მეზობელზედ რა კაცს თვალი უჭირავს,

ის არა იქს გაცემასა-ჭამასა!

ავ კაცს რაში უნდა გვარიშვილობა, -

შეაგინებენ კაი მამასა!

ზოგი კაცი დადის ჭიანყელასავით,

გველის შხამი უძევს პირში იმ თავით!

ავი კაცის ჭირი იქნება ავით -

ნათქვამია, მე არ ვამბობ ამასა!..

ცუდი კაცი მკვდარივით აყუდია,

ან რათ უნდა, რათა ჰხურავს ქუდია?

აქლემივით ვინც რომ ტანში მრუდია,

რატომ იზავს ხიდზედ კისრის ზომასა?

თიხის ჯამი არ გახდება ჩინათა,

მუხის ქერქი კიდევ - დარიჩინათა!

საიათნოვა შეინახე ჩინათა,

ვერ იშოვი იმისთანა კარგ ყმასა!