ასლი ეპისტოლესი, რომელიც იერემიამ გაუვზავნა ტყვეებს, ბაბილონელთა მეფეს რომ უნდა წაესხა ბაბილონში.
თავი პირველი

1. ღვთის წინაშე რომ ჩაიდინეთ, იმ ცოდვების გამო იქნებით წაყვანილი ტყვეებად ბაბილონში.

2. ბაბილონში რომ მიხვალთ, მრავალ წელიწადს, დიდხანს დაჰყოფთ იქ, მეშვიდე თაობამდე, ხოლო ამის შემდეგ გამოგიყვანთ იქიდან მშვიდობით.

3. ახლა კი, ბაბილონში იხილავთ ოქროს, ვერცხლისა და ხის ღმერთებს, რომლებსაც მხრებით დაატარებს ხალხი და რომლებიც შიშისზარს სცემენ წარმართებს.

4. ფრთხილად იყავით, თქვენც არ დაემსგავსოთ უცხოელებს და მათმა შიშმა არ შეგიპყროთ, როცა დაინახავთ მათ წინ და უკან მოთაყვანე ბრბოს.

5. არამედ თქვით გულში: შენი თაყვანისცემა გვმართებს, უფალო.

6. რადგან თქვენთან არის ჩემი ანგელოზი და ის იფარავს თქვენს სულებს.

7. მათი ენა ხომ ხელოსნის ხელითაა გამოთლილი, თავად კი ოქროთი და ვერცხლით არიან დაფერილი, მაგრამ ცრუნი არიან და ლაპარაკი არ შეუძლიათ.

8. თითქოს სამკაულის მოყვარული ქალწულები იყვნენ, ისე უმკობენ თავს ოქროსგან ნაკეთები გვირგვინებით თავიანთ ღმერთებს.

9. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ქურუმები თავიანთ ღმერთებს ჩუმად ჰპარავენ ოქრო-ვერცხლს და საკუთარი საჭიროებისთვის იყენებენ, ან მეძავებს ახარჯავენ საროსკიპოებში.

10. ადამიანებივით ამკობენ სამოსელით ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს, რომელთაც ჟანგისა და ჩრჩილისგანაც კი ვერ დაუცავთ თავი.

11. ძოწეულის მოსასხამი მოსავთ, პირისახიდან მოწმენდილი აქვთ მტვერი, რომელიც უხვად ედებათ საკერპოებში;

12. ხელთ კვერთხი უპყრია ქვეყნის მსაჯულივით, მაგრამ თავისი შეურაცხმყოფელის მოსპობა კი არ შეუძლია;

13. მარჯვენაში მახვილი უპყრია და ცული, მაგრამ ბრძოლისგან და ავაზაკებისგან თავის დაღწევა არ შეუძლია.

14. აქედან ჩანს, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი.

15. რადგან, როგორც გატეხილი ჭურჭელია გამოუსადეგარი მისი პატრონისთვის, ასევე მათი ღმერთები, საკერპოებში რომ არიან დაყენებული.

16. თვალები მტვერით აქვთ ამოვსებული, შემომსვლელთა ფეხს რომ მოჰყვება;

17. და როგორც მეფის შეურაცხმყოფელს ჩაუკეტავენ კარებს ყოველი მხრიდან სიკვდილმისჯილივით, ასევე მათ საკერპოებს იცავენ ქურუმები კარებებით, ბოქლომებითა და ურდულებით, რომ ავაზაკებმა არ გაძარცვონ.

18. მათ უფრო მეტად უნთებენ ლამპრებს, ვიდრე თავიანთ თავს, თუმცა არცერთის დანახვა მათ არ ძალუძთ.

19. სახლის კოჭებივით არიან; ამბობენ, ამოღებულია მათი გულებიო, თავად მათ და მათ სამოსელს მიწის ჭიები ჭამენ, თავად კი ვერაფერს გრძნობენო.

20. მათი პირისახე საკერპოდან ადენილი კვამლით არის გამურული;

21. ტანზე და თავზე ღამურები, მერცხლები და სხვა ფრინველები ასხდებიან, ზოგჯერ კი კატებიც.

22. აქედან გაიგებ, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი.

23. ხოლო ოქრო, რომლითაც ისინი სილამაზისთვის არიან დაფარულნი, არ ბრწყინავს, თუ ვინმემ ჟანგისგან არ გაწმიდა. როცა ასხამდნენ მათ, ვერაფერს გრძნობდნენ.

