ილია ჭავჭავაძე

ქვათა ღაღადი

თბილისი
1994

«სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი» ილია ჭავჭავაძის
პოლემიკურ-პუბლიცისტური ნაშრომია. პირველად დაიბეჭდა
გაზეთ «ივერიაში» 1899 წელს გაგრძელებებით და
იმავე წელს გამოიცა ცალკე წიგნად. მოგვიანებით იგი
რუსულ ენაზეც დაისტამბა.

«ქვათა ღაღადის» ცალკე წიგნად ხელახალი გამოცემა
გამართლებულია იმით, რომ ნაშრომში განხილული
საუკუნის წინანდელი პრობლემები დღესაც აქტუალურია.

რადაქტორი
თენგიზ სანიკიძე

გამომცემლები:
დალი გვიჩიანი,
მზია მხეიძე,
ბუბა კუდავა

ქვათა ღაღადი

«ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს»...
რუსთაველი

ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ანუ ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი, ჭკუაგონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირისგამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.
ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც - ევროპიელს თუ რუსს - საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთა რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც “თვისის სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას”, სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახნოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს.
სახელის გატეხას თქვენი ჭირიმც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზვღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია(ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც “ვრაცები” ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს “ვრაციები” ვითარცა ერი არაფრად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტისა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარა-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი - იცოდინონ და ისწავლონ რამ თუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია.
ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.
რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო.
ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა - მთელს ერს სომხისას შევწამოთ, რომელიც მარტო ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის. თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად, დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას: როგორ ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის, როგორც ვნახავთ.
ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათმყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსნება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთათქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა. ეს ჩვენ კარად ვიცით და ღმერთმა გვაშოროს იქ მთელი ერი ვიგულისხმოთ, საცა მარტო ერთგვარი გუნდია ცოდვილი. აი საფრთხე სწორედ აქ არის. აი აქედამ მოველით იმ მტვერ-ბუქსა, იმ კუდიან ქარსა, რომლის აყენებას არ მოერიდება იგი ერთგვარი გუნდი, რომ კაცს თვალები დაახუჭვინოს, თვალები აუბას.
ვინ იცის, რა ბუკსა და ნაღარას დაჰკრავს, რა საყვირს დააყვირებს ამ წერილების გამო იგი გუნდი, რომლის მხილება ჩვენ სახეში გვაქვს და რომელსაც ჩვეულებად დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე გადაიტანოს. აქ განზრახვა აშკარაა. ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს დიდი პატივი და საბუთი. ეს იმ გუნდს კარგად შეუგნია და ამიტომ კარგად იციან, რომ ერის სახელით წინათვე მოიბირებენ მსმენელს, წინათვე მოისყიდიან და, მაშასადამე, ნახევარი გამარჯვება უკვე ხელთა აქვთ. ხერხი სჯობია ღონესაო. რაკი ამ თვალთმაქცურს ხერხს ხელს მოჰკიდებენ, მერე ადვილია მთქმელსა და მხილებელს შესწამონ ერთა შორის განხეთქილების შთამოთესვა, ორის ერის ერთმანეთზე გადაკიდების უკადრისი სურვილი. აშკარაა აქ იმათი ქვედა-გრძნობული ანგარიში. ყოველ ამით ჰსურთ შვილდისარი, მათზე მიზიდული, თავიანთ თავს ააცდინონ და გულში თითონ ერსა ჰკრან გასაწბილებლად, ესეთი ხერხიანი ფარი იფარონ და საკუთარის ცოდვების მხილებას ამითი პირში კაპი ამოსდონ, ენა მოსჭრან.
მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად მშრომელი და გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია - ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა - და ფიქრადაც არ მოსდის და არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე მოამბესავით მეტიჩარობენ და გარს დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასა. ერმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტის ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ ღირსება მისი ქვეყანაში გაითქვას, არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა ჰღაღადებს მხოლოდ და არა ყვირილითა და დაფა-ზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული და განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილი გული უბრალო გლეხკაცისაც. “კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა”, ან: “ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ჰღირს მკვეხარი”[1], - განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?
სამწუხაროდ ჩვენდა, ამ ჭკვიანურ ანდაზის სიბრძნემდე ჯერ აქამომდე ვერ მიუღწევია იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომლის მეცნიერნი ქებადიდებას სომხებისას საყვირით ჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან. სომხების ქება-დიდებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს. ამისთანაებში, თუნდაც გადაჭარბება, სხვისათვის უწყინარი და უტკივარი გულუხვობაა და სხვა არაფერი. ჩვენ სომხების არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არ გვშურს. პირიქით, თუ სიკეთე, ღირსება რამ სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი. შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, - სხვას ჩემზე მეტი რად აქვსო, ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.
ამიტომაც ჩვენ ქება-დიდებას სომხებისას საბუთებს არ გამოვუჩხრეკთ, თუნდაც ცალიერი ბაქიობა იყოს. თუ საქებ-სადიდებელი აქვთ რამე, ღმერთმა შეარჩინოთ. თუ არა აქვთ, ღმერთმა მისცეთ. ჩვენ მარტო იმას ვჩივით, რომ სომხის მაქებ-მადიდებელი გუნდი ჩვენ, ქართველებს, გვთხრის, სულიერად და ხორციელად გვაბათილებს და სამარისაკენ გვიშვერს ხელსა, თითქოს მარტო ჩვენი არარაობაა მათის ღირსების მომასწავებელი, მათის ღირსების მანიშნებელი.
დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს დიდისა და პატარის გამოუკლებლად. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდილ არიან უნიღაბოდ, უფერ-მარილოდ. დროა ვიცოდეთ, საიდამ დავგვყეფს ჩვენ ჩვენი შავი ყორანი, საიდამ მოდის ეს ქვის-სეტყვა ჩვენს თავზე. დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკეებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოაწავებსო და ლიბერალობის შეგნებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალობისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად იჯერებს.
ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნუმუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა. მაშ ეს გამოჯარება ყოველ საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველის ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, - იმისდა მიუხედავად, შფოთს ასტეხს, თუ არ ასტეხს, - განა უწმინდაესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა, რომელიც-კი მას შეუძენია და დიდი ღვაწლითა და ზოგჯერ სისხლის ნთხევითაცა...
...ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა. საბუთიანს. მართალს მხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის. რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბაძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია. მსჯავრდაუდებელი ბოროტი - მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულლბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი. “უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება”.
თუ აქაო-და შფოთი ასტყდება და ლიბერალობის ღაღადებით ჩვენ, ქართველებს, ხმას გვაკმედინებენ, და თუ მარტო ბალღების საცდენად და საფრთხობლად არ მოაქვთ აქ უადგილოდ ლიბერალობა, რატომ ამავე მიზეზით იმ გუნდს სომხებისას პირში კაპს არ ამოსდებენ, რომელთა მეცნიერნი, საცა გინდათ თუ არ გინდათ, ქართველს ერს - დიახ, მთელს ქართველ ერს! - თავზე ლაფს ასხმენ ქვეყნის წინაშე და საფლავს უთხრიან, როგორც წინათ ვთქვით. აბა თუ ერთმა ამ ცრუპენტელა ლიბერალთაგანმა ენა დასძრას და უთხრას: “კაცნო, რა მიჰქარავთ, რას მიედებ მოედებით! თუ ჩვენი საკუთარი ღირსება რამ გაგვაჩნია, ჩვენი საკუთარი მიწა-წყალი, - ეგებ სთქვით, თუ არა-და, რას ჩასციებიხართ მთელს ქართველობას, რაზედ უტეხავთ სახელს, რაც მისია - ტყუილიად რა იჩემებთ? განა ქართველის ერის ძაგებით, სულიერად და ხორციელად წაწყმედით ჩვენ ჩვენის სამოთხის კარი გაგვეღება! განა არ იცით, რომ თუ სადმე სანთელ-საკმეველია, თავისს გზას არ დაჰკარგავს, ბევრიც რომ შორიდამ უბეროთ!” ერთ კაცსაც ამაზე ხმა არ ამოუღია და არც ამიღებს, იმიტომ რომ ორპირნი და ცალგულნი არიან. ყოველ ამას გულწრფელობა, მართლმოყვარეობა, დიდსულოვნება უნდა და დღევანდელ ბაზრისათვის არც ერთსა აქვს მაზანდა, არც მეორეს და არც მესამეს.
გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედაბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა და მაგინებელს - ისიც გუნდს და არა მთელს ერს - ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას ვამხელთ. გამოდის, რომ ჩვენზედ, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე, მართალი ძვრიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყულიებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხვისათვისო. ეს სადაური სამართალია, სადური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელა-ტურობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა, კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა. პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია.
დეე, ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი თევზსავით ამოუვსოს, - ჰა, ხმა, კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის, თორემ რეტროგრადის სახელით მოგნათლავთო, გონიერს კაცს-კი ვერ წაართმევენ პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩლისათვის და ტყუილის მხილებისათვის, როცა ამას ითხოვს განგებ შეგინებულ-გალანძღული გრძნობა ადამიანისა და ერის ღირსებისა. აქ პატიოსანი, პირდაპირი დგომაა საჭირო, პირდაპირი მიხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით და ლაჩარსავით.
სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა და სხვა ამისთანა-კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი, თუ მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას-კი რომ უთხრათ, - შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრადულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, - ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, - მართალს თავის საკუთარი ფაი აქვვს, თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის.
კიდევ ვიტყვით, საქმე ის არის, რომ მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი და საბუთიანი იყოს და არა მოჭორილი, - და სამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის ატეხის შიშით ნურავინ გაიხეთქს გულს. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს, ჩვენს არარაობას ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს. რად უნდა გავჩუმდეთ? აქაო-და თქვენს ხმის ამოღებას ჩვენი წყენა მოჰყვება, წყენას ჩვენი გაშფოთებაო, და ეროვნულ შფოთის ატეხა ეხლანდელ დროში საკადრისი არ არისო, ნუთუ მართლა ამ ლათაიებს უნდა შევუშინდეთ და ენაც არ დავძრათ ჩვენი საკუთარის ვინაობის სარჩლისა და პატრონობისათვის.
თქვენი წკიპურტიც-კი გვწყინსო და ჩვენს პანღურს-კი ნუ იწყენთო. რა ნაბიჭვრები ჩვენა ვართ ამ წუთისოფლისა, რომ ამას გვეუბნებიან, ამით გვითათბირებენ. რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან! მარტო მხდალი და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა სხვისა ნაფურთხს ხმაამოუღებლა ჰლოკავს და სხვის ლაძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ იტანს, რომ მერე გაქცევა, უკუდგომა და ხმაამოუღებლობა ლაჩრობაში არ ჩამომართვანო. ჯერ სამაგისოდ, ღვთის მადლით, არა გაგვჭირვებია-რა: გული იმოდენად კიდევ შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს ვინაობას ვუპატრონოთ და ქართველობის სახელი სალანძღავ-სათრევად არ დავანებოთ არავის.


სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები კარგა ხნის ამბავია. სხვა რომ არა ვთქვათ-რა, მთელი სამოცი წელიწადი მაინც არის მას აქეთ. ვამბობთ, მთელისამოცი წელიწადია მას აქეთ, და ეს ისეთი მოკლე მანძილია არ არის, რომ არაფრად ჩაიგდოს და ანგარიშში მისაღები არ იყოს. მთელი სამოცი წელიწადია, რაც ერთი და იგივე ჭექაქუხილი ერთისა და იმავე ტენდენციაისა ჩვენს ვინაობას ერჩის და დღემუდამ უფრო მეტის კადნიერებით, უფრო მეტის გაბედვით, მეტის სილაღით ტყავს აძრობს და წარღვნას უქადის. მთელ ამ საკმაოდ ხანგრძლივ დრო-ჟამის სივრცეზე ერთი და იგივე ანდერძი ჰსაქმობს სისტემატიურად, გასისწვრიებულად, მტკიცედ, მედგრად და საოცარის დაჟინებით, ერთი და იგივე ლარია და ხაზი გაჭიმული, ვერ ვიტყვით დიდი ოსტატობით, მაგრამ დიდი კუდიანობით-კი, დიდის თვალთმაქცობით. საოცარი აქ კიდევ ის არის, რომ ეს სამოცის წლის მთელი ხანა რუსის მწერლისაგან იწყება და რუსის მწერლითვე თავდება. ამათ შუა მთელი მწკრივია სომეხთა მეცნიერთმწიგნობრებისა ასე, რომ თავიდამ ბოლომდე ერთი ლარი გასჭიმოთ, სულ ყველას იგი ლარი მხარზე გადაუვლის, ასე მწყობრად მღაღადებელნი არიან ერთისა და იმავე განგებ აკვიატებულ აზრისა, თითქო ერთხორც და ერთსულ იყვნენ და ერთნიარად წინათვე გაჩარხულნი ერთისა და იმავე ანგარიშის ჩარხზე.
ჯერ კიდევ რუსის მწერალი სენკოვსკი, ბრამბეუსად ცნობილი, აი რასა სწერდა 1838 წელს[2]. ქართველებს ვახტანგ მე-VI-მდე არა ჰქონიათ მატიანეო, თითონ ქართველები არც-კი არსებობდნენ მეთორმეტე საუკუნემდეო ქრისტეს შემდეგ; იბერთა სახელით ცნობილ იყვნენ სხვადასხვა თესლის მთიულნიო; მთელი ქვეყანა მტკვარს იქით, საცა ეხლა ტფილისია, და სხვა უფრო დიდი ნაწილი საქართველოსი - მუდამ და ყოველთვის ეკუთვნოდა სომხეთს და აქ მოსახლეობდნენ სომეხნი, მიდელნი, მასაგეთნი ანუ ოსმალნი და რამდენიმე შტო ალბანელებისაო.
ამისთანა ტყუილი და გაცუღლუტებული ისტორია-გეოგრაფია ვისი უნარი უნდა იყოს? მართალია, სენკოვსკის დაწერილია, მაგრამ ნუთუ ეჭვია, რომ აქ სენკოვსკი ვიღაცას გაუბრიყვებია და იგი, როგორც ქვევრი, სხვის ჩაძახილს იმეორებს. ხომ აშკარაა, რომ ამისთანა ტყუილს სენკოვსკი არსაიდგან არ ამოიკითხავდა, რადგანაც ამისათვის საბუთი - მატიანე დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება და ეს ჭორი ამბადაც არავის გაუგონია. ვის რა უნდოდა იმის ქვეყანაზე მოფენა, რომ ქართველები მეთორმეტე საუკუნემდე არც კი არსებობდნენ, რომ საქართველოში არ იყვნენ და აქ მკვიდრობდნენ სომხნი და სხვა მილეთის ხალხნი, ან დიდი ნაწილი საქართველოსი ტფილისითურთ მუდამ და ყოველთვის სომხებს ეკუთვნოდათო. ჭორი, მერე ამისთანა უეცარი, უმიზეზოდ და უანგარიშოდ არ გატყვრება ხოლმე.
მას აქეთ, რაც საქართველო შეუერთდა რუსებს, იმ დღემდე, რაც ეს უცნაური ჭორი გამოაცხო სენკოვსკიმ, სულ არ გასულა 37 წელიწადი და ნუთუ ამ შედარებით მოკლე ხანში ისტორია ისეთს ბნელში გაეხვია, რომ აღარავის ახსოვდა, - რუსეთს რა ქვებანა შეუერთდა - საქართველო, თუ სომხეთი, ან ტფილისი ვისი სატახტო და დედაქალაქი იყო. თითონ სენკოვსკი პროფესორი იყო აღმოსავლეთის ენების, მწერალი და ჟურნალ-მეგაზეთე რუსეთისა, და ნუთუ დასახერია, რომ ეს, მისთვის თითქმის გუშინდელი ამბავი, არ იცოდა ისე, როგორ ცნამდვილია! ნუთუ დასაჯერია, რომ სენკოვსკიმ ამბად მაინც არ გაიგო ასეთი რუსეთისათვის შესანიშნავი საისტორიო საქმე! ნუთუ მისს ყურამდე არ მიაღწია, - რუსეთმა ვისგან ვისი ქვეყანა მიიღო თვისად მფარველობის ქვეშ! თუ ესეა, ვინ და რამ შეათითხნინა იგი უცნაური ისტორია და გეოგრაფია, რომელიც ზევით ოვიხსენიეთ?
აშკარაა, აქ მეცნიერულ სიყვარულსა და სულთასწრაფვას ადგილი არ აქვს, რადგანაც ჭორი აქ ცხადია და მეცნიერების მოყვარე ჭორების სურვილს არ დანებდება, არ წაეღებინება. აშკარაა, არც მეცნიერულ კვლევის წყურვილით აიხსნება ეს უცნაური ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი ისტორია, ასეთი გოგრაფია - ნაკვლევი-კი არ არის, მოგონილია ცხადად, რადგანაც ამის საბუთს ვერსად ვერ იპოვიდა მკვლევარი. აშკარაა - არც ქართველი აქმნევინებდა ამას, აშკარაა - არც რუსი. განა რა ანგარიშია რუსისათვის ხმა დაეგდო, რომ ქვეყანა, ქართველებსაგან მიღებული, ქართველებისა-კი არ არის, სომხებისააო... მაშ ვინ? ყელამ იცის ცხონებული სენკოვსკი რა კაცი იყო.
რომ ამ განგებ მოგონილს ისტორიასა და გეოგრაფიას დამალული სათავე ვუპოვოთ და გავიგოთ ვისი ეშმაკობა უნდა იყოს ამისთანა ისრების სროლა. უნდა მშვილდი მოვნახოთ, ვის ხელში აღმოჩნდება. ის დღეა და ეს დღე, სომხის მწიგნობარნი იმის ცდასა და მეტყველებაში არიან, რომ საქართველო, რაც შეიძლება, ამიერკავკასიაში ავის თვალით დაანახვონ ქვეყანას, რაც შეიძლებ მეტი წილი ჩამოათალონ და თვით მიითვისონ, რაც შეიძლება გაუუქმონ წარსულიც, შეუბღალონ აწმყოცა.
მაგალითებრ, ყველასაგან ცნობილია, რომ ჭოროხის ხეობა ძელად-ძველიდამვე შეადგენს ნაწილს ზემოქართლისას, საცა ბოლოს ხანებში სამცხე-საათაბაგო იყო. სომხეთის მწერლები-კი ემინი[3], ხუდაბაშოვი[4], ერიცოვი[5] სწორედ ამ ადგილებს გვეცილებიან და ამტკიცებენ, რომ მტკვრის სათავის ადგილები, მთელი ჭოროხის ხეობა - დიდს სომხეთს ეკუთვნოდნენო. თითქმის ერთის სახტომის ადგილს-ღა გვარჩენენ. ამ მოწყალებისათვის მადლობელნი ვართ, მაგრამ იმას რაღას ეუბნებიან, რომ მთელ იმ ადგილებს, რომელსაც გვედავებიან, ქრისტეს წინა ხანებიდამ დღვანდლამდე ქართული სახელები შერჩანია. მაგალითებრ, ჭოროხის ხეობაში: კლარჯეთი, ლიგანისხევი, ტაოს-კარი, შავშეთი, აჭარა და მტკვრის სათავეში: კოლა, არტაანი, ერუშეთი, სამცხე და ჯავახეთი. ამ ადგილებში მეშვიდე თუ მერვე საუკუნიდამ მეთოთხმეტე საუკუნემდე ქართველებს ტაძრები და მონასტრები უშენებიათ, რომელნიც დღესაც არიან, მაგალითებრ, კოლაში - დადეშისა, არტაანში - ნაქალაქევის, სამცხეში - აწყურისა, ზარზმისა, საფარისა, ჯავახეთში - წყაროსთავისა, შავშეთში - ტბეთისა, კლარჯეთში - ხახულისა, აჭარაში - სხალტბისა და სხვანი და სხვანი.
ვთქვათ, ეს აშკარა და უტყუარი ღაღადი ადგილების სახელებისა, მონასტრების და ტაძრების ზედწარწერებისა - ეს მართალა-და ქვების პიდაპირი და უკუუთქმელი მოწმობა “ჩოტკში” ჩასაგდები არ არის, ვთქვათ ყოველივე ეს საბუთად მოსატანი არ არის. ევროპიელ მეცნიერს სენ-მარტენს რაღას ეტყვიან, იმ სენ-მარტენს, რომელიც ცნობილია ვითარცა კაცი უფრო მწყალობელი სომხებისა, ვიდრე ქართველებისა, და რომელიც ხშირად მოჰყავთ სომეხთა მწიგნობართ, როცა ქართველების ავად ხსნება და სახელის გატეხა ჰსურთ იმისის მოწმობითა. ეს ამისთანა სომეხთა მომხრე კაციც-კი ამტყუნებს, ამ შემთხვევაში სომეხთა მწიგნობართა და ამტკიცებს, რომ იგი სერი მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა, ეფრატისა და არაქსის წყალგამყრელია, მუდამი საზღვარი იყო ქართველთა და სომეხთ შორისაო. ამ სახით ჭოროხის ხეობასა და მტკვრის სათავეებში სულ მთლად ხელს აბანინებს სომხებსა.
ყოველ ამისდა მიუხედავად, სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და ბინას იკეთებენ იქ, სადაც არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით სწადიანთ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა... ჩვენ არც იმისთვის გავაბით ეს ლაპარაკი, რომ ჩვენი აზრი ამ საგანზე გადაწყვეტილად მიგვეჩნია. იქნება სომეხთა მეცნიერთა სიზმარნი ცხადნი იყვნენ, იქნება იგი ქვეყნები მართლა იმათი კუთვნილია. ჩვენ მხოლოდ ის გვინოდა გვეთქვა - რა ხერხით და ოინბაზობით იქცევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ თავისი გაიყვანონ. ისინი ამ შემთხვევაში არაფერს ჰთაკილობენ, თავისას რომ ამბობენ - სხვისას ჰმალავენ. მთელი ეს ერიცოვები, ხუდაბაშოვები, ემინები და სხვანი ამისთანები რომ გადასინჯოთ, დაინახავთ, რომ თავიანთი ნათქვამი და ნაკვლევი ბაჯაღლო ოქროდ მიაჩნიათ და სხვისა-კი, თუ ანგარიშში არ მოდით, ერთ ყალბ ფლურადაც არა.
იგი გუნდი სომხებისა, რომლის მედაფე-მეზურნედ მათნი მწიგნობარნი არიან, ამ თვალთმაქცობას არ ჰკმარობს, არა სჯერდება: მისთვის ცოტაა სხვისა მართალი ჰმალოს, თვისა ტყუილი აყვიროს, ამ გუნდმა კარგად იცის, რომ საბუთი, რაც გინდ დამალოს, დღესა თუ ხვალე გამომჟღავნდება და თავისას გაიტანს. საქმე საბუთის გაბათილებაა, ან წაშლა, ან ჩაფხეკა-ამოფხეკა, ან გადაკეთება სათავისოდ.
რომ არც ამისთანა ოინები დაეფიცებათ სომეხთა მწიგნობარ - მეცნიერებს, ესეც ცხადია. რადგანაც დრო იქნება, როცა ისტორიული ნაშთები და სახსოვრები თავისას იტყვიან, - ვისა სჭირია და ვის უჭირავს ეს ადგილები, და რადგანაც ქვანი, მრავალნი შენობანი, ტაძრები, მონასტრები ჰღაღადებდნენ, რომ ძველის-ძველად ამ ადგილებში ქართველები ყოფილან, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ უტყუარს მოწმებს ქართველებისას ხმა ჩააწყვეტინონ, ხმა არ ამოაღებინონ. ამისათვის ერთი თქვენი მოსაწონებელი ხერხი უხმარიათ: აუღიათ და, საცა შესძლებიათ და მოუხელებიათ, წაუშლიათ ყოველივე კვალი.
ამისი მოხერხებაძნელი არ არის, ოღონდ ხალისი იყოს და ნამუსი ნებას იძლეოდეს. დღეს ისეთი დღეა, ოღონდ-კი ფონს გახვიდე, შენ შენი გაიყვანო, და მოტყუებით იქნება, თაღლითობით, თუ ოინბაზობით, ამას ვიღა იკითხავს. დღეს ჭკუის საწყაოდ ასეთის საქციელით გამარჯვებაა. არა ერთი და ორი მაგალითია იმისი, რომ ცდილან ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს შენობას, ტაძარს თუ მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზედ ნაწერი ქართული, ან წაშალონ, ან მთელი ნაჭერი ქვა შენობიდამ ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხურის წარწერითა. არა ერთი და ორი მაგალითია ამისთანა ოინისა და ოდესღაც გამოცხადებული იყო აქაურ ქართულ და რუსულ გაზეთებშიც.
სხვათა შორის განსვენებული დ. ბაქრაძე მოგვითხრობს ერთს ამისთანა მაგალითს, რომელიც გვანიშნებს ამ მშვენიერ უნარს სომხების ერთგვარ გუნდისას. ართვინში ერთი დიდი ეკკლესიაა თურმე ძველის-ძველი. იქაურს სომხობას მოუწადინებია მზამზარეულად ამ ეკკლესიის დაჩემება. მინამ დაიჩემებდნენ, ბერძნები შესცილებიან, - ეგ ეკლესია ძველთაგანვე ქართველებისა ყოფილა, მაშასადამე, ჩვენთვის, ვითარცა მართლმადიდებლებისათვის, უფრო უპრიანიაო. ამ ეკკლესიას მართლმადიდებლობის ნიშნად ზედა ჰქონია ქვა ქართულის წარწერითა. სომხებს აღარც უციებიათ, აღარც უცხეშელებიათ, აუღიათ და იგი ქვა სადღაც წაუბრძანებიათ და მიუმალავთ. ამ გზით იგი ეკლესია მართლმადიდებელთათვის ხელიდამ გამოუტაცნიათ და დღეს სომხებს დაუჩემებიათ[6]. განა ამისთანა ოინი ფიქრად მოუვა უბრალო სომეხს კაცსა? თუნდაც საქმე უბრალო კაცისა იყოს, შთაგონება და წაქეზება ამისთანაებში, აშკარაა, გაბრძნობილის მეცნიერისაგან არის. ამიტომაც საბუთი გვაქვს, ეს უკადრისი საქციელი, და ყოველი სხვა ამისთანა, სომეხთ-მწიგნობართა მანქანებას მივაწეროთ და არა მთელს ერს სომხისას.
ჩვენ თავისს ადგილას ამის შემდეგაც მოვიყვანთ მაგალითებს, რომ სომეხთა მწიგნობარნი ამისთანა საქციელს არა ჰთაკილობენ და წაშლა, გაბათილება, ან გადაკეთება საბუთებისა იმათი ხელობაა. ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამრიგად ქართველის სახელის აღმოფხვრას ამიერკავკასიაში და ქართველის საისტორიო სახსოვრების გარდაქმნას სომხურად - საკმარისად არა ჰხადიან. ტაძარ-მონასტრებისა და ქვების გარდა, სხვა მოწამენის არიან ქართველობის მღაღადებელნი ამიერკავკასიაში. ამისთანა მოწამენი მატიანენი და ქრონიკებია, მეცნიერთაგან გამოძიებულნი, და ვითარცა ისტორიულნი საბუთნი პირში უდგანან სომეხთა მწიგნობართა, თუ ხელს გაიწვდიან, რომ არწვის ნაბუდარზე წიწილები ჰზარდონ. სომეხთა მწიგნობართა კარგად იციან, რომ თუ ეს ისტორიული საბუთები არ გააქარწყლეს, ბევრს არაფერს გახდებიან საქართველოში. რა თქმა უნდა, ახლა აქედამ მოგვიარეს.
მათი პროფესორი პატკანოვი[7], აწ გარდაცვლილი, მთელის თავისის მეცნიერების ზარბაზნებით მოგვესია და ჰლამის ზურგზე მტვერი აგვადინოს. ჯერ მოგვდგა და თავზე დაგვაფხრიწა ჩვენი “ქართლის ცხოვრება”. ეს ვახტანგ IV დროს არის შეთითხნილიო და არავითარი ცნობა არ არის, რომ ვახტანგის წინად ”ქართლის ცხოვრება” ყოფილიყოსო. ერთადერთი წერილი “სომხური ქრონიკა” ჰქვიანო და თუ რამ მასალაა ქართველების ისტორიისა, იქ თუ იპოვებაო. მართალია, ეს “ქრონიკა” ქართულიდამ ნათარგმნიაო, მაგრამ დედანი უნდა იყოს შეთხზული, ანუ შედგენილი, უსწავლელისა და უმეცარის სომხისაგან მეთომეტე საუკუნეს, როდესაც ქართველებმა იგრძნეს ისტორიის საჭიროებაო. ჰხედავთ, სენკოვსკის თქმულმა სად გამოჟონა!...
გამოდის, რომ მეთორმეტე საუკუნემდე ქართველები ისეთი ბრიყვები ყოფილან,
რომ არამცთუ ისტორია არა ჰქონიათ, ისტორიის საჭიროებაც ვერ უგრძვნიათ და აქაც სომხებს უშველია, ისიც უსწავლელსა და უმეცარსა. ამ სახით გამოდის, რომ თუ უმეცარსა და უსწავლელს სომეხს ისტორიის საჭიროების გრძნობა ჰქონია, რამოდენად უსწავლელნი და უმეცარნი უნდა ყოფილიყვნენ ქართველები, რომ ამისი შნოც არა ჰქონიათ. საწყალი ქართველები! უსწავლელი და უმეცარი სომეხიც-კი თქვენზე წინა ყოფილა ჯერ მაშინ და ეხლა ხომ რაღა თქმა უნდა. ისტორიის საჭიროების გრძნობაც-კი არა გქონიათ, ღმერთმა უშველოს პატკანოვის უმეცარსა და უსწავლელს სომეხს, რომ წყალობა უქნია და მოგშველებიათ.
ასე გვამკობს, ასე მიწასთან გვასწორებს ქართველებს, მერე რა ხანის ქართველებს? მეთორმეტე საუკუნისებს. მერე ვინ? პროფესორი და მეცნიერ-მწიგნობარი. მართალია, სომეხთა პროფესორია, სომეხთა მეცნიერია, მაგრამ ნუთუ აქაო-და სომეხია, მართალი არ უნდა სთქვას, მართალი არ უნდა დაინახოს? განგებ თვალებზე ხელი რად აუფარებია მეთორმეტე, ან მეთერთმეტე საუკუნოების ქართველებზე, ესე იგი იმ ერზე, რომელსაც სტრაბონი ჯერ კიდევ პირველ საუკუნის დასაწყისში აღყვავებულ მდგომარეობაში გვიხატავს, რომელმაც გასაოცარის ხელოვნების ეკლესიებით და მონასტრებით მოჰფინა ძველის-ძველთაგანვე თავის მხარე, რომელმაც გაავსო როგორც საქართველო, აგრეთვე საბერძნეთი და პალესტინა ქართულის სამკაულებით და მანუსკრიპტებით, რომელმაც ძველადვე ჰთარგმნა ფაჰლაურ ენაზე შედგენილი სანსკრიტული მოთხრობა “ქილილა და მანა”, “ვის-რამიანი” და შეჰქმნა დიდებული პოემა “ვეფხის-ტყაოსან”[8], რომ სხვა აღარა იყოს-რა.
ვინც განგებ გონებადახშულია არ არის, ან განგებ თვალებზე ხელაფარებული, ვინც კითხვა იცის და გაგება წაკითხულისა, განა იკადრებს თქმას, რომ “ვეფხის-ტყაოსნის” შემქმნელი ერი იმოდენად ბრიყვი იყოო, რომ ისტორიის საჭიროების გრძნობაც არა ჰქონიაო. ვის მოუვა ამისი თქმა ფიქრად, თუ არ სომეხთა ფილოსოფოსებსა და პროფესორებს. მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო, სწორედ სომეხთა მწგნობარ-მეცნიერებზე ითქმის. ღმერთმა მშვიდობა მისცეთ. ჩვენ-კი ვიტყვით, რომ “ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრის ცელითა”.
ვთქვათ, პატკანოვმა, ვითარცა სომეხთა მეცნიერმა, არ იკადრა წაკიხვა “ვეფხის-ტყაოსნისა”, რადგანაც ქართულია და ამასთან იმისთანა წიგნია, რომელიც გვასწავებს, რომ “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. ეს ამისთანა ანდაზა ვერაფერი ჭაშნიკია ცრუმეტყველისათვის და რად იკადრებდა პატკანვოი ამისთანა ლათაიების წაკითხვას. ვაპატიოთ ამ მეცნიერს სომეხს ასეთი უმეცრება და არცოდნა “ვეფხის-ტყაოსნისა”. მარტო ეს ვიკითხოთ: რაღა პირით გვეუბნება, რომ თქვენი “ქართლის ცხოვრება” არაფრის მაქნისიაო, რაც ამისთანა საქმეებში სახელდადებულნი სწავლულნი ჟან სენ-მარტენი, ვივიან დე-სენ-მარტენი, დუბუა დაე-მონპერე[9] ცხადად და გარკვევით ამბობენ, რომ ქართულნი ისტორიულნი მოთხრობანი ღირსშესანიშნავნი წყარონი არიან არა მარტო კავკასიისა, არამედ აზიის ისტორიისათვისო. ამასთან დუბუა დე-მონპერე იხსენიებს ქართველებს, ვითარცა ძველისძველ ერს, რომელიც უხსოვარ დროთაგანვე ამიერკავკასიას დარაჯად სდგომია და ყველა სხვა ცნობილითა ერთა თანა ურთიერთობა ჰქონიაო.
მეცნიერი სომეხი ამათაც ეურჩება, ამათს სიტყვას აბათილებს და მაინუ თავისას გაიძახის. აკი ვთქვით: ალიას დარდი ფლავიაო. საბუთად და მოწმად მოჰყავს სენკოვსკი, კოხი და ლანგლუა. რამოდენა ავტორიტეტები არიან ამისთანა საქმეში სენკოვსკი და კოხი, რომელთ შორის უკანასკნელი მარტო ბოტანიკოსად არის ცნობილი და არა ისტორიკოსად, - ეს თითონ პატკანოვის მართლმოყვარეობას მივაჩემოთ. ლანგლუა-კი პატივსაცემი მეცნიერია. შესანიშნავია აქ ერთი რამ, თუმცა მოსხის მწიგნობარისაგან-კი საკვირველი არ არის: თურმე ლანგლუაც ჩვენს “ქართლის ცხოვრებაზე” იმასვე ამბობს, რასაც სენ-მარტენი და სხვები[10] და მართლმოყვარე პროფესორს-კი იმის თქმული თავისს გულნადებსა და სურვილზედ გამოუჭრია. ლანგლუა ამბობს, რომ დასაწყისი “ქართლის ცხოვრებისა” ზღაპარიაო და სამართლიანადაც ამბობს. ეს ქართლოს, კახოს და სხვა ამისთანაები, რასაკვირველია,ზღაპრად უნდა ჩაითვალოს, და რომელი ერია ქვეყანაზე, რომ თავისი ისტორია ამისთანა ზღაპრით არა ჰქონდეს დაწყებული. აი რას ამბობს ლუნგლუა და არა იმას, რაც ასე მოსწყურებია პატკანოვსა.
ეს პირველი და უკანასკნელი მაგალითი არ არის ცხონებულ პროფესორის თაღლითობისა. ამას მერეც ვნახავთ და ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამისთანავე გაბედვითა და კადნიერებით ექცევა იგი სტეფანოზ ორბელიანის მოწმობასაც. ერთს თავის შენიშვნაში ეს გულმართალი სომხის მწიგნობარი პატკანოვი ამტკიცებს, რომ “ქართული ლიტერატურა ღარიბია ძველის წყაროებითაო და თვით სტეფანოზი მეცამეტე საუკუნეში უჩივისო ამ ნაკლულევანებას”... თურმე ნუ იტყვით, სტეფანოზი იმას-კი არ სჩივის რომ ქართული ისტორიული წყაროები ერთობ ღარიბია, არამედ იმას, რომ “ორბელიანთ გვარის შესახებ “ ქართლის ცხოვრება” ბევრს არას გვეუბნებაო, ჩვენ განვიხილეთო აქა-იქ გაფანტულად დარჩენილი ნაშთები და მხოლოდ ეს მცირე რაიმე ვიპოვეთო”. აშკარაა, სტეფანოზი აქ მთელ ქართულ წყაროების სიღარიბეს-კი არ სჩივის, არამედ იმას, რომ ორბელიანთ გვარის შესახებ სრული ცნობები არ არის ქართულ მატიანეებშიო. სტეფანოზი ორბელიანთ გვარის ბიოგრაფი არის და საკვირველი არ არის, რომ უჩივის ამ მხრით ჩვენს წყაროებს. პირიქით, სტეფანოზი ხშირად იხსენიებს “ისტორიულ დავთრებს და სამეფო არქივებს” საქართველოსას. ამ სახით სომეხთა მეცნიერმა კერძო საქმის შესახები სიტყვა სტეფანოზისა განაზოგადა, გადააკეთა თავისებურად და ნაკლი, ერთის ცალკე ამბის შესახები, მთელს ჩვენს ისტორიულ წყაროებს ზედ დააკეცა. ვისაცა ჰსურს უფრო მეტად დააჯეროს გული, - რა ხერხების სცოდნია პატკანოვს, წაიკითხოს დ. ბაქრაძის წერილი “პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიული წყაროები”. მაშინ უფრო აშკარად დაინახვენ - რა ოსტატობით მოჰქცევია ლანგლუას და სტეფანოზის სიტყვას საოცარი პროფესორი სომხებისა. დ. ბაქრაძე ამტყუნებს ამ გაოსტაბებულ პროფესორს და ამისათვის მრავალი საბუთი მოჰყავს და, სხვათა შორის, იმასაც ამტკიცებს, რომ, პირიქით, თვით სომხურს ისტორიულ წყაროებზე ზედგავლენა ჰქონია ქართულს ქრონიკებსა. ვისაც ეს ამბავი არა სჯერა, ვთხოვთ ზემოხსენებული წერილი დ. ბაქრაძისა წაიკითხოს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს.
ამ სახით, გულადმა პროფესორმა გამოილაშქრა ჩვენს ”ქართლის ცხოვრებაზე”, რომ ეს საძირკველი ჩვენს ისტორიულს ვინაობას და ავკარგიანობას ძირად გამოაცალოს და თვით ვინაობა ჩვენი პირქვე დაამხოს. ლახტი, მართალია, შემოგვიქნია, მაგრამ ერთი რომ ჩვენ მოგვახვედრა, ათი თითონ იკრა. მართალია ამაში პატკანოვი, თუ მტყუანი, ჩვენ ამჟამად ამას არ ვეძიებთ. ჩვენთვის საჭიროა გავითვალისწინოთ იგი საომარნი ზნენი, რომელსაც ხელსა სჭიდებენ სომეხთა მეცნიერ-მწიგნობარნი ჩვენდა გასათელავად.


რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა და, სწორედ მოგახსენოთ, არც სომეხთა მწიგნობართაგან ერთხელ და ერთხელ დადგენილი პროგრამა იქნებოდა აღსრულებული, რომ მარტო ამაზე გაჩერებულიყო მათი ბაირაღტარი. ქართველებს რომ ისტორიული ქრონიკები არა აქვთ, ეს კიდევ დიდი უკადრისობა არ არის და ავზნეობას ერისას არ მოასწავებს. საქმე ის არის, ზოგიერთს უცხოელს ქართველები გულკეთილ ერად მიაჩნიათ, კარგის გულისანი არიანო, შესახვედრად საყვარელნი, სასიამოვნონი, თავაზიანები. მართლა ესეთნი ვართ თუ არა - ამისი თქმა ჩვენი საქმე არ არის. თითქო სომეხთა მეცნიერთ ესეც-კი ჰშურთ ჩვენთვის, თითქო უფიქრიათ, რა საჭიროა ჩვენთვის, რომ უცხოელებმა ასეთის კარგის თვალით უყურონ ქართველებსა, მოდი აქაც ხელი შევუშალოთ. ვინ მოგახსენათ, რომ ქართველები გულკეთილები არიანო, თითქო იძახის პროფესორი პატკანოვი, როცა გვწამებს ფანატიკოსობას. დიაღ, იგი ეფიცება ქვეყანას, რომ ქართველები ფანატიკოსები არიანო, ესე იგი სხვა უცხო კაცისა და რჯულის მიუკარებელნი, შეუწყნარებელნი და მდევნელნიო. ამის საბუთად ერთი რაღაც ზღაპარი მოჰყავს თამარ დედოფლის დროინდელი. ფანატიკოსობა, რასაკვირველია, სიბრიყვისა და გონებადახშულობის ავზნეობაა და ამ სიკეთეს როგორ დაიშურებდა ჩვენთვის სომეხთა მეცნიერი.
იქნება, მართლა, ავზნენი, გულღვარძლიანები ვიყვნეთ, ფანატიკოსობა გვჭირდეს, - ჩვენ არც ამაში გამოვეკიდებით. ხოლო რაკი სომეხს პროფესორს ჩვენთვის ფანატიკოსობა შეუწამებია, აშკარაა იმ აზრით იქცევა ასე, რომ სომეხს ამისთანაებში ხელს აბანინებს, მითამდა ქართველები არიან ასეთნი ბრიყვნი და ავის ზნისანი და სომხები-კი არაო. ვნახოთ ასეა, თუ აქაც რაღაც ოსტატობაა და თვალთმაქცობა სწავლულისა.
როცა ქალკიდონის მსოფლიო კრებულს (596 წ.) ემოწმა ქართველობა და ამით სარწმუნოებით ერთმანეთს დაჰშორდნენ ქართველები და სომხები, სომხებმა ცალკე კრება მოახდინეს დვინს და დაადგინეს განაჩენი. ამ განაჩენის ძალით სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრაამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა: “ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოზი კირიონი და ქართველებზე ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არცა ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდით; არ გაბედონ წასვლა სალოცავად არ სახელგათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა”.
ამას მოგვითხრობს სომხის ისტორიკოსი კაღანკატვაცი. ისტორია მისი მეცხრე საუკუნეს ეკუთვნის და თვით პატკანოვს რუსულად გადაუთარგმნია. ეს მაღალ ზნეობის და კაცთმოყვარეობის მომასწავებელი განაჩენი შიგ ამ ისტორიაშია ჩართული. სართი დასწრებისააო, სწორედ ამას ჰქვიან. ამაზე უდიდესი ფანატიკოსობა არ გვგონია სხვა იყოს სადმე. ამ სახელოვანის განაჩენის პატრონს განა ხმაღა ამოეღებოდა ჩვენს ფანატიკოსობაზე, რომ ქვეყანაზე გამკითხავი ვინმე იყოს! რატომ აგრე საქებურად გაუჩუმდა ამისთანა წრეს გადასულს ფანატიკოსობას, რაკი აქამდე მიიყვანა საუბარი.
განა მართალი არ არის ყოველ ამის შემდეგ დ. ბაქრაძე, როცა პატკანოვზე ამბობს: “პატკანოვი უკვე დასკვნილს ქართულს აზრს ან უჩუმდება, ან თუ იგი მოჰყავს, მოჰყავს გადასხვაფერებით, იმგვარად, რომ ბინდი მოჰფინოს მის წინააღმდეგ აზრს, ქართულ ისტორიის წყაროს, თვით ჩვენთა წინაპართა ხასიათს”. თუ ამისთანა ოინობასა და თვალთმაქცობას კადრულობენ და არა ჰთაკილობენ სომეხთა ქებულნი და თავმოსაწონებელნი პროფესორნი, რაღა უნდა მოვთხოვოთ სხვა სომხებს, რომელთაც ცარიელ დიპლომებით თავი მოაქვთ, ქადულობენ და ყურებს გვიჭედავენ.
ამ სახით, კადნიერმა პროფესორმა ხომ თავზე დაგვახია ჩვენი “ქართლის ცხოვრება”, ხომ სახელი ჩვენი ცოტად თუ ბევრად შეგვილახა მით, რომ ქვეყანას აუწყა, ვითომც უსწავლელი და უმეცარი, ესე იგი უკანასკნელი სომეხი მაშინაკ-კი უპირველესი და წინ-წასული ყოფილა ქართველებზე, როცა ქართველების ოქროს დრო იყო, ხომ ფანატიკოსობაც შეგვწამა, - ახლა სხვა გზიდამ მოგვიარა. სული ხომ ვითომც ამოგვხადა, ახლა ხორცის გლეჯასაც მიჰყო ხელი. ამ მხრითაც რომ ლახტი არ შემოექნია, ერთსა და უკანასკნელ საგანს სომეხთა მწიგნობრობის პროგრამისას უღალატებდა და ამის ჯავრსა და ცოდვას რად გაიყოლებდა.
ისტორიულ ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ეგვიპტელთა “მუშენი”, დაბადების “მოსოხნი” ანუ “მოსხნი,” ეხლანდელი “მესხნი,” ჰეროდოტის “ტიბარენნი”, სტრაბონის “ტიბერნი” და “კოლხნი” შეადგენდნენ ქართველ ნათესაობის ერსა. რადგანაც ისიც ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ძველისძველად ამ ქართველ ნათესაობას სჭერია მთელი სივრცე ღალისის მდინარითგან მცირე აზიაში - შავის ზღვის პირამდე და მთელი აღმოსავლეთი მხარე ამ ზღვისა, აგრეთვე იგი ადგილები, რომელნიც მტკვარსა და არაქსს შუა მდებარეობენ, აშკარაა, რომ ვისაც ამ ადგილებში დაჩემება რამ უნდა, ან ქართველის კუთვნილების გაუქმება, - მოუნდება დაამტკიცოს, რომ ზემო დასახლებულნი ერნი ქართველთა ნათესაობისა არც იყვნენ და არც არიან. სწორედ ასე მოიქცა ჩვენი გულადი პროფესორი და გვეფიცება, რომ “მოსხები და კოლხები” ქართველის ნათესაობისანი არ არიანო, და არავითარს საბუთს ამისას არ იძლევა-კი ეს საოცარი მოფიცარი. ბალღო, რადა სტირიო? გამიდის და ვტირიო, სწორედ ეს არის.
ამგვარათვე ხელს იწვდის ტაოსკარზე, ეხლანდელ ჭოროხის ხეობაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უცხო ერის მემატიანენი, მაგალითებრ კონსტანტინე პორფიროგენი (911-959 წ.) იმოწმება, რომ მეათე საუკუნეზე წინათ ქართველთ ბაგრატიდთა ეჭირათ ჭოროხის ხეობა და აქედამ დაიპყრეს თვით არზრუმი და სხვა ნაწილები სომხეთისაო. თუნდ ესეც არ იყოს, მთელი ჭოროხის ხეობა, როგორც უკვე ვთქვით, სავსეა ქართულის ეკლესიებითა და მონასტრებითა ქართულისავე ზედწარწერებითა და ზოგნი ამათგანი ეკუთვნიან მერვე მეცხრე საუკუნეს. ყველა ეს უტყუარინი მოწმენი თვით სომხის ვარდაპეტის სარგისიანისაგან არიან აწერილნი, ბროსსესაგან განხილულნი და აკადემიის მემუარებში დაბეჭდილნი. თვით ეს სარგისიანი, რომელსაც 1843-1853 წ. დაუვლია ჭოროხის ხეობა, მწუხარებით ამბობს, რომ ღონისძიება არა მქონდა გადმომეღო იგი მრავალი ქართული ზედწარწერიანი, რომელნიც მე იქა ვნახეო. აბიხი, ხანიკოვი და თვით იგი კოხი, რომელნიც ერთს შემთხვევაში პატკანოვმა იმოწმა, ამასვე მოგვითხრობენ[11].
ესეა თუ ისე, პატკანოვი უფრო შორს მიდის ამაზე, და რაკი სხვისის დაჩემების გზაზე დაექანა, თავს ვეღარ იმაგრებს და ჭანეთსაც, მოსე ხორნელის “ჭანივ”-ს, ესე იგი “ქალდეას”, ხელი წაატანა, - “ქალდეა” შეადგენდა ნაწილს სომხეთის სამეფოსასაო. როდის და სად არის ამისი ისტორიული საბუთიო? - ეკითხება ამ გათამამებულსა და მადაგახსნილს სომხის პროფესორს დ. ბაქრაძე. მართალიც არის. თუ მოსე ხორენელი სწერს, რომ იმ ადგილებში, რომელსაც “ქალდეა” ერქვა, ჯერ თითქმის ორი ათასის წლის წინათ სომხები იყვნენო, ეხლა ხომ ყველამ იცის, რომ ეს აშკარა ტყუილია. ისიც ეხლა ყველამ იცის, რომ სომეხთა მეისტორიეთა მამამთავარი მოსე ხორნელი ისე სარწმუნო და საქებ-სადიდებელი არ არის, როგორც სომხებსა ჰგონიათ.
ლენორმანი, ეს ყველასაგან დიდ სწავლულად მიჩნეული კაცი, აი რას ამბობს: “შეურყეველ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ, რომ სომხებს არ აბადიათ არარიგი ნაციონალური გადმოცემა პირველ ტიგრანამდე, რომელიც კიროსის თანამედროვე იყო. რაც-კი შეეხება ამაზე წინა დროს, ყველა მოთხრობა სომეხთა მწერლებისა მომდინარეობს მოსე ხორნელის წიგნისაგან, და ეს წიგნიც, როგორც თვით ხორნელისაგანაც სჩანს, არის უბრალო ასლი (კოპიო) მარაბაზ კატინის ცრუსიტყვაობისა, კომპილაციისა. ეს ბატონი კატინა სცხოვრობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეს, ადგა ლიტერატორობის ხელობას, ეკუთვნოდა ედესის სკოლას და ამან შეადგინა კომპილაცია, საცა სიმართლეზე მეტი სიცრუე შეიტანა და სულ ეს ააშენა კტეზიის ქრონოლოგიურ სისტემის მზგავსად და, სხვაც რომ არა იყოს-რა, მარტო ამ სისტემის მიბაძვას უნდა გაეფუჭებინა საქმე, გაეშორებინა ჭეშმარიტებისაგან. გულუბრალო მკითხველის მოსატყუებლად კატინამ ეს ხერხიც მოიხმარა, რომ თავისი კომპილაცია მიაწერა ალექსანდრე მაკედონელის დროს. კატინის დროს ამისთანა ხერხიანობა ძალიან გავრცელებული იყო და ამ გვარის ყალბის წერილებით, ფალსიფიკაციებით მოჰფინეს მთელი ქვეყანა”[12].
ჩვენ ეს ლენორმანის საბუთიანი აზრი იმისთვის არ მოგვყავს აქ, რომ მოსე ხორნელი შევუბღალოთ მის პატრონებს. აქედამ ერთი იმისთანა ოინი გამიჩეკა მერე, რომ ერთი მაგალითი კიდევ მოგვეცა გავითვალისწინოთ უტყუარად, - რა საქებური და სამამაცონი ზნენი სჭირებიათ სომეხთა მწიგნობართა საერთდ და მათ ბაირაღტარს პატკანოვს საკუთრივ. ლენორმანმა ეს თავისი და ეხლა ყველასაგან მიღებული აზრი მოსე ხორნელზე 1871 წელს გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ვერაფრად იამებოდათ ეს ამბავი მოსე ხორნელის მაქებარ-მადიდებლთა. გარნა რა უნდა ექმნათ? ქონდრის კაცი ხომ ვერ შეეჭიდებოდა იმისთანა გოლიათს მეცნიერებისას, როგორიც ლენორმანია. ან რომ გაებენა კიდეც, რას გაიტანდა. როგორ უშველა პატკანოვმა თავს? აი ძაღლის კუდი სად მარხია. გამოვიდა, რომ ეს საბძელი ხომ იწვის, ბარემ ხელები მაინც გავითბოო, და გაითბო კიდეც.
პატკანოვმა ყური მოიყრუა, თითქო არც სადმე ლენორმანია და არც მის მიერ ნათლად გამოკვლეული აზრი: აიღო და კარგა ხანს შემდეგ, როცა უკვე ლენორმანის აზრი გამორკვეული იყო, შეუდგა ვითომდა თავისის საკუთარის თაოსნობით მოსე ხორნელის ავისა და კარგის ჩხრეკასა, ვითომ თითონ გამოიძია. თავისს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, - ვითომ თითონ მიაგნო, რაც უკვე მიგნებული იყო სხვისაგან, და ლენორმანის გამონაკვლევი თავისის სახელით გაასაღა. ამ რიგად უკვე აღმოჩენილი ამერიკა აღმოაჩინა და დოინჯი შემოიყარა თავმოწონებისა. როგორ მოგწონთ ამისთანა საქციელი? თქვენ თუ არ მოგწონთ, აბა ყური დაუგდეთ პატკანოვის ამქრის მწიგნობართა, რას ამბობენ ამ სხვისის ღვაწლის დამჩემებელსა და სხვის ნაცვამით დოინჯშემოყრილ პროფესორზე: “ყველაზე უდიდესი (капитальный) საისტორიო ღვაწლი პატკანოვისა” სწორედ ეს ღვაწლი არისო[13]. აკი “კაცსა მართალს, თუ მტყუანსა, კაცნივე შეატყობენო”. მიუქარავს ამ ანდაზის მთქმელსა.
თუ მართლა “ყველაზე უდიდესი საისტორიო ღვაწლი” ესა ყოფილა პატკანოვისა, სხვა უმცირესი რაღა უნდა იყოს? ეს სხვა მეცნიერსა ვკითხოთ, სახელდობრ ბ-ნ მარს, ეხლანდელს სომხების პროფესორს პეტერბურგის უნივერსიტეტში. მე პატკანოვის შეგირდი ვარო, იძახის თავმოწონებით ბ-ნი მარი. მწურთნელის კარგად ხსენება მადლობელის გაუწვრთვნილისაგან მოსაწონია, მაგრამ ესეც-კი ურიგოდ არ არის ნათქვამი: “ცემა გმართებს გამზრდელისა, თუ ყრმა ჰნახო ავად ზრდილი”.
ბ-ნი მარი, თუმცა პატკანოვისამებრ ოინებში ჯერ თავი არ უჩენია და ღმერთმაც ნუ ჰქმნას, რომ იჩინოს, - სხვაფრივ-კი იმის გზაზე დამდგარა და დიდის რიხით იჭიმება, თითქო მაღლა ფრინველს არ გადაიჭრენს და დაბლა ჯინჭველას არ გაიტარებსო. ერთი აკაკისთან მისი საუბარი გადაათვალიერეთ და დაინახავთ, რარიგად იბღინძება თავისი მეცნიერებით, რარიგად იბერება, რა სხვილ-სხვილად იხარჯება, რა დიდ-დიდ სწავლულებში თავსა სდებს. ამ ბოლოს დროს ბ-ნმა გოლმსტრემმა[14] ამომავალ მნათობად დაგვისახა მეცნიერების ცაზედ და ამას იქით, უყურეთ, ცას ქუდად აღარ მიიჩნევს და დედამიწას ქალამნადა. თუმცა ეს როგორღაც ჰგავს, კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო, მაგრამ ჩვენ რა გვენაღვლება? ჩვენ რა საქმე გვაქვს? კუმ თავისი იცოდეს, ჩვენ - ჩვენი.
თუ რამე კულტურის ნასახი გააჩნიათ ქართველებსაო, თითქმის სულ სომხების მოწყალებითო[15] სომხების კულტურა რომ უარ-ჰყონ, ნახევარი კულტურა ქართველებისა თქვენს ჭირს წაიღებსო, ამბობს ეს ახლად ამომავალი მნათობი მეცნიერებისა. იქნება ესეც იყოს, არც აქ აუხირდებით, იმიტომ რომ ჩვენ სახეში სულაც არ გვაქვს ვიძიოთ, ქართველი სჯობია სომეხს, თუ სომეხი - ქართველს. ამაებზე საუბერი ბრიყვის საქმეა და ჩვენ შორს ვუვლით ამისთანა აბდაუბდას. ჩვენ მარტო ამას ვჩივით, - როცა იმისთანა მეცნიერნი, როგორც ბ-ნი მარია, ამისთანაებს ღაღადებენ, საბუთი მაინც უნდა დაგვანახვონ.
ბ-ნი მარი ჩვენს ენასაც კი სწვდა თავისის ბასრი ხმალითა. ენის მრავალსიტყვაობა ერის მრავალაზროვნებას მოასწავებს, და როცა ისტორია ორს ენას ერთმანეთს მოახვედრებს, უფრო სუსტი და უძლური ენა ზედ-იჩნევს გავლენას უფრო წინწასულ და უფრო კულტუროვან ენისას.
ნუთუ ამ აზრით, ამ განზრახვით ბ-ნი მარი გვიცხადებს, რომ ქართულმა ბევრი სისტყვა სომხურისა მიითვისაო და ამით შორიდამ გვანიშნებს, - აი ერთი საბუთიც სომხების კულტურისა და ამ კულტურის ზედგავლენისა ქართველებზეო.
”ბანაკი, მუშაკი, სპეტაკი, ჟამი, ქალაქი, სენაკი, კარგი, წესი, მატიანე, პატივი, ჭეშმარიტი” და ბევრი სხვა სულ სომხური სიტყვებია ქართულში გადატანილიო[16]. ესეც იქნება მართალი იყოს, ხოლო ჯერ კიდევ ღმერთმა იცის - ეს სიტყვები სომხებისაგან მიუღიათ ქართველებს, თუ ქართველებისაგან სომხებს. ჩვენ აქ არც ერთის დამტკიცება გვინდა, არც მეორისა, ხოლო გვიკვირს ასეთი გადაწყვეტილად ლაპარაკი იქ, სადაც არავინ იცის, ჯერ რა გამოვა რისგან, და ბ-ნი მარმა რად ინება ასეთი ლაპარაკი?
პირიქით, თუ ლენორმანი სარწმუნო სწავლულია, თუ შეურყეველ ავტორიტეტად ცნობილია ამისთანაებში დიდებული, ლენორმანის სიტყვით, ლინგვისტი ეჟნ ბიურნეფი, რატომ ბ-ნი მარმა ამათ მაინც ყური არ ათხოვა, თუ დასაჯერად არა, ეჭვის გასაჩენად მაინც.
ლენორმანი ამბობს - “სრულიად შესაწყნარებელია, რომ დიდი ნაწილი ამ (ქართულის) სიტყვებისა ეკუთვნის სპარსულს ენას და ქართულში შემოსულია შედარებით ახალ დროს არა საჭიროების ძალდატენებით, არამედ ისტორიის მოქმედებით. დანარჩენი ნაწილი-კი ქართულ სიტყვებისა უძველესის დროებისანი და ზედმიწევნით ქართულის თვისებისანი არიან, როგორც ეს დაამტკიცა ჩვენმა დიდებულმა ლინგვისტმა ეჟენ ბიურნუფმაო”.
უძველესნი დრონი ქართველობისა და მათის კულტურისა ასურულ ლურსმნულ ნაწერებშია მოხსენებული ჯერ კიდევ 1300 წელს ქრისტეს წინათ, როგორც ამას მერე უფრო ცხადად დავინახავთ, და სომხების ხსენება მეშვიდე საუკუნის დასასრულამდე ქრისტეს წინათ არც კი იყო. მაშ უფრო საგულვებელი არ არის, რომ სომხებს ქართველებისაგან შეევსოთ თიავისი სიტყვა-ნაკლულევანება, რაკი ამ საგანზე მივარდა საუბარი?
თუნდ ესეც არ იყოს, თუნდ ყოველივე ეს სამაცდურო საგულებელიც იყოს და სხვა რამ ნიშანწყალი საბუთისა არ გააჩნდეთ-რა, სწავლული გატერიასი, მცოდნე ქართულ-სომხურისა, ხომ ცრუმეტყველი მეცნიერი არ არის. ამანაც-კი გამოსთქვა, რომ სომხურ ენის შინაგან თვისებას ნათლად ვერ მივუხვდი, მანამ ქართული ენა არ ვისწავლეო, რადგანაც სომხურის ენის ბევრი ძირკვები წმინდა ქართულ ელემენტისაგან სწარმოებენო და უქართულოდ იმათი ახსნა შეუძლებელიაო. ლენორმანის და რაულსონის თქმული, რომ სომხების არმენიაში შემოსევამ (მეშვიდე საუკუნის დასასრულს) ბევრი ალაროდიული (ქართული) ჩანთქაო, საბუთს უმატებს გატერიასის ნათქვამს და ამაების გამო ბ-ნი მარს ეჭვი მაინც უნდა შეჰპარვოდა, და არა ბრძანება გაეცა, ასე იყოს, როგორც მე მიამება და როგორც გაუწთვნელი ვარ ჩემის მწურთვნელისაგანო.
მთელს ამ საუბარს ბ-ნ მარისას ერთ ქრთილადაც არ ვიყითით. ენის გამდიდრება სხვისა სიტყვებქითა ერს არ დაამდებლებს, თუ არ აამაღლებს, რუსული очар და ჩვენებური “ოჯახი” მონგოლური სიტყვაა, башка თათრულია, თუ სპარსული, სიტყვიდამ “ბაშჟ”, сакля – “სახლი” религiя, профессiя, поезiя, литература და ათასი სხვა მაგისთანა, სულ სხვა ენის სიტყვებია, - ამით მითამ რაო? ინგლისის ენაში თითქმის ნახევრი სიტყვები ფრანგულია, მოდით და წინ გადაუდგეს ან ენაწმინდა ქართული, ან ენაწმინდა სომეხი და დუჟინოს, - ჩვენ გჯობივართო. მართალია, ბ-ნს მარს მიზეზი სხვამ მისცა ამების ლაპარაკისა, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ ამებზე საბუარი წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი. ბ-ნი მარი სხვაფრითაც ირჯება, თითქო ჩვენზე გულმოსულია და ჯვარს იყრის. კარგა ხანია, რაც დაიქადა, რომ დამაცადეთ, ეგ თქვენი რაღაც “ვეფხის-ტყაოსანია”, - სულ თავზე დაგაფხრეწთო, ინგლისში ერთი მანუსკიპტრი მეგულება, იმას ვიპოვი და დაგიმტკიცებთ, რომ იქიდამ არის ეგ ნათარგმნი, ან გადმოღებულიო. ვაი ჩვენო თათმოსაწონებელო რუსთაველო! თურმე ქურდი ყოფილხარ და სომეხთა მეცნიერთამებრ სხვისი შენად გაგისაღებია! ჩვენ-კი რა დიდებულ კაცად მიგიჩნიეთ, შენს სახელს შევხაროდით! ბ-ნი მარი, რომელიც ვითარცა დიდგულა მეცნიერი, შუბლზე ბუზსაც არ ისვამს, უბრალო სიკვდილისშვილი ხომ არ არის, ტყუილად დაიქადოს რამ და არ იცოდეს, რომ “ისარი და პირით სიტყვა, რა გასტყორცნაო, არ მობრუნედს”. დაიქადა და აკი... აი ის დღეა და ეს დღე, მას აქეთ შვიდი-რვა, თუ არ მეტი, წელიწადი გავიდა, - მაგრამ ქადილი ქადილად დარჩა. ბ-ნიმა მარმა კარგად იცის, - რა განძია ჩვენთვის “ვეფხის-ტყაოსანი”; კარგად იცის, - ბა ბურჯია იგი ჩვენი თავმოწონებისათვის, ქვეყნად ხმის ამოღებისათვის. მაშასადამე, თუ თავში დასცხები ვისმე რამ უნდა, უკეთესი იქნება აქედამ დაგვცხოს, აქედამ შეგვინგრიოს ციხე-სიმაგრე ჩვენის სახელსია და თავმოწენებისა. თუ არ ამან, სხვა რა გულთაძვრამ უნდა აგვიხსნას ეს ამისთანა თავდაუჭერავი მუქარა და ქადება მეცნიერებისა, ფსიხოლოგიურად რომ ჩავკუვირდეთ?
რა საკადრისია, კაცს ჯერ საბუთი არ ენახოს, არ გაეჩხრიკოს და არც იცოდეს, მართლა ამისთანა საბუთი არის სადმე თუ არა, აიღოს და მთელს ერს შეუგინოს მისი სამართლიანად სახელვანი კაცი, შეუბღალავოს იგი თითქმის წმიდათაწმიდა, რომელსაც შვიდას-რვაასი წელიწადია განუწყვეტლად შესტრფის და შეჰხარის, შეურყიოს ძირი იმ დიდებულს სახსოვარს, რომელსაც მთელმა ერმავე შიგ ჩაატანა თავისი ცრემლი და თავისი სიხარუალი, შიგ ჩაახვია თავისი სული და გული, შიგ ჩააწნა თავისნი უკეთესნი ფიქრნი, ზრახვანი, გრძნობანი!.. რა საკადრისია! კიდევ ვიტყვით: ამის საბუთი რომ ხელში ჰქონოდა, ვინ რაღას ეტყოდა, მართალს წინ რაღა დაუდგებოდა! მაშინ თუმცა შევწუხდებოდით, მაგრამ მაინც პატივისცემითა და მოწილებით თავს მოვიხრიდით მართლის წინაშე. საქმე ის არის, რომ ჯერ საბუთი არ ენახა, და ან რას ჰნახავდა, როცა არ არის, და მაინც დაიქადა. მე ესე მომელანდაო, სიზმარში ვნახეო, რომ ინგლისში ამისი საბუთი არისო. თუ ეს მართლა სიზმარში მოლანდებული არ არის, მაშინ რა იქნა იგი ქადებული საბუთი? რამ ჩაყლაპა? თუ იგი საბუთი არ აღმოჩნდა, ის პატიოსანი და ყოვლად ღირსებული თვისება ჭეშმარიტის მეცნიერისა სადღაა, რომ სთქვას: შევცდი და ვინანიო. განა რომ “სოფლის ნადიმითა მჯდომელი სოფელსავეთვე ჭრელი”. განა რომ “ბუისგან ნუ გამოელი ბოლო-კარკაზის ბუდესა”.
მოდით და გულზე ნუ მოხვალთ ამისთანა თავგასულ და შეუნანებულ საქციელისაგან! ვშიშობთ, მაგრამ მაინც ვეტყვით: ნუთუ ამისთანა ქედმაღალმა მეცნიერმა, როგორიც მარია, თითონ რამ ჰკითხოთ, მართალი არა სთქვა? და თუ არა სთქვა, რას გვემართლებოდა? რათ დაიქადა ასეთის გაბედულის რიხით, და თუ დაიქადა, რათ არ აასრულა ქადილი? რა ანგარიშია, რა ჰლამის ხელიდამ გამოგვაცალოს ჩვენ ჩვენი საუნჯე და ამისათვის ცარიელ მუქარის და ქადილის დალაბრებული, პირგადაღეჭილი ხმალი მოგვიღერა. ვისთვის და რისთვის ირჯება, რომ ასე უსაბუთოდ გვეტანება და ხელიდამ გვაცლის ჩვენს “ვეფხის-ტყაოსანს”? ვის შერჭმია თვალში ეკლად ეს ქართველების ეროვნულ ღირსებისა და ვინაობის სახსოვარი, რომ ბ-ნი მარი აგრე თავზე ხელაღებულად იღწთის ამ ეკლის გამოღებისათვის? ყოველივე ეს თქვენ გამოიცანით და ჩვენ-კი დიდიხანია ვიცით, რომ “ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო”.


სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა ამბავი დიდს მდინარე წყალსა ჰგავს: რამოდენადაც ნაპირიდამ შიგ შესტოპავთ, იმოდენად უფრო ღრმაში შესდიხართ, უფრო მეტს სიგრძე-სიგანესა ჰხედავთ. თანდათან მათი სილაღე, კადნიერება და თავგასულობა ჰმატულობს და უფრო გაბედვით თავს იქებენ, უფრო გულახდილად გვექცევიან ჩვენც. მათ მიერ ერთხელ დადგინეული პროგრამა მოქმედებისა, ერთხელ და ერთხელ შეთვისებული თვალთმაქცური ხერხი და ოინები ისე აშკარად, ისე ცხადად, ისე ვრცლად არსად არ იხატება, როგორც ერთს ევროპულ გაზეთში, სადაც დაწყობილად მოთხრობილია ყოველივე ის, რაც ჩაქებ-სადიდებელია სომხისა, გასაბათილებელია ქართელისა და რაც აშკარად ჩაგონებულია თვით ამ მწიგნობარ-მეცნიერთაგან. აქ ეს ვაჟბატონები აღარ ჰმალავენ, არა სახსარს აღარ ჰთაკილობენ, აღარას მორცხვობენ. პირდაპირ და გულახდილად იმისთანა ხერხითა და სახსრებით ჰსაქმობენ, რომელთ ხელის მოკიდება და სირცხვილის ალმურის მოდება სახეზე ერთი უნდა იყოს ყველ სხვა კაიცსათვის - სომეხი იქნება, თუ სხვა მილეთისა.
უკანასკნელ ოსმალთან ომების დროს, სახელდობრ 1877 წელს, ერთმა საფრანგეთის გაზეთმა - “Temps" აქ ჩვენკენ ერთი კორესპოდენტი გამოგზავნა, სახელად კუტული. ამ კუტულმა აქედამ კორესპოდენციები უგზავნა ხსენებულ გაზეთს და თითქმის მთელი ორი თვე აბეჭდვინა. ეს ბ-ნი კუტული აი რას სწერს იმის თაობაზე თუ, ვის ჩაუვარდა ხელში ჯერ მაშინ, როცა ვლადიკავკავიდამ ჩვენკენ წამოსულს, ერთი სადგური ფოსტისა ძლივს გამოევლო. ჯერ კიდევ ბალთაში[17] დაჰხვედრია, განგებ თუ შემთხვევით, ერთი აფიცერი არტილერიისა, შუშელი სომეხი. ამას ჩაუსვამს იგი თავსს «პოვოზკაში» და მოყვანია ტფილისს. რა უამბნია მისთვის ამ აფიცერს გზადაგზა, ამისი არა ვიცით-რა. იმედი-კია, ბევრს კარგს ეტყოდა ჩვენდა შესამკობლად. ამ იმედს იმაზე ვამყარებთ, რომ ამ ბ-ნს აფიცერს მოსვლისავე უმალ ტფილისში წაუყვანია თავისი ახალი სტუმარი აწ განსვენებულ გრ. არწრუნთან, «მშაკის» რედაქტორთან, რომელიც, კუტულის სიტყვებით, «ლიბერალთა დასის წინამძღომია და თუმცა სასულიერო წოდებისა არ არის, მაგრამ სომხებ შორის იმავე როლს ჰთამაშობს, როგორსაც დელინგენრი და მამა გიაცინტე კათოლიკეთა შორის, და რომელსაც უკეთ ესმის სომეხთა საღვთო წერილი, ვიდრე თვით კათოლიკოზსაო».
რა თქმა უნდა, კუტული ეგზამენს ვერ გაუკეთებდა კათალიკოზს სომხებისას, მაგრამ მაინც გადაჭრილად ამბობს, ეს ასეაო. საიდამ შეუტყვია ეს ასეთ უპირატესობა არწრუნისა და ასეთი ქვეითად ყოფნა პატივცემულ კათოლიკოზისა? აშკარაა, ან თითონ არწრუნს გაუბერია თავისი თავი, ან სხვას ვისმე მაღლა თაროზე შეუსკუპებია განგებ, რომ უცხო კაცს თვალები აჰბოდა და თავისის თვალით არა მოეჩხრიკა რა. აშკარაა, ან თითონ არწრუნი, ან ვიღაც ცდილა ეს ამისთანა უცნაური ამბავი ჩაეწვეთებინა ყურში ამ ახალ მოსულ ფრანგისათვის, რომ აბრუ არწრუნისა განედიდებინათ მის თვალში და ადვილად მინდობოდა ამისთანა ბრძენს კაცს და ის დაენახა, რასაც დაანახვებდა ეს დელინგერი და გიაცინტე სომხებისა. რომ კარგად დაანახვებდა, რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ექნებოდა.
ისიც უამბნიათ, რომ არწრუნი ჯერ მოსკოვში განათლებულა და გემეცნიერებულა, მერე პეტერბურგში, და სულ ბოლოს ჰეიდელბერგიბში და ძალიან განვითარებულია ფილოსოფიაშიო. რომ უფრო მაღლა ასწიონ ეს ძალიან განვითარებული ფილოსოფოსი, ერთი დიდი ღირსებაც ზედ დაუმატებიათ, სახელდობრ ისა, რომ მისი ძმა გერმანიაში პროფესორიაო. თუმცა ძმის პროფესორობა არა-პროფესორისათვის დიდი თამასუქი არ არის, მაგრამ ესეც-კი არ დაჰვიწყებიათ არწრუნის განდიდებისათვის. ესე გაუბერიათ არწრუნი, თუმცა ტიკს მაშინ ჰბერვენ, როცა შიგ არა დგა-რა. ასე მოუმზადებიათ უცხო სტუმარი, რომ მერე ყოველვე სიტყვა არწრუნისა ბაჯაღლო ოქროდ მიეღო. ფუქსავატი ფრანგი, რა თქმა უნდა, მახეში გაება, და რაც ჩასძახეს, ის ამიძახა გაუჩხრეკლად, გამოუძიებლად. აბა დაუკვირდით ბალთაში დახვედრასა და მთელს ამ ამბავს, თუ არ დაინახოთ - რა ხერხები სცოდნიათ უცხო კაცის გაბრიყვების და ჩათრევისათვის. ეს ჯერ ყვავილებია, ხილი მერე იქნება.
რაკი ამისთანა შარავანდედით შემოსილა განსვენებული არწრუნი. აუღია და კუტული წაუყვანია ჯერ ტფილისისი საქალაქო საბჭოში, რომელიც კუტულისათვის «პატარა პარლამენტად» დანახვებია, საცა გამგეობის წევრნი მინისტრებად მოსჩვენებია ბ-ნს კორესპოდენტს და არწრუნი, თავისის ლიბერალურ დასით, ოპოზიციად. მერე გასძღოლია არწრუნი და დაუტარებია სომხის ეკლესიები. აქ კუტულის გაჰკვირვებია ტერტერების მშვენიერი და ძვირფასი სამოსელი. აბა რა დღისათვის-ღა შეინახავდნენ!.. შემდეგ წაუყვანია ეს უცხო სტუმარი სომხის სკოლებში. კუტული ქებით იხსენიებს მშვენიერ თვალებს სომხის მოსწავლე ქალებისას, თუმცა სახის ერთობ სილამაზეზე-კი ბოდიშს იხდის, უკაცრაოდაო.
განსვენებულ არწრუნს შეჰყავს კუტული სომეხთა ინტელიგენციის წრეში. კუტალი გვისახელებს ვინ გაუცვნია არწრუნის წყალობით, ხოლო საჭირო არ არის ჩვენ აქ ჩამოვთვალოთ. საკმაოა ვიცოდეთ, რომ სომეხთა ინტელიგენციის წრეში არწრუნს დაუტრიალებია თავისი ახალი მეგობარი, ანუ მწე-მქებარი, როგორც უწინ იტყოდნენ. გაუმართეს სადილ-ვახშმები, ალხინეს, შეაქციეს შინა, თუ გარეთ ბაღებში, უმღერეს სიმღერები, რომანსები, და კუტული სჩივის, ერთ ამისთანა ლხინადამ ისე შეზარხოშებული დავბრუნდი შინაო, რომ კალმისათვსი ვერ მომიკიდნია ხელი, ისე ამიერია თავში აზრებიო. ყველგან, საცა კი ლხინს დასწრებია, სულ სომხური საჭმელები მიურთმევიათ და ეს საჭმელები ძალიან მოსწონებია ხელიხელ სატარებულ სტუმარს არწრუნის ლიბერალურ დასისას. მერე გაუწვევიათ შინდისში, რაღაც დღეობა ყოფილა. აქ ხომ მთლად აღტაცებაში მოუყვანიათ. მხოლოდ ერთს რასმე გაუოცებია. თურმე ნუ იქყვით, ვინც-კი მეჯლისსა და დღეობაში ქალი უნახავს, ისეთი «დიდი ცხვირი ჰქონდათო, როგორც მთის ქედიო». რა თქმუ ნდა, არწრუნის ლიბერალური დასი ამისთანა წუნს არ აკადრებდა თავისიანებს და არც კუტულს მოაფენინებდა მთელს ქვეყანაში. და რომ ეს უწყინარი და უტკივარი წუნიც-კი არ შეამჩნევინონ უცხო კაცს, დაბალი ღობეც მალე უპოვნიათ. ჭკვიანურად, გულმართალად აუხსნიათ, რომ ეგ დიდცხვირიანები სულ ქართელები აირიანო. ესეც კარგია!.. რაც მეტი აქვთ, ის მაინც ჩვენთვის არა ჰშურთ, გულუხვად გვთავაზობენ. მეტი ტრფიალებაღა გინდათ, ჩვენის სიყვარულით ცხვირებსაც-კი იჭრიან.
რა უნდა ექნა ამისთანა მახეში გაბმულს ქარფშუტა ფრანგსა? პარლამენტია-და სომხებისააა, სკოლებია-და სომხებისაა, ეკლესიებია-და სომხებისაა, ინტელიგენციაა -და სომხებისაა, შექცევაა, ლხინია-და სომხებისაა, დღეობაა-და სომხებისაა, დელინგერებია-და გაიაცინტები-და სომხებისაა, ფილოსოფოსებია-და სომხებისაა, საჭელებია-და სომხებისაა და მერე სად? ტფილისში. აშკარაა, აქ სომხეთია და ტფილისი სომხეთის ქალაქია. სხვა რა უნდა გამოეყვანა ასეთის ოსტატობით თალახვეულს გუშინდელ მოსულ კაცს! აკი სომეხთა სტუმარმოყვარეობით აღტაცებული კუტული საქვეყნოდ იძახის, როცა ჯერ ტფილისში ზის და აქედამ ფეხი გარეთ არ გაუდგამს: «უთუოდ ედემი აქ, სომხეთში, ყოფილაო». ამ სახით საქართელო, ტფილისითურთ, სომხეთად მოაჩვენეს ევროპელ კორესპოდენტს და ეს ამბავი ქვეყანაში მოაფენინეს უცხო კაცს იმისთანა დარბასელ და გავლენიან გაზეთის პირით, როგორიც «Tempc» -ია. ოინი არ არის, მაშ რა არის?
ერთი ეს ვიკითხოთ: რა აზრია ამისთანა სასაცილო ცუღლუტობასა და თაღლითობაში? ამისი პასუხი შეიძლება გამიჩხრიკოს ერთის გარემოებისაგან, რომელსაც თითონ კუტული გვანიშნებს. იგი თურმე ეშურებოდა «დაესწრო ყარსის აღებას», მაგრამ რადგანაც თითონ კუტულს და მისს ახალ მეგობრებს ჰსურვებიათ დიდ აღმოსავლეთის საქმესთან ფეხზე წამოაყენონ სომხების საქმეც, იგი ტფილისში ყოვნდება, რომ აქაურ ხალხების ვითარება შევიტყოო. შეატყობინეს კიდეც: ტფილისი და საქართველო ჩვენი ბინააო, ჩვენი ქვეყანააო, და რადგანაც მართლა ესეა, ვიღა გვეტყვის, რომ სომხები დაქსაქსულნი არიან და ბინის მოსაკიდებელი ადგილი არ აქვთო. აბე ერთი გაუსისწვრივეთ აქედამ თვალი სენკოვსკის მიერ თქმულსა, თუ ის არ დაინახეთ, რასაც ვეძებდით, თუმცა აქედამ იქამდე დიდი მანძილია და თუმცა აქ ახალნი არიან და იქ ძველნი. ვინ იცის? ადვილად საფიქრებელია, რომ დელინგერები და ფილოსოფოსები სენკოვსკის დროსაც იყვნენ. ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო, ნათქვამია. მამა რომ შვილსა გვანდეს, ან შვილი მამას - აქ დაუჯერებელი არა არის-რა. ახლა გამოვიკვლიოთ, რა შთააგონეს კუტულს აქაურ ხალხების ვინაობისა და ავკარგიანობისა. ჩვენ ვამბობთ შთააგონეს, იმიტომ რომ კუტული ისე ცოტა ხანს იყო ტფილისში, რომ ერთის ქუჩის სახელსაც ვარ დაისწავლიდა და აქაურ ხალხების ვინაობას და ვითარებას სიადამ გამოარკვევდა, თუნდ არწრუნისავით «ძალიან განვითარებული» ფილოსფოსი ყოფილიყო. რომ ყოველივე მის მიერ გაზეთს «Tempc» -ში მოთხრობილი ჩაძახილია მის ახალ მეგობართაგან, ამას თითონ ტენრდენცია მოთხრობილოისა გვიმტკიცებს, თუ კაცი ჩაუკვირდება.
კუტულის სიტყვით, ამიერკავკასიაში ოთხის თესლის ერია: სომხები, ქართველები, თათრები და რუსები. გგონიათ, ვითომც ამ ოთხ სხვადასხვა გვარს ერზე გეტყვით რასმე კუტული? თქვენც არ მომიკვდეთ. ნიშანში ამოუღებინებიათ მარტო ქართველები, რადგანაც, კვლავ ვიტყვით, «ალიას დარდი ფლავია». მარტო ქართველებისა და სომხების დაპირდაპირებაა იგი კოჭი, რომელიც განგებ მუდამ ალჩუდ მოჰყავთ. ხომ წამოაყრანტალებინეს, რომ ტფილისი სომხეთიაო, ხოლო მარტო ტფილისი რას ეყოფათ. საქმე იმაშია, რომ წამოაროშვინონ, ვითომც მთელი ამიერკავკასიაც იმათია და წადილიც, როგორც ჰნახავთ, აისრულეს კიდეც.
კუტული აუწყებს-რა ევროპას, რომ კავკასიაში ოთხის თესლის ერია, შემდეგ ამბობს, - თუმცა სომხების რიცხვი ეხლა ქართველებზე ნაკლებია, სულო 600 ათასიაო (?) მაგრამ ამ საუკუნის დასასრულამდე სომხები მალე გამრავლდებიან და ქართველებზე მეტნი შეიქმნებიანო. სხვები? თათრებსა და რუსებზე არას ამბობს, თითქო ესენი სახსენებელნიც არ არიან, თითქო ესენი-კი სათვალავში მისაღებნი არ არიან. განა აშკარა არ არის, რომ მარტო ქართველების ნამეტანობა ამიერკავკასიაში თვალში ეკლად გასჩრიათ და ამიტომ ამ ეკლის გამოღებას ჰლამიან ეს «ძალიან» განვითარებულნი ფილოსოფოსები», ეს სომხების არამკითხე დელინგერები და გიაცინტები!.. სხვას ვის მოუვა ფიქრად ეს საცუღლუტო ანგარიში სომხების მაღლა ასაწევად და ქართველოების დაბლა დასაწევა იქ, საცა ამათ გარდა თათრები და რუსებიც არიან.
დავანებოთ ამასაც თავი და ერთი ეს ვიკითხოთ: ეს რა უცნაური უნარია სომხების გაშენებისა და ქართველების გადაშენებისა, რომლის ძალითაც 23 წელიწადის განმავლობაში ცოტა სომეხი გაბერვდება და ბევრი ქართველი დაცოტავდება. ანე ვისთვის რა საჭირაო ამისთანა სასაცილო თანხები გადმოუკეცოს ევროპას და გაიჭაჭოს, რომ დაიცადეთ, დღეს სომხები ცოტანი არიან და ოცდასამს წელიწადში იბღარტებენ და არწივების ნაბუდარზე თავისს ბღარტებს გაზრდიან და გამრავდებიანო. ეს სომხების ბღარტობა და გაშენება და ქართველების დანელება და გადაშენება ვისთვის რა საჭიროა? განა აშკარა არ არის - ვისი ეშმაკობა უნდა იყოს, ვისი თვალთმაქცობა, რომ უცხო კაცი ასე გააბრიყვოს და ამისთანა რამ ქვეყნის სასაცილო წამოაროშვინოს: დაიცადეთ, სომხები გაშენდებიან და ქართველები გადაშენდებიანო. აი ამას ჰქვიან: «თვისისა ნების შედგომა, წადილი».
რაკი ჯობინობის მოედანზე გაიყვანეს კუტუი, რასაკვირველია მისმა ახალმა მეგობრებმა სხვა ლაზათებიც ჩასძახეს ევროპაში დასაძახებლად. კუტული ჩაძახილს ასე ამოიძახის, - სომხები შეადგენენ Tiers ètats (მესამე წოდებას) კავკასიაში. ამათს ხელშია ვაჭრობა, ყველაფრის ხელობა, წარმოება. ესენი არიან ექიმები, ადვოკატები, თავისუფალ ხელობისა და სდაქმის კაცებიო. იმათა აქვთ სკოლები, ჟურნალ-გაზეთები, პატარა ტფილისის პარლამენტი და სხვ. ამ უკანასკნელ დროს იმათგანი სამხედრო სამსახურშიაც ბევრნი შედიანო. მადდათოვი, ბებუთოვი, არღუთინსკი, ლორის-მელიქოვი, ლაზარევი, ალხაზოვი, ტერ-ღუქასოვი, - ეს ღენერლები სულ სომეხთა ტომმა მისცა რუსის მხედრობასო. წარჩინებული ღენერალი ლაზარევი ძლიერ შესანიშნავი სარდალიაო, მაგრამ ქართველ თავადების შურით იგი გადაყენებულია და ეხლა ბაქოში სცხოვრობს უსამსახუროდაო! მერე კუტული ჩამოთვლით ასახელებს ყოველ სომხებს, ვინც-კი გამოჩენილად უჩვენებიათ მეცნიერებასა და ხელოვნებაში თუ სხვა რაიმე ასპარეზზე, მისს ახალ მეგობრებს.
თუმცა ეს გამოჩენილნი სომხენი მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში გოლიათებად არავის მიუჩნევია, მაგრამ ჩვენ რა დავა გვაქვს. წინათაც ვთქვით: სომხის კარგი, თუნდაც გადაჭარბებული, ღმერთმა სომეხსავე მოახმაროს საქებ-სადიდებლად. ხოლო ყოველ ამითი აღფრთოვანებული კუტული ასე წინასწარმეტყველობს: «მომავალ კავკასიაში სომხებს ეკუთვნით და მისს მეზობლებს - ქართველებსა და თათრებს - სხვა არა დარჩენიათ-რა, რომ უნდა გასომხდნენო». აი სად არის დასასრული დასაწყისისა. კაი ნუგეშია, თუ თვქენც იტყვით. განა ჭკუა არ არის, იმისთანა გავლენიანი გაზეთი, როგორის «Temps» -ია, კაცმა ასე აყვიროს! ერთი გვიბრძანეთ, - ვინ გაასულელებდა საცოდავს კუტულს ამის თქმად, თუ არ სომეხთა ძალიან განვითარებულნი ფილოსოფოსნი, დელინგერები და გიაცინტები. «ხე ხილისაგან, ხილი ხისგან, - ნათქვამია, - იცნობებაო».
«ჩვენს ხალხს პოეზია არ უყვარს», უქადაგნია კუტულისათვის არწრუნს და მისს ამქარს, რომელსაც კუტული სკოლას ეძახის არწრუნისას: «ჩვენ უფრო მსჯელობა და კრიტიკა გვიყვარსო». არ ვიცით რამოდენად თავმოსაწონებელია ეს არასიყვარული პოეზიისა. დიდმა გიოტემ კი სთქვა: «ვისაც პოეტის ხმა არ აუძგერებს გულს, იგი ბარბაროსიაო». თუმცა არწრუნს და მისს სკოლას პოეზია არ ჰყვარებია, მაგრამ ფანტაზია-კი დიდი ჰქონია. ამ ძალიან განვითარებულ ფილოსოფოსის აზრით, სომხები მომავალში შეადგენენ სახელმწიფოს, რომელსაც 30 მილიონი ქვეშევრდომი ეყოლებაო, ამბობს კუტული[18]. არა გვგონია ყოველივ გონიერი სომხი არ მოერიდოს ამისთანა თავდაუჭირავს ბოდვას განვითარებულ ფილოსოფოსისას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ არც ერთი ჭკვათამყოფელი სომეხი ამას არც იტყვის და არც გულში გაიტარებს. ეს მოშლილ წისქვილის რახარუხია და სომხებ შორის ამისთანანი ან სულ არ არიან, ანუ თუ არიან, სახსენებლადაც არა ჰღირან. ასე ქვეყნის სასაცილოდ პირის დაღება ნაცარქექიის საქმეა: წყლიან ყველს უჭერს ხელს და ქვეყანას-კი ეფიცება, ქვას ვადენ წყალსაო. ყოველივე ეს ერთის კაცის დამთხვეული ბოდვაა და იმ ერთს კაცსვე შეენდოს.
ვთქვათ, კუტულის წინასწარმეტყველებისამებრ, ქართველები და თათრები გასომხდნენ და ეყმნენ სომხებსა, - ეს ხომ წვეთია 30 მილიონის შესადგენად და საიდამ დაუპირებია არწრუნს ამოდენა საყმოს მოგროვება? ამის პასუხი უსათუოდ თან გაიყოლა განსვენებულმა ფილოსოფოსმა. აკი ვამბობთ, ჩვენ ეს სასაცილო ამბავი იმიტომ-კი არ მოგვყავს, «ვითომც გვჯეროდეს, რომ ჭკუადამჯარს სომეხს ეს ფიქრად ოდესმე მოსვლოდეს, ან აწ მოუვიდეს, არამედ იმიტომ, რომ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვეულებად აქვს ამისთანა საყვირი აყვიროს. თვითონ კუტული ამტკიცებს ამას. იგი გვეუბნება, რასაკვირველია სომეხთა ფილოსოფოსების ჩაძახებით, რომ არწრუნს და მისს ლიბარალურ სკოლას დევიზად მიუღია ჟირარდენის დევიზიო: «უნდა იყვიროო». სამართალი ითხოვს ვთქვათ, რომ მართლა «ჰყვრიან» და კარგადაც ჰყვირიან. მეტი ყვირილიღა გნებავთ, როცა მათი ბამბაცა ჩხრიალებს და სხვისა არც კაკალი.
საყვირს რომ აყვირებენ და აყვირებენ, ხოლო ზოგჯერ იმისთანა უშველებელს დააძახებინებენ ხოლმე, რომ, თუ სადმე სამართალია, თითონვე უნდა დაიცონ ყურებში თითი, - ეს რა გვესმისო. უსათუოდ იმსათვის, რომ კუტული დააჯერონ - სომხობა რა ჭკვიანი ხალხია, რა ასლად და ზედგამოჭრილად ჩამოსხმულია ღევანდელის დღის ყალიბზე, რამდენიმე სომხური ანდაზა დაუსწავლებიათდა, სხვათა შორის, ეს ორი: «რად ჰკითხულობ, ვისი გამომცხვარია ეს პური? გინდ ურიისა იყოს, თუ გემრიელია, სჭამეო». ანუ: «სადაც ჰნახო პური, იქ დაბინავდიო». მართალია, ამისთანა ანგარიშიანს სიბრძნეს დღეს დიდი ბაზარი აქვს, მართალია დღეს ბურთი იმას გააქვს მოედნიდამ, ვინც ამ მოძღვრებას მისდევს, მაგრამ თავმოსაწონებელი და საქებარი-კი აქ არ ჰყრია-რა. პირიქით, რაცა ჰყრია, ძირიანად ამოსათხრელია და წყალში გადასაყრელი.
დიდი ხანია, სარწმუნოება ჩვენი გვასწავლის: «არა გული გითქმიდეს... მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისაო». დიდი ხანია ქვეყნიერებაზედ ამ ანდაზების მხარდამხარ ერთი სხვა მორცხვი, მაგრამ კაცთა საკადრისი და გამაპატიოსნებელი მოძღვრებაც დადის: «ნუ სძღები სხვისა რძითა, ნუ იმოსები სხვისა მატყლითაო». სხვისა ნურა გინდა-რა, შენი იკმარე, - ეს არის კაცთა ურთიერთობის ქვაკუთხდი, ეს არის დედაბოძი ზნეობისა.
მართალია, ამ ანდაზებს რომ გვერდით მოვუყენოთ ქართველთა ანდაზა: «რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია», ან: «უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების» - პირველნი ეხლანდელს დროში ჭკვათმყოფლობას მოასწავებს, და მეორე-ნი ბედოვლათობას, მაგრამ, ღმერთმა იცის, - კაცურ კაცობისათვის რა უფრო სანატრელია, სხვისის პურის ჭამა, თუ თავისისა გაცემა. ვინ იცის: ზნეობა უფრო მაგარი ქვითკირია კაცთა ცხოვრებისათვის, თუ საცა ვისი რამ მოახელო, სჭამე, რაკი გემრიელიაო.
ასეა თუ ისე, ჩვენ რომ არწრუნის და მისის ლიბერალურ სკოლის ადგილას ვყოფილიყავით, ხსენებულ სომხურ ანდაზებს საქებ-სადიდებლად-კი არ გავიხდიდით, სხვასაც დავუშლიდით: დაივიწყეთ ესეთი ანდაზები, საკადრისი არ არის არამც თუ მაგეების ხმამაღლა ძახილი, არამედ გულში გატარებაც-კი. განა რას იზამ? კაცია და გუნებაო. აი, რა ყრილა თურმე იმ ლიბერალობაში, რომლის დროშა ხელთა სჭერიათ სომეხთა ძალიან განვითარებულ ფილოსოფოსებს, დელინგერებს და გიაცინტებს: «სადაც პური ჰნახო, იქ დაბინავდიო»... მაშ მამული, სამშობლო, მამა-პაპათა მიწა-წყალი, მამა-პაპათა ბინა უქმი სიტყვებიღა ყოფილა ადამიანისათვის! ჩვენ ამას მთელს სომხობას არ შევწამებთ, მხოლოდ მეტი არ იქნება მისთა მწიგნობარ-მეცნიერთ იცოდნენ, რომ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების».


