახარება, არცა «წიგნი მოციქულთა»,

არ გიკვირს, რომ დაივიწყეს შემოქმედი მისგან ქმუნლთა?!

განკითხვა და საუკუნო, არც სიკვდილი უძეს გულთა,

უნახავთა არას მიკვირს - ბრძენთა მიკვირს მონახულთა.

6

ყველა სოფელს დაემონა - დიდი იყო, გინა მცირე,

სიზმრისაგან უფრო ცუდსა ესე მეტედ გავიკვირე,

ღრმა რამე ვთქვი - დამეკარგა, იგი ვერვის მოვასმინე,

აწ მეც მივყევ ლაყაბებსა - ეგებ ამით მოვალხინე.

7

კაცმან უნდა კაცს უამბოს სიტყვა მისგან გასაგონი,

პირველ ცნობა გაუსინჯოს, მიხდომისა ჭკვა და გონი,

რუსთველმანც თქვა: “ნურვინ თქვასო სიტყვა ცუდად წასახდომი!”

ეგების რამ აწ მეცა ვთქვა ცოტა რამე მოსაწონი.

8

მითხრას ვინმე: “რად დააშრევ ცუდ საქმეზედ ენა შენი?”

- ამ სიტყვითა დამიკოდოს გული ლახვრით ე ნაშენი -

სხვაც ბევრი ვთქვი უმრავლესი ქვიშისაგან ე ნაშენი!

აწ ესეცა საკამათოდ ნახოთ ჩემგან ე ნაშენი!

9

წამლად რამე მოვიგონე სევდის ფიქრთა გამქარვებლად,

თვარ ამაზედ რადმცა ვიყავ მე სიტყვათა რასმე მკრებლად,

ამას წინად მათ მიჯნურთა სიტურფეთა ვიყავ მქებლად,

იგ ვინ ვისთვის ხელქმნილოყო, ან მოედვა ცეცხლი მგზებლად.

10

მინახავს ამ საქმეზედა ქეჩ-ბაზობა და ცილობა:

- “არ ესე სჯობსო, არ ესე!” - შუღლი, ყარყაში, ყრილობა,

ვერ შემოწმება სიტყვისა, ვერც არას გაადვილობა,

ორთავ რაც სჭირდა, ყველა ვთქვი, თქვენ ქმენით გამოწვლილობა.

11

მას დიდება, ვინცა სიბრძნით ოთხი ნივთი შეაზავა,

იგ სხვადასხვა შეაერთა, არ წაჰკიდა, შეაზავა,

ზღვა ხმელეთსა დაარიდა, მისგან ცალკერძ შეამზღვავა,

ზაფხულ-ზამთარ გაარიგა, იგ მალ ერთწამ შეამზავა.

12

აწ მითხარ, თუ: რომელი სჯობს გაზაფხული, შემოდგომა?

მართალი ვთქვათ, არა გვმართებს ერთმანერთზედ შემოდგომა,

სიტყვანი ვთქვათ, ვერ გავბედოთ საზრახავად შემოდგომა,

სიბრძნის ზღვასა შევსცურვილვარ, წყალსა მართებს შემოდგომა.

სიტყვა გაზაფხულისა

13

გაზაფხული ამას იტყვის: სამოთხე ვარ ამ სოფლისა,

ვითამც ვიყო ამხანაგი შემოდგომა, ანუ სთვლისა?

სიტურფეს და შვენებასა ჩემსა ენა ვერ მოსთვლისა,

სიკეკლუცე რადმცა ჰქონდეს მასმცა ჩემის ნაათლისა?

14

ჩემს დროში მიწა-მდელონი ზურმუხტად გარდიქცევიან,

ხე-ხილნი ტურფად გაშლილნი მას ზედან მოექცევიან,

ტურფა, უებრო ქალ-ყმანი მას ქვეშე შეექცევიან,

გულსა სევდა და ნაღველი წაუვლენ, გაექცევიან.

15

თვით მას ჟამსა ყოვლი სული მიისწრაფის ბაღჩა-ბაღად,

მოეგონოს ხელს ხელმქნელი, დააჩნდების გულსა დაღად,

ხელთ თასი აქვსთ მათ, წალკოტსა შემოავლებს თავ-სადაღად,

იგ ლხინობენ მათ გუნებად, გაიღებენ თავსა აღად.

16

აჭიკჭიკდების ფრინველნი, ყველა იქნების ხმოსანი,

იგ ალხინებენ მსმენელთა, ვითა მუტრიბნი, მგოსანი,

ვით ქალი ჯვარობაშიგან, ველნი ყვავილით მოსანი,

ფრინველნი ყველა მობუდრობს, მხეცნი იქნების ხბოსანი.

პასუხი შემოდგომისა

17

შემოდგომა ამას იტყვის: ერთობ თავსა მაქებარობ!

მართალია, აღყვავდები, კიდეც შვენი, კიდეც დარობ,

ამხანაგად არ მახსენებ, არცა ჩემთან მეგობარობ,

სწორი გყავს და არ ისწორებ, იგ ამითა მიუმხვდარობ.

