1

     1.     ცხორებაჲ წმიდისა პავლე ეპისკოპოსისაჲ და იოვანე ხუცისაჲ
    2.     მოვედით, ძმანო ჩემნო, და აღვამაღლოთ დიდებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან მრავლითა წყალობითა თჳსითა განმათავისუფლნა ჩუენ წყევისაგან შჯულისა და მოსლვითა თჳსითა სოფლად მიგუაქცივნა ჩუენ სამოთხედვე, რომლისაგან გამოგუთხივნეს მამათა ჩუენთა გარდასლვითა მით პირველისა მცნებისაჲთა, და ჯუარცუმითა თჳსითა დაარღჳა კედელი იგი მტერისაჲ, რომელი განედგა წინაშე ჩუენსა პირველითგან.
    3.     და შესლვითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა საფლავად ტყჱ ადამის შვილთაჲ, რომელი წარეტყუენა ეშმაკსა, მოაქცია და აღდგომითა უფლისა ჩუენისაჲთა მკუდართა შოვრის ძლიერისაჲთა დაითრგუნა სიკუდილი და დაამტკიცა აღდგომაჲ და აღადგინა ადამ მკუდრეთით, და აღსლვითა უფლისა ჩუენისაჲთა ქუეყანით ზეცად დიდებულად, სადა-იგი ანგელოზნი ყოველნი ძრწოლით უგალობენ, და სერაბინნი სწრაფით აკურთხევენ, და ქერაბინნი შიშით ადიდებენ თაყუანისცემულსა, რომელი იხილვა შოვრის ქუეყანისათა, რომელ არს ქრისტე.
    4.     ღმერთი ყოველსა ზედა, რომლისა მოდრკების ყოველი მუჴლი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათაჲ, და მას ჰმადლობენ ყოველნი ენანი ქუეყანისანი, რამეთუ გარდამატებულითა სიყუარულითა მისითა მოგჳვლინა ჩუენ ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მამისა მიერ ნუგეშინისმცემელად სულთა ჩუენთა, რომლითა ღირს გიქმნებით შვილებასა, რაჲთა ვხადოდით ღმერთსა დიდსა: მამაო ჩუენო ზეცათაო, რომელი მოწყალე ექმენ ბრკოლებასა ჩუენსა.
    5.     რაჟამს-იგი კერპთა თაყუანის-ვსცემდით დასაბამითგან.
    6.     და მოაქცივნა ყოველნი ქუეყანისა მყოფნი აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე თაყუანისცემად ჯუარისა.
    7.     და აწ იხარებენ ყოველნი კიდენი მეცნიერებითა ჭეშმარიტებისაჲთა, რამეთუ აღგჳდგინნა ჩუენ სუეტნი ნათლისანი, კაცნი ძლიერნი ღმრთის მეცნიერნი, და იგინი უქმოდეს მას ნებისა მისისაებრ.
    8.     და სრულითა მით საქმითა მათითა განაქარვა ყოველი სიბნელჱ ღამისაჲ, რომელ არიან საქმენი უკეთურნი, და განგჳმზადა წინაშე ჩუენსა გზაჲ, რაჲთა ვიდოდით მას შინა სიმართლით და ვიყვნეთ ჴორციელთაგან სულიერნი და ქუეყანისა კაცნი ზეცისა.
    9.     და ერთი მათგანი არს წმიდაჲ პავლე ეპისკოპოსი, რომლისაჲ ლოცვითა მისითა ვინებეთ მითხრობაჲ სრულებათა მათ საქმეთა მისთაჲ და სიყუარული სულისა მისისაჲ, რომელი ღმრთისა მიერ განათლებულ იყო, ვითარცა მზჱ ცათა შინა.
    10.     ესე პირველად იშუებდა შიშითა ღმრთისაჲთა ნავთსადგურსა ყუდროსა პონტოჲსა ეკლესიასა, ქალაქსა ეტალიისასა, და საქმეთა მისთათჳს კეთილთა, რომელნი მოეგნეს, ყვეს იგი მწყემს სულთა ზედა კაცთა თჳსსა ზედა ქალაქსა და შემდგომად საყდართა საეპისკოპოსოთა დაჯდომისა ათხუთმეტით დღით იხილა შფოთი ქალაქისაჲ და უცალოებაჲ მისი, აღდგა ლოცვად და დავარდა იგი წინაშე ღმრთისა ცრემლითა და თქუა: ქრისტე, მჴსნელო ძეთა კაცთაჲსაო, შენ მადლითა შენითა აჰჴედ ჯუარსა ზედა, რაჲთა აღმოგჳყვანნე ჩუენ ჭირისაგან ქუეყანისა სალმობათა, გამოაბრწყინვე ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ და განანათლე სიბნელჱ სულისა ჩემისაჲ და მიჩუენე გზაჲ შენი, რაჲთა ვიდოდი მას შინა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი: შენ, უფალო, მიყუარ, და შენ გეძიებს სული ჩემი, რაჲთა ვესვიდე მარჯუენასა შენსა.
    11.     მიეძინა ძილითა ტკბილითა, და მოვიდა მისა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: პაელე, უკუეთუ შემძლებელ ხარ ყოფად, ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, რომელი უძღოდა ძეთა ისრაჱლისათა, ჰმსახურებდ მღდელობასა, რამეთუ მღდელობისა მიერ აიჴოცნეს თანანადებნი სოფლისანი.
    12.     და ვითარ ესმა ესე, განეღჳძა ძილისა მისგან და იყო იგი შეძრწუნებულ ფრიად.
    13.     და მუნქუესვე აიღო სამოსელი თჳსი და შემოვიდა ქალაქით მდუმრიად და იწყო განზრახვად გულსა თჳსსა და იტყოდა: მიღირს მე, რაჲთა წარვიდე შორსა ქალაქსა, სადა არავინ მიცნობდეს.
    14.     და მადლი ღმრთისაჲ, რომელი უძღჳს ნების-მყოფელთა მისთა, მიუძღუა მას ურაჰად ქალაქად.
    15.     და იყო ურაჰას ეპისკოპოსი წმიდაჲ, რომელსა ერქუა რაბულა.
    16.     ხოლო პავლე არა იცოდა ჴელთა საქმჱ და ყო თავი თჳსი მუშაკ და ამიზდებნ იგი თავსა თჳსსა რაჲ დღე ას ფოლად და ჴუეზად ერთად პურად.
    17.     და პური იგი შეჭამის, ხოლო ფოლსა მას დაჰკრებნ ვიდრე პარასკევად დღედმდე.
    18.     და ვითარ პარასკევი მოიწიის, წარვიდის და იყიდის პური და სხუაჲ რაჲვე საჴმარი და განვიდის უდაბნოდ და იტყჳნ: წარვიდე და ვიხილო ღმერთი მონაზონთა თანა მარტოდმყოფთა, რომელნი იყოფიან უდაბნოთა და მთათა, და მუნ ვპოო ქრისტე.
    19.     და კჳრიაკესა დღესა იყიდის ხილი და მივიდის სასნეულოსა სახლსა მამათასა და დედათასა და განუყვის მათ და იტყჳნ, ვითარმედ: ღმერთი უცხოთა და სნეულთა შოვრის იყოფის, და მე მიღირს, რაჲთა ვყო ნებაჲ მისი, რომელმან-იგი შემქმნა მე კაცად.
    20.     და ესრჱთ ჰყოფნ ყოველსა ჟამსა.


