შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან


თავი - ა

პირველ ოდეს ალექსანდრე მეფემან ნათესავნი იგი ლოთის შვილთანი წარიქცინა და შეჴადნა იგინი კედარსა მას ქუეყანასა, იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნ-თურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად, და დაბნები მათი: სარკინე-ქალაქი, კასპი, ურბნისი და ოძრაჴე, და ციხენი მათნი: ციხჱ დიდი სარკინისაჲ, უფლის-ციხჱ კასპისა, ურბნისსა და ოძრაჴისაჲ.

 

დაუკჳრდა ალექსანდრეს და ცნა, რამეთუ იებოსელთა ნათესავნი იყვნეს ყოველსა ჴორციელსა ჭამდეს და სამარე მათი არა იყო, მკუდარსა შეშჭამდეს. და ვერ ეძლო ბრძოლაჲ მათი მეფესა და წარვიდა. მაშინ მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქუეყანაჲ ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს.

 

და ეპყრა იგი, რომელ ხარკითა აქუნდა, ჰრქჳან მას ხერკი.

 

და შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოვიდა ალექსანდრე, მეფჱ ყოვლისა ქუეყანისაჲ, და დალეწნა სამნი ესე ქალაქნი და ციხენი, და ჰონთა დასცა მახჳლი.

 

ხოლო სარკინესა ქალაქსა ებრძოლა ათერთმეტ თთუე და დადგა სარკინესა დასავალით კერძო და დაასხა ვენაჴი და რუჲ გამოიღო ქსნით, და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუჲსაჲთა; და ჰრქჳან ადგილსა მას ნასტაგისი.

 

და მერმე გამოიღო სარკინე. თჳთ დაყარეს და მეოტ იქმნნეს. და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოჲ, ძჱ არიან-ქართლისა მეფისაჲ, და მას მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთაჲ ცროლისა[ჲ] და წარვიდა.

 

ხოლო ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად -- გაცი და გა.

 

 

ა~. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა.

 

ბ~. და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ.

 

გ~. და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. და იწყო არმაზს შჱნებად.

 

დ~. და მისა შემდგომად მეფობდა მირვან. და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი.

 

 

ე~. და მეფობდა ფარნაჯობ და აღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა. და აღაშენა [ციხჱ].

 

ვ~. და მეფობდა არს(ოკ) [და] ქალაქსა ზღუდენი მოაქმნნა.

 

ზ~. და მეფობდა არიკ, რომელმან შიდაციხე აღაშენა არმაზსა.

 

ჱ~. და მეფობდა ბრატმან, რომელსა ზე მცხეთას ქალაქი დაეწყო.

 

თ~. და მეფობდა მირეან. და მან აღაშენა მცხეთაჲ ქალაქი.

 

ი~. და მეფობდა არსუკ, რომელმან კასპი შეიპყრა და უფლის-ციხე განაგო.

 

ია~. და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ.

 

იბ~. და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას -- ბრატმან. და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს.

 

იგ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან და ამიერ კაოზ.

 

იდ~. და მეფობდა იმიერ არსოკ და ამიერ -- ამაზაერ.

 

იე~. და მეფობდა იმიერ ამაზასპ და ამიერ -- დერუკ.

 

ივ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან ქველი და ამიერ -- ფარსმან ავაზ.

 

იზ~. და მეფობდა იმიერ როკ და ამიერ -- მირდატ. და ამისა ზე მოაკლდა არმაზი სამეუფოჲ და მცხეთას ოდენ იყო მეფობაჲ.

 

იჱ~. და მეფობდა ღადამი და დღე კ~.

 

ით~. და ფარსმან,

 

კ~. და ამაზასპ,

 

კა~. და რევ მართალი.

 

კბ~. ვაჩე .

 

კგ~. ბაკურ.

 

კდ~. მირდატ.

 

კე~. ასფაგურ.

 

კვ~. ლევ. მამაჲ მირეანისი.

 

კზ~. [მირეან]

 

ესე ოცდარვანი მეფენი ქართლს შინა წარმართნი.

 

 

და იყო დღეთა კოსტანტინე მეფისათა, ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და მეათესა წელსა, იყო ღუაწლი ბრძოლისაჲ მტერთაგან და ფრიად ერეოდეს მეფესა კოსტანტინეს, ძესა კოსტაჲსსა. და გულ-გდებულ იყო ურვათაგან ოსტანტი კეისარი.

 

იყო ვინმე კაცი ეფესელი და წარმოთქუა წინაშე მეფისა, ვითარმედ: "ქრისტეანენი იგი ჰრომნი და ყოველნი ჰინდონი და ვის-ცა ვის აქუს შჯული იგი ახალი ქრისტეს წმიდისაჲ, ძელითა ჯუარისაჲთა და მისითა სასოვებითა სძლევენ მტერთა ძლიერად".

 

მას ჟამსა აღიძრა მეფჱ გუნდებითა, და წარავლინა მოყვანებად ებისკოპოსთა იერუსალჱმით, ანტიოქიაჲთ, ჰრომით და ალექსანდრიაჲთ და ნათელ-იღო მან თავადმან და დედამან მისმან ბანაკითურთ.

 

მით ჟამითგან მეათესა წელსა წარვიდა ჰელენე იერუსალჱმდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა. და მეათოთხმეტესა წელსა ივლტოდა დედაკაცი ვინმე მეფეთა ევადაგი, სახელით რიფსიმე, რომლისა-მე მიზეზისათჳს დედა-მძუძითურთ.

 

და იყო მის თანა ტყუე ერთი დედაკაცი შუენიერი, სახელით ნინო, რომლისა საქმჱ მისი გამოიძია ჰელენე დედოფალმან. და იყო იგი ჰრომი მთავარი, და თჳთ მოევლო გზაჲ თჳსი და ექმნნეს კურნებანი. და მოწევნულ იყო საბერძნეთა და ჰმოძღურიდა მთავარსა მას რიფსიმეს.

 

და ვითარცა წარმოივლტოდა რი[ფ]სიმე ზღუად, გაჲ[ა]ნე და ნინო და სხუანი ვინმე მათ თანა გამოვიდეს არეთა სომხით[ი]სათა, საყოფელსა თრდატ მეფისასა. და იგინი იმარტჳლნეს მუნ.

 

ხოლო ნინო დაშთა და წარმოემართა მთათა კერძო ჩრდილოჲსათა და მოვიდა მდინარესა მტკუარსა, მოჰყვა და მოვიდა მცხეთად, ქალაქსა დიდსა მეფეთა საჯდომელსა. და იყო სამ წელ ეგრეთ. ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყულისაჲითა.

 

და შექმნა სახჱ ჯუარისაჲ, ნასხლევისაჲ და მუნ დაადგრა და ილოცვიდა. და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან. ხოლო მან მაყუალთა ადგილი არს ზემოჲსა ეკლესიისა საკურთხევლისა ადგილი. [დ]ა მეოთხესა წელსა იწყო თქუმად ქრისტე ღმერთი და შჯული: "და [მე] ვპოვე ცთომასა შინა ჩრდილოჲსა ესე ქუეყანაჲ". და მეექუსესა წელსა არწმუნა [ცოლსა] მეფისასა ნანას სენსა შინა მისსა და მეშჳდესა წელსა მეფესა არწმუნა სა[ს]წაულითა ქრისტესმიერითა. და მწრაფლ აღაშენა ეკლესიაჲ ქუემო[ჲ] სამოთხესა შინა. და სუეტი იგი იყო ძელისაჲ, რომელი თჳთ აღემართა.  

 

და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაჲ, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოჲსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღდელთა. ხოლო იგინი მწრაფლ მიიწინეს.

 

და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისაჲ და ხატი მაცხოვრისაჲ და ძელი ცხორებისაჲ ნინოჲსთჳს.

 

და ვითარცა მოვიდეს, ნათელი მოიღო მირეან მეფემან და დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან. ითხოვეს ხჱ, რაჲთა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც[უ]სა ზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცჳოდა. და სულჰამოჲ იყო ხე იგი და შუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცჳ შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა. ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თჳსი რევ და მთავ[ა]რ\-დიაკ[ო]ნი, იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის. ხოლო ფურცლოოდა ჟამთა არისათა. და იტყოდა მთავარდიაკონი იგი მუჴლსა დავითისსა, ვითარმედ: "ესე ხე არს დანერგული თანა წარს[ა]ვ[ა]ლსა კლდის[ა]სა ზეგარდამო[ჲ]თა ცუარითა მორწყული და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ უკუნისამდე".

 

და უბრძანა ხუროთა მოკუეთაჲ ხისაჲ მის. და შექმნეს სახე პატიოსნისა ჯუარისა, ვითარცა ასწავა მთავ[ა]რ-დიაკონმან, სამ გუამად შექმნნეს ხისა მის ტანის[ა]გან სამნი ჯუარნი და აღმართნეს მცხეთას, (ვითარცა სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლისა მოქცევის[ა]სა, გრიგ[ო]ლი დიაკონისა მიერ აღწერილსა. და ერთი ჯუარი აღმართა მირიან მეფემან მთასა ზედა მაღნარის[ა]სა, რომელსა ჰ[რ]ქჳან თხოთისა, და ერთი-იგი -- მახლობელად პატიოსნისა ჯუარისა-ვე.

 

და წარავლინნა მირიან მეფემან და ითხოვნა საბერძნეთით ქვისა მთლელნი და კირით ხურონი. და მოსცნა მეფემან და წარმოვიდეს ერუშეთს. და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა[ჲ]. და დაუტევეს ფერჴთა ფიცარნი მაცხოვრისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი და წარმოვიდეს მანგლისს და დადვეს საძირკუელი ეკლესიისა და დაუტევნეს სამსჭუალნი და ესრეთ მოვიდეს მცხეთად.

