თუალ მარგალიტთა მებაზრეთა და სიტყვა-ხელოვნებათა გამომჩხრეკელთა და უცხოთა არაკებთათუის პირის ამღებთა და საკვირველთა შემჭევრებითა თქმულთა, შემაწყობელთა ამა ამბისა თავი, ჰაი-ჰაი, ასე მოურთავთ, ქებულისა და გამოჩენილის კაბადონტა დასაწყისი უცხოთ რამ შეუწყვიათ, რომე პირველსა ჟამთა და დროთა ჩინეთისა ქუეყანათა ერთი მეფე ყოფილა, რომე მისი ბედსვიანობა მისისა სახელდიდობის ხმა ყოელთა ადგილთა განფენილიყო, მისი შარავანდედი, როგორითაც საშუალო დიდი მზე, ნათელთა ყოელგან მიჰფენდა, მის ჟამის მეფეთა მისის მორჩილებისა საყური სულისა საგრძნობელთა ყურთა გაეყარათ და ამაღლებულთა xელმწიფეთა აღვირი პირთა აედვათ.


შაირი


ფრიდონ მეფისა უმაღლე, ჯიმშეთის უმტკიცესები,

მაკედონელის უმძლავრე, დარიოსისებრ მწესები.

მოწყალე, ტკბილი, მთუარულად მის შუქსა შუქნი მზესები,

სიმშვიდე ჰქონდა და წყრომა-ცეცხლთ უარესები



ეს დიდებულნი დღითი დღე მის სვეამაღლებულის საფენთა გარმოიცევდენ. ქუეყნის მჭირაობათა მცდელთა და დიდად ბრძენთა და ჭკუისა მრჩეველთა ვეზირთა მისის სამსახურისა სარტყელი წელთა შეერტყათ. მისის ღრუბლის უმაღლე ტახტთა მწიგნობართა და სიტყუამეცნიერნი მცოდინარენი მისის მოხმარების ხელთა ზედა ისხდნენ; მის საუნჯეთა უცხონი მოწყობით ისხნეს და ბუმბერაზნი და ლაშქარნი თუალგარდუწდომელნი ჰყვეს. მისი წყალობა და ხრმლის კრვა შეერთებულიყო, მისი ხელმწიფობა ბოროტთა ხეიბრობისა მეგობარი იყო.


შაირი


მეფედ სიკეთე მისისა საქმის ქნით გამოჩდებისა,

მაღალი მაღლის მბაძველი, მაღლით მოიმედებისა,

ვინცა განახვას კეთილი, დება ირჩიოს დებისა,

მასვე ჭირად უც, მისივე ქუეყანა მოოხრდებისა.


ამ მეფეს ერთი ვეზირი ჰყვა გლეხთა კაცთა გამომზრდელი, რომე მისი ჩხრეკა და რჩევა ქუეყანათა ღამის მთეველი და სიბნელის სანთელი იყო. მისი საგონებელი ერთს წუთზედ ათასს ძნელად შეკრულს საქმეს გახსნიდა, ჩხუბით აღელვებულის ზღვის ხომალდსა მისის სიწყნარით ამოდ ავლენდა, მძიმე ლოდს, მჩქეფარს მორევში ჩაგდებულს, დააყენებდა, კალთის დამფრეწელს ფიცხელს ეკალთა რისხვისა ქარითა ძირითურთ აღმოფხვრიდა.


შაირი


ჭკუა და რჩევის რიგებით რა გულთა მიაპყრობდისა,

ასკეცად რაზმთა გამტეხად უფროსად იაზროდისა,

ქუეყნის რიგების საქმეთა სხვას აც თუ შეესწროდისა,

ერთის უსტარის მიწერით იყლიმთა დაიპყრობდისა.


ამისთუს რომე მისი ყოველი განზრახვა მოსაწონნი იყო, მისის საქმისაგან ქუეყანა დამშვიდებულიყო, ამისთვის სახელად ხაჯუსტარ-რაი ეწოდა. და უმაიუნფალ არას საქმეს უმისოდ არ იქმოდის, და არც დიდსა და არც მცირეს მისად უკითხავად არ განაგებდა, ბრძოლისა ასპარეზთა და სიმხიარულისა სნატთა და დროთა არ დაჯდებოდა, არა ილხენდა. ზედასა-ზედა, რომე მეფენი და ხელმწიფენი და ამაღლებულნი კაცნი, თუცა ჭკვიანთა და მოხუცებულთა არა ჰკითხვიდეს, და გამორჩევით ბრძანებას არ შეამზადებდეს, არ უნდა კაცი გაერიოს. რაგინდ რომე ყოველი ძალი და შეძლება და დიდროანთა კაცთა მეპატრონობა ჰქონდეს, ბრძნის ვეზირთა და ჭკვიანთა და მცოდინარეთა რჩევა უხმს, და მით დამტკიცება, ამისთვის რომე, რაც მათის გვარის კაცნი გამოვა, ყველანი ჭკვიანნი არიან, და ქუეყანათ დამშვიდება და თემთა მოშენება და რაც რამ საქმე – რჩევით უნდა ქნან.


ლექსი


ყვალა საქმესა ჩხრეკითა, მრავალი უნდა რჩევანი,

გაუსინჯავთა საქმეთა ბოლოდ შეექმნას ზღვევანი.


ამ დიდებასა შინა უმაიუნფალ ერთს დღეს ნადირობად გასვლა მოინდომა და ცხენთა ამხედრება ბრძანა. ხაჯუსტარი, მისთა სვებედნიერობისა ავჟანდათა მოსამსახურე, თანა იახლა, ნადირით სავსე დიდი ველი ხელმწიფის მხედართა ცხენის ფერხთათვის სახლედ შეიქნა. მაღლა ჰაერთა ფრინველთა გულის საწადლით მოენებათ, რომ მეფეს ნადირთ თავი მისცენ და ჰაერიდან ქუე ჩამოვიდოდნენ. ნადირთ მდევართა პირუტყვთა დათოკვილთა საბელნი ნადირობისათვის დასწყვიტეს და პატიმრობისაგან გათავისუფლდენ და ნადირის საძებრად აქა და იქით რბოდეს. მეძებართა და ავაზათა და ყურშავთა თუალშვენიერის ქურციკის დანახვისათვის ტანის სიჭრელე ყოველი თუალებად გარდაქცეოდა, ლომებრ ჭარგიანთ მწევართა ყურდღლის სათამაშოდ ათასფერი მელური ხრიკი ესწავლა. ძლიერად მაღლა მფრინავი ქორნი, ნასროლს ისართაებრ ხელიდამ გავარდნილი, ღრუბელთა შესწორებოდა, და კეკელა შავარდენთა სისხლისა მღვრელის კლანჭითა ფრინველთ ძარღვნი ყელიდამ ამოეხეთქათ.


ჩახრუხაული


უტევდენ ქორთა ,შევარდენს შორთა, კლანჭ-მახვილ სწრაფთა

მებრძოლთა სწორთი,

კაკაბი და გლონ თევზებრ დასაგლონ, ხოხობთ იჭერდნენ არ ერთთა,

ორთა,

ავაზა-მწევრით, სწრაფად მომწევრით, ქურციკს იპყრობნენ, არნთა

და ღორთა,

რად იქმნეს ისრად, გარდიქცეს ის რად?-ვითა მშვილდისგან ნაკრავი

მძორთა.


რა ხელმწიფემ ნადირობით გული აღისრულა და მინდორი ნადირთა და ფრინველთაგან დასცალა, ლაშქართ დასტური უბოძა, და თვით მეფემან და ვეზირმა ტახტისაკენ პირი დააპყრეს. მაგრამ მას ადგილს მზის სიცხით ბასრი ხუფთანი ცვილისებრ დალბებოდა და ქეჯიმნი ჰაერის ჭრტიალსა შეერთებინა და ქართულად მავალთა მარქაფათა სლვათა შინა შესწევდა.


შაირი


ეგონათ,თუ მოეკიდა ცეცხლი ველთა, მთა და ბართა,

აალმურდა ცა და მიწა, ართუ გუანდა ნაბუქართა.

სირნი ტყვეთა იმალოდენ, შებნედილი გვანდა მკუდართა,

მძრომთა ხურელთა მიაშურეს, ქუე მიწისა ნაუბართა.


უმაიუნფალ უბრძანა ხაჯუსტარის:

-ესეთსა ცხელთა აერთა შინა სვლა ჭკუისაგან შორ არის. თუცა კარავი ახლორე იყოს, მოვიჩრდილოთო, თვარა აწ სიცხისა ჭრტიალისაგან მიწისა წიაღი ეთერის სფეროს მსგავსად ცეცხლის მადნად ქცეულა, ანუ რას მოსაგონს მოიგონებ, რომე წამსა შინა მოვიგრილოთ, და რა მზე ფასკუნჯსავით ბუდესა ბინდ-ბანდისასა შთავდეს,ჩუენცა ბედნიერობით ჩუენთა ვანათა მივბრძანდეთ.

ხაჯუსტარ-რაი ენა საქებლად დაძრა და მოახსენა:


ლექსი


შე ქუეყნის მზეო, ღთის ჩრდილო, სიგრილით შვენიერო და

ომაინისა უმჯობე, შენი ჩრდილია ჩერო და!


ჩუენ მონანი შენნი, ომაინის მსგავს ბედნიერს დიდს ხელმწიფეს დრიშის ქვეშ რა ვახლავართ, ქუეყნის დამწველის მზის ფაკლასაგან არ ვიშიშვით. თქვა:


ლექსი


მზე თუ გვაცხუნებს ჟამამდე, რად ჭმუნავს გული ჩუენია?

მეფის დიდება შუაგად ჩუენ მონათ გარდაგვფენია.


მაგრამ ღთისაგან გამორჩეულის და მაღლისა და ქებულის მეფის საბედნიერო ჩრდილმან ამ ლაშქრისათვის მოსვენება და hაერისაგან განკრძალვა ბრძანოს, დიდს მადლს მოიგებსო. თქვა:


ტაეპი


ყოველთა კაცთა სიცოცხლე მეფისა დღეთა ჰკიდია.


აქ ახლო ერთი მთა მინახავ, რომე ჭაბუკისა გულთაებრ მაღალი და გულოვანისა კაცის ბედისებრ ალაღებულია. ამას წინათ მცირე ხანს ვნახე, თავით ფერხამდის მწვანე სამოსლით მორთულიყო და ათასი ცივი წყარო მისის წმინდა გულისაგან დიოდა და ყუავილთა ცის ვარსკულავით ნათლად კრკიალებდა. მისთა წყაროთა ნადირობთა კიდეთა, სამოთხისა მსგავსად, ხენი გაწყობით იდგნეს. აწ მე ამ რჩევას ვიკადრებ, რომე წასასვლელი სადავე იქით მიიბრუნოთ და ერთს ჟამსა მწვანეს ძეწნთა ქუეშე განსვენებით მოვიჩრდილოთ და ერთს წუთს იასამანებრ, წყლის პირს მწვანეს კორდზე გავახლდეთ და ვიხაროთ, თქუა:


ლექსი


დაჯედ რუს პირსა, წყალთ მჭურეტმან იცან სოფლისა გავლანი,

იმით სცან სოფლის სიმოკლე, რად გინდა ხმელთა დავლანი?


უმაიუნფალ ხაჯუსტარის სიტყვით მაშინვე მუნით მიმართა და ერთს წუთზედ ცხენის ნატერფალთა მტვრით მთის კალთა მორჭმულთა სახელოს მსგავსად ნეტართა საკოცნელ ადგილად აქცია. ნახა მთა, დიდებულების თხემი ზეცის ტატნობზე რომ აღეზიდა და მწვანე ხმლის წვერი მზის ოქროსფერ ფარამდე რომ გაედგა და ღვარსავით ცრემლთა წყარონი მკერდთა და მუხლთა უსველებდა; ხელმწიფე მაღალს მთაზედა ავიდა და ღრუბელსავით კალთა აეკეცა და ეგრე სრულიად მას ადგილს მოვლიდა. ანაზდათ ერთი მინდორი გამოჩნდა, რომე საომარს ასპარეზსავით განიერი და მრავლად ბალახოვანი. რა ნახა, იმედის შემწედ გამოსახა, ურიცხვი შესაქცეველი მწვანესა ზედა იხილვებოდა და ცის შუენიერებასავით მისი წყალი და ჰაერი ედემსა გუანდა; მწვანეს კორდზედ იასა და ვარდსა გარეშემო ახალი სუმბული ყაყაჩოსა შიგა თავისთავად არეოდა, რომელ კეკლუცთა ზილფისაგან უფრორე შვენოდა, ღალიაცხებულს თაფლმწვეთელს ბაგესავით ჩნდა; ძეწნთა და წნორთა მწვანე ატლასის ტყავკაბა წამოესხა და საროსა და ნაძვსა მრგვლივ ბუსტუღის კაბა წელამდე დაეკალთაებინა. მუშკის მსროლელი დილის ნიავის ენა ვარდის ხვაშიადთა ქუეყნისა კიდეთა განჰფენდა, ბულბულის სტვენასა და ვარდისა ფეროვნებათა სუნელობათა ქებასა ყოველთა ადამიანთა ყურთა ასმენდა.


ჩახრუხაული


წყარონი ტკბილნი, ჰაერნი ლბილნი, კაცთა გულისა ლხენის სახენი,

ყვავილთა დასნი, ფერადად ასნი, წყლის პირთა მდგარნი თუალთა მახენი,


ჩრდილოან ხენი, სრულ ერთსახენი, რტოთა ფრინველნი ტკბილად მძახენი,

სვიანთ სავანე, ზურმუხტებრ მწვანე, ფოთოლზე წერით “ედემს მნახენი”


ამა მინდორთა შუა ერთი წყარო დიოდა, უკუდავებისა წყაროსავით სიცოცხლის მომმატებელი და სამოთხის წყლის ევფრატისებრ სამხიარულო კამკამი და მოსაწონი.


ლექსი


მას შიგან თევზნი ცურვიდნენ, ვით ვეცხლნი მოელვარენი,

წყალი ვამსგავსე ცის გრკლთა, რომელზე დარბის მთვარენი.


ვეზირმან უბრძანა მას წყაროსა ზედა სამეფოსა კარავთა დადგმა, რათა უმაინფალ მოსვენებისა სნატსა ზედა განისვენოსო, და მისის ბედნიერის ავჟანდათა მსახურნი წყლის პირს ხეთ ჩრდილთა გარდახდენო, რა ჯოჯოხეთის მსგავსს ადგილს მორჩნენ, მას სამოთხის უამეს სავანეზე მოილხინონო. როგორათაც ალაფთა მაშოარნი მას ადგილს დახაროდეს და თითო-თითო ენითა ამა ლექსთა იტყოდეს:


ღთო, ვინ ჭირსა მოგვხედენ, შეჭირვებასა დიდებსა,

შენ მიერ ხსნილნი ყვავილთა ვლახავთ მართ, ვითა ხიდებსა.


ერთსა ყურესა ხელმწიფე პილოსა და ვეზირი ცხენისაგან გარდახდენ და ქუეითად იარებოდეს. მას მთასა შინა რასაცა საკუირველსა ნახვიდეს, გონებითა და გულითა ღმერთსა მადლობასა შესწირვიდეს და ღთისა ხელმწიფობასა და დიდებასა აქებდეს, რომ მისსა მზატვარსა მის მთის სიმგრგვლე ღთის ძლიერების კალმითა მრავალფერი ნახჭით უხატავს, და შემოქმედისა მღებარსა ქვის გულისაგან რამდენი უცხო და უცხო ყვავილთა სხვადასხვაობის ქვევრნი აუვსია. ამისათვის მადლობდენ ღთსა და ხანდახან ამ უცხოდ საკვირველს ყვავილის ბიბინზედ ამ ლექსს იტყოდეს:


არ თუ ბულბული მადლობდა ვარდისა სუნელებასა,

მაგრამ მისნივე ეკალნი გალობდეს ღთისა ქებასა.


ხანდახან მას დახატულს პირს უჭვრეტდეს და ამ ლექსთა იტყოდეს:


ნიავი ვარდსა უფრჭკვნელსა გაშლიდა, ასუნელებდა,

ჩაქროლით წყალთა ჩაგრეხდა, შეთხზნილებრ მიამჭევლებდა.

მას მიხრილ-მოხრილს წერილსა, წყალზედ რომ საკვირველების კალამს დაესახა, თავდადრეკით მას სიტყვებს იკითხვიდენ და ზურმუხტის მწვანე ტილისმა, რომ მწიგნობართ დაენუსხა, მას თარგმნიდეს. ამასობაში უმაიუნფალის თუალი ერთს ხეს მიადგა, მისნი ფურცელნი შემოდგომურად შექნილიყო, მეტისა ხანდაზმულობითა ბებერსავით ადგილთა ზედა დახრილიყო, უშვერად მოჩნდა, და ამ სოფლის ხისა მკუთელსა ცულსა მისნი რტოები გარდაეკაფა და საწუთროს ჟამის ხუროს ხერხსა მისის ტანის დაჭრისათვის გაუმძღომრობის კბილები მოელესა.


ლექსი


წალკოტთა მაშვენებელნი არს ახალი ხე ნორჩია,

რა გახმა, მოჰკურთს მებაღე, იტყვის “ჰე, გულო, მორჩია”


იმა ხისა გული, ნაღვლიანის კაცის გულსავით, სიხარულისაგან დაცარიელებულიყო და შიგან ფუტკართა დაებუდა და თაფლისა სიმრავლე მათდა საზრდოდ, ვითა ციხეთა შინა, დაეკრძალა. ხელმწიფემან რა ფუტკართა შუილთა ხმანი მოისმინა, ქუეყნის მნახავს ვეზირსა ჰკითხა:

_ ამა მჩატეთა ფრინველთა მის ხის გარემოს რა ყრილობა აქვსთო და რა მიდენ-მოდენაი, ანუ ვისისა ბრძანებითა წელშერტყმუ;თაებრ მაღალ-დაბლობით ფრინვენო? თქუა:


ლექსი


მითხარ ამ ბალახოვანთა რად დადის მიზეზიანად?

ან მათდა მიწყივ საქებლად ღთი ვინა ჰყავსთ გზიანად?


ხაჯუსტარ-რაიმ ენა ააუბნა და მოახსენა:

-ეჰა, ქუეყანათა და ქალაქებთა მპყრობელო! ესენი არიან ერთნი ნათესავნი დიდის სარგებლისა და ცოტას ზიანის მოქმედნი. პატიოსნება, წესი და რიგი რომ ხამს-მაგათ აქუს, მაგათი ქება მრავალთა სამეცნიერო წიგნთა სწერია, მაგათგან ხელმწიფურად მრავალი სარგებელი საბოძვარი ქუეყანას შემატებია, რადგან თავის საქმეზე განმზადებულნი არიან. მაგათაც ერთი ხელმწიფე ჰყავსთ, ყოელი კაცნი თავის ენით სახელს ეზახიან, ტანად მათზედ მოდიდოა; მათ ყოელთა ერთობილად მისის უფროსობისა და მორჩილობის ბრძანებაზედ თავი დაუდებიათ, მის ხელმწიფესა ოთხკუთხე ცვილის ტახტი დაუდგამს, მას ზედა ბრძანდება. სახლთუხუცესი, ვეზირი, ,ეკრე, დარაჯა, ლაშქარი, გამგე, ყოელი რიგი მოხელე გაწყობილნი ჰყუანან; დარიგებულია, ყოველთავე ცვილთაგან სახლი უნდა აიშენონ, რომე მათი ბანი და ერდო ერთმანეთზე მაღალ-დაბალი არ იყოს, ერთი მეორეზე მეტ-ნაკლები არ მოხდეს. არას ხელლოვანს ოსტატსა უკარაკინოდ და უსასწოროდ მისთანას არ შეუძლია. რა ამ რიგად სახლებს გაასრულებენ მას ხელმწიფის ბრძანებით მის სახლებიდან გამოვლენ და სახლთუხუცესი ამ პირობას გამოართვამს, რომ თვისი სიწმინდე არ შეაბილწონ, მათი პირისწყალი არ შეარცხვინონ, მწვირიანს წყალს არ მიეკარნენ, ჩვილი ფურცელლი ჭამონ, ამისთვის რომ მცირესა ხანსა შინა სნეულთა კურნება და მორჩობა ამა შარბათისაგან იქნას. და რა მომავალნი სადგომს მოვლენ მეკრენი სადმე უსუნებენ, და თუცა რიგთა და სიწმიდის პირობაზედ არიან და თავი გაუკრძალავთ, შეუშვებენ თავის სადგომს შესვლად, თუ არა და ღთმან ნუ ქნას ლექსს გარდა:


მტკიცედ ხელი პირობისა წელთა მოსდევ მონაკიდად,

პირი ყოლე არ გასტეხო, წესთა ექნა განაკიდად.


თუმცა პირობის გარდამსვლელნი პოეს, მათში ერთი სიმყრალე, ან ბიწი, ან არაწმიდება შეამცნიეს, მასვე წამს ორად განჰკუეთებენ. და თუცა მეკრეთ არ უკითხეს და შეუშვეს, სიმყრალე ხელმწიფეს ეყნოსება, გარისხდება და მეკარეს მოჰკლავს, მერმე დამნაშავე ფუტკართ დაჰხოცს. რომე სხვა მათმა თესლმა ფუტკარმა ამისთანაშეცოდება არა ჰქნან. სხუა, უცხო ფუტკარმან რომ მათს სახლში შესვლა მოინდომოს, მეკრენი არ შეუშვებენ, და თუ ფათერაკად შევიდა, მეკრენი მოჰკვლენ. ასე თქმულა, რომ ჯიმშედ ხელმწიფეს მეკრენი, დარაჯანი, გამგენი, ტახტი და სნატი, ყოველი სახელმწიფო რიგი მისგან ესწავლოს, რომ მის ჟამსა დიდი გარიგება იყო.

