ამ მცირე საინფორმაციო უწყების მიზანი არ გახლავთ ვინმეს მხრიდან თანადგომის პირდაპირი ან ირიბი ძიება. უბრალოდ, ვიფიქრე, რომ იგი შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ყველასთვის, ვინც თავის თავს თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის, თანასწორობისთვის და სხვა მაღალი ღირებულებებისთვის გულწრფელ მებრძოლთა რიგებში მოიაზრებს.

დღეს დამიკავშირდნენ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან (რომლის წევრთა უმრავლესობას პირადად ვიცნობ, ბევრის მიმართ განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით ვარ განმსჭვალული, ბევრის საქმიანობას ფასდაუდებლად მივიჩნევ ქართული კულტურისთვის, ზოგიერთ მათგანთან კი საერთოდაც მრავალწლიანი მეგობრობა და უძვირფასესი მოგონებები მაკავშირებს) და შემომთავაზეს მონაწილეობა პროექტში, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მწერალთა შეხვედრებს. ჩემმა მეგობრებმა იციან: თუ ვინმესთან შეხვედრაზე და ლიტერატურულ საუბრებზე არასდროს ვამბობ უარს, ესენი არიან სტუდენტები და უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები (ამისთვის საგანგებოდ არასდროს ვითხოვ ჰონორარს და არც ასეთი შეხვედრების გაპიარებით ვარ დაკავებული). ამიტომ ამ შემოთავაზებამ (ჰონორირებადმა, მაგრამ უამისოდაც მადლიერების გრძნობის გამომწვევმა) – რომ უახლოეს ხანებში რომელიმე ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შევხვედროდი – მეც ისე გამახარა, როგორი სიხარულითაც ასოციაციიდან დამიკავშირდნენ. საუბრის დასასრულს საკონტაქტო პირმა მკითხა, ვიყავი თუ არა ორჯერ აცრილი, ხოლო როცა უარყოფითი პასუხი მიიღო, შეწუხებულმა მაცნობა (და მისი მეტყველება თვალთმაქცობის მისხალსაც კი არ ამჟღავნებდა), რომ პროექტში მონაწილეობას ვერ მივიღებდი, რადგან მასში, სამწუხაროდ, მხოლოდ ორჯერ აცრილ მწერალებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება, არა ასოციაციის, არამედ – პროექტის ფინანსურად უზრუნველმყოფელი თბილისის მერიის მოთხოვნით.

აი, სულ ეს არის. მსოფლიოში (და, შესაბამისად, საქართველოშიც) კორონა-კრიზისით გაძლიერებული საპროპაგანდო და მორალისტური აქტივიზმის მიუხედავად, მცირედი იმედი მაინც მაქვს, რომ ფამილარობით და უზრდელობით, ავტორიტარული დიდაქტიკით, სოფისტური რიტორიკით, ათმაგი სტანდარტით, საბაზისო ლოგიკის სრული იგნორირებით, საბაზისო ცოდნის სრული მოშლით და ბევრი სხვა სათნოებით მდიდარ ჩვენს ეპოქაში, ამ უწყების წამკითხველები დამოძღვრას კი არ დამიწყებენ, უბრალოდ, გაითვალისწინებენ, რომ საქართველოში ვაქცინაცია ჯერჯერობით სავალდებულო არ გამხდარა, ანუ 37 წელი ჯერ არ დამდგარა. მით უმეტეს, რომ თავად მე, ჩემი სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში, არავის ვმოძღვრავ არც აცრის და არც აუცრელობის მიმართულებით და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა პირადად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საცხოვრებელი გარემოს, რისკ-ჯგუფებისადმი მიკუთვნებულობის და არაერთი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. და ეს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში – არასამედიცინო განათლების მქონე პირის კვალობაზე – ზღვა დრო და ენერგია დავუთმე კორონა-კრიზისის სამედიცინო და არასამედიცინო ასპექტების გაცნობას თავ-თავის დარგში ყველაზე უფრო კომპეტენტურ და ყველაზე ხშირად ციტირებად უწესიერეს სპეციალისტთა ინტერვიუებში, ლექციებში, სტატიებში და წიგნებში კირკიტით და არა – მეინსტრიმ-მედიის ბინძურ წყლებში ჭყუმპალაობით.

რა თქმა უნდა, არსებითი მაინც ის არის, რომ ჩემი აღუცრელობით არავის ვუქმნი საფრთხეს, ხოლო ეს რომ ასეა, ამას უპირობოდ ადასტურებს ავტორიტეტულ მეცნიერთა არაერთი ბოლოდროინდელი ძვირადღირებული სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა, რომლის მოძიება დაინტერესებულ მკითხველს არ გაუჭირდება.


პატივისცემით,

დათო ბარბაქაძე

10.11.2021


P. S. ამ უწყების გამოქვეყნებიდან სამიოდე კვირის მერე, 1 დეკემბერს, ვაქცინაცია საქართველოში, უკანა კარის წესით, სავალდებულო გახდა (ეჭვი არ მეპარება, რომ დაგეგმილი სცენარით მცოცავი სავაქცინო დიქტატურის დაკანონება დროის საქმეა და მეტიც არაფერი, ამ რეგულაციების გატარება-არგატარებას საქართველოს არავინ ეკითხება). მივიღე კიდეც საინფორმაციო მესიჯი საცურაო აუზიდან, რომელსაც მიმდინარე წელს სამკურნალო ცურვის მიზნით ინტენსიურად, ყოველ მეორე-მესამე დღეს, ვსტუმრობდი: 1 დეკემბრიდან ამეკრძალა ორჯერადი აცრის დამადასტურებელი კოვიდ-პასპორტის გარეშე აუზზე ვიზიტი (რეგულარულად 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტის ჩატარება რა გადაულახავ სირთულეებსაც უკავშირდება, ყველამ კარგად ვიცით). ინტენსიური სამკურნალო ცურვის შეწყვეტის შედეგად ჩემი მრავალწლიანი (მაგრამ ცურვის წყალობით უკვე თითქმის სრულიად ჩამცხრალი) ქრონიკული წელკავის მოსალოდნელი გააქტიურების საფუძვლიანი შიშით (რაც ამასობაში გამართლდა კიდეც), იძულებული გავხდი - ავცრილიყავი. შესაბამისად, თავს მივიჩნევ არა ნებაყოფლობით, არამედ - იძულებით აცრილად. განსხვავებით ესპანეთის 1492 წლის სამეფო ბრძანებისგან, - რომ ესპანეთში მცხოვრებ ებრაელებს სამ თვეში დაეტოვებინათ ქვეყნის საზღვრები ან გაქრისტიანებულიყვნენ, - სულ მალე (და ეს ხდება 21-ე საუკუნეში!!!) „ქვეყნის საზღვრების დატოვების“ ბრძანებაში დედამიწის საზღვრების დატოვება იქნება ნაგულისხმევი. და კიდევ - არა, ინფანტილთა, სულელთა ან ერთგანზომილებიან ბოლშევიკთა, არამედ სწორედ იმ „ინტელექტუალთა“, „ხელოვანთა“, „მეცნიერთა“, „საბჭოთა ტოტალიტარიზმის ექსპერტთა“ და ა. შ.-თა გასაგონად, თავს რომ ისულელებენ და ისე იქცევიან, თითქოს ვერ ხვდებიან, რა ხდება: მეც ვიცი, რომ ორჯერ ორი ხუთია, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, დარწმუნებული ვარ, რომ ორჯერ ორი ოთხია. მეტიც, ჩემს რწმენას არ ვმალავ.

12.12.2021