თავი 1

1. იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, – გიხაროდენ!

2. ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა; 3. უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ, 4. ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან. 5. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას. 6. ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. 7. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან. 8. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა. 9. იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა, 10. ხოლო მდიდარი – დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრეთ წარჴდეს. 11. რამეთუ აღმოჰჴდა მზე სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარჴდა. ეგრეცა მდიდარი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს. 12. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა. 13. ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. 14. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების. 15. მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ-იქმნის და შვის სიკუდილი. 16. ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! 17. ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ. 18. მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა.

19. აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად. 20. რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის. 21. ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა. 22. და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა. 23. უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა. 24. რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო. 25. ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა. 26. რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ. 27. მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.


თავი 2

1. ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით, გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ. 2. რამეთუ, უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსელითა შეურაცხითა. 3. და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა 4. და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა? 5. ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა? 6. ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ თქუენ სამსჯავროდ? 7. არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა? 8. უკუეთუ სჯულსა აღსრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ. 9. ხოლო უკუეთუ თუალთ-ღებით, ცოდვასა იქმთ და იმხილებით სჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი სჯულისანი. 10. რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ. 11. რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ, ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ სჯულისა. 12. ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა სჯულისაგან აზნაურებისა განსჯადნი. 13. რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა.

14. რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა? 15. რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა 16. და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცითაჲ, რაჲ სარგებელ არს? 17. ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო. 18. არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი. 19. შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან. 20. გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს? 21. აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თჳსი, საკურთხეველსა ზედა? 22. ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა? 23. და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა იწოდა. 24. ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო? 25. ეგრეთვე რააბცა, მეძავი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი იგი და სხჳთ გზით წარავლინნა? 26. რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.


თავი 3

1. ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ. 2. რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა. 3. უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით. 4. აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მას მათსა. 5. ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის! 6. და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან. 7. რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა. 8. ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა, 9. რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. 10. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად. 11. ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე? 12. ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღვმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან ლეღჳ? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად.

13. ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა. 14. ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴმდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. 15. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ. 16. რამეთუ სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმჱ. 17. ხოლო ზეგარდმოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა განუკითხველ და შეუორგულებელ. 18. რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა.


თავი 4

1. ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა? 2. გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ. 3. ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ. 4. მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობა არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების. 5. ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა? 6. უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. 7. დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან. 8. მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო. 9. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად. 10. დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ. 11. ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ. 12. ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?

13. აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ. 14. რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის. 15. ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი. 16. ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს. 17. რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა.


თავი 5

1. აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა. 2. სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს. 3. ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა. 4. აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის. 5. იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა. 6. დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.

7. სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი. 8. სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს. 9. ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას. 10. სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის ხილვისა და სულგრძელებისა წინაწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა. 11. აჰა ესერა, ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ.

12. ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსა ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეჲ ჰე და არაჲ არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ. 13. შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ. 14. უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. 15. და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას. 16. აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად. 17. ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე, 18. და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქუეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი.

19. ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და თუ ვინმე მოაცქიოს იგი, 20. უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ.