1

ღმერთო ცისა და ქვეყნისა, საბრუნავითა მაქცეო,

ზე ამართულთა ყოველთა დამცემო, გარდამაქცეო,

ზოგჯერ ჭირს ლხინად, ლხინს ჭირად შემცვლელო, გარდამაქცეო,

არამცა მიმცე სოფელსა, მტყუანია და მაქცეო.

 

2

ფათერაკია სოფლისა სიცოცხლე, თვალის წამება,

ფერობა, ბრუნვა, ჩვენება, წესად სჭირს ცილის წამება,

ფრფინვა ვისცა აქვს შვებითა, ბოლო მისთვისცა წამება.

ფრთხილად ვიყავ და გასინჯეთ, ამად არ მექმნას წამება.

 

3

თუ ვინც ცოდვილმან ჩემებრივ თვალთ ცრემლი შეიწყნაროსა,

უფროსად ღმერთი ადიდოს, სხვა არვინ შეიწყნაროსა,

უხვებით მისცეს გლახაკთა, საუნჯე შეიწყნაროსა,

უკმოერიდოს სოფელსა, არად არ შეიწყნაროსა.

 

4

ჭეშმარიტი შენ ხარ, ვინცა ერთი რჯული გაათასე,

ჭრელად ენა შეურიე, იგი გაყვენ დასად-დასე,

ჭკვიანი და გონიერი ერთმანერთსა გააბასე,

ჭმუნვით ქებას მით შეგასხამ, მეცნიერთა მწყობრთა დასე.

 

5

იესოვ, შენ გევედრები, მარიამ ქრისტეს დედაო,

აბრამ, ისაკ და იაკობ, ელია — ამაზედაო,

ფრიადნი სევდა-ნაღველი დამერთო ზედი-ზედაო,

იმ თქვენი ღვთის გულისათვის მიშველეთ ამაზედაო!

 

6

ღმერთო, რომელმან განაგე საქმე სიბრძნითა შენითა,

შენ განაწესე ყოველი გული სიღრმითა თმენითა,

მზის ქეთევანის წამება ვიცოდე რა საქმენითა,

ღირსმყავ ცოდვილი მე ესე, რომ მათქმევინო ენითა.

 

7

ეს ამბავი მისი არის, ვის უხმობენ დედოფლობით,

თავი მისი ქებით წერეს, ოდეს იყო ხმელთა ფლობით,

აწღა ბოლო შემოკლდების, გავერივე მეცა ფლობით,

ღმერთო ჩემო, გევედრები, მაწერინო ხელ-უფლობით.

 
 

8

ოდეს მიენდო შაჰ-აბაზს კახეთის დედოფალია,

ვით მარგალიტი უსახო და უსასყიდლო თვალია,

ადრითგან ქებით შემკული, ნათქვამი ბროლ-ფიქალია,

მისთანა არვინ შობილა არცა ყმა, არცა ქალია.

 

9

მან უძღვნა ძენი ტურფანი ალექსანდრე და ლევანი,

კვლა ძენი თავადებისა, მზეს მათგან ატყდეს ლევანი,

რომ შეეწყნარა კახეთი, არ ექნა მათზე ძლევანი,

არ გაუგონა, ეწადა მათი სისხლისა ლევანი.

 

10

იგი ყველაი წაუხვნა, არ იყო მადლთა მძლეველი,

გაწყრომით იყო დიადად, მოტკბობას აღარ მოველი,

ბრძანა შესხდომა, აივსო ლაშქრით მინდორი, ტყე-ველი,

გაუშვეს, ყოვლგნით დაფანტეს მეალაფე და მრბეველი.

 

11

დაარბივეს, ამოწყვიტეს, შექნეს ვითა განაქარი,

შირაზ-შირვან-ხვარასნელი შიგ ჩაუშვა მან ლაშქარი.

სადაც ვინმე გარდეხვეწა, ან მოურჩა, მგონ, აქ არი,

სხვა დახოცა, დაატყვევა, წამოვიდა, ვითა ქარი.

