თორმეტტომეულის მთავარი რედაქტორისაგან

1976 წელს აღინიშნა 100 წელი დიდი ქართველი მეცნიერის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის (1876 - 1940) დაბადებიდან, რაც სახალხო ზეიმად გადაიქცა საბჭოთა საქართველოში.

ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ დაადგინა გამოიცეს ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა თორმეტტომეული, რისი განხორციელებაც ერთობლივად დაევალათ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა თორმეტტომეულის გამოცემა მიზნად ისახავს ფართოდ გააცნოს მკითხველს დიდი მეცნიერის მდიდარი და მრავალფეროვანი მეცნიერული მემკვიდრეობა.

არ არსებობს საქართველოს ისტორიისა და საერთოდ ქართველოლოგიის არც ერთი დარგი, რომელშიც ივ. ჯავახიშვილს არ შეეტანოს თავისი დიდი წვლილი. იმავე დროს იგი მონაწილეა საქართველოს კულტურული ცხოვრების ყველა მთავარი მოვლენისა მეოცე საუკუნის დამდეგიდან ვიდრე 40-იან წლებამდე.

ივ. ჯავახიშვილის შემდეგ ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ და მას ბევრი თვალსაჩინო მიღწევა აქვს. რიგი საკითხი, რასაც ივ. ჯავახიშვილი იკვლევდა, დღეს უფრო სრულად და ახლებურადაა გაგებული, ბევრი ისტორიული ფაქტი და მოვლენაა აღმოჩენილი, დაზუსტებული და მეტი სისრულით გაშუქებული. ამიტომ საქართველოს ისტორიის მკვლევარისა და შემსწავლელისათვის ბევრი რამ არის საგულისხმო და სახელმძღვანელო ჯავახიშვილის შემდგომი ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში. მათზე მითითება და მათი მოტანა თითოეულ ცალკე შემთხვევაში, როცა ჩვენი ავტორი ამ საკითხებს იკვლევს, ამ გამოცემაში არ გვიცდია, მაგრამ ტომებზე დართული შენიშვნები წარმოდგენას გვაძლევს ხსენებული ნაშრომების შესახებ. შენიშვნებშივე მოცემულია მეტ-ნაკლებად სრული ბიბლიოგრაფიებიც, საკვლევი საკითხების და ზოგიერთი თვალსაჩინო ფაქტის განსხვავებული გაგება თუ ინტერპრეტაცია.

ივანე ჯავახიშვილის მდიდარი მეცნიერული მემკვიდრეობიდან თორმეტტომეულში შეტანილია ავტორის თითქმის ყველა ძირითადი გამოქვეყნებული ნაწარმოები: ქართველი ერის ისტორია, საქართველოს ეკონომიური ისტორია, ქართული სამართლის ისტორია, საქართველოს ისტორიის შესავლის სახით გამოქვეყნებული ნაშრომები (ქართული პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ნუმიზმატიკა და სხვ.), ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, მუსიკის ისტორია და სხვანი.

ყველა ეს ნაშრომი, რასაკვირველია, თავისი მნიშვნელობით ერთნაირი არ არის, მაგრამ თითოეული მათგანი, მეტ-ნაკლებად, ახალი ქართული ისტორიოგრაფიის დიდი მონაპოვარია და მას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს.

დიდი მეცნიერის ნაშრომთა ბიბლიოგრაფიაში (ივ. ჯავახიშვილი, ბიბლიოგრაფია, "მეცნიერება", 1976) მოტანილია მისი გამოქვეყნებული შრომების სია, რომელიც 164 დასახელებას შეიცავს (გამეორებულ გამოცემათა ჩათვლით), მაგრამ ივ. ჯავახიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობა გაცილებით უფრო მდიდარია.

არქივი, რომელიც მეცნიერის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ დარჩა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება, ამჟამად დამუშავებისა და კვლევის ობიექტია, რის შედეგებსაც დიდი ინტერესით ელოდება არამარტო მეცნიერული საზოგადოებრიობა.

ამრიგად, ივ. ჯავახიშვილის სრული მეცნიერული მემკვიდრეობის შესწავლა და გამოქვეყნება მომავლის საქმეა და იგი ქართული საბჭოთა ისტორიული მეცნიერების საპატიო ამოცანას წარმოადგენს.

ივ. ჯავახიშვილის ენა ემყარება ილია ჭავჭავაძისა და მის თანამოღვაწეთა ახალ ქართულ ენას; იგი თვითმყოფადია და მასში ნათლად ჩანს მჭიდრო კავშირი ჩვენს მდიდარ სასულიერო თუ საერო თხზულებათა ენასთან; იგი მრავალფეროვანია, კეთილხმოვანია და სრულ წარმოდგენას გვაძლევს, თუ როგორ მეტყველებდა დიდი ისტორიკოსი.