 

და იწყო მეფემან შენებად ქვითა ეკლესიასა გარეუბნისასა. და ვითარცა ცნა მეფემან, რამეთუ დადვეს საძირკუელი პირველ ერუშეთს და მანგლისსა და დაუტივნეს მუნ სასურვ[ე]ლნი იგი ფიც[ა][ვ]რნი და სამსჭუალნი, აღივსო ურვითა და დააყენა საქმე მოსწრაფებისა, ვიდრე არა ისწ[ა]ვა მთავარ ებისკოპოსისაგ[ა]ნ, ვითარმედ: "შენ თანა არს ამ[ა]ს ქალაქსა შინა სამოს[ე]ლი ქრისტესი ყოლად ზეგარდ[ა]მო ქსოვილი, რომელი ჯუარის მცუმელთა მათ განიყვეს, და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამ[ა]ს ქალაქსა შინა დაფარეს, და აწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის, თუ ადგილი-ცა იცოდენ. ხოლო ჟამი მისი მერმე არს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქუეყანასა ზედა. ეგრ[ე]თვე ხალენი ელია[ჲ]სი აქ-ვე დამარხულ არს.

 

და აღივსო სიხარულითა მეფე და მყის მოხადნ<ა> ყოველთა ჰურიათა და ჰკითხა, თუ:  "ნამდჳლვე?" და მათ აუარეს მართ[ა]ლი და არა უარ-ყვ[ე]ს. და თქუეს, ვითარმედ: "აქეთ წარვიდეს ელიოზ მცხეთ[ე]ლი და ლონგინოზ კანისელი და თალენავ და მისაელ". და კუართისა მის თქუეს წილით ხუედრებაჲ ამათი, ხოლო ადგილი იგი უარ-ყვეს. მაშინ განმხიარ[უ]ლდა მირიან მეფე, რაჟამს ეუწყა, ვითარმედ: "პირველ მოწევნ[უ]ლ იყო კუართი იგი ქრისტესი იერუსალჱმით მცხეთად". მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, რამეთუ გინდა ცხორებაჲ ჩუენი და ჴსნაჲ ჩუენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა, ოდეს-იგი სამოსელი შენი ებრაელთა მათ წარმოეც წმიდით ქალაქით იერუსალჱმით უცხოთა ამათ ნათესავთა ქალაქად, რამეთუ ჯუარ-ცუმასა შენსა ამას ქალაქსა მეფობდეს მამანი ჩუენნი".

 

და წარემართა მეფჱ და ყოველი ქართლი ქრისტეანობასა მოწრაფებითა დიდითა.

 

მაშინ ნეტარმან მან დედაკაცმან ნინო თქუა: "კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რომელმან მოავლინა სიტყუაჲ წმიდაჲ მისი ცათა მაღალთაჲთ თჳთ ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსრული ქუეყანად მდაბლად უეჭუელად შობად ჴორციელად თესლისაგან დავითისა დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა წმიდისაგან და უბიწოჲსა, რომელი სათნო-ეყო მას და ამით მიზეზითა ცხორებაჲ ჩუენი შექმნა და ყოველი ცასა ქუეშე მყოფი განანათლა და უმეტეს მისა მიმართ მორწმუნენი აცხოვნნა, რამეთუ იშვა ვითარცა კაცი, პატივ-ეცა ვითარცა ღმერთსა, ნათელ-იღო ვითარცა მსახურმან ვინმე შჯულისამან წყლისა და მიწისაგან, ხოლო მამით და სულით წმიდით ზეგარდამო იწამა და იდიდა, ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა, აჴდა მათ-ვე სიმაღლეთა მამისა თანა და მომავალ არს დიდებითა, რომელსა შუენის გალობაჲ ამენითა".

 

და ვითარცა ესე თქუა, წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული, და ერის-თავი ერთი, წარვიდა და დადგა წობენს. და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოვებაჲ ქრისტჱსი. ხოლო მათ განუყარეს თავი და ერის-თავმან მცირედ წარჰმართა მახჳლი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად. და გარდავიდა ერწუდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელ-სცა ერწუ-თიანელთა. და ყუარელთა ესმა ესე და გარდაკრბეს თოშეთა, რომელნი უკუანაჲსკნელ იპოვნეს, თრდატ მეფემან მოიყვანნა და მონათლნა.

 

და ნინო შთავიდა კხოეთა და დადგა კაწარეთს და მონათლნა კხოელნი და სოჯნი ერითურთ მათით.

 

და გარდავიდა კახეთა და დადგა ქცელ-დაბას. და მოიყვანნა კახნი მთავარნი და მონათლნა.

 

და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ და მიუვლინეს მცხეთით მეფემან და ცოლმან მისმან ნანა იოვანე მთავარებისკოპოსი ხილვად და წარყვანებად. ხოლო მან არა ინება, არამედ დაჰვედრა იაკობ მღდელი: "რაჲთა შემდგომად შენსა მან დაიპყრას საყდარი".

 

და მის წინაშე მისცა წიგნი იგი ელენე დედოფლისა მოწერილი, რომელი მოეწერა ნინოჲსა, დედოფლობით და მოციქულად და მახარებელად შეემკო და ძელი ცხორებისაჲ წარმოეცა დედოფლისა ნანაჲსა. და შეწირა ჟამი იოვანე, და აზიარა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა. და წარიღო ესე საგზლად სულისა.

 

და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა ქართლად მოსლვითგან მეათხუთმეტესა წელსა და ქრისტეს აღმაღლებითგან ტლჱ~ წელსა, დასაბამითგან ჭყლჱ~ წელსა.

 

მაშინ შეიძრნეს ორნი ესე ქალაქნი -- მცხეთაჲ და უჟარმაჲ -- და ყოველი ქართლი სიკუდილისა მისისათჳს. და მოვიდეს და დაჰმარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი, ადგილსა-ვე ზედა ბუდს, დაბასა კხოეთისასა. და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა. და მოკუდა მირეან მეფჱ და დაეფლა საშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოჲთ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისა მის ცხოველისაჲ. და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალით კერძო მას-ვე სუეტსა, სადა მირეან მეფჱ დამარხულ იყო.

 

და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძჱ რევისი. და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნით-ვე მოსრული, მთავარეპისკოპოსად. და ოცდამესამესაწელსა აღმართებითგან პატიოსნისა ჯუარისა შეუქმნა კუბაჲ რევ და შეიქმნა საფლავი ქუემოსა ეკლესიასა.

 

და მოკუდ[ა] რევ და დაემარხა ცოლითურთ. და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განეშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა. და მოკუდა და დაეფლა ქუემოსა ეკლესიასა. და დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი თრდატ. და მთავარებისკოპოსი იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ. და მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზე-ვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით.

 

და შემდგომად მისა დადგა ვარაზ-ბაკურ მეფედ. და მისა ზე-ვე სპარსთა მეფისა მარზაპანნი შემოვიდეს სივნიეთა და იგი ჴიდარდ უკუ-ჯდა. და მთავარებისკოპოსი იყო იგი-ვე იობ.

 

და მაშინ მოვიდა ქრამ ხუარ-ბორზარდ, სპარსთა მეფისა პიტიახში, ტფილისად ქალაქად, ციხედ. და ქართლი მისსა ხარკსა შედგა, და სომხითი და სივნიეთი და გუასპურაგანი. და მისა ზე აღაშენეს აზნაურთა წმიდაჲ იგი ეკლესიაჲ მცხეთას და დაამოთაულეს დიდსა მას ეკლესიასა სოფლებითა და ქარდაგებითა ქართლს შინა.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო ელია. და ამან აღაშენა ეკლესიაჲ ბოლნის[ს] . და იმიერ განვიდა და განაახლნა არმაზნი სპარსთა შიშისათჳს.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, დის-წული თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო სჳმეონ.

 

და მისა შემდგომად მეფობდა მირდატ. და ესე წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა.

 

და მისა შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო.

 

და მისა ზე აზნაურთა სტეფანე-წმიდაჲ აღაშენეს არაგუსა ზედა. და მოგუნი მოგუეთას მოგობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა. და მის-ვე არჩილის ზე ოთხნი მთავარებისკოპოსნი გარდაიცვალნეს.

 

და მერმე მეფობდა მირდატ. და მთავარებისკოპოსი იყო გლონოქორ. და ესე მთავარებისკოპოსი ერის-თვადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს.

 

და მისა შემდგომად მეფობდა დიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარებისკოპოსი იყო იოველ. მაშინ წარიყვანეს ვახტანგ სპარსთა. და შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოიქცა, და მთავარებისკოპოსი იყო მიქაელ. და მან მიამთხვა ფერჴი პირსა მეფისასა ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთა და ითხოვა მეფისაგან და პატრეაქისაგან კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი. და თანა ჰყვანდა მას სამოველ მონაზონი, წმიდაჲ და ღირსი. და აღაშენა ქუემოჲ ეკლესიაჲ ვახტანგ მეფემან და დასუა პეტრე კათალიკოზი. და ესე იყო ქართლის მოქცევითგან რო~ წელსა. მეფენი გარდაცვალებულ იყვნეს ათნი, და მთავარებისკოპოსნი ათცამეტნი. ხოლო პირველი კათალიკოზი იყო პეტრე.

 

და ამისა შემდგომად მეფობდა დაჩი უჟარმელი, და კათალიკოზი იყო სამოველ და მისა ზე ტფილისს კაცნი დასხდებოდეს, და (მარიამ)-წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს. და კათალიკოზი იყო პეტრე.

 

და ამისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ დაჩისი, და კათალიკოზი იყო სამოველ.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, და კათალიკოზი იყო თავფაჩაგ. და მისა ზე-ვე ჩიმაგა ვ~. და მისა ზე-ვე სპარსთა მეფობაჲ მცხეთად მოვიდა და შეაშფოთა ქართლი და ქალაქნი და წარვიდა.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან სხუაჲ, და კათალიკოზი იყო დასაბია, მკჳდრი მცხეთელი. და აქაჲთგან ორთა სახლთა აღიღეს კათალიკოზობაჲ მცხეთელთა მკჳდრთა. და მის-ვე მეფისა ზე კათალიკოზი იყო ევლალე.