უმაიუნფალ რა ეს მოისმინა, საწადლის ნდომით მისი ნახვა მოინდომა ,ადგა და მას ხესთან მივიდა. ხანსა რასმე მათს კართა და მეკრეტა და მათს მოსამსახურეთ მიმოსვლას უჭვრიტდა და სინჯავდა რომე ღთის ბრძანებით განმზადებულნი, ნიავის ეტლზე მჯდომელნი რბოდენ და საჭმელი წმიდა,ადგილი სუფთა ჰქონდათ, არც ერთი ურგებად და მცონრად არ იდგენ, საზიანოსა არას იქმოდენ, თვის რიგს არ მოშლიდენ, თვის ნათესავს არას ავნებდენ.


ლექსი


ვნატრი მას მხნესა ნიადაგ, ავისა ვერ შემძლებელსა,

დიდსა გუნება მდაბალსა, სხვისა სიმდაბლის მქებელსა.


უბრძანა:


_ეჰა, ხაჯუსტარ! ესე საკვირველი არს: ესრე ძნელი გესლი აქვსთ და ერთმანეთსა არა ავნებენ, შაშარი უოყრიათ და სიტკბოსა მისცემენ. ესრე საშიშრად მრისხანენი სიმშუიდით და სიწყნარით მოთავსდებიან და საყვარლად მეგობრობენ, და ჩუენ, ადამიანნი და ჭკუისმყოფელნი ესოდენთა უგვანთა ვიქთ, და მრავალნი თვისთა ნათესავთა უმიზეზოდ და შეუცოდებლად ავნებენ, და რომელიმე სრულიად აღმოფხვრასაცა ეცდების.


ლექსი


დროს ჭვრიტე, ჟამთა რა მოაქვს, რას ისხამს, რა მოისთლობა,

რა სჯობდეს, იგი მოკრიფე, კაცსა აქუს თავისუფლება.


ვეზირმან მოახსენა:

_ესე სულიერი რომელთა ხედავ, ერთსა ბუნებათა ზედა დაბადებულნი არიან, და ადამიანნი-თავისუფლად. ხორცნი ოთხთა წინააღმდგომთა კავშირთაგან აქუს შემზადებული და კაცისა გვამი ცხოელი სულითა და პირუტყუილსა სამშვინველითა შეუქმნია. ამა მიზეზითა ყოვლისა კაცისა გუნება და საქმე სხუადასხვაა, რომელნი ნათელსა და ანგელოზსა მიჰყვებიან და სხვანი-ბნელსა და ეშმაკთა. ამისთვის მრავალნი ღთის შჯულიდამ გასულან და სხუადასხვა წესი და რიგი მოუგონიათ, ამისთვის მათი ჭკუა ზოგთა ანგელოზისაკენ იწევს და ზოგნი ეშმაკისაკენ. რომელმანც მაგრა ჭკუის კალთა ხელით დაიჭიროს და სიმტკიცის ფერხი მადლის ადგილზე შეუძვრელად დადგას, იგი ამაღლდების; და ვინცა თავი საღთო ბრძანების წერილის მორჩილებაზედ არ დადვას, მრავლის ცოდვით საბოლოოდ ჯოჯოხეთის ტანჯვას მიეცემა. ამისთვის თქუა:


ლექსი


ვინ ანგელოზობს ხორცითა, ვინ ეშმა შორს გასაძენი,

ნუ სდევ ეშმასა, აიღე ანგელიოზისა ბაძები.


მრავალთა კაცთა ავის ჩუეულების მიდევნებით გამოსჩენიათ ბოროტი: მემრუშება, ანგარება, მრისხანება, ტაცება, ამპარტავნება, ორპირობა, მეშურნობა, ორგულობა, ძვირის ზრახვა, მოყივნება, ცილისწამება, დაუნდობლობა, ზაკვა და მსგავსნი ამათნი და ამათსავე შინა არიან. თქუა:


შაირი


უმეცრებისა კალამი ვერ დასწერს სწორად სწავლასა,

კეთილს გმობს ავთა ეწყობის, მრუდად იქს თვისა წავლასა,

სუნელების წინ საყნოსელთ, კუამლს ძალად მისცემს ავლასა,

ბნელის მნათობსა ლამპარსა ქართულად უზამს დავლასა.


ხელმწიფემ უბრძანა:

-ესე სახე და საქმე, რომელი შენ სთქვი, სასულიერო საქმის კარი ღია გვიჩუენეო. ყოველთა კაცთა მართებული ეს არის, მაგრამ მაგის მოქმედება კაცმან ეს სოფელი უნდა გაუშვას და ფერხი მარტოობისა და მმოსვენების კალთაზე დაადგას. და სხვის ლხინნის კარნი თავის თვალთ წინ დაიხშას და წამ და წუთ თვის ცოდვას იგონებდეს და ინანოდეს და სისხლის ტბათ მსმელთა კაცთა თანა არა შეერთოს და ყოველთა ავთაგან მორჩეს,თქუა:

ლექსი

შუა ადგილით ლტოლვა და ერთს კუთხთა დავანებანი,

სჯობს მრავალ ზრუნვათ გაშვება, ერთი ქნას ღთისა ნაბანი.

მე მასმოდა მარტო ყოფა და თავისწინაობა არისო, და დღემდის მართლად შევიტყევ, რომე მრავალს კაცთან ლხინით გველის კბენისაგან უძნელესია და მათთან ჯდომასულთაბრძოლის შიშისაგან უსაზარელესი. ძუელს და მხლარცვთა შინა მრავალნი ჟამნი ამისთვის დაუყვიათ, მათი გონების თუალნი თურე ამას ხედვიდნენ, თქვა:

შაირი

ბრძენი მთხრებლს ირჩევს საჯდომლად მინდორთა ყვავილოვანთა,

ამისთვის მარტომყოფობა განაჭაბუკებს მხცოვანთა,

მარტო ბნელს ჯდომა სჯობია, ბნელს ყოფა სრულჯაროვანთა,

ჭკვიანი ევლტვის ჩხუბსა და შფოთსა მას ქალაქობანთა.

    განშორებულთა რომელთაც მარტომყოფობა გამოურჩევიათ სხვის საქმისათვის როდესღა ზრუნვენ. თქვა:

ლექსი

ხალვა მწადს, თუცა მაქცევმა ცამ ქარი ჩემთვის აქროსა,

ხმელეთი გასცრათ ვერ ჰპოოთ თქუენ ჩემი მტუხრი აქ როსა.

ხაჯუსტარ მოახსენა:

_ რაცა ღმთის ნების მსგავსად ქუეყნის მპყრობელის ხელმწიფის ენასა ზედა წარვალო, მართალი და ჭეშმარიტი სიტყუები იყო. ლხინი და განცხრომა გულის სიბრძნისა გაბნევა არის , და კაცისა თავისთავად მარტო ყოფა ქუეყნის კაცთ საქმის შემოკრება არის, როგორატაც ეს თქმულა:

ჩახრუხაული

ოც დღე და ღამე თუ დაიჟამე, გულშემოკრებით ხალვად მჯდომელად,

სიმრავლე ჯართა ზედ მოსაჯართა, ვერ ნახო ტკბილად ვერცა მწყრომელად,

მსგავსია ვარდთა არ გასავარდთა, ნაზუქად მწყობი, გაუზომელად,

კრებულთა ნახონ, არ შეინახონ, ფურცლად დაიყონ რომელს რომელად.

მაგრამ ზოგთ საქმიის მეცნიერთა, სიმართლის უფალთა, ბრძენტა, მეგობართა ყოფნა და ალერსი მარტო მყოფობისაგან უფრო უქიათ, ასრე გაურჩევიათ და უთქვამთ, ბრძენსა და რიგიანს კაცთან ჯდომა და ალერსი მარტოობასა სჯობსო. და მის დროს თუ კეთილი კაამყოლი არ იპოება, მარტოობა უკეთესია უგვანს ალერსსაო, თქვა:

ლექსი

მარტოობა სხვასთან თქმულა არ თუ თვისთა მეგობართა,

ბეწვის ჩაცმა ზამთარსა ჟამს არ ზაფხულის სიცხე ბართა,

კაცი თუ გასინჯავს, უკეთესი ეს არის, რომე მეცნიერთან ალერსითა და ლაპარაკიტა სიბრძნე და გონიერება ისწავლება და კრებულთა თანა ყოფნა დიდი პატიოსნობის ხარისხია. თქუა:

ლექსი

მეგობართა და მოყვასთა ნუ მოიშორებ ნებით.

მარტოობას სდევს სიშმაგე, წამლითა აღარ რგებითა.

ბრძენთ სიტყუა ასრე გამოეჩანს, კრებულთ მოსავლის სარგებელი მარტომყოფის სარგებელს გარდაემატებისო. ადამიანი რა ადამიანს გაეშოროს და თავისი მსგავსი მეგობარი არ ინდომოს, მისი საქმე წინ ვით წადგება! შემოქმედს ადამის ტომნი ერთმანეთის ხელის მომმართავად დაუბადებია, ერთი მეორის ხელის შემხედვარად უქნია, ამისთვის რომ ერთი მეორეს შეეწეოდეს და ერტად მოქალაქობენ და ეხმარებოდენ. რადგან ასეა, მაშა მართოობა რათღა სახმარია? თუცა ერთს კაცს სიცოცხლე და დარჩობა უნდა, სხუა არ შეიწიოს, რით იქნება? ამ გზით რომ რომელიც კაცი თავის ჭამისა და სმისა, ჩაცმისა და დაბურვის, სადგურისა და სამყოფის მოქენე იყოს, პირველად არა ხურო და გალატოზი, მჭედელი, მხვნელი და მთესველი, და ნივთები მათი მოამზადა,ვითარ შესაძლებელ იყოს სიცოცხლე მისი. მაშა ამ გზით ერთი მეორეს უნდა შევეწეოდეთ, თუარამ სიცოცხლე უსმელ-უჭმელად არ იქნება, და თუ ვინმე ამას ყოველსავე კეთებად მოინდომებს, ყოველი საქმე ერთის კაცისაგან არ შეიძლება. მაშა, უნდა ეცადონ, ამათი მცოდინარენი შემოკრიბონ და ამისთვის საჭირონი შემოყარონ და ერთკრებულად ერთმანეთს ეხმარებოდენ თავ-თავისის ხელოსნობითა, რომე თავეთი სარჩო გააკეთონ, და თუ რამე ნამეტნავი გარდარჩეს, სხვას რომ ეჭირებოდეს მას მისცეს და მისი ფასი მისის რიგით მოსცეს, რომ ქუეყანათა საქმე ერთმანეთს შეეწეოდენ და ერთმყოფობის მიზეზი და რიგი იპყრან. ამისთვისიქმნა ადამიერნი ერთმმოქალაქედ და ერთმანეთის შემწედ, და მოხმარება მარტო ყოფით და უშემწეოდ არა იქნების რა: ამისთვის მარტოობა არად ქებულა და ეს ლექსი ემოწმება:

შენი არ გვყვანდეს სხვა იძმე, ქმენ საქმე საჭირონია,

თუარა ერთისგან საქნელად არც ერთი სააზრონია.

ხელმწიფემ ბრძანა;

_ რაცა ვეზირმან თქვა, ფილასოფოსთა და მეცნიერთაგან საქებელი იყო, მაგრამ მე ესრე მგონია, ერთმანეთის ხელის შემხედვარნი რომ არიან, ამისთვის მათგან არის სარჩელი და ცილება და მათი საქმე სრულ შუღლი და ბრძოლაა, რომე ზოგნი მძლავრნი ნამეტნავასა და ძალას  მოინდომებენ და თავეთს წესსა და რიგთა არ დასჯერდებიან, და რომელნიც მდიდარნი არიან, ძვაობა და უსამართლობის ნდომა მათს გულში ფერხს გაიდგამს და ამას მოინდომებს,- გარეშემო კაცნი თვით ყმად და მოსამსახურედ იყოლიოს. და ამ რიგის სიხარბისაგან ისინი  თაკილს დაიწყებენ და ამისი ბოლო სრულიად შფოთი, ცილება და ბრძოლა იქნება და სიავე გახშირდება, თქუა:

ლექსი

ცილება ცეცხლსა აღაგზნებს, ვითა საღრტილი კვესითა,

რასაც მოხვდება სრულ დასწვავს, გარდაეხვეწოს ვერ სითა.

ვეზირმან მოახსენა:

_ ეჰა, მეფეთ მეფეო, დიდად ბრძენო! მაგ ავთ რიგით მოსაშლელად ერთი რამ მოუგონიათ, რომ ყოველნივე თითო-თითო თავეთს საზღვარს დასჯერდენ და მოხვეჭისა და უსამართლობის გრძელი მკლავი დაიმოკლონ თუარა მათთვი მოგონილს რისხვას ეძახიან. ეს მოსამართლეთ სიკეთის რიგით დაუმტკიცებიათ, რომ საქმე სწორად საჩინო იყოს და არც ერთგნით სჭარბობდეს, და ამისი საცადი მის შუბლთა აჩნდეს, და მოგონებულს  რისხვასა  სწორს სამართალს საშუალ, როგორც უთქუამთ:

ლექსი

ორთა სახეთა საშუალ ძეს დიდი განყოფილება,

ვითა მზესა და თაგდირსა აქუს საკამათო ცილობა

უმჯობესი ეს არის, ყოელსა საქმესა შინა არც იქით აჭარბებდეს და არც აქათ. და სწორე და მართალი ეს არის- საშუალი საქმე ყოვლის საქმის უკეთესია.

ხელმწიფემ ჰკითხა:

-ეგე საშუალო საქმე უნდა ვიცოდეთ, სადეთ მოვა და დავისწავლოთ.

ვეზირმან მოახსენა.

-მაგისნი მასწავლებელნი სრულნი კაცნი არიან, რომელნიცა ღთნ მოავლინნა - კაცთა ნათესავი ბრძენნი და შჯულის მეცნიერნი, წინასწარმეტყუელნი და მოციქულნი.მათ დიდს ნამუსს უხმობენ, მათის შენდობითა კაცთ სიკეთის სწავლება და სიავის დაშლა, მათი ბრძანება ყოველივე რიგიანი და მართებული არის, და რა იგინი საუკუნო საშუებელთა მიიცვალნენ, აწ მათის შჯულისა და წესისა მოუშლელობისათვის მართებულის შერისხვის მეტი ღონე არ არის. რადგან მრავალნი კაცნი თვისის ბუნების სიკეთეს ვერ გულისხმა ყოფენ, და ხორციელს გემოვნებასა და პირუტყულს წადილს მიჰყვება. ამისთანას საქმისათვის მათში ერთი ძლიერი მოსამართლე უნდა  იჯდეს, რომე რაცა ღთის ბრძანების გარდამავალი იყოს, არა ქმნას, და რაც რიგი და ბრძანება იყოს, იგი დაამტკიცოს რომე შჯულიერი რქა ბედნიერობის ქედით ამაღლდეს და მეფეთ შესამოსელიც შჯულის ძლიერების ხელით გაიმართოს.თქუა:

ტაეპი

ჭკვიანთ მეფობა და მღდელთ სეფობა ორს თუალს ჰგავს, ერთად ბეჭედში მჯდომსა

კუალად ამ იგავზედ უთქუამს:

ლექსი

ჰაი,ჰაი, სამეფო შჯულისაგან რა შვენიერად თავმაღლობს,

ჰე, შჯული სამეფოსაგან ნათობს და უფალსა მადლობს.

უმაიუნფალ ბრძანა:

-ეს ძლიერი მოსამართლე რომე სთქვი, კაცთა შორის უნდა იყოს, მას ვითარ უხმს ქცევა, წესი და საქმე ქუეყნიერისა რიგიგს, ანუ შჯულისა გამგეობა?

ხაჯუსტარ-რაიმ მოახსენა:

-მოსამართლე იგი წყალობისა და წყრომის წესზედ ჭკვიანი და მცოდინარე ჟამს. სამართლის გარჩევა არ აკლდეს თუარა, თუ ასრე არ არის, ქუეყანა ბრალი შეიქნება და სამეფო წაქცევაზედ მიიწურვის. თქუა:

ლექსი

თემი სამართლით დამტკიცდეს, ოხერმან იწყოს შენობა,

შენის სამართლით ნამქარსა შენთვისვე ეთქუას შენობა,

ესეც უნდა სახელმწიფოს მარიგებელთ გამორჩევას ეცადოს და სცნას, თუ რომლის ჟამს ძალის მიცემა  და წყალობის ქნა და გაწყობა, ანუ რომლის გუარისა ყურის მიუპყრობლობა და დამდაბლება და მათს საქმისაგან მორიდება, ხელმწიფეთ კარის მოსამსახურენი ერთპირნი უნდა იყუენეს, ნიადაგ ხელმწიფის კეთილის მდომნი და მისის ერთგულების ქამარშემორტყმულნი ხელმწიფის სააქაოს კეთილად მოსახელებელნი და საიქაოს განსვენების მცდელნი. ერთრიგნი თავის თავს ამ გვარად აჩუენებენ, მაგრამ თავის სარგებლისათვის იჭირვიან. კიდევ მრავალნი არიან, სხვისაგან ძალის დაუტანლობისათყის ემსახურებიან. თქუა:

შაირი

ფერობით სიტყვას შეთზიან, კუეხნითა დაიქადებენ,

ამას ვიქ. ეს შემიძლია თვის ავს სხვაზედა ადებენ.

სხვა არვინ უნდათ, მოჰკიცხვენ, აუგთა გაუცხადებენ,

რათა პატივი იშოვონ, მეფისგან მოიწადებენ.

რადგან მათი საქმე თავისის სარგებლისათვის არის, მათ ერთგულთაგან რომ გულს დააკლდესთ, პირად პასუხი არ ძალუძთ და გულთა შინა დაიმარხუენ საჩხუბრად. ან ერთმოდასენი ხელმწიფისანი, სამსახურად მახლობელნი და სანდონი, მცირეს საზრდელისათვის შურად და მტერად აღუდგებიან, ხერხსა და ეშმაკობას დაიწყებენ და ავის გზით მეფეს შეასმენენ. მაგრამ თუმცა ხელმწიფემ გასინჯვის სამოსელი გაიხადა და მაბეზღარს ყური მიუპყრა, და კარგად არ გამოიწვლილა და არ გამოსხრიკა და მათი სიმტყუნე არ გამოაჩინა, ზიანი და არეულობა მისგან იშვების და სიბოროტის ჩხუბის ხარისხი ამაღლდების. თქუა:

შაირი

მეშფოთე კაცსა ერიდე, ნუ ისმენ მეშურნისასა,

რადგან შურითა დაბნელდა, სძულობს ნათელსა დღისასა,

ერთს წამზედ აშლის თემსა და მას მშვიდობასა ღთისასა,

დიდი ქუეყანა მოუწვავს ენასა მაბეზღრისასა.

მაგრამ თუ გულმღვიძარე ხელმწიფეა და ჭკვიანი და საქმის მიმხდომი, დიდთა და მცირეთა ნაქმართა თვითან მიხვდება და სიმართლის ნათელსა ტყილის სიბნელიდამ გაარჩევს. და ამ სოფელს მისის სიმტკიცის კვერთხი შფოთისაგან დაწყნარებული იქნება და მას სოფელსაც დიდებისა და ბრწყინვალეს მაღალს ხარისხზედ აღიწვა. თქუა:

შაირი

ამა სახლთა წუთის ღამე ვინ სამართლით გაიცადა,

ხვალ იშენოს სახლი მტკიცე ამისა წილ მაღლა ცადა,

მართლ-მსაჯული, თემთმფარველი არ ქაჯთაგან გაიცადა,

უოხჭნოსა ლხინსა ჰპოებს, რადგან ჭირნი მოიცადა.

რომელიც ხელმწიფე მეცნიერობას გამოუკულევდეს და თავისი საქმე სიბრძნით განაგოს და ბრძენთ სწავლით თვისის რიგის გზა გაასწოროს, მისი ქუეყანა და თემი შენობით გარდაემატება და მისნი გლეხნი და მდაბიონი მხიარულნი გულკეთილად იქნებიან. როგორადაც დიდმან ინდოთა ხელმწიფემან რაი ინდაურად დაბიშლიმ წოდებულმა, ქნა,-თვისი ხელმწიფობის საქმის სახმარი იყო, შეიტყო და მისის მიყოლით ერთი რამ ხანი მოსვენებითა და სახელდიდობით წარვლო, და რა ამ მუხთლის სოფლის საქმითა სიცოცხლის სამოსელი სიკუდილის სახლის სიღრმეში მიიხვნა. აწცა მისი სახელი და დიდებული ქება ამა ჟამთა ყოველსა ქუეყანათა პირთა ზედან განფენილ არს. თქუა:

ლექსი

ლექსი

მრავლად ვიგონე ქუეყანად რა ვპოო უკეთესია,

კაცთა სახელის განფენა მოსამკად დანათესია.

რა უმაიუნფალ დაბიშლიმისა და ბიდფაი ბრძნის ამბავი მოისმინა, როგორათაც დილის ნნიავის ცემამა გაუშლელი ვარდი გარდაშალოს, ეგრე გაცინებაზედ ლალებრი ბაგენი გახლიჩნა და მხიარულმა სიხარულისა დუქანი მობაზრა და ღიმილით უბრძანა:

_ ჰო, ხაჯუსტარ, რაოდენნი ჟამნი არიან, რომე ბარაჰმანისა და რაის ამბავი ჩემისა გულის ფიცართა შეწყნარებულა და მათის სიტყვის ხილი ჩემის გონების ტიალს მიწათა შიგან დარგულა, თქუა:

ტაეპი

დიდი ხანია შენისა გრუზვილთ თმათ ჯავრი მშენისა!

