თავი 1
ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოს შესახებ

აქამომდე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, უხილავ ბრძოლაში მტრის დასაძლევად ოთხი იარაღი შემოგთავაზე: საკუთარი თავის უნდობლობა, ღვთისადმი შეურყეველი სასოება, ცოდვისადმი წინააღმდეგობა და ბრძოლა მასთან და ლოცვა. ახლა მსურს სხვა უძლიერეს იარაღზე, ანუ ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოზე მიგითითო. როგორც საიდუმლოთა შორის უმაღლესია ეს საიდუმლო, ასევე სულიერ იარაღებს შორისაა უძლიერესი და მტრის შემმუსვრელი. ის ოთხი იარაღი, რომელზედაც ვისაუბრეთ, იმ მადლიანი ნიჭისგან იძენს ძალას, რომელსაც ჩვენ ქრისტეს სისხლი მოგვიხვეჭს. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ამ ოთხი იარაღით და ქრისტეს ძალით ვებრძვით ბოროტს. მისით გვამარცხებინებს უფალი იესო ქრისტე ჩვენს მტრებს. რადგან ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე მასში, როგორც თავადვე ამბობს უფალი: ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, და მე მასში (იოან. 6,56). ამიტომ როდესაც მტრებზე ვიმარჯვებთ, ეს მაცხოვრის სისხლი ამარცხებთ მათ, როგორც დაწერილია გამოცხადებაში: და მათ სძლიეს მას (ცილისმწამებელ სატანას) კრავის სისხლით (გამოცხ. 12,11).

ეს უწმიდესი საიდუმლო, ეს უძლიერესი იარაღი, განსაკუთრებით კი ამ საიდუმლოში მყოფი ქრისტე, ქმედითია და მიიღება ორნაირად: 1) საიდუმლოდ, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მეშვეობით, ღირსეული მომზადებით, გულშემუსვრილებით, აღსარებით, ეპიტიმიის მეშვეობით, განწმენდითა და მარხვით; 2) სულიერად და შინაგანად, გულსა და გონებაში. ამათგან პირველი იმდენად ხშირი შიძლება იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, გარეგნული ვითარების, შინაგანი მდგომარეობისა და სულიერი მოძღვრის აზრის გათვალისწინებით; ხოლო მეორე - ყოველწამიერი. ასე რომ, შეგლიძია მუდამჟამს ხელთ გეპყრას ეს უძლიერესი იარაღი და მუდმივად დაიცვა თავი მტრისაგან. უწყოდე და, რაც შიძლება ხშირად ეზიარე ქრისტეს წმიდა საიდუმლოს, როგორც კი სულიერი მოძღვარი ნებას დაგრთავს. გონებრივად და სულიერად კი მუდმივად დაეწაფე უფალ იესო ქრისტეს: ამის შესახებ უკვე მოგეცი რჩევა-დარიგებანი როდესაც ლოცვაზე ვსაუბრობდით.


თავი 2
როგორ გვმართებს ევქარისტიის წმიდა საიდუმლოს მიღება,
ანუ უფალ იესო ქრისტესთან ზიარება საიდუმლოდ - საიდუმლოებებით

იმ მიზნის მისაღწეავდ, რისთვისაც ამ ღვთაებრივ საიდუმოოს მივეახლებით, გარკვეული განწყობილება, ქმედებანი და საშუალებებია საჭირო ზიარებამდე, ზიარებისას და მას შემდეგაც. ზიარებამდე სინანულისა და აღსარების საიდუმლოთა მეშვეობით უნდა განვიწმინდოთ ნებისმიერი სიბინძურისა და ცოდვისაგან, სასიკვდილო იქნება თუ არასასიკვდილო; შევასრულოთ, რასაც აღსარების შემდეგ მოძღვარი გვეტყვის და მტკიცედ გადავწყვიტოთ, რომ მთელი გულით, სულით ძალითა და გონებით ვემსახურებით და სათნოვეყოფით ერთადერთს - უფალ იესო ქრისტეს. ამ საიდუმლოთი უფალი იესო ქრისტე ჩვენ საკუთარი სისხლისა და ხორცის, სულის, ღმრთეებისა და განკაცებული მაცხოვრის ძალმოსილების თანაზიარს გვხდის. გავიაზროთ, რა არარაობაა ჩვენს მიერ გაღებული მასთან შედარებით, რასაც უფალი გვაძლევს. გულში აღვიბეჭდოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მის სადიდებლად; და თუ ოდესმე გავხდებით მფლობელი ყველაზე დიდი ნიჭისა, რაც კი შეიძლება მიაგოს უფალს მიწიერმა თუ ზეციურმა გონიერმა ქმნილებამ, დაუფიქრებლად მივუძღვნით მის ღვთაებრივ დიდებულებას.

როდესაც წმიდა საიდუმლოებებთან ზიარება გსურს,რათა მათით საკუთარი და უფლის მტრების დამარცხება შეძლო, წინა საღამოს, ანდა უფრო ადრეც, გაიაზრე, რამდენად სურს უფალს - ჩვენს მაცხოვარს, ძეს ღვთისას, რომ მის სისხლსა და ხორცს ეზიარო, რომ დაუთმო საკუთარი გული, რათა შეგიერთოს და ამით ვნებების განდევნასა და მტრის დამარცხებაში დაგეხმაროს.

იმდენად დიდი და მხურვალეა ჩვენი უფლის ეს სურვილი, რომ შექმნილ გონებას არ ძალუძს სრულყოფილად დაიტიოს. ეს რომ რამდენადმე ღრმად შეიგრძნო, გონებაში ორი აზრი უნდა აღიბეჭდო: 1) თუ რამდენად გამოუთქმელია ყოვლადსახიერი უფლის სიხარული ჩვენთან გულწრფელი ურთიერთობის გამო, როგორც წმიდა წერილი გვასწავლის: ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული (იგავ. 8,31), როგორ ძლიერ სძულს ღმერთს ცოდვა, რადგან ის ხელს გვიშლის უფალთან შეერთებაში და სრულიად საწინააღმდეგოა ღმრთაებრივი სრულყოფილებისა. ბუნებით უსაზღვროდ სახიერმა და უწმიდესმა ნათელმა, გამოუთქმელმა მშვენიერებამ, შეუძლებელია, უზომოდ არ ითაკილოს ცოდვა, რაც სხვა არაფერია, თუ არა უკიდურესი ბოროტება, სიბნელე, ხრწნა და სიბინძურე ჩვენს სულებში. ცოდვის მიმართ იმდენად მოუთმენელია უფალი, რომ ცოდვით დაცემისთანავე, საღვთო განგებულება, ძველ და ახალ აღთქმათა ძალისხმევა, განსაკუთრებით კი ჩვენი მაცხოვრის, ძე ღმერთის - უფალ იესო ქრისტეს ვნება, დაცემის კვალის წაშლისა და გამოსწორებისკენაა მიმართული. ზოგიერთი ღვთისმეტყველი და მასწავლებელი იმასაც ამბობს ( გავიხსენოთ წმიდა დიონისე არეოპაგელის თქმულება ტიტუს ხილვის შესახებ), საჭირო რომ ყოფილიყო, უფალი იესო ქრისტე ცოდვის განსანადგურებლად ბნელეთის ძალებსაც კი აღძრავდაო. ასე დევნის ღვთის გულისწყრომა ცოდვას.

როდესაც გაიაზრებ, თუ რამდენად ძლიერია ღვთის სურვილი შენს გულში შემოსვლისა, რათა საბოლოოდ დაამარცხოს იქ შენი მტრები, რომლებიც მისი მტრებიც არიან, შეუძლებელია, ღვთის მიღების მხურვალე სურვილი არ იგრძნო. ამ განწყობას ის საქმითაც განგიმტკიცებს. გამხნევდი, სიმამაცე და კადნიერება გამოიჩინე და მტკიცედ გწამდეს, რომ შენში შემოვა შენი ზეციური მფარველი - იესო ქრისტე. შემდეგ კი იმ ვნებას შეებრძოლე, რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებს და რომლის დათრგუნვაც ყველაზე მეტად გსურს. ეცადე, სიძულვილითა და ზიზღით დაამარცხო იგი. ამავე დროს საკუთარ თავში ამ ვნების საპირისპირო სათნოების ლოცვითი სურვილი აღძარი. და ყოველივეს აღსასრულებლად საქმით მოემზადე.

აი, ასე უნდა მოიქცე ზიარების წინა საღამოს.

დილით, წმიდა ზიარებამდე ცოტა ხნით ადრე, გონების თვალით გადახედე წინა ზიარებიდან აქამომდე შენს მიერ ჩადენილ არასწორ საქციელს, შეცოდებას, გართობას, გაიხსენე, როგორი უშიშებითა და სიბრმავით იქმოდი ყოველივეს, თითქოს არ არსებულიყო ღმერთი, მსაჯული და სამაგიეროს მიმგები, რომელიც ყველაფერს ხედავს და ცოდვათაგან შენს გამოსახსნელად საშინლად ეწამა და სამარცხვინო სიკვდილით ევნო ჯვარზე. შენ კი, ცოდვას დამონებულმა, ფეხქვეშ გაქელე ეს ყველაფერი, საკუთარი ბილწი ვნებები უფლის - შენი მაცხოვრის ნებაზე მაღლა დააყენე. დაე, სირცხვილით აღივსოს შენი სული ასეთი უმადურობისა და უშიშობის გახსენებისას. ოღონდ, თავი დაიცავი სასოწარკვეთილებისგან და არ დაუშვა, სირცხვილმა დაგრთგუნოს. ყოვდადმომთმენი უფალი იხილავს რა შენს სინანულს და მზადყოფნას, ამიერიდან მხოლოდ მას ერთადერთს ემსახურო, მოგხედავს, რათა თავისი უსაზღვრო მადლით გადაფაროს შენი უმადურობის უფსკრული, უშიშობა და მცირდმორწმუნეობა. უღირსების მდაბალი შეგრძნებითა და სრული სასოებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიენდე უფალს. განუმზადე გულში ფართო კარავი, რათა დაუბრკოლებლივ შემოვიდეს. როგორ? - გულიდან არა მარტო მისწრაფებებისა და გრძნობების, არამედ ყოველგვარი გულისსიტყვების განდევნით და გულის კარის ჩაკეტვით, რათა იქ უფლის გარდა ვერავინ შეაღწიოს.

წმიდა საიდუმლოსთან - ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარებისას გულის სიღრმეს მიაშურე, მდაბლად თაყვანი ეცი უფალს და გონებით ასე მიმართე: „შენ ხედავ, ყოვლადსახიერო უფალო ჩემო, როგორ ადვილად ვცოდავ საკუთარი თავის დასაღუპად, როგორ მებრძვის ვნება და და რამდენად უძლური ვარ, რომ მისგან განვთავისუფლდე. შემეწიე და გააძლიერე ჩემი უძლური მცდელობა, ანდა თავად აღიღე ჩემი იარაღი და ჩემს მაგივრად შემუსრე მტრები“.

ამის შემდეგ უფალ იესო ქრისტესთან და ჩვენს ზეციურ მამასთან ერთად წმიდა საიდუმლოს მეშვეობით შენზედ გადმოსულ სულიწმიდას მიმართე, რომელმაც თავისი მადლით უფლის სისხლისა და ხორცის მისაღებად აღგძრა, მოგამზადა და ახლა, ზიარების შემდგომ გარს გერტყმის. თაყვანი ეცი სამებაში განდიდებულ ჩვენს კეთილისმყოფელ ერთ ღმერთს და მადლობა აღუვლინე შენზედ გამოვლენილი დიდი წყალობისათვის, როგორც უდიდესი ძღვენისთვის. მტკიცედ გადაწყვიტე, რომ სამსახოვანი ერთი ღმერთის იმედით საკუთარ ცოდვებთან საბრძოლველად მოემზადო. იცოდე, თუ საკუთარი ვნებების დასაძლევად მთელს ძალისხმევას არ მოუხმობ, ღვთისგან შემწეობას ვერ მიიღებ. ხოლო თუ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად იქნები, თუდნაც ფრიადი გულმოდგინება გამოიჩინო, წარმატებას ვერ მოიპოვებ. გულმოდგინებას და ძალისხმევას ნუ მიატოვებ, ოღონდ წარმატებას მხოლოდ უფლისგან ელოდე. შემწეობაც უცილობლად მოგევლინება, შენს უძლურ მცდელობას განაძლიერებს, გამარჯვებას მოგანიჭებს და დაძლევ მათ, ვისაც ებრძვი.


თავი 3
ევქარისტიის საიდუმლოში ჩაღრმავებით საკუთარ
თავში ღვთის სიყვარულის გაღვივება

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარების ზეციურ საიდუმლოში ჩაღრმავებით საკუთარ თავში ღვთის დიდი სიყვარული რომ გააღვივო, შეეცადე, გაიაზრო ის სიყვარული, უფალმა წმიდა საიდუმლოს საშუალებით რომ გამოავლინა შენს მიმართ. ყოვლადძლიერი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილდა, რომ თავის ხატად და მსგავსად შეგქმნა, არც იმით, რო ცოდვით დაცემულს და ღვთის შეურაცხმყოფელს საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოგივლინა, რომელმაც ოცდაცამეტი წელი დედამიწაზე იცხოვრა, საშინელი წამება და ჯვარზე მტანჯველი სიკვდილი დაითმინა, რათა ცოდვების გამო სატანას დამონებული მისი ხელიდან გამოეტაცე, გამოესყიდე და კვლავ ძველებული ღირსებით შეემოსე. გარდა ამისა, უფალმა საზრდოდ წმიდა სისხლსა და ხორცთან ზიარება დაგიწესა, რათა მთელი არსებით შერწყმოდი განხორციელებულ ღმერთს. ღვთის უდიდესი სიყვარულის ეს უკანასკნელი გამოვლინება მუდმივი ჭვრეტისა და ჩაღრმავების საგნად აქციე, რათა ყოველმხრივ შეიცნო მისი სრულყოფილება და სიუხვე, ისაზრდოო მათით და უფრო მეტად აღაგზნო გულში ღვთისადმი სწრაფვა და სიყვარული.

1) იფიქრე, საიდან მოდის ღვთის სიყვარული შენდამი და მიხვდები, რომ მას დასაწყისი არა აქვს. როგორც მარადიულია უფალი თავისი ღვთაებრივი ბუნებით, ასევე მარადიულია შენდამი მისი სიყვარულიც. ამ სიყვარული გამო მან საუკუნეთა უწინ გონებისთვის გასაოცარი და მიუწვდომელი ქმედებით თავისი მხოლოდშობილი ძე მოგიძღვნა. მთელი სისავსით შეიგნე ეს, განიხარე სულიერი სიხარულით და აღმოთქვი: „ჯერ კიდევ მარადისობის წვდიადსა და უფსკრულში მყოფი ჩემი არარაობა პატივდებული და შეყვარებული იყო უფლისგან. ჯერ კიდევ მაშინ სურდა უფალს ჩემთვის სიკეთე და თავისი გამოუთქმელი სიყვარულის გამო ინება, ჩემთვის საზრდოდ საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოეცა. განა შემიძლია ამის შემდეგ სრულად მას არ მიემართებოდეს ჩემი აზრი, გული და სურვილები?“

2) იფიქრე იმაზეც, რომ შექმნილ არსებათა ურთიერთსიყვარულს, რაც უნდა ძლიერი იყოს იგი, გარკვეული საზომი და ზღვარი აქვს, რის შემდეგაც მას აღარ ძალუძს განფენა. მხოლოდ უფლის ჩვენდამი სიყვარულია უსაზღვრო. და როდესაც ამ სიყვარულის დაკმაყოფილება გახდა საჭირო, მან მსხვერპლად გაიღო თავისი ძე, დაუსაბამობითა და დიდებულებით თავისივე მსგავსი, თანაარსი მამისა, ღვთის სიყვარული ისეთივეა, როგორიცაა მისი ძღვენი და პირიქით, როგორიცაა სიყვარული, ისეთიევა ძღვენი. ერთიცა და მეორეც იმდენად დიდია, რომ უფრო დიადის წარმოდგენა ცოცხალ არსებას არ ძალუძს. შეეცადე, ეს უსაზღვრო სიყვარული შენთვის შესაძლო საზომით გაზომო.

3) იფიქრე იმის შესახებაც, რომ ღმერთმა რაიმე აუცილებლობის გამო კი არ შეგვიყვარა, არამედ თავისი ბუნებით სახიერების გამო. ყველაფრისგან დამოუკიდებლად შეგვიყვარა, თავისთავად, უსაზღვროდ და მიუწვდომლად.

4) ჩვენი მხრიდან ამ სიყვარულს წინ არ უსწრებდა არანაირი საქებარი საქმე, რის გამოც ღირსნი ვიქნებოდით, რომ დაუსაბამო ღმერთს ასეთი განუზომელი სიყვარული მოეგო ჩვენი სიგლახაკის წილ, - შეგვიყვარა, რადგან ასე ნებავდა და არა მარტო შეგვიყვარა, საკუთარი თავი ჩვენ - უღირს ქმნილებებს მოგვიძღვნა კიდეც.

5) ეს გრძნობა წმინდაა და მიწიერი სიყვარულისგან განსხვაევებით, ჩვენგან სამაგიერო სიკეთეს არ მოელის. უფალი არ საჭიროებს რაიმე სიკეთეს სხვათაგან, რადგან თავადაა ყოვლადკმარი და ყოვლადნეტარი. ამიტომ მან ჩვენზედ გარდმოღვარა თავისი უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული, არა ჩვენგან რაიმე კეთილის მოლოდინით, არამედ ჩვენდა საკეთილდღეოდ.

განა შეიძლება ყოველივე ამის გააზრებისას არ გაგვიჩნდეს სურვილი, ვთქვათ: „ო, რა საოცარია ყველაფრი. უზენაესმა საკუთარი გული მომმადლა მე - მის უმცირეს ქმნილებას. რა გნებავს ჩემგან, დიდების მეუფეო? რას ელი ჩემგან, ვინც სხვა არაფერია, თუ არა მიწა და მტვერი? შენი ჩემდამი უსაზღვრო სიყვარულის შუქზე ვხედავ, უფალო, იმისთვის მაძლევ შენს არსებას საზრდოდ და სასმელად, რათა სრულად შემიერთო. შენ კი არ გჭირდება ეს, არამედ მე, რადგან ასე შენ ჩემში იცოცხლებ, მე კი - შენში. ამ უდიდესი სიყვარულით შეერთების შედეგად შენი მსგავსი ვხდები. გავკადნიერდები და ადამიანურად ვიტყვი: ჩემი მიწიერი გულის შენს ზეციურ გულთან შერწყმით ჩემში ერთგვარი ღვთაებრივი გული წარმოიშობა“.

ასეთმა ფიქრებმა, შეუძლებელია, სიხარულითა და კრძალვით არ აღგავსოს, რადგან იხილავ, რამდენად ძვირფარი ხარ ღვთისთვის და როგორ უყვარხარ; მიხვდები, რომ ამ გამოუთქმელი სიყვარულით ღმერთს შენგან სხვა არაფერი სურს, თუ არა საპასუხო სიყვარულის მოპოვება და შენი ნეტარყოფა. ამით ის ქმნილებებისადმი და საკუთარი თავისადმი მიჯაჭვულობას განგაშორებს, რათა შეძლო სრულად მიუძღვნა თავი უფალს, როგორც ყოვლადდასაწველმა; რომ ამიერიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის სიყვარულმა და მისთვის სათნოყოფის წრფელმა სურვილმა დაიპყროს შენი გონება, ნება, მეხსიერება და ყოველი გრძნობა. შენდამი ღვთის სიყვარულის ყოველი ქველისმოქმედება ამგვარად შეიძლება აისახოს შენს სულზე. ეს განსაკუთრებით ბუნებრივია ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოს შინაგანი ჭვრეტისას. გონებასთან ერთად გულიც განახვენ და მოწიწებული ლოცვა და მხურვალე ღაღადისი აღავლინე:

„ჰოი, ზეციურო მეუფეო! როდის დადგება ის წუთი, როდესაც მთლიანად შენი სიყვარულის ცეცხლით აღვენთები? ო, ხელთუქმნელო სიყვარულო, პურო არსობისაო! როდის ვიცხოვრებ მხოლოდ შენით, შენთვის და შენში. ჩემო მარადიულო, მშვენიერო და ნეტარო ცხოვრებავ, ზეციურო მანანავ! როდის შევაქცევ ზურგს ყოველივე მიწიერს და მხოლოდ შენით ვისაზრდოებ? როდის აღსრულდება ეს, ჩემო უმაღლესო სიტკბოებავ და სახიერებავ! უფალო ჩემო, სასურველო და ყოვლადსახიერო! ყოველგვარ ვნებასა და უკეთურებას განაშორე ჩემი საწყალობელი გული, შენი წმინდა სათნოებებით შეამკე და ისეთი კეთილგანწყობით აღავსე, რომ მთელი გულწრფელობით მხოლოდ შენს სათნოსაყოფად ცხოვრება შევიძლო. მხოლოდ მაშინ გახდება ჩემი გული ღირსი შენი მეუფებისა, მხოლოდ მაშინ შევძლებ სიყვარულით შეგთხოვო გულში შემოსვლა და დამკვიდრება. და როდესაც შემოხვალ, წინააღმდეგობას არაფერი გაგიწევს და ისევე აღასრულებ ყოველივეს, როგორაც შენს ერთგულთა სულებში იქმ“.

