მესხი ვარ! ვანთე მე სხივი,

მესხმა შესხმა ვსთქვი ახალი,

მტერი დამესხა, დავძლიე,

ვიყავი სახელმაღალი.

 

მესხმა დავასხი ვენახი,

კლდეებში ვკვეთე ტაძარი,

წიგნი დავწერე ვეფხვისა,

შიგ სიყვარული დავძარი!

 

ხელში ეტრატი მეჭირა

და გულში მეჯდა ბულბული,

მესხი ვარ, ვანთე მე სხივი,

ვაშუქე გადაღრუბლული.

 

თავს გადავივლე სამას წლის

ქარიშხალთ ლეწა-მტვრევანი

და ჩემგან დარჩა სახსოვრად

ხეზე გასული მტევანი.

 

ნანგრევთა შორის ჩუქურთმა,

დამშრალი საწნახელები...

ტანზე ამესხა ჭრილობა,

გულზე დამიწყეს ხელები...

 

და თუ დატრამლდა სახლ-კარი,

თვალს დამეფარა უკუნი,

დათხრილი საძირკველიდან

ისევ გაისმა გუგუნი!

 

ისევ აღვსდექი, მესხი ვარ,

მზე ახლად გადმომესხივა, -

ისევ დავბრუნდი მამულში

არტანუჯელი, თმოგველი,

ჩამქრალი თონე ავანთე,

ახალო რთველო, მოგელი!

 

ღარზე დაიძრას მაჭარი,

დამსხვილდეს პურის თაველი,

დადგით მესხეთში აკვნები,

გამოჩნდეს კვლავ რუსთაველი!

 

რომ ახალ დიდებისათვის

მესხმა შესხმა ვსთქვა ახალი,

თქვენ დამილოცეთ მე ფუძე,

ძველთაგან სახელმაღალი!


1945 წ.