 

12

ხელ-შეპყრობილი დააგდო იგ განჯას პატიმარია,

სადა ჰყვა ხელმწიფე-შვილი, ანუ მხლებელთა ჯარია,

რომ მის მცველებზედ ეხმარა თავისა საკვეთარია,

ბორკილიდაღმე აეხსნა იგ ყოვლთა საქებარია?

 

13

კვიპაროზისგან უმაღლე თავს ხედავს ამა ყოფითა,

უნივთო ნივთსა შეეხო ნივთისა კიდე ყოფითა;

მან ცრემლთა მომატყვებელი საქმე ქნა განაყოფითა,

ვითა მეყვისსა შეყროდეს, არ ხანი დანაყოფითა.

 

14

არ დააჯერა ამასა მძლავრმან უწყალომ მეფემან,

ქრისტიანეთა მტანჯველმან უბრალოს სისხლთა მჩქეფემან,

ეროდიას წილ მჯდომელმან, არ ლმობიერმან სეფემან,

მან არ შესცვალა მცნებანი სურვილთა მოიეფემან.

 

15

რაღას ვაგრძელებ, გაგზავნეს ქვეყანას შირაზისასა,

ქაჯთ უმაგრესსა ციხესა ჩასმას ვედრებდა მზისასა,

თვალთა სინათლის სანაცლოდ, შვილებსა სჭვრეტდა მისასა,

ეგვიპტეს ყოფნა არად ჩნდა, ზრდიდა ნაყოფსა ძისასა.

 

16

არა საქმე არა ჰქონდა, იგი ზარდა წელსა ხუთსა,

მსახურებდის, ვით საწუთრო ხელმწიფესა დანახუთსა.

მათის ჭვრეტით იბრუნევდის სულსა ყელში დანახუთსა;

სხვას წამალსა არ ეძებდის, არ ფაზარსა დანახუთსა.

 

17

ხელმწიფისაგან შეესმა ბრძანება უფრო წყრომითა:

“აქა მომისხით ორნივე, მან არ იხაროს რომითა.”

ვარსკვლავნი უკუეყარნეს, მთვარე შეიქნა ცხრომითა,

უნდოდა თუცა ეშოვნა გზა ქვესკნელს ჩასაძრომითა.

 

18

მე ვითა ვთქვა უებრომა მონადენთა ცრემლთა ხრანი,

პირსა ხოკით, ღაწვთა გლეჯით, იქით-აქეთ ხელთა ხრანი!

გულსა სევდა შემოაწვის, ამოკვნესით აოხრანი,

იტყვის: “ღმერთო, ეს რა მიყავ, მომივლინე აწ, ახ, რანი?!”

 

19

ორთა საფლავთა დასძახდა, მიუჯდა ცრემლით ახავი:

“არ გებრალები, ხვარამზე, გამდელო, ამ დღის მნახავი?

მიწყივ ცრემლ-შეუშრობელი, ჭირსა ჭირზედა მსახავი,

ამ სოფლისაგან გარჯილი, ნიადაგ მისი მძრახავი!

 

20

ვა, თქვენ იყვენით აქამდის ჩემის გულისა მდებელნი,

წახვედით, მარტო დამაგდეთ, სულ ქვეყნის ცეცხლთა მდებელნი!

თვალთა წამართვეს სინათლე, დაბნელდეს ცადა მდებელნი,

არ დარჩა სოფლის სასჯელი ჩემზედა მოუდებელნი.

 

21

აწ, წავხე, აწ დავიკარგე, პირსა სად მოველ ზღვისასა,

აჰა, ჩავარდი ჯურღმულსა, უყსა მას უფსკრულისასა,

სახლ-სამყოფ-სამკვიდრებელსა ჩემსა არა ვარ, სხვისასა,

ვა, ალექსანდრეს გაყრილსა, ვერ მჭვრეტსა ლევანისასა.”

 

22

მას უკანის აღარ უნდის მთვარისა და მზისა ნახვა,

ხელთა ჰქონდის გაუწყვეტლად ტირილი და მუდამ ახვა.