2

     1.     ღმერთმან რომელი კაცთმოყუარე არს, თანა-მავალ ეყვის მოყუარეთა თჳსთა ყოველსა ადგილსა, ინება, რაჲთა გამოაცხადოს მცირედ სათნოებაჲ მონისა თჳსისაჲ.
    2.     იყო ქალაქსა მას შინა კაცი კეთილად მოჴსენებული, და იყო იგი ხუცესი ეკლესიასა ღმრთისასა და სახელი – იოვანე.
    3.     და მრავალგზის უნდა განსლვაჲ ქალაქით, რაჲთა აღიღოს სულმცირჱ უღელი მონაზონებისაჲ.
    4.     არამედ აფუცა იგი მამამან მისმან, მო-რაჲ-კუდებოდა იგი, რაჲთა არა დაუტევნეს ძმანი თჳსნი, ნუუკუე შეემთხჳოს მათ ბოროტი, და მოჰჴადოს ღმერთმან მათთჳს.
    5.     ამას კაცსა უნდა შჱნებაჲ რაჲმე დღესა ერთსა სახლსა შინა თჳსსა, და უჴმდეს მას მუშაკნი.
    6.     და ვითარ შთავიდა იგი კრებად ძიებად მუშაკთა, და ნებითა ღმრთისაჲთა მოხუდა მას პავლე, და ეზრახა მას.
    7.     და პავლე ჰრქუა მას: ძმაო, უკუეთუ მომცე რაჲ დღე ასი ფოლი და ერთი ჴუეზაჲ პური, მე ვიქმოდი შენ თანა, რაჲზომ-იგი ღმერთმან ძალი მომცეს.
    8.     და წარიყვანა იგი მის თანა თჳსა სახედ.
    9.     და იქმოდა მის თანა ვიდრე მზისა დასლვამდე.
    10.     და ევედრა მას, რაჲთა პირი იჴსნას მის თანა.
    11.     ხოლო მან არა ინება, არამედ ჰრქუა მას: მომეც მე მიზდი ჩემი, და მშჳდობაჲ იყავნ შენ თანა.
    12.     ჰრქუა მას იოვანე: მართლიად გეტყჳ, არარას მიგცემ მიზდისა შენისაგანსა, ვიდრემდის საქმჱ ჩემი ყოველი განიშორო.
    13.     ხოლო იოვანე იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: ამით სახითა ვიპყრა იგი ჩემ თანა, და იყოს იგი ძმად ჩემდა უკუნისამდე.
    14.     ჰრქუა მას პავლე: გაფუცებ მზესა შენსა, ძმაო, რაჲთა პური იგი ოდენ მომცე, რომელსა ზედა დაზავებულ ვიყავ.
    15.     და მისცა მას პური იგი.
    16.     და დღესა ერთსა განვიდა პავლე მთად კერძო ქუაბსა ერთსა.
    17.     რაჲთა ილოცვიდეს მუნ შინა მარტოჲ, და შეუდგა მას იოვანე ფარულად და იხილა იგი აღმავალი მთასა მაღალსა მარჯუენით კერძო მის ქალაქისა.
    18.     და შევიდა ქუაბსა, რომელი იყო, და დავარდა თაყუანისცემით წინაშე ღმრთისა ლოცვასა შინა.
    19.     ხოლო იოვანე დგა გარეშე და ტიროდა.
    20.     დაუკჳრდა, თუ ვითარი სიმდაბლჱ მოსცის ღმერთმან მოყუარეთა მისთა.


3

     1.     და ვითარ დაყოვნა პავლე ლოცვასა შინა დიდ ჟამ, და აჰა ესერა.
    2.     ვეშაპი დიდი გამოვიდა შინა ქუაბით პავლჱს ზედა.
    3.     და ვითარცა იხილა იოვანე ვეშაპი იგი გარჱთ, იწყო ღაღადებად და იტყოდა: მამაო, მტერი შენი!
    4.     ხოლო პავლე არად შეჰრაცხა იგი და არცა განწყჳდა ლოცვაჲ თჳსი.
    5.     და იხილა იოვანე მას ჟამსა ელვაჲ გარდამომავალი ზეცით, და შევიდა ქუაბსა მას, დაეცა ვეშაპსა მას და განაპო იგი.
    6.     მაშინ აღდგა პავლე ლოცვისა მისგან და ჰრქუა იოვანეს: რაჲსათჳს, ძმაო, ჴმა-ყავ, ოდეს იხილე მტერი იგი ნათესავისა ჩუენისაჲ, გინა ვინ მოგიყვანა შენ აქა?
    7.     ჭეშმარიტად ხარ შენ მოწაფჱ ქრისტჱსი, გეტყჳ შენ, რამეთუ რაჟამს მესმა ჴმაჲ შენი ყურთა ჩემთა, ვხედევდ ორთა კაცთა სპეტაკითა მოსილთა და შენ – შოვრის მათსა.
    8.     და იგინი გეტყოდეს შენ: განძლიერდი, იოვანე და ნუ გეშინინ, რამეთუ ძალითა უფლისა შენისაჲთა დასთრგუნო გუელი და ღრიაკალი და ყოველი ძალი მტერისაჲ.
    9.     ამიერითგან, ძმაო, მოედ და ვიშუებდეთ საჭმლითა სულიერითა და აღვახუნეთ პირნი ჩუენნი გალობად ქრისტესა.
    10.     და ვითარ მყუვარ ჟამ ილოცვიდეს იგინი, აჰა ესე სახილავნი მტერისანი პირად-პირადნი: გარე-მუადგეს მათ გუელები ჯარბები, ლომები და ვეფხები იბრდღუნიდეს წმიდათა მათ მიმართ.
    11.     მაშინ წმიდათა მათ აღიხილნეს თუალნი თჳსნი ზეცად, რაჲთა მოვიდეს მუნით ჴსნაჲ სულთა მათთაჲ.
    12.     აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი ზეცად პავლე და თქუა: უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო ძლიერო დაუსაბამოო, რომელი იყავ წინაწარმეტყუელთა თანა და მოციქულთა თანა, და ყოველთა წმიდათა შენთა შოვრის შენ პევშითა შენითა ასწყე მიწაჲ ქუეყანისაჲ და ძალითა შენითა დაადგინენ ზღუანი, სასწორითა შენითა ასწონენ მთანი და მკლავითა შენითა დააფუძნე ქუეყანაჲ და დაჰბადე მას ზედა კაცი, შენ, რომელმან დასთრგუნე ეშმაკი წინაშე მოციქულთა შენთა.
    13.     და აწ შენვე, უფალო, განაქარვენ მონათა შენთაგან პირად-პირადნი ესე უცნებანი, რომელნი არიან ძალნი უკეთურისანი, და სულითა შენითა წმიდითა განაქარვენ სულნი უსამართლოებისანი თაყუანისმცემელთა შენთაგან!
    14.     მაშინ ყოველნი იგი უჩინო იქმნნეს, გარნა ლომებისა მის და ვეფხებისა, რაჲთა გამოჩნდეს მათ ზედა ძალი იოვანეს ლოცვისაჲ.
    15.     და ვითარ მიხედნა მათ იოვანე, ვითარ ურცხჳნოდ დგეს კართა ზედა მის ქუაბისათა.
    16.     განძლიერდა სულითა თჳსითა და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: უფალო ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, სიქადულო ქრისტეანეთაო, ღმერთო კურთხეულო საუკუნითგან, შენ, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, და წარსდეგ შიშუელი წინაშე პილატჱსა, შენ, რომელმან დააყენნი ღრუბელნი ძალითა შენითა და აღადგინნი ქარნი საშუებელად შვილთა ადამისთა, შენ, რომელი აჰჴედ ჯუარსა ზედა ნებითა თჳსითა, და შეძრწუნდა საფუძველი ქუეყანისაჲ, და ძწოდეს ბუნებანი დაბადებულთანი, და დაბნელდა მზჱ, რომელი ჰნათობს დაბადებულთა ბრძანებითა შენითა, შენ, რომელმან დაამორჩილე ადამს ყოველი ბუნებაჲ, აწცა, უფალო, შენვე დაამორჩილენ მონათა შენთა მჴეცნი ესე უკეთურნი, უკუეთუ არიან ჴორციელ ანუ თუ არა.
    17.     და მუნთქუესვე მოვიდა მათდა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: არა აღმოგიკითხავსა, რ˜ლისა-იგი იტყჳს, ვითარმედ: არა განვაშორო შენგან მადლი ჩემი.
    18.     და კუალად: ბანაკი ანგელოზთა უფლისათაჲ გარე-მოადგს მოშიშთა მისთა, და იჴსნნეს იგინი უფალმან.
    19.     ამიერითგან ნუღარა გეშინის უკეთურისაგან, თქუენ თანა ვარ.
    20.     და მუნთქუესვე წარვიდეს მჴეცნი იგი.


