მე პოეტების მიყვარს ქიშპობა,

კუნთების გლეჯა, სიდიდის ნდომა,

ზოგის ლექსები დღესვე ისპობა,

სხვამ საუკუნე კიდეც გაზომა!

 

ზოგს გვიყვარს ზავთი შეხეთქებისა,

ზოგს - შუშხუნები სახელქებისა!

 

ლექსი ხომ წყლულის შესახვევია

და არა მხოლოდ უბრალო ჩვარი!

ზოგი სტვირის ყელს შემოხვევია,

ზოგია ლექსის იანიჩარი!

 

მათში მე ვიცნობ ზოგსაც პირწყლიანს,

ქაღალდზე წყლად რომ დაიჟურება,

ზოგი - ქვა ქუჩის მოსაკირწყლია,

ზოგი - საძეგლედ მიეშურება...

 

როგორც ვერ მოსძოვს ვაჟას საფლავზე

ბალახს ჯიხვის ხრო გალაღებული,

იქნებ ოცნება ერის დაფნაზე

ბევრს ვერც გვეღირსოს, განაღდებული.

.............................................................

 

მომწონს, ძველ-ძუელი რომ ეჯავრებათ,

მეც რომ ლექსის თქმას აღარ მაცლიან;

როცა კამათში მოეჯარებათ,

წილადობილა...

                        გაწამაწია...

 

მე ყველა მიყვარს...

            მე ყველას ვკოცნი, -

ცრემლის და მელნის დამანთხეველთა!

და მჯერა, ყველას ერთად მიგვიყვანს

სამშობლოს ცეცხლი საკურთხეველთან...


1964 წ.