24. დიდ ფასად არიან ნაყიდნი, სული კი არ უდგათ.

25. ფეხები არა აქვთ და მხრებით დაატარებენ, საკუთრ უძლურებას ამჟღავნებენ კაცთა წინაშე. შერცხვენილი არიან ისინიც, ვინც მათ ემსახურება, რადგან ძირს თუ დაეცნენ, თავისით ვერ წამოდგებიან.

26. და თუ ვინმე წამოაყენებს, თავისით ვერ დაიძვრება ადგილიდან; თუ გადახრის ვინმე, თავისით ვეღარ გასწორდება; ძღვენსაც ისე მიართმევენ, როგორც მკვდრებს.

27. მათთვის შეწირულ მსხვერპლს ქურუმები ყიდიან და საკუთრად იყენებენ; მათი ცოლები ნაწილს ამარილებენ, არც ღარიბ-ღატაკთ ურიგებენ, არც საპყრებს. მათი მსხვერპლის მიკარებას მირეული და თვეში ჩამდგარი ქალებიც კი ბედავენ.

28. ამით გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, და არ შეგეშინდებათ მათი.

29. რადგან როგორ უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, როცა ქალებიც კი სწირავენ მსხვერპლს ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს?

30. მათ საკერპოებთან ეტლებით მიდიან დახეული კვართებით შემოსილი ქურუმები, თმაწვერმოპარსულნი და თავშიშველნი;

31. მოთქვამენ და გოდებენ თავიანთი ღმერთების წინაშე, როგორც მკვდრის ქელეხში იციან.

32. მათი შესამოსელიდან ნაწილი ქურუმებს მიაქვთ შინ და ცოლ-შვილს მოსავენ.

33. ვერც ბოროტისმყოფელს მიუზღავენ სამაგიეროს და ვერც კეთილისმყოფელს; არც მეფის დაყენება ძალუძთ და არც მისი გადაყენება.

34. ასევე, არც სიმდიდრის მიცემა შეუძლიათ ვინმესთვის და არც სპილენძის ფულისა; თუ ვინმე აღთქმას მისცემს და არ შეუსრულებს, ვერ მოჰკითხავენ;

35. სიკვდილისგან ვერ იხსნიან ვაცს და ვერც სუსტს დაიცავენ მძლავრისგან;

36. ბრმას თვალისჩინს ვერ დაუბრუნებენ და გაჭირვებულ კაცს ვერ შეეწევიან;

37. ქვრივოხერს ვერ შეიწყალებენ და ობოლს კეთილს ვერ უყოფენ.

38. მთის ლოდებივით არიან ხისგან გაკეთებული, მოვერცხლილი და მოოქროვილი ღმერთები; მათი თაყვანისმცემელნი კი შერცხვებიან.

39. როგორ უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად?

40. თავად ქალდეველთაგან არიან ისინი შეურაცხყოფილნი: დაინახავენ ვინმე მუნჯს, ლაპარაკი რომ არ შეუძლია, და მიჰყავთ ბელთან და ევედრებიან, ხმა ამოადებინოს კაცს, თითქოს ბელს რამე ესმოდეს.

41. ამის შემხედვარენი მაინც არ ეშვებიან მათ, რადგან გაგება არა აქვთ.

42. გზებზე სხედან წელშემოსარტყლული ქალები და ფიჭვის საკმეველს აკმევენ;

43. როცა ერთ მათგანს გამვლელი კაცი წაიყვანს და დაწვება მასთან, იგი თავის მეზობელ ქალს დასცინებს, რომ მასავით პატივის ღირსი არ შეიქნა და რომ არ შეხსნილა მისი სარტყელი.

44. ყველაფერი, რაც მათთვის კეთდება, სიყალბეა. მაშ, რისთვის უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად?

45. დურგლებისა და ოქრომჭედლების ხელით არიან ნაკეთები; სხვა რა უნდა იყვნენ, გარდა იმისა, რასაც მათი ოსტატები ისურვებენ.

46. თვით მათი შემქმნელნიც ვერ იქნებიან დღეგრძელნი და მათი ხელიდან გამოსულები როგორღა უნდა იყვნენ ღმერთები?

47. მხიალოდ სიცრუე და სირცხვილი დაუტოვეს თავიანთ შთამომავლობას.

48. როდესაც ომი ან უბედურება დაატყდებათ თავს, ქურუმები ერთმანეთში ბჭობენ, სად გაიხიზნონ კერპებთან ერთად.