4

     1.     და ვითარცა იხილა პავლე, რაჲ-იგი იქმნა, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე იოვანჱსა და ჰრქუა მას: ვჰმადლობ ღმერთსა, ძმაო ჩემო, რამეთუ ღირს მყო კურთხევად მონისა მისისა.
    2.     ჰრქუა მას იოვანე: ძმაო ჩემო, რაჲ იხილე ჩემ თანა სათნოებათაგანი და ესრჱთ მეტყჳ მე?
    3.     ჰრქუა მას პავლე: ვიხილე, რამეთუ შეგიყენებიან ერთსა ქუაბსა ათორმეტნი კაცნი წმიდანი და ზრდი მათ პურითა და წყლითა, რაჲთამცა იყავ ზიარ საქმეთა მათთა, და სხუანიცა საქმენი მოგიგიან წინაშე ღმრთისა.
    4.     ჰე, ძმაო, ზიარ ხარ საქმეთა მათთა, და შენნი საქმენი უფროჲს არიან საქმეთა მათთა.
    5.     ვითარ ესმა ესე იოვანეს, დაუკჳრდა საიდუმლოთა მათთჳს სულისა წმიდისათა, რომელი გამოუცხადებს წმიდათა ყოველსა ადგილსა.
    6.     ჰრქუა პავლეს: რაჲსათჳს მამხილებ, ჵ, კაცო, გინებს თუ გამხილო მეცა.
    7.     რამეთუ ეპისკოპოსი ხარ პონტოჲსა ქალაქისაჲ, და შენ ზედა აღესრულოს თქუმული იგი, ვითარმედ: გუაქუს ჩუენ საფასჱ კეცის ჭურებითა, რომელ არს სული ღმრთისაჲ და იყოფის წმიდათა თანა?
    8.     ჰრქუა მას პავლე: ვინ გითხრა ესე შენ, ესე არა არს.
    9.     ჰრქუა მას იოვანე: ეკრძალე, ძმაო, ნუუკუე სათნოებათა შენთა ფარვისათჳს განამტყუვნო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: არა არს საიდუმლოჲ, რომელი არა განცხადნეს, და არცა დაფარული, რომელი არა საცნაურ იქმნეს.
    10.     ჰრქუა მას პავლე: ვინ გაუწყა შენ, ვითარმედ მე ეპისკოპოსი ვარ?
    11.     ჰრქუა მას იოვანე: ვინცა შენ იგი გითხრა, ვითარმედ მისხენ მე ათორმეტნი წმიდანი ქუაბსა შინა, მანვე მითხრა, ვითარმედ შენ ეპისკოპოსი ხარ.
    12.     ვითარცა ესმა ესე, აკურთხა ღმერთი და მოიჴსენა თქუმული იგი, ვითარმედ: საიდუმლოჲ მე და შვილთა სახლისა ჩემისათა.
    13.     მაშინ ჰმადლობდეს და ადიდებდეს ღმერთსა და შთამოვიდეს მუნით და იფიცნეს ურთიერთას, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იყო მათ შოვრის, ვიდრემდის განიშორნენ ურთიერთას გინა სიკუდილითა, გინა წარსლვითა სხუად ქალაქად, არა თქუან საიდუმლოჲ ესე.
    14.     ხოლო იოვანე იწყო ვედრებად პავლჱსა, რაჲთა იყოფოდის მის თანა.
    15.     და მან არა ისმინა მისი, არამედ ჰრქუა მას: უკუეთუ მიჯმნე მე წარსლვად საქმესა ჩემსა, მე ვიყო მეგობარ შენდა.
    16.     ჰრქუა მას იოვანე: წარვედ და იქმოდე, ვითარცა გნებავს, და ოდეს შემწუხრდეს, მოედ და განისუენე სახლსა შინა ჩემსა.
    17.     და უკუეთუ გინდეს, აღვიდეთ წმიდათა მათ თანა, დავადგრეთ ქუაბსა მას შინა, გინა განვისუენოთ ეკლესიასა მას ღმრთისასა ვიდრე განთიადმდე.
    18.     ხოლო პავლე ესე საზღვარი დაუდვა, რაჲთა ოდეს იყოს ჟამი ზამთრისაჲ, და საქმჱ არა იპოებოდის, აღვიდენ და ქუაბსა მას შინა დაიზამთრონ წმიდათა მათ თანა.
    19.     და ოდეს მოიწიოს ზაფხული და ჟამი საქმისაჲ, წარვიდეს თჳსსავე მას საქმესა პირველსა.
    20.     და ნება-ჰსცა ამას ზედა იოვანე, ხოლო იოვანე ევედრა პატიოსანსა რაბულას ეპისკოპოსსა, რაჲთა უჯმნას მას, და აღასრულოს ნებაჲ თჳსი.


