უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

მასსენეს ელოდენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.

აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს.
იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი,

ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,
რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.

1916 წ., ნოემბერი, მოსკოვი.