1
1. წიგნი პირველი
2. ამბავი პანტაგრუელის მამის დიდი გარგანტუას საზარელი ცხოვრებისა, შეთხზული როსმე მაგისტრ ალკოფრიბას ნაზიესაგან, რომელიცა იყო კვინტესენციისა გამომხდელი წიგნი, აღვსილი პანტაგრუელიზმითა
3. წამკითხავთა მიმართ
4. მკითხველო ჩემო, ავსა და ბოროტს ნუ ეძებ რასმე ამ წიგნსა შიგან, ყველაფერს წვლილად შეიტყობ ბოლოს, უკეთუ მართლად ჩახვდები იგავს.
5. ხინჯსაც უპოვნი, მსაჯული იყავ, ოღონდ, უწყოდე, გულით გაცინებს და გაგიქარვებს ჭმუნვას აწინდელს, ყურთ არ დაგიღლის ფიცით და მტკიცით.
6. სიცილის ძაფით იმად ავკინძე, დანატრული ხარ რამეთუ სიცილს.
7. ამა წიგნისა მომღვაწებლისგან
8. სახელმორჭმულნო მემთვრალენო და ღირსად პატივცემულნო ცუდჭირშეყრილნო (რამეთუ თქვენდა ძღვნად და არა ვინმე სხვისად დამიწერია წიგნი ჩემი),
9. სილენე უწინ იმისთანა კიდობანაკსა, ანუ გვადრუცსა ერქვა, აწ მეაფთიაქეთ რომ უდგათ;
10. ზედ სუყველასა ათასნაირი ხიბალიკი, ესე იგი საცინარი და საამოვნო რამ ეხატა: ჰაი ჰარპიაო, სატირიო, ჰაი დალაგმული ღერღეტიო, რქიანი კურდღელიო, ჰაი პალნიანი იხვიო, ფრთიანი ვაციო, ჰაი უღელდადგმული ირემიო,
11. სამაგიეროდ ამა კიდობანაკთა შიგან დია ჩინებულ სუნელ-საკურნებელთ ინახავდნენ, სახელდობრ კი: მექურ ბალზამსა, ამბრსა, ამომსა, მუშკსა, ციბეტსა, სპეკალთ ნაფხვენ-ნუფხვენსა და მისთანათა.
12. ალკიბიადეს თქმითა, ამნაირი იყო სოკრატეცა: თურომ მარტო თვალტანად მიაქცევდით ყურადღებასა და ნაქვთად შეაფასებდით, ერთ ჭიან ტყემლადაც არა ღირდა ‒ ისეთი პირნასი ვინმე იყო და ისე სასაცილოდ იქცეოდა.
13. ცხვირი პაჭუა ჰქონდა, ჩაჭყლეტილი, ცქერა ქვეშ-ქვეშ იცოდა, გამოხედვა აბუეტს უგავდა, ზნე მდაბიური მოსდგამდა, ტანთ ჯვალო ემოსა, სული სიღარიბეში ამოსდიოდა, დიაცთ თავსა ვერ აწონებდა, საურავ-სამსახური სახელმწიფოსი არცრა ხელეწიფებოდა;
14. ჩაკუჭკუჭება გულიანი უყვარდა, ღვინოსა პირზევით არ იცილებდა, მიწყივ ვიღაცას აქიაქებდა, ბასრავდა და ამა თავსაცილში თავის ღვთაებრივსა სიბრძნესა მალავდა.
15. მაგრამ აბა, მოდით, ახადეთ კიდობანაკსა ამასა ‒ შიგნიშიგან უცილოდ მოიხილავთ საკვირველსა და აუწონელსა საკაზმ-სანელებელსა: აზრისა სიმკვირცხლესა ზებუნებურსა, სათნოებასა საოცებელსა, სიმამაცესა უდრეკსა, სიფხიზლესა სახელდაუდებელსა,
16. მაინც რა იაზრეთ, რას უკაკუნებს ეს წინასიტყვა და პირველსათქმელი ჩემი?
17. რას უკაკუნებს და, ეხლავ ჩაგიწიგნავთ ჩემთა კეთილთა მოწაფეთ და სხვა ოხერ-მამაძაღლთ.
18. უკეთუ ჩემგან შეთხზული რომელიმე წიგნისა ლათაიური სათაური წაგიკითხავთ, მაგალითადრე:
19. სხვარიგად თუ ვიტყვი, მხოლოდ გარეგნულ ნიშანსა რასმე (ანუ აბრასა) უყურებთ, არსსა არა სწვდებით საქმისასა და ეგრევე ჩვეულებითად იცინით და ილხენთ.
20. გარნა კაცისა ხელით ქმნილსა ესრეთ ქარაფშუტულად ნუ შეხედავთ.
21. აკი თავად თქვენგანა თქმულა, ხუცესი ჭილოფშიაც იცნობაო, ზოგ-ზოგსა კაცსა სამოსელი ბერისა შეუმოსავს, ბერობისა კი არა სცხია რაო, ანდა რამდენია, მოსასხამი ესპანური ასხია, მაგრამ ესპანური გულოვნობისა ნატამალიც არ ატყვიაო.
22. მაშ, აბა გადაშალეთ წიგნი ჩემი და გულისხმაჰყავით წაკითხული.
23. აი მაშინ, ალბათ, ჩახვდებით, აქ სულ სხვა რამ სანელებელი ყოფილა, ვინემ კიდობანაკი გვეპირებოდაო, და არცა ისე უსაზმნო საგანთ დაინახავთ, ვაითუ ვისმე სათაურისა წაკითხვისას რომ გეგონათ.
24. და უკეთუ ბევრსა თავშესაქცევსაც იპოვნით, პირდაპირ ვიტყვი, თუნდაც სათაურისა შესაფერსა, სირინოზისა ხმა მაინც ნუ წარგიტაცებთ, უმჯობესია, რომ უფრორე ღრმად ახსნათ ყოველივე, რასაცა იბედივ მწერლისა ალალ ნათქვამად მიიჩნევთ.
25. პირდაცობილი ბოთლი გაგიხსნიათ როსმე? ძაღლუმადური საქმეა!
26. მაგრამ აბა ერთი გაიხსენეთ, რა ამო რამა მდგარა შიგან!
27. ან არადა, ძაღლი არ გინახავთ, ტვინით გატენილ ძვალსა ჩაფრენილი?
28. მოგეხსენებათ, პლატონი (De rep. II წიგნი) ძაღლსა დედამიწისა ზურგზედ ყოვლისა უფრორე ფილოსოფიურ ცხოველად იტყვის.
29. და თუკი გინახავთ, ალბათ, შეამჩნევდით კიდეცა, რარიგ დაჰღრინავს, რარიგ დაჰკანკალებს, რარიგ უპყრია, რარიგ ფრთხილად ჰკიდებს პირსა, რა გემრიელადა ძგნარავს და ხრავს, რა გულდაგულ სწუწნის იმ ძვალსა.
30. რა არი, რა ატანს ძალასა, ეგრე მოიქეციო? რის მოიმედეა? რა სწადს, რას გამოელის?
31. რასა და, სრულებით არცრასა, თვინიერ ერთი ბეწო ტვინისა.
32. თუმცა ის ერთი ბეწო სხვა ბევრადბევრ რამეზედ უტკბილესია, რამეთუ, გალენოსის თქმისა არ იყოს (Facu. natural,. III წგნ. და De usu parti, XI წგნ.), ტვინი უებარი რამ საზრდელია ბუნებისაგან ბოძებული.
33. ზემორეხსენებულ ძაღლსავითა თქვენცა ბრძნულად უნდა მოიქცეთ, რათა ალღო აართვათ, გემო გაუგოთ და ფასი დასდოთ ამა ჩინებულ, მაწიერ წიგნთა, დასატანებელსა ისრისა უმალესად უნდა დაეტანოთ და შესაბმელსა თავდათავ უნდა შეებათ.
34. შემდგომად ბეჯითი კითხვისა და გრძელჟამიერი განსჯისა ადექით და გამოხარით ძვალი ესე, გამოსწოვეთ ტვინისა სუბსტანცია, ანუ რასაცა ამა პითაგორული სიმბოლოთი ვგულისხმობ,
35. და სრულიად დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომა ესეთნაირი კითხვა კიდევ უფრორე ქველსა შეგქმნით და ჭკუაში ჩაგაგდებთ,
36. რამეთუ წიგნსა ჩემსა შიგან ჰპოვებთ ერთობ უჩვეულო აზრსა და ოდენ რჩეულთათვისა მისაწვდომელ უცხო რამ სწავლასა,
37. რომელიცა მრავალსა საიდუმლოსა გაზიარებთ დაუჯერებელსა და მრავალსავე დაფარულ საქმესა შესაზარსა, რელიგიას რომ ეხება ჩვენსასა, აგრეთვე პოლიტიკასა და სახლოსნობასა.
38. თქვენ რა, მართლა ხომ არა გჯერათ, რომ ილიადასა და ოდისეას გამოთქმის ჟამსა ჰომეროსი სულ იმ ალეგორიათა ფიქრში იყო, რაიცა პლუტარქემ, ჰერაკლიდე პონტოელმა, ევსტათიმ, კორნუტუსმა მიაწერეს და რაიცა მერმე ამათვე ამოარიდა პოლიციანომ?
39. თუ მართლა აგრე გჯერათ, მაშ ერთი გზა არა გვქონია, რამეთუ ჰომეროსი, ვგონებ, ისევე იყო ამ ალეგორიათა ფიქრში, ვითარცა ოვიდიუსი წმინდა რამ ქრისტიანულ საიდუმლოს დასტრიალებდა თავის მეტამორფოზათა შინა,
40. და თუკი სხვარიგადა სჯით, კაცმა რომ თქვას, ვითომ რატომ ესრეთვე არ უნდა შეხედოთ ჩემგან შეთხზულ გამორჩეულ და სამხიარულო ამბავთაც, თუმცა, როს ვთხზავდი, ამაზედ
41. იმოდენსავე ვფიქრობდი, რაოდენიცა თქვენ გიფიქრიათ, და თქვენ კი, უკეთუ ჩაღლევაზედ მიდგა საქმე, დავიჯერო, ჩემდენსა ვერ ჩაღლევთ?
42. ჯერ არს გამოტეხილადა თქმა, რომ ამა იგავმიუწვდომელი წიგნისა შეთხზვასა სწორედ ის ხანი და ჟამი მოვანდომე, რა ხანიცა და ჟამიცა ჯან-ღონისა შესანარჩუნებლადა, ანუ ჭამაზედ და სმაზედ დამეხარჯა.
43. დრო-ჟამი ესე პირდაპირ მისწრებაა ეგზომ დიდ-დიდ ამბავთა და არცთუ მცირე საქმეთა აღსაწერად, რაც უკვე მშვენივრად ესმოდათ ჯერ იყო და ჰომეროსსა, მისაბაძველსა ყოველთა ფილოლოგოსთათვისა,
44. მავანმა ქეციანმა ეგევე წართქვა ჩემთა წიგნთა გამოც.
45. ჯანდაბას იმისი თავი, ერთხელაც იქნება, კუკუს უჭერენ კუკუზნაქში!
46. წართქვა, თორემ სუნი ღვინისა უფრორე დამათრობელი, დამატკბობელი, გამათბობელი, გამართობელი და ამო არ არის, ვინემ სუნი ზეთისა!
47. და უკეთუ ჩემზედ იტყვიან, ღვინოზედ იმოდენსა ხარჯავს, რაოდენსაცა ზეთზედ არაო, თავს მოვიწონებ და ისეგვარად ვიამაყებ, ვითარცა დემოსთენე ამაყობდა, ოდეს ასმენდნენ, ეგ ზეთზედ უფრო მეტსა ხარჯავს, ვიდრე ღვინოზედაო.
48. რაჟამსა ჩემზედ ლათაიობენ და უბნობენ, სმის ჭირია, საღვინეში შიგა ძვრებაო, სხვა რამ ქება არცრა მწადს.
49. სწორედაც ამ ჩემის სახელოვნობის ბრალია, პანტაგრუელელნი უჩემოდ არსად სუფრას რომ არა შლიან.
50. ერთმა მოლალე მამაძაღლმა დემოსთენეს წასძახა, შენგან თქმული სიტყვა ზინზლიანი მეზეთის არდაგსავითა ყარსო.
51. თქვენ კი ადექით და ჩემი სიტყვა-პასუხი და ნაქმნარი სულ კარგი და კარგი აზრით გაიგეთ, პატივი ეცით ახაჭოებულსა ტვინსა ჩემსა, რამეთუ ამ ნაირ-ნაირი შესაქცევარი ამბითა გართობთ, და შეძლებისამებრ ესდენ მხიარულ გუნებაზედ მამყოფეთ.
52. მაშ, გაერთეთ, გენაცვალოთ ჩემი თავი, გართობა ჯანსაც უხდება და ჭაჭებსაცა, აბულბულეთ წიგნი ესე, იღიღინეთ და ილხინეთ.
53. ოღონდ უდღეგრძელებელი არ დამაგდოთ, თქვე ვირისთავნო, თქვენა, მე კი აბა ისე რას გაგიშვებთ!
54. ახსნა-განამრტებითურთ (ლათ.). „სახელმწიფოსათვის“ (ლათ.). „ბუნებისა ძალთათვის“ (ლათ.). „გვამისა ნასხამის დანიშნულებისათვის“ (ლათ).
2
1. I. გარგანტუას მეგვარტომობისა გამო და მოდგმისა სიძველისათვის
2. ვის გარგანტუას მეგვარტომობისა და მოდგმის სიძველისა გაგება სწადს, უნდა დიდ პანტაგრუელისეულ ქრონიკას, ანუ წელთაღწერასა ჩახედოს.
3. იქ დია წვლილად არის ნაამბევი, რარიგ გაჩნდნენ ქვეყნად ბუმბერაზნი და ვითარ წარმოიშვა იმათგან გარგანტუა, მამა პანტაგრუელისა.
4. და ნუ დამძრახავთ, უკეთუ აწ ამაზედ სიტყვასა არღა გავაგრძელებ, თუმცაღა ამისთანა რამ ამბავსა რაც ხშირ-ხშირად გავიხსენებდი, მით უფრორე ეამებოდა მოწყალე გულსა თქვენსა.
5. ნათქვამისა საბუთად პლატონის ფილებოსსა და გორგიას მოვიშველიებ, და აკი ფლაკუსიც ბრძანებს, ზოგ-ზოგსა ნაუბარსაო, ამ ჩემი ნაუბრისა არ იყოს, მალიმალ განმეორება ფრიად საამოვნოსა ხდისო.
6. ღმერთმა ნეტამც ყოველსა კაცსა ესდენ დანამდვილებით აცოდინოს ძვალ-გვარი თვისი და გასაგისი ნოეს კიდობნითა დღესაქამომდე!
7. ბევრად ბევრნი აწინდელნი იმპერატორნი, ხელმწიფენი, დუკა-ჰერცოგნი, თავადნი და მღვდელმთავარნი, ვგონებ, ვიღაც-ვიღაცა მკრეხელთა, ვაჭრუკანათა ანდა მეგოდრეთა ჩამომავალნი არიან,
8. ხოლო სამადლო სახლთა შინა შეყრილ მრავლისუმრავლესთა გლახაკთა და უპოვართა წინაპარნი დიდ-დიდნი ხელმწიფენი და იმპერატორნი იყვნენ,
9. ‒ საკმარია გახსენება, რა ხაფად შეენაცვლნენ ჟამთა ტრიალში ასირიელთ ‒ მიდიელნი, მიდიელთ ‒ სპარსნი, სპარსთ ‒ მაკედონელნი, მაკედონელთ ‒ რომაელნი, რომაელთ ‒ ბერძენნი, ბერძენთ ‒ ფრანგნი.
10. და თუ ჩემსა ამბავსა იკითხავთ, უსაცილოდ რომელისამე მორჭმული მეფისა ანდა ძველთუძველესი შემძლე მთავრისა მისხის მისხი ვარ, რამეთუ მზისა ქვეშე ჯერეთ არცვინ დაბადებულა ჩემზედ მეტად მოსურვე გამდიდრებისა და გამეფებისა;
11. აი, მოგეცეთ ჭამისა მადა, მე მაშინ ჩავღლევდი და მივირთმევდი, თითსაცა არ გავანძრევდი, ჩხირსა არ გადავაბრუნებდი, ყელამდე ავავსებდი ჩემთა მოყვარე-მეგობართ და ყოველსა პირწყლიანსა და განსწავლულსა კაცსა.
12. გარნა თავსა იმითღა ვინუგეშებ, იმქვეყნად მაინც ჩავიგდებ ტახტსა და, ტყუილია, სხვა ჩემებრ დიდი ხელმწიფე სადმე მყოფობდეს.
13. მოდით, შეჭირვებისა ჟამსა თქვენცა მოიგონეთ ესეგვარი ანდა უკეთესი რამ გულისა დამაამებელი, და ყელი თუ გიშრებათ, გადაჰკარით, ღმერთმა შეგარგოთ.
14. აწღა კვალად ჩვენი ცხვრისა ამბავსა ზედა მოვალ და გეტყვით, რომა ძველთაგან მოაქჟამამდე ყოვლისა უფრორე სრულად ღვთისა წყალობითა ერთი მარტო გარგანტუას გვარტომობისა ნუსხა-დავთარი შემოგვრჩა, მესიისა საგვარტომო ნუსხასა თუ არ ჩავაგდებთ სათვალავში,
15. ხსენებული გვარტომობისა ნუსხა-დავთარი გარგანტუასი ჟან ოდომ იპოვნა თავის საკუთარ სათიბსა შინა გალოს მახლობლად, ოლივის ცოტა ქვემოთ, ნარსეს მხარესა.
16. მიწისა მთხრელთ ლამიან არხთ აწმენდინებდა, და იბედივ ისინი ერთ უზარმაზარსა აკლდამასა წააწყდნენ, თხარეს, ატრიალეს ბარ-ნიჩაბნი, მაგრამ იმსიგრძე იყო, ბოლო ვერა და ვერ მიუკვლიეს ‒ ნაგებ-ნაშენი სადღაც მდინარე ვიენის ჯებირთ იქით იკარგებოდა.
17. ბევრი უარეს თუ ცოტა უარეს, ბოლოს ადგნენ და ზედ იმ ადგილას შეტეხეს, სად სასმისი იყო გამოსახული და გარშემო კი ეტრუსკულ ასოთა დასხმითა ეწერა: Hic bibitur.
18. შეტეხეს და ცხრა ჭინჭილა ერთიმეორეზედ ისერიგად მიწყობილი ნახეს, ვითარ გასკონელთ კეგლთა ჩარიგება იციან.
19. შუალა ჭინჭილისა ქვეშე წიგნი რამ იდო ვეებერთელა, თვალთმიმზიდველი, ქვედამზიდველი, მწვირიანი, კოხტა, კოკროჭინა და ობიანი, სუნი ვარდის უმეტესად სდიოდა, ოღონდ, ვაგლახ, ვარდისა სუნი არ იყო.
20. აი სწორედ ამა წიგნსა შინა მოიხილეს ჩართული ზემორეუწყებული ნუსხა-დავთარი გვარტომობისა, სულ ერთიანად მრგვალი ხელითა ჩამოწერილი არა ეტრატზედა, არა ქაღალდზედა, არა ცვილოვანზედა,
21. და მიხმეს მრავალცოდვილსა, მოდი, აღმოგვიკითხეო.
22. მეც მოვივარგე სათვალე, მოვიმარჯვე ხერხი წარხოცილ ასოთა აღმოკითხვისა, არისტოტელე რო გვასწავლის, და ყოველივე გავარჩიე, რასაცა თავად ირწმუნებთ, უკეთუ უმალ ხელსა მიჰყოფთ პანტაგრუელობასა, ანუ ჭაჭანურისა წრუპვასა და პანტაგრუელისა საზარო ამბავთა კითხვასა.
23. წიგნისა ბოლოში საკურნებელ წიკომაკოდ სახელდებული მცირე რამ პირობისა წერილი მოიძიეს.
24. წერილისა თავი მღილთა და სხვათა და სხვათა ქვემგოგველ მავნებელ სულდგმულთ წაეღრღნათ.
25. დანარჩენსა კი, საბუთისა სიძველის პატივდებისა გამო, აქავე ვურთავ. აქა ღლევენ (ლათ.).
3
1. II. საკურნებელი წიკომაკო, ნაპოვარი ძველთუძველეს ნაოხართა შიგან
2. ეგ არი, ეგა, ვინცა კიმვრნი შემუსრა ხაფად, ...აგრამ აწ უკვე ცვარს გაურბის, შეჰყრია ფეთი.
3. ...ალხმა რა თვალი მოატანა ჰაერში ჯაბანს, ...უყველა ორე და ქვაფორე დაავსო ზეთით.
4. ...უა შარაზედ გამომდგარა ბებერი ერთი და გაიძახის: „დაიჭიროთ, ისა სჯობია, კიბე შეუდგით ან არადა ესროლეთ კეტი, წურწურით გასდის, ჩასვრილია, ნეხვის გობია“.
5. ზოგმა სამთხვევლად მიაშურა, ზოგი გარბოდა, ზოგსაც წურწურში ულოდნელად დაუდგა ხსნილი;
6. და საიდანღაც, სად ბევრია ტბაში ნაფოტა, მოვიდა კაცი ცრუპენტელა, აღაღო პირი, ისიტყვა: „ზეცამ აგაშოროთ, უფალნო, ჭირი!
7. ჩანს, უწმინდურმა მოგაღორათ, ჭკუა დაგტყუათ, რამეთუ ავად ამოსვრილხართ მახვრალნი მწვირით და ბოროტეულს დაუხურავს ნოქრის ბარტყულა“.
8. და მაშინ ერთი ჩაიკითხეს ბოლომდე კარი, რომელს არ აკლდა აზრთა სიღრმე, ვით რქანი ქოლიკს, და მან იყვირა: შემომხსენით ტიალი კრკალი, თავი გამისკდა, გამეყინა, წამერთვა გონი“.
9. უეცრად იქავ მოიხილა მცირე რამ ბოლი და სუნი ეცა შემოდგმული ცეცხლზედ თალგამის, რა დასთბა, ფრიად გაიხარა მოსულმა შორით, რაკი უგუნურთ პირთა უდევთ კვალად ლაგამი.
10. მერმე ნაპრალი გაიხსენეს წმინდა პატრიკის, გიბრალტარისა და სხვაც ბევრი ახსენეს ხვრელი, ბრალი ეძებეს დედამიწის ამა სატკივრის და გამთელება ხვრეტილთაგან დაასკვნეს ხმელის.
11. უფსკრულთა გმინვა მიწის შვილის ჯავრია ძველი, აფორიაქებს, არ ასვენებს არცროს ის ჯავრი, უკეთუ სადმე ამოივსო ჯურღმული ბნელი, წამერთ ეგრევე ნაწილ-ნაწილ გასცემს იჯარით.
12. და თითქოს ქარმა გადმოაგდო, ჰერაკლე უმალ გაჩნდა ლიბიით, ცოცხლად გაბდღვნა, აჩხავლა ყვავი.
13. ვაჰ!“ ‒ დასცდა მინოსს. ‒ მასპინძელი არ მინდა სტუმარს?
14. ვიღაცამ, ვიცი, მწარედ უნდა წააგოს თავი;
15. მაშ, ზედ შემახმეს, ნურც მქონია ამიერ მკლავი, თავად ეშმაკი დამემოყვროს, გამიხდეს სვინად, თუ გველ-ბაყაყით არ აგავსოთ, არ დაგცეთ ზვავი და ნართიანად საჩეჩელთან არ დაგსხათ შინა“.
16. მავანმა კოჭლმა, რომელს ქან.ბან. ერქვა სახელად, დააცხრო ხალხი, თვით შაშვთაგან მომაქვსო საშვი.
17. ციკლოპის ქვისლი ძველმა ბოღმამ რა გაახელა, მოსრა ყოველნი და უკლისად გაგზავნა ცაში.
18. ვინცა სათრიმლავს მაკინტალი მიადგა მაშინ, გააქიაქეს, განაქიქეს პირუტყვთმავლობა;
19. ერთხმივ დაჰკივლეთ სოდომელთა ცოდვიან კავშირს, კარგი არცარა მოჰყოლია იმათ მრავლობას.
20. იუპიტერის მოევლინათ არწივი უცებ, ნაძლევს დავდებო, მიმოავლო მიდამოს მზერა და სამოთხისა შემუსვრილი ეჩვენა ფუძე, რაჟამს გარშემო მოიხილა სიბილწის კერა.
21. და მეთევზენი სად ქაშაყით ვაჭრობენ ველად, იქით გაიჭრა, მოინატრა ცეცხლი ციური, ვით მასორეტნი ქადაგებდნენ ოდესმე ძველად, ლაჟვარდში ნახა მეუფება მარადიული.
22. პირობა დადეს, გარიგების იმძლავრა ნიჭმა, ბორგნეულ ატას შეუტიეს, შეჰკადრეს ბაყი, და დედაბერი, რომელიცა ჰყიდიდა წიწმატს, პენთესილეას მიამგვანა სუყველამ სახით.
23. მისცვივდნენ საწყალს და დასჭყივლეს: ახია, ახი!
24. აწ არც იფიქრო, თვალად ნასო, კვალად არამი, შენა ხარ, ვინცა რომაელნი ეშმაკის მახით აცდუნე ფიცხლივ და წარსტაცე ტყავის ალამი!“
25. და იუნონამ მიმოხედა ცად გარემოსა, ხელთ ბუ ეჭირა, მეჩიტია, ფრინველთა ზარად, არ გიხდებაო, დაუწუნეს, რაც გარემოსა, ჯერ ექილიკნენ, ბოლოს სულაც ჩააგდეს არად.
26. თუ პროზერპინას წაართმევდა ორ კვერცხსა ძალად, პირიანობა უსაცილოდ დია არგებდა, არადა მთის წვერს დააკრავდნენ ზოგ-ზოგთა დარად და ქვეშ კი კუნელს დაუგებდნენ ტურფა საგებლად.
27. ოდეს თხუთმეტი თვე გამოხდა, იჩქითად მზისით გამოჩნდა კაცი, კართაგენი რომელმან სძლია, სამკვიდრებელი მოითხოვა, ქონება თვისი, სიტყვას უბნობდა კანონიერს, ნაღდსა და გზიანს, არცარვის ცუდსა უპირებდა, არცარვის ზიანს,
28. თანახმა იყო გაყოფისა თანაბრად, სწორად, ვით მებარგულნი შუადღისას იყოფენ წვნიანს და რარიგ წუღის ლიანდაგი ლიანდაგს შორავს.
29. მაგრამ ერთხელაც არნახული დადგება ხანა და ქვეყნად დედის არ შერჩება ხორციელს ხსენი, ყარყუმის ბეწვქვეშ აუტყდება ხელმწიფეს ფხანა, სირცხვილეულთა საშინელი დაალპობს სენი.
30. ვაი იმ დღესა!
31. ნუთუ ერთი პირფერის ენით ამდენმა უნდა ჩაიაროს ნაოფლმა ფუჭად? ნიღაბს მოეშვით, გაიქეცით!
32. ძმა მოგდევთ გველის, ქვეწარმძრომელსა ალესილი ნესტარი უჩანს.
33. და როს წელიწადს გასავლელი გაუვა ყავლი, მზის ქვეშ მშვიდობა იზეიმებს, იხარებს გული, აღარ იქნება მძულვარება, ტაცება, ჯავრი, პატიოსნების დამკვიდრდება სუფევა სრული,
34. ვინცავინ სოფლად ცოდვის შვილი ვიდოდა კრული და ვინცა გუშინ უბედობამ ატარა რღვნაში, თავს დაადგება შარავანდის სხივთაგან წნული, თავისუფლებას მიანიჭებს მეუფის რაში.
35. და გაგრძელდება ჟამი ესე, სანამდის მარსი ჯაჭვით აბია და არ ძალუძს არცვისი ვნება.
36. შემდგომ კი მოვა გმირთა გმირი, ლომგული, ხასი, რომელს ფოლადის უმტკიცესი ექნება ნება.
37. არა და არა, არ მოიკლო ლხინი და შვება, სულ იღიღინე, მეგობარო, მწუხარე ნუ ხარ, დედისა მუცლით გაჩენილი სუყველა კვდება, დაბრუნებული ჯერეთ არვინ უნახავთ უკან.
38. ბოლოს იმასაც შეუკრავენ ანაზდად ხელ-ფეხს, ვის კაცობისა არა სცხია, ცვილისგან ქმნილა.
39. მუსუს მეზარეს აღარავინ შერაცხავს მეფედ და დამქაშობა დაუჯდება თანამდგომს ძვირად, სატევარს ვინმე თუ აართმევს თავისდა წილად, იცოცხლე, არცა ხერხი გვინდა, არცაღა ფანდი, მაშინ ხელდახელ მივიყვანდით სიკვდილის პირას და ერთი თოკით შეიკვროდა სუყველას დარდი.
4
1. III. ვითარ დაშთა გარგანტუა თერთმეტი თვე დედისა წიაღში
2. გრანგუზიე ერთსა დროსა დიდი დარდიმანდი ვინმე იყო, იმჟამინდელ ადათ-წესისამებრ უსაცილოდ ძირამდე სვამდა და ზედ მარილიანსა რასმე აყოლებდა.
3. ამად მიწყივ შაშხსა ქვეყნისასა ინახავდა, მაინცურსაცა და ბაიონურსაცა, არცა ბოლში გამოყვანილსა ხარისა ენასა გამოილევდა, საზამთროდ უზღვავსა ინაგრებდა ძეხვეულსა და მარილში ჩადებულსა ძროხისა ხორცსა თავის მდოგვიანად.
4. თუ ვინიცობაა დაეჭირვებოდა, ხიზილალა და კუპატიცა ბლომად მოეძევებოდა, ოღონდ ბოლონიური კი არა (რამეთუ ლომბარდიული სამსალისა ეშინოდა), ბიგორული, ლონგონეური, ბრენული და რუარგული.
5. უკვე კარგად მოწიფული ვაჟკაცი ეთქმოდა, ოდეს საპეპლეთისა ხელმწიფისა ასული შეირთო, თვალმშვენიერი, დოყდოყა გარგამელა.
6. იმა დღიდან მოკიდებული ისინი მალიმალ ორზურგა ხვადაგად გადაიქცეოდნენ ხოლმე, ეხახუნებოდნენ, ეფშვნიტ-ექლიშებოდნენ ერთმანეთსა, და არ გასულა ჟამი მრავალი, გარგამელამ მუცლად იღო, თერთმეტი თვე მიდგომილმა იარა და წიაღითა ატარა კოხტა ბიჭი.
7. თუმცა თერთმეტი თვე რა სათქმელია, როცა დედანი ხან მეტსაც ვლიან პირმუცელმიდგმულნი, მეტადრე თუ იმისთანა ვინმე უნდა გაჩნდეს, ვისაცა საქმეთა საგმიროთა ქმნა უწერია.
8. აკი თავად ჰომეროსიცა ბრძანებს, ნიმფამ რა ნეპტუნისაგან მუცლად იღო, ყრმა იგი სრულიად ერთი წელიწადისა, ანუ თორმეტი თვისა მერმე იშვაო.
9. როგორაც ავლუს გელიუსი ნათელყოფს (III წგნ.), ესევითარი ჟამგრძელობა ზუსტად შეჰფერის ნეპტუნისა სიდიადესა, ვინათგან ნეპტუნისა ყრმასა მხოლოდ ესდენ მყოვრად ძალედვა ხორცისა შესხმა ტერფით თხემამდე.
10. ამავე მიზეზითა იყო, იუპიტერმა ორი დღე-ღამის ოდენი რომ გახადა ალკმენესთან გატარებული ერთი ღამე, რადგან სხვაგვარად ვერ გამოსჭედავდა ჰერკულესსა, ურჩხულთაგან და მტარვალთაგან ქვეყნიერებისა დამხსნელსა.
11. უფალნი ძველნი პანტაგრუელელნი დასტურსა ჰყოფენ ნათქვამსა ჩემსა და აცხადებენ, სავსებით შესაძლოა, რომ დედაკაცმა ბავშვი დღიდან მამის სიკვდილისა თერთმეტი თვისა უკან შობოსო და, უსაეჭვოა, სჯულიერ, თავხსნიერ შვილად მიიჩნევენო:
12. ჰიპოკრატე, De alimento, პლინიუსი, წგნ. VII, თავი V, პლავტუსი, Cistellaria, მარკუს ვარონი ანდერძნამაგად წოდებულ სატირაში არისტოტელეს შესაბამისი დამოწმებითა,
13. ცენსორინუსი, De die natali, არისტოტელე, Da nat. Animalium, გელიუსი, წგნ. III, თავი XVI, სერვიუსი ეკლოგათა თარგმანებაში, როს ვერგილიუსისა ლექსს განმარტავს: Matri longa decem... და ა. შ.
14. და ბევრიცა სხვა დამთხვეული, რომელთა სათვალავი დია გამრავლდებოდა, უკეთუ სჯულისა მეცნიერთაც დავუმატებდით: ff. De suis et legit., I. Intestato § 13, აგრეთვე: Autent... De restitut. et ea que parit in undecimo mense.
15. ამისა თაობაზედ ერთი მამაძაღლური კანონიც შეითითხნა: Gallus ff. De lib. et posthu et I. septimo ff. De stat. homin, და კიდევ ზოგ-ზოგ სხვა კანონსაც მოვიშველიებდი, ოღონდ ჯერხნობით რაღაც გული არ მიშვებს.
16. ესევითარი სამართლისა წყალობით ქვრივ დედაკაცთ უშიშად ძალუძთ თავიანთ ნებისად თავისა აშვება მთელი ორი თვე ქმრისა მიცვალებისა შემდგომ.
17. მისმინეთ აჯა, ნუ დამზარდებით, კეთილნო ნაბოზარნო, და უკეთუ სადმე ქვრივ დიაცთა გადაეყრებით, ვისი გულისთვისაც ხვანჯრისა გახსნა ღირდეს, ჯერეთ თავად გაიხსნიდეთ და მერმე მეც მომგვრიდეთ.
18. მესამე თვეზედ რომც ისამსეოს, ბავშვი მაინც გამოტირებულ მამისად ჩაითვლება, და ქვრივი დიაცი რაკი ერთხელ მუცლად იღებს, გათავდა, მერე გზა უკვე ხსნილია!
19. ესეგვარად იქცეოდა, მაგალითადრე, იულია, იმპერატორ ოქტავიანეს ასული: თავიანთ კარისა მედაფდაფეთ ფეხთ მხოლოდ მაშინ აუშვერდა ხოლმე, ოდეს თავსა მძიმედ იგრძნობდა,
20. ვითარცა მეხომალდეთ იციან ‒ წინ-წინ დაგმანავენ ხომალდსა, კარგა მაგრად დაუდებენ და იალქანს მას უკან აუშვებენ.
21. თუ ვინმე გამოვა და დასძრახავს ქვრივ დედაკაცთ, ფეხმძიმობისა ჟამსა თავს არ უნდა იბაყლიანებდეთო, ძუკნა რომ ძუკნაა, მაკე ისიც კი არ იკარებს ხვადსაო, დედანი უმალ პირში ბურთსა ჩასჩრიან, ძუკნა სხვაა, მდედრი სხვაა,
22. რომელმან კარგად უწყის ფასი სუპერფეტაციისაო, და პოპულიამაც ხომ ოდესღაც ეგევე წართქვა მაკრობიუსის სატურნალიის II წიგნსა შინა.
23. და უკეთუ ეშმაკი მუცელქმნილსა დიაცსა არ გადაგყრის კაცსა, ჯერ არს, რომ სარგილი ადგილსა მოარგო და კრინტი არ დასძრა არცსად.
24. „ჭამადისა გამო“ (ლათ.). „კომედია კიდობანაკისა“ (ლათ.). „დაბადების დღისა გამო“ (ლათ.). „პირუტყვთა ბუნები[სათვის]“ (ლათ.). „დედას ხანგრძლივმა ათმა...“ (ლათ.).
25. [დიგესტები] საკუთართა და სჯულთ [იერთათვის], კა[ნონი] „უანდერძოდ გადაგებულთათვის“ (ლათ.).
26. ნოველები [უფლებათა კვალად მინიჭები]სათვის და აგრეთვე მეთერთმეტე თვეზედ გაჩენისათვის (ლათ.)
27. გალუსი [დიგესტები], შვილთათვის და სიკვდილი[სა შემდგომ დარჩენილ მემკვიდრეთათვის] და [დიგესტები], ადამიანის ქონებისათვის კა[ნონი] „მეშვიდე [თვეზედ]“ (ლათ.)
5
1. IV. ვითარ ამოიყორა გარგამელამ შიგანურითა მუცელი, ოდეს მიდგომილი იყო გარგანტუაზედ
2. ქვემოთ ყოველივესა წვლილად გაუწყებთ, რაგვარ მოიყარა მუხლი გარგამელამ, და უკეთუ არ ირწმუნებთ, უკანტანიმც გადმოგბრუნებიათ!
3. გარგამელას კი ზედ თებერვლისა სამსა გადმოუბრუნდა უკანტანი.
4. გადმოუბრუნდებოდა, აბა, რა კეთილი დაეყრებოდა, ქვეყნის გოდბიიო მიირთვა სადილად.
5. გოდბიიო შიგანურია ნაპატივარი კუაროსი.
6. კუარო ბაგეზედ და გიმოზედ ნასუქი ხვასტაგია.
7. გიმო სათიბია, ზაფხულში ორგზის ითიბება.
8. ესერიგად დაკლეს სამას სამოცდაშვიდი ათას თოთხმეტი საკლავად გასუქებული უსხი და ყველიერისა სამშაბათს მარილად ჩადება დაასკვნეს,
9. რა არის გაზაფხულზედა ულევად ჰქონოდათ ყაღი, რომ ღვინო მლაშე რამ მისაჭმელითა ესვათ და წყურვილაღძრულთ დრო-ჟამი ნადიმობათა შინა განცხრომაში გაეტარებინათ.
10. საკლავთა შიგანურ-გუჯაბისა, თავად უწყით, მთა დადგა, და თანაცა კიდევ ისეთი გემრიელი იყო, ჭამდნენ და ძღომასა ვერ იკიდებდნენ.
11. ოღონდ ვაი რომ მალიად სუნი შეეპარა, და იმოდენსა გრძელჟამიერ რა შეინახავდა!
12. არადა, გადასაყრელად ენანებოდათ.
13. ბოლოს, გაოხრებასა ისევ ერთბაშად შეჭმა ამჯობინეს და უხმეს ახლომახლო მსახლობელთ.
14. მოვიდნენ, მოჯარდნენ სენეელნი, სეელნი, ლაროშკლერმოელნი, ვოგოდრიელნი, კუდრემონპანსიელნი, ვედისფონელნი და არცა სხვა მეზობელნი დაჰკლებიათ.
15. ყოველნი სულ დარჩეულნი, ტალიკ-ტალიკნი, დოგა-დოგანი, მოლხინენი და დიაცთა კუდში მადევარნი იყვნენ.
16. ზნექველმა გრანგუზიემ დია გაიხარა და ბრძანა, ჭამა ძღომამდისაო და ღვინო თრობამდისაო, თანამწოლსა კი წასჩურჩულა, ნამეტურსა ნუ იზამ, რამეთუ თვეში ხარ და გუჯაბშიგანი ძნელად მოსანელებელიაო.
17. მერმე ისიც უთხრა, ემანდ უწმინდურსა რასმე კბილი არ გაჰკრაო, მაგრამ გარგამელამ არცრა შეისმინა, თექვსმეტი კარგა მოზრდილი კასრი, ორიც მომცრო კოდი და ექვსი ხალანი შიგნეული ეგრევე შექანქლა.
18. შექანქლა და, მოგეცათ ლხენა, იმას მუცელი დაადგა!
19. და ქეიფ-ხადილსა როს მორჩნენ, სოსეს მიაშურეს, ტკბილად ააჟღერეს ფლაჟოლეტი, გაბერეს სტვირისა გუდა და აბიბინებულ მოლსა ზედა იმისთანა ცეკვა-თამაში გაახურეს, ასი თვალიც ცოტა იყო საცქერლადა.
6
1. V. სიღოდა, ანუ მთვრალთაგან უბნობა
2. როკვითა რა გული იჯერეს, მერმე კვალად სუფრა მოესურვათ, ბარემ პური აქავე ჰაერზედა ვჭამოთო.
3. თქმა და სუფრისა გაშლა ერთი იყო.
4. შეიქმნა ბოთლთა ბზრიალი, ფრთა-კურტუმ ბარკალთ ტრიალი, სასმის-საწდეთა წკრიალი.
5. ‒ დამისხი, დამალევინე! ‒ სული ნუ დამალევინე! ‒ სუფრას არ აგარევინებ! ‒ არცა წყალს გაგარევინებ! ‒ წყლიანი აქეთ დაასხი! ‒ ეგრე იყოს, მომე სასმისი! ‒ ჰა, მიდი, ჩემსაში კლარეტი ჩამოუშვი! წვეთი არ დამაკლო, იცოდე!
6. ‒ ვისაცა სწყურის, ღმერთმა შეარგოს! ‒ თავსა აქაც არ გამანებებ, ციებასავით რო ჩამაცივდი! ‒ რა ვქნა, რაღაც ყელში არ ჩამდის, რა ჩემი ბრალია! ‒ ვითომ რა, უქეიფოდა ხარ, გენაცვალე? ‒ შენმა მზემა, კარგად ვერა ვარ.
7. ‒ თარალალი, თარანანო, ღვინის ჭირიმეო! ‒ პაპის ჯორისა არ იყოს, ვიცი, როდის უნდა ვსვა და დავლიო.
8. ‒ მე კი იმ ჩვენი ბერივითა ვარ, გინდა ღვინო ჩამირაკრაკებია, გინდა ჟამნი.
9. ‒ ნეტავი მაცოდინა, რა უფრო ადრეა გაჩენილი: მწყურვალება თუ სამწყურვალო?
10. ‒ მწყურვალება თუ არა, ისე ვინ დალევდა, როცა უწინდელი ხალხი ბალღსავით უმანკო იყო?
11. ‒ სამწყურვალო, ვუწყი, უსწრებდა, ვითარმედ privatio presupponit habitum. მღვდელთაგანი ვარ.
12. Foecundi calices quem non fecere disertum?
13. ‒ ჩვენცა ბალღნი ვართ, უმანკონი, უმწყურვალოდა ვყლურწავთ.
14. ‒ თქვენი არ ვიცი და მე, ცოდვილი, ღმერთმან დამიფაროს მაგისგან.
15. ეგების არცა მწყურის ხოლმე, მაგრამ ცოტა-ცოტაობაში მინდება კიდეცა.
16. თუ არ დალევ, რა მოგწყურდება? გამიგე, გენაცვალე?
17. სიფხიზლე უჭკუობაა, სიცოცხლე ღვინოშია!
18. ‒ მაშ, დაასხი დავლიოთ! ჩვენი წუთისოფელი სულ ღიღინში გავლიოთ!
19. ‒ დაიცა, ძმაო, ყანწი რა მექნა, ვინ ამაწაპნა?
20. ‒ ყანწსა ვინა ჩივის, მე ღვინოსაც აღარ მისხამენ!
21. ‒ შენა ყელისა სიმშრალე ხო არა გჭირს?
22. მაგას სისველე მოუხდება, ნაღდია.
23. ‒ მაგდენი არღა მესმის, ოღონდ სმა თუა, სმა იყოს! ‒ მიდი, დაასხი, მიდი! ‒ სიკვდილი ჩავკლათ ჯამშია, არ შემოვუშვათ ჯანშია! ‒ ვინცა ცოტა სვა, ისიც მოკვდა!
24. ‒ გინა სიკვდილი ყოფილა და გინა უღვინობა, ერთი მაგრა ჩავბუჟბუჟდეთ. მოკლას ხარი თივამა.
25. ‒ აბა, ჰა, მერიქიფენო, ჩვენი ხელობისა დავლიოთ, მსმელობისა! ვინცა არა ღლევს, კისრით დაალევინეთ!
26. ‒ კუჭნაწლავისა გვალვა მჭირს, ერთი კარგა უნდა დავიჟიო.
27. ‒ ეგ რაღაც იპრუნწკება. ჰაი, დედასა, ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია!
28. ‒ ღვინო, გენაცვალე, სუ სისხლში მიდის, ფეხსადგილისთვის სად არი!
29. ‒ დილას გაწმენდილნი ნაწლავნი თუ არ გავალაღლაღე, ისე არ გამოვა. ‒ ღმერთმანი, უკვე ფაშვი დამედო!
30. ‒ ე ჩემი სათამასუქე ქაღალდნიც რო ჩემსავითა სვამდნენ, აი მაშინ გენახათ სეირი, ნაყლურწნი ასონი, გიყვარდეს, ყირა-ყირა გადავიდოდნენ და სასამართლოსაც ავცდებოდი.
31. ‒ რაკი ხელი ღვინისკენ გაგირბის, ცხვირიც იმად გიწითლდება!
32. ‒ ამდენ ღვინოსა დალევა არ უნდა! ‒ რაღა სათითით ხმევა და რაღა ბეღურისა ზიარება!
33. ‒ ბარემ ბოთლიანად მოვიყუდებ. ‒ აბა თუ მეტყვი, რა განასხვავებს ლამაზმანისგან ბოთლსა?
34. ‒ სხვაობა დიდია: ერთნაირად ვერ დაუცობ.
35. ‒ რაც სწორია, სწორია! ‒ სმა ძველებისა გენახა, ჩაღლევა იმათ იცოდნენ.
36. ‒ ძველებურად ვიღიღინოთ, არ მოვიკლოთ ცივი ღვინო!
37. ‒ წყალზედ რა მინდა? ნაწლავთ ამისთანად რა წყალი გარეცხავს!
38. ‒ კი არ ვსვამ, ღრუბელივითა ვსრუტავ! ‒ მე ტამპლიერივითა მივირთმევ. ‒ მე შენი ჭირიმე, tanquam sponsus. ‒ მე კი ‒ sicut terra sine aqua.
39. ‒ არა, მაინც რა არი შაშხი? ‒ რა არი და, სუფრისა ცხონებაა, მარნისა კიბეა, ზედ ღვინისა კასრთ რო აგორებენ, აბა სტომაქში ისე რა ჩაიყვანს!
40. ‒ მაშ დავლიოთ, დავლიოთ, ჯერ ტვინში არ ასულა! Respice personam; pone pro duos; bus non est in usu.
41. ‒ ყოყინიცა რო ისე ვიცოდე, რარიგ ბოყინი ვიცი, მე და ჩემმა მზემან, კარგი ყოყინა ვიქნებოდი.
42. ‒ ჩვენი ჟაკ კერი უღმერთოდ სვამდა. ‒ ჩვენც ისერიგად გვეხმია, ჰხამდა.
43. ‒ ბახუსმა სუფრა გაშალა ინდთან. ‒ ღლეულმა ჯარმა დასცა მელინდა.
44. ‒ სადაცა წვიმს, ჩვენც იქა ვართ, გვიყვარს კოკისპირული!
45. ‒ აბა, მიდი, აზნაურიშვილო, ერთი კიდევ ჩამოასხი, თორემ საჩივარი წამოვიდა!
46. ‒ თქვენ დალევა შეიძელით, ღვინო ბევრია.
47. ვისხდეთ დილამდე და ვცალოთ ძირამდე.
48. ‒ შენ რა გინდა, მე ჩემსა მწყურვალებასა ვუჩივი. ნაჩივარი არ გამომიყვანო, აზნაურიშვილო!
49. ‒ ერთი, თუ ძმა ხარ, ა ეგ ნაჭერი გადმომაწოდე!
50. ‒ დაცლითა წინათაც ვცლიდი, აწ წვეთსა არღა ვუშვებ.
51. ‒ შინ ბავშვი არცვის გვიტირის, ვჭამოთ, რაც შესაჭმელია!
52. ‒ ი ჭრელი მოზვრისა ჯიგარი რო იყო, ტყუილია!
53. კარგა მოგისუფთავებია, ძმავ, პირისა გემოც ეგრეთი უნდა!
54. ‒ ჰა, გადაუშვი, არადა… ‒ დაძალება არ იყოს! ‒ კი არ გაძალებ, გვედრი!
55. ‒ მაშ, სანამ მაგრა არ შემეხვეწები, წვეთს არ ჩავუშვებ. თავპატიჟი მიყვარს, რა ჩემი ბრალია!
56. ‒ Lagona edatera. ორი დღეც რო მასხა, ამ ღვინითა მაინც ვერ გავძღები.
57. ‒ მეც რაღაცა უფრო მწყურდება.
58. ‒ მე კი გამოვიბრუჟე და თქვენი არ ვიცი.
59. ‒ ღვინო თუ არღა გწყურის, შენსა თავსა უნდა დააბრალო, წარამარა ნუნუას ოყნა სად გაგონილა!
60. ‒ ღმერთმა შექმნა ხმელი, ფეხთდასადგმელი, მარამ ვაი ამ დგომასა!
61. ‒ ნუმც მომშორებია ბაგეთაგან სიტყვა უფლისა: Sitio.
62. ‒ ალბათ ქვას უფრორე ადვილად მოერევა კაცი, ქანსელად სახელდებულსა, ვინემ მე მწყურვალებასა, რასაცა ეგზომ განიცდის მაღალღირსება ჩემი.
63. ‒ მადა ჭამაში მოდისო, უთქვამს ანჟე მანელსა. მაშ, წყურვილი სმაში გაივლის.
64. ‒ არი რამე წამალი მწყურვალებისა?
65. ‒ არი, ოღონდ ძაღლისა კბენასა რო გადაგარჩენს, იმის საპირისპიროა.
66. უკან ადევნებულსა თავის დღეში ძაღლი კბილსა ვერ გაგკრავს, მოწყურებამდისა წინწინ თუ დალევ, წყურვილსა რაღა ჭირი გაგიჩენს!
67. ‒ მერიქიფევ, ჩანჩალაო, ჩამოასხი ჩქარ-ჩქარაო!
68. მწდე ხარ, მწედ გვექმენ, საწდე არ დააშრო!
69. არგუსსა სიფხიზლისთვისა ასი თვალი ესხა, მერიქიფეს კი, ბრიარევსისა არ იყოს, ასი ხელი უნდა, აბა ისე სუფრასა რა აუვა!
70. ‒ რაც მეტსა დავლბებით, უფრო ჩავტკბებით!
71. ‒ თეთრი დაასხი, თეთრი! სულს ჩამოასხი, გულ-მუცელი მეწვის, გაალიცლიცე!
72. ‒ ჰა, არ მივუჭახუნოთ, რას იტყვი, მოსაგრევ?
73. ‒ მივუჭახუნოთ და მივუჭახუნოთ! შენი გამარჯვებისა იყოს!
74. ‒ გავიტენე, გავიჭყიპე, შენმა სიცოცხლემან, გავტყვრები! ‒ O‘lacryma Christi!
75. ‒ ეს დევინიერია, ეგ პინოა! ‒ ღმერთივით ღვინოა! ‒ ღვინო კი არა, ნამდვილი ხავერდია!
76. ‒ ოჰ, ოჰ, ოჰ, ამისთანა ტყუილია! ჩადის, მაგრამ რა ჩადის!
77. ცალყურაში ჩამოასხი, იმაში ბევრი ჩადის!
78. ‒ მიდი, რაც არი, არი, ერთიც შევუტიოთ, ბიძაშვილო!
79. ‒ შენ მარტო გვითხარ, დანარჩენი ჩვენ ვიცით!
80. ‒ Ex hoc in hoc! გადასხმა-გადმოსხმა და მამაძაღლობა ნუ იქნება.
81. ხალხია მოწმე, ჩემდენი არცვისა არ დაულევია!
82. ‒ წინა ვართ, წინა, შენ სმაში, მე სიმღერაში.
83. ‒ მსმელნო, ძველნო, მწყურვალენო, მაგ წყურვილში გენაცვალეთ!
84. ‒ აბა, ჰა, აზნაურიშვილო, ისე ჩამოუშვი, სასმურსა გვირგვინი დაადგეს!
85. ‒ კარდინალის სკარამანგსავითა წითლისა დაასხი! ‒ Natura abhorret vacuum!
86. ‒ ფრჩხილზედ დავიწურე, ისიცა შევსვი, მეტი რაღა ვქნა!
87. ‒ ეგრე, ეგრე, ბრეტონულადა ვყლუპოთ!
88. ‒ მოყუდება და დაცლა ერთი იყოს!
89. ‒ დალიე, დალიე, პირდაპირ მალამოა!
90. რაცა არა გვაქვს, ის გვინდა (ლათ.). ვისაცა უსვამს ბევრიო, ვინ არ გამხდარა მჭევრიო? (ლათ.).
91. დანიშნულსავითა (ლათ.). ვითარცა მიწა ურწყული (ლათ.). ნუ გავიწყდება, ვისთანა გაქვს საქმე, ორისა ჩამოასხი (ლათ.). დავლიოთ, ძმაო (ბასკ.). მწყურის (ლათ.). ქრისტეს ცრემლია (ლათ.). პირდაპირ გადაუშვი (ლათ.). ბუნება ვერ იტანს სიცარიელესა (ლათ.).
7
1. VI. ვითარ გასაოცრად იშვა გარგანტუა
2. მთვრალნი ჯერეთ ისევ ჯაჯღანებდნენ, გარგამელას მუცელმა რომ დაჰგვრიმა, და გრანგუზიე მსწრაფლ ზეწამოიჭრა, ჰგონებდა, ჟამი შობისა დაუდგაო.
3. მიეფერა, მიელაციცა, ემანდ სადმე ტირიფთა ქვეშე მოლზედ წამოწექი, სულ მალე ახალი ფეფები წამოგეზრდებაო, ოღონდ ახალშობილსა ყოჩაღად უნდა მიეგებოო.
4. ეგ საქმე, უწყოდე, გაგამწარებს, სამაგიეროდ ჩვილისა სიხარული ძველსა სიმწარეს დაგავიწყებსო.
5. ‒ გითხრობ და დასტურვყოფ კიდეცა, ‒ გულზედ ხელი დაიდო გრანგუზიემ.
6. ‒ იოანეს სახარებისა XVI თავსა შინა მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს: დედაკაცი რაჟამს შობს, მწუხარეა, რამეთუ მოიწია ჟამი მისიო, ხოლო რაჟამს შვის ყრმაი, არღარა მოეხსენოს ჭირი იგიო“.
7. რა კარგად უბნობ, შენსა ენა-პირს კი ვენაცვალე, ‒ მიუგო გარგამელამ.
8. ‒ სახარებისა მოსმენა უფრორე მიყვარს, სულსაც არგია და გულსაცა, ვინემ წმინდა მარგარიტას ცხოვრებისა ანდა სხვა რამ სათნევისა.
9. ‒ ნუ შიშნეულობ, შე შაქო, შენა!
10. ‒ გაამხნევა გრანგუზიემ, ‒ მიდი, განთავისუფლდი, მალე უკვე ახლისა შექმნა გვმართებს.
11. ‒ ვაჟკაცთ რა გენაღვლებათ რა! ‒ გაეპასუხა გარგამელა.
12. ‒ ღვთისა შეწევნითა აწ როგორმე გავირჯები შენის გულისათვისა.
13. ისე კი, დამბადებელსა ვფიცავ, შიგ ძირში უნდა მოგაჭრას კაცმა.
14. ‒ მაგას რაზედ უბნობ? ‒ ჰკითხა გრანგუზიემ.
15. ‒ აბა, აბა, თავს ნუ იკატუნებ, ‒ უთხრა გარგამელამ.
16. ‒ ძალიანაც კარგად უწყი, რაზედაც ვუბნობ.
17. ‒ რახან ეგრე გაუჯავრებიხარ ამა მგლის ლუკმასა ამასა, თუგინდ ეხლავ მოატანინე სატევარი, ‒ თავი არ დაიზოგა გრანგუზიემ.
18. ‒ უწინამც დღე არ გამითენდეს! ‒ ამწვიტინდა გარგამელა.
19. ‒ მომიტევე, უფალო, რამეთუ შეგცოდე.
20. ჭირი ენასა ჩემსა, მართალი არ გეგონოს.
21. ღვთისა იმედითა ვარ, თორემ, ვუწყი, რა შავი დღეცა მომელის, სულ ემაგის ბრალია, ძაან ანებივრებ.
22. ‒ ფიქრი ნუ გაქვს, თოლიგე! ‒ დააიმედა გრანგუზიემ, ‒ ნუღარაფრისა გეშინის, საძნელო უკვე განვლილია.
23. წავალ, ერთსაც გადავკრავ. უკეთუ გასატკივარდე, აქავ ახლოს ვიქნები.
24. ტაში შემოჰკარ, და წამერთ შენთანა ვარ.
25. პატარა ხანსა უკან გარგამელას კვნესა-კივილი მეცხრე ცასა მისწვდა.
26. მოცვივდნენ უმალ სრულიად იმა ქვეყნისა დედათმოურავნი, ანუ ამქმელნი ყრმათა, დაუწყეს ტლოყთა შუა სინჯვა, უფათურეს, უტრიალეს და სინჯვა-ფათურში ხელთ დია მქისე ნაგლეჯი მოხვდათ ტყავისა;
27. ის იყო პირი დააღეს, ვაშობინეთო, უნდა ეყვირათ და ყიტაწელი კი შერჩათ: ვითარცა ზემოთ იუწყეთ, სულ იმ შიგანურისა ბევრმა ჭამამ უყო, პირმუცელმიდგმულსა ფაღარათი შეჰყარა და უკან დიდი ნაწლავიცა იმად გამოუვარდა.
28. ადგა მაშინ ერთი უწმინდური დედაბერი, პირველ ჯანაოზად სახელქებული, იმა მხარეში ბარე სამოცი წლის წინათ ბრიზჰაილიდან ჩამოთესლილი, სენ-ჟნუს ახლო რომ არი, და რაღაც საშინლად შემკვრელი რამ წამალი შეასვა.
29. უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა საწყალი დედაკაცი!
30. მთელი უკანა ტანი მოეფხუწა და მოეპრუწა, ტყუილია, გინდ კბილითაც ჩაჰფრენოდით, პირსა მაინც ვერა და ვერ უჩენდით.
31. რაღა თავი შეგაბეზროთ, სწორედ ისევე მოხდა, ეშმაკს რომ მოუვიდა, როს წმინდა მარტინის პარაკლისისა ჟამსა ორი მეჭორე დედაკაცისა ნაჭორალი იწერა და მერმე კი ეტრატი კბილითაც ვერ გაშალა.
32. ამა ერთსა უბედურებასა მეორეცა ზედ დაერთო ‒ ჭინთვა-ჭიფხვაში მშობიარესა საშვილოსნოს ძარღვთა შესართავნი დაებერა და ყრმამან შიგ სისხლძარღვში დურთა თავი.
33. კარგა ხანსა აღმა-დაღმა იძვრინა, გაიარა შუასაძგიდსა შიგან და, რაჟამს იქ მიაღწია, სად ხსენებული სისხლძარღვი ორად იტოტვის, ხელმარცხნივ გაუხვია და ყურში გაძვრა.
34. აქაოდა ქვეყნად გავჩნდიო, სხვა ჩვილთა დარად კი არ ჩაბჟირებულა: აღუუ! აღუო!“
35. პირიქით, კაი ლაზათიანი ღრიალი მორთო: ნუ-ნუა! ნუნუა! ნუ-ნუაო!“
36. თითქო ქვეყანასა სასმელად უხმობსო, და ძახილი მისი ბიოსიდან ვივარემდე ისმოდა.
37. ვინ იცის, ეგებ არცა გეჯერებათ ამისთანა რამ დაბადება.
38. ნება თქვენია, საშუღარი რა მაქვს, ოღონდ არ დაგავიწყდესთ, წესიერთა და კეთილად განმსჯელთ ყველაკა სჯერათ, რასაცა გაიგონებენ ან წაიკითხავენ.
39. განა თავად სოლომონი არ გვაუწყებს იგავთა წიგნის XIV თავსა შინა: Innocens credit omni verbo და ა. შ.?
40. ანდა განა მოციქულმა პავლემ არა ბრძანა კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს XIII თავსა შინა: Charitas omnia credit?
41. მაშ, ვითომ თქვენ რატომღა არ უნდა დაიჯეროთ?
42. იმიტომაო, ალბათ იტყვით, რომა ამბავსა ამასა სიმართლისა ნატამალი არა ეტყობა რაო.
43. მეც სწორედ მანდა ვარ, და აი მაგიტომაც უნდა მერწმუნოთ, რამეთუ სორბონელნი პირდაპირ აცხადებენ, რწმენა უჩინო საგანთა გამჟღავნებააო.
44. ნუთუ აქა რამეა საწინააღმდეგო ჩვენი სჯულ-კანონისა, ჩვენი სარწმუნოებისა, საღი აზრისა, საღმრთო წერილისა?
45. თქვენი არ ვიცი და, ჩემის ჭკუით კი, ამგვარსა დაბადებაში სრულიადაც არა არის რა საპირისპირო დაბადებისა.
46. უკეთუ ესეგვარი იყო ნება ღვთისა, რომელი თქვენგანი მოჰყვება მტკიცებასა, უფალსა არ ძალედვა ეგევითარი საქმისა ქმნაო.
47. ნუ, ნუ აიტკივებთ, თუ ხალხნი ხართ, აუტკივარსა თავსა.
48. უფლისათვისა არცრა არს შეუძლებელი და თუ მოინებებდა, დედანი სულ ყურთაგან შობდნენ ყრმათა.
49. ბახუსი რა, იუპიტერის თეძოდან არ იშვა?
50. როკტალიადი განა დედის ქუსლიდან არ დაიბადა?
51. კროკმუში ძიძისა ფეხსაცმლიდან არ გაჩნდა?
52. მინერვა განა იუპიტერის ტვინსა შიგან არ ჩაისახა და ყურიდან არ გამოუძვრა?
53. განა ადონისი მირონმდინარი ხისა ლოპოდან არ გამოვიდა?
54. ხოლო კასტორი და პოლუქსი რა, ლედას კვერცხითა არ გამოიჩეკნენ?
55. და განცვიფრება და გაკვირვება თქვენ მერე გენახათ, რომ ავმდგარიყავ და ეხლავ ბოლომდისინ ჩამებულბულებინა პლინიუსის ის ერთი წერილი, სად წვლილად არის თქმული ამბავი უჩვეულო და არაბუნებური მშობიარობისა!
56. მაგრამ იმასავით წარამარად ლაპარაკსა ვერ დავიწყებ, აიღეთ, თავად წაიკითხეთ ბუნებისმეტყველება იმისი, VII წიგნის III თავი, და დამეხსენით, გული ნუ გამიწვრილეთ.
57. უმანკო სარწმუნოდ მიიღებს ყოველსა სიტყვასაო (ლათ.). სიყვარულსა ყოველი სწამსო (ლათ.).
8
1. VII. ვითარ დაარქვეს სახელი გარგანტუას და რარიგ იწყო მან წრუპვა ღვინისა
2. ქველი გრანგუზიე შუა ქეიფში იყო, საშინელი რამ სხავილი რომ შეესმა ახალშობილი შვილისა.
3. ნუნუა! ნუნუა! ნუნუაო!“ ქვეყანას აქცევდა ახალდაბადებული.
4. კე გრან ტუ ა!“ შესძახა მაშინ გრანგუზიემ, ე რამხელა გქონიაო, ყანყრატო, შვილო, შენ დაიტრაბახეო.
5. ამისი თქმა იყო, და მეინახენი ერთხმივ აყაყანდნენ, ძველთა ისრაელთა დარად და მაგალითებრ ყრმასა უცილოდ გარგანტუა უნდა დავარქვათ, რამეთუ ძისა გაჩენასა მამა ამა სიტყვითა შეხვდაო.
6. გრანგუზიე თანახმა გაუხდა, დედასაცა ფრიად მოეწონა პირმშოს სახელი, მერმე, ეგების ცოტა დაშოშმინდესო, კარგა ბლომად ნუნუა გადააყლურწეს და მოიღეს ემბაზი, ჩასვეს და დალოცვილი ქრისტიანული წესისამებრ მირონი სცხეს.
7. მას უკან პოტილიდან და ბრეემონიდან ჩვიდმეტი ათას ცხრაას ცამეტი რქა მეწველი ფური მორეკეს, რადგან მთელ იმოდენა ქვეყანაში არცვინ არ იყო იმისთანა მეძუძური, ვინცა ყრმისა მარჩენლად გამოდგებოდა.
8. თუმცაღა ზოგ-ზოგან სკოტელნი მწიგნობარნი იტყვიან, დედა აწოვებდაო, ერთ ჯერზედ ძუძუთაგან ათას ოთხას ორი კასრისა და ცხრა კოჭობი რძისა გამოწველა ძალედვაო,
9. და რა გამოხდა წელიწადი და ათი თვე, ექიმთა რჩევა ჭკუაში დაუჯდათ და ბავშვისა გარეთ გაყვანა იწყეს.
10. შეაბამდნენ აზავერთ კოხტა ოჭიორაში, რომელიცა მავანმა ჟან დენიომ გამართა, ზედ ყრმასა წამოასკუპებდნენ, და დაჰქროდა ისიცა აღმა-დაღმა, გამვლელსა და ჩამვლელსა სუყველას თვალსა სტაცებდა: ღაბუა ბიჭი იყო, ტოტყი, ღაბაბი რატო ორი ცხრა ნაკეცი მაინც არ ეკიდა!
11. ჩხავილითა იშვიათად ჩხაოდა, ჩასვრით კი, ღმერთმან იცის, წამდაუწუმ ისვრებოდა.
12. აბა რას არ ჩაისვრებოდა, მთელი უკანტანი ვაგლახად მოლორწოებოდა საცოდავსა.
13. რისი ბრალი იყო, და ჩემი ჭირიმც შეგყრიათ, ცოტა აგებულებისა, ცოტაცა კიდევ სხვა გარემოებისა, ანუ ჭაჭანაურის ნამეტანი ყლურწვისა.
14. დაღათუმცა, მართალი თუ გინდათ, უმიზეზოდ და უსაბაბოდ არცროს პირში წამლად არ ჩაუშვებდა.
15. უკეთუ გააჯავრებდნენ, აწყენინებდნენ რასმე, გამიზეზდებოდა ანდა კრუსუნებდა და ვიშვიშებდა, როს აღარა ესმოდა რა, იჭაჭებოდა და იკვლანჭებოდა, აი მაშინ ეგრევე მოაწაფებინებდნენ, და დაცხრომაც ზედ იყო, კვალად ისევ უწყინარი და ხალისიანი ხდებოდა.
16. ერთმა დედამძუძემ პირისწყლისა ფიცილითა მითხრა, წრუპვა-ყლურწვაში სმასა ისერიგად მიეჩვია, ჩაფი ან ჭაფრუკა თუ გაჟღარუნდა, ტარაბუა ესხმის და აღარცრა ახსოვს, იტყვი, სამოთხისა კარი გაეხსნაო.
17. ძიძა-გამდელთ დია მოსწონდათ ყრმისა ესეგვარი ღვთაებრივი ზნე-ხასიათი და ამა ვითარებისა გამო დილდილითა მართოდენ იმით ართობდნენ, რომა კულასა დანითა აკაკუნებდნენ, საწდესა საწდითა აწკარუნებდნენ, ჭინჭილასა ჭინჭილაზედ აჭახუნებდნენ
9
1. VIII. ვითარ შემოსეს გარგანტუა
2. მამამ ჯერეთ ისევ ყრმა შვილისთვის შეაკერინა სამოსელი საგვარეულო ფერისა: თეთრმორეული ცისფერი.
3. შესამოსელსა ამასა დიდი დავიდარაბა დასჭირდა, ვინემ გამოსჭრიდნენ და შეჰკერავდნენ შესაბამისად იმჟამინდელი მოდისა.
4. ქალაქ მონსოროს წერილთსაცავსა შინა შემონახულ ძველისძველ სიგელ-გუჯართა მოწმობითა, ნიშანდობლივ ვიტყვი, რათაცფრად შემოსეს გარგანტუა.
5. პერანგსა იმისას ცხრაასი წყრთა შატელროდის ტილო მოუნდა, ხოლო იღლიათა ქვეშე ჩაკერებულ ორ პერანგის ბარტყსა ‒ ორასი.
6. კვართი იგი ნაოჭაუსხმელი იყო, რამეთუ ნაოჭასხმული მხოლოდ მას უკან მოიგონეს, ოდეს თეთრეულისა მკერვალნი ნემსისა ყუნწში ძვრებოდნენ თავწვერიანისა საძებნელად.
7. ქუქუნაკსა იმისას რვაას ცამეტი წყრთა თეთრი ატლასი დაახარჯეს, თასმა-კოპი კი ათას ხუთას ცხრანახევარი ძაღლის ტყავისა დაჭრეს,
8. საწმერთულსა, არცა მეტი, არცა ნაკლები, ათას ას ხუთი წყრთა და კიდევ წყრთისა მესამედი თეთრი შალისა ნაჭერი დასჭირდა.
9. ტოტნი სვეტებრ გამოუყვანეს და უკან, ზედ წელთან, აქეთ-იქით ორ-ორი ჩაქი დააყოლეს, რათა ყმაწვილსა თირკმელნი არ ჩაჰხურებოდა.
10. ამა ერთი ხელისდადება გახსნილ ადგილთ სულერთიანად ცისა ფერი დამასკური ხრა ამშვენებდა შესაფერი ზომისა.
11. არ დაგავიწყდეთ, ბარე ერთსა და ორსა შეშურდებოდა ლამაზად ჩამოსხმულნი და ტანისა ტოლფარდნი ბარკალნი ყრმა გარგანტუასი.
12. ნიჯგორ-საბიძალსა, ანუ დუქან-საჭუჭუესა თექვსმეტი წყრთა და წყრთისა მეოთხედი მოუნდა იმავ შალის ნაჭრისა, ესე იგი სკლატისა, და ოდრიკალსავითა გამოჭრილი კოხტად იყო ორი ენამინანქრიანი ოქროს მამალი დუგმითა დამაგრებული.
13. იმა ორსავ დუგმაში ორი ფორთოხლისოდენა ზურმუხტისა ქვა ჩაესვათ, ზურმუხტისა ქვა კი, ვითარ ორფევსი De lapidibus და პლინიუსი libro ultimo იტყვიან, დიდად აღძრავს და აქვარკინებს ივ-სარცხვინელსა კაცისასა.
14. ბუდე დუქან-საბიძლისა წყრთანახევრითა წინ იყო გამოწეული, და საწმერთულსავითა ამისთვისაც ალაგ-ალაგ ჩაქი დაეყოლებინათ სულ ისევ დატალღებული, ცისფერი დამასკური ჭიჭნაურითა დამშვენებული,
15. და უკეთუ თვალსა შეავლებდით ნაოქროხელარ ოქრონემსულსა და ოქროქსოვილსა, ხალასი ლალ-ანდამატით, ზურმუხტ-ფირუზითა და სპარსული მარგალიტით გაწყობილსა,
16. საბიძალსა მას უცილოდ იაჯავარ სიუხვისა კოკასა შეადრიდით, ძველთა ხელფურჩთაგან ნაოსტატარსა, რომლისა დარი და მსგავსიცა ქალღმერთმა რეამ ორსა ნიმფასა უბოძა, ადრასტეასა და იდას, იუპიტერისა გამომზრდელთ.
17. და მართლაც რაღა კოკა უხვებისა და რაღა ოქრომოთვალული საბიძალი იგი,
18. მიწყივ აყვავებული, გალაღებული, გათქვირებული, მიწყივ პოხიერი, მიწყივ ნოყიერი, მიწყივ ღონიერი, ნაყოფმდიდარი, სიტკბოჩამომდინარი, მიწყივ მცინარი, სიკეთითა და სიამით აღვსებული, თავად ღმერთია მოწმე, რა დიდებული რამც იყო!
19. თუმცა უფრორე წვლილად ამასა წიგნი ჩემი ‒ ღირსებანი დუქან-საბიძალისანი მოგითხრობთ.
20. ერთი კია, საბიძალი ისი მარტო უმეტეს ზომისა წარზიდული და ბლომი როდი იყო, შიგნიშიგაც ბლომად მოიძევებოდა ყოველივე და სულაც არა ჰგავდა პრანჭვასა გადაყოლილთა პირფერ დუქან-საბიძალთ, დიაცთათვისა დია დასაკლისად ოდენ ნიავქარითა გამოტენილთ.
21. წაღა-წუღასა გარგანტუასას ქაფალად, ანუ საპირედ ოთხას ექვსი წყრთა ცისფერი ხავერდი მოუნდა.
22. ხავერდისა ნაჭერი ზუზივ-წუწივ შუაზედ გაჭრეს და ცალ-ცალკე მრგვლად ამოკერეს.
23. საძირეზედ ათას ასი ძროხისა ტყავი დახარჯეს, მუქი წაბლისფერი, და ჭვინტნი ნემსებრ წაუწვეტიანეს.
24. ახალუხსა ათას რვაასი წყრთა ღია ლურჯი ხავერდი მოანდომეს.
25. ფათანაკერ ხავერდსა გარეშემო ფოთოლგამოტანილი ვაზისა რქალერწი ჰქონდა შემოვლებული, შუაგულში კი ფრიად შვენოდა ვერცხლისა კლაპიტონის სამწდეურნი, შემკულნი ურიცხვი პეტალითა და მარგალიტითა.
26. მთელსა ამა ბილიხტონში გადაკრულად ის აზრი იყო, რომა ოდესმე გარგანტუა უაღრესი მსმელი დადგებოდა.
27. სარტყელი სამასნახევარი წყრთა აბრეშუმისებრი სარჟისა შეუკერეს.
28. სარჟი იგი ნახევრად თეთრი და, უკეთუ არ მეშლება, ნახევრად ცისა ფერი იყო.
29. დაშნა ვალენსიური არა ჰქონია, არცა ხანჯალი სარაგოსული, რამეთუ მამამისსა თვალისა დასანახად სძაგდნენ იქაურნი შებრუჟებულნი იდალგონი, ესპანელთა და წყეულ ურჯულოთა ნარევნურევნი.
30. დაშნა-კალდიმი გარგანტუასი ხისა იყო, ოღონდ ჩინებული, ხანჯალიცა გაპოხილი ტყავისა ეკიდა;
31. ორივ ერთად კი, ფერადოვანი და ოქროცურვებული, ავისა თვალითა არა ინახვოდა.
32. ქისა სპილოს ჭანჭლისა ჰქონდა, ჭანჭალი ესე ლიბიის პროკონსულსა ჰერ პრაკონტალს ებოძებინა.
33. ლაბადასა იმისას ორ მესამედ ნაკლები ცხრა ათას ექვსასი წყრთა მხიარული ლურჯი ხავერდი დასჭირდა.
34. ხავერდსა ზედა გეზად და ალმაცრივ მრავალი რამ სახე იყო მალათითა ამოქარგული, და თუ უჭვრეტდი, უცხოდ ლივლივებდა და ბზინავდა, ვითა გვრიტისა ყელი, თვალგასახარად მნახველისა.
35. ქუდი თეთრი ხავერდისა შეუკერეს, სულ სამას ორი წყრთა და ორი გაბაჯანი მოუნდა.
36. ფართო და მრგვალი კიდარი იყო, შესაფერი თავის მოყვანილობისა.
37. ხოლო ყანასაებრ აბიბინებულ თავსარქმელთ, ყოველთა გამავრებულ ძაღლთა და მამაძაღლთ რომ ახურავთ, მამამისი კარგი თვალითა არ უცქეროდა.
38. მაგათ უბედურება მოაქვთო, იტყოდა ხოლმე, თვისთა შუბლაპარსულ პატრონთათვისაო.
39. თომარ-ჯიღად უშველებელი ლამაზი ცისა ფერი ფრთა შვენოდა ვარხვისა, რომლისა ჯიშიცა ჰირკანიის უდაბურ ადგილთა შინა ბუდობს.
40. ფრთა იგი ზედ მარჯვენა ყურთან დია კოხტად გადმოჰფენოდა.
41. ქუდისა ნიშანი ოქროსი ეკეთა სამოცდარვა მარკის წონისა და ზედ კუკი იყო მიკრული მინანქრისა.
42. მას კუკსა თავი ორი ება, ერთმანეთისკენ პირმიქცეული, ხელი ოთხი ესხა, ფეხიცა ოთხი და საჯდომი ორი უჩანდა, რამეთუ, ნადიმსა შინა პლატონისა თქმულისა არ იყოს, ესეგვარია ბუნება კაცთა დასაბამიერი იდუმალი არსითა.
43. კუკისა ამის გარშემო იონურ ასოთა დასხმით ეწერა: H AΓAPH OΥ ZHTEI TA EAΥTHΣ
44. ყელზედ ოქროს ფარღული ეკიდა წონითა ოცდახუთი ათას სამოცდასამი მარკა ოქროსი და სულ მუშტისოდენა თვალსა და თვალს შუა უცხოდ ელავდნენ დიდრონ-დიდრონი მწვანე იასპის გველეშაპნი, რომელთა დარნი ესხა ოდესღაც თვით მეფე ნეჰეფსსა.
45. ფარღული იგი გულისა კოვზამდე სწვდებოდა, რისა მარგებლობაც, რაიცა კარგად უწყოდნენ ბერძენ მკურნალთ, მთელი სიცოცხლე არ მოჰკლებია გარგანტუასა.
46. თათმანთათვის ოთხში ამოღებული თექვსმეტი ჭინკისა ტყავი დახარჯეს, ხოლო ქობისთვისა სამი დევქაჯი გაატყავეს და ყოველივე ისე აღასრულეს, ვითარ სენლუანელნი კაბალისტნი ბრძანებდნენ.
47. ბეჭედნიცა უხვად აესხათ (ვინათგან მამასა სწადდა გვარისშვილთა ამა ძველისძველი ჩინებულებისა აღდგენა): მარცხენა ხელის სალოკსა თითზედა ოფაზისა კოხტა ქულიჩიანი წითელი ლალი ჰქონდა წამოცმული, სირაქლემას კვერცხისა ოდენა;
48. იმავ ხელისა არათითსა უცხო რამ ბეჭედი უმშვენებდა ‒ ჯერაქამომდე არნახული და გაუგონარი ოთხთა ილეკროთა შენადნობი,
49. რომელსა შიგან ფოლადი ოქროსა არა სთხრიდა, ვერცხლი კი სპილენძსა არა ბინდავდა, იშვიათი რამ ნაოსტატარი იყო კაპიტან შაპუისა და იმისი დარბაისელი მოსაქმის ალკოფრიბასისა;
50. მარჯვენა ხელისა არათითზედ თვალედი ბეჭედი შვენოდა, ბეჭედში ბადახში იყო ჩასმული, ღია მოწითალო ფერისა, აგრეთვე თავგამწვეტებული ბრილიანტი და ზურმუხტი ფიზონური,
51. რომელთაც უღირალი ფასი ედო, რამეთუ ჰანს კარველი, მელინდისა მეფისა უებრო ოქრომჭედელი, სამოცდაცხრა მილიონ რვაას ორმოცდათოთხმეტი ათას თვრამეტ „გრძელმატყლიან სადგამად“ აფასებდა, ამავ ფასსა სდებდნენ აუგსბურგელნი ფუგერნიცა.
52. „ახსნანი“ (ლათ.) ‒ შუა საუკუნეების ლოგიკის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც გარკვეული ტიპის მსჯელობათა ანალიზს ახდენს.
53. „სპეკალთათვის“ (ლათ.). ბოლო წიგნში (ლათ.). სიყვარული არა ეძიებს სარგებელსა (ბერძნ.).
10
1. IX. გარგანტუას შესამოსლისა ფერთა გამო
2. ვითარცა ზემოთ იუწყეთ, გარგანტუა თეთრცისფრად იყო შემოსილი.
3. მამამისი ამითა ხალხსა გულისხმაში აგდებდა, შვილი ზეგარდმო სიხარულად მომევლინაო, რადგან თეთრი ფერი იმის თვალში სიხარულსა, სიამესა, შვებასა და ლხენასა ნიშნავდა, ხოლო ფერი ცისა ‒ ყოველსავე ციურსა.
4. ვიცი, ამა ადგილსა წაიკითხავთ თუ არა, თავსაცილსა დამაყრით ძველსა ლოთ-მებრუვესა, სად გაგონილა ფერთა ესერიგად უფერული და უსაზმნო წართქმაო, და სიტყვას გამიტრიზავებთ, თეთრი ფერი იგივ მორწმუნეობააო, ცისა ფერი კი ‒ გულმოუდრეკლობაო.
5. უკეთუ გსურთ, გამიტრიზავეთ, რა ვქნა, ოღონდ გულსა ნუ გადმოიბრუნებთ, ნუ გაჯავრდებით, დინჯად, გაუბრაზებლად იუბნეთ (სხვა არა იყოს რა, საფრთხილო დროში ვართ!).
6. ღმერთი, რჯული, სულაცა არ ვაპირებ ვინმეს დათათბირებასა.
7. თუ კაცნი ხართ, სველი საღვინე არ დაგავიწყდეთ.
8. და ერთი კი უნდა გკითხოთ: არა, მაინც რა ცეცხლი წაიკიდეთ? რას გაცოფდით?
9. ვინ ჩაგჩიჩინათ ეგ აზრი, თეთრი ფერი იგივ მორწმუნეობაა და ცისა ფერი ‒ გულმოუდრეკლობაო?
10. ვინა და, ერთმა არღა საკითხავმა წიგნმაო, მეტყვით, ფერთა ჰერალდიკად სახელდებულმაო, ფერეზიკნი და მეწვრიმალენი რომ ჰყიდიანო.
11. მერედა, ვინ შეთხზა წიგნი იგი?
12. ვინაც გინდა იყოს, დედა ვაცხონე იმისი და მამა, ძაან წინდახედულად კი მოქცეულა, ოდეს ზედ სახელი არ წაუწერია თვისი.
13. დაღათუმცა, დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, ცუდმედიდობით მოუვიდა თუ სიბრიყვითა.
14. ჩანს, უფრორე ცუდმედიდობა სჭირდა, რამეთუ არცა საფუძველსა იშველიებს რასმე, არცა საბუთსა და მიზეზსა, მარტოდენ ვარაუდსა ეფუძნება თვისას და ადგენს, ამა ფერსა ესე უნდა განვმარტავდეთ, იმა ფერსაო ისეო.
15. ამგვარია წესი და ჩვეულება მტარვალთა, ისინი საღ აზრსა უმალ თავიანთ ნება-წადილსა ანაცვალებენ და არა უგავთ რა მეცნიერთ, საბუთიანი აზრისა ფრიად პატივისმდებელთა.
16. ან ეგებ სიბრიყვემაც უყო, რადგან ჰგონია, უსაფუძვლოდაც და უსაბუთოდაც მერწმუნებიანო, კვალში არცვინ არ ჩამიდგება და ყოველთა კაცთ მარტო ცარიელი ჩაგონებით შევათხზვევინებ ზედწერილთა, ანუ დევიზთა თვისთაო.
17. და აკი (მართალი თქმულა, ალხანას ჩალხანა არ დაელევაო) იპოვნა კიდეცა ვიღაც-ვიღაცა ჟამგარდასულნი მოლაყრუნი, რომელნიცა ერწმუნნენ, მართლა კარგი რამ დაგიწერიაო.
18. მერმე ადგნენ და იმის წიგნისდა კვალად მრავლისმრავალი ბრძნადნაკაზმი ლექსი და შეგონება შეაკოწიწეს,
19. ზოგითა თავიანთ ჯორთა აღკაზმულობა და შინაკაცთა სამოსი მორთეს, ზოგითა საწმერთულნი მოიხატეს, ზოგი ხელთათმანთა ზედა ამოაქარგინეს,
20. გავალაკთა ზედა ამოანემსინეს, გერბთა ზედა წაგლისეს ანდა სიმღერათა შიგან თაფშურმად ჩატმასნეს და ზოგითაც (სათქმელადაც კი მიჭირს) ცოტანი როდი შებღალეს ალალმართალნი ოჯახისა დედანი.
21. აი, რარიგ აერიათ ჟამკარი სასახლისა კარის სალუქთა და მზმელ-მოლაყბეთ!
22. უკეთუ ზედწერილად ნადიმსა ირჩევენ, უსაცილოდ ნადირსა ახატვინებენ, ბედსა აბედს უთანადებენ, ქირასა ‒ ქილასა, ქორწილსა ქორისა წილად წარმოიდგენენ, სირაქლემასა ‒ სირად და აქლემად, ბერკვიცასა ‒ ბერად და კვიცად, ენასა და ძელსა კი ენძელად სახავენ.
23. ვინცა ამა ყოვლად უკბილოსა და ყოვლად უგვანსა, ყოვლად ბედითსა და აბდაუბდა მაჯამა-შეყრილთ იხმარს, ოდეს კაზმული სიტყვა კვალად აღორძინდა ფრანგთა ქვეყანასა შინა, იმას მელის კუდი უნდა მიაკეროს კაცმა საყელოზედ და თავპირსა ზედა ძროხისა პატივი უნდა დასდოს.
24. მეცა ესერიგად რომ ვსაზრავდე (თუმცა, რა საზრი, რის საზრი, აქა აზრი რა მოსატანია), ავდგებოდი და ხერხსა დავახატვინებდი ნიშნად ჩემის ხერხიანობისა, მოლხენა თუ მენდომებოდა, მაშინ მოლი და ხენი ზედგამოჭრილი იქნებოდა,
25. ხოლო ძაღლნიორათი ქვეყანას ვამცნობდი, ძაღლმა ნიორი შემიჭამა- მეთქი, ვარშამანგითა ფარშავანგსა ვიგულვებდი, დევატაფითა ‒ ტაფიან დევსა,
26. ოფოფსა ფიალას დავაჭერინებდი, ოფიციალად მოვნათლავდი, ხვანჯარსა ხანჯალს დავარქმევდი და ჩემსა მყვარსა, ანუ მყვარებელსა მყვარად მოგაჩვენებდით.
27. ძველეგვიპტელნი ბრძენკაცნი კი სრულიად სხვარიგ იქცეოდნენ.
28. ისინი აზრთა თვისთა საცნობებლად სახეთა და ნიშანთ რასმე იყენებდნენ, იეროგლიფად წოდებულსა.
29. წერა იგი ძნელად მისახვდომი იყო და მხოლოდ იმას გაეგებოდა, ვისაც იეროგლიფით გამოსახული საგნისა თვისება, თავისებურება და ბუნება ესმოდა.
30. ამა სახე-ნიშანთა გამო ჰორუს აპოლონმა ორი წიგნი დაწერა ბერძნულად, ხოლო უფრორე წვრილად შეეხო პოლიფილი სატრფიალო ზმანებათა წიგნში.
31. ფრანგთა ქვეყანასა შინა მსგავსი რამ ბატონ ადმირალის ზედწერილშია თქმული, რაიცა მან თავის მხრივ ოქტავიანე ავგუსტუსისგან გადმოიღო.
32. აწღა კვლავ იმავ ნავსაყუდელსა უნდა მივაშურო, საიდანაც დავიძარ, თორემ ესდენ საშიშარი ბრაგა-ალალუღი კარგსა არას გადამყრის.
33. ოდესმე, ალბათ, ზედმიწევნითა გადმოგცემთ და რარიგადაც ფილოსოფიურ სიტყვათა დამტკიცებით, ისე სახელგანთქმულ ძველთა ბრძენთა თანხმობით, უსაეჭვოდ ნათელვყოფ, რაოდენია ფერი ბუნებაში, რა არს ფერთა არსი და რისა აღნიშვნა ეგების თვითეულისა ფერითა,
34. ოღონდაც, მაღალსა ღმერთსა ვენაცვალე, მხრიდან არ ჩამომვარდეს შესადგმელი არახჩინისა, ანუ ჩარექიანი, ვითარცა ცხონებული დიდედაჩემი წარიტყოდა.
11
1. X. თეთრისა და ცისა ფერისათვის
2. დიახ, უსაეჭვოდ სიხარულსა, შვებასა და ლხენასა ნიშნავს თეთრი ფერი, და არცრასა ვაზვიადებ, ყოველივე სინამდვილეა, რასაცა თავად ერწმუნებით, უკეთუ წინაზრახვაზედა უარსა იტყვით და ეხლავ სასმენელთ მომაპყრობთ.
3. არისტოტელე ამტკიცებს, ერთმანეთისა მოპირისპირე ცნებანიო, ვთქვათ, სიკეთე და ბოროტება, სათნოება და უკეთურება, ცივი და ცხელი, თეთრი და შავი, ნეტარება და ტანჯვა, სიხარული და მწუხარება და მისთანანი,
4. თუ მრჩობლად, ანუ წყვილ-წყვილად ისე რიგად შევაერთეთ, რომ ერთი წყვილისა საპირისპირო ცნებათაგანი აზრით შეესაბამება მეორე წყვილისა ცნებათაგანსა, მაშინ პირველი წყვილისა მეორე საპირისპირო ცნებაც შეეფარდება მოსაზღვრე წყვილისა მეორე ცნებასაო.
5. მაგალითი: სათნოება და უკეთურება საპირისპირო ცნებანია ამა წყვილისა;
6. ესეგვარია სიკეთე და ბოროტებაც;
7. უკეთუ ზედა წყვილისა პირველი ცნება ეთანადება მოსაზღვრე წყვილისა პირველ ცნებასა, როგორაც სათნოება და სიკეთე,
8. რამეთუ სათნოება თავისთავად კეთილად მიჩნევაა, ეგრეთვე ზედმიწევნითა შეეფარდება ერთმანეთსა ორი დანარჩენი ცნებაცა, ანუ ბოროტება და უკეთურება, რადგან უკეთურება იგივ ბოროტისა ქმნაა.
