ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III, თბილისი, 1971

გუაკურთხენ, მამაო!

ინება და მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან და შემოქმედმან ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათამან იესუ, ძემან ღმრთისამან, თანა-სწორმან ჟამისა და სულისა წმიდისამან, მოსლვაჲ ქუეყანად ჴსნად დაბადებულთა თჳსთა, მოავლინა მოციქულად და მახარებელად მოსლვისა მისისა მთავარანგელოზი გაბრიელ და იშენა ტაძარი ქუეყანასა ზედა ბუნებისაგან მისისა, უმაღლესი ცასა ცათასა, ყოვლითურთ მოცვული და ბრწყინვალე ქალწულებითა და უბიწოებითა, და შევიდა დიდი იგი მეუფე ტაძარსა მას შინა: არცა კლიტენი მისნი დაჰჴსნნა,არცა ბჭენი მისნი განახუნა, არამედ შევიდა, ვითარცა შუენის მეუფებასა მისა, და გამოვიდა, ვითარცა იცის საიდუმლომან ღმრთეებისა მისისამან, და ტაძარი იგი ეგრეთ-ვე დაკრძალულად დაუტევა. უზესთაეს ბუნებათა და უაღრეს ყოველთა საკჳრველებათა იშვა ქალწულისაგან, ვითარცა კაცი, და არა განეჴუა ღმრთეებისა განკაცებითა, და იქმნა ყოვლითურთ კაც და ყოვლითურთ ჰგიეს ღმრთეებასა შინა, დაისაყდრა წიაღთა ქალწულისათა, რომელი ჰგიეს ზეცას მამისა თანა განუშორებელად.

ტჳრთულ იქმნა წიაღთა დედისათა მტჳრთველი იგი ყოველთა არსთაჲ; მოქენე იქმნა სძისა, ვითარცა ჩჩჳლი, რომელი ზრდის ყოველთა, ვითარცა ღმერთი; შეიხჳა სახუევლითა ჩჩჳლთაჲთა, ვითარცა ყრმა, და ვითარცა ღმერთმან განჴსნნა საკრველნი ცოდვათა ჩუენთანი, ჩჩჳლებრ მიიწვინა ბაგასა დამბადებელი ყოველთაჲ; ჰეროდესგან იდევნებოდა, ვითარცა კაცი; სჳმეონისგან ღმრთად აღსარებულ იქმნებოდა; ეგჳპტედ ივლტოდა, ვითარცა კაცი, რომელმან შემუსრნა ჴელით-ქმნულნი ეგჳპტისანი.

წარემატებოდა ჰასაკითა ჴორცთაჲთა, რომელი-იგი ყოველგან არს და მარადის ჰგიეს ღმრთეებითა; მოვიდა იორდანედ და ნათელ-იღო წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისაგან, რომელი ნათლითა აღავსებს ყოველთა დაბადებულთა.

აღასრულნა ნიშნი დიდ-დიდნი, ვითარცა ღმერთმან და კაცმან ზესთა ბუნებისამან: ღრეკილთა განამართლებდა, კეთროვანთა განსწმედდა, სნეულთა სიტყჳთ განჰკურნებდა, მკუდართა ბრძანებით აღადგინებდა, ეშმაკთა შერისხვით განასხმიდა, ვიდოდა ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა, კნინითა პურითა უდაბნოსა ზედა ბევრეულთა გამოზრდიდა და სხუათა ესევითართა უმრავლესთა რიცხჳსათა. არა კმა იყო ესე ყოვლად სახიერმან მან და ყოვლითურთ შეიწყალა უძლურებაჲ ჩუენი და დაიმდაბლა თავი თჳსი ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა.

და იხილა რაჲ, ვითარმედ თანა-ნადებთა მათ ჩუენთა გარდაჴდად შეუძლებელ ვართ, თავს-იდვა, რაჲთა იქმნას ჩუენთჳს წყევასა ქუეშე და თანა-ნადები იგი ჩუენი გარდაიჴადა. და დაგუაგნა ღმერთსა და მამასა და ვნებული იგი ბუნებაჲ კაცთაჲ უვნებელ ყო. რამეთუ უვნებელმან მან ვნებაჲ ჩუენთჳს თავს-იდვა და უსჯულოებათა ჩუენთათჳს სიკუდილი ნებსით მიითუალა, ჯუარს-ეცუა ბუნებითა მით ჴორცთაჲთა, მოკუდა და საფლავსა დაიდვა, ხოლო აღდგა ღმრთეებრ მესამესა დღესა და თანა-აღადგინნა ჯოჯოხეთს შინა მყოფნი. ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა. და შემდგომად აღდგომისა უბრძანა მოწაფეთა და მოციქულთა მისთა, ვითარმედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისათა სულისა წმიდისაჲთა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ".

და დღესა მეერგასესა მოუვლინა სული წმიდაჲ მათ, იყვნეს რაჲ იგინი ქორსა მას ზედა, და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი. და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა. ვითარცა სული იგი მისცემდა მათ, რომლისა ძალითა აღვსებულთა წმიდათა მათ მოციქულთა მიერ ერთ-სარწმუნოება იქმნა სოფელი და არცა ერთი ნათესავთაგანი დაშთა უსმენელად ჴმისა მათისა, არამედ სადა-ცა-იგი წინა-ძღომითა მისითა ქადაგად წარივლინებოდეს, იგი-ვე ენა მიეცა სიტყუად, და იგი ნათესავი  ერწმუნა სამოძღურებელად, და ესრეთ თითოეული ყოველთა ნათესავთა მიმართ წარემართნეს ჯერისაებრ და დაუყენებელად ახარებდეს სახარებასა სასუფეველისასა და ასწავებდეს სიტყუასა ცხორებისასა, რომელნი-იგი სხუად და სხუად ქუეყანად წარივლინნეს.

ხოლო ჭეშმარიტებისა იგი მოსახელე, ყოვლად ქებული მოციქული ანდრია, ფრიადსა ნაწილსა სოფლისასა მქადაგებელი ჭეშმარიტებისა, მოვიდა რაჲ კაბადუკიად, პონტოდ და მერმე ტრაპეზუნტად და კუალად ნეოკესარიად, და მიმოვიდოდა ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად და უქადაგებდა სიტყუასა ცხორებისასა, მივიდა სამუსატელთა დიდსა მას ქალაქსა, რომელ არს საზღვარსა სპარსთასა. მიერ აღვიდა იერუსალემდ, რაჲთა აღასრულოს პასექი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა წინაშე. და შემდგომად მარტჳლიისა კუალად განვიდა საქმესა მას ქადაგებისასა, რომლისა თანა იყვნეს სიმონ კანანელი და მატათია და თადეოზ,  და მიიწინეს რაჲ ედესად, თადეოზ დაშთა მუნ, ხოლო დიდებული ანდრია ორთა მათ თანა ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და სოფლად-სოფლად, ასწავებდეს და იქმოდეს სასწაულთა სახელითა ქრისტესითა, ვიდრემდის მიიწინეს ქუეყანასა ქართველთასა და უქადაგეს სიტყუაჲ ცხორებისაჲ.

იყო ვინმე მათ კერძოთა დედაკაცი მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგებაჲ მოციქულისაჲ. და მატათია სხუათა თანა მოწაფეთა დაადგრა მუნ. და მრავალნი მოაქცინეს სარწმუნოებად და მეცნიერებად ჭეშმარიტებისა, ვიდოდეს და ასწავებდეს ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე და სოფლებთა ნიგალისათა, ხოლო დიდებული მოციქული ანდრია სიმონითურთ სხუათა თანა წარვიდა ოვსეთად და მიერ კუალად აფხაზეთად და სევასტოპოლიდ, რომელი არს ცხუმი. ქადაგებდა და ასწავებდა და ურიცხუთა ერთა მოაქცევდა სარწმუნოებად. ხოლო მეფე ქართველთა და უმრავლესი კერძო ქუეყანისა ჩრდილოჲსაჲ დაშთა მას-ვე სიბნელესა-ვე და საცთურსა კერპთ-მსახურებისასა, რომლისათჳს შემდგომად მცირედისა ეგულების თხრობად სიტყუასა ჩუენსა.

ხოლო ყოვლად-ქებულთა მათ და წმიდათა მოციქულთა, თჳთოეულმან და ყოველთა ერთბამად, თუ ვითარი მოქალაქობაჲ აჩუენეს, ანუ ვითარი მოღუაწებაჲ მოიგეს, რამეთუ ყოველი სოფელი მოინადირეს და თჳთ მნათობ იქმნეს. და რამეთუ სიმაღლითა სათნოებათაჲთა და უშიშად თავს-დებითა ტანჯვათა და ჭირთაჲთა და თჳთ მის სიკუდილისა-ცა შეურაცხ-ყოფითა ანგელოზნი-ცა განკჳრვებად შემოკრიბნეს და ყოველთა მეცნიერებად ჭეშმარიტებისა წარუძღუეს და განაბრწყინვეს ქუეყანაჲ, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ქადაგებითა ღმრთის-მსახურებისაჲთა აღავსნეს. და შეწირნეს ბევრის-ბევრეულნი სულნი ღმრთისა სარწმუნოებისა მიერ და წმიდისა ნათლის-ღებისა განათლებულნი. და ესრეთ ჯერ-ჩინებისაებრ საღმრთოჲსა და საღმრთოთა ვნებათა მიბაძვითა რომელთა-მე ჯუარ-ცუმისა მიერ, სხუათა განტჳნვისა, სხუათა წარკუეთითა თავთაჲთა დაუტევეს სოფელი ესე და ზეცისა სუფევად აღვიდეს.

ხოლო შემდგომად მათსა დამოწაფებულნი მათნი მორწმუნენი, განპოხებულნი სძითა მოძღურებათა მათთაჲთა, თუ ვითარ ყოველთა ძჳრთა და ტანჯვათა და სიკუდილსა შეურაცხის-მყოფელ იქმნნეს და ერეოდეს მთავარსა მას ბნელისასა, სოფლის-მპყრობელსა უკეთურსა, რომელმან-იგი ღონითა მანქანებათა მისთაჲთა მყოფელნი ნებისა მისისანი, მის ჟამისა მპყრობელნი მეფენი და მთავარნი განმზადნა ჭურად თჳსა და აღაზრზინნა ტანჯვად და გუემად და სიკუდილად ქრისტეს მოწამეთა. ამით ჰგონებდა ყოვლად ბოროტი იგი დაკნინებად ღმრთის-მსახურებისა და დაფარვად ჭეშმარიტებისა. არამედ უფროჲს და უმაღლეს განშუენდა და განბრწყინდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთა. და გჳრგჳნოსანნი ამაღლდეს წინაშე მეუფისა, და აღავსო სასუფეველი ზეცათაჲ და განანათლა სოფელი შეწყნარებამან ყოვლად-წმიდათა ნაწილთა მათთამან, და შეამკო ეკლესიაჲ ქადაგებამან ღუაწლთა მათთამან, მოაშთო მჴდომი იგი ბელიარ მორევმან მან სისხლთა მათთამან და სრულიად შემუსრა და დაწუა ყოველი ძალი მისი. რომელთა შორის, ვითარცა მთიები, მდიდარი ბრწყინვალებითა ვარსკულავთა შორის, გამოჩნდა ყოვლად-ბრწყინვალე იგი და საჩინო მნათობი, უძლეველი მჴედარი მეუფისა დიდისა, კადნიერად მდგომარე წინაშე პირსა ღმრთისასა, მსწრაფლი და მჴურვალე, მეოხი და მფარველი და ჴელის-ამპყრობელი ყოველთა მორწმუნეთაჲ, და უფროჲსად ნათესავისა ჩუენისა, დიდებული მოწამე ქრისტესი გიორგი, რომელმან იღუაწა დიოკლიტიანეს ზე, რომელი აღმოეცენა ყოვლად-საქებელით და უფროჲს-ღა ესევითართა ნერგთა მიერ ქუეყანით კაბადუკიით, რომლისა ღუაწლისა და წამებისა ჟამთა და ამას-ვე ქუეყანასა შინა იყო ვინმე თანა-მოქალაქე მისი, კაცი კეთილად მორწმუნე, შვილი მდიდართა და წარჩინებულთა, კუალად იყო იგი ძლიერ და ახოვან და განთქუმულ წყობათა შინა, რომლისა სახელი ზაბილო.

 ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მაქსიმიანესა მსახურებად და მოღებად პატივისა და ნიჭისა. ხოლო იყო ვინმე, მეგობარი მისი და თანა-მოქალაქე, კაცი ღმრთის-მოყუარე, რომლისანი იყვნეს ძე ერთი და ასული ერთი. ხოლო აღესრულა რაჲ კაცი იგი და მეუღლე მისი, დაშთეს ობოლნი იგი, განყიდეს ყოველი მონაგები მშობელთა მათთაჲ და აღდგეს და წარვიდეს იერუსალემდ და შეუვრდეს მზრუნველსა ობოლთასა, ყოვლად-სახიერსა მას და განმაცხოველებელსა მას ცხორებისა საფლავსა თაყუანის-სცეს, და მუნ დაადგრეს და ჰმსახურებდეს. ამისა შემდგომად მი-რაჲ-იწია ყრმაჲ იგი ჰასაკად, კეთილად ქცევისა და წესიერებისა მისისათჳს პატივითი-პატივად აღყვანებული მიემთხჳა პატრიაქობასა, ხოლო დაჲ მისი ჰმსახურებდა წმიდასა აღდგომასა და ჰმორჩილობდა დედაკაცსა ღირსსა და წარჩინებულსა სარრას ბეთლემელსა.

ხოლო ჭაბუკი იგი ზაბილო, რომელი ზემო ვაჴსენეთ, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და შემდგომად პატივთა და ნიჭთა განაწესა იგი მჴედართ-მთავრად. მას ჟამსა იქმნა განდგომილებაჲ ფრანგთა და მარბეველობით განხრწნიდეს ქუეყანასა ჰრომთასა, ვიდრემდის თჳთ მეფისა-ცა მიმართ ბრძოლა ყვეს. ხოლო ჭაბუკი იგი კაბადუკიელი ზაბილო მის თანა მჴედრებითურთ განვიდა შემთხუევად მათდა და შეწევნითა ქრისტესითა ფრიადი სიმჴნე მოეცა და ძლევაჲ დიდი აღადგინა, და მბრძოლნი იგი იოტნა, და მთავარი იგი მათი და წარჩინებულნი ერისანი პყრობილნი წინაშე მეფისა მოიყვანნა.

ხოლო მეფემან ფრიადი პატივი და ნიჭი წინა-უყო ზაბილოს და განდგომილთა მათთჳს განაჩინა სიკუდილი. მაშინ იწყეს მათ ტირილად, და ევედრებოდეს ზაბილოს და ეტყოდეს: შეგყვანენ ტაძარსა შინა უფლისა ღმრთისა შენისასა და ნათელ-გუეც სახელითა მისითა, რომელსა შენ ჰმსახურებ, რომელმან ესევითარი სიმჴნე მოგცა შენ. და ესრეთ რაჲ მოვისრნეთ,  შენ უბრალო იყო სისხლისაგან ჩუენისა.

მაშინ ზაბილო აუწყა საქმე ესე პატრიაქსა ჰრომისასა - პაპასა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და ნათელ-სცა მათ სახელითა მამისაჲთა და ძისათა და სულისა წმიდისაჲთა და შეიყვანნა ტაძრად და აზიარნა საიდუმლოთა ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისათა. და თაყუანის-სცეს და შეემთხჳნეს წმიდათა თავთა მოციქულთა. და ხვალისა დღე შეიმოსეს სამოსელი სამკუდროჲ და განვიდეს ადგილსა მას, რომელსა ბრძანებულ იყო წარკუეთად თავთა მათთა, და სიხარულით მოელოდეს სიკუდილსა, აღბეჭდულნი წმიდისა ნათლის-ღებისა მიერ.

ხოლო ზაბილო ხედვიდა რაჲ ამას, აღიძრა გონებითა და ტიროდა ფრიად, რამეთუ, ვითარცა ცხოვართა, თავნი თჳსნი მიეპყრნეს სიკუდიდ.

წარვიდა და შევიდა წინაშე მეფისა და გამოითხოვნა იგინი. ხოლო მეფემან მიჰმადლა ზაბილოს სიცოცხლე მათი. და მან განუტევნა და წარგზავნნა მშჳდობით ქუეყანად მათდა ხოლო იგინი ევედრნეს ზაბილოს, რაჲთა წარჰყვეს მათ თანა და მისცეს ერსა მათსა ნათელი ქრისტეანობისაჲ.

ხოლო მან ისმინა ვედრებაჲ მათი, და ითხოვნა პაპაჲსგან მღდელნი და წარვიდა მათ თანა ქუეყანად მათა. და ვითარცა მიიწინეს მახლობელად, ეუწყა ერთა მათ ყოველი იგი ყოფილი და ვითარმედ მთავარნი იგი მათნი ცოცხლებით მოვლენ. შეკრბეს ყოველნი იგი სამთავრონი ერთად და მოეგებნეს სიხარულით მდინარესა ზედა დიდსა ღადამარასა. და განყვეს მთავართა მათ ერი იგი იმიერ და ამიერ, და აკურთხეს მღდელთა წყალი იგი, და შთაჴდა ყოველი იგი ერი და განიბანებოდეს და აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, და დაასხმიდეს მღდელნი ჴელთა მათთა და ნათელ-სცემდეს სახელითა მამისათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისათა ათ დღე. და აღჰმართნეს კარავნი და შეწირეს უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და აზიარნეს ყოველნი საიდუმლოთა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა.

ხოლო ზაბილო დაუტევნა მღდელნი იგი მათ თანა-ვე, რათა ასწაონ სარწმუნოება ჭეშმარიტი და სჯული და წესი ქრისტეანობისა, და თჳთ წარმოვიდა ჰრომედ-ვე ფრიადითა ნიჭითა განმდიდრებული მათ მიერ. ამისა შემდგომად განიზრახა გულსა თჳსსა და თქუა: წარვიდე იერუსალემდ და ვაჴმარო სიმდიდრე ესე ჩემი წმიდათა მათ გლახაკთა იერუსალემისათა.

და შე-რაჲ-ვიდა იერუსალემდ, თაყუანის-სცა განმაცხოველებელსა ცხორებისა საფლავსა და წმიდათა მათ ადგილთა და ფრიადი სიმდიდრე განუყო გლახაკთა. და იხილა, რამეთუ მეცნიერი იგი მისი ყრმა რომელი დითურთ თჳსით წარმოვიდა ქუეყანით მისით კაბადუკიით იერუსალემდ, რამეთუ პატრიაქ ქმნილ იყო. და ფრიადი სიყუარული აჩუენა ზაბილოს და მეგობარ მისა იქმნა.