 

მაშინ მოვიდა ნეტარი იოვანე ზედაზადენელი შუვამდინარით ასურეთისაჲთ იგი და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა მოვიდეს.

 

და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, და კათალიკოზი იყო მაკარი. და მისა ზე-ვე ვარსქენ პიტიახში იყო. და შუშანიკ იწამა ცურტავს.

 

და მისა შემდგომად კათალიკოზი იყო სამოველ, და მერმე -- სიმონ-პეტრე. და მის ბაკურის ზე-ვე დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ.მაშინ მცხეთაჲ ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდეს და კალაჲ განდიდნებოდა.

 

სპარსნი უფლებდეს ქართლს და სომხითს და სივნიეთს და გუასპურაგანს; და კათალიკოზი იყო სამოველ და ნელად-რე შეკრბა ქართლი. და განაჩინეს ერის-თავად გუარამ და მერმე -- კურაპალატად-ცა. ამან დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაჲ და ამას ზე-ვე იყო კათალიკოზი სამოელ-ვე სხუაჲ. და ტფილისისა მკჳდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერის-თავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე.

 

და მისა შემდგომად ერის-თვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი, ძმაჲ დემეტრესი, და იქმოდა ეკლესიასა ჯუარისასა.

 

მაშინ ჩამოვლო ჰერაკლე მეფემან ბერძენთამან. და უჴმო ციხის-თავმან კალაჲთ ტფილისისაჲთ მეფესა ჰერაკლეს ვაც-ბოტობით.

 

ხოლო მან ფერჴი დააპყრა და დანიელი მოიღო და მოიძია (სიტყუაჲ) ესე: "მოვიდეს ვაცი იგი მზის დასავალისაჲ და შემუსრნეს რქანი ვერძისა მის მზის აღმოსავალისანი". და მეფემან ჰრქუა: ,(უკუეთუ ჩემთჳს) ესრეთ იყოს სიტყუაჲ, მე მიგაგო მისაგებელი შენი". და დაუტევა ჯიბღო ერის-თავი ბრძოლად. და თჳთ წარვიდა ბაღდადს ბრძოლად ხუასრო მეფისა.

 

ხოლო ამან ჯიბღო მცირეთა დღეთა შემდგომად კალაჲ გამოიღო და ციხის-თავი იგი შეიპყრა და პირი დრაჰკნითა აღუვსო. და მერმე მრთელსა ტყავი გაჰჴადა და მეფესა უკუანა მისწია გარდბანს ვარაზ გრიგოლისსა შინა.

 

წარვიდა ჰერაკლე და შემუსრა ბაღდადი და შეიპყრა ხუასრო მეფჱ და მოღებად სცა ძელი ცხორებისაჲ. და იწყო ბრძანებით შჱნებად იერუსალჱმსა და მოდისტოს დასუა პატრეაქად. და წარმოვიდა აქაჲთ-ვე მეშჳდესა წელსა. და ვიდრე მოსლვადმდე მისა ტფილისს სიონი განეშორა მკჳდრთა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა-ღა. ამან ჰერაკლე ტფილისს და მცხეთას და უჟარმას განავლინნა ქადაგნი, რაჲთა ყოველნი ქრისტეანენი ქალაქთა შინა ეკლესიათა შინა შემოკრბენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლისა მსახურნი ანუ მოინათლნენ ანუ მოისრნენ.

 

ხოლო მათ ნათლის-ღებაჲ არა ინებეს, ზაკუვით თანა-აღერინეს ქრისტეანეთა, ვიდრემდის ყოველთა ზედა წარჰმართა მახჳლი და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს.

 

ხოლო ჰერაკლე განწმიდა შჯული ქრისტესი და წარვიდა. და ერის-თვობდა იგი-ვე დიდი სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო ბართლომე მეორედ.

 

და შემდგომად ერის-თვობდა ადრნესე, და მისა ზე სამნი კათალიკოზნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა, თაბორ.

 

და მისა შემდგომად ერის-თვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი და ამან განიშორა ჯუარისა ეკლესიაჲ და დადვა კრებაჲ ჯუარს ჯუარობასა ერთ თთუე. და ტფილისს დაჯდა სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო სამოველ. და მისა ზე-ვე -- ევნონ.

 

და ჰამბავი მოჴდა, ვითარმედ ბაღდადი აგარეანთა დაიპყრეს-ო და ამისთჳს ბერძენთა ქუეყანაჲ ჯორსა აჰკიდეს და წარიღეს საბერძნეთა.

 

და მისა შემდგომად ერის-თვობდა გუარამ კურაპალატი ვ~, და გუარამ ყრმაჲ ზ~, და მერმე არშუშა კურაპალატი ჱ~, და ვარაზ-ბაკურ აპაჲ პატრიკიოზი, რომელმან გარბანელნი მოაქცინა თ~, და მერმე ნერსე [ი~], და ძენი მისნი: ფილიპე ია~, სტეფანოზ იბ~, ადრნესე იგ~, გუარამ იდ~, და ბაკურეანი ძჱ ბალდადისი იე~; და ძენი ადრნესესნი: სტეფანოზ ივ~, და აშოტ კურაპალატი იზ~, და გუარამ [იჱ~]. დიდნი ერის-თავნი ესთენ იყვნეს.

 

ხოლო კათალიკოზნი, რომელ ევნონისითგან მომართ იყვნეს: თავფაჩაგ ა~, ევლალე ბ~, იოველ გ~, სამოველ დ~, გეორგი ე~, კჳრიონ ვ~, იზიდბოზიდ ზ~, თეოდორე ჱ~, პეტრე თ~. ესე. ცხრანი ცოლისანნი იყვნეს.

 
მერმე: მამა ა~, იოვანე ბ~, გრიგოლ გ~, კლემენტოს დ~, სარმეან ე~, თალელე ვ~, სამოველ ზ~, კჳრილე ჱ~, გრიგოლ თ~, სამოველ ი~, გეორგი ია~, გაბრიელ იბ~, ილარიონ იგ~, არსენი იდ~, ევსუქი იე~, ბასილი ივ~, მიქაელ იზ~, დავით იჱ~, არსენი ით~.


თავი - ბ

ხოლო [ოდეს დაა]სრულა სრბაჲ [თჳსი] სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა წმიდამან და სანატრელმან დედუფალმან ნინო, რომელი გუექმნა მახარებელ გულთა ჩუენთა და მლხინებელ სულთა და ჴორცთა ჩუენთა, ვითარ განიშორა ერთი ესე სამეუფოჲ, ქუეყანაჲ ჩრდილოჲსაჲ, მცხეთისა მეფეთა სამეფოჲ, არწმუნა ყოველთა აღსაარება[ჲ] მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, ნათლის-ღებითა მოსლვაჲ ქრისტესი და შობაჲ წმიდისაგან ქალწულისა, ნათლის-ღებაჲ და სიკუდილი ქრისტესი და აღდგომა[ჲ] მკუდრეთით, შემდგომად სიკუდილისა უკუდავებაჲ და ცხორებაჲ, მეორედ მოსლვაჲ ძისა ღმრთისაჲ ქუეყანად, მართალთა ცხოვრება[ჲ] და ცოდვილთა შურის-გებაჲ, რამეთუ მისა არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე და მერმე-ცა, ამენ. ითარ მოიწია ქუეყანასა კხოეთისასა, დაბასა ბუდს, დასნეულდა სნეულებითა მით, რომლითა-ცა მო-ცა-კუდა.

 

მაშინ შეუკრბეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი დედებითურთ და სიმრავლჱ ერთა ძლიერთაჲ, რამეთუ ჰხედვიდა ყოველი კაცი პირსა ნინოჲსსა. ვითარცა ზეცისა ანგელოზისასა. დასცუეთდეს მცირესა მას და ძუელსა სამოსელსა მისსა მთხუევითა სარწმუნოვებით და იძულებით. ევედრებოდეს ყოველნი იგი დედოფალნი გარემო მსხდომარენი, რომელთა დამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშოვრებისათჳს მოძღურისა, მოღუ[ა]წისა და სნეულთა მკურნალისა ჴელოვნისა.

 

ეტყოდეს დედოფალი სალომე უჟარმელი და პეროჟავრი სივნიელი და მათ თანა ყოველნი მთავარნი ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: "ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა მაცხოვრად ჩუენდა, ანუ სადა-მე იყო აღზრდაჲ შენი, დედოფალო? მაუწყე ჩუენ საქმჱ შენი! რაჲსა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო, სანატრელო! რამეთუ ესერა გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინაჲსწარმეტყუელნი პირველ მოსლვადმდე ძისა ღმრთისა ქუეყანად და მერმე მოციქულნი ათორმეტნი, და კუალად სამეოცდაათორმეტნი და ჩუენდა არავინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ. და ვითარ იტყჳ, ვითარმედ: "ტყუე ვარი მე, ანუ ვითარცა ჰინდოეთს თუ?".

 

 მაშინ იწყო სიტყუად ნინო და თქუა: "ასულნო სარწმუნოვებისანო, მახლობელნო ღმრთისანო, დედოფალნო ჩემნო, გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ წმიდათა დედათა ყოველსა მას სარწმუნოვებასა და სიყუარულსა ღმრთისასა. და გინებს გზათა ჩემთა ცნობაჲ, გლახაკისა მჴევლისა თქუენისათა[ჲ] და გაუწყო-ცა. ესერა მოსრულ-ა სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, დამეძინებინ ძილითა მით დედისა ჩემისაჲთა საუკუნოდ.

