შემცივდა და მზემ სხივები მომაფარა შიშველ მხრებზე,
ავტირდი და თვალს შეაშრო ცრემლი სითბომ,
მოვიწყინე... არ მაცადა არც მოწყენა და თითებზე
ჩუმად კოცნით მომეფერა... გამეღიმა ცოტაც თითქოს...
ფიქრს გავყევი... წყალს დაეცა და სინათლე მომაყარა,
ქარს მივენდე... თამაშიც კი აუკრძალა ჩემთან ნიავს,
მიმოფანტა ღრუბელი და წვიმაც აღარ მომაკარა...
განა ოდეს ვიფიქრებდი, რომ ვნახავდი მზეს ეჭვიანს?!...
მიმეძინა... აიკრიფა სხივები და მომასვენა,
აამღერა მერე დილით ისევ ჩემთვის ფრინველთ გუნდი,
აკაშკაშდა, სიყვარულით გამიღიმა, შემომხედა,
სიხარულით ჩამჩურჩულა: " დაგიბრუნდი! დაგიბრუნდი!"
შემომხედა თვალებში და შეცბა უცებ... დარდი ჰპოვა...
და მის სახეს განცვიფრებამ შეაყინა გაღიმებაც...
მიხვდა... მიხვდა, რომ სხვა მიყვარს და უსიტყვოდ მიმატოვა...
თუმცა ამით მან ხომ ჩემთვის თვის სიცოცხლეც გაიმეტა...


25.04.2007