(კომუნის დაცემის დღე)
ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი
დიდი დროშა დაიშალა...
კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ
იგი დროშა დასცა დაბლა.
კვლავ ეწამა მოყვასთათვის
საოცარი იგი ერი,
კვლავ დაიდგა დიდ წამების
მან გვირგვინი მშვენიერი.
კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა
წმინდა სისხლი წამებულის,
კვლავ დამარცხდა დიდი საქმე
ყოვლად მხსნელის სიყვარულის.
კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება,
ქვეყნის ხსნად მოვლინებული,
რომლისთვისა თითონ ღმერთი
იყო ტანჯულ და ჯვარცმული.
კვლავ შეფერხდა ისტორია,
განახლების შესდგნენ ძალნი,
და კვლავ დღესასწაულობენ
გამარჯვებულნი მტარვალნი.
29 მაისი, 1871 წ.