 
არამედ მოიხუენით აღსაწერელნი წიგნისანი და დაწერეთ სიგლახაკჱ ჩემი და უდები ცხორებაჲ ჩემი, რაჲთა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოვებაჲ თქუენი და შეწყნარებაჲ ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელნი გიხილვან მცირედნი მთათა მათ ზედა, მაყულოვანსა მას შინა, სუეტისა აღმართებასა, და მიერ წყაროსა მას ზედა, და ვიდრე აქა მოსლვადმდე ჩემდა. თჳთ უფალმან იცის და სულმან ჩემმან, რომელი უხილავს თუალთა ჩემთა ზეცით გარდამო ქუეყანასა ზედა". მაშინ მო-ხოლო-იხუნეს საწერელნი სალომე უჟარმელმან და სივნიელმან პეროჟავრი. და იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და იგინი წერდეს. წინა შობისა მისისა მშობელთა მისთა საქმედ იწყო.


თავი - გ

ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი


იყო მათ ჟამთა ოდენ გეორგი კაბადუკიელი იწამა ქრისტჱსთჳს, მათ დღეთა კაბადუკიაჲთ ქალაქით კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონაჲ ღმრთისაჲ, წარვიდა ჰრომედ მეფეთა წინაშე მსახურებად და ნიჭისა მოღებად. და მათ-ვე დღეთა კაცი ვინმე იყო კოლასტას შინა და ესხნეს ორ შვილ: ძჱ და ასული. სახელი ძისა მისისაჲ იობენალი, ხოლო ასულისაჲ -- სუსანა.

 

და ვითარ აღესრულნეს მშობელნი იგი, დაშთეს შვილნი მათნი ობლად. აღდგეს და წარვიდეს წმიდად ქალაქად იერუსალჱმდ, იმედ-ყვეს სასოვებაჲ იგი ყოველთა ქრისტეანეთაჲ -- წმიდაჲ ადგომაჲ და მიევედრნეს მუნ.

 

ესე ძმაჲ სუსანაჲსი მიემთხჳა დევტალარობასა, ხოლო სუსანა ჰმსახურებდა მიაფორსა, სარას ბეთლემელსა.

 

ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკიელი მიიწია წინაშე მეფისა ჰრომედ. და ეწყვნეს ბრანჯნი ჰრომთა ბრძოლად ველსა ზედა პიტალანისასა. და მოსცა ღმერთმან ჭაბუკსა მას კაბადუკიელსა ძალი უძლეველი და ქმნა წინა-აღდგომაჲ მტერთაჲ ძლიერად, ვიდრემდის წარიქცინა სივლტოლად. და შეიპყრა მეფჱ ბრანჯთაჲ და მის თანა მთავარნი მრავალნი. და შეიყვანნა წინაშე მეფისა მეფჱ ბრანჯთაჲ და ყოველნი მთავარნი. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ და ევედრებოდეს ზაბილოვნს: "მოგუეც პირველად შჯული შენი და შეგჳყვანენ ჩუენ ტაძარსა მას ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ იყავნ სიკუდილი ჩუენი, რამეთუ შე-ცა-შენ-ვე-გჳპყრენ, და შენ-ვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იყო სისხლთა ჩუენთაგან".

 

ხოლო ზაბილოვნს-ღა ესმა, მწრაფლ აუწყა ესე მეფესა და პატრეაქსა სიტყუაჲ მათი. და მოსცეს მათ ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილოვნისსა და შეიყვანნეს ტაძარსა ღმრთისასა, წმიდასა ეკლესიასა, და აზიარნეს საიდუმლოთა ქრისტესთა. და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი წმიდათა მოციქულთანი. და დილაჲთ ადრე აღდგეს ბრანჯნი იგი და სამოსელი სამკუდროჲ შეიმოსეს და განვიდეს ადგილსა მას კაცთა საკლავსა, ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებასა მას ზედა და ზიარებასა და იტყოდეს: "ჩუენ სიკუდილსა შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს-მყვნა ჩუენ ღმერთმან ესევითარსა დიდებასა ხილვად და საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს, ძისა ღმრთისა უკუდავისა მის მეუფისასა, რომელი არს უფროჲს უმაღლეს ყოველთა მაღალთა და უქუესკნელეს ყოველთა ქუესკნელთა, რამეთუ იგი არს კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ხოლო ვაჲ ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა, მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს იგინი: "მოვედინ მეჴრმლჱ ეგე და აღიხუენით თავნი ჩუენნი ჩუენგან... ამას რაჲ ჰხედვიდა ზაბილოვნ, აღიძრა გონებითა და ტიროდა, რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი თჳსნი კლვად წარეპყრნეს და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა სწყალობდეს. მაშინ შევიდა ზაბილოვნ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა, და ნიჭითა განუტევნა. ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილოვნს, რაჲთა წარჰყვეს ქუეყანად მათა და მისცეს შჯული ქრისტესი და ნათლის-ღებაჲ წყლითა ყოველსა ერსა მათსა.

 

ხოლო ისმინა მათი ზაბილოვნ და მოსთხოვნა მღდელნი პატრეაქსა. და ბრძანებაჲ მოიღო მეფისაგან. და წარვიდეს სიხარულით. და ვითარცა მიეახლნეს ვითარ ერთ დღისა სავალსა, მიჴდა ჰამბავი, ვითარმედ მეფჱ მოვალს ცოცხალი და ყოველნი მთავარნი მის თანა. მაშინ შეიძრნეს ათნი იგი საერისთვონი: ხოლამაჲ და ხოზაბაჲ, ხლაჭაჲ, ხენეშაგი, ტიმგარაგი, ზაქაჲ, გზაჲ, ზარგაჲ, ზარდაჲ, ზარმაჲ და თმონიგონი სამეუფოჲ და მოეგებვოდეს მდინარესა ზედა დიდსა ღდამარასა.

 

და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა მას იმიერ და ამიერ. და აკურთხეს მღდელთა მდინარჱ იგი და შთაჴდა ყოველი ერი მდინარესა მას და განიბანებოდეს, და აღმოვიდოდეს გამოსავალსა ერთსა. და დასდებდა ზაბილოვნ ჴელსა ყოველსა ერსა ათ დღე. და აღჰმართნეს კარავნი და შეწირეს მღდელთა ჟამი, და აზიარნეს ქრისტეს საიდუმლოთა.

 

და განუტევნა მღდელნი და განჰკარგა ყოველი წესი ქრისტეანობისაჲ. და დაუტევა კურთხევაჲ და წარვიდა ნიჭითა დიდითა ჰრომედ.

 

და განიზრახა გულსა თჳსსა და თქუა: "წარვიდე იერუსალჱმდ". და მისცა გლახაკთა ყოველი იგი მონაგები. და დევტალარი იგი პატრეაქ-ქმნულ იყო. და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილოვნ და პა[ტ]რეაქი.

 

ჰრქუა სარა მიაფორმან პატრეაქსა: "ესე ზაბილოვნ -- მამაჲ და ემბაზი ბრანჯთაჲ, კაცი სრული სიბრძნითა და ღმრთის მოშიშებითა. ამას მიეც დაჲ შენი სუსანა ცოლად". და სთნდა წმიდასა პატრეაქსა სიტყუაჲ მისი და მისცეს სუსანა ცოლად მისა. და წარვიდეს თჳსა ქალაქად კოლასედ. და მე ოდენ ვიშევ მათგან. და იგი[ნი] არიან მშობელნი ჩემნი. და აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თჳსთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა დღე და ღამე დაუცადებელად.

 

და ვითარცა ვიქმენ მე ათორმეტის წლის, მშობელთა ჩემთა განყიდეს ყოველი, რაჲ-ცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალჱმდ. მაშინ მამამან ჩემმან დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და განიჯმნა დედისაგან ჩემისა. და შემიტყბო მე მკერდსა მისსა და დამაღუარნა, ვითარცა ღუარნი, ცრემ[ლ]ნი თჳსნი თუალთა და პირსა ჩემსა. და მრქუა: "შენ, მხოლოვო ასულო ჩემო, ესერა დაგიტევებ შენ ობლად ჩემგან და მიგითუალავ შენ ღმერთსა ცათასა, მამასა ყოველთა მზრდელსა და უფალსა, რამეთუ იგი არს მამაჲ ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო! ხოლო შენ მაგდანელისა მარიამის შური აღიღე სიყუარულისათჳს ქრისტესისა და დათა მათ ლაზარესთა. და თუ შენ ესრჱთ გეშინოდის მისა, ვითარცა მათ, მან ეგრჱთ მოგცეს ყოველი, რაჲ-ცა სთხოვო მას, ოდეს რაჲ გინდეს მისგან." და მო-მცა ამბორებაჲ საუკუნოჲ და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთა, რომელ-რაჲ ყოფაჲ მისი იცის მისმან უფალმან იესუ.

 

ხოლო დედაჲ ჩემი მისცა პატრეაქმან მსახურად გლახაკთა, დედათა უძლურთა. ხოლო მე ვჰმსახურებდ მიაფორსა სომეხსა დვინელსა ორ წელ.

 

და ვჰკითხევდი ვნებათა მათთჳს ქრისტესთა, ჯუარ-ცუმისა, დაფლვისა და აღდგომისათჳს მისისა, და სამოსლისა მისისა და ჯუართა და ტილოთასა და სუდარისასა ყოველსა მიწყებით, რამეთუ არავინ ყოფილ იყო, არცა იყო შორის იერუსალჱმსა ზომი მისი მეცნიერებითა შჯულისა გზასა ძუელსა და ახალსა ყოველსა-ვე.

 
იწყო უწყებად ჩემდა და თქუა: "ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ლომისა ძუვისასა, რომელი იზახებნ ყოველსა-ვე ზედა ოთხფერჴსა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა აერთასა უფროჲს მამლისა და ყოველი ქუეყანაჲ გუგასა თუალისა მისისასა, მცირესა მარგალიტის სწორსა, შეაყენის და განიხილის, განიცადის საჭმელი მისი, ცეცხლებრ დაინახის, მოუტევნის ფრთენი შრიალებად და მიიმართის მის ზედა. ეგრეთ იყოს ცხორებაჲ შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა".