ილოცვიდა, იმარხვიდა, მოიჭირვა რჯულის ნახვა,

ღვაწლი გარე მოიზღუდა, ეშმაკისა არ ჰყო ზრახვა.

 

23

რაჟამს შეიქნა უმანკო მუშაკი სათნოებისა,

ნესტვსა ეყნოსა დუმილით საზომი სიწრფოებისა,

სვინდისი თვისი განწმინდა, კდემა არ ეპოებისა,

ამად ამ წიგნსა სახელად ემპლასტროს ეწოდებისა.

 

24

დღე და ღამე გაასწორის, ლოცვა ჰქონდის, წიგნის კითხვა,

ევედრების შემოქმედსა, უნდა მისგან განაკითხვა,

არ შესცვალის სჯული მისი, მოიგონის განაკითხ, ვა,

შვილთ ამბავი ენატრების, არა უნდა მას სხვა კითხვა.

 

25

“სამას სამოც და ხუთი დღე რა ერთ დღედ შეიყაროსა,

საყვირთა ისმას მაშინ ხმა, სამკვდრეთი აიყაროსა,

სული ყოველთა იქ შეკრბეს, სოფელმან გაიყაროსა,

სულსა რას ვაქნევ, თუ შვილსა მაშინც ვერ შეეყაროსა.

 

26

ჰო მე, რა ცუდათ დამაშრო ზრუნვამან ამ სოფლისამან,

ჰო მე, რაღა ვქნა გარჯილმან, ნატრულმან სამოთხისამან,

ჰო ჯოჯოხეთის მლოდნელმან, შიშმან და ზარმან მისამან,

ჰო მე, რითა მაქვს იმედი, რომ გამომიხსნას ისამან?

 

27

კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მისთანაც არსა,

კერპობა, ზაკვა, მრუშება, სიძვანი მისთანაც არ სა?

კვლავ სარეცელსა ალტობდეს, მოზელდეს მითა ნაცარსა,

კრულია მწიკვლის მოყვარე, ვა, რა იქს მისთა ნაცვალსა.”

 

28

მოთქმისა, ტირილისაგან მოაკლდეს თვალთა ნათელი,

სიბრწყინვალე და სინათლე, აღარა ჰქონდეს ნათელი,

ბაგე და კბილი მოშლოდეს, ძოწ-მარგალიტთა ნათელი,

აწღა ისმინეთ სხვაცა ვთქვა ხელმწიფის შემონათვალი.

 

29

რა შაჰ-აბაზ შეუთვალა შირაზისა ხალარ-ხანსა:

“შენ ქეთევან დედოფალსა ნუ აცოცხლებ დიდსა ხანსა,

ვირ არ შევსვამ სისხლსა მისსა, არ ავიღებ დასტახანსა,

წელსა ათად გავათავებ, მოვიგონებ ხანდის-ხანსა.

 

30

თუ მუსურმანი შეიქნეს ეგე ლაღი და ჯანია,

მაჰმადის რჯულზედ მოიქცეს, აზრაველს მისცეს ჯანია,

მე მურთუზალი მიფიცავს, არ უყო ისკანჯანია,

არა გმოს იესო ქრისტე - მიეცით დიდი რჯანია.”

 

31

იმამ-ყული-ხანს რა ესმა საქმენი საზარონია,

მეტად გაკვირდა, ესე თქვა: “მისი რა საკადრონია?

ვიცი, რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,

თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?”

 

32

შირაზის ხანის ქებასა ვერ იტყვის ბრძენთა ენანი,

მდაბალი, ტკბილი, მოწყალე, აქებენ სულად ქვენანი,

ღირსეულია ღვთისაგან, მითა სცავს ძალთა ზენანი,

სამს თვესა არ გაუცხადა, ამისი ჰქონდა ჩენანი.

 

33

“ვით უამბო, ვით შევკადრო ტყვესა ჩემსა ანაბარსა,

მე მინდოდა სამსახური, არ უძახდი განაბარსა,

არ ვისმინო, რაღა უყო ხელმწიფისგან დანაბარსა?”

