დაბრუნდნენ სასწავლებლიდან
ბავშვები ჟივილ-ხივილით,
ზოგი თოვლს მოაგუნდავებს,
ზოგი გამორბის კივილით.
სიცივისაგან ონავრებს
ასწითლებიათ ყურები...
მოვიდნენ, ავლეს სიცილით
აივნის საფეხურები.
მათ კუდისქნევით ბებერი
წინ შეეგებათ თოლია,
მიელაქუცა პატარებს,
ტოლივით მიუქოლია.
ბალღებმაც მიუალერსეს,
ცუგოც მათ ლოკდა ენითა,
შემდეგ-კი კარებს მიმართეს
ქაქანითა და ქშენითა.
გამდელმა ცელქებს საჩქაროდ
კარი გაუღო თუ არა,
მოხუცს სახეზე ალერსის
ღიმილმა გადაუარა.
“უთუოდ ძლიერ მოშივდათ
ჩემს პაწა ცუგრუმელებსა!”
ზოგს პალტოს ართმევს ზოგს აბგას,
და ზოგს უორთქლავს ხელებსა.
რა გადაჰკოცნეს გადია,
შევარდნენ კასკას-რბენითა,
იატაკს გააქვს ზანზარი,
სახლი ივსება ლხენითა.
მისცვივდნენ ტახტზე მწოლარე
ავადმყოფ დედას ცქვიტები
და შემოუსხდნენ გარშემო
როგორც პატარა გვრიტები.
მამა-კი ცალკე ოთახში,
დაღრეჯილ-დაღონებული,
შუბლგაუხსნელი, ერთთავად
სწერს რაღაც დაფიქრებული.
აი დათიკომ ამაყად
დედას უჩვენა რვეული
და ეუბნება სისწრაფით,
ღიმილად გადაქცეული:
- აბა, დედილო, დახედე
კარგად გასინჯე ესაო,
მთლად შეუცდომლად დავწერე
მე ორი გვერდი დღესაო.
- მე კი დღეს, - უთხრა თამრომა, -
სახატავ რვეულზედაო
ნაძვებს და ბუჩქებს ვხატავდი
სხვადასხვა ფერად, დედაო.
- აქ რასაც ჰხედავ, უყურებ,
სულ ჩემი ნახატებია,
და მასწავლებელს ამათში
ერთიც არ უსწორებია.
ავადმყოფს სახე ეშლება,
მშობლისა გული ტკბილად სძგერს
და მათ ტიტინში სნეული
დედა ივიწყებს ყველაფერს.
აგერა მამაც გამოდის,
გარს ეხვევიან შვილები...
- ანცებო, კარგად იცოდით
დღეს ყველამ გაკვეთილები?
რა პასუხს იღებს, ეხვევა,
კოცნით იჯერებს მამაც გულს,
და ეფანტება ნაღველი
სახეზე დაღლილ-დაქანცულს.
ამათ სიხარულს თითქოს მზეც
ფანჯრიდან უღიმდებოდა
და ბალღებს ხუჭუჭ ქოჩორზე
ოქროსფრად ეფინებოდა.


1891 წ.