თავი - დ

აღწერილი მის[ი]ვე სალომე უჟარმელისაჲ

აწ ვიწყო და გითხრა ყოველი, ოდეს-იგი იხილეს ღმერთი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოსრულ იყო მისგან, ისრაჱლი უკუნ-დგა. და მოწოდებაჲ ყოველთა უცხოთა ნათესავთაჲ, უცხოთა ღმერთთა მონებულთაჲ, ვითარცა თჳთ უნდა ჴსნაჲ სოფლისაჲ, რომელი დაჰბადა.

 

იწყო კეთილის-ყოფად ჰური[ა]თა: მკუდართა აღდგინებად, ბრმათა აღხილვად, ყოველთა სნეულთა განკურნებად. ესე შეიშურვეს, შეიზრახნეს და წარავლინნეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა სწრაფით მოსლვად. და იტყოდეს, რამეთუ: აჰა ესერა წარვწყმდებით-ო.

 

მაშინ მოიწინეს ყოვლით სოფლით კაცნი ჰურიანი, მეცნიერნი შჯულსა მოსესსა, რომელნი ანტაკრად აღუდგეს სულსა წმიდისასა და რაჲ-იგი უნდა ქრისტესა მათგან, მათ აღასრულეს: ჯუარს აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილ-ითხინეს. და წილით ჰხუდა ჩრდილოთა, მცხეთელთა, კუართი იგი უფლისა იესუჲსი, და დაჰფლეს მათ დამბადებელი თჳსი და დაჰკრძალეს საფლავი. ხოლო იგი აღდგა, ვითარცა თქუა პირველ, და ტილონი იგი, ოდეს განთენა, ისხნეს საფლავსა შინა. და ესე ყოველი წარმოიცადა პილატე და მოვიდა საფლავად იგი და ცოლი მისი და ტილონი იგი პოვნეს, და მოიხუნა იგინი ცოლმან პილატესმან. და წარვიდა წრაფითა დიდითა პონტოდ, სახედ თჳსა, რომელი იქმნა მორწმუნე ქრისტესა. ხოლო შემდგომად ჟამთა მრავალთა მოვიდეს იგინი ჴელთა ლუკა მახარებელისათა და დასხნა იგინი მან, სადა-ცა თჳთ იცის. ხოლო სუდარი არა იპოვა, ვითარცა ჴორცნი ქრისტესნი. თქუეს ვიეთ-მე პეტრესთჳს, ვითარმედ ჴელ-იწიფა ახუმად-ო და აქუნდეს, გარნა განცხადებულად არაჲ მიუთხრეს, ვითარ სხუაჲ ყოველი.

 

ხოლო ჯუარნი ამას ქალაქსა შინა დამარხულ არიან, ხოლო ადგილი მათი ვერვინ იცის, ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდენ.

 

მაშინ მივეც კურთხევაჲ უფალსა ღმერთსა და მადლი დედოფალსა მას ჩემსა ამას ყოველსა ზედა თხ[რ]ობასა. და კუალად ვჰკითხე, ვითარმედ: "სადა არს ჩრდილოჲსა იგი ქუეყანაჲ, ანუ სადა არს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისაჲ?" მრქუა მე: "ჩრდილოჲსა ქუეყანაჲ სომხითისა მთეულ არს, საწარმართოჲ ქუეყანაჲ, საჴელმწიფოჲ ბერძენთაჲ და უჟიკთაჲ".

 

მათ დღეთა შინა მო-ვინმე-ვიდა დედაკაცი ეფესელი თავყუანის-ცემად წმიდასა ადგომასა და ჰკითხვიდა მიაფორი დედაკაცსა მას, თუ: "ჰელენე დედოფალი ეგეთსა-ვე ბნელსა შინა არს-ა და მეფობაჲ მათი თჳნიერ ღმრთისა?"

ხოლო მან ჰრქუა: "მე ვარ მჴევალი მათი და მახლობელი განზრახვასა მათსა ყოველსა, და დიდი წადიერებაჲ აქუს ჰრომთა ქრისტჱს მიმართ შჯულისათჳს, და ნათლის-ღებისა".

 

ხოლო მე ვარქუ მიაფორსა: "წარმავლინე და წარვიდე წინაშე ჰელენე დედოფლისა, ნუუკუე მიმიახლოს სიტყჳს-გებად მის წინაშე ქრისტჱსთჳს". და მან აუწყა პატრეაქსა. ხოლო მან მიწოდა, წმიდამან მამამან ჩემმან პატრეაქმან, ძმამან დედისა ჩემისამან, და დამადგინა აღსავალსა საკურთხეველისასა და დამასხნა ჴელნი მისნი მჴართა ჩემთა. და სულთ-ითქუნა ცად მიმართ  და თქუა: "უფალო ღმერთო მამათაო და საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ ობოლსა ამას, შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ ქადაგებად შენისა ღმრთეებისა და რაჲთა ახაროს აღდგომაჲ შენი, სადა-ცა შენ სათნო-იყო სრბაჲ მისი ექმენ ქრისტე ამას გზა, მოგზაურ, ნავთ-სადგურ, მოძღუარ, ენა მეცნიერების, ვითარცა-იგი წინათა მათ მოშიშთა სახელისა შენისათა".

 

და მიჯმნა დედისაგან ჩემისა და მო-მცა მე ჯუარი და კურთხევაჲ საგზლად. და წარვემართე დედაკაცისა მის თანა. და ოდეს მივედით სახიდ მისა, მუნ ვპოვეთ დედუფალი ვინმე მეფეთა [ე]ვადაგი, სახელით რიფსიმე, რომელი ელოდა იერუსალჱმით ნათლის-ღებასა და ქრისტეს აღსაარებისათჳს სუროდა. მაშინ მი-მცა მე ჴელთა მისთა დედაკაცმან მან, და მივეც მას ნათელი ჴელსა ქუეშე ჩემსა, მას და ორმეოცსა სულსა მის თანა სახლისა მისისათა. და წარვედით სახიდ მისა და ვიყვენით მუნ ორ წელ.

 

მაშინ მოხედა უფალმან საბერძნეთსა და ჰრწმენა მეათესა კოსტანტინეს, და ქრისტე აღიარა მან და დედამან მისმან და ყოველმან პალატმან მათმან დასაბამითგანთა წელთა ხუთ ათას ოთხას ორმეოცდაოთხსა, ხოლო ქრისტეს აღმაღლებითგან სამას და ათერთმეტსა. და წარემართა ყოველი საბერძნეთი ქრისტეანობასა. მეშჳდესა წელსა იყო წმიდაჲ კრებაჲ ნიკეას, და მერვესა წელსა იყო სივლტოლაჲ ჩუენი საბერძნეთით. რიფსიმე დედოფალი და გაჲ[ა]ნე, დედამძუძჱ, და ორმეოცდაათი სული წარმოვემართენით თთუესა პირველსა ათხუთმეტსა და გამოვედით არეთა სომხითისათა, სამოთხესა მას თრდატ მეფისასა. იგინი მოიკლნეს მუნ თთუესა პირველსა, ოცდაათსა, დღესა პარასკევსა.

 

ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყუავოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოჰვიდოდეს სულნი წმიდათა მათ, ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაჲთა. და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლჱ, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისაჲ, რომელი ცათა დაჰფარვიდა. და მის თანა სიმრავლჱ ერთა ცისათაჲ.

 

და შეიერთნეს წმიდანი იგი სულნი ერთა მათ ზეცისათა და დიდებით აღმაღლდეს ცად.

 

ხოლო მე ვღაღადყავ: "უფალო, უფალო, რად დამიტევე მე შორის ასპიტთა და იქედნეთა?".

 

ჴმაჲ მესმა მე მუნით, რომელი მეტყოდა მე: "ესრეთვე იყოს წარყვანებაჲ შენი, ოდეს ეგე ეკალი, რომელი შენსა გარემოჲს არს, ყოველი-ვე იქმნეს ვარდ მეწამულ, სულნელ შენ მიერ. ხოლო შენ აღდეგ და ვიდოდე აღმოსავალით, სადა-იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკნი ყოვლად-ვე არა არიან". ხოლო მე წამოვედ და მოვედ ულოპორეთა და დავიზამთრე ჭირთა შინა დიდთა. და თთუესა მეოთხესა წარვედ მთათა ზედა ჯავახეთისათა, რაჲთა ვცნა, თუ სადაჲთ არს მცხეთაჲ. და მივემთხჳე მთასა ზედა...

 

ტბასა დიდსა გარდამდინარესა, რომელსა ერქუა ფარავნაჲ, და დავდეგ მუნ ორ დღე. ვითხოვე საზრდ[ე]ლი მეთევზურთაგან და განვძლიერდი ძალითა მით საზრდელის[აჲ]თა, და მადლი შევსწირე ღმერთსა. და მწყემსნი იყვნეს მას-ვე ადგ[ი]ლსა და ჴუმილვიდეს საჴ[უ]მილავსა ღამის[ა]სა სამწყსოთა შინა მათთა. და ხადოდეს ღმერთთა მათთა დაწყეულთა არმაზს და ზადენს და უთქუმიდეს შესაწირავთა, რაჟამს მოვიდეთ-ო.

 

დილ[ა]სა ადრე მივე[დ] და ვჰკითხე ერთსა მათგანსა, თუ რომლისა სოფლისანი ხართ თქუენ, ხოლო მან მომიგო მე: "ზოგნი დაბით და ზოგნი საფურცლით და ზოგნი ქინჯარელნი და რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ".