რამდენიც ვეძებე, მის ადგილს ვერა ვპოე და რამდენჯერ მათის არაკის ამბავი გამოვიკითხე, ერთი რამ ამ იგავებთა ხელთ არ ჩამივარდა და ერთი სიტყვა მათის ცხოვრებისა მატიანეთა შინა ვერ მოვისაზრე. თქუა:

ლექსი

ვერა ნიშანი ვერ ვპოე გულისა წამღებელისა,

მე არ მომხვდა, თუ წამხდარა კუალი საქმისა ძუელისა?

ყოელ დღე გულისხმის კარი გამეღო, რათამცა მათი სახელი ვისგანმე მსმენოდა და მოწევნის თუალი მოლოდინის შუკათა მეჭირა და აწ ამ საქმემან პირი შენით მაჩუენა.თქუა;

ლექსი

ყურნი მაგ თქმასა მოუპყარ მახარობლად ჩანს ბაგენი,

თყალნი ელიან ნახვასა, მას ნათელს ოდეს მაგენი.

და რა ვიაზრე, რომე ვეზირსა მათი ამბავი სცოდნია, ჩემი ცნობა ღთის დიდების თაყუანისცემად განვამზადე. თქუა:

ლექსი

აწ გული მიხვდა წადილსა, აჰა ნდომისა ნებასა,

რასაცა ღთსა შევსთხოვდი, ვიაჯდი ჩემსა თნებასა!

იცოდე,რასაც ადრე ბარამინ რაის სიტყვას შემატყობინებ, მაგის თქმითა ჩუენს დიდების საკადრის რამდენს რიგს საშოვარს გვიძღვნი, და იმ ანდერძების მოსმენის მიზეზითა და მისის წესითა გლეხთ სარგებელი დაემართების. ეგე ასეთი საამბოა, რომე მაგის საქმით ღთსა მრავალი მადლობა შეეწირების და მაგის მოსმენით ყოველი კეთილი გამრავლდების. მაშა მაგვარი სწავლა უთუოდ დიდად პატიოსანი და დასამადლებელია. თქუა;

ჩახრუხაული

ბრძენთა ენანნი, ნათლად ჩენანი, კლიტეა სიბრძნის ღებად კარისად.

საგანძურთ კართა, ხელმინაკართა, ნაღდთ გამომღებო, აყოვნებ რისად?

სწავლის საზომი,მრავლად აზომი, რომ მაშიგან ძეს თემთა ჯარისად,

ერთის გზით სწავლას, მეფესთან წავლას მალე იტყოდე გასახარისად.

დაიწყო არაკიანად ამბავი დაბიშლიმისა და ფიდფაი ვეზირისა.ვეზირმან ცნობაბრწყინვალემან და კეთილადმოუბარმან, საქებრის სიტყვისათვის ენა დაძრა და თქუა;

ლექსი

სვიანთა ფერხნი, მეფეო, პოვნად არს განმზადებულნი,

ბედის ვარსკლუავნი შენითა ნათობენ, ცათა დებულნი.

იადონთაებრ მხმობელისა და ბრწყინვალედ მცოდინარისაგან მასმია, ინდოეთისა ერთისა დიდისა ადგილისა და თემისა, რომელი ხალხსავით აშვენებდა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, მუნ ჯდა ხელმწიფე ერთი, სვემღვიძარე და გამარჯვებული, ქვეყანათა შემამკობელი მდაბიურთა მოწყალე, უსამართლოთა დამწველი, სახელოვნობის შუქგანფენილი. მისის ხელმწიფობის სნატის ქუელისმოქმედებაი კეთილის საქმისა სასოებად და აის საქმის მოშლად განმზადებულიყო; უსამართლობისა და უწყალობის ორთქლი ქვეყნის სარკის პირისაგან მოეხოცა და გულმობილობისა და მსჯავრისა სისწორე წყალობის მიჭვრიტანაში ყოველ თემის კაცთათვის ეჩუენებინა.თქუა:

ლექსი

სახელოვნობის ნათლითა მოემზო ხმელთა არენი,

მეფის სიკეთემ სარკეებრ აელვა შიგნით-გარენი.


მას ხელმწიფეს რაი-დაბიშლიმ ეწოდა, ინდოელთ ენისაგან ესრე ითარგმანების: "მეფე ქუეყნისა მპყრობელი". სიდიდისა და სიმაღლისა  გარდამატებითაა სიუხვის საგდებელი ცის კამარის ერდოზედ შეერტყოცა, უზომოს სიმდიდრისაგან, თუ არ ძალიანსა და გაჭირვებულს საქმესა, სხვათა არად მიიჩნევდა. ათი ათასი პილო ლაშქართა შინა ჰყვებოდა, ბუმბერაზთა და გმირთა სიმრავლე ახლდა, მრავლის საუნჯის პატრონი იყო და ქვეყანა მორჭმული ჰქონდა. თქუა:

ტაეპი

ყოველთ მეფეთა სადარი მარტო შენა გაქვს სადარი.

ამა სიდიდისა უფალი ყოველსა საქმესა ყურთა უპყრობდა და მოჩივართაგან საჩივარსა თვით მოუსმენდა.თქუა:

ლექსი

პატივის ხელთა გლეხთაგან ნუ განაშორებ მეფეო,

მდაბიოთ საქმე პატივთა მიანდევ აიეფეო!

მის საბრღანებელთა შინა შიში, ძრწოლა და კრძალვა გაეფინა. სამკვიდროს მაოხართა სისხლის რუ ნაკადულად მიეშვა, ყოველ დღე ლხინისა და განცხრომის ნადიმი მოემზადა. საწუთროს საწადლის დროსავით მისს პურობასა გულის ნება უფრო შეითვისებდა. ყოვლს ჭამაზედ ბრძენნი  და დიდად მცოდინარენი გამზადებულნი სხდეს, შვენიერსა და გამოჩენილის პასუხით მის აღმატებულს ქებას მომართვიდეს. ერთსა პატივის სნატთა ზედა ჯდა, სახელმწიფო ლხინი გაემართა. თქუა:

ლექსი

სამეფოს ლხინთა სალხებად ჟამად ქმნის საქმე აეღო,

პერპერასა და ნიჭისა უხობის კარი გაეღო.

მგოსანთა კრვათა და ტკბილტა ხმათა დასრულებისა უკან, სასიბძნო არაკების მოსმენა მოინდომა, და პირმთვარეთა და შუბლასპიროზთა როკვათა შემდგომად, ტკბილთა წურთათა და სამეცნიეროთა სწავლებათა მთწმელთა ბრძანა მოყუანება. გამორჩეულთა შესიტყუანი და სიბრძნისა სიღმეთა ლაპარაკნი მათნი თუალ-მარგალიტთა და უსასყიდლო სპეკალთა მსგავსი სანახავი იყო, ხელმწიფემან მას ყური მიუპყრა.თქუა:

ლექსი

სიტყუა საყურის ბოლოა, მეფისა ყურთ გასაყარნი,

თითო კაცისა სიკეთეს აქებდეს, ვითა მაყარნი.

ამათში ერთმან სახელოვანმან და ზნესრულმან  სასიტყო ქება, უხობისა და გაცემის ნაშატი ასპარეზტა შინა ატარა და სხუანიცა იგი ბრძენნი მას დაემოწმენ და ერთხმა შეექნენ, რომე უხუება პატიოსანი და საქებური ზნეობა არისო და ყოელნი მცოდინარენნი აქებენო, და მანვე პირველმან თქუა:

-უხობა ღთის საქმის მიმსგავსება არის, რადგან მას ყოველნი მოწყალედ ხადიან. ყოლე მისი მოწყალება ყოელტა ზედა არს და მისი უხვება ყოელთა კაცთა მიეფინებისო. ფილასოფოსთა უთქუამს: უხვება და მოწყალება ერთ ხეა, ედემმის წალკოტთა შინა აღმოსული და მისივე წყაროს რწყვით ამაღლებული. თქუა:

შაირი

კეთილი გუარი უხობა ღთის მოწყალებბის დარგია,

საუნჯეს თუცა დააკლდა, კაცთა შოება ნარგია.

მკუდრით რომ ცოცხალი მოვიგო, ესე სრულიად კარგია,

სხვის შეკრებული სხვას დარჩეს, მითხარ თუა რა სავარგია

რა მეფემან ეს შესხმაები მოისმინა და გაიგონა, მის საცნობელსა უხვების მდუღარემან ოფლმან დაასხა და ბრძანა სპეკალთა ზარდახშათა კართა განღება და ქადაქთა ყივილი, რათა კეთილსა კაცსა და ბოროტსა ყოველსავე ბოძი და მისაცემელი მიენიჭოსო. მაშინ უცხოთაცა და მკვიდრთა, დიდთა და მცირეთა ხვედრი უზომო იყო, ზღვართაებრ მორწყვიდა და კეთილის თესულსავით ნაყოფიერება განმრავლდა და ქვეყანა მოირჭო. თქუა:

ლექსი

მჭელთ ღრუბელთაგან გამოჰხდა სიუხვის წვიმათ ცუარობა,

გამორცხა სიგლახაკის დროს წერილის კეფთა მწარობა.

მას დღესა წამ თუ წუთ მზეებრ ბრწყინვალეს ოქროთა და ვერცხლთა გაიცემებოდნენ და ახალთა გახარებათა ბედობას ცდილობდენ, ვირემდის ოქროფრთოვანი ფასკუნჯი მზისა და სიბნელის ბუდეთა შთახდებოდა. შავთა ღამეთა ყორნის სიბნელეს პირის ფრთა ქვეყანისა კიდეთა მოეფინებოდა. თქუა:

შაირი

მზემ დაიფარა ფარდაგიკ სხივს ზედა არ საჩენებლად,

ღამე გამოძვრა სოროდამ წყუდიადისა მფენელად,

მზის დისკო დაჯდა ადგილსა ღამისა გამათენელად,

მბრუნავი ცა ჩნდა ოქროსა კენჭებთა ვერ დამტევნელად.

ხელმწიფემან თავი განსვენების სასთაულზედ მიდვა და ძილისა ლაშქარი გარ მოეხვივა და გონებისა ცნობა შემაფარილებელმან შეიპყრა, და მოეჩუენა ერთი ბრწყინვალე ბერი კაცი, რომელსა მლოცაობისა და მოღუაწებისა ნიშანი შუბლთა აჩნდა. წარმოუდგა სიზმრივ და მშვიდობა მოსცა და ჰქვა: დღეს დიდი საუნჯე ღთის გზაზედ გააბნივე და მრავალი და ურიცხვი შესაწირავი ნებისათუის  უფლისა სამადლოდ გაეც, აწ ხვალდილეულ წასასვლელი ფერხი ბედნიერს ავჟანდათა შედეგი და სამეფო დარბაზით აღმოსავალისაკენ წაბრძანდი და მუნ დიდი საუნჯე შენთვის დამარხულია და ბოძებული. მუნ ესოდენი განძი ჰპოო, რომელ ხმელთა სივრცისა ფერხნითა დიდ-დიდთა თავთა დასსტკეპნიდე და სიმაღლითა თავი ღრუბელთა აღაცილოო.

რაიმ რომ ეს სასიხარულო ჩუენება იხილა, ძილისაგან გაღვიძებული მის საუნჯისა გონებითა და მის პატიოსნის კაცის ნახვითა გამხიარულდა. ხელი და პირი დაიბანა, ადგა და განწესებული ილოცა. და ღთის საუნჯის მცველმან წერაქვით სალაროს კარი გააღო და მრავალფერმან მზის შარავანდედმან ვარსკულავთა თუალ-მარგალიტი ცის სიფართიდამ თავის ელვარეს კალთას ქუეშ ამოიფარა, თქუა:

ტაეპი

ალიონი, ვერცხლის მსგავსი, ოქროს კლიტით გა-ცა-იხსნა.

ბრძანა მეფემან ქარულად მივალთა სახედრებთა მოთვალულისა ოქროსა აკაზმულობითა მორთვა და ბედბედნიერობითა და სვესვიანობითა ცხენთა შეჯდომა და პირისა აღმოსავალისაკენ დასწორება.

ლექსი

სვისა ავჟანდა ბედისა ავჟანდის შესწორებული,

გამარჯვებისა ლაგმითა მას მხარეს იქმნა რებული.

რა შენობის საზღვარი დააგდო, უშენოთა გამოპვიდა, ყოველთა კიდეთა თუალნი მიმოაქვნდა, თავის საწადლის აზრსა ეძებდა. მაშინღა ერთი მთა ნახა, რომელი გულოვანის კაცის სიუხვისაგან უფრო თავმაღლობდა და სახელგანთქმულთ მეფეთა სვეთაგან ფერხი უმტკიცეს დაემყარებინა. და მის მთის კალთათა ერთი რამ ქუაბი მოჩნდა, და ერთი კაცი გულტკბილი მის ქვაბის კართა ჯდა და მის ქუაბის სიყვარულითა მეშურნობისა ჭირი მმოეძაგებინა. თქუა:

ლექსი

ამბიანთ და უამბოთა რაცა არის ღთი ჰფარავს,

მდიდართა და მკოდოვანთა გამოზრდის და უზამს არ ავს.

რა ხელმწიფის თუალმან საგონებლისა იგი მოყვასი დაინახა, მისმან გულმან საალერსოდ მოინდომა და მისმან ნებამან მის ბერის ალერსი მოიწადინა, და მან მოხუცებულმან ხელმწიფის გულთა ნაწერი ზეპირად აღმოიკითხა, ენა ააუბნა და თქუა:

ლექსი

ქუეყნის მპყრობელო მეფეო, ღთისაგან დაბადებულო,

გული და თვალი სავანედ გიძღვნა, გარდახე ქებულო,

    მოახსენა:

მეფეო, ეს მზრუნავთ კაცთ სადგომია. თქვენის ლაჟვარდითა და ოქროქანდათმოხატულთ პალატთა არ გეჩუენება საბრალოსა და გლახაკის ქუაბი და არცა მოთუალულისა სრათა პატრონთა მოსაწონებელია, მაგრამ თქუა:

ლექსი

ჩუეულებით ბერისათვის ესე წესი დადებულია,

ძუელს წერილთა მარტო ყოფნა ამა რიგით გაგებულა.

აწ რადგან ხელმწიფეს მოწყალების თუალითა საბრალოს კაცის საქმისათვის მოუხედავს, და სოროსა მჯდომის პატიოსნის ფერხით მისად პატივად მოსულა,-ესე თვისის დიდის მეფობის ბუნებაკეთილობის გამოჩენაა.თქუა:

ტაეპი

უდაბნოს მყოფთა, სოფლის გამყობთა დიდთაგან ნახვა არის სიმდაბლე.

დაბიშლიმ მის განშორებულის სიტყვაზე ცხენით გარდახდა და მის კეთილს საქციელსა გული დააჯერა და ერთი რამ ლოცვა შესაწევნელად სთხოვა.თქუა:

შაირი

მარტომყოფთ ლოცვა რა კაცმან მოყუსად მოიგოს სასოთა,

მაშინღა გულის უფალმან დაფარული სცნას ასოთა.

ვინც იგავთა ძალს მისწვდეს, ბრძენთა არ დასანასოთა,

ღირსთა თქმულთაგან უცნიათ, არ უკრეფიათ დასოთა.

    მერმე ხელმწიფემ წასვლა გააპირა, განშორებულმან საბოდიშო ენა ააუბნა და თქუა:

ლექსი

მთხოვრისა გლახაკისაგნ ვით შესაძლოა ესია,

დიდებულს მეფეს აწვევდეს, რამე აქვს მისი წესია.

მაგრამ ჩუენებურის რიგით ერთი ძღუენი მაქუს, მამის ჩემის დანარჩომი, ის მინდა ხელმწიფეს მივართუაო. მის საუნჯის ნიშანი არის დაწერილი. ამ ქუაბის ერთს კუთხში მძიმე საგანძური და მრავალი თუალ-მარგალიტი და უამრავი ოქრო და ვერცხლი დაფლულია და მე რადგან ცოტასა დაჯერებულ ვარ და ამ ერთის სოროსათვის ხელი მომიკიდია, მას აღარას ვეძიებ. ჟამის მოგებისათვის ჩემი უნჯი მცირის დაჯერება არს, ამისთვის რომ სასწორის ბაზმათა შინა ამ რიგის ხელსატაცითა თუალ-მარგალიტის უძვირფასე ზეთი ავანთო. თქუა:

ლექსი

თუ კაცი სასოსა პირსა არ ნახავს, ვერას ნახავსა,

ვინც არ მოითმენს მადლობით, კეთილს რით დაისახავსა?

აწე თუ ქუეყნის მპყრობელმან წადილის ბრწყინვალება მაზედ მიაყენოს და უბრძანოს მსახურთა თვისთა, და მოძებნონ და პოონ და მეფის საუნჯეთა შესძინონ, და რომლითაცა წადილითა მოინებოს- წარაგოს, არა უწესო არს.

დაბიშლიმ ესე რა მოისმინა, მის ღამს ჩუენება განსორებულს უთხრა და მისი დაფარული საიდუმლო მას ქვაბთ მოსურნეს გაუცხადა. განშორებულმან მოახსენა:


_ესე მცირე რამ არის, მაღლისმაღლის მეფის სიუხის შესადარი არა არს, მაგრამ, რადგან ჩუენებით მოგრთმევიათ და გბოძებია, და უკლებელად მეფისა თუალთა წინაშე მოიღეს. თქუა:

ტაეპი

რაც განგებითა სვეთგან გებითა, კაცთ მიეცემის,უცოდველია.

რაიმ უბრძანა სპარსთა, რათა შევიდენ ქუაბსა მას და თხარონ შინაგანი მისნი. და რა თხარეს ცოტაი, პოეს გზა საუნჯისა მის და უკლებელად მეფისა თუალთა წინაშე მოიღეს.თქუა:

რვული

მაშინ მოართვეს სიმრავლე თუალთა,

სალტე,საყურნი,ფარღულნი ქალთა

სკივრი, კოლოფნი მომღებთა მალთა,

იაგუნდები, ნარევი ლალთა,

ოქრო და ვერცხლი, უმძიმე სალთა,

ჭურჭელნი მათნი, უნათლე ალთა,

მოჰქონდათ განძი, არ თუ დამპალთა,

რიცხვით უზომო, შეუძლო ძალთა.

ხელმწიფემ ბრძანა სკივრთა და კიდობნებთა ოქროს კლიტეთა დაღება. და რა დააღეს მრავალი ძვირფასი სხუადასხუა თუალნი და უსასყიდლო მარგალიტნი ნახა, და მათ შუა ერთი მურასა კიდობანი იდვა, რომ მისი სიმგრგულე მაგრად შეემტკიცათ და ბერძულის ბასრის მოქლონითა დაეხშათ, რომე არას კლიტითა არ გაიღებოდა და მის ფერცხალს ვერა გასაღებელი დასძრევდა და ვერცა ვინ ხერხიაი მისის საკლიტის ადგილს ჰპოებდა. რაოდენ ეძებეს და ეცადენ, მისის გასაღების ნიშანი აზრითაც ვერა გაიგნეს რა. რაი მისის გაღებისათვის დიდს საგონებელში ჩავარდა, ამისთვის რომ ნამეტნავი ნდომა ჰქონდა მას, კიდობანში რა იდვა, გამოეღო. და გონებათა შინა ამას იტყოდა: რადგან სხუასა კიდობნებთა შინა ეგოდენი ძვირფასი და პატიოსანი თუალნი და მარგალიტნი იდვნეს, მაშა ამა შინა საუკეთესო იქნება რამეო, თუარა ამისი ასე მომტკიცება რა უნდა იყოსო. მერმე ბრძანა, ხელმარჯვე მჭედელმან ინდოურის ნაჯახით მისის მოქლონი გატეხონო. მოიღეს, და რა გახსნეს, მაში სხუა უნცროსი სკივრი იდვა, ცის კამარასავით თუალ-მარგალიტით მოკრკიალებული, და მას სკივრში მთუარულად მგრგუალი მოთხე იყო, შვენიერად შემკული. ხელმწიფემ იგი მოთხე თავის წინ მიაღებინა და თვით გახსნა. ნახა ერთი თეთრის ლარის ნაჭერი, რომე ათინელთ კალმით რამდენიღაც ტრიქონი ეწერა. დაბიშლიმ გაჰკვირდა და ბრძანა, ეს რაიაო? ზოგთა თქუეს, ამ საუნჯის პატრონის სახელსა გავსო; სხვათა თქუეს, ეგების ტილისმა იყოსო და საგანძურთა დასამარხავად დაწერესო. რა ხელოსანთა და სახელმწიფოს მარიგებელთა სიტყვის თოკი დაუმოკლდათ, ხელმწიფემ ბრძანა: ამის წაუკითხავად ეს არ შეიტყობაო. და მუნ მის წერილის მეცნიერი არავინ დგა.და სძებნიდენ კაცთა ესეთსა, რომლისაგან საწადელს მიხდომოდენ. და პოეს კაცი ვინმე ბრძენი, რომელი ელენთა სწავლულებათა ნაქები იყო და მისი სამეფო მაღალთა კართა მიხადეს. დაბიშლიმ მრავალს პატივსა და წყალობას უთქმიდა და მერმე უბრძანა:

-ეჰა, ბრძენო! ჩემი საწადელი ეს არის, რომე ამა წერილისა ამბავი გამომითარგმნო და ამაისთა იგავთა საქმე ნათლად და სწორედ მომახსენო. თქუა:

ტაეპი

როს იქნას ამ წიგნის ასოთ, მე საწადელი შემასოთ?