18

რით ვერა ვარ შენისთანა? ეს მითხარ, თუ მჯობხარ რითა?

ყოვლსა კაცსა გავაგონოთ, ჩვენ ვიუბნათ სამართლითა,

ჩემგან უკეთ რითა ჰშვენი, ბარითა თუ, ანუ მთითა?

მე რაც ზნე მჭირს - თვითო-თვითო მართალი ვთქვა ყველა თვლითა.

19

აგვისტონი დაილევის, იგ ჩემი დრო მაშინ მოვა.

რა ხაზალმან ყოვლი ფერი შეჰყარა და მოიშოვა,

წითელ-ყვითლად, ნარინჯ-თურინჯ მწვანე-თეთრი დაიგროვა,

შენ რას უბნობ? თვალმან, გულმან შვება-ლხინი მაშინ პოვა.

20

შენს დროში ტყეთა სხვა ფერი იგ მწვანის მეტი რა აქო?

რა ათას ფერად ყვაოდეს - იგ თუ არ აქო, რა აქო?

აბა თქვი, სხვა რა უწოდო, თუ არ სამოთხე დაარქო?

თვალნი ფოლადად მიიკრას, მართ ვითა მაღნიტმან მაქო.

პასუხი გაზაფხულისა

21

აწ გაზაფხული პასუხობს, ვარდი თან ახლავს, ია რა,

შემოდგომაზედ გამწყრალმა სალაპარაკოდ იარა:

მე ყმაწვილი ვარ, შენ ბერი - ამით გისწორებ მე არა,

ახალსა ძველმან წამსვლელმან საქმე ვით გაუზიარა?

22

სხვა ვერა მოგიგონია, გითქვამს ფოთოლთა ქებანი,

ჩემი დრო-ფასლი ჰაერი, სევდათა მაქარვებანი,

ველთა გავლი, თუ მინდორთა - ფშვის ყველგან სურნელებანი,

სრულ ყვავილითა სავსეა ქვეშ სახლი და ზე ბანი.

23

მაშინ გაიხმენ მეფენი მინდორად ოთაღ კარავსა,

მუტრიბთა ჯარნი, მგოსანნი ლხინსა გამართვენ არ ავსა,

ბედაურთ ცხენთა გააბმენ მინდორთა დასაფარავსა,

გარდაიხდიან მეჯლისსა, ლხინსა არ გასამწარავსა.

24

ჩემს ჟამშიგან გაირცხების ჟანგიანი მიწა-რკინა,

მომწვანდების ტურფად რამე, ზედან ია მოეფინა,

ყვავილითა აივსების სავსე თასი, ჭიქა, მინა,

იგ ნაზამთრმან ყოვლმან სულმან ჩემს ჟამშიგან მოილხინა.

პასუხი შემოდგომისა

25

შემოდგომამ უპასუხა: კარგად რასმე სიტყვა პრტყელობ,

სასარგებლო არა გჭირს რა ყვავილი, თუ ანუ მდელობ,

ჩემი საქმე დაგანახო, რამდენ გვარად ვსარგებელობ,

გაიგონებს ყოვლი სული: ვტყუი რასმე, ანუ ვტრელობ.

26

მითხარ, თუ: შემოდგომისა ბაღი რად არ ბაღებულა?

ენკენისთვეს სალხინებლად კარი რათ არ გაღებულა?

გიამბო, მის დროს ყვავილნი ფერად-ფერადად ღებულა,

მათ უტურფესი მიწითა სხვა არა გამოღებულა.

27

ნარგისი მოვა მას ჟამსა, ყვითლით აშვენებს არებსა,

სხვასა ყვავილსა ვერ ვხედავ მე მისსა მემუქფარებსა,

თვითან შვენის და მოგვადენს სურნელებისა ქარებსა,

იგ თუ მას ჰკითხავ, სიტურფით არცა ვის დაიდარებსა.

28

ყარამფილისა ყვავილი ვარდსაცა სჯობს და იასა,

მისი სიტურფე, შვენება ერთი არ არის, ი ასა,

ნახე, ბაღს როგორ აშვენებს, რა კარსა შევლი ღიასა,

თვალ-პირი უგავს ლალსა და ტანს იცვამს ნარინჯიანსა.

29

ნეტარ, ხაშხაშის ყვავილი გენახოს ეგების არა,

რა დრო მოუვა, აყვავდეს, მოეწონების ვის არა?

რიანმან ვაშლი წითელი ზღუდედ გარ შემოისარა,

თუ მასთან ლხინი ვარგოდეს, გულსამც გეცემის ისარა.

30

ჩემს დროს ასხია ხეზედან ნარინჯ- თურინჯი, ბიაო,

ბროწეული და ყურძენი, არც ერთი დაჰკლებიაო,

ჰკრეფენ და სჭამენ, სავსე აქვსთ კალთები, უბებიაო,

ამისი ფასი შენ რა გჭირს? გვითხარ და გვიამბიაო.