5

     1.     ხოლო რაბულა, ეპისკოპოსმან წმიდამან ღმრთისამან, რამეთუ აქუნდა მას შური კეთილთა საქმეთათჳს, უჯმნა იოვანეს და განუტევა იგი მშჳდობით და ჰრქუა მას: წარვედ და ჩემთჳსცა ლოცვა-ყავ.
    2.     და ესრჱთ ჰყოფდეს იგინი: ზამთრის მთასა ღმრთისასა იყოფოდიან და ზაფხულის შთავიდიან ქალაქსა ღმრთისასა.
    3.     ხოლო იოვანე მოსწრაფე იყო, რაჲთა ყოველსა შინა საქმესა განუსუენებდეს პავლეს.
    4.     დღესა ერთსა, ვითარ აღვიდეს მთად, რაჲთამცა მუნ დაიზამთრეს, იხილა პავლე ძმაჲ თჳსი იოვანე, რამეთუ ეკიდა მას საჴმარი მათი, და შეწუხნა მას ზედა და ჰრქუა: ძმაო, ამისთჳს მოვედა ქუეყანით ჩემით, რაჲთა სხჳსა ოფლითა მე განვისუენებდე?
    5.     მომაახლე საჴმარი ჩემი.
    6.     და ვითარ მიიღო იგი მის წინაშე, და დადვა წინაშე უფლისა და თქუა: უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, რაჟამს-იგი უნდა ნებასა შენსა, ხუთითა პურითა მრავალნი ათასნი განაძღნა უდაბნოსა ზედა და აწ, უფალო, მოავლინე ნიჭი მადლისა შენისაჲ და აკურთხე პური ესე, რაჲთა ჭამონ ამისგან მონათა შენთა და განძღენ და ადიდონ სახელი შენი კეთილი და ტკბილი.
    7.     და აიღო პური იგი და დადვა ყურესა ერთსა მის ქუაბისასა.
    8.     და კმა ეყო პური იგი პავლეს და იოვანეს და ათორმეტთა მათ წმიდათა ექუს თუჱ.
    9.     და მისა შემდგომად აღდგა პავლე შოვრის წმიდათა მათ და ევედრებოდა და ეტყოდა: ძმანო ჩემნო, ევედრენით ღმერთსა ჩემთჳს, რამეთუ მნებავს წარსლვის, რაჲთა ვიხილო ადგილი იგი, სადა-იგი ღმერთი ეჩუენა მოსეს.
    10.     და აღდგა ერთი წმიდათაგანი სახელით ზჱნუბი და ჰრქუა მას: უკუეთუ წარხჳდე შენ, წარგტყუენონ სარკინოზთა და მრავალნი ძჳრნი შეგამთხჳვნენ შენ, და მისა შემდგომად განბრწყინდეს სარწმუნოებაჲ შენი კრებულსა შოვრის მათსა, ვითარცა ნათელი.
    11.     და თქუა პავლე: მინებს, თუმცა ყოველნი ნათესავნი ღმრთისა წინაწარმეტყუელ იყვნეს.
    12.     ხოლო იოვანეს დააშუნდა სიტყუაჲ იგი მისი და ჰრქუა: მეცა წარვიდე შენ თანა, რაჲთა ვილოცო მთასა სინასა, და უკუეთუ შეგუემთხჳოს განსაცდელი მადიამელთაგან, ვიყვნეთ ჩუენ ერთად და დავითმინოთ.
    13.     აჰა ესერა მე ვხედავ თუალითა სულისა ჩემისაჲთა, ვითარმედ მრავალთა სარკინოზთა მათგანთა მიიღონ შენგან საიდუმლოჲ ნათლისღებისაჲ.
    14.     და მისა შემდგომად იკურთხნეს წმიდანი იგი ერთიერთისაგან, და გამოვიდეს პავლე და იოვანე და წარემართნეს მთად ღმრთისა.
    15.     და ვითარ მიიწივნეს მახლობელად მთასა სინასა, შეემთხჳვნეს მათ სარკინოზნი და შეიპყრნეს და შთაიყვანნეს იგინი ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ლიმრინ.
    16.     და ვითარ მიეახლნეს ბანაკსა მათსა, შეკრნეს წმიდანი იგი, დასხნეს კარავსა შინა და იტყოდეს, ვითარმედ ესე შესაწირავნი იყუნენ ღმერთთანი.
    17.     ხოლო ღმერთმან სწავლნა მონანი თჳსნი და არა სრულიად მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა.
    18.     და ვითარ შოვაღამესა ოდენ იყო, აჰა ესერა ჭაბუკი ვინმე ქალი ღაღადებდა ჴმითა მაღლითა კარვით გამო და იტყოდა: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ ისარნი ცეცხლისანი გამოვლენ კაცთა იმათგან და მეცემიან პირსა ჩემსა.
    19.     და განიღჳძეს მშობელთა მისთა ჴმასა მას მისსა ზედა და ჰკითხეს მიზეზი ყივილისა მისისაჲ.
    20.     და იგი უმეტჱს ღაღადებდა და თქუა: ცეცხლი გამოვალს კაცთა იმათგან და მეცემის პირსა ჩემსა.


6

     1.     ჰრქუა მას პავლე: გნებავსა, რაჲთა დასცხრეს შენგან ცეცხლი იგი?
    2.     გრწმენინ შენ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ჰსცხონდე უკუნისამდე.
    3.     და მუნქუესვე მირბიოდა ქალი იგი და განჴსნნა საკრველნი მათნი და თქუა: ჰე, უფალო, რომელმან ღმერთმან განმარინოს მე განსაცდელისა ამისგან, მრწამს მე, იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი.
    4.     და მუნთქუეს აღადგინა პავლე და შთაასხა წყალი ემბაზსა და სახელ-სდვა სახელსა ქრისტჱსსა და თქუა: უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, რამეთუ იყო მიზეზი მოსლვისა შენისაჲ ძეთა მომართ კაცთაჲსა, რაჲთა განჴსნნე შვილნი ადამისნი საკრველთაგან ცოდვისათა და წყევაჲ, რომელი მიიღო ქუეყანამან ადამის მცნებისა გარდასლვითა, აღმოაცენა მტერმან მას ზედა ეკალი და ღუარძლი.
    5.     და აწ შენ, უფალო, მოგუეც მადლითა შენითა, რაჲთა კეთილად საქმითა განვწმიდოთ იგი.
    6.     და რაჲთა მოიხუნეს ნაყოფნი სიმართლისანი, ჰე, უფალო, რომელმან ნათელ-იღე იორდანესა და განსწმიდე ნათლისღებაჲ მოსატევებელად ცოდვათა ძეთა კაცთაჲსა, აკურთხე, უფალო, წყალი ესე, და რომელნი ნათელს-იღებენ მას შინა, განიძარცუვენ ძუელსა მას კაცსა და შეიმოსენ დედისაგან ახლისა განწმედილისა ცეცხლითა და სულითა წმიდითა მწინკულსა მას ნათესავისა ჩუენისასა.
    7.     მაშინ ნათელ-სცა ქალსა მას სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და მუნქუესვე განიკურნა ქალი იგი ვნებისა მისგან.
    8.     და ვითარ იხილეს მშობელთა მისთა და სიმრავლემან ერისამან, რომელნი იყვნეს მუნ, საკჳრველი იგი, რომელი იქმნა, ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუენი და ნათელ-იღეს და აღიარნეს ცოდვანი მათნი.
    9.     და ვითარ მიიწია ამბავი ესე მეფისა მათისა, განრისხნა ფრიად.
    10.     და შეიპყრეს ვითარ სამეოცდაათი სული მამანი და დედანი და შეკრნეს იგი ჯაჭჳთა და საპყრობილესა შესხნეს იგინი.
    11.     და კუალად წმიდანიცა იგი შეკრნეს მაგრიად და განიყვანნეს იგინი გარე ბანაკსა მას, ადგილსა მას, რომელსა იყო დანაკისკუდოანი ფრიად, და მისგან იყო ცხორებაჲ მათი.
    12.     და იყო შოვრის დანაკისკუდოანსა მას ხჱ ერთი მაღალი და შუენიერი ფრიად.
    13.     და მიიყვანნეს წმიდანი იგი ქუეშე მისა, რაჲთამცა მოკლნეს იგინი მუნ.
    14.     მაშინ აღდგა იოვანე და ჰრქუა მთავარსა მას მათსა: მიბრძანე, რაჲთა ვიტყოდი შენ თანა, რაჲ არიან ხენი ესე თქუენ შოვრის?
    15.     ჰრქუა მას მეფემან: ღმერთნი არიან ამის ყოვლისა ბანაკისანი.
    16.     ჰრქუა მას იოვანე: შემოკრიბენ ყოველნი მოყუასნი შენნი აქა წინაშე ღმრთისა თქუენისა, და ჩუენცა უჴმოთ ღმერთსა ჩუენსა, და იბრძოლნენ ურთიერთას იგინი, და რომელმან ჰსძლოს, განარინოს ერი თჳსი.
    17.     და ჰრქუა მას მეფემან: კეთილად სთქუ.
    18.     მაშინ იოვანე განიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა: უფალო ღმერთო ჩუენო იესუ ქრისტე, ნაყოფო მოწყალებისაო, შენ, უფალო, ნებითა შენითა ზრდი ნაძუთა ლიბანისათა.
    19.     გევედრები, რაჲთა მოავლინო რისხვაჲ შენი ხესა ამას ზედა, და აღიფხურეს იგი ძირითურთ მისით, რაჲთა არა სცთებოდიან მის მიერ მრავალნი.
    20.     და მუნთქუესვე ეცა ქარი ფიცხელი ფინიკთა მათ და აღფხურნა იგინი ძირითურთ.