ეს ქება-დიდება სომხებისა ხომ ვნახეთ რა ოსტატობით ჩაუგონებიათ უცხო კაცისათვის სომხების მეცნიერთა, რომ ევროპას მოჰფინოს. ახლა ყური დავუგდოთ, რა წკეპლებში გავუტარებივართ ქართველები. უამისოდ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რაღა სახსენებელნი იქნეოდნენ, ბარაქალას ვიღა ეტყოდა? კუტული ამბობს, რომ წარსული ქართველებისა ყოვლად უნუგეშო სურათს წარმოადგენსო. ღონემიხდილს ცუდის მართველობით, ერთმანეთის შურითა და მტრობით, არა ჰქონია ერთი წუთიც მოსვენებული ცხოვრებაო.
მართალია, არა ჰქონია, მაგრამ არა მარტო იმ მიზეზებით, რომელიც არწრუნს და მისს ლიბერალურს დასს ყურში ჩაუწვეთებია. ვისაც საქართველო დაუვლია და უჩხრეკია არა სომეხთა მეცნიერთა წინამძღოლობით, არამედ თავისით, ვისაც თითონ თავისის ღვაწლით უკვლევია საბუთები ქართველების წინანდელ ცხოვრებისა, ისინი არც ისე გვხვევენ მჩვარში, როგორუ კუტული და მისნი შთამგონებელნი. პირიქით, გაკვირვებულნიც არიან - ამ პატარა საქრისტიანო ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭა ერმა, როგორ გაუძლო იმდენს ბრძოლას ბარბაროსებთან. «თუ ერთობ მხნე, თავგანწირული და მამაცი ერი არ ყოფილიყო ქართველობა, ეს შეუძლებელი იქნებოდა», ამბობს აღმოსავლეთის მცოდნე მეცნიერი დელორიე, თანამემამულე კულტისა. განა მარტო ეს ამბობს!.. ხოლო არწრუნს, ამ ძალიან განვითარებულს ფილოსოფოსს, ისე შეუკრავს და შეუბოჭავს საცოდავი კუტული, რომ დავთრები სულ მთლად დაჰბნევია, აღარც იქით მიუხედნია, აღარც აქეთ, მართლის გამოსაძიებლად და მარტო არწრუნს და მისს დამქაშებს მისცემია თავით ფეხამდე.
კუტული თუმცა მთელი ორი თვე ბუკსა და ნაღარასა სცემს სომხების ქება-დიდებისათვის გაზეთს Temps-ში, მაგრამ ქართველებს არც წინანდლებს, არც ეხლანდელებს, არა გვზოგავს, ძირიანად გვთხრის და ქართველების სახელგანთქმულს ვაჟკაცობასაც-კი თითქმის უარობს. სომეხთა მწიგნობარნი და ფილოსოფოსნი დღეს-აქამომდე ვაჟკაცობას არ შეგვცილებიან, რადგანაც, იმათის აზრით, ვაჟკაცობა სულელობაა, გიჟ ვრაცუას საქმეა. აბა, თუ არ სულელი, ვინ გიჟი იქნება ტყვიას გული მიუშვიროსო, და ამ სახით ვაჟკაცობას, ვითარცა ჩვენი სულელობის ნიშანსა და საბუთს, ჩვენ გვითმობდნენ და არ გვედავებოდნენ. მაგრამ სჩანს უანგარიშნიათ, რომ ასეთი ფილოსოფია მათი ვერ გასჭრის იმის თვალში, ვინც, როგორც კუტული, ეკუთვნის იმისთანა ერს, რომელსაც თავმოსაწონებლად, სხვათა შორის, თავისი ვაჟკაცობა მიაჩნია და სამართლიანადაც. აი მიზეზი, რად მოუწადინებიათ აქაც ჩვენი სახელის წახდენა კუტულის თვალში.
კუტული უმჟღავნებს ევროპას, რომ არაფერი არ მოიპოვება სასიქადულო საქართველოს ისტორიაშიო. ვთქვათ, იმ ორიოდე დღეში, რაც კუტულმა ტფილისში დაჰყო, ასე შიგჩახედვით გამოიძია და ისწავლა მთელი წარსული ისტორია საქართველოსი, რადგანაც კარგს მთქმელს კარგი გამგონე შეჰხვედრიათ. ვაპატიოთ და შევუნდოთ მთქმელსაც და გამოგონესაც მათი აშკარა ცუღლუტობა და ოინბაზობა. სჯობია ვიცოდინოთ, - რა წამოაყრანტალებინეს ამ საცოდავს ფრანგს ჩვენს დღევანდელ დღეზე მისმა ახლად მოპოევბულმა მეგობრებმა. «ქართველები შეადგენენო ღენერლების, მეურმეების და ჩალვარდების ნაციასო», ამბობს ბრძენთაგან გაბრძნობილი არამკითხე მოამბე. «თუმცა ღენერლები ბევრი ჰყავთო, მაგრამ იმათი ღენერლები გამოჩენილნი არ არიანო».
როგორ მოგწონთ ეს ჩვენი ღენერლების ჩაყენება მეურმეებისა და ჩალვარდების მწკრივში! ზემოთ ხომ ვნახეთ, რა საყვირით, რა ბუკ-ნაღარითა და თავმოწონებით ჩამოათვლევინეს კუტულს სომხის ღენერლები და აბა თუ ერთი ქართველი დაესახელებინათ გამოჩენილად. ამას რად იზამდნენ? ეს ხომ ქართველების კაკალის ჩხრიალი იქნებოდა და მაშინ სომხების ბამბა ისე ვეღარ დაიჩხრიალებდა, როგორც სომხეთა ფილოსოფოსების სურვილია. რა თქმუ უნდა, ჩვენს ღენერლებს არც არწრუნის ქება ეჭირებათ, არც კუტულისა და არც ჩვენი სარჩლი. ბაშკადიკლარი, კურუკ-დარა, ყარსი, დევაბოინე, ავლიარი, ბეგლი-ახმედი, არტაანი, ახალციხე, ჩოლოქი, მთელი დაღისტანი და ერთობ მთელი კავკასია ჰღაღადებენ მათთა სახელოვანთა საქმეთა და ამ ხმამაღალს ღაღადს ვერ დააჩუმებს ხრინწიანი წრიპინი და ჩხავილი სომეხთა გულნამცეცა მეცნიერებისა. მარტო იგი ჰხადის ღირსებულს უღირსად, ვინც თითონ უღირსია.
«თავად-აზნურობა ქართველებისა გაკოტრებულიაო», ამბობს კუტული. ქართველებმა არშიყობის მეტი არა იციან-რაო და მარტო სამსახურში შესვლას სცდილობენ, რადგანაც ეს ადვილი ხელობააო. ვაჭრობისა და ხელოსნობის ნიჭი არა აქვთო და თუ თითო-ოროლა ვაჭარი ჰყავთ, ისინიც-კი ფულს სომხურად სთვლიანო. საკვირველი არ იქნება დაეჯერებინათ, რომ ქართველებს საკუთარი თვალიც-კი არა ჰქონიათ. გლეხები საქართველოსნი «ზარმაცნი და ლოთები» არიანო. «ამათ ერთი მტკაველი მიწაც მებატონეთაგან არ შეუსყინიათო», და სხვანი და სხვანი.
რასაკვირველია, აქ დაუმალეს კუტულს ის უეჭველი გარემოება, რომ ჯერ მაშინ ქართველს გლეხობას გამოსყიდული ჰქონდა თავიანთი მებატონეთაგან ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები მილიონ-ნახევარის მამული, როგორც ამტკიცებს თვით მთავრობის ოფიციალური უწყებანი[19]. ეს ამბავი თუმცა დიდი რამ არ არის, მაგრამ მაინც სომხების დელინგერებმა და ფილოსოფოსებმა საჭიროდ დაინახეს დაუმალონ ევროპიელს და არ გამოამჟღავნებინონ საქვეყნოდ, - ვაი თუ ეს სიკეთე დავთარში ჩაუწერონ ქართველებს და ჩვენთვის რა სახეიროაო. ქართველების კარგი სომხისათვის ავია, ამ ვაჟბატონების აზრით. ამ სახით ტყული მართლად გაასაღეს.
ბევრი რამ სხვა საგალობელი უგალობეს თავისის-თავის შესაქცევრად და სადიდებლად კუტულს სომეხთა ფილოსოფოსებმა. ყველას ამას აქ არ მოვიყვანთ, რადგანაც უამისოდაც გრძელი საუბარი მოგვივიდა. საოცარი ყოველ ამაში ის არის, რომ ამ ოინბაზობამ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერებისამ დიდ ხანს თავი ვერ დაიჭირა და იგივ კუტული მერე მიუხვდა, რა აღდგომის კვერცხები არიან ქებულ-დიდებულნი სომეხნი კავკასიაში. საქმე ის არის, რომ მინამ კუტული ტფილისში იყო და აქ სომეხთა ფილოოფოსების მიერ აყენებულ ბუქში ჰტრიალებდა თავბრუდასხმული, სომხების ქება-დიდებაში მოიღალა, ხოლო როცა წავიდა ერევნის გუბერნიაში და თაისის თვალით დააკვირდა სომხებს, მაშინ - ღვთის წყალობა თქვენ გქონდეთ - კაი საქმე იმათ დააწია. მიჰყო პირი და ბრე გაადინა. «სომხები ერთობ მხდალნი, ერთობ უვიცნი, უმეცარნი, ერთობ თავშეუდებელნი არიან თავისს სამშობლოში». მაშ, როგორც ეტყობა, მარტოიქა ყოფილან მეცნიერნიც, თავშედებულნიც, ვაჟკაცნიც, საცა მათის ანდაზისამებრ, პურის სუნი მისდენიათ. «სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ», ამაზეა ნათქვამი, თუ სხვა რაზედმე?
ამ სახით არწრუნმა და მისმა ლიბერალურმა ამქარმა ხომ დააყვირა ევროპელი გაზეთი, რომ ქართველებს, სულიერად და ხორციელად ღონემიხდილებს, და მასთან ერთად ჩვენებურ თათრებს სხვა არა დარჩენიათ-რა - ან უნდა გასომხდნენ, ან სომხებს ყმად ეყმონ. ახლა ამ მეცნიერთა საბუთების გასაძლიერებლად მიეშველა ერთი სომხის ყმა ეყმონო. ახლა ამ მეცნიერთა საბუთეის გასაძლიერებლად მიეშველა ერთი სომხის ღენერალიც, აწ განსვენებული ქიშმიშოვი, რომ უფრო მაგარი რაზმი შეიკრას. უღენერალოდ ჯარი რა ჯარია. რომ ესეც არ ჩამორჩეს სხვა თავისის ჯურის მწიგნობარ-მეცნიერთა, ერთი ზალაყინი ამანაც დაგვაზილა. ღენერალმა ქიშმიშოვმა შესთხზა ერით წიგნი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაჰბეჭდეს მისის სახელის მაოხებელთა ამ სათაურით: «უკანასკნელნი წელნი საქართველოს სამეფოსნი». რა ლამაზად გვამკობს ცხონებული ქიშმიშოვი, ყველას წაკითხული ექნება. «მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, - ბძანებს ღენერალი, - საქართველო ჰგავდა ზღვიდამ რიყეზე გამოგდებულს ხომალდსა, და ვისაც ღონე ჰქონდა და მკლავი უჭრიდა, რაც უნდოდა, იმას ათლიდაო... მშიერ-მწყურვალეს ბატონიშვილებსა და თავადებს ინახავდნენ, აჭმევდნენ-ასმევდნენ, ტფილისის ბაყლები და მედუქნეებიო».
დალოცვილს ეს მაინც მოჰგონებოდა, რომ მეთვრამეტე საუკუნის მთელი მეორე ნახევარი თითქმის მეფე ერეკლეს ხანა იყო და ამ ხანაში გაითქვა სახელი ამ სახელოვანმა მეფემ მტრებზე გამარჯვებით. თვით სომხების დედაბუდე ერევანი და განჯა, საცა სახანოები იყო, საქართველოს ხარჯს აძლევდა, თუნდა იმას ნუღარ ვიტყვით, რომ თითქმის ყველა ახლო-მახლო ხანები ფიანდაზად ფეხქვეშ ეგებოდნენ ძლევამოსილს მეფესა და რუსეთიც იწვევდა საშველად ოსმალებთან ომებში. ერეკლე მეფემ შეაერთა დიდის ხნის გაყრილი ქართლ-კახეთი, იმერეთიც ჰლამობდა შემოერთებას, მაგრამ შინაურმა შფოთებმა და წაჯეგ-უკუჯეგობამ ხელი შეუშალა უკვე მხცოვანსა და ღვაწლმოსილს ვაჟკაცს მეფეს. განა ისე უპატრონო, გარიყული ხომალდი იქნებოდა მაშინ საქართველო, როცა მის მეფეს ამოდენა შესძლებია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მეფე გიორგის დროს, ესე იგი 1798 წლის მერმეთ, საქართველო დიდს ბედნიერებაში იყო, მაგრამ არც ისეთი იყო, რომ ვისაც გინდა და არ გინდა, ხორცი ეგლიჯნა. არც იმისთანა რამ ვიცით, რომ შესაძლო იყოს ვთქვათ, - აი საქართველოს ამან ეს ჩამოათალაო, იმან ესაო და საქართვეო ასე წაიგ-წამოიგლიჯაო მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში, როგორც განსვენებულ ქიშმიშოვს მოუწადინებია.
მართალია, ერეკლე მეფე დაგვიბერდა, მართალია, იგი ბოლოს აღა-მაჰმადხანისაგან დაგვიმარცხდა კიდეც, მერე ხომ (1798 წ.) სამუდამოდაც გამოეთხოვა თავისს საყვარელს საქართველოს, მართალია, შეგვეხსნა იგი რკინის კარი, მაგრამ საიმისოდ-კი მაინც საქმე არ გაგვხდომია, რომ დიდსა და პატარას ხორცი ეგლიჯნა საქართველოსათვის. თვით გამარჯვებულმა აღა-მაჰმადხანმაც-კი ვერ გაბედა წაგლეჯა რისამე. მართალია, მეფე ერეკლეს შემდეგ დავუძლურდით, ღონე მიგვეხადა შინაურ არეულობისაგან, მაგრამ საჭე ხომალდისა კვლად ხელთ გვეჭირა და ზღვის ღელვას არ დავამსხვრევინეთ, არ გამოვარიყინეთ, და გიორგი მეფემ, როგორც მიიღო მამისაგან, ისე ჩააბარა რუსეთს საქართველო, მთლად და დაუგლეჯელად, - უპატრონე და შეინახე შენი ერთმორწმუნე ერიო.
თუნდ დავიჯეროთ ქიშმიშოვის სიტყვა, რომ საქართველო გამორიყულ ხომალდსა ჰგავდა, და ნუ წავუხდენთ ამ პოეტურ სურათსა ჩვენის ღონემიხდილობისას. ეს ბატონიშვილებსა და თავადიშვილებს რომ ტფილისის ბაყლები ინახავდნენო, რაღაა? რომელი სიტყვის ნაწილია? ვინ ვისის მოწყალებით აქ, საქართველოში, ლუკმასა სჭამენ, ან სჭამდნენ წინათ, - ეს ღმერთმა იცოდეს, ადამიანის გულთამხილავმა ნამუსმა, ან-და ადამიანისავე გაბოროტებულმა უმადურობამ. ვთქვათ, მართლა ასეთნი ღარიბნი ვიყავით და ვართ კიდეც, - ამით მითამ რაო? თუ თაფლი არ იყო, ეს ამოდენა ბუზი რად მოვიდა ბაღდადიდამ? თუ პური არ იყო, ბინა აქ რად დაიდეს წინააღმდეგ წინათ-ხსენებულ ანდაზისა? საცა ასეთი სიღარიბე-სიღატაკეა, იქ ვაჭრობა და აღებ-მიცემობა რა წყალს დალევს, რით ამოივსებს კუჭსა? სჩანს, საქართველო არც თუ ისეთი ღარიბ-ღატაკი ყოფილა, როგორც არწმუნებენ დიდსა და პატარასა, რადგანაც არამც თუ თაის თავს ინახავს, სხვასაც ისე ასუქებს, რომ თავისს ტყავში აღარ ეტევიან. ღარიბს-ღატაკს ხომ უნდა ჰქონდეს რამ, რომ ვაჭარმა გამოსცინცლოს ქონის მოსაცხებლად. უამისოდ ღარიბი რა მუშტარია?
ან რა ნიშნის მოგებაა, ღარიბი და ღატაკი ხარ? რა წასაყვედრებელია და საყვირი დღე-მუდამ ამისთანა ამბავი? რა საძრახისია სიღარიბე, თუმცა-კი არც ბედნერებაა? რუსები იტყვიან: бедность не порок. განა კაცს კაცად ჰხდის მარტო სიმდიდრე და სხვა არაფერი? იესო ქრისტე ღარიბი იყო, თავშიშველი და ფეხშიშველი დადიოდა, ღმერთად-კი იწამა მთელმა განათლებულმა კაცობრიობამ. სჩანს, ღირსება და სახელოვნება მარტო სიმდიდრე არა ყოფილა. სხვაც რამ სდომებია კაცის თავმოწონებას, სახელოვნებას, სახელდობრ ის, რაც, კაცთა საუბედუროდ, ბევრს თავმოწონებულს მდიდარს აკლია, და რას ჩაგვციებიან და სულ იმას გვიკიჟინებენ, ღარიბნი ხართ და ჩვენ-კი მდიდრებიო. სიღარიბე მწიკვლი არ არის, ცოდვა არ არის. მწიკვლი და ცოდვა სხვისაგან გამომცხვარის პურის ჭამაა, სხვისა ოფლის სმაა, და ვისაც ეს ანდერძად და მცნებად გულში ჩაუწერია, იმან შეინანოს ეს ცოდვა, იმან ჩამოირეცხოს ეს მწიკვლი. ხმელის პურის ჭამა სჯობია სხვისის ოფლით დამბალსა და დასველებულს.
კიდევ კარგია და მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, რომ ცხონებულმა ქიშმიშოვმა საქართველო სამეფოდ მაინც ახსენა და ეს ცოტად თუ ბევრად საპატიო ხარისხი შეარჩინა ჩვენს დაბრიყვებულს ქვეყანას. სხვა მეცნიერნი სომხებისა ამასაც კი არ იმეტებენ ჩვენთვის, თითქო იწყინეს, რომ ქიშმიშოვმა, ამ სომეხმა კაცმა, როგორ გაჰბედა და საქართველო და ქართველები საპატიო სახელით მოიხსენიაო. თუმცა დღეს ბავშვმაც-კი იცის, რომ საქართველო ცნობილი იყო ვითარცა სამეფო, და მისნი გამგენი - ვითარცა მეფენი, მაგრამ ბოლოს დროს გამოვიდა მოედანზედ ერთი ახალი მეცნიერი სომხებისა, ბ-ნი გ.ა. ეზოვი, და ჩვენს ქვეყანას ჩამოართვა ხარისხი სამეფოისა და ჩვენს მეფეებს სამეფო გვირგვინი მოხადა, თითქო ერთიცა და მეორეც ქიშმიშოვისაგან იყო ბოძებული, ანუ თვით ბ-ნ ეზოვის მამა-პაპისაგან.
ამას უსაბუთოდ არ ვამბობთ. ბ-მა ეზოვმა ამ უკანასკნელ ხანებში გამოსცა მის მიერ შეთხზული უშველებელი წიგნი და უწოდა მეტად მაღლამაყვირალი სახელი: «Сношения Петра Великого с Армянским народом» მაშ!.. თუ ყვირილია, ყვირილიც ასე უნდა! შუშხუნა ხომ გაუშვა ამაებში გაოსტატებულმა მეცნიერმა, ახლა ჰნახეთ, როგორ იხსენიებს ჩვენს საქართველოს და მისს მეფეებს. იგი ამ უშველებელს წიგნში საქართველოს სპარსეთის სახანოდ ჰნათლავს და მისს მეფეებს ხანებად და ამით, აშკარაა, იმის თქმა უნდა, რომ ვინ მოგახსენათ, ვითომც საქართველო სამეფო იყოო და მისნი გამგენი მეფეებიო.
ვთქვათ, ბ-ნ ეზოვს ღმერთმა იმოდენა უნარი მეცნიერებისა და მართლმოყვარეობისა არ მისცა, რომ ეს საქმე გამოერკივა უცხო ენით დაწერილ წიგნებიდამ, თავისი სომხური წიგნები მაინც წაეკითხა. აქ რა იმისთანა ალალმა დაჰქროლა, რომ ჭკუა-გონება დაჰბნევია. სხვა არა იყოს-რა, სომხების მეისტორიეთაგან მიანც უნდა შერცხვენოდა!.. მოსე ხორენელს აღარ ვიტყით და განა სტეფანოზ ასოღიკი და არისტაკეს ლასტივერი მეთერთმეტე საუკუნეში, მათეოს ედესელი მეთორმეტე საუკუნეში, ვარდან დიდი მეცამეტე საუკუნეში და ბევრნი სხვანი საქართველოს სამეფოდ არ იხსენიებენ და მისთა მპყრობელ - მეფეებად, როცა აღტაცებით მოგვითხრობენ საქართველოს მეფეების მზრუნველობას სომხების კეთილღდეობისა და მათის მონასტრებისათვის? ახია ჩვენზე, ახია!
ესე გაბიაბრუება განა გაგონილა მეცნიერებისა, ესეთი გაყალბება მეცნიერისა!.. მართალია, საქართველო სამეფო იყო თუ არა - ეგ დღეს ჩვენთვის დიდი საძიებელი არ არის. ეგ წასული საქმეა. დღეს ის დღეა, რომ “ერთი მაქვს სჯობს ათას მქონდას”. და თუ ეს შხამჩართული, გესლმორეული მაგალითი მოვიყვანეთ, მარტო იმისთვის ვჩადით ამას, რომ მკითხველმა დაინახოს, რა გაუწყვეტელი ლარი გაჰყავთ ჩვენს საყვარელ მწიგნობარ-მეცნიერებს თავიდამ ბოლომდე, ოღონდ ქართველს, საცა-კი მოასწრობენ, სახელი გაუტეხონ, ოღონდ ქართველი დაამდაბლონ, დააქვევთითონ, ყოველივე ღირსება, თუ-კი რამ გააჩნიათ, აჰყარონ და არარად გაჰხადონ ქვეყნის თვალში, და სხვა დარდი არაფრისა აქვთ. თითქო მართლა მარტო ქართვლის წაწყმედაა სომეხთა ცხონება და თითქო თავიანთი საკუთარი საცხონებელი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია.
ბ-ნი ეზოვი კუდმოკლე თვალთმაქცობით, უბირად, გაუთლელად, უხერხულად ოსტატობს, რომ თეთრი შავად დაანახვოს ქვეყანას. თითონ განგებ თვალებზე ხელი აუფარებია, განგებ ყურებში ბამბა დაუცმია და ჰგონია, რომ სხვა ყველანიც დაბრმავდებიან, დაბრუვდებიან და ეშმაკობას, კუდიანობას ვერ მიუხვდებიან. ბ-ნი ეზოვი ვითომც გამეცნიერებულია, ვითომც განათლებული კაცია. ხოლო არა გვგონია, მართალმა მეცნიერმა, მართლა განათლებულმა იკადროს ის, რასაც იგი ჰკადრულობს. სჩანს მართალი ყოფილა ვისაც უთქვამს, რომ “არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ჰხეხო ქვიშითა”.
ეს ხომ ჩამოართვა ჩვენს ქვეყანას ათადამ-ბაბადამ კუთვნილი ხარისხი, ხომ აჰყარა ყოველივე სამეფო პატივი ჩვენს მეფეებს და სპარსეთის მოხელეებად გაგვიხადა, ახლა თითონ საქართველოს ერს მისდგა და ტყავს აძრობს თავისს სახელოვანს წიგნში. მაშ? სომეხთა მეცნიერი ისე ხელს როგორ გაიქნევს, ისე როგორ დაიბღერტება, რომ თავისი მტვერი არ მოგვაყაროს.
რაც-კი სადმე ქართველებზე ცუდი თქმულა, ბ-ნს ეზოვს ყველა თითქო რაღაც სიხარულით მოუკრებია და გულში გვახლის. რაც კეთილი თქმულა, ყველა ეს საქებურად მიუმალავს, როგორც ვიცით ამ ჯურის მწიგნობარ-მეცნიერთა კეთილის გულის ამბავი. ჩვეულება რჯულთ უმტკიცესიაო და ბ-ნი ეზოვი არც ისე თავზე ხელაღებულია, რომ ამ ანდაზას გაჰქცეოდეს. შარდენი აი რას ამბობს ქართველებზეო: “იგინი ბიწიერნი არიან, ლოთნი, გარყვნილნი, უნამუსონი, სიტყვისგამტეხელნი, უპირულნი. გამცემ-მოღალატენი, გაიძვერანი. ლოთობაში და გარყვნილობაში ერისკაცთ სასულიერონიც არ ჩამოუვარდებიანო, სრულიადაც არ მიაჩნიათ სირცხვილად სასულიერო პირთ, რა ლამაზი მხევლები ჰყავთ ხასებადაო”.
იქნება ასეც იყოს, ნუ გამოვეკიდებით მეცნიერს ეზოვს. ხოლო ვკითხავთ-კი: იმავე შარდენს სხვა არა უთქვამს-რა ქართველებზე ამ საძაგლობის მეტი? აბა გულზე თავისი პატიოსანი ხელი დაიდოს და პასუხი ისე გვითხრას. განა იგივე შარდენი არ ამბობს, რომ ქართველებს ნიჭი არ აკლიათ, ამათ რომ მწურთვნელი ჰყავდეთ - სახელს იშოვიდნენ მეცნიერებასა და ხელოვნებაშიო. განა იგივე შარდენი არ ამბობს ქართველები ზრდილნი არიან, მოსიყვარულენი, საკუთარის ღირსების გრძნობისანი, სომხებზე უფრო ძლიერნი, გულმაგარნი ვაჟკაცნი და თავგანწირულნი მეომარნი თავისის თავისუფლებისათვისაო.
თუ მარტო ჩვენი ძაგება არ ჰქონია ფიქრად, თუ მარტო ჩვენის სახელის გატეხა არ მოსწყურებია, განა შარდენის მეტი სხვა არავინ რას ამბობს ქართველებზედ? სად და რად მიჰმალა ესენი, თუ ჩვენი ავკარგიანობა ჰსურდა ყოველის მხრით გამოერკვია და ეს მის მიერ საჭიროდ დანახული იყო იქ, საცა პეტრე დიდზეა ლაპარაკი და სომეხთა ერზე? აი, მაგალითებრ, სახლოვანი ბოდენშტეტი, რომელიც დიდს ხანს იყო საქართველოში და არა გზადაგზად, როგორც შარდენი, რასა სწერს ჩვენს ავკარგიანობაზე: “ქართველი უზრუნველია, სახვალიოდ არა ჰფიქრობს, დიდს ფასს არა სდებს მიწიერ მოსახვეჭსა, არა აქვს დაუძინებული წყურვილი მოხვეჭისა, ამიტომაც ვაჭრობა განსაკუთრებით სომეხის ხელშია. სამაგიეროდ, ქართველები ყველაზე უფრო ზნეობიანნი, ყველაზე უფრო პატიოსანნი კაცნი არიან ამ მხარეში. სტუმართ-მოყვარეობა დიდი იციან - როგორც სხვა კავკასიელთაც, ერთგულნი არიან - როგორც მათნი ხმალნი, სწრაფნი და მარდნი - როგორც მათნი ტაიჭნი, ვაჟკაცნი ომში, შინ თავაზიანნი და საამურნი”[20].
რასაკვირველია, ჩვენ არც არავისის ქებით არა მოგვემატება-რა და რაც არა გვაქვს, არ მოგვეცემა, და არც ბ-ნის ეზოვის ძაგებით არა დაგვაკლდება-რა და რაც გვაქვს, არ წაგვერთმევა. და თუ ამაებს გამოვეკიდენით, მარტო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, სადა ჰფრენს გონება ბ-ნ ეზოვისა, როცა ჩვენს სანუგეშოზე პირს უჭერს და ძაგებაზე პირსა ჰხნის.
ძნელია, როცა წინათვე აკვიატებული სურვილი დაჰბღუჯავს ხომლე იმისთანა წყალ-წყალა მეცნიერს, როგორიც ბ-ნი ეზოვი ყოფილა, რომელსაც ქართველების ხსენებაზე პირზე მარტო შხამი მოსდის და სხვა გზა არ არის, უნდა გადმოანთხიოს. განათლებული კაცი-კიაო!..
თუ სწავლა-განათლებას იმოდენაც არ შესძლებია, - კაცს ჩააგონოს, რომ ოინების გასაღება მეცნიერებაში ისე ადვილი არ არის, როგორც ყალბის ფულისა ბაზარში, ღერთმა პატრონს მშვიდობაში მოახმაროს და ჩვენ-კი გვიხსნას ამისთანა სწავლა-განათლებისაგან და ამისთანა სწავლა-განათლებულებისაგანაც. “ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს”, ესე იგი, მისი ზნე. გაუწურთვნელი ზნე, ყავარჯენი კი არა, ჭირია. ტყუილად კი არ ამბობს ბოსსუეტი: “ერიდენით და უფრთხილდით საკუთარს ზნესა. ზნე იმისთანა მტერია, რომელიც, საცა წახვალთ, ყოველგან თან დაგდევთ სიკვდილის კარამდინაო”.


ეს ხომ ვნახეთ, ბ-ნი ეზოვი რა ხალისიანად ალაპარაკებს შარდენს, როცა ჩვენ გვაძაგებს და ავად გვიხსენიებს. ისიც ხომ ვნახეთ, როგორ მოსჭრა ენა ამავე შარდენს ამ განათლებულმა სომეხმა, როცა ჩვენზე ორიოდე სიტყვა კარგს იმეტებს. ისიც ვნახეთ, რომ არც ერთი ჩვენზე კარგის მთქმელი თვალწინ არ დაიყენა, რომ ქართველებზე კარგი არავინ გაიტაროს გუნებაშიო. ეს საოცარი მანქანა ბ-ნს ეზოვს კიდევ საკმარისად არ მიაჩნია. ახლა სხვა მოწმე მოიწვია ქართველების უფრო მეტად სახელის წახდენისათვის. ეს მოწმე გახლავთ განჯა-ყარაბაღის სომეხთა პატრიარქი ცხონებული ისაია.
რომ ღირებული ფასი დავდოთ ამ პატიოსანის მოწამის ჩვენებას და ბ-ნ ეზოვის ოსტატობას, საჭიროა ცოტა შორიდამ დავიწყოთ საუბარი და ერთი პარატა ხანა ამიერკავკასიის ისტორიისა გავიხსენოთ.
რუსეთის იმპერატორს პეტრე დიდს კარგა ხანია თვალი ეჭირა სპარსეთზე და ჰფიქრობდა აქეთ რუსეთის ვაჭრობის განდიდებას და ამისათვის გზების შეძენასა და გახსნას. მინამ შვედელებთან ომები ჰქონდა, რასაკვირველია, შორმხედველი იმპერატორი ისე მხნედ ვერ მოეკიდებოდა ამ საქმეს, როგორც ჰსურდა, და როცა ნეიშტატის მორიგებამ 1721 წ. აგვისტოს 20-ს შვედელებთან საქმე გაათავა, მაშინ თითქმის მთლად მოიცალა თავისის დიდი ხნის სურვილისათვის, რომ სპარსეთზე გამოილაშქროს. განჯა-ყარაბაღი მაშინ მთლად სპარსეთის ხელში იყო და აქაური სომხობა, შეწუხებული სპარსთაგან, ჰცდილობდა თავი როგორმე დაეღწია და ამის გამო პეტრე დიდთან საქმე დაიჭირეს. სხვათა შორის ვარდაპეტი მინასა გაგზავნილი ჰყავდა პეტრე დიდთან და ეს ვარდაპეტი იყო პირდაპირი შუამავალი იმპერატორის მთავრობისა და სომხებ შორის - თვით რუსეთში, რომელსაც, თვით სომხების სურვილისამებრ, ჰპირდებოდა განჯ-ყარაბაღის გარდაცემას.
პეტრე დიდმა ამ ვითარებას საქმისას ხელი მოჰკიდა და მიზეზად ეს გაიხადა. ისიც იცოდა ამ ბრძენმა იმპერატორმა, რომ ქართველებიც აქ ხელს შეუწყობენ, რადგანაც საქართველოსაც ემძიმებოდა სპარსთა ასე ახლო ყოფნა და კარგი იყო განჯ-ყარაბაღიდამ გაერეკნათ სპარსები. რა თქმა უნდა, რუსეთთან, როგორც ერთმორწმუნე ერთან, მეზობლობა ერჩივნათ ქართველებს, ვიდრე სპარსებთან. ეს კარდაგ იცოდა პეტრე დიდმა და ამიტომაც სომხებს დაჰპირდა და ქართველებსაც აცნობა, - მე ჩემის მხედრობით მოვალ და თქვენც თქვენის მხედრობით მზად იყავითო. მიზეზიც კარგი გამოუჩნდა. შამახიას ამ დროს დაეცნენ ლეკები და ყაზიკუმუხელები, რომელნიც მოიწვიეს იქაურთა მუსლიმანთა. ლეკებმა მთლად აიკლეს შემახია, იქ მყოფნი რუსეთის ვაჭარნიც გასძარცვეს და ნახევარ-მილიონის ქონება წაართვესო, როგორც ეს აუწყა პეტრე დიდს ერთმა მისმა მოხელე რუსმა.
რაკი პეტრე დიდმა ეს ამბავი შეიტყო, ვახტანგს მეფეს მოსწერა, რომ მე ასტრახანიდამ წამოვალ და შენც, შენის აღთქმისამებრ, მომეშველე და შენის მხედრობით წამოდი განჯას საქრისტიანოს დასახსნელადაო და, სიტყვითაც შემოუთვალა, ლეკების ჯავრი ამოიყარეო. ვახტანგმა შეჰყრა მხედრობა რიცხვით 30000 კაცი და წავიდა ლეკებზე. ლეკებმა ჰნახეს ეს თუ არა, გაეცალნენ. მთელს ამ მოძრაობას ის ფერი დასდეს, ვითომც მარტო ლეკების დასასჯელად წავიდა ვახტანგი, რომ სპარსელებს ალღო არ აეღო და არ მომზადებულიყვნენ. თვით სპარსელებს, ვითარცა შიიტებს, ეჯავრათ ლეკების, ვითარცა სუნიტების, შესევა შამახიაში და ვახტანგის მადლობელნიც დარჩნენ, რომ ასე მოიქცა. ლეკებთან რომ საქმე გაათავა, ვახტანგმა მერე დაიბანაკა განჯასთან და აქ ელოდა პეტრე დიდს ასტრახანიდამ. იმპერატორს პეტრეს რაღაც საქმე აღმოუჩნდა შიდა-რუსეთში, უეცრად ასტრახანიდამ შინ დაბრუნდა და ვახტანგს აუწყა, კულავ მოვალო. იმედგადაწყვეტილი ვახტანგი უკან წამოვიდა ტფილისს.
პატრიარქი ისაია ამ ვახტანგის ამბავს სწერს რუსეთში ვარდაპეტს მინასას, რომელიც წინათ მოვიხსენიეთ, - რომ ვახტანგი 30000 კაცით მოვიდა და წავიდა ლეკებზედაო. მეც თან გავყევიო. მივედით თუ არა, ლეკები გაგვეცალნენო. მერე როცა ვახტანგი იმედგადაწყვეტილი, რომ პეტრე დიდი აღარ მოვაო, დაბრუნდა ტფილისში, ისაია პატრიარქიც თან გამოჰყოლია და მთელი ოთხი თვე დარჩენილა ტფილისს. იმავე წერილში ისაია აუწყებს ვარდაპეტს მინასას, რომ ვახტანგი სექტემბრის ბოლოს ხელახლად აპირებს წასვლას განჯისაკენ და თან მიჰყავს ქართველებისა და სომხის მხედრობაო; ეხლა ქართველები და სომხები სულით და გულით ერთნი არიანო, ერთმანეთის თანაგრძნობით სავსენი და მარტო პეტრე დიდის მოშველებსაღა ელიანო. შენც მანდ ეცადეო.
მეორედ წავიდა ვახტანგი თუ არა, ამას თავი დავანებოთ. ბ-ნი ეზოვი ვახტანგის პირველ გამხედრების გამო ასე ამკობს ქართველებს თავისის მხრით. თათრების დასასჯელად, რომელთაც ლეკები მოიწვიესო, ვახტანგმა ნება მისცა თავისს მხედრობას თათრების დარბევისაო. ქართველები დაერივნენ მთელს ადგილებს ტერტერის წყლამდეო, საშინლად ააოხრეს და ნარბევს ურმებით ეზიდებოდნენო. ქართველები იკლებდნენ და სძარცვათდნენ არამც-თუ მარტო თათრებს, ქრისტიანებსაცაო. როცა ქართველების ჯარი სომხების სოფლებს ახლო გაუვლიდაო, ხალხი წინ მოეგებებოდა ხოლმე, წინ მოუძღოდა ხალხს შემოსილი სამღვდელოება ჯვრებით, სანთლებით ხელში, ზარის რეკით და ერთის ყოფით და ამბითაო. ქართველები-კი მიესევოდნენ, სძარცვავდნენ, სტაცებდნენ სამოსელს, საეკკლესიო წიგნებს, ნივთებს და მთელს ქონებასაო. “ამ სახითაო, რაც გადარჩათ ლეკებს, სწერს პატრიარქი ისაიაო, ის ყოველივე გააჩანაგა ხარბმა, გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა ქართველმა ერმაო”.
ამას თურმე სწერს პატრიარქი ისაია ვარდაპეტს მინასას-კი არა, თავისს მოკლე ისტორიაში. ესეც დასახსომებელია. სომეხთა მეცნიერების ისტორია, როგორც ეტყობა, ერთია და მართალი და ჭეშმარიტება სხვა. ამას ქვევით დავინახავთ.
იქნება მართალია, რომ ქართველები ხარბნი, გაუმაძღარნი და შეუბრალებელნი იყვნენ და არიან. იქნება ისიც მართალია, რომ ქართველებმა აიკლეს სომხები, დაძარცვეს და გააუპატიურეს მათი სამღვდელოება, არ დაინდეს მათი საეკკლესიო წიგნები, საღმრთო ნივთები და ამგვარად შებღალა მათი სარწმუნოება. ხოლო ეს გვიკვირს და საოცარიც არის: ამისთანა ავაზაკური საქციელი როგორ არ აუწყა ისაიამ ვარდაპეტს მინასას მაშინ, როცა ვახტანგის ამბებსა სწერდა და როცა, ვითა გუშინდელი ამბავი, უფრო მწვავედ გულში მოდებული ექმნებოდა, ვიდრე მაშინ, როცა ისტორია უწერია, ესე იგი როცა დროჟამი უკვე სიმწვავეს დაანელებდა დაამებდა ცოტად თუ ბევრად. განა ნამეტანობისაგან გულისა ბაგეთ არ უნდა ემეტყველნათ მაშინ, როცა გული უფრო სავსე ჰქონდა ჯავრითა და წყრობითა? ესეც იქით იყოს. ხოლო ეს სულიერი ბატონი და პატრონი სომხებისა, ეს მათი თავი-და-თავი, ეს უპირველესის ხარისხის კაცი, ეს მათი მწყემსთმთავარი თან გაჰყოლია, ბ-ნ ეზოვისავე სიტყვებით, ვახტანგის ხარბს, გაუმაძღარსა და შეუბრალებლს ერსა, ქართველების კალთას შეჰკედლებია და ტფილისში შეუფარებია თავი მთელს ოთხს თვეს. ისტორია ისაია პატრიარქს როგორ დავუჯეროთ, როცა ასეთი გარემოება წინ გვიდგა.
სწორეთ მოგახსენოთ, ცალის მხრით და დიდი სიყვარული ჰქონია თავისის ერისა, დიდი პატივი თავისის სამწყსოს სარწმუნოებისა, სამღვდელოებისა, რომ სომხის ამკლებელს, სომხის გამძარცველს, სომხის სამღვდელოების გამაუპატიურებელს, სომხის სარწმუნოების შემბღალველს ერს თან გამოჰყოლია, მისი კალთა დაუჭერია. მეორეს მხრით დიდი ვაჟკაცი ყოფილა, რომ ხარბს, გაუმაძღარსა და შეუბრალებელს ჯარს, თუ ერს, მინდობია. თუ მართლა იმისთანა საშინელი და უკადრისი ამბავი დაჰმართეს, რაღა გული აძლევდა ნებას, რომ ამისთანა დაუნდობელსა და საძაგელს ერს მხარს უმშვენებდა და თან მისდევდა. რა პუსუხიღა უნდა მიეცა დარბეულ, აკლებულ და გაუპატიურებულ სომხებისათვის, როცა ამისთანა ნდობით ექცეოდა, პატივს აძლევდა დამარბეველს, ამკლებსა და სარწუმუნოების გამაუპატიურებელ ერსა.
აბა ერთის მხრით ეს გაძარცვ-გაგლეჯა სომხებისა, ეს გაუპატიურება მათის სარწმუნოებისა, ეს აკლება მათის სამღვდელოებისა, ეს საღმრთო და საეკკლესიო ნივთების შეგინება, და მეორეს მხრით ასეთი ტკბილი განწყობილება სომეხთა მამამთავათრისა ერთმანეთს პირში წაუყენეთ და სამართალი ისე ჰქენით, თუ ის არ გამოვიდეს: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. განა შესაძლებელია ერთი, თუ მეორე არის, და მეორე, თუ პირველია?!ბ-ნი ეზოვი რას დაგიდევთ? ხომ გამოლანძღა ისაია პატრიარქის მოწმობით ქართველები და სხვა რაღა მოეთხვოება სომეხთა მეცნიერსა.
თუ მართლა ქართველებმა ასე საძაგლად იჩინეს თავი და ეს ყოფა დააწიეს სომხებს და სომხის სამღვდელოებას, მაშ რადა სწერს ესევე მართლმოყვარე ისაია პატრიარქი ვარდაპეტს მინასას, ვით სასიხარულო ამბავს, რომ მეფე ვახტანგი ხელმეორედ აპირებს თავისის მხედრობით განჯაში წასვლას და შენც მანდ, რუსეთში, შეეცადეო. განა ასეთი სასიხარულო იყო ხელმეორედ მისვლა იმისთანა ჯარისა, რომელმაც პირველში აიკლო, გააჩანაგა სომხობა და მისი სამღვდელოება დაატყავა. თუნდ ამანაც თქვენი ჭირი წაიღოს. ის რაღაა, რომ იგივე ისაია ეფიცება მინასას, რომ ეხლა ქართველები და სომხები ერთმანეთის სიყვარულით ერთმანეთს გულში უსხედანო. რა სასწაულმა გარდაჰქმნა ასე ანაზდეულად, ასე უცბად ხარბი, გაუმაძღარი და შეუბრალებელი ქართველი ერი ასე ერთსულ და ერთხორც სომხებთან. ნუთუ ქართველებმა ეგრე ერთს წუთს, ეგრე მალე მოიშალეს თავისი საძაგელი ხასიათი და სომხებმა ეგრე მალე დაიჯერეს, რომ ეს ხარბობა, გაუმაძღრობა, შეუბრალებლობა თან აღარ გაჰყვებათ ქართველებს!
ვარდაპეტი მინასა არც ერთ თავისს მოხსენებაში, რომელიც-კი წარუდგენია პეტრე დიდის მთავრობისათვის, ერთის სიტყვითაც არ ამბობს სამდურავს ქართველებზე. პირიქით, ერთს თავისს მოხსენებაში, სხვათა შორის, იწერება: “ტფილისიდამ გვწერენო, რომ ვახტანგის დიდად მადლობელნი არიან, ჩვენ, სომხებს, დიდის სიყვარულითა და მოწყალებით გვეპყრობაო”[21]. ვთქვათ, აქ პოლიტიკურ საზრისის გამო დაუმალა მინასამ პეტრე პირველს ავკაცობა ქართველებისა, ქებას მიანც არ მოაჭორებდა.
მართალია, ვარდაპეტი მინასა შორს იყო და შესაძლოა არა იცოდა-რა ქართველების ავკაცობისა, ეს არქიეპისკოპოსი სომხებისა მინას პერვაზიანი ხომ დამსწრე და თვალით მნახველი იყო, როცა ვახტანგი მიესია ლეკებს და გარეკა. ეს არქიეპისკოპოსი არამც თუ ემდურება რასმე ქართველებსა, არამედ მადლობითაც-კი იხსენებს: “ღმერთმა ეხლა მწყემსად და პატრონად მოგვცაო ვახტანგი. ეს გვიხსნის და გვმფარველობს მტრებისაგან, ამან გაგვიდევნა მტერნი, ერთად თავი მოუყარა სომხებს და თითონ გვპატრონობს და გვიფრთხილებაო”[22].
ეს არქიეპისკოპოსი სომხებისა ვახტანგთან ერთად იყო განჯაში და იქიდამაც ისაია პატრიარქსავით თან გამოჰყვა ტფილისს. მაშასადამე, ეს ორნივ მამამთავარნი სომხებისა თვალითმნახველნი მოწამენი არიან ყოველ იმისა, რასაც ქართველები მაშინ ჩაიდენდნენ. ერთი ამბობს, - ხარბმა, გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა ქართველებმა მთლად აიკლეს სომხობა, სარწმუნოებას ჩვენსას უკადრისად მოექცნენო, და მეორე-კი მადლობით იხსენიებს და ღვთის წყალობადა სთვლის, რომ ვახტანგ მეფე პატრონად და მწყემსად მოუვლინა სომხებს, დაახსნევინა იგინი მტრებისაგან, გვივლის და გვიფრთხილდებაო. რა თქმა უნდა, ყოველ ამ სიკეთეს ვახტანგი მიანიჭებდა სომხებს თავისის ერის შემწეობითა და შველითა, თორემ მარტო ერთი კაცი რას იზამდა.
ბ-ნი ეზოვი როგორ მოექცა ამ ორს ერთიმეორის უარმყოფელს, ერთი მეორის უმსგავსო მოწმობას? აქ მართალი მეცნიერი ორში ერთს იქმოდა: ან არც ერთს არ დაუჯერებდა, თუ მეტისმეტს სიფრთხილეს წაეღებინებოდა, ან თუ ერთს იმოწმებდა, მეორესაც ხმას ამოაღებინებდა. ბ-ნი ეზოვი-კი სწორედ ისე მოექცა, როგორც არ უნდა მოქცეულიყო. ქართველების მძაგებელი და ავად მხსენებელი ალაპარაკა და ქართველების მადლიერი განგებ გააჩუმა. რა ჰქვიან ამისთანა საქციელს, არ ვიცით, ეს-კი აშკარაა, რომ “გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშა, რაც გინდა მაღლა თაროზე დასდო” და დიპლომი მეცნიერებისა შუბლზე მიაკრა.
ყველა, ყველა, და უადგილო არ იქნება ერთი ეს ვიკითხოთ: ვთბვათ, ქართველები, ბ-ნ ეზოვის სასიხარულოდ, ყოველად საძაგელნი არიან, ხოლო ქართველების საძაგლად ხსენება იქ რა შუაშია, საცა საუბარია О сношениях Петра Великого с Армянским народом? ქართველების საძაგლობა აქ რა ხიდია ამ «сношение» -სათვის? უამისოდ გზა თუ არ იყო? ჩვენი საძაგლობა აქ რად არის ჩაჩხირული? აქ რისთვის დასჭირებია ეს ბ-ნს ეზოვს? აშკარაა იმისათვის, რომ ვაი თუ მეორედ აღარ მეღირსოს წერა და შემთხვევა როგორ დავკარგო, ერთი პანღური მაინც არ შევაწიო ჩენს საყვარელს ძმებს - ქართველებსაო.
თუ მართალა ეს ასე არ არის, მაშ რა მიზეზით და ლოგიკით აიხსნება ერთი სხვა უცნაური გარემოებაც, რომ წიგნში, რომელსაც თითონვე დაარქვა «Сношениях Петра Великого с Армянским народом”, ბ-ნი ეზოვი მეფე ერეკლესაც გადასწვდა და გრაფი ტოტლებენის ამბავსაც მოგვითხროს. საიდამ სადაო? სად პეტრე დიდი და სად ერეკლე მეფე და ტოტლებენი? საქმე ის არის, რომ ბ-ნმა ეზოვმა სანეკრე დაინახა და სახტომი აღარ იკითხა და ისკუპა თვქენი მოწონებული. ერთი ჰკითხეთ, საიდამ და რისთვის ჩააკერა ისტორიული ხანა ეკატერინე დიდისა წიგნში, რომელმაც უნდა მოგვითხროს პეტრე დიდისა და სომეხთა ერთის საურთიერთო საქმენი? ეს ადვილად გამოსაცნობია, თუ გავიხსენებთ ისევ იმ ალიას, რომლის დარდიც ფლავია და სხვა არაფერი. ბ-ნ ეზოვს ნიშანში ამოღებული ჰყავს ქართველი და როგორ გაუძლოს გულმა, რომ ლაფი არ დაასხას, თუ შესაძლებელია. ამ შემთხვევისათვის ტოტლებენი ძალიან საამური და სასურველი კაცია ბ-ნ ეზოვისათვის და თვით ერეკლეს ხსენებაც მიზეზს მისცემს ეს სახელოვანი მეფეც უკადრისად შეგვიქციოს.
ყველას მოეხსენება, რომ ეკატერინე დიდმა ომი დაუწყო ოსმალეთსა და ამის გამო ომში ჩასარევად მეფე ერეკლეს და იმერეთის მეფე სოლომონს დაჰპირდა, ოღონდ თქვენც მანდედამ მიესენით ოსმალებსა და მე ჯარსა და ფულს მოგაშველებთო. მეფეებმა სიხარულით გამოუცხადეს სურვილი და ეკატერინემ გამოჰგზავნა საქართველოში ოთხი ათასი კაცი და ფული და ყოველივე ეს ჩააბარა გრაფ ტოტლებენსა. ტოტლებენი მოვიდა ჯარით და ფულით და იმის მაგიერ, რომ იმპერატრიცის ბრძანებისამებრ ერთად ემოქმედნა ქართველებთან, ცალკე გაიწია იმ აზრით, რომ ოსმალებზე გამარჯვების სახელი მარტო თითონ დაინარჩუნოს. გააბმა მრავალგვარი ქსელი ოინებისა, აურზაური დაუწყო ცალკე ერეკლეს, ცალკე სოლომონს, ერთსაც და მეორესაც უკადრისად ექცეოდა. უღალატა ერეკლეს და ასპინძის ომის წინა დღეს გამოიქცა და მერე, რომ თავი ემართლებინა, ბეზღებას მიჰყო ხელი, თვით ერეკლე და მისი ქართველობა ძირიანად მოსთხარა იმპერატრიცას წინაშე.
რა კაცი იყო ეს ტოტლებენი, რარიგად იქცეოდა, რარიგ აწიოკებდა დიდსა და პატარას, რა უკადრისად ეპყრობოდა მეფეებს, რარიგად იტენდა ჯიბესა და თვით მისდა მინდობილს რუსის ჯარს უცმელ-უჭმელს ინახავდა, - ეს ყოველი ცხადია, თუ კაცი გასინჯავს იაზიკოვისა და ლვოვის ოფიციალურ წერილებს[23], რუსეთში მიწერილებს საქართველოდამ. ყოველ ამის გამო, როგორც იქნა, ტოტლებენი აქედამ წაიყვანეს და მის მაგიერ დანიშნეს ღენერალი სუხოტინი. ამ სუხოტინმა[24] იმავე სახით წარუდგინა იმპერატრიცას ტოტლებენის საქციელი და მოქმედება. რა კაცი იყო ეს ტოტლებენი, იქიდამაც სჩანს, რომ იგი ავკაცობისა და ავზნეობისათვის გამოძევებული იყო გერმანიიდამ, - თავის სამშობლოდამ. იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულს როგორღაც შეავედრე თავი, რუსეთში განწესდა, ებოძა ღენერალ-მაიორობა და კორპუსის წინამძღოლობა, აქ მისის კორპუსის აფიცრებმა შეამჩნიეს რუსეთის გაცემა და ღალატი, დაიჭირეს და წარუდგინეს მთავრობას.
მთავრობამ რუსეთისამ სამართალში მისცა, იცნეს მოღალატედ და გამცემად და სიკვდილით დასჯა განუჩინეს. მერე სიკვდილით დასჯა აპატიეს და განაძვეს რუსეთიდამ იმ მუქარით, რომ თუ ოდესმე რუსეთის სამფლობელოში გაჩნდება, ყველას ნება აქვს მოაკვდინოს. ამ სახით იგი განდევნილ იქმნა რუსეთიდგან 1763 წელს. მთელი ექვსი წელიწადი ეთრია ეგრე ტოტლებენი რუსეთს გარეთ და ბოლოს ხელახლად შეავედრა თავი ეკატერინე დიდს. იმპერატრიცამ შეუნდო წინანდელი ცოდვა და ჩააბარა საქართველოში მიმავალი ჯარი. აი რა კაცთან შეემთხვა მაშინდელ საქართველოს საქმის დაჭერა.
ეს, რუსთა ოფიციალურ დოკუმენტებით, ყოვლად საძაგელი კაცი, ეს უსირცხვილო ადამიანი, მოქრთამე, მყვლეფავი, ორგული, ცრუ და მაბეღზარი, იმოწმა ბ-ნმა ეზოვმა, რომ ქართველების სახელი ხელახლად ლაფში ამოავლოს. აი ტოტლებენი რასა სწერს ქართველებზედო, მოგვითხრობს ბ-ნი ეზოვი: «ქართველები გაიძვერანი და ფლიდნი არიან, ანგაარნი, ბიწიერნი, გაგებაც არა აქვთ, რა არის კეთილი... ქართველთაგან, მგონია, მოსალოდნელი არ არის არც ვაჟკაცობა, არც მოჩილება, რადგანაც თავისი დღნი მონაობაში გაუტარებიათ და სულმოკლენი შექმნილანო». ბ-ნს ეზოვს მარტო ესა სდომებია, თორემ, აკი ვამბობთ, ჯერ ეს მოწმობა ტოტლებენისა რა ხელსაყრელია იქ, საცა საუბარია პეტრე დიდსა და სომხების ერის ურთიერთობაზე, და მეორე, - რა სარწმუნო კაცი ეს ტოტლებენი, რომ გაუსინჯავად, მოუჩხრეკავად მისი მოწმობა დაუჯერებია. სხვა ყველა რიგიანი კაცი არამცთუ მოწმად არ იკადრებდა ამისთანა კაცს, ახლოს არ გაუვლიდა, რომ არა მომეცხოს-რაო. აშკარაა, ბ-ნი ეზოვი ამ შემთხვევაში უშიშარი და უწუნარი რაინდი ყოფილა.


ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა, ახლა უყურეთ, თავისით როგორ გვიხსენა ერეკლე მეფე და როგორ დაამდაბლა თვით საქართველოც, მეფე ერეკლეს დროინდელი. მოგეხსენებათ, რომ ერეკლე მეფეს პეტერბურგთან მოლაპარაკება ჰქონდა, რათა რუსეთს მიეღო საქართველო თვისდა მფარველობის ქვეშ. აი ამის გამო რეები გამოატყვრინა ბ-ნმა ეზოვმა და აუწყა თავისს მკითხველებს: «ერეკლემ 1782 წელს ხელახლად გაჰგზავნა უმაღლესს სახელზედ წერილი და ითხოვდა მიეღოთ საქართველო რუსეთის ტახტის უმაღლეს ხელმწიფებას ქვეშ. ერეკლე ითხოვდა, რომ მეფის ხარისხი დაემტკიცებინათ მისთვის და მისდა შთამომავლობისათვის, საქართველოში დაეტოვებინათ ხარისხი კათოლიკოზობისა, როგორც სამღვდელოების უფროსისა, გამოეგზავნათ ოთხი ათასი კაცი ჯარი. რომელიც საჭიროა მტერთა მოგერიებისათვის და ზოგიერთ გადამდგარ ადგილების უკან დასაბრუნებლად და, დასასრულ, ფულიც მოეშველებინათ მხედრობის შესანახად. ამ სახითაო, უმატებს თავისით ბ-ნი აზოვი: «ერეკლე უთმობდა რუსეთის კარს მას, რაც უფლებით ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თითონ, უთმობდა უმაღლეს ხელმწიფებას საქართველოზე, რომელიც de facto უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინა და ამის სანაცვლოდ ითხოვდა მეფის ხარისხს, რომელიც მას არა ჰქონია სპარსეთში (?)»[25].
ყოველ ამას განმარტება არ უნდა. აქ მარტო შესანიშნავია წრეგადასული თვითნებობა კაცისა, რომელიც ხელში დაუჭერია ერთ რაღასაც უცნაურს გულთნადებსა და არაქათს არ აძლევს გაინძრას. გამოდის, რომ მაშინდელი საქართველო რაღაც საბოქაულო ყოფილა სპარსეთისა და ერეკლე მეფის მისი ბოქაული და სხვა არა-რა. ერთი ჭკუისა და ლოღიკის ლარი გაუსინჯეთ ზემოხსენებულ ნათქვამს ბ-ნ ეზოვისასას - რა უცნაურობა გამდის. ჯერ ხომ ამბობს, ერეკლე მეფე უთმობდა იმას, რაც მას არ ეკუთვნოდა, მერე ამბობს, უთმობდა იმას, რაც უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინაო. სჩანს, ხელთ ჰქონია, თორემ რა სათქმელია, ხელში ვერ შეიმაგრა ის, რაც ხელთ არა აქვს. რა შემაგრება უნდა იმას, რაც არ არის და კაცს ხელში არ უჭირავს. აბა ყოველივე ეს ერთმანეთს პირში წაუყენეთ და აშკარად დაინახავთ, რომ ბ-ნი ეზოვი ერთით იმას ამტკიცებს, რასაც მეორით უარ-ჰყოფს.
ან ამას დააკვირდით, რომ მეფე ერეკლე, რომელიც თვითმპყრობელ ხელმწიფედ შეიქმნა საქართველოსი, რომელიც თვით სპარსეთს ძილს უფრთხობდა ერთ დროს, სასაცილოდ აიგდო ბ-ნმა ეზოვმა, - რუსეთს იმას უთმობდა, რაც არ ეკუთვნოდაო, და ვარდაპეტი მინასა-კი, რომელიც რუსეთს ჰპირდებოდა და უთმობდა განჯა-ყარაბაღს, თითქმის ქება-დიდებით შემოსილია. ერეკლე მეფეს-კი არ ეკუთვნოდა საქართველო და ვარდაპეტს მინასას-კი ჰკუთვნებია განჯ-ყარაბღი, საცა მაშინ სპარსეთის ხანები ჰბატონობდნენ და არა ვარდაპეტი მინასა. ქათამი წყალს დალევს და ღმერთს შეხედავსო, ამაზეა ნათქვამი.
თუ მეფე ერეკლე იმას უთმობდა რუსეთს, რაც მას არ ეკუთვნოდა, მაშ მისს მემკვიდრეს და შვილს გიორგი მეფეს ხომ უფრო არ ეკუთვნოდა და როგორ მოხდა, რომ საქართველო რუსეთმა გიორგი მეფისაგან მიიბარა და ამ მეფეს ცალკე ტრაქტატით შეეკრა. ამ ამბავს მაინც უნდა შეეფერხებინა და საგონებელში ჩაეგდო ბ-ნი ეზოვი. თუ საქართველო სამეფო არ იყო, მისნი მპყრობელნი მეფეებად არ იწოდებოდნენ, მაშ რუსეთის სახელმწიფო ტიტულში რუსეთის იმპერატორები რად იხსენიებიან საქართველოს მეფეებად სხვათა შორის. სჩანს, სამეფოდ ხსენება საქართველოსი და მისთა მპყრობელთა მეფეებად წოდება მოგონილი ამბავი არ არის, სჩანს საბუთია, რომ ეს საქართველოს მპყრობელთა ხარისხი რუსეთის სახელმწიფო ტიტულშია შეტანილი. ბ-ნი ეზოვი რომ ასე თავშეუდებლად არ აჰყოლოდა თავისს გულისთქმას, არ გვგონია ეს უეჭველი საბუთი რუსეთის სახელმწიფო ტიტულისა ასე შეერყია წინდაუხედავად. ცოტად რომ მაინც ჩაჰფიქრებოდა თავისს ნათქვამსს, შიშით გული გაუსკდებოდა, - ეს რა უბედურება გადამკიდა ჩემმა ენამაო. ნურც ჩვენი სიტყვით გაიხეთქს გულსა. რუსის კანონებში ბევრი შესაწყნარებელი მიზეზია, რომლის ძალითაც დიდი შეღავათი ეძლევა ჭკუაატაცებულს დამნაშავეს.
ვთქვათ, ასეც იყოს, რომ საქართველო არც სამეფოდ ყოფილა ოდესმე, არც მისთა მპყრობელთა ხარისხის მეფობისა არა ჰქონიათ, ვთქვათ არც ერეკლე მეფეს, არც გიორგის არ ეკუთვნოდა საქართველო, მაშინ ვინ ჩააბარა იგი რუსეთს? ბ-ნ ეზოვს რომ ჰკითხოთ, გამოდის რომ იგი ჩაუბარებია თითქმის სომეხთა არქიეპისკოპოსს იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვს. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ აბა გადაიკითხეთ ბ-ნ ეზოვის წიგნი, თუ ეს ასე არ გენიშნოთ. მთელი სამი-ოთხი გვერდი ამ წიგნისა[26] ისე ოსტატურად შორიდამ უვლის ამ ამბავს, ისე მოხერხებულად სტრიქონებს შუა მიძვრება-მოძვრება ეს სასურველი აზრი ბ-ნ ეზოვსა, რომ ანაზდეულად შეგეფეთებადა გამოგენასკვებათ თითქმის ის დასკვნა, რომ თუ ხსენებული არქიეპისკოპოსი არ ყოფილიყო, საქართველო არ მიეკედლებოდა რუსეთს.
ბ-ნი ეზოვი, სხვათა შორის, გვარწმუნებს[27], რომ არქიეპისკოპოსი იოსები დიდს მხნეობას იჩენდა: იგი აკავებდა ერეკლე მეფეს, რომელიც მზად იყო დამორჩილებოდა აღა-მაჰმად-ხანსო და იმედს აძლევდა, რუსები მოგეშველებიანო, იბერებდა ხანებს, ხელი შეუწყონ რუსის მხედრობასა, ფიცით არწმუნებდა, რომ რუსთაგან არავითარი წყენა არ გექნებათო და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, რაც ყოფილა, არქიეპისკოპოსი იოსებ არღუთინსკი ყოფილა!
როცა საქართველოში იმპერატორ პავლე პირველის მანიფესტი გამოცხადდა რუსეთთან შეერთებისა, მაშინ იმპერატორებმა მოინდომა ჯვრები და ორდენები, გრაფობის და ბარონობის ხარისხი, მიენიჭებინა თავისს ახალ ქვეშევრდომთა წარჩინებულ კაცებისათვის და შეეკითხა კნორრინგს და კნორრინგი ლაზარევს. ღენერალმა ლაზარევმაო, - ამბობს ბ-ნი ეზოვი, - როცა დაეკითხნენ, ვინ არიან ღირსნი ჯილდოსიო, ასეთი პასუხი მისცაო: «რაც შეეხება ჯვრებს, ჩემის აზრით, ყველაზე უფრო ღირსნი არიან თავადნი ეგნატე თუმანოვი, დარჩო ბებუთოვი და სოლომონ არღუთინსკი-დოლგორუკოვიო. მთლად აქაური აზნაურობა ბევრით წინ არ არიან ჩვენს однодворц-ებზეო და ვის უნდა ებოძოს გრაფობა და ბარონობაო? ამას ისიც უნდა დავუმატოო, რომ ზოგიერთს ოჯახში თუ ერთი ძმა ჩვენი მომხრეა, მეორე - მეამბოხეაო... ძნელად გასარჩევია აქაური ბატონიშვილი უბრალო მუჟიკისაგანაო».
კნორრინგმა და ლაზარევმა ჯილდოს ღირსად შვიდმეტი კაცი წარადგინა, მათ შორის ქართველები: თ. სოლომონ ავალიშვილი, სურამის მოურავი თ. ევგენი აბაშიძე, თ. გიორგი ამილახვარი, სარდალი თ. ივანე ორბელიანი, სარდალი თ. გიორგი ციციშვილი, სახლთხუცესი და მარიამ დედოფლის ეშიკაბაში თ. ალექანდრე მაყაშვილი, მდივანბეგი თ. ზაქარია ბარათაშვილი, მდივანი სულხან თუმანიშვილი, თ. შანშე ერისთავი, ეშიკაბაში ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნინოწმინდელი მიტროპოლიტი მიხაილი, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე, არქიმანდრიტი ექვთიმე. კიდევ ბევრნი არიან ღირსნი დაჯილდოებისა, უმატეს კნორრინგი[28], მაგრამ ყველაზე მეტი სამსახური და ერთგულება რუსეთისა ამათ მიუძღვითო.
ხომ ხედავთ, რარიგად გვერდთ აუარა ბ-ნ ეზოვმა ამ ჯილდოს ღირსთ ქართველებს და შვიდმეტი კაცი მარტო სამს კაცზედ ჩამოახდინა, ისიც მარტო სომხებზე, და ისიც არ გამოეპარა რომ ვთქვა: აქაური ბატონიშვილები მუჟიკები არიანო. აი ეს გახლავთ სომეხთა მეცნიერობა. ხომ ასე საქებურად ექცევა ეს სომეხთა მეცნიერი ისტორიულ ამბებს, უფრო საქებურად ჰსაქმობს მაშინ, როცა თავისს ნათქვამს ამოწმებს ვითომდა ისტორიულ სიგელითა. ჩვენი ჟურნალი «მოამბე» ამხელს ამ თვალთმაქცურს მოწმობას ამ რიგად: «სითამამე და აღვირახსნილობა ბ-ნ ეზოვისა იმნედა დიდია, რომ გვეუბნება, ეს ცნობები ამოვკრიბე აქტებიდამ და იხილე ესა და ეს ნომრებიო, სახელდობრ, 529, 530, 531 და 532. გადავშალეთ პირველი ტომი, ათჯერ წავიკითხეთ ეს ნომრები და ვერაფერი მიმსგავსებული ეზოვისა ვერა ვპოვეთ»... «საიდამ მოსჩმახა ეზოვმა, - ამბობს მერე «მოამბე», - რომ მხოლოდ მარტო სამი სომეხი იცნეს ღირსად ჯილდოსი და ბატონიშვილები მუჟიკებსა ჰგვანანო? ზღაპარს მაშინ გამოიცნობთ, როცა გაიხსენებთ ეზოვის დაფარულს აზრსა: საქართველო საქართველო-კი არ არის, ძველი სომხეთიაო. ეს მაცდური და წყეული სურვილი გზას უბნევს ბ-ნს ეზოვს და სისულელეს აროშვინებს მეცნიერების სახელით»[29].
რომელი ერთი მოგახსენოთ ამ ბ-ნ ეზოვის მეცნიერული ოინებისა, სად როგორ იკეთებს თავისს განგებ შეთხზულ საქმესა, რაცა ვთქვით, ისიც საკმაოა დავინახოთ - რა ერთის ზომის, ერთის თვისების ლარი გააქვთ, როგორ გვეპყრობიან, როგორის დაჟინებით, სისტემატიურად გვთხრიან ქართველებს ქვეყნის თვალში იგი ერთგვარი გუნდი სომხებისა და მათ მიერ მოვლინებულნი სომხთა მეცნიერნი, ფილოსოფოსნი, დელინგერები, გიაცინტები და პროფესორები. რაებს არა სჩადიან, რა უკადრისსა და სათაკილო ფარხმალსა ჰკიდებენ ხელს, რომ თავიანთის თავის საქებ-სადიდებელად საყვირი აყვირონ, ჩვენი ხსენება და სახელი ლაფში ამოსვარონ და თითონ სომხებს ჩვენი თავი შეაძულონ, შეაზიზღონ. თითონვე კი იძახიან, სირცხვილია მეცხრამეტე საუკუნეში, ამ განათლებულ დროს, ერმა ერის მოსაძულებელი, გადასამტერებელი რამ სთქვასო და ამ მიზეზით ერთი ერი მეორეს მიუსიოსო, და სხვ ამისთანა სიტყვები, რომელიც ვარაყიან ნაჭუჭსა ჰგავს, გული-კი ჭიანი აქვს.
გამოდის, რომ ჩვენი ავად მახსენებელნი, ზედ-მომსევნი ეგენი ყოფილან თითონ და ჩვენ კი ან ხმას არ ვიღებთ, ან მარტო ზედ-მოსევას ვიგერიებთ, ციხეში მათ მიერ შემწყვდეულნი. გამოდის, რომ ზედ-მისევა, თავდასხმა-კი არაფერიაო და მოგერება, ფარის მიგებება-კი ცოდვა არისო. ამისთანა ფილოსოფიით ატყუონ წინდაუხედავი ბალღები, ჭკვათმყოფელს კაცს-კი პირში კაპს ვერ ამოსდებენ, ვერ გააკმედინებენ ხმა იმ უუწმინდავესს გრძნობას ადამიანისას, რომელსაც ეძახიან გრძნობას საკუთარის ღირესბისას. ადამიანის უუძვირფესესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ აეგება. განათლება პატიოსანს კაცს «სილბოს აძლევს ნაქსოვისას», როცა სხვას უნდა «გული მისცეს გულისათვის» და საშველად ხელი მიაწოდოს და «სიმტკიცეს ნაჭედისას», როცა თავისს საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ «სილბო» ღირსებაა, აქკი ლაჩრობა, იქ «სიმტკიცე ნაჭედისა» გაულქვაობაა, აქ - კი ღირსება.
ესეც-კი სათქმელია: ქვეყანაზე რომ ბაჟი ედოს თავისის თავის ქებასა და სხვის ძაგებას, რამდენი სომეხთა მეცნიერი დამუნჯდებოდა სომეხთა სასახელოდ და ჩვენდა სამშვიდობოდ. ვაი, რომ ესე არ არის! ვაი, რომ ერთიცა და მეორეც უხარჯოა, მუქთია!