ასეთ ფიქრებსა და გრძნობებში შეგიძლია გაატარო ზიარების წინა საღამო და დილა. შემდეგ, როდესაც ზიარების დრო მოახლოვდება, მდაბლად და გულის სითბოთი გაიაზრე, ვინაა ის, ვინც უნდა მიიღო შენს არსებაში და ვინ ხარ შენ.

ის ღვთის ძეა, მიუწვდომელი და დიდებულებით შემკული. მის წინაშე ზეციური ძალნი კრთიან. ის უწმიდესია, მზეზე უნათლესი, გონებამიუწვდომი სიწმიდე, მასთან შედარებით ნებისმიერი ამქვეყნიური სიწმინდე უწმინდურია. მან შენი სიყვარულისთვის მონის სახე მიიღო; ისურვა, შეგინებული და შეურაცხყოფილი ჯვარზე ვნებულიყო და, ამავე დროს, ქვეყნის შემოქმედად და მეუფედ დარჩა. მას მთელი სამყაროს სიკვდილ-სიცოცხლე უპყრია ხელთ. ვინ ხარ შენ? - არარაობა. გახრწნილი, ვნებიანი და ბოროტი ბუნების გამო ყველაფერზე უფრო არარა და არაწმინდა; ქვესკნელის დემონთა დასაცინი. იმის მაგივრად რომ მადლიერება გამოგეხატა უფლის უსაზღვრო სახიერების გამო, საკუთარ ვნებებსა და ფანტაზიებს დაემონე; უგულვებელჰყავი შენი სათნომყოფელი და მეუფე და შენთვის დაღვრილი მისი ძვირფასი სისხლი ფეხქვეშ გაქელე. უფალი კი, ამის მიუხედავად, თავისი მარადიული და უცვლელი სიყვარულით კვლავაც მოგიხმობს ღვთაებრივ ტრაპეზზე, ხანდახან კი საშინელი მუქარით შეგახსენებს საკუთარ სიტყვებს, რომლებიც ყველას მიმართაა თქმული და, გაიძულებს, მიეახლო: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს, და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში (იოან. 6,53). უფალი მარადჟამს ღიად ტოვებს საკუთარი გულმოწყალების კარს, პირს არ იბრუნებს შენგან, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვების გამო სუსტიც ხარ, ბრმაც, ღატაკიც და ყოველგვარ ვნებასა და გარყვნილებას დამონებულიც.

აი, რას ითხოვს შენგან უფალი: 1) გულწრფელად იგრძნო ტკივილი ღვთის შეურაცხყოფის გამო; 2) ყველაზე მეტად შეიძულო ცოდვა, დიდიც და მცირეც; 3) მთლიანად მიუძღვნა თავი უფალს და მთელი გულით და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურო - ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღასრულო და ბოლომდე დაემორჩილო მას; 4) მტკიცედ გწამდეს უფლისა და გჯეროდეს, რომ შეგიწყალებს, ყოველგვარი ცოდვისგან განგწმენდს და ხილულ თუ უხილავ მტერთაგან დაგიფარავს.

შენდამი ღვთის ასეთი გამოუთქმელი სიყვარულით გაძლიერებულმა მიიღე წმიდა ზიარება და შიშთა და სიყვარულით წარმოთქვი: „უღირსი ვარ უფალო, შენი სისხლისა და ხორცისა. ბევრჯერ განგარისხე ცოდვებით და არაწმინდა საქმეები არ მომინანიებია. არ ვარ ღირსი შენთან ერთობისა, რადგან ჯერ არ განვწმენდილვარ იმ ვნებებისა და განწყობებისგან, რომლებიც სათნო არაა შენთვის. არ ვარ ღირსი შენი მიღებისა, რადგან ჯერ მთელი სიწრფელით არ განმიცდია შენდამი სიყვარული, შენი ნება და შენდამი მორჩილება. ო, ღმერთო ჩემო, ყოვლადძლიერო და უსაზღვროდ სახიერო! შენი უდიდესი კაცთმოყვარების გამო, ღირსმყავ, შეგერთო და რწმენით მოგეახლო“.

წმიდა ზიარების შემდეგ გულის სიღრმეში განმარტოვდი, ყოველივე ამქვეყნიური დაივიწყე და დაახლოებით ასე მიმართე უფალს: „ცისა და მიწის უზენაესო მეუფევ! ვინ ინებებს ჩემს უღირს გულში შემოსვლას, როდესაც მე შეჩვენებული, ბრმა, ღატაკი და შიშველი ვარ! არავინ, თუ არა შენი ჩემდამი უსაზღვრო სიყვარული. ო, ხელთუქმნელო სიყვარულო! უტკბესო სიყვარულო! რას ითხოვ ჩემგან, საბოლოოდ გაღატაკებულისგან? - არაფერს, გარდა შენდამი ჩემი სიყვარულისა; გარდა იმისა, რომ ჩემი გულის სამსხვერპლოზე შენი სიყვარულის გარდა სხვა ცეცხლი არ ენთოს. ცეცხლი, რომელიც ფერფლად აქცევს დანარჩენ სურვილებსა და სიყვარულს, გარდა სურვილისა, ყოვლადდასაწველ და კეთილსურნელოვან მსხვერპლად შეგეწირო. სხვა არაფერი გსურდა ჩემგან და არც ახლა გსურს რაიმე სხვა. შემოდი და დაივანე ჩემს გულში! ჩემი სურვილი შენს სურვილს ეთნახმიერება. როგორაც შენი სრული არსება მომიძღვენი, ასევე მეც გიძღვნი სრულად საკუთარ თავს, რათა შენში ვგიებდე. ვუწყი, უფალო, რომ მსხვერპლის გარეშე ეს შეუძლებელია; შეუძლებელი იქნება, თუ ჩემში დარჩება თავისმოყვარების რაიმე კვალი, თანაგრძნობა საკუთარი ნების, აზრებისა თუ თავმოთნე ჩვევებისადმი. ამიტომ მსურს, ამიერიდან საკუთარ თავს შევეწინააღმდეგო ყველაფერში, რასაც კი ღვთისთვის არასათნოს ისურვებს. მსურს თავს შენთვის სათნო საქმეები ვაიძულო, თუნდაც ყველაფერი ჩემში და ჩემს გარეთ, წინ აღუდგეს ამ სურვილს. თავად არ ძალმიძს ეს. მაგრამ რადგან ამიერიდან ჩემთან ხარ, კადნიერად ვიმედოვნებ, რომ შენვე ჯეროვნად აღასრულებ ჩემში ყველაფერს. ვესწრაფვი და მსურს, რომ ჩემი გული შენს გულთან ერთობაში იყოს და მჯერა, შენი მადლით ამის ღირსი შევიქმნები. ვესწრაფვი და ვეძიებ მხოლოდ იმის დანახვას, მოსმენას, გააზრებას და შეგრძნებას, რაც შენი ნება იქნება, რასაც შენი მცნებები გვასწავლის. და მწამს, რომ ეს ჩემში შენი ძალის ქმედება იქნება. ვესწრაფვი და ვეძიებ გულისყურს, სადაცა ჰგიებ, სადაც მზერა მუდამ შენსკენ იქნება მიმართული და შენგან გამომავალი ნათლის სხივებით გავთბები. ვსასოებ, რომ ეს ჩემთვის შენი ხელის შეხება იქნება. გესწრაფვი და გეძიებ და ამიერიდან ჩემთვის ერთადერთი ნათელი, ძალა და სიხარული იქნები. მჯერა, ეს ყოველივე ჩემს შინაგან არსებაზე შენი მაცხოვნებელი ზემოქმედებით მოხდება. ამას გევედრები და განუწყვეტლივ ამაზედ ვილოცებ. ო, ყოვლადმოწყალე უფალო! იყავნ, იყავნ!“

იზრუნე, დღითიდღე უფრო მეტი რწმენით აღივსო ევქარისტიის წმიდათწმიდა საიდუმლოთა მიმართ. გაიაზრე, პურისა და ღვინის საშუალებით უფალი როგორ გამოგივლენს საკუთარ თავს და მთელი არსებით შემოდის შენში, რათა განგწმინდოს, უფრო მეტად ღირსეულ და ნეტარგყოს. მაცხოვრის სიტყვების თანახმად, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს (იოან. 20,39). ნუ ისურვებ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში უფალი სხვაგვარი სახით გეჩვენოს, გარდა ამ საიდუმლოსი. შეეცადე გულის სითბოთი განეწყო წმიდა საიდუმლოს მიმართ. ყოველდღიური მოშურნეობით ესწრაფე ღვთის ნების აღსრულებას და სულიერი სიბრძნით აქციე იგი შენი სულიერი, მშვინვიერი თუ ხორციელი საქმეების წარმმართველად. უსისხლო მსხვერპლთან ზიარებისას ყოველთვის საკუთარი თავი შესწირე უფალს მსხვერპლად, ანუ მზად იყავი მისი სიყვარულის გამო ცხოვრებაში მოწეული ნებისმიერი თავდასხმა, გასაჭირი და ცილისწამება დაითმინო.

წმიდა ბასილი დიდი წმიდა ზიარების შემდეგ მაზიარებლების მოვალეობას წმიდა პავლე მოციქულის სიტყვებით გამოხატავს, რომ უფლის სისხლთან და ხორცთან მაზიარებლები მისი სიკვდილის მაუწყებლები არიან ( 1კორ. 11,26). უფალმა ხომ ყველა ადამიანისთვის თავს იდო სიკვდილი, მათთვისაც, ვინც ეზიარება. და რატომ? - რათა ცოცხალნი თავისთვის კი არ ცოცხლობდნენ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა (2კორ. 5,15). ამიტომ ის, ვინც რწმენით, სიყვარულით, თავგანწირვითა და ღვთის მცნებების ერთგულებით მიეახლება წმიდა ზიარებას, მოვალეობას იღებს, იცხოვროს არა საკუთარი თავის, ამა სოფლისა და ცოდვის ტყვეობაში, არამედ წმიდა ზიარების მადლით ჩვენში დამკვიდრებული, ჩვენთვის მომკვდარი და აღმდგარი მაცხოვრისთვის.

ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცთან ზიარების შემდეგ შენთვის ვნებული უფლის სახელით მადლობა შესწირე ზეციურ მამას. მადლობისა და დიდების დასრულებისას ლოცვით შესთხოვე შენი სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი საჭიროებების დაკმაყოფილება, უფლის წმიდა ეკლესიის, ახლობლების, კეთილისმყოფელების კარგად ყოფნა და განსვენებულთა სულების ცხონება.

მამისადმი ჩვენი შუამდგომელი მხოლოდშობილი ძის შემწეობით, ვინც მამა-ღმერთისგან ყოველგვარ წყალობას გამოითხოვს ჩვენთვის, ეს ლოცვა შესმენილი იქნება და ნაყოფსაც გამოიღებს.


თავი 4
სულიერი ზიარების შესახებ

უფალთან ზიარება, მისი სისხლისა და ხორცის მეშვეობით, განსაზღვრულ დროს შეიძლება, იმის მიხედვით, ვინ როგორ გულოდგინეობს და ვის როგორ შეუძლია, ოღონდ დღეში ერთ ჯერზე მეტად არა. შინაგანად კი ყოველწამიერად შეგვიძლია ვეზიარებოდეთ, ანუ ღვთის მადლით უფალთან განუწყვეტლივ ერთობაში ვიყოთ და, როდესაც უფალი ინებებს, გულით შევიგრძნობდეთ ამ ურთიერთობას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის მაზიარებელი, უფლისავე აღთქმის თანახმად, ღვთისა და მისი მადლისმიერი ნიჭების მატარებელია და გულიც შეიგრძნობს ამას. ვინც ჭეშმარიტად ეზიარება, მისი მადლისმიერი მდგომარეობა საგრძნობია. ამ დროს გული სულიერად იგემებს ხოლმე ღმერთს.

მაგრამ რამდენადაც სხეული გვბოჭავს, გარს გარეგნული ურთიერთობები და საქმეები გვარტყია და უამრავი მოვალეობა გვაკისრია, ჩვენი ყურადღებისა და გრძნობის გაორების გამო, უფალთან სულიერი ერთობა დღითიდღე სუსტდება, იჩრდილება და ქრება. უფალთან ზიარების შეგრძნება იკარგება, მაგრამ არ წყდება მასთნ ურთიერთობა, თუ ჩვენდა საუბედუროდ, რაიმე შეცოდება არ დაარღვევს მადლისმიერ მდგომარეობას. უფალთან ზიარების სიტკბოებას ვერაფერი შეედრება. ამიტომ, როგორც კი მოშურნე ამ მდგომარეობის დაკნინებას იგრძნობს, მაშინვე ცდილობს, აღიდგინოს და შემდეგ თითქოსდა ხელახლა იგემებს უფალს. ეს ღმერთთან სულიერი ზიარების მაუწყებელია.

მაშასადამე, სულიერი ზიარება წმიდა ზიარებებს შორისაა. ის შეიძლება მუდმივად მკვიდრობდეს მასში, ვინც წმინდად ინახავს გულს და გრძნობა და გულისყური განუწყვეტლივ ღვთისკენა აქვს მიპყრობილი. ასეთი მდგომარეობა მადლის ზემოქმედების შედეგია და მხოლოდ გულმოდგინე და საკუთარი თავის მიმართ დაუნდობელ მოსაგრეებს მიეცემათ.

თუ ვინმე დროდადრო სულით იგემებს უფალს, ესეც მადლისმიერია. ჩვენია მხოლოდ წყურვილი და გულმოდგინე ძიება ამ ნიჭისა. ასეთი მდგომარეობა თითქოსდა ყოველთვის უცაბედად მოდის ხოლმე, მაგრამ მას რომ ჩვენი სულისკენ გზა გაეხსნას, საჭიროა გულიდან მომავალი ბავშვურად წრფელი და წმინდა ლოცვა და თავგანწირვა სათნოებების მოხვეჭის გზაზე. როდესაც სული უცოდველია, ვნებიანი ფიქრები და გრძნობები სძულს, ანუ როდესაც წმინდაა და ღმერთს სასოებს, რა შეუშლის უფალს ხელს, რომ ის თავისთან ზიარების ღირსი გახადოს და სულმაც იგემოს ეს მადლი? ასეც ხდება, თუ ღმერთი სულისთვისვე სასარგებლოდ, ცოტა ხნით არ გაახანგრძივებს დაუკმაყოფილებლობის წყურვილს. თავგანწირვის გამოვლინებებს შორის ყველაზე ძლიერია მდაბალი მორჩილება და საკუთარი თავის სხვათა ფეხქვეშ გათელვა, განთავისუფლება მომხვეჭელობისგან, ლანძღვა-გინების დიდსულოვნად დათმენა, ღვთის ნებისადმი მთელი სულით მინდობა. ასეთი ღვაწლი ადამიანს ყველაზე მეტად აახლოებს უფალთან და ღმერთიც მის სულს საშუალებას აძლევს, იგემოს იგი. უფლის ყველა მცნების გულმოდგინედ და სიწმინდით აღსრულების შედეგად გულში მამასა და სული წმიდასთან ერთად მაცხოვარი მკვიდრდება (იოან.14,23).

უფალთან სულიერი ზიარება არ უნდა ავურიოთ მის სისხლსა და ხორცთან ზიარებისდროინდელ განცდებთან და მოგონებებთან, თუნდაც მას თან ახლდეს უფლის წმიდა საიდუმლოსთან ჭეშმარიტი ზიარებისადმი სწრაფვა და ძლიერი სულიერი შეგრძნებები. არ უნდა ავურიოთ არც ის, რაც ტაძარში, ჩვეულებრივ, ევქარისტიის დასრულების შემდეგ გვეძლევა, რაც ღვთის კურთხევის მსგავსია და უფლის კეთილი ნების გამოვლინებაა. ეს იმათი ხვედრია, ვინც უსისხლო მსხვერპლს რწმენით, გულშემუსვრილებით და ღვისადმი თავგანწირვისთვის მზადყოფნით იღებს. მაგრამ ეს სულიერი ზიარება არ გახლავთ, თუმცა ამ დროსაც შესაძლებელია სულიერი ზიარება.


თავი 5
ღვთისადმი მადლობის აღვლენის შესახებ

ყოველივე კეთილი, რაც გაგვაჩნია და ყოველი სიკეთე, რასაც ვიქმთ, ღვთისაა და მისგან მოდის. ამიტომ ჩვენი ვალია, მადლიერნი ვიყოთ ყველაფრისათვის, რასაც უფალი თავისი მადლიანი მარჯვენით გვანიჭებს: ხილული თუ უხილავი სიკეთე, სათნო საქმე, ღვაწლი თუ ჩვენი ცხონების მტრებზე გამარჯვება; მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში (თეს. 5,18). ეცადე, თვალის გახელის პირველი წუთებიდანვე მადლიერება გამოხატო ღვთის მიმართ, შემდეგაც მთელი დღე ჰმადლობდე მას და ასეთივე სიტყვებით დაიძინო. შენ ხომ ღვთის მადლით ხარ გარემოცული და ძილიც მისი ერთ-ერთი საჩუქარია.

უფალს არ სჭირდება შენი მადლობა, მაგრამ შენ აუცილებლად გესაჭიროება ღვთის ქველმოქმედება. მისი საცავი და თავშესაფარი შენი მადლიერი გულია. „საკუთარი კეთილისმყოფელის ქველისმოქმედების შენარჩუნების საუკეთესო საშუალება წყალობის ხსოვნა და მუდმივი მადლიერებაა“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკი კი წერს: „მიმღების მადლიერება გამცემს უფრო მეტის გაცემისკენ უბიძგებს. ვინაც მცირედისთვის არაა მადლიერი, იმას დიდის იმედიც გაუცრუვდება. ძღვენი მხოლოდ მაშინ არ იზრდება, თუ მისით მადლობელნი არ არიან“. წმიდა ბასილი დიდი ასეთ კეთილისმყოფლურ შეგონებასაც უმატებს: „რადგან არ ვმადლობთ უფალს მის მიერ ბოძებული წყალობის გამო, მაშინ აუცილებელია, წაგერთვას ეს სიკეთე, რათა გონს მოვეგოთ. როგორც თვალი ვერ ხედავს ძალზედ ახლოს და გარკვეული მანძილი ესაჭიროება აღსაქმელად, ასევე უმადური სული სიკეთის წაგვრით მიხვდება ძველი წყალობის ფასს.და თუ სარგებლობისას არანაირ მადლიერებას არ ამჟღავნებდნენ ძღვენის გამღებისადმი, მისი დაკარგვის შემდეგ ელოლიავებიან წარსულს“. (სიტყვა მადლიერების შესახებ, ტ.4).

ალბათ, იკითხავ, როგორ გავაღვივოთ და დავიცვათ ღვთისადმი მადლიერების გრძნობა. გაიაზრე ღვთის ყველა წყალობა და სიკეთე კაცობრიობის მიმართ, შენს მიმართ. ხშირად იფიქრე ამაზე, მუდამ გახსოვდეს და, თუ გული გიძევს საგულეში, შეუძლებელია სამადლობელი არ აღავლინო უფლისადმი. ამის ნიმუშებს ლოცვებსა და წმიდანთა ნაწერებში იხილავ. აი, როგორ აღწერს წმიდა ბასილი დიდი ღვთის უდიდეს გულმოწყალებას ჩვენდამი: „ჩვენ უმყოფელობიდან ყოფიერში მოვივლინეთ, შემოქმედის ხატად და მსგავსად შევიქმენით, ვფლობთ გონებასა და სიტყვას, რომლებიც ჩვენი ბუნების სრულყოფილებას წარმოადგენენ, და რომელთა მეშვეობითაც ღმერთი შევიმეცნეთ. როდესაც გულმოდგინედ შევისწავლით შექმნილ სილამაზეს, მისი მეშვეობით, როგორც რაიმე დაწერილით, ღვთის დიდებული ჩანაფიქრი და სიბრძნე გვეხსნება, შეგვიძლია კეთილის და ბოროტის გარჩევა, ბუნებით გვჩვევია, ავირჩიოთ სასარგებლო და ზურგი ვაქციოთ საზიანოს. ცოდვით გაუცხოებულები კვლავ მოწოდბულნი ვართ ღმერთთან ურთიერთობისთვის და სამარცხვინო მონობისგან მხოლოდშობილი ძის სისხლით ვართ გამოსყიდულნი. ხოლოს აღდგომის იმედი, ანგელოსური სიკეთეებით ტკბობა, ზეციური სასუფეველი და აღთქმული სიკეთენი ყოველგვარ სიტყვასა და გონებაზე აღმატებულია (იქვე,გვ.51). წაიკითხე უფლის სახიერებათა ეს ჩამონათვალი, შეარჩიე სხვა ან თავად შეადგინე და ღვთის მიერ პირადად შენთვის ბოძებული სიკეთენიც გაიხსენე. ფიქრითა და სიტყვით ხშირად იმეორე, არა მარტო ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც და მუდამ ღვთის მადლიერი იქნები.

მაგრამ აღტყინებულ გრძნობას დამალვა არ უყვარს, ცდილობს, გადმოიღვაროს, რათა შეამჩნიონ. როგორ გამოვამჟღავნოთ ღვთისადმი მადლიერების გრძნობა? გააკეთე ის, რაც სურს შენგან უფალს, ვინც განუზომლად გულუხვია შენს მიმართ. რა სურს? უფალს, რომელიც გარს გარტყია თავისი სახიერებით, სურს, მუდამ გახსოვდეს იგი და შენც მუდამ გახსოვდეს; სურს, სიყვარულით მიეწებო და შენც მიეკარი; სურს, ყველაფერში მისი ნების აღმასრულებელი იყო და მას სათნოეყოფოდე და ასეც მოიქეცი; სურს, მხოლოდ მისი იმედი გქონდეს და მიენდე კიდეც; სურს, რომ შენ, რომელმაც საკუთარი კეთილისმყოფელი მრავალგზის შეურაცხყავი ბილწი და ბოროტი საქმეებით, მოინანიო, გული შეიმუსრო და იტირო ცოდვების გამო; და შენც იგლოვე, ვიდრე საკუთარ სინდისს არ დაუზავდები და არ მიხვდები, რომ ღმერთმა შეგინდო.