    ბრძენმა იგი წერილი რა ხელად მიიღო, მასვე წამსა მისის ნაწერის ამბავი გამოიტაცა, და მერმე თქუა:

-ეს წიგნი დიდად სასარგებლო არის, და ამ საუნჯის ამბის დასაწყისი საქმე ესრე წერილ არს:"მე, უშანგ ხელმწიფემ,დავსდევ საგნძური ესე დიდძალი რაისათვის. როცა რაი-დაბიშლიმ გამოჩნდება, აქ უნდა მოვიდეს და ეს საფასე მისის ბედისა იქნას. იცოდეთ, რომე ეს საუნჯე მისის ხელით გაიხსნება, და ესე ანდერძი დამიწერია და ოქროთა და თვალმარგალიტთა შიგან ჩამიდებია, რომე რა ეს საგანძური ნახოს ეს ანდერძიც იხილოს, წაიკითხოს და გასინჯოს, რომე ოქრო და თუალ-მარგალიტით რა კაცი მოტყუვდეს, ჭკუათამყოფთა კაცთა საქნელი არ არის, ამისთვის რომე ესეთი მიბარებულსავით არიან, როგორათაც საყოელდღეო ხელის მწიკული წავა და ბოლომდე არ დარჩება და უსარგებლოა" იყო

შაირი

სოფლის მიმდონი ყოველნი სდევენ და ემოყვსებიან,

არც დაუნდვია, არ ინდობს, ვინც დასანდობლად სცთებიან.

უტვინოს ძვალთა მწოელნი გაძღებად ცუდად შვრებიან,

რაც სხვათა უყო, შენც გიზამს, ასრე უმოქმედებიან.

მაგრამ ეს ანდერძი ასეთი რამ  არის, ხელმწიფეთ საკმარისია და უამისოდ არ იქნება, ამად უნდა ბრძენმა ხელმწიფემ ამისი გზანი გამოიკვლიოს. ეს ათოთხმეტი ანდერძი რომ მეფეთათვის სასწავლოა, მართლად შეიტყოს, თავის თავს მისანდობელად არ უმზერდეს, თვისის სვესვიანობის საფუძვლის შერყევას იგონებდეს და მისი ხელმწიფობის სიმტკიცეს და სიმაგრეს ამაოდ.

ა ნ დ ე რ ძ ი   პ ი რ ვ ე ლ ი

ესე რომე, რომელსაც ყმათაგაბსა და ხელქუეშეთა თავი მოეჩინოს, სხვის სიტყვით მისის სიდიდის სახელის დამცრობას ნუ დაუჯერებ ამისთვის, რომ ვინც მეფეთაგან გადიდდება, ყოველი კაცი მას გაუქიშპდება და ეცდებიან თვისი ბატონის სამსახურს დააშორონ, და ხელმწიფის წყალობა მაზედ არ დაემტკიცოს, და ტყუილთა და ხერხით მის წახდენას ასრე ეცდებიან. მისის სახელოს შოვნისათვის სწავლის სიტყუებს შემოიღებენ და მოსაღორებელის რჩევით და თვისი ნდომა აღასრულონ. თქმულა:

ლექსი

ტრელთა ენათა ეკრძალე, კაცი გიყვარდეს ცნობილი,

მაბეზღართ ყოლე ნუ უსმენ, სიტყუა ნუ გინდა გმობილი!  

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ო რ ე

ორპირსა და ჩხუბიანსა კაცსა წინ წაყენების გზა არ მისცეს, რომ ეშმაურს საქმეს დაბადებს. შურისა და ღაზოს მეძიებელთ ბოლოს საქმე სინჯოს, და ამრიგი რამ რომ კაცს შეუტყოს, ხამს, რომ მისის ავის ენის აღგზებული ცეცხლი სწრაფად სიკუდილის წყლით დაშრიტოს, ვირემდე მისი კუამლი ქუეყანს დააბნელებდეს. თქმულა:

ლექსი

რა ცეცხლი ხმელთა საწვავად მოეგზნას, მოეკიდოსა,

დავსებას უნდა ეცადოს კაცი, არ მოერიდოსა.

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ს ა მ ე

თვისი კარისკაცნი და მნენი ეცადოს, რომ მეცნიერნი დაადგინოს და თვისის სიკეტის მცდენლი ამყოფოს და კითხვითდა რჩევით წარმათებდეს საქმეთა, რომ მათის მეცნიერებით მრუდი გაიმართება და ურიგო გარიგედება.


                    ტაეპი

                                                    მართლა თქმულა, ერთპირობით შეიქნების ხმელზედ ფლობბით.

                                                                                                ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ო თ ხ ე

მტრის ლიქნასა და ტკბილს სიტყვას არ მიენდო, არამც მოგატყუოს. რამდენიც გეხვეწოს და სიმდაბლე გაჩუენოს, სატყუვრად და მოსაცთუნებლად იქმს, რომე მათგან პირობის გათაება და ერთგულება მოუვალია.

ჩახრუხაული

მოყუარე პირად,მოქმედი ძვირად, საქმითა მტერი ხამს განშორებად,

ვით თეთრი კბილი, ღიმს ბაგე ლბილი, შავს გულსა ჰფარავს საჩინოდ ხლებად,

ნედლს შეშას ცეცხლი ზედიზედ ეხლი, ბრძოლა არ ძალუც ნთებად და ვსებად.

 წყნარ-წყნარად იწყებს, არ დაივიწყებს, ბოლოდ ეცდება სრულად აღგზებად.

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ხ უ თ ე

რა შენის წადილის თუალ-მარგალიტი ხელთ იგდო, ეცადე ფრთხილად და გაკრძალვით იპყრა, თვარა უცოდინრად, მოუვლელობით არ წაგიხდეს, თუ არა, ბოლოდ სინანული აღარას არგებს, რაოდენცა ინანო.

ლექსი

მშვილდით ნასროლი ისარი წავა ვით ქარნი ზენანი,

წამხდარსა საქმეს რას არგებს, მას უკან თითზე კბენანი.

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ე ქ უ ს ე

საქმის ქნაში არ აჩქარდეს, სულგრძელებით და მოცდით ქნას, თუ არა სიჩქარით მრავალი ზიანი მოჰხდება და მოცდითა და სიწყნარით სარგებელი მრავალი იპოება.

შაირი

ერთი საქმე რაცა გქონდეს, სისწრაფითა ნუ იქ ჩქარად,

წყნარად-წყნარად გაცამართე გზათა ცხენი მოსახმარად,

რომ არ გექნას, მერმეღა იქ განაღა ჰქნა კარგთა დარად,

მაგრამ ქნილსა სინანული აღარ არგებს რაც ჰქნა მცდარად!

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე შ ვ ი დ ე

სიბრძნისა და ჭკუის რჩევის ავშრის თოკი ხელიდამ არ გაუშვას და თუ მტერნი მისის წახდენისათvის შეითქუან, ეცადოს, რომ ერთ-ერთი მათგანი გარდმოიბიროს ,თვით მოიყენოს. ამით მათის ხრიკებისაგან მორჩების, და რა დაახლოვდებიან, ამ საქმით ფერხს მოიკიდებენ, და საცთურის ძალითა და ხერხითა და რჩევით საქმეს მიგრეხ-მოგრეხენ და დადგებიან. მეცნიერთ უთქვამთ.

შაირი

ვის მტერმან გზათა მახენი დაურწყოს, გაცაებასა,

ხერხით გამოხსნას ეცადოს, ესე სჯობს ცუდად დებასა,

რკინა ცეცხლიდამ რკინისას ადვილ იქს გამოღებასა,

ვასილისკოსა სარკითა იქმონენ მოკუდინებასა.

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე რ ვ ე

მეშურნისა და ქიშპის კაცისაგან გაფრთხილდეს. მათს ტკბილს ენას შეიწყნარებს. რადგან შურის ნერგი მისის გულის მიწაში ამოსულა, მისის ნაყოფისაგან სამსალისა და მაკუდინებელის მეტი არა მოისთულება რა.

ჩახრუხაული

ვისაცა გულთა ისახლეს შურთა, ჯართა საჭიროდ მომხუეჭელობენ,

გნახავს, ტკბილს ენას გიძღვნის-ყე სმენას გაგცილდა-ძვირთა შენთვის მთქმელობენ.

ა ნ დ ე რ ძ ი    მ ე ც ხ რ ე

შემცოდეთ მიტევება და დანაშაულის შენდობა იცოდეს და ძვირის მოხსენე არ იყოს. ყმათა და მოსამსახურეთ ცოტას დანაშაულზე არ გაუწყრეს და არ გააუპატიუროს. ყოველთ ხელმწიფობის მეცნიერთ მეფეთა გულკეთილობის პატივთა მოწყალების წყლით დამნაშავის სესვრილი პირისახე ჩამოუბანიათ და უმართებულოდ მქცეველთა და უწესოთა კაცთა ხუაშიადისა კალთითა დაუფარავთ.

ლექსი

ადამისითგან აქამდე წესად ძეს ესე მცნებანი,

ყმათ თუ სესცოდეს პატრონთა თანა აც მიტევებანი.

ზოგს წყალობამინიჭებულს კაცს, ვინ იცის, ორგულობა შეამცდეს და კკიდევ ხელმწიფისგან მოტევების მოქენე იყოს. მას კუალად შეწყალების სასმლით ასვას, რომე სამსახურის მოშორვების მინდორთა შინა მწყურვალი და უღონო არ დარჩეს.

ლექსი

ვინც წყალობისა ხელიტა აგიიქუამს ასაზეველად,

აგრევ წყალობა შესძინე, ნუ დაანარცხებ ქვე ველად.

ა ნ დ ე რ ძ ი    მ ე ა თ ე

არას კაცის ძალი და შეწუხება არ მოინდომოს, რომ ვინც ამას იქნს, ნაცვალი მიეგება და წყალობის წვიმითა მისის ქუეყანა მოირწყვის და მისი ქუეყანა მოირწყვის და მისის მთის ყუავილებიც სიკეთით აღორძნდება.

შაირი

კეთილის მოქმედს კეთილი წინა უც მოსაგებელად,

ბოროტისათვის-ბოროტი ცეცხლისა მოსადბელად,

დღესე არ იცი, ხვალ აგრძნობ, საქმისა შესამცნებელად,

რასაცა დასთეს, მას მომკი, საწყეოს შესავსებელად!


ა ნ დ ე რ ძ ი    მეათერთმეტე

თავის ნების მიმყოლი არ იყოს და უქნელი საქმე არა ქნას, მრავალი კაცია, თავისი საქმე გაუშვას და ერთი საქმე, რომ მისი წესი არ იყოს, ის დაიჟინოს და ვერც გაუშვას და ვერც გათავება შეიძლოს.

ლექსი

მაღრანმა კაკბის გოგვანი დაიწყო მისაბაძველად,

თავისიც სრულ დაავიწყდა, რაცა იცოდა მან ძველად.

 ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ა თ ო რ მ ე ტ ე

თავისი თავი სულგრძელებისა, სიმძიმისა, სიმშვიდისა და მოთმინებისაგან არ განახუას, რადგან ადამის ძეთათვის ამის უპატიოსნე გზა არა არის, უფროსად ხელმწიფეთათვის უთქუამთ:

შაირი

კეთილი საქმე კეთილით არს, თუ არ ლამაზობითა,

კეთილი გული დედაა, საქმეს ზრდის, ვით მზე მზობითა;

სიბრძნის ხმარება რკინის ხრმალს უმკეთელეა სობითა,

ათასთა სპათა ეს გიჯობს, ასრე მგონია ცნობითა

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ა თ ს ა მ ე ტ ე

ყმანი და მოსამსახურენი მშვიდობის მყოფელნი და შემწყნარებელნი და კეთილნი და ერთგულნი იყოლიოს და ორგულთა და ავს კაცთ მოერიდოს. თუცა მეფის კარის გამრიგენი ერთგულობას მოიჭირვებენ, არა დამალული მათ არ დაეფარება და კაცრიელობაც მათის ზიანისაგან მორჩებიან, და ღმერთმან ნუ ქნას თუ მათი პირი ორგულებით შესვარონ და მათს სიტყუას ხელმწიფემ ყური მიუპყრა, უსაცილოდ დაუნაშაებელს კაცთ სიკვდილის ბაზართა ჩააგდებენ და მრავალს ავს საქმეს გამართვენ.

შაირი

მეფის მსახურნი თუ იყუნენ მისანდო, უბეზღარნია,

მისი ქუეყანა აშენდეს, დარმავე მოსცეს დარნია,

თუ ორგულობას გაერთვნენ, ვითა კლდოანთა არნია,

მისი სამეფო ბუვს დარჩეს, უშენი ნაოხარნია.

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ა თ ო თ ხ მ ე ტ ე

ზრუნვისა და შფოთის სიმღვრიეთაგან მოწყენის მტვერი თვის სიმდიდრის კალთათა ზედა არ დაიყაროს. მართალია, ჭკუათმყოფელნი ნიადაგ ურვისა და ჭირის საბლით დაბმულნი არინ, და უგუნურნი-დღე-ყოველ მხიარულნი და განცხრომით.

შაირი

ლომი აბია ჯაჭვითა, აუშვან თუცა გვიანად,

მელი ყოველ ღამ მინდორთა მოვლის, ხან აგრე მზიანად.

მოწესე მისის სენაკით არ გავა, მუნ ზის ჭკვიანად,

ხელი მავალი კორდზედა არ იარების გზიანად.

მართალია, არაწმიდებითა ღმთისმოწყალების დიდების ისარი საგანს არ ეცემა, და მცოდინარეთა და საქებელთ კაცთაგან თუცა საქმე არ გარიგდება, სიმწუხარისა და ზრუნვის შველება არ მოხდება.

ჩახრუხაული

ბედისა შოვნა და სვეთა პოვნა ვერცა სიმხნითა, ვერც ცოდნით პოვოს.

ვითარებათა და განგებათა მიმცემის საქმით-ყე მოიპოოს.

თიტო ეს ანდერძი რომ დაგვიწერია, ამბავი დასაჯერებელი და საქმე დაცდილია. და თუცა რაის გარკუევით და სრულიად ამა ამბისა ცნობა სწადიან, სარანდიბის მთა, რომელი ყოველთა მამის სამყოფი არის მუნით წაბრძანდეს, და ესე მაგარი ნასკვი იქ გაიხსნება, მისის საწადლის წალკოტი კარს ღიას მუნ უჩუენებს. და ეს რაოდენი კარი გუარიანი სწავლაა, ხელმწიფის სასმენელთა შესულა და ეს თუალ-მარგალიტით შემკული სკივრი მეფის თავს გარდასაგდები იყოს.

დაბიშლიმ მას განშორებულს მრავალი პატივი მიაპყრა და ანდერძი იგი ბედნიერთა მკლავთა შეიბა და ბრძანა: იგი საუნჯე, რომელი ღამე მეჩუენა, არა თუ საფასისათვის იყო, არამედ ამა წერილისა და სწავლისათვის არსო. მადლობა ღთსა, რომე მე სოფელსა ამას საქონელი ესოდენი მაქვს, სხვა აღარად სახმარ იყო და კმა იყო ჩემთვის, მაგრამ რაც რომე ვპოე, არად შემირაცხია: თურე ამა ანდერძისათვის იყო ზმანება იგი, და ესე კმაა ჩემდა საუნჯედ. და ხამს რომე საგანძური ესე გლახაკთა და დავრდომილთა ჩუენად სადღეგრძელოდ და უშანგ მეფის სულის სალხინებელად მივსცე და მისის ამაღლებულის ხელმწიფობის საქებელად ერთობით ოქრო და ვერცხლი, თუალ-მარგალიტი ღთის გზაზე ქვრივთა, ობოლთა, მწირთა და საბრალოთა უხვად განუყო.

ლექსი

ოქრო და ვერცხლი გიყვარდეს უქონელთ გასაყოფელად,

შენ გავნებს, სხვათა დარჩება, დაიდებ თუ საყოფელად.

რა ამ საქმისაგან მოიცალა,სახელმწიფო დარბაზისაკენ წაბრძანდა და სამეფო საჯდომი სიმაღლის გამგეობით დააშვენა. მას ღამეს ამას იგონებდა, სარანდიბის მხარესა წარვიდეო, ნუთუ ჩემი საწადელი მუნ აღვისრულოო, და ჩემის ნების ნდომა იქ შევიკრიბოო, ამ ანდერძის მმოსავლის ნაყოფი მოვომკოო და ჩემთა სამეფოთა აღსაშენებელი და ჩემის ხელმწიფობის წარსამართებელი სახლის საფუძველი მით დავამყაროო.

მეორესა დღესა რა ბრწყინვალემა მზემ სარანდიბის მთის წვერიდამ ურანო აღმოაჩინა და ალმასსავით იქცევისმან ლალის წვრილნი ისარნი ქუეყანისა სიფართეთა დაასხა,

ლექსი

მზემ თვისი შარავანდედი შემოიგროა, მოისხა,

ღამის მნათობმან ვარსკულავმან შავნი ზეწარნი მოისხა,

დაბიშლიმს ორნი თვისი საჩინონი, ერთგულნი და მისანდობელნი დიდებულნი კაცნი ჰყუეს, რჩევითა და ჭკუის გზით სრული იყვნენ. ბრძანა მათი მოწოდება და აღმატებულს დალიჭს წინ წაყენება. ხელმწიფურის მოწყალის ბრძანებას უკან უთხრა მის ღამის თვისი საგონებელი, ყოველივე წინა დაუდვა. უბრძანა სარანდიბისაკენ წასვლისა გულთა ჩავარდნა, რომე ჩემის გულის მიწათა მუნ წასვლის თესლი დათესილა და წაუსვლელობის ნდომის სადავე ხელიდამ გამვარდნია. აწე ამისას რას მირჩევთ, ანუ ამ საქმისას რას მეტყვით? მე მრავალი ძნელი ხვანჯი თქუენისა განზრახვის თითის წვერითა გამიხსნია, ქუეყნის მკუიდრობისა და საფასეთა საქმე თქუენის კეთილად რჩევით გზად წარმიყუანია, დღესაც რასც თქუენი რჩევა და სიბრძნით ჩენილი ჭკუა და გონება აჯობინებს და დაასკვნის მეც მას გავსინჯავ, და რომელიც ბრძანებათა წერილთა საუკეთესოდ სწერია, იმგვარად მოვახდენო. თქუა:

ლექსი

საფუძვლად უძეს საქმესა რჩევა და შეგონებანი,

გამოურჩევლად არ ვარგა, კაცმა ქნას თვისი ნებანი.

ვეზირმან მოახსენა:

_ მაგისი პასუხი გაუსინჯავად არ მოიხსენება ხელმწიფობისა წინაშე და მაგგუარის საქმეთა შინა გარევა ჩხრეკით ხამს. თუცა კაცმან სიტყუა არ გასინჯა და არ გაიგონა და ისრე პასუხი მოახსენა, აუწონელს ვერცხლს ემსგავსებაო. თქუა:

ლექსი

სიტყვის გასინჯვის ბოლონი ერთი არ არის, ოც არსა,

გაუჩხრეკელი რჩევანი ისარს გავს განატყოცარსა.

დღეს და ამაღამ ამა საქმეთა ვსინჯავთ და მოვძებნით და რომელსაც სამჯობინაროს ვპოებთ, ბედნიერს მეფეს მოვახსენებთ.

დაბიშლიმ დამოწმებული დასტური დასცა. მას ღამეს მოიუბნეს და მეორე დღეს ვეზირნი ხელმწიფის წინ მოვიდნენ და განწესებულს ადგილს დადგნენ და ხელმწიფის ბრძანებას ელოდენ. რა ხელმწიფემ მოხსენების დასტური დასცა, ვეზირმა განკრძალვით მუხლი დაიდგა და საქებარი შესხმის სიტყუა მართებულად და გზიანად მოიყვანა და თქუა:

ლექსი

ეჰა, მაღალო მეფეო, ქუეყნის მპყრობელო სვიანო!

შენთა სვე-ბედთა სიმაღლე უკუნისამდე ჰგიანო.

მე თქუენს მონას ასრე მგონია, რომა ამა მგზავრობისა სარგებელი ცოტაი და ჭირი და გარჯა მრავალი იყოს, და მოსვენებისა და განცხრომის საადვილო გემვნება სრულობით დაგუავიწყდეს და ნიადაგ გული ზრუნვასა და ნაღველში უნდა გვქონდესო. ქუეყნის მპყრობელის ხელმწიფის მზესავით განათლებულის გულისაგან დაფარული არ არის და მოეხსენება, მგზავრობის ცეცხლი სამარისა ერთი ნაწილია და ალია ფირტვის დამწველი და ისარი გულის გამაპობელი. ბრძენთ უთქუამთ: თემზედ სიარული ერთი ტანჯვა არის და საყალნოს პირს გავს, ღვიძლის შესაკერავსა. თუალის ბაია ამისთუის მხედველი არის კარიდამ გარეთ ფერხს არ გამოსდგამს, და ცრელი ამისთვის ფერხთსალაკავი შექმნილა, რადგან თავის ადგილს არ დადგება. თქუა:

ლექსი

მგზავრთა ჭირი არვინ იცის, თუ არ მგავრთა, მათცა არა,

მოსვენება,ლხინი, შვება შინ ყოფნაა, თუ იკმარა.

ჭკუათმყოფელმან კაცმა თვისი მოსუენება სარჯელად არ უნდა გარდააქციოს და ხელდახელ სავაჭრო მიგდებულად არ მისცეს და არც ხელიდამ გაუშვას და სახლთა ყოფნის გემოს უცხოების გარჯა არ აჯობინოს რომ მას ტრედსავით არ დაემართისო.

ხელმწიფემ ჰკითხა როგორ ყოფილაო?

თქუა ვეზიმა არაკი

 

 

ორი ტრედი

ორნი ტრედნი, საყუარელნი, ერთსა ბუდეთა შინა მკვიდრობდეს გაუყარად და შეერთებულად. მათ გულსა მოშურნობის მტუერნი და მოუსავლობის ზრუნვა არ დასდებოდა, წყალსა და საკენკს დასჯერებოდენ ერთს კუთხეს მჯდომნი, მწირსავით გული ღთისათვის მიენდოთ. სახელად ერთს ბაზანდა ერქვა და მეორესა-ნავზანდა. ორნივე დღე და ღამე კაის ხმით ღუღუნებდენ, ხანდახან სულის მაბრუნვებელის ხმით სხვადასხვა რიგთა ლექსთა შეამჭევრებდენ.

