„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.“
„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.“
„არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.“
„ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.“
„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“
„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.“
„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.“
„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“
„ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.“
„გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.“
„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“
„ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.“
„ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.“
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.“
„ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.“
„პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.“
„რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.“
„კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.“
„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“
„შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.“
„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.“
„ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.“
„ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.“
„ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.“
„თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.“
„კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.“
„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.“
„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.“
„სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.“
„ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.“
„ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.“
„ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.“
„ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.“
„ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.“
„ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.“
„დედაც კაცია, – გვეუბნება ჩვენი ენა, – და მამაცაო.“
„ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.“
„ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, – და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.“
„ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.“
„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.“
„კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“
„სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.“
„სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.“
„რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, – პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.“
„ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.“
„ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.“
„ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.“
ერთი „მაქვს“ სჯობს ათას „გქონდა-ს“.
„პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.“
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.“
„უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.“
„ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.“
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.“
„ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.“
„დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.“
„მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.“
თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: „ნანერგითა შენითა მარგე“.
„პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.“
„დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.“
„კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.“
„ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა, და ვინც ეს იცის, იმისათვის შებღალვა ან ერთისა ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა.“
„ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის.“
„დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს ჭკვა-გონების გარდა გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა.“
„გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.“
„ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, – საცა უნდა იყოს, – თუ გულმხურვალეობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, – უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა.“
„მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა.“
„ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.“
„მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, – სადიდებელი კაცისა მეორე სათნოებაა.“
„მქმნელი იგი მთქმელიცაა, რომელსაც განწმენდილი აქვს თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი – ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი – ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა – ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად.“
„სხვაზედ მინდობა – ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერობაში. წამოუვლის ნიაღვარი „შემთხვევისა“ და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთს უდაბურს ტინზედ გარიყავს, – შენს თავს შენვე მოუარეო.“
„მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.“
„ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე წვრთნა ზნე-ხასიათისა ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.“
„ვით მამა ზეცისა იყავნ შენ სრული“ – აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა, ვის რა მანძილი გაუვლია. ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, – ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.
„ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირსპირეს პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია, თუ ქალია, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ.“
„დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამაებმა სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვითმოქმედების ძალ-ღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც თუკი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფულძველიც. ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთიანობაშია, საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას.“
„უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა ჰგონია, არამედ უფრო ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ-მომქმედი, მაღალ-ზნეობის კაცი არა ჰყავს. სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი და გამდიდებელი ქვითკირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ წუთისოფელს ტაძრად, – სადაც ღმერთს ადიდებენ, და სამოთხედ, – საცა ბედნიერება ადამიანისა ჰსადგურობს.“
„ჭეშმარიტი განთლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის, და ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი, ამიტომაც დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, – კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი – სრულიად სხვა.“