31

ჩემთვის გებრძანა ბერობა და ადრე წამავალობა,

მინახავს მოდღევნებულმან ქალს დაუკარგოს ქალობა,

- “მე რასთვის დავჯე მასთანა?” - თავსა დაუწყოს ბრალობა.

“მე ქალი ვარ და ჩემს უფრო უშვენის ღაწვთა ლალობა.”

პასუხი გაზაფხულისა

32

გაზაფხულმან თქვა: გებრძანა თქვენ სიტყვა ერთობ მკვახები:

“სილამაზითა მე გჯობო”, - აბა ეგ არის ჩმახები!

გაყვითლებული ფოთოლი ვის გევხარ, ვის ემსგავსები?

გოგრაც თქვენს დროში იქნების, გაათლევინე კვახები.

33

ვაგლახი შენსა ყვავილსა და შენსა სილამაზესა,

დასტურად კომში და ვაშლი ღვინოში დაიმაზესა,

ჩვენს შუა განყოფილება რამდენი არის, რა ძესა?

ეგ შენი შემოდარება მე საყვედურად მაძესა.

34

ერთს რასმე ჩემს დროს მოსულსა შენ სრულად ვერ უდარუა,

ვარდსა ყვავილთა მეფესა რა მოსდგომოდეს დარუა,

წალკოტს გაშლილი ყვაოდეს, სიკეთე მოუხვდარუა,

აწ მისთვის ხელმან ბულბულმან თუ როგორ ცრემლი დარუა!

35

ჩემს დროში იქნას ვარდი და ზედან ბულბულთა ხელობა,

ერთს-ათასფერი შვენება, მეორეს - დანამჭრელობა,

ერთისა უებრობა და მეორის ხელქმნა, დელობა,

იგ მაზედ ტკბილად მღერა და ხმაათასფერად ჭრელობა.

36

ბაღად მირბოდენ მიჯნურნი, ბულბული ნახონ მყეფარე,

ხტოდეს ხე-და ხე დამწვარი სურად ცეცხლისა მგზებარე,

- “ლახვარი მჭრისო საკვდავად, ზედ ვინმე გადმომეფარე.”

მათ მოეგონოს მოყვარე, თვითც იქმნან ცრემლთა მჩქეფარე.

37

თვალმან რა ნახოს უტურფე, ან საყნოსელმან ყნოსანი?!

ზედ დამღეროდეს ბულბულნი, იგ ათასფერად ხმოსანი,

იგ მისგან უტკბო რამც იყოს მუტრიბნი, ანუ მგოსანი?

ამათი მგზავსი მიჩვენე შენის ჟამისა დროსანი!

პასუხი შემოდგომისა

38

შემოდგომა ამას იტყვის: ეგ აგრეა, არ თუ ჭორად,

იგი ნახნეს, - არვის უნდა თვალნი მათთვის მოსაშორად,

ზედ ბულბული დამღეროდეს, ქვეშ ეყაროს ვარდი გორად,

აწ ჩემიცა მოისმინე, მეცა გითხრა მისად სწორად.

39

ხესა კაკრა გასცვივნოდეს, თესლსა ჰკვნეტდეს იადონი,

რუსთველმანცა ერთობ აქო მისი სტვენა მოსანდონი,

მთას გაჭრილი იძახოდეს, ხმა იცვალოს თუ რამდონი!

იგ არ არის ბულბულს უარ, არცა მისგან გასავრდონი.

40

არ ვიცით ვისთვის გაჭრილა, თვარ იგიც ხელად თქმულაო,

ბულბულისაგან ის უფრო ამ სოფლით შორს გასულაო,

მთასა და ტყესა დაფრინავს, იგ მოსთქვამს კარგ-უსულაო,

მის ხმისა სიტკბოს თუ ვითმცა იანგარიშებს ნულაო!

41

ვერასფერითა ვერ მჯობხარ, ყველათ ვარ შენი დარეო,

ჩემსა კარგსა და შენს ავსა ერთმანერთშიგან არეო,

ათასი რამე ილაყბო, მე ვერ გამაგდებ გარეო,

ეს კმარა, სხვა-რიგად გიქო აწ ჩემი არე-მარეო.

42

რა უამეა მას დროსა, - არც ცხოდეს, არცა ციოდეს,

ყოვლის კეთილით აივსნეს, გაძღენ, აღარვის შიოდეს,

შენ ბაღი მოგაქვს და მარწყვი, ზედან ფრინველნი ჟღიოდეს,

მას სჭამენ პურ-დალეულნი, ყველას მუცელი სტკიოდეს.

43

შენს დროში არ თუ ღარიბნი, მეფენიც ვერ გაძღებიან,

ხისა, მიწისა ნაყოფნი ჩემს ჟამში მოისთვლებიან,

სიცხე წავა და ცხელება, უძლურნი დამრთელდებიან,

მაშინ სუქს ყოვლი პირუტყვი, შენში სრულ სიმჭლით კვდებიან.