და ესე რაჲ ესრეთ განეგებოდა, დღესა ერთსა ჰრქუა სარრა ბეთლემელმან პატრიაქსა: ესე ზაბილო, განთქუმული ბრძოლათა შინა და უფროჲს სიბრძნითა და ღმრთის-მოშიშებითა. რომელმან ერნი იგი ურიცხუნი ბრანგთანი, ნათესავნი დიდნი, მიუძღუანნა ღმერთსა სარწმუნოებისა მიერ და ნათლის-ღებისა, ჯერ-არს, რათა მისცე და ესე შენი სოსანა ცოლად მისსა, (რამეთუ ესე იყო სახელი მისი), და წარიყვანოს და წარვიდეს ქალაქად თჳსად. რომელი-იგი გულს-მოდგინედ ისმინა პატრიაქმან და მისცა სიხარულით და თჳსი ცოლად ზაბილოს და წარგზავნა ქუეყანად თჳსად კაბადუკიად, რომელთაგან იშვა მხოლოდ ღირსი და ყოვლად ნეტარი ნინო - ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი და სათნოჲ ღმრთისა. და ვითარცა იქმნა იგი ათორმეტის წლის, შეითქუნეს მშობელნი მისნი და განყიდეს ყოველი მონაგები მათი და წარვიდეს იერუსალემდ მხოლოდ ასულისა ერთისა თანა ნეტარისა ნინოჲსა და მუნ განუყვეს ყოველი სიმდიდრე მათი.

ხოლო ზაბილო დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და იჯმნა მეუღლისაგან თჳსისა, და შეიტკბო ასული თჳსი და სახედ ცუართა წჳმისათა დამოადინნა ცრემლნი ზედა პირსა მისსა და ეტყოდა მას: შვილო, აჰა ესერა დღეს ობოლ იქმნები ჩემგან, რამეთუ დაგიტევებ და განგეშორები. ხოლო შეგვედრებ შენ მამასა მას ზეცათასა და მზრდელსა ყოველთასა ღმერთსა, რომელი-იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა. დაჰნერგე გულსა შენსა სამარადისოდ შიში მისი და სიყუარული და ჰბაძევდ ქცევასა ღირსთა მათ მენელსაცხებლეთა დედათასა და დათა ლაზარესთასა.

და ესრეთ რაჲ სცხონდებოდი, ყოველი რაოდენი ითხოვო, მოიღო ღმრთისაგან. და მისცა უკუანაჲსკნელი ამბორის-ყოფაჲ.

ხოლო ზაბილო, ამღებელმან შურსა ელიაჲსსა და იოანესსა, ყოვლითურთ სრულიად ჯმნილმან სოფლისაგან, განვლო იორდანე და უდაბნოდ განვიდა,მხოლოჲ მხოლოსა ღმერთსა შეუდგა და ჰმსახურებდა, რომლისა არღარა ვინ უწყის კაცთაგანმან აქამომდე.

ხოლო პატრიაქმან და თჳსი სოსანა მისცა მსახურად დედათა უძლურთა, ვითარცა თჳთ ინება მან, და ესრეთ აღესრულა სათნოდ ღმრთისა.

ხოლო დისწული თჳსი, ნეტარი ნინო, შეჰვედრა მორწმუნესა და ღმრთის-მოშიშსა დედაკაცსა, რომელი მარადის ჰმსახურებდა წმიდასა აღსადგომელსა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. მის თანა-ვე ჰმსახურებდა ღირსი ნინო და ისწავლიდა მისგან, რამეთუ კეთილად მეცნიერ იყო იგი ჴსნისა ჩუენისათჳს აღსრულებულთა განგებულებათა მაცხოვრისათა და მიუთხრობდა ანგელოზისა მიერ ხარებასა, ქალწულისაგან შობასა, იოანეს მიერ იორდანესა შინა ნათლის-ღებასა და ყოველთა მათთჳს სასწაულთა ურიცხუთა, რომელნი აღასრულნა, და კუალად შურითა ჰურიათა მიერ შეპყრობასა და ნებსით ვნებასა და ჯუარ-ცუმასა და დაფლვასა და მესამესა დღესა აღდგომასა. ხოლო იგი წადიერებით ისმენდა და საწურთელ მისა აქუნდეს დღე და ღამე.

ამისა შემდგომად ჰკითხვიდა-ვე ნეტარი ნინო სამოსელთათჳს უფლისათა, რომელნი ჯუარ-ცუმასა განიყვნეს და სუდარისათჳს და ტილოთა, რომელნი საფლავსა უფლისასა იპოვნეს, და კუალად ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათჳს. ხოლო იგი მიუგებდა, ვითარმედ: კუართი საუფლოჲ, რომელსა ზედა წილ-იგდეს, ხუდა წილით ჰურიათა მცხეთელთა, ხოლო ტილონი და სუდარი მიიხუნეს პეტრე და მენელსაცხებლეთა დედათა, ხოლო ჯუარი და სხუანი, რაოდენნი-რაჲ ნებსით ვნებასა მას მაცხოვრისასა მსახურ ექმნნეს ჴორცთა მათ საუფლოთა, შურითა განბოროტებულთა მათ ჰურიათა დაფარნეს მიწასა.

კუალად-ცა ჰკითხვიდა ღირსი ნინო სამოსლისა მისთჳს მაცხოვრისა და ქალაქისათჳს მცხეთისა. ხოლო იგი მიუგებდა, ვითარმედ: ქუეყანაჲ არს ჩრდილოსა დიდი, სამკჳდრებელი წარმართთა შორის პართთა და ოვსეთისა, და შორის ზღჳსა და სპარსეთისა, და სახლ მათდა არს სამეუფო ქალაქი მცხეთაჲ.

ხოლო ნეტარმან ნინო ისწავა რაჲ ყოველი ზედა-მიწევნით, აღიპყრნა ჴელნი ზეცად და ჰმადლობდა ყოვლად-ძლიერსა და ყოვლისა განმგებელსა ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა დედოფალსა ღმრთის-მშობელსა, რომლისა ხატი მოეგო სურვილით და წინაშე მისსა მდგომარე სენაკსა შინა თჳსსა მარადის განკრძალულ იყო ლოცვასა და ვედრებასა.

ხოლო ჩუენ აქა ვყოთ დასაბამი სიტყჳსაჲ, მაუწყებელი ჴსნისა და ცხორებისა ჩუენისა, რამეთუ, ვითარცა წერილ არს, შემდგომად ამაღლებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა და მოვლინებითა სულისა წმიდისათა წმიდათა მოციქულთა ზედა და განყოფითა ენათაჲთა მსგავსად-ვე ენისა მოცემულისა, წილ-ხუდა იგი-ვე ქუეყანაჲ თჳთოეულსა და ქადაგებდეს სიტყუასა ჭეშმარიტებისასა ყოველთა ქალაქთა და სოფელთა. ხოლო წმიდასა იოანეს, მახარებელსა და ღმრთის-მეტყუელსა, ეგრეთ-ვე სამ-გზის წილ-გდებითა ხუდა კერძო ეფესოჲსაჲ, ქუეყანა ასიისაჲ, და აწუევდეს წმიდანი მოციქულნი წარსლვად ქადაგებასა მას მსგავსად-ვე მათსა, ხოლო იგი მიზეზ-ჰყოფდა არა-ფლობად განშორებისა ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობელისაგან, არამედ ჰმსახურებდა მას სახლსა შინა თჳსსა - სიონს.

ამისა შემდგომად ჰრქუა მას წმიდამან დედოფალმან, მადლითა ქრისტესითა დედამან მისმან: არა ჯერ-მიჩნს, შვილო, რათა მოყუასნი და ძმანი შენნი განვიდენ ქადაგებად სახელსა ქრისტეს, ძისა და ღმრთისა ჩემისასა, და მოიმოწაფნენ წარმართნი და შენ უქმად სდგე ჩემისა ოდენ მოღუაწებისათჳს. და კუალად განყოფასა შენსა ჩემგან იჭუეულ ვარ, ნუუკუე არა სათნო იყოს უფლისა, რომელმან გჳბრძანა ერთად ყოფა. აწ უკუე წარვედ შენ-ცა ქუეყანასა მას, რომელი წილ-გხუდა, და მოვიდე მე-ცა შენ თანა, რათა ორი-ვე სრულ იქმნას: შენი-ცა ქადაგებაჲ და კუალად ჩემგან განუშორებელობაჲ.

ესრეთ რაჲ უბრძანა საყუარელსა მას, და წარემართა მის თანასლვად და ქადაგებად, და მაგდანელი მარიამ და სხუანი მენელსაცხებლენი მათ თანა. და ვითარ ვიდოდეს სამ დღე ოდენ, მაშინ გამოუჩნდა მაცხოვარი და უბრძანა საყუარელისა მისთჳს წარსლვაჲ ქადაგებად, და მენელსაცხებლეთა მათ მის თანა, თანა-შემწედ და მოღუაწედ მისა.

ხოლო ყოვლად-წმიდასა დედასა მისსა ჰრქუა: არა მნებავს ქადაგებად წარსლვაჲ შენი, არამედ წარვედ შენ სახიდ შენდა სიონდ, რამეთუ ნაწილ შენდა არიან ადვილ მოსაქცეველნი ერნი წარმართნი და ქუეყანაჲ მათი. ხოლო აღ-რაჲ-ესრულნენ ქუეყანისა ესე ჟამნი დღეთა შენთანი, არა ხოლო იოანე, არამედ ყოველნი მოციქულნი კიდით ქუეყანისაჲთ შემოვკრიბნე შენდა და მე თავადი მოვიდე წარყვანებად სულისა შენისა, რომელი-იგი აღუსრულა, ვითარცა აღუთქუა. ხოლო ვინა მიიწია ყოვლად-წმიდაჲ იგი, აკურთხა ქუეყანაჲ იგი სლვითა თჳსითა და კუალად იერუსალემდ მოიქცა. და იყოფებოდა სახლსა მას იოანესსა სიონს  შინა. და იყო მოქალაქობაჲ მისი ყოვლად-საკჳრველ და უაღრეს ბუნებათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა ქუეყანასა ზედა.

ხოლო განვიდა რაჲ სოფლისა ამისგან დიდებულითა მით მიცვალებითა, და აღვიდა სუფევად ძისა მისისა თანა. ამისა შემდგომად წელთა მრავალთა შორის გარდასლვისა მოხედვა ყო ზეცით წყალობით ყოვლად-სახიერმან დედოფალმან და მოიჴსენა უფლისა მიერ და ძისა თჳსისა წილ-ხუდომილი იგი მისდა ქუეყანა და ნათესავი ჩუენი, რამეთუ ნაწილ მისა ჩუენ ვართ, ნათესავნი ქართველთანი, და ნეტარ ვართ ჩუენ და სამ ნეტარ. რამეთუ ნაწილ მისა ვიწოდენით. და იგი არს შემდგომად ღმრთისა მჴსნელი და განმათავისეფლებელი ჩუენი მწარისა მისგან მონებისა და სრულიადისა ტყუეობისა მთავრისა მის ბნელისა.

აწ კუალად აღვიდეთ, სადა-იგი პირველ დაუტევეთ სიტყუაჲ, რამეთუ ვითარცა ღირსი ნინო ილოცვიდა დღე და ღამე მარხვითა და მღჳძარებითა და დაუცხრომელითა ვედრებითა. მდგომარე წინაშე ხატსა მას ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისასა, დღესა ერთსა, ჟამსა მეექუსესა, რეცა აღტაცებულ იქმნა და იყო მდგომარე სიონს შინა წინაშე სენაკსა მას წმიდისა დედოფლისასა, რომელსა შინა მკჳდრ იყო. იყო რაჲ ქუეყანასა ზედა და ზედა კერძო ცხედარსა მისსა იყო ვაზი რტო-გარდაფენილი.

გამოუჩნდა ყოვლად-წმიდაჲ იგი ღირსსა ნინოს და ჰრქუა: აჰა ესერა წარგავლინებ შენ ქადაგად ნათესავთა მიმართ უცხოთა, ნაწილსა ჩემსა ქუეყანასა ჩრდილოჲსასა, ერისა მიმართ ქართველთაჲსა, წარვედ სიმჴნით და უშიშად და უქადაგე ჭეშმარიტებაჲ.

ხოლო მან, შეძრწუნებელმან ხილვისა მისგან, მიუგო: დედოფალო, ვითარ შესაძლებელ არს ეგე ჩემ მიერ, რამეთუ მე დედაკაცი ვარ უცხოჲ, უნდოჲ, უსწავლელი, ანუ რაჲ იყოს სასწაულად და წინამძღურად საქმისა მაგის?

მაშინ წმიდამან დედოფალმან მიყო ჴელი ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფსა მას რტოსა ვენაჴისასა და მოჰკუეთა მისგან და შექმნა ჯუარის სახედ და მისცა იგი ჴელთა ნინოჲსთა, და ჰრქუა: ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებათა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგებაჲ შენი, და თანა-შემწე გეყო და არა დაგიტეო შენ.

ამისა შემდგომად მოეგო რაჲ თავად თჳსად ნეტარი იგი. იხილა ჴელთა შინა თჳსთა, რამეთუ აქუნდა ჯუარი იგი ვაზისაჲ, და შეძრწუნებული და განკჳრვებული ცრემლით ადიდებდა ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა, და შეზღუდვილსა სარწმუნოებითა და სასოებითა კრძალულად მარადის მის შორის ეპყრა ჯუარი იგი წმიდაჲ. ესე ყოველი მიუთხრა დედის ძმასა თჳსსა, წმიდასა პატრიაქსა, ნეტარმან ნინო.

ხოლო იგი, განკრთომილი დიდებულსა მას ზედა სახილავსა, ჰმადლობდა  ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა დედოფალსა ღმრთის-მშობელსა. მათ დღეთა შინა მოვიდა ვინმე დედაკაცი შეურაცხილთაგანი ქალაქით ეფესოჲთ თაყუანის-ცემად წმიდისა აღსადგომელ[ი]სა და განყოფად ქველის-საქმისა. და ვითარცა მოილოცნა წმიდანი იგი ადგილნი, კუალად წარემართა სახიდ თჳსა. მაშინ ევედრა პატრიაქსა ღირსი ნინო, რაჲთა წარგზავნოს მის თანა გზასა მას, რომელსა-ცა უფალი მიუძღუეს.

ხოლო წმიდამან პატრიაქმან, ძმამან დედისა ნინოსმან, მიიყვანა იგი და დაადგინა აღსავალსა წინაშე საკურთხეველისასა და დაასხნა წმიდანი ჴელნი მისნი მჴართა ზედა მისთა, ილოცვიდა და იტყოდა: უფალო ღმერთო, შემოქმედო ყოველთა დაბადებულთა, ხილულთა და უხილავთაო, და მფლობელო ყოველთა საუკუნეთაო. რომლისა ჴელთა შინა არს ყოველი სული, შენ შეგვედრებ ობოლსა ამას დისწულსა ჩემსა და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა და მახარებელად წმიდისა აღდგომისა შენისა, სადა-ცა ჯერ-იჩინოს შენმან სახიერებამან, წარუძეღუ და ექმენ კეთილ თანა-მოგზაურ, მცველ და მფარველ ყოველთაგან სივერაგეთა მტერისათა, შეზღუდე ესე წმიდითა სულითა შენითა, რაჲთა უშიშად ვიდოდის შორის ასპიტთა და იქედნეთა და მიუთხრობდეს ჭეშმარიტებასა ღმრთეებისა შენისასა, რამეთუ დიდებულ ხარ უკუნისამდე.

და შენ, ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღმრთის-მშობელო, სასოო ყოველთა შენდა შევედრებულთაო, რომელი-ესე გამოირჩიე მსახურად დიდებისა შენისა, მარადის გარე-შეიცევ ოხათა შენთა საფარველითა და წარუძეღუ, სადა-იგი ჯერ-გიჩნს, რამეთუ აჰა ესერა ბრძანებისაებრ შენისა წარვავლინებ მინდობითა ურიცხუთა წყალობათა შენთაჲთა.

და ვითარ მოიღო პატრიაქისაგან კურთხევაჲ ღირსმან ნინო, იჯმნა  სულიერისა მისგან დედისა თჳსისა და წარმოემართა დედაკაცისა მის  თანა ეფესელისა. და ვითარცა მოვიდა სახედ მისა, შეემთხჳა მუნ დედაკაცსა  ვისმე, პატიოსანსა და წარჩინებულსა, სახელით რიფსიმეს, რომელსა  სუროდა სარწმუნოებისათჳს ქრისტესისა და წმიდისა ნათლის-ღებისა.

 იწყო სწავლად მისა ნეტარმან ნინო და წარმოუთხრობდა განგებულებათათჳს  მაცხოვრისათა, ჴსნისა ჩუენისათჳს აღსრულებულთა და კუალად  მეორედ მოსლვისა მისისათჳს დიდებით და მიცემად სასუფეველსა  აღმსარებელთა სახელისა მისისათა.

 მაშინ პატიოსანმან დედაკაცმან, ვითარცა ქუეყანამან კეთილმან,  შეიწყნარნა თესლნი იგი ნინოს სიტყუათანი, და ნათელ-იღო მღდელისა  მიერ სახელითა მამისათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა სხუათა  თანა ერგასისთა სახლისა მისისათა. და წარიყვანა მის თანა ღირსი ნინო  და იყოფებოდა ორ წელიწად სახლსა შინა მისსა მის თანა და კეთილად  ჰმოძღურიდა და ასწავებდა მცნებათა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ  ქრისტესთა, რომლისა სახელისათჳს იქმნა სივლტოლაჲ რიფსიმესი საბერძნეთით.

 და გაიანე, გამზრდელი მისი, და სხუანი იგი ერგასისნი სულნი  მის თანა მორწმუნენი წარმოიყვანნა და მოჰმართა არეთა სომხითისათა.

 ხოლო აღმოვიდა ღირსი ნინო-ცა მის თანა. და ვითარცა მოიწინეს  მახლობელად სამოთხესა თრდატ მეფისასა, დაადგრეს მუნ ჟამ რაოდენ-მე.

 ხოლო წმიდაჲ რიფსიმე და მისთანანი იგი იწამნეს სახელისათჳს ქრისტესისა  თრდატის მიერ და გჳრგჳნ-შემოსილნი ღირს იქმნნეს სასუფეველსა.