9. და თუ ლოგიკური დასკვნა ესე ნათელია, მაშინ აიღეთ ჯერეთ ორი საპირისპირო ცნება: სიხარული და ნაღველი, მერმე კიდევ ორი: თეთრი და შავი, ვინაიდან თავიანთი ბუნებითა ესენი ერთმანეთისა მოპირისპირე ცნებანია;
10. მაშასადამე, უკეთუ შავი მწუხარებასა ნიშნავს, თეთრიცა, იმავე მიზეზითა, ნიშნავს სიხარულსა.
11. ამა მნიშვნელობათა დამსაფუძვლებელი მავანთა და მავანთა თვითნებური ახსნა-თარგმანება არ გეგონოთ, რამეთუ ესეგვარია ყოვლად საზოგადო აზრი, რასაცა ფილოსოფოსთა ენითა jus gentium, საყოველთაო, ყოველგან მოქმედი კანონი ჰქვია.
12. სუყველამ კარგად უწყით, ყოველი ხალხი, ყოველი ქვეყანა (ძველთა სირაკუსელთა და ზოგ-ზოგ ტვინგადაბრუნებულ არგიველთა გარდა) და ტომი ყოველი ძაძ-ფლასითა იმოსებიან,
13. ოდეს ნაღვლისა და კაეშნისა გამოხატვა გარეგნული რამ ნიშნითა სურთ, რამეთუ შავი ფერი ძაძისა სამგლოვიარო ფერია.
14. ამა წეს-ჩვეულებამ ფეხი ყოველგან მხოლოდ და მხოლოდ იმად მოიკიდა, რაკი თვით ბუნება განმარტავს და ასაბუთებს ამგვარსა საქციელსა, რასაცა სულ ადვილად ჩავხვდებით სხვათა შეუწევნელად, და აი სწორედ ამას ვეტყვით ბუნებურ უფლებასა.
15. ბუნებისა ამავ შეგონებითა მიიჩნიეს ყოველთა კაცთა თეთრი ფერი ნიშნად სიხარულისა, ლხენისა, სიამისა, ტკბობისა და ნეტარებისა.
16. ძველთაძველ დროში თრაკიელნი და კრეტელნი ბედნიერსა და სასიხარულო დღესა თეთრისა ქვითა სდებდნენ ნიშანსა, სამჭმუნვაროსა და უსიხარულოსა ‒ შავითა.
17. განა ღამე ბედითი, მჭმუნვარე და მახვრალი არ არის?
18. მერე რა ბნელია, რა ლუსკუმია. განა ბუნება ერთიანად ნათელს არ შესტრფის?
19. ნათლისა უქათქათეს-უსპეტაკესი ხომ არა არის რა.
20. ნათქვამისა დასტურად ლორენცო ვალას წიგნსა მოვიშველიებდი, ბარტოლისა წინააღმდგომ დაწერილსა, მაგრამ, ვგონებ, მახარებლისა დამოწმებაც იკმარებს.
21. მათეს სახარებისა XVII თავსა შინა, სადაცა თქმულია ფერისცვალება მაცხოვრისა წინაშე მოციქულთა თვისთა, ვკითხულობთ:
22. V estimenta ejus facta sunt alba sicut lux, სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელიო, და ამა თვალისა მომჭრელი სისპეტაკითა წარმოიდგინეს მისთა სამთა მოციქულთ საუკუნო ნეტარება.
23. ნათელსა შეჰფრფინავს და შეჰხარის ყოველი სულდგმულ- მშვინვიერი.
24. და, ალბათ, გეხსომებათ დედაბერი იგი, ‒ კბილი არც ერთი არღა შერჩენოდა და მაინცა გაიძახოდა: Bona lux!
25. ხოლო დაბრმავებულმა ტობიამ (თავი V), რაფაელი როს მიემშვიდობა, მწარედ შესძახა: „რა გამახარებს, თუ ვერა ვხედავ ნათელსა ცისასა?“
26. ამავ სპეტაკი ფერითა გამოხატეს ანგელოზთ სიხარული სრულიად ქვეყნიერებისა ქრისტეს აღდგომისა დღესა (სახარება იოანესი, თ. XX) და ამაღლებისა დღესაც (საქმე, თ. I).
27. სპეტაკი სამოსლითვე შემოსილნი იხილა წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ყოველნი მორწმუნენი მიუწვდომელსა და სანატრელსა ქალაქსა იერუსალიმსა (გამოცხადება იოანესი, თ. IV და VII).
28. აიღეთ და წაიკითხეთ უძველესი ჟამთააღწერანი, მატიანე საბერძნეთისა, რომისა.
29. წაიკითხეთ და შეიტყობთ, რომა ქალაქი ალბალონგა (ამჟამინდელი რომის პეპერა) თავის გაჩენასა თეთრსა დედაღორსა უნდა უმადლოდეს.
30. და კიდევ იმასაც შეიტყობთ, რომა ძველთა რომაელთ წესად ჰქონიათ: ოდეს ძლევამოსილსა ვინმესა რომს ტრიუმფით შესვლა ელოდა, იგი უცილოდ თეთრცხენიანსა ეტლზედ უნდა ყოფილიყო ამხედრებული.
31. ეგრევე იქცეოდნენ მცირე რამ ზეიმისა ჟამსაცა, რამეთუ გამარჯვებულთა გამოჩენის სიხარულსა სხვა ვერავითარი ნიშანი, ანუ ფერი ვერ გამოხატავდა უფრორე ცხადად სითეთრისა.
32. შეიტყობთ, რომ პერიკლეს, ათენისა მთავარსა, უბრძანებია: ჯართაგან ჩემთა რომელსა წილისყრით თეთრი ცერცვი ერგოს, მთელი დღე ილხინოს, გაიხაროს და განისვენოსო, ხოლო დანარჩენთ იბრძოლონო.
33. მაგალითსა კიდევ უამრავსა ვიტყოდი და წიგნსაც ბევრსა დავიმოწმებდი, გარნა აქა ამის ადგილი არ არის.
34. ესეოდენი ცოდნისა წყალობითა სულაც არ გაგიჭირდებათ გადაჭრა იმისა, რაიცა ალექსანდრე აფროდისიელსა გადაუჭრელად მიაჩნდა: რისთვის თრთის და კანკალებს ლომი მართოდენ წინაშე თეთრი მამლისა, ოდეს შიშისა ზარსა სცემს ყოველთა ცხოველთ?“
35. ვითარცა პროკლე ბრძანებს De sacrificio et magia, თურმე თვისება მზისა, სრულიად ამქვეყნიური და ზეციური ნათლისა სათავისა და დასატევნელისა,
36. უფრორე უმეტესად უდგება და ეშესაბამების თეთრსა მამალსა, ვიდრე ლომსა, უკეთუ ანგარიშსა გავუწევთ ფერსა, თავისებურებასა და ზნესა მამლისასა.
37. და იგი კიდევ იმასაც გვამცნობს, ეშმაკნი ხშირად ლომისა ტყავითა იმოსებიანო, მაგრამ თეთრი მამლისა დანახვისასა მსწრაფლად ქრებიანო.
38. დიაღაც სითეთრისა სიყვარულისა ბრალია, რომ Galli (ანუ ფრანგნი, რომელთაც ესე იმად უხმობენ, რაკი რძისებრ თეთრნი იბადებიან, და რძესა კი ბერძნულისა ენითა gala ჰქვია) თავსარქმელთ თეთრი ფრთითა იმშვენებენ,
39. რამეთუ ბუნებითა გულმხიარულნი არიან და სიმბოლოცა თვისი ყვავილთაგან უთეთრეს ყვავილში, სახელდობრ შროშანში უცვნიათ.
40. უკეთუ მკითხავთ, ბუნება რარიგ გვახვედრებს, თეთრი ფერი სიხარულსა და ლხენას რომ ნიშნავსო, მეც ავდგები და გეტყვით, შესაბამისობა და შესატყვისობაა ამგვარი მეთქი.
41. როგორაც თეთრი რამისა დანახვისა ჟამსა ადამიანსა თვალი უჭრელდება, უკრთის და უციმციმებს, რადგან თეთრი ფერი თვალისმომჭრელია, რასაცა ჯერ კიდევ არისტოტელე აღნიშნავს თავის პრობლემათა წიგნში,
42. და უნარსა მხედველობისასა ასუსტებს (თოვლიანი მთა თუ გადაგივლიათ, თავად გამოსცდიდით, აზმაით-ძმაითისაგან რარიგ უფუჭდება კაცსა თვალთახედვა;
43. აგრე დამართნიათ ქსენოფონტეს მოსაგრეთაც, რაიცა თვითონვე აღუწერიათ, და ამასვე წვლილად გადმოგვცემს გალენოსი ‒ (De usu partium, წგნ. X),
44. სწორედ ეგევე მოსდის ადამიანის გულსა, რაჟამს დიდი სიხარული შეემსჭვალვის: კრთის, ციმციმებს, უნარი სიცოცხლისა ერთმევა, ძალა არღა ჰყოფნის საძგერლად და ხან ჩერდება კიდეცა;
45. რაღა გავაგრძელო, დიდსა სიხარულსა ჟამითი ჟამად ხორცთაგან სულისა განშორება მოსდევს, რასაცა გალენოსიცა აღნიშნავს (Metho, წგნ. XII, De locis affectis და De symptomaton causis წგნ. II),
46. ხოლო ესევითარი რამ ძველადაც რომ ხდებოდა, ცხადსა ხდიან მარკუს ტულიუსი (იხ. Quaestio Tuscul. წგნ.), ვერიუსი, არისტოტელე, ტიტუს ლივიუსი (კანის ბრძოლისა შემდგომ), პლინიუსი (წგნ. VII, თავი XXXII) და ა. გელიუსი (წგნ. III, XV და სხვ.),
47. აგრეთვე დიაგორე როდოსელი, ქილონი, სოფოკლე, დიონისე, სიცილიელი ტირანი, ფილიპიდე, ფილემონი, პოლიკრატე, ფილისტიონი, მ. იუვენციუსი და სხვანი მრავალნი, დახოცილნი სიხარულისაგან,
48. ანუ, ვითარცა ავიცენა ბრძანებს სჯულდების II ტრაქტატსა და გულისა ძალთათვის (de viribus cordis) დაწერილ წიგნსა შინა, ზაფრანისაგან, რომლისა დიდი დოზაც ისერიგად აღაგზნებს ადამიანსა, რომ უმალ გული უსივდება, უსკდება და კვდება.
49. ამავ აზრსა უნახავთ ალექსანდრე აფროდისელსაც (Problematum, წგნ. I, თ. XIX) და ცხადსაყოფელი, ვგონებ, აღარა დარჩა რა.
50. ისე კი, თავდაპირველად სულაც არ ვაპირებდი ამდენ ლაპარაკსა.
51. აწღა მართლა უნდა დავუშვა აფრა, სჯას მერმე გავასრულებ, ოდეს წიგნსა დავწერ საგანგებოსა და ორიოდ სიტყვითა ნათელვყოფ, რომა ცისა ფერი ნიშნავს ცასა და ყოველსავე ციურსა
52. და აქაც იმგვარივე კავშირია სიმბოლური, როგორიცა, ერთისა მხრივ, თეთრსა ფერსა და, მეორეს მხრივ, სიხარულსა და ტკბობას აკავშირებს.
53. ხალხთა უფლება (ლათ.). ჩემო სინათლევ! (ლათ.). „ზორვისა და გრძნობისათვის“ (ლათ.).
54. Galli ლათინურად ნიშნავს მამლებსაც და გალებსაც. ‒ რედ.
55. „ხერხ[თათვის მკურნალობისა]“ (ლათ.). „მოწყლულთა ადგილთათვის“ (ლათ.). „ნიშანთა და მიზეზთათვის“ (ლათ.). „ტუსკუ[ლისა] სწავლანი“ (ლათ.). „გულისა ძალთათვის“ (ლათ.). „პრობლემათა გამო“ (ლათ.).
12
1. XI. სიყმაწვილე გარგანტუასი
2. სამიდან ხუთ წლამდე, ნებისამებრ მამისა, გარგანტუას ყოველი წესითა და რიგითა ზრდიდნენ და წვრთნიდნენ.
3. და დროსა ისიცა იქაურ ყრმათა დარად ატარებდა, სამი რამ ახსოვდა და სამი რამ უწყოდა: სმა, ჭამა და ძილი; ჭამა, ძილი და სმა; ძილი, სმა და ჭამა.
4. ყოველჟამ ტალახში გორაობდა, რაც ხელთ მოხვდებოდა, ცხვირ-პირზედ ისვამდა, წაღაწუღა გვერდ-გვერდ დაჰქონდა გადაღრეცილ-გადაბრეცილი, ხან ბუზთა ჭერაში იყო და ხანაცა მამისა ქვეშევრდომ პეპელთა სდევდა ენაგადმოგდებული.
5. შარდვითა ფეხთსაცმელსა ზედა იშარდავდა, დღენიადაგ შარვალში ისვრებოდა, ცხვირსა სახელოთი იწმენდდა, მოხოცვითა დასხმულ ჯამში იხოცავდა, წუმპესა და გუბესა არ ერიდებოდა, შიგ დატანტალებდა, სმა ხამლითა უყვარდა, მუცელი თუ ექავებოდა, გოდრითა იქავლებდა,
6. კბილთ ჭოპოსნის ტარითა ილესავდა, ხელსა შეჭამანდითა იბანდა, თმასა ჭიჭლითა ივარცხნიდა, დაჯდომითა ორ სკამსა შუა ძირსა ჯდებოდა, საბნად სველ ტომარასა იხურავდა, წვნიანსა კერძსა ზედ წყალსა აყოლებდა, რასაცა ჩასძახებდნენ, ქვევრსავითა იმას ამოიძახებდა,
7. სიცილ-სიცილში იკბინებოდა და კბენა-კბენაში იცინოდა, ჭასა ჩაუფურთხებელსა არ გაუშვებდა, ქონი ყელში აწვებოდა, ტყვრებოდა და სკდებოდა, შინაურთ ზედ აჯდებოდა, წვიმასა წყალში ემალებოდა,
8. სიზმარსა ძილისა წინ ნახულობდა, ცად ციხე-კოშკთ აგებდა, თავი მამა- აბრამისა ბატკნად მოჰქონდა, სიმღერითა, მტერს, ის რომ მღეროდა, ლოცვითაც ცხვირში ჯიჯღინებდა, წამსა და წამსა თავიანთ ცხვართ ახსენებდა;
9. რწყილსა აქლემსა აშობინებდა, ძაღლსა სცემდა, ლომსა ასმენდა, ცხენზედ იჯდა და ცხენსა ეძებდა, რძისა შეშინებული დოს უბერავდა, საცა არა ესაქმებოდა რა, ცხვირსა იქა სჩრიდა, არამკითხედ უბნობდა, ერთჟამიერად ორი კურდღლისა მადევარი იყო,
10. დღევანდელი კვერცხი ხვალისა ქათამსა ერჩივნა, იწვა მხართეძოზედ და ყვერებში მახათსა იყრიდა, სხვამ რად უნდა მიღუტუნოსო, თვითონვე იღუტუნებდა, ჯამში გამკეთებელი ამოჰყავდა, ორივ ყბითა იღმურძლებოდა, ღვთისთვისა ჭიანი ტყემალიც არ ემეტებოდა,
11. იანვარში მარწყვსა ნდომობდა, მწიფესა ესროდა და მკვახესა აყრევინებდა, მიწყივ პაპლაყვერაობდა, იდგა და როდინში წყალსა ნაყავდა, ქაღალდი ფხეკა-ფხეკაში სიქაზედ გაჰყავდა, ეტრატზედ ვირსა აგორებდა, დაჰკრავდა ფეხსა და ფხაჭასა გაადენდა, საღვინესა ეგრევ იყუდებდა,
12. ჯერ წყალში შედიოდა, ფონსა მერმე კითხულობდა, ბევრჯერ მშრალზეცა რჩებოდა, შაშვსა ლაგამსა სდებდა, ბულბულსა უნაგირსა ადგამდა, თითო ხარსა ორპირ ტყავსა აძრობდა, მშვილდსა მალავდა, ისარსა ისე ისროდა, დღეში ცხრა პარასკევი ჰქონდა,
13. წყალსა საცრითა ეზიდებოდა, ხორბალსა ქათამსავით კენკავდა, ნაჩუქარ ცხენსა უცილოდ კბილსა უსინჯავდა, ტაშსა ცალი ხელითა უკრავდა, ერთხელ ზომავდა და ათჯერა სჭრიდა, არცა ფიცი სწამდა, არცა ბოლო აკვირვებდა,
14. მთვარესა ყარაულად ედგა ‒ მგელთ არ შეჭამონო, სულ იმასა ჩიოდა ‒ რასაცა ჩემი კბილი არ მოხვდა, ჩემსა მუცელში არ მოხვდაო, საბანი როგორცა სწვდებოდა, ისე იფარებდა, ხელზედ თუ რასმე უსხამდნენ, წვერზედ ისიცა იმას უსვამდა, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნადა,
15. დილდილითა ყურთასმენა მიჰქონდა, მამისა ლეკვნი ჯამში დრუნჩსა უყოფდნენ, იგი იმათ ყურთა ზედა ჰკბენდა, ისინი კი ცხვირსა აკაწრიდნენ, ისა კუდქვეშ სულსა უბერავდა, ისინი თავ-პირსა ულოშნიდნენ.
16. და იცით, რა გითხრათ, შვილნო ჩემნო?
17. ისემც გიქნიათ, ღვინოში ჩამხრჩვალხართ!
18. პატარა მემრუშესა იმასა თვალი მიწყივ სიძვაზედ ეჭირა, ძიძათ ხან წინ უყოფდა ხელსა, ხან უკანა.
19. მიტრიალებულსა ვისაცა დაინახავდა, ზედ ჩოჩორსავითა მიადგებოდა და მიაღირებდა დუქან-საბიძალსა.
20. ძიძანი მიწყივ ამა საბიძლისა რთვაში იყვნენ, გარშემო თაიგულთ, ბაბთააბრეშუმთ, ნაირ-ნაირ ყვავილთა და ლამაზლამაზ ფუნჯთ ავლებდნენ შესამკობად,
21. თანაცა ხელში ჭუჭულასა ათამაშებდნენ, ვითარცა სალბუნისა ჩხირსა რასმე, და როს იგი თავსა წამოსწევდა, სიცილ-კისკისითა იჟუჟებოდნენ, ვითომც იმის უკეთესი სათამაშო არცა რამ უნახავთო.
22. ზოგ-ზოგი ჭინჭილაქსა უხმობდა, ზოგი ‒ მარჯნისა შტოსა, ზოგიცა ‒ ცუცურასა, კუტალსა, ციბრუტასა, სარგილსა, კიტრანასა, ჭიპრანასა, კონკილასა, პოლორჭიკსა, პოჭოჭოკსა, ჩილიკასა, ჭიპლიკასა ანდა თავწითელა სირ-ჩიტისა სახელსა სდებდნენ.
23. ჩემიაო, ჩემულობდა ძიძათაგან ვინმე, ‒ შენი კი არა, ჩემია!
24. ‒ არ ანებებდა მეორე. ‒ მე რა, აღარასა მახვედრებთ?
25. ‒ წიკვინებდა მესამე. ‒ თუ ეგრეა, სულაც ძირში მოვჭრი.
26. ‒ რას მოსჭრი? ხო გაგიჟდა ბიჭი, ბატონო! უიმისოდ ვიღას რად უნდა!
27. აქაოდა სხვა ყრმანი, ტოლ-სწორნი გარგანტუასი, დღეყოველ ქარწისქვილაობენო, ადგნენ და მირბალეს ქარისა წისქვილისა ფრთათაგან იმასაც ჩინებული ქარწისქვილა გაუმართეს.
13
1. XII. გარგანტუას სამღერალ ცხენთათვის
2. მერმე, ზეითობასა სიყრმითგანვე მიეჩვიოს და ცხოვრებაში უჯობნელი მოჯირითე დადგესო, ზორბა, ჯავარსრული ხისა ცხენი მოჰგვარეს,
3. და ისიცა აღმა-დაღმა დააჯირითებდა, დააგელვებდა, დააჭენებდა, ადგილზევე ატრიალებდა, ტლინკთ აყრევინებდა, აკუნტრუშებდა და ყოველსავე ერთჟამიერად ახერხებდა;
4. წამსა ნაბიჯით დაჰყავდა, წამსა ‒ ჩორთითა, ტარებითა, ქევქევითა, წამსა ფერხთ აარევინებდა, წამსა დააოთხებდა, თოხარიკსა გაარევინებდა, გაანავარდებდა, გააოგმანებდა, გზასა აქლემისაებრ შეუყენებდა, ვირსაებრ ააჩაქჩაქებდა.
5. ფერსაც თავის გუნებისად უცვლიდა, ვითარცა მწირველნი ბერნი იცვლიან კვართსა შესაბამისად უქმე-დღესასწაულისა,
6. და აჩუა იგი ხან ქურანი იყო, ხან ყომრალი, ხან აბრაში, ხან ლეგა, ხან რახსი, ხან ლურჯა, ხან ლუში, ხან ზერდაგი, ხან საღარი, ხან ამლაკი, ხან შავრა და ხანაც თეთრონი.
7. თავად გარგანტუამ თავისი ხელითა გაიმართა სანადირო რამ ბედაურად უშველებელი ძელი და თვალთა ზედა შეაყენა, საწნახლისა მორი საჯაგავ ცხენად დაიგულა, ხოლო ვეებერთელა თელა შინ სათამაშო ჯორად აქცია და ასალ-ყაჯრითა მორთო.
8. ამათ გარდა, კიდევ ათამდე ფეხმაგარი სინიბი მარქაფად ჰყავდა, შვიდსაც ფოსტისად ინახავდა, და სუყველასა თავისთან იწვენდა.
9. ერთხელ ჰერცოგმა დე ჭამპურამ და გრაფმა დე ჯამლოკიამ შემქმნელი მამა გარგანტუასი ზედ იმა დღეს მოინახულეს, ოდეს რიცხვმრავალი ამალითა სენიორ დე წუწურაქაც სწვეოდა.
10. სტუმარნი მრავლად მოგროვდნენ და, რაღა დაგიმალოთ, ხალხისა დატევაც გაჭირდა, არათუ თავლა-საჯინიბონი ჰყოფნოდათ.
11. ამა ვითარებისა გამო ზემორეხსენებულ სენიორ დე წუწურაქას სახლთუხუცესმან და მეჯინიბეთუხუცესმან ცარიელ ხინდახორთ დაუწყეს ძებნა და, უსუარ გარგანტუას რა მოჰკრეს თვალი, დია გაუხარდათ;
12. ბავშვი არცარასა დაგვიმალავს, მართალსა გვეტყვისო, იფიქრეს და სიტყვა შეაპარეს, ჩვენთა ტაიჭთათვისა ეგებ სადგომი რამე გვაპოვნინოო.
13. გარგანტუაც ადგა და სეფე-კიბით გაუძღვა, აატარა ზევითა დიდი სასტუმრო დარბაზი, ანუ წანულეთი, გაჭიმული დერეფანი და ერთსა უზარმაზარ კოშკში მიიყვანა.
14. როს გზასა მერმე ისევ ზევითა და ზევით გაუყვნენ, მეჯინიბეთუხუცესმან სახლთუხუცესს მიუთხრო, ყმაწვილსა ამასა ტყუილი სცოდნია, აბა ზემოთ თავლასა რა უნდაო.
15. ‒ შემცდარი ხარ, ‒ შეესიტყვა სახლთუხუცესი, ‒ დასტურ ვიცი, ლიონში, ბამეტში, შინონში და სხვაგანაც, სახლთ ისე აგებენ, თავლა მაღლა ჰყვება.
16. აქაც, ალბათ, სადმე უკანა მხრიდან ექნება საგანგებო რამ გასავლელი ცხენთა ზედა აღსაჯდომელად.
17. აი კიდევ ვკითხავ, ვნახოთ, რას იტყვის.
18. და სახლთუხუცესმან ხმა დაადევნა წინწასულ გარგანტუასა:
19. ‒ მაინც სად მიგყევართ, ყმაწვილო? ‒ სადა და, რაშნი სადაც მიყენია. აქავ ახლოა, ერთი-ორ კიბეს ავივლით და მივალთ.
20. გარგანტუამ კიდევ ერთ დიდ დარბაზსა შინა გაატარა ისინი, თავის ოთახსა მიაყენა, კარი შეაღო და უთხრა:
21. ‒ ამ თავლაზედ გეუბნებოდით.
22. აგერ ისა ჩემი ესპანური ულაყია, ცოტა გვერდზედ ინგლისური მერანი მიბია, მერმედ ‒ დაღდასმული გასკონური აჯილღაა, აქეთა კი თოხარიკმაჭენებელია.
23. ამისა თქმა იყო, და გარგანტუამ ვეება ნამორი მიაჩეჩა სტუმართ, ფრიზული დოღისა ცხენი ესე თქვენთვის მიჩუქნიაო, ფრანკფურტიდან ჩამომიყვანეს, მაგრამ თქვენი ფეშქაში იყოს, კეთილმოსიარულეა და დია მუხლმაგარიაო.
24. ბოლოს მიაყოლა: ბარემ სონღულიც გაიჩინეთ, ხუთიოდ ესპანური მეძებარი და ორიოდ მწევარი დაგეშეთ, გადით და საკურდღლეთსა და კაკაბეთსა სრულად ამოაგდებთო.
25. ‒ წმინდაო იოანე! ‒ შესძახეს შეჭირვებულთ.
26. ‒ ვაი ჩვენსა თავსა! ეგ რა მიედ-მოედე, ყმაწვილო?
27. ‒ განა ვისმე მოგედეთ? ‒ კითხვითვე მიუგო გარგანტუამ.
28. თავად განსაჯეთ, რა დღეშიაც ჩაცვივდებოდნენ ამა ამბისა გამო სახლთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი.
29. არღა იცოდნენ, რა უფრორე უჯობდათ: სირცხვილითა მიწა გასკდომოდათ თუ გულიანად ეცინათ.
30. და როს თავრეტდასხმულნი კიბე-კიბე დაბლა დაეშვნენ, გარგანტუამ ხაფად გასძახა:
31. ‒ ნელა, არ დაგიცდეთ ფეხი!
32. ‒ რაო? ‒ ერთხმივ იკითხეს იმათ.
33. ‒ რაო და, წაიჭამეთ ნეხვი, ‒ გაელაზღანდარა გარგანტუა.
34. ‒ მეტი აღარცა ხმევა გვწადის და აღარცა ჭმევა, ყელამდე ვართ, ‒ ჩაიქირქილა სახლთუხუცესმან, ‒ ყოჩაღ, ვეჟო, ყოჩაღ, კარგად მოგვაღორე!
35. შენგან ოდესმე უწმინდესი საჭეთმპყრობელი დადგება!
36. ‒ ეგ მეცა ვუწყი, ‒ თავი მოიწონა გარგანტუამ.
37. ‒ მაგრამ ჩემი უწმინდესობა შენსა უწმინდურესობასა ვერას უშველის!
38. ეგ კი რაღაც ქვეშქვეშ იცქირება, დიდი ქვეშქვეშა იქნება.
39. ‒ კაცნი ვართ, ‒ მიუთხრო მეჯინიბეთუხუცესმა.
40. ‒ აბა, მაშ ერთსაც გეტყვით, ოღონდ, გატყობ, საპასუხოდ არა ხარ მზადა, ‒ თავს არ ანებებდა გარგანტუა.
41. ‒ არა, მზადა ვარ, არცა ეგრეა საქმე, ‒ იხტიბარსა არ იტეხდა მეჯინიბეთუხუცესი.
42. ‒ კიდევ კარგი, შენის პირითა წართქვი, არამზადა ვარო, ‒ სიტყვა მოუჭრა გარგანტუამ.
43. ‒ რაო, რაო? ‒ ჰკითხა მეჯინებეთუხუცესმა.
44. ‒ რაო და, სასკორავში ქვაო, ‒ გაილექსა გარგანტუა.
45. ‒ არცა ჩემი დაგავიწყდეს, საცა შენი თქვაო.
46. ‒ ღმერთო, შენ გვიშველე, ვის გადაგვყარე ამასა!
47. ‒ შეიცხადა სახლთუხუცესმან, ‒ რა ლაზღანდარა ვინმე ფისონი ყოფილხარ, ვეჟო, რა კვიმატი!
48. და ფათიფუთში მეჯინიბეთუხუცესსა და სახლთუხუცესსა კიბეზედ დაუგორდათ გარგანტუას ნაბოძვარი მორი.
49. ‒ ვაი თქვენისთანა მხედართ კი რა ვუთხარი! ‒ ქოქოლა მიაყარა გარგანტუამ.
50. ‒ ჯაგლაგზედ უნდა ისხდეთ, მეტის ღირსნი არა ხართ.
51. კაიუზაკში რო მიდიოდეთ, ნეტავ რასა იზამდით: ბატსა ზედა ამხედრდებოდით თუ თოკმობმულ ღორსა წარიქცევდით?
52. ‒ რას ვიზამდი და, ერთი კარგა ჩავღლევდი, ‒ წართქვა მეჯინიბეთუხუცესმან.
53. და ამა ლაპარაკ-ლაპარაკში ქვედა სეფედარბაზსა მიადგნენ, სად ამხანაგნი ნახეს თვისნი, ყველაფერი წვლილად უამბეს, რაცა გარდახდათ, და ლამის სიცილითა დაიხოცნენ ყველანი.
14
1. XIII. ვითარ საცნაურყო გრანგუზიემ უებრო ჭკუა გარგანტუასი, ოდეს მან გამოსაწმენდი მოიგონა
2. გრანგუზიემ, კანარიელთა ძლევისა შემდგომ შინმობრუნებულმან, მეხუთე წლისა თავზედ მოიხილა ძე თვისი გარგანტუა.
3. მოიხილა და დიდად გაიხარა, ვითარცა უნდა გაეხარა ეგევითარ მამასა ესევითარი შვილისა ხილვითა: ამბორსა უყოფდა, გულში იკონებდა და ამბავთა ჰკითხავდა.
4. თანაც კიდევ ხელად იქავ ხელადითა ღვინო მოატანინა, შესვა და იმასაც შეასვა, ძიძა-გამდელთ უხმო, იმათაც დაალევინა, მერმე კი წვლილად გამოჰკითხა, რასა იქმთ, რარიგ უვლით ძესა ჩემსაო, სისუფთავესა და სიფაქიზესა აჩვევთ თუ არაო.
5. ამისა გამო პასუხი გარგანტუამ სხვათ არღა დააცალა და მიუთხრო, მე თავად ისეთი რამ ვიღონე, დედამიწისა ზურგზედ ჩემისთანა პეწენიკი ვინმე არცვინ დადისო.
6. ეგ როგორაო, გაიკვირვა გრანგუზიემ.
7. როგორა და, შემდგომად მრავალი ცდისა და რუდუნებისა დასტურ იშვიათი ხერხი მოვიღონისძიე გამოწმენდისაო, მიუგო გარგანტუამ, რომლისა უმჯობესი და მეფეთა უფრორე საკადრისი ქვეყნად სხვა არცა მეგულვისო.
8. რა არი, მაგისთანა მაინც რა ხერხიაო, დაეკითხა გრანგუზიე.
9. ‒ რა ხერხია და, ეხლავ გიამბობ, ‒ უთხრა გარგანტუამ.
10. ‒ ერთხელობასა, სხვა რომ ვერა ვიპოვნე რა, ერთსა შენსა სეფექალსა რიდეში წავწვდი და, რის რიდი, რა რიდი, ეგრევე ჩამოვგლიჯე, ურიდად გამოვისვი.
11. სწორე გითხრა, დია მეამა საკუარ-სახსენეში რბილი ხოირისა გამოსმა.
12. მეორედ მეორე სეფექალისა საბურავითა გამოვიწმინდე და მაშინდელსავით კვალად ჟრუანტელმა დამიარა.
13. მერმე საბლარდნელი მოვივარგე.
14. სტავრისა მანდილმა კი მთლად გადამაყვლიფა ტრაკი, შენ თუ გინდა საჯდომი თქვი.
15. რა ვიცოდი, თურმე ოქროსკილიტიანი ყოფილიყო ის ოხერი.
16. ხორცთა მძოვარი სენიმც შეჰყრია უკანტანში, ვინცა ოქროს კილიტა მოიგონა და ვისაც მანდილყამჩი ეხვია იგი ჩემდა გასამწარებლად!
17. კინაღამ გამაგიჟა, ისერიგად მეწვოდა, სანამ მავანი და მავანი პაჟისა ქუდი არ გამოვისვი, შვეიცარიულად სულ ფრთითა გაწყობილი.
18. მერმე, ერთხელაც მარტი იდგა, ერთ ჯაგქვეშ მივჯექ, ხელთ ამძუვნებული კატა მომხვდა და იმით გამოვიწმინდე, მაგრამ ვაი იმ გამოწმენდასა, დამკაწრა და დამასისხლიანა.
19. მეორე დღესა ძლივს დამიამდა ნაკაწრ-ნაკბენი დუმანი და ცოტა სულიც მოვითქვი, ოდეს დედიჩემისა თათმანი გამოვისვი, სუნელსაკმელნაკმევი.
20. და გამომიწმენდია კიდევ სალბითაც, კამითაც, ანისულითაც, მაიორანითაც, ვარდითაც, გოგრისა კავითაც!
21. ჭარხლისა ძირითაც, კომბოსტოსა თუ ვაზის ფოთლითაც, ტუხტითაც, ხან მუზარადა ბალახიც შემხვედრია, გამომისვამს და გავა დამდაგვია.
22. გამოსასმელად არც ღორისა ქადა დამიწუნია, არცა ისპანახი, ოღონდ ხეირი კი არა მინახავს რა.
23. ბევრჯერ ტყისურაც მიხმარია, ჟალტამიც, ჭინჭარიც, დეზურაც და ამდენ გამოსმა-გამოწმენდაში ტაბასტა, ანუ სისხლისა დენა ამიტყდა.
24. კიდევ კარგი, საბიძალი გამოვისვი და იმან მიშველა.
25. გამოსასმელად ჩარსავიც გამომდგომია და საბანიცა, თუ კრეტსაბმელი, თუ ბალიშ- მუთაქა, თუ სუფრა, თუ ფარდაგი, ჩვარი, ხელმანდილი, ჩითმერდინი და ღამისა პერანგი.
26. გამომდგომია და, რაცა სიამე მე მიგრძნია, ალბათ მუნიანსა ფხანა ისე არ ეამება.
27. ‒ კარგია, კარგი, ‒ მოუწონა გრანგუზიემ.
28. ‒ მაგრამ ყოვლისა უმჯობესი გამოსაწმენდი, შენისა ფიქრითა, მაინც რომელია?
29. ‒ მეცა სწორედ მანდა ვარ, ‒ მიუგო გარგანტუამ.
30. ‒ აწ ყოველსავე წვლილად შეიტყობ.
31. გამოსმითა თივაც გამომისვამს და ჩალაცა, ხელთ ხან ძენძი მომხვედრია, ხანაც ბალანი, მატყლი, ქაღალდი, ანუ ქარტა, ოღონდ ვინც გამოისვამს ქაღალდსა, ახად მოჰყვება ღაღადსა.
32. ‒ ერიჰაა! შაირსიტყვითაც უწყი ლაპარაკი, შე ეშმაკისა ფეხო, შენა? ‒ დაიბაყბაყა გრანგუზიემ.
33. ‒ რა გაქლესილხარ, გალექსილხარ!
34. ‒ ცოტა-ცოტასა ვახერხებ, მამავ-ხელმწიფევ! ‒ თავი მოიკატუნა გარგანტუამ.
35. ‒ შაირი ხან შარად მექცევა ხოლმე და ზმა-სიტყვაობასა მაინც არ ვიშლი.
36. უკეთუ ინებებ, ფეხსალაგში ზედაწარწერა როა, იმასაც ვიტყვი:
37. ქვეშაფსიავ, ქვეშაქციავ, ქვეშა გცვივა უკანაც, აგრუხუნებ, აბრუხუნებ, არუხრუხებ უკანალს.
38. მთვრალო, მყრალო, ვა საბრალოვ, გნახავ უჭმელ-უსმელსა!
39. სრსვილი, ჭირი, გასაჭირი გჭირდეს გამოუსმელსა!
40. ‒ კიდევ ხომ არა გწადს? ‒ ძალიანაცა მწადს, ‒ უთხრა გრანგუზიემ.
41. ‒ მაშ, გეტყვი, ‒ კვალად გაილექსა გარგანტუა:
42. რონდო სასკორავი, ვითა სტვირი, ბუნების ხმას ავაყოლე, არემარე ავაყროლე, სულ არ მებას ნეტავ ცხვირი, იმას ველი, მისთვის ვსტირი, ვისას თვალი გავაყოლე გავასა!
43. მოიხილავს მტილსა სირი, დავავანებ, დავაყოვნებ;
44. ალერსს ამბორს დავაყოლებ, როს გამომწმენდს ვარდად შლილი გავასა.
45. ‒ არა იცის რაო, აწ ჩემზედ, მგონი, ენა არცვის მოუბრუნდება!
46. ლუსკუმისა მადლმა, ამა ლექსთა მალექსებელი მე არა ვარ, ერთსა ბანოვანსა უკითხავდნენ და ყურითა მოვინადირე, მახსოვრობისა ამბავია.
47. ‒ მოდი, კვალად წეღანდელსა საგანსა მივუბრუნდეთ, ‒ წართქვა გრანგუზიემ.
48. ‒ რა საგანსა? ‒ ჩაჰკითხა გარგანტუამ, ‒ მოსკორვასა?
49. ‒ არა, გამოსაწმენდსა, ‒ უთხრა გრანგუზიემ.
50. ‒ ერთსა გოზაურ ბრეტონულსა ხო არ გაექცევი, ორთავ ბეჭზედ თუ დაგდე?
51. ‒ ეგრე იყოს, ‒ დაჰყაბულდა გრანგუზიე.
52. ‒ გამოწმენდა მოსკორვისა მერმე ეგების, ‒ ისევ აიმყრალა პირი გარგანტუამ.
53. ‒ თუ არ მოსკორე და სასკორავი სკორითა არ გამოგეგლისა, არცა გამოწმენდა გმართებს.
54. ‒ ცარიელი ჭკუა ხარ, შე მალხაზო, შენა! ‒ გულზედ ხელი დაირტყა გრანგუზიემ.
55. ‒ სწორედაც სასკორავში გატყობ, მალე სორბონში გამომიხვალ შეყრილობაზედ და ეგრევ ჭკუამხიარულობისა დოქტორობასა გამოჰკრავ ხელსა.
56. ერთხელ დაბერებულხარ და მეორედ გაჯეილებულხარ, შე ბებერუავ, შენა!
57. დაღათუმცა მიდი, ბოლომდე ჩადი, გამოსაწმენდისა სჯა გაასრულე და ამა წვერ-ულვაშისა მზემან, ერთი გოზაურისა წილ სამოც კოკა სულ სათავითაო ბრეტონულსა ჩამოვატანინებ, ოღონდ ბრეტანიდან კი არა, დალოცვილ ვერონაში დაწურულსა და დაყენებულსა.
58. ‒ რა ვიცი, რიღათი არ გამომიწმენდია, ‒ უბნობდა გარგანტუა.
59. ‒ დოლბანდითა, ყურთბალიშითა, კარაჭინითა, მონადირისა აბგა-ფარაგითა, და კიდევ გიდელ-კალათითა, მაგრამ, გამოტეხილად გეტყვი, გამოსაწმენდად არ უქნია ღმერთსა!
60. ბოლოს თავსაბურავთაც მივდექ. მოგეხსენება, ზოგი გლუა, უმქისო, ზოგიცა მქისეა და ხაოიანი, ანდა აბრეშუმისა, ან ფარჩისა.
61. ყოვლისა უმჯობესი მაინც მქისე თავსაბურავია, შალისა, გამოისვამ და გამოგაკრიალებს.
62. ჟამ-ჟამად დედალიც გამომისვამს და მამალიც, ვარიაც, ხბოს ტყავიც, კურდღელიც, მტრედიც, თევზიყლაპიაც, ვექილისა გუდა-ნაბადიც, ყაბალახიც, ჩაჩიც, ჩიტისა თავრიელიცა.
63. ბოლოში კი ერთი რამ უცილოდ უნდა ვთქვა: გამოსაწმენდად ბატისთანა, ტყუილია, ქვეყნიერებაზედ არა არის რა, ოღონდ გამოსმის ჟამსა ლაჯთა შუა თავით უნდა გეჭიროს.
64. დახუჭულ თვალსა იმჟამად დია ეამება, რაკი, ჯერ ერთი, ბატისა გერმა ნაზი რომ არის და, მეორეცა, თვითონ ბატია თბილი და უკანტანითა თუ კუჭ-ნაწლავითა სითბო პირდაპირ გულსა და ტვინში გარბის.
65. ტყუილად ჰგონებთ, რომა ელისეს მინდორთა გმირნი და გმირთა გმირნი თავიანთ ნეტარსა ყოფნასა ასფოდელოს, ამბროზიასა და ნექტარსა უნდა უმადლოდნენ, ვითარცა ჩვენებურნი დედაბერნი ჩმახავენ.
66. ჩემისა ჭკუითა, ბატსა რო ისვამენ და იმით იწმინდებიან, სულ იმის ამბავია და სხვა არაფერი, და აკი ამავ აზრისაა მრავალმეცნიერი იოანე სკოტიცა.
15
1. XIV. ვითარ ასწავლიდა გარგანტუას მავანი ღვთისმეტყველი ლათინურსა
2. უსმინა ზნექველმა გრანგუზიემ, უსმინა გარგანტუას ესევითარსა სიტყვა-პასუხსა და, რა ყოველი მოისმინა, ცათაფრენა შეუდგა, ისერიგად გაიხარა შვილისა დიდგონიერებითა და საოცებელი გულხმიერებითა.
3. მერმე ძიძათ მიუბრუნდა და უთხრა:
4. ‒ ფილიპემ, მაკედონიისა მეფემ, თავისა ძესა, ალექსანდრესა, ჭკუა და გამჭრიახობა ცხენისა მარჯვე ტარებაზედ შეატყო.
5. ცხენი იგი ფიცხი იყო და ავზნე, ზედშემჯდომი აღარცავინა ჩანდა, რამეთუ კაცი არ დარჩა გადმოუგდებელი;
6. ზოგსა კისერი მოსტეხა, ზოგსა ‒ ფეხი, ზოგსაცა კიდევ თავი გაუპო ან არადა ყბა უღრძო.
7. ალექსანდრე ყოველსავე ამას იპოდრომზედ უცქერდა (ესრეთ უხმობდნენ ცხენთსარბიელსა, ანუ საჭენებელსა ასპარეზსა, სად ცხენთ წურთნიდნენ და ხედნიდნენ) და ბოლოს გულისხმაში ჩავარდა, ცხენსა უცილოდ თავისავე ჩრდილი აფრთხობს და აგიჟებსო.
8. გაქანდა, ფიცხლად ზურგზედ მოექცა და იცხენმალითა, დოსტოღრივ მზისკენ წაიყვანა, ჩრდილი უკან აადევნა და მანამ არბენინა, სანამ არ დაიურვა.
9. და აი მაშინ ირწმუნა მამამისმან, ძე ჩემი დასტურ ღვთიური მადლითა ყოფილა მოსილიო, და მოძღვრად ვინმე სხვა კი არ აუყვანა, არამედ ‒ თავად არისტოტელე, რომლისა უმჯობესი ფილოსოფოსი ბერძენთაგან იმჟამად არცავინ იყო.
10. მე კი, უნდა გითხრათ, რაიცა ეხლა თქვენისა თანდასწრებითა შვილსა ჩემსა, გარგანტუას, ველაპარაკე, მარტო ამ ერთმა ლაპარაკმაც დამაჯერა, რომ ჭკუა-გონი ზეგარდმო ძალითა გაალმასებია, ისე სხარტია, ენამეტყველი, ხერხიანი და საზრიანი;
11. აწ ჯერ არს, რომ სწავლასა დავაწაფო და განსწავლისა შემდგომად უსაეჭვოდ ბრძენთა უბრძნესი დადგება.
12. ამად მსურს, ვითარმედ მწიგნობარსა ვისმე მივაბარო, რათა ყველაგვარ ცოდნასა აზიაროს, რისი შეთვისებისაც ძალი შესწევს, და არას ამისთვის არ დავიშურებ.
13. და მართლაც ერთი კეთილად სწავლული ღვთისმეტყველი, მაგისტრი ტუბალ ოლოფერნი აუყვანეს ყმაწვილსა დასამოძღვრებლად.
14. და მაგისტრმაც ისერიგად ასწავლა ანბანი, რომ იგი სულ სხაპასხუპითა უბნობდა წინაუკმო, ანუ ბოლოუკუღმა და ამას ხუთი წელიწადი და სამი თვე მოუნდა.
15. მერმე წერილთ ოსტატმან დონატი წააკითხა, აგრეთვე ფაცეტი, თეოდოლე და ალანუსისა პარაბოლანი, რასაც ცამეტი წელიწადი, ექვსი თვე და ორი კვირა დაეჭირვა.
16. ბარემ აქავე ვიტყვი, ოსტატი იგი ერთჟამიერად გოთურ ასოთაც ასწავლიდა გარგანტუასა, და ისიცა იდგა და იწერდა, რაცა კი რამ სასწავლო წიგნი ჰქონდა, ვინათგან ხელოვნება წიგნთა ბეჭდვისა იმჟამად ჯერეთ არ უწყოდნენ.
17. ვეება საწერელი გარგანტუასი, ჩვეულებითად გაკვეთილზედ რომ დაჰქონდა ხოლმე, წონით შვიდი ათას კვინტალსა აღემატებოდა, საკალმე სიდიდითა ენეს სააბატოს ბოძ-სამყართ არ ჩამოუვარდებოდა, ხოლო სამელნე მსხვილი რკინისა ჯაჭვითა ეკიდა და დატევით ერთი კასრისოდენსა იტევდა.
18. შემდგომ ტუბალ ოლოფერნმა De modis significandi წააკითხა თარგმანება-განმარტებითურთ ტარატურასი, აფრაკელისა, ხოხონიკასი, ჟან ბოჩოლასი, ჩირადარაღირელისა და მრავალთა სხვათა, რასაცა თვრამეტი წელიწადი და კიდევ თვრამეტ თვეზედ მეტი დრო-ჟამი მოუნდა.
19. გარგანტუამაც ყოველივე ისე კარგად გაიგო და შეისმინა, რომ გამოცდისა ჟამსა ერთიც არა შეშლია რა, ადგა და ბოლოდან დაიწყო, ზეპირად წააყარა და წინაშე დედისა თვისისა ხუთი თითივითა ცხადყო,
20. ვითარმედ De modis significandi non erat scientia მას უკან ტუბალ ოლოფერნმა სათვეო აღრიცხვათა წიგნი წააკითხა, რამაცა სრული თექვსმეტი წელიწადი და ორი თვე მოითხოვა, და აღესრულა კიდეც ხსენებული ოსტატი, რამეთუ წელსა ათას ოთხას ოცსა სიძვის სენმა ავნო ხორცსა.
21. იგი კვალად ერთმა გადაყრუებულმა მაგისტრმა შეცვალა, აბუეტო ბენტერამ, და მან ყმაწვილსა წააკითხა ჰუგუციო, ბერძნული ენა ებერარისა, დოქტრინალი, ნაწილნი მეტყველებისანი,
22. Quid est, Supplementum, სააბდაუბდო, მარმოტრე, De moribus in mensa servandis, სენეკას De quatuor virtutibus cardinalibus, პასავანტისა cum commento.
23. დღესასწაულისა ჟამსა კი Dormi secure და კიდევ ცოტამატა ესევითარი რამ, რისა გამოც გარგანტუა ისერიგად ჩავარდა ჭკუაში, რომ, ტყუილია, იმასთან სუყველას კოჭი მოგვისხლტება.
24. „აღნიშნულობისა ხერხთათვის“ (ლათ.). „აღნიშნულობისა ხერხთათვის“ არა არს მეცნიერება (ლათ.).
25. აქ ჩამოთვლილია იმდროინდელი სასკოლო სახელმძღვანელოები: ჰუგუციო პიზელის (XIII ს.) ლათინური ლექსიკონი;
26. ებერარ ბეტიუნელის (XII ს.) „ბერძნული ენა“, ალექსანდრე ვილდიელის (XIII ს.) „სწავლანი ვაჟთათვის“ („დოქტრინალი“) ‒ გრამატიკული თხზულება;
27. „ნაწილი მეტყველებისანი“, „რა არს?“ (ლათ.) ‒ კატეხიზმოსებური რომელიღაც სახელმძღვანელო;
28. „დამატებანი“ (ლათ.). სულპიციო დევეროლის ტრაქტატი (XV ს. მეორე ნახევარი) „რაგვარ უნდა გვეჭიროს სუფრაზედ თავი“ (ლათ.); „ოთხი მთავარი სიქველისა გამო“ (ლათ.).
29. ფლორენციელი იაკოპო პასავანტის (XIV ს.) კალამს ეკუთვნოდა წიგნი „სარკე ჭეშმარიტი მონანიებისა“;
30. dormi secrure „იძინე მშვიდად“ (ლათ.) ‒ ქადაგებათა კრებული (სახელწოდება ნიშნავდა, რომ ამგვარი კრებულის პატრონს, მღვდელსა თუ მოძღვარს, ქადაგებათა შეთხზვით თავი არ უნდა შეეწუხებინა და მშვიდად სძინებოდა).
16
1. XV. ვითარ მიაბარეს სხვა გამზრდელთ გარგანტუა
2. ამაობაში მამამ ისიბრძნა და გულისხმაყო, რომ ძე მისი სწავლითა მართლაც ბევრსა სწავლობდა, მაგრამ ცოდნისა ბევრი არა ეტყობოდა რა, და ის კი არა, გაშტერდა, აზრი წაერთვა, თანდათან სულ უფრორე ბნდუ და ჭკუადაფანტული ხდებოდა.
3. გრანგუზიემ ამისა გამო დონ ფილიპე დე მარეს შესჩივლა, პაპელიგოსას ქორიკოზსა, ანუ ხელმწიფის მონაცვლესა, და იმანაც სიტყვა არ დაუჭირა, სჯობს კაცმა სწავლაზედ სულაც ხელი აიღოსო, უთხრა, ვინემ ემაგისთანა წიგნთ ჩასჩიჩინოს და ეგევითარ მოძღვართ დაემოწაფოსო,
4. ‒ რახან საქმემ მოიტანა, ‒ განაგრძო ქორიკოზმა, ‒ უხმე აწინდელთაგან რომელსამე ჭაბუკსა, ვისაც ორ წელიწადზედ მეტი არ უსწავლია
5. გრანგუზიეს ჭკუაში დაუჯდა, კარგი აზრიაო, ჰრქვა და თანხმობა განუცხადა.
6. საღამოთი, ვახშმობისა ხანსა, მოვიდა ზემორეხსენებული დე მარე, თან ერთი ყმაწვილი მოიყვანა, თავისი პაჟთაგანი, ვილგონჟიელი ევდემონი, კოხტად თმადავარცხნილი, მორთული, ვარაყადწმენდილი, ზრდილი, ადამიანიშვილზედ მეტად ანგელოზსა შენამსგავსი,
7. ‒ ყრმასა ამასა რომ უყურებ, ჯერეთ თორმეტისაც არ გამხდარა.
8. ვნახოთ ერთი, ვის მეტი გაეგება, იმ ძველ ცრუპენტელა გამზრდელთ თუ აწინდელსა ყმაწვილობასა.
9. გრანგუზიე ყაბულს გაუხდა და პაჟსა უბრძანა, დაიწყეო.
10. მაშინ ევდემონმა დასტური სთხოვა თავის ბატონსა, ხელმწიფის ნაცვალსა, ქუდი დაბღუჯა და წამოდგა, სახეგაბადრულმა ალალი მზერა მოწიწებრივ მიაპყრო გარგანტუასა, გახსნა მეწამულნი ბაგენი და ბალღური კრძალვითა აქო და ადიდა, ცათამდე აიყვანა იგი;
11. ჯერ ერთი, სიქველისა და სიმშვიდისათვის, მეორეც, განსწავლულობისათვის, მესამეც, კეთილშობილებისათვის, მეოთხეც, თვალტანადობისათვის, და თანაც ტკბილი სიტყვითა ჩააგონებდა, მამასა გამორჩეული პატივი უნდა მიაგო, რამეთუ შესაძლებელი არა დაგაკლო რა და გასწავლაო.
12. ევდემონმა მუდარითა შესთხოვა გარგანტუასა, შენს უერთგულეს მსახურად მიგულეო, რადგან ზეცასა აწ სხვასა არას ვევედრები, ოღონდაც ღვთისა შეწევნითა გაამო რამე და გასიამტკბილოო.
13. ამასა ყოველსავე კაფიად და ხმამაღლა წარმოთქვამდა ფრიად ნატიფი ლათინურისა ენითა და ხელთ ისერიგად იქნევდა, თითქოს თავად ზნეწვრთნილი ძველი გრაკქუსი, ციცერონი ანდა ემილიუსი ლაპარაკობსო და არა ნინველი ვინმე აწინდელი.
14. გარგანტუამ კი თავისა ჯერად ერთი ძროხასაებრ დაიბღავლა, თავ-პირი ქუდში ჩარგო, და ვით მკვდარსა სახედარსა არა დასძვრება რა, იმასაც კრინტი არ დაუძრავს.
15. გრანგუზიე ისე განრისხდა, კინაღამ იქავ სული გააფრთხობინა მაგისტრ აბუეტოსა.
16. მაგრამ ზემეორეხსენებულმან დე მარემ მჭევრი სიტყვითა დაითათბირა, და ისიც დაცხრა.
17. გასამრჯელოსა ნუ დაუჭერთო, ბრძანა, ღვთისმეტყველისა საკადრად ჩააცეცხლეთო, და ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიაო.
18. ‒ ისემც უქნია, ინგლისელსავითა გალეშილა და გამტყვრალა, ‒ წარმოთქვა გრანგუზიემ. ‒ მაშინ სულ იაფად გამოვალთ!
19. ოდეს მაგისტრი აბუეტო იქაურობას განშორდა, გრანგუზიემ ქორიკოზსა ჰკითხა, რას იტყვი, გარგანტუას მოძღვრად ვის მირჩევო, და ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ საქმესა ამას პონოკრატე გაუძღვებოდა, გამზრდელი ევდემონისა,
17
1. XVI. ვითარ გაამგზავრეს პარიზსა გარგანტუა, უზარმაზარსა ფაშატზედ ამხედრებული, და იმა ფაშატისგან ბოსეთისა ბუზანკალთა გაჟლეტა
2. ზედდატანებით ფაიოლმა, ნუმიდიისა მეოთხე მეფემ, გრანგუზიეს აფრიკით აახლა ერთი საზარლად დიდი და უშვერად მაღალი, აყლაყუდა ფაშატი, რომლისთანაც ჯერეთ არ გაჩენილა ქვეყნად და, სასწაულიაო, სწორედაც იმაზედ ითქმოდა (მოგეხსენებათ, აფრიკაში ყველაყა დია უჩვეულოა).
3. ტანითა ექვსი სპილოსოდენა იყო, ფეხთ თითნი ესხა, ვითარცა იულიუს კეისრისა სინიბსა, ყურთაც ისე აპარტყუნებდა, ვითა ლანგედოკურნი ვაცბოტნი და გავაზედ კი მცირე რამ რქა ამოსვლოდა.
4. ფერითა ამლაკი იყო, თეთრ-რუხად დაწინწკლული.
5. მაგრამ ყოვლისა უსაზარლესი მაინც კუდი ება: ლანჟეს ახლორე რომ წმინდა მარსის სვეტია, უმეტნაკლებოდ იმსისხო და იმასავით ოთხკუთხედი, და აწეწილი ძუა პურისა თავთავთ უგავდა.
6. უკეთუ კუდმა ამან გაგაკვირვათ, მაშ, აბა უფრორე გაჰკვირდებოდით, რომ გენახათ რამხელა დუმანი ჰკიდიათ სკვითურ ერკემალთ, თითოსა ოცდაათ ფუნტზედ მეტი, ანდა სირიულ ვერძთ,
7. თქვენ კი არცარა კუდი გიჩანთ და არცარა დუმა, თქვე უკუდო ამპარტავანნო, თქვენა!
8. ჰოდა, ფაშატი იგი სამ ხომალდსა და კიდევ ერთ ზარბუნაზედ შეესვათ და, ტალმონდუაში რომ ოლონია, იმა ნავთსაყუდელში ჩამოიყვანეს ზღვითა:
9. გრანგუზიემ თვალი შეავლო თუ არა, შესძახა:
10. ‒ როგორც გვენატროს, ისეა! ძე ჩემი მაგით წაბრძანდება პარიზსა და, ღმერთმანი, საქმე დამში მოვა, თავისა დროზედ ფრიად საჩინო მეცნიერი დადგება.
11. სწავლასა დიდი თავი უნდაო, სწორი უთქვამს პატარათავიან ხალხსა.
12. მეორე დღესა გარგანტუამ, მოძღვარმა იმისმა პონოკრატემ თავიანთ ქულფათიანად, და აგრეთვე ყმაწვილმა პაჟმა ევდემონმა თითო-თითო წასვლისა წრუტო კი არა, თხლაშო გადაჰკრეს, ვითარ წესია, და დამგზავრდნენ.
13. ამინდი კარგი დაუდგათ, მზიანი.
14. გრანგუზიემაც ამად თადარიგი დაიჭირა, და გარგანტუას ფერხთ მოგვი ჩააცვეს ყვითელი ფერისა, ბაბენი წუღას, ანუ სამოგვისა ფეხსაცმელსა რომ უხმობს.
15. მთელი გზა ორლეანამდის ღიღინ-ღიღინითა იარეს და სულ ჭამა-ყლაპვაში იყვნენ.
16. მერე ერთ ღურღუმ ტყეზედა ვლეს, სიგრძითა ოცდათხუთმეტი მილი იყო და სიგანითა ჩვიდმეტი მაინც იქნებოდა.
17. მას ტყესა შიგან ბუზანკალთა და ბუზალაკთ დაედოთ ბუდე, ავად ირეოდნენ, შავად გაჰქონდათ ბუვილი და გამწარებულნი ჰყავდათ საბრალო ფაშატნი, კარაულნი და ულაყნი.
18. გარნა გარგანტუას ფაშატმა სრულად თავისი ჯილაგისა ჯავრი სახელოვნად ამოიყარა და თან ისეთი რამ ხერხი იხმარა, რასაცა სულ არ ელოდნენ მწერ-მწურნი.
19. როგორც კი უწყებულ ტყესა მისცეს თავი და ბუზანკალნი დაეხვნენ, ფაშატმა კუდისა ქნევა ატეხა და იმდენი იქნია, ამა ქნევა-ქნევაში ბუზანკალთაც შავი დღე აყარა და ტყეც ზედ მიაყოლა.
20. გაუსვა და გამოუსვა კუდი, ხან წაღმა იქნევდა, ხან უკუღმა, ხან აღმა, ხან დაღმა, ხან სიგრძივ, ხან გარდიგარდმო და, ვით მთიბველმა ბალახი, იმოდენა უღრანი სულ ძირსა დასცა.
21. მრავლად რაღა თავი გაწყინოთ, ტყეც ამოაგდო და საბუზანკლოცა, იქაურობა კი გაატრიალმინდვრა.
22. გარგანტუას დია ეამა ხილვა ამისა, მაგრამ არ გაყინჩულა, ისე უთხრა თანამყოლთ, მორჩა, ამოწყდა ბუზეთ-ბოზეთიო, და იმ დღისა მერმე შეერქვა მხარესა მას ბოსეთი.
23. ჭამა-სმის საქმეც იქავ გაარიგეს, რწყილნი დახოცეს და სულ მწვადად ააგეს, დანაყრდნენ და დალაღდნენ.
24. ამა ამბისა კეთილმოსაგონრად აზნაურნი მოაქჟამამდე მიირთმევენ რწყილსა, გემრიელად ახრამუნებენ, აკნატუნებენ და ჭამითა ვერა ძღებიან.
25. მგზავრნი ბოლო-ბოლო ჩავიდნენ პარიზსა, და გარგანტუა ერთ-ორ დღესა განცხრომაში იყო, ტოლ-ამხანაგში ილხენდა, განისვენებდა და ჰკითხავდა, ვინა არიან აქა მეცნიერნი და თქვენებურნი უმეტეს პატივსა რომელ ღვინოსა სდებენო.
18
1. XVII. რარიგ მიაგო გარგანტუამ პარიზელთ დახვედრისათვისა და რაგვარ წარიტანა მან ღვთისმშობლისა ტაძრისა დიდ-დიდნი ზარნი
2. ორიოდ დღე რა განისვენეს, გარგანტუა ქალაქისა მოსახილავად გავიდა გარეთ, და ყველანი დიდისა განცვიფრებითა უჭვრეტდნენ,
3. რამეთუ პარიზში იმისთანა ხეტნი, ცეტნი და მოლაყრუნი სახლობენ, რომა მაოცარი ვინმე, მეძველმანე, ეჟვანასხმული ჯორი თუ მესაკრავე უფრორე მეტ ხალხსა შეჰყრიან იქა, ვინემ კარგი მქადაგებელი.
4. გარგანტუასაც ეგრევე აედევნენ და იმდენი სდიეს, გაიძულებულდა, რომ ღვთისმშობლისა ტაძრის კოშკთა ზედა ჩამომჯდარიყო და როს ძირსა თვალი გარდმოავლო ზღვასაებრ მოზიმზიმე ბრბოსა, ყოველთა გასაგონად დაიბაყბაყა:
5. ‒ ამ ოხერ-მამაძაღლთა ჰგონიათ, ჩამოსვლისასაც მოგვაგებს და დახვედრისასაცაო.
6. რახან აგრეა, ეხლავ სულ სასმელში ვაყურყუმელავებ, რა დროს დარიდება და ფარიზია!
7. და ჩაიცინა, თავისი უებრო საბიძალი გაიხსნა, ამოაძვრინა საფსმური და გადაახევა, მაგრამ რა გადაახევა: ორას სამოცი ათას ოთხას თვრამეტი კაცი, დიაც-ყმაწვილთ უკეთუ არ ჩავთვლით, ერთობლივ ამოახრჩო.
8. მუხლისა სიმკვირცხლისა წყალობითა მხოლოდ ზოგ-ზოგიღა გადაურჩა დიდროას, ანუ ფსელდიდობასა იმასა,
9. და ოდეს ისინი უნივერიტეტისა ზედა მხარესა განშორდნენ პირზედ ოფლგადამდინარნი, გულამოვარდნილნი და სულთქმაშეკრულნი, ფურთხვა-ქოშინით მოჰყვნენ ზენაარსა და ფიცილსა, ვიეთნი ‒ წყრომით, ვიეთნი კიდევ ‒ სიცილითა:
10. ‒ პირდაქცეულმა მიყოს პირი, თუ კოკა არ იყოს ჭეშმარიტი, ზედაც შეჰხმობია, ვინცა ტყუილი წართქვას, ლუსკუმისა მადლმა, po cab de bious, das dich gots leiden shend, pote de Ghristo,
11. წმინდა კენეს წიაღსა ვფიცავ, ღმერთო, შენი სახელისა ჭირიმე, წმინდა ფიაკრ ბრიელისა ლხენამა, წმინდა ტრენიანს ვენაცვალე, წმინდა ტიბოა მოწმე, საუფლო დღისა და შობისა მადლმა, ჩემი თავი ჯანდაბას, წმინდა მორსა ვფიცავ და წმინდა ქროდეგანგსა,
12. რომელსა შემწვარი ვაშლი დაუშინეს, წმინდა მოციქულსა ვფიცავ, ბილწელად სახელდებულსა, წმინდა ნასხამსა ვფიცავ გვამისასა, ტურფა სათნომყოფელსა შემოვევლე, კარგა მაგრა კი დაგვალტო ეგ რაღაც ოხრობა ფარიზია.
13. ის დღე იყო, და ქალაქსა მას შეერქვა ფარიზი, ანუ პარიზი, მანამ კი, ვითარცა სტრაბონი ბრძანებს (IV წგნ.), ლევკოთია რქმევია, ესე იგი, ბერძნულისა ენითა ფერთოვლა, ვინაიდან იქაურ დიაცთ ფერთოვლად უქათქათებთ ბარძაყნი.
14. და რადგან ქალაქის გარდარქმევისა ჟამსა ყველანი თავიანთ სამწყსოსა წმინდანთ იფიცებდნენ, რამეთუ პარიზელნი ჭრელი და არეული ხალხია, ბუნებით მარტო ჩინებულნი მერჯულენი კი არა,
15. ჩინებულნი ურჯულონიცა არიან და არცა ცუდმზვაობრობა აკლიათ, იოანინუს დე ბარანკოც იმიტომ ამტკიცებს (წგნ. De copiositate reverentiarum), სიტყვა პარიზელნი ბერძნულ პარეზიანესაგან წარმოდგება და ენაჭარტალობასა ნიშნავსო.
16. შემდგომ გარგანტუამ ტაძრისა კოშკთა ზედა ჩამობმულნი დიდრონნი ზარნი გასინჯა და დია ხმატკბილად ჩამორეკა.
17. ამა რეკვარეკვაში კი ფიქრმა გაჰკრა, მოდი, რაც არი, არი, ჩამოვხსნი და ფაშატსა ჩემსა ზარაზინთა წილ დავკიდებო;
18. ფაშატი სწორედ იმჟამად მამასთან უნდა გაეგზავნა არცათუ მცირე ბრიული ყველითა და ნედლი ქაშაყითა დასაპალნებული, და რაკი ერთი იაზრა, ზარნი უნდა ჩამოვხსნაო, ქმნაც არ გასჭირვებია, ადგა და თან წარიტანა.
19. სად იყო, სად არა, ზედ იმხანად პარიზსა წმინდა ანტონის ორდენის შაშხ-აპოხტისა კომანდორი ეწვია ღორისა ხორცისა მოსაშოვებლად.
20. ჩუმ-ჩუმად ზართა ხელში ჩაგდებასა ისიცა ეპირებოდა, რათა შორითვე აეტეხა ხოლმე რეკვა და ემცნო, მე მოვდივარ, კომანდორიო, და გლემურძი საოსტიგნოში შიშითა წინწინ ათიმთიმებულიყო, ვაჰმე, ჩემდა წასაღებად მოდიანო;
21. მაგრამ კაცი იგი პატიოსანი იყო და ზართ ხელი აღაღო, და იმად კი არა, რომ ნამუსმა არ გაუჭრა, არამედ ფრიად ემძიმა და ვერ მოერია.
22. ოღონდ ამა კომანდორსა ნუ აურევთ ბურგელ კომანდორში, რომელიცა ოჩხუმია ჩემი.
23. და ქალაქი სრულად ფეხზედ დადგა, აირდაირია, რამეთუ კარგად იცით, რა მაშფოთარნიც არიან აქაურნი:
24. სხვაგნებურთ ტყუილად როდი უკვირთ მრავლისა მოთმინება, ანუ, მართალი თუ გინდათ, სიყეყეჩე ფრანგთა ხელმწიფეთა, რომელთა თვალწინაც დღეყოველ ათასი რამ ოხრობა ხდება და ისინი მაინც ბევრსა არასა ღონობენ ავისა და ბოროტისა აღსაგველად.
25. ოჰ, ნეტავი ერთი მაცოდინა, სად იყრიან თავსა მწვალებელნი და ბოროტგანმზრახნი ესე, ავდგებოდი და ყოველსა ვამხილებდი წინაშე ჩემისა მრევლისა ძმათა ერთობისა!
26. ჰოდა, ტყვია მომხვდეს, თუ ტყუილსა ვამბობდე, იხუვლა ამოდენა გაცოფებულმა ხალხმა და მიაწყდა სორბონსა, სად მაშინ მისანი იდგა (აწ უკვე იქ არღა მყოფობს) ლევკოთიასი.
27. მისანსა მას ყოველივე წვლილად აუხსნეს და მოახსენეს უჯეროვნება ზართა მიმძლავრებისა.
28. მერმე, როს ყველაფერი pro და contra აწონდაწონეს შესაბამისად Baralipton-ის ფიგურისა, ადგნენ და გადაწყვიტეს,
29. მოდით, გარგანტუას საღვთისმეტყველო ფაკულტეტისა უხუცესი და ღირსებული წარმომადგინებელი წარვუგზავნოთ და ვაუწყოთ, რა უაღრესი უჯეროვნებაც მოჰყვა ზართა დაკარგვასაო.
30. და თუმცა ზოგ-ზოგნი მოღვაწენი უნივერსიტეტისა ამტკიცებდნენ, რწმუნება ესე ღვთისმეტყველზედ მეტად რიტორს შეშვენისო, მაგრამ არჩევანი მაინც ღირსადპატივდებულ მაგისტრ იანოტუს დე ბრაგმარდოზედ მიიტანეს.
31. თავო ღვთისაო (გასკ.), უფლისა ვნებავ, არრისა გრცხვენის (გერ.), ქრისტეს თავო (იტალ.).
32. „უმეტესი კრძალვა- მოწიწებისა გამო“ (ლათ.). ასეც და ისეც (ლათ.).
19
1. XVIII. ვითარ წარუგზავნეს გარგანტუას იანოტუს დე ბრაგმარდო დიდრონ ზართა გამოსართმევად
2. მაგისტრმა იანოტუსმა ქოჩორი იულიუს კეისრისდა დარად გადაივარცხნა, თავზედ ღვთისმეტყველისა სარქმელი დაირქვა, ღენდერსა, ანუ სტომაქსა კარგაძალი კომშისმურაბიანი ღვეძილი ჩააყარა, მარანში ნადგომი ნაკურთხი წყალი დააყოლა და გარგანტუასკენ მიმავალ გზასა გაუდგა,
3. თანაც წინ მანდატრუნი გაიძღოლა, სამნი, თავპირწამოჭეხებულნი, რომელთა გადაკიდებასა მტერთაც არ ვუსურვებ, უკან კი ხუთიოდ ცალმოგვი მაგისტრი აიდევნა, არცარა დიდსაჩინონი და ერთი-ერთმანეთზედ მურდალნი.
4. შესავალთან პონოკრატე გამოეგებათ, და იგი ფრიად განაცვიფრა ამა ხალხისა შესახედაობამ;
5. ბოლოს იფიქრა, ალბათ ბერიკებრ საცთური სამოსელი აცვიათო, და ზემორეხსენებულ მაგისტრთაგან ერთ-ერთ ბელადსა ჰკითხა, რა არის, რას ნიშნავს სახიობა ესეო.
6. რა არი და, ზარნი დაგვიბრუნეთო, მიუგო იმან პასუხად.
7. ამისა თქმა იყო, და პონოკრატე გარგანტუას გასაფრთხილებლად გაეჩქარა, რათა იმას წინწინ სცოდნოდა, რა პასუხიც უნდა გაეცა, და საქმნელიცა მყისვე გადაეწყვიტა.
8. ყოველივე რა იუწყა, გარგანტუამ განზედ გაიხმო მოძღვარი თვისი პონოკრატე, სახლთუხუცესი თვისი ფილოტომიუსი, მეჯინიბეთუხუცესი თვისი გიმნასტი, მერმე ევდემონსაც მოუწოდა და სუყველას ერთად რჩევა ჰკითხა, რა ვქნა, რა ვიღონო ან რა მივუგოო.
9. ცოტა ითათბირეს თუ ბევრი, ყველანი ერთ აზრზედ დადგნენ, ჯერ არს, რომ სტუმარნი საოსტიგნოში დავსხათ და ღვინო საკადრად ვასხათო.
10. ხოლო რა არი იმ ყრანტ ბებერსა არ ეტრაბახნა, თუ მე არა, ზართ არავინ მოგვატიელებდაო, ადგნენ და, ვინემ ის განცხრებოდა, ქალაქისა პრეფექტისა, ფაკულტეტისა მოძღვართმოძღვრისა და ქორეპისკოპოსისა მოსაყვანად კაცი აფრინეს,
11. შემდგომ კი ნება ვუბოძოთ და დიდებული სიტყვა თვისი ხსენებულ პირთა წინაშე წარმოთქვასო.
12. მართლაც, როს ყველანი შემოკრბნენ, ღვთისმეტყველი ხალხით გაჭედილ დარბაზში შეაბრძანეს და იმანაც ხველებ-ხველებითა მოხსნა გუდასა პირი.
20
1. XIX. სიტყვა მაგისტრ იანოტუს დე ბრაგმარდოსი, ოდეს მან ზართა დაბრუნება სთხოვა გარგანტუასა
2. ‒ უჰუ, უჰუ, ჰმ! Mna dies, მოწყალეო ხელმწიფევ, mna dies, et vobis, მოწყალენო ხელმწიფენო!
3. რა კარგი იქნებოდა, ზართა ჩვენთა რომ დაგვიბრუნებდეთ, რამეთუ დია გვიჭირს უმაგათოდ!
4. უჰუ, უჰუ, ქხჰ! დრო იყო, დიდძალ ფულადაც არ დავუთმეთ ეგენი კაორელ ლონდონელთ, აგრევე არცა ბრიელ ბორდოელთ, რომელნიცა წარმატებულნი იყვნენ მაგათი ელემენტური ანაგობისა სუბსტანციური ღირსებანითა,
5. რაიცა დაფუძნებულია თავად სარეკელთა კვიდიტატიური ბუნებისა ქვეყნიურობაზედ, და შემძლებლობა, ამა ღირსებათაგან შობილი, განფანტავს ჰალოს მთვარისასა და განარინებს სტიქიონსა ვენახთა ჩვენთა, ანუ არა ოდენ საკუთრივ ჩვენთა, არამედ გარემომდებარეთა.
6. არადა, ჩასაცეცხლავი თუ გაწყდა, მამულსაცა თვალი დაუდგება და ნამუსსაცა.
7. უკეთუ აჯასა ჩემსა შეისმენთ, როჭიკად ორ ადლ კუპატსა და ერთსაცა ჩინებულ საწმერთულსა მოვიბოჭავ საამებლად ბარკალთა ჩემთა.
8. სხვაგვარ, ვუწყი, ცარიელზედ დამსვამენ პირუმტკიცნი, ვინაც წარმომავლინა.
9. კარგ საწმერთულსა, domine, ღმერთმანი, არა სჯობიან რა et vir sapiens non abhorrebit eam!
10. ვაი, ვაი, რომ საწმერთული, ჩემი არ იყოს, ყოველსა კაცსა როდი აცვია!
11. ჩვარში ნუ გამომკრავთ, domine, თვრამეტი დღე ვირუდუნე, ვინემ ამა საბრძნოსა სიტყვასა ვისიბრძნებდი.
12. Reddite que sunt Cesaris Gesari, et que sunt Dei Deo. Ibi jacet lepus.
13. ღმერთთან სწორი სჯობს, დომინე, უკეთუ ვახშამსა ჩემთან ერთად მიირთმევთ in camera, ფუ ეშმაკსა, charitatis, nos faciemus bonum cherubin.
14. Ego occidi unum porcum, et ego habet bon vino.
15. კაი ღვინისაგან კი უხეირო ლათინურსა ვერ დააყენებ.
16. ესრეთ, de parte Dei, date nobis clochas nostras.
17. სრულად ჩვენი ფაკულტეტისა სახელითა ძღვნად მოგართმევთ sermones de Utino, utinam, დაგვიბრუნეთ სარეკელნი ჩვენნი.
18. Vultis etiam pardonos? Per Diem, vos habebitis et nihil poyabitis.
19. მოწყალეო ხელმწიფევ, o domine, clochidonnaminor nobi!
20. ჭეშმარიტად est bonum urbis, ყოველნი ისაკლისებენ.
21. უკეთუ ფაშატმა თქვენმა მოიხდინა ეგენი, მაშ ფაკულტეტიცა მოიხდენს ჩვენი, que comparata esi jumentis insipientibus et similis facta est eis psalmo nescio quo...
22. სადღაც ქარტისა ნაგლეჯზედ უნდა მეწეროს, et est unum bonum Achilles.
23. უჰუ, უჰუ, ქხჰ! ეხლავ დავაჭეშმარიტებ, რამეთუ უცილოდ უნდა გამატანოთ.
24. Ego sic argumentor: Omnis clocha clochabilis, in clocherio clochando, clochans clochativo clochare facit clochabiliter clochantes.
25. Parisius habet clochas. Ergo glus.
26. ჰა-ჰა-ჰა! თქმა უნდა, ბატონო, თქმა! სწორედ in tertio prime.
27. გამოდის, შესაბამისად Darii. ანდა კიდევ სხვამებრ.
28. დრო იყო, ღვთისა მადლმა, ენაზედ ჭალი არ წამომედებოდა, კაცი ვერ მაჯობებდა დავა-კამათში, ახლა კი, რა ვქნა, ვატყაჭუნებ, ძველი წისქვილივითა ვროხავ, და, მიწამ მიყოს პირი, უკეთუ რამის მოწადინე ვიყო, თვინიერ კაი ღვინისა და რბილი ლოგინისა.
29. ზურგსა ცეცხლი ეცხუნება, მუცელსა ‒ ტაბლა, ზედ ჩაყრილი ჯამი და იმისი ჯანი!
30. ეჰ, domine, გეაჯებით, in nomime Patris et Filii et Spiritus Sancti amen, დაგვიბრუნეთ სარეკელნი ჩვენნი, და აგრემც მამაზეციერმა და დედაზეციერმა გიხსნათ ყოვლისა სენისაგან,
31. verum enim vero, quando quidem, dubio procul, edepol, quoniam, ita certe, meus Deus fidus.
32. რაღა უზარო ქალაქი და რაღა უარგნო ბრმა, საძუეამოუდებელი კარაული, ანდა უზანზალაკო ფური.
33. ვინემ არ მოგვცემთ ზართა ჩვენთა, დღენიადაგ ღაღადვყოფთ, ვითარცა ბრმა არგანდაკარგული, ვიყროყინებთ, ვითარცა კარაული უსაკუდრო, ვიზმუვლებთ, ვითარცა ფური უზანზალაკო.
34. ერთმა მავანმა მელათინურემ, სასნეულოსა ახლორე მსახლობელმა, ერთხელ შაირთამთხზველ პანტანუსისა ლექსნი მოიშველია, ერისკაცისა, ‒ დასწყევლის ეშმაკი, პონტანუსი უნდა მეთქვა, ‒
35. და ინატრა, ნეტავი თავად ზარნი ბუმბულისა ქნა, ხოლო დასარეკი ენანი მელისა კუდისაო, ვინათგან ზართა ზრიალი თურმე ტვინსა სტკენდა, ოდეს თვისთა შაირლექსთა თხზავდა.
36. ინატრა და, დედაც ეტირა. რის ბუმბული, რა მელიაო, მწვალებლისა მყვარებელიცა მწვალებელიაო, სარწმუნოებისა განმწვალებლად შერაცხეს.
37. ეგრეა, ბატონო, ჩვენში სარეკელთ ვრეკავთ, ვრეკავთ და მწვალებელთ წიწილებსავითა ვჩეკავთ.
38. ამისა შემდგომ კი, ვითარ ნათქვამია: თავისუფალი ბრძანდებით, მოწმეო!“
39. Valele et plaudite. Calepinus recensui.
40. დილა მშვიდობისა (ლათ.). მშვიდობისა, თქვენცა აგრეთვე (ლათ.). უფალო ჩემო (ლათ.). და კაცი ბრძენი არა მოიძულებს (ლათ.).
41. მიეცით კეისარსა კეისრისა და ღვთისა ღმერთსა. აი ყოვლის უკეთესი საბუთი (ლათ.).
42. სამადლო ვანსა შინა, ფუ ეშმაკსა, ერთი გემრიელად შევუბერავთ, ღორი უკვე წავასაკლავე, კაი ღვინოსაც ვიშოვნი (შერყვნილი, მაკარონიკული ლათინური შუა საუკუნეებისა ‒ რედ.).
43. იწამეთ ღმერთი, დაგვიბრუნეთ ზარნი ჩვენნი (შუა სკ. ლათ.). ქადაგებათა წიგნსა უდინისას, ოღონდაც (შუა სკ. ლათ.)
44. განტევება გსურთ? ღმერთმან იცის, შეგინდობთ და თანაც ფასისა გამოურთმევლად (შუა სკ. ლათ.)
45. უფალო ჩვენო, გაგვაზარიანე (ლათ.). ქალაქისა საკუთრებაა (ლათ.).
46. რომელიცა შეიმსგავსეს ჭაკთა უგუნურთა და იგიცა გაუტოლდა იმათ. იხილე ფსალმუნი, არკი ვუწყი, რომელი (ლათ.). რაიცა დიდებული აქილევსია (შუა სკ. ლათ.).
47. ისე არ გეგონოთ, საბუთიანად ვსჯი: ყოველი სარეკელი დასარეკელი, რეკვა-რეკვით გასასარეკლებელი, სამრეკლოზედ ისარეკლებს და გასასამრეკლოებელ სამრეკლოსაცა გაასამრეკლოებს.
48. პარიზსა შინა არს სარეკელნი, რაიცა უნდა ცხადმეყო (შუა სკ. ლათ.). პირველი ფიგურისა მესამე მოდუსისამებრ (ლათ.).
49. სახელწოდება ამ მოდუსისა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისაითა, ამინ! (ლათ.). ნუმც დასრულებულა მეუფება უფლისა, ამინ! (ლათ.).
50. გარნა სხვებრ, ვინათგან, უსაეჭვოდ, პოლუქსისა მზემან, ოღონდ, ვინიცობაა, ღმერთია მოწმე (ლათ.). მშვიდობით და დაგვიტაშდით. მე, კალეპინო, შესწორებასა მოვრჩი (ლათ.).
21
1. XX. ვითარ წარიტანა ღვთისმეტყველმა თვისი სკლატი და ვით წაედავა დანარჩენ მაგისტრთ
2. რა გაასრულა ღვთისმეტყველმა სიტყვა თვისი, პონოკრატესა და ევდემონსა იმისთანა გულიანი ხარხარი აუტყდათ, ფეხზედ ძლივს იდგნენ და მუცელნი ხელითა ეჭირათ ჩაბჟირებულთ, ‒
3. სწორედ ისევე, ვითარცა კრასუსი ჩაბჟირდა, ოდეს კუროსთავისა მკვნეტელი ვირი იხილა, ანდა ფილემონი რომ კინაღამ სიცილით გაიგუდა, რაჟამსა სადილზედ დასაყოლებელი ლეღვი სახედარმა შეუთქვლიფა.
4. იმათ შემყურესა, მაგისტრ იანოტუსსაც სიცილი წასკდა, თანაც არავინ უწყის, ვინ უფრო ხაფი ხმითა იცინოდა, ‒ და, ბოლოს, სუყველას ცრემლი მოერია, რამეთუ ესდენ ლაყლაყში ტვინისა ნივთიერებას თვალისა წყალი წარმოსდინდა, იდინა და სახედველთა მგრძნობელ ძარღვთ მიადგა.
5. რაღა ბევრი გავაგრძელო, ზედგამოჭრილი გაჰერაკლიტებული დემოკრიტე და გადემოკრიტებული ჰერაკლიტე დაგიდგრებოდნენ თვალწინ.
6. როს ყოველთ სიცილითა გული იჯერეს, გარგანტუამ შინაკაცთ რჩევა ჰკითხა. აწ როგორღა მოვიქცეო.
7. როგორ უნდა მოიქცე და, პირმეტყველსა მაგასა ერთხელ კიდევ ჩავაცეცხლოთო, განსაჯა პონოკრატემ, მერმე კი, რახან თავად სონჟეკრეს უკეთესად შეგვაქცია და გაგვართოო,
8. ჩვენცა ავდგეთ და წეღან რო თავის მხიარულ სიტყვაში ახსენა, ვუწყალობოთ ის ორი ადლი კუპატი და კიდევ საწმერთულიო, სამასი დიდრონი მორი, ოცდახუთი კასრი ღვინო, ქვეშაგები თავისი სამი ხელი ყურთუკის დოშაკითა და ერთიცა კარგა დიდი, უძირო ფილჯამიო,
9. მოკლედ, ნურაფერს ნუ დავუჭერთ, რისა დამჭირნეობაცა ამ სიბერისა ჟამსა გასჩენია, როგორაც თავად უბნობსო.
10. მართლაც, ადგნენ და ყოველივე უწყებული უკლებლივ უწყალობეს, თვინიერ საწმერთულისა, რამეთუ გარგანტუა საგონებელში ჩავარდა, აბა ეგრე იჩქითად სად მოვუძიოთ საწმერთული შესაფერი ზომისა ამ სიტყვამშვენიერსა და კაი დედმამიშვილსაო.
11. თანაც გარგანტუამ კარგად არცა უწყოდა, რანაირი უფრო ეკადრებოდა მაგისტრსა:
12. უკან ჩასახსნელი, ასაწევ-დასაწევი ხიდისნაირი, რაიცა კარში გასვლასა უადვილებს ადამიანსა, თუ ზღვაზედა ჩასაცმელი, საფსმელად საადვილო, ანდა შვეიცარიული, პაღვისა სათბუნებელი, თუ ჩაქიანი, წელისა საგრილებლად.
13. აკი ამად ბრძანა კიდეც საწმერთულისა წილ მჭევრსა ამას შვიდი წყრთა შავი სკლატი და სამი წყრთაც თეთრი სასარჩულე მიუბოძეთო.
14. შეშა შინ მებარგულთ წაუღეს;
15. კუპატი და ფილჯამი იმ ცალმოგვ მეცნიერ-მაგისტრთ დაიჭირეს;
16. მაუდი თავად მაგისტრმა იანოტუსმა წარიტანა.
17. ამის დამნახავმა ერთმა ხსენებულმა მაგისტრთაგანმა, სახელად ჟუს ბანდუიმ, ლამის თავი მოიკლა ‒ ღვთისმეტყველსა არცა უხდება და არცა შეშვენის სკლატისა ხელთ ჭერაო, და მიუთხრო, ჩვენ მოგვეცი, ბატონო, ჩვენ წამოგიღებთო.
18. ‒ ჰაი, შე ჩუტრუკო, შენა! ‒ შეუძახა იანოტუსმა.
19. ‒ განსჯისა თავი არა გაქვს in modo et figura, გეტყობა, სულ წყალში ჩაგეყარა წინათგანზრახვანი და Parva logicalia! Panus pro quo supponit? ‒ Confuse et distributive, ‒ მიუგო ბანდუიმ.
20. ‒ მე იმას კი არ გეკითხები, ჩუტრუკო, quo modo supponit, არამედ pro quo.
21. რაღა თქმა უნდა, ჩუტრუკო ‒ pro tibiis meis, მაშასადამე, სკლატიანი ამად გახლავარ, egomet, sicut suppositum portat adpositum ‒ და მან ქურდულად წააცუხცუხა სკლატი, ვითარცა პატლენმა.
22. თუმცა საქმე ამით არ გასრულებულა.
23. ყრანტმა ბებერმა ერთხელ კიდევ გულმარიხიანად მოითხოვა სირცხვილეულთა საფარველი და კუპატი სორბონისა საერთო სხდომაზედ, მაგრამ ეგრევე მტკიცე უარი სტკიცეს, ვითარ ვიუწყეთ, გარგანტუასგან უკვე ყოველი გებოძაო.
24. მაგისტრმა იანოტუსმა ქვა ააგდო, უკეთუ მებოძა gratis.
25. მებოძა გარგანტუას გულუხვობისა წყალობითა, რაიცა სორბონელთ აღთქმულისა აღსრულებისგან არ განთავისუფლებთო.
26. არცა ისინი დაბნეულან, რაღა ვირისა თავ-ფეხი გინდა, ძალიანაც მართალი სამართლითა გაგსწორებიანო, უთხრეს, ჩვენგან ტყუილად ნუღა-რას მოელიო.
27. ‒ მართალი სიმართლითა გამსწორებიან? ‒ შეჰბღავლა იანოტუსმა.
28. ‒ ვაი თქვენი სამართალი კი რა ვთქვი, თქვე ფლიდნო, თქვენა!
29. არა, თქვენებრ მზაკვარნი და ბილწნი სხვა არცვინ მეგულვის ქვეყანაზედ.
30. თქვენი მოსაღორებელი რა მჭირს?
31. ერთად მაინც არ გვეოხრა და არ გვემამაძაღლა!
32. წავალ და, ტყირპი შემახმეს, თუ თავად ხელმწიფესთან არ დაგასმინოთ, რაც განგიზრახავთ და რა უსჯულოებასაცა სჩადიხართ.
33. აი ნახავთ, თუ არადა, კეთრსაც შევუჭამივარ, ცოცხლად დაგბუგავენ, ვითა მამათმავალთ, ბოროტისა შემამთხვეველთ და მაცთუნებელთ, თავად ღვთისა და სათნოებისა მგმობელთ!
34. ამა სიტყვათა გამო ადგნენ და უჩივლეს, გაგვლანძღა, თავლაფი დაგვასხაო.
35. იმან კი, თავის მხრით, იმდენი ქნა, საქმე არ გაარჩევინა და გადაატანინა.