7

    1.     დაიწუნეს იგინი ვითარცა ცეცხლითა.
    2.     მაშინ ჴმა-ყვეს ყოველთა, რომელნი იყვნეს მუნ, რაჟამს იხილეს საკჳრველი ესე, და თქუეს: ჭეშმარიტად, რამეთუ ღმერთი კაცთაჲ ამათი არს ჭეშმარიტი ღმერთი.
    3.     ჰრქუა იოვანე მეფესა მას: გრწამსა აწ ანუ, რაჲთა დაიწუას ყოველი ფინიკი ესე და წარწყმდეს ყოველი როჭიკი თქუენი მისგან?
    4.     და თქუა მეფემან: მრწამს, ვითარმედ ქრისტემან მოგავლინნა ქუეყანასა ამას, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, რაჲთა გამოგჳყვანნეს საცთურისაგან ამის ბნელისა.
    5.     მაშინ აღდგეს წმიდანი იგი და შექმნეს სამონათლოჲ და ნათელ-სცეს მეფესა და მთავართა მისთა და ყოველსა ერსა მისსა.
    6.     და წარავლინა მეფემან და განათავისუფლნა პყრობილნი იგი, რომელთა-იგი პირველად ნათელ-ეღო, და მისცა მეფემან წმიდათა მათ კარავი დიდი, რაჲთა ყონ იგი ეკლესიად ერისა მისთჳს.
    7.     და ასწავეს მათ სარწმუნოებაჲ და უკურთხნეს მათ ხუცესნი და დიაკონნი და ეგრჱთ წარემართნეს მთად სინად.
    8.     ხოლო შეწუხნა მეფჱ იგი და მთავარნი მისნი და ერი იგი წმიდათა მათ განშორებისა მათგან.
    9.     და ვითარ მიიწივნეს მთასა სინასა, აღვიდეს ადგილსა მას, რომელსა ღმერთი ეჩუენა მოსეს, და დაყვეს მუნ ხუთი დღჱ და ხუთი ღამჱ ლოცვასა შინა, ვიდრემდის მოიწია მათა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: შეუწირავს ღმერთსა გზაჲ ესე თქუენი.
    10.     და შევიდეს ქუაბად, რომელსა შინა იყო მოსე, თავი იგი წინაწარმეტყუელთაჲ, და მოვლეს ყოველი იგი ადგილი და იხილნეს უმრავლჱსნი მონაზონნი, რომელნი იყოფოდეს მთასა მას.
    11.     და შემდგომად დღეთა რავდენთამე ჰრქუა პავლე იოვანეს: გუალე, ძმაო, ქალაქად კურთხეულად.
    12.     გეტყჳ შენ, ვითარმედ: შჳდნი ძმათა მათ ჩუენთაგანნი რომელნი დაუტევენით ქუაბსა მას შინა, შეუსუენებიეს.
    13.     ვიხილე, რამეთუ ათორმეტი რტოჲ აღმოსცენდა ქუაბსა მას შინა.
    14.     და მოუჴდეს ორნი კაცნი სპეტაკითა მოსილნი და მოჰკუეთნეს მათგანნი შჳდნი რტონი და წარიხუნეს და დაჰნერგნეს იგინი სამოთხესა მას შინა ღმრთისასა.
    15.     ჰრქუა მას იოვანე: ჰე, ძმაო, წარვიდეთ.
    16.     არამედ მგონიეს, ვითარმედ მოგეჴსენა მიზდებით შრომაჲ და მისთჳს ეგრჱთ ისწრაფი.
    17.     და ვითარ ვიდოდეს იგინი გზასა თჳსსა, მიიწივნეს იგინი მიმწუხრი მთასა ერთსა.
    18.     და იყო მთასა მას ზედაკერძო ხჱ ერთი მაღალი, და მას ზედა კაცი ვინმე და ვითარ-იგი ჴმა-უყვეს მას: „გუაკურთხენ, მამაო“, და არაჲ მიუგო მათ.
    19.     და აქცია პავლე და ჰრქუა: გაფუცებ შენ ქრისტესა, რომელსა ჰყუარობენ მართალნი, უკუეთუ კაცი ხარ, გუეზრახე ჩუენ, და უკუეთუ ეშმაკი ხარ, ივლტოდე ჩუენგან, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა.
    20.     ვითარ ესმა ნეტარსა მას, რომელი იყო ხესა მას ზედა, სახელის-დებაჲ ქრისტესი, განიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ იხილნა ძმანი თჳსნი მოსრულნი მისა.