ხედავ, რამდენნაირად შეიძლება მადლიერების გამოხატვა და ამ ვალის აღსრულება? გაიაზრე, რამდენად სცოდავს ის, ვინც ჯეროვნად არ იქცევა და ამ ცოდვით მაინც ნუღარ დამძიმდები. უმადურობა ადამიანთა შორისაც სამარცხვინოა. რა შეიძლება ეწოდოს უმადურობის გამოვლინებას უფლის წინაშე? საკუთარ თავში მუდმივად ღვთისადმი მადლიერების გრძნობა აღანთე. ამას განსაკუთრებით ტაძარში, უსისხლო მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას შეეცადე, მას ხომ ევქარისტია, ანუ სამადლობელი ეწოდება. სხვაგვარად ვერაფრით შეძლებ ღირსეულად მადლობდე უფალს, თუ არა მისი ყოვლადწმიდა სახელის სადიდებლად, შენი თავისა და ყოველივე საკუთარის მსხვერპლად მიტანით.


თავი 6
ღვთის ნების ერთგულების შესახებ

მონანული ღვთის სამსახურს იწყებს, უფალს მისი მცნებების დაცვით ემსახურება და მის ნებას ემორჩილება. იწყება ოფლისმღვრელი შრომა და ღვაწლი. მცნებების დაცვა ძნელი არ არის, მაგრამ მათი შესრულებისას უამრავი დაბრკოლებაა მოსალოდნელი, როგორც გარეგნული მიზეზების, განსაკუთრებით, მოღვაწის შინაგანი ჩვევებისა და მიდრეკილებების გამო. დაუღალავი მოსაგრე ღვთის შემწეობით საბოლოოდ ყველაფერს მოიპოვებს: შინაგან სიმშვიდეს და გარეგნული საქმეების წყნარად წარმართვას.

მოღვაწე თავად მოქმედებს, ოღონდ ღვთის დახმარებით. გამოცდილება პირველი დღეებიდანვე ასწავლის, რომ თუ რაიმე კეთილი კეთდება, მხოლოდ ის, რასაც ზეციური ძალა შეეწევა. დროთა განმავლობაში უფრო მეტად ვრწმუნდებით ამ ჭეშმარიტებაში. სიმშვიდის დამკვიდრებასთან ერთად ეს რწმენა უფრო და უფრო წარმმართველი ხდება და საბოლოოდ ღვთის ნებისადმი სრული ერთგულებით, ანუ ღვთისადმი სრული მინდობით მთავრდება. ღვთის მოქმედება ცხონების მოსურნეში პირველივე წუთებიდან იწყება, როგორც კი უფალს მივმართავთ. ამას თავად ეს მიმართვა სჩადის. ღვთის ზემოქმედება იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად განუდგება საკუთარ თავს მოღვაწე და შეიცნობს საკუთარ უძლურებას, რამდენად მიეწებება ღმერთს და სასოებს მას. როდესაც საბოლოოდ შესწირავს თავს ღმერთს, უფალი ამოქმედდება მასში და უჩვენებს, როგორ მოიქცეს და შეეწევა კიდეც. ეს ქრისტიანული სრულყოფილების მწვერვალია: რადგანაც ღმერთია, რომელიც შეიქმნს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით (ფილ. 2,13). ამის მარცვალი, როგორც უკვე ავნიშნეთ, საკუთარი თავის უნდობლობასა და ღვისადმი სასოებაში ძევს, აქ კი საბოლოოდ მომწიფდება.

ადამიანის ღვთის ნებისადმი სრული ერთგულება მაშინ შეიცნობა, როდესაც მთელი ძალით გამოვლინდება. ეს თავისთავად ხდება, მის მოსახვეჭად რაიმე განსაკუთრებული წესი ან გარკვეულ ქმედებათა თანმიმდევრობა არ არსებობს. ის შეუმჩნევლად იზრდება საკუთარი თავის უნდობლობისა და ღვთის სასოების მეშვეობით. წინა თავის დასასრულს ღვთისათვის თავის მსხვერპლად მიტანაზე საუბარმა მოითხოვა, ღვთის სრული სასოებაც მეხსენებინა. მისი ნების სრული ერთგულება არის სწორედ საკუთარი თავის უფლისათვის ყოვლადდასაწველ მსხვერპლად შეწირვა.

ამ მდგომარეობას მოწმობს თვითმოკვდინება - საკუთარი გონების, გულისსიტყვების, სურვილების, გრძნობების მოკვდინება, რათა ღვთის ნებით, მისი გონებითა და მასთან ზიარებით ვიცხოვროთ. ამ საქმეში მაცხოვარი მიგვიძღვის წინ. მან სრულად შესწირა თავი მამა-ღმერთს და ჩვენ, რადგან ჩვენ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი (ეფ. 5,30). მივყვეთ მის კვალს, რადგან მან სასოებით აღუთქვა მამა ღმერთს (იოან. 17,19), რომ ჭეშმარიტად ასეთნი ვიქნებით და ასე ვიცხოვრებთ.

რატომ აღესრულება ეს მსხვერპლშეწირვა საბოლოოდ და არა დასაწყისში?- იმიტომ, რომ საუფლო მსხვერპლი სრულყოფილი უნდა იყოს, უმწიკვლო და უზადო. დასაწყისში სრულყოფილება ძიების საგანია და არა ფლობილი. როდესაც სრულყოფილებას მოიპოვებენ, მსხვერპლის გაღებაც მაშინაა მართებული. თავიდან ადამიანი საკუთარ თავს სამსხვერპლო ძღვნად განამზადებს, საბოლოოდ კი მსხვერპლად ეწირება. სრულყოფილების გარეშე საკუთარი თავის ყოვლადდასაწველ მსხვერპლად მიტანა შეუძლებელია. შეიძლება გავიღოთ სხვაგვარი მსხვერპლი (მოწყალების, განწმენდის, მადლობის სახით), მაგრამ არა ყოვლადდასაწველი. მცდელობა და ამაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვა იქნება და არა საქმე. საქმე კი უსიტყვოდ აღესრულება.

იცოდე, თუ ისევ მიელტვი რაიმე მიწიერს, ღვთის გარდა საკუთარ თავში ან სხვაგან ეძებ საყრდენს, ისევ გხიბლავს რაიმე ქმნილება და ტკბები მისით, ესე იგი, ჯერ არ ვარგიხარ ყოვლადდასაწველ მსხვერპლად. შეეცადე, განიშორო ყველაფერი, ჩაიკლა ყოველგვარი სურვილი, რათა შენში მხოლოდ ღვთისთვის სიცოცხლის სურვილი დარჩეს. ანუ შენ კი არა, მამა ღმერთი, მაცხოვარი იესო ქრისტე და სულიწმიდა ცხოვრობდნენ შენში. და მაშინ საკუთარ თავს უფალს მიუძღვნი და მისი შეიქნები. მანამდე კი ღმერთს მსხვერპლად მიართვი სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული და, დრომდე ამით დაკმაყოფილდი. მაგრამ საბოლოოდ უნდა შეძლო, რომ თავი ყოვლადდასსაწველ მსხვერპლად მიუძღვნა უფალს.


თავი 7
გულისმიერი სითბო, გულის სიმშრალე და გულგრილობა

გულში სულიერი სითბო ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივისადმი გრძნობის ნაყოფია. მისი ჩასახვა ღვთისკენ სინანულით მოქცევის თანადროულია. ის უფრო და უფრო ძლიერდება გულის განმწმენდი სინანულის ღვაწლისას და წყვეტილი და დროებითი გრძნობიდან თანდათანობით მუდმივად გარდაიქმნება, ვიდრე გულის საბოლოო მდგომარეობად იქცეოდეს.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ერთგან გვირჩევს: შეეცადე, მუდმივად შეიგრძნობდე ღმერთსა და ღვთაებრივს, რათა გაითავისო ეს სითბო. ნებისმიერი საგანი, რომელიც გულს აამებს, ათბობს კიდეც მას. ამიტომ გულის სითბო მრავალგვარია. სულიერი სითბო გულზე სულიერი საგნების ზემოქმედებით წარმოიშობა, რაც სულიერი ცხოვრებითაა განპირობებული. მისი განმასხვავებელი ნიშანი ყოველივე მიწიერის მოკვეთა და გულისყურის ღმერთსა და ღვთაებრივზე მიჯაჭვაა. ამით ის ისე განსხვავდება მშვინვიერი და ხორციელი სითბოსაგან, როგორც ცა დედამიწისაგან.

სულიერი სითბოს შეგრძნება გულისყურის მოკრებას ნიშნავს და უბრალო და ერთმნიშვნელოვანია. არსებითად ეს უამრავი სულიერი მოძრაობის თავმოყრაა, როგორც მზის სხივია ცისარტყელას შვიდი ფერის ერთობა, მასშია კეთილკრძალულება, მოწიწება, შემუსვრილება, გულის სილბო, თაყვანისცემა, მოშურნეობა, ღვთისმოყვარება. როგორც ეს გრძნობები ერთბაშად არ მკვიდრდება გულში, ასევე სულიერი სითბო უცებ არ ხდება ჩვენი კუთვნილება.

ვიდრე სულიერი სითბო გულისთვის მუდმივ მდგომარეობად იქცეოდეს, იგი მიდის და მოდის. მოდის ან თავისთავად, როგორც ზეციური სტუმარი, ან სულიერი მეცადინეობის (კითხვა, ფიქრი, განსჯა, ლოცვა, თავგანწირვა და კეთილი საქმის კეთება) შედეგად. მიდის, როდესაც ყურადღება სულიერ საგნებს განეშორება და გული რაიმე არასულიერს იგემებს და მისით ტკბება. ამით ისე ჩაქრება სულიერი სითბო, როგორც ცეცხლი წყლით.

გსურს გულში სულიერი სითბო შეინარჩუნო? შიგნით მიმართე გულისყური და ლოცვით წარდექი ღვთის წინაშე. გონებას ნუ გაგიფანტავს გულისსიტყვები, ნუ შემოუშვებ გულში მშვინვიერისა და ხორციელისადმი თანაგრძნობას, მაშინვე ჩაახშე მრავალმზრუნველობის ჩანასახი, სულის ცხონებისა და ღვთის სათნოყოფის მხურვალე მოშურნეობა შეინარჩუნე, გარეგნულ ქმედებებში გონიერება გამოიჩინე, ყველა მათგანი მთავარი მიზნისაკენ წარმართე და როდესაც ერთს აკეთებ, ბევრზე ზრუნვით ნუ დაიტვირთები. ერთსაც დავძენ: როცა ამ სითბოს შეიცნობ, შეუძლებელია, მის შენარჩუნებას არ შეეცადო. საამისოდ შესაფერის ხერხებს გამოიყენებ და, ამასობაში მიხვდები, როგორ შეიძლება მოუფრთხილდე შენს სითბოს. თუ გონივრულად მოიქცევი, სულიერი სითბო ჭეშმარიტად გასწავლის, როგორ მართო შინაგანი ცხოვრება და როგორ გაუძღვე გარგნულ საქმეებს ისე, რომ სულიერ სითბოსაც მოუფრთხილდე.

რამდენადაც ტკბილია სულიერი სითბოს მყოფობა გულში, იმდენად მწარე, მტანჯველი და საშინელია, როდესაც ის გვტოვებს. როგორც ვთქვით, ის მაშინ მიდის, როდესაც გული და ყურადღება სულიერ საგნებს ჩამოსცილდება და არასულიერს მიემართება. ამაში ცოდვას კი არ ვგულისხმობთ, რადგან ვინც სულიერ სითბოს იგემებს, მას უკვე აღარ სურს სცოდოს, არამედ ყველანაირ მშვინვიერ-ხორციელ, მიწიერ და ამაო სურვილებს. როგორც კი გულისყური აქეთკენ გადაიხრება, სულიერი სითბოც მაშინვე იკლებს. ხოლო თუ გულიც მისკენ გაიწევს, სითბო საერთოდ ტოვებს ადამიანს და სულში რჩება სიცივე ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის მიმართ. ამას თან ახლავს გაგულგრილება ნებისმიერი სულიერი ქმედებისა და ღვაწლისადმი, რომელიც ამ სითბოს დროს შენარჩუნებული იყო. ვინც მალე მოეგება გონს და კვლავ უწინდებურ ცხოვრებას დაუბრუნდება, სითბოც, ადრე თუ გვიან, ეწვევა. ამაგრამ ვინც დაბნეულობის, გართობისა თუ თავდაჯერებულობის გამო შეგნებულად დანებდება გულგრილობასა და სიცივეს, და ამასთანავე, საქმითაც დაიკმაყოფილებს კვლავ აღძრულ არასულიერ მოთხოვნილებებს, მასში სულიერი ცხოვრებისადმი მოშურნეობაც ჩაქრება ანდა სულაც ჩაკვდება. ეს კი უკვე ძველ ცოდვებთან დაბრუნების მაუწყებელია, ისინი აუცილებლად წამოეწევიან უდარდელ ადამიანს. გონს მოგებულს კი ამ მდგომარეობიდანაც ძალუძს ჩვეულ სულიერ წყობას დაუბრუნდეს.

აი, ყოველთვის ასე ხდება გაგულგრილება. ეს ხდება როგორც ჩვენი ყურადღებისა და სიფხიზლის მოდუნების, ამსოფლიური საცდურის გამო - როდესაც მიწიერი საცდური გონებას აკარგვიებს კაცს და მას თავისი შინაგანი ადამიანიდან გამოიტაცებს, - ასევე ბოროტის მანქანებით. ამ დროს, გარკვეული სულიერი წარმატების მქონე ადამიანს ბოროტი საკუთარი თავიდან გარეთ გამოიტყუებს და მისი ფანტაზიის ბუნებრივ მოძრაობას უფრო მეტ მიმზიდველობას ანიჭებს, რაც ხანდახან სხეულზედაც კი მოქმედებს. მაგრამ რაც უნდა იყოს მიზეზი, გულის გაცივება ადამიანის შინაგანი ყურადღების გარეთ გამოსვლით იწყება და განმტკიცდება გულის მიწებებით ჯერ რაიმე ამაოსა და უბრალოზე, შემდეგ კი ვნებისა და ცოდვის საგანზე. ამაში მუდამ ჩვენა ვართ დამნაშავე, რადგან არც ამა სოფელს, არც სატანას, არ ძალუძთ იძალადონ პიროვნების თავისუფლებაზე. მათ მხოლოდ ცდუნება შეუძლიათ.

გაცივება მადლის მიზეზითაც ხდება. სულიერი სითბო თავისი ჭეშმარიტი არსით ხომ გულში მადლის მყოფობის ნაყოფია. როდესაც მადლი გვეწვევა, გულში სითბოა, როდესაც გვტოვებს - სიცივე. მადლი მიდის და ადამიანი უკვე თავად გამოდის გარეთ, უჯერო საგნებთან. ამ დროს მადლის წასვლა დამსჯელია და ასევ იწოდება. სხვა დროს მადლი თავად მიდის, რათა დააჩქაროს ღვთის შვილთა სულიერი წარმატება. ეს მადლის გამსწავლელი მოქმედებაა. თუმცა შედეგი ამ შემთხვევაშიც გულის სიცივე და სიცარიელის გრძნობაა, იგი ხომ სტუმარმა და წვეულმა მიატოვა. განსხვავება ისაა, რომ დამსჯელი გაციება სულიერი ცხოვრებისადმი მოშურნეობას ასუსტებს. მადლის განმსწავლელი განშორების შედეგად გამოწვეული გაციება კი უფრო განაღვივებს მოშურნეობას. მადლის განმსწავლელი განშორების მიზეზიც ესაა.

ღვთის განმსწავლელი მადლი თავისით შემდეგი მიზეზით გვტოვებს: რათა გააძლიეროს მოშურნეობა, რომელიც ხანგრძლივი სიმშვიდის გამო ხანდახან სუსტდება; ადამიანი ყურადღებით იყოს და მოიკვეთოს ის საქმიანობა და გრძნობები, რომლებიც სათნო ცხოვრებას არ ეკუთვნიან და არც ღვისკენ მიჰყავთ იგი; სრულად აღიდგინოს შეგნება და შეგრძნება იმისა, რომ ჩვენში ყოველივე კეთილი ღვთის მადლისგანაა; მომავალში მეტად დააფასოს ღვთის განგებულება, მისი საბოძვარი, გააძლიეროს მოშურნეობა და დამდაბლდეს მის შესანარჩუნებლად; გულწრფელად მიენდოს უფალს, სრული თავგანწირვითა და თვითდამდაბლებით; არ მიეჯაჭვოს სულიერ ნუგეშებს და შინაგანად არ გაორდეს, მაშინ, როდესაც უფალს სურს, მხოლოდ მას ეკუთვნოდეს; საღვთო მადლის მოქმედების დროსაც ხელები არ ჩამოუშვას, დაუღალავად იშრომოს ღვთის გზაზე, მთელი ძალისხმევით, რომელსაც სწორედ ამ მიზნით გვანიჭებს უფალი.

ასე რომ, როდესაც გულის სიცივე ღვთის მადლის განმსწავლელი განშორების შედეგია, ამის მიზეზი შენვე ხარ. მადლი კი გშორდება, მაგრამ შენს გამო გშორდება. როდესაც სულიერი საგნებისა და საქმეებისადმი და ყოველივე ღვთაებრივისადმი გულგრილობს იგრძნობ, გამოიძიე შინაგანი სამყარო, თუ რა არის ამის მიზზი. და თუ დანაშაულს აღმოაჩენ, ეცადე, აღკვეთო და გამოასწორო. იზრუნე არა იდენად სულიერი ნუგეშის დაბრუნებაზე, რამდენადაც საკუთარ თავში იმის განადგურებაზე, რაც ღვთისთვის არასათნო და შეუფერებელია. თუ მსგავსს ვერაფერს აღმოაჩენ, ღვთის ნებას დაემორჩილე და თქვი: ასე განსაჯა უფალმა, იყოს ნება შენი, ღმერთო. მე უძლური და არარა ვარ. შემდეგ კი მოთმინებით აღიჭურვე და ეცადე, აღარ გადაუხვიო ჩვეული სულიერი ცხოვრების, საქმიანობისა და მეცადინეობის გზიდან. შეებრძოლე უგემოვნებას, აიძულე თავი, დაძლიოს გულისსიტყვები, რომლებიც ჩაგაგონებენ, რომ შენი შრომა უნაყოფოა. ხალისით გამოსცალე ეს მწარე ფიალა და უფალს მიმართე: იხილე სიმდაბლე და შრომა ჩემი და ნუ განმაშორებ შენს მოწყალებას. საკუთარი თავი აღანთე რწმენით, რომ ეს სასმისი ღვთის შენდამი სიყვარულმა გარგუნა წილად, რომელსაც შენთვის სულიერი სრულყოფილება სურს.

არა მხოლოდ თაბორზე, გოლგოთაზეც სიხარულით გაჰყევი უფალს, ანუ მარტო მაშინ კი ნუ იქნები მის გვერდით, როდესაც შინაგან ღვთაებრივ სხივს, სულიერ ნუგეშსა და სიხარულს გრძნობ, არამედ მაშინაც, როდესაც მწუხარება, გაჭირვება, სიმწარე და მოწყენილობა გტანჯავს. ისინი გარეგანი და შინაგანი დემონური ცდუნებების შედეგად მოევლინებიან ხოლმე სულს. თუდაც გულის სიცივეს თან ახლდეს ისეთი სიბნელე და შფოთი, რომ ადგილს ვერ ჰპოულობდე, მაინც ნუ შეშინდები. მტკიცედ იდექი და მორჩილად იტვირთე ეს ჯვარი. ყოველგვარი მიწიერი ნუგეში განიშორე, რასაც მტრის ჩაგონებით ეს სოფელი და სხეული შემოგთავაზებს. ეცადე, სხვათაგან დაფარო უძლურება და სულიერი მოძღვრის გარდა არავის უთხრა. და ნუ იწუწუნებ მოწეული განსაცდელის გამო. შეეცადე, განისწავლო, რათა მომავალში თავიდან აიცილო ისინი, ახლანდელი კი დიდსულოვნად დაითმინო მანამ, ვიდრე უფალი შენს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას ინებებს.

ლოცვა, ზიარება და სხვა სულიერი ვარჯიში ჩვეულებრივ გააგრძელე. არა სულიერი სიამოვნების მისაღებად და ჯვრიდან გარდამოსახსნელად, არამედ იმიტომ, რომ მოგენიჭა ძალა, ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვრის სადიდებლად დიდსულოვნად აიტანო ჯვარზე ვნება, მუდამ ისე იცხოვრო, როგორც მას ნებავს. თუ მოწყინებისა და შინაგანი მღელვარების გამო, ზოგჯერ მაინც ვერ ლოცულობ და კეთილად ვერ განსჯი, ისე ილოცე, როგორაც შეძლებ, ოღონდ საკუთარი თავისადმი შეღავათისა და უდებების გარეშე. ის, რის სრულყოფილად აღსრულებასაც საქმით ვერ შეძლებ, სრულყოფილ სურვილად, ძიებად და ძალისხმევად ჩაგეთვლება. ეს სურვილი, ძიება და ძალისხმევა შეინარჩუნე და მათს საკვირველ ნაყოფსაც იგემებ - სული აღმაფრენითა და მხნეობით აგევსება.