36. რაღა ბევრი გავაგრძელო, დავა-კრტიმლობა გაჯანჯლდა და დღესაქამომდე გაცუდმადდა;
37. სორბონელთ პირი შეკრეს, რახან ესევითარი რამ შეგვემთხვა, პირი აღარ დავიბანოთო, ხოლო იანოტუსმა და ძმათა მისთა ერთმანეთს შეჰფიცეს, ცხვირსა მანამ ნუ მოვიხოცავთ, სანამ საბოლოო მსჯავრსა არ გამოიტანენო.
38. აღთქმისაებრ ისინი მოაქჟამამდე პირუბანელნი და ცხვირმოუხოცელნი ვლიან, რადგან განსამართლებულ საქმესა ჯერაც ბოლო არ უჩანს.
39. განჩინებასა, ეტყობა, უახლოეს ბერძნულ კალანდებსა, ანუ როდინობისა კვირას
40. მოაყოლებენ, ‒ აბა, რა გესწავლებათ, უჩემოდაც კარგად უწყით, მსაჯულნი გინა ბუნებაზედ იმძლავრებენ და გინა თავიანთ საკუთარ სჯულთა ზედა.
41. პარიზულ სამართლისა წიგნთა თანხმობით მხოლოდ ღმერთია ერთი შემძლებელი უსაზღვროობისა.
42. ბუნება თავისდათავად არასა ქმნის უკვდავსა და ყოველსავე მოვლინებულსა ქვეყნად თავადვე უდებს ზღვარსა და განასრულებს, რამეთუ omnia orta cadunt, და კიდევ ბევრისა თქმა შეიძლება.
43. მაგრამ დასტურ უსასრულო და უკვდავია გუნებათაღლითიან კაცთაგან განსასჯელი დავა.
44. ესრეთ ისინი ამტკიცებენ ჭეშმარიტებასა ქილონ ლაკედემონელისა ნათქვამისასა, რაიცა ანდაზად იქცა დელფოელთა შორის: სიღატაკემ დავა იცის, ყოველნი მოდავენი კი ღატაკნი არიანო.
45. და, ალბათ, იმათ უფრორე მალე მოეღებათ ბოლო, ვინემ დავა დაუბოლოვდებოდეთ, და მართალი და მტყუანი გამოჩნდებოდეს.
46. შესაბამისად მოდუსისა და ფიგურისა (ლათ.).
47. მცირე ლოგიკალიები! რას შეიძლება მივუყენოთ სკლატი? ‒ უთავბოლოდ და არაპიროვნულად (ლათ.).
48. რარიგ მივუყენოთ, არამედ რას მივუყენოთ-მეთქი (ლათ.). ჩემთა წვივ-ბარკალთ (ლათ.).
49. ისევე, ვით სუბსტანციას ახლავს აქციდენცია (ლათ). უანგაროდ (ლათ.). რაცა გაჩენილა, უნდა მოისპოს (ლათ.).
22
1. XXI. ამბავი, თუ რასა იქმოდა გარგანტუა თვისთა სორბონელ მოძღვართაგან შედგენილი ცხრილისდა კვალად
2. ორიოდ დღისა შემდგომ ზარნი კვალად თავთავიანთ ადგილზედ დაჰკიდეს, და ესოდენი სულგრძელობისათვისა მადლიერებისა ნიშნად პარიზელთ კალთანი დააგლიჯეს გარგანტუასა, რაოდენსა ხანსაცა ინებებ, ფაშატსა შენსა ჩვენ შეგინახავთ და მოვუვლითო.
3. გარგანტუასა დიაღაც ეამა ესევითარი აზრი.
4. ისინიც ადგნენ და ბიერისა ტყეში წაიყვანეს ფაშატი იგი.
5. აწღა, ვგონებ, იქ აღარ უნდა ჰყავდეთ.
6. ამისა უკან გარგანტუა ფრიად წადიერი შეიქმნა გულმოდგინე სწავლისა პონოკრატეს ზედამდეგობითა, მაგრამ პონოკრატემ თავდაპირველად ისევ უწინდელი წესისა და რიგისა მიყოლა ურჩია:
7. შეტყობა სურდა, გარგანტუას ძველთა მოძღვართ ესდენ გრძელჟამიერად რა მოიღონისძიეს და რარიგ გახადეს იგი ახვირაკი, რეგვენი და უგბილიო.
8. ჟამი გარგანტუასი ისერიგად იყო განწესრიგებული, რომ გარეთ ნათელი იდგა თუ ბნელოდა, ჩვეულებითად მაინც დილის რვასა და ცხრა ჟამსა შუა იღვიძებდა,
9. ძალ-ღონისა მოსაკრებად მცირე რამ ხანსა ხელ-ფეხთ იქნევდა, ბუტრაობდა, კოტრიალობდა ლოგინში, მერმე წამოდგებოდა და, წელიწადის რა ჟამიცა იდგა, იმისდა კვალად შეიმოსებოდა,
10. მას უკანით თმასა ალმენის წმინდაკბილათი, ანუ თითებითა ივარცხნიდა, ვინათგან მოძღვარნი ნიადაგ ჩასჩიჩინებდნენ, სხვარიგად დავარცხნა, ბანება და გასუფთავება ფუჭად დროის დაკარგვააო.
11. შემდგომად კარში გადიოდა, შარდავდა, ახრანტალებდა, აბოყინებდა, აქუხილებდა, ამთქნარებდა, აპურჭყებდა, ახველებდა, ასლოკინებდა, აცხიკვებდა, ცხვირსა მთავარდიაკვანსავითა იხოცავდა და ბოლოს საუზმედ მოიკალათებდა.
12. საუზმეზედ კი, რათა არცა ნესტსა ევნო და არცა ქარჭვალსა განეწონა, მოჰქონდათ და მოჰქონდათ შეგბოლვილი გულ-ღვიძლი, მოხრაკული ხორცი, უებრო შაშხი, თითთა ჩასაკვნეტი ციკნისა მწვადი და კარგა ბლომად პურჩაბუჟბუჟებული შეჭამანდი.
13. პონოკრატემ სიტყვა შეაპარა, რაჟამსა საწოლიდან ადგები, ცოტადრე უნდა გაივარჯიშო, პირდაპირ საჭმელსა ნუ ეცემი ხოლმეო, გარგანტუას არ მოეწონა და გაუტრიზავა:
14. ‒ რაო? მე კიდევ გავარჯიშება მინდა?
15. სანამ ავდგებოდე, გვერდსა შვიდჯერ მაინც ვიცვლი.
16. ვითომ რა, ცოტაა? პაპი ალექსანდრეც ესევე იქმოდა ერთი ვინმე ებრაელი მკურნალისა რჩევითა და მტრისა ჯიბრზედ სიკვდილამდე იცოცხლა.
17. მე ესრეთ ჩემთა ძველთა მოძღვართ მიმაჩვიეს.
18. დილისა ლუკმა მახსოვრობას უხდებაო, უბნობდნენ ხოლმე, და როს საუზმედ დასხდებოდნენ, არცვის არ უცდიდნენ, ასხამდნენ და ეგრევე სვამდნენ.
19. რა ვქნა, ნუნუა არცა მე მწყინს და უფრო მადიანად გეახლებით.
20. მაგისტრი ტუბალი, უპირველესი ლიცენციატი პარიზისა, ბრძანებდა, საქმე ჩქარად რბენა როდია, საქმე ის არის, დროით გამოიქცეო.
21. ადამიანსაც უკეთუ ჯანისა სიმრთელე სწადის, მიწყივ იხვსავით კი არ უნდა სვას, საკმარისია, რომ სისხამზედვე გადაყლურწოს: Unde versus: მიდი, დილაადრიანად გადაუშვი მადიანად.
22. კარგა გამობუსკნული გარგანტუა ადგებოდა და ეკლესიისკენ გასწევდა.
23. უკან ვეება გოგროხათი მყის კონდაკსა დაადევნებდნენ, სქელსა, გაქონილსა საცალოში გამოკრულსა, რომელიცა ქონიან-საკინძურიან-ეტრატიანად, სულ ცოტა, თერთმეტ კვინტალსა და ექვს გირვანქას იწონიდა.
24. ეკლესიაში გარგანტუა ოცდაექვს ანდა ოცდაათსა წირვასა მოისმენდა.
25. ამაობაში თავიანთი კარისა მღვდელიც წამოადგებოდა, ერთობ ჩაფუთნული, ქოჩორა ფრინველსა მიმსგავსებული, რომელსა ფრიად ეხერხებოდა ზედაშეთი ყელისა ჩაწმენდა.
26. ყოველ ეკტენიასა იგი გარგანტუასთან ერთად ჩაარაკრაკებდა და თან ისერიგად დამარცვლავდა, ერთი რა არი, ერთ მარცვალსაცა ძირს არ დააგდებდა.
27. ოდეს გარგანტუა ეკლესიიდან გარეთ გამოვიდოდა, იქავ ერთ ურემ წმინდა კლავდიუსისა სავარდსა, ანუ კრიალოსანსა დაახვედრებდნენ.
28. სათვალავად ასხმული თვითეული მძივი სავარდის კაცის თავისა ოდენა იყო.
29. გარგანტუაც ვიდოდა წინ და უკან, შემოივლიდა სამზრუნველოს ეზო-ყურესა, დერეფანთა და მტილთა, ხელთ კრიალოსანსა აწკრიალებდა, და ამ სეირნობა-სეირნობაში იმდენ ლოცვასა ჩაითვლიდა, რაოდენსაცა თექვსმეტი მესენაკეც ვერ წარიტყოდა.
30. ამის უკან მცირედ უმცირეს ხანსა წიგნში ჩაიცქირებოდა, მაგრამ, იმ ერთი მასხარა-მახიობლისა არ იყოს, სული მისი სამზარეულოში ტრიალებდა.
31. მერმე დასათხევსა დაათხევდა და სადილად დაჯდებოდა,
32. ხოლო ბუნებითა რაკი ერთი ეჩემფეხება ვინმე იყო, გაგება აღარა ჰქონდა, ისე დააცხრებოდა ფელიკ-ბარკალთ, ბოლსა შიგან გამოყვანილ ენასა ხარისასა, ხიზილალასა, ძეხვსა და კიდევ ბევრ სხვა ჭამადსა, ღვინისა დასალევ-მოსანდომებელსა.
33. იქავ მუდამ ოთხნი მსახურნი იდგნენ და ოთხი ციცხვითა მდოგვსა აყრიდნენ პირში.
34. მას უკანითა, ჭაჭა-თირკმელნი არ გავიმიზეზოო, სულსა არ მოითქვამდა და წყალთაწყე თეთრ ღვინოსა შესვამდა.
35. შემდგომად ხორცსა მიირთმევდა, თანაცა წელიწადისა დროისდა კვალად არჩევდა, რაჟამსა რა ნაჭერი იყო გემრიელი, და ყბასა მანამ არ გააჩერებდა, სანამ მუცელი არ შემოებერებოდა.
36. სამაგიეროდ სმა წართვით იცოდა, არცარა წესსა უყურებდა რასმე და არცარა რიგსა.
37. მსმელისა საზღვარიო, იტყოდა ხოლმე, ის არისო, ოდეს თვალისა ჩინსა დაჰკარგავს, დაჟივდება და ფერხთსაცმლისა კორპისა ღაბაშნი შვიდი თითისა დადებაზედ დაუჯირჯვდებაო.
38. ამაო არს ადგომა უთენებლივ (ლათ.). ლექსადაც თქმულა (ლათ.).
23
1. XXII. თამაშობანი გარგანტუასი
2. მერმე გარგანტუა ძლივს წაილუღლუღებდა სამადლობელი ლოცვისა ორიოდ სიტყვასა, საყველაწმინდაოს გადაჰკრავდა, კბილთ ეშვისა ტანტრაბეჩით გამოიჩიჩქნიდა და, ღიზღიზისა გუნებაზედ დამდგარი, მსახურთ გაელაზღანდარავებოდა.
3. მსახურნი ძირსა მწვანე სკლატ-მაუდსა დაჰფენდნენ, ზედ მრავალთა უმრავლეს სათამაშო ქაღალდსა გაშლიდნენ, უთვალავ კამათელსა დაჰყრიდნენ და უამრავ დაფა-ფიცარსა ჩაარიგებდნენ კოჭთა სამორინოდ.
4. გარგანტუაც იდგა და თამაშობდა:
5. თულფობანასა, პირველობანასა, აღებობანასა, ქურდობანასა, გამარჯვებობანასა, გარჭობანასა, ასობანასა, ეკლობანასა, უბედურქალობანასა, მზაკვრობანასა, ათიანისა-გასვლასა, იწილო-ბიწილოსა, თაგვ-ფიშიგსა, გადაბრუნებულსა, გულნაკლულობანასა, კარისკაცობანასა, ქმარობანასა,
6. ყბედობანასა, ფულობანასა, ქორწილობანასა, კოჭინჭარასა, ეშმაკობანასა, ხელგაშლილობანასა, ოცდათერთმეტსა, პატიოსნობანასა, სამასობანასა, უბედურკაცობანასა, საჭივარასა, ტყუილობანასა,
7. ჭაპანწყვეტასა, დოყლაპიობანასა, ყომარსა, ბაყაყაობასა, ტომრაობასა, ძროხუჭაობასა, გურზაობასა, კეგლსა, ეკრა-ბეკრა-ხელსგაეკრასა, გაქვავებულსა, ორმოობასა, ვყიდი-შვრიასა, შეუბერე-მუგუზალსა, კუკუმალობასა,
8. ცოცხალ-მსაჯულსა და მკვდარ-მსაჯულსა, შამფურდაუწველობასა, მწყერობანასა, ცრუმასხარაობანსა, ცხრა-ცხრა-ქვაობასა, კუზლარა-კარისკაცსა, წრებურთსა, ქერიჭამიანობასა, ღორობანასა, ხახუნობანასა, რკალობანასა, სალაობასა, კეჭნაობასა, ქუდმურაობასა, ბორბალასა, ომობანასა,
9. ვადიდებთ-წმინდა-კოსმასა, ლაფტსა, თოკქვეშ-გახტომასა, გერობანასა, გამურვასა, ბატონობანასა, გამოცნობანასა, დავლაობასა, მკითხაობანასა, მისნობანასა,
10. წაგებით-მოგებასა, გასაღებობანასა, ხურდაობასა, ლუწ-კენტაობასა, ჩილიკაობასა, ცალხაზაობასა, ზემყრელოსა, ხოჭოობანასა, დიდმარხვასა, ფუნდურაობანასა, დაჰკა-ბურთსა, წრებურთსა,
11. იფრინდას-დაფრენასა, ქრცვინობანასა, ჩამოყაჭესა, ციხე-კოშკობანასა, კომბლობანასა, ბერობანასა, მგელობანასა, გრძელ-ჯორსა, მრგვალ-ჯორსა, ლახტაობასა, ჩალიჩსა, ციბრუტობანასა, აიწონ-დაიწონასა, საფრთხობელობანასა, კურკობანასა,
12. დედავმიშველაობასა, მშვილდოსნობასა, თავდარბენასა, დამფაობასა, შიგჭიდილასა, ძერაკორკოტასა, კუტლაობასა, ჯინკრაობასა, ანაკუა-ბანაკუასა, კურდღლაობასა, მეორე მეტიასა, მესამე მეტიასა, განჯაფასა, მარსელურ-ბრანწობანასა, კენჭაობასა, ჭადრაკსა,
13. მელა-ბატობანასა, ქალაქობანასა, ყურთბალიშობასა, თეთრ-ქალბატონობანასა, იღბლობანასა, ალჩუ-თოხანსა, ტაბლაობასა, მურაბობანასა, კოჭობანასა, ბორა-ბორასა, ნარდსა, ქორობანასა,
14. წრე-კაკუნაობასა, კოზალ-მოზალსა, უღმერთობანასა, ალაფობანასა, შაშსა, აპრუწუწუნსა, primus, secundus, დანაობასა, როგორც-მოხვალ-სვინაო-ისე-წახვალ-შინაოსა,
15. გაკვრა-ბურთსა, ხელი-ხელი-პრასუნასა, ხაზბურთსა, ციხისა-აღებასა, კედელბურთასა, გომბეშობანასა, ორკაპ-მუხასა, ოთურმასა, მგლისა-კუდსა, წაკუილობანასა, ჰილმენ-შუბი-მომაწოდესა, საქანელობანასა, თვალხუჭელასა,
16. კაკუნაობასა, ბუზობანასა, ბაწარმალვასა, ხამლობანასა, ბუობანასა, ბაჭიობანასა, ყლუპობანასა, გოჭობანასა, კაჭკაჭობანასა, მგელ-ჯიხვაობასა, მოზვრობანასა, ქინძისთაობანასა, აგანგალა-განგალასა,
17. ძიძგი-ძიძგი-მამალასა, თოხმათხოვესა, ვირს-ნალები-აჰყარესა, ჩხირაობასა, აჩუ-აჩუსა, ჩაქუქულასა, დახუჭობანასა, წვერ-ნეხვობანასა, წუღობანასა, დორბლიანობანასა, დაჭერობანასა, დოი-დოისა, ჩხირზედ-გადახტომასა, მალაყსა, რიკ-ტაფელასა,
18. ვირიღლეტაობასა, ჯუჯუმახეობასა, ქუდობანასა, ბინაბურთსა, მიპარვასა, ღორმუცელობანასა, შვრიისა-თესვასა, ქარწისქვილობანასა, სიკინჭილასა, ჭიტაკუკუსა, თავხტომელასა, ცხენსა-ვყიდი-ვინ-იყიდისა, გუთნისდედობანასა,
19. თოხობანასა, ჭოტობანასა, შეხლა-ბურთსა, გოთაობასა, სკუპდა-სკუპდა-გადასკუპდასა, ცხრახელაობასა, ხიდობანასა, მიზნობანასა, ყვავობანასა, მაძებრობანასა, მათხოვრობანასა,
20. ყავარჯნობანასა, ქულაობასა, კორაობასა, კოშლაობასა, თოხსაობასა, წკიპურტობანასა, საცრობანასა, ხიბლიხვანჯარასა, წვიმა-მოდის-თავს-უშველესა, დახლა-ბურთსა, ჰკა-მაგასა, ბრანწობანასა, ქუხილობანასა,
21. მდოგვობანასა, შეჯდომბურთსა, ჭაკუნსა, ქორაჯინჯილაობასა, კაკანათობანასა, ავადმყოფობანასა, ცოცხობანასა, მკვდარ-ნადირსა, ასკინკილასა, კიბეობანასა, უსულადო-გოჭსა, მტრედობანასა, მარილობანასა,
22. აფრინდა-აფრინდასა, საბან-ბუმბულაობასა, გუდურაობანასა, ჯაგსურბინასა, ყაჩაღობანასა, ზედადგრობასა, კაკლაობასა, ზარობანასა, იღირღილოსა, ყოჩაღობანასა, გატანბურთსა, ჯოხბურთსა, გვიმრობანასა, თულასა, წეროობანასა, ყვანჩალობანასა, ტოროლაობანასა.
23. თამაშობითა რა გაძღებოდა და ჟამსა თავისა გუნებისად გააცხავებდა, გაჰფიწლავდა და გაცხრილავდა, გარგანტუა ცოტაოდენსა კიდევ გადაყლურწავდა,
24. ‒ ერთბაშად თერთმეტსა ჩაფსა ჩაისხამდა, ‒ მერმე კი იქავ საბან-გობანზედ ანდა რბილ საგებელზედ გემრიელად წამოგორდებოდა და ორ საათსა ფეხსა აღარ გაანძრევდა, გულიანად ეძინა.
25. როს გამოიღვიძებდა, იდგა და მცირე რამ ხანსა თვალთ იფშვნეტდა.
26. ამაობაში ცივ-ცივ ღვინოსა მოურბენინებდნენ და ისიც ეგრევე მოიყარყარებდა.
27. ნამძინარევზედ ნუ სვამო, ჯანსა ვნებსო, შეაგონებდა პონოკრატე.
28. მე კი არა, წმინდა მამანიცა ესეგვარად ცხოვრობდნენო, სიტყვას შეუბრუნებდა გარგანტუა, თანაც იმთავითვე რაღაცნაირი მლაშე ძილი ვიცი, თითქო მთელი ღამე შაშხსა ვჭამდეო.
29. ამისა უკან იგი უნდომანდოდ ჩაუჯდებოდა გაკვეთილთ და უწინარესად ლოცვასა მოჰყვებოდა.
30. საქმეში ხელი არ მომეცაროსო, აურაცხელ კრიალოსანსა მოიმარჯვებდა, მოაჯდებოდა თავიანთ ბებერ ჯორსა, რომელიცა ცხრა დიდხელმწიფისა კარზედ იყო ნამსახური, და წავიდოდა, ჯიჯღვინითა და თავისა კანტურითა გასწევდა მახეში გაბმული კურდღლისა ამოსაყვანად.
31. შინმობრუნებული კი უცილობლად სამზარეულოში შეივლიდა, აბა, ვნახო, ერთი, შამფურზედ რა იწვის, რა შიშხინებსო.
32. იმან რო ვახშმობა იცოდა, იმისთანა, ღმერთმანი, ტყუილია!
33. მერე მარტო არ დაჯდებოდა, მოუხმობდა მეზობელთაგან თავისა ამფსონთ, მოისხამდა გვერდითა და სვამდნენ, ლათაიობდნენ;
34. ზოგსა ძველსა იგონებდნენ, ზოგსა ახალსა მოუბნობდნენ.
35. სახლისა წულნი და შინაკაცნი მისნი იყვნენ უფალნი დიუ ფუ, დე გურვილი, დე გრინიო და დე მარინი.
36. ვახშმისა შემდგომ კვლავ უანგარიშოდ მოჰქონდათ ხისა სახარებანი, ანუ კოჭთა სამორინე ფიცარნი, ანდა დასტა-დასტა სათამაშო ქაღალდი, თუ არადა, სადმე შორიახლო გოგოებში გაძვრებოდნენ და გზა-გზა არცა იქითობასა იკლებდნენ პურმარილსა, არცა აქეთობასა.
37. მერმე დაწვებოდა გარგანტუა და რვა საათამდის გვერდსა არ იცვლიდა. პირველსა, მეორესა (ლათ.).
24
1. XXIII. ამბავი, თუ რა იღონა პონოკრატემ, ოდეს გარგანტუასა არც ერთ ჟამსა უქმად არ აკარგვინებდა
2. უყურა პონოკრატემ, უყურა და რა ნახა, გარგანტუას ზნე-ქცევა არ უვარგაო, გარდაწყვიტა სხვარიგ, კეთილმეცნიერებითა განსწავლა იმისი, თუმცაღა პირველჟამად თავისა ნებაზედ მიუშვა, რამეთუ ჰგონებდა, ბუნება შეუძრწუნებლად ანაზდეულ ცვალებასა ვერ იტანსო.
3. საქმე რათამც წაღმა დატრიალებულიყო, ადგა პონოკრატე და ერთ იმჟამინდელ მკურნალსა, მაგისტრ თეოდორს მიადგა, ვინძლო გარგანტუა ჭეშმარიტ გზაზედ შეაყენოო;
4. მაგისტრმაც, წესისამებრ სამკურნალო სწავლისა, მიაღებინა გარგანტუას ანტიკირული შხამა, ანუ აპუნტრაკი და წამლითა ამით განუკურნა უდები ტვინი და განწმინდა ყველაგვარი სიბილწისაგან.
5. ესევითარივე ღონისძიებითა პონოკრატემ დაავიწყებინა გარგანტუასა ყოველი, რაც რამ უწინდელ მოძღვართ ესწავლებინათ, ‒ სწორედ ესეგვარად ექცეოდა ტიმოთეც იმ თავის მოწაფეთ, რომელნიცა წინათ სხვა მესაკრავეთაგან იწვრთნებოდნენ.
6. დასტურ მისაღწევად მიზნისა, პონოკრატემ იქაურ სწავლულთა და მეცნიერთა საზოგადოებას აზიარა გარგანტუა, რათა გვაჯითა და ბაძვითა სულიერად ამაღლებულიყო იგი და გასჩენოდა წადილი რუდუნებისა და გამოჩინებისა.
7. მერმე მან ისერიგად გაარიგა დრო საწვრთნელად, რომ გარგანტუასა ერთი ჟამიც უქმად არ ეკარგებოდა, დილით დაღამებამდისა დია გამოსადეგ ცოდნასა იყო დაწაფებული.
8. ადგებოდა გაცისკრებულისა ოთხ საათზედ და, სანამ გვერდებსა უზელდნენ, რამოდენიმე გვერდი უნდა მოესმინა საღმრთო წერილისა.
9. კითხვითა ხმიანად და მისახვდომად უკითხავდნენ გამორჩეული კაფია გამომეტყველებითა, რისთვისაც ერთი ყმაწვილი პაჟი ჰყავდათ დაქირავებული, სახელად ანაგნოსტე, ჩამომავლობით ბაშელი.
10. შინაარსი წაკითხულისა ხშირად ისე ზედმოქმედებდა გარგანტუაზედ, რომ იგი უცხო რამ მოწიწებითა და სიყვარულით იმსჭვალებოდა უფლისა მიმართ, ადიდებდა და ულოცავდა, რამეთუ საღმრთო წერილი თვალთა წინაშე უყენებდა ღვთის სიდიადესა და სიბრძნესა გამოუთქმელსა.
11. შემდგომ გარგანტუა კარში გადიოდა მოსასაქმებლად და, ვინემ ჩაცუცქული იყო, მოძღვარი ერთხელ უკვე წაკითხულსა ხელახლა უმეორებდა, უხსნიდა, რასაცა ვერ ჩაჰხვედროდა ანდა რაიცა გასძნელებოდა.
12. შინ გამობრუნებულნი ცისა სარტყელსა უთვალთვალებდნენ, რა დღეშიაო, ვითარ წუხელ იყო, ისეთივეა თუ არაო, და განსაზღვრავდნენ, მზე აწ რა ბურჯზედ აღმობრწყინდებაო და მთვარე რა ეტლს ამოჰყვებაო.
13. ამისა უკან გარგანტუასა ტანთ აცმევდნენ, თმასა უვარცხნიდნენ, უკეკავდნენ, უხუჭუჭებდნენ, სურნელთ აპკურებდნენ და სრულად ამ ხნისა განმავლობაში წინადღისა გაკვეთილთ ამეორებინებდნენ.
14. იგი ზეპირ უპასუხებდა და თან სულ იმის ცდაში იყო, შემთხვეულობამაგალითი რამ ცხოვრებისა მოემარჯვებინა.
15. ყველაფერსა ამას ორი-სამი ჟამი უნდოდა და ჩვეულებითად მაშინ თავდებოდა, ოდეს გარგანტუა უკვე გამოიკვანწებოდა.
16. მას უკანით სამ საათს უკითხავდნენ, ისიც იდგა და უსმენდა.
17. მერმე ჰაერზედ გადიოდნენ, გზა-გზა წაკითხულსა სჯიდნენ და სატანვარჯიშოდ ბრაკს მიაშურებდნენ ანდა სადმე გაიმინდვრებდნენ, ბურთსა გაიგდებდნენ, ჩოგანსა ამოჰკრავდნენ,
18. ძალასა აროდეს იტანდნენ, უნდოდათ ‒ ითამაშებდნენ, უნდოდათ ‒ არა, და უკეთუ ოდნავ გაიოფლებოდნენ ანდა დაიღლებოდნენ, უმალ თავსა ანებებდნენ ფუნდრუკსა.
19. ტანსა გულდაგულ შეიმშრალებდნენ, გამოიცვლიდნენ პერანგთ და სეირნობა-სეირნობითა სადილისა ამბისა გასაგებად გასწევდნენ, უკვე მზად არი თუ არაო.
20. საჭმლისა მოლოდინში კაფიეტად და გამომეტყველად ზეპირ უბნობდნენ, რაც კი იმ დღისა გაკვეთილით დახსომებოდათ.
21. უკანისად უფალი მადაც მობრძანდებოდა, და ყოველნი შესაბამჟამად მიუსხდებოდნენ ტაბლასა.
22. თავში ჯერეთ გარდასულ საგმირო საქმეთა ამბავსა რასმე ხმამაღლა წაიკითხავდნენ შესაქცევრად, და მანამ იკითხავდნენ, სანამ უფლისწული ღვინოს არ დაისხამდა.
23. უკეთუ მოინებებდნენ, კითხვასა მერმედაც განაგრძობდნენ, არადა მხიარულ ლაპარაკსა გააბამდნენ ერთმანეთში.
24. პირველ ორ-სამ თვესა თან იმის ახსნაში იყვნენ, რას რა თვისებრობა ჰქონდა, რა თვითება-თავისებურება, რა მარგებლობა და რისგან შექმნილიყო ყველაკა სუფრაზედ მირთმეული: პური, ღვინო, წყალი, მარილი, ხორცი, თევზი, ხილი, მწვანილი, ბულღო,
25. და არცა ის გამორჩებოდათ, რა კერძი რაგვარ უნდა განემზადებინათ.
26. გზა-გზა გარგანტუამ მცირე რამ ხანში დაისწავლა პლინიუსის, ათენეოსის, დიოსკორიდოსის, იულიუს პოლუქსის, გალენოსის, პორფირიოსის, ოპიანეს, პოლიბიოსის, ჰელიოდორეს, არისტოტელეს, ელიანეს და სხვათა წიგნთაგან შესაბამისად გამოკრეფილნი მუხლნი.
27. ემანდ რამე არ შეგვეშალოსო, მეინახენი ესეგვარი სჯა-ბაასისა ჟამსა უცილოდ ზემორეხსენებულ მომღვაწებელთა წიგნთ ჩასცქეროდნენ
28. და გარგანტუას ყოველივე ისე ცხოვლად აღებეჭდებოდა ტვინში, რომ იმჟამად არ იყო არავინ მკურნალი, ვისაც იმის ნახევარი მაინც ეცოდინებოდა, რაც იმან უწყოდა.
29. შემდგომად ისევ იმდილანდელ გაკვეთილსა მიუბრუნდებოდნენ, მას მერმედ კი, კომშის მურაბითა ყელჩაკოკლოზინებული, გარგანტუა დანამასტაკის ტოტითა კბილთ გამოიჩიჩქნიდა,
30. ხელ-პირსა ცივი წყლით გადაიბანდა და უფალსა მადლსა შესწირავდა უცხო ქებისა გალობითა, განადიდებდა კეთილმოწლეობასა და მოწყალებასა მისასა.
31. მერე ქაღალდი მოჰქონდათ. ოღონდ სათამაშოდ არა შლიდნენ, სულ რაღაც შესაქცევარ ოინთა იგონებდნენ და მახვილგონებიანად რიცხვთათვისა სწავლაზედ, ანუ არითმეტიკაზედ აგებდნენ.
32. ამისა წყალობით გარგანტუა დია კეთილად განიმსჭვალა რიცხვთა მიმართ, და დღეყოველ, ნასადილევსაც და ნავახშმევსაც იმგვარად გატაცებული ჩაუჯდებოდა ხოლმე არითმეტიკასა, ვითარცა უწინ კამათელსა და ქაღალდსა თამაშობდა.
33. ბოლო-ბოლო ისე გაიწაფა და გავარჯიშდა ხედვითად თუ საქმითად, რო თავად ინგლისელი სწავლული ტუნსტალიც კი, ვინაც ფრიად ვრცელი შრომა შესძღვნა არითმეტიკასა, გაიძულებულდა და გამოტყდა,
34. გარგანტუასთან შედარებით არითმეტიკისა იმოდენივე გამეგება, რაერთიცა ზემორეგერმანული ენისაო.
35. მხოლოდ სწავლა რიცხვთათვისა კი არა, გარგანტუას სხვა სამათემატიკო მეცნიერებანიც ემარჯვებოდა, სახელდობრივ: გეომეტრია, ანუ სწავლა ადგილისა მზომელობისა, ასტრონომია, ანუ ვარსკვლავთმრიცხველობა, და მუსიკა-სახიობა.
36. ვინემ იმათი კუჭ-ნაწლავი საზრდელსა შეირგებდა და მოინელებდა, ისინი მრავლისმრავალ გასართველ ნაკვთსა ხაზავდნენ და ზედაც ვარსკვლავთმრიცხველობისა კანონთ შეისწავლიდნენ.
37. მას უკან ოთხ-ხუთ ხმად დაყოფილნი მუსიკობდნენ, ან არადა ერთი ვინმე იხმატკბილებდა.
38. დაკვრითა გარგანტუა უკრავდა ბარბითსა, სპინეტსა, ებანსა, ცხრასარქვლიან გერმანულ ფლეიტასა, ვიოლასა და ტრომბონსა.
39. საქმეთა ესევითართა ბევრი-ბევრი ერთ ჟამსა ანდომებდნენ.
40. ამ ერთსა ჟამში სტომაქიც უკვე ინელებდა მოსანელებელსა, და გარგანტუა კარში გადიოდა მუცლისა მოსაოხებლად, მერმე კი სამიოდ საათსა ან ცოტა მეტსაც თავის უმთავრეს სამეცადინოსა მეცადინეობდა,
41. ესე-იგი იმდილანდელ კითხვისა გაკვეთილსა იმეორებდა, კვალად კითხულობდა და ანტიკურ თუ ახალრომაულ ასოთა ლამაზად და სწორად გამოყვანასა სწავლობდა.
42. როს მეცადინეობასა მორჩებოდნენ, ყველანი გარეთ გაიკრიფებოდნენ და თან მეჯინიბესაც გაიყოლებდნენ, ჯიელ ტურენელ აზნაურსა, გიმნასტად წოდებულსა, რომელიცა ცხენოსნობაში წვრთნიდა ბატონიშვილსა.
43. გარგანტუა ტანთ გამოიცვლიდა და მოახტებოდა აღკაზმულ ტაიჭსა, ამხედრდებოდა საჯაგავზედ, ესპანურ ანდა არაბულ ბედაურზედ, არადა სინიბსა მოაყვანინებდა, ხან დააოთხებდა, ხანაც გაჭენებულზედ ვარჯიშობდა,
44. მთხრებლთა და თარჯთა ზედ ახტუნებდა ან, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კისერსა ჟამ-ჟამად მარჯვნივ მოუღრეჯდა, ჟამ-ჟამად მარცხნივ და კალოს ხარსავითა დაარბენინებდა, ერთის სიტყვით, თვალმომტაცად ენიოტობდა.
45. ამაობაში იდგა და კი არ კენწლაობდა და კინკლაობდა, არამედ ლეწავდა, ოღონდ არა ლახვართ, ანდა ვინ სულელი იტყვის, ათი ლახვარი დაცავლეწე ჟამსა ასპარეზობისასა, გინა ბრძოლაშიო, ოდეს ქმნა ამისა ხუროთაც არ გაუძნელდებათ, ‒
46. და შესხმისა ღირსიც იგია ოდენ, ვინცა ლახვრითა ერთითა მტერსა დალახვრავს ათსა.
47. გარგანტუაც თავისი მაგარი, ბურნუკფოლადიანი, გაუღუნავი ლახვრითა დიდთა კარიბჭეთ ლეწავდა, ჯაჭვ-ჯავშანსა მუსრავდა, ხეთა ძირსა სცემდა.
48. ჰაერში ასროლილ რგოლთა ეგრევე აასხამდა, ერთსა დაჰკრავდა და აუტაცებელსა არ გაუშვებდა არცა ანჩახუნაგირსა, აბჯარსა თუ ხელჯაგსა.
49. მერედა ყველაყასა ამას სრულიად შეჭურვილი იქმოდა.
50. უკეთუ ჯირითსა ვიტყვით ანდა ცხენმალეობასა, გარგანტუას ბადალი არა ჰყავდა.
51. თავად ფერარელი ცხენოინბაზი მოჯირითეც კი ქია და ციდამტკაველა იყო იმასთან შედარებით.
52. მეტადრე ცხენიდან ცხენზედ ხტებოდა სხარტად, თვალისა დახამხამების უმალ და მიწაზედ ფეხისა დაუკარებლად (ცხენთა ამათ სწორედაც სახტომთ უხმობდნენ),
53. სულ ერთი იყო, რომელი მხრიდან შეახტებოდა თუ ჩამოხტებოდა ხელშუბიანი, თანაც უზანგ-ავჟანდაში ფეხსა არა ჰყოფდა, არცა აღვირსა ხმარობდა და მაინც თავისა ჭკუაზედ დააჭენებდა, რასაცა ცოტაოდენი მნიშვნელობა როდი აქვს სამხედრო ხელოვნებაში.
54. ზოგჯერ ტარგრძელი აფთითა ხელმარჯვეობდა, ისეთნაირად იქნევდა და ატრიალებდა, ყოველთა კაცთ მხარ-მკლავი უქეს და რაინდად შერაცხეს, ტყუილია, სხვა მინაგვანი მეომარი და მოასპარეზეო.
55. და კიდევ ოროლსა ხმარობდა, ორი ხელითა დასაჭერ ორლესულსაც ფრანგულსა, ესპანურ დაშნასა თუ მზეველსა, ხანჯალსა და სატევარსა;
56. ბრძოლა აბჯრიანადაც იცოდა და უაბჯროდაც, მარჯვენას ლაბადითა იბლარდნიდა და ხან ფარიანი იყო, ხან დარაკიანი.
57. ნადირობითა ცხენდაცხენ ნადირობდა ირემზედ, შველზედ, დათვზედ, ქურციკზედ, ტახზედ, კურდღელზედ, კაკაბზედ, ხოხობზედ, სავათზედ.
58. თუ არადა, ბურთაობდა, შეისროდა ტოტოჩინა ბურთსა, ფეხსა გაჰკრავდა ან მუშტსა ამოჰკრავდა.
59. ჭიდაობდა, რბოდა, ხტოდა, ოღონდ არ გამოქანდებოდა, არცა იასკინკილავებდა, არცა გერმანულად ისკუპებდა, ‒ რამეთუ (გიმნასტისგან სმენოდა) აგრე ხლტომა უსარგებლოა და ომში გამოუსადეგარიო, ‒
60. იშვერდა ფეხსა და საცა ხნარცვსა და ორმოს დაინახავდა, გადააფრინდებოდა, ღობე-ყორესა გადაევლებოდა, კედელსა ექვსიოდ ნაბიჯზედ აირბენდა და შუბისა ტარის სიგრძეზედ დატანებულ სარკმელსა მისწვდებოდა.
61. ცურაობითა ღრმაში ცურაობდა პირდაღმა, გულაღმა, მხართეძოზედ წამოწოლილი და სრულად გვამისა ნასხამთ ამოძრავებდა ანდა მარტოდენ ფეხთ იქნევდა.
62. სენას ხელწიგნიანი გადაცურავდა, და ერთი ფურცელი რა არის, ერთი ფურცელიც არ დაუსველდებოდა, თან კიდევ კბილითა ლაბადა ეჭირა, ვითარცა იულიუს კეისარსა.
63. ხომალდზედ ცალი ხელითა აებღოტებოდა, იქიდან კი თავითა ისევ წყალში გადაეშვებოდა, ძირამდე ჩავიდოდა, სპონდიოთა და ბრაგათა, ჯილე-ნაპრალთა თუ ბელღოჯთ ცურვა-ცურვით დაივლიდა, ღურღუმელთა და მორევთ ჩაუყურყუმელავებდა.
64. მერმე გემსა შეატრიალებდა, ხან ნელა წაიყვანდა, ხან გააჩქარებდა, ხან აღმა შეუყვებოდა, ხან დაღმა დაჰყვებოდა, სადაც რაბი შემოხვდებოდა, იქ შეაყენებდა, ზედ შუაგულ ადგილას გაიტოქებოდა, ცალი ხელითა აფთიონსა მართავდა, მეორეთი უშველებელ ნიჩაბსა უსვამდა,
65. წამსა იალქანთ შლიდა, წამსა გემსართავთ ააცოცდებოდა და ანძათ თავზედ მოექცეოდა, ქანდარათა, ანუ კესთა ზედა რბოდა, ბუსოლსა აყენებდა, ბულინსა ქარისა წინააღმდგომ ატრიალებდა, საჭე უცთომლად ეპყრა.
66. ანაზდეულად წყლით ამოიჭრებოდა და გვერდას აირბენ-ჩამოირბენდა, ხეთა ზედ კატასავით გაძვრებ-გამოძვრებოდა, ციყვსავით იხტუნებდა და, ვითარცა მეორე მილონი, ტოტთა სულ ლაწალუწსა აუყენებდა.
67. აიღებდა ორ ბასრსა ხანჯალსა და ორსაც ტარმაგარ სადგისსა და ვირთხასავითა მკვირცხლად ბანისა ბანზედ აძვრებოდა, დაშვებით კი ისეთნაირად დაეშვებოდა, რომც ჩამოვარდნილიყო, არა დაუშავდებოდა რა.
68. იდგა და ტყორცნიდა ხელშუბსა, რკინის ძელსა, ლოდიანსა, ოროლსა, ზუფინსა, წათსა;
69. მშვილდ-ისარსა წამზედ მოზიდავდა; საალყო სამალსა მარტო გამართავდა, სხვათა შეუწევნელად; სიათასა რასმე დაუმიზნებდა; ზარბაზანსა ზედსადგომზედ შეაყენებდა;
70. სანიშნედ ქმნილ ფრინველსა მოარტყამდა და ისროდა და ისროდა აღმა-დაღმა, აქეთ-იქითა, პირპირ, გვერდზედ და ხელუკუღმა, ვითა პართელნი.
71. ცადაწვდილ კოშკზედ ბაგირსა ჩამოაბამდნენ, ძირამდის ჩამოუშვებდნენ, და ჩააფრინდებოდა გარგანტუა ბოლოში ბაგირსა მას, ჩააფრინდებოდა და ხელდახელ თავში აცოცდებოდა, მერე კი ისე მარჯვედ და იჩქითად ჩამოხოხდებოდა, თავად ვაკე-მინდორზედაც ვერ გახოხდებით იმნაირად.
72. ხესა და ხეს შუა ვეება კოჭსა გასდებდნენ, ჩაავლებდა ხელთ იგი, ზედ ჩამოეკიდებოდა და ფეხებჩამოკონწიალებული შურდულსავით გადი-გამოდიოდა წინ და უკან, სიმარდეში მჯობნელი არა ჰყავდა.
73. გულის ფიცრისა და ფილტვთა გასავარჯიშებლად ისერიგად დაიბუბუნებდა და დაიბაყბაყებდა, ათასი ბაყბაყდევი შემირცხვენია იმასთან.
74. ერთხელ, თავად შევესწარი, ევდემონს უხმობდა წმინდა ვიქტორისა კარიბჭესთან მდგომარე, და ხმა იმისი მონმარტრზედ ისმოდა.
75. სტენტორი რომ სტენტორია, იმასაც კი არ უყივლია ტროისა ბრძოლაში ეგრერიგ ხაფად და მჭექარედ.
76. ხმელ ძარღვთა, ანუ თმისაზრდელთა გასამაგრებლად ორი ვეება ბრპენისა ზოდი ჩამოუსხეს, თვითეული რვა ათას შვიდასი კვინტალი წონისა, რომელთ იგი სახელად საწონთ ეტყოდა.
77. ერთის ხელითა ერთსა დასწვდებოდა, მეორეთი მეორესა, აიტაცებდა და თავზევით გაუნძრევლად ეჭირა სამი მეოთხედი ჟამისა, ანდა ცოტა მეტი, რაიცა ცხადსა ხდიდა უსაზომო ძალ-ღონესა იმისასა.
78. ძელობანაში უპირველეს ფალავანთ ერკინებოდა და, ჯერი რა მოუწევდა, კლდესავით დადგებოდა, ერთ ადგილას გაქვავდებოდა, გასალდებოდა და, ვით ოდესღაც მილონი, ისიც მხოლოდ იმას დაუვარდებოდა, ვინცავინ ჩაუქი იყო და ძვრასა უზამდა, ფეხს მოაცვლევინებდა.
79. იმავ მილონისებრ დაიჭერდა მერე ხელთ ბროწეულსა და მოუწოდებდა, თუ ბიჭები ხართ, გადმოდით და წამართვითო.
80. შემდგომად ესევითარი სწავლა-ვარჯიშისა უნდა დაეზილათ, გაეღვრიჭათ, ტანთ სამოსი გამოეცვალათ, და წავიდოდა შინა, ნელინელ მოუსვამდა, ფეხსა არ ააჩქარებდა.
81. უკეთუ წინ მდელო ედო, ჟიჟო, ანუ ახლად თავჩენილი მწვანითა აბიბინებული, ან მინდორ-მინდორ ვლიდა, ან ლიხნარსა თუ ბუსნარსა დაერეოდა, იდგა და ხეთა და მცენარეთ გულდაგულ უღირღიტებდა, თანაც უდარებდა, აბა ერთი ძველთუძველესნი მეცნიერნი რას უბნობენო,
82. ვით, მაგალითებრ, თეოფრასტე, დიოსკორიდოსი, მარინე, პლინიუსი, ნიკანდრე, მაკრიუსი, გალენოსი, და ოდეს იგი და თანამეგზავენი მისნი შინ მივიდოდნენ, ხელთ ბღუჯა-ბღუჯა ბალახბულახი, ანუ არიოთი ეპყრათ,
83. და ეგრევე უკლებლივ აბარებდნენ ერთსა რიზოტომად სახელდებულ ყმაწვილ პაჟსა, რომელსაც ებარა აგრეთვე სამარგლავ-შალთანი, თოხ-ბარნიჩაბ-ციღვი და სხვა საჭირო იარაღნი ჰერბარიზაციისა.
84. უკვე შინმისულნი, ვინემ სადილისა მოლოდინში იყვნენ, ჯერეთ წაკითხულსა რასმე გაიმეორებდნენ და მერმე მიუსხდებოდნენ ტაბლასა.
85. ჯერ არს აქავ წართქმა, რომ უცვალებლად მცირე და უბრალო სადილზედ გარგანტუა ცოტასა წაიკიკნებოდა, პირსა გაისველებდა.
86. სამაგიეროდ ვახშამი უყვარდა უხვი და გრძელი, სერისა კუდად გადაქცეული, და მაშინ უკვე იმდენსა ცოხნიდა, სანამ ერთი კარგა არ გამოიბუსკნებოდა და არ მოღონიერდებოდა,
87. რამეთუ დასტურ ესეგვარია სწორი წესი პურისა ჭამისა, ჭეშმარიტი და გონივრული სამკურნალო სწავლისდა კვალად, ხოლო ცრუბრძნობით ჭკუანაღრძობნი მკურნალნი წინააღმდგომ ქადაგებენ ამისა.
88. სერისა კუდზედ კვალად განაახლებდნენ სამხრისჟამინდელ გაკვეთილსა, და ვიდრე არ გაბეზრდებოდნენ, თავსა არ გაანებებდნენ.
89. დანარჩენსა დროსა და ჟამსა ტკბილად ხადილობდნენ მარგებლად და საამოვნოდ სულისა.
90. და რა წართქვამდნენ სამადლობელ ლოცვასა, იმღერ-იგალობებდნენ, სამუსიკო საკრავთ ჩამოჰკრავდნენ, რაგინდარა გულისა გადასაყოლებელსა მოიგონებდნენ, სულაც ქაღალდსა ან კამათელსა,
91. ხან კი ისე გადაჰყვებოდნენ სუფრასა და ლხინსა, ძილიცა ავიწყდებოდათ, ხანაც პურისმტენი ერთად წავიდოდნენ და ეწვეოდნენ მეცნავ-მეცნიერთ ანდა მოგზაურთ, რომელთაც უცხო მხარენი მოეხილათ.
92. უკუნ ღამეში, სანამ დაიძინებდნენ, გავიდოდნენ ყოვლისა უფრორე საბუსუნო ადგილას და ცასა გახედავდნენ, უთვალთვალებდნენ კუდიან ვარსკვლავთ, უკეთუ სადმე ჩანდნენ, ანდა მთიებთა მდებარეობასა, განლაგებასა, პირისპირ დგომასა და თანამთხვევასა აკვირდებოდნენ.
93. შემდგომად გარგანტუა მოძღვარსა თვისას პითაგორელთა წესისამებრ მოკლედ უამბობდა, რაც კი რამ იმა დღეს წაეკითხა, ენახა, შეეტყო, ექმნა და გაეგონა.
94. მას უკანით შემოქმედ ღმერთსა ლოცვასა და სიყვარულსა აღუვლენდნენ, რწმენასა განიძლიერებდნენ, განადიდებდნენ უსასრულო წყალობასა უფლისასა, გარდასულისა გამო მადლსა შესწირავდნენ და მომავალსაც ღვთისავე სახიერებასა მიანდობდნენ. მერმე დაწვებოდნენ და დაიძილქუშებდნენ.
25
1. XXIV. ამბავი, თუ რასა იქმოდა გარგანტუა ავდრიან ამინდში
2. უკეთუ ავდრობდა და ცრიატი დღე იდგა, სამხრამდე წინანდებურად იქცეოდნენ, ოღონდ ეგ არი, კარგა მაგარ ცეცხლსა ააგიზგიზებდნენ ხოლმე,
3. უამინდობამ არ დაგვზაფროსო, ნასამხრევს კი სატანვარჯიშოდ აღარ მიდიოდნენ, შინა რჩებოდნენ და, აქაოდა ცუდად ჯდომასა ცუდად შრომა სჯობიანო, აპოთერაპიული მიზნით უცილობლად საქმესა იჩენდნენ:
4. ან თივას აბულულებდნენ, ან შეშას აპობდნენ, ხერხავდნენ, არდგმულში პურსა ლეწავდნენ, ანდა ხატავდნენ, აქანდაკებდნენ, ან სულაც ისევ კამათელსა აგორებდნენ ძველებურად,
5. აღწერისამებრ ლეონიკუსისა და ვითარცა აწ აგორებს პირისა ზიარება ჩვენი ლასკარისი, თამაშისა ჟამსა ძველთა მთხზველთაგან იმ ადგილთ იგონებდნენ, სად ისინი კამათელზედ უბნობენ, ანუ შემსგავსებულსა რასმე ახსენებენ.
6. ან არადა წავიდოდნენ და უცქეროდნენ, ვითარ ადნობდნენ ლითონსა, ვითარ ასხამდნენ ზარბაზანთა და ქვემეხთა საჭურველთ, იქავ ახლო შეუვლიდნენ მეწახნაგეთ, ოქრომჭედელთ, სპეკალთა მთრაშველთ, ალქიმიკოსთ და თეთრისა მჭრელთ, მეხალიჩეთ, ანუ მეხოლოეთ, ფეიქართ და მეაბრეშუმეთ,
7. ინახულებდნენ მესაათეთ, მესაკრავეთ, მესტამბეთ, მეორღანეთ, მღებართ და სხვა მუშა-ხელოსანთ,
8. ცოტ-ცოტა ღვინისა ფულსა სუყველას ჩაუდებდნენ და სანაცვლოდ ხელობასაც ასწავლებინებდნენ და რაც რამ ამა საქმეში ახლად შემოღებული, ნარუქი ხელთმოქმედება იყო, ყველაყას წვლილად შეიტყობდნენ.
9. საცა სადმე საჯაროდ ვინმე რამესა კითხულობდა, ისინიცა იქ იყვნენ დარჭმულნი, არცარა ზარ-ზეიმსა, ანუ გამოჩინებასა დააკლდებოდნენ, არცარა ენამჭევრთა პაექრობასა,
10. დია უყვარდათ სხვათა სიტყვისა მოსმენა და დადიოდნენ, უსმენდნენ სახელგანთქმულ ვექილთ და ოთხთავისა მქადაგებელთ.
11. მივიდოდნენ შეაღებდნენ საფარიკაო ციხეკოშკთ და სრა-დარბაზთ, და შეებმოდა გარგანტუა ყოველთა მსპარაზნობელთ.
12. შეებმოდა, შეერკინ-შეეჭიდებოდა და ცხადლივ დაანახვებდა კიდევაც, რა ბიჭიც იყო და იარაღსაც რარიგ უფრო მარჯვედ ხმარობდა.
13. ჰერბარიუმთ გულსა ვეღარ უდებდნენ და ადგებოდნენ, მიაშურებდნენ ბაზარსა, აუვლ-ჩაუვლიდნენ მეშეშუდეთ და მეზეთ-მემუშკამბრეთ, მეარიოთელ-მებალახბულახეთ, მეწამლეთ,
14. მუშტრისა თვალით სინჯავდნენ ხილხულთ, ძირფესვთ, ფოთოლთ, აგრეთვე უცხო ქვეყნისა ცნდალ-მალამოთ და იქავ სწავლობდნენ, ვითარ უნდა შეეზავებინათ რიოშად.
15. დადიოდნენ ჯამბაზთა, მეოინეთა და მაოცართა მოსახილველად, მოიხილავდნენ, და გარგანტუას თვალსა არ გამოეპარებოდა მცირედი მიმოხრაც ვინმესი, ილეთი რამ, ხრიკი თუ ეშმაკობა.
16. და ყურსა უტკბობდა ენადღეობა იმათი, მეტადრე პიკარდიელ შონიელთ უყურყურებდა, რამეთუ სალაზღანდაროდ იყვნენ ისინი შექმნილნი და კაცთ კი არა, ეშმაკსაც მოაღორებდნენ.
17. შინმობრუნებულნი ვახშმად დასხდებოდნენ, ჭამით კი შეუდარებლივ ცოტასა მიირთმევდნენ, ვინემ ჩვეულებითად დარიან ამინდში, და კერძსაც მშრალსა და უმსუქნოს ეტანებოდნენ,
18. ვითარმედ განექარვებინათ გვამსა ზედა ნესტიანი ჰაერისა ზედგავლენა და არცა იმა დღის უვარჯიშობა დასტყობოდათ ჯანისა სიმრთელეზედ.
19. და ესეგვარად იზრდებოდა გარგანტუა, დღითი დღე წარემატებოდა და, რაღა თქმა უნდა, მიწყივ დაუშრომლად წვრთნაში იმოდენა კარგსა და სარგოსა ინაგრებდა, რაოდენისა მონაგრებაც ძალედვა თავისი ასაკისდა კვალად გულხმიერ ყმაწვილსა.
20. პირველ ჟამად კი დია ეძნელებოდა და ენაჯიშებოდა კიდეც ესევითარი წვრთნა-ვარჯიში, მაგრამ მერე და მერე ისერიგად გაუადვილდა, გაუტკბა და ეამა, უფრორე ხელმწიფისა ნებივრობასა იფიქრებდა იმის შემყურე კაცი, ვინემ მოწაფისა მეცადინეობასა.
21. თანვე, ეგების მაშვრალი ტვინი ცოტა შეასვენოსო, პონოკრატე თვეში ერთხელ კარგ, დარიან დღეს გამოარჩევდა ხოლმე, და წაიყვანდნენ გარგანტუას, დილაადრიან გასწევდნენ ქალაქგარეთ;
22. წინ გზა ედოთ დიდი, სულ უნდა მოევლოთ შანტიი, ბულონი, მონრუჟი, პონ-შარანტონი, ვანვი თუ სენკლუ.
23. იმა დღესა სრულად იქ დაიღამებდნენ და გულისა გასახარელსა არასა დაიკლებდნენ, დალევითაც ბლომად დალევდნენ, ჩაბუჟბუჟდებოდნენ, იფუნდრუკებდნენ, იმღერდნენ, იბუქნავებდნენ,
24. მწვანეზედ იკოტრიალებდნენ, ჩიტისა ბუდეებსა დაერეოდნენ, მწყერთა, მყვართა და კიბორჩხალთ შეიპყრობდნენ.
25. დაღათუმცა მლაღობელნი მთელ დღესა არას წაიკითხავდნენ, მაგრამ დროსა უსარგებლოდ მაინც არა ფლანგავდნენ, რამეთუ სადმე მოლზედ წამოგორებულნი ზეპირ უბნობდნენ სასიამოვნოდ გასაგონ ტაეპთ,
26. ვერგილიუსისა გეორგიკათაგან, ჰესიოდედან, პოლიციანოს „მდაბიონიდან“ გამოკრებილ მცირე საგიობელ შაირთ ჯერ ლათინურად თხზავდნენ, მერმე კი რონდოდ ან ბალადად თარგმნიდნენ, ანუ ფრანგულზედ გადმოაენებდნენ.
27. პურობისა ჟამსა არაოდეს არ ავიწყდებოდათ სწავლა-რჩევანი კატონისა (De re rust.), აგრევე პლინიუსისა,
28. და რაღა ჭყაპურტა ვსვათო, ადგებოდნენ და შუაღვინოსა ფათალოს წბილათი გაწურავდნენ, დასაწმინდავებლად წყლიან კასრში გადაიღებდნენ, მასუკან კი ძაბრიან-ყალფაღიან გოზაურში ჩაუშვებდნენ;
29. წყალსა ერთი ჭურჭლიდან მეორეში ასხამდნენ, თუ არადა, მცირე რამ თვითმიმდრეკსა მერატაფა-გადასასხმელსა ააგებდნენ, და მოწყობილობა იგი თავისითა იძვროდა და ასხამდა. „სოფლისა საქმეთათვის“ (ლათ.).
26
1. XXV. ვითარ აუტყდათ ლერნეელ მეპურეთ და გარგანტუას ყმათ ვაი-უშველებელი დავიდარაბა, რასაცა დიდი ომიანობა მოჰყვა
2. იმხნად, ოდეს რთველი უკვე კარზეა, ანუ შემოდგომისა დამდეგსა, მწყემსნი გარგანტუასი ვენახთ უდგნენ და თითოსა ასი თვალი და ასი ყური ება, ემანდ შოშიებმა ყურძენი არ გაგვიკენკონო.
3. სად იყვნენ, სად არა, სწორედ ამ დროს, არ ვიცი, ათი თუ თორმეტი ურმითა ლერნეელ მეპურეთ იქავ შარაგზაზედ ქადა-ნაზუქი ჩაატარეს გასასყიდად.
4. ხსენებულთ მწყემსნი წინ გადაუდგნენ და ტკბილი სიტყვითა სთხოვეს, რაც ბაზარში უნდა მოგცენ, ჩვენცა იმდენი გამოგვართვით და ბარემ აქავე მოგვყიდეთო.
5. ჯერ არს თქვენდა უწყებად, რომ ტანში შეკრულთათვის პირდაპირ მისწრებაა ახალი ნაზუქი და ყურძენი, მეტადრე კი პინო, ფიერი, მიუსკადო, ბიკანი ანდა ფუარარი, რომლისა თბილ პურთან ჭამა და გაფაღარათება ერთია;
6. ისინიცა ისეთ დღეში ჩაცვივდებოდნენ ხოლმე, ფეხსადგილამდე ვეღარ ასწრებდნენ, წურწურით გასდიოდათ, ქვეშ ისვრებოდნენ და აკი იმიტომაც ქვეშასვრიათ უხმობდნენ.
7. მეპურეთ არათუ ყურად არ იღეს მწყემსთა სიტყვა, არამედ დალანძღეს, ძაღლთან დააბეს და სულ გადმოუტრიალეს ყველაყა,
8. აი თქვე ასეთებო და ისეთებოო, ქარაფშუტებოო, კრეჭიებოო, წუნკლებოო, წუწკებოო, წელმოწყვეტილებოო, ცივოფლებოო, წელანგარებოო, ხელთუპყარნო და ხელთუძრავებოო, ალოღლეტიებოო, ვირეშმაკებოო, ვირიშვილებოო, ხეპრეებოო, გაგრიებოო, ტეტიებოო, ლოთებოო, შფოთებოო, ბოთეებოო,
9. სკლინტიანებოო, ტურტლიანებოო, თავპირწაჭმულებოო, გველაძუებოო, ნაბიჭვრებოო, ნატრიკვლებოო, ტრიკიანებო, ტაკიმასხარებოო, ტურღუნებოო, მატრაბაზებოო, გაღლეტილებოო, სულკატიანებოო,
10. ნიფხავგამოხეულებოო, დოყლაპიებოო, ლაყეებოო, ოხრებოო და ოხრისმეტებოო, დაუქშიებოო და, ვინ იცის, კიდევ რა არ უთხრეს და რაღა არ აკადრეს.
11. თან ისიც მიაძახეს, ქადანაზუქი ყელზედ დაგადგებათ, ქატოს კუტმატსაც კარგა ლამაზად მიირთმევთო.
12. ამა ლანძღვა-თრევისა პასუხად ერთმა მწყემსმა, სახელად ფროჟიემ, სახელოვანმა და ჩინებულმა ჭაბუკმა, დინჯად მიუგო:
13. ‒ რა იყოთ, რა დაგეტაკათ, თქვე კაი ხალხო?
14. პური წინათაც გვითხოვია და უარი არ გითქვამთ, დღეს რა ფეხზედ ხართ ამდგარნი, რადა დიდგულობთ?
15. სირცხვილია, მეზობელნი ვართ. აბა, თუ როსმე მოსულხართ, ხორბალი მოგვყიდეთო, და სულ დარკვეული თავთუხი არ წაგიღიათ!
16. ეგრე არ მოქცეულიყავით, სართად ყურძენსაც გაგატანდით.
17. არ გინდათ და ნუ გინდათ, ღვთისმშობლისა მადლმა, ბევრსა ინანებთ.
18. კიდევ მოხვალთ, დაგჭირდებით და მერე მომიგონებთ.
19. რაო, რაოო, სიტყვა გაუტრიზავა მარკემ, მეპურეთა ამქრისა დიდმა კვერთხისმპყრობელმა, და უთხრა:
20. ‒ ვითომ რას ყვინიზობ, რას მამლაყინწობ, ყმაწვილო?
21. გეტყობა, წუხელ ფეტვით გამაძღარხარ, ცოტა მეტი მოგსვლია.
22. ერთი აქეთ მოდექი, ნაზუქი როგორი უნდა, გაჩვენებ!
23. ფროჟიემაც მართლა დაიჯერა, ალალად იფიქრა, მაჩვენებს და კიდეც მომყიდისო, სარტყელში ჩაჭედილი თეთრი მოიძია და წინ წადგა.
24. მარკემ კი, არც აცივა და არც აცხელა, შიგ ფეხებში ისე მწარედ უშუშხა მათრახი, საწყალსა იმავ წამსა აებებრა და აებურცა ხორცი;
25. ერიჰაა, აქა დგომა არღა ეგებისო, გაივლო მეპურემ და გაპარვა დააპირა, მაგრამ ფროჟიემ გიჟსავით იღრიალა, დაიჭით, არ გაუშვათო;
26. მერმე, იღლიაში რო კომბალი ჰქონდა ამოჩრილი, ეგრევე შუბლისა ძვლის ნაკერავში სთხლიშა, მარჯვენა საფეთქლისა სასისხართან, და მარკე ცოცხალ-მკვდარი გადმოვარდა ჭაკიდან.
27. ამაობაში მოცვივდნენ მდაბიონი, რომელნიცა იქავ ახლომახლო კაკალთ ბერტყავდნენ გრძელ-გრძელი ხალებითა, და სულ ფეხით გაიტან-გამოიტანეს, ერთმანეთში ასვრიმეს მეპურენი, ვითარცა ნედლად გალეწილი ჭვავი.
28. ფროჟიეს ძახილზედ მალე სხვა მაძოვართაც მოირბინეს, მამათაც და დიაცთაც, მისდგნენ მეპურეთ, ქვა და გუნდა სეტყვასავით მიაყარეს და დაიფრინეს.
29. ბევრი სდიეს თუ ცოტა, ბოლოს დაეწივნენ და რატო სამოცი ცალი ნაზუქი მაინც არ გაამეტებინეს, დაღათუმცა, უფულოდ არ წაურთმევიათ, ჩვეულებრივ ფასად უანგარიშეს, ზედაც ცოტაოდენი კაკალი და სამი გოდორი თეთრი ყურძენი გაიღეს.
30. შემდგომად ამისა მეპურეთ ძლივძლივობით შესვეს ცხენზედ კომბალნაკრავი, მიმკვდარუნებული მარკე და წავიდნენ, ოღონდ პარელიეში კი არა, უკან ლერნეში გაბრუნდნენ.
31. თანაც ერთი მაგრისა შეუთვალეს სეელ და სინეელ მწყემსთ და მდაბიოთ, მუშტი შეკრეს და დაექადნენ, ესე და ისე გვიქენით, თუ დედა არ გიტიროთო.
32. მწყემსნი კი არხეინად მიაძღნენ ნაზუქსა და მტევან-მტევან მორჩეულ ყურძენსა, მერე გუდასტვირსა ჩაჰბერეს, მოილხინეს და ჟამჟამად სიცილითა იგუდებოდნენ, რომ გაახსენდებოდათ, რა დღეში ჩაყარეს ის თავპირწაჭმულნი მეპურენი;
33. ეეჰ, ალბათ დანავსულნი იყვნენ და ბედმაც ამად უმტყუნათო, ჰკილავდნენ გულიანად ჩაკუჭკუჭებულნი.
34. ხოლო ფროჟიეს ამბავსა თუ იკითხავთ, ნამათრახალნი ჩიტისთვალას წვენითა ნებისად მოჰბანეს, და ისიცა უმალ ჩიტსავით გახდა.
27
1. XXVI. ვითარ განუცხადებლად დაესხნენ ლერნეელნი გარგანტუას მწყემსთ, მძღვანელობისა ქვეშე პიკროშოლ მეფისა
2. მეპურეთ ლერნეს მიაღწიეს თუ არა, არც კი დამსხდარან, ისევე უსმელ-უჭმელნი გაცვივდნენ კაპიტოლიუმში და ცხებულ პიკროშოლ მესამესა შესჩივლეს, აი რა გვიყვესო.
3. მიიტანეს და წინ დაუყარეს დამტვრეულ-დამუსვრილნი გოდორნი, დაღეჭილ-დასრესილნი თავსარქმელნი, დაგლეჯილ-დაფხრეწილნი საწვიმარნი, სულ ერთმანეთში არეულ-დარეული, ალუფხული ქადა-ნაზუქი,
4. დაკოდილი მარკე ხო, ცოტას გაწყდა, კალთაში არ ჩაუსვეს, ნახე, რა დღეშია კაციო, და აუწყეს, კინაღამ ცემით დაგვხოცეს გრანგუზიეს მწყემსთ და მდაბიორთ, შარაგზაზედ დაგვიხვდნენ სეს იქითაო.
5. ყოველივე ამან ლამის გააგიჟა ხელმწიფე, და განრისხებულმან მიზეზიც არ იკითხა, რა უნდოდათო, მთელს სამეფოში ხალხის დაგზავნა და ბუკისა კვრა ბრძანა,
6. რათა შიშთვილისა შიშითა ქუდზედ კაცი გამოსულიყო და სრულად შეჭურვილი შუადღისას დიდ ფორემოედანზედ სამეფო ციხე-გოდოლთან მოეყარათ თავი.
7. დასაჭეშმარიტებლად ამა ბრძანებისა მეფემ ქალაქისა შუკა-ფოლორცნი მედაფდაფეებით მოაფენინა,
8. თავად კი, სანამ სადილსა უმზადებდნენ, თადარიგისა დაჭერას შეუდგა, რომ ზარბაზან-ქვემეხნი ზედსადგომთა ზედან შეეყენებინათ, დროშა და ორიფლამი გაეშალათ და ბლომად მოემარაგებინათ ყოველი, საჭურველიცა და ნუზლ-საგზალიცა.
9. სადილზედ მეფე-ბატონმა ბეჭედი დაასვა ბრძანებასა და დანიშნა მეთაურნი.
10. უფალ ლუპუსტაკსა მეწინავე ლაშქარი ჩააბარეს თავისი თექვსმეტი ათას თოთხმეტი მესიათეთი და ოცდათხუთმეტი ათას თერთმეტი მოხალისე მოსაგრითა.
11. ცეცხლსასროლნი საჭურველნი მეჯინიბეთუხუცესს მიანდეს, გვარად შატაბუტასა,
12. რომელსა ხელთა ჰქონდა ცხრაას თოთხმეტი დიდი ბრინჯაოს თოფ-იარაღი, ანუ ზარბაზანი, ქვემეხი, ფილთამეხი, ალისკუდა, კულევრინი, საშავცეცხლე, ზამბულაკი, პასვოლანი, სპიროლი და სხვაცა კიდევ ბევრი რამ.
13. მეუკანავე ლაშქარსა მეთაურად ჰერცოგი ჭახრაკა დაუყენეს.
14. დანარჩენთ, უმთავრესთ და რჩეულ სპათ, თვითონ ხელმწიფე და უფლისწულ-სეფეწულნი ჩაუდგნენ.
15. ლაშქართაყრასა რა მორჩნენ და ჯარი ხელჩქარად გააწყეს, ადგნენ და, ვინემ საომრად გზასა გაუდგებოდნენ,
16. ასისთავ ღმურძლას მეთავეობითა მსუბუქად აღჭურვილი რაზმი გაგზავნეს სამასი ცხენოსნისა, რომელთ ადგილისა მდებარეობა უნდა მოეთვალიერებინათ, გაესინჯათ და ენახათ, სადმე სადარნო ხომ არ იყო მტრისა.
17. იმათაც მოათვალიერეს, გასინჯეს, მიზვერ-მოზვერეს და ამბავი მოიტანეს, არსად ჩამიჩუმი არ ისმის და მხედრობისა ჭაჭანი არ გვინახავსო.
18. რახან აგრეაო, პიკროშოლმა წინსვლა უბრძანა ყოველთ.
19. და აირ-დაირივნენ, ერთბაშად მოსწყდნენ ადგილსა, წინ გაიჭრნენ და, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ, სპობდნენ და იავარჰყოფდნენ ყველაფერსა, არცა ღარიბსა და უქონელსა ინდობდნენ, არცა მდიდარსა და მქონებელსა.
20. ღვთისა სახლთაც აქცევდნენ და კომლეულთაც აჩანაგებდნენ.
21. სულ გაირეკეს და წაასხეს, საცა ერთი ხარი იყო ან ძროხა, აზავერი, მოზვერი, უზვი, უშობელი, ნერბი, ერკემალი, თხა, ვაცბოტი თუ ფაჩა, დედალი და ყვერული, ვარია, ბატი, ღერღეტი, ჭუჭული, ქოსმენი, ქუბი, ბურვაკი და გოჭი,
22. მტერსა, რასაცა ისინი იქმოდნენ!
23. მაგრამ გამკითხავი არვინ იყო და არცა წინააღმდგომი ჩანდა ვინმე, ყველანი ქედსა უხრიდნენ ძლევაშემოსილთ და ყელგადაგდებითა ეაჯებოდნენ,
24. კაცნი არა ხართ, სიბრალული იქონიეთ, ზედ ნუ გადაგვივლითო, გრანგუზიეს ყმანი ძველთაგან კეთილისმნდომელნი მეზობელნი ვიყავით თქვენი და აკი აროდეს არა დაგვიშავებია რა და არა გვიწყენინებია რაო, თქვენ კი სამტროდ მოსულხართ, ჩვენ მაგივრად ღმერთი დაგსჯითო.
25. მარბიელნი აინუნშიაც არ აგდებდნენ იმათ ლაპარაკსა და თავიანთსას გაიძახოდნენ, ნაზუქისა ჭამა უნდა გასწავლოთო.
28
1. XXVII. ვითარ იხსნა მტრისგან მავანმა სეელმა ბერმა მამული სააბატოსი
2. ესე რბევა-რბევითა და ძარცვა-გლეჯითა მიადგნენ ისინი სეს და დაერივნენ, მამანიც დაღვარსლეს და დედანიცა, რასაც თვალი შეასწრეს, გაიტაცეს, არცრა უთაკილიათ.
3. ზედ იმჟამად იქა დიდი ჟამიანობა იყო, შავი ჭირი სრავდა ყოველთა სახლ-კარსა.
4. იმათ კი ფეხებზედ დაიკიდეს, ვითომც არაფერიაო, ხალხსა შინ ეჭრებოდნენ, აწიოკებდნენ, მძლავრობდნენ, ყველგან ხელსა ურევდნენ და მაინც ერთ ვინმესაც არა შეჰყრია რა და არ გადასდებია, რაც ფრიად საკვირველია,
5. რამეთუ ჭირმა სულ გააწყო, ვინცავინ სადმე მღვდელი, ვიკარი, ქადაგი, მკურნალი, ჯარა და მეწამლე ვიდოდა მოსახილველად, საკურნებლად, სალბუნებლად, სააღსარებოდ და სანუგეშებლად დასნებოვნებულთა.
6. ამ ოხერ-მამაძაღლ მეჯურმუცეთ და კაცისმკვლელთ კი არა ჭირი არ მიეკარა.
7. რას იტყვით, რა უნდა იყოს მიზეზი, უფალნო?
8. მაშ, აბა ერთი ცოტა თქვენებურად ჩაუფიქრდით.
9. სოფელი რა აიკლეს და აიალაფეს, ახლა სააბატოსა მიაწყდნენ ზრიალითა და ზრინვითა, მაგრამ დახშულ-დაკლიტული დაუხვდათ.
10. და უპირველესნი სპანი ამად წინ წავიდნენ, ვედისა ფონსა მიაშურეს, ხოლო შვიდი რაზმი ქვეითი ჯარისა და ორასიცა მეშუბარი იქავ დარჩნენ, რათა გალავანი გაენგრიათ და ბაღვენახი აეოხრებინათ.
11. საბრალო ბერნი თავგზააბნეულნი იყვნენ, აღარ უწყოდნენ, რომელ წმინდანსა მინდობოდნენ.
12. დადგნენ და რეკვა იწყეს ad capitulum capitulantes.
13. ამავ საბჭოზედ გარდაწყვიტეს სავედრებელი ლოცვისა გარდახდა, აგრეთვე დიდებითა სიარული contra hostium insidias და უცხოდმშვენიერი ქებისა გალობა pro pace.
14. სწორედ იმჟამად იქავ სააბატოში ერთი ვინმე ბერი ძმა ჟანი შეესწროთ, მეტსახელად ბდღვირისმდენელი,
15. მართლა ვაჟკაცი, ჩაუქი, მოხდენილი, ლაღი, ხერხიანი, გულოვანი, მხნე, დაურიდალი, მაღალ-მაღალი, ხმელხმელი, ომახიანი, ცხვირკეხიანი, ჟამნისა ჩამბულბულებელი, წირვისა ჩამრაკრაკებელი და მწუხრისა ჩამკაკანებელი.
16. რაღა გავაგრძელო, ყოვლისა უფრორე ნამდვილი ბერი იმ მოწესეთაგან, ვინაც ოდესმე აღკვეცილა, გაბერებულა, უბერია და ბერობაში დაბერებულა.
17. ყველა-ყველა, მაგრამ მეორე იმისთანა მეცნავი თუ მცოდინარე კონდაკისა, ტყუილია.
18. და შეესმა თუ არა გნიასი, მომხდურთაგან ატეხილი, ბერი იგი გარეთ გავიდა, ნეტავ რა ამბავიაო;
19. მეტი რა უნდა ყოფილიყო, ჭურ-მამულსა მტერი შესეოდა, ავად გაეკრა ხელი, აებუტულავებინა.
20. და, როს დაინახა ესდენ ნაავკაცარი მტრისა, ბერსა გულ-მუცელი დაეწვა, ვაი წლისა მოსავალო, ვაი უღვინოდ დარჩენილო ძმანოო, დაიგმინა გამწარებულმა
21. და გაქანდა სამგალობლოში, სად მონაზონნი შეკრებილიყვნენ და თითქო მეზარეთ ყალიბი დამსხვრევიათო, თავპირჩამომტირალნი მოთქვამდნენ ავაჯითა:
22. ‒ I-im-pe-e-e-e-e-e-tu-um i-ini-i-imi—co-o-o-o-o-o-ru-um... ‒ ზოგი მერე იღიღინეთ! გნახავთ, რა თქვენი ყველაყისასა მიირთმევთ! ‒ დასჭყივლა ბერმა.
23. ‒ მიკვირს, რატო ერთი მაგრა არ შემოსძახებთ: მორთვლილა მოსართვლელიო?
24. ეშმაკისა კერძიმც გავმხდარვარ, უკეთუ ჩვენსა ვენახში არ იყვნენ უკვე, სულ ჩხად ასჭრეს, ვაზიანად მიაქვთ.
25. მორჩა! რა ყურძენი, რის ყურძენი, ბარე ოთხი წელიწადი წალამი უნდა ვაგროვოთ.
26. ამას რას შეგვასწარი ბეჩავნი, უფალო? რაღა ვსვათ, რა დავლიოთ?
27. შენი სახელისა ჭირიმე, მოწყალე მექმენ, da mihi potum!.
28. მაშინ წინამძღვარმა აღაღო პირი თვისი:
29. ‒ ამ ლოთ-მებრუვესა აქ რა უნდა?
30. ეხლავ ბნელში გამოამწყვდიეთ, მზე არ დაანახვოთ!
31. ვითარ ბედავს და ღვთისა შესხმასა არ გვანებებს?
32. ‒ უღვინოდ არცა შესხმა იქნების და არცა ჩასხმა, ‒ პირში სწვდა ბერი, ‒ კარგ ღვინოსა, ვიცი, თავადაც არ იწუნებთ, მამაო, ვითარცა ყოველი პატიოსანი კაცი.
33. ზნეკეთილთ ღვინისა ძვირი არცვის არ დაგვცდება, წესად მოგვდგამს ბერმონაზონთ.
34. აწღა, ღმერთმანი, უჟამოა ეგ თქვენი შესხმანი!
35. რატო არი, რო ჟამსა მკა-ნამგალობისასა თუ ნამჯობისასა და სთვლისასა ჟამნობა მოკლედ ვიცით, ხოლო ზამთრობითა გრძლად?
36. რატოა და, ნეტარხსენებული ძმა ჩვენი მასე პელოსი, ჭეშმარიტი ქომაგი კეთილმსახურებისა (მუხლებზეით ჩამოვხდე, უკეთუ გატყუებდეთ), მახსოვს, მეტყოდა ხოლმე:
37. ესე იმად ვიქცევით, რაკი ზაფხულში და შემოდგომაზედ ყურძენი მოგვყავს, ვწურავთ, ღვინოსა ვაყენებთო, ხოლო ზამთარში ვსვამთო.
38. მაშ, ყურად იხვენ, სხვათაც შეასმენინე, და მომყევით, ტრფიალნო ჭაჭანურისაო!
39. ცეცხლიმც წამკიდებია ანტონისა, თუ წვეთი გაგასინჯოთ, ვინცა არ ამომიდგებით და ვენახსა არ გადამარჩენინებთ.
40. ეკლესიისა ქონებაა, თქვე მამაცხონებულნო!
41. ოღონდ ერთი რამ უწყოდეთ: წმინდა თომა ინგლისელისა არ იყოს, ‒ ფუ ეშმაკსა!
42. ‒ მეც რო ეკლესიის ქონება-მამულსა შევეწირო, ვითომ რა, წმინდანთა მოდასედ არ შემრაცხვენ?
43. დაღათუმცა, სიკვდილსა ჯერეთ ჟამად არ ვაპირებ, წინ სხვანი მყვანან გასაძღოლნი.
44. ამის თქმა იყო, და გაიძრო ანაფორა, მალიად იფნისა ჯვრისა ძელი მოიმარჯვა, შუბისებრ გრძელი და მჯიღისებრ მომსხო, რომელსა აქა-იქ ოდნავღა ეტყობოდა დახატულნი ზამბახნი,
45. და რა შეკრა აშურმად ანაფორა თვისი, მსწრაფლ მხარიღლივ, ანუ ალმედად მოიგდო და გაიჭრა, ახალუხისა ამარა გავარდა, ჯვრისა ძელისა ქნევა-ქნევითა იჩქითად მიუხდა მომხდურთ.
46. მტერი მტრულად ისთვლიდა ვენახსა მოსასთვლელსა, ცოდვისა რთველი გაეჩაღებინა და არცა დროშასა აფრიალებდა ვინმე, არცა მებუკე და მედაფდაფე ჩანდნენ,
47. რამეთუ დროშისა მტვირთველთ დროშა-ალამნი კედელზედ მიეყუდებინათ, მედაფდაფენი ცალგვერდჩაგლეჯილ დაფდაფთა შიგან ყურძენსა აგროვებდნენ, მებუკეთაც კიმპალ-კუფხალმტევნით გამოეტენათ ბუკ-ტაბლაკნი და ღოროტოტონი;
48. მოკლედ, არღა გავაგრძელებ, ძალისა მომტანთ გაგება არა ჰქონდათ, რასა სჩადიოდნენ, ‒ აოხრებდნენ, ატიალებდნენ, ავერანებდნენ იქაურობასა.
49. და ძმა ჟანსა ერთი უშმი სიტყვა არ დასცდენია, გაშმაგებულმა შეუტია, საცა მოხვდა, დასცხო და დაუშინა ძველებურად, სულ ვაი დედა“ აძახებინა, დაკუნტა და მიყარ-მოყარა, ვითარცა კატისა კნუტნი.
50. ზოგსა კინკრიხო გაუპო, ზოგსა ხელ-ფეხი მოამტვრია, ზოგსა კისერი მოსტეხა, ზოგსა წელი მოსწყვიტა, კინწიცა ზედ მიაყოლა, ვის ცხვირი ბუკივით გაუხადა,
51. ვის თვალნი ჩაულურჯა, ვის ყბანი გვერდზედ მოუქცია, ვის კბილნი აღარ შეარჩინა, ანდა ლავიწი ულეწა, ან წვივ-ბარკალნი შეუმუსრა, თეძონი უღრძო და იდაყვისა ძვალი ამოუგდო.
52. თუ ვინმე სადმე ფოთოლშერჩენილ ვაზთ მიეფარებოდა და თავსა იპარავდა, იმასა იქავ ძაღლსავითა წელსა აათრევინებდა და კუდუსუნსა ჩაუნაყავდა.
53. თუ ვინმე გაქცევას დააპირებდა, ვაი ოტებულისა ბრალი, უმალ საქოჩრეში სდრუზავდა და ცხავისა ძვალსა დაუჩენჩხავდა.
54. თუ ვინმე ხეზედ აძვრებოდა, ეგებისა აქ მაინც გადავრჩეო, იფნისა ძელსა შიგ ყიტაწელში შესთხრიდა.
55. თუ ვინმე ძველ ნაცნობთაგან შეჰღაღადებდა: ჰეი, ძმაო, ჟან, შენი ვარ, ძმაოსან, გბარდებიო“, პასუხად მიახლიდა: მეტი რა ჩარაა, ბარემ ეგ ეშმაკის სულიც ჩამაბარეო“, და განგმირავდა.
56. მავან და მავან შეუპოვარსა, ვინაც გაბედავდა და პირისპირ შეებმოდა, უცილობლად მხარ-მკლავისა ძალასა ამსხვერპლებდა თვისასა, ანუ ეგრევე გულ-მუცელსა შეუნგრევდა.
57. უკეთუ ვინმე ნეკნებჩაუმტვრეველი გადაურჩებოდა, იმას კუჭ-ნაწლავსა გადმოუბრუნებდა და იმავე წამსა სულსა გააფრთხობინებდა.
58. ზოგზოგსა ჭიპში აძგერებდა და სულ ნაჭყაპურტებს გამოადენდა, თუ არადა წყვილში გაუყრიდა ან უკან გაუქანებდა.
59. ღმერთი, რჯული, ესდენ საშინელი რამ ქვეყნად ჯერ არ მომხდარა და, ალბათ, არცა მოხდება!
60. ბევრნი ღაღადებდნენ: წმინდაო ბარბარეო! ბევრნი მოუწოდებდნენ: წმინდაო გიორგიო! ბევრნი გაიძახოდნენ: წმინდაო კარგუნახავოო! ბევრ-ბევრნი ვისღა არ უხმობდნენ: ღვთისმშობელო კიუნოსისაო! ლორეტისაო! ბონნუველისაო! ლენუისაო! რივიერისაო!
61. ბევრნი წმინდა იაკობსა ავედრებდნენ თავსა!
62. ბევრნი მსასოებელნი იყვნენ შამბერისა გარდამოხსნისა, რომელსაცა სამი თვის თავზედ, ვგონებ, ცეცხლი გაუჩნდა და სულ ფერფლად იქცა.
63. ზოგთ კადუინისა გარდამოხსნა ეკერათ პირზედ.
64. ზოგნი იოანე ნათლისმცემელსა მინდობოდნენ ანჟერიელსა.
65. ზოგ-ზოგნიცა ხელაპყრობილნი ევედრებოდნენ წმინდა ევტროპი ქსენკტელსა, წმინდა მესმ შინონელსა, წმინდა მარტინ კანდელსა, წმინდა კლოდ სინეელსა, შეუწუხებლად არა რჩებოდათ ჟავარზეულნი სიწმინდენიცა და სხვა უფრორე მცირე წმინდანთაც შესთხოვდნენ შველასა.
66. ვინ სულსა ლევდა და ლაპარაკისა თავი არა ჰქონდა, ვინ ენად იყო გაკრეფილი და სიკვდილსა მაინც არ მიჰყავდა.
67. ვის ლაპარაკი ჰკლავდა, ვის კიდევ სიკვდილი ალაპარაკებდა.
68. ვიეთნი ხაფად გაჰყვიროდნენ: აღმსარებელი! აღმსარებელიო! Confiteor! Miserere! In manus!.
69. მოწყლულთა კვნესა-გოდება ცად ადიოდა, და წინამძღვარმან ჩქარ-ჩქარა გაიყოლა მოძმენი, ვენახსა მიაშურა.
70. როგორც კი მივიდნენ და იხილეს ის უბედურ დღეზედ გაჩენილნი, ძირსა დამხობილნი, სიკვდილისა პირად მისულნი, ეცნენ ზოგნი იმასა, ზოგნი ამასა და აღსარებისა სათქმევინებლად დააღებინეს პირნი.
71. რახან ხუცეს-მონაზონთ საქმე გამოიჩინესო, გაცვივდნენ შეღერებულნი მორჩილნი და ძმა ჟანსა მიეახლნენ, რა ვქნათ, რით შეგეწიოთო.
72. რა ქნათ და, მიუგო იმან, ვინცავინ ჯერ არ ჩაძაღლებულა, მიდით და ჩააძაღლეთო.
73. მაშინ მორჩილთ ღობე-ყორეზედ გადაჰკიდეს თავიანთი ჩაფართხუნებულნი კაბანი, მიესივნენ და მიასაკლავეს ისეც უკვე წუთისოფელდაღამებულნი.
74. ახლა არ იტყვით, რაგვარ იყვნენ შეჭურვილნი და შეიარაღებულ-ჩასილაღებულნი?
75. ხელთ მხოლოდ სასხლავნი ეპყრათ ანდა ხანჯლისა შვილნი, რომელთ ჩვენებურნი ყმაწვილნი წენგოიანი კაკლისა საკუჭავად ხმარობენ.
76. მერმე დაადო თავი ძმა ჟანმა და თავისა ძელიანად ზედ იმ ადგილას გამოიჭიმა, სად იგი დუშმანსა შეენგრია.
77. ამას-იმასობაში ზოგიერთსა მორჩილსა დრო ეხელთა და დროშაალამნი წაეღო, სენაკში დაეგროვებინა, სალეკვერთხედ და საწვივსაკრავედ გამოგვადგებაო.
78. ოდეს ვინმე დაჭრილთაგანი, ვისაცა აღსარებისა თქმა მოესწრო, გამონგრეულ კედელსა მიადგებოდა, ეგების გავძვრე და თავს ვუშველოო, ძმა ჟანი მაშინვე საიქიოში გაგზავნიდა და თან მიაძახებდა:
79. ‒ ეგრე პირდაპირ სამოთხეში მიხვალ.
80. ეგ არი გზა განდობილთა, მონანიებულთა და შენდობილთაო.
81. უსწორესია, ვითარცა ნამგალი და ძაღლისა კუდიო.
82. იმისა ვაჟკაცობისა წყალობითა ესრეთ მოისრა ვენახში შეჭრილი მტერი და ამბისა მთხრობელიცა აღარავინ გადარჩა.
83. სულ ერთიანად ცამეტი ათას ექვსას ოცდაორი კაცი გაწყდა, უკეთუ, წესისამებრ, ბალღ-დიაცთ სათვალავში არ ჩავალთ.
84. თავად მეუდაბნოე მოჟისი რომ მოჟისია, რომლისა ამბავი ემონის ოთხთა ძეთა გმირობისა წიგნშია მოთხრობილი, ისიც კი თავისი არგან-კვერთხითა ესეგვარად არ შეჰბმია სარკინოზთ და არცა იმოდენა არა უქნია რა, რაოდენიცა ჩვენმა ბერმა ქნა მტერზედ ჯვრისძელმომარჯვებულმან.
85. მისახმობად წევრთა კაპიტულისა კაპიტულზედ (ლათ.). წინააღმდგომ მანქანებისა მტერთა (ლათ.). სადიდებლად მშვიდობისა (ლათ.).
86. ე-ი. Impetum imimicorum ne ne timueritis ‒ მტრისა ძალადობასა ნუ შეუშინდებითო (ლათ.).
87. მიბოძე დასალევი! (ლათ.). ვინანი! შემინდე! შენ გაბარებ [სულსა ჩემსა!] (ლათ.).
29
1. XXVIII. რარიგ დაიპყრო პიკროშოლმა იერიშითა ლაროშ-კლერმო, და კიდევ ვითარ ესიკვდილებოდა გრანგუზიესა ჩხუბისა ატეხა.
2. როგორც უკვე იუწყეთ, ბერმა სულ ბდღვირი ადინა მოძალადეთ, და ვინემ იგი იმათ უსწორდებოდა, პიკროშოლმა ამაობაში თავის ლაშქრიანად ფხოჭა-გლეჯით გაიარა ვედისა ფონი და ხელთ იგდო ლაროშ-კლერმო, სად არცვინ წინაღსდგომია, არცვინ გასძალიანებია.
