ბიჭო, ნუ იჭერ პეპელას,
ფრთამალალია, ბრალია,
კოპწია ყვავილებისა
და მინდვრის ტურფა ქალია.
სუყველას, დიდს და პატარას
უმზერის თანაგრძნობითა.
დაეხსენ, თორემ ყველანი
მოგიგონებენ გმობითა.
ობლად რომ ხედავ ყვავილსა,
ე, მინდვრის განაპირასა.
სულ მუდამ ღამე პეპელა
იძინებს იმის ძირასა.
დილაადრიან ადგება,
მიესალმება ტკბილადა
და მერე ფოთლებს უკოცნის
მოწიწებით და ფრთხილადა.
სხვა ყვავილებსაც ნახულობს,
უვლის მთელს არემარესა,
არ ეკარება ეკალსა,
შხამიანსა და მწარესა.
საღამოს ობოლ ყვავილთან
მოდის კვლავ დასაწოლადა,
შენ რომ მოუკლა, საბრალოს
ვიღა მიუვა ტოლადა?!


1911 წ.