სომეხთა მწიგობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ, - ადვილად გამოსაცნობია რადა და რისთვის. ხოლო გვიკვირს რომ ამ რიგადვე ეპყრობიან ისტორიულ საბუთებს რუსის ზოგიერთი მწერლებიცა. იმის დასამტკიცებლად, რომ სომეხნი სულითაცა და ხორცითაც მედგარნი, გულგაუტეხელნი, ხელ შესაწყობნი არიან და მერმისი მათი საკუთნოა, ისტორიული საბუთები მოჰყავთ და ამით არწმუნებენ ქვეყანას, რომ ეს ასე ყოფილა, არის და იქნება კიდეცაო. სომხებმა ყოველივე ეს სიკეთე თვისი ისტორიით დაამტკიცეს და ძალიან ვცდებით, რომ ამ ნიჭიერ, გამრჯელ, სულითა და ხორცით ღონიერს ერს ხელს არ ვაშველებთ, გზას არ ვუხსნით და ვაბრკოლებთო.
რა თქმა უნდა, ერს რომ გზა შეუკრან წარმატებისა, - რაც გინდ პატარა ერი იყოს - არავისათვის არც მოსაწონია, არც გამოსაყენებელი. არ არის ქვეყანაზე იმისთანა ერი, რომელიც, თუ ცოტაოდენად მაინც გონებად მოსულია, ცოტაოდენი ისტორია ჰქონია და კულტურაში ცოტაოდენად ფეხი მოუკიდებია, რითიმე გამოსადეგი არ იყოს სახელმწიფოში, რაც გინდ დიდი სახელმწიფო იყოს და მოჭმული თვისი სულიერ და ხორციელ ძალ-ღონითა. «რაც უკვე დარგულია და ხარობს, ფეხით ნუღარა დასთრგუნავ, ეცადე გაიზარდოსო», ნათქვამია. ნიჭი, სიკეთე ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა ისეთი რამ არის, რომ, რაც გინდ ნამეტანი იყოს ვისთვისმე, მეტი ბარგი არ არის, თუ საკუთარს სხვისაც ზედ წაემატება, ამიტომაც დიდი ცოდვაა ადამიანს, თუნდ ცალკე პატარა ერს, ნიჭი შეუკრა, შეუბოჭო, სიკეთის ღონე შეუხუთო. არა ნაკლები ცოდვაა ერთის ღვაწლი, თუ კია სადმე, მეორეს მიაკერო და მართლად ღვაწლდამდები ჩრდილში მიაყენო და სხვისით სხვა გამოა-მზეო საქებ-სადიდებლად. თუ თავმოსაწონებელია სადმე, ყველამ თავისით უნდა მოიწონოს თავი, ყველას თავისი უნდა ეკუთვნის.
ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ იქცევა ბ-ნი ვლად. გოლმსტრემი, რომელმაც ამ ახლო ხანში დაბეჭდა «Петербургские Ведемости»-ებში თავისი წერილი ამ სათაურით: «И Камни возопиют![30]». მართალია, ეს გაზეთი ერთი იმისთანა გაზეთია რუსეთში, რომელიც ესარჩლება ყოველ დაჩაგრულ ერსა და ამისთანა მართლა პატიოსნურს მიმართულებას გაზეთისას არ შეიძლება სრულის სიამოვნებით არ მიეგებოს ყოველი ჭკვათამყოფელი და გულთა მყოფელი კაცი, რა თესლისაც გინდ იყოს. იგი დაუცხრომელად ჰღაღადებს თავის სასახელოდ და ჩაგრულთა საოხად, რომ სიმტკიცე სახელმწიფოსი, რაც გინდ დიდი და ძლიერი იყოს, უნდა ემყარებოდეს ერთსულობაზე და არა ერთსახობაზე, ერთფერობაზე. ამიტომაც მარტო სიყვარული და ტკბილად მოქცევაა იგი ქვითკირი, იგი დუღაბი, რომლითაც ჰშენდება და მყარდება ციხე-სიმაგრე ერთობისა სახელმწიფოშიო. ყველას, მცირეა, თუ დიდი, თავისუფალი გზა უნდა ჰქონდესო იმ ნიჭით, იმ უნარით, იმ მადლით ემსახუროს სახელმწიფოს, რაც ღმერთს უმოწყალებია როგორც დიდისა, ისეც პატარისათვისაო. არავინ არის ქვეყანაზე იმისთანა, რომ რაიმე კეთილი, სახელმწიფოსათვის გამოსაყენი ნიჭი და უნარი არა სჭირდესო, ოღონდ-კი ნუ შეჰხუთავთ, გზა მიეცით ყველას თავი იჩინოს თავისებურად, თავისის ღირსებისა და სიკეთისამებრო.
სწორედ ამასვე გვიქადაგებს თვით ბ-ნი გოლმსტრემიცა თავისის წერილის დასაწყისში და ვინ იქნება ისეთი უბირი, ბრიყვი და გულწამხდარი, რომ სიყვარულითა და სიხარულით ხელი არ მიაშველოს ამის მთქმელსა და თქმული მისი არ ჩაიჭდიოს გულში, ვითარცა აღსავსენი მართლითა და კაცთმოყვარებითა.
დიდი ხანიაო, - ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, - ჩვენნი წინამხედველნნი და შორსგამჭვრეტნი კაცნი ჰკითხულობენ, - ეს ასე შორს რომ მივდივართ აღმოსავლეთ აზიაში, რა მიგვაქვს თანაო. პასუხი ამისი დიდად საიმედო და სანუგეშო არ არისო. ნივთიერ ცხოვრებისათვის, ესე იგი ის, რაც გარეთა კულტურის მანიშნებელია, ჩვენ თითონა ბევრი არა გვაქვს-რაო და ამისთანებში დღესაც ერთმანეთს ვერ მოვრიგებივართო, ერთმანეთში ვერ გავსულ-გამოვსულვართ და ვერა გაგვირჩევიარაო. ხოლო ნამეტანობას სულიერის ღონისას უნდა ვმადლობდეთ, რომ რუსეთის ერი ბევრს განსაცდელს მთლად და უვნებლად გადარჩაო. ესე იყოო, სხვათა შორის, პეტრე დიდის დროსა, როცა ეს მედგარი გენიოსი არ შეუშინდა ძირითადის ცვლილებით დაუძლურებას ერისას, მისის ეროვნულ ძალ-ღონის დაშრეტასაო. მაშინ რუსეთის ქვეყანა ჯერ ხელუხლებელი ქვეყანა იყოო, ესე იგი მძინარე ლომიო.
ეხლა სულ სხვააო. დრონი იცვალნენ, სულიერ ძალ-ღონეს ერისას გაფრთხილება, დაზოგვა უნდაო. რაც უფრო ფეხმაგრებს რუსეთში გონებითა, სულიერად და ხორციელად, იმას უნდა ემატოთ და ის ვამრავლოთ, იმიტომ რომ, - თუმცა ძნელია გამოვტყდეთ, - მაგრამ იგი ზნეობური ღონენი, რომლითაც ჩვენ გავდივართ შორეულ აღმოსავლეთში, ძალიან დიდი საგზალი არ არისო...
... ისე უმარილოდ და ცილის წამებით არა ერს არ მოჰქცევიან, როგორც სომხებსაო. რომ ჭეშმარიტი ნათელი მოეფინოს სომხების საქმეს, უნდა ძველისძველს დროს გავუსწოროთ თვალი, იმ დროს, რომელიც გამოძიებულია სწავლულთაგან; არქეოლოგთაგან, მოგზაურთაგან, რომელთაც ჯერ არ შეჰყრიათ «პოლიტიკური სიბრძნე» და მით არ წაუხდენიათ თვალთახედვა მეცნიერებისაო. ქვანიც-კი იღაღადებენო, ჰბძანებს გაფიცხებული ბ-ნი გოლმსტრემი, ქვანიც-კი, რომელნიც გაფანტულნი არიან არარატის მაღლობებში, ვანის ტბის გარეშემო, ურმიის ახლო, არზრუმთან და ერევნისა და ყარსის ადგილებშიო. ქვანი ხომ არა ტყუიან არასოდესაო!...
მართალია, ქვანი არა ტყუიან, მაგრამ, კიდევ ვიტყვით, კარგ მოქმედს კაი გამგონიც უნდა. ქვევითა ვნახავთ, რომ ქვებს კარგი გამგონი არ შეხვედრიათ.
ცეცხლის ასოებით მოგვითხრობენო, - ამბობს იგივე ცეცხლმოკიდებული გოლმსტრემი, - ზედ წარწერანი კლდეებისა ამბებს ძველისძველს, ასურ-ბაბილონის დროებისასაო. ჩვენმა ასირიოლოგ-არქეოლოგმა ბ-ნმა ნიკოლსკიმ, რომელსაც ეს ადგილები დაუვლია 1893 წ., დიდი ამბები აღმოაჩინაო. ლურსმული წარწერანი, იმ ადგილებში ნაპოვნი, რაღაც განსაკუთრებულ ენას ეკუთვნიან და გვაუწყებენო, რომ ტიგრისა და ევფრატის სათავეში, ვანისა, ურმიის და გოქჩის ტბების ახლომახლო ერთი რიცხვმრავალი ერი ყოფილა. ასირიის ნაშთთა სიტყვით, რომელნიც ეკუთვნიან მეათე და მეცხრე საუკუნეს ქრისტეს წინათ, იმ ერს რქმევიაო «ნაირი». მერე მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მთელს ამ ერს ერთი სახელმწიფო შეუდგენია, ქვეყანა ეს ურარტად არის არის ხსენებული, აქედამ არის წარმომდგარი ებრაული სახელწოდება «არარატიო». ეს ერთი და იგივე სახელიაო.
შუაგული ამ ურარტთა სახელმწიფოსი ჯერ ერევნის დაბლობებში ყოფილა და მერე მტრის უფრო უკეთ მოსაგერებლად სამხრეთისაკენ დაუწევიათ, ვანის ტბის აღმოსავლეთითაო. ურარტთა მეფეების ქვეყანა თუმცა კულტურის მხრით ასურელთა ზედგავლენის ქვეშ ყოფილაო, მაგრამ არა-ერთხელ ურარტელნი ძლევამოსილობით შესცილებიან ასურელთა სამსოფლიოდ ხელმწიფობასაო. ასურელთა მეფის თიგლათპილასარის III დროს, მერვე საუკუნის პირველ ნახევარშიო, გამარჯვება ურარტელების მხრივ იყოო. მთელი ჩრდილო და ნაწილი დასავლეთისა ურარტელებმა წაართვეს ასურელებსაო. სასწორმა ბრძოლისამ ტოკვა დაიწყო და მოსალოდნელი იყო ურარტელებს დაეპყრათ მთელი მაშინდელი ქვეყნიერება და სამსოფლიო ისტორიისათვის სხვა მიმართულება მიეცათო, ხოლო მერე როცა ასურეთში სხვა მეფე დამჯდარა, ხელახლად გაძლიერებულან ასურელნი და მტრები დაუმარცხებიათ. ურარტის მეფეს ურსას მთელი ჩრდილო-დასავლეთი ფეხზე წამოუყენებია და მისევია ასურელთაო, მაგრამ დამარცხებულანო.
გარდა ყოველ ამისა ბ-ნი ნიკოლსკი მოგვითხრობსო, რომ ზედ წარწერანი გვეუბნებიან, რა კულტურა ჰქონიათ ურარტელებს, რა ქალაქები, სრა-სასახლეები, არხები და სხვა ამისთანა. ეს წედწარწერანი ზოგი ასურელთა მეფეების ბრძანებით არის ნაწერნი,ზოგი ურარტელთა, იმისდა მიხედვით, ვინ იმარჯვებდა ომშია. ეს წარწერანი ძველად ძველის დროისანი გვაუწყებენო ორის მოძღვრების ბრძოლასაო, ერთი მოძღვრება მხეცურია და მეორე უფრო კაცებურიო. პირველი ეკუთვნის ასურელთ და მეორე ურარტელთაო. ურარტელებმაო, ამბობს მერე იგივე ავტორი, დიდი სამსახური გაუწიეს მთელს მაშინდელს მსოფლიო ცივილიზაციას და აქედამ მთელს ქვეყანასაო. ჯერ იმთი, რომ ჩრდილოეთიდამ მიწოლილი ურარტი ძალიან აბრკოლებდა ასურელთ, - მხეცურის მოძღვრების ერს, - და საკმაო მოცალეობას არ აძლევდა მისეოდნენ სირიას, პალესტინას და ეგვიპტეს და ერთობ მთელს სამხრეთ-დასავლეთსაო. მეორე დიდი ღვაწლი ქვეყნიერების წინაშე ურარტისა ის არისო, რომ ერთის მხრით სკვითებს და სხვას ჩრდილოეთის ბარბაროსებს გულდაგულ წინ ედგნენ და კავკასიის მთებს აქეთ არ უშვებდნენ და ამით სამხრეთ-დასავლეთის ცივილიზაციას არ ათელვინებდნენო, და მეორეს მხრით - გზაში ედგნენ და ფეხს წინ არ ადგმევინებდნენ ეულს ხალხს სამხრეთის მინდვრებისას, საიდამაც გამოვიდა სისხლისმღვრელი რჯული - ისლამიო.
გამოდის, რომ, ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვით, ურარტელნი ჯერ კიდევ ძველისძველმა დაწინაურებული ერი ყოფილა მაშინდელ კვალობაზე, ერი რიცხვმრავალი, ძლიერი, კაცთმოყვარულ მოძღვრებისა, ერი მედგარი, გულმტკიცე, გულმაგარი და თითქმის თავდადებული მოჭირნახულე და მეომარა მთელის მსოფლიოსათვის, მერე იმისთანა მებრძოლი, რომ კინაღამ მთელს სამსოფლიო ისტორიას სხვა მიმართულება მისცაო. მოდით, და თუ ეხლა ამისთანა ღვაწლმოსილ ერის ნატამალი სადმეა, გულში ნუ ჩაიკრავთ, ხელს ნუ მიაწვდით, ფეხზე ნუ დააყენებთ და გზას ნუ გაუხსნით ქვეყნისა და კაცობრიობის სადღეგრძელოდ და საბედნიეროდ. მართალია ბ-ნი გოლმსტრემი: დიდი უმადურობა და უსამართლობა იქნება ეხლანდელ კაცობრიობისაგან, რომ ასე არ მოექცეს ურარტის ნატამალ ერსა, თუ დღეს იგი სადმეა. ბატონი გოლმსტრემი გვეფიცება, რომ ურარტის ნატამალი ერი დღესაც არისო, მაგრამ ქვეყანა უსამართლოდ და უმადურად ექცევაო. ცოდვააო ამისთანა ჭირში გაუტეხელი, გონებით, ზნეობით, სულიერად და ხორციელად ღონიერი, გულმტკიცე და გულმაგარი ერი ფეხზე არ წამოვაყენოთ და ჩვენის კულტურის დროშა ხელთ არ მივცეთ მთელი აზიის გასანათებლად და გასაბედნიერებლადაო.
ხომ ასეთი საქებური და სასურველი ერი ყოფილა მოსახლე-მკვიდრი უწინდელ ურარტისა. ეხლა ვიკითხოთ: ვისთვის და რისთვის იხარჯება ასე უხვად, ვის ამკობს, ვის აქებ-ადიდებს ურარტელების სიკეთისა და ღვაწლის ხსენებითა? სომხებს, რომელნიც ვითომ ურარტელები არიან მოდგმით და იმათი შთამომავალნიო, და რადგანაც, ქართული ანდაზისამებრ, მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ბ-ნ გოლმსტრემსაც აუღია და ამბობს, - რადგანაც ურარტელნი ასეთი სახელოვანნი ყოფილან, ასეთი ღვაწლმოსილნი მთელის კაცობრიობის წინაშე, ასეთი მხნენი, ხასიათმაგარნი და მედგარნი, და რადგანაც ეხლანდელი სომხები მათი სისხლ-ხორცია, მათის მოდგმისაა, აშკარა ყოველივე სიკეთე ურარტელებისა მოასწავებს სომხების ღირსებას, კუთვნილებას, ისტორიულად დასაბუთებულსაო. ამ სახით სომხებმა ისტორიულად დაამტკიცეს თავისი სულიერი და ხორციელი გაუტეხლობა, მედგარობა, სიმაგრე ხასიათისა, და რადგანაც ესეა, ხელი უნდა შეეწყოს, გზა გაეხსნას ამისთანა სულითაა და ხორცით ძალოვანს ერსა, რომელმაც ასე სახელოვანად თავი იჩინა ჯერ კიდევ უხსოვარ დროსაო და რომელიც კაცთმოყვარეობდა ჯერ მაშინ, როცა სხვანი მგელკაცობდნენო.
ვერ წარმოიდგენთ, რა სასაცილო ამბავი გამოდის იმ პიტალო უმეცრებისაგან, რომელსაც ასე სასაცილოდ გაუხურებია და გაუფიცხებია ამ საქმეში უმეცარი ბ-ნი გოლმსტრემი. ბ-ნთ ეზოებს და მისის ამქრის მეცნიერებს რომ სცოდნოდათ, - ურარტელების სახელ-ქვეშ რომელი ერია ცნობილი ევროპის სახელგანთქმულთა სწავლულთა და მეცნიერთაგან, ხელს მოსჭრიდნენ ბ-ნ გოლმსტრემს და ურარტელებს-კი ასეთის ქებით არ შეამკობდნენ.
თურმე ნუ იტყვით, ურარტელნი ქართველები ყოფილან და ბ-ნი გოლმსტრემი აქ იმ გულუბრყვილო დათვის მაგივრობასა ჰთამაშობს, რომელმაც აქაო-და შუბლზე ბუზი აზის და აწუხებს ჩემს მეგობარსაო, აიღო და შუბლში უშველებელი ლოდი დაიზილა ბუზის ასაფრენად. სწორედ ასეთი ამბავი დამართა ბ-ნმა გოლმსტრემმა იმ ერთგვარ სომეხთა გუნდსა, რომელთა მრწამსი სხვის მიერ გამომცხვარის პურის დაჩემებაა, რაკი გემრიელია, თითქოს თავისი არა აბადიათ-რაო. ესეთი მეხი არავის დაუცია ამ გუნდისათვის თავში, თუმცა-კი მარტო სომხის გაბერა უნდოდა ქებით და დიდებითა. ტყუილად დაიხარჯა ძვირფასი ტყვია-წამალი. ბ-ნმა გოლმსტრემმა გულში ტყვია ჰკრა სომეხთა გუნდსა, თუმცა მარტო ვარდის კონის სროლა კი უნდოდა. ძნელია უვიცობა, ანუ განგებ შეკეთებული, განგებ გაფიცხებული, განგებ ყალხზე შემდგარი ხელთქმნილი და არა გულთ ქმნილი თავგამოდება.
დიახ, ბატონებო, ურარტელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცი ერი ყოფილა, სამწუხაროდ - თუ ბ-ნ გოლმსტრემისა არა, იმ სომეხთა გუნდისა, რომელიც საცა-კი სხვის კარგს რასმე დაინახავს, მსუნაგსავით მაშინვე ხელს სტაცებს, ჩემიაო, თითქო თავისი საკუთარი სიკეთე და ღირსება არ გააჩნია, თითქო თუ სხვისა არ ჩაიცვა, არ დაიხურა, თითონ ტიტველ-შიშველიაო. მართლა-და, არც ესეთნი არიან სომხები, რომ თავისი არა ჰქონდეთ-რა თავმოსაწონებელი.
ჩვენ უსაბუთოდ არ ვამბობო ურარტელების ქართველობას. ამის დასამტკიცებლად სწორედ იმ ქვებს ავალაპარაკებთ, რომელთ ღაღადებას ასეთი გოდება და ცრემლთა ღვრა მოართვევინა სომხებისათვის ბ-ნს გოლმსტრემსა და ვითომ საშინელის გულმტკივნეულობით დააძახა: «И камни вопи! Камни не лгут!».
ჩვენ თავის ადგილას დავუმტკიცებთ ბ-ნ გოლმსტრემს, რომ არამცთუ მკვდრებს ქვებს, ცოცხალ კაცსაც-კი უბედავს და მისის პატიოსანის სახელით მართალს არ გველაპარაკება. ასე შეაქცია მან ბ-ნი ნიკოლსკი, რომელიც იქნება სხვას ყველაფერს ამბობდეს, ხოლო იმას-კი არა, რასაც იმისის სახელით ბ-ნი გოლმსტრემი გვეუბნება, რასაც მის მაგიერად გვეფიცება და რაც სიზმარში მარტო სომეხთა მეცნიერთ დღემუდამ ელანდებათ.
გვიკვირს, რომ ამ პატივცემულ რუსთა ასირიოლოგ-არქეოლოგს ასე უკადრისად მოეპყრო რუსისავე მწერალი და მისი ფრთხილი, ჭკუადამჯდარი საზრისი ამ საგანზე განგებ, თუ უვიცობით გადაასხვაფერა, გადააკეთა, რომ მისის პატივცემულ სახელით ტყუილი მართლად გაუსაღოს ერთგვარ სომეხთა გუნდსა. აშკარაა, ბ-ნი გოლმსტრემი აქ რაღაც უცნაურ მახეში გაბმულა, ტყუილებით გატენილი გუდა ზურგთ აუკიდნიათ და თვით პატივცემული «Петербургские Ведомости» შეუცდენიათ და თავიანთ სიყალბის მონაწილედ გაუხიათ. წინათაცა ვთქვით, - ეს გაზეთი თავისდა სასახელოდ ჩაგრულთა მოსარჩლეა, მისი გონება ერთმანეთის შეუწყნარებლობის ვიწრო ფარგალში არ ჰტრიალებს, იგი ყველას, დიდია თუ პატარა, თავისას აკუთვნებს და ამისთანა მართლა კაცთმოყვარული, მართლა ჰუმანური ღვაწლი მისი ვალად სდებს ყოველს რიგიანს კაცს იმისთანა რამ არ მიაწოდოს დასაბეჭდად, რაც ტყუილია, რაც მოტყუებაა... იმას აღარ ვიტყვით, რომ ერთობ მწერლობა იმისთანა საქმეა, საცა ტყუილსა და ჭორს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. კიდევ მეტს ვიტყვით: იმისთანა წმინდა საქმეში, როგორიც ბეჭდური სიტყვაა, ტყუილებით და ჭორებით ბურთის გატანა ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია. «ვისაც ყურნი ესხნენ სმენად, ისმინონ!»
ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ეს პატიოსანი გაზეთიც არ დაუნდვიათ, მოუტყუებიათ იმ ჭკვიანურ ანგარიშით, რომ თუ ეშმაკობა გაგვივიდა, ხომ რა კარგი, თუ არა-და, თავშიც ქვა უხლია გაზეთს, თუ ტყუილში დაიჭერენო. არც ბ-ნ გოლმსტრემისათვის აიტკივებენ ძალიან თავსა. იმათ რა ენაღვლებათ, ოღონდ სხვისის ხელით ნარი ჰგლიჯონ, თუ შესაძლოა. მაშ რის სომეხთა მეცნიერნიღა იქნებიან, რომ სხვა დაზოგონ, სხვის სახელს გაუფრთხილდნენ? ეს დავთარში იმათ არ უწერიათ.


«И Камни вопиют!.. Камни не лгут!.. იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი. რა საბუკ-ნაღარო სიტყვებია, რა მაღალ ფარდებშია ადამიანის გრძნობის სიმთა ჟღერა, რომ ცეცხლმოსაკიდებელ აზრს ამ სიტყვებისას გულიც სავსე ჰქონდეს მართალითა და გამოფიტულს, ჭიანს ნაჭუჭს არ მოასწავებდეს. ასეა თუ ისე, ბ-ნი გოლმსტრემი, ვითომ-და მართლა გამწვავებული და გულაღტყინებული სიმართლისათვის, გულში ხელს იცემს და გვეფიცება, რომ ღვაწლმოსილნი ქვეყნის წინაშე ურარტელნი, ძველისძველადვე ღირსებით და სიკეთით სავსენი, სომხები არიან და, მაშასადამე, ძველისძველი ისტორიული საბუთი გვეუბნება, რა დიდის ძალ-ღონის სულიერად, თუ ხორციელად წარმომადგენელია დღევანდელი სომეხი, ვითარცა სისხლ-ხორცი სახელოვან ურარტელისა. ამ ურარტელების სომხობას ჰღაღადებენ ქვები და ქვები ხომ ტყუილს არ იტყვიანო. ვნახოთ, მართლა ესეა, როგორც ამ შემთხვევაში მოზმანებია ბ-ნს გოლმსტრემს, თუ არა.
ფრანსუა ლენორმანი, რომელიც წინათაც ვახსენეთ და რომელიც დიდად გამოჩენილი და ყველასაგან ცნობილი სწავლულია და მცოდნე ძველად-ძველის ისტორიისა, დიდად სახელმოპოებული მკვლევარია იმგვარ საბუთებისა, რომელსაც წარმოადგენენ ლურსმულნი წარწერანი, ნამეტნავად ასურულ-ბაბილონურნი, საცა-კი აღმოჩენილან. სწორედ იგი ლურსმული წარწერანი ქვებზე, რომელთაც ბ-ნი გოლმსტრემი აღაღაღებს სომხებისათვის, განსაკუთრებით გამოძიებულია ამ სახელოვან ლენორმანისაგან.
სწორედ ეს ლენორმანი ამტკიცებს, რომ არმენია გეოგრაფიული სახელწოდებაა (ტერმინია) და არა ეთნოგრაფიული და ეს სახელი პირველად იხსენება აქემენიდების დროს, სახელდობრ მეშვიდე საუკუნის დასასრულს ქრისტეს წინათ. ჯერ სომხების, ესე იგი ჰაიკების ჭაჭანებაც არ იყოო იმ ადგილებში, რომელთაც კრებულს ასურული და ადგილისავე ლურსმული წარწერანი სახელს სდებენ «ნაირი» და ბოლოს «ურარტს» და ერს, იქ მკვიდრებულს, «ურარტელებს» ეძახიანო. ჰაიკები, ჰაოსიანები (სომხები) მეექვსე საუკუნეს ქრისტეს წინათ შემოვიდნენ «ურარტს» და ლურსმულნი წარწერანი-კი, რომელნიც ურარტელების ამბავს მოგვითხრობენ, ეკუითვნიან უფრო წინანდელს საუკუნეებს. სულ თავი წარწერა ეკუთვნის მეცხრე საუკუნეს ქრისტეს წინადო[31].
აშკარაა, ქრისტეს წინათ მეცხრე საუკუნეზე ადრე ამოჭრილი ლურსმული წარწერა ვერ მოგვითხრობდა იმ ერის ამბავს, რომელიც გამოჩნდა მერე თითქმის სამს საუკუნეს შემდეგ. ქვანი იღაღადებენ განა, სომეხთა მეცნიერნო! ღაღადით კი ჰღაღადებენ, მაგრამ «სასმენთა კარნი მათთვის გშხობიათ».
თუნდ ეს მეცხრე საუკუნეც არ იყოს, როცა ქვებმა თავის გულზე დაიწერეს თვისნი მიუდგომელნი და უტყუარნი ღაღადნი და როცა სომხები არც-კი გამოჩენილან. «ნაირთა» ქვეყანა, რომელიც მერე ურარტად ცნობილია, ჯერ კიდევ ასურთა მეფის სალმანასარ პირველის და მერე თიგლათ-პალასარის პირველის დროს არის ხსენებული ლურსმულ წარწერებში და სალმანასარი I მეფობდა მეთოთხმეტე საუკუნეს და თიგლათ-პალასარი I მეთორმეტე საუკუნეს ქრისტეს წინათ[32].
ყოველ ამის შემდეგ საბუთი გვაქვს თუ არა ვკითხოთ ბ-ნ გოლმსტრემს: იგი ლურსმული წარწერანი, იგი ქვები, რომელნიც მოწმად მოჰყავს, რა სასწაულით მოგვითხრობდნენ სომხების ამბავს, როცა მხოლოდ ექვსას-შვიდას და სულ ნაკლებ სამასის წლის მერმეთ გამოჩნდნენ სომხები ურარტის ქვეყანაში, საცა ურარტელები უკვე მკვიდრობდნენ და ებრძოდნენ ასურელთ მთელი ექვსი თუ შვიდი საუკუნე სომხების მოსვლამდე, და რომელთაც თუ ღვაწლი რამ მიუძღვით მსოფლიო ისტორიის წინაშე და თუ მაგარი ხასიათი, კულტურა, სულიერი და ხორციელი ძალღონე გამოუჩენიათ, თავისს სასახელოდ გამოუჩენიათ და არა სომხების საქებ-სადიდებლად.
აშკარაა, იგი ლურსმული წარწერანი, რომელთ ღაღადს ვითომც ცეცხლი მოუკიდებია ბ-ნ გოლმსტრემისათვის და რომელნიც, მისისავე სიტყვით, მეცხრე საუკუნეზე უგვიანესი არ არიან, ურარტელების სომხობას საბუთად ვერ გამოადგება და აქაც იმავე ქარაფშუტა მეცნიერებას ვხედავთ, რასაც ყოველთვის, როცა კი სომხებზეა საუბარი სომეხთა ფილოსოფოსების და დელინგერებისა.
«ფილოლოგიაო, - ამბობს ლენორმანი, - ეს ალგებრა ენათა ცოდნის მეცნიერებისა (ლინგვისტიკისა), როგორც მას უწოდებენ, ეს მეტად ძლიერი და მაღალი საშუალება, აღმადგინებელი ძველის ეთნოგრაფიისა, გვიმტკიცებს, რომ პირველნი მემკვიდრენი იმ მიწისა, რომელსაც არმენია ჰქვიან, ქრისტეს წინ მეშვიდე საუკუნის ბოლომდე იყვნენ იმავე ნათესავისა, რომელსაც ეკუთვნიან ქართველები და ზოგიერთი ეხლანდელი ხალხი კავკასიისა[33]. ეს სწორედ ის ძველნი მემკვიდრენი არიან, რომელთაც დაბადება (ბიბლია X, 3) უწოდებს «თოგორმ» და რომელთაც არარიგი ერთობა არა აქვთ სომხებთან, ჰაოსიანთან. ამავე სახელს "თოგორმ» სდებს არმენიის მკვიდრთა ეზეკიელ (XXVII, 14, XXXVIII, 6) იმ დროს, როცა დიდი ნაწილი ლურსმულ წარწერებისა უკვე ამოჭრილი იყო ქვებზე, იმ წარწერებისა, რომელთაც აქამდის ვანის წარწერებს უწოდებენ.
ლეონორმანი მეტად აშკარად ამტკიცებს, რომ ურარტელნი და ალაროდიელნი ერთი და იგივე სახელწოდებააო. ერთი და იგივეობა ამ ორის სახელწოდებისა არამც თუ მარტო ლეონორმანმა დაამტკიცა, არამედ სახელოვანმა ინგლისის მეცნიერმაც რაულინსონმა, რომელიც თვით ლენორმანმა ამ შემთხვევაში იმოწმა. ამ იგივეობაზე დააფუძნა ლენორმანმა თავისი დასკვნა, რომ ურარტელების ენა და ლურსმული წარწერანი ალაროდიანულ ენად და წარწერებად უნდა იყვნენ წოდებულნი და არა არმენიულადო. ამ ენას და ერს არარიგი ნათესავობა არ აქვს სომხურ ენასთან და ერთანაო. რაულინსონი ამბობსო, უმატებს ლენორმანი, რომ «ალარუდი» წარმოადგენს უბრალო ვარიანტს «არარუდი»-სას, რადგანაც ძველი სპარსნი ერთნაირად გამოსთქვამდნენ «ლ» და «რ». «არარუდი» დამ დიდი მანძილი არ არის «არარატამდე» და აქედან ასსურელების წარწერებში მოხსენებულს «ურარტამდე».
ამას ზედ უმატებს ლენორმანი: «ალაროდიელნი (იბერნი) წარმოადგენენ სწორედ იმ ძველს რასას, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ და რომელსაც დაუტოვებია არმენის ლურსმული წარწერანი». ეს იგივეობა ხსენებულ სახელებისა დასახსომია, რადგანაც შემდეგში გამოგვადგება.
«ჩვენის აზრით, - ამბობს ლენორმანი, - არმენიაში (ბ-ნ გოლმსტრემის მიერ ხსენებულნი ლურსმულნი წარწერანი აქვს სახეში) ნაპოვნ ლურსმულ წარწერათა ენა მეტისმეტად ემსგავსება ქართულს ენას»... «იმედი მაქვს მომავალში, როდესაც ახლანდელი ჩემი გამოკვლევა წინ წაიწევს, ბლომად წარმოვადგინო შეურყეველნი საბუთნი ამ მსგავსებისა. ეხლა-კი წარმოგიდგენთ ერთს შეურყეველს საბუთს, დაფუძნებულს არსებითის სახელის ბრუნვაზედა».
აქ ლენორმანს ასეთი საოცარი მაგალითები მოჰყავს, რომ ეჭვის მოყვარესაც ეჭვის ხალისს მოუკლავს და ბოლოს უმატებს, - დიდებულის ეჟენ ბურნუფის გამოკვლევა მომეტებულს საბუთს იძლევა, რომ არმენის ლურსმულ წარწერათა ენა და ქართველებისა ერთი და იგივეაო.
«არმენის ლურსმულ წარწერათა ენა რარიგად, არაფრით, დაშორებითაც არა ჰგავს ჰაოსიანთა ენასაო, - ამბობს ლენორმანი: - იმ ხალხს, რომელსაც გამოუჭრია ეს წარწერანია[34] და ქრისტეს წინ მეექვსე საუკუნემდე უფლობნია არმენიაში, არა ჰქონია რარიგი ნათესაობა სომხებთან, ჰაოსიანებთან, როგორც თავისის შთამომავლობით, ისეც ენით».
«ჰაოსიანნი შემოვიდნენ არმენიაში ვანის სულ ბოლონდელ წარწერის გამოჭრის შემდეგ, სახელდობრ იმ დროს, როცა თვით წარწერის გამომჭრელმა ერმა (ურარტელებმა), შესუსტებულმა რამდენისამე საუკუნის განუწყვეტელ ბრძოლით საზარელ ნინევიის (ასურელთ) და ბაბილონის მფლობელებთან, დაიწია ჩრდილოეთისაკენ, სწორედ იმ ადგილებისაკენ, რომელსაც ძველით უწოდდა «ივერიას» და ეხლა უწოდებენ საქართველოს (Gèorgie)».
ამ სახით, ლენორმანის სიტყვით გამოდის, რომ ურარტელების სახელს ტყუილად იჩემებენ სომხები, უწინდელს დიდს არმენიას ტყუილად ჰხადიან თავის პირველყოფილ სამკვიდროდ და თუ ურარტელების სიკეთე გამოჰყოლია ვისმე მოდგმით და თუ მაგ სიკეთით შესაძლოა ვინმე თავი მოიწონოს, ესე ყოველი ქართველობის კუთვნილებაა და არა სომხობისა. რაკი ეს ლენორმანის მიერ გამონარკვევი გამომზევდა, სომეხთა მეცნიერთა გაწიწმატებაც ზედ მოჰყვა.
განსვენებული ილია სერებრიაკოვი, პროფესორი ლაზარევის ინსტიტუტისა, ერთს წერილში[35] ამბობს: «ლენორმანმა არამც თუ გააუქმა ქართველებისა და სომხების ერთ შთამომავლობა, თვით სომხეთიც აქემენიდების ხანამდე ჩამოართვა სომხებს და საბოლოოდ დაუმტკიცა ქართველებსა. ამ ამბავმა ისე გააბრაზა პროფესორი პატკანოვი, რომ მთელი ცამეტი წელიწადი მოსვენებას ვეღარ მიაღწია და ბოლოს, რაკი უკეთესი ვერა გააწყო-რა, დაჰბეჭდა თავისი ცნობილი ფელეტონი, საცა დიდის ხრიკებით, თვალთმაქცობით სხვისი ნამოქმედარი თავისს თავს მიაწერა, შეუცვალა ცნობილ ფაქტებს ფერი და ამითი «ქართლის ცხოვრების» გაუქმებას ჰლამობდა».
ამისთანა საქციელი სომეხთა მეცნიერისა რაზე გაჰკვირვებია ცხონებულს სერებრიაკოვს. ეს ჭირი არ ახალია, - ძველია სომეხთა სწავლულთათვის. ჩვენ ამისი მაგალითი ბევრი სხვა მოვიყვანეო ამ წერილში. ჩვენ, ქართველებს, იქნება, მიდგომით ლაპარაკი შეგვწამონ. აბა ეხლა მოვუსმინოთ იმისთანა მოწამეებს, როგორიც ლენორმანი და ჰანრი რაულსონია და დავინახავთ, რომ გადასხვაფერნბა, სხვისა თავისად დაჩემება, აფხეკა და ჩაფხეკა საბუთებისა, გაბათილება სხვისა და სხვის ადგილას თავიანთ თავის გამოჭიმვა და სხვა ამისთანა სიკეთენი მათი ძველისძველი უნარია და ძველადვე ამისი ოსტატობა სცოდნით.
«ყველა ზემორე საბუთების ძალითო, - ამბობს ლენორმანი, - იძულებული ვარ გამოვთქვა იგივე, რაც გამოსთქვა ბ-ნმა ჰანრი რაულსონმა: «ურარტის ენას არა აქვს არარიგი ნათესაობა ეხლანდელ ჰაოსიანთ ენასთანა». ჰაოსიანნი გამოვიდნენ ფრიგიიდგან და ნელ-ნელა დაიპყრეს ფრიგიის აღმოსავლეთით მდებარე მაღლობნი, საიდგანაც ძველი ურარტელნი მემკვიდრენი გააძევეს და ზოგი ჩანთქეს და შესცვალეს მათი სახელი, ენა, სარწმუნოება, გარდამოცემანი თავიანთითაო». შეცვლა სახელისა თავიანთით, ენისა, გარდმოცემისა და სხვა ამისთანისა ძველადძველი თვისება და ჩვეულება ყოფილა და ჩვეულება ხომ რჯულთ უმტკიცესია. ლენორმანი იმავ წერილში ამბობს, რომ თარგამოსისაგან შთამომავლობა სომხებმა ტყუილად დაიჩემესო. მითამ რა ეხარჯებათ!..
მარტო ლენორმანი არ ამბობს, რომ მთიანი ქვეყანა, რომელსაც ლურსმული წარწერანი ურარტად ასახელებენ, ჯერ კიდევ 721 წელს ქრისტეს წინათ სამკვიდრო იყო ქართველებისა და თვით ურარტელნი ქართველის ნათესაობის ერი იყო. მეორე დიდი მცოდნე და მკვლევარი ძველის-ძველის ისტორიისა მასპერო ამბობს: «მთიანი ქვეყანა (ურარტი), საიდამაც გამოდიან ტიგრი და ეფრატი, ჯერ კიდევ ასურელთა მეფის სარგონის დროს (721 წ.) დასახლებული იყო ერთის მოდგმის ერითა, რომელიც მთლად განსხვავებულია ეხლანდელ სომეხთაგან და ეკუთვნის ნათესაობით ქართველებსა. ეს დასკვნა ლენორმანისა სახელგანთქმულად დამტკიცებულ იქმნა სეისის გუიარის მეცნიერულ ღვაწლითაო»[36].
«საიდამ არის ეს ერი (ურარტელნი) - დღეს ეს საგანი ბნელით არის მოცულიო, - ამბობს იგივე მასპერო: - ზოგი მეცნიერნი ამბობენ, რომ ჩრდილოეთი და აღმოსავლეთიდამ მოსულან და პირველნი დამკვიდრებულან არმენიაში არარატის ძრობაზე, ტიგრისა, ეფრატის და მტკვრის (Кир, Кура) სათავეების ჩაყოლებაზე და ზოგნი-კი პირველს მათს სამკვიდროს გვაჩვენებენ სამხრეთისაკენ არაბეთის ნახევარ-კუნძულზეო»[37].
ამ სახით, ბ-ნ გოლმსტრემის ხმამაღალი და რიხიანი ძახილი: «И камни возопиют!.. Камин не лгут!» მარტო ცალიერი გაბერილი სიტყვებია და გოდება მისი სომხებისათვის ცარიელი შუშხუნაა, რომლის აპრიალების შემდეგ მარტო ფერფლი და ნატისუსალიღა ჰრჩება. გამოდის, რომ თუ კაცს სდომებია, იმისთანა მაგარს და უტუარს მოწამესაც გადაათქმევინებს სიტყვას, როგორიც ქვაა და ქვათა ღაღადი. სომეხთა მეცნიერს რომ მოსვლოდა ამისთანა ამბავი, კიდევ ჰო. სომეხთა მეცნიერთათვის ესეთი ოინები შეჩვეული ჭირია და ზოგს შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინსა. ხოლო საოცარი ეს არის, რომ ასე ექცევა მეცნიერებას, ჭეშმარიტებას, იგი კაცი, რომელიც ასე ფიცხად, ასე გულმხურვალედ დიდის საყვირით ყვირის: И Камин возопиют!.. Камин не лгут!» გაგონილა ასე სასაცილოდ აგდება ქვათა ღაღადისა, ქვათა უტყუარობისა! მოდით და ნუ იტყვით:

«ჰე სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გვჭირსა!»