3. და რადგან კარგა დაღამებული იყო, ჯარიანად იქავ დადგომა გარდაწყვიტა ღამისა თევითა, ჯავრიანი გული ცოტა ხნით დაიცხრო.
4. ძაღლისა ძილის ჟამსა პიკროშოლმა ქალაქისა ქავ-ციხეს შეუტია, იერიშით შევიდა და ფრიად გაამაგრა, საჭურველიცა ბლომად მოიმარაგა, რამეთუ ჰგონებდა, ვინიცობაა თავსა დამესხან, სხვა ამაზედ უკეთეს ადგილსა ვერსად ვიპოვნიო.
5. და მართლაც არა ოდენ კაცისა ხელს ექცია ისი ქავ-ციხე მიუვალად, არამედ თავად იყო ბუნებითი მდებარეობით მტერშეუვალი.
6. თუმცა რაც იყო, იყო, აწღა ამას თავი გავანებოთ და მივხედოთ კეთილსა ჩვენსა გარგანტუასა, მეცადინსა და მოვარჯიშესა, ყოველი სარგო მეცნიერებისა გულმოდგინებითა მსწავლელსა.
7. მოვიხილოთ აგრევე მამამისი, ჟამნახული, ქველი გრანგუზიე, რომელსა ეს არი უვახშმია და საყვარლად აგიზგიზებულ ყვერბთან მიმჯდარა,
8. სად იყო, სად არა, თითქო მიწიდან ამოძვრაო, ზედდატანებაზედ მოიჭრა და დიდ ბატონსა წინ გამოეჭიმა მეზვრე მწყემსი პილო, რომელმან წვლილად ჩაუკენჭა,
9. სრულად შენსა სამკვიდრო-საბრძანებელში პიკროშოლ მეფე დაფარფაშებს, ლერნეელიო, ქვეყანა თვალით არღა ინახვის, ერთობ გაატიალა, დააქცია და მოითარეშაო, ერთი მარტო სეს ბაღ-ვენახიღა გადარჩა მცირედ და ისიცა თავისი ვაჟკაცობითა ძმა ჟანმა გადაარჩინა, ბდღვირისმდენელმაო.
10. ამჟამად მეფე იგი ლაროშკლერმოშია და რაოდენადაც შესაძლოა, ციხითა ჯარსა ამაგრებს და ჯარითა ციხესაო.
11. ‒ ვაი ვაი! ‒ დაიბუბუნა გრანგუზიემ. ‒ ამას რას მოვესწარ, ხალხო? სიზმარია თუ ცხადი?
12. პიკროშოლი დამსხმია, ძმად შეზრდილი მეგობარი და მოყვარე, თვისტომი, ჩემიანი!
13. ვის უნდა ექნა, ვინ ამიმხედრა ნეტავ? ვინ აასხმევინა იარაღი? ვინ შემიგულიანა? ვის დაუჯერა, იმ ჩემი ცოდვით სავსესა.
14. ოჰ! ოჰ! ოჰ! ოჰ! ოჰ! ღმერთო, მაცხოვარო, მწედ მექმენ, განმანათლე და განმასწავლე ხედვად ჭეშმარიტებისა!
15. ზენარობით ვიტყვი და შენი თანადგომისა ნატრულიმცა გამხადე, უკეთუ ან თვითონ განმერისხებინოს როსმე, ანდა საყმო შემეჭირვებინოს იმისი.
16. ჯერეთ არ მახსოვს, რამეზედ უარი მეთქვას, არცა ლაშქარი დამიჭერია აროდეს და არცა ფული, მუდამჟამ ხელსა აღვუპყრობდი, ნაღდსა ვურჩევდი, მხარში ვედექ და მხარსა ვუჭერდი.
17. დასტურ არაწმინდასა აურევია თავგზა, რახან ესდენ გამიმეტა და დამაღონა.
18. უფალო ღმერთო ჩემო, კარგად უწყი, რა გულისა ზრახვაცა მალაპარაკებს, რამეთუ არა არის რა შენთვის დაფარული!
19. ვატყობ, ჭკუაზედ შეშლილა და თუ გონს მე უნდა მოვაგო, მაშ შემაძლებინე კიდეც, რომ მშვიდობით დავუმორჩილო კვალად წმინდა ნებასა შენსა!
20. ოჰ! ოჰ! ოჰ! ხალხნო და ჯამაათნო, შინაურნო და შინაყმანო!
21. ნუთუ ხელი ხმალსა უნდა ვიკრათ?
22. ვაჰმე! სიბერე ტკბილი მეწადა, წუთისოფლით უჩხუბრად წავალ-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ, ჩანს, მეც უნდა მოვიგდო იალმაგი ამ ჩემსა საცოდავ და ჯანმიხდილ, დაქანცულ მხართა ზედან;
23. ხელთ კი, ამ აცახცახებულ ხელთ, გოგუთსა და ლახვარსა დავაჭერინებ, რათამც დავიცვა და დავიფარო საბრალო ქვეშევრდომნი ჩემნი.
24. მეტი რა ჩარაა! იმათით მიდგას სული, ისინი გვაჭმევენ, გვასმევენ და გვაცმევენ.
25. ისინი ინახავენ მთლად დედაწულ-სახლეულსა ჩემსა.
26. თუმცაღა, შებმით მანამ მაინც არა შევებმი პიკროშოლსა, სანამ სუყველაყას არ მოვიღონისძიებ სამშვიდობოსა და საზავოსა. რაცა ვთქვი, წყალი არ გაუვა.
27. მერმე დარბაზსა უხმო, უამბო ვითარება საქმისა და, რა განბჭობასა მორჩნენ, ერთპირ დათქვეს, ვინმე განგებიანი ვნახოთ და პიკროშოლსა ვაწვიოთო, ვითარმედ გამოჰკითხოს და შეიტყოს, რა ეცა, რამ აფიქრებინა სხვათა მიწა-წყლისა დალაშქვრა და რა უფლებისა ძალით გვარბევსო.
28. თანვე ისიც ითქვა, გარგანტუასაც გავუგზავნოთ კაცი და მოვუწოდოთ, თავის ქულფათ-მხლებლებიანად მოხედოს სამამაპაპოსა და ჭირსა განარიდოსო.
29. გრანგუზიე თანახმა გაუხდა დარბაისელთ და ჯეროვნად განაგო განსაგებელი.
30. მსწრაფლ მოაყვანინა თავისი ბასკი ფარეში, ეხლავ გარგანტუასთან უნდა ფრინდეო, უთხრა, და ძესა ქვემორე უსტარი მისწერა.
30
1. XXIX. რა ამცნო გრანგუზიემ ავთრათ-წერილითა გარგანტუასა
2. ისერიგად მუყაითობ სწავლაში, შენმან მზემან, კიდევ კაი ხანსა არ მოგიშლიდი მაგ სიბრძნისა მოყვარებაში მყოფობასა, გარნა ვაი რომ ჩემთა ძველთა მოძმეთა და მოსაგრეთ მომაღორეს და სიბერე გამიმწარეს.
3. და უკეთუ ბედმა მარგუნა იმათი ღალატი, ვისაცა ყოვლისა უფრორე ვენდობოდი, შენს იქითა გზა არღა დამრჩენია და ამად მოგიწოდებ, მოდი, მოჰხედე ყმათა შენთა და ბუნებისა ძალითა ბოძებულსა სამკვიდრებელსა.
4. რამეთუ ვითა სახლსა არას არგია გარეთ გატანილი საჭურველი, ოდეს თავად სახლ-სამყოფელსა შინა ჭკუა არვის ეკითხვის, აგრევე მსგავსად სწავლაც უქმია და რჩევაც ფუჭი, თუ რომ დროთი არ შეესხმით ხორცი და ფარსაგად არ მოიხმარ.
5. მე ჩხუბი კი არა მწადს, დაზავებასა ვმცდელობ;
6. თავსა არ ვესხმი, ოღონდ ზედაც არ გადავიტარებ;
7. ბრძოლასა ვერიდები, მაგრამ ვერცა ჩემთა ერთგულთა ქვეშევრდომთ დავაჩაგვრინებ და ვერცა მამა-პაპათაგან დაშთომილ სამკვიდროსა დავანებებ პიკროშოლსა,
8. ჩემდა ვალად ვრაცხე, რომა როგორადმე დავაცხრო რისხვა მტარვალისა ამისა, გულსავსედ ვქმნა, რითაც შემიძლია, და აკი არაერთგზის ვაწვიე კიდევაც კაცნი სამოყვროდ, ეგების გავიგო, ვინ რა აწყენინა- მეთქი.
9. იმას კი შერიგებისა გაგონებაცა არა სურს, ჩემგან სხვა პასუხსა ნუ მოელიო, და თვინიერ ალაფობისა, აღარა ახსოვს რა.
10. ეტყობა, მარადის სიმართლისა მოქმედმა ერთადერთ საჭედ მარტოღა საკუთარი გონი და ნება დაუტოვა.
11. იგიცა ბოროტსა მეტსა აბა რასა იქმოდა ღვთის მადლსა მოკლებული, და უფალსა ჩემკენ წარმოუგზავნია, რათა შევასმინო ბალანგარსა შესასმინარი და ნამუსზედ შევაყენო.
12. ამა ვითარებისა გამო, საყვარელო ძეო და ჭარუმადათო, ვითარ წაიკითხავ წიგნსა ჩემსა, მყის დაიძარ და გამოეჩქარე აქეთა,
13. ოღონდ ჩემდა შეწევნად კი არა (დაღათუმცა, შემწეობასა მეცა არ უნდა მომაკლებდე მამაშვილობისა ბუნებური გრძნობითა), მეოხად ექმენ მოყმეთა შენთა, რომელთა ხსნა და დაცვა ვალად გაწევს.
14. ღვაწლი ესე მცირე სისხლისა ფასად გმართებს, ხელისა ღონესა ჭკუა დაამჯობინე, სიფრთხილითა მოიქეც, მოივარგე სამხედრო ხელოვნებანი და იქნებ ვუშველოთ სრულიად საყმოსა ჩვენსა, ყმანიცა დია გაიხარებენ და თავთავიანთ სახლ-კარსა მოიძიებენ ყველანი.
15. კურთხეული გყოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, უსაყვარლესო ძეო ჩემო.
16. ნახვისა ნატვრითა მოვიკითხავ პონოკრატესა, გიმნასტსა და ევდემონსა. ენკენისთვისა ოცი. მამაშენი გრანგუზიე.
31
1. XXX. ვითარ წარუგზავნეს ულრიშ გალე პიკროშოლსა
2. საკარნახებელი რა უკარნახა და წიგნსა ხელი მოაწერა, გრანგუზიემ ულრიშ გალეს უბრძანა, თავისი სამწერლოს განმგებელსა, ფრიად საზრიანსა და მადლცხებულსა,
3. რომელსა ბევრი არეული საქმე კეთილად და მარჯვედ განესაჯა, წასულიყო, პიკროშოლსა სწვეოდა და წვრილად ეამბნა ყოველივე, რაცღა იმათ ითათბირეს და განაბჭეს.
4. ქველი გალე ფიცხლად გაემგზავრა და, როს ფონსა თავში მოექცა, ერთ იქაურ მეწისქვილესა ჰკითხა, პიკროშოლი სად ჩამოხდაო.
5. ნეტაი თვალით სულ არ მენახაო, მიუგო მექისქვილემ, განმძარცვა და ცარიელზედ დამსვაო, ეხლა ლაროშკლერმოში დგას და არ გირჩევ იქით წასვლას, ემანდ სადმე გზირთ არ გადააწყდე, ძაღლიც ძაღლია და ისინიცა ძაღლნი არიანო.
6. ულრიშ გალემაც დაუჯერა და იმა ღამეს წისქვილში დარჩა.
7. მტრედისფრად ირიჟრაჟა თუ არა, იგი უკვე ქავ-ციხისა ჭიშკარსა მიადგა, ბუკტაბლაკობითა აუწყა თავისი მისვლა და გუშაგთ მიეძალა, შემიშვით, მეფესა მიმგვარეთ, დია საჭირო სიტყვა უნდა ვუთხრაო.
8. მეფესა მსწრაფლ მოახსენეს, ასე და ასეო, მაგრამ იმან ქვა ააგდო, არასდიდებით არ შემოუშვათო, და თავად გამოვიდა გარეთ, გალავანზედ გადმოდგა და გადმოსძახა სამოციქულოდ წვეულსა: რა ამბავია? რა უნდა მითხრაო?
9. მაშინ დესპანმა სათქმელი არღა დააყოვნა.
32
1. XXXI. გალესაგან თქმული სიტყვა პიკროშოლისა წინაშე
2. გულისა ტკენა ათასმა რამემ იცის, მაგრამ ყოვლისა უფრორე სამძიმო ის არი, ვისგანაც წყალობასა და სიამტკბილობასა მოელი, ავსა და ბოროტსა რომ მოგაგებს.
3. მრავალნი არცათუ უსაბაბოდ (დაღათუმცა, განა სიჭკვიანით) მჭმუნვარედ ქმნილან ამა სიცუდკაცისა გამო, და რა გამწარებულან, სასოწარკვეთილთ არად ჩაუგდიათ სიცოცხლე და წუთისოფელზედ ხელი აუღიათ.
4. ამად არცა საკვირველია, რომა ესეგვარმა შენმა შემოსევამ, მტრობამ და სიავემ შენმა ფრიად დაამწუხრა და შეაშფოთა მბრძანებელი ჩემი, მეფე გრანგუზიე.
5. საკვირველი მაშინ იქნებოდა, უკეთუ თავზარსა არ დასცემდა საშინელი უსჯულოება, სისასტიკითა ჯერეთ გაუგონარი, რაიცა შენგან და შენთა კაცთაგან დაგვატყდა ჩვენსა მამულსა შინა.
6. გულიცა ნამეტურ გარდამეტად იმიტომ უტირის, ვინათგან დია ებრალვის ხალხი თვისი და სიყვარულითაც ისერიგად უყვარს, რარიგადაც არაოდეს არცვის ჰყვარებია.
7. მეტადრე კი, უნდა გითხრა, მაინც შენი და შენთა კაცთა ბოროტობა და უმართლობა ვერ აუტანია, რამეთუ მამა-პაპათაგან მოყვრობა მოგდევთ, იმთავითვე თანაზიარნი იყავით და უფრთხილდებოდით დღესაქამომდე უვნებელსა მეგობრობასა,
8. და არა ოდენ იგი თავის ხალხთან ერთპირ, არამედ სხვა მიწაწყლისანიც, მაგალითადრე, პუატეველნი, ბრეტონელნი, მანსონელნი, აგრეთვე მსახლობელნი იმიერ კანარისა კუნძულთა და ქალაქ იზაბელასი, ჰგონებდნენ და ამტკიცებდნენ კიდევაც,
9. ვითარმედ უმალ ცა ჩამოინგრეოდა, ქვესკნელი და საქანელნი ცათანი კი შეერთდებოდნენ, ვინემ დაირღვეოდა თანადგომა თქვენი, ეგზომ საზარო ძვირისა მნდომელთათვისა, და აკი ვერცვინ ვერასა გიბედავდათ, შიშნეულნი იყვნენ, რა ერთსა გავაჯავრებთ, მეორეცა დაგვემტერებაო.
10. კიდევ მეტი, ამბავი ამა შეურყეველი მოყვრობისა სრულიად ქვეყნიერებასა მოჰფენია, და ცოტა მეგულვის ხალხი, ხმელეთსა თუ ოკეანის კუნძულთა ზედან მსახლობელი, სახელად რომ არ მიაჩნდეს თქვენთან პირისა შეკვრა, თქვენივე ნაკარნახევი პირობითა და სიტყვისა დასკვნითა,
11. და პატივს რომ არა სდებდეს თქვენთა შეერთებულ საბრძანებელთ, ვითა საკუთარ ქვეყანასა და მიწა-წყალსა.
12. რაღა ბევრი გავაგრძელო, ჯერხანად არავის ახსოვს, რომა ოდესმე გვირგვინოსანსა ვისმე, ანუ ერთად შეყრილ-შეკრულთა ხელმწიფეთ, გაკადნიერებულთა და რისხვითა გონდაკარგულთ, თქვენი კი არა, თქვენთა მეპირობეთა საზღვარნი დაელაშქროთ;
13. ხოლო ვინმე სხვისჭკუა თუ გაბრიყვებულა, სხვათა ფეხისა ხმასა აჰყოლია და თავდასასხმელად წამოსულა, თანადგომობისა თქვენისა მარტო ხსენებასაც უმალ გადაუფიქრებინებია განზრახული.
14. აწ ნეტავ რა ღმერთი გაგწყრომია და რასა გაუცოფებიხარ აგრერიგად, რომა დაგირღვევია კავშირი ესე, სულ უარგიყვია ძმობაცა, სამართალიცა, აგიღია თავი და ბოროტულად მოსჭრიხარ,
15. ოდეს არცა თვითონ, არცა ქვეშევრდომთ მისთა არა დაუშავებიათ რა შენთვისა და არცარა შენდა წყენად და განსარისხებლად უქმნიათ რამე?
16. სად არს ერთგულება? სად არს სჯული? სად არს გონიერება? სად არს კაცობა? სად არს შიში უფლისა?
17. ვითომ რა, დაჰფარავ შენსა სიავკაცესა ღვთისა წინაშე მდგომელთა სულთაგან და უზესთაესისაგან, რომელიცა ყოველთა კაცთ კუთვნილად მიუზღავს?
18. ესრეთ თუ ფიქრობ და ესავ, მაშ ამაოდ დამაშვრალხარ, რამეთუ არრა დაემალვის სამართალსა ცისასა.
19. ეგების ბედისწერამ გიყო ანდა ვარსკვლავთ შეიშურეს დღეკეთილობა და განცხრომა შენი?
20. დიახამც, არა არის რა ქვეყნად უბოლოო და საზღვარდაუდებელი, და რაც რამ უზედაეს წერტილსა აღწევს, მაშინვე უცილოდ ძირსა ეცემა, ვინათგან ამა მდგომარეობაში გრძელჟამიერად ვერა მყოფობს.
21. ესეგვარია ბოლო ბედნიერთა და მორჭმულთა, როცა კეთილგონიერება ეკარგვით და ზომიერება ავიწყდებათ.
22. გარნა თუ ადრითვე განწირულხარ, სხვა გზა არ არის და უნდა დასრულდეს სვიანობა შენი და განსვენება, ნუთუ საამისოდ საჭირო ქმნილა, რომა ძვირი შეგემთხვია ჩემის ხელმწიფისათვის, რომელმან ტახტზედ დაგსვა და გვირგვინი დაგადგა?
23. უკეთუ სადგურსა შენსა დაქცევა უწერია, ნუთუ იმის სახლ-კარიცა უნდა დაიტანოს, ვინაც დაგასახლა?
24. არა, ამას ჭკუათმყოფელთაგან ვერავინ გაიგებს და ვერცა ჩახვდება, რამეთუ ყოველივე წინააღმდგომია საღი აზრისა, და სხვაქვეყნიერნიც სანამ თავად არ დარწმუნდებიან და თავიანთი თვალით არ მოიხილავენ ყველაფერსა, დამოწმებულსა და დაჭეშმარიტებულსა,
25. მანამ არ დაიჯერებენ, რომ არარაა წმინდა და შეურყეველი ზოგთა კაცთათვის, ვისაცა ღმერთი და გონება უარუყვია და ურიგო გულისა წადილსა აჰყოლია.
26. უკეთუ გვევნო შენთა ყმათათვის, ანუ დაგვერბია მამული შენი;
27. უკეთუ ვფარვიდეთ ავისა მნდომთა შენთა;
28. უკეთუ არ შეგწეოდით მოთავეობასა და საქმეში;
29. უკეთუ შევხებოდით ღირსებასა შენსა და სახელსა;
30. უფრორე სწორად, უკეთუ ეშმაკმან ცოდვისა საქმნელად შეგაგულიანა, მაცდუნებელნი ლანდნი და აჩრდილნი მოგივლინა, გაცდინა და ცილი შეგვწამა, ეჭვი გაგიჩინა, ვითომც ჩვენი ძველისძველი მოყვრობისა უღირსი რამ გვეკადროს,
31. უნდა ამდგარიყავ, უწინარეს სიმართლე გაგეგო, გულნაკლულობა კი მერმე გამოგეთქვა, და ჩვენცა ჩვენსას გეტყოდით, ისერიგად გიმასპინძლებდით, უკეთეს მასპინძლობასა ვერცა ინატრებდი.
32. მაგრამ, ღმერთო დიდებულო, აბა, რა ჰქმენ?
33. ნუთუ სხვა მტარვალთაებრ მართლა მეიავარედ და მაოხრებლად მოსულხარ მბრძანებლისა ჩემისა?
34. ნუთუ ისე მხდალად და ბრიყვად შეგირაცხავს და, შენისა ჭკუით, იმდენად ღარიბია ერითა, საფასითა, მზრახველმრჩევლებითა და ჯართუფროსებითა, რომე არცა ბრძოლასა ინდომებს და წინაც არ აღუდგება შენსა უმართლო ზედმოსევასა?
35. ეხლავ ადექ და გვალე, გვალე, ხანი არ დააგვიანო, ხვალე უკვე შენსა ქვეყანაში იყავ, გზად ნურასა აიკლებ, ნურცა იმძლავრებ;
36. ჩვენი ზარალი ათასი ოქროს ბეზანტი დაგიჯდება.
37. ნახევარი ამა ფულისა ხვალავე გამოგვიგზავნე, ნახევარი მერმის წელსა, შუა მაისში, თეთრისა გამოგზავნამდე კი მძევლებად უნდა დაგვიტოვო ჰერცოგნი დე მატაროცა, დე ბაჯაჯგუნა და დე ბლაჩუნა, აგრეთვე სეფეწული დე ღუდუდა და აზნაური დე ტამაზლუხა“.
33
1. XXXII. ვითარ ბრძანა გრანგუზიემ, ჩამოსაგდებად ზავისა, ქადა-ნაზუქისა უკან მიტანა
2. ამითა გაასრულა გალემ სიტყვა, და პიკროშოლმა ეგრევე მიუგო:
3. ‒ მობრძანდით და ინებეთ, მობრძანდით და ინებეთ!
4. მასპინძლობა ჩვენცა ვიცით. სულ ქადა ნაზუქსა გაჭმევთ.
5. მაშინ გალე შინ გამობრუნდა, მიეახლა გრანგუზიესა და იხილა, რომ გვირგვინდაუბურველსა მოეყარა მუხლი თავისა სამარტოო ოთახში და ღმერთსა ევედრებოდა, დააცხრე პიკროშოლი, გონსა მოაგე, ძალადობა აგვარიდეო.
6. გალე რა დაინახა, ზნექველმა გრანგუზიემ ჰრქვა:
7. ‒ ოჰო, უკვე მოსულხარ? ახალსა რასა მეტყვი, გეთაყვა?
8. ‒ კარგსა ვერაფერს შეგატყობინებ, ‒ მიუთხრო გალემ.
9. ‒ ჭკუაზედ ვერ უნდა იყოს. მგონი, თავად ღმერთი გასწყრომია.
10. ‒ მაინც რას ამბობს, რა მწადსო? ‒ ჰკითხა გრანგუზიემ.
11. ‒ ან რისხვისა მიზეზსა თუ ასახელებს რასმე?
12. ‒ არა, არა უთქვამს რა, ‒ უპასუხა გალემ.
13. ‒ მარტო ერთი ეგ იყო, რაღაცა ქადა-ნაზუქზედ ჩაილაპარაკა.
14. ვაითუ ჩვენთა მწყემსთ ხაბაზნი გაუჯავრეს.
15. ‒ ვინემ გადაწყვეტილსა ვიტყოდე, ჯერეთ კარგად უნდა გავიგო, რა მოხდა. ‒ წართქვა გრანგუზიემ.
16. ხელად იქვე დაავალა განჩხრეკა ამა საქმისა და მსწრაფლ ეუწყა, გზად მიმავალ ხაბაზთ შენი ყმანი დახვედრიან და ცოტაოდენი ქადანაზუქი წაურთმევიათო, თანვე მარკე შემოლახვიათ, თავში კომბალი დაუშვიათო;
17. ისე კი, სულ იმ მარკეს ბრალი ყოფილა, პირველი ის მისჭრია ფროჟიეს და მათრახით აუჭრელებიაო.
18. გრანგუზიემ განმზრახთა საკრებულოსა უხმო, და ყოველნი კაცნი ერთ აზრზედ დადგნენ, მტერსა თავი უნდა ვაჩვენოთო.
19. მაგრამ გრანგუზიე მაინც სხვასა უბნობდა: რახან ორიოდ ქადა-ნაზუქისა ამბავია, პიკროშოლსა მე მოვუვლი, საჩხუბრად არამცა და არამც არ დავემტერებიო.
20. მერმე გაიკითხა, რაოდენ ქადა-ნაზუქზეა ლაპარაკიო, და, რა შეიტყო, სამოც ცალზედაო, ადგა და ხუთი ურემი თორნეულისა გამოცხობა ბრძანა, ამაღამვე მზად იყოსო.
21. ცალკე, ერთ ურემზედ, ყოვლისა უკეთესი ერბოთი, ახალი კვერცხის გულითა და უცხო რამ სუნელ-სანელებლითა გამომცხვარი ნაზუქი დაუდეთ და სათავისთავოდ მარკეს მიმირთვითო;
22. ამას გარდა, მარკეს კიდევ შვიდასი ათას სამი ფილიპე მიუბოძა მკურნალ დალაქთა გასასტუმრებლად და ზედ უსასყიდლოდ ბლისტ-აგარაკიც მიაყოლა პომარდიერისა მისხით მისხამდე სამუდამო საკუთვნოდ.
23. ნაბოძებისა წაღება და მიტანა ულრიშ გალეს დაევალა.
24. ისიც წავიდა, გზასა ბარაქა დააყარა და სოლეს მახლობლად თანამყოლ მეურმეთ უბრძანა, მიდით, ლერწამი და ლელი დაგლიჯეთ, ურემნიც მორთეთ, ხელთაც დაიჭირეთო, და თავადაც ლერწმით დაიმშვენა ხელი ნიშნად მშვიდობის წადილისა და ზავისა ჩამოგდებისა.
25. ალაყაფისა კარსა ვითარ მიადგნენ, ხმა გააგონეს, გრანგუზიესაგან უფლებისა მქონებელნი ვართ, პიკროშოლსა უნდა მოველაპარაკოთო.
26. პიკროშოლმა კი არცა ისინი შეაშვებინა და შემოუთვალა, მე მოუცლელობა მჭირს და, უკეთუ არ დაგიშლიათ, ჯართუფროსს მოახსენეთ, შატაბუტასაო, რომელიცა იმჟამად გოდოლზედ ზარბაზანსა აყენებდა.
27. ქველი გალეც მივიდა და სიტყვა უთხრა:
28. ‒ ბატონო, საჩხუბრად და სადავიდარაბოდ ქადა-ნაზუქსა თუ იმიზეზებთ და იმად გამოგვეშალეთ, უკან მოგვირთმევია.
29. ჩვენთა კაცთ სამოცი ცალი გამოგართვეს, ისიც ფულითა, მუქთად არ წაურთმევიათ, მაგრამ მშვიდობის მოყვარებისა გამო ხუთი ურმით მოვსულვართ, და ერთი საკუთრივ მარკესია, რამეთუ იგი უფრორე დაშავებულა და დაზარალებულა.
30. გულსა რომ არ დააკლდეს, შვიდას ათას სამ ფილიპესაც ჩავუჩხრიალებ, ხოლო ჩვენგან ნანახი ზიანისა ასანაზღაურებლად, რისა მოთხოვნისა უფლებაც დასტურ აქვს, უსასყიდლოდ და საშვილიშვილოდ გადავცემთ პომარდიერის აგარაკსა.
31. საბოძვრისა წიგნი თანა მაქვს.
32. რაც იყო, იყო, ღვთისა გულისათვის, ნუღარას ვერჩით დღეის წაღმა ერთმანეთსა.
33. წადით, გზას გაუტიეთ, ციხე ჩვენია, თავადაც კარგად უწყით, ტყუილად იჩემებთ, დაუტევეთ, და კვლავ ვიმოყვროთ და ვიმეგობროთ.
34. შატაბუტამ ყოველივე წვლილად ჩაუკაკლა პიკროშოლსა და გასაგულისებლად ცეცხლი შეუნთო:
35. ‒ ხო ვუტირეთ დედა მაგ ოტროველებსა, მაგათა!
36. ღმერთმანი, შიშითა ჩასვრილა ეგ ვაგლახი ლოთი გრანგუზიე!
37. დადგეს და ღვინო თრაქოს, ომი რა მაგის საქმეა.
38. ვგონებ, ქადა-ნაზუქი და ფული გამოვართვათ, თავად კი ფიცხლად გავმაგრდეთ და მარჯვე დრო ვიხელთოთ.
39. ვითომ რა, სულელი გნახეს და ქადა-ნაზუქით უნდა მოგიმადლიერონ?
40. რაკი მოწყალე თვალით უცქეროდი და თავსაც უყადრებდი, სულ იმის ბრალია, არრად რო აღარ გაგდებენ.
41. სწორად უთქვამთ, ღორის ტილსა ფეხზედ ნუ დაისვამ, თავზედ აგაღოღდებაო.
42. ‒ ეგრეა, ეგრე, მაშ! ‒ დასტური დასცა პიკროშოლმა.
43. ‒ თუ კაცი ვარ, შავ დღეს დავაყრი, შავ დღესა. მიდი, რაც მარქვი, აღასრულე!
44. ‒ ოღონდ ერთი რამ მინდა წინასწარ უწყოდე, ‒ შეაპარა შატაბუტამ.
45. ‒ სასმელ-საჭმელი ცოტაა, დიდხანს არ გაგვტანს.
46. გრანგუზიემ თუ ალყა შემოგვარტყა, ავდგები და კბილთ სულ ერთიანად დავიძრობ, სამიოდ ცალსღა დავიტოვებ, და უმალ სხვანიცა უნდა ამყვნენ, თორემ რა საჭმელი გაგვიძლებს!
47. ‒ ცოტა კი არა, ‒ უთხრა პიკროშოლმა, ‒ ყველაყა თავზედ საყრელია.
48. ჩვენ რა, საქეიფოდა ვართ მოსულნი თუ საომრად?
49. ‒ დიაღაც საომრად, ‒ მიუგო შატაბუტამ.
50. ‒ მაგრამ ცარიელ მუცელსა აბა რა ეომება!
51. საცა შიმშილია, იქ ყოფნა სიკვდილია.
52. ‒ კარგი, კარგი, ენად ნუ გაიკრიფე, ‒ დაუტატანა პიკროშოლმა. ‒ მოიღეთ, რაც მოუტანიათ.
53. სამოციქულოდ მოსულთ მყის ჩამოართვეს ფული, ქადა-ნაზუქი, ხარნი და ურემნი, თავად მოციქულნი კი უკან გაისტუმრეს და სიტყვა არა დააბარეს რა.
54. მარტო ეგ იყო, ციხისა ახლომახლო არ დაგინახოთო, უთხრეს, ხვალ გეტყვით, რატომაცაო.
55. ისინიც გამობრუნდნენ და წამოვიდნენ პირში ჩალაგამოვლებულნი, ყველაფერი ზუსტად ჩაუკენჭ-ჩაუწიგნეს გრანგუზიესა და თან დააყოლეს, ზავზედ ლაპარაკი ზედმეტია, მტერსა მტრულად უნდა დავუხვდეთო.
34
1. XXXIII. ვითარ დაადგა დია საშიშარ გზასა პიკროშოლი, ოდეს ზოგ-ზოგ ჭკუისა მსწავლებელთ ნაჩქარევი რჩევითა შეაგულიანეს იგი
2. მოსულთ ქადა-ნაზუქი ჩამოართვეს თუ არა, მიეახლნენ პიკროშოლსა ჰერცოგი შუშუბრიქა, გრაფი შლუ, ჯართუფროსი ტინგიცა და მოახსენეს:
3. ‒ დღესა, ბატონო, ალექსანდრე მაკედონელისა შემდგომად ყოვლისა უფრორე მორჭმულსა და ყოვლისა უფრორე უძლეველ ხელმწიფესა გაგხდით.
4. ‒ დაიხურეთ, სარქმელნი დაირქვით! ‒ უთხრა პიკროშოლმა.
5. ‒ მადლსა გწირავთ, ბატონო, ‒ მიუგეს იმათ.
6. ‒ ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცით. შენდა სარჩევად მოვსულვართ.
7. დააგდე აქა მცირე რამ რაზმი მეციხოვნეთა თავის მხედართმთავრიანად.
8. ადგილსა ამას მეტი არ უნდა, ისედაც შეუვალია ბუნებითად და შენგან ნაშენი ზღუდითა.
9. დანარჩენი ჯარი ორად გაჰყე, ვითარცა გენებოს.
10. ერთნი წავლენ და გრანგუზიეს დაესხმიან, ლაშქართ ეგრევე ამოუწყვეტენ.
11. ფულსა, იცოცხლე, დიდძალსა მოიშოვებ, ჩეჩქივითა აქვს იმ ხეპრე-მამაძაღლსა, იმასა.
12. ხეპრეს იმად ვამბობთ, ვინათგან კეთილშობილ ხელმწიფეთ არაოდეს ერთი თეთრიცა არ მოეძევებათ.
13. ფულისა შენახვა გლეხუჭა ხალხისა საქმეა.
14. ამაობაში მეორენი მიადგებიან ონოს, სენტონჟს, ანგუმუასა და გასკონსა, აგრევე პერიგორსა, მედოკსა და ლანდებსა, შეუბრკოლებლად დაიპყრობენ ქალაქთ, სიმაგრეთა და ციხეთ, ბაიონსა, სენ-ჟენ-დე-ლუსსა და ფუენტერაბიასა შინა სუყველა ხომალდსა ხელთ ჩაიგდებთ
15. ესპანელნი, ღმერთმანი, ხაფად პირს დააღებენ, იარაღს დაჰყრიან.
16. მერმე წახვალთ, ცურვითა გაივლით სიბილას სრუტესა და თქვენდა სამახსოვრო ძეგლად აღმართავთ ორ უფრორე დიდებულსა სვეტსა, ვინემ ჰერკულესისაა,
17. ‒ ჩამივარდება და შევიწყალებ, ‒ წართქვა პიკროშოლმა.
18. ‒ ძალიან კარგს იზამ, ‒ სიტყვა მოუწონეს იმათ, ‒ ოღონდ უნდა გაინათლოს.
19. დაუყოვნებლივ ქედსა მოიდრეკენ ძალისა შენისა წინაშე სამეფონი ტუნისისა, ჰიპესიასი, ალჟირისა, ბონასი, კირენასი და ბარბარეთი სრულად.
20. შემდგომ დააჩოქებ მაიორკასა, მენორკასა, სარდინიასა, კორსიკასა და ლიგურიისა თუ ბალეარის ზღვათა დანარჩენ კუნძულ-ჭალაკთ.
21. მარცხენა ნაპირისა გაყოლებაზედ დაიპყრობ და დაიმორჩილებ მთელ ნარბონის გალიასა, პროვანსსა, ალობროგთა წყალ-ადგილსა, გენუასა, ფლორენციასა, ლუკასა და რომიც უკვე იქავეა.
22. ბედასლი უფალი პაპი შიშითა უმალ სულსა განუტევებს.
23. ‒ ჩემი თავისა მზემან, ფერხთ არ ვემთხვევი, ‒ წართქვა პიკროშოლმა.
24. ‒ იტალიას რა დაერევით, მოითარეშებთ ნეაპოლსა, კალაბრიასა, აპულიასა, სიცილიასა და ზედ მალტასაც მიაყოლებთ.
25. ნეტავ მაჩვენა ერთი, ვითარ მოიქნევენ ხმალსა ის საცოდავნი რაინდნი, ნაროდოსალნი, და ვნახავ, რა სამჭედურშიც არიან ნაჭედნი!
26. ‒ იქითგან სიამოვნებით მივაშურებდი ლორეტოს, ‒ ჩაილაპარაკა პიკროშოლმა.
27. ‒ არა, არა, ‒ მიუთხრეს იმათ. ‒ ეგ აქეთურობასა უნდა ქნა.
28. ჯერეთ დავლაშქროთ კრეტა, კვიპროსი, როდოსი, ჭალაკნი კიკლადისა და შევუტიოთ მორეასა.
29. მერე მორჩა! წმინდა ტრენიანის მადლმან, ზენაარი იხსნის იერუსალიმსა! სად სულთანი და სად შენა!
30. ‒ რახან ეგრეა, ახლად ავაგებ ტაძარსა სოლომონისასა, ‒ თავი მოიწონა პიკროშოლმა.
31. ‒ ცოტა დაიცა, ‒ პირში სწვდნენ ისინი, ‒ ერთბაშად ნუ გარდაწყვეტ ხოლმე.
32. არ უწყი, ოქტავიანე ავგუსტუსი რასა ამბობდა?
33. Festina lente, აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო.
34. თავდაპირველად მიდი, დაიპყარ მცირე აზია, კარია, ლიკია, პანფილია, კილიკია, ლიდია, ფრიგია, მიზია, ბითვინია, ქარაზია, სატილია, სამაგერია, კასთამენა, ლუგა, სებასტა ვიდრე თვით ევფრატამდე.
35. ‒ ყველა-ყველა, მაგრამ ბაბილონსა და სინას მთას თუ მოვიხილავთ? ‒ იკითხა პიკროშოლმა.
36. ‒ ჯერეთ რა დროს ეგენია, ‒ მიუგეს იმათ, ‒ ადვილად ხომ არა ჰგონებ ჰირკანიისა ზღვისა გადალახვასა, ორი არმენიისა და სამი არაბეთის გავლასა?
37. ‒ ღმერთმან იცის, ჭკუაზედ ვერა ვართ! ‒ შესძახა პიკროშოლმა.
38. ‒ უბედურება გვჭირს, უბედურება!
39. ‒ ვითომ რათაო? ‒ გაიკვირვეს იმათ.
40. ‒ რათა და, ნეტავ რა უნდა ვსვათ იმა უდაბნოსა შინა?
41. ამბობენ, იულიანე ავგუსტუსი იქა უწყლობამ თავის ჯარიანად ამოწყვიტაო.
42. ‒ სუყველა ადრითვე ვიღონისძიეთ, ‒ ისევ თავისას უბნობდნენ ისინი.
43. ‒ სირიისა ზღვასა შენი ცხრა ათას თოთხმეტი საზარლად დიდი ხომალდი მისდგომია, დედამიწისა ზურგზედ ყოვლისა უკეთესი ღვინითა დასაპალნებული.
44. იქავ უკვე მირეკილია ორი მილიონ ორასი ათასი აქლემი და ათას ექვსასი სპილო, რომელთ სიჯელმასისა მხარეში ნადირობისა ჟამსა შეიპყრობთ ლიბიაში მისვლისთანავე, და კიდევ უკლებლივ შენია, რაც კი მექას ჯორთ შვიდეული, ანუ აღალ-ქარავან-ყათარნი ვლიან.
45. განა იმოდენი რა უნდა იხმიო, იმათ ვერა ზიდონ?
46. ‒ მე და ჩემმა ღმერთმან, მართალია, ‒ თანახმა გაუხდა პიკროშოლი.
47. ‒ ოღონდ ეგ არი, ცივ-ცივი ღვინო არ გვექნება.
48. ‒ დალახვროს ეშმაკმა! ‒ აჩოჩქოლდნენ ისინი.
49. ‒ ღვთისა ტოლი კაცია, გმირთა გმირი, ლამის სრულად დედამიწას დაეპატრონოს და ხან მაინც გულსა აკლია.
50. ღმერთსა მადლობა უთხარ, რახან შენი ლაშქრიანად ტიგროსამდე მშვიდობიანად მიხველ!
51. ‒ ნეტავ ის ჩვენი მეორე ჯარი რაღასა იქმს, იმ ლოთმამაძაღლ გრანგუზიეს რომ შეუტია?
52. ‒ ბუზთა არც იქა ყლაპავენ, ‒ მიუგეს იმათ.
53. ‒ ცოტაც და, დავეწევით კიდეცა.
54. შენთა კაცთა უკვე შეგძინეს ბრეტანი, ნორმანდია, ფლანდრია, ენო, ბრაბანტი, არტუა, ჰოლანდია და ზელანდია.
55. ნაწილმა რაინი განვლო, მოლაშქრეთ სულ შვეიცარიელთა და ლანდსკნეხტთა გვამთა ზედა იარეს, ნაწილმა კი დაიპყრო ლუქსემბურგი, ლორენი, შამპანი, სავოია, ლიონშიც შეიჭრა და გზად შენთა ლაშქართ გადაეყარა, ოდეს ისინი შინ ბრუნდებოდნენ ხმელთაშუა ზღვასა ზედა ძლევამოსილნი.
56. ვინემ ბოჰემიაში შეერთდებოდნენ, ორივ ჯარმა წინ-წინ დაარბია შვაბია, ვიურტემბერგი, ბავარია, ავსტრია, მორავია და შტირია.
57. მერმე თანაზიარად დაესხნენ ლუბეკსა, ნორვეგიასა, შვეციასა, დანიასა, გოტლანდსა, გრენლანდიასა, ისლანდიასა და თავად ყინულოვან ზღვამდისინ ცეცხლსა მოაძოვინეს ყოველი.
58. შემდგომად დაიჭირეს ორკადის კუნძულნი და დაიმორჩილეს შოტლანდია, ინგლისი და ირლანდია.
59. მას უკანითა გადაცურეს ქვიშიანი ზღვა, გადავლეს სარმატია და დაერივნენ პრუსიასა, პოლონეთსა, ლიტვასა, რუსეთსა, ვლახეთსა, ტრანსილვანიასა, უნგრეთსა, ბულგარეთსა, თურქეთსა და ამჟამად კონსტანტინოპოლში არიან.
60. ‒ მაშ ჩვენცა იქით გავწიოთ! ‒ შესძახა პიკროშოლმა.
61. ‒ არცა ტრაპიზონისა იმპერატორობა მაწყენს.
62. ვითომ რა მოხდება, სულ დედაბუდიანად რომ ამოვწყვიტოთ ის ძაღლნი თურქნი და მაჰმადიანნი?
63. ‒ რატომაც არა? ‒ კვერი დაუკრეს იმათ.
64. ‒ რაც რამ ქონება და მიწა-წყალი აქვთ, ადექ და შენთა ერთგულ კაცთ დაურიგე.
65. ‒ ჩემი გონებაც მაგას მეუბნება და სამართლიანიც იქნება, ‒ დასტური დასცა პიკროშოლმა.
66. ‒ თქვენად გამიხდია ყარამანია, სირია და მთლად პალესტინა.
67. ‒ ოჰ, რა მოიეფე ხარ, მეფეო! ‒ ერთმანეთსა ლაპარაკს არ აცლიდნენ ისინი.
68. ‒ მადლობისა მეტი რა გვეთქმის! მარადჟამსა სვიანად გამყოფოს უფალმა.
69. იქავ იყო ერთი ძველი აზნაური, სახელად ეშეფრონი, მრავალჭირნახული და ბევრგამოვლილი კაცი, რომელსაც გულმა აღარ მოუთმინა და გახსნა ბაგენი:
70. ‒ დია მეშინის, იმა ერთ მეწუღესავით არ მოგივიდეთ, ვინაც რძიანი ქილა იპოვნა და გამდიდრება მოინდომა, მაგრამ ქილაც გაუტყდა და სულაც უნაყროდ დარჩა.
71. მაინც რას მოიშოვებთ ვითომ ესდენ მრავალი დიდებული ძლევა-გამარჯვებითა?
72. რა არი ბოლო თქვენთა ღვაწლთა და საგრობათა?
73. ‒ რა არი და, რაჟამსა დავბრუნდებით, ერთსა გემრიელად განვისვენებთ. ‒ წართქვა პიკროშოლმა.
74. ამისა პასუხად ეშეფრონმა მიუგო:
75. ‒ ვაითუ ვეღარ დაბრუნდეთ, მერე რაღასა იქმთ? დიდმა გზამ დიდი ხიფათი იცის.
76. განა წაუსვლელობა და ეხლავ განსვენება არ აჯობებდა?
77. ‒ ღმერთმანი, სულელია! ‒ აენთო შლუ.
78. ‒ მაშ მივუსხდეთ ბუხარსა ჩვენთა დიაცთა გვერდით და მთელი სიცოცხლე ვასხათ მარგალიტი და ვართათ მატყლი, ვითარცა სარდანაპალმა.
79. ვინცა ხიფათსა უფრთხის, ვერცა ცხენსა იპოვნის და ვერცა სახედარსაო, უთქვამს სოლომონსა.
80. ‒ ახლა ისიც მოისმინე, მოროლფმა რა პასუხი გასცა, ‒ მიუგო ეშეფრონმა, ‒ ვინცა დიდსა ხიფათსა შეებმის, ცხენსაც დაჰკარგავს და სახედარსაცაო!
81. ‒ კარგით! ‒ გაჯავრდა პიკროშოლი. ‒ წასვლა გვიჯობს. ოღონდ იმ ოხერ გრანგუზიეს ლაშქართ ვეშიშვი.
82. ვინემ ჩვენ მესოპოტამიაში ვიქნებით, იმათ ზურგში თუ დაგვცხეს, მერმე რაღა ვქნათ?
83. ‒ საქმნელი ჰქმენ, ‒ სიტყვა ჩაურთო ტინგიცამ, ‒ ადექ და მოკლე, ოღონდ სამუქარო წიგნი მისწერე მოსკოვეთელთ, და სულ დარჩეული ოთხას ორმოცდაათი ათასი ვაჟკაცი უმალ აქ გაჩნდება.
84. არა მინდა რა, ერთი შენი მქნა, გაყურებინებდი სეირსა!
85. წიხლქვეშ გავიგებდი, თმით ვათრევდი, ღდინსა გავაგდებინებდი, ნიორწყლად ვაქცევდი, სიკვდილსა მოვანატრებდი, დედასა ვუტირებდი!
86. ‒ აბა, აბა! ‒ წართქვა პიკროშოლმა. ‒ ჟამი არ ითმენს! ‒ ვისაც ჩემი სიყვარული გაქვთ, მომყევით! დინჯად იჩქარე (ლათ.).
35
1. XXXIV. ვითარ დაუტევა პარიზი გარგანტუამ დასაცველად მამულისა, და რარიგ გადაეყარა გიმნასტი მტერსა
2. ზედ იმჟამად, მამისა მიწერილისა გადაკითხვისთანავე პარიზით წამოსულმა გარგანტუამ, თავის უზარმაზარ ფაშატზედ ამხედრებულმა, უკვე ნონენის ხიდი განვლო მხლებლობითა პონოკრატესი, გიმნასტისა და ევდემონისა,
3. ბარგისა ურემნი ჩვეულებითად ნელა ვლიდნენ, ბევრად-ბევრი წიგნი და ფილოსოფოსურნი იარაღნი მოჰქონდათ გარგანტუასი.
4. პარილეს რა მივიდნენ, მოიჯარადრე გუგესაგან იუწყა გარგანტუამ, ლაროშ-კლერმოსა შიგან გამაგრებულმა პიკროშოლმა მრავალნი ჯარნი წარგზავნა წინამძღოლობით მხედართმთავარ ტრიპესი ვედისა და ვოგოდრის ტყე-ტევრთა ხელში ჩასაგდებადაო,
5. ამა ამბავმა დიდად დააფრთხო გარგანტუა, და შიშნეულსა ვერა მოეაზრებინა რა გზიანი.
6. მაშინ პონოკრატემ ურჩია, წავიდეთ, უფალ დე ლავოგიონს მივადგეთ, ჩვენსა ძველსა მოყვარესა და თანამდგომსა, სუყველაფერს წვლილად გვეტყვისო.
7. და არღა დაყოვნებულან, ადგნენ და წავიდნენ.
8. იმანაც მართლაც ამცნო საცნობელი, შეწევნა აღუთქვა და უთხრა, უწინარეს დამზვერავნი უნდა გავგზავნოთ, ადგილსამყოფელი გასინჯონ მტრისა, და მერმე უკვე ვითარებისამებრ შევუტიოთო.
9. მზირად წასვლა თავს გიმნასტმა იდო, და წამს დაასკვნეს ‒ საქმისა წაღმა დასატრიალებლად თან წაეყვანა ერთი იქაური ვინმე კაცი, ვინც ზეპირ უწყოდა, საცა ერთი გზა, ბილიკი და წყალი იყო.
10. გიმნასტიც წავიდა, თან მეჯინიბე გაიყოლა ლავოგიონისა, სახელად აფრაკუნე, და, რა თვალსა მიეფარნენ, მიპარვით გასინჯეს და დაზვერეს სრულად არემარე.
11. ამაობაში გარგანტუამ მცირედ განისვენა, ცოტა დანაყრდა კიდეც თავის ხალხიანად და ბრძანა, ფაშატსა მიმიხედეთ, შვრია მიჭმიეთ ერთი საწყაულიო, რამაც სამოცდათოთხმეტი მიუიდი და სამი ბუასო შეადგინა.
12. გიმნასტი კი გზისა კეცვა-კეცვაში თანამყოლითურთ მტერთ გადააწყდა უცაბედად;
13. არეულ-დარეულნი მარბიელნი დაურბეველსა არას უშვებდნენ, ალაფობდნენ, სულ წმინდად აპარტახებდნენ იქაურობასა და შორით გიმნასტი დაინახეს თუ არა, ეგრევე დუნდგოდ მისცვივდნენ და განძარცვა დაუპირეს.
14. იმან კი დინჯად მიუთხრო: ‒ უფალნო, შეიწყალეთ ერთი უპოვარი კაცი!
15. სად გაგონილა, უნიფხვოსა ნიფხავსა ხდიდეთ.
16. ორიოდე ეკიუღა გადამრჩა, ავდგეთ და დავლიოთ, ტყუილად არ დაურქმევიათ aurum potabile და თუ აქეთ ჩამოვლისასაც მომთხოვთ, მაშინ აბა, ამ ჩემსა ცხენსაც გავყიდი.
17. ნუ გამწირავთ, თქვენად მიგულეთ, რამეთუ ქვეყანაზედ ვერვინ მაჯობოს ვერცა აწაპნაში, ვერცა გაყვლეფაში, ვერცა გატყავებაში, გაბდღვნაში, გამოწვლაში და თუგინდ ყელისა ჩაკოკლოზინებაში.
18. ჩემი კარგი ფეხით მოსვლის სადღეგრძელო იყოს, სუყველას გაგიმარჯოთ!
19. ამისა თქმა იყო, და მოხსნა გიმნასტმა თავი მათარასა თვისასა, მოიყუდა და გემრიელად გადაუშვა.
20. მეიავარენი პირდაღებულნი და მწევარ ძაღლთაებრ ენაგადმოყრილნი შესცქეროდნენ, როდის გადმოგვაწოდებს და შეგვასმევსო.
21. მაგრამ ზედდატანებაზედ ჯართუფროსი ტრიპე წამოადგათ;
22. შესატყობრად მოვარდა, რა ამბავიაო.
23. გიმნასტმა ნატის სასმისი მიაწოდა და უთხრა:
24. ‒ შესვით, უფროსო, შიში ნუ გაქვთ, მე უკვე ვიხმიე, თავანკარა ლაფემონჟოურია.
25. ‒ მასხრად ასაგდები თავი ზედ გაბია! ‒ შეუძახა ტრიპემ.
26. ‒ ვინ ოხერი ხარ ნეტავი? ‒ ერთი საწყალი კაცი ვარ, ‒ მიუგო გიმნასტმა.
27. ‒ ნიფხავიც არ მაცვია. ეშმაკად გავჩენილვარ ქვეყანაზედ.
28. ‒ რახან ეშმაკი ყოფილხარ, მაშ, აბა გზა მიტევია. ‒ განაბჭო ტრიპემ.
29. ‒ ეშმაკისა გვარისამ არცა ბაჟი უწყის რამე და არცა კიდევ ბეგარა.
30. ოღონდ, უფალო ეშმავ, ეგ ცხენი რაღაც საშენოდ არ მემეტება, ჩამო, ჩამოხე და, თუ მხედრად არ მომიხდინა, თავად უნდა შემისვა და მატარო უფალმა ეშმაკეულმა, რამეთუ დია მიყვარს, ოდეს ეშმაკსა ვაზივარ. სასმელი ოქრო (ლათ.).
36
1. XXXV. ვითარ ხელმარჯვედ მოაკვდინა გიმნასტმა მხედართმთავარი ტრიპე და სხვა კაცნი პიკროშოლისა
2. გიმნასტისა თქმულისგან მთლად დაფრთხნენ ზოგ-ზოგნი, თვალწინ მართლა კაცისფერი ეშმაკი დაუდგათ და ზარხდომილთ ორივ ხელითა იწყეს პირჯვრისა წერა.
3. ერთ-ერთმა კი, სახელად ჟოან ქველმა, სოფლისა ხელჯოხიანთუხუცესმა, საბიძლითგან ლოცვანი ამოაძვრინა და ხაფად შეჰყვირა:
4. ‒ Agios ho Theos!. უკეთუ ღვთისა მოგზავნილი ხარ, მაშ იუბნე!
5. თუ არადა, განვედ ჩვენგან! მაგრამ გიმნასტი არცა განძრეულა;
6. თავად იმათგან ბევრნი წავიდ-წამოვიდნენ, ის კვალად იდგა, ხმასა კრეფდა და გულისა ფიცარზედ იჭდევდა სუყველაფერსა.
7. მერმე, ვითომ ძირს უნდა გარდავხდეო, მხარმარცხნივ გადაიდრიკა, წელდაშნიანი ცქვიტად შეტრიალდა უზანგში, ცხენსა მუცელქვეშ ამოევლო, შეხტა და ორივ ფეხითა პირუკუღმა დადგა უნაგირზედ.
8. დადგა და, ჰაი, დედასაო, შეჰყივლა.
9. ამა შეყივლებაში ერთი ცალ ფეხზედ შეითამაშა, ხელმარცხნივ იბრუნა პირი და თვალისა დახამხამებისა უმალ ისევ იმავ მდგომარეობაში მიიქცა, თავდაპირველად რომ იყო.
10. მაშინ ტრიპემ წართქვა: ‒ ჰმ! სულაც არ მეხტუნავება!
11. ‒ ფუ! ‒ დასჭექა სანერწყველი სიტყვა გიმნასტმა.
12. ‒ რაღაც არ გამომივიდა. სხვარიგად ქმნა მიჯობს.
13. ‒ ამისა თქმა იყო, და ფარსაგი ძალა მოიცა, სიმარჯვითაც დია იმარჯვა და უწინდებურად ჩამოხტა, ოღონდ ეხლა მხარმარჯვნივ გადაეშვირა.
14. მერე მარჯვენა ხელისა ცერი უნაგირისა ტახტას გამოსდო, მთელი ტანით აიჭიმა, და, მარტოოდენ ცერა თითისა იოგთა და შეშაძარღვთ დანდობილი, სამჯერ გადატრიალდა ჰაერში.
15. მეოთხედ უკვე არას მიჰკარებია, ისე გადავიდა ალაყ-მალაყსა და ცხენისა ყურებშუა გაჩერდა თავდაყირა.
16. მას უკან მარცხენა ხელისა ცერა თითს დაეყრდნო იმოდენა კაცი და, ვითომ ვფარიკაობ და მტერსა ვიგერიებო, წრე დაარტყა დაშნაამოწვდილმა, ბოლოს კი მარჯვენა ხელისგული უნაგირსა შუაში დაჰკრა და ცხენსა გავაზედ მოექცა, დიაცურად წამოჯდა.
17. შემდგომად ამისა მარჯვენა ფეხი ძალ-დაუტანებლივ გადაატარა უნაგირსა და გავაზედ ამხედრებულ ცხენოსანსა დაედარა.
18. ‒ არა, არა, ‒ წართქვა, ‒ ტახტასა და ტახტას შუა დაჯდომაა ბიჭობა.
19. თქმა და ქმნა ერთი იყო, ორივ ხელისა ცერა თითნი ტაიჭისა გავასა დააბჯინა, ყირამალა გადატრიალდა და მართლა ტახტათა შუა მოიკალათა წესისამებრ.
20. მერმე ერთი აიქნია ტანი, ზეწამოიჭრა უნაგირზედ, ფეხი ფეხთან მიდგა და გულხელდაკრეფილი რატო ასჯერ მაინც არ გადავიდა ყირასა ყვირილითა და ძახილითა:
21. ‒ თავს ვეღარ ვიჭერ, ქასქანჯიელნო! აბა, დამიჭით, თუ დამიჭერთ!
22. ვინემ ის გაჭენებულ ცხენზედ ხლტოდა, მეიავარენი თავზარდაცემულნი უბნობდნენ:
23. ‒ ლუსკუმისა მადლმან, ან ეშმაკისფერი კაცია, ან კიდევ კაცისფერი ეშმაკი!
24. Ab hoste maligno libera nos, Domine!
25. ბოლოს ყველანი თავქუდმოგლეჯილნი გაცვივდნენ, ზოგი აღმა გარბოდა, ზოგიცა დაღმა და თან უკან იცქირებოდნენ, რარიგადაც ძაღლმა იცის, ოდეს ნაქურდალსა ფრინველსა რასმე მიარბენინებს.
26. მაშინ გიმნასტმა დრო იხელთა, ცხენიდან ჩამოხდა, დაშნა იშიშვლა და დაერია კუდამოძუებულთ;
27. ვინაც კი წარჩინებულად დაიგულა, ეკვეთა და უგმირა მახვილი, ზედაგორა დადგა მოწყლულთა, დაკოდილთა და განგმირულთა, რომელთაგან არცვისა ხელი გამოუღია და არცვინ წინააღდგომია,
28. სხვებრ, ცოტას გაწყდა, ტრიპემ თავისა სარქველი არ გაუპო, ისე მზაკვრულად დაჰკრა თავისი ლანდსკნეხტური ლახვარი, მაგრამ გიმნასტი ჩაჩქანმა იპატია და ხრმლისა სიმძიმისა გარდა არა უგრძნია რა:
29. დაკვრა შენ ჩემი ნახეო, ფიცხლად მოუტრიალდა და, სანამ ხსენებული ტრიპე მკერდზედ პოლოტიკსა ისწორებდა, შიგ მუცელში აძგერა დაშნისა წვერი, აძგერა და ეგრევე გაუგმირა კუჭი, კოლინჯი და ნახევარღვიძლი,
30. რაისა გამოცა ტრიპესა მუხლნი მოეკვეთა და გადაიქცა, გადაქცეულმა ბარე ოთხი კოჭობი შეჭამანდი გადმოაქცია და სულიცა თან გააყოლა.
31. გიმნასტი კი იმავე ჟამსა განშორდა იქაურობასა, რადგანცა ჰგონებდა, ბედსა თუ გაუდიდგულდი, ზურგისა შექცევა იცისო, და ყოველსა რაინდსა მართებს გამარჯვებასა თვისასა გაუფრთხილდეს, იკმაროს და არა მიჰქაროს რაო;
32. მართლაცდა, ხანი არღა დაუხანებია, ფიცხლად მოახტა ტაიჭსა, ჰკრა დეზი, პირდაპირ ლავოგიონისკენ მოქუსლა და აფრაკუნეც უკან აიდევნა.
33. ღმერთო დიდებულო! (ბერძნ.). მაცდურისგან გვიხსენ, უფალო! (ლათ.).
37
1. XXXVI. ვითარ დააქცია გარგანტუამ ქავ-ციხე ვედის ფონისა, და ვით გავიდნენ ფონსა მეომარნი მისნი
2. დაზვერვითგან დაბრუნებულმა გიმნასტმა წვლილად აუწყა ბატონიშვილსა მტრისა ასავალდასავალი და არცა თავისი ეშმაკობისა ამბავი დავიწყნია, როგორ გაუმკლავდა მარტოდმარტო უზღვავ ლაშქარ-მხედრობასა,
3. ყოველივე რა მოისმინა, გარგანტუა მსწრაფლ ამხედრდა თავისა უშვერად დიდსა ფაშატზედ, გაიყოლა ზემორეჩამოთვლილნი თანამოსაგრენი და გზასა გაუდგა.
4. გზად ერთი უშველებელი და განზედ ტოტებგართხმული ბორობანი ხე დაინახა (რომელსა ხალხი წმინდა მარტინისად უხმობდა, რამეთუ იმ ხედ ოდესღაც წმინდა მარტინისგან მიწაში ჩარჭმულ კვერთხსა ეხარა) და ტაში შემოჰკრა:
5. რასაცა ვეძებდი, მივაგენ, ამ ერთი ხიდან არგანსაც გამოვიყვან და შუბსაცაო.
6. მივარდა და, ვითომ არაფერიო, ძირიანად მოგლიჯა, გასხიპა, თავის გუნებისად გაქერქა, გაათეთრა.
7. ამასობაში ფაშატსა ფსლისა დათხევა მოუნდა, მიდგა და იმოდენი დაათხია, მალე შვიდ მილზედ დაიტბორა გარეშემონი,
8. და ვედისა ფონსა შერთულმა შარდმა ისე აადიდა წყალი, მტერსა თავზარი დაეცა და სუყველა ამოიხრჩო, გარდა თითო-ოროლა კაცისა, რომელთ მარცხნივ ქნეს პირი და სერ-სერ გაიჭრნენ.
9. ოდეს გარგანტუა ვედისა ტყეს მიეახლოვა, ევდემონმა ყურად მიაწვდინა, ზოგ-ზოგნი მტერნი ქავ-ციხესა შეეფარნენო, მაშინ, აბა მართლა იქ არიან თუ არაო, გარგანტუამ ხმა გაიხაფა:
10. ‒ მანდა ხართ თუ მანდ არა ხართ?
11. თუ მანდა ხართ, ბრალი თქვენი; თუ არა ხართ, რაღა მეთქმის.
12. დიაღაც აქა ვართო, ნიშნი მოუგო გარგანტუას ერთმა ოხერმა მეზარბაზნემ, გალავნისა დოლაბთან მდგომარემ, მიაშვირა ზარბაზანი და პირდაპირ მარჯვენა საფეთქელში მოახვედრა ჭურვი;
13. მაგრამ გარგანტუას არცა სტკენია, თითქოს ყუმბარა კი არა, ქლიავისა კურკა მოარტყესო.
14. ‒ რა ამბავია! ‒ შეუძახა. ‒ რა ყურძნისა სროლა აგიტყდათ? ავად გამცვრევინებთ, ღმერთმანი!
15. იმას მართლა ეგონა, ყურძნისა მარცვალთ, ანუ შიმშილთ გვესვრიანო.
16. მეიავარენი კი ზედდატანებით ნადავლ-ნაძარცვსა იყოფდნენ და, გნიასი რა შეესმათ, გალავანთა და კოშკთა ზედან აცვივდნენ.
17. ააყეფეს ფილთამეხნი და ქვემეხნი, ბათქაბუთქი აუყენეს გარგანტუასა, ცხრა ათას ოცდახუთჯერ და კიდევ უფრორე გარდამეტად ესროლეს.
18. სულ თავში უმიზნებდნენ, და ეგზომ ხშირი სროლით შეღონებულმა გარგანტუამ შეჰყვირა:
19. ‒ ძმაო პონოკრატე! ეს რაოდენი ბუზი სცოდნია ამა მხარეში, თვალთ მიჭრელდება!
20. მიდი ერთი, ტირიფისა ტოტი ჩამომიტეხე, გავუქშიო.
21. ბრპენისა და ქვისა ბირთვნი იმან ბუზანკალთ დაადარა, სხვა ვერად წარმოიდგინა, და პონოკრატემ უთხრა, რა ბუზანკალნი, რის ბუზანკალნი, ციხითგან ზარბაზანთ გვესვრიანო.
22. მაშ, რახან ეგრეაო, წინ წადგა გარგანტუა და დაუშინა თავისი ვეება არგანი ქავ-ციხესა, დაუშინა და დასცა, მთლივ დააქცია გოდოლ-კოშკგალავნიანად, შიგან მყოფნი კი სრულად ერთმანეთში ალინთა.
23. მერმე დააგდო გარგანტუამ დაქცეული ქავ-ციხე, წავიდა თავის ხალხიანად და, როს გაშორებით ფონთან წისქვილსა მიადგნენ, ყველანი სახტად დარჩნენ ‒ ვინცავინ ფაშატისა ფსელდიდობასა დაეღრჩო, წყალსა სულ იქ ჩამოეტანა და წისქვილისა სათავე ჩაეხერგა.
24. ერიჰაა, ფონი გასავალსა არისო, იფიქრეს, აქ იმოდენი გვამი ყრია, წიაღ გასვლა გაჭირდებაო.
25. კარგა ხანსა განაბჭობდნენ: ზოგი რასა უბნობდა, ზოგი რასა, და, ბოლოს, გიმნასტმა გამოუცხადა:
26. ‒ უკეთუ აქა ეშმაკნი გასულან, მეცა ლამაზად გავალ.
27. ‒ ეშმაკნიც გასულან და სათაელნიცა, ‒ მიუგო ევდემონმა.
28. ‒ განსჯილთა სულნიც თან წარუტანიათ.
29. ‒ წმინდაო ტრენიან! ‒ აძრახდა პონოკრატე.
30. ‒ მაშ, აბა გიმნასტიც გასულა და ეგ არი.
31. ‒ დარდი ნუ გაქვთ, ‒ მიუთხრო გიმნასტმა. ‒ ისე გავალ, მზე მაღლა იქნება.
32. და ჰკრა ტაიჭსა ქუსლი, ჰაიტ, წიაღმყვანებელოო, დასჭყივლა, უკრძალავად შეაგდო წყალში, და ტაიჭიცა არ დამფრთხალა, მკვდართაგან უკრთომელი გაიჭრა გაღმა,
33. რამეთუ სწავლისამებრ ელიანისა, ისერიგად იყო გიმნასტისგან გაწვრთნილი, არცა გვამი აშინებდა და არცა სული გარდაცვალებულისა.
34. ოღონდ გიმნასტი ამისთვის კაცთ კი არა ხოცავდა, ვითა დიომედე იქმოდა, თრაკიელთა შემმუსვრელი, ანდა ოდისევსი, რომელიცა, ჰომეროსისა თქმითა, მოკვდინებულ მტერსა ფეხითა გაატანინებდა ხოლმე თავის ბედაურსა,
35. არამედ ძნა-თივაში საფრთხულსა ჩადგამდა და ზედ გადაჰყავ-გადმოჰყავდა ცხენი, შვრიითა მიხმობილი.
36. სამთა თანამავალთ კუდში მისდიეს იმას და მშვიდობიანად გავიდნენ;
37. ვაგლახად შებრკოლდა მარტო ევდემონი, რომლისა ცხენსაც მუხლამდე ჩაუვარდა მარჯვენა ფეხი ერთი გულაღმა გაწოლილი ოყრაყისა ფაშვში და ვერაგზით ვეღარ ამოიღო, ვინემ გარგანტუამ თავისი არგნის წვერითა წყალში არ ჩაძირა იმ არამზადისა შინაგნობისა დანაშთენი,
38. და, რა ჩაძირა, ცხენმა განითავისუფლა ფეხი და განეკურნა კიდევაცა (მსგავსი რამ ჯერეთ არ მომხდარა ჰიპიატრიაში), თავისით მოსძვრა ზედ გამოსული ძვალკორძი: ეტყობა, რადგან მიეკრა, წამლად ექცა შიგნეული იგი.
38
1. XXXVII. ვითარ ჩამოივარცხნა და ჩამოიგო გარგანტუამ თმაში ჩარჩენილნი ბირთვნი ზარბაზნისა
2. ფონსა გასულნი ვედისა წყალსა ნაპირ-ნაპირ გაჰყვნენ და მალე მოიხილეს კიდეცა ციხედარბაზი გრანგუზიესი, რომელიცა წამისწამ იმათი მომლოდინე იყო და მყის ნადიმად დასხა ყველანი.
3. დასხა და, ქუდი ჭერსა ჰკრეს, იმისთანად, ტყუილია, არცროდის არვის მოულხენია ქვეყანაზედ;
4. ის კი არა, მომღვაწებელი Supplementum Supplementi Chronicorum-სა ამტკიცებს, გარგამელა სიხარულსა გადაჰყვაო.
5. მე ჩემდათავად, ღმერთი, რჯული, არა გამიგია რა და სულაც არა-მგამა.
6. ოღონდ ერთი უსაცილოდ ცხადყოფილია: ოდეს გარგანტუამ ტანთსაცმელი გამოიცვალა, მერმე ახლა ხელთ სავარცხელი მოივარგა (თავისა დასაფხანი იგი სიგრძითა ორი ადლი იყო, კბილებად ერთობილი სპილოს ეშვები ესხა)
7. და თითო ჩამოვარცხნაზედ, სულ ცოტა, შვიდ-შვიდნი მაინც ჩამოივარცხნა და ჩამოიგო ბირთვნი ზარბაზნისანი, ვედისა ტყეში ბრძოლისა ჟამსა თმაში ჩარჩენილნი.
8. ამისა შემყურე გრანგუზიემ იფიქრა, დასტურ მკბენარი დაჰხვევიაო, და უთხრა:
9. ‒ შვილო, მონტეგიუს ტამაზლუხნი რამ მოგარეკინა?
10. შენი მუნ ყოფნა ეჭვადაც არა მქონია.
11. ამაზედ პონოკრატემ მიუგო: ‒ მეფე-ბატონო, ცუდად გიფიქრიათ.
12. მონტეგიუდ სახელდებულ ტილიან კოლეჟში რა მიმაყვანინებდა.
13. ბარემ წმინდა ინოკენტის მთხოვართ მივაბარებდი, რაღა მუნებურ სიდუხჭირესა და უწყალოებაში ჩამეგდო.
14. მავრნი და თათარნი კატორღელთ უფრორე კარგად ექცევიან, არცა დილეგში ჩაყრილნი მკვლელნი არიან უარესად და, რაღა თქმა უნდა, თქვენსა კარზედ ძაღლთ არ ეპყრობიან ისერიგად, ვინემ იქ მოხვედრილ ბედშავთ დღე ადგათ.
15. არა მინდა რა, ერთი მეფედ დამსვა პარიზში, და ეშმაკისა კერძიმც მქნა, უკეთუ სულ არ ამოვბუგო ეგ რაღაც ოხერი კოლეჟია თავის უფროსიან-ზედამდგომელიანად, რომელთა თვალთა წინარეც ამისთანა სასტიკობა ხდება.
16. მერმე მან იქავ ძირსა დავარდნილ ბირთვსა დაავლო ხელი და წართქვა:
17. ‒ აი ამ ბირთვთ სტყორცნიდა მუხთალი მტერი შვილსა შენსა გარგანტუასა, როს სავალი გზა ვედისა ტყეზედ ედო.
18. თუმცაღა კი ძვირად დაუჯდა ვერაგობა, ყველანი დაქცეულმა ციხემ დაიტანა, ვითარცა სამსონისა მოხერხებითა დაღუპულნი ფილისტიმელნი, ანდა ის კაცნი, რომელთ სილოამის გოდოლი დაეცათ, რაზედაც თქმულია ლუკას სახარებისა მეცამეტე თავსა შინა.
19. და მრავლად რაღა თავი გაწყინოთ, სანამ ბედი გვწყალობს, ვგონებ, უნდა ავდგეთ და დავედევნოთ, თორემ იღბალსა თმა შუბლზედ ასხია, წამიერ თუ არ წასწვდი, ხელითგან წასულსა ვეღარას უზამ ‒ უკანით ქაჩალია, პირით კი უკვე არღა მოგიბრუნდება.
20. ‒ ეგრე იყოს, ოღონდ ეხლავ არა, ‒ უთხრა გრანგუზიემ, ‒ აწვე საღამოსა პატივისცემა მწადს თქვენი.
21. ამისა თქმა იყო, და მოიღეს ვახშამი, გარდა სხვა ათასი რამისა, შეწვეს და სუფრაზედ მოიტანეს თექვსმეტი ხარი, სამი დეკეული, ოცდათორმეტი მოზვერი, სამოცდასამი ციკანი, ოთხმოცდათხუთმეტი ჭედილა,
22. სამასი ძუძუს გოჭი თავის ტყემლისა საწებლიანად, ორას ოცი გნოლი, შვიდასი ცხრატყავა, ოთხასი ლუდენური და კორნუალური ყვერული, ექვსი ათასი ვარია და იმოდენივე მტრედი, ექვსასი ჟრუნი, ათას ორასი კურდღელი, სამას სამი სავათი და ათას შვიდასი წყვილგამოსხმული ყვინჩილა.
23. გარეული ნადირ-ფრინვლისა ხორცი ერთბაშად საკმარი ვერ მოიშოვეს, დაღათუმცა, ტიურპენეს სააბატოს წინამძღვარმა თერთმეტი ტახი გამოუგზავნა, სენიორ დე გრანმონმა თვრამეტი დათვი შესძღვნა, სენიორ დეზესარმა ას ორმოცი ხოხობი მოართვა,
24. კარგა ბლომად მოუგროვდათ ქედან-გვიძინიცა, აგრეთვე წყლისა ფრინველი, იხვინჯა, ყარაულა, ჩიბუხა, მეჭვავია, დურაჯი, ღერღეტი, არ აკლდათ არცა დიდ ლიად და პრანწიად ხმობილნი ჩიტნი, გარიელი, ჟერო და ყანჩა, თავის ჭუჭულბუჭულიანად,
25. წყლისა ქათამი, ოყარი, ყარყატი, სარსარაკი, წითელფრთიანი ფლამინგო (ანუ ფენიკოპტერი), ინდაური და კიდევ სხვაც უხვად იყო შემწვარ-მოხრაკულ-ჩახოხბილ-ჩაქაფული.
26. საჭმელი მრავლისა უმრავლესად მოდიოდა და მოდიოდა, მონადიმენი დია უქებდნენ ხელსა გრანგუზიეს მესაჭმელე-მზარეულთ, სახელად ხვლეპიასა, ტვლეპიასა და ლოკიასა.
27. ჟანო, მიქელი და ვერნეტი მწდეობდნენ, ერთმანეთსა ღვინისა დასხმასა არ აცლიდნენ.
28. „წელთაღწერისა“ დამატებათა დამატებანი (ლათ.).
39
1. XXXVIII. ვითარ შეაყოლა გარგანტუამ სალათასა, ანუ ტაბუცუნსა, ექვსი მწირი
2. აწ ჯერ არს, რომ დავდგე და ვიუბნო ამბავი ექვსი მწირისა, რომელნიცა სან-სებასტიანიდან მოვიდნენ, ნანტის მახლობლად რომ არი, და მტერთაგან ზარხდომილნი ღამისა გასათევად ბოსტანში ბარდას შეეფარნენ კომბოსტოსა და ყრდელსა შუა.
3. ზედდატანებით გარგანტუას ყელისა ჩასველება მოესურვა და შინაკაცთ ჰკითხა, სასალათედ ყრდელსა თუ ვიშოვითო.
4. ხოლო პასუხად რა ესმა, დედამიწისა ზურგზედ ყოვლისა უფრორე უკეთესი და ყოვლისა უფრორე ჯიშიანი ყრდელი ჩვენში გვარობს, ღორქლიავას და კაკლისა ხისა ხელა ხარობსო, ადგა და თვითონ წავიდა, თავის გუნებისად გაგლიჯა.
5. ყრდელსა თან ის ექვსი მწირიცა გამოაყოლა, ყველანი შიშითა გაყურსულ-გალურსულნი.
6. ჩაყარეს ყრდელი რუში გასარეცხავად, და აუტყდათ მწირთ ჩურჩულ-კურკური: რა ვქნათ, რა წყალში ჩავცვივდეთო?
7. მეტსა რაღას ჩავცვივით, ვიხრჩობით კიდეცაო.
8. ხმა რომ ამოგვეღოო?
9. ხმას ამოიღებ და, მსტოვარნი ვეგონებით, ოთხში ამოგვიღებენო“.
10. სანამ ისინი განაბჭობდნენ, გარგანტუამ მოუსვა ხელი და ეგრევე ყრდელთან ერთად გადაუძახა სიტოურ კასრსავით უძირო სასალათეში,
11. მერმე ზეთითა და ძმრითა შეაგემა, მოაყარა მარილი და, სავახშმოდ ცოტა ღონეზედ მოვალო, ყბა მოუქნია, ყბისა ქნევა-ქნევაში კი მწირთაც თქლაფათქლუფი აუყენა, ხახაში მოიქცია ხუთნი.
12. მეექვსესა ყრდელისა ფოთოლი აეფარებინა, თავსა იმალავდა, მაგრამ არგნისა წვერი გამოეშვირა.
13. გრანგუზიემ თვალი შეასწრო და გარგანტუას უთხრა:
14. ‒ ვგონებ, რქაა ლოკოკინასი, არ შეჭამო.
15. ‒ ვითომ რატომაო? ‒ სიტყვა ჰკადრა გარგანტუამ. ‒ ძალიანაც გემრიელია ამ დროსა.
16. თქმა და ქმნა ერთი იყო, გაიქანა არგანი პირში და მწირიანად მიირთვა ჩემსა სახელობაზე;
17. ზედ ერთი გემრიელად შუშხუნა ღვინოც დააყოლა, ზღვად ჩაიქცია სტომაქში და დაჯდა პურისმტეთა თანა, ვახშამსა დაუწყო ლოდინი.
18. ესეგვარად პირისა ღრანტეში ჩაყრილნი მწირნი ძლივს გადაურჩნენ კბილთა დოლაბთა ბრუნვასა და, როს გონსა მოვიდნენ, იფიქრეს, სადღაც ჯურღმულში ვართ პატიმარქმნილნიო;
19. ხოლო რაჟამსა გარგანტუამ ღვინო გადაყლურწა, იმათ გული გაუსკდათ, დასტურ დავიღუპეთო, და მართლაც, ცოტას გაწყდა, ღვინისა ნიაღვარმა გარგანტუას მუცლისა უფსკრულში არ ჩაიტანა ისინი.
20. ჩატანითა ჩაიტანა კიდევაც, ოღონდ ცქვიტად მოიქცნენ და საბჯენელჯოხმომარჯვებულთ, ვით წმინდა მიქაელისა მწირთ, იმოდენი იხტუნეს ადგილ-ადგილად, როგორც იყო, თავი დააღწიეს ქვესკნელსა და კვალად კბილთ მიადგნენ.
21. ეშმაკად, ერთი მწირთაგანი გზასა არგნით იგნებდა, ემანდ სადმე ჩასავარდნი არ იყოსო, და ანაზდად შიგ ჭიან კბილში ჩაჰკრა, თანვე ღაწვისა ძვლის მგრძნობელ ძარღვსა მოსდო, და გარგანტუა ტკივილმა გააგიჟა, იმისთანა ღრიალი მორთო, მაღლა ცა ინგრეოდა, დაბლა დედამიწა.
22. ეგებ ცოტა მაინც დავიამოო, იმავ წამს ტანტრაბეჩი მოატანინა, კაკალქვეშ გაიბოტა და უფალნი მწირნი წამისყოფითა ამოიჩიჩქნა.
23. პირველი რომელიცა მოხვდა, ფეხით დაითრია, მეორე ბეჭისთავითა, მესამე აბგით ამოაკონწიალა, მეოთხე მახალ-მანდიკითა, მეხუთეს აშურმაში გაუყარა.
24. ის ბედშავი კი, ვინაც არგანი სდრუზა, დუქან-საბიძლითა დაზიდა.
25. რაღა ბევრი გავაგრძელო, შარი ხეირად ექცა, რამეთუ მწირმა ხელაღებ გამოურწყო კბილის ტალა-ჩირქისა ბუდე, რომელმან ფრიად შეაღონა იმის მერე, რაც ანსენი გამოვლეს.
26. ამოჩიჩქნილნი მწირნი თავქუდმოგლეჯილნი გაეშვნენ ვენახ-ვენახ, გარგანტუას კი უმალ დაუამდა კბილი.
27. ზედ იმჟამად ევდემონმა სავახშმოდ უხმო, ტაბლა უკვე გაშლილიაო.
28. ‒ დაიცა, ჯერეთ სიმწრისა მომაფსმევინე, ‒ გასძახა გარგანტუამ.
29. და იმისთანა გადააკოკისპირულა, მწირთ გზა გადაეჭრათ, რის ვაივაგლახითა განვლეს ღვარ-გოჩგოჩინა.
30. ფსელდიდობასა გადარჩენილნი იქავ ნელინელ ტყისა პირსა დაუყვნენ და ფურნილიეს გარდა ყველანი სამგლედ დარწყმულ სარეგვავში ჩაცვივდნენ.
31. მახე-სარეგვავსა შიგან ბევრი იფხაკურეს, მაგრამ ერთადერთი, რამაც იხსნა, ჭკუა იყო ხსენებული ფურნილიესი, რომელსა ბედად ღონეცა ეყო და დაწყვიტ-დაგლიჯა საბელ-საკოჭურნი.
32. მერმე წავიდნენ, კუდრეს შორიახლო ქოხი რამ ნახეს, ის დანარჩენი ღამე იქ დარჩნენ და მაშინ აღახვნა პირი ერთმა, ხელგვიანად სახელდებულმა, ტკბილი სიტყვითა ნუგეშინი სცა ჭირში მყოფ მოძმეთ,
33. თანვე დაჭეშმარიტებით უთხრა, ყოველივე ჩვენი გარდასავალი დავითისა ერთ-ერთ ფსალმუნშია წინათვე ნაუბარიო:
34. ‒ Cum exurgerent homines in nos, forte vivos deglutissent nos, ‒ როს მარილწაყრილ სალათას შეგვაყოლეს, იმაზედ უთქვამს, cum irasceretur furor eorum in nos, forsitan aqua absorbuisset nos, ‒ როს კარგა ბლომად გადაყლურწა, იმაზედ არი;
35. torrentem pertransivit anima nostra, ‒ როს დიდროა გადმოვლახეთ, ის არი სწორედ თქმული;
36. forsitan pertransivit anima nostra aquam intolerabilem ‒ შარდისასა მისასა, ოდეს გზა გარდაგვიჭრა.
37. Benedictus Dominus, qui non dedit nos in captionem dentibus eorum.
38. Anima nostra sicut passer erepta est de laqueo venantium, ‒ აქა სარეგვავი იგულისხმების;
39. laqueus contiritus est, მარჯვენითა ფურნილიესი, et nos liberati sumus. Adjutorium nostrum... და სხვ.
40. რაჟამს კაცნი აღდგებოდნენ ჩვენზედ, ცოცხლადვე გვშთანთქამდნენ ყოველთ (ლათ.).
41. რაჟამს გულისწყრომას განარისხებდნენ ჩვენზედ, წყალნი გვშთანთქამდნენ ეგრევ (ლათ.).
42. ღვარსა განხდა სული ჩვენი (ლათ.). სული ჩვენი წყალთა დაუდგრომელთ (ლათ.).
43. კურთხეულ არს უფალი, რომელმან არ მიგვცა ულუფად კბილთა მათთა. სული ჩვენი გადარჩა, ვითარცა სირი მონადირის მახისგან (ლათ.).
44. საბრხე შეიმუსრა (ლათ.). და გადავრჩით. დასაყრდენი ჩვენი... (ლათ.).
40
1. XXXIX. ვითარ მიაგო ბერსა პატივი გარგანტუამ და ვითარ ენამზეობდა ბერი ვახშამზედ
2. გარგანტუა ტაბლას მიუჯდა თუ არა და გატეხა პური, გრანგუზიე პიკროშოლთან ომისა ამბავსა და მიზეზსა მოჰყვა და როს ისიცა მიუთხრო,
3. ვითარ სძლია მტერი ძმა ჟანმა ბდღვირისმდენელმან სააბატოს ჭურ-მამულისა შეწევნისა ჟამსა, დია ადიადა იგი და ვაჟკაცობითა კამილოსსა, სციპიონსა, პომპეუსსა, კეისარსა და თემისტოკლესა დაამჯობინა.
4. მაშინ გარგანტუამ მსწრაფლ მოყვანა ითხოვა ბერისა, ვკითხოთ ერთი, აწ რაღა ვქნათ, რა გზას დავადგეთო.
5. წადილისამებრ მისისა, ბერისა მოსაგვრელად სახლთუხუცესი გაეჩქარა, და მალე ორივენი ერთად მოვიდნენ გულმხიარულნი.
6. ძმა ჟანი გრანგუზიეს ჯორზედ იყო ამხედრებული და ხელთ ჯვრისა ძელი ეჭირა.
7. ამასა ვისა ვხედავთო, მოსულსა ფრიადი სიხარულითა შეეგებნენ, გულში იკრავდნენ, მიირქვამდნენ, ხელსა ართმევდნენ, მოიკითხავდნენ:
8. ‒ ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! მართლა კაცი ხარ, ძმაო ჟან! მოდი ერთი, გაკოცო, ძმაოსან!
9. ‒ მოიწი, გადაგეხვიო! ‒ აი ნახავ, თუ არ დაგახრჩო, შე სახეძაღლო, შენა!
10. ძმა ჟანი კი გულიანად კუჭკუჭებდა, მეორე იმისთანა ზნეკეთილი და ზრდილი, ტყუილია!
11. ‒ აბა -ჰა! ‒ წართქვა გარგანტუამ.
12. ‒ სტუმარსა სკამი მომირთვით, აქავ დამისვით გვერდითა.
13. ‒ ნება თქვენია, ‒ მიუგო ბერმა.
14. ‒ საცა მიბრძანებთ, იქ დავფერხდები.
15. პაჟო, წყალი მოიტა! დაასხი, შვილო, დაასხი!
16. ცოტას ღვიძლზედ მარგებს. მომე, ბარემ ყელშიაც გამოვივლებ!
17. ‒ Deposita cappa, ‒ უთხრა გიმნასტმა, ‒ ჩოხა განიძარცვე!
18. ‒ უჰ, ღმერთმა დამიფაროს! ‒ შეიცხადა ბერმა.
19. ‒ ვერა, მაგას ვერ ვიზამ, მეუფეო, in statutis Ordinis მთელი ერთი თავია თქმული, არამცა და არამც არ განიძარცვოთო.
20. ‒ ჯანდაბას ეგ თქვენი თავი! ‒ გაცხარდა გიმნასტი.
21. ‒ ხო უყურებ, ბეჭებში გიჭერს, განიგდე, რა ძალა გადგას!
22. ‒ ვერა -მეთქი, ჩემო კეთილო, ‒ ჰრქვა ბერმა, ‒ მეცვას, ნუ გამახდევინებ.
23. ამიანად უფრორე კარგად მესმევა, ტანსაც უხარის.
24. უკეთუ განვიძარცვავ, უფალნი პაჟნი სულ სალეკვერთხედ დაჭრიან, ვითარცა ერთხელ უკვე დამემართა კულენში.
25. უანაფოროდ კრიჭა მეკვრის, ანაფორიანად კი, ზიარებისა მადლმან, შენსა სადღეგრძელოსაც დავლევ და შენისა ცხენისასაცა!
26. მამაზეციერი გფარვიდეთ პატიოსან პურისმტეთ!
27. ნავახშმი ვარ, მაგრამ რა ვქნა, მაინც გეახლებით, ჩემი მოკალული ფაშვი უძიროა, ვითა წმინდა ბენედიქტეს წაღა, და ნიადაგ ხსნილია ჩასაყრელად, ვითა ქისა ვექილისა.
28. თევზთაგან, ვიცი, კაპარჭინაა კარგი, ოღონდ ის ვერ გამიგია, კაკბისა ფრთა სჯობს თუ მოლოზნისა ბარკალი?
29. კაცია და გუნება! ჩვენი წინამძღვარი მარტოოდენ ყვერულისა თეთრი ხორცისთვისა გიჟდება.
30. ‒ მაგ ამბავში, ‒ წართქვა გიმნასტმა, ‒ სულ არა ჰგვანებია მელასა.
31. ის არცა ყვერულისა თეთრ ხორცსა მიირთმევს, არცა დედლისასა და ვარიისასა.
32. ‒ ვითომ რატომაო? ‒ ჰკითხა ბერმა.
33. ‒ რატომა და, მზარეულნი არა ჰყვანან.
34. ვერვისა ახარშვინებს, ‒ მიუგო გიმნასტმა.
35. ‒ ხორცი კი, უკეთუ კარგად არ არი გბოლვილი, წითელია და არა თეთრი.
36. სიწითლე უცილოდ უგბოლველობა-უმგბარობისა, ანუ მოუხარშაობის ნიშანია.
37. განსხვავებული მხოლოდ ასთაკვია და კირჩხიბი, რომელთ ჯერ კარდინალად აკურთხებენ ხოლმე, და მერმე ხარშავენ.
38. ‒ ღმერთო დიდებულო! ‒ შეჰღაღადა ცასა ბერმა.
39. ‒ ალბათ, იმ ჩვენი მონასტრისა მკურნალსაც ვერა აქვს თავი რიგიანად მგბარი, რამეთუ თვალნი დასწითლებია, ვითარცა ჯამნი მურყნისა...
40. ე კურდღლისა ბარკალი წამალსავით არგებდა ნიკრისითა სნეულსა.
41. ბარკალზედ მომაგონდა, ნეტავ რის ბრალია, ქალიშვილ ქალთ რომ მუდამ გრილი აქვთ ბარძაყნი?
