დაბადების ადგილი: დაბა ხონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

იყო ჟურნალების "ჩვენი თაობის" (1938-39) და "მნათობის" (1946-53) რედაქტორი; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს; 1963-1985წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან არსებული "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე; 1966-1992წწ. - ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი; პოეტის პირველმა ლექსებმა, რომლებიც 1928-1929წწ. იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, იმთავითვე მიიპყრო ყურადღება; პირველი კრებულებია: "რამდენიმე ლექსი"(1932წ.), "ახალი ლექსები"(1938წ.), "ლექსები"(1941წ.). 1950-60-იან წლებში ი. აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წელს მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში. ამ მოგზაურობების შედეგად შეიქმნა ლექსების წიგნი "რუსთაველის ნაკვალევზე". 1965 წელს ირაკლი აბაშიძემ დააფუძნა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და კომიტეტის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა. ი. აბაშიძეს ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ციკლი: "მონადირის ღამეები", "ჰყვავის გურია", "ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე", "მონოლოგი აჩრდილებთან", "ქარები რიონის ხეობაში", საბავშვო ლექსები და პოემები ("რას გადაურჩა თბილისი", 1955 წ.) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს ბ. პასტერნაკმა, ბ. ახმადულინამ, ე. ევტუშენკომ, ა. მეჟიროვმა, მ. სიძელნიკოვმა და სხვა. გერმანულად ი. აბაშიძის ლექსები თარგმნა ჰ. ბუდენზიგმა.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია.-თბ., 1997.-გვ.23; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 20; "მამულიშვილთა სავანე". - თბ., 1994. -გვ. 19.