სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
იგი არ იყო ძვრა გულისა მფრთხალი და მხდალი.
მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს
და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავდნენ შიშით სრბოლასა.
სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლვასა,
სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, —
იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ყრმობის სიმარტივითა,
ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა,
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი,
ვითა ფოთოლი — ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი.
როს ყმაწვილური მწუხარება ჩემს ყმაწვილურს გულს
სჩაგრავდა ხოლმე, თქვენ-წინ ვღვრიდი ჩემ ცრემლთ ნაკადულს,
თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...
და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა
ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..
რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემ ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!
ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,
ყოველი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...
აგერ თქვენც ჰქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსა
ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვსჭვრეტ ციაგსა ცასა.
ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..
თქვენნი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას
აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..
მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,
და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.
1857 წ.