42. ‒ ეგ ძნელი შესატყობია, ‒ სიტყვა ჩაურთო გარგანტუამ.
43. ‒ მაგაზედ არ უფიქრია არცა არისტოტელესა, არცა ალექსანდრე აფროდისელსა, არცა პლუტარქესა.
44. ‒ სამი რამ მიზეზისა გამოა, ‒ განაგრძო ბერმა, ‒ რომ მავანი ალაგი ბუნებითად გრილია.
45. Primo ოდეს წყალი ჩამოუდის იქავ, secundo.
46. უკეთუ ადგილი ესე ჩრდილიანი, უსიერი და დაბურულია, სად მზის სხივიცა ვერ ატანს;
47. და, მესამეც ისა, ქარნი თუ უქრიან მიწყივ, ხევთაგან მობერილნი, ანდა პერანგისა და მეტადრე საბიძლისა ფრიალ-ფარფარითა ამოვარდნილნი...
48. აბა -ჰა, მიდი! თითო კიდევ დაგვისხი, ვეჟო!
49. ჭახ, ჭუხ, ჭახ! ღმერთსა უნდა ვმადლობდეთ, ამისთანა საკმელსავით ღვინოს რომ გვასმევს!..
50. სხვასა არას ვინატრიდი, ოღონდ ერთი იესო ქრისტეს ჟამსა მეცხოვრა, ღვთისა სახელსა შემოვევლე, და, რა თითსაც დააკარებდნენ ისრაელნი გეთსიმანიისა მტილსა შინა, იმასაც ვნახავდი!
51. თავსა საეშმაკოდ გავიხდიდი და მუხლთ მაინც დავალეწავდი უფალ მოციქულთ, რამეთუ დაფრთხნენ, კუდი ამოიძუეს შემდგომად მსუყე ვახშმისა და შეჭირვებული დაუტევეს ზნეკეთილი მოძღვარი თვისი!
52. სამსალაზედ გარდამეტად მძაგს ზოგზოგი კაცი, ვისაცა გული არ ერჩის და სწორედ მაშინ გარბის, როს სატევარი უნდა ეშიშვლა.
53. ეჰ, ფრანგთა მეფე მქნა ერთი ოთხმოცი ანდა ასი წელიწადი!
54. რჯულისა მადლმან, დაუყვერავს არ გავუშვებდი არცვისა, ვინაც ზურგი აქცია პავიას!
55. სახადიმც შეჰყრიათ ძაღლიშვილთ!
56. იმის მაგივრად, რომ თავი დაედოთ, ვითომ რა ქნეს, რატომ დააგდეს ბედისა ანაბრად თავიანთი ქველი ბატონი?
57. განა ბრძოლისა ველზედ სახელიანად მკვდარი არა სჯობს საძრახისად მეოტ ცოცხალსა?..
58. წლეულსა, ტყუილია, ბატისა ჭამა არ გვიწერია.
59. მიდი, თუ ძმა ხარ, ღორი მომიჭერი!..
60. დამაღი ჩამომივიდა! germinavit radix Jesse. ჯამფილაც გაშრა და ყელიცა!
61. აი ღვინო! პარიზში რასა სვამდით?
62. მთელი ნახევარი წელიწადი სადგომი ჩემი ღია იყო პარიზსა შინა, ვისაც უნდოდა შედიოდა და გადიოდა!..
63. ზემობარუეელ ძმა კლავდიუსსა თუ იცნობთ?
64. პურისმტე აბა ის არი, აი! აწ რამ უკბინა, რა ეშმაკი შეუჯდა?
65. რა ეშმაკი და, სწავლამ უყო, სხვა არღა ახსოვს რა.
66. არცა ვსწავლობ და არცა ვწვალობ.
67. ჩვენსა სააბატოში არცვინ ვემოძღვრებით, გვეშინის, განსწავლამ ყბაყურა იცისო.
68. ღმერთმა აცხონოს, ჩვენი აბატი იტყოდა ხოლმე, რაღა სწავლული ბერი და რაღა სახადის ანგელოზიო.
69. ვფიცავ დამბადებელსა, ჩემო კეთილო, magis magnos clericos non sunt magis magnos sapientes… წლევანდელ წელიწადსა რო კურდღელია, ზღაპრადაც არა თქმულა!
70. ოღონდ ვერცა მიმინო მოვიშოვე სადმე და ვერცა სონღული.
71. უფალი დე ლა ბელონიერი შავარდენსა შემპირდა, წინეებზე კი წიგნი მომწერა, ჭირი შეეყარაო.
72. ამ წელსა კაკაბიცა მრავალთუმრავლესი ჩანს, მაგრამ არ მიყვარს ეს ოხერი მახისა დარწყმა და რა ვქნა!
73. ფეხითგან ვცივდები. ჯდომასა ისევ სირბილი მირჩევნია.
74. საცა ერთი ძელ-ყორე და ბუჩქია, მუნვე სულ ჩემი ჩოხის ნაფლეთ-ნაგლეჯი ყრია.
75. მწევარი მართლა კარგი რამე მყავს.
76. ჯერეთ კურდღელი კი არა, ეშმაკი არ გაჰქცევია.
77. უფალ დე მოლევრიეს მოჯალაბეს წავართვი. ვითომ რა, ურიგოდ მოვქცეულვარ?
78. ‒ არა, ძმაო, ჟან, არა, ‒ უთხრა გიმნასტმა.
79. ‒ ეშმაკეულობისა მადლმან, სულაც არა!
80. ‒ რახან ეგრეა, მაშ, აბა ეშმაკთაც გაუმარჯოთ, სანამ პირში სული უდგათ! ‒ თასი ასწია ბერმა.
81. ‒ ღმერთო, შენი სახელისა ჭირიმე, ნეტავ რა ოხრად უნდა იმ კოჭლ-მამაძაღლსა მწევარი!
82. აი ერთი-ორი ხარი რო ვისმე ებოძებინა, ღმრთისა სამართალსა ვენაცვალე, უფრორე გაახარებდა!
83. ‒ რა წარამარა ღმერთსა ახსენებ, ძმაო ჟან? ‒ ჰკითხა პონოკრატემ.
84. ‒ სიტყვასა ვალამაზებ, ‒ მიუგო ბერმა.
85. ‒ ციცერონისეული მჭევრობისა ყვავილთ ვაწნავ.
86. ორდენისა განწესებაში (ლათ.). ჯერ ერთი (ლათ.). მეორეც (ლათ.). გამოვიდა კვერთხი ძირისაგან იესესი (ლათ.). ყოვლად სამღვდელონი ყოვლად სწავლულნი არ არიან (შუა საუკ. ლათ.).
41
1. XL. რისა გამო ერიდებიან ერისკაცნი ბერ-მონაზონთ, და რათა აქვთ მავანთა და მავანთ ზოგ-ზოგზედ უფრორე დიდი ცხვირი
2. ‒ ქრისტიანობისა მადლმან, ‒ ხმა აღიმაღლა ევდემონმა, ‒ დია ჩამაფიქრა ამა ბერისა ზრდილობამ! ისეთნაირად შეგვაქცია.
3. მიკვირს და გამკვირვებია, რად უხმობენ ბერ-მონაზონთ ლხინისა მტერთ და რისთვისა განაძევებენ ფსონით ყოველნი წარჩინებულნი, როგორც რომ ფუტკარნი სდევნიან სკათაგან მამალ ფუტკართ?
4. Ignavum fucos pecus a presepibus arcent, ‒ უბნობს მარონი.
5. პასუხად გარგანტუამ მიუგო: ‒ უსაეჭვოა, საბერო ჩოხა-ბარტყულასა ყოველგან ლანძღვა, წყევა და კრულვა სდევს, ვითარცა კეკიად ხმობილ ქარსა ღრუბელი.
6. უპირველესი მიზეზი ამისა ის არის, რომ ბერნი კაცთა უწმინდურობითა, ანუ ცოდო-ბრალითა ტყვრებიან და, როგორც ნეხვისა მჭამელთ, განკერძოებით ამყოფებენ გარემო ქვეყნისგან მოშორებულ სავანეთა და სააბატოთა შინა, ვითა ფეხსალაგთა და სადგომ-სამკვიდრებელთ
7. აშორებენ ერთმანეთსა.
8. და კიდევ, უკეთუ ჩახვედრილი ხართ, რისთვისა ამასხარავებენ და აწვალებენ სახლეულნი ნარიბაბათი მაიმუნსა, იმასაც ადვილად ჩახვდებით, რატომ ერიდებიან ბერ-მონაზონთ ყოველნი, დიდიან-პატარიანად.
9. მაიმუნი ძაღლი არ არი, სახლზედ თვალი დააჭერინო, ხარი არ არი, გუთანში შეაბა, ცხვარი არ არი, რძესა და მატყლსა გამორჩე, ცხენი არ არი, ბარგი გადაატან-გადმოატანინო.
10. მაიმუნი მარტოოდენ სვრის და აფუჭებს ყველაფერსა, რისა გამოც აპამპულავებენ და უჩაჩქუნებენ თავში.
11. ბერისა საქმეც ესეგვარია (მუქთამჭამელი ბერისასა ვამბობ), არცა მიწასა ხნავს გლეხისამებრ, არცა მამულსა იცავს მეომრისამებრ, არცა სნეულსა სწამლობს მკურნალისამებრ,
12. არცა ერსა განასწავლებს და განანათლებს კარგი მქადაგებლისამებრ და მოძღვრისამებრ, არცა ქვეყნისათვისა სარგო და ფრიად საჭირო ნივთნი შემოაქვს დიდვაჭრისამებრ.
13. აი რისთვისა ძრახვენ და განაქიქებენ ბერ-მოწესეთ.
14. ‒ რა ვიცი, ჩვენი გულისთვის კი ლოცულობენ და! ‒ დაიბაყბაყა გრანგუზიემ.
15. ‒ ლოცულობენ არა! ‒ სიტყვა გაუტრიზავა გარგანტუამ.
16. ‒ დგანან და ახლომახლო მსახლობელთ ყურთასმენასა უგმირავენ თავიანთ ზართა ნაუ-ნაუთი.
17. ‒ დიაღ, ‒ წართქვა ბერმა, ‒ კარგად ჩამორეკილი ჟამისა წირვა, ცისკარი და მწუხრი ნახევრად უკვე აღსრულებულია.
18. ‒ მონაზონთ თუ უყურე, არცრის გაგება არა აქვთ, ისრე ჯიჯღინებენ მრავალთუმრავლეს მამათ-ცხოვრებასა და ფსალმუნსა,
19. უთვალავჯერ იტყვიან, „Pater noster“-ო, უანგარიშოდ ჩაურთავენ „Ave Maria“-ო, მაგრამ ისემც რა ვუთხარი, იმათ რამე ესმოდეთ: ღვთისა გმობასა ლოცვასა უხმობენ.
20. ნეტამც მართლა ჩვენი გულისთვისა ილოცებდნენ და არა თავიანთი მუცლისთვისა.
21. ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვინც უნდა იყოს და სადაც უნდა იყოს, მიწყივ ილოცავს, სულიწმინდა ლოცვითვე უმეოხებს, და უფალიცა გარდმოუვლენს წყალობასა.
22. დასტურ ესეგვარად იქცევა ჩვენი სახიერი თანაძმა ჟანიცა.
23. ამად უყვართ ამხანაგთა და მოძმეთ.
24. არცა თვალთმაქცია და არცა გლახაკი.
25. ფრიად იღვწის, მიწასა ხნავს, ჩაგრულთ ესარჩლება, შეჭირვებულთ ალხენს, ძვირხილულთ ხელსა აღუპყრობს, სააბატოს ბაღ-ვენახთ იცავს.
26. ‒ საქმე სხვაც ბევრია, ‒ ჰრქვა ბერმა.
27. ‒ საცისკრო გალობაა თუ ლოცვა მიცვალებულთათვის, მგალობელთა გუნდში ვართ და ვმღერი, თანვე სამალისა ლამბსა და ლარსა ვძახავ, ისარ-ბოძალთ ვმახვავ, საკურდღლე ბადესა და მახესა ვწნავ.
28. არცროდის არა ვცუდაობ. აწ მოიტათ, დასალევი დავლიოთ!
29. აბა-ჰა! ცოტა ხილ-ხული კი მოგვიხდებოდა!
30. ეს წაბლი, ვატყობ, ეტროსის ტყისა უნდა იყოს.
31. ოჰ, რას დავაყოლებდი ცივ-ცივ ნუნუასა.
32. ჩამოასხით, რა წელი გწყდებათ, თქვე კაი ხალხო!
33. თავმან თქვენმან, მებაჟისა ცხენივითა ვარ, სუყველა რუდან მივირთმევ.
34. მაშინ გიმნასტმა უთხრა: ‒ ძმაო ჟან, ცხვირზედ რაღაც წვეთი გცხია, მოიწმინდე.
35. ‒ ჰა-ჰა! ‒ გაიცინა ბერმა. ‒ შენა გგონია, წყალი თუ ცხვირამდისა მომწვდა, დავიხრჩე და ეგ არი, არა? ნუ იშიშვი, არ დავიხრჩობი.
36. Quare? Quia მოსვლით კი მომდის, ოღონდ უკან, ცხვირში აღარ მიმდის წყალი, რამეთუ შიგან ბალანი მიბიბინებს.
37. არა მინდა რა, ძმაოსან, ერთი ვინმე გამოჩნდებოდეს და ამ ჩემის ცხვირის ტყავისასა წაღაწუღასა შეიკერავდეს.
38. დადგეს მერე და იჭიროს რაერთი ხამანწკაც უნდა, ფეხი სულაც არ დაუსველდება.
39. ‒ ნეტავ, მაცოდინა, რათა აქვს ამ ჩვენსა ძმა ჟანსა ესდენ ლამაზი ცხვირი? ‒ იკითხა გარგანტუამ.
40. ‒ რათა აქვს და, ღმერთმა ინება ეგრე, ‒ მიუგო გრანგუზიემ.
41. ‒ უფალსა რანაირიცა სწადის, იმნაირს გამოგაბამს ცხვირსა, მექოთნისა და ქოთნის ყურისა არ იყოს.
42. ‒ რათა აქვს, მე მკითხე, ‒ ჩაერია პონოკრატე.
43. ‒ ცხვირისა ბაზარზედ ყოვლისა უადრე ძმა ჟანი მისულა და თავის გუნებისად აურჩევია ლამაზიცა და ძმასებრ მოსწრებულიცა.
44. ‒ აბა, აბა, ეგენი არ იყოს, ‒ პირში სწვდა ბერი.
45. ‒ თანახმად ჩვენი ჭეშმარიტი სამონასტრო ფილოსოფიისა, ამ ჩემის ცხვირისა ამბავი ჩემივ ძიძისა ფაფუკი მკერდის ბრალია.
46. ოდეს ძუძუსა ვწოვდი, ცხვირი შიგან ისრე მეფლობოდა, ვითარცა კარაქში, ხოლო მერმე ნებისად მეზრდებოდა და მიფუვდებოდა, რარიგადაც ცომი ფუვდება ვარცლში.
47. მკვრივმა ძუძუ-მკერდმა კი პაჭუა ცხვირი იცის.
48. თავ-პირი ნუ ჩამოგტირით! Ad formam nasi cognoscitur ad Te levavi… რაცა მქვია, ცხვირსა მცხია.
49. მურაბასა არ გეახლებით. პაჟო, ჩამოასხი! Item მიდი, ბოღლიწოც მოაყოლე…
50. ერეკებიან მამალ ფუტკართ სკათაგან გარეთ (ლათ.). „მამაო ჩვენო“ (ლათ.). „წმინდაო მარიამ“ (ლათ.). „გიხაროდენ, მარიამ“.. რატომ? რატომ და (ლათ.).
51. ცხვირზედ შემატყობ, ვითარ „შენკენ აღვაპყარ თვალნი ჩემნი“, (ლათ.). წინწკლებში ჩასმული სიტყვები 122-ე ფსალმუნის დასაწყისია. ბარემაც და კიდევ (ლათ.).
42
1. XLI. ვითარ დააძინა ბერმა გარგანტუა, და ამბავი მისი კონდაკისა და ჟამნისა
2. ნავახშმევსა თათბირად დასხდნენ საშურველ საქმეთა გამო და, ბევრი ითათბირეს თუ ცოტა, შუაღამისთვის მტრისა დაზვერვა დაასკვნეს, სიფხიზლე და სიმარდე გავუსინჯოთო.
3. მანამ კი თვალი წავატყუოთ, პატარა მოვღონიერდებითო.
4. მაგრამ არ იქნა და გარგანტუას არა და არ მოეკიდა ძილი.
5. ბერმა შეატყო ფხიზლობა და გადაულაპარაკა:
6. ‒ არცროსა ისე გულიანად არა მძინავს, როგორაც ქადაგებისა ანდა ლოცვისა ჟამსა.
7. მოდი, აბა, ერთად დავიწყოთ შვიდფსალმუნება და აი ნახავ, თუ ხელად არ ჩაგეძინოს.
8. გარგანტუასა ჭკუაში დაუჯდა ბერისა ნათქვამი და პირველი ფსალმუნისა დასაწყისშივე, ისიტყვეს თუ არა Beati quorum, ორთავეს ძილმა წაართვა თავი, თუმცა ბერსა სწორედ შუაღამის პირსა გამოეღვიძა, რამეთუ მონასტერში მიჩვეული იყო ამ დროს საცისკროდ ადგომასა.
9. გამოეღვიძა, და სხვანიცა რაღას დაიძინებდნენ, ერთბაშად სიმღერა დააგუგუნა:
10. „ჰეი, რენო, ნუღა გძინავს, ადე, რენო, გაიღვიძე“.
11. ოდეს სუყველამ გამოიფხიზლა, ბერმა სიტყვა გამოაგო:
12. ‒ უფალნო! ნათქვამია, ცისკარი ჩახველებითაო, ვახშამი ჩახევებითაო.
13. ჩვენ კი ავდგეთ და პირიქითა ვქნათ, საცისკროდ ჩავიხევოთ, ყელი ჩავისველოთ, ხოლო საღამო ჟამსა, სანამ ვახშმად დავსხდებოდეთ, ჩავახველოთ და ამოვახველოთ.
14. ამაზედ გარგანტუამ მიუგო:
15. ‒ უთენებლივ დალევა, ეგრევ ნამძინარევზედ, საპირისპიროა სამკურნალო სწავლისა.
16. უწინარეს სტომაქი უნდა დაიცალოს სკორე-პატივისგან.
17. ‒ რის სწავლა, რა სწავლა! ‒ შეესიტყვა ბერი.
18. ‒ ასმა ეშმაკმა დამხრას, თუ ძველნი ლოთნი მეტნი არ იყვნენ ქვეყანაზედ, ვინემ ძველნი მკურნალნი!
19. ჩემი მადა ჩემივ ხელშია, პირშეუკვრელობისა პირი შევკარით, ერთადა ვწვებით და ერთადვე ვდგებით.
20. შენ მიირთვი, რაოდენიცა გენებოს ეგ შენი ტანში გასახსნელი, მე ისევ ჩემსა სასაქმებელსა მოვივარგებ.
21. ‒ რა სასაქმებელზედ უბნობ? ‒ ჰკითხა გარგანტუამ.
22. ‒ რაზედ და, ჩემსა კონდაკზედა მოგახსენებ, ‒ მიუგო ბერმა.
23. ‒ ბაზიერთუხუცესნი თვისთა ბაზიკთ ისე არ დააპურებენ, წინ-წინ ქათმისა ფეხი თუ არ გააწიწკნინეს, რათა იმათი ტვინი ლორწოსგან განიწმინდოს, და დაიმშნენ.
24. მეცა დილ-დილ ამა ჩემი მოუწყინარი კონდაკისა საწინწკარასა ვწიწკნი.
25. დავწვდები, ერთსა ჩავაწკრიალებ, ფილტვებს ჩავიწმენდ, ჩავიწკრიალებ, და მერმე გინდა ძაბრითაც ჩამასხი.
26. ‒ რა წესსა და რიგსა მისდევ, ოდეს ჟამნობ? ‒ ჰკითხა გარგანტუამ.
27. ‒ როდის რარიგ მომიმარჯვდება, იმასა მივდევ, ‒ მიუგო ბერმა.
28. ‒ ხან სამ-სამ ფსალმუნსა და საღვთო წერილისა სამ-სამ ნაწილსა ვიჟამნი, ხან ერთისა თქმაცა სიკვდილია.
29. ჟამნსა გულს არ გავაწყალებინებ;
30. კაცი კი არა ჟამნისთვისაო, ჟამნი კაცისთვისაო.
31. მოკლედ, რაღა ჟამნი და რაღა ავჟანდი, ორივე ერთია, მინდა დავაგრძელებ, მინდა დავამოკლებ: brevis oratio penetrat celos, longa potatio evacuat cyphos. ვისი თქმულია?
32. ‒ მაგასა, ღმერთი, რჯული, ვერ გეტყვი, გენაცვალე, ‒ უთხრა პონოკრატემ.
33. ‒ ისე მართლა ვაჟკაცი ყოფილხარ!
34. ‒ შენი ალი-კვალი ვარ, ‒ მიუგო ბერმა. ‒ აწ, აბა venite apotemus.
35. ამის თქმა იყო და, მოიღეს და მოიტანეს შემწვარ-მოხრაკული, თანვე ბოღლიწოც მოაყოლეს, და ბერი სმად გადაიქცა.
36. ზოგ-ზოგთ მხარი მისცეს, ზოგნი განზედ გადგნენ.
37. შემდგომ ყოველნი სალაშქრო სამზადისსა შეუდგნენ, ტანთ საბრძოლველი საცმელი შეიმოსეს და ძმა ჟანსაც აბჯარი აასხეს, თუმცაღა პირველად დიდ უარზედ იდგა, რამე საჭურვლისა გაგონებაც არ უნდოდა, მუცელსა ჩოხითაც შევიჯავშნიო, ხელთ ჯვრისა ძელსა დავიჭერო.
38. მაგრამ თანამოსაგრეთ ხათრი ვეღარ გაუტეხა, თავით ფერხთამდისა იარაღში ჩაჯდა, გვერდზედ ჯავარდნისა მახვილი მოიგდო, მოახტა ფეხმალ ნეაპოლურ ბედაურსა,
39. და მკვირცხლად მიჰყვნენ კვალზედ გარგანტუა, პონოკრატე, გიმნასტი, ევდემონი და კიდევ ოცდახუთი ყოვლისა უმამაცესი ყმა გრანგუზიესი,
40. ყველანი სრულიად შეჭურვილნი, წმინდა გიორგისამებრ ამხედრებულნი და ხელთშუბმომარჯვებულნი, და თითოეულსა უკან ცხენისა გავაზედ მოისარი უჯდა.
41. ნეტარ არს, ვისაცა [ეპატია დანაშაული] (ლათ.). 31-ე ფსალმუნის დასაწყისი.
42. მოკლე ლოცვა ცაში ადის, ხანგრძლივი სმა საწდესა ცლისო (ლათ.)
43. ნაცვლად Venite potemus „მოვედით სმად“ (ლათ.) ‒ ხუმრობით შეცვლილია დასაწყისი ლოცვისა Venite aboremus მოვედით სათაყვანოდ“.
43
1. XLII. ვითარ ამხნევებდა ბერი თანამოსაგრეთ და რარიგ ჩამოკონწიალდა ხეზედ
2. და, აჰა, მიდიან ლომგულნი მოსაგრენი, ეშურებიან ფათერაკიან გზასა ზედა და წინასწარვე დაუთქვამთ, როდის უნდა ყიჟინა დასცენ, როდის უნდა უკუიქცნენ, ოდესცა ჩამოჰკრავს ჟამი დიდი და ფიცხელი ბრძოლისა.
3. ბერი კი გასამხნევებელსა ეძრახება:
4. ‒ ნუ იშიშვით და ნუ ფრთხით, შვილნო!
5. წაღმართ სავალზედ შემიყენებიხართ.
6. ღმერთი და წმინდა ბენედიქტე ჩვენკენ არიან!
7. ვაი რომ მკლავიცა გულივით არ მერჩის, თორემ სუყველა ჩვენსა მტერსა და დუშმანსა, წყალსამც წაუღია ისინი, იხვებრ დავბრტყვნიდი!
8. თვინიერ ცეცხლსაჭურვლისა, არცრისა მეშინის.
9. დაღათუმცა, ერთმა ჩვენმა სააბატოს კანდელთმნემ ლოცვა რამ მასწავლა, კაცსა ცეცხლსა არ აკარებს, ოღონდ მე არასა მშველის, ვითარმედ არ ვერწმუნები.
10. თუ რასმე ვიზამ, ისევ ამ ძელითა ვიზამ!
11. ღვთისა სახელსა ვფიცავ, არა მინდა რა, ერთი რომელიმემ კუდი ამოიძუოთ, ეშმაკისა კერძიმც გავხდე, თუ, ვინცა იქნებით, ბერობა არ გადმოგილოცოთ და ეს ჩემი ჩოხა არ ჩაგაცვათ, ‒ ლაჩრობასა ძაან უხდება, ეგრევე არჩენს.
12. უფალ დე მერლის ხვადი მწევრისა ამბავი განა არა გსმენიათ?
13. როცა აღარცა შინა ვარგოდა და აღარცა სანადიროდ გარბოდა, ადგნენ და ჩოხა გადააცვეს.
14. ღვთისა გვამისა მადლმან, იმ დღითგან არცა მელა გაჰქცევია, არცა კურდღელი და ახლომახლო ძუკნა არღა გაუშვა გადაუკლერტავი, მანამ კი არაფრისა თავი არა ჰქონდა, რამეთუ დავარდნილი იყო, ვითარ თქმულა de frigidis et maleficiatis.
15. ბერი გაჯავრებული უბნობდა სათქმელსა და ის იყო, ბოლოში ჩავიდა, რომ სოლეს გზაზედა ერთსა კაკლისა ხესა მიადგა და ჩაფხუტისა ზარადი კარგა მსხვილ ჩამოტეხილ ტოტსა წამოსდო.
16. მაგრამ მაინც ავად ჰკრა დეზი ცხენსა, რომელსა ძალიან არ უყვარდა დეზისა კვრა და გაფრთხა;
17. ბერმა, ზარადსა ჩამოვაძრობო, სადავესა ხელი უშვა და ტოტსა წაეტანა, ამ ხანობაში კი ცხენი ლაჯთაქვეშ გამოეცალა.
18. ამისა გამო ბერი ხეზედ ჩამოკონწიალდა და ყვირილი მორთო, მიშველეთ, ღალატიაო.
19. ევდემონმა პირველმა შეამჩნია იგი და გარგანტუას მიმართა:
20. ‒ აჰა, მეუფეო, მოიხილე კიდებული აბესალომი ესე!
21. გარგანტუა მიეახლოვა, გახედ-გამოხედა, რარიგ ეკიდა ბერი, და მიუთხრო ევდემონსა:
22. ‒ ეგ შედარება კარგად ვერ მოგივიდა.
23. აბესალომი თმითა ჩამოეკიდა, ბერი კი თავგადაპარსულია და ყურთღა უჭირავთ.
24. ‒ მიშველეთ -მეთქი, ეშმაკეულნო! ‒ უყვიროდა ბერი. ‒ რა დროს ტრაკატრუკია!
25. რაღა თქვენა და რაღა ის მქადაგებელ-დეკრეტალისტნი, რომელნიცა წარიტყვიან, ვინცავინ მოყვასი თვისი უზომო განსაცდელში ნახოს, ვინემ ხელსა აღუპყრობდეს, ჯერეთ სამჯერ შეჩვენებისა შიშითა აღსარებისა თქმა და მადლისა მიმთხვევა შეაგონოსო.
26. ერთი ვინმე მაჩვენა წყალში ჩავარდნილი იმ მქადაგებელთაგან და ვუშველო კი არა, ვგონებ, სასმენელნი გამოვუჭედო, იმსიგრძე ქადაგებასა წავუკითხავ de contemptu mundi et fuga seculi.
27. და როს სულ გაფიჩხდება, მაშინღა ამოვიყვან.
28. ‒ ფეხთ ნუ იქნევ, გენაცვალე, ‒ უთხრა გიმნასტმა.
29. ‒ ეხლავ ჩამოგხსნი, ძმობამ, მართლა კარგი ბერი ხარ, კარგი monachus: Monachus in claustro Non valet ova duo; Sed quando est extra, Bene valet triginta.
30. ‒ ჩემსა სიცოცხლეში ბარე ხუთასზედ მეტი ჩამომხრჩვალი მაინც მინახავს, მაგრამ შენებრ უცხოდ ჯერ არცვინ არა ყოფილა ჩამოკონწიალებული.
31. ეგრე კოხტად რო ვეკიდო, მთელი ცხოვრება თავსა არც ჩამოვიხსნიდი.
32. ‒ ჰა, არ მორჩით მაგ ქადაგებასა! ‒ ჩამოსძახა ბერმა.
33. ‒ ან ღვთისა გულისათვისა მიშველეთ, ან არადა, სხვა რამ იწამეთ!
34. ამა ჩემი ჩოხისა მადლმან, სისხლსა გარწყევინებთ tempore et loco prelibatis.
35. მაშინ გიმნასტი ცხენიდან გარდახდა, ხეზედ აძვრა და ცალი ხელი ბერსა იღლიაში ჩაავლო, ცალით კი ზარადი ტოტსა განაშორა, რისა გამოც ბერსა ძირსა ზღართანი გასძვრა, ხოლო გიმნასტი კოხტად ჩამოხტა.
36. ქვედანარცხებულმან ბერმან წამისყოფით განიგდო ჯაჭვ-ჯავშან-აბჯარი და მთელი საჭურველი იქავ ველად მოფანტა, მერმე ჯვრისა ძელსა სტაცა ხელი და ზურგზედ მოექცა თავის ჰუნესა, რომელიცა ევდემონსა დაეჭირა.
37. მასუკანითა ჩიქჩიქად გაუყვნენ გზასა და სოლესკენ წარემართნენ.
38. უილაჯოთა და ჯადონაქნართათვის (ლათ.). ამა სოფლის უგულებელყოფისა და ამწუთქვეყნიურ საცდურთაგან ლტოლვისა გამო (ლათ.).
39. ბერი: მონასტერში ბერსაო ფასს ვერ დასდებ ბევრსაო; გარეთ ნახე ბერიო, გარეთა ღირს ბევრიო (შუა საუკ. ლათ.). თავის დროზედ და თავის ადგილასა (ლათ.).
44
1. XLIII. ვითარ გადააწყდნენ პიკროშოლისა მზირნი გარგანტუასა, და ვითარ მოაკვდინა ბერმა ჯართუფროსი ალაჯუნე, მერმე კი თავად ისიც წარტყვევნა მტერმა
2. პიკროშოლმა რაჟამს მაცნეთაგან იმცნო, შენთა კაცთ ეშმაკნი დაგვერივნენ, გაგვჟლიტეს, ტრიპეს შიგ მუცელში შვლიპეს, თითო-ოროლაღა გადავრჩითო, გაცოფდა და გადაირია, მთელი ღამე ბჭობდა ბორგვნეული;
3. დაბდურამ და შატაბუტამ ბევრი არწმუნეს, მთლად ჯოჯოხეთისა ეშმაკეულობაც რომ დაგესიოს, შენსა ძლიერებასა ვერ გაუძლებსო, მაგრამ პიკროშოლსა ეგრერიგ არ ეჯერებოდა და არცა დაუჯერებელი სჭირდა.
4. ასე იყო თუ ისე, ბოლოს მაინც ადგა და გრაფ ალაჯუნეს თავკაცობითა დასაზვერად გაგზავნა ათას ექვსასი მსუბუქად აღჭურვილი ცხენოსანი, სუყველა გულდადებითა ნაკურთხწყალსხურებული და ყელზედ ოლარჩამოცმული:
5. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მალე თავად ლავოგიონი და მალანდრი მოიხილეს კიდეც, მაგრამ ვერცვისგან ვერა შეიტყვეს რა, უკანვე გამობრუნდნენ და ახლა ზემოთა გზასა გაუყვნენ.
6. კუდრეს რომ მიუახლოვდნენ, იქავ, ერთ სამწყემსო ქოხსა თუ უფრორე ნაბინავარსა შინა, ხუთი მწირი იპოვნეს, ხუთივ წამერთ გათოკეს, არცა იმათი ტყება-ღაღადება შეისმინეს, არც ფიცილი, არცა ლოცვა-ვედრება და თან წარიტანეს ვით მსტოვარ-აეშაგნი,
7. ‒ ძმანო, აგერ მტრისა დარაჯა მოგვეახლოვა.
8. ერთზედ ათი მოდის, რას იტყვით, ხომ არ დაგვეცხო?
9. ‒ ვითომ რატომაც არა, ეშმაკმან დალახვროს! ‒ სიტყვა ჰკადრა ბერმა.
10. ‒ შენ ვაჟკაცობა მითხარი, თორემ ვინ რაერთია, რა ჭკუა აქვს?
11. ‒ და შეჰყვირა: ‒ დავცხოთ, ეშმაკნო, დავცხოთ!
12. ამისა გაგონება იყო და, მტრისა მხედართ გული შეუქანდათ, ეგენი არღა ხუმრობენ, მართლა კუდიანთა თესლისანი ჩანანო, მიუშვეს სადავენი და ადგილსა მოსწყდნენ ყოველნი, გარდა ალაჯუნესი, რომელმაც შუბი ხიშტებრ მოივარგა და ბერსა ძალთაძალითა მკერდშიგან უგმირა,
13. თუმცაღა კი რკინისა ბუნიკი შუბისა ეგრევე ზედ მიეჭეჭყა ბერისა საზარ ჩოხასა, თითქო აიღეს და გრდემლსა სანთელი დაჰკრესო.
14. მაშინ ბერმა ჯვრისა ძელი დააღირა და ერთი იმისთანა დაუშვა კისრისა და საყელოს საშუალ, აკრომონად სახელდებულსა სახსარში, რომ იმან სიტყვისა თქმაც ვერ მოასწრო და გონდაკარგული ცხენისა ფერხთით დაეცა.
15. ბერმა ახლაღა შეამჩნია, აშურმა კი არა, ოლარი ჰქონია ყელზედ ჩამოცმულიო, და გარგანტუას მიუბრუნდა:
16. ‒ ხუცესი ყოფილა, მოწესისა ბევრი არა სცხებია რა.
17. წმინდა იოანეს მადლმან, ბერი მე ვარ.
18. დედას ვუტირებ. სულ ბუზებრ გავჟუჟავ.
19. თქვა და ქნა კიდეც, ცხენხეთქით მიეჭრა უკანმავალთ, ხან მარჯვნივ ეძგერა, ხან მარცხნივ და თავზედ წისქვილისა ქვა დაუტრიალა.
20. გიმნასტმა მაშინვე ისა ჰკითხა გარგანტუასა, ოტებულთ დავედევნოთ თუ არაო.
21. ‒ არამც და არამც, ‒ მიუგო გარგანტუამ. ‒ ჭეშმარიტი სამხედრო სწავლისდა მიხედვითა არცერთსა ჟამსა არა ეგების სასოწარკვეთა მტრისა, რამეთუ ღონემიხდილსა და გასავათებულსა უსასოობა ამაგრებს და აგულადებს.
22. თუ შეურვებულთ და შეჭირვებულთ ყოველგვარი იმედი ხსნისა ეკარგვით, სხვა ამაზედ უკეთესი რამ სახსარი გადარჩენისა არცრა ეპოვებათ.
23. ვინ უწყის, რაოდენჯერ უძლევიათ ძლეულთ მძლეველნი მხოლოდ და მხოლოდ იმად, რომა ძლევამოსილთ, წინააღმდეგ საღი აზრისა, მტრისა დედაბუდიანად ამოწყვეტა სდომნიათ და აზრადაც არ მოსვლიათ, ერთი ვინმე ამბისა მთხრობელი მაინც დაერჩინათ ცოცხალი!
24. მტერსა მუდამჟამ ხსნილი დაუტევეთ ყოველი კარიბჭე და გზა-სავალი, ის კი არა, ვერცხლისა ხიდი გაუდეთ, რათა უკუდგომა ეადვილოს.
25. ‒ ეგ კი ეგრეა, ‒ ჩაურთო გიმნასტმა, ‒ მაგრამ ის ჩვენი ბერი რომ უკვე გამოუდგა?
26. ‒ ის ჩვენი ბერი გამოუდგა?! ‒ გაიკვირვასავით გარგანტუამ.
27. ‒ მაშ, აბა, რჯულისა მადლმა, იმათ კარგი დღე არ დაადგებათ.
28. რაც არი, არი, პატარა ხანსა აქავ სადმე ჩრდილი ვიჩრდილოთ.
29. მაგათ ამბავსა ჩახვედრილი ვარ, უფრორე ალალბედობისა სჯერათ, ვინემ საღი გულისხმისა.
30. სანამ ესენი კაკლიანში იდგნენ, ბერი კვალად მტერსა მისდევდა, ვისაცა მოიხელთებდა, ვაი იმისი ბრალი.
31. ბოლოს გზად მხედარი ვინმე დაინახა, ცხენისა გავაზედ ერთი უბედური მწირთაგანი დაეკრა, და რაწამსა ძმა ჟანმა მახვილი მოიქნია, მწირმა ღაღადყო:
32. ‒ ვაჰმე, უფალო წინამძღვარო, ძმაო! უფალო წინამძღვარო! მიშველე, შენი ჭირიმე!
33. მუდარისა გაგონებაზედ მტერთ პირი იბრუნეს და როს დარწმუნდნენ, ბერი მარტოდმარტო გვიტევსო, მისდგნენ და ჟაპაჟუპი აუყენეს, ვითომც გვერდებაქავებული ვირიაო.
34. მაგრამ იმასა სულაც არა სტკიოდა, რადგანაც, ჩოხა იქით იყოს, ტყავი ჰქონდა იმსისქე, ტყუილია.
35. მერმე ბერსა დარაჯად ორი მოშვილდისრე დაუყენეს, თავად ცხენები მოატრიალეს და, რაკი სხვა არავინ ჩანდა, დაასკვნეს, გარგანტუა თავის რაზმიანად გაქცეულაო.
36. წინ ნუარეტის ველი ედოთ და ყველანი იქით გაეჩქარნენ, რათა გარგანტუას დასწეოდნენ, ბერი კი ისევ იმ ორ მშვილდოსანსა ებარა.
37. და გარგანტუას რა შეესმა ცხენთა ფრუტუნი და თქარათქური, ალღო აართვა მომხდურთა სიახლოვესა და თავის მოსაგრეთ მიმართა:
38. ‒ ძმანო, ხმა მეყურება ჩვენზედ წამოსული მტრისა და ზოგ-ზოგთ კიდევაც ვხედავ, რარიგ მოჰქრიან.
39. მაშ, დავეწყოთ წესისა და რიგისამებრ გზაზედ და მივაგებოთ სიკვდილი სასახელოდ ჩვენდა!
45
1. XLIV. რარიგ გამოაგო თავი ბერმა ებგურ-მოდარაჯეთ, და ვითარ მოისრნენ პიკროშოლისა მზირნი
2. ბერმა თვალი გაადევნა ფაცხაფუცხით გაჩქარებულ ავისა მნდომთ და გულისხმაში ჩავარდა, დასტურ გარგანტუას და იმის დასტასა გაეკიდნენო, და ფრიად შეწუხდა, რამეთუ ხელსა ვერ აღუპყრობდა ამხანაგთ.
3. მერმე დარაჯად მიჩენილნი შეათვალიერა და მაშინვე ინიშნა, ერთი ხელისა აქნევა უნდოდათ და გაიჭრებოდნენ, შეუერთდებოდნენ თავიანთ მხედრობასა, ეგება ცოტა რამ ხეირი ჩვენცა ვნახოთო,
4. ბერი კი ესერიგად სჯიდა: „ამა ჩემთა ებგურთ კოჭებში ეტყობათ, ბევრი არა გაეგებათ რა სამხედრო საქმისა, არცა ფიცი დამადებინეს, არ გაგვექცეო, და არცა მახვილი ამართვეს“.
5. რახან აგრეაო, იშიშვლა იჩქითად მახვილი იგი და ჰკრა მარჯვნივ მდგომარე მშვილდოსანსა, ჰკრა და გადაუჭრა კისრისა ძარღვნი და საძილე სისხლძარღვნი, ენისა კლიტეცა ეგრევე ზედ მიაყოლა ორივ ნუშისდაგვარ ჯირკვლიანად.
6. მეორედ კი ისეთნაირად დაჰკრა, ზურგისა ტვინი გადმოადინა მეორე მალასა და მესამე მალას შუა, და იმანაც გაჭიმა ტყავი.
7. მაშინ ბერმა მარცხნივ მიაბრუნა ცხენი და ახლა მეორე მოშვილდისარსა წამოუარა;
8. იმას თავზარი დაეცა, ამხანაგი მომიკლა, მე რაღა სიკეთესა დამაყრისო, და ბღავილი მორთო:
9. ‒ ვაიმე, ვაიმე, უფალო წინამძღვარო, შენი ვარ!
10. უფალო წინამძღვარო, შენ კი გენაცვალე, უფალო წინამძღვარო!
11. ბერი თავისას უყვიროდა: ‒ ეგ ცარიელი გენაცვალე ვერ გიშველის, მართლა უნდა გინაცვალო!
12. ‒ ვაიმე, ვაიმე, ‒ ვაებდა მოშვილდისრე.
13. ‒ მტლად დაგედე, უფალო წინამძღვარო, თავსა შემოგევლე, ღმერთსა ვთხოვ, აბატიმცა მეხილო.
14. ‒ ამა ჩემი ანაფორისა მადლმან, ეხლავ კარდინალად გაკურთხებ! ‒ განუცხადა ბერმა.
15. ‒ სამღვდელო პირთ ნეტავ დასახსნელსა თუ ართმევ ხოლმე?
16. მაშ, აბა კარდინალისა წითელ თავსარქმელსა მოგიბოძებ.
17. მშვილდოსანი კი კვალად ვაგლახებდა:
18. ‒ უფალო წინამძღვარო, უფალო წინამძღვარო, უფალო აბატად სახილველო, უფალო კარდინალო, უფალო ყველაყავ! ვაიმე! ვაიმე! უფალო წინამძღვარო, შენი სულისა ჭირიმე, უფალო წინამძღვარო, შენი ვარ, შენი!
19. ‒ ჩემი კი ხარ, მაგრამ ეშმაკთა წილ-კერძსა გაგხდი, ‒ უთხრა ბერმა.
20. უთხრა და თავთხლეც გადაადინა, თავისა ქალა ზედ საფეთქლისა ძვალთან გაუპო, თხემისა ძვალნი ისრისებურ ხიდთან ერთად უმეტეს შუბლისა ძვლიანად ჩაუნაჭუჭა,
21. ტვინისა გარსნიც წამსვე შეუმუსრა, გვერდითა პარკუჭნიც და ძვლისსაზრდელასღა შერჩენილი კეფა თავსარქმელსა ჰგავდა ექიმისას, გარეგან შავსა, შიგან წითელსა.
22. რაღა გავაგრძელო, ამა მშვილდოსანმაც ჩვენი ჭირი წაიღო.
23. რაკიღა მოდარაჯეთ სასუფეველი დაუმკვიდრა, ბერმა ცხენსა ქუსლი ჰკრა და მტერთა კვალსა მიჰყვა.
24. მტერნი კი უკვე შებმოდნენ შარაგზაზედ გარგანტუასა და იმის ასაბიასა და შეთხელებულიყვნენ, რამეთუ გარგანტუამ შავი დღე აყარა თავისი უშველებელი ხისა შეწევნითა,
25. მიასია გიმნასტი, პონოკრატე, ევდემონი და სხვა კაცნი, თავრეტი დაჰხვია და, თითქოს წინ თავად სიკვდილი გადაუდგათო, ისინი აწ კუდამოძუებულნი იხევდნენ უკან.
26. და ვით სახედარი დაბუზარავდება ხოლმე, ოდეს კუდქვეშ იუნონას ბუზანკალი, ანუ ბუზი რამ უძვრება, და უგზოუკვლოდ გავარდნილი საპალნესა გადმოიგდებს, აღვირ-ავშარასა წაიყრის და უსუნთქებლივ რბის, შორით კი არცრა ეტყობა, რა ჭირიცა სჭირს და რა დააჭენებს,
27. ‒ ის მზირნიც სწორედ ესეგვარად თავდაკარგულნი დატიშულიყვნენ და ანაზდი შიშითა მიბნედილთ თვითონაც როდი უწყოდნენ, რა მიარბენინებდათ.
28. ბერმა რა შეატყო, თვალი მარტოდენ გაქცევაზედ უჭირავთო, ცხენიდან გარდახდა, გზისა პირას აყუდებულ ლოდზედ აძვრა და თავგამომეტებით დაუშინა ლტოლვილთ თავისი საზარი მახვილი.
29. და იმოდენი იქნია, იმოდენი ხალხი დახოცა, ბოლო ჟამსა ზედ შუაზედ გადაუტყდა ხელისაპყრობი იგი.
30. სისხლისა ღვრა არღა ღირსო, იფიქრა მაშინ ბერმა, ზოგზოგთ დეე ამბავი წაიღონო.
31. თუმცაღა, ერთ მზედაბნელებულსა იქავ ცულ-თოხი აართვა, კვალად ავიდა ლოდზედ, მაღლით გადახედა ერთმანეთში არეულ მკვდარსა და ცოცხალსა, ეჰეჰეიო, დასჭყივლა ოტებულთ და მავანსა შუბი დააგდებინა, მავანსა დაშნა-კალდიმი, მავანსაცა ჰოროლი და სიათა,
32. ხოლო ვისაცა შებოჭილნი მწირნი თან წარეტანა, ყველანი უნაგირთაგან გადმოყარა, ცხენბედაურნი კი ხსენებულ მწირთ გარდასცა და იმათაც ტყისპირ უბრძანა დადგომა, როგორაც შატაბუტას, რომელიცა წარტყვევნილი ჰყავდა.
46
1. XLV. ვითარ მიიყვანა თან ბერმა მწირნი, და რარიგ მშვენიერი სიტყვა უთხრა იმათ გრანგუზიემ
2. ბრძოლა რა გასრულდა, გაბრუნდა გარგანტუა, გასწია შინისკენ თავის რაზმიანად, გარეშე ბერისა, და საღამო ხანსა უკვე მიეახლა გრანგუზიესა, რომელიცა იმჟამად ქვეშსაგებელში იწვა და იმათ თავსა უფალსა ავედრებდა, უტკივრად მიმყოფე, ძლევითა შემიმოსეო.
3. და როს საღ-სალამათნი იხილა, გულაჩუყებულმა გადაკოცნა ყველანი და ბერი მოიკითხა, ის სადღა არისო.
4. სხვას ვერას გეტყვით, მიუგო გარგანტუამ, ბერი უსაეჭვოდ მტერთა ჰყავთო.
5. ‒ მაშ, აბა გაჩენისა დღესა აწყევლინებს, ‒ წართქვა გრანგუზიემ, და მართალიც იყო.
6. აკი ჯერ-აქამომდე იტყვიან კიდეც ჩვენში: ბერიმც გადაგკიდებიაო.
7. მერმე შინაკაცთ პურ-მარილისა გაშლა უბრძანა, ნამგზავრი ხალხი დამინაყრეთ, ასვით და აჭამეთო.
8. ოდეს ყოველი მოიღეს, უხმეს გარგანტუასა, მაგრამ იმას დანა პირსა არ უხსნიდა, ბერისა დაკარგვითა შეჭირვებულსა არცაღა სმა უნდოდა, არცაღა ჭამა.
9. და ანაზდად საიდანღაც გაჩნდა ბერი, ალაყაფისა კარში გაიტოქა და გახმამყივარდა:
10. ‒ ძმაო გიმნასტო, ცივი ღვინისა ჩამომისხი, ცივი ღვინისა!
11. გიმნასტი გარეთ გავიდა, ვინ არი, ვინ მეძახისო, და ხელთ ძმა ჟანი შერჩა, თან ხუთი მწირი და ტყვევნილი შატაბუტა მოეყვანა.
12. მსწრაფლ გამოეგება გარგანტუაც, გულში ჩაიკრა, გაიხარა და მიჰგვარა გრანგუზიესა, რომელმაც გამოკითხვა დაუწყო, სად იყავ, რა გარდაგხდაო.
13. ბერმა წვლილად უამბო, რარიგ წარტყვევნეს, რარიგ გამოაგო თავი დარაჯთაგან, რა ყათლამი გამართა შარაგზაზედ, რარიგ წარსტაცა მტერთ მწირნი და ტყვედ რაგვარ ჩაიგდო ჯართუფროსი შატაბუტა.
14. მასუკანითა დასხდნენ და ქუდი ჭერსა ჰკრეს.
15. შუა პურის ჭამაში გრანგუზიე მწირთ ჩაეძია, სადაურნი ხართ, საიდან მოდიხართ და სად მიდიხართო.
16. ყველას მაგივრად ხელგვიანად სახელდებულმა გასცა პასუხი:
17. ‒ მეფეთ მეფეო, თავად სენ-ჟნუელი გახლავარ, ბერიდგან, ეს ჩემ გვერდით პალუოელია, ის ‒ ონზელი, იმის წინ არჟიელია, ეგ კი ‒ ვილბერნენელი.
18. სან-სებასტიანში ვიყავით, მახლობლად ნანტისა, და აწღა ნელი-ნელ შინა ვბრუნდებით.
19. ‒ კეთილი და პატიოსანი, ‒ უთხრა გრანგუზიემ, ‒ მაგრამ სან-სებასტიანში რა გინდოდათ?
20. ‒ წმინდა სებასტიანსა შევევედრეთ, ეგების შავი ჭირი გვაშოროს, ‒ მიუგო ხელგვიანამ.
21. ‒ უჰ, ‒ შეცბუნდა გრანგუზიე. ‒ იქნება იმასაც ფიქრობთ, წმინდა სებასტიანი გვემიზეზებაო.
22. ‒ გვემიზეზება და მერე როგორ! ‒ ბეჭედი დაასვა ხელგვიანამ. ‒ ჩვენთა ქადაგთაგან ვიცით.
23. ‒ რაო? ‒ შეჰყვირა გრანგუზიემ. ‒ ის ცრუწინასწარმეტყველნი ქადაგებენ ემაგ ამაოდმორწმუნეობასა?
24. ისინი უგონებენ მაშ ათას რამ ოხრობასა უფლისა წმინდა სათნომყოფელთ და მავნე სულთ ადარებენ, ცისქვეშე ოდენ უკეთურობისა მთესველთ,
25. როგორაც რომა ჰომეროსი უგონებს აპოლონსა, ბერძენთა ლაშქარსა მომსრველი სენი მოუვლინაო, და რარიგადაც სხვა მგოსანთ მოიგონეს ფარაფარად ვეიოვისნი და ბოროტნი ღმერთნი?
26. რაღა შორს მივდივარ, აქაცა გვყავდა, სინეში, ერთი მამაძაღლი ფლიდი ქადაგი, იდგა და სულ იმასა ტიტინებდა, წმინდა ანტონი ფეხებში წითელ ქარსა აჩენსო, წმინდა ევტროპი წყალმანკისა სათავეაო, წმინდა ჟილდასი ‒ სიგიჟისაო, წმინდა ჟნუ კი ‒ ნიკრისისაო.
27. მოგეცათ ლხენა, მე ის ვავაგლახე, და მწვალებლადაც შემრაცხა, მაგრამ ის იყო და ისა, მეორე იმისთანა მზაკვარსა და მაიმუნსა ცხვირი არცვისა შემოუყვია ჩემსა საბრძანებელში.
28. დია მიკვირს, ის თქვენი ხელმწიფე თავის ქვეყანასა შინა რატომ ერთხელ და სამუდამოდ არ აუკრძალავს იმათ ესდენ ჩმახვასა და ტარტარსა.
29. უკეთუ მკითხავთ, ეგენი უფრორე არიან დასასჯელნი, ვინემ ისინი, ჟამიანობას რომ ჩამოაგდებენ ხოლმე გრძნებითა და ჩხიბვა-ჯადოსნობითა.
30. ჭირი ხორცსა აკვდინებს, ეგ ეშმაკისა ფეხისა მომჭმელნი კი სულსა უწამლავენ საცოდავ უაზნო-უგვარდიდო ხალხსა.
31. იგი ჯერეთ ამ ლაპარაკში იყო, რომ ბერი თავგაზვიადებული შემოვიდა და იკითხა:
32. ‒ სადაურნი ხართ, ბედშავნო? ‒ სენ-ჟნუელნი გახლავართ, ბატონო, ‒ მიუგეს მწირთ.
33. ‒ როგორა ვარო, რასა იქმს ის ლოთბაზარა აბატი ტრანშლიონი? ‒ ჰკითხა ბერმა.
34. ‒ რას იტყვით, რას უფრო მიირთმევენ მოწესენი თქვენში?
35. იარეთ, იარეთ ეგრე! ისე მე მიშველოს ღმერთმან, როგორც ისინი თქვენთა დედაკაცთ მიუცუცქდებიან!
36. ‒ იჰ, ჯანდაბას! ჩემისა არ მეშინის, ‒ ხელი ჩაიქნია ხელგვიანამ, ‒ ვინცავინ ერთხელ დღე ნახავს, ღამე ნახვასა არღა ინდომებს.
37. ‒ მნახველიც არი და მნახველიცა! ‒ უთხრა ბერმა, ‒ შენი ცოლი ეგება პროზერპინასავით მახინჯიც არი, მაგრამ იქავ სადმე ბერ-მონაზონნი თუ გაჩნდნენ, იცოდე, ისე არ გაუშვებენ.
38. შენ ოსტატი მითხარ, თორემ მოურგებელი არა დარჩება რა.
39. რა ვქნა, ცუდი ჭირიმცა შემყრია, უკეთუ შინმიბრუნებულთ გუნებანაქცევად არ დაგიხვდნენ თანამეცხედრენი, ვინათაგან სააბატოსა შინა სამრეკლოსა ჩრდილიც კი ფრიად ნაყოფიერი რამ არის.
40. ‒ ეგვიპტეში რომ ნილოსია, სულ იმის წყალივითა ყოფილა, თუ სტრაბონსა დავუჯერებთ, ‒ ჩაურთო გარგანტუამ.
41. ‒ ხოლო პლინიუსი მეშვიდე წიგნისა მესამე თავსა შიგან ამტკიცებს, ნაყოფიერებასა დია უწყობს ხელსა აგრეთვე საცმელი, აღნაგობა და ჭამადიო.
42. და გრანგუზიემ სიტყვა გამოაგო: ‒ წადით, რასღა უდგეხართ, თქვე ცოდვის შვილნო, თქვენა.
43. თავად დამბადებელი იყოს მიწყივ თქვენი გამძღოლი, და კვალად ნუღა აიღებთ თავსა, ნუ ივლით ქვეყანაზედ ესრეთ უსაზმნოდ და წარამარად.
44. გული დაჰყარეთ სახლ-კარობასა, თქვენ-თქვენსა საქმესა მიჰყეთ ხელი, წურთვნა არ მოაკლოთ შვილთა და იცხოვრეთ, ვითარ გასწავლით წმინდა მოციქული პავლე.
45. მაშინ უკვე ღვთისგან დაცულთ ხატ-ანგელოზნიც კეთილად გადმოგხედავენ და ვერცაღა ჭირი მოგერევათ, ვერცაღა სხვა რამ სახადი.
46. შემდგომ ისინი გარგანტუამ სატრაპეზოში შეიყვანა, მაგრამ მწირნი საჭმელად არც დამსხდარან, ვიშვიშებდნენ და შენატროდნენ გარგანტუასა:
47. ‒ მეფე გვყავსო, თქვენ უნდა თქვათ! ბედნიერი ხართ, ბედნიერნი.
48. მაგისმა ლაპარაკმა უფრორე დაგვმოძღვრა და შეგვასმინა, ვინემ იმ ჩვენსა ქალაქში დღენიადაგ ნაქადაგებმა.
49. ‒ სწორედ მაგასა უბნობს პლატონიცა, lib. v. De rep., ‒ დასძინა გარგანტუამ.
50. ‒ სახელმწიფონი მხოლოდ მაშინ იქნებიან ბედნიერნი, ოდეს მეფენი ფილოსოფოსნი გახდებიან ანდა ფილოსოფოსნი მეფენიო.
51. მერმე მან ბრძანა და აბგა-მანდიკნი იმათი დაატენინა საგზლითა, ნატის სასმისნი კი ღვინითა დაავსებინა და, დარჩენილი გზა გაიადვილონო, სუყველანი ცალ-ცალკე ცხენზედ შესვა და ცოტ-ცოტა ჯიბისა ფულიც მიუბოძა.
47
1. XLVI. ვითარ სულგრძელად მოექცა გრანგუზიე ტყვექმნილ შატაბუტასა
2. შატაბუტა მიჰგვარეს თუ არა, გრანგუზიემ პირველად ისა ჰკითხა, პიკროშოლსა გულში რა უდევსო, რა განუზრახავს და რას ეპირება ამა უეცარი შფოთითაო.
3. რასაო და, მიუგო შატაბუტამ, უკეთუ მოუხერხდა, სრულად შენისა ქვეყნისა დაპყრობა უნდა, ჯავრისა ამოყრა სწადის, მეპურენი რად დამიღონაო.
4. ‒ ცუდად აშლია საღერღელი, ‒ წართქვა გრანგუზიემ, ‒ ბევრისა მჭამელმაო, თქმულა, ცოტაც ვეღარა ჭამაო.
5. აწ ის დროება როდია, ეგრერიგ დაულაშქრო სამეფო და დასაკლისი საქმე შეახვედრო მოყვასსა შენსა და ძმასა ქრისტეს მოსავსა.
6. ეტყობა, უწინდელთა ფეხისა ხმასა აჰყოლია მბრძანებელი შენი, ყოველთა ძველთა ჰერკულესთა, ალექსანდრეთა, ჰანიბალთა, სციპიონთა, კეისართა და სხვათა წახედვითა აუღია ხელთ იარაღი,
7. მაგრამ ესევითარი ბაძილი საპირისპიროა საღმრთო სჯულისა, რომელიცა გვასწავლის, შენ შენსავ საკუთარ მიწა-წყალსა მოუარეო, დაიცავი და უპატრონეო, განაგეო, და არა სხვისასა მტრულად შეესიეო.
8. და რასაცა სარკინოზნი და ბარბაროსნი გმირობისა სახელსა სდებდნენ, ეხლა ავკაცობასა და ავაზაკობასა ვეტყვით.
9. იმასა ერჩივნა შინა მჯდარიყო და, ვითარცა მეფესა მართებს, ემართა ქვეყანა თვისი, ვინემ მე მომჭროდა და ჩემსავ ჭერქვეშ დავერბიე, რამეთუ ჯეროვანი მართვა-გამგებლობითა უფრორე მოიგებდა, ჩემი იავარყოფითა კი არცა თავად დაადგება ხეირი.
10. წა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მიჰყე სიმართლესა, ყოველივე თვისი შეცდომილება დაანახვე მეფესა შენსა და არამცა და არამც მარტო ანგარებითა არა ურჩიო რა, რადგან საზიარო საკუთრებასთან ერთად მიწყივ კერძოცა იღუპვის.
11. სახსარ-გამოსახსნელზედ ნუ ვილაპარაკებთ, გამომრთმევი არაფრისა ვარ, ცხენსა და საჭურველსაც ეხლავ უკან მოვაცემინებ.
12. სწორედაც ესერიგად უნდა ვექცეოდეთ ერთმანეთსა მეზობელნი და ძველთუძველესნი მეგობარნი, მით უმეტეს, ცილობა ჩვენი ნამდვილ ომად არცა გადაქცეულა,
13. და სხვა რად გინდა, პლატონი მოიგონე, lib. v. De rep., ოდეს ბერძენთა შეხლა-შემოხლისა ამბავსა ჰყვება, ომისა წილ კრტიმლობასა ამბობს და შეგვაგონებს, უკეთუ უგვან შუღლისა ხიფათსა ვერ გადაურჩით, დია იზომიერეთო.
14. და თუკი ამა ჩვენსა უთანხმობასა მაინც ომსა უწოდებ, მერწმუნე, გარეგნულად არის ომი, ჯერეთ გულსა არ მოხვედრია და სული არ დაგვმძიმებია,
15. რამეთუ ღირსება არ შეგვლახვია არცვისა, და საერთოდ უწინარეს ხამს გამოკეთება ჩვენთა კაცთაგან, ანუ თქვენთა და ჩვენთა კაცთაგან გაუსინჯაობით გამრუდებული საქმისა;
16. ისე კი, კარგად თუ ჩახვდით, არრად უნდა ჩაგეგდოთ ცდომილება იმათი, ვინადგან მოცილენი უფრო ზიზღისა ღირსნი იყვნენ, ვინემ ყურადღებისა და ზარალისა ზღვევაც კმაროდა, რაიცა მოვიღონისძიე კიდეცა.
17. დეე თავად ღმერთი იყოს უმართლესი მსაჯული ჩვენი, და ყაბულსა ვარ, გინდა სიკვდილისა ღირსიცა მქნას, მთლად მომისპოს სამკვიდრებელი, ოღონდ ნურასა იწყენს ნურცა ჩემგან და ნურცა კაცთაგან ჩემთა.
18. რა გაასრულა სათქმელი, გრანგუზიემ მიიხმო ბერი და ყველას წინაშე ჰკითხა:
19. ‒ ძმაო ჟან, შენ წარტყვევნე ჯართუფროსი შატაბუტა?
20. ‒ თქვენო უდიდებულესობავ, ‒ მიუგო ბერმა, ‒ თავად წინ გიდგათ, ასაკსრული კაცია, გონებაზეა და თვითონვე გითხრათ ყოველივე.
21. და შატაბუტამაც უთხრა: ‒ დიახ, მეფეო, ეგ იყო, მაგან წარმტყვევნა, არა ვმალავ, მაგისი ტყვე ვარ.
22. ‒ სახსარსა თუ სთხოვ რასმე? ‒ შეეკითხა ბერსა გრანგუზიე.
23. ‒ არა, არცა მიფიქრია, ‒ გაეპასუხა ბერი.
24. ‒ წარტყვევნისათვის რასღა ისურვებდი? ‒ ჰკითხა გრანგუზიემ.
25. ‒ არცა რასა, არცა რასა, ‒ წააყარა ბერმა. ‒ არა მინდა რა.
26. მაშინ გრანგუზიემ ბრძანა, რახან მართლა ამას წარუტყვევნია, შატაბუტას თანდასწრებითა სამოცდაორი ათასი ოქრო ჩაუთვალეთო.
27. და ხსენებული შატაბუტა კი ამაობაში ჭამად დასვეს და, სანამ იგი ჯერისა თავსა მიირთმევდა, გრანგუზიემ ჩაჰკითხა, ჩემსა კარზედ დარჩენასა ინებებ თუ შენსა ხელმწიფესა ეახლებიო.
28. რარიგადაც მიბრძანებთ, ისე მოვიქცევიო, სიტყვა ჰკადრა შატაბუტამ.
29. ‒ მაშ, აბა წადი, ‒ უთხრა გრანგუზიემ, ‒ დაუბრუნდი შენსა ხელმწიფესა, და გფარვიდეს მამაზეციერი!
30. მერმე ადგა და მიუბოძა ერთი ზედ თვალდასარჩენი ვიენური დაშნა, ოქროს ქარქაშზედ ლერწგამოყვანილი, ერთიცა ფარღული ოქროსი, რომლისა წონა შვიდას ორი ათასი მარკა იყო, სპეკალი კი ას სამოცი ათასი დუკატისა უსხდა,
31. ამისა შემდგომ შატაბუტა თვის ცხენზედ ამხედრდა.
32. გარგანტუამ ბადრაგად ოცდაათი აბჯროსანი და ას ოციც მშვილდოსანი გააყოლა გიმნასტისა მეთავეობით და დააბარა, უკეთუ საჭიროება იყოს, ზედ ლაროშ-კლერმოს კარიბჭემდე გაუთავაზეთ გზაო.
33. ტყვევნილმა როს გზასა გაუტია, ბერმა გრანგუზიეს უკანვე მისცა ბოძებული სამოცდაორი ათასი ოქრო და უთხრა:
34. ‒ მეფე-ბატონო, აწ უჟამოა ამდაგვარი ბოძებულება.
35. დავაცადოთ, გასრულდეს ომი, არავინ უწყის, რას რა მოჰყვება, უფულ-უსახსროდ საგრობისა ბედი კი მხოლოდ ჯარისა სიქველეზედ ჰკიდია. ფული ხმალამოღებული ხელმწიფეა.
36. ‒ კეთილი, ‒ მიუგო გრანგუზიემ, ‒ გასრულდეს ომი, არავისას შევირჩენ რასმე, შენც გადაგიხდი და სხვათა ჩემთა ერთგულ ყმათაც ავავსებ.
48
1. XLVII. ვითარ შეკრიბა გრანგუზიემ თვისთა ლაშქართა გუნდნი, და რარიგ მოაკვდინა შატაბუტამ დაბდურა, მერმე კი თავადაც იქავ გაათავეს პიკროშოლისა ბრძანებით
2. იმხანად ადგილი არ დარჩენილა ახლომახლო, საიდანაც მოციქული ვინმე არა სწვეოდა გრანგუზიესა.
3. და დაიძრა ბესე, მარშე-ვიე, სოფელი სენ-ჟაკი, ტრენო, პარილე, რივიერა, როშ-სენ-პოლი, ვობრეტონი, პოტილი, ბრეემონი, პონ-დე-კლანი, კრავანი, გრანმონი,
4. მოვიდნენ, მოჯარდნენ ელჩნი, მოიხილეს გრანგუზიე და მოახსენეს, ყოველივე ვიუწყეთ, რარიგადაც დაგაზარალა პიკროშოლმაო.
5. ძველთაძველი ერთხმობა და თანადგომა ჩვენი გვავალდებულებს, რომ ყველანაირად გაგიმართოთ ხელი, არცა ხალხსა და ფულს დაგიჭერთ, არცა მხედრობისა სურსათ-საგზალსაო.
6. ფული, თანახმად პირობის წერილისა, სულ ას ოცდათოთხმეტი მილიონ ორ-ნახევარი ოქროს ეკიუ მოგროვდა, ჯარ-მხედრობისა სათვალავში თხუთმეტი ათასი აბჯროსანი, ოცდათორმეტი ათასი მსუბუქად შეჭურვილი ცხენოსანი, ოთხმოცდაცხრა ათასი მესიათე და ას ორმოცი ათასი მოხალისე იყო.
7. ზედავ მოეყოლებინათ თერთმეტი ათას ორასი ზარბაზანი, უბრალოცა და ბრალიანიც, ბასილისკო და ფილთამეხი, და კიდევ ორმოცდაშვიდი ათას მიწისა მთხრელსა ჰპირდებოდნენ;
8. როქი და ნუზლი მთელი ამ უშქარი ლაშქრისა ექვს თვესა და ოთხ დღეზედ ევარაუდათ.
9. გარგანტუა ამა შეძლევისა პასუხად არცა თანახმა გამხდარა და არცა უარზედ დამდგარა, მოციქულთ მადლი შესწირა და მიუთხრო, ომი ომია, მაგრამ იმდენსა ვიზამ, ხალხსა ესდენ მრავლად არ დავიჭირვებო.
10. მარტო დევინიერი, შავინი, გრავო და კენკენე იკმარა, იქ რომ მიწყივ ლაშქართა გუნდნი ეყენა, იმათი მზადყოფნა ბრძანა.
11. და დააწყეს საომრად ორი ათას ხუთასი აბჯროსანი, სამოცდაექვსი ათასი ქვეითი, ოცდაექვსი ათასი მესიათე, ორასი ქვემეხი, ოცდაორი ათასი მიწისა მთხრელი და ექვსი ათასიცა მსუბუქად ჭურვილი ცხენოსანი;
12. ლეგიონთ ცალ-ცალკე მიუჩინეს ხაზინადარნი, მოფარდულ-მარკიტანტნი, მჭედელნი, მეიარაღენი და სხვა ოსტატნი, ომიანობისა ჟამსა ფრიად საჭირონი,
13. ხოლო თავად მეომარნი ისერიგად იყვნენ სალაშქროდ გაწაფულ-გავარჯიშებულნი, თავით ფეხთამდე ჩასილაღებულნი და ისე კარგად არჩევდნენ საკუთარ დროშასა სხვათა დროშისგან, ისე უმალ უგებდნენ თავთავიანთ ჯართუფროსთ და ისე უსიტყვოდ მორჩილებდნენ,
14. ისე ლაღად იცოდნენ სირბილი, ხელთ ისე მძიმე-მძიმედ აქნევდნენ და ისე ფრთხილობდნენ, უფრორე შეწყობილ საბერვლიან საკრავსა ანდა აწყობილ საათ-საჟამოსა ჰგავდნენ, ვინემ ჯარსა და სპა-ლაშქარსა.
15. შატაბუტამ მისვლისთანავე წვლილად უამბო პიკროშოლსა, რაცა ნახა და რაცა თავსა გარდახდა.
16. ბოლოს უცხოდ ამჭევრმეტყველდა და სცადა, ეგების პიკროშოლი როგორმე დავიყოლიო და დავაზავო გრანგუზიესაო, რომელსა აწ ყოვლისა უპატიოსნეს კაცადა რაცხდა დედამიწის ზურგზედ;
17. მეზობელი კარისაო, სინათლეა თვალისაო, ტყუილუბრალოდ არცრა არ უნდა ვაწყენინოთ ჩვენთა ახლომდგომთ, რომელთაგან კარგისა მეტი არა მოგვაგონდება რაო;
18. უპირველესი აზრი კი იმის ლაპარაკისა ის იყო, რომ ომისა გამო ჭირსა და ვაგლახში ჩაცვივოდნენ, რამეთუ პიკროშოლსა ილაჯი ჰქონდა გაწყვეტილი და გრანგუზიე იოლად მოერეოდა.
19. შატაბუტამ სიტყვისა გასრულება ვერც მოასწრო, რომ დაბდურამ ხმა აღიმაღლა:
20. ‒ ვაი იმ ხელმწიფისა ბრალი, ვისაცა მართლა ამისთანა შატაბუტა ხალხი ახვევია, აგრე ადვილად მოსასყიდი:
21. ზედ აწერია, დასტურ გვიღალატებდა თავად ვაჟკაცობანაღალატარი, მტრისა ბანაკში ყოფნასა ირჩევდა და თანამდგომთ შემოგვიტევდა, უკეთუ მტერი ისურვებდა და თავისთან დაიტოვებდა.
22. მაგრამ მარტო ქველსა და გულოვანსა კი არ განადიდებენ ყოველნი, მტერნი და მოყვარენი, მუხანათიცა ეგრევ ერთნაირად სძაგს სუყველასა, და თუ მტერი მუხთლობასა და ორგულობასა გამოსარჩენად იყენებს ხოლმე, მუხთალი და ორგული კაცი იმასაც ეჯავრება.
23. ამას რას მაკადრიანო, ლამის გაგიჟდა შატაბუტა, წამერთ ამოიწოდა ხმალ-დელამფარი და მარცხენა ძუძუსა ზევით უგმირა დაბდურასა, რომელმაც მსწრაფლ წერილი წაიღო საიქიოსა, შატაბუტამ კი ცხედარსა მახვილი ამოაძრო და რიხითა წართქვა:
24. ‒ სუყველას ამისა ბედი ეწევა, ვინცა ერთგულ შინაყმასა ცილსა შესწამებს!
25. ფხასისხლიანი ხმლისა დანახვამ ანაზდად გააშმაგა პიკროშოლი და გაცეცხლებულმა შეჰყვირა:
26. ‒ ნუთუ ეგ ხმალი იმად მოგცეს, რომ ჩემთა თვალთა წინ ესრეთ მუხანათურად მოგეკლა კეთილი მოყვასი ჩემი დაბდურა?
27. და უბრძანა თავის მშვილდოსანთ, ეხლავ აკუწეთ შატაბუტაო.
28. ბრძანება და აღსრულება ერთი იყო, და თან ისე სასტიკად აღასრულეს, იქაურობა მთლად სისხლმა შეღება;
29. მასუკანით დაბდურას ცხედარი დიდის პატივით მიაბარეს მიწასა, შატაბუტას ნეშტი კი იქავ კოშკიდან ხრამში ისროლეს.
30. ამა საზარელი დასჯისა ამბავი მალე მთელსა ლაშქარსა მოედო.
31. ზოგ-ზოგნი უკვე დრტვინავდნენ, ჩუმ-ჩუმად დედ-მამასა უტრიალებდნენ პიკროშოლსა და ერთმა, ყურძნისა ქურდად ხმობილმა შინაკაცმა, უთხრა კიდეცა პირში:
32. ‒ მეფეო, ამა ჩვენსა განზრახვასა რა მოჰყვება, ვერ გეტყვი, მაგრამ ერთი რამ თვალადსაჩენია: ხალხი დაგვიძაბუნდა, სასმელ-საჭმლისა შიში აქვთ, არ გვეყოფაო.
33. იმ ერთი-ორჯერ ციხიდან გარეთ გასვლამაც ძლიერ შეგვათხელა და შეგვფერთხა, მტრისა ლაშქარსა კი ამაობაში ახალი მხედრობა შეეწევა, და ალყასა შიგან თუ მოგვაქციეს, ვეღარა გვიშველის რა, უცილოდ დავიღუპებითო.
34. ‒ არცა ეგრეა, არცა ეგრეა! ‒ წართქვა პიკროშოლმა.
35. ‒ იმ ერთი თხუნელისა არ იყოს, თვალთ წინ-წინ ითხრით, ქვეყანა უნდა დაიქცეს, აღარ გათენდებაო. ნეტამც მოვიდოდნენ, არა მინდა რა!
49
1. XLVIII. ვითარ მიუხდა გარგანტუა პიკროშოლსა ლაროშ-კლერმოში და რარიგ შემუსრა ჯარ-ჯარამათი ხსენებული პიკროშოლისა
2. გარგანტუამ თავად დაიკისრა უზენაესი მხედართმთავრობა.
3. მამამისი ციხე-დარბაზში დაშთა, სპა-ლაშქარი კეთილი სიტყვითა გაამხნევა და დაჰპირდა, ვინაცა თავსა ისახელებს, საბოძვარსა უხვად შევძღვნიო.
4. მცირე ხანსა უკან მხედრობა ვედისა ფონსა მიადგა, და ზოგნი ნავითა, ზოგნიცა ხელჩქარად გადებული ხიდითა, ფიცხლავ წიაღ გახდნენ.
5. მერმე მიდგნენმოდგნენ, მდებარეობა გაუსინჯეს ციხე-ქალაქსა, რომელიცა მაღალზედ იყო გაშენებული, მტრისგან თავის დასაცავად მარჯვე ადგილასა, და გარგანტუამ გარდაწყვიტა, დღეს რაღა იქნება და ხვალისა საქნელსა ამაღამ მოვიაზრებო.
6. მაგრამ გიმნასტმა უთხრა:
7. ‒ მეფეო, თავიანთი ბუნებითა და ზნითა ფრანგნი მარტოდენ პირველჟამად არიან ყოჩაღნი.
8. პირველში ეშმაკთ უარესი საქმე იციან, ხოლო პატარა თუ შედგნენ, მერე მორჩა, დიაცთაც ვერ გაუმკლავდებიან.
9. მაშ, მიდი, ცოტა სული მოათქმევინე და ეგრევ დასძარ მტერზედ ლაშქარი.
10. გიმნასტისა აზრი სუყველას ჭკუაში დაუჯდა.
11. გარგანტუამ ჯარი მთლივ ერთ ტრიალ მინდორზედ გაშალა და გაღმა მთისა გვერდაზედაც ჩაასაფრა ხალხი.
12. ბერმა ექვსი ქვეითი რაზმი და ორასიცა აბჯროსანი გაიყოლა, ჰაიჰარათი განვლო ჭაობ-ჭანჭრობნი და ლუდენისა შარაზედ გავიდა, პიუი კი ქვეითკენ დარჩა.
13. ამაობაში მიტევა გრძელდებოდა.
14. პიკროშოლისა კაცთ არღა იცოდნენ, რა ექნათ, ციხიდან გამოსულიყვნენ და მტერსა ხმალდახმალ შებმოდნენ თუ ფეხი არ მოეცვალათ და ციხექალაქი დაეცვათ.
15. ბოლოსა ვეღარ მოითმინა პიკროშოლმა, სისხლი მოაწვა ყელში, აბჯროსანთა რაზმი იახლა და გალავანგარეთ გამოვიდა,
16. მაგრამ იმისთანა ცეცხლი დაუშინეს, ზავთითა და ზათქითა გორი-გორ გადამავალი, რომ მთისა გვერდაზედ ჩასაფრებულნი გარგანტუელნი ფიქრსა მიეცნენ, ემანდ ჩვენვე არ შევაბრკოლოთ ჩვენივ ზარბაზან-ქვემეხნიო, და ისევ ტრიალ მინდორზედ უკუდგომა იზრახეს.
17. გალავანგარეთგამოსულნი მედგრად საგრობდნენ, ოღონდ იმათი ისარ-ბოძალი მაღლა-მაღლა ქროდა და ვერცვისა ვერასა აკლებდა.
18. ვინცავინ ცეცხლსა გადაურჩა, გაშმაგებულნი ეკვეთნენ ჩვენთა კაცთ, მაგრამ არა გამოუვიდათ რა, მსწრაფლ მოისრნენ ალყაშემორტყმულნი.
19. დანარჩენთ ის იყო უკან წასვლა დააპირეს, რომ ბერმა უყელა, და ვინ საით გაიჭრა თავქუდმოგლეჯილი, არავინ უწყოდა.
20. ზოგ-ზოგნი ჩვენებურნი ძალაზედ იდგნენ, გინდა თუ არა, ოტებულთ უნდა დავედევნოთო, და ბერმა შეაყენა, ვინადგან შიშობდა, მტრისა დევნა-დევნაში თავიანთ ლაშქარსა განეშორებიანო, მეციხოვნენი კი ამით ისარგებლებენ და წირვასა გამოუყვანენო.
21. კარგა ხანს უყურა ბერმა, უთვალთვალა და როს დარწმუნდა, ციხისა გარეთ ჯერჯერობით, ალბათ, არ გამოვლენო, ჰერცოგი ფრონტისტე გაუგზავნა გარგანტუასა და დააბარა, უთხარ მარცხენა გორაკი დაიჭიროს და, ამრიგად, არამცა და არამც არ გაატაროს პიკროშოლი მარცხენა კარიბჭითაო.
22. გარგანტუა წამიერ არ შეყოვნებულა, ადგა და სარდალ სებასტისა ლეგიონთაგან ოთხი გუნდი ეგრევ გაგზავნა.
23. მაგრამ ისინი გორაკამდისა არცა იყვნენ მისულნი, რომ პიკროშოლსა და იმის შეფერთხილ ლაშქარსა გადააწყდნენ.
24. ჩვენთა მეომართ არცა აცივ-აცხელეს, ფიცხლად შეუტიეს და ზარალი ბევრი ნახეს, რადგანაც ციხისა გალავნითა ბირთვნი და ისარნი დააყარეს.
25. სროლა მაშ, აბა აწ ჩვენიცა ნახეთო, შეუძახა გარგანტუამ, და ისეთი ბათქაბუთქი აუყენეს იმ გალავნისა კედელსა, რომა მტერმა მთელი თავისი მხედრობა იქ მოაყარა.
26. ბერმა რა ირწმუნა, საითაც მე ჩემი ხალხითა ვარ, აქეთა მხრით ციხე-ქალაქსა არცვინ იცავსო, თან წარიტანა ნაწილი თავისი რაზმისა, გაქანდა უებრო ვაჟკაცობითა აღძრული და გალავნისა კედელსა ზედ მოექცა,
27. რამეთუ ჰგონებოდა, მტერსა შიშისა ზარსა იმოდენად პირისპირ შებმულნი არა სცემენ, რაოდენადაც ანაზდად მისულნიო;
28. თუმცა კრინტი მანამ არ დაუძრავს, სანამ ყოველნი მოსაგრენი კვალდაკვალ არ აჰყვნენ ქავ-ციხეზედ, თვინიერ იმ ორასი აბჯროსანისა, რომელნიცა სავინიცობოდ ძირსა დატოვა.
29. მერმე კი ერთბაშად მორთო ღრიალი და აღრიალდნენ მოლაშქრენიცა, წამისყოფით გადაქელეს იქავ ელამონთან მდგარნი მცველნი, რომელთ ხელიცა არ გაუნძრევიათ, გახსნეს ალაყაფისა კარი, გარეთ დარჩენილი ორასივე აბჯროსანი შიგ შეუშვეს და სუყველანი ერთად გაცვივდნენ,
30. მიაწყდნენ აღმოსავლეთისა ჭიშკარსა, სად ხელჩართული ბრძოლისა ცეცხლი ენთო, და უკანით ეტაკნენ მტრისა ჯარ-ჯარამათსა, დაძალეს და ზურგზედ ბოლი ადინეს.
31. პიკროშოლისა კაცთ რა დაინახეს, ყოველგნით გარშემორტყმულნი ვართო, და გარგანტუელნიცა უკვე ციხექალაქში იყვნენ, მოდრიკეს თავი და ბედსა დამორჩილდნენ.
32. ბერისა ბრძანებითა მტერსა მაშინვე აჰყარეს თოფ-იარაღი, შერეკეს ეკლესიასა შინა და კარი გამოუკეტეს, თუმცა ბერმა მაინც ჯარისკაცთ ჩააბარა იმათი თავი, დარაჯად დაუყენა, არსად წავიდნენო, და საცა ერთი ჯვრისა ძელი იყო, სულ იქ მოაგროვა;
33. შემდგომ განხვნა აღმოსავლეთისა ბჭენი და გარგანტუას საშველად გაეჩქარა.
34. თავმოიმედე პიკროშოლმა კი იფიქრა, ციხე-ქალაქითა ჩემდა შეწევნად კაცნი გამოუგზავნიათო, და წინ ისერიგად გაიწია, გარგანტუამ ხაფად შეჰყვირა:
35. ‒ ძმაო ჟან, შენი ჭირიმე, ძმაო ჟან, სულზედ მომისწარი!
36. აწ მართლა დავიღუპეთო, მიხვდა მაშინ თავის ხალხთან ერთად პიკროშოლი, და ვიეთნი აღმა გარბოდნენ, ვიეთნი დაღმა.
37. გარგანტუამ ზედ ვოგოდრისა კარამდისა სდია ოტებულთ და უწყალოდ ჟლიტა, მერმე კი ჯარისა უკან გამობრუნება ბრძანა.
50
1. XLIX. რა შავი დღე დაადგა გზად პიკროშოლსა, და რაგვარ მოიქცა გარგანტუა ბრძოლისა შემდგომ
2. იმედგადაწურულმა პიკროშოლმა ილ-ბუშარსა მიაშურა;
3. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, რივიერისა გზაზედ ცხენი წაუბორძიკდა და წაექცა, ამა ამბავმა კი ისეგვარად დაბოღმა, უმალ ხმლითა დაკლა ცხენი იგი.
4. რაკი არცა სხვა ცხენისა მომრთმევი ჩანდა ვინმე და არცა მოახლე ჰყავდა, პიკროშოლი გულისხმასა ჩახვდა, თავი მოიმოახლა და იქავ შორიახლო მეწისქვილისა ვირსა დაადგა თვალი.
5. მაგრამ წისქვილსა მიტანებული არ იყო, გამოუცვივდნენ მესაფქვავენი, ერთი კარგა მიბეჟეს, რაც რამ ზედ ეცვა, გახადეს და ბრანძიძველა მოასხეს ტანტარასა.
6. და გზასა ჩაქშეხეული, აბრანძული გაუდგა ბედშავი ბაბაყული;
7. როს პორ-იუოსთან მდინარესა გახდა, წინ ერთი კუდიანი დედაბერი შემოეყარა, და ნამეფარმა წვლილად უამბო თავისი თავგადასავალი, დედაბერმა კი თავისა მხრით უკითხა, შენი საქმე წაღმა წავა, როცა ვირი ხეზედ გავაო.
8. ის დღეა, და პიკროშოლისა არცვის არა სმენია რა.
9. ამას წინათ კი ყური მოვკარ, ლიონშია, დღიურად გამოდისო, რაც ბაიყუში და ბაბაყულიც იყო, ისევ ის არი, არ გამოცვლილაო, ვისაც თურმე სხვამხრელსა ხვდება, სუყველას იმას ეკითხება, სადმე ვირი ხეზედ ხო არ გასულაო;
10. ჩანს, იმა ულუკმა დედაბერმა რაცა უმარჩიელა, გულსა ჩარჩენია და იმედიანობს, საბრძანებელსა დავიბრუნებო.
11. მტერმა ზურგი უჩვენა თუ არა, გარგანტუამ ხალხი დაითვალა თვისი და დაინახა, რომ ბრძოლაში ცოტანი დაცემულიყვნენ, სახელდობრ რამოდენიმე ქვეითი აკლდა, ჯართუფროს ტოლმერისა რაზმელნი, და პონოკრატეცა მკერდში იყო სიათისა ტყვიითა დაკოდილი.
12. შემდგომ გარგანტუამ დასვენება და დანაყრება ბრძანა, ოღონდ თავისა ლაშქარსა არვინ არ უნდა განშორებოდა,
13. მესაუნჯეთ სასმელ-საჭმლისა ფული უკლებლივ უნდა ჩაეთვალათ იქაურ მკვიდრთათვისა და, რახან ციხე-ქალაქი იგი კვალად გრანგუზიეს ხელთ იყო, მეკომურმსახლობელთა უპატიურობა არცვისგან არ ეგებოდა.
14. თვინიერ ამისა, ბრძანებისამებრ, ხასისა ჯარი ნასადილევსა ციხე-დარბაზისა წინარე ფორზედ გამოვიდოდა, რათა კარისკაცთ ექვსი თვისა საფასური წინ-წინ მიეღოთ, და მიიღეს კიდეცა.
15. მერმე ბატონიშვილმა იმავ ადგილას შეაყრევინა გადარჩენილი ხალხი პიკროშოლისა და დიდგვართა და მხედართმთავართა თანადასწრებით სეფესიტყვით მიმართა დაჯარულთ.
51
1. L. სეფესიტყვა გარგანტუასი, ძლეულთა წინაშე თქმული
2. „ცხონებული მამა-პაპანი ჩვენნი, ბუნებითად ლომგულნი და ლომგმირნი, ოდეს ომსა თავიანთ სარგოდ გაასრულებდნენ და გამარჯვებასა ზეიმობდნენ,
3. უმჯობესად რაცხდნენ, რომა ძლეულთა გულში კაცთმოყვარეობითა დაედგათ დიდ-დიდნი ძეგლნი, აბჯარ-აბგრითა შემკულნი, და არა დაპყრობილ მიწა-წყალსა ზედა თვალუწვდომი ხუროთმოძღვრული რამ აეგოთ სახსოვრად,
4. რამეთუ ცოცხალი კაცობრივი სიტყვა უფრორე უღირდათ, ჩვენი უბოროტობისა ამბავსა არ წაშლისო, ვინემ მკვდარი ენა სვეტთა, თაღთა და მურყვამთა, რომელთ, სხვა არა იყოს რა, არცა ავდარი ინდობს და არცა კიდევ ადამისა შვილთა შური!
5. დასტურ საკმაოა მოსაგონებლად, რა გულჩვილობა გამოიჩინეს იმათ ბრეტონელთა მიმართ სენტ-ობენ-დიუ-კორმიეს ომში და პარტენეს დაქცევისა ჟამსა.
6. ჰაი, ჰაი, რომ გიკვირდათ აღტაცებულთ, რარიგ გულმოწყალედ მოექცნენ ისინი ესპანიოლელ ბარბაროსთ, უმოწყალოდ რომ აიკლეს, დაარბიეს და გაძარცვეს ნავთსაყუდელი ოლონი და სრულად ტალმონდისა ზღვისპირა მხარე.
7. თქვენთა ბაგე-პირთაგან და მამათა თქვენთა ბაგეთაგან აღმომხდარი ქება-დიდება და მისალოცავი ღაღადება ცად ადიოდა, როს ალფარბალი, მეფე კანარიისა, ვინაცა, პყრობას დახარბებული, ყაჩაღებრ დაესხა ონისა ქვეყანასა,
8. მეკობრისა საკადრად დააშინა ჭალაკნი არმორიკისა და იქავ გვერდმდებარე სამთავრონი, ბოლოსა და ბოლოს ზღვასა შინა თანასწორ ომში შემუსრა და წარტყვევნა მამამან ჩემმან, ვის თავად უფალი ღმერთი შეეწეოდა და იფარვიდა.
9. და რა ქნა, არ იკითხავთ? რა ქნა და, განსხვავებით სხვა ხელმწიფეთაგან და იმპერატორთაგან, თავი რომ მოაქვთ, კათოლიკენი ვართო, და მაინც შავსა დღეს აყრიან ტყვევნილთ, მზისა შუქისა ნატრულსა ხდიან და ზომისა უაღრეს გამოსახსნელ თეთრსა სთხოვენ,
10. ახლა ალფარბალმა რაღა ქნა, არ იტყვით?
11. შინ მიბრუნდა თუ არა, მიიხმო დიდგვარნი და ქალაქთაგან რჩეულნი კაცნი თავისი სამეფო-ქვეყნისა, ყოველივე უამბო,
12. ვითარ სულგრძელად მოეკიდნენ ჩვენში და დაავედრა, მსწრაფლ სხვათა მისაბაძველი რამ ვიღონოთო, რათა ჩვენი კაცობისა და ზრდილობისა წილ კაცობითა და ზრდილობითავე მოეზღოთ.
13. ადგნენ ისინიცა და ერთხმივ გადაწყვიტეს, რომ მთელი თავიანთი ადგილმამული და სამკვიდრებელ-საბრძანებელი ჩვენი საკუთრება გაეხადათ.
14. მაშინ ალფარბალმა არღა დააყოვნა, თავისი ფეხით წამოვიდა, კვალად მოგვადგა და თან ცხრა ათას ოცდათვრამეტი უშველებელი ხომალდი მოიყოლა, სუყველა განძითა დაყათრული,
15. ოღონდ ოდენ პირადი საჭურჭლენი კი არ დაეცალა და არცა თავისი სამეფო გვაროვნებისა საუნჯენი, არამედ ყოველგნით მოეგროვებინა, რამეთუ ხომალდნი მისნი როცა დასავლეთ-ჩრდილოაღმოსავლეთისა ქარისა მოლოდინში სადმე ნაპირსა მიადგებოდნენ,
16. იქაურნი მსახლობელნი ერთმანეთსა აღარ აცლიდნენ, მოჰქონდათ და მოჰქონდათ ოქრო და ვერცხლი, ბეჭედსამკაულნი, ძვირფასიერება, ტკბილ-ტკბილნი საჭმელნი, სანელებელნი, სუნნელნი,
17. ზოგთაც ნადირ-ფრინველნი მოჰყავდათ, ცივეტა და თუთიყუში, ვარხვი, მაიმუნი, გენეტა და მაჩვზღარბი.
18. რა მოვიდა და ეახლა, ალფარბალმა მამასა ჩემსა ფეხთა დაკოცნა მოუნდომა, მაგრამ მამაჩემმა არ დაანება, წამოაყენა და მოყვარესებრ მიირქვა.
19. რაჟამსა ალფარბალმა ძღვენზედ ჩამოუგდო სიტყვა, ეგ არ გამაგონოო, მეტისა მეტად დახარჯულხარო, უარზედ დადგა მამაჩემი.
20. ალფარბალმა ნებაყოფლობით დედა-ბუდიანად მონა-მორჩილობა აღუთქვა, მამაჩემმა კი აშა ჰკრა, უსამართლობასა ნუ მაქნევინებო.
21. რჩეულთა კაცთა რჩევისამებრ იმან სრულად თავისი ადგილ-მამულისა და სამეფო-ქვეყნის დათმობა უთხრა და საბოძვრისა წიგნი მოართვა, ხელმოწერილი, დაბეჭდილი და დამტკიცებული ყველასგან, ვისაც საქმე ესე ეკუთვნოდა.
22. გარნა მამაჩემი თანახმა არა და არ გაუხდა, ადგა და იმის მოტანილნი სიგელ-გუჯარნი ეგრევე ცეცხლსა მისცა.
23. რაღა ბევრი გავაგრძელო, საქმე იმით გასრულდა, რომა ალალად მოსულ კანარიელთა უზაკველმა სიტყვაპასუხმა მამაჩემსა გული აუჩუყა და იმათი სიბრალულითა ცრემლი ღვარად წასკდა.
24. მერმე კი იმა შემთხვევისდა კვალად იენამზევა და სულ გააქარწყლა, რაც რამ კანარიელთა მიმართ მადლი ექმნა, ესევითარი კეთილისმყოფლობა ჩალადაც არა ღირსო, გადამეტებულ სიქველესა ჩემსასა ნუ იტყვითო, რისი მოვალეცა ვიყავ, ის გიყავითო.
25. ალფარბალი კი თავისას მაინც არ იშლიდა, უმეტესად აღამაღლებდა და ხოტბასა ასხამდა მამაჩემსა.
26. და რა გგონიათ, რა მოხდა? რა მოხდა და, აქაოდა ალფარბალისა გამოსახსნელად შეგეძლოთ, რომა უწყლოდ დიდძალი ფასი, ანუ ორი მილიონი ეკიუ მოგეთხოვათო
27. და კიდევ უფროსნი ვაჟნი მისნი, ვითარცა მძევალნი, არ გამოგეშვათო, კანარიელთ სამარადჟამოდ ჩვენდა მოხარკედ ცნეს თავი თვისი და ყოველწლიურად ოცდაოთხკარატიანი ორი მილიონი ოქროს ფულისა გადახდა იკისრეს.
28. პირველ წელიწადსა არცა დაუკლიათ და არცა დაუმატებიათ, ზუზივ ჩაგვითვალეს, მეორე წელიწადსა თავიანთი ნება-წადილისამებრ ორი მილიონ სამასი ათასი მოგვართვეს, მესამედ ‒ ორი მილიონ ექვსასი ათასი, მეოთხედ ‒ ზუსტად სამი მილიონი,
29. და ყოველ წელიწადსა გვიდიდეს და გვიდიდეს, სანამ სულ უარი არა ვთქვით ხარკზედა.
30. დიახაც ესეგვარია თვისება მადლიერებისა, რადგანაც ჟამი ქვეყნად ყოველივეს თუ იავარყოფს და აკნინებს, სამაგიეროდ კეთილსა საქმესა განადიდებს და განამრავლებს,
31. რაკიღა დამნახველ კაცსა არაოდეს არავისი ქველი მექმეობა არ ავიწყდება და იმა სიკეთესა ნიადაგ აღორძინებს თვის წმინდა გონებასა და გულში.
32. არამცა და არამც არცა მე ვაპირებ ჩვენი გვარის წესისა და რიგის, ანუ გულკეთილობისა ღალატსა და გამიშვიხართ, დღეისა წაღმართ თავისუფალნი გამიხდიხართ კვალად.
33. თვინიერ ამისა, ვიდრე ქალაქითგან გახვიდოდეთ, თვითეულსა იმოდენ ფულსა მოგიბოძებენ, სამი თვე ოჯახისა შესანახად რომ გეყოთ,
34. და რათა ჩვენთა მდაბიორთაგან გზად არავინ გადაგიდგეთ, თან ასაბიას გაგაყოლებთ, ექვსას აბჯროსანსა და რვა ათას ქვეითსა, რომელთ ჩემი მეჯინიბე, სახელად ალექსანდრე, უთავკაცებს და შინ მშვიდობიანად მიგიყვანენ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
35. დია ვწუხვარ, რატომ პიკროშოლიცა აქ არ არის, თორემ ავუხსნიდი, რომა ომი ესე ჩემდა დაუკითხავად ატყდა და აზრადაც არა მქონია ამდაგვარად ქონებისა და სახელისა მოხვეჭა.
36. მაგრამ რახან მიწამ პირი უყო და არცვინ უწყის, სად გადაიკარგა, უნდა ავდგე და სამეფო ქვეყანა იმისი შვილსავე შევძღვნა იმისასა,
37. თუმცა ჯერეთ უსუარია (ხუთისაც არ გამხდარა) და სხვა გზა არ არის, დასამოძღვრავად და აღსაზრდელად თქვენივ ქვეყნისა ასაკმოსულ დიდმთავართ და მეცნიერთ მივუჩენ.
38. ოღონდ ანგარიშგასაწევი ის არის, რომა ესდენ სიღარიბეში ჩავარდნილი სამეფო სულ ადვილად გაჩანაგდება, უკეთუ განმგებელთა გაუმაძღრობასა და სიწუწკესა საზღვარი არ დაედო,
39. და ამიტომ მოთვალიერედ პონოკრატეს დავუყენებ, თანვე ჯეროვანი სრულშემძლებლობითა აღვჭურავ და მანამ ეყოლება მეფისა მემკვიდრესა გვერდითა, სანამ იგი თავისით არ შეიძლებს მართვა-გამგებლობასა და საქმის გაძღოლასა.
40. ცნობილია, რა ბიწიერი და განმრყვნელი რამ არის ღვთისა გარეგანთა ნებაზედ მიშვება და მიტევება, რამეთუ ამითა ჩვენდა სავნებლად ვაიმედებთ, მაინც შეგიწყალებთო, და ისინიც უშიშრად სჩადიან ძვირსა და ბოროტსა.
41. ცნობილია აგრეთვე, რა უწყალოდ სჯიდა მოსე, იმჟამინდელ კაცთაგან ყოვლისა უფრორე უწყინარი, მეამბოხეთა და შფოთისა თავთ, ისრაელისა ამშლელთ.
42. და ისიცა კარგად ცნობილია, რომა თავად მხედართმოძღვარი იულიუს კეისარიც კი, ვინაც ციცერონსა ათქმევინა, ბედმა ვერცრა ისეთი ვერ შესძინა, რაიცა იმას უკვე არა ჰქონდაო,
43. და უბედნიერესი იგი მხოლოდ მაშინ იყო, უკეთუ ვისმეს უშველიდა და შეიწყალებდაო, ხანდახან სუყველას სისხლსა არწყევინებდა ხოლმე, ვისაც არეულობისა მოთავედ დაიგულებდა.
44. იმათი არ იყოს, ვინემ წახვიდ-წამოხვიდოდეთ, მოვითხოვ და უნდა მომგვაროთ, ჯერ ერთი, ის თქვენი საყვარელი მარკე, ვისი უგუნური დიდგულობაცა ამა ომისა საბაბი და პირველმიზეზი გახდა,
45. მეორეცა, ამხანაგნი მომიყვათ იმისნი, მეპურენი, რომელთ ერთხელ არ დაუწიეს კალთა და არ უკიჟინეს, გიჟობასა თავი გაანებეო,
46. და, ბოლოს, სუყველანი აქ მოასხით პიკროშოლისა სამსჯავროს წევრნი, სარდალნი, ჯართუფროსნი და შინაკაცნი, ვინცავინ იმასა ჭირსა სჭამდა, გუნდრუკსა უკმევდა, ურჩევდა, აგულიანებდა, და იმანაც აკი დაუჯერა, საზღვარნი დაგვირღვია და ამისთანა დღეში ჩაგვყარა“.
52
1. LI. ვითარ დაჯილდოვდნენ მძლეველნი გარგანტუელნი ბრძოლისა შემდგომ
2. როგორც კი გარგანტუამ სიტყვა გაასრულა, უწინააღმდეგოდ მიჰგვარეს ჩხუბისა ამშლელნი, ვისი მიგვრაცა თავად ინება, თვინიერ შუშუბრიქასი, შლუსი და ტინგიცასი,
3. რომელთ ბრძოლისა დაწყებამდის ექვსი ჟამითა ადრე ამოეძუებინათ კუდი, ‒ ერთი ანიელისა ხეობაში გაქცეულიყო, მეორესა ვირისა ტაშირი აერჩია, მესამე კი ლოგრონოში გასულიყო, სულ თავ-პირისა მტვრევითა და ფხოჭა-გლეჯითა ერბინათ ოტებულთ.
4. და სათვალავსა კიდევ ორი მეპურე აკლდა, რამეთუ ბრძოლისა ველზედ წაეგოთ თავი.
5. გარგანტუას არცვისთვისა მიგვრილთაგან ურიგო არა უქნია რა, მარტო ეგ იყო, სუყველას ცალ-ცალკე დაზგა მიუჩინა თავისა ახლად გახსნილ წიგნთსაბეჭდავში.
6. მერმე დახოცილთა დამარხვა ბრძანა, ნუარეტისა ველსა და ბრიულვეის ვაკესა შინა პატივითა დაკრძალეთო.
7. ხოლო დაჭრილდაკოდილნი თავის უმთავრეს სასნეულოში გადააყვანინა, უწამლეთ და გამოამრთელეთო.
8. შემდგომად ამისა ყველაყა ზუსტად შეიტყო, რა ზარალიცა ქალაქსა და იქაურთ მოსვლოდათ, და განკარგულება მოახდინა, ყოველივე უკლებლივ შეზღეთ იმისდა კვალად, რისა შეზღვასაც ხალხი ზენარობითა იტყვისო,
9. და კიდევ ქალაქსა შიგან აგება ისურვა ციხისა, სად მოდარაჯედ, ანუ გუშაგად მეციხოვნე ლაშქარსა ჩააყენებდნენ, რათა ქალაქი შემდგომად უკეთ ყოფილიყო დაცული ანაზდეული თავდასხმის ჟამსა.
10. წასვლისა უწინარეს გარგანტუამ მადლობა შესძღვნა ნაბრძოლ-ნაომარ ჯარისკაცთ და საზამთროდ დაბინავება ბრძანა სუყველასი, გარდა ფრიად გამორჩეული როქისა სპისა და რამოდენიმე ჯართუფროსისა, რომელნიცა თან წარიტანა გრანგუზიესთან.
11. და მივიდნენ ძლევითა მოსილნი სასახლეში, მოიხილეს მადლცხებული მეფე და დია გაუხარეს გული.
12. იმანაც წამისყოფით იმისთანა დიდმშვენიერი, მდიდრული და უხვი პურობადარბაზობა გაუმართა, რომლისა დარიც არცვისა არ ახსოვს არტაქსერქსე მეფისა დროითგან მოკიდებული.
13. და სუფრასა რა აუმატეს, ადგა მეფე-ბატონი, გამოატანინა რაც კი რამ შინა სამსახურებელი ჭურჭელი ეპოვებოდა, მილიონ თვრამეტი ათას თოთხმეტი ოქროს ბეზანტისა საერთო წონისა, და სულ იმათ დაურიგა.
14. ჰაი მრავლისა უმრავლესი დიდ-დიდი ანტიკური ლანკანიო, ჰაი უამრავი ლაგვინიო, ჰაი ბევრად ბევრი ფილჯამიო, ურდავი ფიალაო, თასიო, ლაგვინარიო,
15. შანდალიო, ფინჯანიო, ჰაი ურიცხვი ლარნაკიო, უზღვავი სატკბილეულო ფეშხუმ-ბარქაშიო, და სხვაც აუარებელი რამ მისთანანი შესძღვნეს ძლევამოსილთ.
16. თანაც კიდევ, არ დაგავიწყდეთ, სუყველაფერი ბაჯაღლო ოქროსი იყო და ოქროზედ უფრორე ძვირფასიანი სპეკალითა, მინანქრითა და ჩუქურთმითა შემკულ-მოოჭვილ-მონახჭული.
17. მაგრამ გრანგუზიემ არცა მარტო ამას დააჯერა, სალარონი დაახსნევინა და კაცისა თავზედ მილიონ ორასი ათასი ეკიუ გაიღო,
18. მერმე იქავ ბრძანებაც ზედ მიაყოლა და თვითეულსა სამუდამო საკუთრებად ებოძა (უკეთუ უძეოდ არ გადაშენდებოდა) ცალკე ციხე-კოშკი და ცალკე ახლომახლო ადგილ-მამული, ვინცა რისა მოსურნე იყო.
19. პონოკრატემ ლაროშ-კლერმოს დაადო ხელი, გიმნასტმა ‒ კუდრესა, ევდემონმა ‒ მონპანსიესა, ტოლმერმა ‒ რივოსა, იტიბოლმა მონსორო შეიხვედრა, აკამასმა ‒ კანდი, ქირონაქტმა ‒ ვარენი, სებასტმა ‒ გრავო, კენკენე ალექსანდრეს ერგო, ლიგრე ‒ სოფრონსა,
20. და უწილკერძოდ კაცი არ დარჩენილა.
53
1. LII. ვითარ ბრძანა გარგანტუამ ბერისა სახელობაზედ თელემის სავანისა აგება
2. მარტო ერთი ბერიღა იყო უბოძვარი.
3. გარგანტუამ იმას სეს აბატობა დაუპირა, მაგრამ ბერი უარზედ დადგა.
4. მაშინ გარგანტუამ ბურგეილისა და სენ ფლორანის სააბატონი შესთავაზა, რომელიცა გინდოდეს, აირჩიეო, თუ არადა, ორივ შენი პირისანახავი იყოსო.
5. ბერმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მაგას ნუ მიზამ, ბერ-მონაზონთ თავს ნუ მომახვევო.
6. ‒ სხვას რარიგ გავუძღვე, ‒ უთხრა ბერმა, ‒ ოდეს თავად გასაძღოლი ვარ?
7. უკეთუ საჩინო რამ სამსახური გამიწევია და, ჰგონებ, კვლავაც გამიწევსო, მაშ, სადმე ერთი სააბატო ჩემი გუნებისად ამაგებინე.
8. ბერისა სიტყვა ჭკუაში დაუჯდა გარგანტუასა და სრულად თელემისა მხარე მიუბოძა თვით ლუარამდის, პორ-იუოს უსიერი ტყიდან ორი ათასი ნაბიჯისა სავალზედ.
9. და ეაჯა ბერი, რახან აგრეა, ბარემ სავანეც იმისთანა დამადგმევინე, რომლისა ბადალიც მთლად ქვეყანაზედ არ იპოვებოდესო.
10. ‒ მაშ, აბა უგალავნო აგვიგია, ‒ მიუგო გარგანტუამ, ‒ რამეთუ დანარჩენი სააბატონი მიუვალგალავნიანია სუყველა.
11. ‒ დიახაც უგალავნო, ‒ კვერი დაუკრა ბერმა, ‒ რასაცა გალავნისა კედელი არტყია, მუნ შურ-მურმურია და ზაკვა.
12. ‒ კიდევ ერთი რამ არ დაგავიწყდეს, ‒ უბნობდა გარგანტუა.
13. ‒ ზოგ-ზოგ სავანეში წესად მოსდგამთ: უკეთუ დიაცი ვინმე შევა (სათნოსა და უმანკო დიაცსა ვამბობ), სადაცა ფეხსა დაადგამს, ჩქარ-ჩქარა ასუფთავებენ იქაურობასა.
14. ჩვენი წეს-რიგისდა კვალად კი: ვინცავინ ბერი თუ მოლოზანი შემთხვევით სადგურსა გვთხოვს და დავაყენებთ, მერმე გულდაგულ უნდა მივალაგოთ იმათი ნადგომი.
15. ვინათგან სავანეთა შინა ყოველივესა ყოველგან საათობრივ ზომავენ, თვლიან და ნიშნავენ, სწორედ ამად უნდა აეკრძალოთ საჟამონი და საათისა მაჩვენებელნი საჟამოსა ფიცარნიცა.
16. როდის რა საჭირო საქმე უფრო მარჯვედ მოვა, მაშინ უნდა მოვკიდოთ ხელი, რამეთუ საათისა ცქერა და დროისა ანგარიში დასტურ წყალში ჩაყრაა ჟამისა.
17. ანდა რა ხეირია მართლა? გიჟური საქმეა და მეტი არაფერი, ოდეს ზარისა რეკვითა საზრავ რასმე და არა საღი ჭკუა-გონებითა სჯი.
18. Item, ვინაიდან აწ დედათაგან თუ სადმე ვინმეა ელამი, კოჭლი, კუზიანი, გონჯი, პირნასი, რეგვენი, შერეკილი, გარყვნილი და დუხჭირი მონასტერთ ისინი აწყდებიან, ხოლო მამათგან იქ მარტო უღონონი, უაზნონი, ბრიყვნი და სხვისი ხელისა შემყურენი არიან...
19. ‒ ეგ კი ეგრეა, მაგრამა, ‒ სიტყვა გააწყვეტინა ბერმა, ‒ ცოტა ულამაზონი და ცოტა შტერნი დედანი სადღა წავიყვანოთ?
20. ‒ ცოტა შტერნიც უცილოდ მონასტერში იქნებიან, ‒ მიუგო გარგანტუამ.
21. ‒ კეთილი და პატიოსანი, ‒ თანახმა გაუხდა ბერი.
22. ‒ მაშასადამე, ‒ განაგრძო გარგანტუამ, ‒ მამანიცა და დედანიც, ვისაც კი კარსა გაუღებთ, სუყველა თვალ-ტანადობითა და ზრდილობით უნდა გამოირჩეს.
23. Item, ვინაიდან დედათა სავანეთა შიგნიშიგან მამანი მხოლოდ მალვითა და პარვით შედიან, უნდა განაწესოთ და დედათ აეკრძალოთ მამათა კრძალვა, ხოლო მამათ ‒ დედათა მორიდება.
24. Item, რადგანაც მამათაცა და დედათაც ეკრძალვით მონასტრისა დატევება ერთ წელიწადსა მორჩილად მსახურებისა შემდგომ და სამარადოდ მონასტრისა ჭერქვეშ უნდა დარჩნენ,
25. თქვენისა წესდებულებისდა კვალად არცრა შეაფერხებთ და არცრა დააბრკოლებთ, ვის როდის მოენებოს, მაშინ ადგეს და განგშორდეთ, გინდა კაცი იყოს და გინდა ქალი.
26. Item, უკეთუ ბერნი ჩვეულებრივ უბიწოებისა, უპოვარებისა და ძმათა მორჩილებისა სამ აღთქმასა სდებენ, ჯერ არს საქვეყნიეროდ დათქმა, და არცვისა არ უნდა დაუშალოთ არცა სჯულიერად ცოლისა შერთვა, არცა გამდიდრება და არცა კიდევ თავისუფლად მყოფობა.
27. შემომსვლელთა სავალდებულო ასაკისა გამო კი ვიტყვი, რომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს ქალთათვის ათიდგან თხუთმეტ წლამდისა, ხოლო ვაჟთათვის ‒ თორმეტიდან თვრამეტამდისა. და კიდევ (ლათ.).
54
1. LIII. რარიგად და რა სახსრითა ააგეს თელემისა სავანე
2. ასაგებად და გასამართავად სავანისა გარგანტუამ ნაღდ ფულად ორი მილიონ შვიდასი ათას რვაას ოცდათერთმეტი გრძელმატყლიანი სადგამი“ გაიღო
3. და თანაცა კიდევ აღუთქვა, ვინემ საქმესა სრულად არ გაარიგებთ, ყოველწლივ მდინარე დივის შემოსავლისა ერთი მილიონ ექვსას სამოცდაცხრა ათას მზიან ეკიუს და იმოდენსავე ხომლიან თეთრსა არ მოგაკლებთო.
4. სავანისა შესანახავად კი წელიწადში ორი მილიონ სამას სამოცდაცხრა ათას ხუთას თოთხმეტი ვარდიანი ნობილი განაწესა, მონასტრისა სალარო ამა ფულსა უშრომლად მოიღვაწებს, ვითარცა უცილობელ მიწისა სარგებელსაო, და უტყუარი პირობისა წიგნიც იქავ მიუბოძა.
5. თავად შენობა ექვსკუთხედად ააგეს და თვითეულ კუთხეში თითო მაღალი მრგვალი კოშკი დადგეს.
6. ყოველი კოშკი განივ სამოცი ნაბიჯი იყო და სიდიდითა თუ მოყვანილობით სუყველა ერთმანეთსა ჰგავდა.
7. ჩრდილოეთით მდინარე ლუარა ჩამოუდიოდა და ზედ წყლისა პირას არქტიკად წოდებული კოშკი იდგა, აღმოსავლეთით მეორე კოშკი ჩანდა, კალაერად სახელდებული, მესამესა ანატოლია ერქვა, მომდევნოსა ‒ მესემბრინა, მერმე ჰესპერია მოდიოდა და ბოლოს კრიერას კოშკი იყო.
8. კოშკსა და კოშკს შუა სივრცე-სიშორე სამას თორმეტ ნაბიჯსა უდრიდა, უკეთუ სარდაფსაც სათვალავში ჩავაგდებდით, შენობასა შვიდსართულიანი ეთქმოდა.
9. მესამე სართული მთლად კამაროვანი იყო და ყოველი კამარა კალათისა ყურსა ჰგავდა.
10. ქორედნი, ანუ ზედა სართულნი ფლანდრიული თაბაშირით შეებათქაშებინათ და სარკმელ-სანათურთა საკეტ-საკვალთი კანდელ-სანათისებრ მოჩანდა.
11. ლორფინ-ფიქლისა ერდო-ბანზედ ტყვია-ბრპენისგან ქმნილნი პატარ-პატარა კაცნი და ნადირნი ისხდნენ, თვალმიმტაცად ნახელავნი და მოოქროვილნი.
12. ბანისა ბანითა კი, სარკმელსა და სარკმელს შუა, კედელთაგან ოდნავ სიშორეზედ, წყალსადინარნი მილნი ჩამოეშვათ, ოქროთი და ლაჟვარდითა ჯვარედინად მოჭედილნი, ძირა სართულზედ იმ მილთაგან წყალი ჯერეთ განიერ სოლინართ შეერთვოდა და მერმე შენობისა ქვეშ კი ‒ მდინარესა.
13. შენობა ესე ათასჯერ უფრო დიდმშვენიერი იყო, ვიდრე ციხე-დარბაზი ბონივესი, შამბორისა და შანტიისა;
14. აქ ერთიანად ცხრა ათას სამას ოცდათორმეტ სადგომ ოთახსა ანგარიშობდნენ და თვითეულსა ცალკე ჰქონდა თავისი ფეხსალაგი, სენაკ-საჯდომი, საფარეშო, სამლოცველო და სუყველა თავ-თავისი კარითა გადიოდა სეფე-დარბაზში.
15. ერთი კოშკი მეორესა შიგნითგანვე უერთდებოდა კაცთა სადგომისა გავლითა და ხვეულ-ჩერხული კიბითა, რომლისა საფეხურ-ხარისხნი ნაწილი პორფირის ქვისა იყო, ნაწილი ნუმიდიის ქვისა, ნაწილი კი დრუნგილ-მარმარილოსი.
16. თვითეული საფეხურისა სიგრძე ოცდაორ ფუტსა უდრიდა, სიმაღლე ‒ სამი თითისა დადებასა;
17. სართულითა სართულამდისა თორმეტი ამდაგვარი საფეხური უნდა აგევლ-ჩაგევლო.
18. ყოველ კიბისა ბაქანზედ კიბისავე სიგანისა ორ-ორი ანტიკური თაღი იყო ამოყვანილი.
19. იმ ორივ თაღითა შუქიც შემოდიოდა და გინდ ღია აივანზედ გახვიდოდი გარეთა.
20. კიბე კი ბანისა გვირგვინამდის ადიოდა და იქა უკვე ფანჩატურსა მიადგებოდი.
21. მეორე ამნაირივე კიბითა გზა სეფე-დარბაზისკენ იდო და იქიდან კი უკვე სადგომთა კარსა შეაღებდი.
22. არქტიკისა და კრიერისა კოშკთა საშუალ დიდებულნი და ვრცელნი წიგნთსაცავნი მოეწყოთ;
23. თუ სადმე ერთი ბერძნული, ლათინური, ებრაული, ფრანგული, ტოსკანური და ესპანური წიგნი იყო, სულ იქ მოეგროვებინათ და თანაც თითო ენასა თითო სართული ეჭირა.
24. შუაგულ ადგილას უცხოდ მშვენიერი კიბე ადიოდა, რომელსა გარეთა მხრით ჰქონდა მისასვლელი თაღი ექვსი ტუაზის სიგანისა.
25. კიბე ესე იმოდენად თანაშეზომილი და ფართე იყო, ექვსი შუბიანი აბჯროსანი ერთჟამიერად აივლიდა.
26. ანატოლიისა და მესემბრინის კოშკთა საშუალ დერეფან-შუშაბანდი გაემართათ, სუყველა ფრიად საუცხოო და ხალვათი, და კედელთა ზედა ეხატა ძველთუძველეს გმირთა საქმენი, გარდასულ დროთა ამბავნი და ათასგვარი გადასახედ-გადმოსახედი.
27. ამა კოშკთა შუაც იმისთანავე კიბე და კარიბჭე იყო, როგორიცა მდინარის მხარესა.
28. კარიბჭის თავზედ კი მსხვილ ანტიკურ ასოთა რიგით ესეგვარი რამ ეწერა:
55
1. LIV. წარწერა თელემისა სავანის ჭიშკარ-ელამონისა
2. მიბრძანდი, გონჯო, არ გვინდიხარ მოთნე და მრუდი, მაცილის კუდი, მუზმუზელა, ხელი, ჯაბანი;
3. წა, წირპლიანო მონაზონო, მურტალი გუთის თუ ოსტროგუთის ტურტლიანი გახურავს ქუდი.
4. ტყუილის გუდით მოგივლია ვისაც მთა-ბარი, და ტანთ ნაპარი შეგიმოსავს ჯუბა-კაბანი;
5. სულით მდაბალი, ჭკუათხელი, ქლესა, ბენტერა ნურცავინ მოხვალთ, ჭერს ნუ ითხოვ აქ, ცრუპენტელავ!
6. სიცრუის პენტვა ჭირია, სიმართლის გასაჭირია და ნურცა გვჭირდეს ამიერ, ვილხინოთ მრავალჟამიერ, ლხინი სიმღერის ძირია, სიცრუის პენტვა ჭირია.
7. მიბრძანდი, ბრიყვო, არ გვინდიხარ, ავი, ანჯახი, კლერკი, ჯანდაკი, მზის მოძულე, ტრფიალი ბნელის;
8. ვის სისხლიანი ხელთ გიპყრია ჯალათს ნაჯახი, საქმე საჯაყი არ გელევა, არცა საძრახი, ვინცა ყაჩაღი გაჩენილხარ, მექრთამე, ტრელი, გაგირბის ხელი სხვის ქისაში, ზიზღისა მგვრელი, ღირსი ხარ ძელის და სახელად გქვია ვექილი, აქ ნუ მოიწევთ, გვძაგს თაღლითი და გაქექილი!
9. გაქექილ კაცსა, თაღლითსა, ქვებუდანობით დაღლილსა, არღა შეგფერის ბერობა, სხვა დაიჭირე ხელობა, საბმური გინდა ძაღლისა გაქექილ კაცსა, თაღლითსა.
10. მიბრძანდი, ძუნწო, არ გვინდიხარ წუწკი, ქვაწვია, ნავსო, ქაცვიავ, ქვის ხარშვაში არა გყავს ცალი, ფულმა კაცობა დაგიკარგა, ჭმუნვა გაწვია, დაბლა დაგწია და მამონას მონად გაქცია, მოგიღვაწია სარგებელი, ვით ნატვრის თვალი.
11. ვის მხოლოდ ლარი გაგიხდია იმედად ხვალის, ვინ ოდეს ვალის, ვახშისა ხარ ქვეყნად მნდომელი, ვერ შემოგიშვებთ, არცვინ გვინდა გაუძღომელი.
12. გაუძღომელი ვინც არი, გააძღობს ოთხი ფიცარი.
13. ვერცვის ვიგუებთ მსუნაგსა, სიხარბით დასაწუნარსა.
14. ჯამისა ლოკვით ვიცანით, გაუძღომელი ვინც არი.
15. მიბრძანდი, ლირფო, არ გვინდიხარ მთხრობელი ცილის და ჯილაგმწირი, იჭვიანი, შლეგი, ღლეული, არ დაგინახოს ჩვენმა თვალმა ცვედანი, ძვირი, კერძი და წილი ეშმაკისა,
16. ბედითად მზირი და ცუდი ჭირით დაკოდილი, ჭანჭალსნეული, მგზავრი ეული, სოფელ-სოფელ წანწალს ჩვეული, სმისგან ძლეული, ვინ ამაოდ კარწინ გვიზიხარ, გასწი, გაგვშორდი, ვინ მრუში და სიძვის გიჟი ხარ.
17. გიჟი მივუშვათ ნებასა, თვით შეეყრება სნებასა.
18. კარგია, ვინცა კარგია, არცა ფუჭი რამ ბარგია, მარგისას ვიტყვით ქებასა, გიჟი მივუშვათ ნებასა.
19. მობრძანდი, ვეჟო, შემოაღე თამამად კარი, ირჩევი გვარით და ძველთაგან მოგდგამს ზრდილობა, აქა ვანია, სად ხმა ისმის ნიადაგ მტკბარი, ამო და წყნარი, აქ ვერცავინ იხილო მწყრალი, უგვანოს მგვანი,
20. ფასი ადევს გვარიშვილობას, აქ გულძვირობას ვერა ნახავ, ვერც უპირობას, უსატკივრობა დავიბედეთ, ვუხმობთ, ვპურადობთ, გვერდს ნუ აგვივლი, ურისხველო, კაცო გულადო!
21. გულადი კაცი წინ არი, სხვა ათას კაცში მჩინარი, დაედარება რკინასა, არცროს დავუჭერთ ბინასა, მოვა ლაღი და მცინარი, გულადი კაცი წინ არი.
22. მობრძანდი, ვინცა სახარების იწამე ძალა, იფარე ფარად და მფარველი ექმენ პირველი, აქ დაივანე, სიყვარული დაგიცავს მარად.
23. არ ივლი ცალად, ბოროტისგან გვემული კვალად, ზოგ-ზოგთა დარად ღვარძლიანი, ბილწი მწირველი, აქ საჭირველი არცრა გჭირდეს, არც საკვირველი და სახილველით გაიხარებ, ვითარ წესია, ოღონდ უწყოდე, ვინ კაცია და ვინ ლეშია.
24. ლეში უგულოს გვიქვია, სიავის თავიც იგია.
25. აქ ხარობს ოდენ კეთილი, ავია ამოკვეთილი.
26. უწყალო არცვინ გვიქია, ლეში უგულოს გვიქვია.
27. მობრძანდი, ტურფავ, სახიერო, პირბადრო მთვარევ, ამ არემარეს კვნესა-გმინვა არა სმენია;
28. მო, შენცა ჩვენებრ მოილხინე, ამღერდი ბარემ და უკუყარე კაეშანი, ლამაზო, მალე;
29. გამოიდარე, რასაც ხედავ, ცათა ძღვენია, ყველა შენია, ნუ გვეკრძალვი, ნურცა გრცხვენია.
30. უხვად გვფენია მოწყალება, არცროს ვღონდებით, ხელმწიფემ ჩვენმა მოგვიბოძა ოქროს ზოდები.
31. ოქროს ზოდები მეფისა, სიკეთის მოიეფისა, აროდეს გამოგველევა, ურვა არ გამოგვერევა, საურვოდ არ ეგებისა ოქროს ზოდები მეფისა.
56
1. LV. რარიგ იყო მოწყობილი თელემელთა სამყოფელ-საცხოვრებელი
2. შიგნითა ეზოს შუაგულ ადგილასა უცხო რამ შადრევანი ჩუხჩუხებდა ალებასტრისა, სამი გრაციით დამშვენებული;
3. თვითეულ გრაციასა ხელთ უხვებისა კოკა ეჭირა და სუყველასა წყალი გადმოსჩქეფდა ძუძუთაგან, პირთაგან, ყურთაგან, თვალთაგან და აგრეთვე სხვა ხვრელთაგან.
4. შინაგანი სახლის კედელთა სამყარ-სამაგრად ქალცედონისა და პორფირისა დიდდიდნი სვეტნი შეეყენებინათ, ყოველი სვეტისა და სვეტის საშუალ კოხტა ანტიკური თაღი იყო ამოყვანილი,
5. ხოლო იმ თაღთა ქვეშე საუცხოო ტალანთ გაივლიდი, გრძელთა და განიერთ, სულ ერთიანად მოხატულთ,
6. და იქაურობისა გასამშვენებლად ეკიდ-ელაგა აგრეთვე რქანი ირმისანი, ზღვისა და ხმელისა მარტორქისანი, შუან-ეშვნი მდინარისა ცხენისანი, ანუ ჰიპოპოტამისანი, სპილოსანი, და რა საიასაღოს არა ნახავდა იქა თვალი კაცისა.
7. დედათა სადგომ-სამყოფი არქტიკისა და მესემბრინის კოშკთა შუაში იყო მოქცეული.
8. დანარჩენგან მამანი იდგნენ.
9. საქალებოსა პირდაპირ, პირველ ორ კოშკსა შუა, გასართბად მოეწყოთ ასპარეზი, ცხენთსარბიელი, სამღერალ-საროკავი, აუზი საცურაო და რამოდენიმე იშვიათი რამ საბანელი, სამსართულიანი, სად არცრას მოისაკლისებდი, და ბლომად დიოდა კეთილსუნოვანი ფისიან-დღვილიანი წყალი.
10. ზედ მდინარისა პირას შუაგულლაბირინთიანი თვალწარმტაცი წალკოტი ყვაოდა.
11. მომდევნო კოშკისა და კოშკის საშუალ არა ერთი და ორი საბურთალი იყო;
12. ადგილ ბურთაობდნენ, ადგილ ლელო გაჰქონდათ.
13. კრიერისა კოშკისა გვერდით მარტოდენ ხეხილი ჩაეყარათ, და ქეშად რგული ხილნარი ხილისა უნახავსა გაგხდიდა.
14. მერმე ხილნარს გარემომცველი მაღნარი მოსდევდა და ირგვლივ აუარებელი ნადირი ირეოდა.
15. კიდევ ორ მომყოლ კოშკსა შუა სასაგნოსასროლი მოედანი მოეწყოთ;
16. ხან მშვილდსა ისროდნენ, ხან სიათასა და ხანაც სამალსა სტყორცნიდნენ ნიშანსა.
17. ჰესპერიის კოშკისა გადასწვრივ მოსამსახურეთა შრამელ-სადგომნი, ანუ სახლისა სახმართა დასაწყობნი დაედგათ, თითო-თოთო სართულიანი;
18. იმათ იქითა საჯინიბო იყო, შრამელ-სადგომთა წინარე კი საბაზიერო იდგა.
19. საბაზიეროსა ფრიად მეხელოვნე დამგეშველნი განაგებდნენ, და ყოველწლივ მოჰყავდათ და მოჰყავდათ კრეტადან, ვენეციიდან და სარმატთა ქვეყნიდან ნაირ-ნაირი ფრინველ-ბაზიკნი:
20. არწივნი, სონღულნი, ქორნი, შავარდენ-მიმინონი, გავაზნი, ალალნი, კაპოეტნი და სხვა ამგვარნი, რომელთ ისერიგად იჩვევდნენ და წვრთნიდნენ, რომ კოშკსა სანავარდოდ მოწყვეტილნი გზად შეუპყრობელსა არასა უშვებდნენ.
21. საძაღლე მოშორებით იდგა, მაღნარისა სიახლოვესა.
22. ყოველი დარბაზი, პალატა და საჯდომ-სენაკი უკლებლივ მოეფარდაგებინათ და წელიწადისა დროისდა კვალად ძველ ფარდაგ-ჯეჯიმთ სულ კეწკეწითა ცვლიდნენ.
23. იატაკი მწვანე სკლატითა იყო მოფენილი.
24. საბან-გობანი ნაცური ზედსახურითა გაეწყოთ.
25. რაოდენიცა საპირფარეშო ჰქონდათ, სარკეც იმდენი ედგათ ბროლისა, სუყველასა მურასად მოჭედილი ბაჯაღლო ოქროს ჩარჩო შვენოდა და ადამიანი შიგან მთელი ტანითა ჩანდა.
26. საქალებოსა წინაშე მენელსაცხებლენი და ვარსამ-დალაქნი იდგნენ, და მამათაგან ყველასა იმათ ხელში უნდა გაევლო, ვინაც დედათა სადგომისკენ ვიდოდა.
27. დილ-დილაობით საქალებოსა მენელსაცხებლენი მოიხილავდნენ ხოლმე, თან ინანთეული, ანუ ვარდისა, ფორთოხლისა, მირტისა წყალი მიჰქონდათ და ხელთ მრავალფასი საცეცხლურნი ეჭირათ საკმეველაბოლებულნი.
57
1. LVI. ვითარ ეცვათ და ეხურათ თელემელ ბერ-მონაზონთ
2. პირველხანად, სავანისა დაარსებისა შემდგომ, დიაცნი თავიანთ ნებისად და გუნებისად იცვამ-იხურავდნენ.
3. მერე და მერე კი ძველ წესზედ გული აიყარეს და ჩაცმა-დახურვისა ახალ რიგსა მიჰყვნენ.
4. ფეხთ უკლებლივ სუყველასა ჭიაფერი ანდა ვარდისფერი კარაჭინი ემოსა, სრულად სამი თითისა დადებაზედ მუხლზევით ატანილი.
5. კარაჭინისა ქობა ბაბთისა და მაქმანისა იყო.
6. საკართულნი მრგვალნი ეკეთათ, ყურთმაჯისა ფერსა შეხამებულნი.
7. წუღა-ჩაფულა, მაშია და ჩუსტი ოდენ ალისფერი, ხას-ყირმიზი ან სოსანი ხავერდისა იცოდნენ, თანაც კიდევ ფუნჯფოჩიანი.
8. კვართისა ზედან ზარბაბისა სკლატის აზღუდსა და მერდინისა ხაბარდასა იმოსავდნენ;
9. მერდინი ან თეთრი ფერისა იყო, ან წითელი, ან ყავისფერი, ან ნაცრისფერი.
10. ხავერდისა კაბაზედ ჩიხორა ეცვათ, ოქრონემსული ზარქაშის მერდინისა, ბაბთითა დაღარულ-დალიანდაგებული,
11. ან არადა, ამინდისა თუ სურვილისდა კვალად, ატლასისასა, ყანაოზისასა, ხავერდისასა იცვამდნენ, ხან ნარინჯისფერსა, ხან თაფლისფერსა, ხან მწვანესა, ხან ფერფლისფერსა, ცისფერსა, ღია ყვითელსა, წითელსა, ცეცხლისფერსა, წყლისფერსა,
12. ხოლო ბედნიერ დღესა უცილოდ ხალასად ნაკერი ფარჩისა ანდა ვერცხლისმკედისა ქვედატანი უნდა სცმოდათ, ზოგსა კლაპიტონითა გაწყობილი, ზოგსაც ნაცურ-მოქარგული.
13. ყარწიკა-ხირღასა, მოლსა და ლაბადასა წელიწადისა დროისდა შესაფერად ხმარობდნენ: ჟამითი ჟამად ოქროქსოვილისასა წამოისხამდნენ, ვერცხლისა მკედითა შემკულსა, ჟამითი ჟამად ‒ წითელი ატლასისასა, ოქროთი მოსირმულსა,
14. და არცა კიდევ თეთრი, ცისფერი, შავი, წაბლისფერი მერდინისა აკლდათ, არცა აბრეშუმისა სარჟისა, ხავერდისა, დიბისა, ზარქაშისა, ზეზისა და ოქროვანსახიანი ლარისა თუ ოქსინოსი.
15. ზაფხულობითა საწვიმარსა მშვენიერ დოლბანდსა ამჯობინებდნენ, ამავე ქსოვილთაგან ნაკერსა, არადა ‒ ლილისფერი ხავერდისა მავრულსა მოსასხამსა, ვერცხლისა კლაპიტონითა და ოქრომკედითა დამშვენებულსა, ანდა ოქროს ყაითნიანსა, ჭიოტა ინდური მარგალიტითა მოოჭვილსა;
16. თავსარქმელზედ მიწყივ ჯიღა ედგათ, ყოშისა, ანუ მაჯისპირისა ფერისა და უთვალავ სამკაულასხმული, ზამთრობით ფასსა ქათიბსა სდებდნენ, ზემორეჩამოთვლილი ნაირ-ნაირი ფერისა მერდინისასა,
17. და სუყველა ქათიბსა კილდონ-ფოცხვერისა, შავი გენეტისა, კალაბრიული კვერნისა თუ სიასამურისა ბეწვი ჰქონდა გამოკრული.
18. სავარდ-კრიალოსანი, სამაჯურნი, ძეწკვნი და ფარღულნი მხოლოდ სპეკალისა უჩნდათ, სახელდობრ, ლალისა, ბადახშისა, იაგუნდისა, ბრილიანტისა, საფირონისა, ზურმუხტისა, ანუ ქვაკაპოეტისა, ძოწისა, აქატისა, ბივრილისა და სულ დარჩეული ჭიოტა და ხოშორი მარგალიტისა.
19. თავსარქმელნი დროთა კვალობაზედ ეხურათ.
20. ზამთრობით ფრანგული ქუდისა დარქმა იცოდნენ, გაზაფხულობითა ‒ ესპანურისა, ზაფხულობითა ‒ ტოსკანურისა, ხოლო დღესასწული რამე, ანუ კვირაუქმე თუ იყო, უცილობლად ფრანგულსა თავსამკაულსა იბურავდნენ, რამეთუ თავსახური იგი უფრო დარბაისულია და სადა, ვინემ სხვაგნებური.
21. მამანი თავიანთ წესსა და რიგსა მისდევდნენ.
22. ფეხთ მატყლისა ან სკლატისა წინდა-პაიჭი ეცვათ, ჯიგრისფერი, ვარდისფერი, თეთრი და შავი.
23. საწმერთულთაც ამავ ფერთა ქსოვილთაგან ანდა შეფარდებული ფერისასა არჩევდნენ;
24. ვიეთნი აქარგვინებდნენ კიდეც, ვიეთნი ჩაქიანსა ეტანებოდნენ, ვისაც რარიგ სურდა;
25. ჯუბანი ზარიანი ფარჩისა, ზარქაშისა, ხავერდისა, ატლასისა, ჭიჭნაუხტისა და მერდინისა ეწყოთ, ისევე ფერად-ფერადი, ჩაქითა, ჩიგინითა და საკრამანგითა გაწყობილი, ავ თვალსა არ ენახვოდა;
26. ყაითან-ჩაფარიში აბრეშუმისა უყვარდათ, სამოსლისა ფეროვნებისა, ბალთა-აბზინდა ‒ ოქროსი, მინანქრითა მოჭედილი;
27. კაბა-ახალუხსა ქამხისასა აკერინებდნენ ანდა ოქროქსოვილისასა, დიბისასა, ხავერდისასა, თავიანთ გემოვნებისად მოქარგულსა;
28. დურა-საკუხი სუყველასა ერთრიგად დიდსასყიდლოვანი ესხა, ვითარცა დიაცთ ‒ ლაბადა-საწვიმარნი;
29. ზოსტერ-სარტყელნი ჯუბისა ფერისავე აბრეშუმისა ერტყათ;
30. მახვილი ვადამოოქროვილი თუ არ იყო, ისე არ კადრულობდნენ;
31. ის კი არა, პირიც ოქროსი უნდა ჰქონოდა, ფაქიზად ნაოსტატარი;
32. ქარქაშნი საწმერთულისავე ფერის ხავერდისა ეკიდათ, ხანჯალ-სატევართაც დიდისა ამბით არჩევდნენ;
33. სარქმელთ შავი ხავერდისასა ირქვამდნენ, მრავლისა უმრავლესი ღილ-კილოთი შემკობილსა.
34. და ზედ ოქროსკილიტიანი თეთრი ფრთა შვენოდათ, ლალ-ზურმუხტითა და სხვა ძვირფასი ქვასპეკალითა დახუნძლული.
35. რაღა თავი შეგაბეზროთ, და ისერიგად იყვნენ მამრნი და მდედრნი შეხმატკბილებულნი, ტანთაც ერთნაირი ნაჭრისა და ერთნაირივე ფერისა სამოსსა იცვამდნენ
36. და, ემანდ არა შეგვეშალოს რაო, საგანგებოდ დანიშნულნი ჰყავდათ მორბედნი, ანუ მიმომავალნი ყმაწვილნი, რომელთაც დილ-დილაობით ვაჟთათვისა უნდა ეუწყებინათ, რის ჩაცმასაც იმ დღითა ასულნი ეპირებოდნენ, ვინაიდან სავანესა შინა ყველაფერი იმათ ნება-სურვილსა მორჩილებდა.
37. ოღონდ არამცა და არამც არ იფიქროთ, რახან ესდენ კოპწიად და სალუქად იმოსებოდნენ, დროსაც ალბათ ბევრსა ხარჯავდნენო,
38. ‒ საგულისგულოდ შერჩეულნი მეტანსაცმლენი ყოველ დილით ნაირ-ნაირ სამოსელსა მზად ახვედრებდნენ, ჩამცმელ-დამხურავნი კი ისე იყვნენ გაწაფულნი, დიაცსა ერთ ლანდზედ შემოსავდნენ თავით-ტერფამდისა.
39. ხოლო თელემელთ რათა არცროდის ჩასაცმელ-დასახური არ მოჰკლებოდათ, იქავ, თელემისა ტყისა შორიახლო, ერთი უშველებელი ნათელი შენობა დადგეს ნახევარი მილის სიგრძისა და შიგ ათასგვარი რამ მოწყობილობა გამართეს,
40. ჩაასახლეს ოქრომჭედელნი, მთრაშველ-მეწახნაგენი, მქარგავნი, მეოქრომკედენი, მეხავერდენი, მეფარდაგე-მეხალიჩენი, ფეიქარნი და თავისი საქმისა მეტი არცვისა არა ახსოვდა რა, იდგნენ და თელემელ ბერ-მონაზონთათვისა რუდუნებდნენ.
41. ქსოვილ-ფართლეულითა ვინმე სეფე ნავსიკლეტე თოფობრივ ამარაგებდა, მარგალიტისა და კანიბალისა კუნძულთა ოქროს ზოდეულითა, აბრეშუმისა ყაჭითა, მარგალიტითა და ძვირფასი ქვითა დაყათრულ შვიდ ხომალდსა უგზავნიდა ყოველწლივ.
42. უკეთუ მარგალიტი თანდათან ბუნებრივ სისპეტაკესა კარგავდა, ოსტატნი მამალთ აყლაპებდნენ, ვითარცა შავარდენთ აყლაპებენ ხოლმე სასაქმებელ წამალსა, და სკინტლსა გამოყოლილი თვალი პატიოსანი კვალად პირვანდელ ჯავარსა იძენდა.
58
1. LVII. რა წესითა და რიგით ცხოვრობდნენ თელემელნი
2. ისინი არცრა კანონსა მორჩილებდნენ და არცრა განწესებასა თუ განჩინებასა.
3. ვისაც ქეიფად რა მოუვიდოდა, იმასა იქმოდა.
4. რაჟამსა ადგომა უნდოდათ, ადგებოდნენ, ძილსა აატანდნენ;
5. რაჟამსა მოინებებდნენ, დალევდნენ, იპურმარილებდნენ, ხელსა გამოიღებდნენ;
6. რაჟამსა კისერი საძილედა სტეხდათ, დაწვებოდნენ და მოისვენებდნენ;
7. არცროს არვინ იმათ არ აღვიძებდა, არცროს არვინ სმასა არ აიძულებდა, არცროს არვის ჭამასა და ან კიდევ სხვასა რამე.
8. ესეგვარი ყოფა-ცხოვრება განერიგებინა გარგანტუასა.
9. სჯულდებისა წიგნში ერთადერთი რამ ეწერათ:
10. ჰქმენ ენისა გულისად რამეთუ თავისუფალთ, კეთილშობილთა ჩამომავალთ, განსწავლულთ და წესიერ საზოგადოებაში გარეულთ დედისა მუცლითვე თანა ჰყვებათ ალღო და ძალა ლტოლვისა, მიწყივ სიქველისკენ რომ მიაქცევს და განარინებს ყოვლისგან ბიწისა, და ამ ძალასა ღირსებასა უხმობენ.
11. ოღონდ ოდეს იმავე კაცთ სულმდაბლად მიემძლავრებიან და აღმართსა ახვნევინებენ, ისინიცა ავად ფიცხდებიან და მთელ თავიანთ ქველობასა, წინათ ნებაყოფლობით სათნოებას რომ ახარჯებდნენ, აწ უკვე კირთებისა უღლისა მოსახდელად იყენებენ,
12. რადგანცა ოდითვე აღკვეთილსა მიელტვის კაცი და აკრძალული ხილი უფრორე გემრიელია.
13. თავისუფლებისა წყალობითა თელემელთ საქებური რამ გრძნობა გაუჩნდათ თანაზიარობისა: როს ერთი რომელიმე რამეს მოისურვებდა, წამისად სუყველა მხარსა აუბამდა.
14. უკეთუ მამათგან ანდა დედათგან იტყოდა ვინმე: ჩავღლიოთო!“ ‒ სუყველანი ჩაღლევდნენ.
15. უკეთუ ვინმე მოიწადინებდა: ვითამაშოთო!“ ‒ სუყველანი ითამაშებდნენ.
16. უკეთუ მავანი და მავანი მოიხალისებდა: წავიდეთ, სადმე მინდვრად ვილაღოთო!“ ‒ სუყველანი ვიდოდნენ.
17. უკეთუ ვინმე მწყერაობასა ანდა ჩიტბადეობასა ახსენებდა, დედანი უმალ თოხარიკ ბედაურთ შეაკაზმინებდნენ, ამხედრდებოდნენ და მეშწამოცმულ ხელზედ, ანუ ხელსამფარეზედ მიმინოსა, სონღულსა და ალალსა დაისვამდნენ, მამათ კი სხვა ბაზ-ფრინველი მიჰყავდათ.
18. ყველანი ფრიად ნასწავლნი იყვნენ და არცვინ არ ერიათ ისეთი, გინა ქალი და გინა კაცი, რომ კითხვა, წერა, ძნობა, ანუ სამუსიკო საკრავთა დაკვრა არა სცოდნოდა, ხუთ-ექვს ენაზედ არ ელაპარაკა და თვითეული ამა ენითა კაფია არ შეეთხზა ანდა ‒ სიტყვაკაზმული რამ ამბავი.
19. ტყუილია, სხვაგან ვერსად ვერა ნახავდით ესდენ გულოვან და ზრდილ მხედართ, ესდენ დაუცხრომელთ ქვეითად რბოლა-ვლაში და გაწაფულთ ცხენოსნობაში;
20. ესდენ შემძლებელთ, მკვირცხლთ, ესდენ მეხელოვნე მეთოფურთა და ჩუბინთ, ვისაც ყველაგვარი იარაღი მონებდა.
21. ტყუილია, სხვაგან არც არსად არ იყვნენ ესდენ აფერადებულ-შემკულნი და მშვენიერნი, მუდამჟამ მხიარულნი ასულნი, ჩინებულნი მეხელსაქმენი, ხელფურჩნი მკერვალნი, რომელთ ყველანაირი ქალური საქმნელი ხელეწიფებოდათ, საპატიოცა და სამურეხოცა.
22. სწორედ ამად, ოდეს ყმაწვილკაცთაგან ვინმე იძულებული იყო ან დედ-მამის სურვილითა, ან არადა სხვა რამ მიზეზითა, რომ დაეგდო სავანე იგი, ისე ფეხსა არ მოიცვლიდა,
23. სიტკბო და თანხმობა არცა თელემის ჭერქვეშ აკლდათ, შეუღლებულნი კი მეტი სიკეთითა ცხოვრობდნენ;
24. სამარისა კარამდისა უყვარდათ ერთმანეთი და ისევე შესტრფოდნენ ერთურთსა, ვითარცა ქორწილისა დღესა.
25. მართლა, ემანდ არ დამავიწყდეს, აქავ მოგახსენებთ ერთ რასმე გამოცანასა, რომელიცა სავანისა საძირკველში იპოვნეს სპილენძისა ფიცარზედ ამოჭრილ-ამოკვეთილი.
26. ქვემოთ სიტყვასიტყვითა გეტყვით, რაიცა იქა იყო თქმული:
59
1. LVIII. წინასწარმეტყველებრივი გამოცანა
2. სიკვდილის შვილო, მეოცნებევ, ერთსა გთხოვ ძმურად, სულით გამხნევდი, გაიგონე და იხვენ ყურად.
3. უკეთუ გჯერა წუთისოფლის წაღმა ტრიალი და ცისა მნათობთ აზრს აართმევ ადამიანი, უკეთუ ფიქრით დაიყენებ თვალწინ ხვალინდელს, უკეთუ უწყი, მზე გამოვა და იამინდებს, ოდესმე მაშვრალს შეგეწევა თავად განგება,
4. და გულით გწადის ამა ქვეყნად ყოვლის გაგება, უკეთუ ძველთა ბრძენკაცთაგან ნამდვილი თქმულა, რომ მომავლისა საიდუმლოს შეიტყობ სრულად, მაშ, მომისმინე, სიტყვას გეტყვი უცილოდ მართალს:
5. ამ შემოდგომით ანდა დასტურ პირველსავ ზამთარს მოგვიხილავენ სხვაგნებურნი, კაცნი სხვამხრელნი, მოვლენ და სხვა მეხს მოიტანენ მკაცრნი, მსახვრელნი, დაგვანატრებენ ლხინს, სიხარულს, ღიმილს და ალერსს,
6. ტკბილს დაგვიქცევენ, შეგვასმევენ მაძღრისად მწარეს, ღვარძლს ახარებენ, დაამყნობენ ძმობაზედ ძმაცვას, მოგვაღორებენ, გამეფდება პარვა და ძარცვა.
7. ბევრი გაებმის საცთუნებლად დარწყმულ ბადეში, მამას თვისივე ძე გაჰყიდის, პაპას ‒ ბადიში, სადაც ტრფობაა, ბოროტება მტრობას დათესავს, ერთმანეთს ავად გადაჰკიდებს ძმას და ნათესავს.
8. დაისადგურებს ჭმუნვა-ვიში, მოვა არჯალი, ზურგს უკან დანა ილაპლაპებს, ცხვირწინ ‒ ხანჯალი, საგონებელი გაუჩნდებათ თვითონ მეფეთაც.
9. ვინ იცის, ვინ რას განუმზადებს, ვინ რას შეჰბედავს, რამეთუ ურცხვად მოისურვებს ზოგი მეფობას, ყველაფერს იზამს, არ დაზოგავს ოჯახს, მეგობარს, არად ჩააგდებს, რა ერგება, რა არ ერგება, შეერგება თუ საბოლოოდ არ შეერგება.
10. იქნება ერთი დაღდაღანი, შუღლი, ცილობა, გაუტანლობა, უპირობა და გულძვირობა, ქვეყანას კარი შეეხსნება, ვით სახლს ბოღდარას, ხშირად ისეთი რამ მოხდება, რაც არ მომხდარა.
11. მრავალ კაი ყმას წამოუვლის ჟინი საგრობის, მრავალმა უნდა ისახელოს თავი მაგრობით, მაგრამ ვაი რომ ვერ ასცდება ვერვინ დამცრობას, ბევრს ანანებენ გაჩენას და ყმაწვილკაცობას.
12. და ვის ბრძოლაში უწერია სიკვდილის ნახვა, ვეღარ ჩააგებს სავალალოდ ამოწვდილ ლახვარს, მიწყივ იქროლებს ქარაშოტი ჯავრის და რისხვის, ვინემ კრტიმლობას არ მოშლიან და იდენს სისხლი.
13. მართალი სიტყვა ეღირება მხოლოდღა ჩირად და სიცრუე კი გასაღდება ყოვლისა ძვირად, რადგანაც ფასი არ ექნება თავად გონებას, ოდენ მაცდურთა საქებარი გაიგონება, და ყოველივეს საზიზღარი სიხარბე წარყვნის.
14. დატრიალდება ქვეყანაზედ კვლავ სუნი წარღვნის!
15. დიაღაც სწორად მოგახსენებთ და სწორად ვამბობ, წარღვნად მიცნია, წარღვნას ვუხმობ ჯანყსა და ამბოხს, უნაპიროა წარღვნასავით სულის ფლიდობაც, ხელად წალეკავს არემარეს, ვით წყალდიდობა, და მიმოტბორავს მაღალ-დაბალს, გავა ბოლომდე,
16. საგრობით გართულთ ისერიგად გააბოროტებს, რომ არ ინდობდნენ კაცთ კი არა, უცოდველ ხვასტაგს და მძულვარება პირუტყვისა მრავალ ჟამს გასტანს,
17. არცარა მწყემსი შეებრალვით, არცრა ნახირი, საწყალობელთა შესძრავს ზეცას კვნესა-ზახილი, ვითარცა ძველკაცთ არ უწყოდნენ ზორვა სხვარიგად,
18. კვალად საკერპოს შესწირავენ მროწლეს ტარიგად, აწ, ალბათ, ჩახვდით, სახვალიოდ რა მოაქვს მყოფადს, კარგს არ დაგვაყრის არც არავის ესდენი მტრობა, სულ პაწაწინა გაუჩნდება რამე ნაბზარი, და დამწუხრდება ბირთვი იგი უზარმაზარი!
19. ვისაც თავისიც ოხრად რჩება სოფლად ქონება, ის მოუნდომებს დაპყრობას და დაპატრონებას და რაოდენსაც მიუმატებს სამკვიდროს სიგრძეს, უფრორე მეტად დაიჩემებს ჭკუას და სიბრძნეს და ისეგვარად შეეწევა ერთბაშად ყველას, გამჩენსა სთხოვენ უბედურნი ხსნასა და შველას,
20. და ბოლოს შავად გათენდება დილა ცრიატი, ცას არ შეღებავს გარიჟრაჟი, არც განთიადი, მზეს განაშორებს მიწისაგან ბინდის კედელი, წყვდიადი შთანთქავს უჩინი და განუჭვრეტელი,
21. ვეღარ გაარჩევს კაცის თვალი წყალსა და ხმელეთს, თავს ვერ დააღწევს ხორციელი გაუვალ ბნელეთს და გადიქცევა ცისქვეშეთი წამერთ იავარ.
22. ოღონდ სანამდის იხილავდეს ავბედ ნიაღვარს, სანამ წარღვნიდეს უკუნეთი ნათელს სრულიად, ატორტმანდება, უცაბედად იძვრის დუნია, რარიგაც ეტნა ატორტმანა ერთხელ კრონიდმა,
23. ოდეს ტიტანიდს დააკვეთა, დასცა ღონივრად, ან როგორც მთანი ენაარის, დიდნი საზარად, ვინემ კი არა, ტიფონმა რომ შეაზანზარა, ვინაც აიკლო იქაობა, სწყურდა თარეში და რაც ხელთ მოხვდა, გადუძახა ოკეანეში.
24. ესრეთ სამყაროს წაერთმევა ძველი იერი, ერთსა ტაფაში დაიწვიან სუსტიც, ძლიერიც, და თავად აზრი წაერთმევა ძალას, დიდებას, ქვეყნად ყველაფერს სულ ფეხებზედ დაიკიდებენ.
25. გული კი ერთი იმედითღა იძგერებს მხოლოდ, რომ ეგებ როსმე მტრობა-შურსაც მოეღოს ბოლო, ვინათგან ყველას აღმა-დაღმა წაიღებს ღვარი, და წარიშლება ყოველგვარი მიჯნა თუ ზღვარი,
26. მაგრამ ღვარამდის მეყსეულად შეამჩნევს თვალი, ვით მოედება ცის კაბადონს ელვისებრ ალი, რათა ააშროს აჩენილი მიწაზედ წყალი და არღა დარჩეს ბოროტების ბედითი კვალი.
27. როცა გაივლის განსაცდელი, ვაი-ვაგლახი, აბიბინდება ნახანძრალზედ როცა ბალახი, ზოგს არცრა ჰქონდეს გარდასული ჭირად, სანანად, ზოგსაც კვალადვე მშიერ-მწყურვალს ამოსძვრეს სული.
28. მე ჩემი ლექსი გავასრულე, წინასწარ თქმული, აწ თავად იცით, სატკივარი ვისაც რა ელმის და ვის რა ელის გარდუვალად კაცთაგან მერმისს.
29. სიტყვა სიტყვაა. ო, სუყველას ჯვარი გწერიათ, ვინცა ბოლომდის თავს გაიტანს, ბედნიერია!
30. ამა სიგელ-გუჯრისა კითხვასა მორჩნენ თუ არა, გარგანტუამ ერთი ისეთი ამოიოხრა, ლამის გულიცა თან ამოაყოლა და იქავ მყოფთ მიუთხრო:
31. ‒ სახარებისა მოძღვრებისა ერთგულთ ოდითგანვე სდევნიან, მაგრამ მაინც ნეტარია იგი, ვის არცა დევნა შეაჭირვებს, არცა კიდევ ხორცი აცდუნებს და სწორის გზითა მიელტვის აზრსა უფლისასა, რომელმაც მოგვივლინა ძე თვისი საყვარელი და მისივე პირითა გვამცნო ყოველი.
32. ბერმა კითხვა ჰკადრა: ‒ რასა ჰგონებ, რა არი, რას გამოხატავს გამოცანა ესე?
33. ‒ რაო? ‒ თავადაც დაეკითხა გარგანტუა.
34. ‒ ვგონებ კი არა, ჭეშმარიტებასა წარმოაჩენს ღვთაებრივსა და განამტკიცებს კიდეცა.
35. ‒ წმინდა გოდერანისა მადლმან, სულაც არ არის ეგრე, ‒ თავი ვეღარ დაიჭირა ბერმა.
36. ‒ წინასწარმეტყველ მერლინისა აღნაქვსია!
37. გინდა ბრძნულ ნაიგავებად წაიკითხეთ და გინდა სხვა რამ აზრი დაინახეთ, სულ ერთია, ვერცვის ვერ გერწმუნებით, რამეთუ მაგისა მთხზველსა მარტოდენ ბურთაობა აღუწერია და თანაც ძალიან ბნელად.
38. სწორედაც რომ მობურთალნი არიან მაცდუნებელნი და გამრყვნელნი ხალხისა, ერთმანეთში კი, გიყვარდეს, ძმაბიჭობენ.
39. ორჯერ ჩაწოდება და ერთისა გასვლა ზედ არი, თამაშსა მეორე იწყებს.
40. ვინცა პირველი იყვირებს, ბურთმა თოკქვეშ გაიარა ანდა თოკზევითაო, იმისი სჯერათ.
41. ნიაღვარი ოფლია, ჩოგნისა ბადესა მართლაც ცხვრისა თუ თხისა ნაწლავისასა წნავენ, უზარმაზარი ბირთვი კი ბურთია და სხვა არრა.
42. თამაშისა შემდგომად წესია: სუყველა ცეცხლაპირას უნდა გაშრეს, პერანგი გამოიცვალოს და გულისა საამოვნოდ დაჯდეს ჭამად, ნამეტურ დიდი ლხინი მოგებულთ უწყიან. სუფრა აბა ის არი და!
43. აქა გასრულდა ამბავი პანტაგრუელის მამის, დიდი გარგანტუას საზარელი ცხოვრებისა, შეთხზული როსმე მაგისტრ ალკოფრიბას ნაზიესაგან, რომელიც იყო კვინტესენციისა გამომხდელი.
1
1. წესი და განგებაჲ და რჩულისკანონი მეექუსისა კრებისაჲ ას სამეოცდარვათა წმიდათა მამათაჲ, რომელნი შეკრბეს კოსტანტინეპოლეს, ახალსა ჰრომსა, კოსტანტინე ღმრთისმსახურისა მეფისა ზე, ძისწულისა ძისა ჰერაკლე მეფისა.
2. იყვნეს წინამძღუარ კრების ამისა აგათონ, პაპაჲ ჰრომისაჲ და გიორგი კოსტანტინეპოლისაჲ და თეოფანე ანტიოქისაჲ და სხუანი იგი ღმერთშემოსილნი მამანი.
3. ამან წმიდამან მეექუსემან კრებამან ას სამეოცდარვათა მამათამან, რომელი შეკრბეს კოსტანტინეპოლეს, სამეუფოსა პალატსა და დაამტკიცეს მართალი სარწმუნოებაჲ და დაწერეს ძეგლი ღმრთისმეტყუელებისაჲ და კანონნი ეკლესიისანი სამოძღურებელად მორწმუნისა ერისა,
4. პირველად აჴსენეს სარწმუნოებაჲ განწესებული ნიკიისა კრებისაჲ ტჲჱ მამათაჲ და კოსტანტინეპოლისაჲ რნ მამათაჲ, ეფესოჲსაჲ ს მამათაჲ და ქალკიდონისა ქლ მამათაჲ და კოსტანტინეპოლისავე რო მამათაჲ და
5. ყოველივე ხუთთა მათ კრებათა მიერ ქადაგებული შეიწყნარეს და დაამტკიცეს და რომელნი მათ განეკუეთნეს და შეეჩუენნეს, შეაჩუენნეს და რომელნი მათ შეეწყნარნეს და ედიდნეს, ადიდნეს და შეიწყნარნეს.
6. და სხუათაცა კრებათა, რომელნი ადგილ-ადგილ ქმნილ იყვნეს საღმრთოდ და მართლმადიდებლობით და კანონნი განეწესნეს, მიითუალნეს, ვითარცა ქუემო თჳთ აჴსენებენ.
7. და მერმე ახლად შემოსრული იგი წვალებაჲ ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა მეტყუელთაჲ სრულიად განაგდეს და მეტყუელნი ესევითარისა მის წვალებისანი:
8. [თეოფანე] ფარანელი, ონორი ჰრომი, კჳროზ [ალ]ექსანდრიელი, სერგიოს, პიროზ, პავლე და პეტრე კოსტანტინეპოლელნი, მაკარი ანტიოქიელი და სტეფანე, მოწაფე მისი, შეაჩუენნეს,
9. რამეთუ ამათ ყოველთა იკადრეს თქუმად ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესთჳს, ვითარმედ: „ერთი ნებაჲ და ერთი ხოლო საქმე აქუნდა შემდგომად განკაცებისა“, რომელ-ესე უარის-ყოფაჲ არს ორთა ბუნებათაჲ.
10. და პოლიხრონიოსცა უგუნური იგი და ცოფი ბერი შეაჩუენეს, რომელმან იქადა ესევითარსა მას წვალებასა შინა აღდგინებაჲ მკუდრისაჲ.
11. ხოლო წმიდათა მათ მამათა მისცეს ფლობაჲ აღდგინებად და, ვითარ-იგი ვერარაჲ აღადგინა, უმეტესად განაქიქა გმობაჲ თჳსი.
12. ესე ზემოწერილნი მწვალებელნი წმიდათა მათ მამათა შეაჩუენნეს.
13. და ებისტოლე მოწერილი აღათონ ჰრომთა პაპისაჲ კოსტანტინე მეფისა მომართ შეიწყნარეს შემსგავსებულად ებისტოლისა მის დიდისა ლეონისა ჰრომთა პაპისაჲ, რომელი მოეწერა კრებასა ქალკიდონისასა.
14. და კრებაჲ იგი რკდ ებისკოპოსთაჲ, რომელნი ჰრომს შეკრიბნა ღირსმან აგათონ, ითჳსეს და ყოველი მათ მიერ თქმული და განწესებული დაამტკიცეს და ერთ კრებად შეირაცხნეს რჲჱ კოსტანტინეპოვლისანი და რკდ ჰრომისანი.
15. და წმიდაჲ მარტინე ჰრომისა პაპი და წმიდაჲ მაქსიმე აღმსაარებელი ჴმამაღლად ადიდეს და საჴსენებელად საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ მათი განაწესეს.
16. და აღწერილი იგი მართლისა სარწმუნოებისა ძეგლი და საეკლესიონი იგი კანონნი წინაშე ღმრთისმსახურისა კოსტანტინე მეფისა წარიკითხეს (!)
17. და თავადმან კოსტანტინე მეფემან თჳსითა ჴელითა, წითლითა წამლითა, სიმტკიცე საღმრთოჲსა მის ძეგლისაჲ დაწერა და ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა სახელები თჳსი დაწერეს კაცად-კაცადმან თჳსითა ჴელითა.
18. და ესე არს თქმული იგი და განწესებული წმიდათა მათ და ღმერთშემოსილთა მამათაჲ.
19. თავი ა.
20. დიდმან ამან და ყოველთა ქალაქთა და სოფელთაგან ნებითა და მადლითა ღმრთისაჲთა და ბრძანებითა მორწმუნისა და ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესითა შემოკრებულმან ღმრთივდაცვულსა სამეუფოსა ქალაქსა მეექუსემან კრებამან ტაძარსა დიდისა პალატისასა ესრეთ აღწერა
21. და განაწესა და ამას იტყჳს: ღმრთისა და მამისა მხოლოდშობილი ძჱ და სიტყუაჲ, რომელი-იგი ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა, თჳნიერ ცოდვისა, ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი ჩუენი წმიდისა სახარებისა ქადაგებითა ესრეთ ბრძანებს: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ.
22. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ“.
23. – და კუალად თქუა: – „მშჳდობასა მოგცემ თქუენ.
24. მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ“.
25. ამის ღმრთივქადაგებულისა, ჭეშმარიტისა და მიუჩრდილებელისა ნათლისა ბრწყინვალებითა განათლდა და შეუდგა მას ღმრთისმსახური ესე მეფე ჩუენი და მშჳდობაჲ იგი მის მიერ აღთქუმული წინამძღურად მოიღო.
26. და იქმნა მართლმადიდებლობისა შემწე და წვალებისა წინააღმდგომ.
27. ამისთჳსცა წმიდაჲ ესე და სოფლიოჲ კრებაჲ ღირსთა ამათ მღდელთმოძღუართა მოსწრაფედ შემოკრბა და ყოველივე სავსებაჲ ეკლესიისაჲ შეაერთა.
28. პირველად ტჲჱ ნიკიას შეკრებულთა წმიდათა მამათა, ურჩულოჲსა არიოზის განმკუეთელთა, რომელთაცა ერთარსებაჲ, ერთღმრთეებაჲ და ერთბუნებაჲ სამგუამოვნისა მის წმიდისა სამებისაჲ ჴმამაღლად ქადაგეს
29. და მამისა და ძისა და სულისაწმიდისა ერთითა და განუყოფელითა სარწმუნოვებითა თაყუანისცემაჲ ასწავეს ერსა მორწმუნეთასა
30. და თანა-წამებითა და თანა-მოღუაწებითა ღმრთისმსახურისა დიდისა კოსტანტინე მეფისაჲთა ყოველნი იგი მართლისა სარწმუნოებისა წინააღმდგომნი მწვალებელნი განიოტნეს.
31. მეორედ კოსტანტინეპოლეს შეკრებულთა რნ ღმერთშემოსილთა მამათაჲ, თევდოსი დიდისა მეფისა ზე, მაოტებელთა ბოროტისა მის მაკედონიოს სულისა წმიდისა მბრძოლისა და აპოლინარის უკეთურისა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „არა შეიმოსა უფალმან გონებაჲ კაცობრივი“.
32. და ამით გმობითა ცხორებისა ჩუენისა საიდუმლოსა არა სრულებით-ყოფად ზრახვიდა, რომელიცა მაკედონიოსისვე თანა განიოტეს წმიდათა მათ მამათა.
33. მესამედ ეფესოს შეკრებულთა ს მამათა, თევდოსი მეფისა ზე, ძისა არკატისა, რომელთა არცხჳნეს ურჩულოსა ნესტორის და ერთ ქრისტედ განჴორციელებული უფალი ჩუენი ქადაგეს და წმიდაჲ იგი ქალწული მარიამ, უხრწნელი იგი და უმეტესად კურთხეული, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად აღიარეს
34. და ქადაგეს და ბილწი იგი ცუნდრუკებაჲ ბოროტისა მის ნისტორისა იოტეს და სრულიად აჴოცეს, რომელი-იგი კაცად განყოფილად და ღმრთად განყოფილად ერთსა მას ქრისტესა იტყოდა და წმიდასა ღმრთისმშობელსა უვარ-ჰყოფდა, ამისთჳსცა სრულიად აჴოცეს იგი წმიდათა მათ მამათა.
35. მეოთხედ ქალკიდონს შეკრებულთა, მარკიანე მეფისა ზე, ქლ წმიდათა მამათა, რომელთა ერთი იგი ქრისტე ძე ღმრთისაჲ ჩუენთჳს განკაცებული ორითა ბუნებითა, ჴმამაღლად ქადაგეს სრული ღმერთი და სრული კაცი.
36. და შეაჩუენნეს: ევტუქე და დიოსკოროს და სებეროს ბოროტნი იგი მწვალებელნი.
37. და მათ თანა ნესტორიცა, ესე ვითარცა განმყოფელი გუამსა ქრისტესსა, და იგინი ვითარცა შემრეველნი ბუნებათანი, რომელნი-იგი ურთიერთას განყოფილითა და წინააღმდგომითა გმობითა ერთად მთხრებლად წარწყმედისა და უღმრთოებისა შთაცჳვეს.
38. მეხუთედ ამას სამეუფოსა ქალაქსა, ისტჳნიანე მეფისა ზე, შემოკრებულთა რო წმიდათა მამათა, რომელთა განკუეთეს თეოდორე მომფსუეტელი, მოძღუარი ნესტორისი, და ოროგინე, მრავალთა წვალებათა მეტყუელი, და დიდიმოს და ევაგრე.
39. და იბ იგი თავნი თევდორიტესნი, წინააღმგომნი ღმერთშემოსილისა კჳრილესნი და ებისტოლე იგი ივაჲსი მიწერილი მარენ სპარსისა მიმართ და ყოველივე წვალებაჲ შეაჩუენეს და სარწმუნოებაჲ პირველთა მათ წმიდათა კრებათა მიერ განწესებული დაამტკიცეს.
40. აწ უკუე ჩუენ ყოველნივე წმიდათა მათ კრებათა მიერ ქადაგებულსა სარწმუნოებასა ვქადაგებთ და დავამტკიცებთ და ესრეთ ვღაღადებთ შემოკრებულნი წმიდასა ამას მეექუსესა კრებასა:
41. „გურწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ
42. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მხოლოდ-შობილი მამისაგან, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნული, ერთარსი მამისაჲ, რომლისა მიერ ყოველივე შეიქმნა,
43. რომელი ჩუენთჳს, კაცთათჳს, და ჩუენისა ცხორებისათჳს გარდამოჴდა ზეცით და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა და ჯუარს ეცუა ჩუენთჳს პონტოელისა პილატესა ზე, ივნო, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა,
44. და კუალად მოვალს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისაჲ არა არს დასასრული, და სულიწმიდაჲ უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს,
45. მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, და ერთი წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ.
46. აღვიარებთ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა, მოველით აღდგომასა მკუდრეთით და ცხორებასა მერმისა საუკუნოჲსა, ამენ“.
47. კმა იყო მეცნიერებად და დასამტკიცებლად მართლისა სარწმუნოვებისა წმიდაჲ ესე ღმერთშემოსილთა მათ მამათაგან დაწესებული მართლაღსაარებაჲ, არამედ ვინაჲთგან არა დასცხრა პირველთაგან, მომპოვებელმან მან უკეთურებისამან ბრძოლად ნათესავსა კაცთასა,
48. და ვითარცა-იგი პირველ თანაშემწედ მოიპოა გუელი და მის მიერ წამალი იგი გესლიანი სიკუდილისაჲ უწდია, ბუნებასა კაცთასა, ეგრეთვე აწ პოვნა ჭურნი შემსგავსებულნი ნებისა თჳსისანი თეოფანე ვინმე ფარანელი ებისკოპოსი და სერგიოს და პიროს და პავლე და პეტრე,
49. რომელნი იყვნეს მღდელთმოძღუარ სამეუფოჲსა ამის ქალაქისა, ამათ თანა ონორიცა ჰრომისა წინამძღუარი და კჳროზ ალექსანდრიისაჲ, მაკარი ანტიოქელი და სტეფანე მოწაფე მისი.
50. ესენი პოვნა ბოროტმან მან მტერმან აღმასრულებლად ნებისა თჳსისა და ისწრაფა მათ მიერ აღდგინებად ეკლესიასა შინა საცთური ბოროტი, რამეთუ ამათ პირველთქმულთა კაცთა ბირებითა დასაბამითგან კაცისმკვლელისაჲთა იკადრეს თქუმად ერთი ნებაჲ და ერთი საქმჱ ორთა მათ ბუნებათაჲ,
51. ერთისა მის სამებისაგანისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ და ამით სახითა განაახლა ერსა შორის ქრისტეანეთასა წვალებაჲ იგი აპოლინარისი, სებეროსისი და თემისტისი, ურჩულოთაჲ მათ,
52. რაჲთამცა სრულებაჲ იგი განკაცებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი განაქარვა ესევითარითა მით მზაკუვარებითა და აჩუენა თჳნიერ ნებისა და საქმისა ყოფად გონიერად სულიერნი იგი ჴორცნი უფლისანი.
53. ამისთჳს აღადგინა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან მორწმუნე ესე მეფე ახალი დავით და პოვა გულითადი თჳსი, რომელმანცა, ვითარცა წერილ არს: „არა სცა ძილი თუალთა თჳსთა, არცა ჰრული – წამთა თჳსთა, არცა განსუნებაჲ – ჴორცთა თჳსთა“,
54. ვიდრემდის ღმრთივშემოკრებული ესე ყო კრებაჲ და წმიდათა ამათ მამათა მიერ პოვა სრული იგი მართლმადიდებლობისა ქადაგებაჲ, რამეთუ ვითარცა იტყჳს უფალი.
55. „სადა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულნი სახელითა ჩემითა, მუნ ვარ მე მათ შორის ჭეშმარიტად“.
56. უკუე ჩუენ შორის არს სახიერი იგი და მიმიძღჳს ჩუენ გზასა ჭეშმარიტებისასა.
57. ამან წმიდამან კრებამან სარწმუნოებით და მოწლედ შეიწყნარა ებისტოლე წმიდისა და ნეტარისა აგათონ ჰრომთა პაპისაჲ, მოწერილი ღმრთისმსახურისა მეფისა ჩუენისა კოსტანტინესა,
58. რომელსა შინა წერილ არს სახელდებით განკუეთაჲ და განყრაჲ ყოველთაჲ, რომელთა ქადაგეს ერთი ნებაჲ და ერთი საქმე განკაცებისა განგებულებასა შინა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა ეგრეთვე სახედ.
59. რკდ-ცა ღმერთშემოსილთა ებისკოპოზთა ებისტოლე, რომელნი ღირსსა მას აგათონს თანა შეკრბეს, მოწერილი მორწმუნისა ამის მეფისა მიმართ, სათნოდ და კეთილად შეიწყნარეს,
60. რამეთუ თანა-ეწამებოდეს ესე ებისტოლენი და დაამტკიცებდეს ებისტოლე მას დიდისა ლეონისსა, ჰრომთა პაპისა, რომელი მიუწერა წმიდასა ფლაბიანეს, კოსტანტინეპოლელ პატრიარქსა, კრებასა მას ქალკიდონისასა, რომელსაცა ძეგლ მართმადიდებლობისა უწოდა წმიდამან მან კრებამან;
61. ეგრეთვე დაამტკიცა (!) წმიდამან ამან კრებამან ებისტოლენი იგი წმიდისა და ნეტარისა კჳრელესნი განსაკუეთელნი ურჩულოჲსა ნესტორისნი და რავდენიცა მიუწერა აღმოსავალისა ებისკოპოსთა, ეგრეთვე – ებისტოლენი სოფრონ იერუსალჱმელ პატრიარქისაჲ.
62. ესე ყოველი შევიწყნარეთ ჩუენ ყოველთა და სწავლასა წმიდათა მათ ხუთთა კრებათასა და წმიდათა მათ ღმერთშემოსილთა მამათასა შეუდგთ.
63. და აღვიარებთ უფალსა ჩუენსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა იესუ ქრისტეს, ერთსა მას წმიდისა და ერთარსებისა სამებისაგანსა, სრულსა ღმრთეებითა და სრულსა კაცებითა, ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა, რომელი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისაგან ღმრთეებითა,
64. ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს განჴორციელდა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა ჭეშმარიტისა მის ღმრთისმშობელისა ბუნებითა კაცობრივითა,
65. ერთი უფალი იესუ ქრისტჱ, მხოლოდშობილი ორითა ბუნებითა შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფელად, განუშორებლად ცნობილი,
66. რამეთუ განყოფილებაჲ იგი ბუნებათაჲ არა შეირია, არცა დაიჴსნა ერთობითა მით გუამისაჲთა, არამედ უფროჲსღა მტკიცე-იყო თჳთება ორისა ბუნებისა, შეკრებული ერთ პირად და ერთ გუამად.
67. რამეთუ არა ორად პირად განიკუეთა ანუ განეყო ორგუამოვნებად, არამედ იგივე ერთი მხოლოდშობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, უფალი იესუ ქრისტჱ ორითა ბუნებითა და ორითა საქმითა, ვითარცა პირველითგან წინაწარმეტყუელთა ქადაგეს
68. და თავადმან იესუ ქრისტემან გუასწავა და წმიდათა მოციქულთა გუაუწყეს და ღმერთშემოსილთა მამათა გუასწავლეს, ვქადაგებთ ჩუენცა ორთა ბუნებათა და ორთა ბუნებითთა ნებათა და ორთა ბუნებითთა საქმეთა, ხოლო ორთა მათ ბუნებითთა ნებათა არა წინააღმდგომთა.
69. ნუ იყოფინ, ვითარცა ურჩულონი იგი მწვალებელნი იტყჳან, რამეთუ: „შეუდგა კაცობრივი იგი ნებაჲ მისი საღმრთოსა ნებასა და არა წინააღმდგომ იყო, ანუ მბრძოლ, არამედ უფროჲსად ჰმორჩილებდა საღმრთოსა მას და ყოვლად ძლიერსა ნებასა მისსა“.
70. რამეთუ ჯერ იყო ნებისა მის ჴორცთაჲსა აგებულებაჲ და დამორჩილებაჲ ნებასა მას ღმრთეებისასა, ვითარცა იტყჳს დიდი ათანასე რამეთუ:
71. „ვითარცა ჴორცნი მისნი ჴორც სიტყჳსა ღმრთისა ითქუმიან და არიან, ეგრეთვე ბუნებითი იგი ნებაჲ ჴორცთა მისთაჲ თჳსად სიტყჳსა ღმრთისა ითქუმის და არს“.
72. ვითარცა თავადი იტყჳს, ვითარმედ: „გარდამოვჴედ ზეცით.
73. არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“.
74. თჳსად ნებად ნებასა მას ჴორცთასა იტყოდა, რამეთუ ჴორცნიცა მისნი იყვნეს;
75. და ვითარცა წმიდანი იგი და უბიწონი ჴორცნი განღმრთობითა არა განილინეს, არამედ თჳსსა წესსა და ბუნებასა ეგნეს, ეგრეთვე კაცობრივი ნებაჲ მისი შეერთებითა ღმრთეებისაჲთა არა განილია, არცა განქარდა, არამედ უფროჲსად განემტკიცა,
76. ვითარცა იტყჳს წმიდაჲ გრიგოლი ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: „ნებაჲ იგი მტრისაჲ არა წინააღმდგომ საღმრთოსა ნებასა იყო, არამედ ყოვლითურთ განღმრთობილ და მიმყოლელ საღმრთოსა ნებასა“.
77. ეგრეთვე ორთა ბუნებითთა საქმეთა განუყოფელად, უცვალებელად, შეურევნელად უფლისა და ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესა აღვიარებთ, ესე იგი საღმრთოსა საქმესა და კაცობრივსა საქმესა,
78. ვითარცა იტყჳს ღმერთშემოსილი ლეონ განცხადებულად, ვითარმედ: „თითოეული ბუნებაჲ მისი იქმს წესსა თჳსსა ზიარებითა მეორისაჲთა“.
79. ბუნებაჲ იგი სიტყჳსაჲ იქმს საქმეთა სიტყჳსათა.
80. და ბუნებაჲ ჴორცთაჲ იქმს რაჲ-იგი შეჰგავს ჴორცთა, რამეთუ არა ეგების თქუმად, თუ ერთ არს საქმე ბუნებითი ღმრთეებისაჲ და ჴორცთაჲ,
81. რაჲთა არცა დაბადებული არსებასა მას ღმრთეებისასა აღვიყვანოთ, არცა სიმაღლე იგი საკჳრველებაჲ საღმრთოჲსა ბუნებისაჲ დაბადებულთა და განწესებულსა ადგილსა შთამოვიყვანოთ.
82. ერთისა უფლისა, ერთისა ქრისტესა ვიცნით სასწაულნიცა და ვნებანიცა არამედ სხუადდასხუად სახედ შემსგავსებულად ბუნებათა მათ, რომელთაგან და რომელთა შინა იყო, ვითარცა ნეტარმან კჳრილე თქუა.
83. აწ უკუე ყოვლით კერძო შეურევნელად და განუყოფელად საიდუმლოსა მას ვქადაგებთ და მოკლითა სიტყჳთა ყოველსავე განვაცხადებთ, და გურწამს ერთი სამებისაგანი უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ღმერთი ჭეშმარიტი შემდგომად განკაცებისა ორითა ბუნებითა,
84. რომელნი-იგი ერთსა მას გუამსა მისსა შინა ბრწყინვიდეს, რომლით სასწაულნიცა და ვნებანიცა ჟამთა მათ განგებულებისა მისისათა არა უცნებით,
85. არამედ ჭეშმარიტებით აჩუენნა და განყოფილება იგი ბუნებათა ერთსა მას გუამსა შინა იცნობებოდა, რაჟამს-იგი ზიარებითა მეორისაჲთა თითოეული ბუნებაჲ განუყოფელად და შეურევნელად თჳსსა საქმესა ინებებდა და იქმოდა.
86. ამით სახითა ორთა ბუნებითთა ნებათა და საქმეთა უფლისათა ვქადაგებთ საცხორებელად კაცთა შეკრებულთა.
87. ესე ყოველი მრავლითა კრძალულებითა და ჭეშმარიტებითა გურწამს და აღვიარებთ და ვქადაგებთ და ესრეთ განვაწესებთ, რაჲთა ამიერითგან ამის სარწმუნოებისა გარეშე სხუაჲ სარწმუნოებაჲ ვერვინ იკადროს თქუმად, ანუ აღწერად, ანუ სწავლად.
88. უკუეთუ კულა იპოოს ვინ სხუად სახედ შემცვალებელ ამის მართლაღსაარებისა და ასწავოს, ანუ წარმოთქუას, ანუ აღწეროს სხუაჲ რაჲმე განდრეკილი სარწმუნოებაჲ, შეჩუენებულმცა არს და განკუეთილ და აღჴოცილ.