შემოგთავაზებ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მოუხმო უფალს დაღვრემილობის ჟამს: რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა (ფს. 42,5). რად-მე უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა (ფს. 9,20)? ნუ დამადგებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან (ფს. 37,21). გაიხსენე ლოცვა, რომელსაც ღვთის შთაგონებით აღავლენდა მწუხარებისას სარა, ტობიას ცოლი და მხურვალედ მოუწოდე: „ჭეშმარიტად უწყის ყველამ, ვინც შენთვის ირჯება, უფალო, რომ თუ ეს ცხოვრება განსაცდელში ჩაივლის, დაგვირგვინდება და თუ ჭირ-ვარამით იქნება აღსავსე, ხსნას მოიპოვებს. და შენი წყალობის გამო ხრწნილებას არ დამორჩილდება. შენ არ გახარებს ჩვენი დაღუპვა, ქარიშხლიანი ტალღების შემდეგ სიმშვიდეს გვანიჭებ, ტირილისა და ცრემლის შემდეგ სიხარულს გვძენ. კურთხეულ იყოს სახელი შენი უკუნისამდე, ღმერთო ისრაილისაო!“

გაიხსენე უფალი იესო ქრისტეც, რომელიც გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე ვნებისას, უსაზომო ტანჯვა-წამების გამო ზეციური მამისგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. საკუთარი თავი წარმოიდგინე ჯვარზე და უფალს მაცხოვრის სიტყვებით მიმართე: უფალო, იყავნ ნება შენი! არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ (მათ. 26,39)! თუ ასე მოიქცევი, შენი მოთმინება და ლოცვა ღვთის წინაშე მიიწევა, როგორც შენი გულის მსხვერპლის ცეცხლი. ამით დაამოწმებ, რომ მზადა ხარ იტვირთო ჯვარი, მტკიცედ და ურყევი სიყვარულით მისდიო უფალ იესო ქრისტეს, რა ძნელი გზებითაც უნდა მოგიწოდოს. ეს ჭეშმარიტად ღმერთში ცხოვრებაა! ეძიო და გსურდეს უფალი მისთვისვე, მოიპოვო და ეზიარო მას იმ ზომით, როგორც თავად ინებებს. ადამიანები ღვთის გზაზე ასეთი განწყობით რომ იწყებდნენ სვლას, ამ განწყობით რომ ზომავდნენ საკუთარ წარმატებებს და არა სულიერი ნუგეშისა და სიტკბოების მიხედვით, მაშინ საკუთარი თავით არ მოიხიბლებოდნენ, არც ბოროტის მანქანებით დაიტანჯებოდნენ და გულგრილობისას დრტვინვით არ აღივსებოდნენ. პირიქით, მადლიერებით მიიღებდნენ და დაითმენდნენ ყველაფერს, იმ რწმენით, რომ რადგან ასე სურს უფალს, ეს მათთვის სასიკეთოა. ყურადღებას არ მიაქცევდნენ დაბრკოლებებს და უდიდესი მოშურნეობითა და თავგანწირული თვითიძულებით გააგრძლებდნენ ღვთისსათნო ცხოვრებას.

ხანდახან, როდესაც სული ასეთი სიცივით, ყოველივე სულიერისადმი გულგრილობით იტანჯება, მტერი უფრო ძლიერად ესხმის თავს და უჯერო გულისსიტყვებს, ბილწ ვნებებსა და მაცდურ წარმოდგენებს განუღვივებს. მისი მიზანია, ადამიანს უიმედობა მოჰგვაროს, თითქოსდა ღმერთმა მიატოვა იგი, რათა კაცი რაიმე ვნებას დამორჩილდეს, რის შემდეგად უკვე ადვილია მისი კვლავ ცოდვის მორევში ჩათრევა. უწყოდე ეს და მტკიცედ იდექი. დაე, ვნების მღელვარე ტალღები ეხლებოდნენ გულს, მაგრამ ვიდრე ცოდვას არ ნებდები და ღვთის ერთგულების სურვილს ინარჩუნებ, შენი ხომალდი მთელია. ღვთის მადლმა ნუგეში განგაშორა, მაგრამ თავად შენს ახლოსაა, გაკვირდება და ვიდრე შენი ნებელობა სიკეთის მხარესაა, შეწევნის გარეშე არ დაგტოვებს. გამხნევდი, გჯეროდეს, ეს ქარიშხალი მალე ჩაივლის და გულის სიცივეც თან გაჰყვება. გწამდეს, ეს შენს სასიკეთოდ დაიშვა. თუ ამ განსაცდელს დაითმენ, საბოლოოდ შეიცნობ საკუთარ უძლურებას და სიმდაბლესა და ღვთის შემწეობის უდიდეს რწმენას შეიძენ. მტრის ასეთი ქარიშხლიანი თავდასხმების შესახებ უკვე გესაუბრე და ის გაიხსენე.


თავი 8
სინდისის დაცვა და გამოცდა

ძმაო, მთელი ძალ-ღონით ეცადე, წმინდად დაიცვა სინდისი აზრითაც, სიტყვითაც და საქმითაც, დაე, მუდამ უმწიკვლო იყოს იგი და არასოდეს გამხელდეს და გქეჯნიდეს. თუ ასე მოიქცევი, სინდისი როგორც შინაგან, ასევე გარეგნულ ქმედებებში გაძლიერდება, ყველაფრის ბატონ-პატრონად იქცევა და შენს ცხოვრებას კეთილად წამართავს. სუფთა სინდისი კი შენს ცხოვრებასაც უმწიკვლობას შესძენს. ის იქნება მგრძნობიარე და მახვილი სიკეთის ქმნისას და ბოროტების საწინააღმდეგოდ. სინდისი ადამიანებში ღვთის მიერ აღბეჭდილი კანონია, მათი გზის ჯეროვნად წარსამართად და მანათობლად, როგორც წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის, რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ (რომ. 2,15). ამასთან დაკავშირებით წმიდა ნილოს მირონმდინარე ამგვარ რჩევას გვაძლევს: „ყველა შენს საქმეში სინდისით იხელმძღვანელე როგორც სანათურით“.

სინდისი უმწიკვლოდ დაიცავი ოთხი მიმართულებით: ღმერთთან, საკუთარ თავთან, მოყვასთან და შენს ხელთ არსებულ ნებისმიერ საგანთან ურთიერთობაში.

შენ ეს ყველაფერი ხელგეწიფება. შეგახსენებ უმთავრესს: ღმერთთან ურთიერთობისას გახსოვდეს ღმერთი და მისი თანდასწრებით იარებოდე. გაიცნობიერე, რომ ღვთის ძალი გიცავს, გატარებს და იმ დასასრულისკენ მიჰყავხარ, რისთვისაც ყოფიერება მოგანიჭა. თავი და ყოველივე საკუთარი ღვთისმსახურებას და მისი სახელის დიდებას მიუძღვენი. მასში იცხოვრე, მას მიენდე და მიანდე შენი ხვედრი - დროებითიც და მარადიულიც.

საკუთარ თავთან ურთიერთობისას - სამართლიანი იყავი და შენი ბუნების ყოველ ნაწილს კუთვნილი მიაგე. სულმა, რომელიც ზეციურ და მარადიულ ღმერთს ეძიებს, დაე, იმეფოს სამშვინველსა და სხეულზე, რომელთა დანიშნულებაც დროებითი ცხოვრების უზრუველყოფაა. საშვინველი სულის შეგონებებსა და გონებას დაემორჩილოს; თაყვანი სცეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას და მისით გაინათოს თავისი სამყარო - ნება ღვთის მცნებებს დაუქვემდებაროს და საკუთარი ვნებებისკენ გადახრის უფლება არ მისცეს; გული განსწავლოს, რათა მან მხოლოდ ღვთაებრივი საგნები დაიგემოვნოს, ისინი აღიბეჭდოს და მათს გამოხატვას ემსახუროს. ასე წარმართოს ყოფითი და საზოგადოებრივი საქმეები. სხეულსაც საჭიროებისამებრ მიაგე და ზომიერების დაცვა მკაცრად აიძულე. გახსოვდეს, ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13,14). თუ ასე მოიქცევი, საკუთარ თავს კეთილად მართავ და მისი ჭეშმარიტი სათნომყოფელი იქნები.

მოყვასთან ურთიერთობისას - ყველა ღვთის ხატებად მიღე, სიკეთე უსურვე და შეძლებისამებრ კეთილი უყავი. ყველას წინაშე დამდაბლდი, მხიარულთან იმხიარულე და მწუხარესთან დამწუხრდი. ნურავის განიკითხავ და დაამცირებ, ნურც ფიქრით, ნურც გრძნობით. ვინც რჩევას და დამოძღვრას გთხოვს, ნუ დაუფარავ ჭეშმარიტებას, რაც იცი, მაგრამ ძალად მასწავლებელი ნუ იქნები. ყველასთან სიმშვიდე და თანხმობა დაიცავი. მზად იყავი ნებისმიერი მსხერპლის გასაღებად და ყოველნაირად ერიდე ვინმეს ცდუნებას.

საგნების მიმართ - პატივით მოეპყარი ყველაფერს, როგორც ღვთის შექმნილს, რომელთაც უფალი გაძლევს. გაუფრთხილდი და ღვთის სადიდებლად გამოიყენე, დაკმაყოფილდი მათით და ჰმადლობდე უზენაესს. ნურაფერს მიეჯაჭვები, ყველაფერი მიიღე, როგორც გარეგნული ხერხი და საშუალება, რათა თავისუფლად განაგო ისინი და კეთილი წამოწყებისას არ დაბრკოლდე. ნუ განისვენებ მათით. საკუთარი ნივთებით თავს ნუ მოიწონებ, სხვისა კი ნუ შეგშურდება. ნუ იძუნწებ და მფლანგველი ნუ იქნები.

ამ ყველაფრის შესრულება თითქმის ყოველ ნაბიჯზე უწევს ნებისმიერს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. თუ სიკეთით იცხოვრებ, წმიდა პავლე მოციქულივით სინდისიც წრფელი გექნება (ებრ. 13,18).

სათნო ცხოვრებისა და ცხონების მოშრუნენი ასედაც იქცევიან. ყოველნაირად ცდილობენ, არ შესცოდონ და სინდისი არ დაიმძიმონ. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც შემოგვეპარება არასწორი ფიქრი, გრძნობა, სიტყვა თუ ქმედება და შესამჩნევად თუ შეუმჩნევლად აბინძურებს სინდისს. ისე რომ, დღის ბოლოს სინდისი შარაზე მიმავალ მგზავრს ემსგავსება, მტვრით რომ ევსება თვალები, ცხვირი, პირი, თმა და მთელი სახე მტვრით ეფარება. ამიტომ ცხონების მოსურნემ საღამოს საკუთარი სინდისი უნდა გამოიძიოს და გაარკვიოს, შესცოდა თუ არა აზრით, სიტყვით ან საქმით და, მონანიებით განიწმინდოს. ანუ ისევე მოიქცეს, როგორც მტვიანი მოგზაური, რომელიც იბანს. მოშურნე კი სინანულით, გულშემუსვრილებითა და ცრემლებით განიწმინდება.

ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ: კეთილიც და ბოროტიც, მართალიც და ტყუილიც. დაუკვირდი მას, რაც არსით ჭეშმარიტია, რამდენად ჭეშმარიტია განზრახვისა და გულისწადილის მიხედვით, სწორია თუ არა აღსრულებისას. კარგად განიხილე, თავის გამოსაჩენად, კაცთმოთნეობის ან თავისმოყვარების გამო ხომ არ ჩაგიდენია. იყო კი ამის საჭიროება, ან ხომ არ იოცნებე და იტრაბახე, ღვთისთვის დიდების აღვლენა კი დაგავიწყდა. მართალი საქმე ჭეშარიტად მართალია, თუ ის ღვთის ნებისადმი მორჩილებით და უფლის სადიდებლად კეთდება - სრული თავგანწირვითა და თავდავიწყებით.

როდესაც არასწორ რაიმეს აღმოაჩენ, ამის გამომწვევი შინაგანი თუ გარეგანი მიზეზები განიხილე. გაიაზრე, როგორ სჯობდა მოქცეულიყავი, რათა არ შეგეცოდა და რატომ არ მოიქეცი ასე. შემდეგ კი საკუთარი თავის გარდა სხვა არავინ და არაფერი გასაჯო. გონივრულად განსაზღვრე, როგორ უნდა მოიქცე მომავალში, რათა ასეთ ან მსგავს ვითარებაში აღარ შესცოდო. საკუთარ თავს დაუკანონე ეს და თვითშეღავათისა და კაცთმოთნეობის გარეშე იმოქმედე, რომ შენი გულის წიაღი უწმინდურებით არ გაანოყიერო.

როდესაც გამოძიებას დაასრულებ, მადლობა შესწირე ღმერთს წესიერი საქმისთვის და ნურაფერს მიითვისებ. ჭეშმარიტად ღმერთია, რომელიც შიქმს თქვენში ნდომასაც და ქმდებასაც (ფილ. 2,13) და მის გარეშე არ შეგვიძლია სიკეთის ქმნა. უფლისადმი მადლობის აღვლენის შემდეგ, დაივიწყე, რაც გაგიკეთებია, რათა წმიდა პავლე მოციქულის მსგავსად, დიდი გულმოდგინებით ვესწრაფვოდეთ წინას (ფილ. 3,13). ყოველივე უკეთური მოინანიე ღვთის წინაშე, შეაჩვენე საკუთარი თავი, რომ შენს ტრაპეზზე არასოდეს სწირავ უფალს წმინდა პურს, რომ ყველაფერი ნაგვიანი და ბზიანია. მტკიცედ გადაწყვიტე საკუთარი თავისთვის თვალყურის დევნება მეორე დღეს, რათა რაიმე უკეთური არ შემოგეპაროს, არა მარტო საქმითა და სიტყვით, ფიქრითა და გრძნობითაც.

ვინც ყოველივეს ყურად იღებს, ანუ გამოიძიებს სინდისს და თავის ქმედებებს, ამას მთელი დღის განმავლობაში აკეთებს. ასე რომ, საღამოს სინდისის გამოძიება მხოლოდ დღისით მოქმედებულის განმეორებით შესწორება და შევსებაა. ასეთი ქმედება საუკეთესო და ბუნებრივია, სინდისისგან უკეთურებას ვერ დაფარავ, თუ რაიმე უჯეროს შეამჩნევს, მაშინვე შეშფოთდება, განა ბუნებრივი არ იქნება, თუ თვითგანსჯით, გულშემუსვრილებითა და გამოსწორების გადაწყვეტილებით მაშინვე დავამშვიდებთ სინდისს. რატომ გადავდოთ ეს საღამომდე?

ამის შესახებ კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემ.

რაც შეიძლება მკაცრად გაარჩიე საკუთარი საქმეები. ჩაუღრმავდი მათ მიმდინარეობას და შემდეგ შეუბრალებლად განსაჯე საკუთარი თავი. რაც უფრო ღრმად ჩაწვდები შენში არსებულს, შენიდან მომდინარეს, მოიკვეთ არასწორს და სიმართლეში განმტკიცდები, მით უფრო სწრაფად განიწმინდება სინდისი. ჭა რაც ღრმაა, მით წმინდა წყალი დგას მასში.

როდესაც სინდისი ჭეშმარიტსა და მცდარს შეიცნობს, მოინდომებს, მუდმივად პირველის თანახმად იმოქმედო, მეორეს შემთხვევაში კი დაგქეჯნის და გაგასამართლებს. მაგრამ ვიდრე ასეთი უნარის მფლობელი გახდება, ანუ ვიდრე მოიხვეჭს ჩვევას, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლოს (ებრ. 5,14), და ამით საკუთარ თვალთახედვას შეიძენს, მანამდე სინდისი სხვა სულიერ ძალებზე, განსაკუთრებით კი, განსჯაზეა დამოკიდებული. განსჯა კი, ვიდრე გული ვნებებისგან განიწმინდება, ხშირად მოისყიდება ხოლმე ამ უკანასკნელთა მიერ და უამრავი ბოდიშით ცდილობს ფონს გასვლას. ეს სინდისს აბნელებს და აბნევს, რის შედეგადაც ის ხანდახან შავს თეთრად მიიჩნევს. ამიტომ ვიდრე ჯერ ისევ ვნებებს ებრძვი, საკუთარი თავის გამოძიებისას შენი საქმენი ღვთის სიტყვის წინაშე განიხილე და მათი ხარისხისა და ღირსების დასადგენად მისით იხელმძღვანელე. ამასთანავე ნუ დაიზარებ, ნურც დაირცხვენ და სულიერ მოძღვარს მიმართე.

საკუთარი საქმეების გასჯა გულმოდგინე ლოცვით დაიწყე და დაასრულე და უფალი შენს გულში დაფარულის სახილველ თვალს აგიხელს, რადგან: უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას (იერ. 17,19)? მხოლოდ ღმერთი ჩვენს გულზე უმეტესია და იცის ყოველი (1იოან. 3,20); შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული (3 მეფ. 6,39). არსებობს გულში ღრმად დაფარული არასწორი გრძნობები, რომლებიც ხანდახან ოდნავ გაიელვებენ ჩვენს ქმედებებში, ხანდახან კი შეუმჩნევლად გვახვევენ ცოდვის სიმყრალეში. ამიტომ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით ილოცე: საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე (ფს. 18,12).


თავი 9
მტერთან საბრძოლველად მომზადება სიკვდილის ჟამს

მართალია, დედამიწაზე ცხოვრება განუწყვეტელი ბრძოლაა და ჩვენ ბოლომდე ბრძოლის ველზე ყოფნა მოგვიწევს, უმთავრესი და გადამწყვეტი ბრძოლა სიკვდილის ჟამს გველის. ვინც ამ დროს დაეცემა, ვეღარ ადგება. ნუ გაგიკვირდება. როგორც უფალი ამბობს, მტერმა გაბედა მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში უცოდველი უფლისთვის შეეტია: მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში (იოან. 14,30). მაშ რაღა შეაჩერებს, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში თავს დაგვესხას ჩვენ - ცოდვილ ადამიანებს? წმიდა ბასილი დიდი მეშვიდე ფსალმუნის განმარტებისას ამბობს: ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა,არცა მაცხოვარ (ფს. 7,2); ყველაზე დაუღალავ მეომრებსაც, მთელი ცხოვრება განუწყვეტლივ წინ რომ აღუდგებოდნენ დემონებს და მამაცურად იგერიებდნენ მტრის თავდასხმებს, სიცოცხლის ბოლოს ამა ქვეყნის მთავრისგან ერთგვარი დათვალიერება-განსჯა ელით, აქვთ თუ არა რაიმე ცოდვა. და ვისაც ცოდვის ლაქა ან ანაბეჭდი აღმოაჩნდება, დემონთა ხელში რჩება. ხოლოს, ვინც ცოდვისგან თავისუფალია, თავისუფლად დაასრულებს გზას და ქრისტეში განისვენებს.

უნდა გვახსოვდეს ეს და წინასწარ მოვემზადოთ, რათა წარმატებით დავძლიოთ უკანასკნელი ბარიერი. საამისოდ მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ. სიკვდილის საათისთვის წარმატებით მოემზადები, თუ შენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მამაცურად შეებრძოლები შენი ცხონების მტრებს. თუ სიცოცხლეში მტერზე გამარჯვების სათნო ჩვევას შეიძენ, სიკვდილის ჟამსაც ადვილად მოიპოვებ გამარჯვების გვირგვინს.

სიკვდილზე ხშირად და ყურადღებით იფიქრე და გონებით გაიაზრე ყველაფერი, რაც ამ დროს შეიძლება მოხდეს. თუ ასე მოიქცევი, სიკვდილის წუთი მოულოდნელი არ იქნება შენთვის, ვერ შეგაშინებს და შენი სული შიშისგან დასუსტებული კი არა, განმტკიცებული და ბრძოლისათვის და მტერზე გამარჯვებისათვის მზადმყოფი აღმოჩნდება. ერის ადამიანები სიკვდილის ხსოვნას და მასზე ფიქრს გაურბიან, რათა თავიანთი გრძნობადი სიამოვნებანი და მათით ტკბობა არ შეწყვიტონ, რაც სიკვდილის ხსოვნასთან შეუთავსებელია. ამის გამო სულ უფრო და უფრო მიეჯაჭვებიან ხოლმე ამსოფლიურ სიამეთ. ხოლო როდესაც სიცოცხლესთან და საყვარელ საგნებთან განშორების დრო მოაწევს, უზომოდ შფოთავენ, მწუხარებენ და შიშით ივსებიან.

სიკვდილზე ფიქრმა რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, გირჩევ, ფიქრში მომაკვდავის ადგილას წარმოიდგინო თავი. წარმოიდგინე სიკვდილისწინა ტანჯვა-წამება, მტრის შესაძლო მაცდუნებელი თავდასხმები. შენში გზა მიეცი იმ ფიქრებსა და გრძნობებს, რომელთაც მტრის მოგერიება ძალუძთ. თუ როგორია ბოროტის მანქანება და როგორ უნდა შეებრძოლო მას, ახლავე მოგახსენებ, რათა სიცოცხლეშივე გონებით შეეჩვიო მათ და როდესაც სიკვდილის ჟამი მოაწევს, საქმითაც გამოიყენო. საჭიროა წარმატებით წარვმართოთ ის ბრძოლა, რომლის გადატანაც მხოლოდ ერთხელ მოგვიწევს, რათა არ დავუშვათ ისეთი შეცდომები და დანაკარგები, რომელთა გამოსწორებაც შემდეგ შეუძლებელი იქნება.