49. მაშ, რატომ ვერ ხვდებიან, რომ არ არიან ღმერთები ისინი, ვისაც საკუთარი თავი ომისა და უბედურებისაგან ვერ დაუხსნიათ.

50. რაკი ხისგან არიან გაკეთებული და ოქროთი და ვერცხლით დაფერილი, ამაზე მიხვდებით, რომ ცრუნი არიან ისინი. ყველა ხალხისთვის და მეფისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი ღმერთები კი არ არიან, რამედ კაცის ხელით ნაკეთებნი, რომ ღვთის ხელი არ ურევია მათ შექმნაში.

51. მაშ, ვიღასთვის უნდა იყოს გაუგებარი, რომ ღმერთები არ არიან ისინი?

52. მეფეს ისინი ვერ დასვამენ ქვეყანაში და ვერც წვიმას მოუყვანენ ადამიანებს.

53. ვერც სამართალს გააჩენენ და ვერც დაჩაგრულს დაიცავენ, რადგან თავად უმწეონი არიან; ისინი ყორნებივით არიან ცასა და მიწას შორის.

54. როცა ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღმერთების სახლს ცეცხლი გაუჩნდება, ქურუმები თავის გადასარჩენად გარბიან, ღმერთები კი სახლის კოჭებივით შუაზე იწვებიან.

55. ვერც მეფეს და ვერც მომხდურ მტერს ვერ აღუდგვბიან წინ.

56. მაშ, როგორღა უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად?

57. ვერც ქურდებისგან და ავაზაკებისგან ვერ დაიცავენ თავს ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღმერთები, რადგან მომხდურნი მათ აღემატებიან ძალით; სტაცებენ ოქრო-ვერცხლს და შესამოსელს, რითაც არიან შემოსილნი, და მიდიან ნადავლით, ამათ კი თავის შველა არ შეუძლიათ.

58. ამგვარად, უმჯობესია მამაცი მეფე ან საოჯახო რამ ჭურჭელი, რომელსაც სარგებლობა მოაქვს პატრონისთვის, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები; ანდა სახლის კარი, რომელიც ქონებას იცავს, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები; ან ხის სვეტები მეფის სასახლეში, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები.

59. მზე და მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისთვის არიან დადგენილნი, მორჩილები არიან;

60. ასევე - ელვაც, როცა ელავს, ყველაფერს ანათებს; და ქარიც ქრის ყველა მხარეში;

61. ასევე ღრუბლებიც, როცა ღვთისგან აქვთ ნაბრძანები, მთელს დედამიწას გადაუარონ, ასრულებენ ამ ბრძანებას; ასევე მთებისა და ტყეების მოსასპობად ცით მოვლენილი ცეცხლიც ასრულებს ნაბრძანებს.

62. ესენი კი არც სახით და არც ძალით არ ჰგვანან მათ.

63. ამიტომაც არ უნდა შეირაცხონ და არც უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, რადგან არ ძალუძთ არც სამართლის გაჩენა და არც კაცთათვის სიკეთის ქმნა.

64. როცა გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, არ შეგეშინდებათ მათი.

65. მეფეებს ვერც შეაჩვენებენ და ვერც დალოცავენ,

66. ნიშნებს ვერ აჩვენებენ ცაზე და ხალხში, ვერც მზესავით იბრწყინებენ და ვერც მთვარესავით გაანათებენ.

67. ცხოველები სჯობიან მათ, რადგან ისინი თავიანთ ბუნაგს მაინც მიაშურებენ და თავს უშველიან.

68. არაფრით არ ჩანს, რომ ისინი ღმერთები იყვნენ; ამიტომ ნუ გეშინიათ მათი.

69. რადგან როგორც საფრთხობელა ვერ იცავს ბოსტანში ვერაფერს, ასევე არიან მათი ღმერთები, ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი.

70. კიდევ გვანან ეკლის ბუჩქს ბაღში, რომელსაც ყველა ჩიტი აჯდება ზედ, ან გვამს, ბნელში დაგდებულს, მათი ხის ღმერთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი.

71. მათი ძოწეულის და სელის სამოსელზე, რომელიც ლპება მათ ტანზე, მიხვდებით, რომ ღმერთები არ არიან ისინი, რომ თავადაც საბოლოოდ დაილევიან და სირცხვილად დარჩებიან ქვეყანაზე.

72. ამიტომაც უმჯობესია მართალი კაცი, ვისაც კერპი არ ჰყავს, რადგან შორს იქნება იგი სირცხვილისგან.