89. უკუეთუ მღდელობაჲ აქუნდეს, უცხო იყავნ პატივისა მისგან, უკუეთუ მონაზონი, ანუ ერისკაცი იყოს, წყევასა ქუეშე იყავნ.
90. ესე არს სარწმუნოებაჲ მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ.
91. ესე სარწმუნოებაჲ დაამტკიცენ კათოლიკე ეკლესიასა შინა წმიდამან სამებამან, რამეთუ მისი არს დიდებაჲ, ძალი და სუფევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
2
1. თავნი რჩულისკანონისანი
2. ა. ხოლო ვინაჲთგან გარდასრულთა ამათ წელთა და განწვალებასა ეკლესიისასა, განდრეკასა თანა სარწმუნოებისასა კანონნიცა ეკლესიისანი დაიჴსნნეს და უგულებელს-იქმნნეს,
3. ამისთჳს ნებითა ღმრთისაჲთა და ჯერჩინებითა ღმრთისმსახურისა მეფისაჲთა კუალად განვაახლებთ და დავამტკიცებთ წესთა და კანონთა, რომელნი დასხნეს წმიდათა მოციქულთა და საღმრთოთა მათ დიდებულთა კრებათა და ესრეთ ვიტყჳთ.
4. თავი მეორე. წესი კეთილ არს ყოვლისავე, რომელი იწყებდეს სიტყუასა გინა საქმესა, რაჲთა ღმრთისაგან იწყოს და ღმრთისა აღასრულოს, ვითარცა ღმრთისმეტყუელი გრიგოლ იტყჳს, ვითარმედ: „დასაბამ და დასასრულ ყოვლისა საქმისა და სიტყჳსა შენისა ღმერთი იყავნ“.
5. აწ უკუე ჩუენცა ღმრთისმსახურებასა და მართლაღსარებასა სარწმუნოვებისასა ჴმამაღლად ვქადაგებთ, რომელსაცა ზედა ეკლესიაჲ ქრისტჱსი დაფუძნებულ არს და დღითი-დღე აღორძნდების და აღემატების უფროჲს ნაძუთა მათ ლიბანისათა.
6. ამას საფუძველსა ზედა წმიდისა ქრისტეს სახარებისასა და ცხოველსმყოფელთა მათ მცნებათა მისთასა ჩუენ ყოველნი მართლმორწმუნენი მტკიცე ვართ და ესრეთ განვაჩინებთ და ვიტყჳთ,
7. რაჲთა ვითარცა ზემოწერილ არს შეურყეველად დამარხვაჲ მართლისა მის სარწმუნოებისაჲ, რომელი ქადაგეს წმიდათა მოციქულთა და გუასწავეს ღმერთშემოსილთა მამათა, ეგრეთვე წესნიცა და კანონნი მათ შორის განწესებულნი მტკიცემცა არიან და შეურყეველ.
8. პირველად ოთხმეოცდახუთნი იგი კანონნი სახელსა ზედა წმიდათა მოციქულთასა აღწერილნი, რომელნი-იგი შეიწყნარეს და დაამტკიცნეს წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა და საღმრთოთა დიდებულთა კრებათა განსაკურნებელად სულთა და მაოტებელად ვნებათა.
9. ეგრეთვე დავამტკიცებთ კანონთა და განგებათა, რომელნი განაწესნეს წმიდათა კრებათა: პირველად ნიკიას შეკრებულთა წმიდათა მამათა და მერმე ანკჳრას და ნეოკესარიას, მერმე კუალად ღანღრას და ანტიოქიას ასურეთისასა და ლაოდიკიას ფრიგიისასა,
10. მერმე რნ მათ მამათაჲ, რომელნი შეკრბეს სამეუფოსა ამას ქალაქსა და ს მამათაჲ, რომელნი ეფესოს ნეტარისა კჳრილესთანა შეკრბეს და ქლ წმიდათა მამათაჲ, ქალკიდონს შეკრებულთაჲ,
11. ეგრეთვე რომელნი სარდიკეს და კართაგენს შეკრბეს მამანი და კუალად რომელნი-იგი კჳპრიანეს თანა მთავარებისკოპოსისა აფრიკეთისასა და მოწამესა შეკრბეს და განაწესნეს კანონნი,
12. ვითარცა ჯერ იჩინეს მათთა მათ სოფელთა შინა განწესებად და კუალად რომელნი-იგი სამეუფოსა ამას ქალაქსა შემოკრბეს ღირსნი მამანი, ნეკტარი პატრიარქისა ზე.
13. ამათ ყოველთა კრებათა მიერ განწესებულნი კანონნი მტკიცე არიან.
14. ეგრეთვე რომელ თითოეულად წმიდათა მამათა მიერ აღწერილ არიან კანონნი: პეტრე ალექსანდრიელ მთავარებისკოპოსისა და მოწამისა დიონისიოს მთავარებისკოპოსისა მისვე ქალაქისა, ათანასე მთავარებისკოპოსისა მისვე ალექსანდრიელ ქალაქისა,
15. გრიგოლ ნეოკესარიელ მთავარებისკოპოსისა საკჳრველთმოქმედისა, ბასილი მთავარებისკოპოსისა კესარია კაბადუკიელისაჲ, გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა, გრიგოლ ნოსელისა, ამფილოქე იკონიელისა, ტიმოთე ალექსანდრიელისა, კჳრილე ალექსანდრიელისა
16. და რომელ-იგი თეოფილეს ზე ალექსანდრიასვე აღიწერა და კუალად გენადიოს კოსტანტინეპოლელ პატრიარქისა მიერ აღწერილი.
17. ესე ყოველნი კანონნი, აღწერილნი წმიდათა მათ კრებათაგან და ღმერთშემოსილთა მამათაგან, მტკიცე იყუნედ და შეურყეველ და არავის ჴელ-ეწიფების დაჴსნად და გარდასლვად მათ მიერ განწესებულისა მის განგებისა
18. ანუ შეწყნარებად სხუათა კანონთა დამჴსნელთა და წინააღმდგომთა მათისა მის განგებისათა, რომელნი შეწმასნილ არიან ვიეთგანმე წინააღმდგომთა ჭეშმარიტებისათა.
19. უკეთუ კულა იპოოს ვინ შეურაცხმყოფელ საღმრთოთა მათ კანონთა და ნატყუართა მათ შემწყნარებელ, თანამდებ იყოს კანონსა მას რჩულის გარდამავალთასა, ვიდრემდის განკურნოს თჳსი იგი ცთომილებაჲ.
20. გ. ესრეთ ჯერ უჩნს ღმრთისმსახურსა მეფესა ჩუენსა და ყოველსა ამას ღმრთივშემოკრებულსა კრებასა,
21. რაჲთა ყოველი უწესობაჲ, რომელი გარდასრულთა ამათ წვალებისა წელთა შემოჴდა მღდელობისა წესსა ზედა, განემართოს და ღირსებით იქცეოდინ, რომელნი ჴელ-ჰყოფენ მსახურებად უსისხლოსა მას და ყოვლისა სოფლისა საჴსარსა და განმაცხოველებელსა დიდებულსა მსხუერპლსა.
22. ამის უკუე ჯერისათჳს ესრეთ განვაწესებთ, ვინაჲთგან ჰრომისა ეკლესიაჲ მღდელთა სრულიად უქორწინებელთა განაგებს,
23. ხოლო სამეუფოჲსა ამის ქალაქისა კრებამან აჩუენა წყალობაჲ უძლურებასა კაცობრივსა და უწესა ქორწინებაჲ ჩუენცა მათისაებრ ბრძანებისა უწესებთ რაჲთა რომელნი მღდელობისა უღელსა შევიდოდინ,
24. უკუეთუ ქორწინებაჲ ენების, პირველ კერძოდიაკონობისა კურთხევისა იქორწინონ წესიერითა ქორწინებითა, რაჲთა ყოვლადვე თჳსობაჲ მათ შორის არა იყოს და შემდგომად ქორწინებისა მიიღონ კურთხევაჲ კერძოდიაკონობისაჲ და მთავარდიაკონობისა და ხუცობისაჲ
25. და იყვნენ უბრალოდ მეუღლეთა თჳსთა თანა, გარნა რომელსა დღესა ჟამსა წირვიდენ მას ღამესა დაიცვენინ თავნი თჳსნი სიწმინდით, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ პავლე მოციქული,
26. ვითარმედ: „ნუ განმეშორებით ურთიერთას, გარნათუ შეთქმულებით ჟამ რავდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვასა და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“.
27. ესე არა მღდელთა მიმართ თქუა მოციქულმან, არამედ ერისკაცთა ყოველთა, რავდენ უკუე უმეტესად მღდელთა თანა-აც დამარხვად.
28. ხოლო ჟამი ლოცვისაჲ დღე იგი ზიარებისაჲ თქუა, რაჲთა არა განგცადნესო ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.
29. უთმინოებად მას უწესა, რომელმან დღესა მას, ოდეს ეგულებოდის ზიარებად, ვერ მოითმინოს მეუღლისაგან თჳსისა.
30. ესრეთ უკუე ჯერ-არს, რაჲთა დღეთა მათ ჟამისწირვისათა ეკრძალებოდინ და სხუათა დღეთა წესიერად ურთიერთას იყვნენ.
31. ხოლო შემდგომად კურთხევისა დიაკონად გინა ხუცად არღარა ჴელ-ეწიფების ქორწინებაჲ.
32. უკუეთუ კულა იქორწინოს დიაკონმან, გინა ხუცესმან, მღდელობისაგან აღიჴოცენ.
33. ეგრეთვე რომელსა ორგზის ექორწინოს, მღდელობისა პატივსა ვერ ჴელ-ეწიფების მოსლვად, ვითარცა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა კანონი ბრძანებს,
34. ვითარმედ: „რომელი შემდგომად ნათლისღებისა ორსა ქორწინებასა მოსრულ იყოს ანუ ხარჭი დაესუას, არა ჴელ-ეწიფების ებისკოპოსობისა, ანუ ხუცობისა, ანუ დიაკონობისა და მღდელობისა წესსა მოსლვად;
35. ეგრეთვე რომელმან ქურივი შეირთოს, ანუ მეძავი, ანუ ქმრისაგან გაძებული, ანუ მგოსანი, ვერ ჴელ-ეწიფების მღდელობად “.
36. და ყოვლითურთ რომელნი ჴორციელთა ცოდვათა შებღალულ იყუნენ, საქმით ვერ ჴელ-ეწიფების მღდელობად, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფოს სხუათა კურთხევად და მიცემად დიდისა მის საიდუმლოჲსა, რომელი თანამდებ იყოს გლოვად და ტირილად თჳსთა ცოდვათა.
37. ესრეთ უკუე განწესებულ არს, რაჲთა წესიერითა ქორწინებითა იქორწინონ დიაკონთა და ხუცესთა პირველ მღდელად კურთხევისა და შემდგომად ქორწინებისა მიიღონ კურთხევაჲ კერძოდიაკონობისაჲ
38. და მერმე დიაკონობისა და ხუცობისაჲ და იყვნენ მეუღლეთა თჳსთა თანა წესიერად და შიშითა ღმრთისაჲთა ზემოწერილისა მის წესისაებრ.
39. ხოლო რომელთა ძალ-ედვას ქალწულებით და სიწმიდით მოქალაქობად, ესე არს უაღრესი და უზეშთაესი, ვითარცა უფალი ბრძანებს,
40. ვითარმედ: „არიან საჭურისნი, რომელთა გამოსაჭურნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა, ესე იგინი არიან, რომელთა აღჳრ-ასხნეს გულისთქუმათა ჴორციელთა და აღირჩიეს სიწმიდე ქალწულებისაჲ.
41. და მოციქული იტყჳს: „ვეტყჳ უქორწინებელთა მათ, უკეთეს არს მათა უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე უკუეთუ კულა ვერ დაითმენდენ.
42. ესე წესი და კანონი იყავნ მღდელთათჳს და დიაკონთა.
43. დ. უკუეთუ ცოდვათა ვინ უჯეროთა შთავრდომილ იყოს და არა შეეწამოს და მღდელობასა მოვიდეს და შემდგომად კურთხევისა აღიაროს ცოდვაჲ თჳსი, მღდელობისაგან განეყენენ, ვითარცა წერილ არს კანონსა შინა ნიკიისა კრებისასა, რამეთუ: „უბიწოსა ეძიებს კათოლიკე ეკლესიაჲ“.
44. შემდგომად კურთხევისა უკუეთუ ებისკოპოსი, გინა ხუცესი, ანუ დიაკონი დაეცეს სიძვითა ანუ სხჳთა რაჲმე უჯეროჲთა ცოდვითა, მღდელობისაგან განეყენენ ხოლო ზიარებისაგან ნუ განეყენების, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „არა მიჰჴადო ორი შურისგებაჲ ერთბამად.“
45. და კუალად ამისთჳსცა, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ ბასილი, ვითარმედ: „ერისკაცი თუ შთავარდეს ცოდვასა, განეყენების წმიდისა ზიარებისაგან ჟამსა განწესებულსა და აღასრულოს რაჲ ჟამი იგი სინანულისაჲ, კუალად თჳსსავე წესსა მოვალს მორწმუნეთა თანა ზიარებად“.
46. ხოლო დიაკონსა, ანუ მღდელსა აღიჴოცოს რაჲ მღდელობისაგან სამარადისო არს დაშჯაჲ იგი და არღარა მიიქცევის მღდელობად, ამისთჳს არა განეყენების ზიარებისაგან.
47. ხოლო უკუეთუ იყოს კაცი იგი განკრძალული და პატიოსანი, პატივცემულ იყოს ერისაგან, მღდელთა თანა დაჯდებოდის ეკლესიასა შინა და სახლთა,
48. ხოლო ჟამისწირვად, ანუ ზიარებად ერისა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა არა ჴელ-ეწიფების, ვითარცა წერილ არს: „ვერ უძლოს სხუათა კურთხევისა მიცემად, რომელსა თჳსთა წყლულებათა კურნებაჲ უჴმდეს.“
49. კურთხევისა მიცემად ამას იტყჳს, რაჟამს ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა განუყოფდეს მორწმუნეთა ზიარებითა მით საიდუმლოჲსაჲთა, კმა-უკუე-იყავნ მისდა პატივცემულობაჲ ერისაგან და ევედრებოდენ უფალსა მოტევებად ცოდვათა მისთა.
50. ამას განაწესებენ წმიდანი კრებანი და დიდი იგი მღდელთმოძღუარი ბასილი.
51. და ჩუენ მათსა მას განგებასა დავამტკიცებთ და შეურყეველად გუაქუს.
52. უკუეთუ კულა იჭჳ ესევითარისა რაჲსმე ცოდვისა იქმნას მღდელსა ზედა და ცხადად ვერ ემხილოს და მან უარყოს და არა აღიაროს, მან თჳთ მისცეს პასუხი უფალსა და თჳსითა ბრალითა იყოს.
53. ე. დედაკაცსა მოწესესა ენკრატისსა, უკუეთუ შეერთოს მღდელობისა პატივსა შინა მყოფი, მეჴსეულად აღიჴოცენ;
54. და უკეთუ ერისკაცმან ქმნას ესე, ზიარებისაგან განეყენენ, რაოდენჟამ წინამძღუარმან ეკლესიისამან განაწესოს, ხოლო მოწესე იგი თჳსსავე ადგილსა მიიქცეს სინანულად.
55. ვ. ყოველნი, რომელნი მღდელობისა პატივსა არიან: ებისკოპოსნი, ხუცესნი, დიაკონნი ნუმცა ვის ჴელ-ეწიფების დედაკაცისა თავისა თანა-მყოფად ქონებაჲ, თჳნიერ დედისა და დისა და ჰანისა, რომელ-ესე უეჭუელნი პირნი არიან.
56. ხოლო სხუაჲ დედაკაცი, ანუ მჴევალი თანამყოფად მღდელისა ვერ არს, ვითარცა ნიკიისა კრებამან განაწესა.
57. ხოლო რომელიცა ამას წესსა გარდაჰჴდეს, აღიჴოცენ მღდელობისაგან.
58. ეგრეთვე საჭურისთაცა დაიმარხენ ესე კანონი, რაჲთა დაუბრკოლებელ იყოს მათი ცხორებაჲ.
59. ხოლო რომელნი გარდაჰჴდენ წესიერებისა განგებასა ამას, მღდელნი თუ იყუნენ, აღიჴოცნენ მღდელობისაგან, ერისკაცნი თუ იყვნენ, ემხილოს მათ მღდელთმოძღურისაგან, რაჲთა წესიერად იქცეოდინ.
60. ზ. წმიდათა მოციქულთა რჩულისკანონსა წერილ არს, ვითარმედ, „მღდელობად მომავალთა ენებოს თუ ქორწინებაჲ, წიგნისმკითხველთა და მგალობელთა ხოლო იქორწინონ“.
61. ამას უკუე წესსა ჩუენცა დავამტკიცებთ და ვიტყჳთ, რაჲთა არა ჴელ-ეწიფებოდის კერძოდიაკონსა, ანუ დიაკონსა, ანუ ხუცესსა, ვინაჲთგან კურთხევაჲ მღდელობისაჲ მიიღოს, ქორწინებისა წესსა შესლვად.
62. უკუეთუ კულა ესე ქმნას, აღიჴოცენ მღდელობისაგან, არამედ უკუეთუ ქორწინებაჲ ენებოს, პირველ კერძოდიაკონად კურთხევისა იქორწინენ და მერმეღა იკურთხენ.
63. უკუეთუ კულა იკურთხოს კერძოდიაკონად, ანუ დიაკონად, ანუ ხუცად, ქორწინებად არღარა ჴელ-ეწიფების.
64. ჱ. გუეუწყა, ვითარმედ რომელთამე ეკლესიათა შინა დიაკონთა მიიღიან პატივი რაჲმე საეკლესიოჲ და მიზეზითა მით მის პატივისაჲთა დასხდებიან ზემოჲთ ხუცესთასა.
65. ამის უკუე ჯერისათჳს ესრეთ განვაწესებთ, რაჲთა დიაკონსა რაჲცა პატივი საეკლესიოჲ აქუნდეს, არა ჴელ-ეწიფებოდის ზემოჲთ ხუცესთასა დაჯდომად, თჳნიერ ამისა,
66. ოდეს კრებაჲ სადმე დიდი იქმნას და მოივლინოს დიაკონი ნაცვალად პატრიარქისა, გინათუ ჰრომისა, ალექსანდრიისა, ანუ თუ იერუსალჱმისა, ანუ ანტიოქიისა, ანუ სხჳსა ვისმე მღდელთმოძღურისა.
67. მაშინ ადგილსა მის მღდელთმოძღურისასა დაჯდეს, რომელმან თჳსად ნაცვალად მოავლინა იგი, ხოლო თჳნიერ ამის მიზეზისა, უკუეთუ თჳსითა თავჴედობითა და ანპარტავნებითა ჰმძლავრობდეს დიაკონი ზემოჲთ ხუცისა ჯდომად ესევითარი-იგი თჳსისა პატივისაგან დაემჴუას
68. და უკუანაჲსკნელ ყოველთასა იქმნას ეკლესიასა შინა თჳსსა, რამეთუ არა ისმინა მცნებაჲ უფლისაჲ, რომელმან თქუა, რაჲთა არავინ ირჩევდეს ზემოჯდომასა, რამეთუ: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს“.
69. ხოლო უკუეთუ სოფლიოთა ამათ პატივთათჳს ზუაობდეს ვინ, ცუდად ზუაობს, რამეთუ სულიერნი პატივნი ჴორციელთასა უპატიოსნეს და უდიდებულეს არიან,
70. ეგრეთვე სხუანი ყოველნი ხარისხნი სამღდელოთა პატივთანი: უმდაბლესი უმაღლესისა ზედაჲთ ყოფად ნუ ეძიებნ, არამედ თჳთეული თჳსსა წესსა და საზომსა დასჯერებოდენ.
71. თ. ვითარცა პირველთა მამათა ჩუენთა განუწესებიეს, ჩუენცა მასვე წესსა დავამტკიცებთ, რაჲთა ყოველთავე საკათალიკოზოთა წლითი-წლად კრებაჲ იქმნებოდის ებისკოპოსთაჲ,
72. რომელნიცა სამრემლოსა თითოეულისა კათოლიკოზისასა იყვნენ რაჲთა გამოეძიებდენ, უკუეთუ რაჲ დაკლებული სამრემლოთა მათთა შინა იყოს.
73. ესე უკუე წესი პირველთა კრებათა მიერ განწესებულ არს, რაჲთა წელიწადსა შინა ორგზის იქმნებოდის კრებაჲ.
74. ხოლო ვინაჲთგან რომელთამე საკათალიკოზოთა შინა, ანუ შიში არს წარმართთაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე სიძნელე, ესრეთ განვაწესებთ,
75. რაჲთა ერთგზის წელიწადსა შინა უეჭუელად იქმნებოდის კრებაჲ ებისკოპოსთაჲ, სადაცა კათალიკოზმან განაწესოს, ახუსებითგან ვიდრე უკდომბერამდის ოდესცა ინებონ.
76. და ყოველსავე დაკლებულსა განჰმართებდენ და წესიერად განაგებდენ.
77. ხოლო რომელიცა ებისკოპოზი მის სამრემლოჲსაჲ არა მივიდეს კრებასა მას, თჳნიერ უძლურებისა ანუ ჯეროვნისა რაჲსმე მიზეზისა, უკუეთუ უმიზეზოდ უდებ იქმნას მისლვად, სიყუარულით აბრალონ მას ყოველთა.
78. ი. ხუცესსა, ანუ დიაკონსა, ანუ სხუასა ვის მღდელობისა პატივითა პატივცემულსა არა ჴელ-ეწიფების ღჳნის საფარდულისა სახლისა მოგებად, რომელსა ეწოდების კაპილიონ, რამეთუ შესლვადცა ესევითარსა ქულბაგსა არა ჴელ-ეწიფების მღდელთა, ვითარ უკუე მოიგოს ესევითარი სავაჭროჲ?
79. და ჴელ-ყოფად საქმესა უწესოსა.
80. უკუეთუ კულა ესევითარსა საქმესა შეუდგეს, ანუ დასცხერინ, ანუ განიკუეთენ მღდელობისაგან.
81. ია. ებისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი უკუეთუ ვახშთა და აღნადგინებთა აღიღებდეს, ანუ დასცხერინ ესევითარისა ხუეჭისაგან, ანუ თუ არა დასცხრეს, აღიჴოცენ მღდელობისაგან.
82. იბ. რომელნიცა მღდელობისა მოწესეობისა ზიარ არიან, ვამცნებთ მათ, ეგრეთვე მორწმუნეთა ერისკაცთა, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის მიღებად ჰურიათაგან მათისა მის უფუარისა, რამეთუ ესევითარისა მის უწესობისა მოქმედნი დიდსა ბრალსა ქუეშე არიან,
83. რამეთუ ყოვლადვე არა ჯერ-არს ქრისტეანეთა მეგობრობაჲ მათი, ანუ მათ განკურნებისა თავსდებაჲ, ანუ აბანოს მათ თანა შესლვაჲ,
84. ხოლო უკუეთუ ვინ მიიღოს უფუარი მათი და ჭამოს, ანუ მათთანა დღესასწაულობდეს, ანუ მათსა მას პასექსა თანა-შეერთოს, უკუეთუ მღდელი იყოს, აღიჴოცენ მღდელობისაგან, უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობისა კანონი დაიმარხენ;
85. უკუეთუ კულა მერმეცა მათთანა დღესასწაულობდენ, განიკუეთენ ეკლესიისაგან.
86. იგ. ესეცა მოვიდა სასმენელთა ჩუენთა, ვითარმედ ქუეყანასა აფრიკეთისასა და მათ კერძოთა, ებისკოპოსნი შემდგომად ებისკოპოსად დადგენისა არა იჯმნიან თჳსთა მეუღლეთა თანა-ყოფად და ამით ჯერითა დიდად დასაბრკოლებლად ერისა იქმნებიან.
87. ვინაჲთგან უკუე დიდად მოსწრაფე ვართ, რაჲთა ყოველივე აღსაშენებელად და სარგებელად სულიერთა სამწყსოთა იქმნებოდის, ამისთჳს განვაწესებთ,
88. რაჲთა ამიერითგან ესე საქმე არღარა იქმნას, დაღაცათუ პირველთა მათ ჟამთა იყო, არამედ აწ მადლითა ქრისტესითა უაღრესისა საზომისა მიმართ წარმართებულ არს ეკლესიაჲ და ერი მორწმუნეთაჲ.
89. და არა ჯერ-არს მღდელთმოძღურობისა წესსა შინა ბიწისა დატეობაჲ.
90. ამისთჳს განვაწესებთ, რაჲთა არა ჴელ-ეწიფებოდის ებისკოპოსთა მეუღლისა თანა-ყოფად, ვინაჲთგან ებისკოპოსობისა კურთხევაჲ მიიღონ, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ მოციქული პავლე,
91. ვითარმედ: „დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო ვარ, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობესსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხოვნდენ.
92. მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა“.
93. ხოლო უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს წესი ესე და ენებოს მეუღლისა თანა-ყოფად, ესევითარი-იგი ებისკოპოსობისაგან აღიჴოცენ.
94. იდ. ხუცესთა და დიაკონთა და კერძოდიაკონთა პირველ კურთხევისა თუ იქორწინონ წესიერითა ქორწინებითა და მერმე მოვიდენ მღდელობისა კურთხევასა და ენებოს თჳსთა მეუღლეთა თანა-ყოფად, არარაჲ არს დამაყენებელ ბრძანებისაებრ მოციქულთაჲსა,
95. რაჲთა: უკუეთუ ვინ ღირს იყოს მღდელობისა და ენებოს კერძოდიაკონობაჲ, ანუ დიაკონობაჲ, ანუ ხუცობაჲ და რჩულიერსა მეუღლესა თანა იყოს,
96. ნუ დაეყენებინ ამისთჳს მღდელობისაგან, ნუცა მიეჴადებინ სიტყუაჲ ებისკოპოსისაგან ჯმნად მეუღლისაგან თჳსისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ღმერთმან შეაერთნა, კაციმცა ნუ განჰყოფს“.
97. და წმიდამან მოციქულმან თქუა: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ“.
98. ხოლო ესე საცნაურ არს: ვითარცა კრებამან მან კართაგენისამან განაწესა, რაჲთა მღდელნი და დიაკონნი, რომელნი ჴელ-ჰყოფენ წმიდათა მათ საიდუმლოთა დღეთა მათ ჟამისწირვისათა, თჳსთა მეუღლეთაგან უღირს დამარხვად თავთა თჳსთა შეუხებელად,
99. რაჲთა მოციქულთაგანცა თქმული და პირველითგან დამტკიცებული წესი ჩუენცა დავიმარხოთ და უწყოდით, ვითარმედ ყოველსა საქმესა ჟამი უჩნს.
100. ეგრეთვე მარხვისაცა (!) ჟამი არს ლოცვისაჲ, რამეთუ თანა-აც რომელნი წმიდასა საკურთხეველსა ჰმსახურობდენ დღეთა მათ, ოდეს ეგულებოდის წმიდათა საიდუმლოთა ჴელყოფაჲ და მსახურებაჲ, მმარხველ და უბიწო იყვნენ ყოვლით კერძო,
101. რაჲთა ღირს იქმნნენ მოღებად თხოათა მათთა, რომელთა ითხოვდნენ ღმრთისაგან, ხოლო სხუათა დღეთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ხუცესთა და დიაკონთა და კერძოდიაკონთა განყენებად წესიერად შეყოფილთა მეუღლეთა მათთაგან.
102. იე. წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა მიერ განჩინებული წესი ამასცა ზედა მტკიცე იყავნ, რაჲთა ხუცესი უწინარეს ოცდაათისა წლისა არა იკურთხოს, დაღაცათუ ფრიად ღირსი იყოს,
103. რამეთუ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე მეოცდაათესა წელსა ნათელ-იღო და იწყო მოძღურებად და ამისთჳს მღდელნიცა ოცდაათისა წლისანი იკურთხეოდინ, ხოლო დიაკონი – ოცდახუთისა წლისაჲ, კერძოდიაკონი – ოცისა წლისაჲ.
104. დედათდიაკონი ორმეოცისა წლისა უწინარეს ნუმცა შევალს მოწესეობასა მას.
105. ივ. ყოველთა მორწმუნეთა თანა-აც წმიდათა მათ მარხვათა განგებისაებრ მოციქულთა და მამათაჲსა მარხვად და კრძალულებით და სიწმიდით აღსრულებად დღეთა მათ მარხვისათა,
106. რაჲთა ღირსებით მიიწიოს კაცად – კაცადი დიდებულსა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ვნებასა და წმიდასა აღდგომასა, ვითარცა განწესებულ არს წმიდათა მოციქულთაგან და ღმერთშემოსილთა მამათაგან.
107. ხოლო ესეცა უწყებულ იყავნ, ვითარმედ არა ჯერ-არს რვათა შჳდეულთა მარხვაჲ დიდთა მათ მარხვათა, ვითარ-იგი იქმან არიანოზნი, რომელნი-იგი გარდაჰჴდებიან უფლისა მიერ განწესებულსა და მოციქულთა მიერ ქადაგებულსა ორმეოცთა დღეთა რიცხუსა შემატებითა სხჳსა შჳდეულისაჲთა,
108. რამეთუ მსგეფსსა მას ყველიერისასა მარხვათა თანა შეჰრაცხვენ, რომელ-ესე უწესო არს და გარეშე განგებისა მოციქულთა და მამათაჲსა.
109. და არცა სხჳსა მის შჳდეულისაჲ ჯერ-არს მარხვაჲ, რომელსა არაჯვორ ეწოდების, რომელსა იმარხვენ იაკობიკნი მწვალებელნი,
110. რამეთუ წმიდათა მოციქულთა ბრძანებითა უფლისაჲთა ესრეთ განაწესეს, რაჲთა ორმეოც დღე იყოს წესი მარხვათაჲ და აღესრულების რიცხჳ იგი ორმეოცთა დღეთაჲ პარასკევსა ბზობისასა.
111. ხოლო სხუაჲ იგი შჳდეული, რომელ არს ვნებისაჲ, არა მარხვათათჳს განწესებულ არს, არცა მათ თანა აღირაცხვის, არამედ ვნებისათჳს უფლისა და წმიდისა აღვსებისათჳს ვიმარხვით.
112. და აღესრულებიან ორმეოცითა მით დღითა შჳდეულითა მით ვნების კჳრიაკისაჲთა შჳდნი შჳდეულნი.
113. ხოლო შჳდეულსა მას ყველიერისასა, დაღაცათუ ჴორცის ჭამაჲ აკრბების, რამეთუ განმზადებაჲ არს მარხვათა შესლვისაჲ და რეცა წინამსრბოლი ხოლო მარხვათა თანა შერაცხვაჲ არა ჯერ-არს.
114. არცა არაჯორთა მარხვაჲ წეს-არს ვითარცა წერილ არს რჩულსა შინა მოსესა: „დაიცევ სიტყუაჲ, რომელსა გამცნებ შენ.
115. არა შესძინო მას ზედა, არცა დააკლო მისგან“.
116. და წმიდაჲ იოვანე ნათლისმცემელი ესრეთ ქადაგებს, ვითარმედ: „ნურას უმეტეს განწესებულისა თქუენისა იქმთ“.
117. და წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს: „უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ, მისა გარეშე, რომელი ჩუენ გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“.
118. და ჭეშმარიტად სიტყჳსა მისებრ წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისა არა ჯერ-არს უმეტეს განწესებულისა ქმნად, რამეთუ ესრეთ შეემთხჳა პირველქმნულსა მას ადამს, ჰრქუა მას ღმერთმან: „ესე ქმენ!
119. ამას ნუ იქმ!“
120. მან უმეტეს განწესებულისა მისისა იწყო ძიებად და ბრძანებასა მას ღმრთისას ურჩ ექმნა, ამისთჳს რომელიცა-იგი აქუნდა, წარწყმიდა და სამოთხით ექსორია იქმნა.
121. და კუალად არიან ვიეთნიმე, რომელნი დღეთა მათ მარხვათასა შაბათ-კჳრიაკეთა მწუხრამდის იმარხვენ და ესეცა უწესოვე არს, რამეთუ მარკიანელნი და მესალიანელნი მწვალებელნი შაბათსა და კჳრიაკესა სხუათავე დღეთა თანა შეჰრაცხვენ.
122. გარნა არა წეს არს შაბათსა ანუ კჳრიაკესა მარხვაჲ, თჳნიორ ხოლო დიდისა შაბათისა, რამეთუ შაბათი იკურთხა, რამეთუ მაშინ განისუენა ღმერთმან საქმეთა მისთაგან, ხოლო კჳრიაკე წმიდა იქმნა აღდგომისათჳს უფლისა.
123. და არიან დღენი ესე ჴსნილი.
124. ხოლო არა ჯერ-არს ქმნაჲ შრომისაჲ ბრძანებულსა ზედა, ვითარცა დავით იტყჳს, არამედ ვითარცა განწესებულ არს: ჯერ-არს შაბათისა და კჳრიაკისა ჟამსა მას სამხრისასა ჴსნად პირისა ჭამადითა სამარხვოჲთა,
125. რამეთუ არათუ განიყოფვიან რიცხჳსაგან ორმეოცთა დღეთასა პირისა ჴსნისათჳს, ხოლო ხუთთა მათ დღეთა იმარხვიდენ, ვითარცა ვის ძალ-ედვას და გულსმოდგინებაჲ აწუევდეს.
126. აწ უკუე კანონსა მას დავამტკიცებთ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ იმარხვიდეს კჳრიაკესა, ანუ შაბათსა, თჳნიერ ხოლო ერთისა მის უკუეთუ მღდელი იყოს, აღიჴოცენ, უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობაჲ მიეცინ.
127. რამეთუ გუასმიეს, თუ ჰრომისა ქუეყანასა მარხვათა შაბათსა იმარხვენ, არა კჳრიაკესა.
128. ვამცნებთ უკუე მათცა, რაჲთა არა იქმოდინ ამას.
129. ამისთჳს ვაუწყოთ პაპსა ჰრომისასა, რაჲთა განაწესოს არღარა ქმნად ერისა მის მარხვაჲ შაბათისაჲ.
130. იზ. ეგრეთვე გუესმა, თუ ქუეყანასა სომხეთისასა შაბათ-კვრიაკეთა წმიდათა მარხვათასა ჭამენ ყველსა და კვერცხსა და სხუასა ყოველსა წუელასა.
131. ესე უკუე უჯერო არს და სრულიად უწესოჲ, რამეთუ ეშმაკი რომელთამე მარჯულ აცთუნებს და რომელთამე მარცხენით წარსტყუენავს.
132. ხოლო ჩუენ სამეუფოსა გზასა სლვაჲ თანა-გუაც და ვითარცა ზემო ვთქუთ, თუ არა წეს არს შაბათსა და კჳრიაკესა მარხვაჲ, არამედ ჯერ-არს ჟამსა სამხრისასა პირის ჴსნაჲ ჭამადითა სამარხვოჲთა,
133. ეგრეთვე აწ მარცხენითისა ამის ცთომისაგან განვაკრძალებთ ყოველთა ქრისტიანეთა და ვამცნებთ, რაჲთა ყოველსავე სოფელსა ეკლესიაჲ ღმერთისაჲ ერთსა წესსა ზედა ეგოს და წმიდათა მარხვათა წესიერად აღასრულებდენ და განყენებულ იყვნენ, ვითარცა-იგი ჴორცის ჭამისაგან,
134. ეგრეთვე ყოვლისავე წუელისაგან, ყველისა და სძისა და კუერცხისა და ყოვლისავე წუელისა, რომელნი-იგი ნაშობნი არიან და ნაყოფნი ცხოვართა და ზროხათა და მფრინველთანი და არა ჯერ-არს წმიდათა მარხვათა გემოჲს ხილვაჲ მათი.
135. ხოლო რომელთა ესე წესი არა დაიმარხონ, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცნენ მღდელობისაგან, უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, განიკუეთნენ ზიარებისაგან და ეკლესიისა.
136. და ესეცა გუესმა, თუ ქუეყანასა მას სომხეთისასა წუელასა და თევზსა და ღჳნოსა ერთად შეჰრაცხვენ და ესე სრულიადი არს სიცოფე და უგუნურებაჲ და წარტყუენვაჲ მტერისაგან.
137. ჭეშმარიტად ყოველი უწესოჲ და განდრეკილი მოძღურებაჲ ეშმაკისა მიერ მოპოვნებულ არს.
138. ხოლო ჩუენ უწყით, ვითარმედ არარაჲ არს ზიარებაჲ, არცა თჳსებაჲ წუელისა და თევზისაჲ და ზეთისა და ღჳნისაჲ.
139. იგინი უკუე, რომელნი ამათ შეაერთებენ, წესისაგან კათოლიკე ეკლესიისა განყოფილ არიან დღეთა მათ წმიდათა მარხვათასა.
140. წუელისა ჭამად არცა შაბათ-კჳრიაკეთა, არცა სხუათა დღეთა ვის ჴელ-ეწიფების.
141. ხოლო თევზი და ზეთი და ღჳნოჲ, ვითარცა ვის ძალ-ედვას, მარხვადცა ჴელ-ეწიფების და უძლურებისათჳს ანუ სხჳსა რაჲსმე სათანადოჲსა მიზეზისა განჴსნად არა დაყენებულ არს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველივე წესიერად და სათნოდმცა აღესრულების“.
142. დღესასწაულიცა ხარებისაჲ, უკუეთუ მარხვათა იყოს, რომელსაცა დღესა დახუდეს, ჴსნილ არს მიღებაჲ თევზისა და ზეთისა და ღვნისაჲ წესიერად.
143. იჱ. წმიდათა მოციქულთა მიერ დადებულსა მას წესსა ჩუენცა დავამტკიცებთ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გამცნებთ თქუენ, მორწმუნენო ერნო ქრისტესნო,
144. რაჲთა დაიმარხნეთ მცნებანი უფლისანი და დღესასწაულობდეთ დღესასწაულთა ცხორებისა ჩუენისათა: პირველად შობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ოდეს-იგი იშვა ჴორციელად წმიდისა ქალწულისა მარიამისგან, რომელი განვაწესეთ დღესასწაულობად თუესა დეკემბერსა კე.
145. ამისა შემდგომად დღესასწაულობდით დღესა მას ნათლისღებისა უფლისასა, თუესა იანვარსა ვ, ოდეს-იგი ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა იოვანესგან ნათლისმცემელისა და მოვიდა მის ზედა სული წმიდაჲ სახედ ტრედისა და მამამან ზეგარდმო წამა ძედ საყუარელად.
146. ხოლო შემდგომად ამის დღესასწაულისა, წარჴდენ რაჲ დღენი რავდენნიმე და მოეახლოს ჟამი ქრისტეს ვნებისა და აღდგომისაჲ, უწინარეს შჳდისა შჳდეულისა, განგჳიწესებიეს მარხვაჲ ორმეოც დღჱ, რომელი-იგი მიიღებს დაწყებასა დღესა ორშაბათსა და აღესრულების დღესა პარასკევსა.
147. ესევითარნი-იგი ორმეოცნი დღენი იმარხნეთ რაჲ, მოღუაწებით და ლმობიერითა ლოცვითა აღასრულეთ კჳრიაკე ბზობისაჲ და შეწირეთ უფლისა გალობაჲ, ვითარცა ყრმათა მათ უმანკოთა მიეგებვოდეს რაჲ და იტყოდეს: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“.
148. და მეყსეულად იწყეთ მარხვად შჳდეულსა მას ქრისტეს ვნებისასა და იმარხენით დღენი იგი წარწყმედულთა მათთჳს ჰურიათა, რამეთუ ესრეთ გუამცნო უფალმან, რაჲთა ვიმარხნეთ ექუსნი იგი დღენი ურჩულოებისა მისთჳს ჰურიათაჲსა და ვიგლოვდეთ წარწყმედისათჳს მათისა,
149. რამეთუ თავადიცა უფალი ცრემლოოდა მათთჳს, რამეთუ დღესასწაულსა მას მათსა შეიპყრეს უფალი და მისცეს სიკუდილად და უცხოთესლმან მან მსაჯულმან დაიბანნა ჴელნი თჳსნი წინაშე ერისა მის და თქუა: „უბრალო ვარ მე სისხლისაგან მართლისა ამის, თქუენ იხილეთ“.
150. ხოლო ჰურიათა ჴმა-ყვეს: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა და არა გჳვის მეფე, გარნა კეისარი“.
151. ამისთჳს ჯერ-არს გლუაჲ წარწყმედისა მათისაჲ, ნუუკუე მოიქცენ და შეინანონ, ამისთჳს დღეთა მათ ვნებისათა განგჳწესებიეს მარხვაჲ ექუსი დღე – ორშაბათითგან ვიდრე შაბათამდე –
152. და მასვე ხუთშაბათსა აღასრულეთ ჴსენებაჲ სერობისაჲ მის რომელ აღასრულა უფალმან მოწაფეთა თჳსთა თანა და მისცა მათ აღსრულებაჲ საიდუმლოთაჲ და მერმე მოირტყა არდაგი და დაჰბანნა ფერჴნი მათნი.
153. ამისა შემდგომად განვიდა მათ თანა ლოცვად მტილსა მას, სადა-იგი მოვიდა იუდა ჰურიათა თანა და შეიპყრეს იგი და წარადგინეს წინაშე მღდელთმოძღურისა მის უღირსისა და მიერ წარიყვანეს და მისცეს პონტოელსა პილატეს და დასაჯეს სიკუდილად უბრალოდ იგი.
154. ამათ დღეთა იჴმარებდით პურსა და წყალსა და მხალსა, რამეთუ დღენი არიან გლოჲსა და არა დღესასწაულობისანი.
155. და შაბათიცა იგი იმარხეთ.
156. არა თუ შაბათისაჲ ჯერ-არს მარხვაჲ, არამედ მის ოდენ შაბათისაჲ, რამეთუ დამბადებელი ყოველთაჲ საფლავსა შინა იყო.
157. ამისთჳს პარასკევსა მას და შაბათსა იმარხეთ ჯუარცუმისათჳს უფლისა და დაფლვისა.
158. რომელი შემძლებელ იყოს, ორსავე მას დღესა ნურას ჭამს, ვიდრე შუაღამემდე შაბათისა, ხოლო რომელსა ესე ვერ შეეძლოს, პარასკევსა მწუხრი მიიღოს საზრდელი პური და წყალი
159. და შაბათი კუალად იმარხოს შუაღამემდე, რამეთუ უფალმან ესრეთ ბრძანა: „ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, მაშინ იმარხონ“.
160. ამათ უკუე დღეთა ამაღლდა ჩუენგან და ჯუარსა შეემრსჭუალა(!) და საფლავსა დაიდვა.
161. ამისთჳს გამცნებთ თქუენ მარხვასა, ვითარცა ჩუენ ვიმარხეთ დღეთა მათ.
162. ხოლო მწუხრი შაბათსა, განთიად ერთშაბათისა მის, რომელ არს კჳრიაკე, მწუხრითგან შუაღამემდის იღჳძებდით და ლოცევდით და აღდგომასა მას უფლისასა შეწირეთ მსხუერპლი იგი უსისხლოდ, ვითარცა თავადმან ბრძანა, ვითარმედ: „ამას იქმოდეთ მოსაჴსენებელად ჩემდა“.
163. და ეზიარნეთ რაჲ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, განიჴსენით მარხვაჲ და განთიად წმიდასა მას კჳრიაკესა იხარებდით, რამეთუ წინდი იგი, დასაბამი აღდგომისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტჱ აღდგა მკუდრეთით,
164. და მესამესა ჟამსა დღისასა აღასრულეთ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და ეზიარენით საიდუმლოთა ქრისტესთა და იხარებდით სიხარულითა წესიერითა და იყავნ ესე თქუენდა შჯულად სამარადისოდ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი მეორითა მით დიდებულითა მოსლვითა მისითა.
165. ხოლო აღასრულოთ რაჲ დღჱ იგი აღდგომისაჲ, რომელ არს აღვსებაჲ, პირველით დღითგან კჳრიაკით აღრაცხეთ დღჱ ორმეოცი და აღასრულეთ დღესასწაული ამაღლებისა უფლისაჲ.
166. და შემდგომად ათისა დღისა, რომელ არს დღითგან აღდგომისაჲთ დღჱ მეერგასისე, იყავნ თქუენდა დღესასწაული დიდი, რამეთუ მას დღესა ჟამ ოდენ მოავლინა ჩუენ ზედა უფალმან ნიჭი სულისა წმიდისაჲ.
167. ხოლო შემდგომად დღისა მის, რომელ არს მარტჳლიაჲ, დღესასწაულობდით შჳდეულსა მას და მერმე კუალად იმარხეთ, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს სიხარული ნიჭთა ზედა ღმრთისათა და კუალად მარხვაჲ შემდგომად განსუენებისა,
168. რამეთუ ყოველნი წმიდანი და წინაწარმეტყუელნი იმარხვიდეს, ვითარცა მოსესთჳს წერილ არს და ელიაჲსთჳს და დანიელისთჳს;
169. ხოლო შემდგომად მარხვისა მის ყოველთა ოთხშაბათ-პარასკევთა გამცნებთ თქუენ მარხვად ძალისაებრ კაცად-კაცადისა და ნამეტნავსა მას მარხვისა თქუენისასა მისცემდით გლახაკთა.
170. ხოლო ყოველსა შაბათსა, გარეშე ერთისა მის, და ყოველსა კჳრიაკესა შეკრბებოდეთ ლოცვად და ჟამისწირვად და იხარებდით სიხარულითა სულიერითა,
171. რამეთუ ბრალსა ქუეშე არს, რომელმან კჳრიაკე იმარხოს, ანუ მარტჳლიაჲ, ანუ სხუანი იგი საუფლონი დღესასწაულნი, რამეთუ არა ჯერ-არს ესევითართა მათ დღესასწაულთა გლოაჲ, არამედ სიხარული და მადლობაჲ ღმრთისაჲ.
172. ხოლო მარხვაჲ თქუენი ნუმცა არს ორგულთა მათ თანა მწვალებელთა, რომელნი იმარხვენ ორშაბათსა და ხუთშაბათსა და შაბათსა.
173. ხოლო თქუენ, მორწმუნენო, ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა ჴელ-გეწიფების მარხვად და უმეტესად ოთხშაბათსა და პარასკევსა, რამეთუ ოთხშაბათსა უფლისათჳს ბოროტი იგი განძრახვაჲ იქმნა ჰურიათაჲ და პარასკევსა ჯუარს ეცუა უფალი, ამისთჳს განწესებულ არს ორთა მათ დღეთა მარხვაჲ.
174. ხოლო შაბათსა ნუ იმარხავთ, რამეთუ დღე არს დაბადებისა ჴსენებაჲ და კჳრიაკესა ყოველსა დღესასწაულობდით, რამეთუ დღჱ არს ქრისტეს აღდგომისაჲ.
175. ერთსა ხოლო შაბათსა ჯერ-არს მარხვაჲ დაფლვისა მის უფლისა, ვითარცა ზემოწერილ არს, რამეთუ მოსეცა ესრეთ განუწესა ერსა მას ისრაჱლისასა ბრძანებითა უფლისაჲთა სამგზის დღესასწაულობად წელიწადსა შინა:
176. დღესასწაულსა მას უცომოებისასა, ათოთხმეტითგან პირველისა თჳსა ვიდრე შჳდ დღემდე, უცომოჲსა და ველისყრდელისა ჭამად და მიერითგან აღრაცხვად ერგასის დღჱ და დღესასწაულობად;
177. და კუალად იე მეშჳდისა თჳსასა აღსრულებად დღესასწაულსა კარვობისასა.
178. ამისთჳს აღესრულებიან ჩუენ მიერცა ქრისტეანეთა სამნი მარხვანი წელიწადსა შინა, რომელთა მოასწავებდეს დღესასწაულნი იგი.
179. და უმეტეს სამთა მათ მარხვათა საეკლესიოდ არა ჯერ-არს მარხვისა ქადაგებაჲ, კაცად-კაცადი ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა და უმეტესად ოთხშაბათ-პარასკევსა, ვითარცა ძალ-ედვას, იმარხევდინ, ვითარცა წერილ არს კუალად განგებასა შინა მოციქულთასა,
180. ვითარმედ: „ჩუენ, პეტრე და პავლე გამცნებთ თქუენ: მონანი, გინა აზნაურნი შურებოდინ სხუათა მათ დღეთა, ხოლო შაბათსა და კჳრიაკესა მოვიდოდენ ეკლესიად, რაჲთა ისმენდენ სწავლასა ღმრთისმსახურებისასა“.
181. შჳდეულსა მას ვნებისასა და შემდგომად აღდგომისა შჳდეულსა ახალ კჳრიაკისასა უქმობაჲ არს, რამეთუ ერთი იგი შჳდეული ვნებისაჲ არს და მეორე აღდგომისაჲ.
182. დღესასწაულსა ამაღლებისასა უქმობაჲ არს, რამეთუ მაშინ იქმნა აღსრულებაჲ ქრისტეს განგებულებისაჲ.
183. მარტჳლიად უქმობაჲ არს, რამეთუ მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ.
184. ქრისტეშობად უქმობაჲ არს, რამეთუ მაშინ იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ქალწულისაგან.
185. განცხადებად უქმობაჲ არს, რამეთუ მაშინ ნათელ-იღო უფალმან და მამამან და წამა ძედ საყუარელად და სული წმიდაჲ მოვიდა მის ზედა სახედ ტრედისა.
186. ესე დღესასწაულნი: ქრისტეშობაჲ და განცხადებაჲ და ბზობაჲ, ჯუარცუმაჲ და აღდგომაჲ, ამაღლებაჲ და მარტჳლიაჲ არიან წმიდათა მოციქულთა მიერ განწესებულ,
187. ხოლო სხუანი იგი დღესასწაულნი: მიგებებაჲ, ფერისცვალებაჲ, ამაღლებაჲ ჯუარისაჲ, რომელ არს ჯუართა პყრობაჲ, ხარებაჲ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ და მიცვალებაჲ მისი და ღმრთისმშობლის შობაჲ და ტაძრად მოყვანებაჲ და ენკენიაჲ, ესე წმიდათა კრებათაგან დაწესებულ არიან.
188. და ეგრეთვე ჯერ-არს დღესასწაულობაჲ და უქმობაჲ, ვითარცა ზემოწერილ არს მოციქულთა განგებითა.
189. ეგრეთვე წმიდათა მოციქულთა საჴსენებელსა განწესებულ არს დღესასწაულობაჲ.
190. ესე ყოველი აღვწერეთ განწესებისაებრ წმიდათა მოციქულთა და მამათაჲსა, რაჲთა უწყოდინ ყოველთა, თუ ვითარ არს წესი მარხვისაჲ, ანუ ოდეს არა ჯერ-არს მარხვაჲ.
191. ხოლო სხუათა ყოველთა დღეთა მარხვაჲ წესიერი კეთილ არს და შუენიერ და ნაყროვნებაჲ და მთრვალობაჲ ბოროტ არს და სავნებელ.
192. რამეთუ მარხვაჲ სამოთხესვე შინა განიწესა.
193. პირველი მცნებაჲ ესე მიიღო ღმრთისაგან ადამ: არა ჭამად ხისა მისგან ცნობადისა, რომელ-ესე მცნებაჲ იყო მარხვისაჲ.
194. უკუეთუმცა მაშინ ადამს და ევას ემარხა, არამცა საჴმარ იყო აწ ჩუენდა მარხვაჲ.
195. ვინაჲთგან მათ არა იმარხეს, გამოვვარდით სამოთხით და საჴმარ იქმნა მიერითგან მარხვაჲ, ამისათჳს მოვიდა უფალი სოფლად და იმარხა ორმეოც დღჱ, რაჲთა წამალი ცხორებისა გუასწავლოს.
196. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ჯერ-არს მარხვაჲ წესიერი სათნოჲ უფლისაჲ, ესე იგი არს უცხო ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ ყოველთაგან ბოროტთა და ყოვლისაგან ნაყროვნებისა და მთრვალობისა, რაჲთა სთნდეს უფალსა ცხორებაჲ ჩუენი და ღირს-გუყვნეს სასუფეველსა მისსა.
197. ით. მრავალთა ეკლესიათა ხუცესნი ანუ დიაკონნი დაუტეობენ ეკლესიათა თჳსთა, სადა-იგი იკურთხნეს და სხუათა ებისკოპოსთა შეეწყნარებიან და თჳნიერ წამებისა თჳსისა ებისკოპოსისა სხუათა ეკლესიათა დაეწესებიან და ამით ჯერითა იქმნებიან ურჩ და დაუდგრომელ;
198. ამისთჳს განვაწესებთ და ვამცნებთ ყოველთა, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ხუცესსა, ანუ დიაკონსა, ანუ კერძოდიაკონსა თჳნიერ წიგნისა განსატევებელისა თჳსისა ებისკოპოსისა,
199. სხუასა სამრემლოსა მისლვად და სხუასა ეკლესიასა დაწესებად საბრალობელად ებისკოპოსისა მის მაკურთხეველისა მისისა, არამედ ენებოს თუ წარსლვად სამრემლოდ სხჳსა ებისკოპოსისა, თჳსისა ებისკოპოსისა წიგნითა და წამებითა წარვედინ.
200. ხოლო რომელმან წესი არა დაიმარხოს, არამედ თჳსითა თავჴედობითა შეურაცხ-ყოს ებისკოპოსი თჳსი და სხუად სამრემლოდ ვიდოდის, ესევითარი იგი აღიჴოცენ მღდელობისგან.
201. გარნა თუ უდაბნოს განვიდოდის მონოზონებად და სრულიად იჯმნიდეს სოფლისაგან, მაშინ ებისკოპოსმანცა ლოცვით და კურთხევით წარმგზავნოს და ყოვლადვე არა დააყენოს კეთილისა მის გზისაგან, არამედ თანაშემწე-ეყოს სიტყჳთ და საქმით.
202. კ. უკუეთუ ადგილთა რომელთამე ზედადასხმაჲ იქმნას წარმართთაჲ ანუ სხუაჲ რაჲმე მოიწიოს განსაცდელი და მღდელ-დიაკონნი მათ ეკლესიათანი განიბნივნენ და სხუად სამრემლოდ წარვიდენ,
203. უკუეთუ მადლითა ღმრთისაჲთა გარდაჰჴდეს შიში იგი წარმართთაჲ, ანუ განსაცდელი იგი, რომლისათჳს დაუტევნეს თჳსნი ეკლესიანი, დასცხრეს, თჳსთავე ეკლესიათა ვამცნებთ მიქცევად.
204. და უმიზეზოდ ნუ დაუტეობენ სრულიად ეკლესიათა თჳსთა.
205. ხოლო რომელმან წესი ესე არა დაიმარხოს, არა ჴელ-ეწიფების მღდელობაჲ, ვიდრე თჳსადვე ეკლესიად მიიქცეს, უკუეთუ ჯეროვანი მიზეზი არა აქუნდეს.
206. ეგრეთვე ებისკოპოსი, რომელმან სხჳსა ებისკოპოსისა ხუცესი, ანუ დიაკონი, თჳნიერ წამებისა ებისკოპოსისა მის შეიწყნაროს, კანონსა და ბრალსა ქუეშე არს.
207. კა. ჯერ-არს წინამძღუართა ეკლესიათასა, უკუეთუ ეგებოდის, მარადღჱ, უკუეთუ არა –
208. კჳრიაკესა დღესა დასტურად სწავლად მღდელდიაკონთა და ყოვლისავე ერისა სიტყუათა და სწავლათა ღმრთისმსახურებისათა და მართლაღსაარებისათა საღმრთოთა წერილთაგან და მოძღურებისაგან წმიდათა მამათაჲსა.
209. და ნუმცა მიდრკებიან წესთაგან და განგებათა ღმერთშემოსილთა მამათაჲსა, არამედ სიტყუაჲცა წერილისაჲ, უკუეთუ შორის მოვიდეს, ნუმცა სხუაებრ თარგმნიან,
210. გარნა ვითარცა მნათობთა მათ ეკლესიისათა თარგმნეს და მათისა მის თქუმულისა მეცნიერებითა აჩუენებდენ თჳსსა გულისჴმის-ყოფასა, ვიდრეღა თავისა მიერ თჳსისა შემზადებულთა მოძღურებათა,
211. რამეთუ სწავლათაგან წმიდათა მათ მამათა მოვალს ერი იგი მორწმუნე მეცნიერებად სათნოებათა და განკრძალვად უჯეროთა საქმეთაგან, რაჲთა განეყენნენ ყოვლისაგანვე ცოდვისა და ჰმონებდენ უფალსა მოქალაქობითა კეთილითა, რაჲთა მიემთხჳვნენ ცხორებასა საუკუნესა.
212. კბ. არა ჴელ-ეწიფების ებისკოპოსსა სხჳსა ებისკოპოსისა სამრემლოსა ქალაქსა ანუ სოფელსა საეროდ მოძღურებად, ანუ კურთხევად ხუცისა, გინა დიაკონისა უნებლად ებისკოპოსისა მის ადგილისა.
213. უკუეთუ კულა საქმესა ამას წარმდებებით იქმოდის, თავსა თჳსსა ბრალეულ-ჰყოფს აღჴოცად ებისკოპოსობისაგან და წესსა ხუცობისასა მოსლვად.
214. კგ. რომელნიცა მღდელნი ანუ დიაკონნი ბრალთა შინა განსაკუეთელთა იპოვნენ და აღიჴოცნენ მღდელობისაგან,
215. უკუეთუ გულსმოდგინედ განეყენნენ ბრალთა მათ, რომელთათჳს მადლისა მისგან მღდელობისაგან აღიჴოცნეს და სინანული მოიგონ, ზიარებისაგან არა განეყენნენ, არამედ წიგნის მკითხველთა წესსა იყვნენ.
216. უკუეთუ კულა შემდგომად მღდელობისაგან აღჴოცისა კუალადცა მათვე ცოდვათა ერეოდინ, უზიარებლობაჲცა დაესაჯოს და სრულიად ერისკაცთა თანა შეირაცხნენ და ყოვლადვე მოწესეობისაგან განეყენნენ.
217. კდ. უკუეთუ ვინ მღდელთმოძღუარმან ქრთამითა და საფასისა მიღებითა აკურთხოს ებისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, ანუ რომელიცა მოწესეთაგანი და სასყიდლის სავაჭრო-ყვის უსყიდელი იგი მადლი და არა სათნოებისათჳს მისცეს მღდელობაჲ,
218. არამედ ქრთამისათჳს და საფასისა, ესე-ვითარი იგი მღდელთმოძღუარი, გინათუ კათალიკოზი, გინათუ ებისკოპოსი აღიჴოცენ მღდელთმოძღუარებისაგან.
219. და მის მიერ ქრთამითა და საფასითა კურთხეული იგიცა აღიჴოცენ მღდელობისაგან.
220. და რომელნიცა შუამდგომელ და მომატყუებელ ესევითარისა მის უწესობისა იყვნენ – იგინიცა, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცებიან, უკუეთუ მონაზონი ანუ ერისკაცნი იყვნენ, ეკლესიით განისხმიან,
221. რამეთუ ამის ჯერისათჳს ყოველთა წმიდათა კრებათა დიდი განკრძალულებაჲ დადვეს და მძიმჱ კანონი ესევითარისა საქმისა მოქმედთა ზედა.
222. და წმიდათა მოციქულთა რჩულისკანონსა ესრეთ წერილ არს: „უკუეთუ ვინმე ებისკოპოსობისა პატივი საფასითა მიიღოს, ანუ ხუცობისაჲ, ანუ დიაკონობისაჲ,
223. აღიჴოცენ მღდელობისაგან საფასით კურთხეული იგი და მაკურთხეველიცა მისი და განიკუეთენ სრულიად ზიარებისაგან, ვითარცა სჳმონ მოგჳ განიკუეთა ჩემ მიერ პეტრეს მოციქულისა“.
224. ჰხედავთა რაბამი არის ესე ცოდვაჲ, რამეთუ სხუათა ცოდვათათჳს არასადა წერილ არს აღჴოცაჲ მღდელობისაგან და განყენებაჲ ზიარებისაგან ხოლო ამის ბრალისათჳს ორივე განაწესეს წმიდათა მოციქულთა – აჴოცა მღდელობისაგან და უზიარებლობაჲ?
225. წარიკითხეთ ებისტოლეცა, რომელი მიუწერა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი კესარიელმან თჳსთა ებისკოპოსთა, რომელსა შინა დიდად დაამძიმებს ამას საქმესა და იტყჳს,
226. ვითარმედ: „საქმე ესე, რომლისათჳს მოგიწერ, რომელ ყოვლადვე ითქუაცა და საეჭჳ იქმნა, დიდითა მწუხარებითა აღავსო სული ჩემი და დაუჯერებელად შევჰრაცხე.
227. აწ უკუე ამის პირისათჳს დაწერილი ესე წიგნი, რომელსა შეუცნობიეს თავსა თჳსსა ესევითარი საქმჱ, შეიწყნარენ საკურნებელად, ხოლო რომელსა არა შეუცნობიეს, შეიწყნარენ განსაკრძალველად.
228. ხოლო უკუეთუ ვინ უწესოჲ იყოს, მიიღენ ესე დამოწმებაჲ, არამედ ვევედრები ღმერთსა, რაჲთა არავინ თქუენგან იპოოს ესრეთ უწესო.
229. ხოლო რაჲ არს საქმე იგი, რომლისათჳს ამას ვიტყჳ?
230. იტყჳან ვიეთნიმე, თუ თქუენგანნი ვინმე ებისკოპოსნი აკურთხევდენ რაჲ მღდელთა, მიიღებენ მათგან საფასესა და არა ქრთამ ანუ საფასედ სახელ-სდებენ, არამედ რეცა პატიოსანსა რასმე სახელსა უწესენ ევლოგიად.
231. და ესე უძჳრესი არს, რამეთუ უკუეთუ ვინმე ბოროტსა სახითა კეთილისაჲთა იქმოდის, ორკეცისა ტანჯვისა ღირს არს, რამეთუ იქმს ბოროტსა და სახესა მას, გინა სახელსა კეთილისასა იჴმარებს შემწედ თჳსისა ცოდვისა.
232. ესევითარი უკუე საქმჱ უკუეთუ ვის უქმნიეს, ნუღარამცა ქმნილ არს, არამედ აკრებულმცა არს სრულიად.
233. უკუეთუ არა აკრბეს, სამართალ არს თქმად მისა მიმართ, რომელი საფასესა მას მიიღებდეს, რაჲ-იგი ჰრქუა პეტრე მოციქულმან სჳმონს, რომელსა-იგი ენება საფასითა მოსყიდაჲ მადლისა მის სულისა წმიდისაჲ,
234. ვითარმედ: „ვეცხლი შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად“.
235. რამეთუ უსუბუქეს იყო უსწავლელისაჲ მის უმეცრებით თხოვაჲ საფასით მადლისაჲ მის, ვიდრეღა აწ რომელნი მეცნიერებით ჰყიდდენ ნიჭსა ღმრთისასა,
236. რამეთუ ნიჭი იგი, რომელი შენ, ჵ კაცო უგუნურო, უსასყიდლოდ მიიღე, უკუეთუ სასყიდლად მიჰყიდდე, გამოეჴუები მადლისა მისგან, ვითარმცა ეშმაკისადამცა მისყიდულ იყავ, რამეთუ ვეცხლის საფარდულ-ჰყოფ ეკლესიასა, სადა-იგი რწმუნებულ არს ჩუენდა ჴორცი და სისხლი ქრისტესი.
237. ესევითარი უკუე საქმე ბოროტ არს და უჯერო.
238. ხოლო არს ესევითარისა საქმისა მოქმედთაგან ესეცა ჴელოვნებაჲ მოპოვნებული.
239. ჰგონებენ თუ არა არს ცოდვაჲ, უკუეთუ ჟამსა მას კურთხევისასა არა მიიღონ საფასე იგი, არამედ შემდგომად კურთხევისა მიეცეს;
240. არამედ ესე ერთი არს, გინათუ პირველ მიიღოს, გინათუ – შემდგომად, ქრთამ ეწოდების, რომელი მის პირისა და მის საქმისათჳს მიეცეს.
241. გევედრები უკუე ესევითარი შემოსავალი და უფროჲსღა გზაჲ გეჰენიად მიმყვანებელი განიშორეთ თქუენგან და განიოტეთ და ნუ შეაგინებთ ჴელთა თქუენთა უჯეროჲთა მით შესაძინელითა
242. და უღირს-ჰყოფთ თავთა თქუენთა წმიდათა საიდუმლოთა აღსრულებისა და შემინდვეთ, რომელ დაუჯერებელისა ამის საქმისათჳს ვითარცა დარწმუნებულისა განჩინებასა ვჰყოფ.
243. უკუეთუ ვინ შემდგომად ამის ებისტოლისა იკადროს საფასითა და ქრთამითა კურთხევად მღდელისა, წარიკითხენ კანონი წმიდათა მოციქულთაჲ და ჩუენთა ამათ ეკლესიათა საკურთხეველთაგან იჯმენინ
244. და განეშორენ და მოიძიენ სხუაჲ ადგილი, სადა ჴელ-ეწიფებოდის ნიჭსა ღმრთისასა სყიდად და განსყიდად, რამეთუ ჩუენდა ეკლესიათა ღმრთისათა ესე ჩუეულებაჲ არა გუაქუს.
245. ერთი ხოლო სიტყუაჲ მიგითხრა და ჴმა-ვყო.
246. ესე საქმენი ვეცხლისმოყუარებისაგან იქმნებიან, ხოლო ვეცხლისმოყუარებაჲ ძირი არს ყოველთა ბოროტთა და ეწოდების მას კერპთმსახურება.
247. აწ უკუე მცირედისა ვეცხლისათჳს ნუვინ აღირჩევს კერპთმსახურებასა უფროჲს ქრისტეს მსახურებისა, ნუცამცა კუალად ჰბაძავს იუდას და საფასისა მიღებითა მით განსცემს მეორედ უფალსა, რომელი-იგი ერთგზის ჩუენთჳს ჯუარს ეცუა,
248. რაჲთა არა აკალდამა იწოდნენ ადგილნი იგი და ჴელნი ესევითართა მათ ნაყოფთა შემწყნარებელნი“.
249. ესე არს ებისტოლე და კანონი დიდისა ბასილისი.
250. აწ უკუე ბრძანებისაებრ მოციქულთაჲსა და განჩინებისაებრ წმიდათა კრებათაჲსა და სიტყჳსაებრ წმიდისა და ნეტარისა ბასილისა ჩუენცა განვაკრძალებთ ყოველთა მღდელმოძღუართა ბოროტისა ამის ბრალისაგან.
251. ხოლო რომელმან უგულებელ-ყოს წესი ესე და კანონი და ქრთამითა და საფასითა აკურთხოს ებისკოპოსი ანუ მღდელი, ზემოწერილსა მას კანონსა თანამდებ არს მაკურთხეველიცა და რომელი ქრთამითა იკურთხოს, ორნივე უღირს არიან და აღჴოცილ მღდელობისაგან.
252. კე. ნუმცა ვის ჴელ-ეწიფების ებისკოპოსსა, ანუ ხუცესსა, ანუ დიაკონსა, რაჲთამცა აზიარა ვის უხრწნელი ჴორცი და სისხლი ქრისტესი და ზიარებისა მისთჳს მოიღომცა მისგან ვეცხლი, ანუ სხუაჲ რაჲმე ნიჭი,
253. რამეთუ არა ისყიდების მადლი ქრისტესი, არცა საფასისა მიღებითა სიწმიდესა მას სულიერსა მივცემთ, არამედ რომელნი ღირს იყვნენ ზიარებასა, მას უსასყიდლოდ ვაზიარებთ.
254. უკუეთუ კულა იპოოს ვინ მოწესეთაგანი, რომელ წმიდისა ზიარებისათჳს ფასსა რასავე მიიღებდეს, აღიჴოცენ ვითარცა მობაძავი სიმონისი, რომელი ვეცხლითა ჴელ-ჰყოფდა სყიდად მადლსა მას სულისა წმიდისასა და ემხილა მოციქულისა პეტრეს მიერ.
255. კვ. არავის ჴელ-ეწიფების მღდელობისა ანუ მონოზონებისა წესსა შინა მყოფსა ცხენთა სარბიელსა მისლვად, რომელსა ეწოდების იპოდრომი, ანუ მგოსანთა და მსახიობელთა სიმღერისა სმენად,
256. არამედ ქორწილსაცა თუ მოწესეთაგანი ვინმე იწოდოს და მივიდეს პურის ჭამად, ვინაჲთგან მგოსანნი და მსახიობელნი და მომღერალნი შემოიყვანნენ, უჴმს მოწესესა მას აღდგომაჲ და სახედ თჳსად წარსლვაჲ, რამეთუ ესრეთ განწესებულ არს წმიდათა მამათაგან.
257. კზ. ესეცა წესი არს პირველთა კრებათა მიერ დაწესებული უკუეთუ ეკლესიასა რომელსაცა აქუნდენ აგარაკნი ანუ სოფელნი, არავის ჴელ-ეწიფების წარღებად ეკლესიისა მისგან, უფროჲსად უკუეთუ ოცდაათ წლამდე უფლებულ იყოს მის აგარაკისა და ეკლესიაჲ იგი მიუმძლავრებელად.
258. უკუეთუ კულა შინაგან, ოცდაათისა წლისა იქმნას რაჲ მის შორის იჭჳ და ცილობაჲ, ჴელ-ეწიფების მოჭრტინავთა მათ, რომელნი იჩემებდენ აგარაკსა მას, ჭრტინვად წინაშე კრებისა ებისკოპოსთაჲსა მის სამრემლოჲსა,
259. რაჲთა გამოიძიონ ჭეშმარიტი და დაამტკიცონ იგი, გინათუ ეკლესიასა მას შესწევდეს ჭეშმარიტებაჲ, გინათუ მოჭრტინავსა.
260. კჱ. არავის ჴელ-ეწიფების მღდელობისა წესსა შინა მყოფსა სამოსლისა ეგევითარისა შემოსად,
261. რომელი არა წეს იყოს მღდელთა და შემოსად, არცა ქალაქთა და სოფელთა შინა რაჲ იქცეოდის, არცა გზასა თუ ვიდოდის, არამედ ესევითარსა იჴმარებდინ სამოსელსა, ვითარი წეს არს მოწესეთა შემოსად.
262. ხოლო რომელმან ესევითარი რაჲ უწესო სამკაული შეიმოსოს, შჳდეულსა ერთსა განეყენოს ზიარებისაგან და ნუღარამცა შეიმოსს უწესოსა მას სამოსელსა საერისკაცოდ დაწესებულსა.
263. კთ. გუესმა, თუ რომელთამე ეკლესიათა ჩვეულებაჲ ქმნილ არს და ჟამსა ახალყურძნობისასა მოიღიან რაჲ ეკლესიას ყურძენი, მიიღიან მღდელთა და შეურიან იგი წმიდასა მას ბარძიმსა ჴორცსა თანა და სისხლსა ქრისტესსა და აზიარიან ერსა ორივე ზოგად.
264. ამისთჳს განვაწესებთ, რაჲთა ესემცა ნუღარა სადა იქმნების, არამედ მოსატევებელად ცოდვათა და ცხორებად საუკუნოდ ჴორცი ხოლო და სისხლი უფლისაჲ მიეცემოდენ ერსა.
265. რამეთუ წმიდასა ზედა საკურთხეველსა არარაჲ ვის სხუაჲ ჴელ-ეწიფების შეწირვად გარნა პური იგი შესაწირავისაჲ და ღჳნოჲ წყლითა განზავებული,
266. რამეთუ წმიდათა მოციქულთა კანონი ესრე ბრძანებს: „ებისკოპოსმან ანუ ხუცესმან, უკუეთუ უმეტეს უფლისა ბრძანებულისა სხუაჲ რაჲმე შეწიროს მსხუერპლად საკურთხეველსა:
267. გინათუ თაფლი, ანუ თუ სძჱ, ანუ ნაცვალად ღჳნისა თაფლუჭი ქმნილი, ანუ მფრინველი რაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ცხოელი, გინათუ თესლთაგანი რაჲმე, აიჴოცენ მღდელობისაგან,
268. რამეთუ საკურთხეველსა წმიდასა მას ტრაპეზსა არარაჲ სხუაჲ დაეგების, გარნა პური იგი შესაწირვისაჲ და ღჳნოჲ წყლითა განზავებული და ზეთიმცა მიეცემის აღსანთებელად და საკუმეველი კუმევად ჟამსა მას წმიდისა მის საიდუმლოჲსასა“.
269. ხოლო ყურძენი ახალი და თესლი ეკლესიას მიიღონ და აკურთხონ იგი მღდელთა გარეგან საკურთხეველისა და მისცენ ერსა სამადლობელად ღმრთისა, მომცემელისა მის კეთილთაჲსა.
270. ხოლო წმიდასა საკურთხეველსა ნუმცა-რაჲ ესევითარი შეიწირვის, გარნა ჴორცი და სისხლი ქრისტესი.
271. სხუაჲ ხილი ყოველი, ვის სწადოდის ქველის საქმე, სახლად ებისკოპოსისა ანუ მღდელთაჲსა წარსცეს და მიიღოს კურთხევაჲ.
272. ლ. ყოველივე გუნებავს აღსაშენებლად ეკლესიათა და მორწმუნისა ერისა აღსრულებად.
273. ვინაჲთგან უკუე გუესმა, თუ ვიეთნიმე მღდელნი, უმეტეს განწესებულისა, მოსწრაფე არიან საქმედ და შეითქუმიან თჳსთა მეუღლეთა თანა და შეთქმულებით ერთად შეყოფისაგან და საწოლისა განეყენებიან.
274. ამათ უკუე ესევითარისა შეთქმულებისა მოქმედთა ვამცნებთ და განუწესებთ, რაჲთა არღარა მკჳდრ იყვნენ მეუღლეთა მათ თჳსთა თანა ყოვლადვე, რაჲთა შეთქმულებაჲ იგი მათი სრულ იყოს.
275. ხოლო ესე წესი არა სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ სულმოკლებისათჳს გონებისა და უძლურებისათჳს ბუნებისა მათისა განვაწესეთ.
276. უკუეთუ ესე შეთქმულობაჲ ჯერ უჩნს, ერთსახედ ნუღარა მკჳდრ არნ, არამედ თითოეული თჳსისაგან იყოფოდენ.
277. ლა. რომელნი სახლთა შინა აღშენებულთა ეგუტერთა ჟამისმწირველნი ხუცესნი იყვნენ, ნებითა და განგებითა ებისკოპოსისა მის ადგილისაჲთა იქმოდინ ამას, ხოლო თჳნიერ მისისა განგებისა არა ჴელ-ეწიფების ქმნად.
278. ლბ. ესე საქმე გუეუწყა ჩუენ, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა ღჳნოსა წყლითა განუზავებელსა შესწირვენ უსისხლოსა მას შესაწირავსა ჟამისწირვისასა და სხუაჲ არს უკუე კუალად ძუელი წვალებაჲ,
279. რომელნი წყლითა ოდენ აღასრულებენ ჟამისწირვასა, რომელნი-იგი პირველთავე კრებათა აღჴოცნეს ეკლესიისაგან.
280. და აწ ჩუენცა განვაწესებთ და განვაჩინებთ, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის მარტოდ ღჳნითა, თვინიერ განზავებისა წყლითა, აღსრულებად ჟამისწირვისა.
281. არცა თჳნიერ ღჳნისა წყლითა ოდენ, რამეთუ ყოველთა წმიდათა ესრეთ განაწესეს აღსრულებაჲ ჟამისწირვისაჲ: პურითა მით შესაწირვისაჲთა და ღჳნითა, რომელი წყლითა განზავებულ იყოს,
282. სახედ პატიოსნისა მის გუერდისაგან მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ღმრთისა გარდამოცემულისა მის სისხლისა და წყლისა, და რომელი-იგი განმაცხოველებლად ყოვლისა სოფლისა გარდამოჴდა და საჴსრად ცოდვათა.
283. და ესე წესი არს ყოველთავე ეკლესიათა, რომელთა შინა მნათობნი იგი სულიერნი გამოჩნდეს.
284. რამეთუ იაკობ ჴორციელად ძმად ქრისტესა წოდებულმან, რომელი-იგი პირველი ებისკოპოსი იყო იერუსალჱმს, ესრეთ განაწესა აღსრულებაჲ ჟამისწირვისაჲ: ღჳნითა განზავებულითა წყლისაგან.
285. და ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსმან, რომლისა დიდებაჲ და ქებაჲ ყოველსა სოფელსა განეფინა, აღწერა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და ესრეთ განაწესა წყლითა განზავებად ზედაშისა მის ღჳნისა და ესრეთ შეწირვად
286. და წმიდამან იოვანე, სამეუფოჲსა ამის ქალაქისა მღდელთმოძღუარმან, წმიდასა მას ეკლესიასა თჳსსა ესრეთვე დააწესა, რაჲთა განზაონ ღჳნოჲ წყლითა და ეგრეთ შეწირონ წმიდასა საკურთხეველსა.
287. და ყოველთა კრებათა ესე წესი დაამტკიცეს.
288. ამისთჳს ჩუენცა ამას წესსა შეურყეველად დავიმარხავთ და განჩინებით ვიტყჳთ: უკუეთუ ვინმე ებისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა განზაოს ღჳნოჲ წყლითა და ეგრეთ შეწიროს უხრწნელი იგი შესაწირავი, ა-მცა-ჴოცილ არს,
289. რამეთუ გარდამავალი არის წესისა მის წმიდათა მოციქულთა და მამათასა და არა სრულებით ჰყოფს ქადაგებასა მას საიდუმლოჲსა მის საღმრთოჲსა.
290. ლგ. ესეცა გუეუწყა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა და სხუათა რომელთამე სოფელთა გალობასა მას „წმიდაო ღმერთოჲსასა“ ამას დაურთვენ: „წმიდაო უკუდაო, რომელი ჯუარს ეცუ ჩუენთჳს, შეგჳწყალენ ჩუენ“.
291. რომელი-ესე ენასა მათსა „ხაჩეცარ“ ითქუმის, რომელ-ესე წმიდათა მათ მამათა მიერ ქალკიდონს შეკრებულთა მომპოვნებელისა მის და გამომეტყუელისა თანა განიდევნა საღმრთოჲსა მის გალობისაგან,
292. რამეთუ უცხო იყო წესისაგან ღმრთისმსახურებისა და შეიჩუენა ესევითარისა მის სიტყჳსა მეტყუელი პეტროზ მკაწრველი, მწვალებელი, რამეთუ მეოთხე პირი შემოიღო და თჳსაგან განყო ძე ღმრთისაჲ, რომელი-იგი არს გუამოვანი ძალი მამისაჲ, და თჳსაგან ჯუარცუმული იგი.
293. თქუა, ვითარმცა სხუაჲ იყო ძლიერი იგი და სხუაჲ იყო ჯუარცუმული.
294. ანუ თუ ვნებულად შეჰრაცხა ბოროტმან მან წმიდაჲ სამებაჲ და ჯუარცუმად თქუა ძისა თანა მამაჲ და სული წმიდაჲ.
295. შეჩუენებულ იყავნ ესევითარი იგი გმობაჲ და მეტყუელი იგი მისი.
296. რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ „წმიდაო ღმერთოჲ“ არა ძისა მიმართ ოდენ თქუმულ არს, არამედ წმიდისა სამებისა მიმართ, ვითარცა წამებს ღმერთშემოსილი და წმიდაჲ ათანასე და ნეტარი ბასილი და ღმრთისმეტყუელი გრიგოლ და ყოველნივე წმიდანი მამანი წამებენ,
297. ვითარმედ სამწმიდა არსობითა სამგუამოვნებასა ღმრთეებისასა გუაუწყებენ წმიდანი იგი სერაბინნი და ერთითა მით უფლებითა ერთსა მას წმიდისა სამებისა არსებასა და მეუფებასა გამოსახვენ.
298. ეგრეთვე სახედ არს გალობაჲ ესე „წმიდაო ღმერთოჲსა“ წმიდისა მის და სამგუამოვნისა სამებისა მიმართ.
299. იტყჳს უკუე გრიგოლ ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: „ესრეთ არს წმიდაჲ იგი წმიდათაჲ, რომელსა სერაბინნი დაეფარვიან და შიშით ადიდებენ სამწმიდა არსობითა, რომელი-იგი ერთად შეკრბების უფლებად და ღმრთეებად“.
300. და პირველითგანვე წმიდათა მოციქულთა მიერ და წმიდათა მამათა ესე გალობაჲ წმიდისა სამებისაჲ ესრეთ განწესებულ არს.
301. და წმიდათა მათ ექუსას ოცდათთა მამათა, რომელნი შეკრბეს ქალკიდონს, სულისა მიერ წმიდისა განათლებულთა, ესრეთ ჴმა-ყვეს, ვითარცა ერთითა პირითა სამგზის „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ“.
302. აწ უკუე ჩუენცა ამას სარწმუნოებასა ზედა მტკიცე ვართ.
303. და უკუეთუ ვინ იკადროს ესევითარისა მის სიტყჳსა „წმიდაო ღმერთოჲსა“ გალობასა შერთვად ეკლესიასა შინა – ანუ სადაცა – შეჩუენებულმცა არს.
304. და უკუეთუ მღდელობისა წესსა შინა იყოს გარდამავალი იგი მართლმადიდებლობისა წესსა, აღიჴოცენ მღდელობისაგან.
305. უკუეთუ მონაზონი იყოს ანუ ერისკაცი, განიდევნენ ეკლესიისაგან და ზიარებისა და შეირაცხენ მწვალებელთა თანა.
306. ლდ. და ესეცა გუესმა, თუ იქნების სომხეთის ქუეყანასა, რომელ მღდელობად მათ ოდენ განაწესებენ, რომელნი ნათესავთაგან მღდელთაჲსა იყვნენ.
307. და ესე წესი ებრაული არს.
308. ხოლო ჩუენ განვაწესებთ, ვითარმედ არა ჯერ-არს ნათესაობისათჳს მოყვანებად მღდელობად, არამედ ღირსებისა მის კაცისა მისთჳს, ვითარცა არს წესი წმიდათა კანონონთაჲ,
309. რამეთუ რომელი მოვიდოდის მღდელობისა პატივსა, უკუეთუ ღირსი იყოს და მართალი, გინათუ ნათესავისაგან იყოს მღდელთაჲსა, გინათუ არა, სამართლად იკურთხოს.
310. უკუეთუ კულა არა ღირსი იყოს, ნათესაობაჲ მღდელთაჲ მღდელობად ვერ მოიყვანებს.
311. ხოლო ვიეთნიმე ერისკაცნი აღჴდებიან საფსალმუნედ რომელთამე სოფელთა და იტყჳან წარდგომასა და წარიკითხვენ საკითხავთა, გარნა არავის ჴელ-ეწიფების,
312. უკუეთუ ლოცვაჲ წიგნისმკითხველობისაჲ არა მოეღოს და არა აღკუეცილ იყოს მწყემსისაგან თჳსისა საფსალმუნედ აღსლვად ანუ საკითხავისა ჟამსა ჟამისწირვისასა წარკითხვად.
313. ლე. არავის ჴელ-ეწიფების კათალიკოზთაგანსა, აღესრულოს რაჲ ებისკოპოსი სამრემლოჲსა მისისაჲ, მიტაცებად ნაქონებისა მისისა, ანუ საებისკოპოსოჲსა მისისაჲ და თჳსსა საუნჯესა დადებაჲ მიხუეჭით,
314. არამედ მიეცინ ყოველივე სამარხველად ხუცესთა მისივე საებისკოპოსოჲსათა ვიდრემდის სხუაჲ ებისკოპოსი დადგეს და მიიღოს საჴმარი იგი და აჴმაროს თჳსსა ეკლესიასა.
315. უკუეთუ კულა არა იპოვნენ ხუცესნი მას საებისკოპოსოსა, კათალიკოზმან წარუგებლად დაჰმარხოს ყოველივე და ოდეს ებისკოპოსი იკურთხოს, მიუთუალოს მას დაუკლებელად.
316. ლვ. არა ჴელ-ეწიფების ებისკოპოსსა, რაჲთამცა მიანიჭა პატივი იგი ებისკოპოსობისა ძმასა თჳსსა, ანუ ძესა, ანუ ძმისწულსა, ანუ სხუასა ვის თჳსებით მახლობელსა
317. და აკურთხამცა იგი ებისკოპოსად, რომელი მას ენებოს, რამეთუ ებისკოპოსობაჲ მკჳდრობით მიცემად ვისამე არა ჯერ-არს.
318. არცა ეგების, რაჲთამცა ეკლესიაჲ ღმრთისაჲ სამკჳდრებელად ნათესავითი-ნათესავად იქმნებოდა, რამეთუ ეკლესიაჲ ღმრთისაჲ არს და კაცობრივითა თჳსებითა და თუალთ-ღებითა მიცემად არა ჴელ-ეწიფების.
319. უკუეთუ კულა ესე ვინ ქმნას და თჳსობისათჳს აკურთხოს ებისკოპოსად თჳსი, მისი კურთხევაჲ იგი მისი შეუწყნარებელ არს და მაკურთხეველი იგი კანონსა შევარდების უზიარებლობისასა.
320. არამედ გინათუ აღესრულოს ებისკოპოსი, გინათუ სიცოცხლესა იჯმნას მღდელთმოძღურებისაგან კათალიკოზმან და სხუათა მღდელთმოძღუართა და მღდელთა გამოირჩიონ ღირსი, გინათუ თჳსი იყოს პირველყოფილისაჲ მის, გინათუ უცხოჲ და იგი აკურთხონ.
321. ხოლო ებისკოპოსსა გინა კათალიკოზსა თჳსითა ჴელმწიფებითა დადგენად ნათესავისა ანუ მეგობრისა თჳსისა არა შეენდობვის.
322. ლზ. დავამტკიცებთ კანონსა მას განწესებულსა წმიდათა მათ რნ მამათა, რომელნი შეკრბეს კოსტანტინეპოლეს და ქლ მამათა, რომელნი შეკრბეს ქალკიდონს, რომელი-იგი იტყჳს, რაჲთა: „საყდარსა კოსტანტინეპოლისასა სწორი პატივი აქუნდეს საყდარსა თანა ჰრომისასა.
323. და ყოველთავე საეკლესიოთა წესთა შინა პატრიარქი კოსტანტინეპოლისაჲ მეორე იყოს პაპისა მის ჰრომაელისა, ეგრეთვე სხუანი იგი პატრიარქნი თჳსსა წესსა ზედა: იერუსალჱმელი და ალექსანდრიელი და ანტიოქელი“.
324. ლჱ. მრავალგზის იქმნნეს მძლავრებანი წარმართთანი და მრავალნი ქალაქნი დაიპყრნეს და ამის ჯერისათჳს ვერ ჴელ-ეწიფა ებისკოპოსთა ესევითართა მათ ქალაქთასა მისლვად ეკლესიათა თჳსთა, არამედ იკურთხნეს რაჲ, ვერ უძლეს ყოვლადვე საყდართა თჳსთა დაჯდომად.
325. პირველითგანცა უკუე განწესებულ არს და ჩუენცა განვაწესებთ, რაჲთა ქალაქთა მათთჳს კურთხეულთა ებისკოპოსთა, დაღაცათუ საყდართა მათ თჳსთა დაჯდომად არა ჴელ-ეწიფა მძლავრებისაგან წარმართთაჲსა, არამედ პატივი იგი მღდელთმოძღურობისა აქუნდინ შეუცვალებელად
326. და ყოველსავე წესსა მღდელთმოძღურობისასა აღასრულებდენ დაუყენებელად და სადა ჯერ იყოს, მღდელთაცა აკურხევდენ.
327. და ყოველსა ზედა წესი და პატივი თჳსი აქუნდინ მტკიცედ და შეურყეველად, რამეთუ მძლავრებისათჳს წარმართთაჲსა პატივი და წესი მღდელთმოძღურებისაჲ არა შეიცვალების, არცა დაკნინდების.
3
1. მონაზონებისათჳს
2. ლთ. დატეობაჲ შფოთთა და ამბოხებათა სოფლისათა და ჯმნაჲ შუებათაგან ამის წარმავალისა საწუთროჲსათა და წესითა მით მონაზონებისაჲთა მონებაჲ ქრისტესი და წარმავალთა წილ მოგებაჲ წარუვალთა მათ კეთილთაჲ დიდად საქებელ არს და მომატყუებელ ცხორებისა საუკუნოჲსა.
3. გარნა ჯერ-არს კრძალულებით აღსრულებად კეთილისა მის საქმისა, რაჲთა არა უჟამოდ და უწესოდ შევიწყნარებდეთ, რომელნი-იგი მოვიდოდინ მონაზონებისა წესსა, არამედ ვითარცა პირველთაცა მამათა განუწესებიეს, ამიერითგანცა ეგრეთ ვიქმოდით,
4. რაჲთა აღსაარებასა მას და გამორჩევასა მონაზონებისასა მაშინ შევიწყნარებდეთ, ოდეს ცნობიერსა ჰასაკსა იყოს მონაზონებად მომავალი იგი: იყავნ უკუე ჰასაკი იგი ნუ უდარეს ათისა წლისა, ხოლო წინამძღურისა მის განგებასა ზედა იყავნ,
5. უკუეთუ უმეტესიცა ჟამი ინებოს მიცემად და ესრეთ აღკუეცად, გარნა უმცირესმცა ათისა წლისა ნუ აღიკუეცების, რამეთუ დიდმან ბასილი კანონთა შინა მისთა ქალწულთათჳს,
6. რომელნი აღუთქუმიდნენ ღმერთსა ქალწულებასა და კრებულსა ქალწულთასა შეირაცხვოდინ ნეფსით თჳსით, ესრეთ განაწესა, რაჲთა მეათჩჳდმეტესა წელსა ჰასაკისასა შეირაცხოს კრებულსა თანა ქალწულთასა.