მოციქული გაუგზავნა, არ უვლიდეს მთას და ბარსა.

 

34

უბრძანა, თუ: “იახელით, მოახსენეთ მზისა პირსა,

არ იქნების, თუ არ გიზამთ ხელმწიფისა დანაპირსა,

ნუ გძულს რჯული მაჰმადისა, იგი მოგცემს ენა-პირსა,

მორევშიგან ჩანაჭერი, გაგიყვანოს შენ ნაპირსა.

 

35

რჯული ეს არის, გვიჭირავს მაჰმადის დანაწესია,

შენცა მოიქეც, გათათრდი, ვითამც არ უარესია,

იესო ქრისტე რას გიზამს, გიწყრება შენ აწ ესია,

სატანჯველს ნურას იკადრებ, არ არის შენი წესია.”

 

36

მაშინღა შეკრთა, რა ესმა მცხრალსა, მიხდილსა მთვარესა,

ბრძანა: “თუ რჯული დავაგდო, რას მიმუქფებენ დარესა,

პატივსა ვინმე მიჩვენებს, ხმელზე სწორ უპოვარესა,

ან ვინმე ჩემსა სამკვიდროს მიმიშვებს, მიმაკარებსა?”

 

37

ილოცავს: “ღმერთო, შენ გიცნობ უცნაურ, უხილველსაო,

სასწაულებსა, ნიშებსა ვერ ვიტყვი საკვირველსაო;

ჰე, ბრძანებითა შენითა შესძრავ კლდეთა და ველსაო,

შეარყევ სრულად ხმელეთსა, არ შესცვლი საფუძველსაო.”

 

38

“გევედრები სამებასა, ერთარსსა და თანაარსსა,

შენგან კიდე საესავი არა ვიცი სხვა რა არსა,

სული ჩემი შეივედრე, ხორცი უწყი სადა არსა,

აწ გაბრიელ მომივლინე, სულთა მცველი, განა არსა!”

 

39

“ძლიერო, გიღაღადებენ ორღანოთა და ებნითა,

ძნობითა ინდაურითა, სიტყვითა ბერძნულებნითა,

ძლევით გაქებენ ქადაგნი, რომელ ებრაელებნითა

ძალგიც შენ ათას სახელი, შენ რა გაგივა ქებითა!”

 

40

“უცხოდ რამ შევშინებულვარ მძლავრთა ჰაერის მცველთაგან,

ჩემისა აღსასრულისა ძნელისა სატანჯველთაგან,

ეჰა, გაბრიელ მთავარო, ნუ განმიშორებ ხელთაგან,

წამებულნო და წმინდანო, გამომიხსენით ბნელთაგან.”

 

41

“ჰე, მეუფეო, გვედრივარ მერმესა მას აღდგომასა,

ბრძენთა შემრაცხე ქალწულთა, ღირს მყავ მარჯვენით დგომასა.

იოვანე ნათლისმცემელს, ან მიმაბარე თომასა,

დედაო მაცხოვრისაო, მიმწიე ჩემსა ნდომასა.”

 

42

“ვარ ჭეშმარიტად მოსავი შენის უბიწოდ შობისა,

შობასაც პირველ ქალწულო, შემდგომად კვალად შობისა,

ანასებრივი ნაყოფი ვერამ სულდგმულმან შობისა,

აწ შემიწყალე მორწმუნე აღდგომისა და შობისა.”

 

43

“ხამს, ღმერთო, ყოვლმან სულდგმულმან ცოდვა შენ აღგიაროსა,

აღსარებითა გადიდებ, მართ დაგივიწყებ აროსა,

რაჟამს განახვნენ წერილნი, აღარა დაგეფაროსა.

მაშინ მომხედე წყალობით, რა შიშით დაგეფაროსა.”

 

44

“ჩემთა ცოდვათა სიმრავლე არ დაითვლების ენითა,

ჩქერითა არ შესწორდება მდინარე, არცა დენითა,

ჩემს მეტს მოსავსა ნუ უყოს, მე ვარ რასაცა სენითა.