ხოლო განგებითა ზეგარდამოჲთა დაეფარა ნეტარი ნინო უხილავად და ყოვლად მიუახლებელად მდევართაგან და ხედვიდა სიმრავლესა ანგელოზთასა, წმიდათა მათ მოწამეთა ზედა მოსრულად და წმიდათა სულთა მათთა ზეცად დიდებით აღმყვანებელად. მაშინ დავარდა ქუეყანად, ევედრებოდა ღმერთსა და იტყოდა: უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ დამიტევებ მე, მჴევალსა შენსა, შორის მჴეცთა ამათ მძჳნვარეთა და კაცთა, მსგავსთა იქედნეთა და ასპიტთასა. მაშინ იყო ჴმაჲ მისა მიმართ, რომელი ეტყოდა: აღდეგ, ვიდოდე აღმოსავალით, სადა-იგი სამკალი ფრიად არს, რომელი-ცა მოიმკო და რომლისათჳს დაცვულ იქმენ და დაცვულ  იქმნა.

 მაშინ აღდგა და წარმოვიდა ნეტარი ნინო და ვითარცა მოვიდა  ოლოპოროთა, დაიზამთრა მუნ. და მო-რაჲ-იწია ზაფხული, აღმოვიდა მთათა  ჯავახეთისათა და მიემთხჳა ტბასა, რომელსა ეწოდების ფარავნაჲ, და  მუნ დაადგრა ორ დღე. და მოიღო საზრდელი მეთევზურთაგან და განძლიერდა,  და ადიდებდა ღმერთსა. კუალად იყვნეს მათ-ვე ადგილთა მწყემსნი  ცხოვართანი და მემროწლენი ძროხათანი, რომელნი არვეობდეს მთათა  მათ ზედა სამწყსოთა მათთა. ჰკითხვიდა მათ ღირსი ნინო ვინაობასა  და სადაჲთობასა. ხოლო მათ მიუგეს: რომელნი-მე ელირგნით ვართ  და რომელნი-მე ქინძარელნი, სხუანი საფურცლით და რომელნი-მე  ქალაქისა დიდისა მცხეთისანი.

 ხოლო წმიდამან მიხედნა, ვითარ ჟამსა ზაფხულისასა სავსე იყვნეს  თოვლითა მთანი იგი ჩრდილოჲსანი, განკჳრვებული ღაღადებდა ღმრთისა  მიმართ და ილოცვიდა. და მცირედ მიწვა ქუეყანასა ზედა, რათა განისუენოს.

 და ვითარ მიეძინა, წარმოუდგა კაცი, ბრწყინვალე ხილვითა და შუენიერი  ჰასაკითა, და მისცა წიგნი დაბეჭდული და ჰრქუა: აღდეგ და მიართუ  წიგნი ესე მეფესა წარმართთასა მცხეთას, რამეთუ ამისთჳს მოივლინე.

 ხოლო მან ცრემლით მიუგო: უფალო, მე დედაკაცი ვარ უცხო, ვიდრე  ვიდე უცხოთა ნათესავთა თანა? მაშინ განჴსნა წიგნი იგი, რომლისა თავად  წერილ იყო სახელი იესუჲსი ჰრომაელებრ: სადა-ცა იქადაგოს სახარებაჲ  ესე, მუნ-ცა ითქუმოდის დედაკაცი ესე, რამეთუ არა არს მამაკაცება  და დედაკაწება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ასწავებდით მათ, რამეთუ ნათელი გამობრწყინვებად არს მათდა. და აქამომდე იყო სახილავი ესე.

არა ჰრქუა, ვითარცა-იგი პირველად მოციქულთა, ვითარმედ: წარგადგინნენ თქუენ წინაშე მეფეთა და მთავართა საწამებელად და გტანჯვიდენ თქუენ და მოგწყუედდენ და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი. არარაჲ ესევითარი ჰრქუა, რამეთუ წუთ-ღა დედაკაცი იყო უცხოჲ და მხოლოჲ მხოლოდ შემტკბობელი მჴურვალისა სარწმუნოებისა და საღმრთოჲსა სიყუარულისაჲ, არამედ ვითარცა-იგი უბრძანა მარიამ მაგდანელსა: წარვედ, ახარე ძმათა ჩემთა. თჳთ თავადმან, ყოვლისა  წინაჲსწარ განმგებელმან და წინაჲსწარ მცნობელმან, წინაჲსწარ-ვე განმზადნა გულნი  ერთა მათ წარმართთანი შემწყნარებელად საღმრთოთა სიტყუათა  თესლსა და გამომღებელად ნაყოფთა, რომელნი-იგი, ვითარცა ცხოვარნი  მწყემსსა, ეგრეთ შედგომად იყვნეს ქადაგებათა და სწავლათა ღირსისა  ნინოჲსთა, რომელი სასწაულთა მათ მიერ დიდებულთა იქმნა წყარო  ნიშთა და მადლთა.

 და ვითარცა განიღჳძა ჩუენებისა მისგან, აღდგა და აღიპყრნა ჴელნი  ზეცად მიმართ და მყუარ ჟამ ილოცვიდა. და კუალად ცრემლითა  მჴურვალითა ევედრებოდა და შეურდებოდა შესავედრებელსა მას ყოველთა  მორწმუნეთასა, ყოვლად-წმიდასა დედოფალსა ღმრთის-მშობელსა,  და იტყოდა: ჵ ყოვლად-ქებულო და დიდებულო და ყოვლად-საგალობელო  დედაო ღმრთისაო, რომელმან უხრწნელებით ჰშევ, ცხორებად ჩუენდა მოსრული წმიდაჲ იგი წმიდათაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, შეიწირე ვედრებაჲ  უღირსისა მონისა და მჴევლისა შენისა, მოიხილე ჩემ ზედა საფარველითა  მადლისა და მეოხებისა შენისაჲთა და შემწე და ჴელის-ამპყრობელ  ექმენ უძლურებასა ჩემსა. და წარდევნენ და აოტენ ბოროტნი იგი მჴეცნი,  ხილულნი და უხილავნი. და ყოველთა-ვე განსაცდელთაგან დამიცევ და  ყოველთა საბრჴეთა და საცთურთა მტერისათა უვნებელად თანა-წარმჴადე,  რომელი-ეგე ხარ სასოჲ და სიმტკიცე, ზღუდე და მცველი ყოველთა  შენდა შევედრებულთა, რამეთუ აჰა ესერა ბრძანებისაებრ ძისა შენისა  და ღმრთისა ყოველთაჲსა, ვითარცა შენ სათნო იყავ, მინდობითა ოხათა  შენთაჲთა წარვემართები უშიშითა და მტკიცითა გონებითა ქადაგებად სახელსა  მისსა წმიდასა ნათესავსა შორის წარმართთასა. და ვითარცა-იგი  განაგებდ, ჰმოძღურიდ და ასწავებდ წმიდათა მოციქულთა ქადაგებასა  მას ჭეშმარიტებისასა, და მათ თანა წმიდანი-ცა იგი მენელსაცხებლენი  დედანი წარავლინენ მსახურად, ქადაგად და მოციქულად, წარმიძეღუ მე-ცა  და მასწავე სიტყუაჲ ჯეროვანი და საქმე უმჯობესი და მოხედენ და შეიწყალე ერი განწირული, რომლისათჳს დასთხია პატიოსანი სისხლი თჳსი ქრისტემან, ძემან შენმან და ღმერთმან.

და ვითარცა სრულ ყო ლოცვაჲ, მყის განათლდა გონებაჲ მისი, და ნათელი და ბრწყინვალებაჲ მიუთხრობელი გარე-შეემოსა მას მოფენითა მის ზედა მადლისაჲთა ყოვლად-წმიდისა ქალწულისა მიერ და დედისა ღმრთისა.

აღდგა და წარემართა შეჭურვილი მის მიერ და იწყო სლვად. მიემთხჳა კეთილთა მოგზაურთა და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, და მიიწია ქალაქად ურბნისად. იხილა მას შინა ერი უცხოჲ, უცხოთა ღმერთთა  მსახურნი, რომელნი ცეცხლსა და ქვათა და ძელთა თაყუანის-სცემდეს.

 მივიდა ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა, რამეთუ ებრაული და  ბერძული წიგნი და ენაჲ კეთილად ესწავა. და დაყვნა მუნ თჳსა ერთისა  ჟამნი და განიცდიდა ძალსა მის ქუეყანისასა.

 ამისა შემდგომად დღესა ერთსა წარემართნეს სიმრავლენი ერთანი  ქალაქით ურბნისით ქალაქად სამეუფოდ მცხეთად თაყუანის ცემად  ღმრთისა მათისა არმაზისა და კუალად შეძინებისა და ვაჭრობისა. წარვიდა  მათ თანა ნეტარი-ცა ნინო და, ვითარცა მიიწია ქალაქად მცხეთად,  დადგა წიაღ კერძო ჴიდისა და ხედვიდა ერისა მის სიმრავლესა, რომელნი  დაბნელებულ იყვნეს საცთურითა მით კერპთ-მსახურებისაჲთა; და ცრემლოოდა ცთომილებისათჳს მათისა და წარწყმედისათჳს სულთა მათთაჲსა.

 და ვითარცა იყო ხვალისა დღე, დასცეს საყჳრსა და აღიძრა სიმრავლე  ერისაჲ ურიცხჳ, ფერად-ფერად შემოსილნი, და გამოვიდოდეს ქალაქით.

 შემდგომად მცირედისა იწყო ერმან მორიდებად გზისაგან, და გამოვიდა  დედოფალი ნანა, და შეამკუნეს ფოლოცნი თჳთო სახითა სამოსლითა  ყუავილთა თანა და სულნელთა. ამისა შემდგომად გამოვიდა მეფე  მირიან ებნითა და ქნარითა და ჴმითა ნესტჳსაჲთა და მრავლითა სახიობითა.

 ხოლო ღირსმან ნინო ჰკითხა დედაკაცსა ჰურიასა, ვითარმედ: რაჲ  არს ესე, ანუ რაჲ ეგულების ერსა ამას? ხოლო მან მიუგო, ვითარმედ:  ღმრთისა მათისა თაყუანის-ცემად აღვლენ, რომელი-იგი არარაჲ არს  სხუაჲ, გარნა კერპი უსულოჲ.

 და ვითარცა აღივსნეს მთანი იგი სიმრავლითა ერთაჲთა, აღვიდა  ნეტარი-ცა ნინო მათ თანა და ჰხედვიდა საკჳრველებასა მას მეფეთა და  ერისასა. და კუალად საზარელად საოცრებასა მას კერპისასა განიცდიდა,  რამეთუ დგა კაცი ერთი სპილენძისაჲ და ემოსა ტანსა მისსა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ  და თავსა მისსა ედგა ჩაფხუტი ოქროჲსაჲ და სამჴარნი მისნი ოქროჲსანი და თუალად მისსა აქუნდეს ქვაჲ ბივრიტი და იაკინთოჲ, ხოლო ჴელსა აქუნდა ჴრმალი, რომელი, ვითარცა ელვაჲ, საზარელად იქცეოდა ჴელსა შინა მისსა, რეცა რომელი შეეხებინ, სიკუდილად წარიწირის თავი და განიკითხავნ და იტყჳნ თჳთოეული თავსა შორის თჳსსა: ნუუკუე დავაკლე ერთ-გულებითა მსახურებასა, ანუ სცთა სადა-მე სიტყუად ებრაელსა თანა, ანუ სმენასა, და ხუდა სადა-მე მზისასა ღმრთად, ანუ მოიგონა სადა-მე დიდი ღმერთი ზეცისაჲ, და ბიწი რაჲ პოოს მას თანა, სცეს მას მახჳლი იგი. ამისთჳს შიშით და ძრწოლით მიეახლებოდა მას მეფე და ყოველი ერი. ესრეთ მანქანებდა მის შორის მყოფი იგი ეშმაკი და აცთუნებდა  მათ. ხოლო მარჯუენით მისა უდგა კაცი ოქროჲსაჲ და სახელი  მისი გაცი, და კუალად მარცხენით მისა დგა კაცი ვეცხლისაჲ, და სახელი  მისი გაცა.

 იხილა რაჲ ესე ყოველი ნეტარმან ნინო, სულთ-ითქუმიდა და ფრიად  ცრემლოოდა, ვითარ სრულიად დაბრმობილნი და დაბნელებულნი მტერისა  მიერ, ცოცხლივ შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა მეფენი და მთავარნი ესოდენსა  თანა სიმრავლესა, რომელნი ჴელითა კაცთაჲთა ქმნილთა უსულოთა  ღმრთად თაყუანის-სცემდეს ყოვლად უცხონი შემოქმედისაგან. წარვიდა  უკუე მცირედ განშორებულად და აღიპყრნა ჴელნი ზეცად და ცრემლით  ევედრებოდა და იტყოდა: უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო,  ღმერთო და შემოქმედო ყოველთა დაბადებულთაო, რომელი ცხორებისათჳს  ჩუენისა კაც იქმენ და ხატი მონისაჲ შემოსად არა უღირს-იჩინე,  რაჲთა აცხოვნო, რომელი ჰქმენ ხატად შენდა, და იჴსნა მძლავრებისაგან  სოფლის-მპყრობელისა ბნელისა. მოიხილე აწ-ცა მაღლით სამკჳდრებელით  დიდებისა შენისაჲთ დაბადებულთა შენთა ზედა და იჴსნენ  სიბნელისა მწარისა და ტყუეობისა მტერისა ბოროტისა, რომელსა მხოლოსა  გნებავს ყოველთა ცხორებაჲ და მეცნიერებად ჭეშმარიტებისა მოსლვაჲ.

 ჰე უფალო, ისმინე ვედრებაჲ უღირსისა მონისა და მჴევლისა შენისაჲ,  აჩუენე ძლიერებაჲ შენი ჟამსა ამას და ყავ სასწაულ კეთილ, რაჲთა  იხილონ ერთა ამათ მაცხოვარებაჲ შენი, და შენ მხოლოჲ გიცნან  ღმრთად ჭეშმარიტად და შენდა მხოლოჲსა შეწირონ დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ.

 და ვითარცა სრულ-ყო ლოცვაჲ, ეჰა ძლიერებათა შენთა, ქრისტე,  რამეთუ მეყსეულად გამოჩნდა დასავალით ღრუბელი ბნელი და ქარი  ძლიერი და იქმნეს ქუხილნი სასტიკნი და ჴმანი საზარელნი და მეხის-ტეხანი შესაძრწუნებელნი, რომლისა მიერ მეფე და მთავარნი და ერი იგი, ლტოლვილნი საშინელებისა მისგან, ურთიერთას დასთრგუნვიდეს და ქალაქად თჳთოეული სახიდ თჳსა მირბიოდეს. ხოლო ადგილსა მას საკერპოსა და კერპთა მათ ზედა მოიწეოდა სეტყუაჲ თხრობად განსაკჳრვებელი, რომელი ვითარცა რკინისაჲ ანუ თუ რვალისაჲ ლოდებრ ეკუეთებოდა, ვიდრემდის სრულიად დამუსრნა და დააწულილნა, ვითარცა მტუერნი, და ზღუდენი იგი და შენებულებაჲ ყოველი დაარღჳა, ვიდრემდის ადგილი-ცა იგი მათი უცნაურ საგონებელ იყო მათ ყოველთა მიერ, რომელსა ზედა აწ შენებულ არს ეკლესიაჲ ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისაჲ და მონასტერი ფრიად შუენიერი.

 ხოლო ნეტარი ნინო ჟამსა მას ზეგარდამოჲსა ძალისაგან წარწყმედასა  კერპთასა მდგომარე იყო უშიშად მახლობელად ადგილისა მის, მცირესა  საფარველსა კლდისასა ქუეშე მდგომარე და შესწირვიდა ღმრთისა  ქებასა და მადლობასა.

 ხოლო ვითარცა იქმნა მყუდროება და განწმდა ჰაერი, წარმოვიდა  ღირსი იგი წიაღ კერძო დასავალსა კლდისასა, სადა-იგი პირველ ქალაქი  შენ იყო. და დგა მუნ ხე შუენიერი, რტო-გარდაფენილი, რომელსა ქუეშე  დაადგრა ექუს დღე. და გამოსახა ხესა მას ზედა სასწაული ჯუარისაჲ და  ილოცვიდა მარადის, დღე და ღამე.

 მაშინ გამოვიდა სიმრავლე ქალაქისაჲ ხილვად ადგილისა მის და  ძიებად ღმერთთა მათთა, რომელთა ყოვლად არა ჰპოებდეს. და ვითარცა  ცნობა-მიღებულნი, ურთიერთას განკჳრვებულნი ხედვიდეს და სიცოფისათა  რათმე სიტყუათა ზრახვიდეს, ვითარმედ: მტერ არს ღმრთისა  ჩუენისა არმაზისა ღმერთი ქალდეველთაჲ, და ვითარცა ჩუეულებაჲ არს  სოფლის-მპყრობელთაჲ, ურთიერთას ჰმძლავრობენ, და ესე ყოველი  მის მიერ მოიწია. ამას და ესევითარსა იტყოდეს საკიცხელსა და საბასრობელსა  მოკიცხულნი იგი ეშმაკისაგან მარადის მოკიცხულთა და საბასრობელთა  მათ ღმერთთა მათთა თანა.

 მაშინ მოვიდა ერთი წარჩინებულთა მჴევალთაგანი დედოფლისათაჲ,  სახელით შროშანა, და ვითარცა იხილა ნეტარი ნინო ხეთა მათ ქუეშე,  მოიყვანა თარგმანი, ბერძულ-მეტყუელი დედაკაცი, და ყოველი საქმე მისი  და ვინაობაჲ და მიზეზი მუნ მისლვისაჲ - ყოველი ზედა-მიწევნით ისწავა და კეთილად გულისჴმა-ყო და ფრიადითა ცრემლითა აღვსებული აიძულებდა წარსლვად მის თანა სადედოფლოდ. ხოლო მან არა ინება, არამედ შემდგომად სამისა დღისა შევიდა ქალაქად და მიჰმართა სამოთხესა მეფისასა, და პოვა მუნ მცირე სახლი მცველისაჲ მის სამოთხისაჲ, რომელსა შინა ჯდა დედაკაცი ერთი, სახელით ანასტოს. იხილა რაჲ ღირსი იგი, აღდგა მსწრაფლ და შეიტკბო, ვითარცა მეცნიერი, და დაჰბანნა ფერჴნი და სცხო ზეთი და მოართუა საზრდელი, რომლისა თანა დაადგრა ცხრა თუე.