44

ალხობა, სიმჭლე, შიმშილი შენ ერთად შეგიყრიაო,

შემოდგომაზე საჭმელი ფერხთ სალახავად ყრიაო,

ყველა ლხინობს და თამაშობს, გულს არვის შემოჰყრიაო,

შენი მწვანე და ყვავილნი გაგცრცვიან, გაგიყრიაო.

პასუხი გაზაფხულისა

45

გაზაფხული გაგულისდა, საუბარი ესმა მკვახე:

როდის იყავ ჩემი სწორი? - რა ილაყბე, რა მოსჩმახე,

ქვეყანაზედ რაც რამ მოვა, შენს თავზედან გამოსახე,

ყველა შენ რად დაიმონე, მით ლახვარი გულსა მახე.

46

გაზაფხულზე დაარსდების ყოვლი სარჩო-მოსავალი,

ნაყოფს იწყებს გამოსხმასა აღმოსავალ-დასავალი,

შენს დროშიგ რომ მოიწიოს, რად ვარ შენგან დასავალი?

რას მიჰქარავ, რას მოჰქარავ, ხელი ხარ თუ, ანუ მთვრალი?

47

ქვეყანა, რომლით გაძღების: ცხენის ზურგით, თუ ნავითა?

დიდნი ქალაქნი, შაარნი, ტახტი მეფეთა, სრა ვითა,

გაზაფხულ შექნან მგზავრობა, ხომალდმან ქარ-ნიავითა,

შენს დროში უღირსი ძიხარ, ვერ მორჩენ დაუნთქმავითა.

48

რას უბნობ, ბეჩავ, საწყალო, შენ ვისთან იწვდი ფეხსაო?

თავს იქებ, მე კი მაძაგებ, შენ ღმერთი დაგცემს მეხსაო,

ვინც გაიგონებს, დაგცინებს: - “ტყუილად რასთვის კვეხსაო?”

რა თრთვილმან დება დაიწყოს, შენ ზურგსა იგ მოგტეხსაო.

49

ჩემის დროს ქარნი, ნიავნი უკვდავებასა ედარა,

დაშიშვლდებიან “გვარგებსო”, - ტყავს წამოისხმენ ზედ არა,

არ გაცხელდების ჰაერი, იგ ტკბილად რამე ზე დარა,

დასწვიმს და გარცხის მწვანეთა ხანდახან ზედი-ზედარა.

50

მაშინვე ცუდად წაგიხდეს, წახვალ და გავლი კარებსა,

რა გინდ რომ ბევრი ილაყბო, ჩემთან ვინ დაგადარებსა?

არავინ არ დაგიჯერებს საქმესა მიუმხვდარებსა,

ბერთან ყმაწვილსა ვინ გასცვლის, ანუ ცოცხალთან მკვდარებსა?!

51

გამხმართა, ხმელთა ანედლებს, ასრე შეუცვლის ზნეთაო,

შენს ნიავს ერიდებიან: “გაგვახმობს, ვითა ხეთაო”,

რა შენი ქარი ადგების, სრულ დააშიშვლებს ტყეთაო,

მერმე სიცივე მოგასწრებს, ფიცხლავ წაგართმევს დღეთაო.

52

სრულ გაახლდების ქვეყანა, გაყმაწვილდების ძველები,

ყველა მწვანესა შეიმოსს: კუნძი, დამპალი ძელები,

შეუმსუბუქდეს ყველასა ზამთრის ტკივილი ძნელები,

წყლის პირნი მოცინარობდეს, ყვავილოვნობდეს ველები.

პასუხი შემოდგომისა

53

შემოდგომამ თქვა: ნათქვამი შენი მამესმა მრუდები,

არა გრცხვენიან, შექმნილხარ სრულ ტყუილისა ბუდები?

მე ვარ და ჩემი ჰაერი სიმართლის ნავთსაყუდები?

გაზაფხულს სუსტობს ყოველი, ჯოხს უნდა მისაყუდები.

54

ეს ასრე არის, რომელმან დაგვბადა მისმან ძალებმა,

შენ თქვი, თუ ხორცსა რა ერგოს, არ მოისვენის ძვალებმა,

სარჩოდ, სალხინოდ მე გჯობვარ, - ეგ ოსმანც იცის, დვალებმა,

ჩემს უამესი რა ნახოს, მაშინ ყოველთა თვალებმა!

55

კვლავ ჩემი ქება გიამბო, იგ სხვაცა დანარჩომია:

რა სთლობა შექმნან ყოველგან, იგ ერთობ მოსანდომია,

ყოველი საქმე გააგდონ - ნადირობა და ომია,

დიდთაგან ანუ მცირეთა იგ ლხინი თუ რაზომია!

56

მაშინ შვენოდენ ვენახნი წითლოსან-ნარინჯიანი.

მრავლად ეკიდნეს მტევანნი, - ნუმც არის მათი ზიანი!