ჩემი განკურნე წყლულება, უფალო მიხსენ ლხენითა.”

 

45

“აქამდის სოფლის ნაბრძოლი ტვირთი ცოდვისა მეკარსა,

აწ ტვირთი შენი სუბუქ არს, სმენაცა შენი მეკარსა,

სარწმუნოებით ვეძიებ, პეტრევ, სამოთხის მე კარსა,

რომე წყალობით გამიღო, ამისთვის ვირეკ მეკარსა”.

 

46

“რადგან მომკლა უწყალომან, დრო იპოვა ჩემსა ზედა,

სასწაული მოავლინე ქრისტიანეთ ტყვეთა ზედა,

შვილსა ჩემსა თეიმურაზს ძლევა მიეც მტერსა ზედა,

ღვაწლთა ჩემთა აღმწერელი ედემს დასვი ტახტსა ზედა.”

 

47

რა ესე თქვა, შეემთხვია, ქრისტეს სისხლსა ეზიარა:

“მეუფეო, გათათრება ჩემი იყო წესი არა,

გევედრები სული ჩემი ეშმაკს მისცე ესი არა.”

პირსა ჯვარი დაისახა, გავიდა, თქვა მეტი არა.

 

48

მივიდა, დაჯდა უშიშრად, ვითა ვეფხი და გმირია,

ყოლ არად უჩნდა სასჯელი, თუმცა არს დიდი ჭირია,

ბრძანა: “მოვიდენ მტარვალნი, მათაც ჰყონ ერთი პირია,

რომ ჩემი სისხლი იძებნოს, ღვთის წინა ამას ვტირია.”

 

49

მივიდეს მაშინ მტარვალნი დედოფლის დანაბარები,

მოიღეს ქალფათინები, შამფურები და ბარები,

ვა, მაშინდელი სასჯელი ვითა ვთქვა საუბარები?

ხორცი ცეცხლთ მისცა, სული აქვს ანგელოზთ მინაბარები.

 

50

პირველად ცეცხლი დააგზნეს, მაშიგ ჩაყარეს რკინანი.

მაშინ რაღაცა მოეხვნეს საწველნი სისხლთა მდინანი.

უთხრეს, თუ: “რჯულზედ მოიქეც, დააგდე იგი წინანი,

თვარე სასჯელი ეს არი, რა ნახო, შენცა ინანი.”

 

51

რა ეს ნახენ, აუტირდეს ხელი-ერთად მოახლენი,

ყველა ფერხთა ეხვეოდა, პირსა ხელი მოახლენი:

“ნუ გასწირე თავი კარგი, ჯერ უებრო, მოახლენი,

ნუ გაგვყარე მზისა შუქსა, ბნელს ნუ ჩაგვსხი მოახლენი!”

 

52

მზემან მხლებელთა უბრძანა: “ჟამ ერთ აწ ეწამენითა,

ქრისტეს იესოს ღვთის მადლსა, მოდით, თქვენც ეწამენითა,

თუ არ ეწამოთ, ნუ წახვალთ, აქ დამემოწამენითა.”

ვა ქაღალდისას მოთქმანი, ვით ვთქვა აწ ამ ენითა.

 

53

მოთქმიდა: “ნორჩო ალვაო, ტანად ზრო, განა თვალითა,

ხელმწიფობითა გაზრდილო, ტურფაში განათვალითა,

მარგალიტითა შემკულო, მოხდომით განათვალითა,

აქამდი შენმა მჭვრეტელმან რა ვნახე განა თვალითა!”

 

54

“ვა არსად გახლავს ლაშქარნი, ჯალაბნი თავადებისა,

თავს გადგენ, ნახონ პატიჟი, სასარჯლოდ ცეცხლი გზებისა,

ახ, ვინ აცნობებს მათ ამას, თუ დღესა რა მოხდებისა,

ესდენი რკინა მხურვალე ვის გულსა დაედებისა!”

