ბარათი ბ

პრესნას გახლავარ, უთქვენოდ პირი ვერ ვნახე მზისანი,

ვიკითხავ თქვენსა ლალასა, ცნობა არა მაქვს სხვისანი,

მე ხომ აღარვინ მიკითხვენ მონები თქვენი სრისანი,

ვიცი, უთუოდ დაგვიწყდი, ამას არ უნდა მისანი.

ბედმან მიყო ყველაკაი, მოგახსენო ახლა მე რა,

ვეღარ გნახე ლხინად მჯდომი, ეტლი ასე დამემტერა,

ვერც ვიხილე ქარტა თქვენი, რომ გონება დამეჯერა,

დავით გახლავსთ, ეგ შეგაქცევსთ, მესმის, იცის ჩანგთა მღერა.

ღმერთმან ქნას, რომე ეწივნეთ თქვენის გონების წადილსა,

მტერზედ ამაყად ყოფნასა, ამათზედ დიდად ქადილსა;

ვიქმნები მაშინ მამაცად, მათ გაუარმებ სადილსა,

როცა ვეწევი ამასა, მე მაშინ შევიქმ ხადილსა.

მესმის სიკეთე, სიუხვე და მორთვა თქვენის სრებისა,

შორს მიიწივა ამბავი, სიქველე თქვენის ქებისა,

მინდა გიახლო, პატრონო. მეშინის თქვენკენ რებისა,

არამც გამიწყრეთ, იწყინოთ, ძალი არა მაქვს თნებისა.

გავიგონე: «კვანჭახაძემ იპოვაო მისი რაში»,

სრულ შეიძრა ოთხივ ყურე, ემზადება, მივა ჯარში,

შეკაზმა და ზედა შესჯდა, გასწივაო ცოტად თავში,

უშლის მამა გმირობასა, გამოაგდო მისთვის კარში.

თქვენი მოგვესმა, პატრონო, შექმნილხართ ფარმაზონია.

ზოგთა სთქვეს: «არის მართალი» და ზოგთა არა ჰგონია.

ქრისტეს უარისმყოფლობა მე თქვენგან არა მგონია,

თუ მართალია, მოიქეც, სხვა მეტი არა ღონია.