ჰაერი შეზავებული, არცა თუ სიცხით მზიანი,

წითელს ღვინოსა ასხემდენ, ქვევრები გარეცხიანი.

57

მარნები გამდიდრდებოდეს, ქარახს მზადებენ, თასებსა,

ვის ვისთან ლხინი ეწადოს, - რა სჯობს არიფთა დასებსა!

იგ ამღერებდენ მგოსანთა, მუტრიბთა ბევრ ათასებსა,

ნუ სტყუი, ვერას მიამბობ იგ შენ ამისსა ფასებსა.

58

მაზად იხმევდენ, ზედ ესხას წითელი ვაშლი, ბიანი,

ყველას უწითლობს ღაწვები, რომ იყოს ფერ-ყვითლიანი,

მაჭრისა ფერსა არჩევდენ, იგ ტკბილად რასმე სვიანი,

მას ჟამსა სევდის ლახვარი გულს არვის დაესვიანი.

პასუხი გაზაფხულისა

59

გაზაფხულმან ეგრე უთხრა: ცუდი ამბე ეგ ამბები,

შეგირცხვინოს ქარახსი და ეგ უგვარო საქებლები,

შენ იუბენ უთავბოლოდ, იყო რამე ნატრელები,

მე გიამბო უმჯობესი, - გული ერთობ დამილები.

60

გაზაფხულს გაიჭრებიან მინდორად მობურთალები,

მათ უებროთა მოყმეთა ჭვრეტად ვერ მოხსნან თვალები,

ბურთობენ კვირით-კვირამდი, ცხენთ აღარ შერჩეს ნალები,

იგ მათად ჭვრეტად გავიდენ ტურფა, კეკლუცნი ქალები.

61

მუნ იყოს გამოჩვენება, გარდანაქსოვთა კიდება,

- “მე დაგაჭარბებ”, - “მე გჯობო” - ლაღობა, არ წაკიდება,

ჯობნა, ნაძლევთა წაღება, იგ სათავისოდ კიდება,

- “მე უკეთ მოვეწონეო”, - ვისგან სჭირთ ცეცხლთა კიდება.

62

ბედაურს კვიცთა ჰხედნიდენ, კარში არბევდენ ცხენებსა,

უკუიყრიდენ სევდასა, იგ კაეშნისა სენებსა,

ყვავილთა ქვეშე დასხდიან სალხინოდ განსასვენებსა,

ქარნი სძრევდენ და უყრიდენ თასშიგან ჩასადენებსა.

63

დაღამდეს, ხენი მოსანთლონ, იქმოდენ ჩირახონებსა,

დაივიწყებდენ ჭირსა და სევდასა დასაღონებსა,

მოიგონებდენ ხელმქნელსა, მათსა სულსა და ღონებსა,

ესე სჯობს მღვრივეს მაჭარსა, იგ შენსა მოსაწონებსა.

პასუხი შემოდგომისა

64

შემოდგომამ ეგრე უთხრა: სტყუი ერთობ შარა-შარა,

სთლობის დრო სჯობს ყოველსა დროსა, მართალია იგ მაშ არა?

ყველა ვინმე გაგამტყუნებს, - რა იუბენ წარა-მარა!

რა ყურძენმან ქარვის ფერმან სისხლი წითლად გარდმოღვარა.

65

აწ ამასაც დამიწუნებ, კვლავ გიამბო უკეთესი,

ენკენისთვე გაშუალდეს, - რა ინახვის უამესი!

დაიუნჯვის ყოველივე: დანერგული, დანათესი,

ისარ-მშვილდი მოიმარჯვე, მეთოფემან - ტალი, კვესი.

66

რა გახშირდეს მყვირალობა, გამრავლდეს ნადირობანი,

ყველას ქარქაში მოეწყოს, ჯერგათა შეყრილობანი,

დღე-ღამე არვის გააჩნდეს - დრო, ანუ უდროობანი,

მაშინ სიმრავლე ნიშატთა, - არ იყოს ვარდთა ზრობანი!

67

კარზედ მიჰგვრიდენ მეფეთა ქორ-ბუდიანსა ხარებსა,

ვერ მორჩენ, ვერ გაატანონ იგ მაგრა განაკარებსა,

წითლად ღებევდენ ველსა და იქით და აქეთ კარებსა,

შენი რომელი უდარებს მას დღესა გასახარებსა?

68

მოქონდეს, იყოს დარება ჯარის რქებსა და თავებსა,

უკეთესს წინა იდებდენ, გარე გაჰყრიდენ ავებსა,

უყურე წითლად სავსესა მაზე თასისა დგმაებსა,

მუნ მაშინ მათსა ნიშატსა მბობით ვინ გაათავებსა!

69

ერთი სხვაც გითხრა, მუნ ჟამად იგ ერთობ მოსაწონები:

მოჰყვანდეს ზარში ნაჯდომი იგ ბედაური ქორები,

სხვადასხვაგვარი, მრავალი, არ თუ ერთი და ორები,

სდევდენ ხოხობთა, დურაჯთა, არ უჩანსთ ახლო-შორები.