შაირი

მოყვრისა პპირის მჭვრეტელი ვზი ამად მოლხინარია,

მას ვეტრფიალე, იგი მყავს ღიმილით მოცინარია,

არარ მაქვს რა საჭირო, საქმენი საწყინარია,

სამოთხის ვარდთა მკრეფელსა რად მომეწყვიტოს მჭნარია.

ამ სოფლის უხანობამა მათ მოყუარულთ ერთობა შეიშურვა და საწუთროს ავთვალობა მათს გამოჩენილს სიყვარულს ანაზდეულად ეცა.

ლექსი

მბრუნავთა ცათა წესია ცდა გაყრად საყუარელსა,

ლხინს მოაშოროს, ჭირს მისცეს, მოხმა საქმისა ძნელისა.

ბაზანდას მგზავრობის ნდომა შეუვიდა და თავისს საყუარელს უთხრა:

_ვირემდის უნდა ამ სახლსა და სადგომს ვიყვნეთ და ჩუენი დრო და ჟამი ამ ბუდეში დავაღამოთო? მე მინდა ცოტა ხანს ვიმგზავრო და სამსაოდ დღეს ქუეყანათა არენი მოვიაროო. ბრძენთ უთქუამს: ქუეყანა მოვლე, რომე მისის ნახვით მრავალი საკვირველება ინახება და უცხო საშოვარნი იშოვებაო. მეცნიერთ უთქუამთ, მგზავრობა, გამარჯვების მიზეზი არის, ხრმალი ვირემდის ქარქაშით არ ამოვა, ჭაბუკი ბრძოლის ასპარეზით პირწითელი ვერ გამოვაო; ვირემდის კალამი მავალის ფერხით არ ეტარება, იგავთა შვენიერების დახატვა ქაღალდზედ არ გამოჩნდებაო. აჰა, ცათა ხედავ,ნიადაგ ბრუნავს და მგზავრობს, და ყოელთაუმაღლესია,და ქუეყანა,რადგან არ იძვრის და ერთ რიგზედ დგას, ყოველთა წარმავალთა ფერხის სალაკავია.თქუა:

შაირი

მიწა უძრავი ილაკვის, ცა ბრუნვით მგზავრობს დიდებით,

მგზავრობა ჭაბუკს ალომებს, საფასედ მოსცემს კიდებით,

ხეს თუ ძალ-ედვას გაძვრანნი, მკუეთელს განერას რიდებით,

ვერც ხერხი გასჭრის ნარბენსა, ვერც ცუდის პირი მიდებით.

ნავზადამ უთხრა:



_ჰე, ჩემო საყვარელო!მგზავრობაზედ არ დამაშვრალხარ და უცხოობის ჭირი არ გინახავს და მარტო ვლის ამბავი შენს გულს არ გაუგონია, გაშორების სასტიკს ქარს შენის გონების შამბისათვი არ წამოუქროლებია. მგზავრობა ასეთიხეა, რომ მოშორვების მოწყენის მეტს არას მოისხამს, და უცხოობა ესეთი ღრუბელია,ნაღვლის წვიმის წვეთის მეტი არა ჩამოედინება რა.თქუა:

ლექსი

რა საღამო ჟამს საბრალო მწირი მიუჯდეს არესა,

გულდაკოდილი ლახრითა, უმწეო მარტო გარესა.

ბაზანდამ უთხრა:

_თუცა უცხოობასა მრავალი გარჯა სდევს, ქუეყანათა და ქალაქებით საკვირველების ნახვა მოსვენებისაგან ნამეტნავია.მგზავრობას ვინც ჯალაბიან იქს,მოეწყინება მრავლის სარჯლისათვის,თუ არა,მარტო მოარული სული სხვადასხვა თემთა სანახაობა ასე ახალისებს,გარჯილობას აღარად მიიჩნევსო.თქუა:

ლექსი

უცხოობისა ეკალი თუ მეცა,არ მომწყინდების,

რა გულის საწადლის ვარდი ეკლისგან აღმობრწყინდების.

ნავზანდამ უთხრა:

_ჰაი-ჰაი,სასურველო საყვარელო, ქუეყნის კიდეთა მჩხრეკელო და რიოშტა წალკოტთა მომხილველო! გაწყობილი საყუარელი და ერთგული მოსახლე გინდოდეს. თუარა,რა კაცი მოყვრის პირის ბედნიერობისაგან უიმედო გახდა,მიღმარ ჩანს,მისი ზრუნვა ესოდენსა საჩხრეკსა და გამოძიების საქმეში ჩააგდებს, რომე სამსალის უძნელე ექნება და მისი წრტიალი ადვილად არ ეკურნება. მე ზედმიწევნით ვიცი,მოყვარეთ მოშორვება და ამხანაგთ უნახაობა რა ძნელი ჭირია და ფიცხელი სარჯელი. თქუა:

ლექსი

მოყვრისა გაყრა ვამსგავსე ჯოჯოხეთისა ალებსა,

რად ვქენო,მერმე ვინანი,მოვილბობ გულთა სალებსა.

აწ ვმადლობდეთ ღთსა, რადგან ერთი კუთხე გუაქუს და მდღევარი საზრდელი, მოსვენების ფერხი უზრუნველობის კალთას ქუეშ გაგვიწვდია. მისმინე,ნდომის საყელოს მტერთ დასაჭერად ხელთ ნუ მისცემო,თქუა:

ლექსი

მოშორვებასა მოშორდი,ერჩდე ერთობის სახელსა

გაყრის ქუა ჟამსა მბრუნავსა შიგა უტვირთავს სახელსა.

ბაზანდამ უთხრა:

_აქამდის საყუარელო, ამა ბოლოდ გაყრის სიმწარის ამბავს ნუღარა მითხრობ,თუცა საყუარელი მოყუარე ქუეყნად ცოტა იშოება, ვინც მისგან ხელს აირებს,სხვას იშოვნის და მის ნაღველს გარდაიგდებს. თუცა ერთის საყუარლის პირის სურვილი კაცმან გაუშვა,მცირეს ხანს უკან მეორის საყუარლის ტრფიალებას მიხუდება.ეს ხომ გასმია, რომ უთქუამთ:

ლექსი

ნურც თემსა,ნურც მოყუარესა არ შერჩე ყოლე სრულაო,

ზღვა და ხმელეთი ვრცელია, კაცმან ვერ დაასრულაო.

არ მინდა ამას იქით მგზავრობის ჭირის მატიანესღა მიკითხვიდე.მგზავრობის გამოცდის ცეცხლი კაცს შეაგბობს და უმგბარი გუნება იმედის ცხენს საწადლის მინდორთა შინა სწრაფად ვერ გააჭენებს.თქუა;

ტაეპი

მრავალჯერ ვლანი,გზა და გზა სლვანი უხმს,ვირემ უმი შეიგბობოდეს,

ნავზანდამ უპასუხა:

_საწადელო საყუარელო,აწ რომ შენი გული  შეთვისებულის ლხინის მოშორვებას ცდილობს და ძველის ამხანაგობის წესის თოკის გაწყუეტასა და ახლის მეგობრის მოკიდებასა,ბრძენთ ასრე უთქუამთ:

ლექსი

ძუელს მოყუარესა ნუ სძულობ,ნუ აგდებ ძველსა შარასა,

რა რომ ახალი დაძველდეს, მასცა ისრე იქ,მა რასა!

თუ ჩემი სიტყუა არად მიგაჩნია,ესე არა გასმიაა?

ლექსი

კაცი ბრძენისა მოყვრუსა სიტყვათ ყურმიუპყრობელი

მტერის გულისად გახდება,რომ სწყეოს თვისი მშობელი.

ყოელი მათის საუბარი ამაზედ დაასკვნეს, ერთმანეთს დაესალმენ და მშვიდობა უძღუნეს, და ბაზანდამ სიყუარულის გული თვის ამხანაგს მოაშორა და პირი საფრენელად გამართა და მოინავარდა.

ტაეპი

გალიას შინა ნამწყუდევი გაფრინდა,ვითა გვრიტია.

გუნების ხალისითა და დიდის წადილიტა სიმაღლისაკენ მიილტვოდა, აღმართულს მთათა და სამოთხის მსგავსთ ტყეთა და ბალხოვანთა ველთა სინჯევდა. ნახა ერთი მთა,რომ ცის სიმაღლედ მოჩნდა,თვისი სიდიდისაგან მიწის პირი თვისის კალთის ქუე მტუერად მიაჩნდა; მაში ერთი მწვანობი ნახა, სამოთხის მინაქრის მსგავსი იყო და გულთა გამხმელი ნიავის ქარი ღალიას სძრევდა და მუშკის თეთრის უპისაგან სუნელება მოჰქონდა.

შაირი

მწვანესა გაღვიძებოდა, წყალთა მოსლოდა რულია,

ათასი ფერი ყვავილი დგა ვარდის წყლითა რწყულია,

ერთს ეჯზე კაცს ეცემოდა მათ ფშვათა სუნი სრულია,

მისთა მნახავთა ეკურნის ხრმალთა ნაკფი წყლულია.

ბაზანდამა რა ნახა შემკული და გულთსაწადელი იგი ადგილი, დია მოეწონა და მოინება მეორეს დილამდე მუნ განსვენება. მგზავრობის ტვირთი რა ჩამოჰხადა, ჯერეთ მაშვრალობისაგან არა შეესვენა და ერთi წამი არ დაეცადა, ანაზდეულად, ჰაერთა შინა ნიავწვლილის ფარეშმან სუბბუქი რამ ღრუბლის საჩრდილობელი გაშალა და სამშვიდობო ქუეყანა ჭექიანისა ქუხილითა და გულისშემწველის მეხითა მეორედ მოსვლის მსგავსი ზარი გაჰხადა. მისის ცეცხლისა სიმძაფრითა ყაყაჩოს ღვიძლი ეწოდა და წინწკლის ისარი სხვა მხარეს ნარგისის მღვიძარის თვალს მიწაზე ნიშნად აკერებდა.

ლექსი

კლდის გული მეხის შუბითა უწყალოდ დაიჭებოდა,

ცის დატეხისა შიშითა მიწა კლდეს გარდიჭრებოდა.

ბაზანდა, ამისტანას წვიმის ისრის მოსიშარი, თავის შესაფარებელს ადგილს ვერ ჰპოებდა, ვერცა სადმე ერთი ხვრელი პოვა, რომ სასტიკის ქარიშხალისაგან გაესვენა. ხეთა და ხეთა შტოთა ეფარებოდა და ხან ფურცელთა ქუეშე დამალვას ცდილობდა, წვიმა უფროსად გაძლიერდებოდა და ელვა ქუხილი ემატებოდა. თქუა:

ჩახრუხაული

ბნელნი ღამენი, ჭირნი მწარენი, წვიმა და ელვა ქუხილთა ხმობდეს,

იტყოდა: ჩემნი ვამნი საჩენი, ვინღა მოლხინე ღვინოში სცნობდეს.

მას მწარე ღამეს ათასი შეჭირვებით უგემურად მოთმენას ცდილობდა,სადამდის გათენდებოდა. და მას ავს ყოფაში ყოვლს წამს თავის ბუდეში ჯდომასა და საყუარლის მეგობრობას იგონებდა და ათასის საზრუნავის ნაღვლით შემწვარის ღვიძლისაგან სულთქმით იტყოდა.

შაირსა

არ ვიცოდი, შენმა მზემან, შენი გაყრა მევნებოდა,

რად გაგწირე, რად დაგაგდე, გული ჩემი ვისკენ რბოდა!

უშენოსა ცეცხლი ცხელი შენის გაყრით მედებოდა,

შენთან ჯდომით მომელხინა, შენი ნახვა მბედებოდა.

რა დილასა ურანო აღმოჩნდა, მასვე წამსა დამფარველლის ღამის სიბნელის წერილის ჟამი დროს პირზედ განქანდა და ქუეყანისა განმანათლებისა მზისა ნათლითა ცა და ქუეყანა განბრწყინდა.

ლექსი

მზემ მოიწვადა ოქროსი მახვილი პირთა თემისად,

განათლდა ოთხივ კიდენი, არა ბნელისა ჩენისად.

ბაზანდამ აგრევე ფრენა დაიწყო და ენება ანუ თვისთა ბუდეთა მისვლა,ანუ სამთა ოდენ დღეთა მოვლა მიდამოთა ადგილთა. ამისა საგონებელსა რა იყო,ანაზდეულაად გამოჩნდა შავარდენნი ერთი ფრთემახვილი და კლაჭფიცხელი,რომელი ნადირთა ელვასავით ეკუეთებოდა,და თუცა ინავარდის,სისწრაფით ცისა სიახლოეს მიიწეოდა.

ლექსი

ვით მეხის ცეცხლი ანაზდად საბრძოლად შემტევებელი,

მიფრენით ქარი ალისა, საჭიროს დასავსებელი.

რა ბაზანდის შემოუტევა,და უმწეომ ტრედმა შავარდენი დაინახა, გულმან თრთოლა დაუწყო და ტანის ძალი და სიმხნე ცხვირის ნესოდამ გასთხია.

ლექსი

რა შავარდენმა სატრედეთ მხარნი გაშალა,განაბა,

უღონომ მიწად დაცემა მოიწადინა, განაბა.

რა ბაზანდამ თვისი თავი შეჭირვებისა მახესა შინა გაბმული ნახა, მისის ერთგულის საყუარლის სწავლა მოაგონდა და თვისი უგუნური რჩევა დაიწუნა,რადგან უსარგებლო და ცუდი იყო,და ღთს ვედრება დაუწყო და აღთქმა დაუდვა, თუც ამა განსაცდელსა გადარჩეს და სიკუდილისაგან დაიხსნას,სხვაღა მგზავრობისა და სიარულის წადილმან ჩემს გონებასა შინა აღარ გაიაროსო, და საყუარელთან სიხარული,რომე მზის შუქისათვის შეუდარებიათ, მას უმიწოდ ვერარამან გამყაროსო, და დანარჩომს სიცოცხლეში მოგზაურობის სახელი ჩემა ენამ აღარ ახსენოსო. თქუა:

ლექსი

თუ კუალად სენი შეყრისა კალთათა ხელი ვახენი,

აღარ გაუშვა ცოცხალმან, თუ მედგას სულთა სახენი.

და მისი მოყუარის საქმის სიმდიდრე რომ მისთვის გაწყობილი იყო,და მას დროს შევარდენის კლანჭმა მისი თავი საჭმლად იშოვა. ამაში სხვის მხარედამ ერთ მშიერი არჭივი გამოჩნდა, რომლისა კლანჭისა შიშითა ვარსკვლავნიც ცის სიმგრგვლეთა შინა განუსვენებელ იყუნეს, საგონებელ იყო, კუროს ზოდიაქოთა ცათაგან მოიტაცებსო.

ლექსი

ვერძი მისისა შიშითა ცაში ვერ სძოვდის მშიდობით

ნუთუ მესისხლე მარიხი მწყემსად დაუდგა რიდობით!

საჭმლისათვის იარებოდა.რა შავარდნისაგან ტრედის საქმე ნახა, თქუა: თუცა ტრედი იგი მცირე რამეა,ტაშიყად ეგება მეყოსო,და მით გულთა და სულთა ძალი მიეცესო. მოუხდა შავარდენსა ტრედისა წასართმეველად.რაც ძალი შავარდნის გუნებასა შინა იყო,დამშვიდებულის არწივის კლანჭში არ იყო.მისს შემოტევებასა და მმოხდომას არად შეეპოა. მათი გაერთება სასწორმა ვერ შეასწორა და ბრძოლა შეექნათ.

ლექსი

ფრინველი ფრინვლის საბრძოლად აღდგეს და ეომოდესა,

ტრედი ათასის ხერხითა შუადამ გაძვრა კბოდესა.

და მათ ორთ შუღლთა სინა ბაზანდამ დრო დაიცა,გაეპარა და ერთს ქვის ძირს სოროთა შევიდა,რომ ჭავწავისათვისცა შესაძრომად საგონებელი არ იყო.მას ხურელში დაიცადა მას ღამეს შეჭირვებულმან,და რა მეორეს დღეს თერთფრთოსანი დილის ტრედი ცაზედ ბუდიდამ ამოფრინდა,ღამის ყორანი შავფრთოსანი არწივსავებ თუალის წინ სწრაფად დაიფარა.

ჩახრუხაული

სვე სვიანობით, მზე მზიანობით დილას აღმოხდა ფარშამანგულად,

სიმხიარულით,სინათლე სრულით გაფრინდა ყოლე სამოთხის გულად.

ბაზანდას შიმშილისაგან შეიწრებულსა გაფრენის ღონე აღარა ჰქონდა. ათასის ფრტიალითა და ფრთხილად მიმოხედვითა და შიშით გამმოვიდა და წავიდა.ნახა ერთს ადგილს ერთი ტრედი და წინა საკენკი ყრილი,მრავალრიგის ხერხითა და ხრიკით მოცული. ბაზანდას შიმშილის ლაშქარი სტომაქში შესეოდა და მისი გუამი აეფორაქებინა.რა თავისი ნათესავი დაინახა,აღარა გასინჯა რა და არცაღა მოიცადა. მივიდა რა,ერთი-ორი მარცვალი აიღო,ფერხი ჭირის მახეში გაება!

ლექსი

ეშმათ საბრხეა სოფელი,საკენკი გემოთ ნდომანი,

გულთა სირთ საზრდო სიხარბე,მახეთა გაბმის წდომანი!

    ბაზანდამ მას ტრედს გმობა დაუწყო და ეტყოდა:

-ძმაო,ჩუენ ერთი ნათესავი ვართ და ერთი გვარი,ეს საქმე შენის ნახვვის სურვილისათვის მომიხდა.რად არ მაცნობე და მოწყალების წესით არ მიმასპინძლე და არ გამაფრთხილე, რომე ამისთანას მახესა არ დაბმულვიყავო.

მეორემან მან ტრედმან უპასუხა:

-ეგეთი სიტყუა დააგდე და ესე იცოდე,საქმის მოსვლის გაკრძალვასა სარგებელი არა აქუს, არცა განსაცდელისა დარიდება მოხდება.თქუა:

ლექსი

განგებულების ისარი საცერით განარყორცია,

რა მივა აღარ დასცდება, იფაროს ფარი ოცია.

    ბაზანდამ უთხრა:

-არ ძალგიც,ამა უწყალოსა განსაცდელის ლხენის გზა მასწავლო და ესეთი მაჩუენო,აქათგან მოვრჩე?

მან ტრედმა უოასუხა:

-უგუნურო,თუცა მე ხერხი შემეძლოს,ჩემს თავს ამ მახის დაბმისაგან მოვარჩენდიო და არც სხვათა ფრინველთა დაბმის ბრალს დავიდებდიო!გავს,რომ შენ აქლემის კოზაკის ამბავი არ გასმიაო. რა დია დაშვრა, ტირილით და წუხილით დედას დაუძახა: ჰე,ურწყალოვ და შეუბრალებელო! ესოდენ მოოიცადე ,სული მოვიბრუნოო.დედამ უთხრა:შენ ბრმაო,არა ხედავ ავშრის თოკი სხვას ხელთ აქვს? და თუ ჩემს ნებაზე ვიყო,ჩემს ზურგს ტვირთისა და შენს ფერხს სვლისაგან მოვარჩენდიო!

რვული

კოზაკმა უთხრა დედასა:

სიტყვასა გეტყვი ყბედასა,

დია დაშრომა მედასა,

მოცდა ყავ მაგა ქედასა.

,მან უთხრა:ვაი შენს ბედასა,

მიმწევენ ავშრის მკედასა,

ვინ ზრუნავს ჩემს წარწმედასა,

ტვირთი მიმძიმობს გუერდასა.

სასოწარკუეთილმა ბაზანდამ დაიწყო ცდა და წევა და მრავლის ფრტიალითა და ხეთქებით თვისი იმედის ბაწარი გაიმაგრა, და ამ სოფლის საქმეს მახის ბაწარი დაელპო და ანაზდად გაწყდა.რა ბაზანდამ თვისი ყელი მახის თულისაგან თავისუფალი ნახა,წყნარად აფრინდა,თავის სამკვიდროსაკენ გაემგზავრა. რა ამ გუარს ფათერაკს მორჩა მისის სიხარულით შიმშილით მოყმობა დაავიწყდა და მოფრინავმა ერთს ნასოფლარს გარეშემო მწუანე ჯეჯლი დაინახა და ნაოხრის ნაპირი, რომელიც ჯეჯლს სწვდებოდა, იქ დაჯდა, მუნ ჯეჯლის მცველი მეველე იდგა და გარემოს სცვიდა. რა მეველემ ტრედი ნახა, ჯეჯლის ჯავრით გულიდამ კვამლი ამოედინა, ხელთ შურდული ეჭირა, ქვა ჩადვა და სროლად გაემზადა. ბაზანდა, ამ საქმის უმეცარი, ხლტოდა და თამაშობდა და მწვანოანს სჭვრეტდა და ნათესსა თვალსა ავლებდა. რა თვალმაქცის ცის სიჭრელისაგან მის შურდულის ქვის ძალი ტრდს ფრთაზე ეცა, მეტის შიშისაგან თავქუე ერთს ორმოში ჩაიჭრა, რომ მის ნაოხრის პირს იყო; ესრე ღრმა ორმო იყო, ზეცის მზის მბრუნავი შუქი თუცა ჩაადგებოდა, და დღისა და ღამის ნაგრეხი თეთრი და შავი თოკი ერთმანეთზედ გარდება ვისმე, ფსკერსა არ ჩასწვდებოდა.

ლექსი

ორმოსა ღრმასა ჩავარდა, საზომით მიუწდომელსა,

ჯოჯოხეთისა სიღრმესა, ცებრ სიმგრგვლე გაუზომელსა,

ძნელია ესრე ასცილდეს თავთა მინდობის მდომელსა,

მისი ქნას სხუას არ უსმინოს რად სჭირან ესე რომელსა?