თავი 10
მტრის ოთხი განსაცდელი სიკვდილის ჟამს, პირველი
განსაცდელი რწმენის წიააღმდეგ და მისი დაძლევის ხერხები

ოთხი უმთავრესი და ყველაზე სახიფათო განსაცდელი, რომელსაც სიკვდილის ჟამს შეგვამთხვევენ ჩვენი მტრები - დემონები: 1) რწმენაში მერყეობა, 2) სასოწარკვეთილება; 3) ცუდმედიდობა; 4) სხვადასხვა სახე, რომელსაც იღებს დემონი და ჩვენებით წარმოუდგება მომაკვდავს.

რაც შეეხება პირველს: როდესაც ვერაგი მტერი ცდილობს, ურწმუნობის გულისსიტყვები გაგიღვივოს, ანდა ხილულად წარმოგიდგება და რწმენის საწინააღმდეგოდ ჩაგაგონებს, ნუ შეეკამათები. საკუთარი თავი განაძლიერე რწმენაში და სიძულვილით მიმართე: „განმშორდი სატანავ, სიცრუის მამავ! შენი მოსმენაც არ მსურს. ყოველთვის მთელი გულით მწამდა და მწამს, რაც სწამს წმიდა დედა ეკლესიას და ეს ჩემთვის საკმარისია. ნუ დაუშვებ ურწმუნობის გულისსიტყვებს და მხნედ იდექი: თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ (ეკლ. 10,4). მთელი არსებით შეიგნე, რომ ეს მხოლოდ სატანის მზაკვრობაა, რომელიც თავს გესხმის, რათა უკანასკნელ წამს შეგაშფოთოს. თუ გონებით ვერ განმტკიცდები, სურვილითა და გრძნობით გამხნევდი, თავს დემონური აზრისკენ გადახრის საშუალება არ მისცე, თუნდაც ეს აზრი წმიდა წერილის გამონათქვამებით იყოს შეფერილი, რომელთაც მტერი მაგალითებად მოიხმობს: რაც უნდა შეგახსენოს ბოროტმა საღვთო წერილიდან, ღვთის სიტყვის დამახინჯებისა და არასწორი განმარტების გამო, ეს შენთვის დამღუპველი იქნება. თუ ბოროტი გველი გკითხავს: აბა, რას გვასწავლის ეკლესია? - ყურადღებას ნუ მიაქცევ და ნუ უპასუხებ მის სიტყვებს. იცოდე, ეს საცდური და ტყუილია და მხოლოდ იმ მიზნით გველაპარაკება, რომ სიტყვაში გამოგიჭიროს. გულის სიღრმეში ღვთის რწმენის განჭვრეტას მიეცი. თუ რწმენაში მტკიცე და გულისსიტყვებით ძლიერი ხარ და მტრის შერცხვენა გსურს, უპასუხე, რომ წმიდა ეკლესიას სწამს ის, რომ ჭეშმარიტება ერთია, ხოლო თუ კვლავ გკითხავს, როგორია ეს ჭეშმარიტება, უპასუხე: ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელიც სატანას სწამს - რომ უფალმა იესო ქრისტემ ჯვრით შემუსრა შენი თავი და დაამხო შენი ძალაუფლება. შემდეგ გონების თვალი ჩვენთვის ჯვარცმულ უფალს მიაპყარ და შეევედრე: „ღმერთო ჩემო, შემოქმედო და მხსნელო! ისწრაფე შეწევნად ჩემდა. ნუ დაუშვებ, რომ თუნდაც იოტისოდენად შევბრკოლდე შენი რწმენის ჭეშმარიტებაში. როგორც ინებე, რომ შენი სახიერების წყალობით ჭეშმარიტებაში დავბადებულიყავი, ასევე კეთილინებე, შენი სახელის სადიდებლად ჭეშმარიტებაშივე აღვესრულო.


თავი 11
მეორე განსაცდელი სიკვდილის ჟამს - სასოწარკვეთილება

მეორე განსაცდელი სიკვდილის ჟამს, რომლითაც თავს გვესხმის მტერი, არის შიში ჩვენი უამრავი ცოდვის გახსენებისას. ამ შიშს ვერსად გავექცევით. მაგრამ ის იესო ქრისტეს ჯვარზე ვნებითა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვით წონასწორდება. მტერი ცდილობს, დაბინდოს ეს რწმენა და შიშს ცოდვების გამო იმდენად აძლიერებს, რომ ცხონების ყოველგვარ იმედს გვიხშობს და უსასოობითა და სასოწარკვეთილებით გვებრძვის. ამიტომ, ძმაო, წინასწარ მოემზადე ამ თავდასხმის მოსაგერიებლად. რაც მეტად მიუახლოვდები სიკვდილს, მით უფრო მტკიცედ გეპყრას ხელთ ქრისტეს ძლევამოსილი ჯვარი, შეურყევლად გწამდეს უფლის ჯვარცმის გამომსყიდველი ძალისა, როდესაც სიკვდილის წინ სასოწარკვეთილება შემოგიტევს, უპირველესად, შეეცადე გაიცნობიერო, რომ ეს მტრის მანქანებაა და არა საკუთარი ცოდვების გახსენებით შობილი განწყობა. ცოდვების გახსენება თავმდაბლობას, გულშემუსვრილებას და გულისტკივილს ბადებს, რომ სამართლიანი და ყოვლადმოწყალე ღმერთი შურაცხვყავით. მართალია, ამ დროს შიშიც ჩნდება, მაგრამ ის არ ახშობს ღვთის გულმოწყალების იმედს და, მოიკვეთს რა გარიყულობის გრძნობას, ადგილს უთმობს კადნიერ სასოებას ცხონებისას და ამ იმედით გაიფანტება კიდეც. იცოდე, თუ ცოდვების გახსენება დაგთრგუნავს და სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებს, ცხონების იმედს გადაგიწყვეტს და განწირულობის შიშით აგავსებს, ეს სატანის მძლავრებაა. როდსაც ამას მიხვდები, აღარ გაგიძნელდება სასოების მოპოვება, რაც განდევნის კიდეც ყოველგვარ სასოწარკვეთილებას.

სასოება ღვთის გულმოწყალების ჭვრეტაში გვეხმარება. ღვთის უსასრულო გულმოწყალების შეგრძნების შემდეგ ადამიანი უამრავ ცოდვას ამარცხებს და განმტკიცდბა იმ რწმენით, რომ ღმერთს ჩვენი ცხონება სურს და არა დაღუპვა. ამ რწმენის განმტკიცება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, მაცხოვრის ჯვარზე ვნების უსაზღვრო ძალმოსილების წარმოდგენით. ამიტომ ყოველთვის და, განსაკუთრებით, სიკვდილის ჟამს, მაცხოვრის ჯვარს უნდა შევაფაროთ თავი. აი, როგორ უნდა შეევედრო უფალს სიკვდილის ზღურბლთან მდგარი: „უფალო, უამრავი მიზეზი არსებობს მეშინოდეს, რომ ჩემი ცოდვების გამო სამართლიანად განმსაჯო და უარმყო. მაგრამ მაქვს უფრო დიდი კადნიერება, რომ შენი გამოუთქმელი გულმოწყალებითა და იესო ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრისა და მხსნელის სახელით შემიწყალებ. ამიტომ შევთხოვ შენს უსაზღვრო სახიერებას, შეიბრალოს საკუთარი ცოდვებით განსჯილი, მაგრამ შენი ძისა და ჩვენი უფლის ძვირფასი სისხლით განბანილი საცოდავი ქმნილება, რათა უკუნისამდე გადიდებდე. შენს ხელთ შევვედრებ ჩემს სულს, მეყავნ წყალობისამებს შენისა. შენ ჩემი სიცოცხლის ერთადერთი მეუფე ხარ“.


თავი 12
მესამე განსაცდელი სიკვდილის ჟამს - ცუდმედიდობა

მესამე საცდური სიკვდილის ჟამს ცუდმედიდობა და თვითშეფასებაა, რომლებიც ჩაგვაგონებენ, რომ საკუთარი თავისა და საქმეების იმედად ვიყოთ. ამიტომ ნურასოდეს, განსაკუთრებით, სიკვდილის წუთებში, ყურადღებას ნუ შეაჩერებ საკუთარ თავზე და შენი პიროვნებისა და საქმეების გამო კმაყოფილებას ნუ მიეცემი, თუნდაც სათნოებებით ყველა წმინდანს აღემატებოდე. მხოლოდ ღვთის გამო იყავი კმაყოფილი, სასოებდე მის გულმოწყალებას, იფიქრე უფლის ჯვარცმაზე და თუ უკანასკნელ წუთამდე მუდმივად დაიმდაბლებ თავს, გადარჩები. თუ შემთხვევით რომელიმე საკუთარი კეთილი საქმე გაგახსენდება, იფიქრე, რომ იგი ღმერთმა აღასრულა შენში და შენი მეშვეობით და არა შენ.

ისწრაფე უფლის გულმოწყალებას შეაფარო თავი. მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ ეს შენს მიერ გადატანილი ბრძოლებისა და მოპოვებული გამარჯვების მაგიერია. ყოველთვის შეინარჩუნე მაცხოვნებელი შიში, აღსარებისას გულახდილად თქვი, რომ მთელი შენი ძალისხმევა, სწრაფვა და გმირობა უნაყოფო და ფუჭი იქნებოდა, ღმერთს რომ საკუთარი წყალობის კალთა არ გადმოეფარებინა, არ ეთანამშრომლა შენთან ერთად და არ შეგწეოდა. ახლაც უფლის მოწყალებისა და კეთილი ნების იმედი იქონიე.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, დარწმუნებული იყავი, სიკვდილის წუთში მტერი ვერაფერს დაგაკლებს. და შენს წინაშე გადაიშლება თავისუფალი გზა, რომელსაც სიხარულით გაივლი და მიწიერი ჭირ-ვარამიდან ზეციურ იერუსალიმში აღმოჩნდები, შენს სასურველ სამშობლოში.


თავი 13
მეოთხე განსაცდელი სიკვდილის ჟამს - მოჩვენებები

თუ ბოროტი, მაცდური და ჯიუტი მტერი, რომელიც არასოდეს იღლება ჩვენს საცდუნებლად, სიკვდილის ჟამსაც მოისურვებს ათასგვარი ჩვენებით, ხილვითა და ნათლის ანგელოზად გარდასახვით შეგაშფოთოს, მტკიცედ იდექი, საკუთარი არარაობისა და სიგლახაკის გრძნობა შეინარჩუნე და მხნედ და უშიშრად უპასუხე: „შენსავე ბნელეთს დაუბრუნდი, წყეულო. მე, როგორ უღირსს, არ შემფერის ჩვენებები და ხილვები. მხოლოდ ერთი რამ მჭირდება - ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უსაზღვრო სახიერება, ლოცვა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარადქალწულ მარიამისა და ყველა წმიდანის შემწეობა“. თუნდაც აშკარა ნიშნების გამო გეგონოს, რომ ჭეშმარიტად ღვთისგან ბოძებული გამოცხადების ხილვის ღირსი შეიქენ, მაინც ნუ ირწმუნებ მის ჭეშმარიტებას და საკუთარ არარაობასა და უღირსებაზე იფიქრე. ნუ შიშობ, რომ ამით ღმერთს შეურაცხყოფ. ღვთისთვის არასოდესაა უსიამოვნო ჩვენგან სიმდაბლის გამოვლენა. თუ შენთვის საჭიროა ასეთი ხილვები, უფალმა უწყის და ისე იმოქმედებს, რომ თვალი არ დახუჭო მათზე, რითაც შენს მერყეობასაც განამართლებს. მინიჭებული მადლი მდაბალთ არ წაერთმევათ იმ ქმედებისთვის, რომელსაც სიმდაბლით იქმან.

მტერი ყველაზე ხშირად ამ იარაღს იყენებს, როდესც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში თავს გვესხმის. ამას გარდა, საცდუნებლად მოუხმობს ყველა ვნებას, რომელსაც მომაკვდავი სიცოცხლეში განიცდიდა და რომლითაც ყევლაზე ხშირად იყო ძლეული. ბოროტი ცდილობს, მომაკვდავში ვნებიანი განწყობილება აღაგზნოს, რამაც შეიძლება გადაწყვიტოს კიდეც მისი ხვედრი. ამიტომ ამ უდიდესი ბრძოლის მოახლოებამდე უნდა შევიარაღდეთ საკუთარი უძლიერესი ვნებების წინააღმდეგ და მამაცურად შევებრძოლოთ მათ. გადავლახოთ ისინი და განვიწმინდოთ მათგან, რათა გავიადვილოთ გამარჯვება უკანასკნელ ჟამს, რომელიც ყოველ წამს შეიძლება დადგეს. ამიტომ ყველასკენაა მიმართული უფლის სიტყვები: ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს (1 მეფ. 15,18).


თავი 14
გულში სულიერი სიმშვიდის შესახებ

შენი გული, ჩემო საყვარელო, ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ მხოლოდ უფალი უყვარდეს და მის სავანედ იქცეს. ამიტომ მოგიწოდებს, მას მიუძღვნა საკუთარი გული: შვილო, მე მომეცი შენი გული (იგავ. 23,26). მაგრამ რამდენადაც ღმერთი ყოველგვარ გონებაზე აღმატებული მშვიდობაა, აუცილებელია, რომ გული, რომელსაც ღვთის მიღება სურს, მშვიდი და ყოველგვარი ფორიაქისგან თავისუფალი იყოს. რადგან იქმნა მშვიდობით ადგილი მისი (ფს. 75,2), როგორც ამბობს დავით მეფსალმუნე. ყველაზე მეტად იზრუნე, რომ გულში სიმშვიდე დაამკვიდრო და განამტკიცო. შეეცადე, ყველა შენი სათნოება, ღვაწლი და გმირობა, განსაკუთრებით კი ბოროტის საწინააღდეგო ქველი საქმენი, ამ მშვიდობის მოსახვეჭად მიმართო. როგორც უდიდსი მოღვაწე, მდუმარების ღვაწლში მყოფი არსენი ამბობს „მხოლოდ იმისთვის იზრუნე, რომ შენი შინაგანი წყობა ღვთით იყოს მართული და დაამარცხებ გარეგნულ ვნებებს“.

გულის სიმშვიდეს ვნებები არღვევენ. ნუ მიუშვებ მათ გულამდე და ის მუდამ მშვიდად იქნება. უხილავი ბრძოლის მონაწილე კბილებამდე შეიარაღებული დგას გულის კარიბჭესთან და თავდამსხმელებს იგერიებს. და ვიდრე გული მშვიდია, მათი დამარცხება ძნელი არაა. გულის სიმშვიდე სულიერი ბრძოლის მიზანიცაა და მასში გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაზე მძლავრი იარაღიც. ამიტომ როდესაც გულში ვნებიანი ფორიაქი შემოგეპარება, ნუ ეცდები ვნების დამარცხებას, გულისკენ ისწრაფე და მთელი ძალით შეეცადე, დაამშვიდო. როგორც კი გული დამშვიდდება, ბრძოლაც დასრულდება.

ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი ბრძოლა და მუდმივი განსაცდელი. როგორც იობი ამბობს: კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად (იობ. 7, 1). განსაცდელი ორთაბრძოლის გამომწვევია და აი, ბრძოლაც. ამ ბრძოლის გამო მუდამ მხნედ უნდა იყო და ყველნაირად დაიცვა გული, რათა ის მშვიდი და წყნარი იყოს. როდესაც სულში რაიმე ამაფორიაქებელი მოძრაობა აღიძვრება, შეეცადე, მოშურნეობით დათრგუნო ის და გული დაამშვიდო, რათა ამ შეშფოთების გამო ჭეშმარიტი გზიდან არ გადაუხვიო. კაცის გული საათის ქანქარას და ხომალდის საჭეს ჰგავს. თუ ქანქარას შეამსუბუქებ ან დაამძიმებ, საათის ყველა მექანიზმის მოძრაობა მაშინვე შეიცვლება და ისრები სწორ დროს ვეღარ უჩვენებენ. თუ საჭეს ოდავ მარჯვნივ ან მარცხნვ გადასწევ, ხომალდი გეზს შეიცვლის და ძველ მიმართულებას დაკარგავს. ასევე, როდესაც გული აფორიაქდება, ჩვენს შიგნით ყველაფერი უწესრიგოდ ამოძრავდება და თავად გონებაც გონივრულად მოქმედების უნარს ჰკარგავს. ამიტომაა აუცილებელი გულის დამშვიდება მაშინვე, როგორც კი მას რაიმე აამღვრევს, გარეგნული იქნება ეს თუ შინაგანი, ლოცვისას თუ სხვა დროს.

იცოდე, მხოლოდ მაშინ დაეულები ლოცვას, როდესაც ისწავლი, როგორ დაიცვა საკუთარი შინაგანი სიმშვიდე. აქეთკენ მიმართე გულისყური, იფიქრე, როგორ შეიძლება ნებისმიერი საქმის მშვიდი გულით, კმაყოფილებითა და სიხარულით აღსრულება. მოკლედ გეტყვი, მთელი შენი ცხოვრების გამავლობაში მუდმივად უნდა იღვწოდე გულის სიმშვიდის დასაცავად. არ უნდა დაუშვა, რომ იგი რაიმე უწესრიგობის გამო აღელდეს. ყველა საქმე სიმშვიდის საფარველქვეშ უნდა აღასრულო, როგორც დაწერილია: შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები (ზირ. 3,17). შენც იმათ მიემსგავსე, ვისაც ნეტარებას ჰპირდებიან: ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას (მათ. 5,5).


თავი 15
შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებები

შინაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად: 1) უპირველესად საკუთარი გარეგნული გრძნობები მოაწესრიგე, ერიდე გარეგანი ქცევების თავისუფლებას. უფრო ზუსტად: ნუ იყურები აქეთ-იქით, ნუ ილაპარაკებ, ნუ იქნევ ხელებს, ნუ ივლი და ნურაფერს მოიმოქმედებ ფორიაქით, ყოველთვის წყნარად და დინჯად იმოქმედე, როდესაც გარეგნულ მოძრაობებსა და საქმეებში დინჯად მოქმედებას შეეჩვევი, შინაგან გულის სიმშვიდესაც ადვილად მოიპოვებ. მამათა აზრით, შინაგანი ადამიანი განწყობილებას გარეგანიდან იღებს.

2) ეცადე, შეიყვარო ყველა ადამიანი და ყველასთან თახმობით იცხოვრო, როგორც წიდა პავლე მოციქული გვასწავლის: თუკი შესაძლოა, თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ (რომ. 12, 18).

3) უმწიკვლოდ დაიცავი სინდისი, რათა არაფერში გამხელდეს, არ გქენჯნიდეს, მშვიდი იყოს ღვთის მიმართაც და შენს მიმართაც, მოყვასისა და საგნების მიმართაც. სინდისის ასეთი დაცვა წარმოშობს, განამრავლებს და განაღრმავებს შინაგან სიმშვიდეს, როგორც წმიდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ (ფს. 118,165).

4) შეეცადე, უშფოთველად დაითმინო ნებისმიერი უსიამოვნება და შეურაცხყოფა. მართალია, ვიდრე ამას შეეჩვევი, საკუთარი თავის მართვის არცოდნისა და გამოუცდელობის გამო, ბევრი გულისტკივილისა და ტანჯვის გადატანა მოგიწევს, სამაგიეროდ, როდესაც ამ ჩვევას შეიძენ, შენი სული უდიდეს ნუგეშს იგემებს ასეთი უსიამოვნებებისგან. თუ სიმტკიცეს გამოიჩენ, დღითიდღე უკეთესად მართავ საკუთარ თავს და მალე, გარეგანი თუ შინაგანი მღელვარებისას, შეძლებ სულის სიმშვიდის დაცვას.

თუ ხანდახან გაგიძნელდება საკუთარი გულის მართვა, მწუხარებისა და ჭმუნვის მოშორება და გულში მშვიდობის დამკვიდრება, ლოცვას მიმართე. მიბაძე მაცხოვარს, რომელმაც გეთსიმანიის ბაღში სამჯერ ილოცა, რათა მაგალითი მოეცა შენთვის: ნებისმიერი გასაჭირისა და სიმძიმილისას ლოცვა უნდა გახდეს საიმედო თავშესაფარი. და რაც უნდა დანაღვლიანებული და სულმოკლე იყო, არ მიატოვო ლოცვა, ვიდრე შენი ნება სრულ თანხმობაში არ მოვა ღვთის ნებასთან. ამით დაშოშმინებული გული მამაცური კადნიერებით აღივსება, სიხარულით შეხვდება, მიიღებს და დაითმენს იმას, რისაც აქამომდე ეშინოდა და რასაც გაურბოდა. ისევე, როგორც უფალი, რომელიც შიშობდა, მჭმუნვარებდა და წუხდა, ლოცვის შემდეგ კი დამშვიდებულმა თქვა : ადექით, წავიდეთ: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი (მათ. 26,46).