 

55

“სულო, გაუშვი ალაგნი, თვალნო, დააგდენ ბუდენი,

გულო, საძირკვლით აღმოხე, მოირღვენ გარე ზღუდენი,

ტანო, ზე ნუღარ მართიხარ, გიდის ქვე ზღვანი უდენი,

ქარო, სად მისწვდე, მიიღე ამბავნი არ სამრუდენი. ”

 

56

მუნ ვინმე ჯვარის მოსავი ერთი უცხოსა ყოფითა,

ვნახე ნაზარდი თამამად, ყოფითა არ სამყოფითა,

ფარაოზისგან შეპყრილი სულთა და ხორცთა ყოფითა,

მოსე ვით გამაგრებული, მათი სარჯლისა ყოფითა.

 

57

მაშინ თურე შესულიყო იგ თინათინ თვალის წამსა,

უბრძანა, თუ: “აქ დამიხვდით, აჰა, ღმერთი ვისაც გწამსა.”

მან შეჰკივლა, ხელი იკრა თავსა, პირსა, თვალ-წამწამსა.

რაზომ სხვანი გააკვირვა, ვერ მოშალა: “იგი გვრწამსა.”

 

58

მხედართ ხელი ჰკრეს, გააგდეს კარიდაღმ თავშიშველია,

სხვა ღონე ვერ ქმნა, მოივლო მან გარეშემო გველია;

წინ გივი შემოეყარა, იქ თურმე მიმავალია,

წელთა მოიხსნა, მოხვივა თავს შალი საფარველია.

 

59

შესტირა: “ვაი რა ვნახე, ეს რა დღე მოვინახია?”

შეიპყრეს ხელთა მნათობი, იგი უებრო სახია,

წინ დაუთათრეს მხლებელნი, ვერვინ თქვა სიტყვა მჭახია,

მე ასრე გარ გამომაგდეს, შენ რომე დამინახია.

 

60

ასმათი თავ-გაგლეჯილი, მკერდამდი სისხლთა მღვრელია,

რაჟამს გააგდეს თინათინ შემცდარი, ვითა ხელია;

ნობათი მოხვდა, მონახეს მერმე გიორგი მღვდელია,

პოვეს, აჩვენეს ყოველი მას იგ, რაც სატანჯველია.

 

61

მღვდელმან რა ნახა, შეშინდა, იგი ცეცხლი და შიშები;

ლახვარნი ანუ სამსჭვალნი, ლურსმანი, რაცა შიშები,

შეკრთა ათრთოლდა, დაეცა თავსა ზარი და შიშები,

გულსა ჩაეხმო, ვერა ქმნა სასარჯლო ანგარიშები.

 

62

შეუზახა: “იმერელო, რად დაგერთო აგრე თრთოლა,

აჰა ჟამი, ვისაც უნდა ჩემი თანა წამოყოლა,

განა არვის გარდახდია სასჯელი და ასრე წოლა?

ვინ დარჩება ქვეყანაზედ? — ბოლო გვიჯობს ასრე რბოლა.”

 

63

“იცი ხომ, ქრისტეს რა უყვეს, მას სასწაულსა ღვთისასა,

ლერწამი ფრჩხილსა დაავლეს დამხსნელსა ადამისასა,

ლურსმითა ძელსა მიაკრეს, ჰყოფენ ნებასა მისასა,

რად არ იჭირვი, ეღირსო საქმესა წამებისასა?”

 

64

რა სასჯელს ვერვინ შემართა, ვერცვინ ქმნა მის ოდნობანი,

რა ხელი ჰყვიან, შეიქნის თავით ფერხამდინ დნობანი,

რა ქრისტეს ზურგი აქციეს, ქმნეს მაჰმადისა ნდობანი,

რა ესე ჰკადრეს მას მზესა, ვეღარ დაატყვეს ნდობანი.

 

65

ახედნა, ერთი სიტყვანი მაშინღა ბრძანა ახითა:

“თქვენც იცით, ყოვლი დედანი ვართო ერთისა სახითა,

აუგი არის კაცთათვის, რაც ჩვენ გვეწრფების ნახითა,

მაზედა რაცა ისაჯეთ, ჰქმენით, არა ვარ ზრახითა.”