რა მეველემა თვისი ნანადირევი ორმოსა ჩავარდნილი ნახა, ზედ წაადგა და ცნა, მისის საწადელის ხეზი მას შინა არ ჩასწვდებოდა, და სულის დალევაზე მიწურვილი ტრედი მას გაუძლებელს საპყრობილეში დაუტევა, გაბრუნდა და წავიდა. ბაზანდამ, ფრთემომტვრეულმან და გულწყლულმან, ის დღე და ღამე მას ხაროში დაყო, მგლოვიარესავით შეჭირვებული, სიმჭლით ღონემიწყვეტილი, ნავზანდას იგონებდა.. გოდებით იტყოდა:

შაირი

გახსოვს ოდეს შენ გიახელ, მიყუაოდე ვითა ვარდად,

შენი მტუერი საცხებელად თვალთა მქონდა ჩემდა ნარდად?

შენ გათმე და იგ გაუშვი, სიშორე ვყავ შუა ფარდად,

აწ მტერთაგან შეწყუდეული ორმოს ვზივარ გინა ბარდად.

ბაზანდამ მეორეს დღეს, რაც ძალ-ედვა, დაიწყო ცდა და მრავლის ჭირით ესოდენი ქმნა, ბუდეთა მოაწია. ნავზანდამ რა თვისი საყუარლის ხმა მოისმინა, მასინვე წინ გამოეგება და თქუა:

ლექსი

თუალნი აღმეხვნეს რა ვნახე მოყუარე ჩემი მოსული,

ღთო რა გკადრო მადლობა შენდა შეწირვად მოსრული?

    ბაზანდას მოეხვია და დაჰკოცნა; რა ნახა, დია დამჭლობილი და უსუსური იყო, უთხრა:

_ეი, შენ თავმამწონე საყუარელო, სადა იყავ, ანუ რა სალხინოდ მოიმგზავრეო?

ბაზანდამ უთხრა:

ლექსი

ტრფიალებისა შეწყენა, ვინ იცის, რაცა მომიხდა,

შენი შორს ყოფნა დამმწარდა გაწირვა ავად მომიხდა.

რაც სარჯელი, ჭირი და ვაება ჩემს თავზედ მოიწია,_თქუა:

ლექსი

ჯარ გავისვენო საწოლთა სოფლისგან დაცაშრომილმან,

ყვალა გიამბო უკლებლად ჩემნი ამბავი ფლობილმან.

სიტყუის დასასრულად ეს გიამბო: მასმოდა რომე მგზავრობაში კაცი მრავალრიგად გამოიცდებისო, და აწ მე ამ მგზავრობაში ასრე გამოვიცადე, რომ ვირემ ცოცხალ ვარ, მგზავრობისაკენ პირს აღარ ვიქო, და თუ საქმე დამეხსნა, ბუდიდამაც აღარ დავიძვრიო და ჩემის ნებით მოყვრის სატრფიალო ნახვასა ამისთანა უცხოობის სარჯელზედ აღარ გავსცვლიო. თქუა:

ლექსი

მგზავრობა, სვლა და ნავარდი სრულ დავივიწყო გულითა

საყვარელისა ჭვრეტითა ვიხარო სულწასულითა.

 *  *  *

ეს არაკი ამისთვის მოვიყვანე რომე მაღალმან და ქუეყნის მპყრობელმან ხელმწიფემან თვისის ადგილისა და სამყოფის ლხინი მგზავრობის ჭირზედ არ გასვალოს და თავის საყუარელს სამკვიდროს არ მოშორდესო, რომე ამ საქმის სარგებელი ტირილისა და ცრემლიანობას ჰგავს.ამისთვის ვშლი, ხელად არ აიღოსო, თქუა:

შაირი

რა მოვიგონი სამკუიდროს გაყრა და მოშორვებანი,

საყუარეთ შინა დაგდება, კარნი გამეშვას ზე ბანი,

ცრემლით მოვრწყვიდი ადგილთა ჯდომა მქონდა თუ რებანი,

სულთქმით დავსცალი გულისა კუამლი და ცეცხლთა დებანი!

დაბიშლიმ ბრძანა:

_ეჰა, ბრძენო და გონიერად მასწავლებელო ვეზირო, თუცა მგზავრობის გარჯილობა საჭიროა, სარგებელი მრავალი მოაწუს. ერთი კაცი რა უცხოთა ადგილთა შეჭირვებასა ჩავარდეს, კაცთაგან საყუარელი შეიქნება, და რაცა თავის ჟამად არ გამოოუცდია, მის ნაყოფს მოიმკის. მგზავრობით მრავალნი ამაღლდებიან და სიმდიდრის პირსა იხილვენ. ნახე, პალკი ექსის რუკის წავლით გალაზიერდების და მას მაღალს კიბეზედ ავა. აგრევე მთუარე ახალი და გალეული, ათოთხმეტ დღე სიარულით სრულობის სიმგრგვლისა და სისავსის ხარისხთა აღიწევა. თქია:

ლექსი

მოვლითა კაცი გამდიდრდეს, მეფობა პოოს სვიანად,

თუ მთვარე მგზავრობას მოსდეს ვერ ნახო იგ ნათლიანად.

თუმცა კაცი თვისსა სამყოფსა და სადგურსა დასჯერდების და სამკვიდროებამ მისი სიყვარულით ფერხს არსაით გარდასდგამს, ქუეყანათა და თემთა საკვირველების ნახვას ვერ ეღირსება, შჯულისა და დიდებულთ სამსახურს დაშორდება. ქორი ამა მიზეზისათვის მეფეთა ხელთ საჯდომია, რომ თვის ბუდეს არ დაადგრება, და წოტი ამად უპატიურს კედელს უკან დავარდნილა, რომე გული ნაოხრისათვის შეუთვისებია. თწუა:

ლექსი

ქორულად სწრაფად მგზავრობდე, ნავარდობდე და ფრინევდე,

არა წოტსავით კლდეს იჯდე, ნატამალშია სრინევდე.

    ერთი დიდი ბრძენი ფილასოფოსი თავის მოწაფეს ამ ლექსით მგზავრობაზედ ახალისებდა:

უმგზავრო ბრმასა ვამსგავსე, მგზავრი მხედველი თუალითა

მგზავრსა ტრფიალოს ყუალაი, უმგზავრო იწვის ალითა!

თუცა ქორი იგი ყორანთან გაზრდილიყო და ამთ რიგზედ ყოფილიყო და სიარული და მგზავრობა არ დაეწყო და ფრინვა არ მოენება, ხელმწიფეთაგან არ გაიწურთებოდა და პატივი არ დაედებოდა.

ვეზირმა ვედრებით მოახსენა, ეგ არაკი როგორ ყოფილაო?

/ქორის ბარტყი და ყორანი/

არაკებისაგან მასმია: იყუნენ ორნი ქორნნი ფრთეფიცხელნი, მოყუარულნი და გაერთებულნი და ერთს მაღალს მთის თხემზე ბუდობენ. ესოდენ მაღალ იყო, ცისა მზომელი არწივის ფრენის ძალი მასზედა სისწორით ვერ აღვიდოდა და ფასკუნჯი მისის ძლიერებით მის სიახლეს ვერ გარდაიარდა. თწუა:

ლექსი

მთა მთურსა მთასა არ გუანდა, არც მიწიერსა გორასა,

ცა ცაზედ მდგომად ვიაზრეთ, თუცა გავს საქმით ჭორასა.

იგიგ ქორნი მას მთაზედ მკვიდრობდენ, განისვენებდეს და ერთმანეთის პირის მზერით იხარებდეს და იშვებდეს და მათს დღეთ განცხრომით აღამებდეს. იტყოდენ:

ჩახრუხაულსა

ბულბული ვარდსა არ განავარდსა, გუერდსა მჯდომელი ზედა დაჰყეფის,

სიკეთედ გიჩნდეს, თუ თუალთა გიჩნდეს, ბედნიერი ხარ უფროსად მეფის.

ცოტას ხანს უკან ღთან მოწყალემან ერთი ბარტყი უბოძა და მათის გულის ნაწვეთის ნახვის სიხარული ჰქონდათ, და ორნივე სანადიროდ წავიდოდიან ხოლმე და თუისის ღვიძლის ნაკუეთისათუის ყოვლგნით საზრდო მოჰქონდათ. რა მცირე მოიზარდა და ძრავის ღონე მოეცა, მშობელნი თვისოსა მხარესა გაემართენ და მოსვლა დაუგვიანდათ. მათს ქულას მოემშია და საჭმლის ნდომით ბუდეში ძრვა და სიარული დაიწყო და აქა-იქ იარებოდა. რა ბუდის პირს ამოვიდა, ანასდეულად გარდმოვარდა და თავქუე კლდისაკენ წამოვიდა. ერთმა ყორანმა მიღმით ნახა, რომ იგიცა თუისთა ბახალთათვის საჭმელს ეძებდა და მასვე კლდეთა ჯდა, იმზირებოდა. ნახა,ყორანმა ქულა თავქუე მომავალი. მას თაგვი ეგონა, ფრინვლისაგან გავარდნილი.თქუა

ლექსი

ერთს თას წყალშია ვიხილე გონების თუალის ძალითა,

შენის პირისა შუქცნება, კრეფით მოვკრიფო მალითა.

ყორანმა სწრაფად შემოუტევა, ქულა რა მიწაზედ დაცემას მიწურვილიყო, მოვიდა და ჰაერთა შინა აღიტაცა და თავის ბუდესა შინა მიიღო. და რა მისი ჩარბი და კლანჭი ნახა, რომ ფრინველთ ნათესავი იყო, და მისის სიყუარულიტ გული გაუხურდა და გონებასა შინა ესრეთ იტყოდა: ღთან თურე ამისთვის წყალობით მომავლინაო, რომე ამისის სიცოცხლის მიზეზად მე შემქნა, თუ არა მე თუცა არა მივისწრაფოდი, მის მაღლის ბუდით ჩამოჭრილი კლდეთა დაეცემოდა და ძვლიან-ხორციან გაიგლებოდა და ქარისაგან გასატაცებელად გახდებოდაო. მაშე, რადგან ესე ესრეთ განეგო, ესე ჟამს ჩემგან, რათა ჩემთა მართუეთა თანა  აღვზარდო და მათ გაუამხანაგო და გავსწვართო და ვიშვილო და ესეცა ჩემთა ნათესავთა შინა გავრიოო. მას თვისთა შვილთა თანა და მათ მსგავსად უყუარდა და ათამაშებდა.

რა ქორი იგი აღიზარდა და მის გუარსა და ნათესავთაებრ ფრთენი შვენიერი შეუსრულდეს, საგონებლითა იტყოდა,მე ამა ყორანთა ნართუეთაგანი ვარ-ყე? და ესე რა არს, ჩემი სიმწყაზრე და სახე და ძლიერება სხუა არის? მრავალსა ხანსა ამას ჰკვირობდა: თუცა ამათი ნათესავი არა ვარ, ამათტა ბუდეთა რა ხელი მიც? და თუცა ამათთა გუართაგანი ვარ, რად არათი ვემსგავსებიო? თქუა:

შაირი

არც ჩემი თავი ამ ბაკსა შეერთებია ბუნებით,

არც ამა დასთა გაყრილი მგონია-ყე დაწუნებით,

ამათგან ვარ, თუ არა ვარ, საცილობლად მაქვს  ცთუნებით,

გავლო აქათ და არ ვიყო, ნებასა მივჰყვე მუნ ნებით!

    ყორანმა ქორს დაღრომა შეატყო და უთხრა:

_ეჰა,შვილო, გულთა ჩემთა ნაკუეთო! მეტადრე მოწყენით გხედავ და რაი არს მიზეზი, ანუ რად ჰფარავ ჩემგან, რაცა გაქუს გულთა შინა და არა მეტყვი, რათამცა ვიძიო სენთვის და ვპოო საწადელი ნებისა შენისაო? და ნურცამიმალავ და მაუწყე და თუმცა შევიძელ ქნასა ვეცდებიო.

_რომლითაცა მიზეზითა გული მიწუხს, ვერ გამირჩევია, და თუცა გარჩევითაცა ვიცოდე,ვერ ვიტყვიო.უთხრა:

ლექსი

ერთს საკვირველსა ვარდს ვხედავ, ჩემ შორის აყუაებულსა,

ფერი არა ჩანს,რა არი, სუნი ყნოსს ამბარცხებულსა.

აწე ეს მემჯობინების დასტური დამცე, რომე სამიოდე დღე ქვეყანის არეთა მოვიფრინო. ნიუთუ აქა-იქ სვლათა მოწყენის მტვერი გულისა ჩემისაგან გაიგავოს. რა გუნება შეწყენილი უცხოთა და საკუუირველთა საქმეთა ნახვასა ეცადოს, მის სასიხარულოთ პირი გულთა სარკეთა შინა დაინახება და გამოჩდებაო.

    რა ყორანმა გაყრის ამბავი მოიმინა,შავი კუალი პირიდამ ამოედინა.უთხრა:

ლექსი

ვაი რა მწარეა მაგის თქმა,გაყრის ამბავი სმენითა,

სხუა რაცა გინდა,ისი ქენ გაყრას ნუ მეტყვი ენითა.

დაიძახა ყორანმა და ხნა ყო ძლიერად:

_რა სიტყუაა შვილო ანუ რაი მოსაგონი მოგიგონიაო? ესე რა საქნელია, რომელიცა წინარე მოგიღია? მგზავრობისა სიტყვისა თქმანი ზღუაი არს ნავთა დამთქმელი და ვეშაპი კაცთა შტამთქმელიო. უთხრა:

ლექსი

ამ სოფლისა ჯოჯოხეთი მგზავრობაა კაცისადა!

რად ჩაიგდებ ჭირთა თავსა, რად დაშვრები სადა-სადა?

რომელი კაცნი მგზავრობას მოინდომებენ, ანუ თვისისა სიცოცხლის საჭურველად მოიგონებენ, ანუ თვის სამკვიდროდამ გაძებისათვის იქმმონენ, ესენი შენ არც ერთი გჭირან. ღთის წყალობით ერთი უცილებელი და მოსვენებული ადგილი გაქუს, მდღევარი საზრდო არ გაკლია და მით სიცოცხლეს აგრძელებ. მე ხომ სხვას შვილთაგან უმეტეს მიმაჩნიხარ და შენს ძმათ უფროსად უნდიხარ.ესეთისა ყოფისა მქონებელისაგან მგზავრობის მონდომება, სამკუიდროს მოშორვება, ადგილის დაგდება, ჭკუისაგან შორს არის. ამას წინათ, ძველად უთქვამთ:

ტაეპი

კაი საქმისა გაშვებად ხელი არ მიჰყო დაშვებად,

ქორმან უთხრა:

_რასაცა თქუენის კეთილის პირით მიბრძანებ, ჩემთვის მოწყალება და საიმედოა,მაგრამ რაოდენსაცა საგონებელთა დავეკითხები, ჩემს გუნებასა შინა ესე სახლი და საჭმელი ჩემად წესად და შესარგოდ ვერ მიმიყუანია. ჩემსა საწადელსა სხვა რამ გემოვნება უნდა, რომე მისს ქებას ვერ მოვსწდომივარ.

    ყორანმა იაზრა, რომე თვისი გუარის საქმე გამოუჩნდა და მისს სიტყუის საზღაურს გარდასცილდა, და უთხრა:

_რომელსაცა მე გეტყვი, დასაჯერებელი და შესატკბობელია და რასაცა შენ უბნობ, ნაღვლის გზა არის და ნაღვლიანი ნიადაგ ქუედარჩომილნი არიან. რომელიცა არას დასჯერდება, ვერაოდეს გაისუენებს, და ვინც ჯეროვანის საზრდელისათვის ღთსა არა მადლობს, ბედნიერობის პატივს ვერ შეიძენს. მე მეშინიან, შენ მას აჩქარებულს კატას რომ მოუხდა, ისრე არ მოგივიდესო.

ქორმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?

თქუა ყორანმა არაკი

/დედაბრის კატა/

იყო ერთი დედაბერი, მეტად საბრალო და უღონისძიებით რჩებოდა. ერთი ჩოდოლო ედგა ყრმათა გულთაგან უვიწროესი, ძუნწთა კაცთა საფლავთაგან უბნელესი, და ერთიცა კატა ჰყვა, რომელსა ოურისა სახე სარკითაც არ გაეცადა, წუენტა სახელი მახსოვართაგან არა ასმოდა და ამა ყოფასა დაჯერებულიყო. მისად საზრდოდ თაგვისა სოროდამ სუნთა მიდენასა ანუ თაგვთა გავლისა კუალთა სუნთა ყნოსათა კმა იყოფდა, და თუცა ბედისა შეწევნითა ერთი თაგვი სამ დაეჭირა,

ლექსი

ვით გლახაკმან მაჯნა განძი იპოოს და დახაროდეს,

რას არგებდა რას აქნევდა იტყოდა თუ:რამცა სჯობდეს!

სიხარულით პირი გაუწითლდის, გარდასული ჭირი დაავიწყდის და ერთს დღეს ხანს რასმე მით გარდაიარის და იტყოდის.

ლექსსა

ჰე.ბედო ამას რომ ვხედავ,ცხადი არის თუ ზამნება?

ესოდენს ჭირტა შემდგომად რამ სვემან მომცა,მანება!

რომ მე ესიდენტა შეჭირვებათა შინა მყოფმან, ესეთი უსწორო საჭმელი ვიგემეო! და ესრეთ მის ბებრის სახლთა სინა რომელსა წელის ნაწყვეტიც ვერ ეძლო შოვნად, ეგრე მჭლე და მჩხავანი იყო, შრომითა და მოგონებით რჩებოდა. ერთსა დღესა ნამეტნავის უღონობისაგან ათასის ჭირით ერდოზედ ავიდა და ნახა კატა ერთი, მეზობლის სახლის კედელთა ზედა სილაღით იარებოდა და ლომსაებრ ფერხთა აღრიცხვად გარდასდგმიდა, მეტის სიმსუქნითა თათთა ნელიად აიღებდა. რა ბებრის კატამა თვისი ნათესავი ეგრე გაპოხებული ნახა, საგონებელთა ჩავარდა და ხმა უყო.უთხრა:

ტაეპი

ეგრე დიდროა მრავალი მითხარ სითა ხარ მავალი?

შენ ეგრე გასუფთავებული სადაური ხარ? ესრე მეჩვენები, მგონია, ხატაეთის მეფის მასპინძლობით გამოსრულ იყო! მოთხარ,სადიტ მოხვალ და ეგ შენი სიმსუქნე რისაგან არის და შენი ძლიერება და შვენიერება რით მოჰხდაო?

მეზობლის კატამ უთხრა:

_მეფის ნასუფრალთა ვჭამ, ამად რომე დღე-ყოველ ხელმწიფის კართა მივალ, როსაც ნადიმთა დასხდებიან, ჩემს სიკასკასეს ვიხმარებ და მსუქანთა ხორცტა მოვიტაცებ და მეორეს დღემდე ნოყიერად ვიქნებიო.

დედაბრის ციცამ ჰკითხა:

_მსუქანი ხორცი რაიაო და მაძღრობის პური რას ჰქვიანო? ჩემს ცხოვრებაში ბებრის ფუშრუკისა და თაგვის ხორცის მეტი გემო არასი ვიციო!

მეზობლის ციცას გაეცინა და ეგრე უთხრა:

_მაშა,ეგ ყოფილა,შენ და ბებერა არაში გაირჩევითო. ჩუენს გუარს ესეთი სასირცხვო და საკდემელი საქმე რომ სჭირდეს, დიდი აუგიაო. ეგ სახე და სიმჭლე სახლიდამ გარ გამოგიტანია, ესეთი აუგია, ბოლომდე საგმობელად დარჩებისო,უთხრა:

ლექსი

კუდი და ყურნი მმიგგიგავს მართ ოდენ მარტო კატასა,

ტანი-ობობას სადარო, ქსლისა მქსოვლისა პატასა.

თუცა შენ მეფის კარი ნახო და მის გემოანთ საჭმელთ სუნი ისუნო, მგონია, ფარდაგთა შინა დამალული სული რომ გაქვს გამოგიჩნდეს და ახალი სული მოგედვასო. უთხრა:

ლექსი

თავს ნუ გაიღებ ლხინტაგან,-ვიდოდე კაის კაცისად,

ხელს ნუი აიღებ ღირსთაგან, აგრევ უფლისა და ცისად.

მეზობლის ციცა მისის საჩივრის ტირილითა გული დაეწვა და უთხრა:

_დღეის წაღმა მე პირობა დამიც, ამას იქით უშენოდ მას ადგილს აღარ წავიდეო.

    დედაბრის ციცა მისის იმედეულობბით სულობას მოვიდა და ერდოდამ ჩამოვიდა და ეს ამბავი ბებერს აუწყა.

ბებერმა სწავლა დაუწყო და ეტყოდა:

_ჩემო გაუყარო ამხანაგო,მსოფლიოთა ცრუთა, ტყუილთა სიტყუათა ნუ მიჰყვები.მცირეთა დაჯერებისა ხმა ყოფასა ნუ გაუშვებ, რომე უზომოსა ნდომისა ჭურჭელსა საფლავთა მიწის მეტი ვერა აავსებს რა, და ნდომისა და სიხარბის თუალსა სიკუდილის ძაფის მეტი ვერა შეჰკერავს რა თქუა:

ჩახრუხაული

იკმაე ცოტა, მართ ვით იოტა, სიმდიდრე კაცთა ეს არს ჭკვიანად,

ჰქვი გზად მავალსა შოვნა მრავალსა, თემზედა დარბის უგზოდ გზიანად.

ვინც თვისა ბედსა და ღმთის იმედსა მდღევარს არ ჯერა, რაც აქვს მზიანად,

ვერ იცნობს ღთსა, მცნებათა ერთსა არ აღასრულებს, ექმნას ზიანად.