„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს, ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ აეგება. განათლება პატიოსანს კაცს „სილბოს აძლევს ნაქსოვისას“ – როცა სხვას უნდა „გული მისცეს გულისათვის“ და საშველად ხელი მიაწოდოს, და „სიმტკიცსე ნაჭედისას“ – როცა თავის საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ „სილბო“ ღირსებაა, აქ კი ლაჩრობა, იქ „სიმტკიცე ნაჭედისა“ გულქვაობაა, აქ კი – ღირსება.“
„ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არ ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი minimum-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია, არამედ maximum-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულოა.“
„კაცმა რომ კაცს უთხრას, შენ საქმე არ იციო, არა მგონია ეს უზრდელობაში ჩამოართვას ვინმემ. ასეც კი უნდა ითქვას სხვათა შორის, რომ მართლმსჯელობას გახურებულის რკინის თვისება აქვს. იგი სწვავს, როცა სუსტს მხარეს შეეხება ხოლმე და მაგ თვისებას ვერავინ ვერ ჩამოართმევს მართლმსჯელობასა ზრდილობის სახელითა. ყველას ემწვავება ხოლმე, როცა ვარაყით მოოქროვებულს კაკალს დაჰხარის, შიგ კაი გული დევსო, და თქვენ-კი გაუტეხთ და შიგ გულის მაგიერ ჭიის საბუდარს დაანახვებთ.“
„თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვცარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, – სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.“
„ჩვენის ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი მხნეობა, თავ-გაწირვა, თავ-დადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ, სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესია ყოველსა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
„სვიმონ მესვეტე სვეტზე ავიდა იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზე-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში, და რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი.“
„შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა – კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთისა და იმავე საგნის კვლევაში „ჰო“-საცა და „არა“-საც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად, იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა და ან მეორემ ცალკე გასწიოს და ცალ-კერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ გაივლის, თუ ცალ-მხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ ტარებული და განზიდული.“
„სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფა-ქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფა-ქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი, ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.“
„მძლედ მობურთალნი ქვეყნიერობის მოედანზედ მარტო დიდხასიათის კაცნი არიან. ქვეყნის ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მიჰმადლებია გულთასრულობა, დიდ-ხასიათობა, იმისდა მიუხედავად, – ტრიალი ემარჯვათ, თუ ემარცხათ. ყოველივე დიდებული საქმე რითაც-კი კაცობრიობა ჰქადულობს და თავს იწონებს, ქმნილია ხასიათიან კაცთა მიერ და არა ვისმე სხვისაგან. ამიტომაც ხასიათიან კაცის წინაშე ყველა უნებლიეთ თავს იხრის, მოწიწებით და სასოებითა: ამიტომაც ყველა, დიდი და პატარა, უკან მისტირის, როცა ამისთანა კაცი მიდის უკან დაუბრუნებლად და სამუდამოდ.“
„უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.“
„ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია. ეს ისეთი მძიმე გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს.“
„დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს, არა ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია და მსაჯული, „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო, რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისი ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბტრალოდ არ გააქარწყლოს.“
„თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არ-გამოკვლეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო – აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ღრმად დანდობა კი, და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვა რიგად გიჭრის, – ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამრთლიანად განდევნილი, უარყოფილი.“
„პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.“
„პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.“
„ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.“
„ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა. შესაძლოა, ხორცი დაბერდეს, დაუძლურდეს, სული და გული კი ისევ ჰყვაოდეს, ზეგარდმო მადლით შუქმოფენილი და მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს. მე ვსთქვი – ეგ ნიჭია-მეთქი და ნიჭს ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა. ყოველი, ცოტად თუ ბევრად სხვაზედ აღმატებული კაცი არ შეიძლება ამ გზას ასცდენოდეს, და ამიტომაც მოხდება, რომ ხორცით დაბერებულს, სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთსენი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან.“
„ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვანების შარავანდედითა და, თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი თხოვნა, იმათი დაუვიწყარობა. თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნია კეთილად, და რა კეთილი – ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილის არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.“
„თვითმსაჯულობა, თვითმხილველობა, გონებრივი უმაღლესი წერტილია ადამიანის განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ. იგი „ჰოს“ სათქმელსაც და „არას“ სათქმელსაც ერთნაირის სიფრთხილით, ერთნაირის აწონ-დაწონვით ეპყრობა. იგი იმითაა ღირსეული, რომ „ჰოს“ საბუთსაც ისეთისავე გულმოდგინებით იძიებს, როგორც „არას“ საბუთსა, რადგანაც სახელში მარტო მართალი აქვს და სხვა არარა. ამისთანა კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია და მართლგამკითხავი სასწორი: თუნდ რომ „ჰოს“ გზით შეუდგეს თავის საქმეს, თუნდ „არას“ გზით, ორმავე გზამ მართალთან უნდა მიიყვანოს, ამიტომაც კრიტიკა ერთს გზასაცა ჰხმარობს და მეორესაც, იმისდა მიხედვით, თუ – რა საქმეში რომელი უფრო უტყუარად და ადვილად აპოვნინებს მართალსა.“
„გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო:“ ჩვენ გულს გაგვიგმირავს ხოლმე ცხოველი სიტყვა, ჩვენი ძმისვე სიკეთე, ჩვენი ძმისვე ჩვენთვის თავგამოდება. პირველი ქვა, რომელიც თავგამოდებულს მოხვდება ხოლმე, ქართველისაგანვე არის ხოლმე გამოტყორცნილი. წადი აქა და ძლიერი მუხლი ნუ მოგეჭრება. რათა ვართ ასე? იმიტომ, რომ ჩვეს აზრსაც, გრძნობასაც გადავჩვეულვართ, მერე ასე გადავჩვეულვართ, რომ ცოცხალი აზრი, პატიოსნური გრძნობა, უანგარო გულმხურვალება, თავგამოდებული ხალისი რომ ვნახოთ, ვერც კი ვიცნობთ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ ვიცნობთ: ავიღებთ და იმასაც ლაფში გავსვრით, – იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს, რადგანაც სინათლეს ისე გადაჩვეულა, რომ სინათლე თვალებსა სტკენს, და ამის გამო რაც ნათელია, ბრწყინვალე, იმას თვალების აფარებით აბნელებს.
„ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს. წუნის დადება და ლანძღვა-თრევა, შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს – ცუდი, ავს – ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერ თავდაუჭერელი ვნებათა-ღელვა, გულის-ყურის კარს დაუხშობს და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს. ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებსავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკარს, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნეო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო, არამედ იმისთვის, რომ ან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი.“
„ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით ნავარჯიშები არ არის, თუ მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია – „ვერ მოგართვის“ მეტს ვერას ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ დიდის ხნობით კი არა. ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა – ნიჭი ადამიანისა ბინადრობს, ის ნიჭი ტვირთთა-მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს, რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება. აი ეს ბატონი მეხსიერება მიეშველება ხოლმე ტვინისაგან განუკითხველს მწერალსა და გზას უჩვენებს ვაი-ვაგლახიდამ დასახსნელს, მაშინ დაიძვრის ხოლმე მეხსიერების სიღრმიდამ ყოველივე ნაგავი, რაც გაზეპირების ქარს და წაღმა-უკუღმად წიგნის კითხვას ოდესმე მოუბუქავს, ენაზედ მოაყენებს ყოველს – გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს, იმას კი არა ფიქრობს, რომ იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დათხეულსავით იძახის: მწყურვალის წამალი წყალიაო.“
„უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკვიანი უცოდნიარი ყოველთვის თავის ქერქშია, – რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, აქ იგი მეტიჩრობას ვერა ჰკადრულობს, დუმილს უფრო რჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონს და ამნაირად თავის საკუთარ აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.
ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავის თავი სხვაზე მეტი არ ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავის ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც ერთნაირად, მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩრობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.“
„რასაკვირველია, ვინც ღრმად დაკვირვებას საგნისას ჩვეული არ არის, ვისაც გონების თვალი არ უჭრის და ტფილისის ბულვარის მოძღვრება კაცობრიობის მოძღვრებად უწამებია, იმას ადამიანის „მე“-ს ხსენებით მიზეზი მიეცემა იაფის ფასის ლიბერალობა გასწიოს და ჩვენ შეგვწამოს, ვითომც ჩვენ იმ სამართლიანად გმობილს ეგოიზმს ვქადაგებდეთ, რომელიც ეჩოსავით სულ თავისკენ ითვლის, ყველაფერს თავისთვისა სჩემობს. არა, ჩვენ იმ გრძნობაზედ ვლაპარაკობთ, რომელსაც ადამიანის საკუთარის ღირსების გრძნობა ჰქვიან და ურომლისოდაც არც კაცი კაცად იხსენება და არც საზოგადოება საზოგადოებად. ადამიანს მისი “მე” გაუნადგურეთ, მის საკუთარ კერაზედაც ნუ მოასვენებთ, შინ შეესიენით, სჯიჯგნეთ და ჰსწეწეთ სულიერად თუ ხორციელად, დღემუდამ შიშს ქვეშ ამყოფეთ, ან ეხლა შემომიხტებიან, ან ეხლაო, ერთის სიტყვით, საკუთარის ღირსების გრძნობა აჰყარეთ და გაუქარვეთ და რაღა დარჩება ადამიანს ცხოვრების საგნად? რისათვისღა გაისარჯოს? რისათვისღა იღვაწოს? რისათვისღა მისცეს მხარი თავის მსგავსსა, თავის მოძმესა? ან რისთვისღა უნდა თითონ საზოგადოების არსებობა? ტყის ნადირი რით იქნება უარესი ამრიგად გათახსირებულ, ამ ყოფაში ჩავარდნილ ადამიანზედ? რა განსხვავება იქნება პირუტყვსა და იმისთანა ადამიანს შორის, რომელსაც თავისი „მე“, თვისი ვინაობა, თვისება, თვისი პიროვნება და ღირსება დაჰსჩაგვრია.“
„კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი “არა” იქნებოდა რასაკვირველია… „მაშ, არც ის იქმოდა“, – დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა სჯერა, რომ იმ დედამიწაზედ, საცა თითონა სცხოვრობს და ათასი კიდევ მის მსგავსი, აღარა სჯერა – რომ იმ დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც იმოდენა სულის ძალაცა აქვს, რომ თუ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დასდებს. ქართველი, როგორც თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის სიყვარულისაგან კი არა ჰგონია წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო გრძნობისა და წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს მოაცხობენ ხოლმე, ყოველს კეთილშობილურს განზრახვას, ლაფით მოსვრიან, ყოველს თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ ხოლმე. დიდი სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და საზოგადო განკიცხვის კიჟინამ არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუა-გზაზედა.“
„როცა საზოგადო მნიშვნელობის აზრი ამოქმედებს სიტყვას, მაშინ თითონ თქმა ქმნად გადაიქცევა ხოლმე. ამ გზით სულჩადგმული ცხოვრება მოედანზედ გამოდის და შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა აღარ უქმობს, არამედ იღვიძებს და ფრთას ისხამს. ეს შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა სათავეა ყოველის წარმატებისა და მაგ ძალის ძლიერებაზედ დამოკიდებულია ყოველი იმედი ცხოვრების წინწადგომისა და განკარგებისა, საცა ეგ ძალი აღძრული არ არის, იქ ცხოვრება დგას, ვითარცა გუბე და გუბესავით შხამავს და სწამლავს გარეშემო ჰაერსა. ადამიანიც, იმ ჰაერში სულის მბრუნავი, ცოცხალმკვდარსავით ზლაზვნით და ხანხალით დატანტალებს უგულოდ და უსულოდ ცხოვრების მოედანზედ, როგორც სასაფლაოზედ, თითქო მარტო იმისთვისაო, რომ ერთი პატარა ადგილი იშოვოს, საფლავი გაითხაროს და შიგ ჩაწვეს. საკვირველიც არ არის, იქ მაცხოვარი სიო განახლებისა არ დაჰბერს ცხოვრებასა და მის გამო დღევანდელი დღე მკვდარია ხვალისათვის, როგორც გუშინდელი დღევანდელისათვის იყო, ამიტომაც ადამიანს აღარც გუშინდელი ახსოვს, აღარც დღევანდელი სწამს და აღარც ხვალინდელს ეტანება. ყოველსფერზედ გულაყრილია და ცხოვრობს მარტო იმისათვის, რომ მოკვდეს, როგორც მეტხორცი რამ, როგორც შემთხვევით მოსული და შემთხვევითვე წასასვლელი. ერთის სიტყვით, ადამიანი გამოფუყებულია, გამოცარიელებული, და ამიტომაც თითონ მისი ცხოვრებაც სიკვდილია და არა სიცოცხლე.
გარნა იქ კი, საცა ეგ მადლიანი ძალა შემოქმედობისა აღძრულია, ადამიანი გრძნობს, რომ იგი შვილია გუშინდელისა, მოჭრინახულეა დღევანდელისა და დამბადებელია ხვალისა. წარსული, აწმყო და მომავალი – ერთ რთულ, დაურღვეველ ჯაჭვად მიაჩნია და იმ ჯაჭვში თავისი თავი რგოლად, წინასა და უკანაზედ მტკიცედ გადაბმულად. მაშინ ადამიანი თავის-თავს მართლა-და ადამიანადა სცნობს, ეგ ცნობა საკუთარის თავისა ღირსებას უღვიძებს, საკუთარის თავის ღირსება ჩაგრულ ყოფას ვერ ათმენინებს და დამკლავებული გამოჰყავს ცხოვრების მოედანზედ საომრად და საბრძოლველად. გმირებს, სახელოვანს კაცებს, დიდებულ მოღვაწეებს ქვეყნისას - ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ჰბადავს.
რაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ დაიძრა შემოქმედობითი ძალი, ერთს ნამოქმედს სხვა სამოქმედო საგანზედ მოჰყვება, ერთი მეორეს ჰშობს, მეორე მესამეს და ეგრე გაებმის ის ფერადი გრეხილი ცხოვრების მოძრაობისა, რომელსაც ისტორიას ეძახიან. ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა შექმნის ისტორიას; უმაგისოდ ნურა ერი ნუ დაიქადებს, ისტორიის ღირსი ერი ვარო. უწინ, როცა ჩვენში ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ფეხადგმული იყო, აკი ისტორიაცა გვქონდა, აკი გმირებიცა გვყვანდა, აკი დიდი მწერლებიც და პოეტებიც აღმოგვიჩნდნენ, აკი იმ აღმატებულ ყოფაცხოვრებამდინაც მივაღწიეთ, რომლის დიდებულებამაც თამარ მეფე საუკუნოდ სახსოვარი გახადა ჩვენთვის.“