8

     1.     ჰრქუა მათ: მოხუედითა მშჳდობით მონანი ეგე ქრისტესნი?
    2.     ჰრქუა მას იოვანე: მამაო, რაჲსათჳს გამოირჩიე საქმჱ ეგე, რაჲთა სდგე თავსა ზედა ამათ ხეთასა, ანუ რავდენი წელი გაქუს შრომასა ამას შინა?
    3.     ხოლო წმიდამან მან თქუა: ვფუცავ სიყუარულსა თქუენსა, ძმანო ჩემნო, რამეთუ მაქუს ადგილსა ამას ოცდათხუთმეტი წელი, არავის უხილავ მე გარნა ორთა ხოლო კაცთა, რომელთა მომართჳან ჟამითი-ჟამად პური და წყალი.
    4.     და მეცა თქუენებრვე გზა-მეცა და თანა-წარვიდოდე ადგილსა ამას, ვითარ-ესე აწ თქუენ, და ვპოვე აქა კაცი მოხუცებული, სახელით აბრაჰამ, წინამძღუარი მძოვართაჲ, და დგა იგი ხესა ამას ზედა.
    5.     და ვითარცა მიხილა მე, დამიყენა მე მის თანა სამ დღე და მითხრობდა მე ბრძოლათა მათ, რომელნი შეემთხუეოდეს სულთაგან არაწმიდათა, და სიმდაბლესა მას, რომელი მოიპოვა სულმან მისმან ღმრთისა მიერ შემდგომად ბრძოლისა მის.
    6.     და შემდგომად სამისა დღისა შეჰვედრა სული თჳსი ღმერთსა.
    7.     და შთამოვიღე და დაჰვმარხე იგი.
    8.     და შეიყუარა სულმან ჩემმან სიმარტივჱ იგი სულისა მისისაჲ.
    9.     და აღმოვედ და დავდეგ ადგილსა მისსა და მოველო მაცხოვარებასა ღმრთისასა.
    10.     და გლოცავ თქუენ, ძმანო, დაადგერით ჩემ თანა სამ დღე ოდენ ღმრთისათჳს და იხილოთ საკჳრველი.
    11.     ღმერთმან, რომელმან მომავლინა ნეტარისა აბრაჰამისა, მანვე აწ თქუენ მოგავლინნა ჩემდა.
    12.     და ვითარცა სამი დღჱ დავყავთ მის თანა, შეჰვედრა სული თჳსი ღმერთსა და გჳბრძანებდა ჩუენ და განგუაკრძალებდა და გჳთხრობდა საქმეთა, რომელნი მოწევნად არიან ნათესავსა ზედა კაცთასა.
    13.     და ვითარცა აღმოუტევა სული თჳსი, და აღვჴედით ხესა მას, და ემოსა მას სამოსელი ძაძისაჲ, და ვპოვეთ მუნ ფსჳრიდი ერთი, რომელსა შინა იდვა მცირედ პური და ოსპნი დამბალი, და სარწყული ერთი წყალი ზე ეკიდა.
    14.     და ვითარ გარდამოვიღეთ იგი, რაჲთამცა დაჰვმარხეთ, აჰა ესერა ერი მრავალი მოვიდოდა, რომელთა აქუნდა სანთლები ბრწყინვალჱ და საცეცხურები და გუკითხეს ჩუენ, ვითარმედ: სადა არს მოწამჱ იგი, რამეთუ გუეჩუენა ჩუენ, და გარდამოვივლინენით ბრძანებით, რაჲთა პატივ-ვსცეთ მოწამესა მას.
    15.     და ვითარ ესე გუესმა, გულისხმა-ვყავთ, ვითარმედ სახილავი იგი, რომელი ვიხილეთ, წმიდისა მისთჳს შესუენებულისა იყო.
    16.     და განვსძარცუეთ მას ძაძაჲ იგი და ვსცხეთ მას ზეთი სიწმიდისაჲ და კუალად შევჰმოსეთ ძაძისა იგი სამოსელი და საბეჭური იგი მისი და შთავდევით ლუსკუმასა, სადა ისხნეს ძუალნი ნეტარისა აბრაჰამისნი, და თანა შთაუსხენით და მივეცით იგი მღდელთა მათ, რომელნი იყვნეს ერისა მის თანა.
    17.     და წარვედით ჩუენ გზასა ჩუენსა და წარმოვიღეთ ფსჳრიდი იგი და სარწყული ნეტარისაჲ მის ჩუენ თანა ევლოგიად, და კურნებანი მრავალნი აჩუენნა ღმერთმან წყლისა მისგან ლოცვითა მის ნეტარისაჲთა.
    18.     და ვითარ ვლეთ უდაბნოსა მას ხუთი დღჱ, მივიწიენით ადგილსა, რომელსა ჰრქჳან ლოდი იაკობისი, და ვპოვენით მუნ კაცნი მძოვარნი, რომელთა ჰქონდეს საქმენი შუენიერნი წინაშე ღმრთისა და კაცთა.
    19.     და ესუა მათ მამასახლისი, და სავსე იყო სული მისი მადლითა ღმრთისაჲთა.
    20.     და ვითარ ვიხილენით იგი, დავცჳვენით პირთა თჳსთა ზედა წინაშე მათსა და ვიკურთხენით მათგან.


9

     1.     და იყო სახელი მამასახლისისა მათისაჲ სტეფანე.
    2.     და ვითარ გჳხილნა ჩუენ, სიხარულით შეგჳწყნარნა და თქუა: მშჳდობით მოხუედითა, მამანო ჩემნო, რამეთუ მოხუალთ მთით სინაჲთ, რომელ არს მთაჲ ღმრთისაჲ.
    3.     ჰრქუა მას პავლე: და ვინ გითხრა შენ, მამაო, ვითარმედ მთით ღმრთისაჲთ მოვალთ?
    4.     მიუგო მას სტეფანე: ყოველი გზავნაჲ თქუენი ცხად არს წინაშე ჩემსა, ვინაჲთგან გამოხუედით ურაჰით, არამედ დუმენით.
    5.     და დავადგერით ზოგად.
    6.     და ვითარ მწუხრისაჲ ვილოცეთ, მისსა შემდგომად დაგჳგეს ჩუენ სერი.
    7.     მოიღო სტეფანე მამასახლისმან, რაჲთამცა მოსცა ლოცვაჲ და მოგუხედნა ყოველთა.
    8.     და აღიღო პური იგი და მისცა ჴელთა პავლჱსთა და ჰრქუა მას: მიიღე, მამაო, რამეთუ ეპისკოპოსი ხარ.
    9.     შენდა ჯერ-არს მოცემად ჩუენდა კურთხევაჲ.
    10.     მაშინ პავლე შეუპყრნა მუჴლნი მამასახლისსა და იწყო სიტყუად მისა: ნუ მამხილებ მე, მამაო, რაჲთა არცა მე გამხილო.
    11.     და ვითარ ესმა ესე მამასახლისსა მას, მოსცა კურთხევაჲ.
    12.     მაშინ ჰრქუა მამასახლისმან პავლეს: რაჲსათჳს ჰმალავ, მამაო, მადლსა, რომელი მოგცა შენ ღმერთმან, რამეთუ ეპისკოპოსი ხარ და ჰყოფ თავსა თჳსსა სხუათა კაცთაებრ?
    13.     ჰრქუა მას პავლე: რამეთუ შენ გიპყრიეს დედაკაცი ძმათა შოვრის ათექუსმეტით წლითგან.
    14.     ვითარ ესმა ესე ძმათა, შეშფოთნეს და ჰრქუეს: მამაო, რაჲ არს საქმჱ ესე?
    15.     ვითარ იხილა სტეფანე, რამეთუ განცხადნა საქმჱ იგი, აღდგა შოვრის კრებულსა მას წმიდათასა და თქუა: ძმანო ჩემნო, ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი: მეწამების მე უფალი დაბადებულთაჲ, რამეთუ არა ვტყუვი.
    16.     უწინარჱს ათექუსმეტისა წლისა, ვიყავ რაჲ უდაბნოს, შემემთხჳა მე ჭაბუკი ერთი ქალი შეცთომილი უდაბნოსა.
    17.     და იყო იგი შჳდის წლის, ტიროდა იგი და ღაღადებდა.
    18.     და ვითარ მიხილა მე, მოვიდა ჩემდა, შემიპყრნა ფერჴნი ჩემნი და თქუა: შემიწყალე მე, მონაო ღმრთისაო, და მიპყარ მე შენ თანა, რამეთუ დედა-მამანი ჩემნი მოკუდეს, და არავინ მივის და დიდისა ჭირისა ჩემისაგან ვიარები უდაბნოსა ამას.
    19.     და ვითარ მესმა მე ესე, შემეწყალა მე იგი, ნუუკუე მჴეცმან შეჭამოს, და ვიპყარ იგი დღესამომდის.
    20.     და არს იგი ამბა მათე, რომელსა უწოდით საჭურისი, და იცნით სრულნი იგი სათნოებანი ქრისტეს მიერ.