ხოლო დედაკაცი იგი იყო უშვილო და ფრიად იურვოდა ქმარი მისი.

 ღამესა ერთსა იხილა ნეტარმან ნინო ჩუენებით კაცი ვინმე ბრწყინვალე  ნათლისა და ჰრქუა მას: შევედ სამოთხესა მაგას ხეთა ქუეშე, ადგილსა  ყუავილთასა, და აღიღე მიერ მიწაჲ და აჭამე კაცთა მაგათ, და ესუას ძე.

 და მან ყო ეგრეთ და შემდგომად მცირედისა ესხნეს მათ ძეებ და ასულებ.

 რამეთუ იყო სამოთხესა მას შინა ხე კჳპაროზი, დიდი და ფრიად შუენიერი  და ქუეშე მისა მრავალ-ფერთა ყუავილთა სულნელებაჲ მარადის  იყნოსებოდა, რომელი ყოველთა მიერ განსაკჳრვებელ იყო.

 და კუალად იხილა ღირსმან მან ჩუენებაჲ, რამეთუ მოვიდიან სიმრავლენი  მფრინველთანი და განიბანნიან დიდსა მას შინა მდინარესა  მტკურისასა და აღმოვიდიან სამოთხესა მას და ხესა მას ზედა შემოკრბებოდიან  და ქუეშე მისსა ყუავილთა მათ მოისთულებდიან და რეცა  თუ წმიდისა მის მიმართ ღადაღებდიან.

 ესე ხილვაჲ სამგზის იხილა და მიუთხრა სიდონიას, ასულსა აბიათარისსა,  რომელი-იგი პირველ სარწმუნოებად მოსლვადმდე დედოფლისა  დამოწაფებულ იყო მისდა. და მის თანა შროშანია, რომელი ზემო ვაჴსენეთ  სხუათა თანა შჳდთა დედათა.

 ესე სიდონია სწავლულ იყო სულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა  და კეთილად და ღირსებით მეცნიერ, რამეთუ მამა მისი აბიათარ  მღდელთ-მოძღუარი იყო ჰურიათაჲ. კაცი სიბრძნითა და ფილოსოფოსობითა  შემკული, რომელმან ფრიად იღუაწა ჭეშმარიტებისათჳს ღირსისა  ნინოჲს თანა, რომლისათჳს ქუემორე მიგითხრათ.

 ხოლო ვითარცა წმიდამან ჩუენებაჲ იგი მიუთხრა სიდონიას, მყის  აღძრულმან სულისაგან გარდამოუტევნა მდინარენი ცრემლთანი, მიუგო  და ჰრქუა: ყოვლად-უცხოო და ჩუენ თანა აღზრდილო, შორით მოსრულო  და ჩუენდა მომრთუმელო ზეცისა ნიჭთაო, შენ მიერ ეგულების შემოქმედსა  განათლებაჲ სულთა ჩუენთა და ბნელისაგან უმეცრებისა ნათლად ჭეშმარიტებისა გამოყვანებაჲ, და შენ მიერ იცნან ღმერთი ყოველმან ამან სიმრავლემან წარმართთამან, რომელნი ტყუე-ქმნილ არიან მწარითა მონებითა ეშმაკთაჲთა. ესე ყოველი ვითარცა აღსრულებად იყო შემდგომად მცირედისა კეთილად აღუჴსნა გონიერმან მან დედაკაცმან პირველად-ვე. ხოლო ღირსმან ნინო მადლი შეწირა ყოვლად-სახიერისა ღმრთისა და წარვიდა საყოფლად თჳსად, შორის მაყუალთა მათ, რომელნი მდგომარე იყვნეს სამოთხესა მას მახლობელად კჳპაროზთა მათ საკჳრველთა, რომელნი სახედ ტალავრისა გარდართხმულ იყვნეს და დაჰფარვიდეს მას; და დღე და ღამე ევედრებოდა ღმერთსა, რაჲთა მისცეს მეცნიერებაჲ ღმრთეებისა  მისისა ხატად მისა დაბადებულთა, წარწყმედილთა მტერისა მიერ.

 ხოლო იყო მოქალაქობაჲ მისი და მოღუაწებაჲ ფრიადი და ცრემლითა  და ლოცვითა სამარადისოჲთა სავსე და საწადელ საშუებელ მისსა - სიმრავლე  მარხვისაჲ და კეთილ სამოსელ მისა - სამოსელი ბალნისაჲ და  ცხედარ და სარეცელ განსასუენებელ მისსა - ძაძაჲ მიწასა ზედა დარეცილი.

 ესევითარითა მოღუაწებითა დაადგრა ადგილსა მას, შორის  მაყუალთა, ექუს წელ. ხოლო ვინაჲთგან წარმართნი იგი მკურნალობისა  ჴელოვნებასა უმეცარ იყვნეს და სიმრავლითა სნეულთაჲთა აღსავსე, ამისთჳს-ცა  ურთიერთას მივიდოდეს და სნებისაგან სიმრთელედ შეცვალებისა  მისგან სახესა თჳსთა სნეულთა კურნებისასა ისწავებდეს. ამისთჳს-ცა  კაცისა ვისმე წარჩინებულისა ძე სნეულ იყო და მიეცა მის მიერ ღირსსა ნინოს  რაჲთა წარიყვანოს და იძიოს სხუათაგან სახე კურნებისა მისისაჲ.

 ხოლო ნეტარმან მან ყრმაჲ იგი მიიქუა და წარიყვანა და თჳსსა ცხედარსა  მიაწვინა. და ევედრა ღმერთსა, ყოველთა დამბადებელსა, განჴსნად და  შეცვალებად იგი სნეულებისა მისგან. ხოლო ყოველთა უფალმან ვედრებაჲ  იგი მისი შეისმინა და ყრმასა მას სიმრთელე მიანიჭა. და კუალად  ასული დედაკაცისა ვისი-მე, ვნებული ლოცვითა ღმრთისა მიმართ, განკურნებული  მისცა დედასა მისსა. მიერითგან მრავალთა მიერ განსაკჳრვებელ  იქმნა ღირსი იგი, ვიდრეღა არცა-ღა თუ მეუღლისაგან მეფისა  საქმე ესე დაფარულ იქმნა და ვინაჲთგან იგი-ცა ესე-ვითარითა-ვე ბოროტითა  სენითა შეპყრობილ იყო, მეყსეულად მიავლინა მისა ვედრებით,  რაჲთა მივიდეს მისა. ხოლო ღირსმან მან ფრიადისა მის მდაბლისა გონებისა  მისისაგან სამეუფოჲ იგი ვედრებაჲ არა მიითუალა ხოლო სენთა მიერ  ფიცხელთა იძულებულმან ცოლმან მეფისამან განაგდო ზუაობითი იგი მეფობისა პატივი და თავით თჳსით უცხოსა ვის და მდაბლისა მიისწრაფა, და ითხოვდა კურნებასა. ხოლო ღირსმან მან ნეტარებისამან იგი-ცა თჳსსა მას უნდოსა ცხედარსა მიაწვინა და წამლად განსაკურნებელად ვნებისა მისისა იჴუმია ლოცვაჲ. და ღმერთმან, რომელი შეისმენს ვედრებასა მოშიშთა მისთასა, მიანიჭა მსწრაფლ თხოვაჲ მისი და ყოვლითურთ განკურნებული წარავლინა სახიდ თჳსა. ხოლო დედოფალმან სასყიდლად კურნებისა მოართუა მას, რომელი-იგი მას ღირსად პატივისა შეურაცხა: ოქროჲ და ვეცხლი, სამოსელი და სამკაული და სხუაჲ რაოდენი შეეტყუების ძღუენსა და მისაცემელსა სამეუფოსა.

 ხოლო ღირსმან მან ამათი მიღებაჲ ყოვლად არა თავს-იდვა არამედ ჰრქუა, ვითარმედ: ჩემდა დიდად მისათუალველ არს, უკუეთუ  იცნათ ღმრთის-მსახურებაჲ. და შემოიხუნა შორის საღმრთონი სწავლანი  ვითარნი ჯერ-იყვნეს, და მიუთხრნა ცხორებად ჩუენდა მოსრულისა ღმრთისა  და მაცხოვრისა ქრისტეს განკაცებისა ყოველი განგებულებაჲ, კუალად  ჯუარ-ცუმაჲ და აღდგომაჲ, და ზეცად ამაღლებაჲ. და დაუმტკიცებდა, ვითარმედ  ჭეშმარიტად იგი არს ღმერთი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა  და ზღუათა და ყოველი რაჲ არს მათ შინა, და კუალად მომავალ არს  დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, და ევედრებოდა, რაჲთა ჰრწმენეს  იგი ყოვლითა გულითა და რაჲთა აღაშენოს ეკლესიაჲ სახელსა  ზედა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.

 ესმა რაჲ ესე ყოველი დედოფალსა, ლმობიერ-ქმნილი და განკჳრვებული  სასწაულსა მას ზედა დიდებულსა და ტკბილთა სწავლათა მიერ  ნეტარისა ნინოსთა განათლებული, სახიდ თჳსად მიიქცა. და აუწყა  მეუღლესა თჳსსა მოსწრაფებაჲ იგი კურნებისა და ძალი ღმრთისაჲ მის  რომელსა ქადაგებს უცხო იგი, და ყოველი, რომელი ესმინა მისგან  და ევედრებოდა, რაჲთა იგი მხოლოჲ უწყოდის ღმრთად ჭეშმარიტად.

 ხოლო მეფემან მირიან აქო მეუღლესა თჳსსა ზედა ქმნილი იგი საკჳრველებაჲ  და დაუკჳრდა ფრიად, ხოლო ტაძრისა შენებაჲ არა ინება.

 კუალად სხუასა ჟამსა მცირე ძე მეფისაჲ შეპყრობილ იქმნა ფიცხლად  სენითა ჴურვებისაჲთა, რომლისაჲ უბრძანა დედოფალმან, რაჲთა მიჰგუარონ იგი ღირსსა  ნინოს. და ევედრებოდა განკურნებად მისა. ხოლო  წმიდამან ჩუეულებისაებრნი ლოცვანი და ვედრებანი შეწირნა უფლისა და  ყოვლითურთ განკურნებული მისცა იგი დედასა თჳსსა. ამისა შემდგომად  დაემოწაფა დედოფალი ნანა ღირსსა ნინოს სხუათა თანა წარჩინებულთა მჴევალთა მისთა და მარადის გულს-მოდგინედ ისმენდა სწავლათა და მოძღურებათა მისთა. და ვითარცა სასწაულნი იგი დღითი-დღე აღესრულებოდეს წმიდისა მის მიერ და განითქუმოდეს ურიცხუნი იგი კურნებანი მთავარი ვინმე სპარსი მოვიდა მეფისა, სახელით ხუარაჲ, რომელი-იგი იყო დედის ძმა დედოფლისა. ესე ვნებულ იყო სულისაგან "ბოროტისა და იგუემებოდა ფრიად მრავლით ჟამითგან; და ევედრებოდა დედოფალი ღირსსა ნინოს განკურნებად მისა. ხოლო მეფემან-ცა მიუვლინა რეცა ურწმუნოებით და ორგულებით და ეტყოდა ნეტარსა მას: რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ შენ კურნებათა ამათ? ანუ ხარ შენ ასული არმაზისი  ანუ შვილი ზადენისი და ვინაჲთგან უცხოებით მოხუედ აქა, მოგანიჭეს  შენ ძალი კურნებათაჲ და შეგიწყალეს შენ. რამეთუ დაღაცათუ  ჰაერთა მიერ შეიმუსრნეს, არამედ ცხოველ არიან-ვე. აწ იყავ წინაშე ჩუენსა  პატივ-ცემულ, ვითარცა ერთი მაწოვნებელთაგანი შვილთა ჩუენთასა  და უკუეთუ განჰკურნო მთავარი ესე, ფრიადი სიმდიდრე მიგანიჭოთ შენ.

 და იყო ყოველთა მიერ სახელოან დიდსა ამას ქალაქსა შინა. ხოლო ნეტარმან  ნინო მიუგო და ჰრქუა მეფესა: შენ, მეფე, უკუნისამდე ცხონდი  სახელითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ  ქრისტესითა, რომელი-იგი არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ. და ყოველთა  დაბადებულთაჲ, რომელმან აურაცხელითა მოწყალებითა მისითა  გამოაბრწყინვოს ნათელი გულისჴმის-ყოფისაჲ შენ შორის მეცნიერებად  ღმრთეებისა მისისა, რომელი-იგი მაღალთა შინა მყოფ არს და მდაბალთა  ჰხედავს, რომლისა ჴელთა შინა არს ცხორება და სიკუდილი ყოველთა  ცხოველთაჲ, და ვესავ, რამეთუ ახლოს არს მიახლებაჲ შენი მისსა  განგებულებითა უსაზღვროთა სიბრძნეთა მისთაჲთა. რამეთუ მადლი იგი  რომელი მკჳდრ იყო. მის შორის, იტყოდა პირით მისით, რომელი უკუანაჲსკნელ  აღსრულებად იყო. ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ: მივჰფინო  სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და მონათა და მჴევალთა  ჩემთა ზედა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი და ასულნი თქუენნი  და კმა არს მაუწყებელად მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ,  ოდეს-ესე არა არს მამაკაცება და დედაკაცება, მონება, გინა აზნაურება  რჩევა მამაკაცისა, გინა დედაკაცისა, არამედ რომელი-ცა ჭეშმარიტებით  და ერთ-გულებით ჰმონებდეს უფალსა, მიენიჭების მადლი სულისა  წმიდისა და განუყოფს მადლთა თჳსთა სიმრავლესა მსგავსად ღირსებისაებრ კაცად-კაცადისა, რომელთა ინებონ მოგებად მისა საქმეთა მიერ კეთილთა. ვითარ-იგი ზოგად ქადაგებდეს მოციქულნი და მათ თანა მარიამ მაგდანელი და სხუანი წმიდანი დედანი, და წინაწარმეტყუელებდეს ძენი ჰურიათანი, წმიდანი იგი მოციქულნი ასულთა თანა მათთა, ვითარ-იგი იყვნეს ასულნი ფილიპესნი და სხუანი-ცა.

ხოლო ვითარცა ვთქუთ, ნეტარმან ნინო მიუგო რაჲ პასუხი ჯეროვანი მეფესა, კუალად ეტყოდა-ვე, ვითარმედ: მეფეო, არს ქალაქსა ამას შინა შენსა წმიდაჲ სამოსელი უფლისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესი დაფარულ, და მის მიერ იქმნებიან ძალნი ესე და კურნებანი  ურიცხუნი ყოფად არიან, და განიკურნოს მთავარი-ცა ესე სახელისა მისისა  მიერ წმიდისა.

 ამისა შემდგომად მოიყვანეს მთავარი იგი წინაშე წმიდისა, რომლისა  თანა მოვიდა დედოფალი-ცა სამოთხესა მას შინა ქუეშე კჳპაროზთა  მათ საკჳრველთა, შორის ყუავილოვანსა მას. მაშინ ჰრქუა ნეტარმან  ნინო მთავარსა: უკუეთუ გრწმენეს უფალი იესუ ქრისტე, ვითარმედ  იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, განსთავისუფლდე ვნებისა მაგისგან. ხოლო  მან მიუგო: მრწამს, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ შემძლებელ არს განკურნებაჲ  ჩემდა. მაშინ უბრძანა წმიდამან სამ-გზის თაყუანის-ცემად აღმოსავალით  და აღსარებად სახელსა წმიდისა სამებისასა და მერმე მიქცევად  დასავალით და სამ-გზის თქუმად: ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და ყოველთა  საქმეთა შენთაგან, და შეუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა. და მყის  ივლტოდა მისგან არა-წმიდაჲ იგი სული და განთავისუფლდა ვნებისა მისგან  და დაემოწაფა ნეტარსა ნინოს და იქმნა მორწმუნე ყოვლით სახლეულით  მისით.

 ამისა შემდგომად მცირედნი რაჲ დღენი წარჴდეს, თჳთ თავადი მეფე  განვიდა ნადირობად დღეთა ზაფხულისათა მუხრანით კერძო და მოვლო  სანახები იგი. მიერ აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა, რათა მოიხილოს  კასპი და უფლის-ციხე. მაშინ განგებით, ზეგარდამოჲთა კაცთ-მოყუარისა  მეფისაგან პავლესებრ მოინადირა და მეყსეულად ბნელითა  შეპყრობილ იქმნა და დაცემულ და ვერ შემძლებელ სლვად, რამეთუ  თანა-მონადირენი იგი მისნი მცხინვარესა მას ნათელსა ჰხედვიდეს ჩუეულებისაებრ და  ვიდოდეს, ხოლო მეფე დაშთომილ იქმნა, შეპყრობილი  საკრველითა სიბრმისაჲთა, და ზარ-ტეხილ იქმნა და წარიწირა სასოებაჲ  ცხორებისაჲ. ხოლო ღმერთმან წყალობის-მოყუარემან ცვალა გონებაჲ მისი უმეცრებისაგან მეცნიერებად. განიზრახვიდა თჳსაგან და იტყოდა: აჰა ესერა ვხადე არმაზს და ზადენს და არა ვპოვე ლხინება. აწ შეუვრდე ჯუარ-ცუმულსა მას, რომელსა ქადაგებს უცხოჲ იგი დედაკაცი და ჰყოფს სახელითა მისითა მრავალთა კურნებათა. მეყსეულად სიბნელე გონებისაგან განაგდო, ჴმა-ყო და თქუა: ღმერთო ნინოჲსო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემ ზედა მოხუეული და გამომიბრწყინვე ნათელი, რაჲთა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე შენ.

