მარტოდმარტოა ობოლი,
ზის და ქვითინებს მწარედა,
მამა შინ არ ჰყავს საწყალსა,
დაც გამოსულა გარეთა.
გული ელევა საბრალოს
დისა და მამის ლოდინში,
ვერც კარი ჩაუკეტია,
ვერც ჩაწოლილა ლოგინში.
დედა-კი სხვაგან ჰგონია:
შორს, სადღაც, სალოცავადა,
ვერ მიხვედრილა, თუ მამას
რისთვის აცვია შავადა.
ღამეა. ქარი გრიალებს,
ფინია ჰყეფავს კარებზე,
შინ-კი პატარას შიშისგან
ცრემლი ჩამოსდის თვალებზე.
რა დაიღლება ტირილით
და ჯდომა მოეწყინება,
კერის წინ ფარატინებზე
მიწვება, მიეძინება.
დედასა ჰხედავს სიზმარში,
ღიმილი მოსდის პირზედა,
კაბის ღილს უხსნის, ძუძუზე
ჰკოცნის და ეკვრის ჟინზედა.
რაკი დასტკბება ალერსით
და მშობელ დედის ყურებით,
გულამომჯდარი ტიტინებს
კალთაში საყვედურებით:
- სად დამემალე, სად წახველ,
ვისთან იყავი, დედაო?
სამი ღამეა მშიერი
ვიძინებ ზედიზედაო.
ყურს არვინ მიგდებს, ცარიელ
კუჭს ძლივას ვიძღობ პურითო,
რასაც ვჭამ, ისიც სავსეა
ნაცარითა და მურითო.
ნუღარსად წახვალ, დედილო,
შენს ძუძუს ვენაცვალეო!
თუ კიდევ სადმე წახვიდე,
მეც შენთან წამიყვანეო...
იძინე, ჩემო პატარავ,
იძინე ტკბილის ძილითა;
წყნარად, გულდამშვიდებულსა
გაგეღვიძება დილითა.
ცხადლივ ვერ ნახავ დედასა,
ვერ ჩაეკვრები უბეში,
გული კვლავ აგიტირდება,
მაგრამ ხალხია ნუგეში.


1891 წ.