გულთამხილაო! ჩვენ ცოტანი ვართ,
შენც კარგა უწყი, იცის სხვამაცა;
რომ წავიქეცით, მუმლი და ქინქლა
სწორედ ამ ფიქრმა გაამამაცა.
ეგონათ ძალა აღარა ჰქონდა,
რაკი დავეცით, ჩვენს აღმზრდელ ფესვებს,
და ყველა ერთად ზედ დაგვესია,
როგორც სჩვევია ლაჩართა წესებს.
მაგრამ ძველ მუხის გამდგარ ძირ-ფესვებს
ცის გუმბათისკენ ეპყრათ თვალები,
ცვარ-ნამით მიწა რომ ფუვდებოდა,
იქ ღვივდებოდნენ ჩვენი ძალები.
და, აჰა, ძირზე კვლავ ავიფეთქეთ,
დავისხით ხშირი ფოთოლ-რკოები,
კვლავ დავაპურეთ ჩვენი ნაყოფით
როგორც ღორები, ისე ხბოები.
ყველა ესენი სურვილ-ნებაზე
როდესაც კარგად გამოძღებიან,
სანამდის კიდევ მოშივდებოდეთ,
აგრილებამდის ჩვენ ქვეშ წვებიან.
ვინ უშლის ამათ სიამოვნებას.
თუ არ თვალით ბრმა და ენამრუდი;
ღორებთ დინგები მიწისკენ მიაქვთ
და არ იციან, რომ გვხურავს ქუდი!
მაღლა ახედვის შნოც დაუკარგავთ,
მადლის მაგიერ იბღვირებიან,
რკოთი გაძღომას არა კმარობენ
და ფესვებისკენ გვეტანებიან.
და ჩვენ კი გვინდა გრძელი სიცოცხლე
მზიურ ცათქვეშე, მზიურ მიწაზე,
და ვიდრე ერთი ვარსკვლავი ბჟუტავს
ჩვენი ბედისა მოწმენდილ ცაზე, -
ჩვენი წახდენა აღარ იქნება,
გამოიფშვნიტონ კარგად ყურები...
დაჰქროლე მედგრად, ძლიერო ქარო,
შორს ჩვენგან ჩვენი უმადურები!