70

ამ საქმესა და ამ დროსა შენიმც რამ შეუდარეო,

ტყუილსა ნურას იკადრებ, ნურცა ცუდმადსა, წარეო;

ნადირობდენ და ფრინვლობდენ, - ყველა ველს იყოს გარეო,

უსიციო და უსიცხო მაშინ მათ ჰქონდა დარეო.

პასუხი გაზაფხულისა

71

გაზაფხულმან თქვა: ვისმინე თქვენი სიტყვები, თქმულები,

ჩემოდნობაზედ ირჯები, მან დამიწყლულა გულები,

შენც უგვარო ხარ და შენი საქებრად გამოთქმულები,

ბედაური და ტურფა ვარ, მე მხედავს ყოვლი სულები.

72

ვაგლახ შენ, ერთი რამც ჰგვანდეს მაისში მუტრუკობასა,

მინდორსა ანუ ჯერანსა, ენა ვით შესძლებს მკობასა,

თუ ამას რასმე შეუდრი, სრულ მოსთხრი შენსა მბობასა,

შამბში ძრომასა ესე სჯობს, დაეხსენ ტუტრუკობასა.

73

რა დადგეს გიორგობისთვე, კარგად ის გეპასუხება,

რა თოვლმან წამოგაყაროს, მაშინ შეგექმნას წუხება,

პურადობასა იკვეხი, გაგვარდეს შენი უხვება,

შვენება სრულად წაგიხდეს, თვალმან დაგიწყოს ჭუხება.

პასუხი შემოდგომისა

74

შემოდგომამ თქვა: რაც რომ ვთქვი, ვითამ ეგ იყოს, ეს არა,

შენის ცუდისა ლაყბითა მე მივხვდი სიამეს არა,

თუ მე ზამთარი წამახდენს, ზაფხული შენ დაგესარა,

ჭიჭინას დროსა რაღას იქ, თავ-პირი ჩამოგესვარა.

*

* *

75

ეს არის მათი ონარი, - მათგან თავისა ქებანი,

თქვენცა სთქვით, თუ რომელი სჯობს, ან ნუ გაქვსთ მათი თნებანი,

უსაქმოს, მოწყენილისა მეტყობის ცუდ-ლაყბებანი,

სევდასა, შეჭირვებასა არ დაეფანტა მცნებანი.

76

მე ვიყავ უცხო ღარიბად რაჭა ჰქვიან, თუ აგარა,

იგ რამდონ რიგად სოფელმან გული ცეცხლითა დაგარა,

პირველითგან და ბოლომდე საქმე მომირთო რა გვარა,

გულსა ლხინი და ნიშატი სრულად სამკვიდროს წამგვარა.

77

გათავდა მათი ცილობა, შუღლი, ყარყაში, დავება,

სიტყვა ცუდი ვთქვი, კანონად, ვაი, თუ სასჯელს დავება!

სულის უკერძო საქმეზედ ეშმაკი მომედავება,

ჩემი ბრალია, სხვათ ვისნი, - ჭირნი მომხვდეს, თუ დავება!

78

თავი და ბოლო იგ არი - ღმერთი ვახსენოთ ცხოველი,

ვინ არის ბრძენი, ჭკვიანი მისი მძებნელი, მპოველი?

ვერსით ვერ მორჩეს ჯოჯოხეთს იგ მისი შეუპოველი,

მისითა მოწყალებითა მეც სინანულსა მოველი.

79

ქრისტე გვიბრძანებს ოთხთავში პირითა უტყუველითა:

- “სოფელი თქვენთვის შევამკე ტყითა, წყლითა და ველითა.”

ამით ვიშოვეთ სამოთხე, იგ არ თუ სამოველითა,

ეს წავა, ის ხომ არ გვინდა, მითხარ, თუ რას მოველითა?

80

თვით გვიბრძანებს და ყოველი მისთა წმინდათა კრებული,

წინ გვიც წერილთ სიმრავლე, წიგნები გამოკრებული,

უკვდავებასა გვაძლევენ - ჩვენ ვიყვნეთ იმედებული, -

რად გვსურის სატანჯველთათვის, რად გვინდა ცეცხლი გზებული?

81

თუ საღმთო რამე მესიბრძნა, შიგ არვინ ჩაიხედევდა,

რა ეს ლაყაბი შევკრიბე, ყველა ნახვასა ბედევდა:

- “არა ესე სჯობს”, - “არ ესე” - სიცილით ყველა ყბედევდა,

ეგების სხვაც რამ ვასმინო, - მე ესე მეიმედევდა.

82

ეს უსარგებლო გათავდა, აწ სხვა დავწეროთ ბოლოსა,

სრულ ნუ მივჰყვებით სოფელსა, ცეცხლი არ მოგვებოლოსა,

სატანას ხელში ჩავცვივდეთ, დაგვამხოს, დაგვაბოლოსა,

თუ ჩემიც ცოტა ისმინოთ, სულსა არ დაებრკოლოსა.