თავი 16
სიმშვიდე გულში თანდათანობით მკვიდრდება

მუდმივად იზრუნე, რომ გულამდე არ მიუშვა მღელვარებები და ფორიაქი, ყოველმხრივ შეეცადე, მშვიდი და წყნარი განწყობილება შეინარჩუნო. როდესაც უფალი შენს ასეთ ღვაწლს იხილავს, თავისი მადლით შენს სულში მშვიდობას დაამყარებს და შენი გული ნუგეშის სამკვიდროდ იქცევა. სწორედ ეს იგულისხმება შეფარულად ფსალმუნის სიტყვებშიც: იერუსალემი შენებულ არს ვითარცა ქალაქი (121, 3). უფალს მხოლოდ ის სურს შენგან, რომ ყოველთვის, როცა რაიმეზე აღელდები, მყის აღიდგინო სიმშვიდე და მშვიდობით ჰგიებდე. საამისოდ მოთმინება გესაჭიროება. როგორც ერთ დღეში არ შენდება ქალაქი, ასევე ერთ დღეში ვერ მოიპოვებ შინაგან სიმშვიდეს. ეს სხვა არაფერია, თუ არა უფლისათვის მშვიდობის სახლის აგება და უზენაესისთვის კარავის დადგმა, რომ მისთვის ტაძრად იქცე. იცოდე, თავად ღმერთი ამკვიდრებს შენში ამ სახლს და მის გარეშე ნებისმიერი მცდელობა ფუჭი იქნება, როგორც დაწერილია: არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი (ფს. 126,1). ისიც უწყოდე, გულის სიმშვიდის მყარი საფუძველი სიმდაბლე და მღელვარე და ფუჭი საქმეებისა თუ წამოწყებებისგან თავის არიდებაა. რაც შეეხება პირველს, ვინ არ იცის, რომ სიმდაბლე, გულის სიმშვიდე და თვინიერება ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ სადაც ერთია, იქ მეორეცაა. ვინც გულით წყნარი და თვინიერია, ის მდაბალიცაა და, პირიქით, ვინც გულით მდაბალია, ის თვინიერი და მშვიდია. უფალმაც ისინი განუყოფლად დააკავშირა, როდესაც თქვა: ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი (მათ. 11,29). რაც შეეხება მეორეს, მის წინასახეს უძველეს ისტორიაში ვხედავთ: უფალს სურდა, რომ მისთვის სახლი აეგო არა დავით მეფეს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბრძოლასა და მღელვარებაში გაატარა, არამედ მის ძეს - სოლომონს, რომელმაც მშვიდობიანად იმეფა და არავისთან უბრძოლია.


თავი 17
გულის სიმშვიდისთვის უნდა ვერიდოთ პატივს
და შევიყვაროთ სიმდაბლე და უპოვარება

ასე რომ, ძმაო, თუ გულის სიმშვიდე გიყვარს, სიმდაბლის კარით შედი მასში. სხვა შესასვლელს, სიმდაბლის გარდა, ვერ ნახავ. სიმდაბლის მოსახვეჭად კი თავი აიძულე, სიხარულით მიიღოს ყოველგვარი გასაჭირი და უსიამოვნება; თავი აარიდე ნებისმიერ პატივსა და დიდებას; ისურვე, სხვათაგან დამდაბლებული და უცნობი იყო და ღვთის გარდა არავისგან მიიღო მზრუნველობა და ნუგეში. დარწმუნებული იყავი ღვთის სახიერებაში და განიმტკიცე გულში აზრი, რომ უფალი შენთვის ერთადერთი თავშესაფარია, სხვა დანარჩენი საგანი თუ ნივთი კი - ეკალი. თუ გულს მათ დაუთმობ, სასიკვდილო ზიანს მოგიტანენ. თუ სხვათაგან დამცირების ატანა მოგიევს, ნუ დაღონდები, სიხარულით მიიღე და გჯეროდეს, ამ დროს უფალია შენთან. და სხვა პატივს ნუ ისრუვებ და ეძიებ, ღვთის სიყვარულისა და მის სადიდებლად მსახურებისთვის ტანჯვის გარდა.

თავი აიძულე, სიხარულით შეხვდეს შეურაცხმყოფელ სიტყვას, განკითხვასა თუ სიძულვილს. ამგვარ ლანძღვა-გინებასა და უპატიობაში უდიდესი განძი იფარება და თუ ხალისით მიიღებ მათ, მალე სულიერად გამდიდრდები და ეს მასაც არ ეცოდინება, ვისი დამსახურებაცაა, ანუ ვინც უპატიოდ მოგექცა. ამ ცხოვრებაში ვინმეს სიყვარულსა და პატივისცემას ნუ ისურვებ, რათა თავისუფლად თანაევნო ჯვარცმულ მაცხოვარს და არავინ და არაფერმა დაგაბრკოლოს. უფრთხილდი საკუთარ თავს, როგორც უბოროტეს მტერს და ნუ იცხოვრებ საკუთარი ნების, გონების, გრძნობისა და გემოვნების მიხედვით, თუ არ გსურს, დაიბნე. მუდამ მზად გქონდეს იარაღი შენსავე წინააღმდეგ და როცა სურვილით თუნდაც რაიმე სიწმინდიკენ გადაიხრები, ეს სურვილი უდიდესი სიმდაბლით განიხილე ღვთის წინაშე და შეევედრე, რათა ღვთის ნება აღსრულდეს და არა შენი. ეს ღვთის ნებისადმი გულწრფელი ერთგულებით მოიმოქმედე, თავისმოყვარების მისხალის გარეშე და უწყოდე, თავად არაფერი გაგაჩნია და ვერაფერს გააკეთებ საკუთარი თავის საცხოვრებლად.

თავი დაიცავი გულისსიტყვებისაგან, რომლებიც წმინდად გაჩვენებენ თავს და უგუნურ მოშურნეობას გიღვივებენ. მათზე უფალი იგავით ლაპარაკობს: ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთ, რომლებიც მოვლენ თქვენთან ცხვრების სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ (მათე, 7,15). ამის შედეგი სულიერი ტანჯვა და დაღუპვაა. ყველაფერი, რაც სიმდაბლეს, სულიერ სიმშვიდესა და სიწყნარეს განგაშორებს, თუნდაც ულამაზესი საფარველით წარმოგიდგებოდეს, ცრუ წინასწარმეტყველებაა. ისინი ცხვრის ტყავით შემოსილი ფარისეველნი, სინამდვილეში კი მტაცებელი მგლები არიან, რომლებიც განურჩევლად კეთილს უყოფენ მოყვასს, რათა სიმდაბლე, მშვიდობა და სიწყნარე წარსტაცონ, რაც ასე აუცილებელია ყველასათვის, ვისაც სურს სულიერ ცხოვრებაში წარემატოს. რაც უფრო სიწმინდით შემოსილი წარმოგიდგება რაიმე საქმე, მით უფრო მკაცრად უნდა გამოიძიო, სულსწრაფობისა და აღელვების გაერშე. თუ ხანდახან შეცდომას დაუშვებ, სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ, აღიარე საკუთარი უძლურება, დამდაბლდი ღვთის წინაშე და ეს შემთხვევა სამომავლო გაკვეთილად მიიღე. შესაძლოა, ეს უფლისგან დაიშვა, რათა შენში საკუთარი თავისთვისვე დაფარული და უხილავი სიამაყის გრძნობა გამოევლინა და ამით დაემდაბლებინე.

როდესაც შეამჩნევ, რომ შენი სული მომწამვლელი ვნებით ან ვნებიანი გულისსიტყვითაა დაჭრილი, ნუ შეშფოთდბი, ყურადღება გაამახვილე და შეეცადე, გულამდე არ მიუშვა ისინი. შეეწინააღმდეგე, მათთვის მიუწვდომლად აქციე გული და ღვთის წინაშე გულის სიწმინდე შეინარჩუნე. ამგვარად შეძლებ მუდამჟამს შენს შიგნით, გულის სიღრმეში ატარო უფალი და უბიწო განწყობილება შეინარჩუნო. ამასთანავე, შინაგანად დაარწმუნე თავი, რომ რაც შენში და შენს ირგვლის ხდება, ყველაეფრი გამოსაცდელად და განსასწავლად მოგერგო, რათა საბოლოოდ უცდომლად გაარჩიო, რა არის შენთვის მაცხოვნებელი და, ამის გათვალისწინებით და ღვთის სახიერებით, შენთვის განმზადებული გვირგვინის ღირსი შეიქნე.


თავი 18
აუცილებელია, სული თავის თავში განმარტოვდეს,
რათა უფალმა იგი საკუთარი სიმშვიდით შემოსოს

რადგანაც ღმერთთა ღმერთმა და უფალთა უფალმა შენი სული თავის სამკვიდრებლად და ტაძრად შექმნა, ამიტომ დიდი პატივი უნდა მიაგო მას და მდაბალი მიდრეკილებებით არ დაამცირო. დაე, შენი სურვილები და სასოება მუდამ უფლის ამგვარი უხილავი სტუმრობისკენ იყოს მიმართული. მაგრამ, უწყოდე, უფალი არ ეწვევა შენს სულს, თუ მას საკუთარ თავში განმარტოებულს არ ჰპოვებს. ღმერთს სურს, რათა იგი მარტო იყოს საკუთარ თვში, ანუ ყოველგვარი გულისსიტყვის, სურვილის, განსაკუთრებით კი, საკუთარი ნების გარეშე. არ გირჩევ, განსჯის გარეშე საკუთარი ნების ჩაგონებით, თვითნებურად იდო თავს მკაცრი ღვაწლი ან ნების მოკვეთა, ან შეეცადო რამენაირად ევნო ღვთის სიყვარულისათვის, საამისოდ შენი სულიერი მოძღვრის რჩევაა საჭირო, რომელიც გხელმძღვანელობს, როგორც ღვთის შემცვლელი. მას უსმინე და უფალი მისი მეშვეობით ნამდვილად მიმართავს შენს ნებას იმისკენ, რაც შენთვის კეთილსასურველია. არასოდეს არაფერი გააკეთო მხოლოდ შენი ნებით, დაე, მხოლოდ უფალმა აღასრულოს ის, რაც მისთვის სასურველია. შენი ნდომა მუდამ განცალკევებული იდგეს შენგან, ანუ თავად შენ არაფერი ისურვო, და თუ რაიმეს მოისურვებ, მიუხედავად იმისა, აგისრულდება, ან საწინააღმდეგოდ შემოგიტრიალდება თუ არა, არ დამწუხრდე და სულის სიმშვიდე შეინარჩუნე, თითქოსდა სულაც არაფერი გსურდა.

სწორედ ესაა გულის ჭეშმარიტი თავისუფლება და განმარტოება, როდესაც გული არც გონებით, არც ნებით, არც რაიმეთია შებორკილი. თუ შენს სულს ამგვარად განთავისუფლებულს და საკუთარ თავში განმარტოებულს წარუდგენ უფალს, იხილავ, რა საკვირველ ცვლილებებს წარმოშობს იგი მასში. ღმერთი, უპირველესად, ღვთაებრივი სიმშვიდით შეგამკობს, რომელიც ძღვენია, ნიჭია და როგორც უდიდესი გრიგოლ სოლუსკი ამბობს, შემძლებელია შენში დანარჩენი ნიჭების შემკრებად და სათავსოდ იქცეს. ო, გასაოცარო ერთობავ, უზენაესის უძვირფასესო საგანძურო, სადაც უფალი შეისმენს შენსას და სადაც თავადაც ესაუბრება შენს გულს. ო, უდაბნოვ და განმარტოებავ, სადაც აღორძინდა სამოთხე! მხოლოდ სიმშვიდეშია შესაძლებელი უფალთან მიახლება და საუბარი. მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს (მაყვლოვანს) (გამ.3,3), - ამბობს მოსე სინას უდაბნოში გრძნობით, მაგრამ გონივრული და ზემდიდარი ჭვრეტით. თუ შენც გსურს ეს, შიშველი ფეხით მიეახლე ამ ადგილს, რადგან ეს წმიდა მიწაა, განიშიშვლე ფერხი, ანუ სული - დაე, იგი ცარიელი და თავისუფალი იყოს ყოველგვარი მიწიერისგან. ამ გზაზე ნურც აბგას, ნურც კვერთხს ნუ წაიღებ, როგორც უბრძანებს უფალი თავის მოწაფეებს (ლუკ. 10,4). შენ უკვე აღარაფერი უნდა გსურდეს ამა სოფლისგან. ნურავის მიესალმები ამ გზაზე, როგორც უბრძანა თავის ყრმას ელისემ და როგორც უფალმა დაუბარა მოწაფეებს. ყველა შენი გულისსიტყვა, განწყობილება და სიყვარული ღვთისკენ მიმართე და არა შექმნილი არსებებისკენ. მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა (მათ. 8,22). მარტომ იარე ცოცხალთა მიწით და სიკვდილს წილი არ ექნება შენში.


თავი 19
კეთილგონიერება მოყვასის სიყვარულის დროს - რათა სულის მშვიდობა გვქონდეს

სახარებაში უფალი ამბობს, რომ იგი მოვიდა, რათა სიყვარულის ცეცხლი აღაგზნოს ჩვენს გულებში და რომ ძლიერ სურს ამ ცეცხლის მალე ანთება (ლუკ. 12,49). ღვთისადმი სიყვარული უსაზღვროა, როგორც თავად ღმერთია უსაზღვრო და დაუსაბამო. მაგრამ ახლობელთა მიმართ სიყვარულს უნდა ჰქონდეს საზღვარი და დასაბამი. თუ ამ სიყვარულს შესაბამის საზღვრებში არ მოაქცევ, შეიძლება მან ღვთისადმი სიყვარულს განგაშოროს, უდიდესი ზიანი მოგიტანოს და დაღუპვამდე მიგიყვანოს. ჭეშმარიტად უნდა გიყვარდეს მოყვასი, მაგრამ ისე, რომ ამით სული არ დაიზიანო. ყველა საქმე უბრალოდ და წმიდად აღასრულე, ნურაფერს ეძიებ ღვთის სათნოყოფის გარდა და ეს მოყვასის სიყვარულისას ყოველგვარი არასწორი ნაბიჯისგან დაგიცავს.

ამ საქმეში ძალზე მნიშვნელოვანია მოყვასის ცხონებისათვის ხელშეწყობა, მაგრამ ამ დროს ხშირად თავს იჩენს არაგონივრული მოშურეობა, რომელიც მხოლოდ ზიანის მომტანია შენთვისაც და მოყვასისთვისაც. გულწრფელი სარწმუნოებისა და სათნო ცხოვრების მაგალითი აჩვენე და მოციქულთა მსგავსად ქრისტეს კეთილსურნელებას მიემსგავსები, რომელიც უფლისკენ იზიდავს ყველას. უღონდ განურჩეველი სიტყვით თავს ნუ შეაწყენ ირგვლივ მყოფთ. ამით მხოლოდ საკუთარ და სხვათა სიმშვიდეს დაარღვევ. ფიცხელი მოშურნეობა და ძლიერი სურვილი გქონდეს, რათა ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება იმგვარი სრულყოფილებით, როგორც შენ; რათა მათაც იგემონ ის ღვინო, რომელიც უფალმა აღგვითქვა და ახლა ყველას უშურველად აძლევს (ეს. 55,1), მუდამ გქონდეს მოყვასის ცხონების ასეთი წყურვილი. მაგრამ იგი ღვთის სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს და არა უგუნური მოშურნეობიდან. ღმერთი შენი სულის ყოველივესგან განშორებით თავად დათესს მასში მოძმის მიმართ სიყვარულს და თავის დროზე მოვა ნაყოფის მოსამკელად. შენით ნუ ეცდები მის დანერგვას, მხოლოდ ყოველგვარი ეკალ-ბარდისგან განწმენდილი გულის მიწა მიართვი უფალს და ის დათესს, რაც და როგორაც სურს. როცა ჟამი დადგება, სწორედ ეს თესლი გამოიღებს ნაყოფს.

გახსოვდეს, უფალს სურს, შენი სული განაშოროს ყოველივეს, რათა თავად შეიერთოს. უფალს შენში მოქმედების ნება მიეცი და საკუთარი ნების ჩარევით წინ ნუ გადაეღობები მას. მხოლოდ ერთი გულისწადილი გქონდეს - მუდამ სათნოეყო უფალს მისი ნებისადმი მორჩილებით. უკვე გამოვიდა სახლის მეუფე და სახარებისეული იგავის თანახმად, თავისი ვენახისთვის მუშაკებს ეძიებს. ყოველგვარი საზრუნავისა და გულისსიტყვისაგან განიძარცვე, მიატოვე საკუთარ თავზე ზრუნვა და დროებითისადმი სწრაფვა და უფალი შეგმოსავს თავისი თავით და მოგცემს იმას, რის წარმოდგენაც არ ძალგიძს. რამდენადაც შეძლებ, დაივიწყე საკუთარი თავი, დაე, სულში მხოლოდ ღვთისადმი სიყვარული ცოცხლობდეს.

ამავე დროს, წინდახედულად უნდა მოზომო სხვებისთვის მოშურნეობის სიმხურვალე. მშვიდობა და სულის სიმშვიდე არ მოგაკლოს უფალმა. იფრთხილე, რომ სხვისთვის სარგებლის მოტანაზე უგუნური ზრუნვის გამო, შენმა სულმა თავისი მთავარი სათნოება - გულის სიმშვიდე არ დაკარგოს. ამ მადლიანი სიმშვიდის წყარო ყველაფრისგან განშორება და საკუთარი სულის ღვთისადმი სრული დამორჩილებაა. სამაგიეროს მიღების მოლოდინით ნურაფერს მოიმოქმედებ და ნურასოდეს იფიქრებ, რომ რაიმე ღირებულს აკეთებ. ღმერთია ყოველივეს მოქმედი და შენგანაც სხვა არაფერი სურს, გარდა მის წინაშე დამდაბლებისა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მას მიუძღვნა ყოველგვარი მიწიერისგან თავისუფალი სული და გულის სიღრმეში მხოლოდ ერთი სურვილი ცოცხლობდეს - რომ ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღესრულებოდეს შენზედ.


თავი 20
საკუთარი ნებისგან განძარცვილმა სულმა უფალს უნდა მიუძღვნას თავი

ძმაო, სასოებდე უფალს, რომელიც ყველას მოუწოდებს: მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ (მათ. 11,28). ამ მოწოდებას მიჰყევი და სულიწმიდის გარდამოსვლის იმედი გქონდეს. თვალდახუჭული გადაეშვი ღვთაებრივი განგებულებისა და კეთილი ნების ზღვაში. დაე, ღვთის ნების მძლავრი ტალღები გატარებდნენ როგორც უსულო საგანს, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ ეწევა. ისინი სწრაფად მიგიყვანენ ცხონებისა და ქრისტიანული სრულყოფილების ნავთსაყუდელში. დღეში რამდენჯერმე მოიმოქმედე ეს დ ყოველნაირად ეცადე, რაც შეიძლება ხშირად განმარტოვდე, როგორც შინაგანად, ისე გარეგანად. ასე შეძლებ მთელი ძალით მიეცე იმგვარ ღვაწლს, რომელიც განსაკუთრებული სიძლიერით აღძრავს ღვთის მტკიცე სიყვარულს. ესენია: ლოცვა, მაცხოვრის უტკბესი სახელის განუწყვეტელი მოხმობა, მისი სიყვარულით გამოწვეული ცრემლთა ღვრა, თბილი და სიხარულის მომგვრელი კეთილკრძალულება უფლის წინაშე და სხვ. ასეთი ქმედებანი ბუნებრივად და ძალდაუტანებლად აღასრულე, რათა იძულებითი სავარჯიშოებით არ გადაიქანცო და არ გამოიფიტო, არ გაუხეშდე და მადლის ზემოქმედებისადმი გამოუსადეგარი არ გახდე. ამ გზაზე გამოცდილი ადამიანების რჩევაც გაითვალისწინე, რათა შეეჩვიო და მუდმივად ღვთის სიწმიდისა და მისი ურიცხვი ქველისმოქმედეის ჭვრეტაში იმყოფებოდე. სიმდაბლით მიიღე ის უტკბესი წვეთები, რომლებიც ღვთის გამოუთქმელი სახიერებისგან მოწვეთავენ შენს სულში.

შენდამი ღვთის ასეთი კეთილი ნების გამოვლინების შესახებ თავს ნუ შეაწყენ უფალს. სიმდაბლით განმარტოვდი საკუთარ შინაგან ადამიანში და ღვთის ნების აღსრულებას ელოდე. და როდესაც უფალი შენი მცდელობის გარეშე აღასრულებს თავის ნებას, მაშინ გამოცდი სიტკბოებასა და კეთილნაყოფიერებას. გასაღები, რომლითაც სულიერი ნიჭების - შემეცნებისა და ღვთაებრივი სიყვარულის იდუმალი საგანძური იხსნება - სიმდაბლე, თავგანწირვა და ღვთისადმი საკუთარი თავის მიძღვნაა, ყოველთვის და ყველა დროს. ამავე გასაღებით იკეტება უმეცრებისა და სულიერი სიცივის კარი.

შეიყვარე მდუმარედ დგომა წმიდა მარიამთან, უფლის ფერხთით და ყურად იღე, რას ეტყვის უფალი შენს სულს. იფრთხილე, რომ მტრებმა, რომელთაგან უდიდესი შენა ხარ, ხელი არ შეგიშალონ ღვთის წინაშე ამ მდუმარე წარდგომისას. როდესაც გსურს, გონებით მიწვდე უფალს და მასში განისვენო, საკუთარი უძლურებითა და მწირი ფანტაზიით ნუ შეეცდები ღვთის ადგილსამყოფელის განსაზღვრას, რადგან ღმერთი უსაზღვროა, იგი ყველგან და ყველაფერშია, უფრო სწორად, მასშია თავმოყრილი ყველაფერი. შენ ამას ჰპოვებ შენს შიგნით, სულში, ყოველთვის, როცა კი ჭეშმარიტად მოიძევ. მას თავად სურს ჩვენთან, ადამიანებთან ყოფნა, რათა თავისი ღირსნი გაგვხადოს, თუმცა სრულებით არ საჭიროებს ამას.

