ცხრა ჩემთვის მზიანია,
ელვარე და ლომფერი.
როცა მე დავიბადე,
იყო ცხრა ოკტომბერი.
შემდეგ ნაზი დღეები
თვალმა ვეღარ დათვალა,
დღე ყოველთვის ცხრა იყო,
და მზე მუდამ - ცხრათვალა.
ოჰ, ტკბილო საქართველო!
სუნთქვა გაუმაძღარო,
შენი სახელებია
ცხრამუხა და ცხრაწყარო.
ცხრა - არჩევის დღე იყო
პოეტების მეფეთა.
ცხრას - პირველი გრიგალი
გზაზე შემომეფეთა.
სიტყვაში: რუსთაველი
ცხრა ელვარე ხანია,
სახელიც: გალაკტიონ -
მხოლოდ ცხრა ანბანია.
მახსოვს ზამთრის დღეები
და სიბნელე გვიანი -
როგორ უცებ მშველოდა
ისევ ბუხრის ცხრიანი.
ოჰ, ოცნებავ ყრმობისა,
ცრემლი იყო ღვარული.
ცხრა კლდესაც გაალხობდა
ჩემი ცხრა სიყვარული.
ცხრა ჩემთვის მზიანია,
ელვარე და ლომფერი,
როცა მე დავიბადე,
იყო ცხრა ოკტომბერი.