ბებრის კატასა მის ხელმწიფის ნასუფრალისა ნდომა ასე ტვინში შესლოდა, რომე წვრთა და სწავლება მას ვეღარას არგებდა.

შაირი

უგბილთ სწავლება ცუდია, ბრძენნნი აშრობენ ენასა,

ვით ქარი გალიაშია დააპყრა, მიქრის ზენასა,

ტრფიალსა სატრფოს უშლიდე, მისკენვე იწყებს რბენასა,

ცხრილსა წყაროთი ავსებდე, მალე იქს ქუე გადენასა!

რა მეორე დღე გათენდა, ის მეზობლის კატა მხნედ და ბებრის ციცა ღონღილით ხელმწიფის კართა ძვილ მიაწიეს. საწადლის ძალმა მისვლის უწინარესვე შეაცთუნა და სიმჭლის ბედმა მის უმის ვაჭრობის ცეცხლსა სიკუდილის წყალი დაასხა ამ მიზეზისათვის,რომე წინა დღეს ხელმწიფის ტაბლაზედ კატები შესრულიყვნენ, საკრძალავი მსახურება გაეშვათ და ჩხავილი და კნავილით მასპინძელთა და სტუმართა გული შეეჭირვებინათ. მაშინ ხელმწიფეს ებრძანა მარჯვეთა მსვილდოსანთათვის დროება და რომელმანცა კატამა უსირცხვილობის ფარი პირთა არ დაიფაროს და კადნიერების ასპარეზთა მოვიდეს, ვირე ლუკმათა აიღებდეს, ღვიძლის მკერავის ისრით განასვენეთო. ბებრისა კატა, ამა ამბისა შეუგებელი, საჭმელთ სუნისა ცემაზე დაურიდლად, შავარდენსავით, პირი სუფრისა მისაფრენელად ქნა, ჯერეთ გუნებას სასწორის უღლით მძიმე და სუბუქი ნაკუეთი ვერ აეწონა, მასვე წამსა გულის გამგვრემელი ისარი შიგა გავარდა.

შაირი

ძუალდაკოდილი მირბოდა სისხლითა რწყავდა არესა,

მშვილდოსანს გმობდა,ისწრაფდა მეშველსა მოსახმარესა,

იტყოდა: რად არ დავსჯერდი მცირესა მისამხვდაესა,

ვით ღირს თაფლისა გემება Fუტკრის ცემასა მწარესა.

*  *  *  

ეს არაკი ამად მოვიყუანე, რომე სენ ამ ჩემის ბუდის სივიწროვსა და მცირეს საზრდოს და გაურჯელს ლუკმას დასჯერდი და რაც გაქუს, გამოიზოგე და დიდთა ნუ მოინდომებ. შენ რომ გინდა, არამც მას ხარისხზედ ვერ აღაწიოო, და რაც მზა გაქუს ესეც ხელიდამ გაგვარდესო.

ქორმან უპასუხა:

_რომელიც შენს მოწყალის თუალით მხედვარეობას ეფერებოდა, ეგეთი სწავლება და წვრთა მიბრძანეო, მაგრამ მცირედის დაჯერება უღონოთა კაცთა წესია, მარტო მდღევრის თავსდება გუნებამდაბლის კაცის საქმეა. ვისაც დიდობის სნატთა ჯდომა უნდა, დიდს შემოსავალს უნდა ეცადოს, და ვისც თავისის თავის ამაღლება და გვირგვინოსნობა ნებავს, საცადლის ზოსტერი უნდა წელთ შემოირტყას. უხვნი კაცნი ძუნწთ საჯდომზედ არ დასხდებიან და ჭკვიანნი ავსა და უშვერსა სავანეს არ მოიწონებენ და ვერც გაეწყობიან. თქუა:

შაირი

სიმაღლის გზათა ვინ ჰპოებს კაცი საოყრულად მჯდომელი,

ფერხი არ შედგას ხარისხთა სიუხვის სავლად მზომელი!

ესეთი კიბე ეძებე, მთუარესთან მისაწდომელი.

არვინ სვას ნაცვლად შაქრისა წვიმა გუბეთა მდგომელი!

    ყორანმა უთხრა:

_ეგე მოსაგონი, რომე შენ მოგიგონია და ტვინთა რაიც შეგსვლია, მაგით მაგ ტანთა საფუძველი ვერ დამტკიცდება. მაგ ვაჭრობის ქუაბი უნივთოდ, ნდომით არ ადუღდება. რომლისაც საქმის ნივთები მზა არ იყოს, უმისოდ არა საქმე არ შესრულდება, რომელსაცა საქნელსა ხელი არ მიჰყო, პირსა ვერ მოგცემსო. უთხრა:

ფისტიკაური

მეფეთ საჯდომტა ზურგთა მიყრდნობა სიტყვით არ იქნას იცია,ოდენ,

თუცა სამდიდრო წესი და რიგი მზად არა აქვნდეს და ცუდად რბოდენ.

ქორმა თქუა: ჩემი კლანჭების ძალი საბედნიეროს მოსავლისა მიზეზია და ჩემი ჩარბის მგლეჯელობათა შეძლება ხარისხის სიმაღლის ნიშანია. არამც შენ ხრმლის მკურელის არაკი არ გასმოდს, რომე თვისის ჭაბუკობის ძალით ხელმწიფის სწორობა და პატივი იშოვა და ბოლოდ სიუხვის სამოსლიტა სამეფო დიდებით შემზადა და დაიპყრა?

ყორანმა ჰკითხა,ეგ საქმე როგორ ყოფილაო?


ქორმა თქუა არაკი


/სვებედნიერი ჭაბუკი/

ძუელთაგან ერთი მოსაქმე საბრალო მწირი კაცი იყო, თვისის ცოლ-შვილის მდღევარის საზრდოსათვის შეღონებულ იყო და მრავლის მწუხარებისაგან მის ჟამში მისის სიტყვის თქმის ფურცელზედ სასიხარულო ამბავი არ ამოეკითხა. მისის მუშაკობის მოსავალი მის დედა-წულს არ ეყოფოდა და მის ხელოსნობის სარეწავი საზრდელსა და სამოსელს  ვერ შეუსრულებდა, შემოქმედმა ღთან მას ერთი ასეთი ძე უბოძა, ჭკვიანობით და სიღრმით მიუწდომელი, რომე ხელმწიფობისა და ბედნიერობის ნიში შუბლთა ზედა აჩნდა.

ტაეპი

სვებედნიერი ეტლშვენიერი, ედემის ბაღთა კეკელა ნერგი,

მისის ფერხბედნიერობითა მამასა მისსა სიხარული გაუმრავლდა, მისმა სვეკეთილობამან მოსავალთა მატა და წარსაგებელსა გარდარჩინა. მშობელთა მისთა ფერხი მისი ბედნიერად დასცალდეს. რა ცოტა მოიზარდა, მათს წვრთას და რასაც ასწავლიდენ სხვა რიგად იქმოდა. იგი მშვილდოსნობისა ამბავთა გამოიკითხვიდა, ნიადაგ ფარიკაობდა; როდესაც წიგნის საკითხავად სასწავლოსა გაგზავნიდენ, იგი ასპარეზთა შინა მიიჭრებოდა; ოდესცა წერად კალამს მისცემდენ, ოროლითა მღერასა მოინდომებდა. სამუდამოდ ხრმლით ქუეყნის დაპყრობისა სიტყუათა იტყოდა. ესეთის წერილის კითხვას ეწყობოდა, ცისა მოქცევისაგან ნიადაგ მისი თავი ამაღლებული ენახა.

რვული

რა ოსტატი ასოთ სხმიდა,

მისი გული სხვას იწვრთიდა,

ონით ხრმალებრ მტერთა სრვიდა,

განსა ფარებრ იფარვიდა,

ინსა ზუჩად დაირქმიდა,

ტარსა ჯაჭვად ჩაიცმიდა,

ენსა მშვილდად აიბმიდა,

სანით ისრად მებრძოლს სრვიდა!

        რა ნინველობისაგან ცნობასა და ჭკუასა მოვიდა, დღე-ერთ მამამან უთხრა:

_ჰეა, შვილო ნიადაგ ჩემი გული შენისა საქმისა საგონებელთა შინა არს! ჭაბბუკობისა და ყრმებრივსა საქმეთა მრავალი შემთხვევითი წინა უცს. მეშინის ბოროტის მოქმედის სულისაგან ბოროტის მოქმედება შენთა ბუნებათა შინა არ დათესოს. და მნებავს შენისა მშვიდობისა დროსა სიმტკიცისა ზღუდითა შემოგღზუდო და ერთი შენი საწადელი, რომელნიც ჩუენი მეგობარნი არიან და ჩუენი სანდომნი, მათი ასული გითხოო, და ამისას შენ რას იტყვიო?

შვილმან მოახსენა:

_რომელიც მე ცოლად მინდა, გამიმზადებია, მისი მარი უკლებლად დამიცს, თქუენ ამ საქმეზედ არ შეგაწუხებო და არც თქვენი შეწევნა და მოხმარება მინდაო.

მამამან ჰრქვა:

_შვილო, შენი საქმე რაცა ვიცი, მგონია, გამოწვლილვით შემეტყოს და შენ რომ საცოლოსა შენისათვის იტყვი, ეგოდენი ხელის შეწევნა არა გაქუს. ანუ საცოლო შენი ვინ არისო? შვილი ზე ადგა და სახლიდამ ერთი ხრმალი გამოიტანა, შვენიერთა თვალ-წარბთაგან ათასრიგად უფრო სისხლის დამთხევი და ბაგე-ბალახშთა ღიმილით ჩენილს მარგალიტთა კბილთა ჩენისაგან უმსწრაფლესად გულთა გამაპობელი, და ჰრქუა:

_მამო, დაიჯერე მე ქუეყანისა და თემთა პატრონობა დამონიშნავს საცოლოდ და ხელმწიფობათა სიდიდესა ზედა მარრი გამიკუეთიაო, და ვილოცავ, ამისი გამრიგებელი მოლესილი ხრმალი და ღუიძლთა ხანჯალი მომეცესო! თქუა:

ლექსი

სვე-ბედს ვერავინ მისწვდების, ვერცა ქუეყნისა ჭერასა,

თუ ბასრსა ხმალსა არ უთხრა: "ერთი შემოვკრა ჭერ ასა"

რადგან მის ჭაბუკის ბედი მეფობის საშოვრად ამაღლებულიყო, მცირედსა ჟამთა თემი და ქუეყანა ხელთ დაიპყრა და ქუეყნის მჭირავის ხრმლით მრავალი სახემწიფო და ადგილი შემოიკრიბა და თქუა:

ლექსი

საწუთროს სძალი არ მიხვდეს ერთის სიძისა მეტასა,

ძმადა თუ ხრმალი არ ახლავს ვერ იქს ქორწილის ჭვრეტასა!

*  *  *

ესე არაკი ამისთვის მოვიყვანე, რომ სცნა: სვიანობის რიცხვი ჩემზედა მოწევნილა და, ღთის მოწყალებით, ბედნიერობის კარი ჩემთვის განღებულა, და მეცა მაქუს იმედი, ცოტას ხანსა შინა ჩემსა საწადელსა მივეწიფო და წადილის მკლავი ჩემსა სასურველსა კისერთა მოვხვიოო. აწე ამას მოგახსენებ, სატყუარითა სიტყვითა და მაგგუარის არაკებბითა მე ამ საქმეს არ მოვიშლი და არც გარე შევიქცევიო.თქუა:

ტაეპი

ამას არითა, ამ მასარითა, არსად წავიდე ტუქსვით არითა.

ყორანმა გული დააჯერა, რომე მის ქორის მაღალი ბუდე მისის ხრიკის ბადეთა არ გაებმოდა და ეშმაურისა საკენკითა არ მოინადირებოდა. მეტად მჭმუნვარითა გულითა მგზავრობის დასტური დასცა და გაყრილობისა დაღითა დაკოდილი გული დაიდაღა, და ქორი იგი ყორანსა და მის მართუეთა გამოესალმა და მის ბუდიდამე გარდმოფრინდა და ცის კამარათა აღვიდა და, დამაშვრალობის შემდგომად, ერთს მთაზედ დაჰხდა და მსწრაფლ მხედველითა თუალითა მიმოიხედვიდა. ანაზდად ერთი მგოგვარი კაკაბი დაინახა. მის კაკანსა მის მთის მიდამო აეანცებინა. ქორმან მისი ნადირობა გონებად მოიღო, შეუტევა, შეიპყრა და მისის გემრიელის ხორცითა გუნების საწადელი ადგილი აავსო. რა ხორცის გემო ნახა, ესრე მოეწონა, სულისა უკუდაებასა შეადარა მის საჭმლისა სიტკბოსა სარგებელი, სამკურნალოთა საქებარი, რომლის თანა მისთა ჟამთა კეთილი არა ეგემებინა რა, და თქუა:

ლექსი

საჩემოდ დაბადებულხარ, მე ვგონებ, ჩემთვის ქებულო,

სიცოცხლეს შენგან მოველი, დღედ სიგრძედ იმედებულო!

მერმე გონებათა შინა იტყოდა: ჩემის მგზავრობის სარგებელად ესეც კმარა,რადგან ჩემი თავი სამუდამოდ ავის საჭმლის ჭამას მოვარჩინეო და ბნელსა და იწროთა ბუდეტა აღარ ვზი, და ძუნწთა და უბადოთა ამხანაგთა გავეშორე და ჩემის გუნების საწადლის გემოვნებისა საჭმელთა ვშოობ და შვენიერს ადგილსა და კეთილსა და ბედნიერსა სავანესა ვიყოფები. თქუა:

ტაეპი

ჩემთვის ახალი ქუეყანა დღეს დაიბადა სრულობით!

და ამა სიქით რაიც საქმე დაფარული მოსაწონებელი ჰაეირს ასპარეზთა შინა მომივა, იგი მოვიცადო. თქუა:

ტაეპი

ვიხილო ცამან, მბრუნავმანც ამნ, ფარდაგთა ზურგით რა გამოიღოს!

მემრე ქორი თვისის წადილითა რაოდენსამე დღეთა მიმოფრინვიდა და სიხარულით ფრთამომწონებელი კაკაბთა და დურაჯთა ნადირობდა. ერთსა დღესა მაღალთა ბორცვთა ჯდა და მის გარეშემო ნახა ცხენოსანნი მონადირენი ჯერგა გაშვებულთა ადევნებდეს ბაზთა გონებახალისიანთა.

შაირი

მონადირეთა ტაბლათა ხმა მინდორად გაიწეოდა,

ქორი იხვისა შეპყრობად ჰაერთა აიწეოდა,

გეზელი დურაჯ-კაკაბთა ანაზდად მოეწეოდა,

ფრჩხილგამახული გავაზი წეროს არ დაეხრწეოდა.

თურე მონადირე იგი მის ადგილის ხელმწიფე იყო და თავისის შინაყმით ნადირობდა, მის მთის ძირი მოსარეკად მოენდომებინა და გარ ჯერგა შემოევლო. მის მეფის წინ კაკაბი აუფრინდა, ქორი მოუტევა, და მან ბედმაღალმა ქორმა რა ნახა, შემოუტევა, ხელმწიფის ქორს წამოასწრა, კაკაბი აიტაცა და წაიღო, რა მეფემ ეს ქორი ნანადირევ-გატაცებული ნახა, მის ქორის შოვნის ნდომა შეუვიდა ესრეთ, რომე გული და გონება მას გაჰყუა, და ბრძანა მტკიცისა და ძლიერის ბრძანებითა მის ქორის შეპყრობა. მათ ხელმარჯვეთა და ხერხიანთ მონადირეთა შემზადეს გულყო მახის თულად და გარდაცვეს კისერთა ზედა და მოიყვანეს საბედნიერო გზით ხელმწიფის საქებურსა სამსახურში მოწევნილი. რა მეფემან მაღლით მხედველის ქიმიის თუალითა მისი სიმწყაზრე და გუარიანობა გაიცადა და სიკეთეზედ გული დააჯერა, მას უკან მეფის გამარჯვებულს ხელზედ ჯდომის ადგილი იშოვნა და მეფის თითთა ზედა განსვენებით მჯდომელი შეიქნა. მისის ძუნწთა მეგობართ და უპატიურთა ადგილთა ნაცვლად ცებრ ამაღლებულს ალაგს მიაწევინა; თუცა მის ყორნის მეგობრობას დასჯერებოდა და მგზავრობა და თემთა და ველთა სვლა არ დაეწყო, მისი სვე ამ სიმაღლის ხარისხზედ ვერ აღიწეოდა.

*  *  *

ამა არაკისა თქმა ამაზედ მოვიყვანე, რომე სცნათ: მგზავრობა და სიარული სიმაღლესა და სიდიდეს კაცთა ხელთ მისცემს და ჯოჯოხეთით მაღალთა ცათა აღიყუანებს და სუფევას მისცემს. თქუა:

შაირი

გაზაფხულია მგზავრობა კაცთა გულისა  სავალი,

გულის საწადლის ვარდისა გამშლელად გამოსავალი,

ვინ მგზავრობს ნებას ეწევა, არა ედება სავალი,

თქმულა ღთისაგან ბრძანებით მიმოვლად სრულ დასავალი.

დაბიშლიმ რა ბრძანება დაასრულა, მეორე ვეზირი წინარე წარმოდგა, სამადლობელი სიტყუანი წინ გაუფინა და მერმე მოახსენა:

_რაიცა მეფეთ მეფემან ღთისმიერისა გამოცხადებითა სასარგებლონი ბრძანა, მისი სემსგავსებული და შესაფერი არა იქმნების რა, რათამცა ახლორე მისსა მიეკაროს, რადგან მეფისა ანგელოზებრივსა გონებათა ქუეყანათა და გლეხთა მოსვენებისა და სიმშვიდისა ბრძანება ძეს, მაგრამე მგზავრობა და შრომით ტარება რომე კაცმან ხელად აიღოს, ამის გამო მე ამას ვიკადრებო: სულთა აღმაორძინებელთ ლხინთა და განსაცხრომელის ადგილისაგან მოწყენისა, ზრუნვისა და ნაღვლის ადგილს წასვლა ბრძენთა ნათქვამთა შინა შორად დაჭერილია და კიდეცა აძაგებენო.დაბიშლიმ ბრძანა:

_გარჯისა და შრომის ხელად აღება კეთილის ჭაბუკისა და გულოვანთ წესია და მეომარის ლომის ხელოვნება არისო. უთუოდ, ვირემდის ხელმწიფეთ სალხინო კალთა გარჯილობის ქაცვით არ დაიგლიჯება,გლეხთა და საბრალოთ კაცთა განსვენების სავარდესა შინა მშვიდობის ყუავილი არ გაიშლებისო, და თუცა მეფისა ბედნიერი ფერხი უსაქმოდ ჭირის მინდორსა არ გაზომს, მწირთ თავი მოსვენების სასთუმალზედ არ დაიდებაო.თქუა:

     ლექსი

                                        არ დაწყნარდების ქუეყანა და მისნი სანახებია,

თუ მეფე მოსვენებით ზის,ნებისმიერობა ხებია.

ესე სცანთ, რომე ღთის დაბადებულნი მონანი ორსახენი არიან; ერთი რიგნი ხელმწფიფენი არიან, რომელთათვის მიუცემია ქუეყანათა ზედა ბრძანებისა გავლენა, და მეორენინ გლეხნი და საბრალო კაცნი, რომელთათუის ქებული მშვიდობა და მოსვენება გაუწესებია. ესე ორივე ერთისა მიერ არ იქნებიან, ანუ მოსვენება უნდა იხელთოს და ხელმწიფობის (ბედნიერობის) სადავე გაუშვას, ანუ ხელმწიფობისა სიდიდესა მიჰყვეს, გემოსა და მოსვენებისაგან ხელი აიღოს. თქუა:


შაირი
ვითა ვარდისა ყუავილი ეკალთა ზედა წვებისა,
ამისთვის მეფეს დაურგვენ, სახე უც მოღვაწებისა.

ბრძენთ უთქვამთ: მომჭირნეობის ცდა და გარჯა ბედის სავანესა მიმყუანებელია, და ღუაწლთა მინდორთა შრომით ფერხის შედგმა საწადლის პირის სახისა თუალით დანახვაო; თუალხილულის მოსავალი უთვალოსათუის არისო. თქუა:


ლექსი
სამეფოს სკიპტრა-პორფირსა ვერვინ აიღებს ხელითა,
ხორცისა განსვენებელნი, მითხართ, რას კეთილს ელითა?

ვისცა გამარჯვების ასპარეზთა შინა საცადლის დროშისა გაშლა უნდა, მართებს დიდად გაისარჯოს და გასვენებისა და შვებისაგან ხელი აიღოს და [თვისი საწადელი მალე აღუსრულდების, სასურველის პირს სიხარულის თუალით] დაინახავს, რაგუარადაც მან ვეფხვან, რომელსა თვისად საპატრონოდ დიდი ტევრი სიხარულის მომატყუებელი ჰქონდა. პირველ რა მისს დაპყრობასა ლამობდა, ცდას იღვიწოდა და თავსა განსვენება არა მისცა, და დაშრომისაგან არა მოუძლურდა და მცირესა ხანსა შინა მისის საწადლის ფარდაგი სატრფიალოსა პირტა ააკეცა და სწრაფად ხელი მოჰკიდა.
ვეზირმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?


დაბიშლიმ ბრძანა არაკი

[ვეხის ბოკვერი და ლომი]

ბასრის ქუეყანას ერთი ხერთვისი იყო, ჰაერკეთილი, ტყეშვენიერი, მრავალრიგად გულის გასაწყობად მოსარები, წყარონი ცივნი და მრავალნი ხშირად დიოდეს სულთმომაბრუნებელი ყოვლის შემკულებითა.