 

მივხედენ მთათა ჩრდილო[ჲ]ს[ა]თა, რამეთუ დღეთა ზაფხულის[ა]თა სავსენი ჩნდეს ჰირირითა და თოვლითა სასტიკითა. და შევძრწუნდი ფრიად და ვთქუ: "უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან". და მოვიღე ლოდი ერთი და დავიდევ სასთუნალად" თავსა, და გარდას[ა]დინ[ე]ლსა მის ტბის[ა]სა დავიძინე. და მოვიდა ჩუენებით კაცი ერთი ჰასაკითა ზომიერი, თმითა ნახევარ-თმოსანი. და მო-მცა მე წიგნი დაბეჭდული და მრქუა მე: "აღდეგ და სწრაფით მიართჳ ესე მცხეთას მეფესა წარმართთ[ა]სა". და ვიწყე ტირ[ი]ლით ვედრებად მისსა და ვარქუ: "უფალო, დედაკ[ა]ცი ვარ უცხოჲ და უმ[ე]ცარი, ვითარ მივიდე მე, არცა ენაჲ ვიცი, თუ რაჲ ვთქუა უცხოთა ნათეს[ა]ვთა თანა"? მაშინ განჴსნა წიგნი იგი და მო-მცა მე კითხვად. დაწერილი იყო ჰრომაელებრ და დაბეჭდული იყო, იესუჲსი.

 

დაწერილნი იყ[ვ]ნეს ათნი სიტყუანი, ვითარცა-იგი პირველ ფიც[ა]რთა ქვის[ა]თა.

 

პირველი სიტყუაჲ: სადა-ცა იქადაგოს სახარებაჲ ესე, მუნ-ცა ითქუმოდის დედაკაცი ესე.

 

ბ~. "არცა მამაკაცებაჲ, არცა დედაკაცებაჲ, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ".

 

გ~. "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი. და ნათელ-სც[ე]მდით სახელითა მ[ა]მისა[ჲ]თა და ძისა[ჲ]თა და სულისა წმიდისაჲთა".

 

დ~. "ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა".

 

ე~. "სადაცა იქად[ა]გოს სახარებაჲ ესე სასუფეველსა, ყოველსა სოფელსა ითქუმოდეს".

 

ვ~. "რომელმან თქუენ შ[ე]გიწყნარნეს, მე შემიწყნარებს, და რომელმან მე შემიწყნაროს, ეიწყნარებს მომ[ა]ვლ[ი]ნებ[ე]ლსა ჩემსა".

 

ზ~. ფრიად უყ[უა]რდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენნ მისსა სიბრძნესა ჭეშმარიტსა.

 

ჱ~. "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არ[ი]ან მოწყუედად".

 

თ~. ჰრქუა მარიამ მაგდალენელსა იესუ: "წარვედ, დედაკაცო, და ახარე ძმ[ა]თა ჩემთა".

 

ი~. სადა-ცა ჰქადაგებდეთ სახელითა მამისა[ჲ]თა და ძისა[ჲ]თა და სულისა წმიდისა[ჲ]თა.

 

და ვითარცა ესე წავიკითხე, ვიწყე ვედრებაჲ ღმრთისა მიმართ. დ[ა] გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენებაჲ ესე. და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ზეცად და მაღ[ა]ლი იგი ვაკურთხე და მისგან ვითხოვე შეწევნაჲ ჩემი ჭირთა შინა. და გარდამოსადინ[ე]ლსა მის ტბისასა მოვჰყევ და წარმოვემართე.]

 

და იყო დინებაჲ მისი დასავალით კერძო. და მიუდეგ გზასა ძნელსა და ფიცხელსა, და ვიხილენ დიდნი ჭირნი გზათაგან და შიშნი მჴეცთაგან, ვიდრემდე მოვიწიე აქა, ვინაჲ-იგი წყალმან აღმოსავალით იწყო დინებად. მიერითგან იყო ლხინებაჲ ჩემი. და ვპოვენ მოგზაურნი და მივიწიე სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა ურბნისისასა და ვიხილე ერი უცხოჲ, უცხოთა ღმერთთა მსახური: ცეცხლსა და ქვათა და ძელთა თაყუანის-სცემდეს. შეეურვა სულსა ჩემსა წარწყმედასა მათსა ზედა და მოვედ ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაელებრისა და ვიყავ მუნ ერთ თთუე და განვიცდიდ ძალსა ამის ქუეყანისასა.

 

და იყო, დღესა ერთსა აღიძრნეს ერნი ძლიერნი და ურიცხუნი სიმრავლითა მით ქალაქით წარმავალნი დიდად ქალაქად მცხეთად, რომელი იყო საჯდომელი დიდთა მეფეთაჲ, ვაჭრობად და ლოცვად არმაზ ღმრთისა მათისა.

 
ხოლო მე წარვჰყევ მათ თანა და მივიწიენით ქალაქად მცხეთად, წიაღით მოგუთას, ჴიდსა ზედა დავდეგით მუნ და ვხედევდით ცეცხლის მსახურსა მას ერსა. და მოგუებასა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდე წარწყმედისა მათისათჳს და უცხოვებასა-ცა ჩემსა ვეგლოვდი.


თავი - ე

მოწევნაჲ წმიდისა ნინოჲსი მცხეთად, აღწერილი მისი-ვე სალომე უჟარმელისაჲ

ხვალისაგან იყო ჴმაჲ ოხრისაჲ და საყჳრისაჲ. და გამოვიდოდა ერი ურიცხჳ; ვითარცა ყუავილოსანნი, ზარნი და საშინელნი გამოვიდოდეს. ხოლო მეფჱ არღასადა შეძრულ იყო. და ვითარცა ჟამ-სცა ჟამმან, სივლტოლაჲ და მი-და-მო მალვაჲ იყო ყოვლისა კაცისაჲ და შეივლტოდა ყოველი კაცი საფარველსა ქუეშე, რამეთუ გამო-სადმე-ვიდოდა ნანა დეუფალი.

 

და ვითარცა განვლო ნანა დედოფალმან, მაშინ-ღა ნელიად-ნელიად გამოვიდოდა ყოველი ერი. და შეამკვეს ფოლოცი ყოველი სამოსლითა თითოპირითა და ფურცლითა. და იწყო ყოველმან ერმან ქებად მეფისა. და მაშინ გამოვიდა მირეან მეფჱ თუალთ-შეუდგამითა ხილვითა. და ვჰკითხე ჰურიასა დედაკაცისა, თუ: "რაჲ არს ესე?" და მან მრქუა: "ღმერთი ღმერთთა მათთაჲ უწესს მას, არმაზ, რომელ არა არს სხუაჲ გარეშჱ კერპი".

 

ხოლო მე წარვედ ხილვად არმაზისა. და აღივსნეს მთანი იგი დროშაჲთა და ერითა, ვითარცა ყუავილითა. ხოლო მე შეუსწრვე ციხედ არმაზდ და დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ვხედევდი საკჳრველებათა და საშინელსა, რომელი თქუმად ენითა ვერ ეგების, ვითარ-იგი იყო ზარის აღსაჴდელი შიშით და ძრწოლით მეფეთა მათ და ყოვლისა ერისა. და საზარო დგომაჲ ვიხილე: და აჰა, დგა კაცი ერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდა და იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს და იტყჳნ: "ვაჲ თუ და-სადა-ვაკლო რაჲ დიდებასა დიდისა ღმრთისა არმაზისსა და შე-რას-მე-ვსცთე სიტყუასა ებრაელთა თანა, გინა მოგუთა სმენასა ოდენ დახუდომილ ვიყო მზის მსახურთა. და რომელნი-მე იტყჳან უცებნი დიდსა ვის-მე ღმერთსა ცათასა, და ნუუკუე პოვოს რაჲმე ჩემ თანა ბიწი, და მცეს მახჳლი იგი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა ქუეყანასა". და შიშით თაყუანის-სცემდეს ყოველნი.

 

და მარჯულ მისა დგა კერპი ოქროჲსაჲ და სახელი მისი გაცი. და მარცხლ მისა -- კერპი ვეცხლისაჲ და სახელი მისი გა, რომელნი-იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან-ქართლით.

 

მაშინ ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ ღმრთისა მიმართ ცთომათა მათთჳს ქუეყანისა ჩრდილოჲსათა, დაფარვასა ნათლისასა და დაპყრობასა ბნელისასა.

 

ვხედევდი მეფეთა მათ ძალ-დიდთა და ყოველთა მთავართა, რამეთუ ცოცხლივ შთაენთქნეს ეშმაკსა, ვითარცა მკუდარნი ჯოჯოხეთსა. და იტყოდეს დამბადებელად ქვათა და ძელთა, და სპილენძსა და რკინასა და რვალსა გამობერვით განჭედილსა, ღმრთად თავყუანის-სცემდეს. ესენი იცოდეს ცისა და ქუეყანისა შემოქმედად.

 

მაშინ მოვიჴსენე სიტყუაჲ იგი, რომელი მამცნო იობენალი პატრეაქმან, წმიდამან მამამან ჩემმან, ვითარმედ: "ვითარცა მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ და მიწევნად ხარ ქუეყანასა უცხოსა, ნათესავთა დგეველ, ზეფელ, ნარკადოველ, რომელ არს კაცნი ღმრთის მჴდომნი, მბრძოლნი და წინა-აღმდგომნი.

 

მაშინ ავიხილენ ზეცად და ვთქუ: "უფალო, უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი ესე. და ესე არს დიდითა სულგრძელებითა შენითა, და იქმან, რასა-ცა იგონებენ მტერნი ესე და ნაცარნი ქუეყანისანი, არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ ხატი შენი არს კაცი, რომლისათჳს ერთი სამებისაგანი კაც იქმენ და აცხოვნე ყოველი სოფელი. ამათ-ცა ნათესავთა მოხედენ და შეჰრისხენ სულთა ამათ უჩინოთა, სოფლის მპყრობელთა, მთავართა ამის ბნელისათა. და მიჩუენე მე, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას, ნაშობსა მონისა შენისასა, რაჲთა იხილონ მაცხოვარებაჲ

შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და რაჲთა ჩრდილოჲ ბღუარსა თანა იხარებდეს და ყოველმან ენამან შენ მხოლოსა ღმერთსა თავყუანის-გცეს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის მადლობით დიდებისა შეწირვაჲ აწ და მარადის და მერმეთა მათ საუკუნეთა, ამენ".