83

თვით ღმერთი ბრძანებს, რომელი ამტკიცებს ოთხსავ ყურებსა,

თვალს არ უნახავს მისებრი, არცა შესვლია გულებსა,

ჩანს, სიკვდილისა სასმლითა არვის უშვებენ ულებსა,

ხორცნი აქ წინად გარდიქცეს, ზეცას წაგვისხმენ სულებსა.

84

რად, სოფელო, სხვა არ დასწვი ჩემებრ, მე მქენ დასადაგე?!

გლახ, ლახვარი სასიკვდინე ყველა მე მკარ, დასად აგე!

დამიკარგე ძე, ასული, ძმა არ ვიცი, და სად აგე?

სხვა ნაყოფი მათებრ ტურფა რა აშენე და სად აგე?

85

სრულ დაგლიჯე ვარდი ჩემი, იგ არცა თუ მოაწივე,

ვინცა შეგქმნა, მან შენ გიყოს, რაცა ჩემზე მოაწივე,

მოვკვდე, - მიწაც აღარ მინდა, ჩემზე მხეცნი მოაწივე,

მაშინ აგრეც შეგებრალდე, იტირე და მო, აწი, ვე!

86

მე წამართვი სიცოცხლე და სული, მერმე თვალთა ჩენა,

რად გინდოდი სასიკვდინედ? შენ მაღირსე არ დარჩენა!

არ გმართებდა ეგზომ მეტად მტერობისა გამოჩენა,

თავიდაღმე სრულ ბოლომდი ჩემთვის ესრეთ შეგეჩენა.

87

მე ვხედავდი ლხინსა ჩემსა სრულად ჭირად გარდაცვლითა,

იგ ერთობით სპათა ჩემთა მტერთა ხელში ჩანაცვინთა,

მივემგზავსე მე ფრინველთა, იგ მხარ-ბოლო დანაცვინთა,

მედებოდა ცეცხლი ცხელი, ვიწვებოდი მზგავსად ცვინთა.

88

ბედი ანუ სვე-დოვლათი იგ ბოლო ჟამ გამეშალა,

ვთქვი: გავშიშვლდე სოფლისაგან, ტანსაცმელად მამე შალა,

ყველა აქა ვერ დავწერე, რომლის საქმით დამეშალა,

წამლად ვიწყე მარტო სევდით, არამც ჭკუა ამეშალა.

89

ვის სიცოცხლე მწარე ჰქონდეს, - სიკვდილი თქვა შოთამ ტკბილად,

რომ ხმელეთსა ანათობდეს, ბოლოდ იქმნას იგ აჩრდილად,

ნაცვლად ბროლთა-მარგალიტთა მოგვეცემის ქარვა კბილად,

გრაკის ხესა დავემზგავსნეთ პირველ ნორჩი, ალვა ზრდილა.

90

ვა, თუ მიწყინოთ ყოველთა სოფლისა სიყვარულითა,

იგ სოფლიონი ბრძენნი და ან ვინც უბნობდა სულითა,

ყველა სწუნობდა სოფელსა, არ გასაზრახოდ, - გულითა,

არ ვიტყვი: სრულად გაუშვით, ნუ გიყვარსთ სულ-წასულითა.

91

სიცრუე ანუ სიცქაფე სხვაცა ვთქვა ერთი მისი და,

მუხთლობა არის თავიდგან სულ მისი დასაწყისი და,

ზეცად გასულსა ქვე დასცემს, რომ ძმაცა იყოს, მისი და,

ანაზდად, მოულოდნელად ბნელად ქმნას შენი დღისი და.

92

შოთამ თქვა სწორად მიდგომა მზისაგან ვარდთა, ნეხვისა,

მისგან ბოლომდე გატანა - თქვას - ვინცა დაიკვეხისა!

ხმელთა მფლობელსაც არ ასცდეს ბოლოს დაცემა მეხისა,

მას დაუდუმდეს ბაგენი, ვეღარვის შეუჭეხისა.

93

ტახტი იმას არ ღირსიყოს, რომ ჯდეს ვინმე ალვა ზრდილი,

იგ ანაზდად გარდმოაგოს, აღარ იყოს მისი ჩრდილი,

მისად ნაცვლად დაჯდეს ვინმე უშვერი და სულ უნდილი,

სკორემანცა დაიწუნოს ზედ საჯდომლად ამოზრდილი.

94

ამდონად როგორ გვიყვარდეს ჩვენთვის ამგვარად მტერები,

ბოლოს გააგდებს ყველასა, რაზომცა ზედ ეკერები,

მარტო რას გვარგებს ხორცნი და თუ სულსაც არ ეტერები,

იგი დაადგრეს უკვდავად, ჩვენ ვიქმნათ მონამტვერები.

