- მე დავიკარგე...
დავიკარგე
თუ დღეს გადავრჩი?
დავრთგუნე სული,
თუ ეს სული
მე დღეს გავწმინდე?
ვარ სამშვიდობოს
ვარ აღმართზე
თუ თავდაღმართში?
რა უნდა ერქვას
ჩემს აქ ყოფნას,
სუნთქვას აწინდელს?
მე გარდვისახე?
ძველი ჩემი
გახმა ყვავილი?
კვლავ ახალ ვარდთა,
უფრო კარგთა
დღეს ვარ მფლობელი?
კვლავ ვფარავ სულში,
თუ გულმართლად
დავთმე ყოველი?
დავთმე?
და, იქნებ,
არმც რამ მქონდა დასათმობელი?
მე შენს დიდ კანონს,
დიდ განგებას
როდის გარდაველ,
როდის დავაკელ
სითბო ლოცვას,
ლოცვას მონებრივს,
მაგრამ თუ ზოგჯერ
ვერ ვუჭერდი ფიქრსაც სადავეს -
რად მომეც ნიჭი,
გულისყური,
თვალი გონების.
ან იქნებ ცოდვად
არც მეთვლება
ეს მკრეხელობა
და შენ, პირიქით,
მცირედ მითვლიდი
ჩემს შემართებას;
იქნებ ამაოდ
შენთან ვიწყებ
თავის მართლებას.
მე - სხვა ბუნების მოწოდება,
მე - სხვა ხელობა.
გარნა ვინ ვიყავ?
რა ხმა მქონდა,
რა საკუთრება?
ვიყავ მმართველი,
ხმელთა რისხვა,
ზღვათა მპყრობელი?
მე მეპყრა სკიპტრა?
მბრძანებლობის
მქონდა უფლება?
ვიყავ ქალაქთა
აღმმართველი,
დამამხობელი?
მე აზრი ვიყავ...
ბედი კაცთა
მე არ მებარა,
ჩემად ნუგეშად,
ჩემად ტანჯვად
მე ეს მეყოფის..
მე კაციც ვიყავ,
მეც ამ მიწის
მედო ბეგარა: -
მე ვიყავ მონა
სიყვარულის
და ერთმეფობის.
თუ ეს მდევს ცოდვად,
თუ მაინც მთვლი
სულად ცოდვილად,
თუ მიხმობს შენი
ხმა დამსჯელი,
მაღალ-მეფური -
ჰა, მოველ შენთან
გულგახსნილად,
დედიშობილად,
უკვე სამარის
კარს მიმდგარი,
დაღამებული.
მარქვი, სად ვტყუი,
სად ვარ მცდარი,
სად ვარ მართალი?
დღეს მარტვილი ვარ,
ყარიბი ვარ,
ვარ განდეგილი;
მარქვი, მე ჩემი გაზაფხული,
ჩემი ზამთარი...
პანტოკრატორო,
შენს წინ ვდგავარ
მუხლმოდრეკილი“.