 

და ვითარცა წამის-ყოფაჲ თუალისაჲ იყო, დასავალით ჰაერნი და ქარნი შეიძრნეს და ჴმა-სცეს ქუხილთა ჴმითა საზარელითა. და აჩნდა ღრუბელი მოწრაფჱ, ნიშან-საშინელი. და მოიღო ნიავმან მზის დასავალისამან სული ჯერკუალი სიმწარისაჲ და სიმყრალისაჲ. მაშინ ივლტოდა ყოველი კაცი სოფლად და ქალაქად. და ეცა მათ დროჲ, რაჲთა შეიჭრნენ კაცნი საყოფლად. და მეყს მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი და მოიღო სეტყუაჲ ლიტრისა სწორი მას ადგილსა ოდენ და დალეწნა კერპნი იგი, და დაფქვნა და დააწულილნა. და დაარღჳნა ზღუდენი იგი ქარმან სასტიკმან და შთაყარ[ნ]ა იგი[ნი] კლდესა, რომელსა-იგი თქუენ-ცა ჰხედევდით ანუ არა...და თქუა მეფემან ცრემლით: "ჰჱ, ჰჱ, რაჲთ-მებოჲ ხოჯათ სთაბანუბ რასულ ფსარზად". ხოლო თარგმანებაჲ ესე არს: "მართალსა იტყჳ, ბედნიერო დედოფალო და მოციქულო ძისა ღმრთისაო". და ვითარცა დასცხრა რისხვაჲ იგი, გამოვედ კლდისა მისგან ნაპრალისა და ვპოვე თუალი იგი ბივრიტი, აღვიღე და წარმოვედ წინა კერძო დასასრულსა მის კლდისასა, სადა ძუელ ქალაქი ყოფილ იყო, და მას ადგილსა ყოფილ არს ციხჱ.

 

და მუნ დგა ხჱ შუენიერი ბრინჯისაჲ, მაღალი და რტო-მრავალი. მოვედ ქუეშე ხესა მას და გამოვინიშე ნიში იგი ქრისტეს ჯუარისაჲ. და ვილოცევდი მუნ ექუს დღე. ოდეს-იგი გამოხუედით სიმრავლჱ ერისაჲ და ეძიებდით ღმერთთა მათ, რომელთა ვნებაჲ დაჰბადეს, და არა ჰპოვეთ, მაშინ მე მუნ ვიყავ, რამეთუ დღჱ იყო მეექუსჱ თთჳსაჲ მის, ოდეს-იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა. მაშინ მოვიდა დაჲ ესე ჩემი შროშანა, სეფექალი, მიხილა და მოიყვანა ბერძლ-მეტყუელი დედაკაცი და მკითხა ყოველი გზაჲ ჩემი. მაშინ ვხედევდ მე თუალთა მისთა ცრემლთა დინებასა უცხოვებისა ჩემისათჳს. ოდეს ცნა ყოველი საქმჱ ჩემი, მაიძულა წარყვანებაჲ ჩემი სეფედ, ხოლო მე არა ვინებე, და იგი წარვიდა. და მესამესა დღესა ჩამოვედ ქალაქად მცხეთად და მივიმართე სამოთხესა მას მეფისასა. და მი-რაჲ-ვედ კარსა ზედა სამოთხისასა, იყო სახლაკი მცირჱ სამოთხის მცველისაჲ, და შე-რაჲ-ვედ შინა, ჯდა ესე დედაკაცი ანასტოს. და ვითარცა მიხილა, აღდგა და შემიტკბო მე ვითარცა მეცნიერმან და მეგობარმან და დამბანნა ფერჴნი ჩემნი და მცხო ზეთი და დამიგო ტრაპეზი და ღჳნოჲ და მაიძულა მე ჭამად და სუმად. და დავყავ მის თანა ცხრა თთუე.

 
ესე იყო უშვილოჲ, და ზრუნვიდა ეგე და ქმარი მაგისი. ჩუენებით ვხედევდ, მოვიდა კაცი ნათლისა ფერი და მრქუა მე: "სამოთხესა შევედ, ნაძუთა ქუეშე ბაბილოთა ადგილი არს მცირჱ, საყუარელად შემზადებული, მიწაჲ აღიღე ადგილისა მისგან და შეაჭამე კაცთა მაგათ, და ესუას შვილი". ხოლო მე ვყავ ეგრჱთ. და ესხნეს ძეებ და ასულებ მრავლად, რომელსა-ესე თჳთ ჰხედავთ. და მათ-ვე დღეთა შინა ორგზის და სამგზის ვიხილე ჩუენებასა შინა მცირედსა მას მირულებასა ჩემსა მუჴლთა ზედა: მოვიდიან მფრინველნი ცისანი, შთავიდიან მდინარესა, დაიბანნიან და მოვიდიან სამოთხესა მას, და ბაბილოსა მას მოისთულებდიან და ყუავილსა მას ძოვდიან, და მოწლედ ჩემდამო ღაღადებედ, რეცა ჩემი არს სამოთხჱ იგი, გარე მომადგიან ჟღავილით და ჴმობედ ჩემდა მომართ; მრავალ-ფერად და შუენიერად იყო ხილვაჲ იგი მათი. და მრავალგზის იყო ესე. და უთხარ ესე დასა ჩემსა, ასულსა აბიათარისსა. მომიგო და მრქუა მე მან: "უცხოვო და აქა შობილო, ტყუეო და ტყუეთა მჴსნელო, უწყი, რამეთუ შენ ზე მოიწია ახალი იგი ჟამი და შენ მიერ ისმეს ჰამბავი იგი ძუელი, მამათა ჩუენთა ნაქმარი, ზეცისა მის კაცისა უბრალოჲსა სისხლისა უსამართლოდ დათხევისაჲ, რომლითა-ცა ქმნა ღმერთმან ჰურიათა სირცხჳლი, ცის კიდეთა განბნევაჲ, მეფობისა დაცემაჲ და ტაძრისა მის წმიდისა მოღებაჲ, ერისა მის უცხოჲსა მოგებაჲ და თჳსად წოდებაჲ, და დიდებაჲ მათა მიცემად". და კუალად თქუა: "იერუსალჱმ, იერუსალჱმ, ვითარ განგიმარტვან შვილნი შენნი! და შეიკრებ ყოველთა ცის კიდისა ნათესავთა ფრთეთა ქუეშე შენთა". აჰა ესერა აქა-ცა მოსრულ იყო დედაკაცი ესე და შეცვალოს ყოველი წესი ქუეყანისაჲ ამის". და მომექცა და მრქუა: "ჩუენებაჲ შენი არს ესე, რამეთუ ადგილი ესე სამოთხისაჲ შენ მიერ იქმნეს სამოთხჱ სადიდებელად ღმრთისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ".


თავი - ზ

რომელი აღწერა დედაკაცმან ჰურიამან, სახელით სიდონია, ასულმან აბიათარ მღდელისამან

და იყო ოდეს მოხედა ღმერთმან წყალობით ქუეყანასა ამას დავიწყებულსა ჩრდილოჲსასა -- კავკასიათა, სომხითისა მთეულსა, რომლისა მთანი დაეფარნეს ნისლსა, და ველნი -- არმურსა ცთომისა და უმეცრებისასა, და იყო ქუეყანაჲ ესე ჩრდილო მზისაგან სიმართლისა, ძისა ღმრთისა მოსლვისათჳს და ცნობისა, ვითარცა სახელი ერქუა სამართლად ჩრდილოჲ. არა თუ ამის მზისა ნათლისაგან დაკლებულ იყო, ანუ აწ არს დაკლებულ მისგან, ყოველი ცასა ქუეშე მყოფი იხილავს და ყოველსა ჰხედავს იგი, და რომელსა სიცხითა მიჰრიდის, ნათლითა ყოველსა ადგილსა მიხედის. ესე არა თუ ამისთჳს ერქუა ქუეყანასა ამას ჩრდილო, არამედ იყვნეს ესოდენნი წელნი და ესთენნი ნათესავნი ნოვესითგან და ებერისითგან და აბრაჰამისითგან. და მუნ შინა იყო იობ აზნაური, განცდილი განმცდელისაგან ვითარცა იოსებ, მოსე, ისუ, მღდელნი და მსაჯულნი და შემდგომითი-შემდგომად, რომელი-იგი ვიცით სმენილი წიგნთაგან საღმრთოთა.

 

გარდაჴდეს ქრისტჱს მოსლვადმდე წელნი ჭფ~, შობითგან ქრისტჱსით ვიდრე ჯუარ-ცუმამდე ლგ~, და ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსით ვიდრე კოსტანტინე ბერძენთა მეფესა მონათლევადმდე ტია~; და ათოთხმეტისა წლისა შემდგომად მოივლინა ქუეყანასა ჩუენსა ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ ნინო, დედოფალი ჩუენი, ვითარცა ბნელსა შინა მთიები რაჲ აღმოჰჴდის და ცისკარი აღიღის, და მისა შემდგომად აღმოვალნ დიდი იგი მფლობელი დღისაჲ. ეგრეთ იყო ცხორებაჲ ჩუენი, ქართველნო, რამეთუ ვიქცეოდეთ ნათელსა და მკჳდრ ვიყვენით ბნელსა, ვიხარებდით შუებითა და ვიუნჯებდით გლოვასა, რომლისა ნუგეშინის-მცემელი არა იყო. ვჰმსახურებდით სამე დაბადებულთა და არა დამბადებელსა, ქერობინთა ეტლთა ზედა მჯდომარისა წილ მთათა მაღალთა თავყუანის-სცემდეს მამანი ჩუენნი, გებალსა. და გარიზინსა, და მას ზედა არა იყო არცა ღმერთი, არცა მოსე, არცა ნიში მათი, არამედ კერპნი ქვისანი უსულონი. ხოლო ამას ქუეყანასა ქართლისასა იყვნეს ორნი მთანი და მათ ზედა ორნი კერპნი: არმაზ და ზადენ, რომელნი იყნოსდეს სულმყრალობით ათასსა სულსა ყრმისა პირმშოჲსასა. არმაზ და ზადენ, და შესაწირავად უჩნდეს მშობელთა მათთა მსხუერპლად, ვითარ-მცა უკუნისამდე არა იყო სიკუდილი. და ესე იყო მოაქამდე.