ესე რაჲ თქუა ყოვლად-სახიერმან მან და მოწყალემან, რომელი  მარადის ეძიებს ღონესა ცხორებისა ჩუენისასა, გამოაბრწყინვა  ნათელი მის შორის და მსწრაფლ სიბნელისა მისგან განთავისუფლდა. მეყსეულად  აღდგა და აღიპყრნა ჴელნი აღმოსავალით, ღაღად-ყო და თქუა:  ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი. შენ ხარ ღმერთი ღმერთთა  და უფალი უფლებათაჲ, რომელმან შეჰქმნენ ცანი და ქუეყანაჲ, შენ აღგიარებ  და შენ თაყუანის-გცემ, რომელმან მიჴსენ ჭირისა ამისგან, და  მრწამს, რამეთუ გინდა ჴსნაჲ ჩემი, აღვიარებ სახელსა შენსა წმიდასა და  თაყუანის-ვსცემ პატიოსანსა ჯუარსა შენსა. ამისა შემდგომად წარმოემართა  სამეუფოდ თჳსად ქალაქად. და ვითარცა მოეახლა, გამოვიდა ყოველი  ერი სიხარულით მიგებებად მისა და მათ თანა დედოფალი ნანა, რამეთუ  ესმინა პირველ მის ზედა მოხუეული იგი სიბნელე, და აწ ხედვიდეს დიდებულსა  მას საკჳრველსა სიხარულითა და სარწმუნოებითა და ბრწყინვალებითა  სახედველთაჲთა ერთბამად შემკულსა და განკჳრვებულნი ადიდებდეს  ღმერთსა ნინოჲსსა.

 და ვითარცა შემოვიდა მეფე პალატად, ჴმა-ყო და თქუა: სადა არს  უცხოჲ იგი დედაკაცი და დედაჲ ჩემი, რამეთუ ღმერთსა, რომელსა იგი  ქადაგებს, იგი არს ჭეშმარიტად მჴსნელი ჩემი. და ჰრქუეს, ვითარმედ:  ილოცავს ჩუეულებისაებრ მაყუალთა მათ შორის. მეყსეულად  ღირსსა მას საკჳრველებისასა და ქადაგსა ჭეშმარიტებისასა ნინოს თანა  მიისწრაფა. აღიარებდა ჴმა-მაღლად და იტყოდა: მრწამს ამიერითგან, მოციქულო  ჭეშმარიტისა ღმრთისაო, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი  რომელსა შენ ჰქადაგებ, და მას ვესავ და მას თაყუანის-ვსცემ. და ევედრა  რათა უჩუენოს სახე ეკლესიისა. ხოლო ახალმან მან ბესელიელ, ხუროთ-მოძღურებისა სიბრძნითა აღვსებულმან და მისისა-ვე მადლისა ღირს-ქმნილმან საღმრთო იგი ტაძარი გამოუსახა. და ვითარ-იგი გამოუსახვიდა, ერნი იგი აშენებდეს. და გასრულდა ტაძარი იგი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისასა, ვითარცა ასწავა ნეტარმან ნინო. და კუალად უბრძანა მეფემან აღშენებად სხუა ტაძარი შორის სამოთხესა მას მისსა სახელსა ზედა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, სადა-იგი მდგომარე იყო კჳპაროზი იგი საკჳრველი, ზედა ყუავილოვანსა მას სულნელსა.

და ვითარცა შურებოდა ყოველი იგი ერი მოსწრაფედ, უბრძანა მოკუეთად ხე იგი შუენიერი კჳპაროზი და ქმნა[დ] სუეტად და აღმართებად  შორის ტაძრისა.

 ამიერითგან აქა მელოდენ სიტყუაჲ ესე და თქუენ ისმინეთ, კეთილნო  მსმენელნო, და უპირატეს წარმოგითხრა უპირატესისა მისთჳს და სასურველისა  და საანჯმნო ვყო ჭეშმარიტებაჲ საქმისა ყოვლად-ჭეშმარიტისა  მისთჳს და საცხორებელისა და თავისა კეთილთასა საწადელისა  თხრობისა. რამეთუ გარდამოჴდა რაჲ ქუეყანად მაღალი იგი წყალობისათჳს  კაცთა ნათესავისა, და შეიმოსა ბუნებაჲ ჩუენი და იქცეოდა ჩუენ  შორის ღმერთი და კაცი ორითა ბუნებითა და აღასრულებდა ნიშთა მათ  უაღრესთა ბუნებისათა ყოველთა მათ შინა ჟამთა ოცდაათცამეტთა  წელთასა. ამისთჳს ყოვლად უკეთურნი იგი და ყოვლად ბორგნეულნი  კრებულნი ჰურიათანი და უფროჲსად მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი  მათნი განიხერხებოდეს და განიპებოდეს შურითა, და ენება დადუმებად  და დაფარვად ყოვლად დაუფარველი იგი, რაჲთა მისცენ დავიწყებასა,  რომელი მაღალ არს და დიდებულ უკუნისამდე.

 ხოლო იყვნეს სამღდელონი ტომნი და წარჩინებულნი ერნი  ჰურიათანი, რომელნი მკჳდრ იყვნეს მცხეთას, რომელთაჲ წეს იყო  წლითი-წლად აღსლვაჲ იერუსალემდ აღსრულებად პასექისა მათ ყოველთა  თანა და სიტყჳს-ყოფად ერთბამად სჯულისათჳს მოსესა, რაჲთა  არა სადაჲთ დაიჴსნას იგი.

 ხოლო ოდეს ჯერ-უჩნდა ღმერთსა და მაცხოვარსა ჩუენსა იესუ  ქრისტესა ჴსნაჲ ჩუენი ვნებითა მით ჯუარისათა, და მოახლებულ იყო  განგებულებაჲ იგი აღსრულებად, უფროჲს აღაბორგებდა ეშმაკი ნების-მყოფელთა  მისთა ჰურიათა, და მიუწერეს ჰურიათა მიმართ მცხეთელთა იერუსალემით, ვითარმედ: კაცისა მის მიერ, რომელსა ჰრქჳან იესუ, განქარდა სჯული მოსესი და დაიჴსნას ყოველნი წესნი ჩუენნი, და კნინ-ღა ყოველი სოფელი შედგომილ არს მისდა. აწ მოვედით და შეგუეწიენით ჩუენ კაცნი ბრძენნი და სჯულის-მეცნიერნი და აღვასრულოთ მცნებაჲ ღმრთისაჲ და მოსესი.

მაშინ გამოარჩიეს ელიოზ მღდელი, რომელი იყო შვილი სამღდელოთა ტომთაჲ, კაცი ბრძენი და მეცნიერი, და სხუანი მის თანა. და წარგზავნნეს მცხეთელთა წოდებასა მას მღდელთ-მოძღუართასა იერუსალემდ.

ხოლო იყო დედაჲ ელიოზისი მოხუცებულ და ღმრთის-მსახურ  დედაკაცი ფრიად ბრძენი და გონიერი. და კუალად იყო ასული მისი, და  ელიოზისი, ქალწული შემკული სათნოებითა და ღმრთის-მოშიშებითა.

 წარჰგზავნიდა რაჲ დედაჲ ძესა თჳსსა, მისცა მოკითხვაჲ, ამცნებდა და  ეტყოდა: შვილო, აჰა ესერა წარხუალ დღესასწაულსა ამას წოდებასა და  წესსა სჯულისასა და მიხუალ იერუსალემდ. განეკრძალე ფრიად და რომელსა-იგი  ზრახვენ ბოროტსა მღდელთ-მოძღუარნი და ფარისეველნი კაცისა  მისთჳს მართლისა, ნუ-მცა შერთულ არს სიტყუა და ცნობაჲ შენი მათ  თანა, რამეთუ იგი არს მოსწავებული წინაწარმეტყუელთაგან და საიდუმლოჲ  დაფარული ჰურიათაგან და წარმართთა, ცხორებაჲ საუკუნოჲ  და კუალად დაჲ იგი მისი ქალწული, ვითარცა მისცემდა მოკითხვასა წარგზავნისასა  ძმასა თჳსსა ელიოზს, ევედრებოდა სურვილითა გულისაჲთა  და ეტყოდა: ძმაო სასურველო, ღირს იქმნები შენ ხილვად კაცისა მის  მართლისა, რომელსა ჰრქჳან იესუ, და ნეტარ ხარ შენ. ხოლო გევედრები  შენ, რაჲთა, რომელსა-ცა რას-მე შეხებულ იყვნენ ჴელნი მისნი წმიდანი,  ანუ თუ მახლობელ სამოსელთა მისთა წმიდათა ქმნილ იყოს,  მოიღო შენ თანა ფრიად საწადელად ჩემდა. ესე რაჲ ჰრქუა, წარგზავნა  მშჳდობით. და ვითარცა მიიწია ელიოზ იერუსალემდ, შეკრებულ იყო  კრებული იგი უსჯულოჲ და დაემტკიცა ჯუარ-ცუმაჲ მჴსნელისაჲ. ხოლო  არასადა ეზიარა განზრახვასა მათსა ელიოზ, ვითარცა-იგი მიეღო მცნებაჲ  დედისაგან თჳსისა. არამედ შორის დგა იგი და მისთანანი, ვითარცა-იგი  წერილ არს სახარებასა იოვანეს თავსა, იყვნეს ვინმე წარმართთაგანნი-ცა  აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. ესენი მივიდეს ფილიპესა, რომელი იყო ბეთსაჲდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ. მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრიას; მოვიდეს ანდრია და ფილიპე და ჰრქუეს იესუს. ესენი იყვნეს ელიოზ და მისთანანი წარმართთაგან მოსრულნი.

ხოლო ვითარცა აღესრულა ნებსითი იგი ვნებაჲ მაცხოვრისაჲ, და ვითარცა წერილ არს, განიგდეს წილი სამოსელსა ზედა მისსა, რომელი-იგი იყო უკერველ, ზეით მოქსოილ. ესე ხოლო მოითხოვა და თჳსად მოიღო ელიოზ და მის თანა დაჰკრძალა. ხოლო ეჰა საკჳრველი და დიდებული სასწაული, და ჭეშმარიტი საღმრთოჲსა მოქმედებისაჲ, რამეთუ  დღესა მას და ჟამსა, ოდეს ჯუარს-აცუეს მეუფე უსჯულოთა მათ და  მიამთხჳა კუერი ლუსმარსა ჴელთა მათ საუფლოთა ბოროტმან მან მტარვალმან ადგილსა გოლგოთისასა, მას-ვე ჟამსა მიიწია ყურთა გულისათა  დედისა ელიოზისისა მცხეთას და ჴმა-ყო ძლიერად აღძრულმან სულისა  მიერ და თქუა: ამიერითგან მშჳდობაჲ თქუენდა, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ უფალი, მოსრული ჴორცითა მაცხოვრად, და იქმნენით მტერ შემოქმედისა. და ამას ზედა შეისუენა მას-ვე ჟამსა, არა თუ იყო-ღა მაშინ მეფობაჲ ჰურიათა, რამეთუ ადრე-ვე დაჴსნილ იყო ტყუენვითგან  ბაბილოვნისაჲთ. არამედ ვითარცა-იგი უბრძანა მაცხოვარმან: "აჰა ესერა  დაეტეოს თქუენგან სახლნი თქუენნი ოჴრად", სრულიადსა მას წარწყმედასა  მათსა მოასწავებდა, ვითარ-იგი ყოველი აღესრულა-ცა მას-ვე დღესა  და ჟამსა ვნებისა მისისასა მოსცა წინაწარმეტყუელებითი იგი  სიტყუაჲ საკჳრველსა მას დედაკაცსა, მათსა-ვე ნათესავსა, უმეტესად საკდემელად უგუნურებისა და სიბრმისა გულთა მათთაჲსა.

 ამისა შემდგომად წარმოვიდა ელიოზ იერუსალემით და წარმოიღო  კუართი იგი საუფლოჲ მის თანა, და მო-რაჲ-ვიდა სახიდ თჳსად, ქალაქად  მცხეთად, ესმა, რამეთუ დედაჲ მისი აღსრულებულ იყო, ხოლო  დაჲ იგი მისი ქალწული მიეგებვოდა, და მოეხჳა ქედსა მისსა. ხოლო  ელიოზ გამოიღო კუართი იგი საუფლოჲ და მისცა მას და ჰრქუა: აჰა  რომლისა-იგი სურვიელ იყავ, მიიღე კუართი მისი და განიხარე. და  ვითარცა მოუღო ჴელთაგან ელიოზისთა კუართი იგი უფლისაჲ დედაკაცმან  მან, და ვითარცა შეკეცილი იგი მტკიცედ ჴელთა აქუნდა, შეიმთხჳა პირსა  და შეიტკბო გულსა ზედა თჳსსა, და მსწრაფლ აღმოუტევა სული.

მაშინ იქმნა შფოთი დიდი ქალაქსა შინა, და შეძრწუნდეს ყოველნი უცხოჲსა მისთჳს სასწაულისა. და ენება მის ჟამისა მეფესა ამაზაერს გამოღებად მისგან კუართისა მის. და დაჰჴსნა იგი ზარმან მან მყოფმან მას ზედა და მკუდრისა მის მიერ შეტკბობითა და მაგრიად ჴელთ-პყრობამან. ხოლო ელიოზ, შიშითა და ძრწოლითა შეპყრობილმან, "დაფარა მიწასა საყუარელი იგი და წმიდაჲ დაჲ თჳსი; და ეგრეთ ჴელთა" აქუს სამოსელი იგი უფლისაჲ, რომლისა ადგილი საცნაურ არს და ჩუენდა ჭეშმარიტებით ცნობილ შემდგომთა ნათესავთა მიერ ელიოზისთა. და იგი არს ჭეშმარიტად, სადა ხე იგი კჳპაროზი მდგომარე იყო და ქუეშე  მისსა იყო სულნელებაჲ ყუავილთაჲ, რომელი-იგი სამარადისოდ ყოველთა  მიერ იყნოსებოდა.

 ხოლო აწ მოვიდეთ პირველსა-ვე სიტყუასა, სადა-იგი დაუტევეთ: და ვითარცა მოჰკუეთეს ხე იგი, გამოსცა სულნელებაჲ მიუთხრობელი და  შეჰმზადეს სუეტად, ვითარცა ბრძანებულ იყო მეფისა მიერ, და ენება  აღმართებაჲ არა მას-ვე ადგილსა, რომელსა მოჰკუეთეს, არამედ სხუასა ერთკერძოსა  ტაძრისასა. მოვიდა მეფე და ყოველი ერი და ფრიადითა გულს-მოდგინებითა  და ღონიერებითა ჴელ-ყვეს და ყოვლად ვერ უძლეს  შეძრვად. რამეთუ საღმრთოჲ ძალი აყენებდა მათ. და მოიწია ღამე და  წარვიდა მეფე და ყოველი ერი განკჳრვებულნი და გულ-კლებულნი სახიდ  თჳსა უცხოჲსა მისთჳს საქმისა.

 ხოლო ნეტარი ნინო დადგა ღამესა მას მახლობელად სუეტისა მის  და მის თანა სიდონია, ასული აბიათარისი, და შროშანა და სხუანი  ათნი დედანი მორწმუნენი, და განიპყრნა ჴელნი აღმოსავალით და ილოცვიდა  მყუვარ ჟამ ცრემლითა მჴურვალითა. და ვითარცა შუაღამე იქმნა, რეცა მთანი იგი იძრვოდეს და განიპებოდეს და სიღრმედ დაითქმოდეს,  რომელსა ზედა იყვნეს პირველ კერპნი იგი, რეცა მდინარე იგი  დიდი მტკუარი აღმოვიდოდა და წარღუნიდა ქალაქსა მათსა, რომელი-იგი  სასწაული იყო წარწყმედისა მათისა და კაცთა ცხორებისაჲ. ხოლო  ღირსი ნინო დგა ღამე ყოველ ლოცვითა და ვედრებითა და ცრემლთა  მდინარითა სუეტსა მას ზედა. და ვითარცა მოეახლა ცისკარი, მიერულა  დათა მათ ყოველთა, ხოლო სიდონია და შროშანა მხოლოდ მღჳძარე  იყვნეს წმიდისა მის თანა და იხილეს ხილვაჲ საშინელი, რამეთუ აჰა  ესერა ზედა-მოადგა ჭაბუკი ერთი, ნათლითა შემოსილი. ყოვლად ცეცხლითა  მობლარდნილი და ჰრქუნა რაჲმე წმიდასა მას სიტყუანი სამნი.

ხოლო ნინო დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ხოლო ჭაბუკმან მან მიყო ჴელი სუეტსა მას და აღიღო სიმაღლედ. და სიდონია, ფრიად ზარ-განჴდილმან, ჰრქუა წმიდასა, ვითარმედ: რაჲ არს ესე, რომელსა ვხედავთ? ხოლო მან ჴელი განუყარა და უბრძანა განშორებაჲ. და აჰა ესერა იხილვებოდა საკჳრველებაჲ განსაკრთომელი და ჭეშმარიტად მოქმედებაჲ ძალისა საღმრთოჲსა, რამეთუ შთამოვიდოდა სუეტი იგი დამართებით ხარისხსა-ვე თჳსსა და ზედა ძირთა, რომელთა მოკუეთილ იყო. და ვითარცა მოეახლა, ვითარ ორ კაც ოდენ, დაადგრა დამოკიდებულად და გამოსცემდა ბრწყინვალებასა და სულნელებასა მიუთხრობელსა. და  ვითარცა იქმნა ცისკარი, გამოვიდა მეფე და, ურვეული პირველისა მისთჳს  ვერ-შეძრვისა სუეტისა, მიმოვიდოდა სამოთხესა შინა თჳსსა. და  იყნოსა რაჲ სულნელებაჲ იგი, მოვიდა ზედა ადგილსა მას სუეტისასა,  იხილა ხილვა საშინელი: და ნათელი, ვითარცა ელვაჲ, რომელი აღიწეოდა  ცადმდე. და იწყო სიმრავლემან ერისამან შემოკრებად უცხოჲსა მისთჳს  სახილავისა, და შემოკრბა პალატი და ყოველი ქალაქი და ცრემლითა  დაალტობდეს ქუეყანასა. და ვიდრე-იგი ხედვიდეს ყოველნი, ნათლითა  შემოსილი იგი სუეტი მცირედ-მცირედ შთამოვიდოდა და ძირთა-ვე მისთა  ზედა დაემყარა და მტკიცედ შეეძერწა ყოვლითურთ შეუხებელად ჴელისაგან  კაცთასა. და აღივსნეს შიშითა და სიხარულითა მიუწდომელითა  მეფე და ყოველი ქალაქი და ერთ-ჴმობით ადიდებდეს ღმერთსა ნინოსსა  მოქმედსა საკჳრველებათასა.

 მიერითგან სასწაულნი და ნიშნი ურიცხუნი აღესრულებოდეს და  აღესრულებიან ვიდრე მოაქამდე სუეტისა მის მიერ ცხოველისა.

