დღევანდელი ჩვენი მწერლობის კარგ დამკვირვებელს შემჩნეული ექნება ის სიტყვათა სიცოტავე, რომელიც საშინელ დაღს ასვამს ყოველი მწერლის შემოქმედებას. ხოლო, რაც უარესია, ეს პატარა საუნჯეც დაუდევრად იხმარება, რის მიზეზადაც ცოდნის ნაკლებობა მიგვაჩნია.
ქართველმა მწერალმა არ იცის ქართული ენა. იგი იოლად მიდის იმ “ცოდნით”, რომელიც გამოაყოლა თავისმა პროვინციამ და მისი სტილიც ამ პროვინციით განისაზღვრება. არავინ არ დაგიდევთ, შეიძლება თუ არა იმ “გრამატიკის” ხმარება, რომელიც თავში აქვს ჩაჭედილი ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელს, და ამის გამო გაირყვნა ენა, გაირყვნა ისე, რომ სულ ადვილად შეიძლება ნაწერის მიხედვით გამოარკვიოთ ავტორის დაბადების ადგილი.
და ჩვენდა სამწუხაროდ ეს ახასიათებს ჩვენ თანამედროვე მწერალთა დიდ უმრავლესობას. ყველა თავისი ჟარგონით სწერს. და ამ ველურ ღრიანცელში იკარგება ის ენა, “რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა”. საერთო სალიტერატურო ენა მუზეუმში დარჩა და ცოცხალ მოქალაქის ძოწით დადის მხატვრულ თვისებებს მოკლებული სიტყვა, რომელიც ყოვლად მიუღებელია სრულიად საქართველოსთვის.
აბა გადაავლეთ თვალი ძველ მწერლობას და ნახავთ, რომ იყო ერთი სამწერლო ენა. რაღაც ორმოცი წლის შემდეგ კი ისე გავერანდა ჩვენი მწერლობის მოედანი, რომ ყველა თავისი “სტილით” მოდის და პოეზიის მაღალ ფირმის ქვეშ ასაღებს ყოვლად დაბალ ლექსიკონს.
ჩვენ წინააღმდეგნი კი არა ვართ ამა თუ იმ პროვინციიდან მოტანილ სიტყვისა, პირიქით, ბევრი კარგი რამ მოიძებნება ჩვენს განაპირა ადგილებში, მაგრამ ეს შენაკადები უნდა ჰხვდებოდეს მთავარ მდინარესთან, რომელსაც სამწერლო ენა ჰქვიან, და რომელიც მეტროპოლიაში არის განმტკიცებული. იქნებ ვინმემ თავი იმართლოს ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის მაგალითებით? – ეს თავის მართლება არ გამოადგებათ, რადგან ვაჟაც და ყაზბეგიც მთის ენით ლაპარაკობდნენ. მთას ელაპარაკებიან და მთის გარეშეც არსად მიდიან. მათიას, ელგუჯას თუ გოგოლაურს რომ ლიტერატურული ელაპარაკნათ, ეს დაუშვებელიც იქნებოდა და სიყალბეც, ისევე, როგორც ნაძალადევი იქნებოდა დ. კლდიაშვილის გმირების სალიტერატურო ენა.
პროვინციალ კილოს ხმარება თემის საკითხია, და თუ ეს უკანასკნელი საერთო არის, ენაც ასეთი უნდა ჰქონდეს. და კურიოზია, მაშ რა არის, როდესაც ჩვენი ინტელიგენტი მწერლები რადიუმზე და ეინშტეინზე სწერენ იმავ “სტილით”, რა სტილითაც იწერებოდნენ “პროვინციული სცენები”. განა ასეთივე კურიოზი არ იქნებოდა, რომ ბლოელ აფშინას და შიოლა ღუდუშაურის დიალექტით გვეწერნა “ესთეტიკური ტრაქტატები” ან პოემები “ასტრალურ” ან “ურბანულ” ქვეყანათა შესახებ? დიახ, იქნებოდა კურიოზი, ამას ადვილადაც შევამჩნევდით, მაგრამ, რომ უკვე განმტკიცებულია კურიოზი, მეორე მხრივ, ამას ვერ ვამჩნევთ და განვაგრძნობთ ჩვენი ლიტერატურის მონაგვიანებას. ეს მტკივნეული ადგილი ყველამ უნდა დაინახოს, რომ შეჰზარდეს საკუთარი ნაწერი და ენის განწმენდისათვის მომართოს თავისი ძალა და უნარი.
ჩვენ ბევრს ვყვიროდით მაღალ და მაგარ საკითხების შესახებ. რადგან ერთი ანდაზისა არ იყვეს “არც კალა მიგვდის და არც ნიშადური”.
პირიქით, ვიძენთ კიდეც, რადგან ვაოცებთ და ვაფიქრებთ მიამიტ ხალხს, მაგრამ გვგონია, რომ ყვირილსაც დაეკარგა მჭრელობა. ჩვენი კულტურა კი მთლიანად უკვე გადადგა საქმიანობის სტადიაში. აქ კი უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა. და ამ საქმის პირველი მეთაური
ქართველი მწერალი უნდა იყვეს. ხოლო ამ უკანასკნელს რომ შეეძლოს სხვათა მხილება, ჯერ თვით უნდა განიკურნოს.
ეს მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათ “ჩოხიან დადაისტებს”, მაგრამ მისაღები უნდა იყვეს იმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე.
1924 წ. 20 მაისი