გარდამეტებულის შვენიერებისაგან მას ტყეს სახელად გულის სიმხურვალე ეწოდა. მუნ ერთი ვეფხვი გუარობდა. მის ძლიერის სიკისკასისა შიშითა მუნ ლომი ფერხს ვერ გარდადგმიდა და სხვა ნადირი და ფრინველი იქით მიხედვასაც ვერ იკადრებდენ.

შაირი
სალს კლდესა სცემდა კუდითა, რა იყვის გარისხებული,
ლომის ბურჯს ცაში შიშითა ჭანგი სცვიოდა ქებული,
თუ გზაზედ დაწვის გამწყრალი, გუნება გამწარებული,
მუნ კაცთა გავლა გაჭირდის, წლამდი ვერ იქნის რებული.

მრავალს ხანს მას სამყოფსა ნებიერად მყოფობდა, საწყინარი და თვისი უნებელი დღე არ ენახა. ერთი ლეკვი ჰყვა, რომელ ქუეყანასა მას თავს შემოავლებდა, თუალის სინათლედ მას ხედვიდა, მის ადრე გაზრდას ცდილობდა, რათამც კბილი და ჭანგი მისი უზაბრის სისხლით შეესვარა. და ენება, ტყისა მის პატრონად იგი დაედგინა და თვისი დანარჩომი  დღენი ერთს ადგილს მოსვენებით ეცოცხლა. ჯერეთ საწადლის ნერგზე დროიან კუკური არ გაშლილიყო, ამაღლებულმა სიკუდილმან საგონებლის წალკოტის ხილი მისატაცებლად ძლიერს ქარს მისცა.


ტაეპი
ჰე, მრავლის მდომი შეიქნა მიწა, დიდობის მრჩენი წამს შეაბიწა.

ვეფხი რა სიკუდილის ლომის ჭანგში ჩავარდა, მას უკან ლომნი, მგელნი და სხვანი მძვინვარე მხეცნი რომელნიცა სანადიროდ მის ტყისა მოსურნე იყვნეს, სრულობით მოვიდნენ მის ტევრის დასაპყრობელად. ამა ვეფხისა ბოკუერისა მათი ომი და ბრძოლა არ ძალ-ედვა და ტყე იგი დასატევებლად მოინდომა და შორს ადგილს წასვლა განიზრახა. მათ დამპყრობელთ მხეცთა ერთმანეთში ცილება და ბრძოლა შეექნათ სისხლისა მღურელმა ლომმან ყოველთა სძლია, და იგი სიხარულისა მომატებული ადგილი მან დაიპყრა      და თავის ბლისტად შექმნა და ვეფხვისა იგი ბოკუერი სხვათა უდაბურთა იარებოდა. ერთსა დღესა სხვა მხეცი ვინმე შეხვდა და შესჩივლა, თვისი საქმისა და ვაებისა ყუალაკა უამბო და შეეხვეწა, იმაზედ მიშველე რამეო, სხვანიც მომახმარეო.

რა მათ მის მონადირის ლომისა და განცოფებულის ვეფხვისა საქმე გასინჯეს, მიშველება და მოხმარება აღარ ამჯობინეს და ეტყოდეს: საწყალობელო, შენი სამკვიდრო ესეთსა ლომსა დაუპყრია, რომე მისისა შიშითა მას ტევრთა ზედა სირნი და მერცხალიცა ვერ გარდაფრინდებიანო და პილო მისისა რიდისაგან მის მინდორთა კიდეთაცა ვერ მიდგებაო! აწ ჩუენ მის პირისპირ მბრძოლად გხედავთო! ჩუენი რჩევა ეს არის და ჭკვა ამას ხედავს, რომე მასვე შეეხვეწო და ერთგულს სამსახურს ეცადფოო. უთხრა:

შაირი
ვინ მძლესა ადგილისაგან ვერა შესძვრიდეს ძალითა,
მისა საომრად არა ხამს ყოლე შემართვა მალითა,
ესე სჯობს მასვე ევედრო, მოლბე გულითა სალიტა,
კრძალვით მიხვიდე, მსახური ცხადით და იდუმალითა.

რა ვეფხვის ბოკუემან ესე მოსაწონი რჩევა გაიგონა და მოისმინა, დაიხედა რომე ლომისა სამსახური უჯობდა, და რაიცა სამსახური შესაძლებელ იყო, მისი ცდა დაიწყო. ამ გზით ერთი ლომის წარჩინებული გამზრახი მოიხმო და მის გამო ლომის სასამსახუროდ სევიდა და მისი მაღლის თვალის სანახავი შეიქნა, და ერთს მისს საფერს სამნეოთა დაადგინეს. ვეფხვამნ სასამსახურო კალთა მორჩილების წელტა ჩაირჭო და საერთგულო საქმეთა ქნასა შეუდგა. წამ და წუთ ლომისაგან წყალობას მიიღებდა და ნიადაგ თავის ამაღლებას მატებდა. ესრე შეაყვარა თავი, რომე სახელმწიფოს გამგენი და წინაშე მდგომნი მეშურნე ექმნეს, და ვეფხვი ნიადაგ მოჭირვების ცდით სამსახურს გარდამატებდა და მისის შემატების საქმეს არჩევდის და თავგანწირვით ცდილობდა.

ლექსი
ცდა, გარჯა და მოჭირვება იცის ვინცა მეტად,
მისი საქმე დამზვლეულსა ქუეშ შეუდგას სახლსა სვეტად.

ერთხელ ლომსა მას ერთი რამ საქმე მოუხდა შორს რასმე ადგილს. მას დროსა ჰაერის თორნე ძლიერად განხურვებულიყო, მეჭიქის თუნმდნარსავით გამდგარიყო, მეტის არის სიცხის ჭრტიალისაგან ფრინველთა ძვლიდამ ტვინის ნიჟი სდიოდა. კირჩხიბი წყალში, ვით თევზი ტაფაში, იხრაკებოდა.

იამბიკო
თუცა ღრუბელსა ცუარი ენამა, ალად გახადის სიცხემ ზენამა,
მაღლად ფრინველი მოკლის ფრენამა,
ვითა ფარვანა სანთელთ ჩენამა,
"ჰაერი შეწვა" ვერ თქუას ენამა.

ამასობაში ლომი თავისწინა საგონებელთა ჩავარდა და იტყოდა: ესეთსა პაპანებათა შინა, სადაფი პელაგონთა შინა, როგორადაც ქათამი ღუმელთა შინა იწვის და სალამანდრა მზის სიცხით ცეცხლიდამ ვერ გამოსულა! ესეთსა დროსა ესე საქმე ამიჩნდა, ვინ უნდა ვპოო ჩემისა სამსახურისათვის თავგანწირული და გარჯილობისათვის არ შემზარებული და ჰაერისა სიმხურვალეთაგან უნაღვლელი, რომე საქმე ესე კეთილად მიურვოსო.

რა ლომი ამას იგონებდა ვეფხვი მოვიდა და სხვათა მსახურთა თანა დადგა, და რა ნახა ნადირთ ხელმწიფე საგონებელსა დიდსა მყოფი, იაზრა საქმესა ამას შiნა წყალობის სიმრავლე და ჭაბუკობის გამოჩენა უნდა იყოსო. წარდგა სახელმწიფოსა სნატთა წინარე, ხელმწიფის საგონებელი გამოიკითხა და ზედმიწევნით შეიტყო და მის საქმის გარიგება თავს დაიდვა, და ლომს გამოეთხოვა და მისნი მოსამსახურენი წაიტანა. და შუადღემდის მას ადგილს მიიწია, საქმეს რიგება დაუწყო და მალე ხელი მიჰყო. რომელნიც ხელმწიფის მოსამსახურენი, რომელნიცა მისს ბედნიერობის ავჟანდათ ემსახურებოდნენ, მოვიდენ და მოახსენეს ვეფხვსა: ესოდენი სიცხე თავს ვიდევით, და ესოდენი გზა ვლეთ და ყოველივე ბრძანებული ვითაეთ; აწ არარა საჭირო გვაქუს, რადგან თქუენისა ერთგულობისა სიმტკიცე მაღალს ხელმწიფეს წინაშე ლამპარებ ბრწყტინავს. აწ ჩუენ ამას მოგახსენებთ: მცირე ხანს ერთსა ჩრდილთა ქუეშე გავისვენოთ, თაფლებრივის წყაროსა სმითა ცეცხლითა შემწვარი ენა გავიგრილოთ,-ესე ჭკუისა ახლორე გვგონიაო. თქუეს

ლექსი
ცხელა და განსვენება სჯობს, არ ჭირთა ტვირთად კიდება,
იშვებდე გარჯას არა აქვს, ვით ზღუასა, ახლო კიდება.

ვეფხვს გაეცინა დდა ეგრე უთხრა:
-ჩემი გამარჯვება და ჭაბუკობა ხელმწიფეს მოხსენებია. რომელიცა მოჭირვებითა და ღუაწლითა მოსაწონი საქმე მიქნია, აწ მას ჩემსა ნაქმართა მოსვენებით პირი ქუე დაუცე, რომელიც სიკეთით საფუძველი დამიდებია, აწ ჩემის განცხრომისათვის და განსვენებისათვის მიწამდე დავარღვიოო?! გარჯილობასა და სამსახურსა არა საუნჯე არ შეედრების. გული ეკლით გაურჯელად სალხინოდ ვარდსა ვერ იხელთებსო.თქუა

შაირი
თუ ჭირი კაცმა მეფისთვის ქნას და ტავს იდვას შრომანი,
ისარსა ფარად დაუდგეს, ხრმალს მისცეს თავთა ზომანი;
თუალი წყლით, გული სისხლითა უწყვეტლად ჰქონდეს წთომანი,
მაშინ შეიძლოს საწადლის კისერთა ხელის წდომანი.

ამისთა მსმენელთა ეს სიტყვები ყველა ლომს მოახსენეს. და ამ სახის წერილი თავით ბოლომდი წაუკითხეს. ლომმან საწყალობოდ თავი დაიხარა და ბრძანა, სპასპეტობა და თაობა ესეთსა კაცსა ჰფერობსო, რომელსაც თავისა გარჯილობისა საყელოდამ ამოყოფა შეუძლიაო. იგი გლეხთაცა საქმეთა კეთილად განაგებს და დამშვიდდებიან და თავთა მოსვენებისა სასთუნალზედა დასდებენო. თქუა:

შაირი
ქუეყნად სიმშვიდის მოღება თუ მეფეს უნდეს რომელსა,
თვით მოსვენებას მოიკუთებს, მიბაძავს ქუეყნის მზომელსა,
თუ თვით არ იღწვის სიმშვიდე ქუე მოექცევა მწყრომელსა,
ვნატრი მას, თემთა მშვიდობას თვისისგან უფრო მდომელსა.

მას უკან მას ვეფხვს მოუწოდა და სხვათზე აღამაღლა და მისის სამკვიდროს ტყის პატრონობა საჯილდოოდ უბოძა, თავისი მამის ადგილი აგრევ წყალობა უყო, და თვისი სახლის გამგეობა მაზედ დაუმატა.


*       *

ამა არაკის სარგებელი ეს არის, რომ ამ იგავთა ესე სცნათ: არას კაცს, თუ არ ცდითა, თვისი საწადლის მზე აღმოსავალით არ მოსვლია, და მოუძებნელად კაცსა თვისის ნატრით მოსავალი ვერ მოუპოვებიაო. თქუა:

ლექსი
მაჯნად საუნჯეს ვინ შეჰკრებს დებით უდები, მცონარი,
სარეწავს ხელთა მიიღებს მუშაკობისა მწონარი.
    მერმე ბრძანა:
-ეს მგზავრობა ცოდნნისა და მეცნიერობის ნდომის არის. წასვლა მოუშლელად მომიწადინებია, ცდისა და მოჭირვების ფერხი სიარულის ავჟანდათა ჩამიდგამს. გარჯით ცდა ჩემის წაუსვლელობის წერისათვის ქარტას ვერ იშოვნის, ვირემდის ხელმწიფის ამაღლებული და მტკიცე სადავე არ შემოიქცევისო. თქუა:

ლექსი
მეფეს რა ქუელის საქმენი ენებოს ქმნითა ოცითა,
 საწუთროსაგან არ იქნას ნუ გიკვირს ეს საოცითა.

ვეზირებმა რა სცნეს რომე მათი არაკობა მისსა წასვლას ვერ მოშლიდა, შეითქუნეს, და რაიცა სამეფო სამზადისი და საბარგული სახმარი მოუნდებოდათ, ყყოველივე სვესაბედნიეროდ განაწესეს და წამ და წუთ მაღლითა ხმითა ესე ზახილი სიმრგვლესა ცისასა აღიწეოდა.

ლექსი
მგზავრობა გწადს და წაცახვალ, ღთი გიძღოდეს მავალსა,
წმიდატ ოხითა განერე საფათერაკო მრავალსა!

რაი-დაბიშლიმ თვისისა სამეფოსა საქმე განაგო და ერთსა წარჩინებულსა და კეთილად გამგებელსა და ბრძენსა კაცსა მისი განწესება მიანდო. გლეხთა საბრალოთა პატივი და ხელის შეწევნათა ანდერძი მისსა სამეფოთა შესამოსელთა პატიოსნად შვენოდა, და მის გამგისა გულისყურტა შინა წაუკითხა, რომლისაგან ერთი ეს არის:

რვული
ქუეყანა სარკედ შეიქნა ალექსანდრესა წესიტა,
მის მსგავსად შენს პირს ხედვიდე, ნუ მისგან უარესიტა,
შენს ხატს კეთილად ვერ ნახავ, ლიფიც აინთო კკუესითა,
თუ უსამარტლოს ფარილსა კარგა არ გაჰკოც ლესიტა.

ვით დილა გამოანათლე თემი, სად მზე სითა?
წყევლას ერიდე გაქებდენ ხმელნი კეთილის თესითა,
კაცს ეგრე მწყლველი ვერ ავნებს, ისარს ესროდენ ზესითა,
რომ ერთის ბებრის სულთქმანი ღთსა შეესმას კუნესითა!

რა თემის გარიგებისაგან გული სანებიეროდ დადვა, მისის მისანდომელის ყმათაგანნი გამოირჩივნა, ვეზირთა და შინამოსამსახურეთა სარანდიბის მთას მიმართა. მთუარულად სავანესა და სავანესა მიადგებოდა, მზესავით ქალაქსა და ქალაქსა მიეფინებოდა და ყოველთა ადგილთა ერთრიგად რამ გამოსცდიდა. ყოველთა მოგზაურთაგან თვითოს რამ სარგებელს შეიძინებდა, სავანეტა რიცხევდა, ზღუათა და ხმელეთთა საზომთა იპყრობდა, სიცხის ჭრტიალსა და სიცივის ნეფხვასა თავს იდებდა. მას უკან სარანდიბისა სანახები გამოჩნდა, სიცოცხლის მომმატებელი მის თემის სუნელება ხელმწიფის ტვინთა ეყნოსა. თქუა

ჩახრუხაული

 შენის არიტა დილის ქარითა ვისცა ეყნოსოს სენი სუნელი,
საყვარელთ თვისთა ნათესავთ, თვისთა, ვით ამბავი სცნას არ საწუნელი.

სამსაოდ დღესა სარანდიბის ქალაქში გზის მაშვრალობისაგან გაისვენა და ბარგთ ნამეტნაობა და მძიმე საზიდარი მუნ დაუტევა და სამიოდ სეფეწულითა მთას მიმართა. რა მთის თავსა ზედა აჰხდა, ნახა სიმაღლითა მთა გასაოცებელი, რომელ მისის თხემისა აჩრდილი მზის თუალთა მიდგომად საგონებელ იყო, მისი ხრმლის ელვარებასა მარიხის მახვილისათუის შუქი აებრწყინებინა. თქუა:

შაირი
ცის ბრუნვას მწუანე ატლანი გარ შეემოსა წყობილად,
ბუსტუღის ფერი ხავედი ზედ მოეფინა მკობილად,
ეთერის მბრძოლად, საკუდავად წვერი მიეყრდნა სობილად,
ირისე მის ქუეშ მომწვანოდ თუალთათვის მოჩნდა ცნობილად.

ყოველთა ადგილთა მოცულთათვის რიგზედ შაშპრა ამოსულიყო.

შაირი
მას მწვანოანთა ბეჟმედის ხილი გარ ერგო რიგებით,
კლდეტა ზურმუხტის ზოსტერი წელთ შემოერტყა დიდებით.
მისის რუს ნერგი ედემთა ხეთ გუანდა კიდის-კიდებით,
წალკოტნი სამოთხის დარნი, ვით ბაღი ბაღთა მიდებით.

დაბიშლიმ ყოვლით კერძო მიმოვიდოდა და მას უცხოსა ადგილსა ღთსა ადიდებდა; და სვლასა მას შინა ნახა ქუაბი ერთი, რომელი სიბნელით თუალის სიშავესა მიემსგავსებოდა და შინაგან დაფარული მის სიბნელეს ანათებდა. და მუნ მყოფის მოსამსახურეთაგან გამოიკითხა და მათ მოახსენეს:
-ესე ერთისა ბრძნისა ადგილია, მას სახელად ფიდაფი ჰქუიანო. ფიდაფი "სიტკბოებით მკურნალად" გამოითარგმანების. ზოგთ ინდოელთ დიდთაგან თქმულა, მისი სახელი ბილფაი არისო და ინდოურად - "ჰეავათფათის". ესე ერტი კაცი იყო სიბრძნისა და მეცნიერობის ხარისხთა ზედა აღმატებული, და ცხოელისა სულისა ჯავარი სიწმინდის სამოსლით შეემკო და ოქროსა და ვერცხლის ნდომისაგან ზრუნვა შეეტკბო, მცირესა სარჩოსა დასჯერდებოდა, თუალი სულიერსა გზაზე დაემტკიცებინა, ამ სოფლის სიცრუვის ეკალნი და კუროსთავი ცეცხლისა ალიტა მოეწვა; მის მღვიძარე თუალსა სრულიად ღამით ძილის სიტკბო არ ენახა, მის გულის სათქმელსა მარხვისა ლოცვისა და ღთის გენცის მეტი არა მოეგონა რა.

შაირი
სასწაულ-ნიშთა მოქმედი გამართის რამე, რაც ხრილი,
აღმსთობილთ კაცთა პირის მზე ზედ არ მიეკრა, რაც ხრილი,
სიტყვით შეიგნის ყოელი ცათა კისათა რაც ხრილი,
ცათ გამგებათა შემტყობი,
ხელთა მიიღი რა ცხრილი.

დაბიშლიმ მისისა ნახვისა წადილითა მცირესა ხანსა ქუაბისა მის კართა დაიყოვნა: და იგი ბრძენი გონების ენითა შინაგან ილოცვიდა. და გული გაუნათლდა განშორებულსა მას და გამოეცხადა, რომე ქუეყანათა მპყრობელი მეფე კართა ზედა დგას და არაბულიტა ენითა უხმო.შემობრძანდი სიცოცხლიტ სახლსა მშვიდობისასაო.

შაირი
მეფე შევიდა სიბრძნითა სრულიად სავსე სოროსა,
ქვაბი მის მიერ შეიმკო, ჩინელთ სახლს მიესწოროსა.
მის ბერის სასამსახუროდ ჰყოფს თავი გაიოროსა,
მონურად სარტყელმორტყმულმან გული არ განაშოროსა.

რა მიხედა განშორებულსა, იხილა, რომე მარტყოფის ფერხი ქუეყანასა ზედა დაედგა და მეცნიერებისა და ცოდნისა დროშათა სიბრძნის მინდორთა ატარებდა: ანგელოზის სახესა მისი გუამი ემსგავსებოდა, მისი საწადელი ისგან აღსრულდებოდა და მის პატიოსნისა ბედნიერობისაგან თვისსა სატრფიალოსა მიეწეოდა. დიდისა კრძალვითა შევიდა. რა ბაჰრამან დაახლოვდა, სამსახუროსა ადგილს დადგა, მოკრძალვითა და ნიშნებიტა დაბრძანება ჰკადრა, გზისაგან დაშრომა და მგზავრობისაგან გარჯისა დაშეწუხებისა და ლხინისა და მოსვენების მოშორვების მიზეზი გამოჰკითხა. დაბისლიმ სიზმრის ნახვა და საუნჯის პოვნა და ანდერძის წიგნთა ხელთგდებათა ამბავი და სარანდიბის მთისაკენ მისთვის წამოსვლა თავით ბოლომდის უამბო. ბაჰრამან გაიღიმა და თქუა:
-ღთისაგან იკურთხოს მეფე იგი, რომელი მეცნიერების ნდომისათვის ესოდენი შრომა თავს იდვას, საბრალოტა და გლეხთა მშვიდობისა და მოსვენებისათვის ესოდენი ზრუნვა ჭირი და ნაღველი მოიტმინოსო! უთხრა

შაირი
ღთან გადიდოს, მეფეო, ორსავე სოფელს დიდებით,
რადგან ყმათათვის იგლები, თემი გიტვირთავს ზიდებით,
ოხერტა გინდა შენობა, სრულ დამშვიდებიოთ,
რწყავ წყლითა, ხმელთა ანედლებ, ნაყოფს არ მოჰკრეფ რიდებით.

მერმე ბარამან დაფარულის კოლოფის თავი აჰხადა და რაის სასმენელი პატიოსნის თვალ-მარგალით აავსო. რაოდენთამე დღეთა თვისისა საქმისაგან მოიცალა და მისსა წვრთასა ხელი მიჰყო. მას საუბართა შინა უშანგის ანდერძის ამბავი ჩამოვარდა. ხელმწიფემ თითო და თითო იგი ანდერძი ბრძენს უთხრა. ბარამან მისი სიბრძნის კარიდამ რაის პასუხის ძლევა დაუწყო. დაბიშლიმ გონების კალამით გულთა მატიოანეთა ზედა იწერდა. ქილილა და დამანას კითხვა და მიგება რაისა და ბარამანისაგან გამორჩეული იყო, მის გზით გამოვსთქვით.