რაღა ვიღონო ბედო მსახვრალო,
ამდენ უბედურს ცრემლსაც ვერ მოვწმენდ
რატომ დამტოვე, ღმერთო მაღალო,
ქართველთა მოდგმის დაქცევის მოწმედ!

დროთა კავშირი გაწყდა უწყვეტი?
ბედის ტრიალში ვერ გავერკვიე?
ვისაც შესხმას და ქებას ვუწერდი,
მე როგორ დავწერ მათთვის რექვიემს!

რა ზარი ისმის, რა ულმობელი!
ასეთი ზარი ჯერ არ მსმენია.
შხამით სავსეა თასი, რომელიც
ბოლომდე ჩემი შესასმელია!

სხვა არჩევანი არც მაქვს, უბრალოდ,
დღესაც შხამს ვსვამ და ხვალაც შხამს ველი...
ბოლომდე შევსვამ, რაკი, უფალო,
არ ამარიდე ეს შესასმელი!

კოხტასთავის შეთქმულებს

მე ჯერ ქაოსი მერტყა წყვდიადად,
თქვენ რომ გეხვიათ მზეზე ფუტკარი,
მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,
თქვენს შეთქმულებას ვერ მოვუსწარი.

მე მაინც ვიყავ თქვენთან შეთქმული,
თქვენსკენ უხილავ ცეცხლად დაძრული.
მე გაჩენამდე თქვენი ერთგული,
თქვენსკენ მოვქროდი ხელგაბაწრული.

თქვენ კი იტანდით ტანჯვას ზვიადად,
თუმცა გერჩიათ გულში ისარი...
მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,
იმ წამების დროს ვერ მოგისწარით.

მაგრამ არ არის დრო გამთიშველი
მათთვის ვინც იყო ქვეყნის ერთგული,
მე თქვენს ლანდებთან მოვალ შიშველი,
არყოფნის ჟამსაც თქვენთან შეთქმული.

რომ თქვენებრ მწვავდეს მზე თქვენი მწველი,
თქვენებრ მეხვიოს მზეზე ფუტკარი,
რომ ვთქვა: წამს ჰგავდა შვიდასი წლი,
მოველ, წამებას მეც მოვუსწარი!

სიტყვა სატევრად უნდა გექცია,
თუ აღშფოთებით გული გაქვს სავსე.
რა დროს ლექსია! რა დროს ლექსია!
როცა ქვეყანა გექცევა თავზე.

თვალზე ცრემლები როგორ შევიშრო,
რა დღე დაგვიდგა, რა სამწუხარო!
მე ჩემი ლექსი საიერიშოდ
ძმათაგან რომელ ძმას წავუმძღვარო!

სიკვდილი იმედს ხელიდან გვაცლის,
მოკლულებს ფანტავს ნაფოტივითა,
ამდენი გესლი, ამდენი ღვარძლი
სად იყო, როგორ ამოტივტივდა?!

მკვლელის თვალები სისხლს აუვსია,
და სისხლი მოსწვეთს მკვლელის იარაღს.
ძმა ძმის საკლავად ვინც გაუსია,
ზიზღი ეკუთვნის, ლექსი კი არა!

ცა და ქვეყანა თავზე გვექცევა
და სინანული მეც მეუფლება...
რა მელექსება! რა მელექსება!
ღმერთმა შემინდოს ეს ჩვეულება!