 

66

მერმე გაუბეს ხელ-ფერხი, გაძაბეს განა მაჯები,

გაზით დაგლიჯეს ძუძუნი, დადვეს მხურვალე საჯები,

ბარები შუბლსა შემოსდვეს, ყველა ქმნეს მათი აჯები,

აღმა ახეთქნეს კეფანი, ვა, თქმითა აქ ვისაჯები.

 

67

ვა მე, იმ დღისა მხსენესა, დამვიწყდა დღენი წინანი!

მკერდით ზურგამდინ გაავლეს გახურვებულნი რკინანი,

მე ავაზაკი, შემცოდე ახლოს არ ვიყავ, ვინანი,

მარჯვენით ჯვარსა არ ვეცვი, ამად ვარ ცრემლთა მდინანი.

 

68

ქვეშ დაუფინეს, დახურეს ზედა ლურსმისა რკინანი,

ქვე წაიარეს, გააპეს ბროლი, ლალი და მინანი,

სხვა წამოასხეს, დაყარეს ხორცთაგან ტყავი წინანი,

მაგრა არ გაწყდა ტანჯვისა გულზედა დასაწვინანი.

 

69

ჯიღად ქვაბი, ყამჩად ბარი, ამბარჩებად საჯებია,

ვარდად ცეცხლი, ქინძისთვებად შამფურებით ირჯებია,

ჩქიფად გაზი, ბუნბულ-საბნად ლურსმის წვერი ჯაჯებია,

ყოლ ბაღებად გაძაბული თოკით ჰქონდა მაჯებია.

 

70

დედობრივისა ბუნებით თავს იდევ ესე ჭირები,

ჰპოვე უკვდავი ცხოვრება საცვიფრო, განსაკვირვები,

მე მამაკაცი, მხნე ვაჟი ასე ამრიგად ვირები,

ვაი, ჩემს სიმხნეს და ვახ-ვახ, შენთა ნაქმართა ძირები!

 

71

მან წმინდამან მას ჟამს იქით არა ყოვნა წამსა ერთსა,

სული თვისი მიაბარა მეუფესა, მისსა ღმერთსა,

სამოთხეში მიელიან ქალწულებში შენაერთსა,

ირინე და მარინეო, იქმენ მათში განაერთსა.

 

72

ზეცით მოვიდა ნათელი, იხილეს სრულად ერმანო,

იესო ქრისტე ადიდეს, სრულ ყმაწვილმან და ბერმანო,

გვარჯასპისშვილმან მსახურა, არ ხუცესმან და ბერმანო,

მისმან მკვლელმან ქმნა მას აქეთ კარგი, ვერც არა ვერმანო.

 

73

წელზედ ახადეს საფლავსა, იგ ნინოს დასადარია,

სული ამოხდა სურნელი, აღარსად იყო მკვდარია,

თქვეს: “ფრანგნი მოიპარავდეს, თუ სად დაეცათ დარია.”

მე ვიტყვი ზეცას წასულსა, ხმელეთზე არსად არია.

 

74

ამა წმინდისა მუნ ზარი ყოველგან გაისმებოდა,

ჯვარის მოსავთა ყოველთა ნაწილი ენატრებოდა,

თორმეტ ათასი თუმანი ფრანგთაგან დაითვლებოდა,

არავის მისცა შაჰ-აბაზ, ცოდვითა აივსებოდა.

 

75

მალვით მონახეს ნაწილი, სად დაემალა ბარებსა,

რა ცნეს, შეესმა ვერ შოვნა ნიმროზელთ მწიგნობარებსა,

ლუსკუმაშიგან ჩაიდვეს, უკმევდეს მუშკ-ამბარებსა,

იგი ჰკურნებდის სნეულთა, თუ ვინ მიუდგის კარებსა.