თუმცა უახლესი ქართული მეცნიერული ლიტერატურის, კერძოდ ისტორიოგრაფიის ენა კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ მთავარმა სარედაქციო კოლეგიამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა დიდი მეცნიერის ენის რაიმე გასწორებაგანახლება და ამრიგად, აქ ავტორი წარმოგვიდგება თავისი ენის პირველქმნილი მშვენებით.

თორმეტტომეულის გამოცემა გათვალისწინებულია 1978 – 1985 წლებში. თითოეული ტომის შინაარსი და რედაქტორი ნაჩვენებია ქვემოთ.

I ტომი –– ქართველი ერის ისტორია, ვ. გაბაშვილი;
II ტომი –– ქართველი ერის ისტორია (გაგრძელება), ვ. გაბაშვილი;
III ტომი –– ქართველი ერის ისტორია (დასასრული), მ. დუმბაძე;
IV ტომი –– საქართველოს ეკონომიური ისტორია, პ. გუგუშვილი;
V ტომი –– საქართველოს ეკონომიური ისტორია (დასასრული), ვ. ჩანტლაძე;
VI ტომი –– ქართული სამართლის ისტორია, ი. დოლიძე;
VII ტომი –– ქართული სამართლის ისტორია (დასასრული), ი. დოლიძე;
VIII ტომი –– ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V –– XVIII სს.), მ. ლორთქიფანიძე;
IX ტომი –– ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია; ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა; ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ე. მეტრეველი;
X ტომი –– ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, ა. ჩიქობავა, ქ. ლომთათიძე;
XI ტომი –– საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულეთნოლოგიური პრობლემები, ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, გ. ჩიტაია, გ. ჩხიკვაძე;
XII ტომი –– ადრინდელი პერიოდის (1898 –– 1912 წწ.) ცალკეული ნაშრომები, მ. დუმბაძე.

რედაქტორისაგან

ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნი, რაც 12-ტომეულის I ტომს წარმოადგენს, გამოიცა ხუთჯერ: სამჯერ ავტორის სიცოცხლეში (1908 წ., 1913 წ., 1928 წ.), ორჯერ მისი გარდაცვალების შემდეგ (1951 წ., 1960 წ.). წინამდებარე მეექვსე გამოცემაში გათვალისწინებულია ხუთივე გამოცემის ყველა ძირითადი თავისებურება. ამავე დროს ახლადრედაქტირებული ტექსტის დედანი შედარებულია "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნის ხელნაწერთან, რომელიც დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ივ. ჯავახიშვილის კაბინეტში.
რედაქცია ცდილობდა "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნის ახალი გამოცემისათვის შეენარჩუნებინა ის სახე, რომელიც მისთვის დამახასიათებელი იყო პირველი სამი გამოცემის დროს. ამიტომ ის ყოველგვარი დამატების გარეშე იბეჭდება.

როგორც ცნობილია, ივ. ჯავახიშვილი "ქართველი ერის ისტორიის" პირველი გამოცემის შემდეგ ინტენსიურად განაგრძობდა ახალი მასალების, ახალი ფაქტების შეგროვებას, სულ ახალი და ახალი საკითხების კვლევა-ძიებას. ამავე დროს, ახალი მასალების შუქზე ავტორი საჭიროდ თვლიდა გადაესინჯა ან ახლებურად გაეაზრებინა ზოგი ადრინდელი მოსაზრება და დებულება. განსაკუთრებით უხვად სარგებლობდა ივ. ჯავახიშვილი ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებით, სულ უფრო და უფრო აფართოებდა წერილობითი წყაროების წრეს (ქართული, სომხური, ბერძნული, სპარსული, არაბული, სირიული თხზულებები), იყენებდა და იმოწმებდა ახალ გამოკვლევებს (განსაკუთრებით რუსულ და დას. ევროპულ ენებზე). ასე თანდათან იზრდებოდა "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნის მოცულობა. მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: "ამ თხზულების პირველი წიგნი წინადაც იყო დაბეჭდილი, მაგრამ ეხლა იგი იმდენად გადაკეთებული და შევსებული არის, რომ თითქმის ახალ გამოცემად უნდა ჩაითვალოს".