როდესაც წმიდა წერილს კითხულობ, მხოლოდ ფურცელ-ფურცელ ნუკი გადაიკითხავ, გონებით ჩაწვდი ყოველ სიტყვას. თუ რომელიმე სიტყვა საკუთარი თავის ჩაღრმავებას გაიძულებს, გულშემუსვრილებას მოგგვრის, ან სულიერი სიხარულითა და სიყვარულით აღგავსებს, შეჩერდი. ამ დროს უფალი გიახლოვდება. მდაბლად მიიღე იგი წრფელი გულით, როგორც მას სურს და, უფალს ეზიარები. თუ ამ დროს კითხვის ან სულიერი მეცადინეობის შეწყვეტა მოგიწევს, ნუ შეწუხდები, რადგან ყოველგვარი სულიერი ვარჯიშის მიზანი უფალთან ზიარებაა. და როცა მოგვეცემა ეს, აღარაა საჭირო ამ მიზნის მოსაპოვებელ საშუალებებზე შეჩერება. ასევე, როდესაც რაიმე ღვთაებრივ მოვლენაზე ფიქრობ, განსაკუთრებით, მაცხოვრის ვნების რომელიმე ეპიზოდზე, შეჩერდი და მთელი გულისყური მიაპყარი იმას, რაც სიხარულს მოგგვრის, რათა ეს წმინდა გრძნობა დიდხანს შეინარჩუნო.

ჩემო ძმაო, სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება საკუთარი თავის აუცილებელი კანონით შებოჭვაა - დღეში რამდენიმე ფსალმუნის, სახარებისა და სამოციქულოს კითხვა. ვისაც ასეთი კანონი აქვს შესასრულებელი, როგორც წესი, ჩქარობს, ყველაფრის წაკითხვა რომ მოასწროს და არ ზრუნავს იმაზე, წარმოიშობა თუ არა გულში სიხარული წაკითხულისაგან, ან გონებაში თუ გაკრთება სულიერი აზრი და ჭვრეტა. ხოლო როცა ყველაფრის წაკითხვას ვერ ასწრებენ, იმის გამო კი არ ღელავან და ფორიაქობენ, რომ შინაგანი ადამიანის შენება-შექმნას სულიერი ნაყოფი მოაკლდა, წაუკითხავის გამო წუხან, ისმინე, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა ისააკი: „თუ გსურს დატკბე ლექსთაწყობით და შენს მიერ წარმოთქმულ სულიწმიდის სიტყვებს ჩაწვდე, გვერდზე გადადე ლექსთა ზომა და ოდენობა და გონებით სულიწმიდის სიტყვათა შესწავლას ჩაუღრმავდი. ასე მოიქეცი, მანამ შენი სული საღვთო განგებულებისადმი განცვიფრებითა და უმაღლესი შემეცნებით არ აღეგზნება და შედეგად დიდებისმეტყველებისკენ, ან სულისთვის სასარგებლო სევდისკენ არ მიიდრიკება. მონურ ქმედებაში არაა გონების სიმშვიდე. ხოლო ფორიაქი გემოს უკარგავს აზრსა და შინაარსს წარსტაცებს, თითქოს წურბელა სისხლსა და სიცოცხლეს სწოვდეს სხეულიდან“.

თუ ნამდვილად გსურს ცხოვრების სათნოდ გატარება, ღვთის შეძინების გარდა სხვა მიზანი არ გქონდეს. დაე, სადაც ინებებს, იქ განგეცხადოს უფალი. და როდესაც ამის ღირსი შეიქნები, ყველანაირი საქმე შეწყვიტე, ყველაფერი დაივიწყე და მხოლოდ ღმერთში განსვენება ეძიე. როდესაც მისი უდიდებულესობა განშორებას ინებებს, მაშინ შეგიძლია კვლავ განაგრძო ჩვეული სულიერი ვარჯიში და მისი საშუალებით კვლავ იგივე დაისახო მიზნად - ანუ უფალთან მიახლება. შემდეგ კვლავ ისე უნდა მოიქცე, როგორც უკვე გითხარი, ანუ შეწყვიტო ნებისმიერი საქმე და მხოლოდ ღმერთში განისვენო. დაიმახსოვრე ეს რჩევა, რადგან ბევრი სულიერი პიროვნებაა, ვინც საკუთარ თავს სულიერი ღვაწლისა და სიმშვიდის მაცხოვნებელ ნაყოფს ართმევს იმით, რომ არ წყვეტს ამ ღვაწლს, რადგან ფიქრობს, თუ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, დაზარალდება. ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა, რომ თითქოსდა ასე მივაღწევთ სრულყოფილებას. ამგვარად ისინი საკუთარ ნებას მისდევენ, ბევრს შრომობენ და იტანჯებიან, მაგრამ ჭეშმარიტ სიმშვიდეს და შინაგან მშვიდობას ვერ აღწევენ, რითაც ნამდვილად შეიძინება და რაშიც ჰგიებს ღმერთი.


თავი 21
მხოლოდ ღმერთი ეძიე და არა სიამე-სიტკბოებანი

მუდამ სიმძიმე და მწუხარება გერჩიოს და სიამეს და სიტკბოებას ნუ შეიყვარებ. ისინი არაფერს რგებენ სულს. სხვების მორჩილება და საკუთარი ნების მათთვის დამორჩილება შეიყვარე. დაე, ყოველი ქმედება ღმერთთან მიახლოებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს და არც ერთი არ გექცეს დაბრკოლებად ამ გზაზე. გიხაროდეს და მხოლოდ უფალი იყოს შენთვის უტკბესი ნუგეში. სხვა ყოველივე კი - სიმწარე. შენი ყოველი სიმძიმე ღმერთთან აზიდე. ის შეიყვარე მთელი გულით და მას უერთგულე ყოველგვარი შიშისა და განსჯის გარეშე. უფალი განგიქარვებს ეჭვებს და დაცემულს წამოგაყენებს. ერთი სიტყვით, თუ ღმერთს შეიყვარებ, მისგან ყოველგვარ სიკეთეს მიიღებ. მთლიანად შესწირე თავი ღმერთს მსხვერპლად, სულის სიმშვიდითა და სიწყნარით.

წარმატებით, გადაღლისა და ფორიაქის გარეშე რომ იარებოდე ამ გზაზე, საკუთარი ნება ღვთისას მიანდე. რაც სრულად შეიძლებ ამას, მით მეტ ძალასა და ნუგეშს ჰპოვებ. დაე, ისე მოიმართოს შენი ნება, რომ მხოლოდ ის სურდეს, რაც ღმერთს ნებავს და არაფერი უნდოდეს, რაც უფალს არ სურს. მუდმივად, ნებისმიერი საქმისას განაახლე შენი სულის გადაწყვეტილება და სურვილი - ყველაფერში სათნოეყო ღმერთს. ნუ იფიქრებ მომავალზე, რადგანაც არ იცი, რას დაბადებს დღე (იგავ. 27,1). ოღონდ თავისუფალი იყავი და თავი არაფრით შეიბოჭო. თუმცა არავის ეკრძალება გონივრული ზრუნვა და მცდელობა იმისა, რაც საჭიროა თითოეულის მდგომარეობისა და წოდების შესაბამისად. ამგვარი მზრუნველობა ეთანხმება ღვთის ნებას და პიროვნების შინაგან სამყაროს ღვთის ერთგულებასა და სულიერ წარმატებაში ხელს არ უშლის. ნებისმიერი საქმისას ეცადე გააკთო ყველაფერი, რაც შეგფერის, შეგიძლია და აუცილებელია შენთვის. სხვა დანარჩენის მიმართ გულგრილობა შეინარჩუნე და სიმდაბლით დაუმორჩილე იმას, რაც შენგან დამოუკიდებლად მოხდება.

ის, რაც შეგიძლია მუდამჟამს აკეთო, საკუთარი ნების ღვთისთვის მსხვერპლად მიტანაა. ამის გარდა არაფერი ისურვო. შედეგად მუდამ თავისუფალი იქნები, არავინ და არაფერი შეგბოჭავს და მუდმივი სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს შენში. სულის ასეთი თავისუფლებაა ის უდიდესი სიკეთე, რომლის შესახებაც წერენ წმიდანთა ცხოვრებაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი კაცის თავის თავში მკვიდრობა, საიდანაც ის გარეთ არ გამოდის და არაფერს ეძიებს. თუ ასეთ თავისუფლებას მიაღწევ, მასთან ერთად მუდმივად იგემებ იმ ღვთაებრივ და გამოუთქმელ სიხარულს, რომელიც ღვთის სასუფევლისგან განუყოფელია და ჩვენშივეა, როგორც უფალი ამბობს: ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია (ლუკ.17,21).


თავი 22
ნუ იქნები სულმოკლე, როდესაც გტოვებს ან წყდება შინაგანი სიმშვიდე

ღვთის გზაზე მავალთ ხშირად გამოუცდიათ, თუ როგორ ტოვებს მათ ან წყდება წმინდა სიმშვიდე, ტკბილი შინაგანი განმარტოება და თავისუფლება. ხანდახან კი გულის მოძრაობის შედეგად შიგნით ისეთი მტვერი წარმოიშობა, რომ აღარა ჩანს გზა, რომლითაც უნდა იარონ. როდესაც თავადაც გამოცდი მსგავსს, იცოდე, ეს ღვთისგან დაიშვება შენდა სასიკეთოდ. სწორედ ესაა ის ბრძოლა, რომლის გამოც ღვთის წმინდანები ნათელი გვირგვინებით იმოსებოდნენ. გახსოვდეს და მხნედ დაითმინე მოწეული განსაცდელი. ამ დროს, ისევე, როგორც ნებისმიერი მღელვარებისას, მთელი გულით შეჰღაღადე უფალს: „უფალო ღმერთო ჩემო! მოხედე შენს მონას, დაე,აღსრულდეს ნება შენი. მწამს და ვაღიარებ, რომ შენი სიტყვების ჭეშმარიტება მტკიცეა და შენი აღთქმა მართალი. მათით ვსასოებ, ვდგავარ და არ ვიყოყმანებ შენს გზაზე“. ნეტარია ის სული, რომელიც სიმძიმილისა და ფორიაქის განცდისას ყოველთვის უფლის ერთგულია. და თუ ბრძოლა მაინც არ წყდება და შენც, როგორც გსურდა, ისე სწრაფად არ ძალგიძს საკუთარი ნების ღვთის ნებასთან შერწყმა-შეთანხმება, ნუ იურვი და სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ. უფლის ერთგულება შეინარჩუნე, ქედი მოიდრიკე მისი განგებულების წინაშე და გაიმარჯვებ. გაიხსენე როგორ ბრძოლას გაუძლო მაცხოვარმა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც მისი ადამიანური ბუნება შედრკა მოწვდილი სასმისის წინაშე: მამაო, თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი, - ხოლო შემდეგ, საკუთარ თავში დაბრუნებულმა, თავისუფალი ნებით სრულად მიანდო სული ღმერთს და ღრმა სიმდაბლით წარმოთქვა: თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ (მათ. 26,39).

როდესაც რაიმე სიძნელე შეგხვდება, ნურაფერს იღონებ, ვიდრე გონების თვალს ჯვარცმულ უფალს არ მიაპყრობ. იქ დიდი ასოებით წარწერილს იხილავ, თუ როგორ უნდა გეჭიროს თავი გასაჭირის დროს. გადმოიწერე ეს შენში, ასოებით კი არა, საკუთარი ქმედებებით: როდესაც თავისმოყვარებისა და საკუთარი თავის სიბრალულის შემოტევას იგრძნობ, სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ და ნუ ჩამოხვალ ჯვრიდან, ილოცე და მდაბლად დაითმინე. ეცადე, გაიმარჯვო საკუთარ ნებაზე და მტკიცედ ისურვო ღვთის ნების აღსრულება. თუ ლოცვის შედეგად ასეთ ნაყოფს მოიმკი, იხარებდე და ზეიმობდე. თუ ამას ვერ მიაღწევ, შენი სული მარხული დარჩება, საჭირო საკვებს ვერ იგემებს. იღვაწე, რომ სულში ღვთის გარდა, თუნდ მცირე ხნითაც, სხვა არაფერი ჩასახლდეს. ნურაფერზე ინაღვლებ და გულს ნუ გაიტეხ. მზერას ნუ მიაპყრობ სხვათა ცბიერებას და ცუდ მაგალითს. ბავშვს მიემსგავსე, რომელიც თავისი უბოროტობის წყალობით ვერ ამჩნევს მათ და უხიფათოდ უქცევს გვერდს.


თავი 23
მტერი უამრავ მზაკვრობას იყენებს შინაგანი სიმშვიდის დასარღვევად, იფხიზლე

ჩვენი მტერი სატანა ხარობს, როდესაც სული აფორიაქებული და გული შეშფოთებულია. ამიტომ ყოველნაირად ცდილობს, სული შეგვიშფოთოს. ასეთი თავდასხმისას ბოროტის უპირველესი იარაღია თავისმოყვარების აღძვრა, რათა მისი მიზეზით განგვაშოროს მადლი, რომელიც ქმნის და იცავს შინაგან სიმშვიდეს. ამ მიზნით ჩაგვაგონებს, თითქოს ყველაფერი, რაც ჩვენშია და კეთილი გვგონია, საკუთარი გულმოდგინებითა და შრომით იყოს მოპოვებული; და განაგდებს რა სიმდაბლესა და უბრალოებას, თვითშეფასებას აღგვიძრავს, რათა თავი მნიშვნელოვან პიროვნებად ვიგრძნოთ და ღვთის მადლის ზემოქმედება დავივიწყოთ, რომლის გარეშეც უფლის სახელის წარმოთქმაც კი არავის ძალუძს, როგორც წმიდა პავლე მოციქული გვიმოწმებს: და ვერც უფლად იტყვის იესოს, თუ არა სული წმიდით (1კორ. 12,3). ეს მადლი კი ყველა მორწმუნეს ეძლევა და მისი მყოფობა იმის ნიშანია, რომ ადამიანი ჭეშმარიტი მორწმუნეა. მადლის მიღების შემდეგ მორწმუნე არ იქმს და მისი დახმარების გარეშე არ შეუძლია რაიმე კეთილის ქმნა. უფლის აღთქმის თანახმად, მადლი ყოველთვის მორწმუნესთანაა და მტერი ვერაფერს დააკლებს ადამიანს, ვიდრე იგი მასშია და იფარავს. ბოროტი ყოველნაირად ცდილობს, სწორედ ეს მადლი ჩამოგვაშოროს და ამ მიზნით, უპირველესად, თვითშეფასებას ჩაგვაგონებს, თითქოს ჩვენ არარაობას კი არა, მნიშვნელოვან რაიმეს წარმოვადგენდეთ. ვინც ასეთ აზრს შეიწყნარებს, მტერი ახალს მიაწვდის, დაარწმუნებს, რომ ის სხვებზე უკეთესი, მოშურნე და ღვაწლმოსილია. ამ აზრის ჩაგონების შემდეგ ბოროტის მანქანებით ასეთი ადამიანი სხვას განიკითხავს, სძულს მოყვასი, რასაც უცილობლად თან სდევს სიამაყე. ეს ყოველივე შეიძლება წამში მოხდეს გულში. მადლი მყისვე წყვეტს მოქმედებას, რის შედეგადაც ჩნდება უყურადღებობა საკუთარი თავისადმი, მოშურნეობა სუსტდება, ჯერ უმნიშვნელო, შემდეგ ვნებიანი გულისსიტყვები, ბოლოს კი თავად ვნებები იწყებენ მოძრაობას, რასაც გულში ქარიშხალი მოჰყვება. შინაგანი სიმშვიდეც დაკარგულია. ეს ერთჯერადი მდგომარეობაა და თუ ადამიანი გამოფხიზლდება და მოინანიებს, გონს მოეგება, გულს შეიმუსრავს და ლოცვით აღიდგენს ჩვეულ შინაგან წყობას, მტერი უკუგდებულია, მაგრამ იმედს არ კარგავს, კვლავ და კვლავ იგივენაირად და იმავე მიზნით გვიტევს, რათა შინაგანი სიმშვიდე დაგვირღვიოს.

იცოდე ეს, ჩემო ძმაო, და მტრის თავდასხმებს საკუთარი სიმხნევე და სიფხიზლე დაუპირისპირე. უფლის სიტყვების თანახმად: იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში (მათ. 26, 41). იფხიზლე და ყურადღებით იყავი, რათა მტერი არ წამოგეპაროს და არ წარგტაცოს უდიდესი საგანძური - შინაგანი სიმშვიდე და სულიერი მდუმარება. მტერი ცდილობს, დაგირღვიოს სულიერი მშვიდობა, რადგან იცის, როდესაც სული მღელვარებს, მისი ცუდისკენ წარმართვა ადვილია. დაიცავი შენი სიმშვიდე. იცოდე, როდესაც სული მშვიდადაა, მტერი ვერ მიეკარება. მაშინ სული ყოველგვარი სიკეთის აღმსრულებელია და ხალისითაც ახერხებს ამას, ზედმეტი შრომის გარეშე. იოლად გადალახავს ნებისმიერ დაბრკოლებას. ამაში რომ წარემატო, შეეცადე, წინასწარ გამოიცნო მტრის ხრიკები. მტრის მისადგომი თავდაჯერებაა. ყოველი გულისსიტყვა, რომლიც შენში ღვთის ყოვლადსახიერების რწმენას ასუსტებს, ასუსტებს რწმენას იმისას, რომ მისი მადლის გარეშე ვერაფერში წარემატები და რომ ამიტომ მხოლოდ მისი იმედი უნდა გქონდეს, - მტრისგან მოდის და მრისხანებით უნდა განაგდო და დევნო, ვიდრე გაქრებოდეს. ეს საკუთარი თავისთვის კანონად აქციე. სულიწმიდა ჩვენში ასე მოქმედებს - ჩვენს სულს ღმერთთან შესაერთებლად აღიყვანს, მასში უფლის უტკბეს სიყვარულს, კეთილმორწმუნეობასა და მტკიცე სასოებას აღანთებს. ყოველივე ამის საპირისპირო კი მტრისგანაა.

ბოროტი ყველა ხერხსა და საშუალებას იყენებს სულის ასამღვრევად. ზედმეტ შიშს სთესს გულში, ზრდის სულის უძლურებას, არ აძლევს საშუალებას აღსარების, ზიარების თუ ლოცვის დროს ჯეროვანი განწყობილება შეინარჩუნოს და დატკბეს. ბოროტის მოქმედების შედეგად სული მდაბალი კადნიერებისა და სიყვარულის გარეშე, შიშითა და სირცხვილით მოქმედებს. ამის შემდეგ სული უიმედო მწუხარებით ხვდება რელიგიური გრძნობების დაკნინებას და შინაგანი სიტკბოების დაკარგვას - რაც ხშიად ხდება ლოცვის ან სხვა სულიერი ვარჯიშისას. ბოროტი კი ჩააგონებს, რომ ეს დაკნინება ღვთისგან მის სასიკეთოდ არაა დაშვებული, რომ მისი შრომა და ღვაწლი ამაოა და, სჯობს, ყველაფერი მიატოვოს. ასე მიჰყავს მას სული უდიდეს შეცბუნებამდე და უიმედობამდე. ადამიანიც ფიქრობს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, უსარგებლო და უნაყოფოა და რომ ღმერთმა სრულიად დაივიწყა და მიატოვა.

მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. დაე, განიცადოს სულმა რელიგიური გრძნობებისა და სულიერი სიტკბოების სიმშრალე და დაკნინება. მიუხედავად ამისა, მას მაინც ძალუძს კეთილი საქმეების კეთება, რწმენის შენარჩუნება და მოთმინებითა და ერთგულებით განმტკიცება. ეს რომ უკეთ გაიგო და ზიანი არ მიიღო, თუ ღვთისთვის სათნო იქნება და შენივე სიკეთისთვის ინებებს და სულიერი დაკნინებისას ასეთ გრძნობებს განგაცდევინებს, შემდგომ თავში გადმოგცემ, რა სიკეთეს გვძენს სიმდაბლით დათმენა, როდესაც გულის გაცივებისა და სიმშრალისას მას მივმართავთ. ამით ისწავლი სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას და მწუხარების გამკლავებას, როდესაც მათი დათმენა მოგიწევს, რაიმე გევნება ან სხვა შემაშფოთებელი გულისსიტყვები თუ ვნებები აღგეძვრება.


თავი 24
არ უნდა შევცბუნდეთ სულიერი გრძნობების დაკნინებისა
და სხვა შინაგანი განსაცდელის გამო

მართალია, მეშვიდე თავში უკვე ვისაუბრეთ გულის სიცივის, სიმშრალისა და მათი მიზეზით განცდილი სულიერი იმედგაცრუების შესახებ, მაგრამ ახლა დავასრულებ სათქმელს: ასეთ გულისტკივილსა და სიმშრალეს, ანუ სულიერი სიხარულისა და სიტკბოების დაკნინებას დიდი სარგებელი მოაქვს სულისათვის, როდესაც მათ მოთმინებითა და სიმდაბლით მივიღებთ და გადავიტანთ. ადამიანმა რომ წინასწარ იცოდეს ამ სარგებლის შესახებ, აღარ დანაღვლიანდებოდა და დამძიმდებოდა ასეთი მდგომარეობისას; შინაგანი სულიერი ნუგეშის შესუსტებას ღვთის არაკეთილგანწყობად აღარ ჩათვლიდა. პირიქით, მასში უფლის განსაკუთრებულ სიყვარულს დაინახავდა და სიხარულით მიიღებდა, როგორც უდიდეს მოწყალებას.