10

     1.     ჰრქუეს მას ძმათა მათ: მამაო, ოდეს არა ვიცოდეთ საქმჱ ესე, ზოგად ვიყოფოდეთ და არარაჲ გუევნებოდა.
    2.     ხოლო აწ ვერ შემძლებელ ვართ ყოფად მის თანა, რაჲთა არა შევცჳვეთ, რაჲ-იგი ღმერთსა არა სათნო-ეყოს.
    3.     ჰრქუა მათ მამასახლისმან ტირილით: ძმანო ჩემნო, არს ესე ათექუსმეტი წელი, ვინაჲთგან ვისწრაფი, რაჲთა დავიცვე ტარიგი ესე ქრისტესი, და არს იგი სიმძაფრესა ოდენ სიჭაბუკისასა.
    4.     და უკუეთუ განუტეო ეგე, მეშინის, ნუუკუე განრყუნას ეგე მტერმან.
    5.     მიიდევით ეგე თქუენ, რაჲთა არა მომჴადოს იგი ღმერთმან დღესა მას უკუანაჲსკნელსა, და გაუტეო ეგე.
    6.     ჰრქუა მათ წმიდამან იოვანე, რაჟამს იხილა საქმისაჲ მის განდიდებაჲ, რამეთუ ყოველნი აღშფოთნეს: ძმანო ჩემნო, მოვედით, დავიმარხოთ დღჱ ესე და მწუხრი, ღამჱ ვათიოთ, და ნებაჲ ღმრთისაჲ იყოს.
    7.     და ვითარ შოვაღამესა ოდენ იყო, შეჰვედრა ჭაბუკმან მან სული თჳსი ღმერთსა, და ეგრჱთვე წარვგრაგნეთ სამოსლითურთ და დაჰვმარხეთ ლოდსა მას თანა, რომელსა მიაყრდნა თავი თჳსი იაკობ, რაჟამს-იგი წარვიდოდა ქარანად.
    8.     ხოლო ჩუენ წარვედით იერუსალჱმდ.
    9.     და ვითარ მოვილოცენით წმიდანი ადგილნი, წარვედით ურაჰად ქალაქად კურთხეულად და ვპოვეთ, რამეთუ გარდაცვალებულ იყვნეს შჳდნი იგი წმიდათა მათგანნი, რომელნი იყვნეს ქუაბსა მას შინა, ვითარცა-იგი წინაჲსწარვე თქუა პავლე.
    10.     ხოლო მე ვევედრებოდე და ვარქუ: ამიერითგან, ძმაო, არღარა განგეშორო უკუნისამდე.
    11.     უკუეთუ გნებავს, სახლსა ჩემსა ვიყვნეთ, და თუ გინდეს, აღვიდეთ ქუაბად წმიდათა მათ თანა.
    12.     ჰრქუა მას პავლე: უკუეთუ გნებავს განსუენებაჲ ჩემი, მიტევე, რაჲთა ვიქმოდი მუშაკთა თანა, და მწუხრი ვიდრე განთიადმდე აღვიდეთ წმიდათა მათ თანა.
    13.     და ესრჱთ ჰყოფდეს მარადის.
    14.     ხოლო ღმერთმან, რომლისა საიდუმლონი არა დაიფარვიან დაბადებულთა მისთანი, ინება, რაჲთა გამუაჩინოს პავლე, ვითარმედ არა დაუტეოს იგი და არცა წარწყმიდოს მადლი უცხოებისა მისისაჲ.
    15.     იყო ურაჰას შინა კაცი პატიოსანი და მთავარი მის ქალაქისაჲ.
    16.     და ესუა მას ცოლი, და იყო მის თანა სალმობაჲ მძიმეჲ მტერისა მანქანებითა ათცამეტ წელ.
    17.     და ეჩუენა კაცსა მას მორწმუნესა: უკუეთუ გნებავს განკურნებაჲ ცოლისა შენისაჲ, წარვედ შოვაღამესა და დადეგ კართა ეკლესიისათა პირველ ლოცვისა დაწყებისა და თქუ: პავლე, პავლე!
    18.     და რომელმან ჴმა-გცეს, წარიყვანე შენ თანა სახიდ შენდა, და მან დასდვას ჴელი მისი ცოლსა შენსა, და განიკურნოს იგი.
    19.     და მადლმან ღმრთისამან დააყენა იგი არა აღსლვად დღეთა მათ წმიდათა მათთა თანა.
    20.     აღდგა კაცი იგი და წარიყვანნა ორნი მსახურთა მისთაგანნი და შთავიდა ეკლესიისა კართა შოვაღამესა ოდენ და ჴმა-ყო: პავლე, პავლე!


11

     1.     და მიუგო მან და თქუა: რაჲ გნებავს?
    2.     ჰრქუა მას კაცმან მან: მომეახლე, რამეთუ მიჴმს რაჲმე შენგან.
    3.     და ვითარ მიეახლა, ჰრქუა მას: მესმა შენთჳს, რამეთუ მუშაკი ხარ და რამეთუ განუსუენი, რომელთა-იგი უქმოდი, და მიც მე საქმარი სახლსა შინა ჩემსა.
    4.     წარმოვედ ჩემ თანა და მოქმენ საქმჱ იგი ჩემი, და მე მიგცე მიზდი შენი.
    5.     ჰრქუა მას პავლე: რაჟამს გამოაბრწყინოს ღმერთმან ნათელი მისი დაბადებულთა თჳსთა ზედა, მოვედ და მე წარვიდე შენ თანა.
    6.     ჰრქუა მას კაცმან მან: არა, არამედ აწ წამოვედ.
    7.     და წარიყვანა იგი სახიდ თჳსა და წარადგინა ცხედარსა ცოლისა თჳსისასა და ჰრქუა მას: ესე არს ნაშჱნები, რომელი დარღუეულ არს, დაცემულ, და ძალ-უც ქრისტესა, რაჲთა აღაშჱნოს ესე ჴელითა შენითა.
    8.     აღდეგ აწ, ვითარცა ხუროთა-მოძღუარი ბრძენი და ჴელოვანი, მოწაფეო ქრისტესო, და აღაშჱნე სახლი ესე, რომელი დაარღჳა მტერმან.
    9.     უფალმან შენმან აღაშჱნა სასუენებელი, და მტერი მოვიდა და დაადგრა მას შინა და დაარღჳა.
    10.     იწყე აწ შენ საქმედ საქმესა უფლისა შენისასა, ჵ, ხუროთმოძღუარო ჴელოანო, რამეთუ ღმერთმან ჴელითა შენითა აღადგინოს სახლი ესე დაცემული აცამეტით წლითგან.
    11.     ვითარ ესმა ესე პავლეს, თქუა: უკუეთუ ღმერთსა ჰნებავს აღდგინებაჲ დედაკაცისაჲ ამის ცხედრისაგან სალმობისა თჳსისა ჴელითა ჩემითა.
    12.     ჰრქუა მათ: მომართჳთ ზეთი.
    13.     და ვითარ მუართუეს, მოიღო და დაისხა ნებსა თჳსსა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და თქუა: უფალო ჩუენო იესუ ქრისტე, ღმერთო მწეო, რომელნი გხადიან ჭირსა შინა თჳსსა, შენ, რომელმან იხილე სალმობაჲ ადამისი და დასდევ წყლულსა ზეთი ნათლისღებითა წმიდითა და განჰკურნე იგი წყლულებათაგან მტერისათა მარჯუენითა შენითა, შენ, უფალო, განჰზომენ ცანი მტკავლითა შენითა მამისა თანა პირველად და მიეც იგი ჯუარისმცუმელთა შენთა, და შეჰმშჭუალეს იგი ჯუარსა სიყუარულითა შენითა ჩუენდა მომართ.
    14.     და აწცა შენვე, უფალო, მოუვლინე შენმიერი კურნებაჲ დედაკაცსა ამას მდებარესა ცხედარსა ზედა და მკუდარ ქმნულსა მეცნიერთა თჳსთაგან;
    15.     შენ, უფალო, გნებავს განკურნებაჲ სალმობათა სოფლისათა.
    16.     ხოლო მონათა შენთა რაჲ ძალ-უც შოვრის საქმედ?
    17.     დიდებაჲ შენდა ჯერ-არს და არა ჩუენდა;
    18.     შენ, უფალო, მიწოდე, რაჲთა მოვიდე და შოვა-მდგომელ ვიქმნე შოვრის შენსა და შოვრის ჴორცთა ამათ დაღუნებულთა, შენ მოავლინე ძალი შენი, ვითარცა ძლიერ ხარ, და განკურნე სნეულებაჲ დედაკაცისაჲ ამის.
    19.     და ჩუენ ზედაცა იყავნ წყალობაჲ შენი მადლითა შენითა.
    20.     და ვითარ ესე თქუა, ჴმა-ყო ეშმაკმან, რომელი დამკჳდრებულ იყო დედაკაცისა მის თანა, და თქუა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, მონაო ღმრთისაო?