 

ხოლო იყვნეს კერპნი სხუანი-ცა სამეფონი: გაცი და გა. და შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა.

 

და ამის ყოვლისა შემდგომად თხრობასა გითხრობ მამისა ჩემისასა, რომელი წიგნთაგან ვიცი კითხვით, და მამისა ჩემისაგან თხრობილსა.

 

ოდეს-იგი მეფობდა ჰეროდე და მოგუესმა აქა, ვითარმედ სპარსთა იერუსალჱმი დაიპყრეს-ო. გლოვისა წიგნი მოეწერა ყოველთა ჰურიათა მომართ ქართლისათა, მცხეთელთა მკჳდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდის-წყაროველთა მწიგნობართა, და სობის-კანანელთა თარგმანთა, ვითარმედ: "ათორმეტნი მეფენი მოვიდეს-ო დაპყრობად ქუეყანისა ჩუენისა". და ყოველნი შეიძრნეს სივლტოლით შეწევნად მათა ხოლო შემდგომად მცირედ-რე მოიწია სხუაჲ ღაღადისი ნუგეშინის-ცემისაჲ იერუსალჱმით ყოველსა ქუეყანასა, ვითარმედ: "სპარსნი იგი არა დაპყრობად ქუეყანისა მოვიდეს, არამედ აბჯრისა და საჭურველისა წილ და საგზლისა აქუნდა ოქროჲ ყჳთელი. მური მწრაფლ მკურნალი წყლულისაჲ, და გუნდრუკი სულჰამოჲ, ესე ყოველსა მჴედარსა მათსა. და თჳთ მეფეთა თითო სატჳრთი აქუნდა, და ეძიებდეს ყრმასა ვის-მე ახლად შობილსა, ძესა დავითისსა, რომელი-ცა პოვეს მწირი ერთი, მწირისა დედაკაცისა ძჱ, უჟამოდ შობილი უადგილოსა ადგილსა, ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ გარე-მდგომთა.

 

ესენი მის ყრმისა მოვიდეს და თავყუანის-სცეს, და ესე ყოველი ძღუენი მისა შეწირეს. და მთაჲ გარდავლეს და წარვიდეს მშჳდობით. აწ ნუ გეშინინ, ჰურიანო, მე, ჰეროდე, ვეძიებდ და არა ვპოვე ყრმაჲ იგი და არცა დედაჲ მისი, არამედ აწ წარვჰმართო მახჳლი ყოველსა წულსა ზედა ორით წლითგან და უდარესსა, და მოწყდეს იგი-ცა მათ თანა აწ გულ-დებულ იყვენით. რამეთუ უცნებით იყო ესე ყოველი". ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი ოც და ათნი, მოწერა ანა მღდელმან იერუსალჱმით მამის-მამისა ჩემისა ოზიაჲსა, ვითარმედ: "იგივე ყრმაჲ, რომლისა სპარსთა მეფენი მოსრულ იყვნეს ძღუნითა, იგი ყრმაჲ გან-სამე-ზრდილ არს, საზომსა ჰასაკისასა მოწევნულ არს. წყალსა მას იორდანისასა ზაქარიაჲს ძისა განვიდოდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი, და შენი მამის დედის ძმაჲ ელიოს თანა-ვე იყო და აჰა ესერა ცაჲ ქუხდა და ქუეყანაჲიძრვოდა, მთანი ჰკრთებოდეს, ბორცუნი იმღერდეს, ზღუაჲ დგა, წყალნი აღმართ დიოდეს, ზაქარიაჲს ძჱ ივლტოდა და ჩუენ ყოველთა ზარი შეძრწუნებისაჲ დაგუეცა. და ერისა სიმრავლისათჳს დავიდუმეთ საქმჱ ესე, რომელი იყო სამე ცხად საუკუნითგან ღმრთისა თანა". და მეოთხესა წელსა გამოჴდა ბრძანებაჲ იერუსალჱმით ჰეროდე მეფისაგან, ვითარმედ: "ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, განბნეულთა ყოველსა ქუეყანასა იხილეთ ერთი ღმერთი და იგულეთ და ისმინეთ ერთი შჯული. და ისწავეთ ერთი სიტყუაჲ მოსესი, რომელი თქუა: "რომელმან ქუეყანასა ზედა თქუას ღმრთად თავი თჳსი, ძელსა დამოეკიდენ". და მერმე თქუა: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოკიდებულ იყოს ძელსა".

 

აწ ესერა აღდგა კაცი ერთი, და სახელი მისი იესუ, თავით თჳსით ჰხადის ღმერთსა მამად და რეცა თუ არს იგი თჳთ ვითარცა ღმერთი, მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა და აღვასრულოთ მცნებაჲ ღმრთისაჲ და მოსჱსი".

 

და წარვიდა აქაჲთ მამის დედის ძმაჲ ჩემი ელიოს, კაცი მოხუცებული. და ესუა მას დედაჲ ტომისაგან ელი მღდელისა, და ესუა ერთი ხოლო დაჲ ელიოზს.

 

ევედრებოდა დედაჲ ძესა თჳსსა და ეტყოდა: "წარვედ, შვილო, წოდებასა მეფისასა და წესსა შჯულისასა. ხოლო რომელსა იგინი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობაჲ შენი მას ყოვლად-ვე, ნუ, შვილო ჩემო, რამეთუ სიტყუაჲ არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ და იგავი ბრძენთაჲ, საიდუმლოჲ არს დაფარული ჰურიათაგან, ხოლო წარმართთა ნათელ და ცხორება საუკუნო".

 

და წარვიდა ელიოზ და ყოველნი ჰურიანი ქართლით. და აღესრულა ყოველი-ვე, რომელი აწ ვიცით ნინოჲს მიერ, ევანგელეთაგან ქრისტჱს მიერ.

 

ხოლო სამოსელი იგი ჰხუდა ამას ქუეყანასა წილით და წარმოიღო ელიოზ. ხოლო დედასა მისსა, ვითარცა ესმა ჴმაჲ, ოდეს პასანიკმან ჯუარსა ზედა სამშჭუალსადასცა კუერი მჭედლისაჲ იერუსალჱმს, აქა ესმა ჴმაჲ და იკრჩხიალნა მწარედ დედაკაცმან მან და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა. ვაჲ თავსა ჩემსა, რომელ არა წინარე მოვკუედ, რომელმან-მცა ესე არღარა სმენილ იყო, და არცა კნინ უკუანაჲს-რე დავრჩი, რომელ-მცა მეხილვა ნათელი გამობრწყინვებული წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა ისრაჱლისაჲ" და ამას სიტყუასა ზედა შეისუენა დედაკაცმან მან, დედამან ელიოსისმან.

 

ხოლო ამან ელიოზ მოიღო კუართი იგი მაცხოვრისა იესუ ქრისტჱსი მცხეთად, სახლად ჩუენდა, და იხილა, რამეთუ მომკუდარ იყო დედაჲ მისი ამას სიტყუასა ზედა. ხოლო დაჲ მისი მიეგებვოდა შესუარული ცრემლითა, ვითარცა სისხლითა, და მოეხჳა ყელსა ძმისა თჳსისასა და მოუღო სამოსელი იგი იესუჲსი და შეიტკბო მკერდსა თჳსსა ზედა. და მწრაფლ სულნი წარჰჴდეს სამითა ამით სიმწარითა: სიკუდილითა დედისაჲთა, და უმეტჱს ტკივილითა სიკუდილსა ზედა ქრისტჱსსა და სურვილითა მის სამოსლისაჲთა.

 
მაშინ იყო შფოთი დიდი მცხეთას შინა მეფეთაჲ და მთავართაჲ და ყოვლისა ერისაჲ. და იხილა მეფემან ამაზაერ სამოსელი იგი იესუჲსი და უნდა წარღებაჲ მისი, ხოლო ზარსა მას ზედა დედაკაცისა მკუდრისა ჴელთ-გდებასა, შეშინდა და ვერ იკადრა. ხოლო ელიოზ დაჰმარხა დაჲ იგი თჳსი, და ჴელთა მისთა აქუნდა სამოსელი იგი. და არს ადგილი იგი, რომელი ღმერთმან იცის, და იცის დედამან ჩემმან ნინო და არა იტყჳს, რამეთუ არა ჯერ-არს სიტყუად აწ. არამედ ესე ხოლო კმა-იყავნ ნინოჲს მოწაფეთათჳს და ქრისტჱს მორწმუნეთა, რამეთუ მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მის ლიბანით მოსრულსა და მცხეთას დანერგულსა. თჳნიერ ესე მესმა მამისა ჩემისაგან: "არს სხუაჲ-ცა ძალითა შემოსილი, მრჩობლი იგი-ცა, ხალენი ელიაჲსი ამას ქალაქსა შინა ჴელთა ჩუენთა, საკურთხეველისა სიმტკიცესა ქუეშე, ქვათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამადმდე მისა", რამეთუ მრავალგზის მაბირა მე დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, რაჲთა გამოვსწულილო ადგილი იგი სამოსლისაჲ მის გულითად. ხოლო მან ესთენ დადვა ნაწილი ჩემ თანა და მრქუა: "აქა არს-ო ადგილი სამარხვოჲ მისი-ო, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ, მას ზედა არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და უკუნისამდე, დიდება და ქება მოუკლებელ".