95

ან ადრე დაგვხოცს უდროოდ ახალსა მოუწევარსა,

ვარდსა დაგვიჭკნობს უფრჭკვნელსა, შეგვიქმს ბედისა მწყევარსა,

ვერ მოურჩებით მართ, ვითა კურდღელი მალსა მწევარსა,

ვხედავთ და არ გავტეხილვართ იგ მისგან მოსაწევარსა.

96

თუ გრძლად გვაცოცხლებს, ჩვენ გვიზამს საქმესა უარესებსა,

რაც გვიყვარს, თვალ-წინ დაგვიხოცს სულთაგან უკეთესებსა,

ცეცხლსა მოგვიდებს უშრეტსა, ჩვენთვის ჩამოჰკრავს კვესებსა,

ჩვენ დაგვიმკვიდრებს ჭირთა და სულთქმა, ვაება, კვნესებსა.

97

ამას გვიზამს, და სხვაცა ვთქვა მისგან ჩვენზედა ქმნულება,

ესრეთ მოგვშლის და წაგვახდენს, - რა გინდეს სულთა დგმულება,

იგი უებრო, უსწორო, უშვერ ჰყოს ქმნულ-კეთილება,

იგ მისგან ერთიც არ მორჩეს გული უწყლულო, ულება.

98

ან სიკვდილს მიგვცემს ანაზდად, ან სიბერესა ძნელებსა,

პირსა თვალურებრ გავსილსა არმურსა დაგვდებს ბნელებსა,

ეგრე უებრო მნათობსა ვერ ექოს ბრძენთა ენებსა,

ყოველთა სატრფიალოსა იგ შეიქმს მოსაწყენებსა.

99

თვალთა დააკლებს ნათელსა სოფლისა მაშენებელსა,

წარბთა მშვილდულებრ მოხრილსა, მიჯნურთა მახელებელსა,

შავთა წამწამთა ნარგისთა, მჭვრეტელთა გულსა მხებელსა.

გააყრევინებს, წაახდენს მნახველთა ცეცხლთა მდებელსა.

100

პირსა დაუჭკნობს მნათობსა უთეთრეს ზამბახისასა,

ღაწვისა ფეროვნებასა ვარდულებრ გაშლილისასა,

წახრის და მოსდრეკს ლერწამსა ტან-სარო ალვის ხისასა,

დაადუხჭირებს ჯავარსა სანდომად უსულისასა.

101

ბაგეთა მოჰშლის ეგეთსა - უკვდავებასა ღიმობდეს,

კბილთა წაახდენს - მასთანა ვერც მარგალიტი ღირობდეს,

თმას ამბრის ფერთა კოჭამდი, რომ გიშრის ტევრად ხშირობდეს,

გაუსპეტაკებს თოვლურებრ, იგ ვეღარ ამბრად ძვირობდეს!

102

ეს არის საუკეთესო იგ ჩვენგან მოსალოდები,

აწ ამაშიგან ვითმც იქნას გული არ დასაკოდები?

ერთ დღე ვიცინოთ, მით უნდა მრავალ-ჟამ ვიყოთ მგოდები,

ბოლოჟამს ისევ სიკვდილი, გულზე მიწა და ლოდები.

103

ჩვენთვის დაბადა სოფელი მან, ყოვლთა არსთა მბადემან,

ესეც ჩვენ მოგვცა, სიმართლით მუნცა კეთილთა მზადემან,

სრულ ვერ გვიშოვნოს წარწყმედად ბოროტთა მოსაწადემან,

ვერ შეგვიმწყვიდოს უხსნელად სრულად ცოდვისა ბადემან.

104

მაგას არ ვიტყვი, არ გვინდეს სოფლისა ნივთიარები,

ესრეთ ვიხმაროთ კეთილად, ბოლოდ არ გასამწარები,

არა გვიდგს სული მოკვდავი, პირუტყვებრ გასაქარვები,

ოდეს ეს ხელთა გაგვარდეს, მუნ არ დაგვეხშას კარები.

105

ეგ ღმერთმან იცის, თქვენთვის ვწერ საკეთოდ, არ თუ ზიანად,

არ ვიტყვი მე, რომ კარგი მჭირს თავისა გასაზვიანად.

გვიბრძანებს: “ჩვენი სავაჭრო დადევით სარგებლიანად,”

არ ვიქმნე მონა მედგარი, განხდილი დასაწვიანად.

106

ზოგი დავწერე სახუმროდ სალხინო საკამათენი,

ბოლოს ცოტა რამ საწვრთნელი სულისა გასანათენი,

მცირე, რაც მქონდა, მიძღვნია, არა ვარ ბრძენი ათენი,

ყველამ შენდობა მიბრძანეთ, წყალობა მიყავთ ამთენი.

107

ღმერთო, რომელი უმჯობეს იქ თვითვე შენგან ქმნულებსა,

რისხვას აყოვნებ ამისთვის, მოაქცევ წარწყმედულებსა,

ნუმცა მეწევის ბოროტი მას დღესა დაუსრულებსა,

იგ მოტყინარე მახვილი კარსა ნუ დამიგულებსა.