12

     1.     მოსრულ ხარ განძებად ჩემდა საყოფლისაგან ჩემისა, რომელსა შინა ვიყოფოდე მრავლით ჟამითგან.
    2.     და ვითარ ესმა ესე პავლეს – ჴმაჲ ეშმაკისაჲ მის – ჰრქუა მას: არა მე განგაძებ, არამედ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე გიბრძანებს, რაჲთა გამოხჳდე დედაკაცისა ამისგან.
    3.     ვითარ ესმა ეშმაკსა მას სახელი ქრისტესი, გარდამოაგდო დედაკაცი იგი ცხედრისა მისგან და განსტყორცა ვითარ სამ წყრთა ოდენ და დაუტევა, და არარაჲ ევნო მას, და იდვა დედაკაცი იგი, ვითარცა მკუდარი.
    4.     ხოლო პავლე ჰსცხო მას საცხებელი ლოცვისაჲ და მიუპყრა მას ჭამადი.
    5.     და განიკურნა და აღდგა დედაკაცი იგი და მუნთქუესვე წარვიდა და იკურთხა ენკრატისად მონასტერსა შინა.
    6.     და ჰრქუა პავლეს ქმარმან მისმან: მამაო, რაჲ უყო შვილთა მისთა?
    7.     ჰრქუა მას პავლე: უკუეთუ ისმინო ჩემი, გაგაზრახო შენ.
    8.     წარვედ და განუყავ ყოველი მონაგები შენი გლახაკთა და შეიყვანენ შვილნი შენნი მონასტერსა და შენ წარვედ და იზრუნე თავისა შენისათჳს პირველ სიკუდილისა შენისა.
    9.     ხოლო მან შეიწყნარა სიტყუაჲ მისი სიხარულით და ყო, ვითარცა უბრძანა მას პავლე.
    10.     და გამოჴდეს იგინი კეთილად მონაზონად და კეთილად აღასრულეს განგებაჲ მათი მან და ცოლმან მისმან და შვილთა მათთა, თითუეულმან მონასტერსა თჳსსა, ვითარ-იგი ჯერ-იყო, და ესრჱთ განვიდეს სოფლისა ამისგან.
    11.     ხოლო პავლე რაჟამს იხილა, რამეთუ იწყეს მყოფთა მის ქალაქისათა ცნობად მისა, შეეშინა ცუდად-დიდებისაგან და განვიდა იგი ფარულად იოვანჱსგან და წარვიდა იგი ნასიბინდ ქალაქად.
    12.     რაჲთა აღესრულოს მის ზედა თქმული იგი უფლისა ჩუენისაჲ, ვითარმედ: მელთა ჴურელი უჩნს და ფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
    13.     ხოლო იოვანე ეძიებდა მას მრავალ დღე და არა პოვა იგი და დაიდვა თავსა თჳსსა, ვითარმედ არა დასცხრეს ძიებასა მისსა, ვიდრემდის მიიწიოს დასასრულსა ქუეყანისასა.
    14.     გამოვიდა და მივიდა იერუსალჱმდ აღმოსავალად და დასავალად და ჩრდილოჲთ და სამხრით და თავს-იდვა ჭირი და შრომაჲ ას და ოთხმეოცსა დღესა ძიებასა მისსა.
    15.     და მისა შემდგომად შთავიდა ნასიბინდ და მოჲკითხა იგი.
    16.     და ვითარ მიასწავეს მას, სადა-იგი იქმოდა, მივიდა და პოვა იგი, რამეთუ ზე ეკიდა ვარცლი სათიჴჱ და აღვიდოდა იგი კიბესა.
    17.     და სიხარულისა მისგან ვერღარა ელოდა გარდამოსლვასა მისსა, არამედ იწყო ჴმობად მისა: პავლე, პავლე!
    18.     და ვითარ უკმოხედა მას და იცნა იგი, ჰრქუა მას: მელოდე მანდა, ვიდრემდის გარდამოვიდე.
    19.     და ვითარ აღვიდა პავლე, და დადგა ვარცლი იგი კედელსა ზედა და სხჳთ გარდაჴდა იგი, და ვერღარავინ ცნა ადგილი მისი უკუნისამდე.
    20.     ხოლო იოვანე ჰგებდა მრავალ ჟამ, და ვითარ არა გარდამოვიდა მისა, იწყო ძიებად მისა ქალაქსა მას შინა.


13

     1.     და ვითარ არა პოვა, შევიდა სახლსა სასნეულოსა და დააგდო თავი თჳსი მუნ.
    2.     ვერ შემძლებელ არს ენაჲ მითხრობად მწუხარებასა მას, რომელსა შინა იყო იგი, და ურვასა.
    3.     და ვითარ ეძინა მას ღამესა, ეჩუენა მას პავლე ჩუენებით და ჰრქუა მას: ძმაო იოვანე, ნუ იჭირვი და ნუცა მეძიებ, რამეთუ არღარა იხილო პირი ჩემი ჴორციელად, რამეთუ შენისა ნებისა ყოფისათჳს ვერ წარვწყმიდო საქმჱ იგი, რომლისათჳს დაუტევე ქალაქი ჩემი და გამოვედ.
    4.     აღდეგ და წარვედ ქალაქად კურთხეულად და აღვედ ქუაბად წმიდათა მათ თანა და მუნ მოელოდე ბრძანებასა ღმრთისასა ახლოთა ჟამთა ამიერ სოფლით, და წინაშე უფლისა ჩუენისა ვიშუებდეთ ურთიერთას უკუნისამდე.
    5.     და ვითარ იხილა ესე იოვანე, განიხარა სიხარულითა დიდითა და ნუგეშინის-იცა ურვისა მისგან და აღდგა და წარემართა ურაჰად სიხარულით.
    6.     და აღვიდა წმიდათა მათ თანა და მათ თანა შურებოდა წინაშე უფლისა.
    7.     და ცხოვნდა იგი რვა თუე და მისა შემდგომად განვიდა იგი სოფლისა ამისგან საჭირველისა.
    8.     და აქუნდა მას გჳრგჳნი ძლევისაჲ საყოფელთა მიმართ ზეცისათა ბრწყინვალჱ.
    9.     ლოცვითა მისითა იყავნ წყალობაჲ ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა მყოფთა მისთა ზედა, და განმრავლდინ მშჳდობაჲ ეკლესიათა და მონასტერთაჲ და განმრავლდინ მათ შოვრის სრულებაჲ სათნოებათაჲ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდებაჲ და პატივი და სუფევაჲ თანა მამით და ყოვლად წმიდით სულითურთ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამენ.