ეს ადგილი თურმე ვინმე გიგო ვახვახიშვილს ეკუთვნოდა და სახელწოდებაც აქედან მოდის - გიგოს გორა. აი, რას მოგვითხრობს ლეგენდა: მეფე ერეკლეს ერთ-ერთ ქალიშვილს - ნინოს - განთქმულს სილამაზითა და გულკეთილობით - გლეხის ბიჭი შეჰყვარებია, ვაჟიც სიყვარულით პასუხობდა მის გრძნობას. ერეკლე მეფეს კი მისი გათხოვება თავადიშვილზე გადაუწყვეტია. ეს ამბავი შეყვარებული ახალგაზრდებისათვის თავზარდამცემი ყოფილა, მაგრამ, ცხადია, წინააღმდეგობა ვერ გაუბედიათ. როდესაც მეფის გადაწყვეტით ქალის ნიშნობა გამოცხადებულა, სწორედ იმ დღეს ვაჟს საწამლავი დაულევია და თავი მოუკლავს. ქალმა სატრფოს სიკვდილის ამბავი რომ შეიტყო, თურმე მამისთვის უთხოვია, რომ მის სახელზე პატარა ეკლესია აეგო - მამამ თხოვნა შეუსრულა. როდესაც ნინომ აგებული ეკლესია იხილა, აღმოჩნდა, რომ ეკლესია ზუსტად იმ ადგილას აღმართულიყო, სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს…

ასე დარჩა ეს ეკლესია ერთი ლამაზი, უიღბლო სიყვარულის ნიშნად. გიგოს გორაზე ძველი ეკლესიის ადგილას გასულ საუკუნეში ააგეს წმინდა ნინოს სახელობის ახალი პატარა ეკლესია.