გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!

დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
ათიათასი წყლული სჭირს -
ტანჯვა - ვაების ნიშანი.

დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.
ვაებად ქმნილსა მოლხენის

აღარაფერი სცხებოდა.
ვასუსუვ - ვანუგეშებდი,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა:
ქვეყნის ავ - კარგის გაცნობას
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.