 მას ჟამსა იყო ვინმე ჰურიაჲ, ბრმაჲ შობითგან, ესმნეს რაჲ  სასწაულნი იგი დიდებულნი, რომელნი აღესრულებოდეს სუეტისა მის  მიერ, მოვიდა სარწმუნოებით წინა-ძღომითა სხუათაჲთა და შეეხო რაჲ,  მყის იქმნა მხედველ, და წარვიდა სახედ თჳსსა და ადიდებდა ღმერთსა  კუალად სხუაჲ ყრმა იყო, ძე მთავრისა წარმართისაჲ, მრავალ ჟამ მდებარე  ცხედარსა ზედა, რომლისა ასონი უძრავ ქმნილ იყვნეს და სრულიად  დაჴსნილ ბოროტისა ეშმაკისაგან. ესე მოიღო დედამან მისმან წინაშე  ნათლით-შემოსილისა მის სუეტისა და სარწმუნოებით ევედრებოდა ნეტარისა  ნინოს, რაჲთა ილოცოს ძესა ზედა მისსა, სიკუდიდ მიახლებულსა, და  ყოს კურნებაჲ. ხოლო ღირსსა მას შეეწყალა დედაკაცი იგი და დასდვა  ჴელი სუეტსა მას წმიდასა და მერმე შეახო ყრმასა მას მდებარესა და ჰრქუა: უკუეთუ გრწმენეს იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, ჴორციელად მოსრული ცხორებად სოფლისა, განიკურნო გუემულებისაგან შენისა. ხოლო ყრმამან მან ჴმა-ყო და თქუა: მრწამს, წმიდაო ღმრთისაო, და თაყუანის-ვსცემ მას. მაშინ უპყრა ჴელი და აღადგინა იგი და ყოვლითურთ განკურნებული მისცა დედასა თჳსსა. და ყოველნი რომელნი მოვიდოდეს სარწმუნოებით თითოსახეთა სენთაგან შეპყრობილნი, მსწრაფლ განკურნებულნი წარვიდოდეს სახიდ თჳსა და ადიდებდეს ღმერთსა.

ხოლო დაეცა შიში დიდი მეფესა და ყოველსა ერსა ურიცხუთა მათთჳს სასწაულთა, რომელნი აღესრულებოდეს დღითი-დღე. და რამეთუ საზარელ  იყო ბრწყინვალებისა მისგან ზეგარდამოჲსა ყოვლად საკჳრველისა სუეტი  იგი, მაშინ შექმნა გარემოჲს სუეტისა მის საბურველი მეფემან და  დაფარა ხედვისაგან. და ეგრეთ გარეშესა მას საბურველსა შეეხებოდიან  ერნი და ყოველნი განიკურნებოდიან, ვითარითა-ცა შეპყრობილ არიან  უძლურებითა.

 ხოლო სარწმუნოებაჲ მოსლვისა და ცნობად ჭეშმარიტებისა მირიან  ქართველთა მეფისა პირველ ათორმეტისა წლისა წყალობით მოხედვა ყო  ღმერთმან ყოველსა საბრძანებელსა ზედა ჰრომთა და ბერძენთასა, ზეგარდამოჲთა  წოდებითა ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ჭეშმარიტად  ღმრთად და მაცხოვრად მეფესა კოსტანტინეს და დედასა მისსა დედოფალსა  ელენეს. და ნათელ-იღეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა  და სულისა წმიდისათა მათ და ყოველმან პალატ-მჴედრებმან მათმან  ამაღლებითგან უფლისა ჩუენისა იესუ კრისტესით სამას და მეათერთმეტესა  წელსა. და განიხარა ყოველმან ერმან მორწმუნეთამან, და  ამაღლდა რქაჲ ქრისტეანეთა, რამეთუ დიდმან მან და პირველმან  ქრისტეანეთა შორის მეფემან მსგავსად წმიდათა მოციქულთა იღუაწა  და აჩუენა მჴურვალებაჲ ღმრთის-მსახურებისათჳს და წარავლინა დედაჲ  თჳსი ელენე იერუსალემდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა, რომელი-ცა  პოვა მან ჯერ-ჩინებითა ღმრთისაჲთა. და აღაშენნა ტაძარნი  საუფლონი და შეამკვნა და ადიდნა წმიდანი იგი ადგილნი, და კუალად  აღმოვიდა სამეუფოდ თჳსა. ვინაჲთგან ყოველთა მეფისა და შემოქმედისა  მიერ აღესრულებოდა განგებულებაჲ ესე ცხორებისათჳს ჩუენისა, შეუძლებელ  იყო ნაკლულევანებაჲ რაჲს-მე და დაფარვაჲ საჴსრად ჩუენდა მის  მიერ მონიჭებულთა განგებულებისა მისისა საიდუმლოთა, რამეთუ ჟამსა  მას, რომელსა ინება გამოცხადებად და აღმობრწყინვებად ქუეყანით ცხოველს-მყოფელი და  პატიოსანი ჯუარი, რომელსა ზედა მან თავადმან ჴელნი განიპყრნა ჴელითა კეთილად მორწმუნისა დედოფლისა ელენესითა, მას-ვე ჟამსა შინა მცხეთას მიწასა შინა დაფარული იგი პირველ სამას ოცდაათთა წელთასა წმიდაჲ სამოსელი მისი ურიცხუთა სასწაულთა და ნიშთა მიერ გამოაბრწყინვა, რომელსა ზედა სუეტის სახედ ნათელი ბრწყინვალე ზეგარდამო იხილვებოდა. და ვითარცა დასაბამ მორწმუნეთა მეფეთა შორის იქმნა ჰრომთა და ბერძენთა ზეგარდამო წოდებითა დიდი კოსტანტინე, ეგრეთ-ვე მას-ვე ჟამსა იქმნა დასაბამ ქართველთა მეფეთა შორის ზეგარდამო განსწავლული კეთილად და სათნოდ ღმრთისა მორწმუნე მეფე მირიან.

 ხოლო ვინაჲთგან განსრულდა შენებაჲ წმიდათა მათ ეკლესიათა და  არღარა იყო ნაკლულევანებაჲ, გარნა მღდელნი ხოლო, წარავლინნა მოციქულნი  საბერძნეთად სწავლითა და მოძღურებითა ნეტარისა ნინოჲსითა  მეფისა მიმართ და ითხოვნა მოძღუარნი და მასწავლელნი ღმრთის-მსახურებისანი. ხოლო  მჴურვალემან მან ტრფიალმან ღმრთის-მსახურებისამან  კოსტანტინე ისწავა რაჲ მიზეზი სათხოველისაჲ, მოციქულნი იგი მრავალსა  პატივსა სიყუარულისასა ღირს ყვნა და მიუვლინა მათ ევსტათი  ანტიოქელ პატრიაქი ფრიადითა პატივითა, კაცი სარწმუნოჲ და  სიბრძნითა და ცხორებითა განშუენებული, რომელი ნათლითა მართლ-მადიდებლობისაჲთა ყოველსა  სოფელსა ჰნათობდა, რამეთუ იყო მას ჟამსა  ნიკეას, წმიდასა მას და დიდებულსა კრებასა სამას ათრვამეტთა წმიდათა  მამათასა, რომელთა თანა დაამტკიცა მართალი სარწმუნოებაჲ და დაამჴუნა  საღმრთოსა მას ბუნებასა ზედა განკუეთილებისა შემომდებელნი. ესე  ფრიადითა ძღუნითა განმდიდრებული, მასწავლელად სჯულისა და წესთა  და მოძღურებად ღმრთის-მეცნიერებისა, მეფისა მიმართ ქართველთაჲსა  მოივლინა.

 და ვითარცა შემოვიდა წმიდაჲ იგი პატრიაქი სანახებსა ქართლისასა  და თანა აქუნდეს ძელი ცხორებისაჲ და ხატი მაცხოვრისა და ყოვლად  წმიდისა ღმრთის-მშობლისაჲ, მოეგება მეფე და მთავარნი მისნი და  ყოველი სიმრავლე ქალაქისაჲ და ჯეროვნითა პატივითა დიდითა აღიყვანეს  პალატად. და მიიღეს კურთხევაჲ მეფემან და დედოფალმან და ყოველმან  ერმან. ხოლო პატრიაქმან უბრძანა წინა განმზადებად ნათლის-ღებისათჳს.

 მოვიდა ღირსი ნინო-ცა და მიიღო კურთხევაჲ პატრიაქისაგან  და მან-ცა ითხოა ლოცვაჲ ჯეროვანი სიმდაბლით და ქადაგად და  მოციქულად და სანატრელად უწოდა. და მისცა წიგნი ელენე დედოფლისაჲ, მოწერილი ნეტარსა ნინოს თანა, ყოვლად-შუენიერი და შემკული და ბრწყინვალე ქებათა და შესხმათა მიერ მახარებელად და მოციქულად წოდებითა, და ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ, და ხატი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ და ყოვლად-წმიდისა დედისა მისისაჲ, რომელნი-ცა წარმოეგზავნნეს დედოფალსა ელენეს ღირსისა ნინოჲსსა.

ამისა შემდგომად განჰმზადეს სანათლოჲ. და ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან შვილითურთ მათით და ყოველთა მთავართა მათთა და ურიცხუმან სიმრავლემან ერისამან სახელითა მამისათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისათა ჴელითა პატრიაქისაჲთა, და შემდგომითი შემდგომად  ნათელს-იღებდეს ურიცხუნი სიმრავლენი წარმართთანი.

 ესე რაჲ იქმნა, ამისა შემდგომად აკურთხნა ეკლესიანი იგი, მათ  მიერ აღშენებულნი, და დაამყარნა საკურთხეველნი და ყო სატფურებაჲ  და დაასხნა ჴელნი ღირსსა იოანეს მთავარ-ეპისკოპოსად საყდარსა  ზედა ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისასა, და უკურთხნა მღდელნი და  დიაკონნი, და მიუთხრნა მეფესა და ერსა განგრძნობილად სწავლანი საღმრთონი, და  განიხარა მეფემან და ყოველმან სავსებამან მორწმუნეთა ერისამან  და ჰმადლობდეს ღმერთსა.

 ხოლო მკჳდრ იყვნეს მცხეთას შინა ფრიადნი ერნი ჰურიათანი,  რომელთა მთავარ და მღდელთ-მოძღუარ იყო აბიათარ, რომელი ზემო  ვაჴსენეთ. მოიყვანა იგი მეფემან წინაშე პატრიაქისა და ჰრქუა მას,  ვითარმედ: ვითარცა ესერა ხედვენ თუალნი შენნი, გამობრწყინდა ჩუენ  ზედა ნათელი ჭეშმარიტებისაჲ და აღმოგჳყვანნა ბნელისაგან ნათლად და  გჳჴსნნა მონებისაგან ეშმაკისა. აღვიარეთ ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელ-გჳღებიეს  სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და შედგომილ ვართ მცნებასა  და მოძღურებასა წმიდათა მოციქულთა და ქადაგთა მისთასა. აწ რაჲ  გნებავს თქუენ, ჰურიანო, მოიქცევით და აღიარებთ-ა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა  ჩუენ თანა, ანუ ჰგიეთ თქუენსა-ვე სიცოფესა ზედა, რამეთუ  შენ ხარ წინამძღუარ მათდა? ხოლო აბიათარ ჰრქუა მეფესა: მე, მეფე  თავისა ჩემისათჳს ამას მიგიგებ, რამეთუ ვითარცა უწყიან მთავართა შენთა და  ყოველმან ამან ქალაქმან, ნათესავით ვარ ბენიამენისი და სჯულითა  მოსესმიერითა სწავლულ და ფრიად წურთილ წერილთა წინაწარმეტყუელთასა  და მეცნიერ ყოველსა მათ მიერ ქადაგებულსა, რომელსა  აწ ვხედავ აღსრულებულად. და იგი ყოველნი მისთჳს წამებდეს, ვითარმედ შეცვალებად იყო სჯული და სჯულის-მდებელი და მოსლვად იყო ღმერთი ქუეყანად მსგავსად კაცთა, და წყალთა მიერ ნათლის-ღებად და სამარესა დადებად და აღდგომად მესამესა დღესა. ხოლო მე პირველთა მათთჳს უგუნურებათა მამათა ჩუენთასა ვტიროდე, რამეთუ განარისხეს შემოქმედი და ქმნეს ბოროტი წინაშე მისსა და გამოაჴუნეს თავნი მათნი სრულიად წყალობისაგან ღმრთისა, რომლისათჳს წარწყმდა საჴსენებელი ჩუენი და მივეცენით მონებად. და ჰრომთა დაიპყრეს ქუეყანაჲ ჩუენი და მთავრობაჲ და ჩუენ განვიბნიენით ყოველსა სოფელსა. ხოლო მიკჳრდა მესმოდა რაჲ შედგომაჲ იგი მოციქულთაჲ ქრისტესი და ესრეთ სიკუდილი  მისთჳს, და მივემთხჳე ეპისტოლეთა ნათესავისა ყოვლად-ბრძნისა პავლესთა  და გულისჴმა-ვყავ ყოველი იგი წერილი მათ შინა, და მოველოდე  გამოჴსნასა მოსაწყინებელისა ამისგან სჯულისა ჩუენისა. და არავინ  იყო მოძღუარ და მასწავლელ ჩემდა. აწ ოდეს ინება ღმერთმან და მოავლინა  ქუეყანასა ამას წმიდაჲ ესე და საკჳრველი დედაკაცი ნინო, და განვიცადენ  მოღუაწებანი მისნი მრავალჟამეულნი მაყუალთა და ვიხილენ  სასწაულნი უაღრესნი ბუნებათანი, რომელთა-იგი თქუენ-ცა მეცნიერ ხართ,  მეფეო. და შეუდგა მას ასული ჩემი და იქმნა მოწაფე მისა. პირველად  ასული ჩემი და შემდგომად მე და ყოველი ნათესავი ჩემი სწავლათა  მისთა შედგომილ ვართ. და აწ ესერა მე-ცა მზა ვარ ნათლის-ღებად  სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა.

 და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქუა აბიათარ, განიხარა მეფემან  ფრიად, და პატრიაქმან ნათელ-სცა აბიათარს და ყოველთა ნათესავთა  მისთა. და კუალად სახლისა და ტომისა ელიოზისთა, რომელნი იპოვნეს  სიხარულით ნათელ-იღეს. და კუალად სხუასა ორმეოცსა კაცსა ჰურიასა,  რომელნი მოვიდეს სარწმუნოებად. ხოლო სხუანი იგი ერნი ჰურიათანი  აღიძრნეს აბიათარის ზედა და დასცეს ხე იგი სულნელთაჲ, რომელი  განაშუენებდა ბაგინსა მათსა. და. დაარღჳეს ტაძარი იგი მათი და დაუტევეს  და განიბნინეს თჳნიერ მათ და ბრანგიანთასა, რომელნი მოინათლნეს.

 და მეფემან მიუბოძა მათ დაბაჲ სამკჳდრებელად, რომელსა ეწოდების ციხედიდი. და იყვნეს წინაშე მეფისა საყუარელ და ჭეშმარიტ ქრისტიანე. ხოლო წმიდამან პატრიაქმან ევსტათი აღასრულა, რაჲ-იგი ჯერ-იყო და დაამტკიცა ქუეყანაჲ მართალსა სარწმუნოებასა, და განუწესნა ეპისკოპოსნი და მღდელნი და დიაკონნი და ასწავა წესი ეკლესიისაჲ და ღმრთის-მსახურებისაჲ ყოველსა ერსა. და მიერითგან იჯმნა მეფისაგან და წარემართა ქუეყანად თჳსა. ხოლო მეფემან ქართველთამან და სჳნკლიტიკოსთა მისთა მიუძღუანეს და განუწესეს პატრიაქსა ანტიოქი[ი]სასა შესაწევნელად მოსყიდისა ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა სოფელი ასი, რაჲთა მიერითგან იყვნენ მიმდგომ ანტიოქელ პატრიაქისა. და ესრეთ  პატივითა დიდითა წარგზავნნეს.

 ამისა შემდგომად მოვიდა ჰრომით დიაკონი და მოიღო წიგნი წმიდისა პატრიაქისა პაპაჲსაჲ მეფისა და ყოვლისა ერისა ქართველთაჲსა  კურთხევისა მიცემად, და კუალად ღირსისა ნინოჲს მიმართ ქებისა და  შესხმისაჲ, და ლოცვისა და მაღლისა მისისა ზიარებად. და კუალად  აქუნდა წიგნი მთავრისა მის ფრანგთაჲსა, რომელნი მოენათლნეს  მამასა მისსა, რამეთუ ყოველნი იგი სასწაულნი და საკჳრველებანი მისმენილ  იყვნეს მათდა იერუსალემით და ჰრომით და კოსტანტინეპოლით,  რომელი-იგი აღწერა მან, ყოველი-ვე სმენილი და თუალით ხილული,  და წარიღო ქუეყანად თჳსად და ადიდებდა ღმერთსა.

 ამისა შემდგომად აღვიდა ნეტარი ნინო მთასა მას, რომელი არს  პირისპირ მცხეთასა, წიაღ კერძო არაგუსა, რომელსა ზედა დღეს შენ  არს ეკლესიაჲ ჯუარისა ცხოველისაჲ, და მუნ ღამეთა ათევდა ლოცვითა  ღმრთისა მიმართ. და ძირსა მის კლდისასა, რომელ არს მუნ, ლოცვითა  წყალი აღმოაცენა, რომელი-იგი დღენდელად დღედმდე დის. და მრავალნი  სასწაულნი და კურნებანი იქმნნეს წყლისა მისგან მეოხებითა მის წმიდისაჲთა.

 ამისა შემდგომად ძიება ყო მთავარ-ეპისკოპოსმან ხე, რაჲთა შექმნნეს ჯუარნი და წარგზავნა რევ, ძე მეფისაჲ, და მთავარ-დიაკონი თჳსი და წარაყვანნა ხურონი, და მოჰკუეთეს ხე იმიერ კერძო არაგჳსა, სადა-იგი აღმოაცენეს წყაროჲ ცრემლთა ნინოჲსთა, რომლისაჲ პირველ-ვე სმენილ იყო, რომელი იყო სულნელ და შუენიერ და ფრიად ფურცელ-დაუცჳვნებელ, და ეგრეთ სრულიად მოიღეს წინაშე სუეტი ცხოველისა და ქმნნეს მისგან ჯუარნი სამნი. მაშინ იხილვებოდა სასწაული საკჳრველი, რამეთუ. ზეცით გარდამო მოვიდის ჯუარი ცეცხლისაჲ, შემკული ვარსკულავებითა, ზედა, წმიდათა მათ ეკლესიათა და ვიდრე მოწევნამდე ცისკრისა დადგის დამართებით სუეტისა ცხოველისა ამაღლებულად.

