დამიჯერე, ვამბობ, რომ უჯერავლეს, -

სრულებით უბრალო რკინას იტყვიან!

ხის თეფში რა გინდა ზარნიშით მოაწყონ,

მაინც დასაწვავსა პინას იტყვიან!

სიტყვა უნდა ერთნაირი ზოლზედა...

ეშმაკია, ვინც აჰყვება ბოლზედა!..

ან ფერზედ იცნობენ, ან ფოთოლზედა, -

განა ყველა ბალახს ჰინას იტყვიან?

ზარბაბი გაგიცვდეს - იყიდე შალი,

რეცხას ვერ გაუძლებს, ვაჰ, ხამის ბრალი!

რიდეს მოუხდება ალმასი-ლალი,

ოქროთ მიყენილი, მინას იტყვიან!

ზოგი კაცი იტყვის - კაი გვარი ვარ,

მაშინ ტირიფიც იტყვის: კვარი ვარ!

საქართველოს მეფის საზანდარი ვარ,

საიათნოვას-არუთინას იტყვიან!