რამდენი ასო მე წამიკითხავს,

ამაო, მტვერზე თვით უმტვერესი...

რამდენი სიტყვა ყოფილა თითხნა

და რამდენს არა ჰქონია ფესვი!

გულამომქრალი კაცის ნაწერი,

რომ უნდა გაჰქრეს, - წესია, წესი!

მაგრამ... ეს მრგვლოვან ასოთა მწკრივი,

წინაპართაგან ღვაწლით ნამცნები,

ამონაკაწრი თითქოს არწივის,

ნასეტყვარი და ხანძარ-ნაწვნევი, -

უკვდავებაა, როგორც კურთხევა...

ერის ძარღვიდან ამოკვეთილი

და ისევ ისე მდგარი ურყევად,

დასაყრდენია ერის კვერთხივით...

შიგ მოსჩქეფს სისხლი, შიგ ცეცხლი ჰყვავის,

შიგ იფურჩქნება დილის ყვავილი...

უხვად სცოდნია რთველი და ხვავი,

ნოყიერება მსუყე ყამირის...

ქართლის გონების ბალავარია,

ძვრას ვით უზამდა ჟამი შავბნელი;

საუკუნეთა ფალავანია,

უაბჯარო და დაუჯაბნელი!

ვემთხვევი ქვას და მის მადლს ვილოცებ,

დამლოცოს, მადლი გამომატანოს!

იდიდე ქვაო,

ასოვ, - ძელქვაო,

საქართველოსთან თანამართალო!


1965 წ.