 შემდგომად ამისა განუტევნის ბრწყინვალებანი ვარსკულავთანი  ერთი აღმოსავალით და ერთი დასავალით და თჳთ ამაღლდის ზეცად.

 და კუალად მოვიდის ეგრეთ-ვე და დადგის მთასა მას ზედა, წიაღ კერძო  არაგუსა, კლდესა მას ზედა, მახლობელად წყაროსა და განუტევებდის  ვარსკულავის სახედ ბრწყინვალებათა, რომელი აღმოსავალისაჲ მიიწეოდა  ბუდის, ხოლო დასავალისაჲ თხოთს, სადა-იგი მეფემან ნათელი  თუალთაჲ მიიღო. ესე მრავალ-გზის იხილა მეფემან და ყოველმან ერმან  და განკჳრვებულნი ადიდებდეს ღმერთსა.

 და უბრძანა მეფემან აღშენებად ეკლესიათა: ერთი კლდესა მას  ზედა, რომელსა ჩამოდგის სახე პატიოსნისა ჯუარისაჲ და მუნ დასუენებად " ჯუარი ერთი, რომელნი ქმნნეს ხისა მისგან სულნელისა; და"  კუალად უბრძანა აღშენებად ეკლესიასა მთასა ზედა თხოთისასა,  სახელსა ზედა დიდებულისა მოწამისა გიორგისსა, რამეთუ მუნ მოიღო  ნათელი თუალთაჲ, და ერთი ჯუარი დასუენებად მას შინა. და ბრძანა  ნეტარმან ნინო, რაჲთა ჯუარი ერთი წარგზავნონ ბოდის და უჯარმოს.

 და დაუსუენეს პირველად კლდესა მას ზედა, რომელსა აწ სახელად-ცა  უწოდიან "ჯუარი პატიოსანი". და ჯუარი იგი ვენაჴისა რქისაჲ, რომელ"  მოიღო წმიდისა ღმრთის-მშობლისაგან, არს მას შინა ნაწილად ესენი  განწესებისაებრ თითოეულად წარგზავნნა ღირსმან მღდელმან იაკობ  ფრიადითა სიმრავლითა ერისაჲთა, საკუმეველთა და სანთელთაჲთა, ლოცვითა  და ლიტანიითა და დაასუენნა მათ შინა.

ხოლო ურ იცხუთა მათთჳს სასწაულთა და საკჳრველებათა, რომელნი აღესრულებოდეს დღითი-დღე სუეტისა მისგან ცხოველისა, არავინ იკადრებდა კართა განხუმად თჳნიერ დღისა კჳრიაკისა. და მაშინ მღდელნი ხოლო შევიდიან მას შინა გალობად და ერი პირისპირ მდგომარე ილოცვიდის, რამეთუ შიში და ზარი ფრიადი იყო ყოველთა ზედა.

კუალად წარავლინნა მეფემან და შემოკრიბნა ქვით-ხურონი და გალატოზნი და უბრძანა პირველად ერუშეთს დადებად საძირკუელი ეკლესიისაჲ სადა-იგი არს ფიცარი ფერჴთა მჴნელისათაჲ. და უბრძანა საძირკუელი ეკლესიისაჲ მანგლისს.

 ესრეთ მჴურვალედ სარწმუნოებითა და მართლ-მადიდებლობისა  აღსარებითა, ეკლესიათა აღშენებითა და შემკობითა ეპისკოპოსთა და მღდელთა  მიერ საღმრთოჲთა მადლითა დღითი-დღე სანატრელი იგი მეფე წარემატებოდა.

 ხოლო მსჯავრი სიმართლისაჲ და წყალობაჲ გლახაკთაჲ პირველითგან-ვე  დანერგულ იყო მის შორის მოღუაწებითა ღმრთისაჲთა. არა  ჯერ-იყო სხუათა მათ-ცა სამთავროთა მოუწოდებელად დატევებაჲ ესევითარისა  საშუებელისაგან, არამე ვითარცა მადლისა რას-მე საებგუროჲსაგან  საჩინომან და ბრწყინვალემან ნათელმან ხილვად თჳსისა ბრწყინვალებისა  შეკრიბნის შორიელნი და მახლობელნი, ეგრეთ-ვე აქა საკჳრველებათა  მიერ და მადლთა მისთა ელვარებითა ყოვლით კერძო-ვე  შემოკრბებოდეს და სანუკვარსა მას და სანოვაგესა ზედა სულიერსა  იშუებდეს და ხილვათა და საღმრთოთა სიტყუათა და სწავლათა მისთა  სმენითა იხარებდეს და განათლდებოდეს და თითოსახეთა გუემათაგან  განკურნებულნი ღმერთსა ნინოჲსსა ადიდებდეს.

 ამისთჳს-ცა წარვიდა ნეტარი ესე და თანა წარიყვანა იაკობ მღდელი  და მთავარ-დიაკონი და ერის-მთავარი ერთი ერით მისითურთ და  დადგა წობენს. და მოუწოდა ყოველთა მთეულთა, ჭართალელ-ფხუენელთა  და უქადაგა მათ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისაჲ  ხოლო იგინი მოხედვითა მათ ზედა მადლისა ღმრთისათა ლმობიერ  იქმნნეს, და დალეწნეს კერპნი მათნი და მოიქცეს. და ნათელ-იღეს  ჴელითა იაკობ მღდელისაჲთა ფრიადმან სიმრავლემან ერისამან და ჰრწმენა  ქრისტე. ამისა შემდგომად წარვიდა ერწოს და ჟალეთს და უქადაგა  და ნათელ-სცა ერწო-თიანელთა. და მერმე შთავიდა კახეთად და დადგა კაწარეთს, და მოიყვანნა სარწმუნოებად კუხნი და სუჯნი. და გარდავიდა ქველდაბას და მოუწოდა მთავართა კახეთისათა და უქადაგა სარწმუნოებაჲ ქრისტესი, ხოლო მათდა პირველ-ვე უწყებულ იყო ყოველი იგი სასწაული, რომელი იქმნა, და ნათლის-ღებაჲ მეფისაჲ და მთავართა და ერისა მისისაჲ. და სიხარულით შეიწყნარეს სწავლაჲ მისი და მოიქცეს და ნათელ-იღეს ჴელითა მის-ვე იაკობ მღდელისაჲთა. და მუნით მივიდა კხუეთს დაბასა, რომელსა ეწოდების ბოდისი. და მოვიდა მისა დედოფალი კახეთისაჲ სუჯი, და მის თანა მთავარნი და მჴედრები და მონათა და მჴევალთა სიმრავლე. და უქადაგა და ასწავა მათ სარწმუნოებაჲ ქრისტესი, და  წარმოუთხრნა ცხორებისათჳს ჩუენისა განგებულებისა მისისა საიდუმლონი,  ქადაგებანი მოციქულთანი და ყოვლისა სოფლისა მათ მიერ ღმრთის-მეცნიერებად  მოსლვაჲ. და სუეტისათჳს ცხოველისა და დიდებულთა მათთჳს  სასწაულთა, მის მიერ აღსრულებულთა, და მოქცევისათჳს მეფისა  და ერისა სარწმუნოებად, რომელი-ესე მათდა-ცა სმენილ იყო. ამისთჳს-ცა  სიხარულით შეიწყნარნა დედოფალმან და ყოველმან ერმან მისმან ქადაგებაჲ  და სწავლაჲ ნეტარისა ნინოჲსი. და ნათელ-იღეს სახელითა მამისაჲთა  და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და შეუდგეს ქრისტესა.

 ხოლო ნეტარმან ნინო ესრეთ სრულ ყო რაჲ ქადაგებაჲ ჭეშმარიტებისაჲ  და აღასრულა სრბაჲ ღუაწლისა თჳსისაჲ, ეუწყა სულისაგან, ვითარმედ  დაუტეობს სოფელსა ამას და მივალს უფლისა. მცირედ დასნეულდა  ბუნებითა ჴორცთაჲთა მას-ვე დაბასა შინა ბოდისს. და მიწერა  წიგნი მეფისა და მისცა დედოფალსა კახეთისასა სუჯის, რომელსა წერილ " იყო ესრეთ: "იესუჲს ქრისტეს მონასა ერთ-გულსა, კეთილად მორწმუნესა  და აღმსარებელსა წმიდისა სამებისასა და თანა-შეერთებულსა წმიდათა  მეფეთასა, მეფესა მირიანს, გარდამოგივლინენ უფალმან ღმერთმან,  ვითარცა ცუარი ზეცისაჲ, სიმრავლე წყალობისა მისისაჲ, და ყოველსა პალატ-ბანაკსა და ერსა  შენსა. და იყავნ თქუენდა მარადის სიქადულ  ჯუარი ქრისტესი და მეოხებაჲ ყოვლად-წმიდისა დედისა მისისა, რამეთუ  მე აჰა ესერა მივლე ზოგი ამის ქუეყანისაჲ და უქადაგე სახარებაჲ ქრისტესი  და ვპოვე შეწევნაჲ მისმიერი, რამეთუ შეიწყნარეს ყოველთა და  მოიქცეს ცთომილებისაგან მათისა, და მისცნეს კერპნი მათნი დასაწუველად  ცეცხლსა და ნათელ-იღეს სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და  თაყუანის-სცემენ ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, და პატიოსან ჯუარსა მისსა. და შენდა ჯერ-არს სიხარული და დიდებისა მიცემაჲ ყოველთა შემოქმედისა ღმრთისა, რამეთუ დღეთა შინა შენთა მოხედნა უფალმან თჳსთა დაბადებულთა, მონა-ქმნილთა მტერისა მიერ, და აღმოუბრწყინვა ნათელი თჳსისა მეცნიერებისაჲ. აწ რომელთა გიხილავს გემოჲ სიტკბოებისა მისისა, გიხაროდენ, რამეთუ სასუფეველსა-ცა მის თანა ღირს-იქმნნეთ. დაიცევით მტკიცედ მართალი სარწმუნოებაჲ ქრისტეანობისაჲ და ბეჭედი წმიდისა ნათლის-ღებისაჲ, რომლითა აღიბეჭდენით, რამეთუ აჰა ესერა ყოველნი მოივლტიან ღმრთივ დაცვულისა მეფობისა თქუენისა ღსარებად ქრისტესა და ძიებად სულთა და ჴორცთა კურნებისა.

ყოველთა შემდგომითი-შემდგომად მიუთხრობდით აღსრულებულთა  დიდებულებათა ღმრთისათა და სასწაულთა მათ საკჳრველთა, რომელნი იხილენით,  რაჲთა დღითი-დღე აღემატებოდის და განძლიერდებოდის და  განმრავლდებოდის სამწყსოჲ ქრისტესა, რაჲთა განათლებულნი სულისა  მიერ და ერთსამწყსო-ქმნილნი ერთბამად სცხონდებოდით სოფელსა  ამას, და შეზღუდვილნი და დაცვულნი მის მიერ იხარებდეთ, და მერმესა  მას საუკუნესა სუფევასა მის თანა იშუებდეთ შუებითა მით არღარა-წარმავალითა,  არამედ სამარადისოდ დაუსრულებელითა. და რამეთუ მე აჰა  ესერა, ვითარცა ერთი სოფლად შემოსრულთაგანი, მოვაკლდები ცხორებისა  ამისგან და მზესა ამას ხილულსა მივეფარები, და წარვალ გზასა მამათა  ჩუენთასა. ჴსენებულ-მცა არს საუკუნოდ კეთილთა შინა უფლისათა  დედოფალი სუჯი, რამეთუ აღიძრა შურითა საღმრთოჲთა და დამუსრნა კერპნი თჳსნი და მოაქცია ერი თჳსი ღმრთის-მსახურებად; და კუალად წარავლინნა სივნიეთად ძმისა და ასულისა მისისა და კუალად ასპურაგანად ასტერეონ მთავრისა, და ყოველნი შემოკრიბნა და ასწავა მართალი სარწმუნოებაჲ. და ყოველთა ბოდის შინა ნათელ-იღეს სახელითა  მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. აწ მოაშრვეთ ჩემდა  წმიდაჲ ეგე მამათ-მთავარი და კეთილი მწყემსი, რაჲთა წარმგზავნოს და  მომცეს საგზალი სულისაჲ საუკუნოჲ, რამეთუ ჟამი განსლვისა ჩემისაჲ  მოახლებულ არს." და მიიღო და წიგნი ესე ნეტარისა ნინოჲსგან დედოფალმან სუჯი,  აღძრული შურითა საღმრთოჲთა და სურვილითა წმიდისა კათოლიკე  ეკლესიისათა, წარმოემართა ხილვად და თაყუანის-ცემად ცხოველისა სუეტისა და პატიოსნისა ჯუარისა მჴედრობით და ერით და მჴევლებითურთ თჳსით. და რამეთუ ყოველსა მას სიშორესა გზისასა თჳნიერ საჴედრისა წარვლო, და ფრჴივ ვიდოდა იგი თჳნიერ ჴამლთა და ცრემლითა დაალტობდა ქუეყანასა. და ვითარცა მოიწინეს პირისპირ ტაძრისა ცხოველისა სუეტისა, იხილეს, რამეთუ მდინარე იგი დიდი არაგჳ უმეტეს ზომისა მდიდროოდა ფრიად, რომლისაჲ ვერვინ მჴედართაგანმან უძლო წიაღ-სლვად, არამედ რომელნი-ცა შთაჴდიან, გარეუკუნ იქცეოდიან, შესლვად დაყენებულნი სიმძაფრითა წყალთაჲთა. ითქუმოდენ აქა განსაკჳრვებელი იგი ყოველთა შორის და უმდიდრესი სარწმუნოებითა მამაჲ მამათ-მთავართაჲ  და კუალად პეტრე, მიმავალი უფლისა მიმართ წყალთა მათ ზედა  ზღჳსათა მჴურვალითა სარწმუნოებითა. და ვითარცა-იგი თავადმან უბრძანა  მოწაფეთა, ვითარმედ: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა  მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ... და იცვალოს, ეგრეთ-ვე ამან  საკჳრველმან დედაკაცმან და უფროჲსად განსაკჳრვებამან სიმდიდრითა  სარწმუნოებისაჲთა, აწ-ღა მიღებასა თანა ღმრთის-მეცნიერებისასა მიმღებელმან  მის მადლისამან, მიიღო მჴურვალითა გონებითა გულად თჳსად  არა გარეშე უნდოებაჲ სახისა მარცულისა მის მდოგჳსაჲ, არამედ შინაგანი  იგი სიმტკიცე და სიფიცხე მისი. ესევითარითა გონებითა განმტკიცებულმან  ილოცა უფლისა მიმართ და შეიჭურა წმიდითა ჯუარითა მისითა და  აღჴდა საჴედარსა, და ვიდრე ხედვიდეს იმიერ კერძო მთავარ-ეპისკოპოსი  იოანე და ყოველი ერი, შევიდა სიმძაფრესა მას წყალთასა. დიდებაჲ  ძლიერებათა შენთა, ქრისტე, რომელი მარადის ნიშთ-ჰმოქმედებ შენდა  სარწმუნოებითა მჴურვალითა მოსრულთა. მყის განდგა მდინარე იგი და  განვიდა უვნებელად, და მოეგებვოდა მას მეფე და მთავარ-ეპისკოპოსი  და ყოველი ერი, და დიდებულსა მას ზედა სასწაულსა განკჳრვებულნი  ადიდებდეს ღმერთსა.

 და შევიდეს ერთბამად ეკლესიად და ყვეს ლიტანიაჲ და ლოცვაჲ  და თაყუანის-სცა უფალსა, და შეემთხჳა ცხოველსა სუეტსა და შეწირა  თავი თჳსი შვილითურთ მისით და ყოვლით მონაგებით, და მცირე-ცა იგი  ქალაქი ბართიანი და დაბაჲ დიდი ბოდისი. მაშინ გამოიღო წიგნი იგი  ნეტარისა ნინოჲსი და წარიკითხა მეფემან, ფრიადითა ცრემლითა დაალტო  იგი. და აღდგა და წარემართა, და მის თანა მთავარ-ეპისკოპოსი იოანე და დედოფალი ნანა და ყოველნი მთავარნი მათნი და სიმრავლე ერისაჲ ფრიადი. და იწყეს სლვად და ვითარცა მიიწინეს, მოიკითხნეს და იკურთხნეს მისგან. მაშინ მისცა მშჳდობაჲ და კურთხევაჲ მეფესა და ყოველსა ერსა. და მთავარ-ეპისკოპოსმან იოანე აღასრულა საიდუმლოჲ ჟამის-წირვა და აზიარა განმაცხოველებელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელი-იგი წარიღო საგზალად საუკუნოდ და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა.

ესრეთ შემკული მოციქულობისა მადლითა, ბრწყინვალე ქალწულებითა განშუენებული ღუაწლთა სიმრავლითა, აღსავსე სათნოებათა ყუავილოვნებითა,  აღტჳრთული ტალანტთა სიმრავლითა, წარმოუდგა წმიდასა  სამებასა და მიართუნა ძღუნად პატიოსნად სიმრავლე ნაშობთა სულისათაჲ, და  ფრიადთა შრომათა და ღუაწლთა მიერ განკაფული სოფლისა  ამისგან სუფევად საუკუნოდ აღვიდა ოცდამეათხუთმეტესა წელსა ქართლს  შემოსლვისა მისისასა, ხოლო დასაბამითგანთა წელთა ხუთ ათას  რვაას ორმეოცდამეათოთხმეტესა. მაშინ შეკრბეს მეფენი და ყოველნი  მთავარნი მათნი და დედოფალნი ქართლისა და კახეთისანი და ურიცხჳ სიმრავლე  ერისაჲ და ჰხედვიდეს პირსა ნინოჲსსა, ვითარცა ანგელოზისასა  და ურთიერთას დასთრგუნვიდეს, რაჲთა სამოსლისაგან მისისა მიიღონ  რამე ევლოგიად, ანუ შეემთხჳნენ ღუაწლით-შემოსილსა მას გუამსა  მისსა. ხოლო მეფემან ძლით დააცხრო შფოთი იგი ერისა. და განიზრახა  მეფემან მთავარ-ეპისკოპოსისა და მთავართა მისთა თანა, რაჲთა წმიდაჲ  გუამი მისი აღმოიყვანოს მის მიერ აღშენებულსა მას წმიდასა ტაძარსა  და მახლობელად ცხოველისა სუეტისა დაჰკრძალოს. და ეჰა სასწაული  დიდებული, რამეთუ ყოველთა ჴელნი უქმ იქმნებოდეს და ყოვლად-ვე  ვერ უძლეს შეძრვად სიმრავლემან მან ერისამან, ვიდრემდის მას-ვე  ადგილსა, დაბასა ბოდისსა, სადა-იგი აღესრულა, მუნ-ვე დაჰკრძალეს  ფრიადითა პატივითა და დიდებითა. და აღაშენა ზედა ლუსკუმასა მისსა  მეფემან ტაძარი, ფრიად შუენიერი, და განაჩინა საეპისკოპოსოდ. და მიერითგან  აქამომდე სასწაულნი და ნიშნი ურიცხუნი აღესრულებიან ნაწილთაგან  მისთა წმიდათა სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ხოლო შემდგომად წმიდისა ნინოჲს ცხორებად საუკუნოდ მისლვისა მეფემან მირიან კეთილად წარჰმართა ღმრთის-მსახურებაჲ მართლისა სარწმუნოებისა მტკიცედ შეკრძალვითა, გლახაკთ მოწყალებითა, სიმდაბლითა და სიმშჳდითა, ეკლესიათა აღშენებითა, მსჯავრითა სიმართლისაჲთა, შიშითა ღმრთისაჲთა და სათნოდ ღმრთისა აღესრულა და დაიდვა სამთავროსა ეკლესიასა.