 

76

მათ აწამეს წმინდა ესე სეკდენბერსა ათორმეტსა,

შვიდსა თვემდე მოგახსენებ სასწაულსა მეტის-მეტსა,

საქართველო აღებულა წელს ნაჭამი ათერთმეტსა,

მარტში დარჩა მას მეუფეს ქრისტიანი ნათლი სვეტსა.

 

77

ღვთისა მიერ მორჩილობა თურე იყო გულსა მათსა,

ამად იყო უვნებელი, დაყოვნებით წელსა ათსა,

მას სიკვდილი ვერ მოჰკლევდა, ღვთის ტრფიალსა მინა-სათსა,

ცოცხალია, გვირგვინი აქვს, ზის ხარისხსა კიბისასა.

 

78

ვითარცა ყოვლი საჩინო, ნებროთს გმირობით უხმობენ,

სამისოდ ფილოსოფოსთა და ბრძენთა ენა უხმობენ,

რიტორნი მრავალ-მეტყველნი რა მივლენ, ნახვენ, უხმობენ,

ვერ შეიგნებენ ქებასა, არიოპაგელს უხმობენ.

 

79

ვით ითქმის ქება მეფისა, ღვთივ დაცულ, დაფარულისა,

აწ დაუმკვიდრდა დოვლათი ეტლითგან არ ფარულისა,

მას მიენიჭა უფლება ამ საწუთროსა სრულისა,

მოშორება აქვს ვეშაპსა ღრუბელთა მოარულისა.

 

80

წერს, იტყვის: “ვა, დავემარხე მე სიკვდილისა წინარე,

ტყვექმნილი, შეჭირვებული, ვიგონებ თვალთა წინარე

ორისაგანვე გარჯილი გუბე მიდგს ცრემლთა, წინ არე.

ტრედო, მიმიძეღ სიონად, წამიძეღ, შენვე წინ არე.”

 

81

ესე დღე აღსასრულისა ჟამთა და წელთა ჩემისა,

ვერ განვიწმინდე ცოდვანი სულთა ნუგეშის ცემისა,

ძვირის ვნებითა ვნებული, გინება მისდა ცემისა,

სულთა და ხორცთა გაყრაში, რაღა ვთქვა მის დაცემისა!

 

82

ოდესმე წავდგე შიშველი, ქედ დახრით დაყმუნებული,

ოდიდგან ცოდვით მოსილი, არ მადლით განბრწყინებული,

ორგნითვე ხელ-ფერხ შეკრული, გარესკნელ წარდგინებული,

მიმელის მატლი უძილო და ცეცხლი აღტყინებული.

 

83

ჯერ, ღმერთო, არა ვარ ღირსი თვალთა მე ზეცად ახილვად,

ჯეროვნად მზისა, მთვარისა, მაღლისა ცისა დახილავად,

რაჟამს მოვიდეს გაბრიელ ცოდვათა ჩემთა დახილვად,

მას თვალნი ვეღარ შევადგენ, ვიყო კვლა დაღმა დახილვად.

 

84

აწ ესე მიკვირს, რამცა ვქენ საქმენი გასაჩინელი,

მე ვკადრე ხელის მიყოფა, იყო ბრძენთ გასაჩინელი,

თუცა მსუროდა, სევდითა ვიყვენით ცრემლთა მდინელი,

თვარე მას უხმდეს მეტყველად თვით იოვანე სინელი.

 

85

თქვენ, გონიერნო, მკითხველნო და ლექსთა შემამკობელნო,

ძნელისა გამომგებელნო, სიტყვათა შემაწყობელნო,

რაცა დამეკლოს უცებით, რა ნახოთ გამთავებელნო,

თქვენ შეათავეთ მის მადლსა, მართლისა გამთარგმებელნო.

 

86

ვინცა ლექსი მოუმატოს, მე არა ვარ მომდურავი,

თქმული ჩემი ვინც შეცვალოს, კარგი იყოს, თუნდა ავი,

რჯულისაგანც შეიცვლების, რისხავს მისი საესავი,

მე ოთხმოცი ლექსი მითქვამს, სულ ეს არი ბოლო თავი.