მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.

ათასი გული ერთად რომ მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.

ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.

აგვისტო, 1927 წ. ქობულეთი.