შემდგომად მისსა ძემან მისმან რევ, ყოველი რომელი ემცნო მამასა მისსა, მორჩილებით აღასრულა და სათნოდ ღმრთისა წარჰმართა მეფობაჲ, და იგი-ცა წარვიდა გზასა მამათა მისთასა.

 უწყებაჲ ჯერ-არს ამისი-ცა, საყუარელნო, ვითარმედ ესე მეფე მირიან  ანუ სხუანი მეფენი ქართველთანი, რომლისა ტომისაგან იყვნეს, ანუ ჩუენ  ქართველნი რომელთა ნათესავთა შვილნი ვართ. რამეთუ ალექსანდრე  მაკედონელი იქმნა რაჲ მეფე, პირველად უცხოთესლნი იგი ბოროტნი  წარმოიქცინა დასავალით და კერძსა მას ჩრდილოჲსასა დასხნა. და  ვითარცა უკუ-მოიქცა მუნით და შემოვიდა საზღვართა ქართლისათა, იხილნა  ნათესავნი იგი სასტიკნი წარმართთანი, რომელთა ჩუენ აწ ბუნ-თურქად  და ყივჩაყად უწოდთ. მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკურისასა  მიხუევით, და ქალაქნი მათნი ძლიერნი და ციხენი ფრიად მაგარნი, და ცხონდებოდეს  იგინი ყოვლად უცხოდ კაცთა ბუნებისაგან, ვითარცა მჴეცნი და  პირუტყუნი, რომელთა ქცევისა წარმოთქუმაჲ უჴმარ არს; და ენება რაჲთა-მცა  აფხურნა იგი ქუეყანისა მისგან, არამედ მას ჟამსა ვერ უძლო.

 კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველთაგანნი და დაეშენნეს  იგინი-ცა ქართლს. შემდგომად ამისა განძლიერდა და დაიპყრა ყოველი  სოფელი ამან-ვე ალექსანდრე მაკედონელმან სიბრძნითა და სიმჴნითა  თჳსითა. და აღმოვიდა კუალად ქუეყანასა ქართლისასა და ქალაქნი  და სიმაგრენი ყოველნი უცხოთესლთა მათ გამოუხუნა, რომელნი-მე მოსრნა  და სხუა სიმრავლე მათი ურიცხჳ წარავლინა კედარსა მას, სადა-იგი პირველნი მიიყვანნა, გარეგან ოვსეთისა. და არს ქუეყანაჲ იგი მაღალ  და ვრცელ და სიმრავლე წყალთაჲ, სადა-იგი მიერითგან მკჳდრობენ  დიდნი იგი ნათესავნი ყივჩაყთანი. და თჳთ იწყო შენებად ქუეყანასა ჩუენსა. ხოლო ჰყვა თანა აზოვე, ძე არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მისცა ქუეყანაჲ ესე ჩუენი სამეუფოდ და სამკჳდრებელად, და განუჩინა საზღვარი ჰერეთი და ეგრის-წყალი და სომხითი და მთაჲ ცროლისაჲ, და თჳთ წარვიდა.

ხოლო ესე აზოვე წარვიდა არიან-ქართლად მამისა თჳსისა და წარმოიყვანა მუნით ათასი სახლი მდაბიოჲ და მოქალაქე დედებით, ყრმებითურთ მათით და კუალად ათი სახლი მთავართაგან პალატისათა დედებით და ყრმებითურთ მათით. და მათ თანა ჰყვეს კერპნი ღმრთად. და ესე აზოვე არს პირველი მეფე ქართველთაჲ. და ამისთა შვილის-შვილთაგან  ოცდამერვე მეფე იყო მირიან, რომელი-იგი მხოლოდ იქმნა ქრისტეანე,  და მიერითგან ყოველნი მეფენი ქართველთანი არიან მორწმუნე  კეთილად. და ჩუენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსრულთანი  და ენა მათი უწყით. და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ  მეფეთა შვილის-შვილნი არიან.

 ხოლო მათ ჟამთა სპარსთა მიერ ფრიად იმძლავრებოდეს, რომელნი  ჰმსახურებდეს ცეცხლსა და ღმრთად თაყუანის-სცემდეს მზესა.

 და ვითარცა შემდგომად მირიანისა გარდაიცვალნეს ცხრანი მეფენი,  მეათედ მეფე იქმნა ვახტანგ გორგოსანი. და ვიდრე ყრმა-ღა იყო, იძულებით  წარვიდა სპარსეთად და დაიცვა სარწმუნოებაჲ ქრისტესი კეთილად.

 შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა მოიქცა. და იყო მიქაელ დიდი მთავარ-  ეპისკოპოსად და შეასმინეს მის თანა, ვითარმედ ვახტანგ ქრისტეანობაჲ  დაუტევა. ხოლო მან მსწრაფლ ირწმუნა და არღარა შეიმთხჳა მიმავალი  მოკითხვად მისა, არამედ ფერჴი შეამთხჳა პირსა მისსა და განაძო ეკლესიისაგან.

 ხოლო მეფემან ერსა ჴელი განუყარა და დაადუმა სიბრძნით  და წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად და ითხოვა მეფისაგან და  პატრიაქისაგან კათალიკოზი და მან წარმოგზავნა პეტრე კათალიკოზად  და სამოელ ღირსი და სხუანი მის თანა.

 ხოლო მეფემან ვახტანგ აღაშენა ქუემოჲ ესე დიდი ეკლესიაჲ  სუეტისა ცხოველისაჲ საკათალიკოზოდ, რამეთუ პირველი იგი მცირე იყო  და მთავრად და წინამძღურად ყოველთა ეკლესიათა განაწესა. და დასუა  მას შინა პირველად კათალიკოზად და მწყემსად პეტრე, რომელი ზემო  ვაჴსენეთ, და დაამდბლა პატივი "სამთავროსაჲ" ესრეთ ღონის-ძიებით  შეურაცხებისა მისთჳს მისისა.

ამან ვახტანგ აღაშენა ტფილისი და ქალაქი მცხეთაჲ მუნ მიცვალა.

ამან დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი, ამან შექმნნა კარნი იგი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიანისად უწოდთ, და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და დაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი, და დღენდელად დღედმდე არა ჴელ-ეწიფების გამოსლვად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თჳნიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა. ამან ვახტანგ მეფემან ფრიადი ძლევაჲ აღადგინა სპარსთა ზედა და ყოველნი წინა-აღმდგომნი დაიმორჩილნა. რამეთუ იყო საზარელ და გოლიათ და განთქუმულ ყოველსა ქუეყანასა და ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი  ბრჭალი კაცისაჲ იყო სიმაღლე მისი. და აწ-ცა რომელ არს აბჯარი  და სამოსელი მისი, მისგან უფროჲს საცნაურ არს. ხოლო იყო იგი  ფრიად შემკულ ღმრთის-მსახურებითა და კეთილად-მორწმუნეობითა, რომელი  მოიკლა სპარსთა ბრძოლასა შინა მონა-ყოფილისა ვისგან-მე მისისა  ზაკუვით, და არს საფლავი მისი წინაშე სუეტისა ცხოველისა და ზედა  საფლავსა მისსა წერილ არს ხატი მისი, სწორი ჰასაკისა მისისაჲ.

 ამისა შემდგომად ფრიადნი ჭირნი მოიწინეს სპარსთაგან ქართველთა  ზედა, და ფრიადნი სულნი მოსწყჳდნეს და ქუეყანანი დაიპყრნეს და  ფრიადნი იწამნეს სახელისათჳს ქრისტესისა. რომელთაჲ-მე აღწერილ არს  ჩუენ შორის და რომელთაჲ-მე აღუწერელად დაშთა, ხოლო ყოველნი აღწერილ  არიან წიგნსა მას ცხოველთასა და წინაშე ღმრთისა იხარებენ. ამას ყოველსა "ქართლისა ცხოვრებისა" წიგნი ვრცელად მოგჳთხრობს.

 ამისა შემდგომად გამოვიდა მეფე ჰერაკლე და შეიერთნა  ქართველნი და განგებითა სამეუფოჲთა შევიდა სპარსეთად და ყოველი  სპარსეთი შემუსრა: და ტაძარნი და ბომონნი მათნი დაამჴუნა და ხუასრო  მეფე შეიპყრა და ძელი ცხორებისა წარმოიყვანა და ძლევა-მოსილი სამეუფოდ  თჳსად უკუ-მოიქცა.

 ამისა შემდგომად განეფინა უსჯულოჲსა მუჰმედის ქადაგებაჲ. და  შეუდგეს ერნი ურიცხუნი, ვიდრემდის დაიპყრეს სპარსეთი და უმრავლესი  კერძოჲ ქუეყანისა და მიდეთი და სომხითი და ვიდრე კაბადუკიადმდე  და პონტოდმდე მოიწინეს. და ვითარცა განწესებულ იყო ანტიოქიით  კურთხევაჲ ქართლისა კათალიკოზისაჲ და წესთა და მოძღურებათა საეკლესიოთა  სწავლაჲ, არღარა ვის ჴელ-ეწიფებოდა სლვად გზასა მას  შიშისაგან აგარიანთასა, და ამისთჳს ფრიადი ზრუნვაჲ აქუნდა. ხოლო დღეთა თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისათა წარვიდეს მოციქულნი საქართველოჲთ და მიუთხრეს ამის პირისათჳს. ხოლო თეოფილაკტე პატრიაქმან ყო საზოგადოჲ კრებაჲ მიტროპოლიტთა და ებისკოპოსთაჲ და განაჩინა ესრეთ წერილითა ბრძანებითითა, რაჲთა ეპისკოპოსნი სამრემლოჲსა მისისანი შემოკრბებოდინ და ზოგადითა გამორჩევითა მათითა და საკათალიკოზოჲსა მის ადგილისა მღდელთა და ერისაჲთა, და განაჩინონ ყოფადი, რომელი-იგი ღმერთმან გამოუცხადოს და წესისაებრ თჳთ მათ-ვე კათალიკოზად ჴელნი დაასხნენ. და ამის პირისათჳს მოსაჴსენებელი წიგნი დაწერა და დაჰბეჭდა თჳსითა ბეჭდითა და მისცა მათ წესისაებრ  ეკლესიისა. და ერთსა მოსრულთა მათგანსა, სახელით იოანეს,  ჴელნი დაასხნა კათალიკოზად. ხოლო ვითარ-იგი იყვნეს პირველ სასყიდლად  ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა ეკლესიასა ანტიოქიისასა შეწირულნი სოფელნი  რიცხჳთ ასი, ამათ წილ განუწესეს მოცემად მათდა წლითი-წლად  დრაჰკანი ათასი, რომელი-იგი მიეცემოდა ვიდრე დღეთამდე იოანე  პატრიაქისათა. ხოლო მიეცა იგი ორესტის, პატრიაქსა იერუსალემისასა,  რომელი მოციქულად მისრულ იყო მეფისა ბასილის თანა. მხოლოდ ესე-ღა  დაუშთინეს, რაჲთა სახელით ხოლო მოიჴსენებოდის ქართლს პატრიაქი  ანტიოქი[ი]საჲ. და კუალად ჟამსა წვალებათა ზედა აღდგომისასა  მიივლინებოდის მათდა და სულიერთა საქმეთა გამოეძიებდეს მათ შორის  რომლისაგან ყოვლად-ვე შეუხებელად და შეუმრღუეველად და მიუდრეკელად  მარადის პირველითგან დაცვულ არს ნათესავი ჩუენი თანა-მოღუაწებითა  ყოვლად-სახიერისა ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა, ურიცხუთა წყალობათაჲთა  და უხრწნელისა დედისა მისისა მეოხებითა და საფარველითა.

 ხოლო ბერძენთა ზედა პირველითგან ესევითართა ბოროტთა წვალებათა  მიერ მოწევნილნი განსაცდელნი და ჭირნი არა-ადვილად აღსარიცხუველ  არიან. რამეთუ მარადის მბრძოლი ნათესავისა ჩუენისაჲ, განცოფებული  სიბოროტითა, ხედვიდა რაჲ ღმრთის-მსახურებასა ამაღლებულად და თავსა  თჳსსა დათრგუნვილად, განიპებოდა შურითა, განიჭრებოდა და ღონე-ჰყოფდა  მანქანებითა თჳსითა, რაჲთა კეთილად აღორძინებულსა მას იფქლსა  ღმრთის-მსახურებისასა და მართლ-სარწმუნოებისასა შეურიოს ღუარძლი  თჳსისა სიბოროტისა, ვინაჲთგან ცხადად კერპთ-მსახურებაჲ სრულიად  აღმოფხურილ და განქარვებულ იყო ქუეყანით. ამისთჳს მოივერაგა  ყოვლად-ბილწმან მან და აზმნო დარწმუნებად მის ჟამისა მეფეთა და ყოვლად-მიზდურთა მათ წინამძღუართა ეკლესიათა და მთავართა ერისათა და უჩუენებდა ბნელსა მას ნათლად და მწჳრესა მას წვალებისასა რეც მართლად საწურთელ და სასწავლო ყოფად, რომელთა კეთილად მოღუაწენი იგი მბრძოლნი მართლისა სარწმუნოებისანი სიმჴნით წინა-განეწყვნე და უშიშად ამხილებდეს, რომელნი-იგი ბოროტად მადიდებელთა მათ მეფეთა თანა-შეწევნითა ბოროტად მადიდებელთა მათ ეპისკოპოსთა არიანოზთაჲთა, ვითარცა ძჳრის-მოქმედნი დასაჯნეს სიკუდიდ კაცნი, სწორნი ანგელოზთანი, ვითარცა უწყით ყოველთა, რამეთუ დიდი იგი ქადაგი სინანულისაჲ, იოანე ოქროპირი, ექსორიობითა განკაფეს, რომელთა შინა  სოფლისა ამისგან განვიდა; და კუალად პავლე აღმსარებელი შემდგომად მრავალთა დევნათა და პყრობილებათა საბლითა მოაშთვეს; და მაქსიმეს  აღმსარებელსა ჴელი და ენა მოჰკუეთნეს, შემდგომად ფრიადთა ჭირთა  ექსორიობათა შინა სიკუდიდ დასაჯეს; ეგრეთ-ვე სტეფანე ახალი შემდგომად  მრავალთა ტანჯვათა ძელითა განტჳნეს. და სხუანი უმრავლესნი  რიცხჳსანი მართლისა სარწმუნოებისათჳს მსგავსად-ვე კერპთ-მსახურთა  უწყალოდ მოსწყჳდნეს უსჯულოთა მათ მეფეთა, წმიდათა ხატთა-მბრძოლთა  და ერთ-არსისა სამებისა მგმობართა და განმყოფელთა, ვითარცა იყო  უალი და ანასტასი და ლეონ და უსჯულოჲ კოსტანტინე და სხუანი მრავალნი.  რამეთუ ესოდენ განგრძელდა საცთური ესე, რომელ ყოველნი ეკლესიანი  საბერძნეთისანი დაიპყრნა ბოროტმან ამან წვალებამან, რამეთუ ესოდენ  არღარა იპოვა მართლ-მადიდებელი ეპისკოპოსი სამეფოსა ქუეშე ბერძენთასა:  რომელ წმიდაჲ იოანე, ეპისკოპოსი გუთეთისაჲ, თჳსისა სამწყსოსა  მიერ ქართლისა კათალიკოზისა წარმოივლინა და ამიერ მიიღო  ჴელთ-დასხმაჲ, და ეგრეთ წარვიდა ქუეყანად თჳსად.

 ხოლო ჩუენ ზედა, ქართველთა, მარადის ღმრთისმიერითა მოხედვითა  და ზედა-მდგომელობითა წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობლისა  და მარადის ქალწულისათა ვინაჲთგან ვიცანთ ჭეშმარიტებაჲ  და აღვიბეჭდენით სულისა მიერ წმიდისა ნათლის-ღებითა და ვისწავეთ  მართალი სარწმუნოებაჲ, არაოდეს მიდრეკილ ვართ გზისა მისგან  წრფელისა, არცა ოდეს შესრულ არს გესლი სიბოროტისა მათისაჲ გულს  ჩუენსა, არცა ბიწი შეგინებისა მიუღია სასმენელთა ჩუენთა, ოდეს-ცა  ბოროტთა მწვალებელთა მრავალ-მზრახვალობისა. არამედ ეკლესიანი და წინამძღუარნი მათნი და ყოველი ერი ჩუენი მტკიცედ და შეურყეველად ჰგიან აქამომდე მართალსა ზედა სარწმუნოებასა; და უკუეთუ ოდეს-მე მათ მიერ სიტყჳს-გებაჲ ქმნილ არს, პირველსა-ვე გამოჩინებასა სიხენეშისა მათისასა წარდევნილ არიან ჩუენ მიერ და კუალად ბოროთ-მძჳნვარებისათჳს მათისა ერისა მიერ მორწმუნისა ქვითა-ცა განტჳნულ არიან, ვითარცა საჩინოდ ჴმობს სიმრავლე იგი ქვათაჲ, შეკრებული პეტროზს ზედა, რომელთა საცთურისაგან მარადის გჳჴსნენინ ქრისტემან, რომლისაჲ არს დიდებაჲ, სიმტკიცე და სუფევაჲ მამისა თანა სულით წმიდით საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.