პირველი ორი გამოცემისაგან ამ მხრივ არსებითად განსხვავდებოდა მესამე (1928 წ.) გამოცემა, რომელიც თითქმის მთლიანად შევსებული და გადამუშავებული იყო. თვითონ ივ. ჯავახიშვილი წინასიტყვაობაში ამის გამო წერდა: "ქართველი ერის ისტორიის" პირველი წიგნის მესამე გამოცემა... მეორე გამოცემისაგან გეგმითაც და შინაარსითაც თვალსაჩინოდ განსხვავდება. იგი ძალზე შევსებულია და გადამუშავებული. ამ წიგნის ორ მესამედზე მეტი სრულებით ახალია". სწორედ ამიტომ რედაქცია ძირითადად ამ მესამე გამოცემით სარგებლობდა, ტექსტის რედაქტირებისას მას ეყრდნობოდა, მით უმეტეს, რომ ის ივ. ჯავახიშვილის უშუალო მეთვალყურეობით გამოქვეყნდა და, ამავე დროს, სათანადოდ ითვალისწინებდა ქართული ისტორიოგრაფიის ყველა იმ მიღწევას, რომელიც ქართველოლოგიური მეცნიერებისათვის სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, განსაკუთრებით კი 20-იანი წლების დასასრულსა და 30-იანი წლების დამდეგს.

ამას გარდა, თვითონ ივ. ჯავახიშვილმა მესამე გამოცემიდან ამოიღო მეორე გამოცემის ზოგიერთი ნაწილი და მიზანშეწონილად არ ცნო მათი "ქართველი ერის ისტორიაში" დაბეჭდვა.

როგორც ჩანს, იგი ზოგი საკითხის შესახებ ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევის გამოქვეყნებას აპირებდა. სულ სხვა თვალსაზრისია გამოთქმული 1908 წ. გამოცემის წინასიტყვაობაში. იმ დროს ავტორი იძულებული იყო, რათა მისი "აზრი და მსჯელობა დაუსაბუთებელი არ ყოფილიყო, "ისტორიაში" მონოგრაფია თითქმის მთლად" შეეტანა. ივ. ჯავახიშვილი იქვე დასძენდა: "შემდეგ წიგნების ბეჭდვის დროს, მე ვგონებ, ეს ნაკლი თავიდან ავიცილო".

ამ მოსაზრებით არის მესამე გამოცემიდან ამოღებული მეორე გამოცემაში დაბეჭდილი: "ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და ბინადრობა" (თავი I, § II) და "ქართველების პოლიტიკური მდგომარეობა XI –– I სს. ქ. წ." (თავი V). ერთიც და მეორეც დამატების სახით მეორე გამოცემიდან გადმობეჭდილია "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნის მეოთხე და მეხუთე გამოცემებში.

დამატებების სახით აღნიშნულ გამოცემებში შეტანილია ივ. ჯავახიშვილის ის ნაშრომები, რომელთა შინაარსი თემატიკურად და ქრონოლოგიურად უკავშირდება საქართველოს ისტორიის თხრობას უძველესი დროიდან ჩვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნემდე.

1951 წ. მეოთხე გამოცემაში დამატების სახით დაბეჭდილია: "მცხეთის არქეოლოგიური გათხრები" (მცხეთა-სამთავროს არქეოლოგიური მუშაობა, დამატება III), "პიტიახშ ასფაგურის აკლდამა არმაზში" (საუბარი აკადემიკოს ი. ა. ჯავახიშვილთან, გაზ. "კომუნისტი" 1940 წ. 31 ოქტომბერი), "გათხრები მცხეთასამთავროში" (ქალაქ მცხეთის ისტორიისათვის, მოხსენება, დამატება IV). მეორე გამოცემიდან მეოთხე გამოცემაში დამატების სახით გადმობეჭდილია "ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა" (დამატება I) და "ქართველების პოლიტიკური მდგომარეობა XI - I სს. ქ. წ.". 1960 წ. მეხუთე გამოცემაში გამეორებულია ყველა ეს დამატება. ამას გარდა, დამატების სახით მას დართული აქვს ივ. ჯავახიშვილის მიერ პეტერბურგის უნივერსიტეტში 1902 წლის 18 ნოემბერს წაკითხული შესავალი ლექცია: "აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია და საქართველოს და სომხეთის ისტორიის მონაცემები" (დამატება I1).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინამდებარე მეექვსე გამოცემა იბეჭდება აღნიშნული დამატებების გარეშე. ისინი ორგანულად დაკავშირებული არ არიან "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნის არც საერთო კომპოზიციასთან, არც მისი თხრობის მთავარ და ძირითად საგანთან -საქართველოს ისტორიულ თავგადასავალთან უძველესი დროიდან VII საუკუნემდე. ყველა ეს დამატება შეიძლება გამოქვეყნდეს იმ გამოცემაში, რომლის შინაარსი დაეთმობა ადრინდელ თუ გვიანდელი პერიოდის წერილებს, ივ. ჯავახიშვილის პირადი არქივის მასალებს, მის მდიდარ მეცნიერულ მემკვიდრეობას.

