თავი 1

1. პავლე, მონაჲ ღმრთისაჲ და მოციქული ქრისტე იესუჲსი, სარწმუნოებისაებრ რჩეულთა ღმრთისათა და მეცნიერებითა ჭეშმარიტებისაჲთა, რომელ არს ღმრთის მსახურებისაჲ, 2. სასოებითა ცხორებისა საუკუნოჲსაჲთა, რომელი-იგი აღუთქუა უტყუველმან ღმერთმან უწინარეს ჟამთა საუკუნეთა, 3. ხოლო გამოაცხადა ჟამთა თჳსთა სიტყუაჲ იგი მისი ქადაგებითა, რომელი მარწმუნა მე ბრძანებითა ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, 4. ტიტეს, ერთგულსა შვილსა ზოგადისაებრ სარწმუნეობისა, მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა.

5. ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ: 6. რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათჳს გინა ურჩებისა. 7. რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მნისაჲ, ნუ თავჴედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ, 8. არამედ სტუმრის მოყუარე, კეთილის მოყუარე, წმიდა, მართალ, ღირს, მოთმინე, თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის, 9. სარწმუნეობისა სიტყჳსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყჳს- მგებელთა მათ მამხილებელ. 10. რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოჲსა მეტყუელ და გონება-მაცთურ, უფროჲს ხოლოღა წინადაცუეთილებისაგანნი იგი, 11. რომელთაჲ ჯერ-არს პირსა დაყოფაჲ, რომელნი ყოველსა სახლებსა გარდააქცევენ, ასწავებენ, რომელი-იგი არა ჯერ-არს, საძაგელისა შეძინებისათჳს. 12. თქუა ვინმე მათგანმან, თჳსმანვე მათმან წინაწარმეტყუელმან: კრიტელნი მარადის მტყუვარნი, მჴეცნი ბოროტნი, მუცელნი უქმნი. 13. წამებაჲ ესე არს ჭეშმარიტ. ამისთჳს ამხილე მათ თუალ-უხუავად, რაჲთა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა 14. და ნუ ერჩიედ ჰურიაებრთა ზღაპართა და მცნებასა კაცთასა, რომელნი გარე-მოქცეულ იყვნენ ჭეშმარიტებისაგან. 15. რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათჳს; ხოლო შეგინებულთათჳს და ურწმუნოთა არარაჲ არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაჲცა. 16. ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ.


თავი 2

1. ხოლო შენ იტყოდე, რომელი შუენის სიცოცხლისა მას მოძღურებასა: 2. ხუცესნი ფრთხილ იყვნედ, ღირს, წმიდა, ცოცხალ სარწმუნოებითა, სიყუარულითა, მოთმინებითა; 3. მოხუცებულნი დედანი ეგრეთვე დაწყნარებულებითა შუენიერ, ნუ მასმენელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, კეთილის მოძღუარ, 4. რაჲთა განაბრძნობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე, 5. წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თჳსთა ქმართა, რაჲთა არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის. 6. ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაჲთა წმიდა იყვნენ. 7. ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას შინა უხრწნელებაჲ, ღირსებაჲ, განურყუნელობაჲ, 8. სიტყუაჲ ცოცხალი, უგმობელი, რაჲთა წინააღმდგომსა მას ჰრცხუენოდის და რაჲთა არა აქუნდეს ჩუეენდა მომართ სიტყუად ბოროტისა. 9. მონანი თჳსთა უფალთა დაემორჩილნედ და ყოველსა შინა სათნო ეყვნედ, ნუ სიტყჳს-მგებელ. 10. ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებედ კეთილსა, რაჲთა მოძღურებაჲ იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ შეამკონ ყოვლითა. 11. რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა 12. სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა 13. და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, 14. რომელმან-იგი მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ურჩულოებისა და განმწმიდნეს თავისა თჳსისა ერად მოგებულად, მობაძავად კეთილთა საქმეთა. 15. ამას ეტყოდე და ნუგეშის-სცემდ და ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა, ნუმცა ვინ შეურაცხ-გყოფს შენ.


თავი 3

1. მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ, 2. ნუმცა ვის ჰგმობენ, ულალვენ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებედ სიმშჳდესა ყოველთა მიმართ კაცთა. 3. რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცთომილ და ვჰმონებდით გულის თქუმათა და გემოთა მრავალთა, უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთარს. 4. ხოლო რაჟამს სიტკბოებაჲ და კაცთ მოყუარებაჲ გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ, 5. არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა, 6. რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა, 7. რაჲთა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნოჲსასა. 8. სარწმუნო არს სიტყუაჲ; და მათთჳსცა მნებავს შენდა განმტკიცებად, რაჲთა ზრუნვიდენ კეთილთა საქმეთა ზედა დგომად მორწმუნენი ღმრთისანი: რამეთუ ესე არს კეთილ და სარგებელ კაცთა. 9. ხოლო სიცოფისათა მათ ძიებათა და ტომის რაცხათა და ჴდომათა და ლალვათა შჯულისათა განეშორე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო. 10. მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. 11. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ.

12. ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტჳქიკოს, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის, რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაჲ. 13. ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ. 14. ისწავებდედ ჩუენნიცა იგი კეთილისა საქმესა წარდგინებად საჭიროთა მათთჳს საჴმართა, რაჲთა არა იყვნენ უნაყოფო.

15. გიკითხვენ შენ ჩემ თანანი ყოველნი. კითხვაჲ არქუ, რომელნი გუყუარობენ ჩუენ სარწმუნოებით.

მადლი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.