შენ არ იცი, ლექსო, დაღლა,

გინდ იარო კიდისკიდე...

კიდევ ერთხელ ადი მაღლა,

კიდევ ერთხელ, ლექსო, კიდევ...

 

კიდევ ერთხელ თაყვანი ვცეთ

ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გამზრდელს,

სიტყვა გულში დასაბროლი

ნაკადივით დაკამკამდეს.

 

კიდევ ერთხელ შევიხსენოთ

საქართველოს ძველი წყლული

და სამგორის დიდი ველი,

გმირთა ძვლებით მოკირწყლული.

 

კლდის მონაჩეხ საფლავის ქვას

ჩვენ ავუნთოთ ბაზმის ფთილა

და ვემთხვიოთ მოხრილ ჩოქით

ბუმბერაზთა ნააჩრდილარს!

 

გმირნო, თქვენი მუზარადის

ბრწყინვალება დღესაც ელავს,

მხოლოდ წვიმა გიმღეროდათ,

რასაც ლექსი ამოჰქსელავს!

 

წყალმა ბევრმა ჩაიარა,

ჟამიც ბევრი გარდიცვალა,

სისხლი დაშრა, წყლულის წვეთიც,

არ დამშრალა ქართლის ძალა!

 

ჩემო მიწავ და წიაღო,

მე ვარ წიბო შენი თიხის,

შენს ამაყ სულს გაუმარჯოს,

რომ არვის წინ ქედს არ იხრის!

 

*

დღეს იორის მჩქეფარ ზვირთში

ჩემი ქვეყნის ღიმილს ვხედავ!

დღეს სამგორის ტრიალ ველზე

დილამ ვარდი დამახვედრა!

 

მთელი ჩემი ლექსის ძალა,

ჩემი გულის ღაღადება, -

ჩემს სამშობლოს!

საქართველოს

ხელმეორედ დაბადებას!

 

დღევანდელ დღეს,

დღეის დილას

პირმზიანი სიჭაბუკით,

დროშები რომ შრიალებენ

ნაბრწყინვალი ნათლის შუქით...

 

კიდევ ერთხელ, ლექსო, კიდევ,

ჩემი გულის გახდი შემწე,

გადი ხვავად, ოქროს თვალად,

სიხარულით გაილეწე!

 

*

მე შემოველ კახეთიდან,

თან შემომყვა მისი შუქი,

მე სავსე ვარ ივრის ჯანით,

ალაზანის სიჭაბუკით!

 

მაგრამ მე ვარ ღონიერი

ჩემი ქვეყნის მბრწყინავ ბედით,

კიდევ ერთხელ, ლექსო, კიდევ...

ჯერ არ გვითქვამს მეათედი...

 

ნინოწმინდის ნანგრევებო,

დამილოცეთ სიტყვის მადლი,

შენ, გომბორის ტკბილო ძუძუვ,

გადამისხი გულში თაფლი!

 

შენ, იორო, მშვენიერო,

ჩამჩურჩულე უფრო ნაზად,

შენი ტინის რძე მასხურე

ჩემი სიტყვის მოსაკაზმად.

 

მომაფრქვიე გვირილები

შენ, სამგორო, უვიწყარო!

კიდევ ერთხელ,

ლექსო, კიდევ,

სიტყვას ცეცხლი შევაყაროთ...

 

*

პირველ სიყვარულს ვერ გავექცევი!

თუ ჩემი თვალი სამგორს უტკბება,

ყოველდღიურად ჩემი ლექსები

სამგორის ყანებს შეეფუტკრება!

 

ცრემლნამიანო თვალო, რას უმზერ,

იქ მქონდა ყრმობა... გულო, რად სტირი?

იქავ ჰფენია, სამგორის ველზე,

დედის ლეჩაქის ნარჩომი ჩრდილი...

 

დატოვა გულმა? გადაუყვარდა?

ადგილის დედა მაშ გავარისხე?

არა, მიმელის დედა ბუხართან,

იქ მელოდება ჩემი ფშატის ხე!

 

*

დე, ნიავმა სამგორულმა

დედაჩემის საფლავს დაჰკრას,

ძეძვის ფესვქვეშ, სადაც ჩემი

მშობლიური ძუძუ დაჰქრა!

 

მზეკაბანი! მზეკაბანი!

გაქროლილი ყანის რაში!

მაისობას რომ ვხტებოდი

ცისარტყელის კამარაში!

 

ოქროს ფრთები... ოქროს ფრთები...

ოცნებანი შეუთქმელი...

ჰეი, სად ხარ, სიჭაბუკევ,

ისევ აქ ვარ, მოდი, გელი!

 

*

ვინ გაიმეტებს სამდუღრავ

ცრემლებს, გმირებზე დახარჯოს?

ყურღანზე ია ამოდის,

შავდაღიანი ყაყაჩო.

 

მათ მენახსოვრე ვინა ჰყავთ? -

მთვარე და მისი კანდელი?

მათზე უდიდე რით იყვნენ

ნებროთი, გინდ ისკანდერი?

 

მომხსენებელი ვინა ჰყავთ? -

მხოლოდ სამგორის ნიავი!

და ხალხის გული, უკვდავი,

სულ მზიურობით მბრწყინავი!

 

*

მაშ, სულ ამაოდ შეღება ველი

გმირთ სისხლმა, ქაფად ნახუჭუჭარმა.

მაშ, მოჰკლეს ვახტანგ, დასცეს უჯარმა?

გაჰქრა მიწიდან რუსთავ-ქალაქი?

გახმა სამგორი თვისი ბარაქით?

 

- განა როდისმე დაიჟანგება

ხმალი ბრძოლაში ამოღებული?

- განა როდისმე დაინაცრება

ცეცხლი გულიდან ამორხეული?

 

არა, ცოცხალი მუდამ ყოფილა,

ვინც ლომურ ბრძოლის ცეცხლში შობილა!

არ შეიძლება მისი დარღვევა!

სისხლის წვიმებით დარწყული მიწა

მზიური სხივით დაიწარღვნება!

იყავ დღეგრძელი, სამშობლოს გულო,

იცოცხლონ მშობელ მიწის ძარღვებმა!

 

როცა ვახსენებ გმირთა სახელებს,

ყელი მიტკბება, თაფლდება სიტყვა;

გმირთა სახელი, რომ ჰყვავის მუდამ,

თვით ხალხის გულში ამომიკითხავს...

 

იქნებ, სამგორო, მისათვის ჰშვენის

სისხლნაწოვარი სიმწვანე შენი?


1947 წ.