"ქართველი ერის ისტორიის" I წიგნი ფაქტიურად მოიცავს ჩვ. წელთაღრიცხვის I - VII საუკუნეებს. მასში აღწერილია რომისა და სასანური ირანის მოძალებასთან დაკავშირებული მოვლენები, რომის (გვიანი ბიზანტიის) და სასანური ირანის ის წინააღმდეგობანი, რომელთა ერთ-ერთ მთავარ სარბიელს ამიერკავკასიის ქვეყნებიც (საქართველო, სომხეთი, ალბანეთი) წარმოადგენდნენ. ეს წინააღმდეგობები თავის მკაფიო გამოვლინებას პოულობდა საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ, კულტურულ და იდეოლოგიურ ცხოვრებაში. ყოველივე ეს პირველწყაროების ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე გულდასმით აქვს შესწავლილი ივ. ჯავახიშვილს, გაცილებით უფრო სრულად და დაწვრილებით, ვიდრე ჩვ. წელთაღრიცხვის წინარე პერიოდის ისტორიული თავგადასავალი. ეს, როგორც ჩანს, უნდა ავხსნათ, არა მარტო მასალის (განსაკუთრებით არქეოლოგიური) სიმცირით, წერილობითი წყაროების განსაზღვრული რაოდენობით (მათი დიდი უმრავლესობის ცნობები I - VII სს. საქართველოს ისტორიას უკავშირდება), არამედ იმითაც, რომ წინარე პერიოდის შესწავლა უპირატესად ლინგვისტიკური და ეთნოლოგიური კვლევა-ძიების საჭიროებით იყო შეპირობებული. შემთხვევით არ იყო, რომ "ქართველი ერის ისტორიის" მეორე გამოცემაში (1913 წ.) საგანგებოდაა მიმოხილული "ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა", მაგრამ ამოღებულია მესამე გამოცემიდან (1928 წ.), საქმე ისაა, რომ ივ. ჯავახიშვილს განზრახული ჰქონდა ლინგვისტიკური და ეთნოლოგიური დაკვირვებები და საკითხები გაეტანა ცალკე გამოკვლევაში. ეს გამოკვლევები მას წარმოდგენილი ჰქონდა "ქართველი ერის ისტორიის" შესავალის სახით. ზოგი რამ ამ მხრივ მან განახორციელა კიდეც. ცალკე მონოგრაფიულ გამოკვლევებს წარმოადგენენ მისი ლინგვისტიკური და ეთნოლოგიური ნაშრომები ("კავკასიურ ენათა თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა", თბ., 1937, "საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები", თბ., 1950). მსგავს გამოკვლევებს ივ. ჯავახიშვილი "ქართველი ერის ისტორიის" შესავალის მნიშვნელობას ანიჭებდა.

"ქართველი ერის ისტორიაში" კი ივ. ჯავახიშვილს მახვილი გაკეთებული აქვს საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე, პოლიტიკურ ისტორიაზე. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ "ქართველი ერის ისტორიის" I წიგნის ახალი გამოცემის ყოველგვარი დამატების გარეშე დაბეჭდვა.

"ქართველი ერის ისტორიის" I წიგნის ახალი გამოცემის რედაქტირებაში მონაწილეობდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვ. გაბაშვილი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატები გ. ჯაფარიძე და გ. ამირანაშვილი.

გ. ჯაფარიძემ და გ. ამირანაშვილმა განსაკუთრებული გულისყურით შეუდარეს ერთმანეთს ყველა ძველი გამოცემა, შეამოწმეს სქოლიოები, დააზუსტეს ზოგიერთი პუბლიკაციის სახელწოდება, გაასწორებს შემჩნეული კორექტურული შეცდომები, შეავსეს და ზოგიერთ შემთხვევაში გაშიფრეს სხვადასხვა გამოცემათა (განსაკუთრებით უცხოური) შემოკლებანი და სხვ. ტექსტის ზოგი საეჭვო წაკითხვა გ. ჯაფარიძემ შეუდარა ხელნაწერს. რედაქციას თვითონ ტექსტში არავითარი ცვლილება არ შეუტანია (გასწორდა მხოლოდ აშკარა კორექტურული შეცდომა). ხელნაწერი ამის უფლებას არ იძლეოდა. მაგრამ ის, რაც დაზუსტებას და გამართვას მოითხოვდა, სათანადოდ არის აღნიშნული გამოცემისათვის დართულ კომენტარებში.