ბ-ნი გოლმსტრემი მარტო ქვათა ღაღადის, ქვათა მოწმობის გადასხვაფერებას, გადაკეთებას არა ჰკმარობს: ქვა მკვდარი საგანია, თავის თავს ვერ გამოესარჩლება, ვერავის ეტყვის, - ჩემი სიტყვა, ჩემი ნათქვამი რად გადამიკეთე, მართლის მაგიერ ტყუილი რად მათქმევინეო. საქმე ის არის, რომ ბ-ნი გოლმსტრემი ცოცხალ კაცის სიტყვასაც, მოწმობასაც ასე ექცევა. არც იმას ერიდება, რომ მოწამე არ შემარჩენს ამისთანა საქციელს, არც იმას, რომ გამიმხელენ სხვანიო. ეს მაღალ ფრაზებით მაღლა მყვირალა ვაჟბატონი ბ-ნის ნიკოლსკის სახელით იმისთანა ამბებს ასაღებს, რომელიც ბ-ნ ნიკოლსკის ფიქრადაც არ მოსვლია, პირიქით სულ სხვას ამბობს, სულ სხვას ამტკიცებს.
ბ-ნი ნიკოლსკიო, ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, გვემოწმებაო, რომ ურარტელნი სომხები ყოფილანო. ბ-ნი ნიკოლსკი სომეხთა მეცნიერი არ არის და, მაშასადამე, ამის მოწმობას და სიტყვას თავისი სამართლიანად დამსახურებული ფასი აქვს. აბა ერთი თითონ ბ-ნ ნიკოლსკისის ვკითხოთ: მართლა ისეა თუ არა, რასაც ბ-ნი გოლმსტერმე მისის მოწმობით გვეფიცება. აი ბ-ნი ნიკოლსკი რასა სწერს სწორედ იმ ქვების შესახებ, რომელთ ღაღადსაც ასე ამაოდ აუშუშხუნებია ბ-ნი გოლმსტრემი: «ვანის ლურსმული წარწერანი უეჭველის საბუთის ძალით ეკუთვნიან მეცხრე საუკუნის დასასრულს და პირველ ნახევარს მერვე საუკუნისას ქრისტეს წინ»[38].
აშკარაა, იგიც იმ აზრისაა, რომ ამ ქვების წარწერებში მოხსენებულნი ერნი სომხები არ არიან, რადგანაც მეშვიდე საუკუნის დასასრულამდე, ან, უკეთ ვთქვათ, მეექვსე საუკუნის დასაწყისამდე ქრისტეს წინა ვანის ადგილებში სომხების ჭაჭანებაც არა ყოფილა, როგორც ზევით ვნახეთ და როგორც დღეს უეჭველად ცნობილია მეცნიერებაში და პატკანოვის მიერაც, რადგან სხვა გზა არ იყო, დამტკიცებულ-დაბეჭდილია.
ეს ერთი უვიცობა ბ-ნ გოლმსტრემისა და ერთი მაგალითი, რომ ბ-ნი ნიკოლსკი, როგორც მცოდნე კაცი და დიდად საზრისიანი, იმას არ იტყოდა, რაც ათქმევინა ბ-ნმა გოლმსტრემმა. ეს რომ ეთქვა ბ-ნ ნიკოლსკის, ისც უნდა ეთქვა, რომ ქვები იღაღადებენ და მოწმობენ იმას, რაც მას უკან, სამას წელიწადს შემდეგ მოხდა. ამისთანა წინასწარმეტყველობა ქვებისა ჯერ არავის გაუგონია და როგორ ვაკადროთ ამისთანა განუკითხაობა ბ-ნ ნიკოლსკის, რომელიც ცნობილია ვითარცა ფრთხილი და ჭკუათამყოფელი მეცნიერი. ეს კიდევ არაფერი.
ბ-ნი ნიკოლსკი ამბობს: «დღევანდლამდე არ არის ნაპოვნი ის ნათესაური ოჯახი ენებისა, რომელსაც შესაძლოა მიეწეროს იგი ენა (ენა ვანის წარწერებისა), იგი რაღაც ცალკე ენაა, მთლად განკერძოებული. თითო-ოროლა მაგალითი მსგავსებისა ქართულ ენასთან ჯერ კიდევ საბუთს არ გვაძლევს დავადგინოთ ნათესაური კავშირი, თუმცა ეს ნათესაობა ქართულ ენასთან შესაძლოდ დანახულია თითქმის ყველა იმათგან, ვისაც კი გამოურკვევია იგი წარწერანი. სამწუხაროდ, შედარებითი ცოდნა კავკასიურ ენებისა და განსაკუთრებით ქართულისა, მათის ისტორიისა, დიალექტებისა ჯერ ნაკლებია. მაინცდამაინც მარტო ქართულის მცოდნე ლონგვისტებისაგან უნდა მოველოდეთ უფრო გადაწყვეტილს პასუხს ამ საგნის შესახებ»[39].
ხომ ხედავთ, ბ-ნი ნიკოლსკი ამ საგანს რარიგად ფრთხილად, თავდაჭერილად ეპყრობა, ისე ფრთხილად და წინდახედულობით, როგორც შეშვენის მართლმოყვარე მეცნიერსა, ღირსეულს სწავლულს, რომელიც ვიდრე გამოსჭრიდეს, ათჯერ გაზომავს ხოლმე. იმასაც ხედავთ, რომ, თუ ბ-ნი ნიკოლსკი ურარტელების ქართველობას დაბეჯითებით არ აღიარებს, იმას ხომ სრულებითაც არ იხსენიებს, ვითომც სომხები და ურარტელნი ერთისა და იმავე მოდგმის ანი არიანო. ამისათვის ბ-ნი ნიკოლსკი ერთს სიტყვასაც შორეულადაც არ იმეტებს. მაშ საიდამ გამოატყვრინა ბ-ნმა გოლმსტრემმა, რომ ბ-ნი ნიკოლსკი ურარტელების სომხობას ემოწმებაო? ეს თითონ ბ-ნ გოლმსტრემსა ჰკითხეთ, ან სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა. არც ეს არის ჯერ კიდევ დიდი რამ.
აი ერთი უფრო ძლიერი მაგალითი იმისი, რომ ბ-ნი ნიკოლსკი ამაოდ ხსენებულია, ამაოდ მოწვეულია მოწმად ბ-ნ გოლმსტრემისაგან, და ამის შემდეგ გვიკვირს ბ-ნ ნიკოლსკისაგან, რომ თავი არ გამოუდვია თავისის პატივცემულ სახელის ამაოდ ხსენებისათვის. სახლის ამაოდ ხსენება კიდევ დიდი უკან სადევნებელი საქმე არ არის საქმიან კაცისაგან. ყურს ვინ ათხოვებს, - ვინ უხსენებს სახელს ცალკე კაცს ამაოდ და ვინ არა. სამწუხარო აქ ის არის, რომ ისეთს ხსენებას, როგორიც მოუწადინებია ბ-ნ გოლმსტრემს, მოსდევს შეწამება სრულის უვიცობისა, უმეცრებისა იმისთანა პატივცემულ მეცნიერისას, როგორიც ბ-ნი ნიკოლსკია, რომელიც მართლა საქმის მცოდნეა და არაქარაფშუტა სომეხთაა მეცნიერთამებრ. აქ შებღალულია თითონ მეცნიერება და მისნი გამონარკვევი, მისნი დასკვნანი, მისნი ნაძიებნი, მერე ვისის სახელით? ბ-ნ ნიკოლსკის სახელით და მოწმობით. აი, შეუწყნარებელი, შეუსაბამო აქ რა არის და არა მარტო ის, რომ ცალკე კაცის სახელი ამაოდ ხსენებულია, თუმცა ესეც საკადრისი საქციელი არ არის თავისთავად. დავუგდოო ყური თითონ ბ-ნ ნიკოლსკის ნათქვამს და სამართალი ისე ვქმნათ.
იგი ამბობს: «ურარტის ქვეყანა, ასურელ და ბაბილონის საბუთების ძალით, არის ის ნაწილი უფრო დიდის და ვრცელის ქვეყნისა, რომელსაც იგი საბუთები უწოდებენ, «ნაირი»... «მეცნიერებაში ჯერ დადგენილი არ არის მტკიცედ ცნობა და ნამდვილი სახელწოდება იქ დამკვიდრებულ ერებისა, ხოლო ლენორმანის და ჰომმელის მიხედვით შესაძლოა იმ ერებს ვუწოდოთ «ალაროდიელნი»... «თუ ამ ალაროდიელებს არ ეკუთვნიან ახლანდელნი ქართველები, უნდა მიღებულ იქმნას, რომ იგი ერი მოისპო და მცირე აზიის და ამიერკავკასიის მკვიდრთა შორის იმ ერის მოდგმისა აღარავინ არის»[40].
აშკარაა, ურარტელნი, იგი ალაროდიელნი, ბ-ნ ნიკოლსკის აზრით, ან ახლანდელი ქართველები არიან, ან-და იმათის მოდგმისა აღარავინ არის. სად არის აქ მოწმობა ურარტელების სომხობისა? პირიქით, განა აქ სრული და გადაწყვეტილი უარყოფა არ არის იმისი, რასაც ასე კადნიერად სწამებს ბ-ნ ნიკოლსკის ბ-ნი გოლმსტრემი და მისის სახელით ასე უდარდელად, უპრაგონოდ ასაღებს, თითქო აქ არაფერი ცუდი და გასაკიცხი არა არის-რაო. კიდევ ვიტყვით: ცოდვაა, ცოდვა, რომ ამისთანა პატივსაცემი, თავდაჭერილი, ჭკუადამჯდარი მეცნიერი კაცმა თავისს გულისთქმაზე შესვას, ტყუილების გუდა აჰკიდოს და ისე ატაროს ქვეყნიერობაზე. რა გაჭირება ადგა ბ-ნ გოლმსტრემს, რომ ასე უპატიურად მოექცა ჯერ მეცნიერებას და მერე ბ-ნ ნიკოლსკის? ქვანი ჰღაღადებენო!.. ქვანი არა ტყუიანო!.. ქვანი კი არა იღაღადებენ, აქ ბ-ნის გოლმსტრემის თავშეუდებელი საქციელი იღაღადებს. ქვანი-კი არა სტყუიან, ბ-ნი გოლმსტრემი არა მართალობს და ფარისეველსავით გულში ხელს იცემს, მაღალ ფარდებში სიმს აჟღარუნებს ვითომდა ჩაგრულ ჭეშმარიტებისათვის, ვითომდა პირქვე დამხობილ მართლისათვის სისხლის ცრემლსა ღვრის. კომედიავ, კარგი რამა ხარ თავისს ადგილა, აქ-კი მარტო გულს უზრზენ ადამიანს, რადგანაც გულის მაგიერ ჩვენ თვალწინ ჩვარსა სწვამ და გგონია ჩვარი გულად გავაო.
ბ-ნი ნიკოლსკი უფრო შორს მიდის და ამასაც ამბობს, რომ «უდიდესი და უაღრესი ერი სირიის და მცირე აზიისა, შემქმნელი განსაკუთრებულ კულტურისა და გულადი მეტოქე ეგვიპტისა და ზოგჯერ ასურეთისა «ხეტტი» ეკუთვნოდა ალაროდიელ ნათესაობასაო[41]. ალაროდიელნი აშკარაა იგივეა, რაც ურარტელნი, სახელიდამ «ურარტი», არარატი, მხოლოდ რ გადაქცეულია ლ-დაო[42]. «თაბალი», ერი, რომელიც მკვიდრობდა კაპადოკიაში, აშკარაა არედვე ალაროდიელთა ნათესაობისა იყო»[43].
«ხეტტების» და ქართველების ნათესაობას, ერთთესლობას ამტკიცებს მასპეროც, რომელიც ამბობს, რომ ხეტტელნი ნათესავები იყვნენ ტაბლებისა, მუშკებისა, რომელნიც თუ თუბალებად, მოსოხებად ცნობრლნი არიან და თუბალნი და მოსოხნი (მესხნი) ხომ ქართველის მოდგმის ხალხებად მიჩნეულია მეცნიერთაგან. ხეტტელთა ქვეყანა, მასპეროს სიტყვით, შუა იდვა ორს დიდს უმთავრეს ქვეყნებ შორის, ქადლდეისა და ეგვიპტისა და ამის გამო იგი შეიქმნა ერთს დიდ ბაზრად აღმოსავლეთისათვისო. ამ ხალხს დიდი და განვითარებული ცივილიზაცია ჰქონიაო, საკუთარი ლიტერატურა და აყვავებული მრეწველობაო. რაც ვიცით ამ ერისა, სულ ეგვიპტელთა და ასურელთა საბუთებით ვიცითო, რადგანაც თვით ამ ერის ნაშთი ძალიან ცოტაა და ცოტაობით ცნობილიო. წარწერანი მათი იეროგლიფური, სრულიად განსხვავებული ეგვიპტურისაგან და დღევანდლამდე წაკითხვა მათი ხელთ არ ეძლევა სწავლულთა მეცადინეობასაო.[44]
თუ მართალნი არიან ბ-ნი ნიკოლსკი და მასპერო იმაში, რომ ხეტტელნი ქართველის ნათესაობის ერი ყოფილა, ჩვენ აქ ცოტა ხანს შევდგებით, რადგანაც, იქნება, სხვა მეორე შემთხვევა აღარ მოგვეცეს ამაზე საუბრისა და სანანურად დაგვრჩება, რომ ამისთანა დიდად შესანიშნავს, ლამის ჩვენს ნათესავს ერზე, როგორც ხეტტელნი ყოფილან, არა თქმულა-რა ჩვენს ლიტერატურაში ჯერ აქამომდე.
ხეტტელნი, ანუ როგორც ზოგნი ეძახიან გიტნი, დიდი ღვაწლმოსილი ერი ყოფილა, დიდის კულტურის მექონი და რიცხვმრავალი. ვშიშობთ ამის თქმასა, ვშიშობთ, იმიტომ რომ სომეხ მეცნიერებსა და მათს ამქარს ერთი მიზეზი კიდევ არ მივცეთ სხვისას ხელი ჩაავლონ, ხეტტელად თავიანთი თავი გამოატყვრინონ და ამ გზით, როგორც ყოველთვის, სხვისა დაიჩემონ და თავი მოიწონონ ქვეყნის წინაშე, - აი რანი ვყოფილვართო.
რადგანაც მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, არც ჩვენ ჩავიწყვეტთ ენას.
ინგლისის მეცნიერი რ. ანდერსონი ამბობს, რომ ევროპის ცივილიზაციის სათავე ხეტების, იგივე გიტტების ცივილიზაციაა, და ევროპა მადლობელი უნდა იყოს ხეტტებისა, რადგანაც დასაბამი საბერძნეთის კულტურისა ხეტტელებისაგან არის მიღებულიო. ბევრს ადგილას მცირე აზიაში კაცი შეხვდება კვალს ან გარდასრულის, მაგრამ ოდესღაც გაბრწყინვალებულ კულტურისას. ეიუკს, მდებარეს მცირე აზიაში მახლობლად ღალისის მდინარისა, რომელიც მიდის შავის ზღვისაკენ, სამხრეთიდამ ჩრდილოეთზედ მიმართული, დღესაც მოჩანან დანგრეული კედლები ხეტტელების უზარმაზარ სრა-სასახლისა, უშველებელ რვაკუთხიან თლილის ქვებისაგან ნაშენისაო. გზასა, სრა-სასახლეში მიმავალსა, ქვისაგან გამოჭრილი ლომები ინახავდნენო, ჭისკარი გამაგრებული აქვს უზარმაზარ ჯავარიან ქვებით, რომელთზედაც ამოჭრილია სფინქსებიო. მრავალი ხუროთმოძღვრული წვრილმანი ამხილებს, რომ ეგვიპტელა ხელოვნების ბაძიაო. თვით შენობა, ბაბილონის სრა-სასახლეებისამებრ, განგებ გაკეითებულ ხელთუქმნილ მიწერ ბექზეა აგებულიო, ამბობენ, რომ ეს საზაფხულო სადგომი იყოო ქადეშის მეფეებისა (ხეტტების სატახტო ქალაქია), როცა «მწვავი მზე სირიისა ძალიან აცხუნებდა ორონტის ველსაო». სპეციალისტები - ჰერალდიკოსები გაიკვირვებენ, რომ ორთავიანი არწივი გერმანიის, რუსეთის ღა ავსტრიის ღერისა წარმომდგარია ხეტტელების ან გამქრალ ხელოვნებისა და სიმბოლოებისაგანო. ეჭვს გარეშეა, რომ გამოხატულობა ორთავიან არწივისა ყველა გამოხატულობაზედ უფრო ხშირია, რაც-კი ხეტტელების სახსოვართა ზედ აჩნევიათო: ეს ორთავიანი არწივი ჯერ თურკომანების მეფეებს შეუთვისებიათ და მერე ჯვაროსანთ შემუტანიათ ევროპაში და აქედამ გამხდარა გერმანიის იმპერატორების ემბლემად და გერმანიის იმპერატორებისაგან გადასულა რუსეთსა და ავსტრიაშიო[45].
”ზოგნი დიდბუნებოვანნი კაცნი ძველის საბერძნეთისაო, - ამბობს მერე ანდერსონი, - მცირე აზიის შვილნი არიანო, მაგალითები ჰომიროსი, თალესო, პითაგორა, ჰეროდოტეო, და ვისაც ამათს ხსენებაზე აგონდება ეგეიის ქალაქები, იმას შეუძლიან უფრო ღრმად შეხედოს საქმეს - სახელდობრ, კულტურას გიტტებისას, ანუ ხეტტებისაო»[46].
ანდერსონი, იხსნენიებს-რა ერთს საბუთს, განაგრძობს, რომ ეს საბუთო ცხადად გვანიშნებს, რომ ხიტა, ხეტტთა ანუ გიტტთა ქვეყანა, - თავისის მდებარეობით, მდგომარეობითა და ძლიერებით თვით ეგვიპტის თანასწორი და ტოლი იყოო. როგორც ანდერსონი, ისეც მასპერო დიდ ქებაში არიან ხეტტტის კულტურისა, სიმდიდრისა, აღებ-მიცემობისა, ვაჟკაცობისა და ძლიერებისა.
გვიკვირს, ეს ხეტტების საქებ-სადიდებელი ამბები როგორ გამოჰპარვიაო, სომეხთა მეცნიერებს. უსათუიდ არა სცოდნიათ, თორემ აბა რას შეარჩენდნენ ქართველთა ნათესაობის ერს ამითანა საქებურს ამბებსა. მერე იციან, რომ ქართველნი დაუდევარნი არიან და იმ ჭიან ლიბერალობით თვალებაბმულნი, რომ არც-კი ეტყვია: «ძმანო და მეგობარნო! მართალია, თქვენის კეთილის გულის ამბავი ვიცით, რომ საცა პურია, ბინას იქ იკეთებთ, არა ჰკითხულობთ, პური ვისი გამომცხვარია მიირთმევთ, ოღონდ-კი გემრიელი იყოს, მაგრამ ნამუსიც კაი საქონელია: რას გვემართლებით? ჩვენ ჩვენი ვიცოდეთ, და ვიქონიოთ თქვენ - თქვენი». ხოლო რას იზამთ? «გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი».


ჩვენ ხომ ვნახეთ, - რა ტყუილად მოუწვევია ბ-ნ გოლმსტრემს ბ-ნი ნიკოლსკი იმას მოწმად, ვითომც იგი ამტკიცებდეს ურარტულების სომხობას. ეხლა ჩვენ ვიმოწმებთ იმავ ბ-ნ ნიკოლსკის იმაში, თუ რა ჭირვეულობას, რა თაღლითობასა და ოინბაზობას ეწევიან სომეხნა მეცნიერნი, რომ ქვათა ღაღადს იგი ათქმევინონ, რაც თითონ სურთ, და ამ სახით ქვებსაც-კი, ქვებსაც თაღლითობა გააწევინონ, ტყუილი ალაპარაკონ და ყურები გამოგვიჭედონ «ქვები ღაღაღებენო» მას, რასაც ჰღაღადებენ მარტო მატყუარანი «ბაგენი მათნი ნამეტანობისაგან გულისა».
ბ-ა ნიკოლსკის სიტყვით, რამდენიმე ლურსმული წარწერანი უპოვნია სომეხთა ეპისკოპოს მესროფ სუმბათიანცს. ამის თაობაზე ბ-ნ ნიკოლსკი ამბობს: სამოციანი წლების დასაწყისში ბ-ნმა მესროფმა, მაშინ ჯერ კიდევ ვარდაპეტმა, ამოიაკითხა მეხითარისტების წერილებში, რომ იქ, საცა ესხლა სომხები მკვიდრობენ, არის ლურსმული წარწერანი, და მოიწადინა ამათი შეკრება, რადგანაც ჰგონებია, რომ სომხების ძველისძველს ისტორიას ძალიან ახლო შეეხებიანო. ბ-ნ მესროფს, იმავე პ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, ალჩუ დასჯდომია, მაგრამ იმის გამო-კი არა, რის იმედიცა ჰქონია. აღმოუჩენია ექვსი, თუ რვა წარწერა, გადაუღიათ ეს წარწერანი და გაუგზავნიაო იმ მეცნიერთათვის, რომენლნიც ცნობილ არიან მკვლევარად ამგვარ წარწერებისა, სახელდობრ - მორდტმანისათვის, სეისისა მიულერისათვისა. ამათ გარდამცემად და შუამავლად ჰყოლიათ პროფესორი პატკანოკი, რომელსაც სწამებია, რომ იგი წარწერანი სომხობის ისტორიული ნაშთია და აბა - რა თქმა უნდა - სიხარულით ფეხზე ვეღარ დადგებოდა. ბოლის გამოჩნდაო, ამბობს ბ-ნი ნიკოლსკი, რომ იგი ლურსმული წარწერანი იმ ენაზეა ნაწერნი, რომელსაც არავითარი მზგავსება არა აქვს სომხურისაო[47].
რა თქმა უნდა, ამ ამბავმა ცუდად უცვალა ფერი ბ-ნ მესროფსაც და პატკანოვსაც. საჭიროა ვიცოდეთ, რომ უფროს-ერთი წარწერა, ნაპოვნია ბ-ნ მესროფისაგან, აღმოჩენილია ეჩმიაძინის სამხრეთ-დასავლეთით, 25 ვერსტის მანძილზე ეჩმიაძინიდამ. იქ ერთი ქედია, სახელად «ბლური», ამ ქედთან ძველი რაღაც ნანგრევებია და სომხები დიდი ხანია მუშტრის თვალით შესცქერიან და იძახიან, რომ სწორედ აქ იყოო ჩვენი დედა და სატახტო ქალაქი, რაღაც მითოლოღიური «არმავირი», ცნობისმოყვარე მეცნიერებამ აქაც მიაწვდინა თავისი დალოცვილი თვალი და ხელი. აქ დაუწყეს თხრა გრაფ უვაროვის ზედამხედაობით, სინჯეს ნანგრევები, აქეთ ეცადნენ, იქით ეცადნენ, მთელი შვიდი დღე თხარეს, და ის იპოვეს, რაც სომეხთა მეცნიერთ ჩვენის სახელის მოთხრისაგან, ესე იგი არაფერი სომხების სანუკვარო და სანუგეშო არა აღმოაჩინეს-რა. რასაკვირველია, დაიწყეს ჭინჭყლი და ჭირვეულობა და ბ-ნმა მესროფმა და პატკნოვმა სამდურავი გამოაცხადეს, კარგად ვერ უთხრიათ და უძიებიათო და ხელახლად მოითხოვეს იმავ ადგილების თხრა და სინჯვა.
ამისთანა დაჟინება მარტო იმით აიხსნებაო, დასძენს ბ-ნი ნიკოლსკი, რომ ჯერ შემცდარს აზრს აჰყოლიან შესახებ ამ წარწერების თვისება-ხასიათისა და გაჩენისა და მერე, - ადვილად მისახვედრია სომეხთა მეცნიერთა ატაცებული სურვილი, რომ აღმოჩენილ იყოს ძველი სატახტო ქალაქი არმენიისაო[48].
სჩანს, ჯიუტობით, ჭირვეულობით ლარის გატანა სომეხთა მეცნიერთა განუყრელი თვისება ყოფილა. ჩანს, რაც «ჩოტკში» არ მოდის, რაც გინდ მართალი იყოს, მაინც თავისის გაყვანა უნდათ, თორემ რა გასამართლებელი საბუთია, შემცდარის აზრით გატაცებულნი არიან და ადვილად მისახვედრია რის გამო ურჩობენ და ჭირვეულობენო სომეხთა მეცნიერნიო. აშკარაა, თუ ბ-ნ ნიკოლსკიმ აქ მეტი არა სთქვა-რა ამისთანა საქციელზე, ეს მის თავდაჭერილსა და მართებულს მეტყველებას მოასწავებს და არა საქციელის სრულს დახასიათებასა და დასახელებას. ეს კიდევ არაფერი.
ბ-ნ მესროპისაგან ნაპოვნ წარწერათა შორის, ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, ერთი წარწერაა, რომელიც აღნიშნულია XV ნომრით და «ზახალუსად» წოდებულ ადგილის ახლოა აღმოჩენილი. ამისი ასლი დაბეჭდილი იყო სომხურს ჟურნალს «არარატში», რომელიც ეჩმიაძინში გამოდიოდა. ამ წარწერის გამო ბ-ნი ნიკოლსკი სწერს, რომ «ქედამ გადმოღებული ნაწერი, «არარატში» დაბეჭდილი, ისეთი დამახინჯებულია, რომ ნიშნებიც-კი თითქმის არა ჰგვანან ვანის წარწერებს. შესაძლოა ვიგულოთ, რომ გადმომღებს განგებ სდომებია ეს ნიშნები მიამსგავსოს სახით სპარსულ აქემენიდების წარწერასაო იმ მიზეზით, რომ წარმოუდგენია ვითომც იგინი ერთი და იგივენი არიან, ან რაიმე ნათესაური კავშირი აქვთო»[49].
ესეი ოსტატობა და ოინბაზობა არ დაეფიცებათ იმათ, ვინც ძველს ქვას აცლის ან თითონ ქვას იპარავს და ეშმაკმა იცის სადა ჰკარგავს, ახლა იკითხავთ: რა ანგარიშია, რომ ხსენებული წარწერა გადაუმახინჯებიათ, გადაუსხვაფერებიათ? ოინბაზობა, თაღლითობა, რუსები რომ იტყვიან подлог, მართალია დიდს ოსტატობას, დიდს გაგებას და თითქმის ერთსგვარს გულადობასაც თხოულობს, მაგრამ არც იმისთანა საქებური და სასახელო ხელობაა, რომ კაცმა თავი შეიდოს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, იკადროს მარტო სახელისათვის, თუ სახელს სახრავიც ზედ არ მოჰყვება. მაშ საბუთი გვაქვს ვიკითხოთ: რად ნდომებიათ, რომ ძველი წარწერა ასურეთის ხანასი აქემენიდების წარწერისათვის განგებ მიემსგავსებინათ, როგორც ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვებიდამა ჩანს.
აი რა ანგარიში უნდა ვიგულისხმოთ: წინანდელ წერილები დამ უკვე ვიცით, - რა დიდი საბუთია მართალ მეცნიერთათვის ის გარემოება, რომ ვანის ლურსმული წარწერანი, რადგანაც ეკუთვნიან აქემენიდების წინა დროს და სომხები მარტო აქემენიდების დროს მოსულან არმენიაში და მინამდე მათი ჭაჭანებაც იქ არ ყოფილა, აშკარაა, ანგარიშია სომეხთა მეცნიერთათვის დაამტკიცონ, რომ წარწერები ასურელთა დრონისანინი-კი არ არიან, არამედ აქემენიდების დროინდელნი. იგი წარწერანი რომ ასურეთის ხანისი იყვნენ, ესე იგი იმ დროინდელი, როცა იმ ადგილებში, საცა იგი წარწერანი უპოვნიათ, სომხების ხსენებაც არ ყოფილა, სომხები ისე ადვილად ვერ დაიჩემებდნენ - იქ ჩვენი ისტორიაა მოთხრობილიო. და თუ აქემენიდების დროისანი აღმოჩნდებოდნენ, მაშინ ოინბაზობის და თაღლითობის ქსელი ადვილად გაიბლანდებოდა, ადვილად გაიბმოდა სხვისის სახელის და ისტორიის დასაჩემებლად და იმას ვეღარ უსაბუთებდნენ გასამტყუნებლად, რომ თქვენ ჯერ სად იყავით, როცა ეს წარწერანი ქვებზე ამოუჭრიათო.
ნუთუ ეს ოინბაზობა, ეს თაღლითობა იგივე არ არის, რაც სთქვეს სომეხთა მეცნიერებზე დ. ბაქრაძემ, ილ. სერებრიაკოვმა, ლენორმანმა, რაულინსონმა, ბ-ნმა ნიკოლსკიმ და რასაც ჩვენ ამ წერილებით ვამტკიცებთ.
ყოველ ამის შემდეგ, განა აშკარა არ არის, რომ იმისთანა მეცნიერნი, როგორიც პატკანოვია, ფილოსოფოსი არწრუნია და ვიღაც ეზოები, ხუდაბაშოვები და მთელი მათი ამქარი, არაფერს თაკილობენ ოღონდ-კი თავისი შავი გაათეთრონ და ჩვენი თეთრი გააშავონ იმისდა მიხედვით, რა დროს რა სწყურიანთ, რა დროს რა უხდებათ ტანად და პირად. ამას რომ მარტო ჩვენ, ქართველები ვამბობდეთ, კიდევ არ დაიჯერებოდა, მტრობაში ჩამოგვართმევდნენ, შურითა მოსდითო, იტვიან. ლენორმანი, რაულინსონი, ბ-ნ ნიკოლსკი, ჩვენი მამიდაშვილები, ან ნათელ-მირონები ხომ არ არიან, რომ ამათაც მიდგომით ლაპარაკი შესწამონ.
ბ-ნი გოლმსტრემიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სომეხთა მეცნიერთა ფეხის ხმას აჰყოლია და ჩვენთვის, ქართველებისათვის, მღაღადებელს ქვებს სომხებისათვის აღაღადებს და დიდის ბუკითა და ნაღარით იძახის: «И камин возопиют!.. Камни не лгут!»... აქ ქვანი კი არ იღაღადებენ, ქვანი მართალს ამბობენ, ხოლო იღაღადებენ და ტყუიან სომეხთა გაცუღლუტებულნი მეცნიერნი, ან გამეცნიერებული ცუღლუტი ეზოვები და სხვა ამისთანები. ეს რაღაც მთელი გუნდია, რომელსაც თითქო პირი შეუკრავთ, გაფიცულან, რომ ქვეყანა ატყუონ, მელა-ტურა ლომად აქციონ, ლომი კატად, და ფრთაგაცვივნულ, გაქუცულ უხეირო კრუხ-ქათამსავით წიწილები სჩეკონ არწივის ნაბუდარზედა.


სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს, რომ სომხებისათვის, ვითარცა ჩაგრულ და დევნულ ერისათვის, გულმტკივნეულობს და ამისათვის ხმას იღებს საქვეყნოდ და უშიშრად. არც ჩვენა ვართ ისეთნი უგულონი, რომ არ ვიგრძნოთ სხვისა ტკივილნი, სხვისა ხოცვა-ჟლეტა, დარბევა და დაწიოკება და არ ვიცოდეთ ფასი და ღირსება ადამიანისა, როცა უბედურთათვის იღვწის და, თუ ხელს არა, ხმას მაინც აწვდის ნუგეშინისცემისას, სიყვარულისას. ჩვენ ისიც ვიცით, რომ მარტო გულწმინდად მიცემული ნუგეში, მარტო გულწმინდად გზად და ხიდად გადებული სიყვარულია იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აიყვანს «მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა გალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას».
ვწუხვართ, რომ საქმემ და სიმართლემ მოითხოვა ბ-ნი გოლმსტრემი სომეხთა მეცნიერთა მწკრივში ჩაგვეყენებინა, მისი ნებითო თუ უნებლიეთი შეცდომა გულახდილად გვემხილებინა და ჩვენი გაოცება გვეთქვა: ნეტა რამ და რისთვის დააწერინა იგი ისტორია, რომელიც მარტო სომეხთა ფილოსოფოსებისა და დელინგერების საკადრისია და მარტო იმათს თონეში ცხვება.
გვიკვირს: თუ ბ-ნ გოლმსტრემს არ წაუკითხავს იგი წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა, რომელიც ჩვენ წინა წერილების სხოლიოში დავასახელეთ, ბ-ნ ანუჩინის წერილი ხომ უსათუოდ წაუკითხია, რადგანაც ამბობს, რომ ბ-ნი ანუჩინი წინააღმდეგია იმ თეორიისა, რომელიც ურარტელებს ჰხადის სომხების წინაპრებადაო და ეს მარტო იმას მოასწავებს, რომ ბ-ნი ანუჩინი მიუდგომელი მეცნიერიაო და ამისთვის აქებს კიდეც. აქ ორი გარემოებაა საოცარი. ჯერ ერთი ისა, ვითომც ქვეყანაზე იყოს იმისთანა თეორია, რომ ურარტელთა სომხობას ამტკიცებდეს. თუ არ არის ამისთანა თეორია, მაშ ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვა საქარეზე გატანილი სიტყვაა, როცა გვარწმუნებს, რომ ბ-ნი ანუჩინი ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ამაოდ ფიქრობს ბ-ნი გოლმსტრემი არსებობას ამისთანა თეორიისას: იგი არსად არის და ბ-ნი ანუჩინი არ-არსებულის თეორიის წინააღმდეგი როგორ იქნება? ბ-ნი ანუჩინი მოცლილი კაცი ხომ არ არის სომეხთა მეცნიერებსავით, რომ ქარის წისქვილებს ომი დაუწყოს.
კიდევ ვიტყვით, დღეს მთელს ქვეყანაზე ერთიც მართლა სწავლული და მეცნიერი არ მოიპოვება, - სანთლითაც რომ ვეძებოთ, - ურარტელთა სომხობის თეორიას მისდევდეს, გარდა იმისთანა ჩურუქა მეცნიერებისა, როგორც ვიღაცა ეზოვები და მისნი დამქაშები არიან. ამათაც-კი არა გვგონია გაბედონ ამ არ-არსებულის თეორიის ღაღადება თავისის სახელით. და, იქნება, სხვა-კი გააბრიყვონ, თითონ სოროში შეძვრნენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი გლიჯონ. ეს იმათი ხელობაა.
ბ-ნი ანუჩინი თუ ურარტელთა არა-სომხობას ამბობს, ამას ვისიმე წინააღმდეგად კი არ ამბობს, არამედ ამით ემოწმება ყველას, ვისაც ეს საქმე გამოუძიებია. ვიწვევთ ბ- ნს გოლმსტრემს, თუნდ ერთი სწავლული და მეცნიერი, ან ევროპელი, ან რუსი დაგვისახელოს იმ თეორიის მომხრედ, რომელსაც ვითომც ბ-ნი ანუჩინი ეწინააღმდეგება და რომელსაც დღეს ასე თავშეუდებლად მარტო ბ-ნი გოლმსტრემი ჰღაღადებს, დიაღ, მარტო ბ-ნი გოლმსტრემი და სხვა არავინ.
თუნდ ეს ორი ერთმანეთის წინააღმდეგი თეორია არსებობდეს, ნეტა რა ნიშანია მიუდგომელობისა, მიუკერძებლობისა ურარტელთა არა-სომხობის თეორია, რომლის გამო ქებასაც-კი უძღვნის ბ-ნს ანუჩინს ბ-ნი გოლმსტრემი. ნუ თუ აქაც ახია ითქვას: «სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ».
მეორე გარემოება ის არის, რომ ასე ვრცლად არის ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა ბ-ნ გოლმსტრემის მიერ მოთხრობილი საბუთად ურარტელთა და სომეხთა ვითომდა ერთ ნათესაობისა და ბ-ნი ანუჩინი-კი მარტო სამის სიტყვით უხსენებია, ისიც ბუნდად, - ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ყური არ უთხოვებია, რომ ბ-ნი ანუჩინი ანტროპოლოგიურადაც ამტკიცებს, რომ სომეხნი არმენიაში, წინანდელ ურარტის ქვეყანაში, მერე მოსულნი არიან[50]. გარდა ამისა იგივე ბ-ნი ანუჩინი იმოწმება, რომ იგი ქვეყანა დაიჭირეს სომხებმა დიდის ბრძოლის და ომების შემდეგ ურარტელებთანაო. არის რამოდენიმე საბუთები, რომლის ძალითაც შესაძლოა ვიგულოთ, რომ ურარტელნი, ანუ პონტიის ქალდები[51] ქართველთა მამა-პაპანი ყოფილანო[52].
დალოცვილს, რაკი ესე ვრცლად მოგვითხრობდა ურარტუითა სომხობას და ისიც უსაბუთოდ, ერთი სიტყვა, თუნდ ესე მოკლედ, როგორც აქ არის ბ-ნ ანუჩინის ნათქვამი მოყვანილი, ჩვენთვისაც გამოემეტნა, ურარტელთა ქართველობა გაკვრით მაინც მოეხსენებინა. განა ვინ დაემდურებოდა? თუ ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა, მერე სულ მთლად თავით ბოლომდე გადასხვაფერებული, საჭირო იყო ურარტელთა გასომხებისათვის, ქართველთა ასე თუ ისე დასაბუთებული ურარტელობა ბ-ნ კნუჩინისა რატომ-დაჰვიწყებია და ჩაუფარცხებია. რასაკვირველია, თვით ბ-ნ გოლმსტრემის საქმეა, - სად რა სთქვას და როგორ, ხოლო ჩვენ-კი ვიტყვით: «საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!»
ვთქვათ, ისეც იყოს, რომ ურარტელნი სომხები არ ყოფილანო, ჰბძანებს ბ-ნი გოლმსტრემი: ამ საგანს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. აი სწორედ ამაზე ითქმის, ერიჰაა! მაშ რაზე შეაწუხეთ ბ-ნი ნიკოლსკი, ანუჩინი, რომ თითქმის მთელი ფელეტონი ურარტელთა სომხობის დასაბუთებას მოანდომე იდა, სულ ცოტა ვთქვათ, ორიათას-შვიდას-რვაასის წლის ამბავი გაგვიბით და ამ ამბავით ამტკიცებდით სულიერ და ხორციელ სიმტკცესა და მედგრობას ახლანდელის სომხებისას, ვითარცა მემკვიდრეებისას სახელოვან ურარტელებისას. მაშ რად იღაღადებდა ბ-ნი გოლმსტრემი: «თუ პოვნა გნებავთ ამ საქმის (სომეხთა საქმისა) ჭეშმარიტებისა, პოლიტიკოსებისაგან «ფერუმარილ წაუსმელისა», გადაუკეთებელისა, უნდა ყურადღება მიაქციოთ» ძველს, ჭაღარამო დებულს დროს, არქეოლოგებს და სწავლულ მოგზაურებსაო»[53]. მაშ ეს სიტყვები ისე საქარეზეა გასტუმრებული! აფსუს, სიტყვებო!..
საოცარია, - რომ ამას ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, ესე იგი ის კაცი, რომელმაც თვალი და ყური აუქცია ჭაღარამოდებულს ძველს დროსაც, არქეოლოგებსაც, სწავლულთა მოგზაურთაც და იმ ქვათა ღაღადსაც, რომელნიც, მისის სიტყვით, возопиют!
«კიდევ ბევრს, ბევრს სხვას ჰღაღადებენ არმენრაში ნაპოვნი ქვებიო», იძახის დიდის პათოსით ბ-ნი გოლმსტრემი. მართალია, ბევრს რასმე იღაღადებენ და ვაი რომ იმათს ღაღდს ყურებში ბამბადაცმული მსმენელი შეჰხვედრია. ბევრს რასმე იღაღადებენ, მხოლოდ მთლად და ხელაღებით იმის წინააღმდეგს, რაც ბ-ნს გოლმსტრემს ურარტლთა გასომხებისათვის წამოულაგებია «Петербургские Ведемост»-ში. კიდევ ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს: თუ ჩვენ მართალს არ ვამბობთ, აბა ერთი საბუთი, აბა ერთი მართალი სწავლული, მართალი მეცნიერი, აბა ერთი ქვა და მისი ღაღადი წამოგვიყენოს პირში, მაშინ ჩვენ ჩვენს მშვილდს ძირს დავდებთ და ბ-ნ გოლმსტრემის წინაშე ქედს მოვიხრით, ჩვენს შეცდომას შევინანებთ საქვეყნოდ.
სომეხთა ქების განდიდებას ისე გაუტაცნია ბ-ნი გოლმსტრემი, რომ ამის თქმასაც-კი შესაძლებელად ჰხადის: «ამ ერმა (სომხობამ) საუკუნეთა განმავლობაში დაამტკიცა თვისი შეურყეველი ერთგულება ქრისტიანულ მართლმადიდებელ აღთქმებისაო». რა თქმა უნდა, ყოველს ერს თავისი სარწმუნოება მართლმადიდებელი ჰგონია და ამაში ვერც ვერავინ შეუვა. სარწმუნოება სინიდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი. ხოლო ბავშვმაც-კი იცის, რომ სომხები გრიგორიანები არიან სარწმუნოებით და სულაც არ ეკუთვნიან იმ რჯულს, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია საზოგადოდ რუსეთში და რუსის მწერლობაში საკუთრად. მაშასადამე, ბ-ნის გოლმსტრემის ღაღადი, რომ სომხებმა შეურყეველი ერთგულება აღმოუჩინეს ქრისტიანულ მართლმადიდებელს აღთქმებსაო[54], არ არის მართალი, იმიტომ რომ ამ სახელით წოდებულს სარწმუნოებას და, მაშასადამე, აღთქმებსა სომეხნი გაეცალნენ ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში და მას აქეთ სარწმუნოებით ცალკე გავიდნენ. სად იგი სარწმუნოება, რომელსაც სომხები აღიარებენ, და სად იგი, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია რუსეთში და რუსის მწერლობაში.
რასაკვირველია, სომეხთა სარწმუნოებაც ქრისტიანულია და სომეხთ ვერ დავუკარგავთ დიდს ღვაწლს, ქრისტიანობისათვის მათ მიერ დადებულსა. ქრისტიანობისათვის ბევრი რამ გაუწირავთ, ბევრი სისხლი უღვრიათ და მეტი არ იქმნება ვთქვათ, რომ ქრისტიანობას ანაცვალეს მათ თითქმის მთელი თვისი ისტორია, თვისი სამეფო, თვისი მამული, თვისი სამშობლო და ამით, თვისდა მართლადა სასახელოდ, შეინახეს თვისი რჯული, ენა და ყოველმა ამან შეანახვინა თვით მათი ვინაობაცა, მათი ეროვნული არსებობა. ვერც ისტორია და ვერც კაცობრიობა ვერ დაივიწყებს სომეხთა ღვაწლს, სომეხთაა თავგანწირვას ქრისტიანობისათვის. ამიტომაც ბ-ნს გოლმსტრემს რომ გაეხსენებინა ეს დიდებული ღვაწლი საერთოდ ქრისტიანობის წინაშე, მართალი იქნებოდა და რაკი შიგ ჩაურია «მართლმადიდებლობა», ბალღსაც სიცილს მოჰგვრის, რომ სომხები შეურყეველად ერთგულნი ყოფილან სხვის სარწმუნოებისა და, მაშასადამე, შერყეულნი თვის საკუთარს სარწმუნოებაში. სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერია და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებლად და მეორესაც, ერთსაც გაუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტანად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება-კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს. ამიტომ არა გვგონია კეთილმორწმუნე სომხებს ეს ქება ბ-ნ გოლმსტრემისა სასიქადულოდ გაუხდეთ. სომხებს რაც გინდ დააბრალეთ, და ორგულობას სარწმუნოებისას-კი ვერავინ შესწამებს. პირიქით, მათ, თვისდა სასახელოდ, კარგად იციან ფასი თავისის სარწმუნოებისა და ამისათვის უღელი ყოველ გვარის უბედურებისა გულგაუტეხლად უტარებიათ და ჯვარცმულან.
დასასრულ, ერთი ეს უნდა ვიკითხოთ: რა გაჭირება დასდგომია ბ-ნ გოლმსტრემს, რომ საცოდავი ქვებიც-კი უწამებია, შეუწუხებია პატივცემულნი მეცნიერნი და ჯანაბაში გადუკარგავს თვით მეცნიერებაცა. ეს ჩვენ არ ვიცით და არც დიდი სურვილი გვაქვს ვიცოდეთ. ჩვენ მარტო იმას ვკვირობთ, ჩვენ მარტო ის გვეოცება, რომ აქაც იგივე პროგრამაა გამოჭიმული და დოინჯშემოყრილი, რომელიც სომეხთა მეცნიერთ მემკვიდრეობით დასჩემებიათ: სომეხთა ბამბაც უნდა ჩხრიალებდეს და ქართველების არც კაკალი. ვიყვიროთო და ყვირილიც ეს არის.
აბა სენკოვსკიდამ დაწყებული ბ-ნ გოლმსტრემამდე, ამ სამოცის წლის მანძილზე, ლარი გააბით და გახედეთ, თუ ყველა სომეხთა მეცნიერს ამ ლარზე ხელი არ ეკიდოს, ერთსა და იმავე პროგრამას არ ემსახურებოდეს საოცარის ერთგულობით და ერთსულობით. ებღაუჭებიან ამ პროგრამას კბილით, ხელით, ფეხით და მთელითა ცხოვრებითა მათითა. განა აშკარა არ არის, უნდათ ქვეყანას დაანახვონ, რომ სომეხზე უკეთესი, გამძლე ერი, ყოვლის ნიჭითა და უნარით შემკობილი სხვა არავინ არის მცირე აზიში და ნამეტნავად ამიერკავკასიაში. მართალია, ამიერკავკასიაში ეს რაღაც «ვრაცები ჰყრიან და ცოტად თუ ბევრად ამათაც ახსენებენ, მაგრამ ასეთს საქმეს დავმართებთ, ასე გავუბიაბრუებთ სახელს, რომ სახსენებელიც-კი აღარ დარჩეთ. თუ ისტორია აქვთ, გავუყალბებთ, ან ჩვენ დავიჩემებთ, მიწა-წყალი აქვთ და ჩვენ ჩამოვართმევთ, და ქვეყანას, ტყუილი იქმნება თუ მართალი, დავაჯერებთ, რომ ქართველობა გადაშენების გზაზეა შემდგარი და დღესა თუ ხვალე ან ამოსწყდებიან დედა-ბუდიანად, ან გასომხდებიან.
ამ ჩვენს ლანძღვა-გინებაში, რასაკვირველია, ბ-ნს გოლმსტრემს არავითარი წილი არ უდევს და მადლობელნი ვართ, რომ შეგვიბრალა და ავად მაინც არ გვახსენა, სომხებს ზედ არ წაგვაკლა ქათამსავით, სომეხთა მეცნიერებისამებრ. ხოლო ძნელი მოსათმენნი არიან ეს ხუდაბაშოვები, პატკანოვები, ქიშმიშოვები, ეზოვბი, არწრუნები და ერთობ იგი ერთი გუნდი სომხებისა, რომელთაც ღმერთმა მოახმაროთ თავიანთთათვის ქება-დიდება და ჩვენს მოთხრას-კი ნურას უკაცრავად! - ვერ შევარჩენთ, ვერ დავანებებთ და ამაში, იმედია, ყველა ჭკვათამყოფელი სომეხი დაგვეთანხმება. აი, სწორედ აქ არის თავი და ბოლო, დასაბამი და დასასრული იმ მწვავის განხეთქილებისა, რომელიც ასეთის გულმოდგინებით შთამოსთესეს ჩვენში უმეცართა მეცნიერთა და ერთმანეთზე აალურსეს ქართველი და სომეხი. ამით, სწორედ ამ პირმოშვებულმა ფილოსოფოსებმა გაუფუჭეს გული ქართველებს სომხებზე და სომხებს ქართველებზე, თორემ სად იყო ჩვენში ამ ორმოც-სამოცის წლის წინად ერთმანეთის ასეთი ათვალწუნება! ერთმანეთში არ ვირჩეოდით და თუმცა სხვადასხვა მოდგმისანი და სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით ქართველის ძულებას და ქართველობით სომხებისას ჩვენში ადგილი არა ჰქონია ჩვენდა საერთო საბედნიეროდ და სასახელოდ, და თუ დღეს ეს ურთიერთობა ასე შერყეულია, სომეხთა მეცნიერთა გულნამცეცობას, უვიცობას, ნაცარქექიაობასა და ოინბაზობას უნდა მიეწეროს. მარტო ერთი ბ-ნი ეზოვი საკმაოა, ადამიანი შეუშინდეს თავის-თავსა და სასოწარკვეთილებით ჰკითხოს: ნუთუ ადამიანი მართლა ღვთის სახისა და მსგავსებისაა? ღმერთმა მოჰკითხოს ყველას მისნი შეცოდებანი და შეუნდოს, თუ ამისთანა საქციელი შესანდობარია.
თორემ ჩვენ სომხებისა არა გვშურს-რა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელ საქართველოს უძლურება დაიწყო იმ უბედურ დღეთაგან, როცა-კი პირქვე დაემხო სომხეთი - ეგ ჩვენი წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით ვინახავდით სომხეთს და სომხები ჩვენ გვინახავდნენ სამხრეთით. მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასალმა ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიიმართა იმაზე, რომ სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი. მინამ სომხეთი იყო, საქართველოს რომ თათრობა მოსეოდა, ჯერ სომხეთი უნდა გადმოელახა. ამიტომაც ჩვენნი უდიდესნი მეფენი და სამეფოს კაცნი არაფერს არა ჰზოგავდნენ, რომ ეშველათ სომხეთისათვის, როცა-კი გაუჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ზოგიერთს ჩვენს მეფეებს არ ესმოდათ - რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისათვის სომხეთის არსებობას. დაეცა სომხეთი და სამხრეთის კარი ღია დარჩა საქართველოში შემოსასევად. თუმცა სომხეთის დაცემის შემდეგ მთელი თითქმის შვიდი საუკუნე კიდევ მაინც გავუძელით ათასჯერ ჩვენზე ძლიერს მტრებსა, მაგრამ მთელი ჩვენი ისტორიული დღენი მოვღალეთ და შევალიეთ სამხრეთის კარის დაკეტას და ვერა გავაწყეთ-რა. ღონემიხდილმა და დაქანცულმა საქართველომ აიღო თავი და შეაფარა დიდ რუსეთის იმპერიას, მტერს არ დანებდა და მეგობართაკენ პირი ჰქმნა და გული მიიბრუნა.
განა ჩვენთვის-კი სანატრელია ესეთი დაქსაქსულობა სომხებისა! ღმერთმა მისცეთ ღონე და უნარი ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდამაც აყრილან და აქა-იქ გაფანტულან. ხოლო ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან, ჩვენი სახელის გატეხით ნუ ცდილობენ თავიანთის სახელის კეთებას და შემკობას.
ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა, შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით. «მტერისა შინა ყოლასა ლომისა გზასა ზედა წოლა სჯობია», - ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც, ასევე იტყვის ყოველი გონიერი სომეხი.
1899 წ.


«არადა ისევ დგას დღის წესრიგში
ბედი ქართლისა და ქართლის ჭირი»

ბოლოთქმა

«ქვათა ღაღადის» ცალკე წიგნად გამოცემა დიდებული საქმეა. მკითხველი კიდევ ერთხელ გაიცნობს დიდი ილიას ნაფიქრალ-ნააზრევს, მწერლის წინაშე დასმულ პრობლემებს, ქართველთა სატკივარს.
მიუხედავად იმის, რომ ნაწარმოების დაწერიდან დღემდე თითქმის საუკუნე გავიდა, იგი თავის აქტუალობას მაინც არ კარგავს. დღევანდელი ქართველობაც იმავე პრობლემების წინაშეა. შეიძლება ითქვას, უფრო გართულებული და ძნელად გადასაწყვეტია ბევრი მათგანი.
ჩავხედოთ დიდი ილიას ნაფიქრალს. რა აწუხებს მწერალს? რას იცავს? ვისგან იცავს? მწერლის გულისტკივილი ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გავისიგრძეგანოთ, სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ და ერთიანი ძალით განვკურნოთ დაავადებული სხეული.
ძნელია ერზე თავგადამკვდარი კაცისათვის, აუგად მოახსენოს თავისი მრავალტანჯული ხალხი, მაგრამ სინამდვილე, რაგინდ მწარეც უნდა იყოს იგი, თვალის თვალში გასწორებას მოითხოვს. ეს კარგად ესმოდათ ერის თავკაცებს და შეძლებისდაგვარად არ იშურებდნენ ძალღონეს, დროდადრო შეგვახსენებდნენ თავს, ჩაგვახედებდნენ საკუთარ სულში, ვინძლო ცხოვრების სწორი გზა აგვერჩია.
ასე იქცევა ილია ჭავჭავაძეც, როდესაც «ქვათა ღაღადის» პირველ სტრიქონებს გვთავაზობს:
«ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გატანო, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი, ჭკუა-გონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირის გამტეხნი, მხდალნი, ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება».
განა ნათქვამი დღევანდელობას არ ასახავს? შეუძლია ვინმეს რომელიმე სიტყვა ან ფრაზა ამოიღოს, რომელიც დღევანდელ ყოფას არ შეეფერება? საეჭვოა!
«ქვათა ღაღადში» საუბარია «ერთი გუნდი» სომხების შესახებ და ანტიქართული პოლიტიკის მიმდევარ ცალკეულ მეცნიერებზე. დღეს მათი რიცხვი მომრავლებულია. სომხების იმ ერთ გუნდს სხვებიც დაემატნენ, მსჯელობის სფეროს გასცილდნენ და საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაიკავეს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი შეადგინეს! უფრო მეტიც, პრეტენზიებს აცხადებენ: დიდი ხანია აქ ვცხოვრობთ და ჩვენია ეს მიწებიო. თუ ეს ასე არ არის, მაშ რას ნიშნავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია? უმადურობამ და უპატივცემულობამ თავის საზღვრებს გადააჭარბა. უღმერთობა ეტყობა ყველას და ყველაფერს. ავიწყდებათ, რომ ადრე თუ გვიან უფალი თავისას მიუზღავს ცოდვილთ.
სათაურად გამოტანილი სიტყვების ავტორს, მუხრან მაჭავარიანს უნდა დავესესხოთ: «გუგულის ბარტყი ესოდენ ურცხვად არ მოქცეულა დღემდე».
ვინ არ შეუკედლებია ქართველ ერს, ვინ არ გაუთავისებია, მაგრამ ზოგმა პატივის ნაცვლად თვალში ნაცრის შეყრა მოინდომა. მოინდომა და ინანა. ასე იყო ისტორიულად.
დღეს?
დღესც ილანძღებიან უშვერი სიტყვებით. ათასნაირ უმსგავსობას გვაწერენ, ტრადიციებს გვილახავენ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენში ჩაკლან რწმენა. რწმენადაკარგული კაცის ამბავი კი, ძვირფასო მკითხველო, კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ბედენაა. წინა საუკუნეში ეს პრობლემა რომ დაეძლიათ, წერდნენ: «თორნიკე ერისთავს», «ბაში-აჩუკს», «მეფე დიმიტრი თავდადებულს», «ბახტრიონს» და მსგავს ნაწარმოებებს. ამით უნდოდათ ეთქვათ, რომ არა ვართ წყალწაღებული ერი. იმდენად ძლიერნი ვიყავით, რომ ჩვენი თავის გამოხსნაც შეგვეძლო მონობისაგან, ქვეყანასაც ვიცავდით მუმლივით შემოსეული მტრებისაგან, უფრო მეტიც, ზოგ ჯერ ერთ მორწმუნე ბიზანტიელებსაც კი ვეხმარებოდით. ამგვარი ნაწარმოებებით იმედი ჩნდებოდა ქართველი კაცის გულში. ეს იმედი აცოცხლებდა მას. ამ იმედით ბრუნავდა ჩვენი ცხოვრების ისტორიული ჩარხი.
ახლა?
განსხვავებით გასული საუკუნის ვითარებისაგან საიმედო ნაწარმოებების წერა კი არა, კალმისათვის ვერ მოუცლია კაცს. ფიზიკურ გადარჩენაზე ფიქრობს ყველა და, ამის გამოა, ალბათ. გარდა ნათქვამის, ნიჭიც უნდა გქონდეს იმნაირი ილიას, აკაკისა და ვაჟას რომ ჰქონდა. არც უგულობა ივარგებდა ამ საქმეში.
ილია ჭავჭავაძის აზრით «ყოველ ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთა-თქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსეა. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა.
ერის საკუთარი სახის შესაქმნელად ზნემაღალ ადამიანთა ჩამოყალიბება არის საჭირო. დღეს ყოველგვარ უმსგავსობას წააწყდებით. ყველა მანკიერი მხარე არის წინ წამოწეული. ჩვენმა წინაპარმა დიდი ამაგი დაგვდო, როცა ყოველ მაღლობზე ციხე-კოშკი და მონასტერი ააშენა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არსებული მონასტრები არ კმარა. ყოველ ქართველს ეზოში საკუთარი ეკლესია უნდა ჰქონდეს, ვინძლო ღმერთი იწამოს და უღმერთოდ არ მოიქცეს.
ეროვნული სახის შენარჩუნებისათვის მარტო ქართველი კაცის ქართულად ჩამოყალიბება არ კმარა. ჩვენდამი ანტიპათიურად განწყობილ ხალხსაც უნდა მიეხედოს. არავინ იცის, ვინ როგორ არის ჩასაფრებული და ვინ როდის წამოყოფს თავს საქართველოს მიწების დასატაცებლად თუ ქართველი ხალხის გასალანძღავად. განა ერთი და ორი ფაქტი ვიცით ნათქვამის დასამტკიცებლად? განა ერთი და ორი სტატია დაიწერა ჩვენი ეროვნული ღირსების შესალახავად? განა დიდი ტრიბუნიდან არ უთხრეს ჩვენ სახელოვან მწერლებს: «თქვენი ადგილი ბაზარში არისო»? განა ჩვენ არ ვიყავით თურმე გზატკეცილების გასწვრივ კილომეტრთან სუფრებს რომ ვშლიდით მლანძღველთა საპატივცემულოდ? ისე გაგვიხადეს საქმე, ღირსეული კაცის გამასპინძლებაც გვიჭირს. ასე იცის საკუთარი თავის დაუფასებლობამ და ტრადიციების ხელაღებით მოპყრობამ. იქნებ დროა, შევცვალოთ დამოკიდებულება მეზობელ სახელმწიფოებთან, მეზობელ ხალხებთან. მოვექცეთ ყველას ისე, როგორც ფრანგი ექცევა ქართველს საფრანგეთში, რუსი ქართველს - რუსეთში, აზერბაიჯანელი ქართველს - აზერბაიჯანში (საინგილოში), მინდოდა მეთქვა: სომეხი ქართველს - სომხეთში (მაგრამ ეს რომ არასოდეს ყოფილა და არც იქნება). კი მაგრამ რატომ? ამგვარი ხელგაშლილობის გამო ხომ არ შეგვარქვა სომეხმა «გიჟ ვრაცუა»? ისიც საინტერესოა, რომ სომეხი ტრაბახობს, წმინდა ერი ვართო, ჩვენ კი - ინტერნაციონალური რესპუბლიკაო. რა მოგვცა კარგი ამგვარმა ინტერნაციონალობამ? იქნებ ჩვენც გვეფიქრა ეროვნულ სიწმინდეზე. ჩვენ კი ვესიყვარულებით ყველას, მაგრამ ამ სიყვარულის საპასუხოდ დაიცვეს მათ ჩვენი ინტერესები, როდესაც ძალიან გვიჭირდა ან გვიჭირს ახლაც? არაფერი ვთქვათ? ყველაფერზე თვალები დავხუჭოთ სხვისადმი საპატივცემულოდ და ქართველთათვის საზიანოდ? ამიხსენით, რომელი ერი იქცევა ასე უდიერად ჩვენს გარდა. როდემდის, ჩემო მკითხველო, როდემდის?
თითქოს მოურჩენელი სენი გვჭირს - შინაგანიცა და გარედანაც შეყრილი. ვიშუშებთ ჭრილობებს. სატკივარი მუდამჟამ გვახსენებს თავს. მიჯაჭული ამირანის ბედსა მგავს ქართველთა ხვედრი.
დიდების დღეებიც გვქონ ბევრი. კაცურად მოვდიოდით ისტორიის დაუსრულებელ გზაზე. სამაგალითონიც ვიყავით მუდამ, მტერს მტრულადაც ვხვდებოდით, სტუმარ-მასპინძლობაც ვიცოდით უჩვეულო. განსხვავებული ცხოვრება გვქონდა არჩეული. თანაბრად ვფლობდით ხმალს, ჯვარს, საჭრეთელს, კალამს, მრავალჟამიერს, მაგრამ მტრებისათვის მუდამ ვიყავით გამოუსწორებელნი, მუდამ ღაღადებდა ჩვენში ქვა. საკითხავია - მარტო ქვა?
ცხელი წერტილი გაჩნდა ბევრი. იწვის ქართული მიწა, ფრესკა თუ ეტრატი, იღვრება სისხლი ყმაწვილების, ილახება ღირსება ადამიანის. დიდი ცოდვა-მადლი ტრიალებს ირგვლივ. დაწყევლილი ვართო თითქოს.
ერის სახის შენარჩუნებასა და დახვეწაზე უნდა ვფიქრობდეთ ყველა. ამას ითხოვდა დიდი ილია. არ ესმოდათ მისი.
ახლა?
ნიჭმა უნდა გადაარჩინოს ერი.
 
თენგიზ სანიკიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი
10.1.94 წ.

 
[1] ფშაური ლექსები.
[2] «Библиотека для чтеиня», 1838 წ., გვერდი 151-178. წერილი: «Некоторые сомнения касательно истории Грузии».
[3] იხ. მისი «История Моисея Хореского», 1858 წ., გვ. 340-344.
[4] იხ. მისი «Образование Армении», 1859 წ. გვ. 21-27.
[5] იხ. «Кавкаская Старина», 1872 წ., №1, გვ. 20.
[6] იხ. დ. ბაქრაძე: «Археологическое путешествие по Гурии и Аджарии», გვ. 41.
[7] იხ. დ. ბაქრაძე: «პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიული წყაროები”.
[8] ფრჩხილედში ჩასმალი დ. ბაქრაძის სიტყვებია.
[9] S. Mart. Mem. sur I Arm. II. p.190. W.S. Mart. Recherches sur Ies popuIat. du Caucase, p. 78.79; Dubois de Montp. Voyage autour du Caukase. I. p. 62-63.
[10] LangIois: Essai de cIassification de suites monetaires de Ia Georgie. 1860 წ., გვ.3-10
[11] იხ. დ. ბაქრაძე «Археологическое путешествие по Гурии и Аджарии», გვ.XIV.
[12] იხ. ლერონმანი: ასსირიოლოგიური წერილები, სერია პირველი, წერილი მეორე.
[13] იხ. «Братская помощь Армянам» გვ. 189-190.
[14] იხ. «Петербургские Ведемости»-ს 1899 წ. № 33.
[15] იხ. «Братская помошь Армианам», გვ. 562.
[16] იქვე: გვ. 568
[17] პირველი სადგური ფოსტისა ვლადიკავკავიდამ ჩვენკენ.
[18] იხ. «Temps»-ი, 1877 წ., ივლისის 20
[19] იხ. კუჩაევის წერილი
[20] ბოდენშტეტი: «კავკასიის ერნი», მიუნხენი 1847 წ., ფრანგულად თარგმნილია, გვ. 202 და 302 თ.
[21] იხ. მინასას მოხსენება 1722 წ. დეკემბრის 9 -სა.
[22] იხ. წერილი მინას პერვაზიანისა 1722 წ. დეკემბრის 12-დღესა.
[23] იხ. ცაგარელი: «Грамоты и другие исторические документы VVIII стол., отиосящиеся к Грузии», . т I, გვერდი 180, 247, 249 და სხვანი.
[24] იქვე, გვერდი 484.
[25] აი სიტყვა-სიტყვით ნათქვამი ბ-ნ ეზოვისა: « Таким образом Ираклий предлагал Русскому двору то, что по праву, принадлежало не ему, а Персии, предлагал верховную власть над Грузией, которую de fakto не в силах был удержать и за это просил царское достойнство, которого не имел в Персии (?).იხ. Сношения Петра Великого с Армянским народом», გვერდი XCII.
[26] იხილ. «Сношения Петра Великого с Армианским народом», გვ. XCIII, XCV და სხვანი.
[27] იხ. ეზოვის წიგნი: «Сношения Петра Великого с Армианским народом» გვ. XCV
[28] იხ. Акты Т. I, გვ. 417-418, № 562.
[29] იხ. «მოამბე» 1899 წ., №1, გვ. 58 და 59. ხაზგასმული «მოამბისაა».
[30] იხ. Петерб. Вед. 1899 წ. №33.
[31] იხ. ლერონმანი: ასსირიოლოგიური წერილები, სერია პირველი, წერილი მეორე, გვ. 124-129.
[32] იხ. Древности восточные, т. I, წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა, გვ.389.
[33] აშკარაა, აქ ლენორმანს სახეში ჰყავს თუშ-ფშავ-ხევსურნი, სვანნი, მეგრელნი, ლაზნი, რადგანაც ყველა ესენი ქართვლის ნათესაობისანი არიან. ამას იმ საბუთით ვამბობთ, რომ ამავე წერილში იგი ამტკიცებს, რომ ურარტის ერნი სულ ერთისა და იმავე ნათესაობისანი, ერთისა და იმავე მოდგმისანი იყვნენო, და რადგანაც მათ შორის ქართველებს პირდაპირ იხსენიებს, სჩანს, აქ ჰგულისხმობს იმ ეხლანდელ ხალხს კავკასიისას, რომელნიც ქართველ ნათესაობას ეკუთვნიან და არა სხვა მილეთისასა, ნამეტნავად სომხებისას, რომელთანაც ურარტელებს არავითარი ნათესაობა არა აქვთ.
[34] გავიხსენოთ, რომ აქ ურარტელების მიერ გამოჭრილ ლურსმულ წარწერებზედ ჰლაპარაკობს ლენორმანი.
[35] იხ. «ივერია», 1890 წ., №36.
[36] იხ. მასპერი: ძველი ისტორია აღმოსავლეთის ერთა, გვ. 431, გამოცემა მე-4
[37]. იქვე, გვ. 136.
[38] იხ. Древности Восточные, т. I, გვერდი 377, წერილი ნიკოლსკის.
[39] აი სიტყვა - სტყვით ნათქვამი ბ-ნ ნიკოლსკისა: «До сего времени не удалось еще найти той родственной семьи, какой можно было-бы отнести этот язык (язык Ванских надписей); он представляет нечто совершенно изолированное. Некоторые одиночные явления, сходные с грузинским языком, еще не дают права к установлению родственной связи, хотя возможность этого родства признается почти всеми исследователями этих надписей. К сожалению, сравнительное изчение кавказских языков и особенно грузинского не совершенно, во всяком случае только от грузинологов-лингвистов мы можем ожидать более решительного ответа на вопрос» იხ. Дрнвности Восточные т.I. გვერდი 377, წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა.
[40] აი სიტყვა-სიტყით ნათქვამია ბ-ნ ნიკოლსკისა: «Страна Урарту, по асийриским и вавилонским источникам, была частью более обширного целого, которое называется в них странами Наирии...» В науке пока не установлено твёрдого понятия и точного наименования этих народностей, но по примеру Ленормана и Гоммеля, можно было бы их назвать Алародийцами...» «Усли к ней (рассе Алародийцев) не принадлежат нынешние грузины, то её следует считать совершенно исчезнувшей из среды нынешних обитателей Малой Азии и Закавказья». იხ. Древности Восточные», т. I, გვერდი 389, წერილი ბ-ნიკოლსკისა.
[41] იხ. Древности Восточные, т. I, გვ.389,წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა.
[42] იქავ გვ. 387.
[43] იქავ, გვ. 389.
რომ კაბადოკიაში ოდესღაც მართლა ქართველები მკვიდრებულან და ეს ქვეყანა ჰკუთვნებიათ, ამას იგი გარემოებაც ამტკიცებს, რომ დღესაც იმ ადგილებს, მდინარეებს და მთებს, საცა კპადოკია იყო, ქართული სახელები შერჩენიათ. ამისი უტყური მაგალითები მოჰყავს განსვენებულს ჩუბინოვს, კიპერტის, ვივივნ სენ-მარტვენის, ტესიეს, ჰაჯი ხოლმას. მუსლიმანთა მწერალ-გეოგრაფის მოწმობით. მაგალითებრ, თიანეთი, ჩხორუმი. დაბა მდებარე მახლობელ ამასიის ქალაქისა, სტრაბონის სამშობლოსი, როგორც ქვევით ვნახავთ; თავია, დაბა კიშირის ქალაქის მახლობელი ჩრდილოეთით; მუჟური ამ ქალაქის სამხრეთით; თამარმე კესარიის ქალაქის ახლოს; ორგუბე იქვ, კესარიის ახლო; სარმურსახლი, იქვე; ჭიჭაკის-მთა, კიშერის ქალაქის ახლო; ერჯიში - მთა კილიკიაში, თეჯირის- მთა, სივას ქალაქის ახლო; აცმური-ს მთა, ქალაქის მილიტენის ქალაქის ახლო; გაცურის მთა მურაშინის ქალაქის ახლო; ჭილობის- მთა, ორთაყვის-ს მთა, ნიღდის ქალაქის ახლო; ფარხალი და დედა-მთა, საროს მდინარეს ახლო; ქუთაია, გომიში, ჭალა, ტაზის-კარი (ტაშის - კარი), თავშანი, ენგური, კარი-ბაზარი, ქიზიყი ქალაქია მარმარილოს ზღვის პირზე, ონი შავის-ზღვის პირზე, ნაჭილობევის -მთა, ჟომური (ჟამურა), ქაჯთა-კარი, ნებანი, ქურდბელი, თავშავის-მთა, ატენის გემრიელი წყალი, რუკაზე გარყვნილად სწერია, - გემრიელ-ჩია, თეძამი. ბალხარიის მთები, რომლებიც მდებარებენ პონტოსა და საქართველოს საზღვრებსზე, დღესაც «გურჯი ბოღაზად» (საქართველოს ყელად) იწოდება თურმე.
თვით ქსენოფონტე, ჩუბინოვის სიტყვით, მოგვითხრობს, რომ ტრაპიზონი ბერძნების აშენებული ქალაქია კოლხიდელების ქვეყანაშიო. სახელგათქმული სტრაბონიც მოწმად მოჰავს, რომ კაპადოკია ერთის ნათესავის ერის სამკვიდრო ადგილი ყოფილა, თითონ სტრაბონიც ამისის ქალაქიდამ იყო და დედა ჭანი ჰყვანდა და ამიტომაც მისი მოწმობა დასახერიაო, ვითარცა კაცისა, ამ ადგილებში დაბადებულისაო. განსვენებელი ჩუბინოვი ამ სტრაბონის ამბავს სტრაბონისავე წიგნით ამტკიცებს.
ამავე ავტოს ის ჭკუას ახლო და ადვილად სარწმუნო საზრისიც მოჰყავს, რომელიც გვანიშნებს, რომ კაპადოკიაში ქართველნი ყოფილან მკვიდრ-მოსახლენი. წმინდა მამანი - იოანე ზედაზნელი და მისნი თორმეტი მოწაფენი, რომელნიც მოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის დანერგვისა და გამტკითებისათვის, კაპადოკიელნი ქართველები იყვნენო. თუ ქართული არა სცოდნოდათ. ძნელი საფიქრებელია იმედი ჰქონდათ უენოდ გაერიგებინათ რამ დამოემოწაფებინათ ერიო. მართალია, ეს წმინდა მამანი სირიელებად ხსნებულნი არიან, მაგრამ ძველნი მწერალნი კაპადოკიელთა ჰრაცხდნენ სირიელებად, ან მესოპოტამიელებადო! [ტესიე: მცირე აზია, გვ. 500] თვით წმინდა გიორგი კაბადოკიელი იყოო და ამის გამო მთელს საქართველოში თაყვანცემულიაო. წმინდა გიორგის ნათესავი იყო მოციქულთ-სწორი წმინდა ნინო, აგრედვე კაპადოკიელი, მაშასადამე ქართულის ენისა, უამისოდ არ შეეძლო ქადაგება ქარისტეს სარწმუნოებისა და მოქცევა ქართველთაო. (ვისაც ჰსურს უფრო მეტი საბუთები ყოველ ზემოხსნებულისა, იხილეთ წერილი დ. ჩუბინოვისა: «ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიისა, ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა» ივერია, 1877 წ. №№14, 15,16, და 17. ეს წერილი რუსულიდაც იყო დაბეჭდილი და ერთს პეტერბურგის სწავლულთა კრებულში წაკითხული თვით ავტორისაგან).
[44] იხ. მასპერო ძველი ისტორია აღმოსავლეთის ერთა, რუს. თარგმნილი გვ. 178-179.
[45] იხ. რ. ანდერსონი: ისტორიათა აღმოსავლეთის გარდასულის ცივილიზაციებისა, რუს. ინგლისურიდამ თარგმნილი, გვ. 66.
[46] იქვ. გვ. 62,63.
[47] ბ-ნი ნიკოლსკი: «Древности Восточные, т. I, გვ. 378, 381»
[48] აი სიტყვით-სიტყვა ბ-ნ ნიკოლსკისა: Такую настойчивость можно объяснить только ошибочным мнением о характере и происхождении надписей и понятным со стороны фрмянских учёных увлечением мысьлю – найти древнюю столицу Армении (იხილე Древности Восточные, т. I. გვ. 380).
[49] აი სიტყვით- სიტყვა ბ-ნ ნიკოლსკისა: «Снимок с ней (ზახალუსის წარწერა), помещйнный в «Арарате», представляет текст в таком изуродованном виде, что знаки даже почти не напоминают знаки Ванского письма. Можно догадываться, что снимавший надпись намеренно хотел придать знакам сходство по формес знаками персидских надписей Ахеменидов, воображая, что она одинакова или родственного происхождения» (იქვე, გვ. 380).
[50] იხ. «Братская помощь Армянам», გვ. 358.
[51] რარიგად ჰგვანან ერთმანეთს სახელი ქალდები და ქართველები!
[52] 3. იხ. «Братская помощь Армянам», გვ, 361. აი სიტყვით-სიტყვა ბ-ნ ანუჩინისა: Таким образом армянам удалось лишь после долгой и упорной борьбы с племенем Урарту или Понтийскими халдами, – племенем, язык котораго ещё не выяснен, но есть некоторые основания предполагать в них пародичей Картвельскаго или грузинскаго племени».
 
[53] აი სიტყვითი - სიტყვია ბ-ნ გოლმსტრემის: «Чтобы найти истину в этом (армянском) вопросе не «заправленную», неподкрашенную политиками... нужно обратить свои взоры к седой древности, к археологам, к учёным путешественникам»...იხ. «Петербургские Ведомости»1899 წ., №33   «И камни возопиют»!
 
[54] აისიტყვა-სიტყვით ბ-ნის გოლმსტრემის ნათქვამი: ”Этот народ (Армянский) в течении многих веков доказал непоколебимую преданость христианским православным(კურსივი ჩვენია) заветам” “ И Камни возпиют”, იხ. მისი ტელეფონი:“Петер. Ведем”.,1899 წ.,№33