უკვე ისიც მანუგეშებელია, რომ ასეთ მდგომარეობას მეტწილად ის პიროვნებები განიცდიან, რომლებიც განსაკუთრებული მოშურნეობით იწყებენ ღვთის სამსახურს და ცდილობენ, თავი აარიდონ ყველაფერს, რაც უფალს შურაცხყოფს. და ამას განიცდიან არა ღმერთთან ურთიერთობის დასაწყისში, არამედ კარგა ხნის ღვაწლის შემდეგ, როდესაც საკმაოდ განიწმენდენ გულს წმიდა ლოცვითა და შემუსვრილებით, როდესაც ერთგვარ სულიერ სიტკბოებას, სითბოსა და სიხარულს იგრძნობენ და გადაწყვეტენ, მთლიანად უძღვნან თავი უფალს და ასეც იქცევიან. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ცოდვილნი და ამსოფლიურ და ცხოვრებისეულ ამაოებათ დამონებულნი მსგავსს ცდუნებებს განიცდიდნენ. აშკარაა, რომ ეს სიმწარე წმინდა და ძვირფასი ტრაპეზია, რომელთანაც უფალი თავის საყვარელ შვილებს იწვევს. მართალია, დაგემოვნებისას ეს ტრაპეზი დიდად სასიამოვნო ვერაა, ფრიადი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ გემოს გასინჯვისას ამას ვერ გვრძნობთ. სული, რომელიც სიმშრალეს განიცდის, სიმწარეს იგემებს და შიშისმომგვრელი განსაცდელებითა და გულისსიტყვებით იტანჯება, რომლებიც თავის მხრივ, გულს უწამლავენ და თითქმის სრულიად მოაკვდინებენ შინაგან ადამიანს. ასეთ მდგომარეობაში სული აღარ ენდობა საკუთარ თავს, საკუთარ კეთილგანწყობას და ჭეშმარიტ სიმდაბლეს იძენს, რაც სურს კიდეც უფალს ჩვენგან. ამავე დროს სული ღვთის მხურვალე სიყვარულით, საკუთარი გულისსიტყვებისადმი გულმოდგინე ყურადღებითა და მსგავსი განსაცდელების მამაცური დათმენით აღინთება. ამ ბრძოლიდან, როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს, ადამიანი ისეთი გამოდის, რომლის გრძნობებიც გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ (ებრ. 5,14). თუმცა ვიმეორებ, ის ვერ ხედავს ამ ძვირფას და უხილავ ნაყოფს, შეცბუნებულია და გაურბის სატანჯველს, რადგან არ სურს, თუნდაც მცირე ხნით სულიერი ნუგეშის გარეშე დარჩეს. ამ ნუგეშის გარდა ყველა სხვა სულიერი ვარჯიში მისთვის ტყუილუბრალოდ დაკარგული დრო და უნაყოფო შრომაა.


თავი 25
ნებისმიერი განსაცდელი სასიკეთოდ გვეგზავნება

უკეთ რომ შეიგნო, რომ ნებისმიერი განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდ დაიშვება ღვთისგან, ყურად იღე, რასაც გეტყვი. თავისი გახრწნილი ბუნების გამო ადამიანი ამაყი, დიდებისმოყვარეა, უყვარს თავის წარმოჩენა; მტკიცედ სწამს საკუთარი აზრებისა და გადაწყვეტილებებისა, სურს ყველა იმაზე მეტად აფასებდეს, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებს. ასეთი თვითშეფასება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა დამღუპველია სულიერი წარმატების გზაზე. ამ თვისებების მცირე ჩრდილიც საკმარისია, რომ ადამიანმა ჭეშმარიტ სრულყოფილებას ვერ მიაღწიოს. ამიტომ ჩვენი მოყვარული ზეციერი მამა ბრძნულად განსჯის რა ჩვენს შესახებ, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც გულწრფელად უძღვნა თავი მის მსახურებას, დაშვებული განსაცდელით ისეთ განწყობას ბადებს ჩვენში, რომ ადვილად დავიხსნათ თავი სახიფათო სენისგან - თვითშეფასებისგან და თითქმის იძულებით მივიდეთ ჭეშმარიტად მდაბალ თვითშემეცნებამდე. ასე მოექცა უფალი თავის წმიდა მოციქულს - პეტრეს და დაუშვა, რომ მას სამჯერ უარეყო ღმერთი, რათა საკუთარი უძლურება შეეცნო და თავის იმედი არ ჰქონოდა. ასევე წმიდა პავლეზე, მას შემდეგ, რაც ატაცებულ იქნა მესამე ცამდე და გამოუთქმელი ღმრთაებრივი საიდუმლოებანი გაეხსნა, უფალმა მომაბეზრებელი და მტანჯველი განსაცდელები დაუშვა, რათა მას საკუთარი არარაობა შეეგრძნო, დამდაბლებულიყო და მხოლოდ თავისი უძლურებით მოეწონებინა თავი; რომ იმ უდიდეს აღმოჩენას, რისი ღირსიც უფალმა გახადა, მასში განდიდება არ გამოეწვია. ამის შესახებ წმიდა პავლე მოციქული თავადაც ამბობს: და მეტისმეტად რომ არ აღვზევდე გამოცხადების ზეობით, მომეცა მე ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი ჩემდა საწამებლად, რომ არ აღვზევდე (2კორ. 12,7).

ასე რომ, ჩვენი არაბუნებრივი და უკანონო მიდრეკილების - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო - ღმერთი თანაგრძნობით დაუშვებს ჩვენზედ სხვადასხვა განსაცდელს, ხანდახან ძალზე მძიმესაც, რათა საკუთარი უძლურება შევიცნოთ და დავმდაბლდეთ. ამით უფალი ერთდროულად სახიერებასა და სიბრძნეს ავლენს: რაც ყველაზე საზიანო და მავნე გვგონია, მისით უდიდეს სარგებელს გვაძლევს, რადგან გვამდაბლებს. სიმდაბლე კი ყველაზე მეტად საჭირო და კეთილისმყოფელია ჩვენი სულისათვის. თუ ყველანაირი განსაცდელი სიმდაბლეში განსასწავლად გვეძლევა, ბუნებრივია, ღვთის ერთგული მონაც ამიტომ განიცდის გულის სიმშრალეს და სულიერი ნუგეშის დაკნინებას, რომ სიმდაბლე ისწავლოს, იფიქროს, ასე საკუთარი ცოდვების გამო მჭირსო; რომ შეუძლებელია, მასავით კნინი სული ჰქონდეს სხვასაც და მასავით გულგრილად ემსახურებოდეს ღმერთს; რომ ასეთი განწყობა მხოლოდ მათ აქვთ, ვინც უფალმა მიატოვა, მაშასადამე, თვითონაც მიტოვებულია და დამსახურებულადაც. ამგვარი მდაბალი გულისთქმებისგან, აი, როგორი სიკეთე იშვება: ვინც ადრე ფიქრობდა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ახლა, ზეცით წარმოგზავნილი მწარე მკურნალობის შედეგად ფიქრობს, რომ ქვეყნად ყველაზე ცოდვილი ადამიანია და ქრისტიანის სახელის ტარების უღირსი. განსაკუთრებული განსაცდელი, უდიდესი გასაჭირი და გულისტკივილი რომ არა, საკუთარ თავზე ამგვარ დამამცრობელ აზრს და ღრმა სიმდაბლეს ვერასოდეს შეიძენდა. ეს ამ ცხოვრებაში სულისთვის ღვთისგან ბოძებული უდიდესი მოწყალებაა, იმ სულისთვის, რომელიც მდაბლად უერთგულებს მას, რათა უფალმა საკუთარი ნებისამებრ განკურნოს, ისე როგორც აუცილებელია ადამიანის სასიკეთოდ.

გარდა ამ ნაყოფისა, რომელსაც სულს განსაცდელის შედეგად სულიერი ნუგეშის დაკნინება მოუტანს, სხვა უამრავი ნაყოფიც არსებობს. ასეთი გარეგანი სიმძიმეებით გულშემუსვრილი ადამიანი იძულებულია სწრაფი შემწეობისთვის ღმერთს მიმართოს. ის ყველაფერს აკეთებს, რაც სულიერი მწუხარებისა და გულისტკივილის განსადევნადაა საჭირო და სამომავლოდ რომ მსგავს სულიერ ტანჯვას თავი აარიდოს, მტკიცედ გადაწყვეტს სულიერი ცხოვრების გზაზე დადგომას; მთელს გულისყურს გულისკენ მიმართავს, გაურბის ცოდვას და სულ მცირე უწესივრობას, რამაც კი შეიძლება ღმერთს დააშოროს. ასე რომ, ჭირი, რომელსაც ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის საზიანოდ თვლიდა, მისთვის იქცევა საწერტელად, უდიდესი სითბოთი რომ აღძრავს ღვთის საძიებლად; ყოველივე იმასთან განსაშორებლად, რაც უფლის ნებას არ ეთანხმება. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა გასაჭირი და ტანჯვა, რომელსაც სული შინაგანი განსაცდელის დროს, სულიერი ნუგეშისა და სიტკბოების დაკნინებისას განიცდის, სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სიყვარულით განმწმენდელი კურნება. ღმერთი ამით იმ სულს განკურნავს, რომელიც ყველაფერს მდაბლად დაითმენს. რა თქმა უნდა, ასეთი ტანჯვა მოთმინების მქონეთ წამებულთა გვირგვინს განუმზადებს. ეს გვირგვინები მხოლოდ ასე მოიპოვება და მით უფრო დიდებულია, რაც მტკივნეულია გულის ტანჯვანი.

აშკარაა, რომ უზომოდ არ უნდა ვიტანჯოთ ჩვენზედ მოვლენილი გარეგნული თუ შინაგანი განსაცდელის გამო. ასე ის იქცევა, ვისაც მწირი გამოცდილება აქვს და საკუთარი ცოდვებისა და არასრულყოფილების გამო, ღვთისგან დაშვებული სატანის ქმედება ჰგონია, ღვთის სიყვარულის გამოვლინება - მისი განრისხება, ნიჭები და კეთილისყოფა - დარტყმა და გაშოლტვაა, რასაც უფალი უკიდურესი გულისწყრომის გამო დაუშვებს მასზე. ყოველივე, რასაც უნდა იქმოდნენ, წყალში ჩაყრილ შრომად და კურნების გარეშე გაღებულ დანაკარგად მიაჩნიათ. მათ რომ სწამდეთ, რომ ასეთი განსაცდელი სათნოებების მოხვეჭას ოდნავადაც ვერ შეუშლის ხელს და პირიქით, თუკი სულის სიმდაბლითა და მადლიერებით მიიღებენ და დათმენენ ყოველივეს, განამრავლებს კიდეც; რომ სჯეროდეთ, ეს მოყვარული ღმერთის კეთილი ნების გამოვლინებაა მათ მიმართ, მაშინ უკიდურესად არ შეშფოთდებოდნენ და გულის სიმშვიდეს არ დაკარგავდნენ მოწეული განსაცდელის ან იმის გამო, რომ უკადრისი და ბილწი გულისსიტყვები აქვთ და ლოცვისას თუ სხვა სულიერი ვარჯიშისას მშრალნი და გულგრილნი არიან. პირიქით, უფრო დაიმდაბლებდნენ თავს ღვთის წინაშე და გულწრფელად გადაწყვეტდნენ მუდამჟამს მისი ნების აღსრულებას; რადგან უფალს სურს, ამქვეყნად მხოლოდ ასე სათნოვეყოთ მას. ყოველნაირად ეცდებოდნენ, სიმშვიდე და მშვიდობა შეენარჩუნებინათ, მომხდარი ზეციური მამის მიერ მოვლენილად და მის მიერ მოწვდილ მწარე სასმისად მიეღოთ, რომელსაც ახლა სცლიან. თუნდაც განსაცდელის მიზეზი ბოროტის მანქანება, ადამიანები ანდა ცოდვა იყოს, მაინც ყოველივე უფალზეა დამოკიდებული, მის მიერ დაიშვება ჩვენს სასიკეთოდ და სხვა უფრო დიდი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად.


თავი 26
შეცბუნებისგან განკურნვა მსუბუქი შეცოდებებისა და სისუსტეების დროს

თუ სიტყვით ან საქმით მსუბუქად შესცოდავ, რაიმე კონკრეტული შემთხვევის გამო აღელდები, განიკითხავ ან სხვათა განკითხვას მოისმენ, იკამათებ ან მოუთმენლობას, ამაო ფაციფუცს, დაეჭვებას, დაუდევრობას გამოამჟღავნებ, არ ღირს უკიდურესი დამწუხრება, შეცბუნება ან სასოწარკვეთა საკუთარი ქმედების გამო. მით უფრო არ შეიძლება ფიქრი, რომ ვერასოდეს შეძლებ ამ სისუსტეებისგან განთავისუფლებას, რომ შენში უფლისადმი მსახურების სურვილი სუსტია, ანდა ისე არ მიდიხარ ღვთის გზაზე, როგორც საჭიროა. ასეთ შემთხვევაში სულს ნუ დაიმძიმებ ათასგვარი შიშით, სულმოკლეობითა და ნაღველით.

რა გამოდის აქედან? - ის, რომ როგორც მოღალატეს, უფლის წინაშე კადნიერებით წარდგომა გერცხვინება. ტყუილუბრალოდ ჰკარგავ დროს იმის განხილვაში, თუ რამდენი ხანი დაჰყავი შეცდომილებაში, დაემორჩილე და ისურვე ის თუ არა, განაგდე ესა თუ ის გულისსიტყვა თუ არა და სხვა. რაც მეტად დაიტანჯავ თავს, მით უფრო გაიზრდება უგუნებობა, სულიერი სიმძიმე და აღსარების არჩაბარების სურვილი. მაგრამ თუ წახვალ და შფოთითა და შიშით იტყვი აღსარებას, მაინც ვერ დამშვიდდები. მოგეჩვენება, რომ ყველაფერი არ გითქვამს. ამ მწარე განცდით აფორიაქებული და უნაყოფო იცხოვრებ, ტყუილად დაკარგავ დროს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ბუნებრივი უძლურება გვავიწყდება; გვავიწყდება, თუ როგორ უნდა ურთიერთობდეს სული ღმერთთან. ანუ, როდესაც სული რაიმე საპატიებელი, არასასიკვდილო ცოდვით ეცემა, მან მდაბლად, სასოებითა და სინანულით უნდა მიმართოს ღმერთს და თავი არ დაიტანჯოს ზედმეტი ნაღველით, სიმძიმილითა და წუხილით.

ეს საპატიებელ შეცოდებებს ეხება, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება შესცოდოს ადამიანმა, ვინც ჩვენს მიერ აღწერილ მკაცრ ცხოვრებას ეწევა. ჩვენი საუბარი იმათთვისაა, ვინც სულიერად ცხოვრობს, ღვაწლით ცდილობს წარემატოს და ყოველნაირად გაურბის სასიკვდილო ცოდვებს.მათთვის, ვინც მკაცრად არ ცხოვრობს და არ ანაღვლებს, რომ სასიკვდილო ცოდვით უფალს შეურაცხყოფს, სხვაგვარი სიტყვაა საჭირო. ჩვენი რჩევა მათ არ გამოადგებათ. ჩვენი წამალი ვერ განკურნავს. მათ ღრმა მწუხარება და მწარე ცრემლთაღვრა მართებთ, მკაცრად უნდა გამოიძიონ საკუთარი ცოდვები, შეეცადონ უდებების გამო უარი არ თქვან იმ საშუალებებზე, რომლებიც აუცილებელია მათი განკურნებისა და ცხონებისათვის.

სინანული მუდამ ღვთის მტკიცე სასოებით უნდა იყოს გამსჭვალული,როგორც ყოველდღიური მსუბუქი შეცოდებების, მით უფრო, ჩვეულებრივზე უფრო მძიმედ შეცოდებისას, რასაც ხანდახან ღვთის დაშვებით, მისი ერთგული მონაც სჩადის. სინანულით შემუსვრილება, რომელიც ქენჯნის და ტანჯავს გულს, ვერასოდეს განაახლებს და აღადგენს სულში კეთილსაიმედო განწყობილებას, თუ ღვთის გულმოწყალებისა და სახიერების მტკიცე სასოებასთან არ იქნება შერწყმული. ასეთი სასოება განუწყვეტლივ უნდა აღავსებდეს ქრისტიანული სრულყოფილების მოშურნეთა გულებს. სასოება აცოცხლებს და ააქტიურებს სამშვინველისა და სულის ძალებს. მაგრამ სულიერი ცხოვრების გზაზე შედგომისას ბევრი არ ზრუნავს ამაზე. შესუსტებული გულით შეჩერდება ხოლმე, წინ არ მიიწევს და ამიტომ უხმარი ხდება იმ მადლმოსილი ნიჭების მისაღებად, რომლებითაც მიმოფინა უფალმა ეს გზა და, რომელთა ღირსნიც, როგორც წესი, მხოლოდ მოშურნენი ხდებიან, ვინც მუდმივად და მთელი ძალისხმევით მიიწევს წინ.

მან, ვინც გულის მღელვარებას, რაიმე გაურკვევლობას ანდა სინდისის გაორებას განიცდის, სულიერ მოძღვარს ან სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანს უნდა მიმართოს. ამავე დროს, სასოებით უნდა ილოცოს, რათა უფალმა მათი პირით ჭეშმარიტება ამცნოს, ეჭვი და შფოთი განუქარწყლოს და მათი რჩევის შედეგად სრულიად დაამშვიდოს.


თავი 27
შეცბუნებულმა მყისვე უნდა აღიდგინოს სულიერი სიმშვიდე

ყოველთვის, როდესაც უმნიშვნელოდ შესცოდავ, თუნდაც ეს დღეში ათასჯერ შეგემთხვეს, ნუ დაიტანჯები და დროს ნუ დაკარგავ. როგორც კი თავს ცდუნებას შეამჩნევ, მყისვე დამდაბლდი, საკუთარი უძლურება შეიცანი, სასოებით მიმართე უფალს და გულის სიღრმიდან ამოთქვი: „უფალო ღმერთო ჩემო! მე ჩავიდინე ეს, რადგან ასეთი ვარ. თუ შენი მადლი არ განმანათლებს და მარტოს დამტოვებს, ჩემგან სხვას არაფერს უნდა ელოდე, მსგავსი ან უარესი შეცოდებების გარდა. ვიურვი ჩადენილის გამო; განსაკუთრებით იმის გამო, რომ საკუთარი ცხოვრების გამოსწორებით არ ვპასუხობ შენს ზრუნვას ჩემდამი და მუდმივად ვეცემი. შემინდე და მომეცი ძალა, რათა მეტად არ შეურაცხგყო და შენს ნებას არ გადავიდე. რადგან გულწრფელად მსურს გემსახურო, სათნოგეყო და ყველაფერში დაგემორჩილო“. ამის შემდეგ თავს ნუ დაიტანჯავ ფიქრით, გაპატია თუ არა ღმერთმა. უფალი ჩვენს გვერდითაა და უწყის თავის მონათა სულთქმა. ამ რწმენით დამშვიდდი და დამშვიდებულმა განაგრძე ჩვეული საქმიანობა, თითქოსდა არც არაფერი მომხდარიყოს.

ასე ხშირად უნდა მოიქცე. თუ საჭირო იქნება, ყოველ წუთს, და უკანასკნელადაც ისეთივე სრული სასოებითა და ღვთისადმი კადნიერებით, როგორც პირველ ჯერზე. თუ ასე იმოქმედებ, ზეიმით უდიდეს პატივს მიაგებ ღვთის გამოუთქმელ სახიერებას, ვისშიც მუდმივად უნდა ჭვრეტდე ჩვენდამი უსაზღვრო სათნოყოფას. შედეგად მუდმივად წარემატები ცხოვრებაში და მუდამ წინ ივლი, ამაოდ არ ჩაივილის შენი შრომა და მცდელობა.

შეცოდებებისაგან შინაგანი სიმშვიდის დაცვა ასე შეგიძლია: შინაგანად გაიცნობიერე საკუთარი დაწყევლილი ბუნება და ღვთისადმი სიმდაბლით გაიხსენე ის უდიდესი მოწყალებანი, რაც უფალს პირადად შენს მიმართ გამოუჩენია. ამით გააცოცხლე საკუთარ თავში ღვთის სიყვარული, მადლიერებით გრძნობით აღივსე და ადიდე მისი სახელი, საქმით შესწირე მადლობა და სულის სიღრმიდან განადიდე იგი. ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა და მისთვის დიდების აღვლენა უფალთან ჩვენი ცოცხალი კავშირის უმაღლესი გამოვლინებაა, ამიტომ თუ გონივრულად განსჯი, უფლის შემწეობით, შენი დაცემის ნაყოფი ღმერთთან შენი ამაღლება და მიახლება იქნება. ეს განსაკუთრებით ყურად უნდა იღონ მათ, ვინც ზედმეტად შფოთავს და იტანჯება უმნიშვნელო შეცოდებისას, რათა დაინახონ, რამდენად ბრმანი არიან ამ დროს და, თავიანთი განუსჯელობის წყალობით, რამხელა ზიანი მოაქვთ საკუთარი თავისთვის. სწორედ მათთვის ვიძლევით უკანასკნელ დარიგებას, რომელიც ჩვენთვის ერთგვარი გასაღები იქნება. ამ გასაღებით სული უდიდეს სულიერ საგანძურს განაღებს და უმოკლეს ხანში შეიძლება გამდიდრდეს მადლით ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოით მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ა მ ი ნ .