7. არამედ ვინაჲთგან მადლითა ღმრთისაჲთა უვაღრესისა წესისა მიმართ წარემატების ეკლესიაჲ ღმრთისაჲ და ერი მორწმუნე მოსწრაფე არს აღსრულებად მცნებათა ქრისტესთა, ამისთჳს ჩუენცა ნება-ვსცემთ მონაზონებად წადიერთა ათისა წლითაგან შეწყნარებად,
8. რაჲთა სიყრმითგანვე მიიღოს ვითარცა საბეჭდავი სახე იგი მოწესეობისაჲ, და ჩუეულებაჲ კეთილისა მოღვაწებისაჲ დაემტკიცოს მის თანა და არღარა დროება ეცეს ჩუეულებათა სოფლისათა მავნებელთა სულისათა დაყოვნებად მის თანა ამას ზედა არა ბრალეულ ვართ,
9. რამეთუ წმიდამან მოციქულმან პავლე ბრძანა ქურივისა შერაცხვად სამეოცისა წლისა.
10. ხოლო კანონნი წმიდათა მამათანი დედათდიაკონისა კურთხევად ბრძანებენ ორმეოცისა წლისასა, რამეთუ წარემატებოდა ეკლესიაჲ მადლითა ქრისტესითა უაღრესა საზომსა.
11. აწ უკუე, დაღაცათუ ქალწულთა მათთჳს დიდმან ბასილი მეათჩჳდმეტესა წელსა თქუა შერაცხვაჲ, ხოლო ჩუენ მონაზონებად მომავალთა მეათით წლითგან განვაწესებთ შეწყნარებად.
12. არა უჯერო არს სიტყუაჲ ესე, არამედ წესიერ და სამართალ.
13. უკუეთუ იყოს შემვედრებელი იგი და წინამძღუარი სულიერი, აღზარდოს იგი სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და ყოს ჭურ სათნოებისა, ნუმცა უდბად და გარეწარად ექცევის,
14. რაჲთა არა ბრალი მიეჴადოს, არამედ შიშსა შინა ღმრთისასა აღზარდენ და სწავლასა სულიერსა, რაჲთა მიიღოს სასყიდელი კეთილი უფლისა მიერ, ვითარცა მნემან სარწმუნომან.
15. მ. რომელნი მონაზონებისა წესსა მოვიდენ და სწადოდის მარტოდ მყოფებაჲ, ანუ უკაროთა შინა დაყუდებაჲ,
16. უჴმს მათ პირველად შესლვაჲ მონასტერსა და სწავლაჲ წესსა მონაზონებისასა და სამ წელ მორჩილებად წინამძღუარსა მას და მოძღუარსა და სულიერსა ყოვლითა მორჩილებითა და სიმდაბლითა.
17. და მერმე, უკუეთუ წადიერებაჲ დაადგრეს გულსა მისსა და წინამძღუარი იგი ეწამოს, ლოცვითა და წამებითა მისითა დაჯდეს სენაკსა სხუასა ერთსა წელიწადსა.
18. და მერმე ოდეს გულსავსე იქმნას წინამძღუარი იგი, ვითარმედ არა კაცთმოთნებისათჳს, ანუ ცუდისა ზუაობისა ჴელ-ჰყოფს საქმესა მას, არამედ ჭეშმარიტად შიშისათჳს და სიყუარულისა ქრისტესისა წადიერ არს დაყუდებად,
19. მაშინ უწესოს შეყენებად და არღარა გამოსლვად თჳნიერ დიდისა რაჲსმე საქმისა და უაღრესისა მსახურებისა, ანუ ჭირისა რაჲსმე სასიკუდინოჲსა.
20. და ეგრეთცა წამებითა და კურთხევითა წინამძღუარისა მის ანუ ებისკოპოსისა მის ქუეყანისა.
21. უკუეთუ კულა თჳნიერ ესევითარისა განგებისა და მიზეზისა ჴელ-ყოს სადაყუდებულოჲსა მისგან თჳსითა ნებითა გამოსლვად, ესევითარი იგი უნებლიეთ მუნვე შეიყენენ და მარხვითა და ლოცვითა უწესობაჲ მისი განკურნონ და ასწაონ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ,
22. ვითარმედ: „არავინ დადვის ხელი ერქუანსა“.
23. და მართლუკუნ ხედავნ და წარემართის სასუფეველსა ცათასა.
24. მა. ვიეთნიმე მონაზონნი სახელ-სდებენ თავთა თჳსთა მეუდაბნოედ და შემოსილნი ძაძითა და თავუპარსველნი ვლენ ქალაქთა შინა, შორის ერისკაცთა და შორის დედათა, და წესსა მას თჳსსა საკიცხელ-ჰყოფენ,
25. ამათ უკუე მოქმედთათჳს საქმისა ამის ესრეთ განვაწესებთ: უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მოპარსვაჲ თმაზრდილობისაჲ მის და სხუათა მონაზონთა სახისა შემოსაჲ, შევიდენ მონასტერთა და სხუათა ძმათა თანა შეირაცხნენ.
26. უკუეთუ კულა ესე არა ჯერ-უჩნს, სრულიად განეშორნენ ქალაქთაგან და წარვიდენ უდაბნოდ, რომლისაცა სახელი უწოდეს თავთა თჳსთადა.
27. მბ. ყოველსა კაცსა ჴელ-ეწიფების დატეობაჲ ამაოჲსა ამის საწუთროჲსაჲ და შესლვად წესსა მონაზონებისასა და დამკჳდრებად მონასტერსა შინა, ვითარისაცა ცთომისა თანამდები იყოს, რამეთუ მაცხოვარმან და ღმერთმან ჩუენმან ბრძანა: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაგდო გარე“.
28. რამეთუ მონაზონებისა მოქალაქობაჲ სინანულისა წესსა გამოსახავს და რომელი მოვიდეს სულიერსა ამას მოქალაქობასა, სათნო არს საქმე ესე და ვერარაჲ ცთომაჲ აყენებს.
29. არცა მეუღლესა ჴელ-ეწიფების, გინა ცოლსა, გინა ქმარსა დაყენებად მონაზონებისაგან თჳსსა მეუღლესა, გარნათუ მონებისა კირთებასა შინა იყოს, რამეთუ მონათა თჳნიერ ნებისა უფალთა მათთაჲსა, არა ჴელ-ეწიფების მონაზონებად.
30. და სხუაჲ არარაჲ მიზეზი, ანუ ბრალი, ანუ ცოდვაჲ აყენებს მონაზონებად და სინანულად.
31. მგ. მონაზონი უკუეთუ სიძვითა დაეცეს და მონაზონებისა ოდენ კურთხევაჲ აქუნდეს, სიძვისა კანონი აღასრულოს უზიარებლობისა და მარხვისა და მუჴლთდრეკისაჲ, ვითარცა განწესებულ არს.
32. უკუეთუ კულა სქემოსანსა შეემთხჳოს დაცემაჲ იგი, მრუშებისა კანონსა თანამდებ არს.
33. არს უკუე სიძვისა კანონი, ვითარცა პირველთა მამათა და ნეტარსა ბასილის განუწესებიეს, შჳდ წელ უზიარებლობაჲ, ხოლო მრუშებისაჲ – ათხუთმეტ წელ.
34. ხოლო სულიერთა მათ მოძღუართა, რომელთა აღსაარებაჲ იგი შეცოდებულისაჲ შეიწყნარონ, ვითარცა იხილონ სინანული მისი და შემუსრვილებაჲ და გლოვაჲ, ანუ თუ ულმობელობაჲ და გულფიცხელობაჲ და უნანელობაჲ, ჴელ-ეწიფების შემოკლებაჲცა კანონისაჲ და განგრძელებაჲ.
35. ხოლო უკუეთუ ვიეთმე აღთქუმაჲ იგი მონაზონებისაჲ უარყონ და სოფლისავე ამბოხებათა და ცოდვათა მიიქცენ,
36. უკუეთუ ინებონ კუალად სინანული, მასვე წესსა მონაზონებისასა მოვიდენ და იგივე სახე შეიმოსონ და ეგრეთ აღსარებითა და ცრემლითა და მოღუაწებითა შეინანნენ ცოდვანი მათნი და აღთქუმისა მის უარის-ყოფაჲ.
37. და ესრეთ მიემთხჳნენ წყალობასა სახიერისა მის და მრავალმოწყალისა ღმრთისაგან, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული.
38. მდ. დედანი, რომელთა ენკრატისობისა წესი მიიღონ და მონასტერსა შინა დაეწესნენ, ყოვლადვე ნუმცა გამოვლენ მონასტრისაგან თჳნიერ საჭიროჲსა რაჲსმე მიზეზისა.
39. უკუეთუ კულა ესევითარი რაჲმე თანა-წარუვალი მიზეზი იყოს, წამებითა და კურთხევითა წინამძღურისა და სულიერისა მის დედისაჲთა ქმნან განსლვაჲ იგი.
40. და ეგრეთცა არა მარტოდ, არამედ სხუათა თანა მოხუცებულთა და წარჩინებულთა დედათა წამებითა წინამძღურისაჲთა.
41. ხოლო გარეშე მონასტრისა დადგომად არა ჯერ-არს, არამედ თჳსსავე სენაკსა მიქცევად.
42. ეგრეთვე მონაზონნი, რომელნი მონასტერთა შინა იყვნენ, უკუეთუ საქმე რაჲმე საჭიროჲ დავარდეს, რომელი აიძულებდეს მონასტრით განსლვად, იგინიცა ლოცვითა და კურთხევითა მამასახლისისაჲთა განვიდენ.
43. ხოლო რომელნი გარდაჰჴდებოდინ ამას წესსა და თჳნიერ წამებისა წინამძღურისა განვიდოდინ მონასტრით, გინათუ მამანი იყვნენ, გინათუ დედანი, ჯეროვნითა კანონითა განიკანონნენ.
44. მე. ნუცამცა სამამოსა მონასტერსა დედაკაცი, ნუცა სადედოსა მონასტერსა მამაკაცი დადგების ღამით, რაჲთამცა სადგურ-ყო მონასტერსა მას შინა,
45. რამეთუ ყოვლისავე დასაბრკოლებელისა საქმისაგან კიდე უჴმს ყოფაჲ მორწმუნეთა, რაჲთა წესიერად და სათნოდ უფლისა განაგებდეს კაცად-კაცადი ცხორებასა თჳსსა.
46. ამას უკუე წესსა და კანონსა ნუმცა ვინ უგულებელს-ჰყოფს, რაჲთა არა ბრალისა თანამდებ-ყოს თავი თჳსი.
47. მვ. ვითარცა პირველთა წმიდათა კრებათაგან დაწესებულ არს, ჩუენცა დავამტკიცებთ, რაჲთა რომელნი-იგი ერთგზის მონასტრად განეწესნეს და იკურთხნეს ებისკოპოსისა ჴელითა, სამარადისოდ ეგნენ მონასტრად.
48. და რაჲცა მუნ შეწირულ იყოს, ანუ აგარაკები, ანუ კუმაში, იყოს მარადის დამარხულ მონასტრისა მის.
49. და არავის ჴელ-ეწიფებოდის კუალად საერისკაცოდ შეცვალებად მონასტრისა, ანუ მუნ შეწირულისა რაჲსამე.
50. და არცა ერისკაცთა სოფლიოთაგანისა ვის მინიჭებად მონასტრისა ჯერ-არს, არამედ დაღაცათუ მოაქამდე იქმნა ესე, ამიერითგანმცა ნუ ქმნილ არს, რაჲთამცა წინამძღუარ მონასტრისა ერისკაცი დადგა.
51. ხოლო უკუეთუ ვინ ესე საქმე ქმნას და მონასტერი კუალად საერისკაცოდ შეცვალოს, ანუ მონასტრისა წინამძღურად ერისკაცი დაადგინოს, მამათაგან დაწესებულსა მას კანონსა ქუეშე არს.
52. მზ. წმიდათა მოციქულთა კანონსა შინა წერილ არს და ჩუენცა ვიტყჳთ: ებისკოპოსი, გინა ხუცესი, გინა დიაკონი, გინათუ კერძოდიაკონი უკუეთუ სიმღერათა და მთრვალობათა შეექცეს, ანუ დასცხერინ და იჯმენინ საქმეთა მათგან უჯეროთა, ანუ აღიჴოცენ მღდელობისაგან.
53. ეგრეთვე ერისკაცი მორწმუნე ესევითართა საქმეთა შექცეული, ანუ დასცხერინ და წესიერად იქცეოდინ, უკუეთუ არა დასცხრეს უწესობათა მათგან, განეყენენ ზიარებისაგან, ვიდრემდე წესიერი ცხორებაჲ მოიგოს, რამეთუ წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს,
54. ვითარმედ: „განვიშორნეთ საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ და ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდით, ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა ბილწებისაჲთა“.
55. ყოვლითურთ უკუე უჯერო არიან და უწესო ქრისტეანეთათჳს სიმღერანი და მგოსნობანი და სახიობანი და ესევითართა მათ ჴმათა საეშმაკოთა სმენანი ბარბითებისა და ორძლებისა, ებანთა და სტჳრთა და წინწილათა და მროკვალთა და მომღერალთა ხედვანი.
56. ესე ყოველთა ქრისტიანეთათჳს უჯერო არიან, რამეთუ საქმენი არიან საწარმართონი.
57. ხოლო მღდელთათჳს და მოწესეთა და მონაზონთა სრულიად განჩინებით დაყენებულ არს ესევითართა საქმეთა სმენაჲ, ანუ ხედვაჲ.
58. და არცა ნადირობად ჴელ-ეწიფების მღდელთა და მოწესეთა.
59. უკუეთუ კულა კანონნი ესე ვინმე შეურაცხ-ყოს და ესევითართა ბოროტთა საქმეთა მისცეს თავი თჳსი, უკუეთუ მღდელი იყოს, აღიჴოცენ მღდელობისაგან, უკუეთუ მონაზონი იყოს ანუ ერისკაცი, უზიარებელ იქმნას, ვიდრემდე საეშმაკოთა მათ საქმეთაგან იჯმნას.
60. მჱ. ვინაჲთგან საცნაურ არს, ვითარმედ სულიერი თჳსებაჲ უდიდეს არს ჴორციელისა თჳსებისა, გუეუწყა ჩუენ,
61. ვითარმედ რომელთამე სოფელთა მიიქუმენ ვინმე ყრმათა წმიდისა ნათლისღებისაგან და შემდგომად ამისა იქმნეს დედათა მათ ყრმათაჲსა დაქურივებაჲ და იქორწინებენ ამქუმელნი იგი თჳსთა მათ სჳნდიკნოზთა.
62. ამისთჳს განვაწესებთ და განვაკრძალებთ, რაჲთა საქმე ესე ამიერითგან არა იქმნას.
63. უკუეთუ კულა იპოოს ვინ უჯეროჲსა ამის საქმისა მოქმედი, თანამდებ არს პირველად, რაჲთა უეჭუელად განეყენოს ურჩულოჲსა მის ქორწინებისაგან მერმე კანონსა მას მსიძავთასა აღსრულებად თანამდებ იყოს.
64. არცა ასული თუ იყოს სჳნდიკონოზისაჲ მის, ანუ ასულისწული, ჴელ-ეწიფების ქორწინებაჲ სჳნდიკონოზსა მას, რამეთუ ესე საქმე უჯერო არს .
65. მთ. წმიდაჲ წერილი ესრეთ იტყჳს: „ყოველსა თჳსსა ჴორცთა შენთასა არა შეხჳდე გამოცხადებად სარცხჳნელისა“.
66. ხოლო ღმერთშემოსილმან ბასილი, რომელნიმე უწესონი ქორწინებანი კანონთა შინა თჳსთა აჴსენნა და უმრავლესსა დუმილით თანა-წარჰჴდა.
67. და ორკერძოვე სიტყუაჲ სარგებელისაჲ შეჰმზადა, რამეთუ სახელისდებაჲ ბილწთა საქმეთაჲ არა ჯერ-იჩინა, რაჲთა არა შეამწიკულოს აღწერილი იგი წიგნი უჯეროჲთა მით სახელებითა.
68. და ზოგადითა სიტყჳთა მათ ყოველთა უჯეროთა საქმეთა არაწმიდებად უწოდა.
69. და შემოკლებულითა სიტყჳთა ურჩულონი იგი ქორწინებანი მოასწავნა.
70. ხოლო არა განცხადებულად გამოჩინებითა მათ საქმეთაჲთა მრავალნი უმეცრებით ბოროტთა საქმეთა შთავარდებიან, ამისთჳს ჯერ-ვიჩინეთ ცხადად-რე ამათ საქმეთათჳს განწესებად.
71. ესრეთ უკუე განვაჩინებთ და ვიტყჳთ: უკუეთუ ვინ ამიერითგან მამის ძმისწულსა, ანუ დედის ძმისწულსა, ანუ დედის დისწულსა, გინა მამის დისწულსა ქორწინებისა ზიარებად შეერთოს,
72. ანუ მამამან და ძემან დედაჲ და ასული იქორწინონ, ანუ ორნი დანი მამამან და ძემან შეირთნენ, ანუ ორთა ძმათა დედაჲ და ასული შეირთონ, ანუ ორთა ძმათა ორნი დანი იქორწინნენ, და შჳდ წელ უზიარებლობაჲ დაიმარხონ.
73. ვითარცა განწესებულ არს მეძავთათჳს, კანონი აღასრულონ და ურჩულოჲ იგი ქორწინებაჲ მყის განიშორონ.
74. ხოლო მამის დისათჳს, ანუ დედისა დისა, ანუ ჰანისა, გინა ჰანის ჰანისა, ანუ ასულისწულისა, გინა ასულისწულისა წულისა რად საჴმარ არს ჴსენებაჲცა,
75. რამეთუ არცათუ ბუნებაჲ მორწმუნეთა კაცთაჲ თავს-იდებს ამას ესევითარსა, არცა ეგების ყოფად ქრისტეანეთა შორის, არამედ წარმართთაცა შორის საკრძალავ არს.
76. არცა ცოლის დისაჲ, ანუ ცოლის ძისწულისაჲ ვის ჴელ-ეწიფების ქორწინებად და სხუანი ესევითარნი თჳსებისა ქორწინებანიმცა ნუ იქმნებიან შორის მორწმუნეთა.
77. ნ. ნუმცა ვინ ერისკაცთაგანი წმიდათა საიდუმლოთა ეზიარების თავით თჳსით, უკუეთუ იყოს მუნ მღდელი ანუ დიაკონი, რამეთუ ჯერ-არს ზიარებაჲ, ანუ ებისკოპოსისა ჴელითა, ანუ ხუცისა, ანუ დიაკონისაჲთა და არა თავით თჳსით, გარნა თუ არა იპოებოდის მღდელი,
78. ვითარ-იგი მეუდაბნოეთა და მძოვართა არა იპოებინ მღდელი, და თავით თჳსით ეზიარნიან ნაწილსა მღდელთაგან მიცემულსა, ხოლო კაცრიელთა ადგილთა, სადა მღდელნი არიან, მათგან ეზიარებოდინ ყოველნი.
79. უკუეთუ კულა ესე წესი ვინ შეურაცხ-ყოს და თავჴედობით კადნიერ იქმნებოდის წარმდებებით თავით თჳსით [ჴ]ელ-ყოფად წმიდათა საიდუმლოთა და კურთხევაჲ მღდელობისაჲ არა აქუნდეს,
80. ესევითარი იგი შჳდეულსა ერთსა უზიარებელ იქმნას, რაჲთა ისწაოს არა უფროჲს ბრძნობად უმეტეს წესისა მის.
81. ნა. წმიდაჲ მოციქული იტყჳს: „რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს“.
82. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რომელი უკეთურსა მას შეესაკუთროს, ერთობასა ჰყოფს მის თანა ბაძვითა მით მისითა.
83. აწ უკუე რომელნი ეშმაკეულობასა იჩემებენ და ღონისძიებით სახეთა სიბოროტისა მისისათა ჰბაძვენ, მსგავსნი არიან მისისა მის სიხენეშისანი.
84. ჯერ-არს უკუე ესევითართაჲ მათ ფიცხლად განკანონებაჲ და მარხვისა ფრიადისა და ყოვლისავე მოღუაწებისა სიფიცხესა შეყვანებად, ვითარცა წეს არს ჭეშმარიტითა ეშმაკეულთა ყოფად, რაჲთა იწუართნენ და განაყენნენ საეშმაკოჲსა მის ღონისაგან.
85. ნბ. ეკუტერთა, რომელნი არიან სახლთა შინა, არა ჯერ-არს ნათლის-ცემაჲ ახალ მონათლისაჲ, არამედ რომელთა ენებოს წმიდისა მის ნათლის-ღებისა ღირსყოფად, კათოლიკე ეკლესიათა მივიდენ და მუნ მიიღონ ნიჭი იგი დიდებული, რამეთუ ესე არს წესი წმიდათა მამათა მიერ დადებული.
86. ნგ. რომელნი მისანთა და გრძნეულთა მიმართ მივიდენ, ანუ რომელთა იგი ლეგეონ და ასისთავ ეწოდების, და მათგან ეძიებდენ ცნობად საქმეთა, რომელთა ენების უწყებად და მათა მიმართ დადვან სასოებაჲ თჳსი, ექუს წელ უზიარებელ იყვნენ.
87. და რომელნი ბედსა უთხრობდენ და შობისა დღეთა იზმნიდენ და ესევითართა საწარმართოთა საცთურთა შემოიღებდენ ქრისტეანეთა შორის
88. და რომელთა-იგი ღრუბელთა მაოტებელ ეწოდების და რომელნი შეჰლოცვენ და ქერთა მყრელნი და ბეჭისა მხედველნი და ყოველნი ესევითარნი საცთურნი საეშმაკონი არიან და ესევითართა საქმეთა მოქმედნი კანონსა შევიდენ უზიარებლობისასა, ვითარცა განაწესოს ადგილსა მის ებისკოპოსმან.
89. უკუეთუ კულა არა მოიწყუედდენ ეგევითართა მათ საეშმაკოთა საქმეთა, სრულიად განიდევნენ ეკლესიისაგან, ვითარცა წმიდათა მამათა კანონნი განაჩინებენ, რამეთუ: „რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ?
90. – ვითარცა მოციქული იტყჳს.
91. – ანუ რაჲ შეტყუებაჲ არს ქრისტჱსი ბელიარის თანა?
92. ანუ რაჲ ნაწილი უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?
93. ანუ რაჲ სწორებაჲ არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა?
94. ანუ რაჲ მოყუსებაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისაჲ?“
95. ნდ. კალანდობანი და რომელ ვრომალ ეწოდების და რომელ-იგი თჳს თავსა მარტისასა იზმნიან და სხუათაცა თჳს თავთა,
96. რომელ წინაშე სახლთა თჳსთა ვიეთნიმე ცეცხლსა აღაგზნებენ და გარდაახლდებიან წესისაებრ წარმართთაჲსა, ესევითარი ყოველი მოისპენ ქალაქისა ამისგან და ყოველთაგან მორწმუნეთა.
97. ხოლო რომელთა არა მოიწყჳდონ, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცნენ.
98. უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, განიკანონნენ, რამეთუ წერილ არს წიგნსა მეფეთასა: „და უშენა მანასე ბომონი მჴედრობასა ცისასა, გარე-შეჰჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და მისნობდა და ყვნა ულუკნი და მცნობელნი და ბოროტი წინაშე უფლისა და განარისხნა იგი“.
99. ჰხედავა, ვითარ ბოროტ არიან საქმენი ესე?
100. და კუალად სახელის-დებანი იგი საწარმართოთა კერპთანი, რომელნი მათ ღმრთად შეერაცხნეს რომელნიმე მამათა და რომელნიმე დედათა –
101. სრულიად მოისპენ: დიოს, ანუ აპოლონს, ანუ არტემს, ანუ ბოჩი, და გაცი, და ბადაგეონ, და არმაზ [ანუ] რომელ-იგი წნეხასა ყურძნისასა ბილწისა მის დიონისეს სახელსა იტყჳან და სიცილსა აღაზრზენენ, ესე ყოველი საეშმაკოჲ არს და მოისპენ ქრისტეანეთაგან.
102. ხოლო რომელმან არა ისმინოს კანონი ესე, არამედ საცთურსა მას ზედა ეგოს, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმნას.
103. ეგრეთვე განქიქებულად როკვანი დედათანი ნუღარამცა იქმნებიან და რომელნი-იგი დათუთა მემღერნი ვლენ სავნებელად მრავალთა, ესე ყოველი საუცრებაჲ მოისპენ და კრძალჳლად და შიშითა ღმრთისაჲთა მოქალაქობდინ ერი ქრისტეანეთაჲ.
104. ნე. დღითგან დიდებულისა მის აღდგომისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ვიდრე ახალ კჳრიაკედმდე, ყოველსა მას შჳდეულსა, წმიდათა ეკლესიათა უცონელად მისლვაჲ ჯერ-არს,
105. რამეთუ ყოველნი იგი დღენი მის მსგეფსისანი, ვითარცა თავადი იგი დღე წმიდისა ახუსებისაჲ, ჯერ-არს, გარდაჴდად ფსალმუნებითა და ლოცვითა და გალობითა სულიერითა სიხარულითა საღმრთოჲთა დღესასწაულობად
106. და წმიდათა წერილთა სმენად და უხრწნელთა მათ ქრისტეს საიდუმლოთა სიწმიდით ზიარებად, ესრეთ თუ გარდავიჴდიდეთ წმიდათა მათ დღეთა, ვიყვნეთ ჭეშმარიტად ქრისტეს თანა აღდგომილ და მის თანა ამაღლებულ.
107. ამათ უკუე დღეთა შინა ნუმცა იქმნებიან ყოვლადვე ცხენთა სარბიელნი, რომელ არს იპოდრომი, ანუ სხუანი რაჲმე სიმღერანი და სახიობანი, რამეთუ დღენი არიან სულიერისა დღესასწაულობისანი.
108. ნვ. საქმესა შინა წმიდათა მოციქულთასა ესრეთ განწესებულ არს წმიდათა მოციქულთა მიერ, რაჲთა ყოველნი მორწმუნენი განეყენნენ ჭამისაგან კერპთა ნაზორევისა და სიძვისაგან და მშთვრისა და სისხლისაგან.
109. ხოლო ვიეთნიმე უწესონი და ნაყროვანნი სისხლსა დაკლულთა პირუტყუთასა შეჰკრებენ და საჭმლად იქმან და მას ურიდად ჭამენ, ვამცნებთ უკუე, რაჲთა არღარა სადა იქმნას ხენეში ესე საქმე.
110. ხოლო უკუეთუ ვინ ამიერითგან იპოოს სისხლისა რომლისავე პირუტყჳსა მჭამელ, უკუეთუ მოწესე იყოს, აღიჴოცენ, უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობაჲ მიეცინ.
111. ნზ. არა ვის ჴელ-ეწიფების საღმრთოჲსა წიგნისა, ანუ ძუელისა რჩულისა, ანუ ახლისა დახევად და დაჭრად და მიცემად წიგნების მმოსელთა სარჩულად შესამოსლისა,
112. ანუ რომელთა-იგი ატარ სახელ-ედების, ანუ სხუასა სადა სავაჭროსა, გარნათუ სრულიად აჴოცილ იყოს ანუ დასოლვებულ იყოს და არღარა საჴმარ იყოს საკითხავად.
113. ხოლო უკუეთუ ვინ იპოოს ესევითარისა საქმისა მოქმედად, წელიწადსა ერთსა უზიარებლობაჲ მიეცეს.
114. ეგრეთვე რომელმან იყიდა წიგნი იგი, უკუეთუ საკითხავად და სარგებელად თჳსად ანუ სხუათა ვიეთმე დაჰმარხა კეთილ;
115. უკუეთუ დაჭრა და დახია, მასცა უზიარებლობაჲ და კანონი სინანულისაჲ მიეცეს.
116. ნჱ. ერისკაცსა, რომელსა კურთხევა მოწესობისაჲ ანუ მონაზონებისაჲ არა აქუნდეს, არა ჴელ-ეწიფების წმიდასა საკურთხეველსა შესლვად კადნიერებით, გარეშე ღმრთის-მსახურთა მეფეთასა,
117. რამეთუ იგინი არა დაიყენებიან, ოდეს-იგი ენებოს ძღუნისა რაჲსმე შეწირვად ღმრთისა, თავით თჳსით შევლენ საკურთხეველად.
118. და ესე წესი მრავალით ჟამითგან არს.
119. ნთ. ჟამსა წმიდისა ჟამისწირვისასა დედათა ზრახვად არა ჴელ-ეწიფების, არამედ ბრძანებისაებრ წმიდისა პავლე მოციქულისა დუმილითმცა დგანან, ხოლო უკუეთუ რასმე იკითხვიდენ სახედ თჳსად რაჲ მივიდენ, მეუღლეთა თჳსთა ჰკითხონ.
120. ჲ. არა ჴელ-ეწიფების მართლმადიდებელსა კაცსა ქორწინებად მწვალებელი დედაკაცი.
121. ნუცამცა მწვალებელსა ქმარსა ექორწინების მართლმადიდებელი დედაკაცი. ხოლო დაღაცათუ სადა იპოოს ესევითარი ქორწინებაჲ, ნუმცა მტკიცე არს ქორწინებაჲ იგი, არამედ მყის დაიჴსენინ და განეშორენინ მართლმადიდებელი იგი მწვალებელსა მას,
122. რამეთუ რაჲ ნაწილი-უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა, ანუ ვითარ ვინ შერთოს ცხოვარსა თანა მგელი, ანუ ვითარ ეგების ნაწილსა თანა ქრისტესსა შესლვად სამკჳდრებელი ცოდვილთაჲ.
123. უკუეთუ კულა ვიეთნიმე, ვიდრეღა იყვნეს ურწმუნოებასა შინა და არღარა შერაცხილ იყვნეს სამწყსოსა მართლმადიდებელთასა, შეირთნეს რჩულიერითა ქორწინებითა და ამისსა შემდგომად ერთი მათგანი –
124. გინათუ ქმარი, გინათუ ცოლი – მოვიდა მეცნიერებად ჭეშმარიტებისა და სარწმუნოებისა ნათელი შეიწყნარა, ხოლო მეორე იგი საკრველთავე ურწმუნოებისათა შეკრულ არნ და ნათელი ჭეშმარიტებისაჲ არა ჰნებავნ ხილვად,
125. და სთნავს ურწმუნოსა მის მორწმუნისა თანა ყოფად, ანუ მორწმუნესა – ურწმუნოჲსა, ნუ განიყოფვიან, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „განწმიდნების ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან და ცოლი ურწმუნოჲ ქმრისა მის მორწმუნისაგან,“
126. ვითარ განწმიდნების, უკუეთუ ზედაჲს-ზედა სწავლითა მოიქცეს სარწმუნოებად, ვითარცა იგივე მოციქული იტყჳს: „რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი, ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი“.
127. ხოლო ესე არა ჴელ-ეწიფების, რაჲთამცა მართლმადიდებელმან მამაკაცმან მწვალებელი დედაკაცი იქორწინა, უკუეთუ არა პირველად მოიქცეს მართლმადიდებლობად, ანუ მართლმადიდებელიმცა დედაკაცი მწვალებელსა ქმარსა ექორწინა, უკუეთუ არა მოიქცეს მართლმორწმუნეობად.
128. ჲა. ცხოველსმყოფელისა ჯუარისაგან იქმნა ცხორებაჲ ჩუენი ქრისტეს მიერ, რომელი მას ზედა ჯუარს ეცუა საჴსრად ჩუენდა.
129. ამისთჳსცა ყოვლითა მოსწრაფებითა გჳღირს პატივი და დიდებაჲ სახისა მის წმიდისა ჯუარისაჲ, რომლისა მიერ ვიჴსნენით ძუელისა მისგან დაცემისა.
130. აწ უკუე ვამცნებთ, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ადგილსა დასათრგუნველსა ჯუარისა სახესა გამოსახვად, გინათუ ქუეყანასა ზედა, ანუ ავჟანდებსა ზედა, ანუ თუ შატროვანთა ზედა.
131. და ძოლოთა ჯუარის გამოსახვაჲ არა ჯერ-არს, რაჲთა არა დათრგუნვითა მათ ადგილთაჲთა ძლევისა ჩუენისა სახე შეურაცხ-იქმნას.
132. რომელთაცა უკუე სახე ჯუარისაჲ ადგილსა ფერჴითა დასათრგუნველსა ქმნან, დიდისა ბრალისა თანამდებ ჰყოფენ თავთა თჳსთა.
133. ჲბ. არა ჯერ-არს ეკლესიათა შინა კათოლიკეთა პურის ჭამაჲ და ტაბლათა დაგებაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „არა არს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ პურის საჭმელად.“
134. ნუუკუე სახლები არა გიდგს ჭამად და სუმად, ანუ ეკლესიათა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფთ?
135. ეკლესიასა შინა ევლოგიაჲ იგი სეფისკუერისაჲ თუ მიიღონ და სარღუნელი, გინა თესლი შესუენებულთა საჴსენებელად,
136. ხოლო ტაბლისა დაგებაჲ და საჭმელთა განმზადებაჲ სახლთა შინა იქმნებოდენ და არა ეკლესიათა, თჳნიერ უკუეთუ მგზავრი იპოოს ეკუტერსა სადა გზისასა და სხუაჲ სადგური არა აქუნდეს, მუნ სავანე-ყოს უღონობისათჳს.
137. ხოლო რომელნი სახლთა უფალნი იყვნენ, სახლთა თჳსთა იზრუნონ ტაბლისა დაგებაჲ, და ეკლესიასა აქუნდინ განწესებული იგი პატივი, რამეთუ ტაძარ ღმრთისა წოდებულ არს და სახლ სალოცველ.
138. ჲგ. რომელნიცა ლოცვად შეკრბებოდინ ეკლესიათა შინა, ვამცნებთ, რაჲთა არა უწესოჲთა ჴმითა აღასრულებდენ ჟამობასა.
139. ნუცამცა რას იტყჳან, რომელ არა საეკლესიოჲ და წესიერი იყოს, არამედ ფრიადითა კრძალულებითა და ლმობიერებითა შესწირვიდენ გალობასა მას უფლისა, რომელი-იგი გულთ-მეცნიერი არს და განმკითხველი და ლმობიერი ლოცვაჲ და გალობაჲ წესიერი სათნო უჩნს.
140. ჲდ. წმიდათა ეკლესიათა შინა არა ჯერ-არს ღჳნის ვაჭრობაჲ ანუ სხუათა ჭამადთა სყიდაჲ, რაჲთა პატივი ეკლესიათაჲ განჩინებულ იყოს,
141. რამეთუ უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან ქრისტემან ღმერთმან ჴორციელითა მით კაცთა შორის ქცევითა გუასწავლა და თქუა: „ნუ იქმთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.“
142. ამისთჳსცა ვაჭრობის მოქმედნი იგი მიერ განასხნა, და მეკერმაეთა კერმაჲ დაუთხია, ამისთჳს აწცა უკუეთუ ვინ ესევითარი რაჲ იკადროს, კანონი სინანულისაჲ დაედვას.
143. ჲე. მღდელ-დიაკონთა და ყოველთავე მოწესეთა არა ჴელ-ეწიფების დედათა თანა აბანოს შესლვად.
144. არცა ერისკაცთა ქრისტიანეთა ჯერ-არს ყოვლადვე ამის საქმისა ქმნად, რამეთუ დიდი საბრალებელი არს ესე.
145. ხოლო რომელი ამას იქმოდის, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ.
146. ჲვ. ყოველი, რომელი განემზადებოდის ნათლის-ღებად, მრწამსი დაისწავლოს და მღდელთა წარმოუთხრას და ეგრეთ ნათელ-იღოს.
147. ხოლო ჩჩჳლი თუ იყოს, მო-რაჲ-ვიდეს სიყრმისა ჰასაკსა, მშობელთა დაასწავლონ მრწამსი.
148. უცხოთესლი თუ იყოს, რაჟამს იწყოს ენისა სწავლად, მრწამსი დაასწავლონ და „მამაო ჩუენოჲ“.
149. ესე ყოველსა მორწმუნესა თანა-აც დასწავლად, რაჲთა იცოდის, თუ ვითარ არს სარწმუნოებაჲ ქრისტეანობისაჲ.
150. ჲზ. ბუნებათა უაღრესსა მას შობასა წმიდისა ქალწულისასა უხრწნელად აღვიარებთ და მუცლად-ღებასა მას უთესლოდ ვქადაგებთ და ყოველთა მორწმუნეთა ვაუწყებთ: რომელმან-იგი უთესლოდ მუცლად-იღო სულისაგან წმიდისა და უხრწნელად გჳშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ამისთჳს,
151. რომელნი უმეცრებით უჯეროსა რას იქმოდინ, გჳჴმს მათი განკრძალვაჲ, რამეთუ არიან ვიეთნი, რომელნი შემდგომად დღესასწაულისა მის ქრისტეშობისა
152. და დღესასწაულსა განცხადებისასა ფუშრუკსა იქმან და ურთიერთას მიუძღუანებენ რეცა პატივად უხრწნელისა მის წმიდისა ღმრთისმშობელისა.
153. განვაწესებთ უკუე, რაჲთა ეგევითარსა არღარას იქმოდინ ამიერითგან, რამეთუ არა არს ესე პატივი წმიდისა მის დედუფლისაჲ, რომელმან-იგი უაღრეს ცნობისა და უზესშთაეს სიტყჳსა დაუტევნელი იგი ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ შვა ჴორციელად,
154. რაჲთამცა წესისაებრ სხუათა მათ დედობრივთა შობათასა გამოსახამცა შობაჲ მისი, რამეთუ ვითარცა-იგი შორს იყო შობაჲ მისი ყოვლისაგან ხრწნილებისა, ეგრეთვე უცხო იყო სალმობათაგან და არა ძლებულობათა დედობრივთა.
155. ჲჱ. ესეცა მოიწია სასმენელთა ჩუენთა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა წმიდათა და პატიოსანთა ხატთა გამოსახვასა არა შეიწყნარებენ, არცა თაყუანის-სცემენ ჩუენთჳს განჴორციელებულისა მის უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ხატსა
156. და ყოვლად წმიდისა მის უმეტესად კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და სხუათა მათ წმიდათა მთავარანგელოზთა, მოციქულთა, მოწამეთა და ყოველთა წმიდათა,
157. რამეთუ ურჩულომან მან პეტროს მკაწრველმან, ვითარცა „ხაჩეცარი“ ასწავა, ეგრეთვე ესეცა ბოროტი წვალებაჲ სადმე მათ შორის დასთესა.
158. ხოლო ფრიად შეგჳძნდა სმენაჲ მებრ ამის უჯეროებისაჲ.
159. ამის უკუე პირისათჳს ესრეთ ვიტყჳთ და განვაწესებთ: რომელი არა თაყუანის-სცემდეს ხატსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ეგევითარი-იგი უფალსა იესუ ქრისტესსა არა თაყუანის-სცემს,
160. რამეთუ წმიდაჲ და ღმერთშემოსილი ბასილი ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის ხატისა მიმართ მიიწევის“.
161. ხოლო პირმშოჲ სახჱ იგი არს, რომლისაცა სახელსა ზედა გამოსახულ იყოს ხატი იგი: გინათუ ქრისტესსა, გინათუ წმიდისა ღმრთისმშობელისა, გინათუ სხუათა წმიდათა.
162. აწ უკუე ვითარცა პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიმართ მიიწევის, ეგრეთვე შეურაცხებაჲ ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა შეურაცხებაჲ არს.
163. და ჭეშმარიტად ყოველნი შეურაცხმყოფელნი ხატთანი უარისმყოფელთა თანა ქრისტესთა შერაცხილ არიან.
164. თქუანღა უკუე უგუნურთა მათ და ცოფთა, რაჲსათჳს თაყუანის-სცემდა ერი იგი ისრაჱლთაჲ მოსეს ზე კარავსა მას საწამებელსა, რომელი ხატად და სახედ ზეცისათა მათ ქმნილ იყო,
165. ვითარცა ჰრქუა ღმერთმან მოსეს, ვითარმედ: „იხილე, რაჲთა ჰქმნე ყოველივე მსგავსად ხატისა მის, რომელი გეჩუენა შენ მთასა ზედა“.
166. და ქერობინი იგი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას, არა კაცთა ნაქმარი იყოა და დიდი იგი ტაძარი იერუსალჱმისაჲ არა ჴელითა კაცთაჲთა ქმნილი იყოა?
167. და ყოველი იგი თაყუანის-იცემებოდა ერისა მისგან.
168. აწ უკუე რომელ აბრალებს წინაწარმეტყუელი ყოველთა, რომელთანი თაყუანის-სცემდენ ჴელით ქმნულთა, საცნაურ არს, ვითარმედ კერპთათჳს არს სიტყუაჲ იგი არა წმიდათა ხატთათჳს.
169. „ჵ, უგუნურნო მწვალებელნო, ჰრცხუენოდენო ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელით ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა“.
170. თაყუანის-მცემელნი იგი კერპთანი შეაჩუენნა და მეჴუსეულად დაურთო: „თაყუანის-სცემდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“, რამეთუ უზორვიდეს წარმართნი ეშმაკთა და დაუკლვიდეს საკლველთა.
171. ხოლო ისრაიტჱლნი შესწირვიდეს ღმრთისა შესაწირავთა, ნაზორავი (!) იგი წარმართთაჲ ბილწი იყო და საძაგელ, ხოლო შესაწირავი მართალთაჲ სათნო უფლისა.
172. რამეთუ შეწირა ნოე ღმრთისა და სთნდა უფალსა.
173. და იყნოსაო სული სურნელებისაჲ.
174. კეთილისა მის გონებისა მისისა წადიერებაჲ და ერთგულებისა მისისა სურნელებაჲ კეთილად შეიწირა.
175. ეგრეთვე გამოქანდაკებულნი იგი წარმართთანი, ვინაჲთგან ეშმაკთა სახენი და მსგავსებანი არიან, ამისთჳს საძაგელ არიან და საძულველ.
176. ხოლო ხატები უფლისაჲ და წმიდათა მისთა დიდებულ არიან და კურთხეულ და თაყუანის-საცემელ.
177. რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ უხილავისა მის და უჴორცოჲსა და გარეშემოუწერელისა ღმრთისა ვერვინ შემძლებელ არს მსგავსებისა ქმნად და ესე უგუნურება არს ურჩულოება,
178. უკუეთუ ვინ თქუას, ანუ ჴელ-ყოს ღმრთეებისა გამოსახვაჲ, ამისთჳსცა ძუელსა შჯულსა შინა არა დაწესებულ იყო ხატთა გამოსახვაჲ,
179. რამეთუ არა გამოჩინებულ იყო ქუეყანასა ზედა ძჱ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვინაჲთგან უკუე გარდამატებულითა მით მოწყალებითა და წყალობითა გარდამოჴდა ზეცით მეუფჱ და უფალი ყოველთაჲ და კაც იქმნა ცხორებისათჳს ჩუენისა და იხილვა ქუეყანასა ზედა,
180. არა ვითარ-იგი აბრაჰამს ეჩუენა სახითა კაცისაჲთა, არცა ვითარ-იგი წინაწარმეტყუელთა იხილეს, არამედ არსებით ჭეშმარიტად კაც იქმნა და ღმრთეებაჲ უცვალებელად ეგო.
181. სიტყუაჲ იგი განჴორციელდა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, ქუეყანასა ზედა იხილვა და კაცთა შორის იქცეოდა, აღასრულნა სასწაულნი, თავს-ისხნა ვნებანი, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცას და ესე ყოველი ჭეშმარიტებად იქმნა
182. და იხილვა კაცთა მიერ და აღიწერა მოსაჴსენებელად ჩუენდა და სასწავლელად, რომელნი-ესე მაშინ არა თანა ვიყვენით, რაჲთა რომელთა არა გჳხილავს, გუესმას და გურწმენეს და მივემთხჳვნეთ ნეტარებასა მას უფლისასა, რომელ ბრძანა,
183. ვითარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“.
184. ხოლო ვინაჲთგან არა ყოველთა იციან წიგნის კითხვაჲ და მეცნიერებაჲ წერილთაჲ, განაწესა უფალმან სახიერმან მან და მრავალმოწყალემან დაბალთა მათ და ღმრთივშუენიერთა საქმეთა მისთა გამოხატვით აღწერაჲ მოკლედ მაუწყებელად და მოსაჴსენებელად.
185. ამისთჳსცა მრავალგზის არა არნ გონებასა ჩუენსა ჴსენებაჲ ქრისტეს ვნებისაჲ, მივხედნით რაჲ ხატსა ჯუარცუმისა მისისასა ჴსენებად, მოვიდით ცხოველსმყოფელისა მის ვნებისა მისისა,
186. დავვარდით და თაყუანის-ვსცით არა თუ ნივთსა მას ფიცრისა, ანუ წამალთასა, არამედ უფალსა მას გამოხატულსა, ვითარცა-იგი არა თუ ნივთსა სახარებისასა თაყუანის-ვსცემთ ეტრატსა მას და ასოთა,
187. არცა ნივთსა ჯუარისასა შეშასა მას, არამედ ოდეს სახარებასა თაყუანის-ვსცემდეთ და შევემთხუეოდით, სიტყუათა უფლისათა შევემთხუევით და მეტყუელსა მას მათსა გამოვისახავთ და ჯუარსა რაჲ შევემთხუეოდით, სახესა მას უფლისა ჯუარცუმისასა თაყუანის-ვსცემთ და ამბოვრს-უყოფთ.
188. ეგრეთვე ხატსა რაჲ უფლისასა თაყუანის-ვსცემდეთ, არა ნივთსა მას ფიცრისა და წამალთასა თაყუანის-ვსცემთ, არამედ სახესა მას უფლისასა და მისა მიმართ აღვიპყრობთ გონებისა თუალთა, რამეთუ პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიმართ მიიწევის,
189. ვითარცა წმიდაჲ ბასილი იტყჳს: „პატივი ქრისტჱს ხატისაჲ ქრისტესა მიიწევის და პატივი ღმრთისმშობლისა ხატისაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა მიიწევის და უფროჲსად მისგან განჴორციელებულისა მის უფლისა,
190. ეგრეთვე სხუათა წმიდათაჲ, რომელთა სათნოებანი და სიქველენი მოგჳყვანებენ სიმჴნედ და ბაძვად ახოვნებისა მათისა და დიდებად ღმრთისა“.
191. რამეთუ ვითარცა წერილ არს, ახოვანთა მათ და ერთგულთა უფლისათა პატივი მათ თანა მონათ მიერ აღსრულებული სასწაული არს ზიარისა მის უფლისა და მეუფისა მიმართ ერთგულებისაჲ.
192. ესე უკუე წესი წმიდათა ხატთა წერისაჲ პირველითგანვე წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ განწესებულ არს,
193. ვითარცა თაყუანისცემაჲ ჯუარისაჲ და ვითარცა თაყუანის-ცემაჲ აღმოსავალით კერძო და ვითარცა ნათლის-ღებაჲ და ზიარებაჲ ბრძანებითა უფლისაჲთა წმიდათა მოციქულთა მიერ განწესებულ არს, თაყუანის-ცემაჲ წმიდათა ხატთაჲ.
194. და თავადმანცა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე მოგუცა სახე ესე, რამეთუ იქცეოდა რაჲ იგი ქვეყანასა ზედა, ესმოდეს სასწაულნი მისნი ავგაროზ ედესელ მთავარსა და წარავლინა მხატვარი, რაჲთა გამოსახოს სახე უფლისაჲ და მიართუას.
195. ხოლო მხატვარმან მან ვერ უძლო ხატისა მისისა გამოსახვად ბრწყინვალებისა მისგან და დიდებისა, რომელი ჰკრთებოდა პირით მისით, რამეთუ განგებულებით ესრეთ ეჩუენებოდა.
196. მაშინ მივიდა და შეუვრდა ფერჴთა უფლისათა და მიუთხრა საქმე იგი.
197. ხოლო მაცხოვარმან მიიღო ტილოჲ ჴელთ-საჴოცელი და დაიდვა წმიდასა მას და ცხოველსმყოფელსა პირსა თჳსსა, და მეჴსეულად გამოისახა ხატი მისი დიდებული ტილოსა მას ზედა და ესრეთ წარსცა იგი ავგაროსისა ებისტოლითურთ ცხოველს-მყოფელითა მით ჴელითა მისითა დაწერილითა.
198. და დიდებულნი სასწაულნი აღესრულნეს წმიდისა მის ხატისაგან.
199. და მიერითგან წმიდათა მოციქულთა მიერ განეწესა მადლითა სულისა წმიდისაჲთა გამოსახვაჲ ხატებისა,
200. რამეთუ ლუკაცა მახარებელი მხატვარი იყო მადლითა ქრისტესითა და გამოსახა ჴელითა თჳსითა ხატი მაცხოვრისაჲ და წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და სხუათა მათ წმიდათა მოციქულთა ესე განაწესეს:
201. დაღაცათუ ებისტოლეთა შინა მათთა არა დაუწერიეს ხატთათჳს, არამედ უმრავლესნი და მტკიცენი წესნი ქრიტეანობისანი უწერელად ასწავეს,
202. სადა წერილ არს: აღმოსავალით თაყუანის-ცემაჲ ანუ ჯუარისაჲ პირთა ჩუენთა ზედა გამოსახვაჲ, ანუ სამგზის შთაყოფაჲ მონათლისაჲ ემბაზსა და სხუაჲ მრავალი ესევითარი, არამედ საქმით ქმნეს და სიტყჳთ გუასწავეს.
203. და მტკიცე და შეურყეველ არიან სწავლანი მათნი, ვითარცა იტყჳს ნეტარი მოციქული პავლე: „ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ჩუენი, რომელიცა გისწავიეს გინათუ სიტყჳთ, გინათუ წიგნითა“,
204. და კუალად იტყჳს: „ხოლო აწ, ძმანო, გეტყჳ თქუენ და გლოცავ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა ჰმატდეთ უფროჲს,
205. რამეთუ იცით რავდენნი მცნებანი გამცნენ თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა.
206. ესე უკუე საცნაურ არს და მტკიცე, ვითარმედ პირველად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ ქმნილითა მით სასწაულითა და ხატისა თჳსისა ტილოსა მას ზედა გამოსახვითა დაეწესა წმიდათა ხატთა გამოსახვაჲ და მერმე წმიდათა მოციქულთა მიერ
207. და ღმერთშემოსილთა მამათა საღმრთოჲ ესე საქმე დაემტკიცა და ყოველთა მორწმუნეთა შორის განეფინა თაყუანისცემაჲ ჯუარისაჲ და წმიდისა ხატისა უფლისა იესუ ქრისტჱსი, და წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და ყოველთა წმიდათაჲ.
208. ამისთჳსცა სარწმუნოებით და სიყუარულით თაყუანის-ვსცემთ და ამბორს უყოფთ ხატსა ტარიგისა მის ღმრთისა, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისანი და გამოვსახავთ მას არა სახედ ტარიგისა, არამედ სახითა მით კაცობრივისა ხატისაჲთა, რომელი ცხორებისათჳს ჩუენისა შეიმოსა.
209. და გულისჴმის-ყოფად მოვალთ აღმამაღლებელსა მას ჩუენსა უფლისა სიმდაბლესა, ჯუარცუმასა, დაფლვასა და აღდგომასა მისსა, რომლითა იქმნა ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ“.
210. ხოლო რომელთაცა იკადრონ სხუად სახედ განდრეკად მართლისა სარწმუნოებისა და წესთა ეკლესიისათა შეურაცხ-ჰყოფდენ, ანუ სახესა ჯუარისასა, ანუ გამოსახვასა წმიდათა ხატთასა, ანუ ნაწილებსა წმიდათა მოწამეთასა, ესევითარნი იგი უკუეთუ ებისკოპოსნი იყვნენ, ანუ მღდელნი.
211. აღ-მცა-ჴოცილ არიან, უკუეთუ მონაზონნი იყვნენ ანუ ერისკაცნი, განიდევნენ ეკლესიისაგან.
212. ესრეთ გურწამს ყოველთა და ესრეთ განვაწესებთ.
213. ესე არს მართალი სარწმუნოებაჲ, დაწესებული წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათაგან:
214. „გურწამს ერთი ღმერთი სამებით დიდებული და ჩუენთჳს განჴორციელებულისა ქრისტეს ძისა ღმრთისა ჯუარსა და ხატსა თაყუანის-ვსცემთ და ამბოვრს-უყოფთ და ყოველთა წმიდათა ხატებსა პატივსცემთ.
215. წმიდისა ღმრთისმშობელისა, წმიდათა ანგელოზთა, წმიდათა მოციქულთა, წინაწარმეტყუელთა, მოწამეთა, მღდელთმოძღუართა და მამათასა.
216. და რომელნი ამას სარწმუნოებასა არა შეუდგებიან, შეჩუენებულმცა არიან.
217. რომელთა იკადრონ წმიდათა ხატთა კერპად წოდებად, კრულნიმცა არიან და შეჩუენებულნი და განვრდომილნი ღმრთისაგან.
218. ყოველნიმცა, მწვალებელნი და მტერნი მართლისა სარწმუნოებისნი, შეჩუენებულ არიან.
219. ყოველთა მართლმადიდებელთა და მართლგამომეტყუელთა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა მიეცინ უფალმან ღმერთმან მადლი მისი და კურთხევაჲ.
220. და საუკუნომცა არს საჴსენებელი მათი მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა და ყოველთა წმიდათაჲთა, ამენ“.
221. ჲთ. ჟამსა ამიერ სოფლით განსვლისასა ყოველთა მორწმუნეთა ჯერ-არს ზიარებაჲ უხრწნელთა მათ საიდუმლოთა პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რაჲთა საგზალი კეთილი თანა აქუნდეს შორიელისა მისთჳს მგზავრობისა.
222. დაღაცათუ კანონი ვის აქუნდეს უზიარებლობისაჲ ბრალისა რაჲსათჳსმე და მიიწიოს სენსა სასიკუდინოსა, ნუ დაეყენების ზიარებისაგან, არამედ მიეცინ მას საგზალი იგი ცხორებისაჲ.
223. ხოლო უკუეთუ კუალად მოვიდეს სიმრთელედ, კუალადცა აღასრულენ წესი კანონისა თჳსისაჲ.
224. ხოლო უკუეთუ ვინ არა ეწიფოს ზიარებად და აღესრულოს, არა ჯერ-არს გუამსა მას მკუდრისასა ზიარებისა მიცემად, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი, და სუთ ამისგანი, ესე არს სისხლი ჩემი“.
225. ხოლო გუამნი მკუდართანი ვერცა მიღებად შემძლებელ არიან, ვერცა ჭამად, ვერცა სუმად, არამედ ცოცხალთაჲ არს საქმე ესე და ვიდრეღა ცოცხალ იყოს, ეზიარენ.
226. ო. წესისაებრ მამათაჲსა ჩუენცა განვაწესებთ ჩჩჳლთათჳს: უკუეთუ არა იპოვნენ მოწამენი, რომელნი წამებდენ, ვითარმედ უეჭუელად ნათელ-უღებიეს, არა მათ იცოდიან დასტურებით თუ ნათელ-უღებიეს, ჯერ-არს ესევითართა მათ ნათლის-ცემაჲ დაუბრკოლებელად.
227. ნუუკუე იჭუეულობამან გამოაჴუნეს იგინი განწმედისა მისგან, რომელი მიეცემის ნათლისღებისა მიერ მორწმუნეთა და მადლისა მისგან დიდებულისა, რომელი მოეფინების ნათელღებულთა ზედა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ამენ.
228. ოა. ორთა, გინა სამთა მოწამეთა ზე დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ, ვითარცა წერილი გუასწავებს.
229. ამისთჳს მონანი, რომელნი უფალთა მათთაგან წინაშე სამთა მოწამეთა განთავისუფლდენ და აზნაურებაჲ მიეცეს, სამარადისოდ აქუნდინ აზნაურებისა მის ნიჭი.
230. ხოლო პატივსა და ერთგულებასა უფალთა ამათთა აჩუენებდენ მონა-ყოფილნი იგი მარადის.
231. ობ. რომელნი-იგი წარსაწყმედელად სულთა მეძავთა მოიგებენ და ზრდიან, რაჲთამცა ურჩულოჲსა მის საქმისაგან საფასესა მოირეწდეს, უკუეთუ მღდელნი იყვნენ, აღიჴოცნენ მღდელობისაგან, უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, უზიარებელ იქმნენ.
232. ოგ. დედაკაცმან, რომელმან დაუტეოს ქმარი თჳსი და სხჳსა მივიდეს, მრუშებისა საშჯელსა ქუეშე არს, ვითარცა წმიდაჲ ბასილი იტყჳს:
233. „უკუეთუ იპოოს, ვითარმედ ცოლი წარვიდა ქმრისაგან, დედაკაცი იგი მემრუშე არს, ხოლო ქმარი უბრალო არს და არა დაეყენების ეკლესიისაგან და ზიარებისა, ხოლო დედაკაცი მემრუშეთა საშჯელსა თანამდებ არს“.
234. ხოლო რომელმან დაუტეოს რჩულიერად შერთული მისდა ცოლად და სხუაჲ შეირთოს, მას ზედაცა საშჯელი მრუშებისაჲ არს, ვითარცა უფალმან ბრძანა: „რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშა“.
235. უკუეთუ კულა მოიქცეს სინანულად და უჯეროდ შერთული იგი განიშოროს, სინანული მისი ესრეთ იყოს:
236. ერთ წელ შესტიროდის, ორ წელ მსმენელთა თანა იყოს, ორ წელ ქუედავრდომასა შინა აღასრულოს, ერთსა წელიწადსა ერისა თანა დგეს და მეშჳდესა წელსა ღირს იქმნეს ზიარებასა, უკუეთუ ცრემლითა მჴურვალითა და შემუსრვილითა გულითა შეინანოს.
237. ოდ. ნუმცა ვის ჴელ-ეწიფების საჴედრისა ანუ სხჳსა პირუტყჳსა ეკლესიად შეყვანებად,
238. თჳნიერ უკუეთუ მგზავრსა ვის შეემთხჳოს ჭირი დიდი ზამთრისა და ბუქისაჲ და მიემთხჳოს გზასა ზედა ეკლესიასა და სახლი არა იპოებოდის და დიდისა მის ჭირისათჳს შეიყვანოს საჴედარი ერთსა ყურსა მის ეკუტრისასა,
239. რამეთუ უკუეთუ არა შეიყვანოს სართულსა, საჴედარი იგი ანუ კარაული, მოკუდეს და სიკუდილითა მისითა კაცი იგი ვერღარა შემძლებელ იყოს სლვად და იგიცა სიკუდილად მიეცეს,
240. რამეთუ ვითარცა წერილ არს: „შაბათი კაცისათჳს არსო“, ამისთჳსცა საცნაურ არს, ვითარმედ ყოვლით კერძო საძიებელ არს ცხორებაჲ და დარჩომაჲ კაცისაჲ.
241. ხოლო უკუეთუ ვის ემხილოს, თუ გარეშე ესევითარისა ჭირისა საჴედარი შეიყვანა ეკლესიას, მღდელი თუ იყოს, აღიჴოცენ, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ.
242. ოე. დღეთა მათ ცხოველისმყოფელისა ქრისტეს ვნებისათა მარხვითა და ლოცვითა და ლმობიერებითა გულისაჲთა ჯერ-არს აღსრულებაჲ ყოველთა მიერ მორწმუნეთა.
243. და შუაღამეს დიდისა შაბათისა, აღესრულოს რაჲ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, მაშინ ჯერ-არს განჴსნაჲ მარხვისაჲ, რამეთუ ესე მოესწავების წმიდათა მახარებელთაგან მათეს და ლუკაჲსა, ვითარმედ მიმყოვრებასა ღამისასა იქმნა აღდგომაჲ უფლისაჲ.
244. მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენებოდა ერთშაბათად“.
245. არა თუ მწუხრისა ჟამსა იტყჳს, არამედ მიმყოვრებასა ღამისასა.
246. მწუხრი შაბათთასა, ესე იგი არს აღსრულებასა შაბათთასა, რამეთუ ყოველთა დღეთა შაბათ ეწოდებოდა, ამისთჳს იტყჳს ერთშაბათი, ორშაბათი, სამშაბათი და ესრეთ შემდგომითი-შემდგომად,
247. ხოლო მწუხრი შაბათთასა მოასწავებს აღსასრულსა შაბათთასა მიმყოვრებასა ღამისასა, რომელი განთენებოდა ერთბაშათად.
248. ხოლო ლუკა იტყჳს ერთსა მას შაბათსა ცისკარსა მსთუად.
249. ამათ სიტყუათა განმარტებითა წმიდათა მამათა შუაღამისა ჟამსა განაწესეს მარხვისა განჴსნაჲ, რამეთუ მაშინ იქმნა აღდგომაჲ უფლისაჲ.
250. ოვ. დღესა წმიდისა კჳრიაკისასა მუჴლთა არა მოდრეკაჲ განწესებულ არს წმიდათა მამათაგან პატივად დიდებულისა მის ქრისტეს აღდგომისა, ამისთჳს ვაუწყებთ ყოველთა,
251. რაჲთა მწუხრისა გალობად რაჲ შევიდენ, მწუხრი შაბათსა და ვიდრე კუალად კჳრიაკესა მწუხრი მუჴლთ დრეკაჲ დააცადონ,
252. რამეთუ შაბათისა იგი მწუხრი წინამსრბოლად კჳრიაკისა შეგჳრაცხიეს და ესრეთ ვიწყებთ გალობასა აღდგომისასა და ღამესა მას და დღესა კჳრიაკისასა ვდღესასწაულობთ და მომავალსა მას მწუხრსა კუალად ვიწყებთ მუჴლთ მოდრეკით ვედრებად უფლისა.
253. ოზ. რომელნი მისცემენ დედათა წამალსა შვილის მკლველსა საშოსა შინა და დედანი, რომელნი მიიღებენ ესევითართა მათ წამალთა და საშოსა შინა მოაკუდინებენ მუცლადღებულთა მათ შვილთა, კაცისკვლისა კანონსა ქუეშე არიან.
254. ოჱ. რომელნი წარიტაცებენ დედათა და ესრეთ ტაცებით და მძლავრებით იქორწინებენ და რომელნი ტაცებასა მას თანა-შემწე და თანა-მზრახვალ და ძალ-მცემელ იყვნენ,
255. ესევითართა მათთჳს ბრძანებს წმიდაჲ ესე კრებაჲ: უკუეთუ მოწესენი იყვნენ, აღიჴოცენ პატივისა მისგან, უკუეთუ ერისკაცნი იყვნენ, განიდევნენ ეკლესიისაგან.
256. ოთ. უკუეთუ ვინ გზასა შორსა წარვიდეს და შეემთხჳოს ფრიადი დაყოვნებაჲ და ცოლი მისი პირველ ჭეშმარიტად გულსავსებისა სიკუდილისათჳს ქმრისა მისისა სხუასა ქმარსა ექორწინოს, იმრუშა.
257. ეგრეთვე ცოლნი მჴედართანი, უკუეთუ დაყოვნებასა ქმართა მათთასა იჭჳ სიკუდილისა მათისაჲ მიიღონ და პირველ დადასტურებისა სხუათა ქმართა ექორწინნენ, მემრუშენი არიან.
258. გარნა არს მცირედ მოლხინობაჲ ბრალისაჲ მის იჭჳსა მისთჳს სიკუდილისა.
259. ხოლო უკუეთუ მჴედარი იგი შემდგომად ჟამისა რავდენისამე, გინა მცირედისა, გინა ფრიადისა მოიქცეს, რომლისა ცოლი სხუასა ქმარსა ექორწინა, და სწადოდის თჳსისავე ცოლისა შერთვად,
260. მიეცინ მას თჳსი იგი მეუღლე და შენდობა-იყავნ დედაკაცისა მის, რომელ უმეცრებით ექორწინა სხუასა ქმარსა და ეგრეთვე მისდაცა, რომელსა ექორწინა იგი.
261. პ. რომელნიცა მოიქცენ წვალებისაგან და მოვიდენ კათოლიკე ეკლესიად და შეერთნენ ნაწილსა მართლმადიდებელთასა, ესრეთ ჯერ-არს შეწყნარებაჲ მათი:
262. არიანოზნი და მაკედონიანოზნი და ნავატიანოზნი, რომელნი სახელ-სდებენ თავთა თჳსთა განწმედილად და მეათოთხმეტენი და მარცხენენი და აპოლინარელნი და ნესტორნი და იაკობიკნი, რომელთაგანნი არიან სომეხნიცა და მარკიანელნი და უალენტინიანელნი და მსგავსნი ამათნი,
263. ამათ მწვალებელთაგან რომელნიცა მოიქცენ, ესრეთ შევიწყნარნეთ, რაჲთა შეაჩუენნენ წვალებანი იგი, რომელთა შინა იყვნეს და ყოველნი წვალებანი, რომელნი არა შეუდგან კათოლიკე ეკლესიასა.
264. და შჳდეულსა ერთსა მივიდოდინ ეკლესიად მარხვითა და ლოცვითა, მერმე წართქუას მათ ზედა ლოცვაჲ მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან და სცხოს წმიდა მიჰრონი შუბლსა და თუალთა და საყნოსელსა და პირსა, ყურთა და ნებთა და გულსა იტყოდის საბეჭდავი ნიჭისა მის სულისა წმიდისაჲ.
265. დაადგინნეს იგინი მღდელმან წინაშე წმიდისა საკურთხეველისა და ჰრქუას ესრეთ: „თქუთ: შეჩუენებულმცა არს წვალებაჲ იგი, რომლისაგან მოვიქეცით, და ყოველნი მოძღურებანი მისნი და ყოველნი, რომელნი შეუდგან მას და რომელნი თანა-ეწამებიან მას,
266. რამეთუ ვიჯმნი წვალებისა მისგან და სხჳსა ყოვლისა წვალებისაგან და მრწამს წმიდაჲ სამებაჲ, ერთარსებაჲ მოძღურებისაებრ მამათაჲსა მართლგამომეტყუელთა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა“.
267. და თანა-ეწამებოდინ იგინი ყოველსა ზედა, გინათუ ერთი იყოს, გინა მრავალნი.
268. მერმე კულად ჰრქუას მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან სამგზის: „გრწამსა წმიდაჲ ერთარსებაჲ სამებაჲ?“
269. მიუგოს მონანულმან.
270. „ჰე, მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ“.
271. ხოლო არა იცოდის თუ ენაჲ, აღმქუმელმან მისმან მისცეს პასუხი და მას თარგმანითა ათქუმიონ.
272. მერმე მოიდრიკოს მან თავი და დადვას მღდელთმოძღუარმან ანუ მღდელმან ჴელი თავსა მისსა ზედა და ესე ლოცვაჲ წართქუას: „ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ,
273. შეიწყნარე მონაჲ ესე შენი, – სახელ-სდვას, – რომელმან ესე ძლით განიფრთხო საცთურისაგან წვალებისა და წადიერ იქმნა მეცნიერებად მოსლვად ჭეშმარიტებისა შენისა,– და შენ სთქუ,
274. ვითარმედ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსანი, იგინიცა ჯერ არიან ჩემდა მოყვანებად და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“,
275. შენ უკუე, მწყემსო კეთილო და სახიერო, დამწყსე ესე დიდებითა ჭეშმარიტებისა მის მეცნიერებისა შენისაჲთა, ქადაგებისაებრ დიდებულთა და წმიდათა მოციქულთა შენთა და ღირს ყავ ესე ბეჭედსა მას საღმრთოჲსა მის საიდუმლოჲსასა
276. და მოედინ მას ზედა ყოვლად წმიდაჲ სული შენი და ღირს-ყავ ზიარებად პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა შენსა და გამოაჩინე ესე სრულებით მონად შენდა, რაჲთა ესეცა შეირაცხოს სამწყსოსა შენსა თანა დიდებად და ქებად დიდად შუენიერებისა შენისა,
277. რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
278. მერმე სცხოს მას მიჰრონი ვითარცა ახალ მონათლეთა, ვითარცა ზემოწერილ არს, და იტყოდიან: „ნელსაცხებელ.
279. განახლებულ არს სახელი წმიდაჲ შენი, მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩუენო“.
280. მღდელთმოძღუარმან სახელ-სდვას კაცსა მას.
281. ეცხების საბეჭდავი სულისა წმიდისაჲ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
282. მერმე კუალად ესე ლოცვაჲ წართქუას: „უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს-ჰყავ სრულად მონად შენდა ძმაჲ ესე –სახელ-სდვას მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა შენითა და აღბეჭდვითა წმიდისა მის მიჰრონისაჲთა,
283. შენ მეუფეო ყოველთაო, ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ შენი გულსა მისსა დაამტკიცე და აღაორძინე იგი სიმართლითა და ყოვლითა მადლითა შენითა შეამკვე,
284. რამეთუ კურთხეულ არს დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
285. და ამისა შემდგომად აზიაროს და ამცნოს, რაჲთა მეშჳდ დღემდე ჴორცი არა ჭამოს, არცა პირი დაიბანოს, არამედ, ვითარცა ახალ მონათლენი, ესრეთ იყოს მას შჳდეულისა და ეზიარებოდის და მერვესა დღესა მღდელმან მოიღოს წყალი, ჴელითა განბანოს პირი მისი
286. და თქუას: განათლებულ ხარ, განწმენდილ ხარ, განბანილ ხარ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
287. ხოლო პავლუკიანნი და მანიქეველნი და ევნომიანელნი, რომელნი ერთითა წყლად შთაყოფითა ნათელ-სცემენ, და მონტანელნი იგი ბილწნი და საბელიანოზნი, რომელი მამა-ძეობასა ქადაგებენ და სხუათა მრავალთა ბოროტთა იქმან და სხუანი იგი ბოროტნი მწვალებელნი,
288. ვითარ არიან კუკუბრიკნი და მსგავსნი მათნი ამათ ესევითართაგანნი, რომელნიცა მოიქცენ, ვითარცა წარმართთა შევიწყნარებთ და პირველსა დღესა ვიქმთ მათ ქრისტეანედ,
289. და მესამესა დღესა ლოცვათა მათ კათაკუმეველთასა და შეფიცებისათა წარვიტყჳთ მათ ზედა შებერვითა სამგზის პირსა და სასმენელთა და ვასწავებთ სარწმუნოებასა მართალსა და უწესებთ მისლვად ზედაჲს-ზედა ეკლესიად და სმენად წმიდათა წერილთა და მერმე ნათელს ვსცემთ სრულებით.
290. ესე არს წესი და განგებაჲ მათ ზედა, რომელნი წვალებისაგან მართლმადიდებლობად მოიქცენ.
291. პა. რომელთა წმიდისა ნათლის-ღებისა მიერ ქრისტე შეუმოსიეს, ბაძვაჲ თანა-აც მისისა მის მოქალაქობისაჲ, რომელ აღასრულა, ოდეს-იგი ქუეყანად მოვიდა და კაცთა შორის იქცეოდა, რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ და აღსარებაჲ ნათლის-ღებისა ჟამსა.
292. აწ უკუე რომელნი ოქროსა შესწმასნიან თმათა თანა თავისა მათისათა და სხუათა უწესოთა და უზომოთა სამკაულთა მოიპოებენ, სავნებელად სხუათა უძრულთა სულთა, ესევითართა მათ ამცნონ და ამხილონ მღდელთმოძღუართა უწესობისა მისგან ჯმნად და სულიერითა მოქალაქობითა ყოფად,
293. რაჲთა არა ყოვლითურთ ნივთთა მათ ამაოებისათა შემრსჭუალულ იყვნენ გონებანი მათნი, არამედ უოხჭნოსა მას და სანატრელსა ცხორებასა მის საუკუნოჲსასა იწურთიდენ მარადის და შიშით ჰმსახურებდენ უფალსა მოქალაქეობითა სიწმიდისაჲთა,
294. რაჲთა ესრეთ მიეახლებოდინ ღმერთსა, რაოდენცა შესაძლებელ არს და უმეტესად შინაგანსა მას კაცსა შეამკობდენ სათნოებითა, ვიდრეღა გარეშესა ცუდითა სამკაულითა,
295. რაჲთა არარაჲ იყოს მათ თანა ნაწილი მტერისაჲ, არამედ ქრისტემან დაიმკჳდროს მათ შორის თანა მამით და სულით წმიდითურთ.
296. პბ. ესეცა გუეუწყა, ვითარმედ ქუეყანასა მას სომხეთისასა საკლველთა დაჰკლვენ და ოდეს-იგი დაჰკლვიდენ, ლოცვათა წარიტყჳს მღდელი ზუარაკსა მას ზედა ანუ ცხოვარსა და ჴორცსა მას შეიღებენ ეკლესიად და მისცემენ მღდელთა ნაწილსა წესისა მისებრ ძუელისა რჩულისა,
297. ვითარცა იქმოდეს ჰურიანი, ხოლო ესე წესი გარეშე არის წესთაგან კათოლიკე ეკლესიისა.
298. ამისთჳს განჩინებით ვამცნებთ, რაჲთა წესი ესე მოისპოს.
299. ხოლო უკუეთუ ვინ საჴსენებელსა გარდაიჴდიდეს წმიდათასა ანუ შესუენებულთასა, მიიღოს ეკლესიას ზეთი და საკუმეველი და სანთელი და სეფე ზედაშე და თესლი და თესლისა კურთხევად წართქუას მღდელმან
300. და განუყოს შემოკლებულთა მათ სეფისა განატეხი და თესლი და საძღუნელი და ესე კმა იყავნ ეკლესიასა შინა.
301. ხოლო საკლველსა თუ დაჰკლვიდეს, ლოცვათა წართქუმაჲ საკლველსა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თჳთ იგი, რომელი დაჰკლვიდეს, მადლობაჲ თქუას და დაკლას,
302. გინათუ ცხოვარი იყოს, გინათუ ზროხაჲ და დაკლას იგი გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა და ჴორცი იგი გინათუ მგბარი, განათუ უმგბარი განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარეშე ეკლესიისა.
303. და მღდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიცა ჯერ უჩნდეს საჴსენებელის მოქმედსა მას, ხოლო რომელნი ამას წესსა გარდაჰჴდენ და ძუელისა შჯულისა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაჲ დაესაჯოს.
304. პგ. რომელმან უღელი ებისკოპოსობისაჲ მიიღოს, ჯერ-არს მისდა, რაჲთა იყოს კაცი საღმრთოჲ და უბრალოჲ, სრული ყოვლითავე სათნოებითა და ყოვლითავე მეცნიერებითა სულიერთა საქმეთაჲთა სავსე.
305. და წესისაებრ კათოლიკე ეკლესიისა თანა-აც სლვად სახიერ ულალველ, ვითარცა მოძღუარი იგი ეკლესიათაჲ, წმიდაჲ მოციქული პავლე იტყჳს: „უკუეთუ ვისმე ებისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.“
306. ჯერ-არს უკუე ებისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს ერთის ცოლის ქმარ.
307. რაჲ არს ერთის ცოლის ქმარ, ესე იგი არს: უკუეთუ ექორწინოს და ყოფილ იყოს ერთის ცოლის ქმარ და დაქურივებულ იყოს, არა დაეყენების მღდელთმოძღურობისაგან.
308. უკუეთუ კულა ორგზის ექორწინოს, არა მოვალს მღდელობად.
309. ამისთჳს თქუა: ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, უცხოთმოყუარე, სწავლულ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლაღე, არამედ სახიერ, ულალველ, ნუ ვეცხლისმოყუარე, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, რომელ არს სამწყსოჲ იგი პირმეტყუელი და შემდგომი ამისი.
310. კეთილად უკუე განაწესა ნეტარმან მან საზომი ებისკოპოსობაჲ.
311. ამას წესსა ზედა უჴმს მღდელთმოძღუართა ყოფად.
312. ეგრეთვე ხუცესთა და დიაკონთა თანა-აც ბაძვად ებისკოპოსისა თჳსისა კეთილთა საქმეთა ზედა.
313. მღდელი, რომელი შესწირვიდეს უსისხლოსა მას მსხუერპლსა, პირველად თჳსთა ბრალთათჳს და მერმე ერისთჳს, ევედრებოდენ ღმერთსა,
314. რამეთუ ჯერ-არს დიდითა შიშითა და კრძალულებითა აღსრულებად წმიდისა ჟამისწირვისა სიწმიდითა გულისაჲთა და ლმობიერებითა დიდითა შემოსად შესამოსელი იგი მღდელობისაჲ:
315. კუართი და ოლარი და სარტყელი და ზეწარი და დაგებად წმიდისა მის შესაწირავისა შემსგავსებულად ერისა მის, რომელსა ეგულებოდის ზიარებად, ხოლო აზიაროს რაჲ ერი იგი,
316. უკუეთუ დარჩეს სიწმინდე, მეტად ნუმცა იკადრებს მარტოდ აკრებად, რეცა ნაყროვნებით მეტად თუ იყოს, არამედ სხუათაცა მოუწოდოს და აზიაროს და მერმე წმიდაჲ იგი ბარძიმი მორღუნას ორგზის ზედაშითა და ერთგზის წყლითა,
317. უკუეთუ კულა ნაკლულევანად აქუნდეს ზედაშე, ერთგზის უეჭუელად მორღუნას ზედაშითა და მეორედ წყლითა და ნარღუენი იგი შესუას, რაჲთა არასადა წარწყმდეს ნაბერწყალთაგან სიწმინდისათა.
318. ანუ ფეხუემისაგან, ანუ ბარძიმისა და ყოველივე წესიერად და შიშით და წმიდად აკრიბოს ბარძიმ-ფეხუემი და ყოველივე სამსახურებელი წმიდისა ჟამისწირვისაჲ, და მერმე ჴელნი დაიბანნეს,
319. რაჲთა არა ჴელითა მით, რომლითა შეხებულ არნ წმიდათა მათ სადჲუმლოთა, განუბანელად საჭმელთა განხრწნადთა და სხუათა ჴორციელთა საქმეთა ერეოდის და მერმე აღიძუარცოს შესამოსელი იგი სამღდელოჲ და მადლობაჲ მისცეს უფალსა და მიიღოს სარღუნელი და ევლოგიაჲ სეფისკუერისაჲ.
320. ამას წესსა ზედა აღასრულებდენ ხუცესნი და დიაკონნი მსახურებასა მღდელობისა მათისასა.
321. და დიაკონი თუ უდიაკონებდეს წმიდასა ჟამისწირვასა, შესამოსელი იგი მთავარდიაკონობისა მისისაჲ შეიმოსენ და წესიერად აღასრულენ დიაკონობაჲ მისი, რაჲთა მადლი კეთილი მიიღოს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსგან.
322. და შემდგომად ჟამისწირვისა ვამცნებთ ხუცესთა და დიაკონთა, რაჲთა ეკრძალნენ მეტისა ღჳნისა სუმად, რამეთუ არაოდეს ჯერ-არს მღდელთა და დიაკონთა მეღჳნობაჲ.
323. ხოლო უმეტესად დღესა მას, რომელსა ჟამი ეწიროს, ყოვლადვემცა ნუ იკადრებენ მეტისა ღჳნისა სუმად,
324. რაჲთა არა საბრჴესა მტერისასა შთავარდენ, არამედ ყოვლით კერძო კრძალულებითმცა იქცევიან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი უბიწოდ და უბრალოდ, რაჲთა სათნო ეყვნენ მეუფესა და უფალსა თჳსსა.
325. პდ. წმიდათა მამათა თითოეულისა კრებისათა აღწერნეს კანონნი შეცოდებულთათჳს, და უმეტეს ყოველთა თითოეულისა ცოდვისათჳს ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსმან, სუეტმან მან ეკლესიათამან განაწესა ჟამი სინანულისაჲ,
326. ვითარცა ღმერთმან გულსავსე-ყო და ვითარცა პირველთა მამათაგან ესწავლა, აწ უკუე ჩუენცა კანონთა მათ დავამტკიცებთ და თანა-ვეწამებით საკურნებელად, რომელთა ენებოს მოქცევაჲ და სინანული,
327. ვითარცა ნეტარი იგი და ყოვლითა სიბრძნითა და მეცნიერებითა საღმრთოჲთა სავსე ბასილი იტყჳს:
328. პე. რომელმან ნეფსით თჳსით განზრახვით კაცი მოკლას და მერმე მოვიდეს სინანულად და აღსაარებად, ოც წელ უზიარებელ იყოს წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, უხრწნელსა მას და ცხოველსმყოფელსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა,
329. ხოლო ოცი იგი წელი სინანულისა მისისაჲ ესრეთ განეწესოს: ოთხ წელ თანა-აც შეტირებაჲ, ესე-იგი არს, რაჲთა დგეს გარეშე კართა ეკლესიისათა და შემავალთა ეკლესიად მორწმუნეთა ევედრებოდის ლოცვად მისთჳს და აღიარებდეს ცოდვასა მას თჳსსა,
330. ხოლო შემდგომად ოთხისა მის წლისა მსმენელთა თანა დაეწესოს, რომელნი-იგი დგანან ეზოსა შინა ეკლესიისასა წინაშე სამეუფოთა ბჭეთა და ისმენენ წმიდათა წერილთა საკითხავსა სამოციქულოთა, გინა საწინაწარმეტყუელოთა და ჴმასა წმიდისა სახარებისასა,
331. და ხუთ წელ მათ თანა დგეს და შჳდ წელ ქუედავრდომით მვედრებელთა თანა განვიდოდის, რომელნი-იგი დგანან შინაგან ბჭეთა ეკლესიისათა.
332. და ოდეს დიაკონმან ჴმა-ყოს: „კათაკუმეველნი განვედით!“
333. განვლენ ეკლესიით.
334. და ოთხ წელ დადგეს მორწმუნეთა თანა ვიდრე აღსრულებამდე ჟამისწირვისა.
335. გარნა არა ეზიარებოდის, ხოლო ოდეს წესი ესე და კანონი აღასრულოს, მერმე ღირს იქნას ზიარებასა სიწმიდისასა.
336. პვ. რომელსა არა თჳსითა ნებითა, არამედ უნებელად შეემთხჳოს კაცის კლვაჲ, ათ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა მათ საიდუმლოთა, ხოლო ათი იგი წელი სინანულისა მისისაჲ ესრეთ განეწესოს:
337. ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა დაეწესოს, ოთხი წელი ქუედავრდომით აღასრულოს, ერთსა წელიწადსა მორწმუნეთა თანა დადგეს აღსასრულამდე ჟამისწირვისა და მერმეცა შეიწყნარების ზიარებად.
338. პზ. ხოლო განყოფილებაჲ მრავალი არს ნებსითთა და უნებლიეთთა კაცის კლვათაჲ.
339. და ჯერ-არს ამისთჳსცა უწყებაჲ, ვითარცა ნეტარი ბასილი განაწესებს: არს უკუე სრულიად უნებელი და გარეშე გონებისა და განზრახვისა მოქმედისა მის,
340. უკუეთუ სტყორცოს ქვაჲ ანუ შეშაჲ ძაღლისა მიმართ ანუ ხისა მიმართ ჩამოსაყრელად ნაყოფისა მის და მიემთხვოს ქვაჲ იგი ანუ ძელი კაცსა უცნაურად მტყორცნებელისა მის და მოკუდეს კაცი იგი ქვისა მისგან ანუ ძელისა, არს ესე უნებელი განსაცდელი,
341. რამეთუ განზრახვაჲ და ნებაჲ მტყორცებელისა მის იყო მჴეცისა მიმართ ოტებად მისა ანუ ხისა მიმართ ჩამოყრად ნაყოფისა, ხოლო მიემთხჳა იშობრივ კაცსა მას და მოაკუდინა და არს ჭეშმარიტად უნებელი.
342. არს კუალად უნებელი კაცისა კლვაჲ, უკუეთუ ვინ წუართოს მონაჲ თჳსი ანუ მოწაფე შოლტითა, გინა კურთხითა არა ფიცხლითა, და შეემთხჳოს მას სიკუდილი,
343. ხოლო მან არა გულის-სიტყჳთა მოკლვისაჲთა სცა მრწემსა მას, არამედ მოქცევად მისა უწესობისაგან და არა უზომოდ ქმნა გუემაჲ მისი, არამედ განსაწურთელად ოდენ.
344. დაღაცათუ შეემთხჳა მას სიკუდილი, უნებლიეთი არს და არა ნებსითი, უნებელთა კაცისკლვათა თანა შეჰრაცხეს ესეცა: უკუეთუ შეემთხჳოს ვიეთმე შფოთი ურთიერთას და მიამთხჳოს, გინათუ არგნითა, ანუ მჯიღითა და მოკლას, რამეთუ გულისსიტყუაჲ მისი იყო,
345. რაჲთა ატკივნოს და მოწყლას, არა თუ რაჲთა სრულიად მოკლას, ხოლო შეემთხჳა სიკუდილი, არამედ ესე საქმე მახლობელ არს ნეფსითსა კაცის კლვასა, რამეთუ რომელმან ესრეთ რისხვით და გულისწყრომით ურიდად სცა, ემხილების მას, ვითარმედ ფრიად ძლეულ იყო გულისწყრომისაგან.
346. ეგრეთვე მსგავსად არს რომელმან გასტყორცოს ქვაჲ, ანუ შეშაჲ მიმთხუევად მეორისა და არა არნ გონებაჲ მისი, რაჲთამცა მოკლა, არამედ რაჲთა ავნოს ოდენ,
347. ხოლო შეემთხჳა, ანუ ფიცხლად ტყორცებითა, ანუ სიმძიმითა ქვისა მის გინა შეშისაჲთა, ანუ საკრძალავსა ადგილსა მიმთხუევითა, სიკუდილი კაცისაჲ მის უნებლიეთთა კაცის კლვათა თანა შერაცხილ არს.
348. არამედ ესეცა ნეფსითსა მიეახლების.
349. ხოლო რომელმან აღიღოს მახჳლი და ესრეთ ჴელ-ყოს შურისგებად, არარაჲ აქუს მას ნუგეშისცემაჲ, არცა სიტყჳსგებაჲ, რაჲთამცა თანა წარჰჴდა ნეფსითსა კაცის კლვასა.
350. გინათუ ჴელის-ჴელ სცეს მახჳლითა ვითარითაცა, გინათუ შეტყორცებით მოწყლას, ანუ ჴელცულითა, ანუ მაზრაკითა, ანუ ისრითა და მოიკლას წყლული იგი, ნეფსითი არს კაცის კლვაჲ ესე.
351. არიან კუალად სრულიად ნეფსითნი კაცის კლვანი, რომელთა შინა იჭჳ არცა ერთი არს: კაცის კლვანი იგი ავაზაკთანი, და მბრძოლთანი, რომელნი მივლენ ტყუენვად და ჴოცად,
352. რამეთუ ავაზაკნი ანგაჰრებისათჳს და მიხუეჭისა უცხოთა საფასეთა მოჰკლვენ კაცთა უბრალოთა და მბრძოლნი მივლენ ტყუენვად და მოსრვად, არცა შეშინებისათჳს, არცა წურთისათჳს, არამედ მოწყუედად წინააღმდგომთა მათთა და არიან კაცის კლვანი იგი ნეფსითნი და განზრახვითნი.
353. და კუალად უკუეთუ ვინ წამალი ვის შეასუას სასიკუდინე, კაცისმკვლელი არს ნეფსითი და ბოროტი.
354. დაღაცათუ არა გულისსიტყჳთა მოკლვისაჲთა შეასუას ვინ წამალი, არამედ სხჳსა რაჲსმე პირისათჳს უწესოჲსა და შეემთხჳოს სიკუდილი, ნეფსითთა კაცის კლვათა თანა შეგჳრაცხიეს იგი.
355. ვითარ იქმან დედანი მრავალგზის შეასუმენ წამალსა მამაკაცსა, რაჲთა სიყუარული ტრფიალებისაჲ შეუქმნან მათა მიმართ და შეემთხჳის ამისგან სიკუდილი,
356. ხოლო დაღაცათუ არა მოსაკლავად შეასუა წამალი იგი დედაკაცმან მან, არამედ სიყუარულისა აღმაორძინებელად, გარნა ვინაჲთგან გულისსიტყუაჲ იგი უჯეროჲ იყო და საეშმაკოჲ, უკუეთუ შეემთხჳოს სიკუდილი, ნეფსითთა კაცის კლვათა თანა არს.
357. და კუალად: რომელნი-იგი მისცემენ წამალთა ჩჩჳლის მკლველთა საშოსა შინა, კაცისმკლველნი არიან მიმცემელნი იგი წამლისანი და მიმღებელნი მისნი,
358. რამეთუ მრავალგზის არა ხოლო თუ ჩჩჳლნი იგი, არამედ თჳთ იგინიცა დედანი, რომელთა სჳან წამალი იგი, შეემთხჳის სიკუდილი და იქმნიან მკლველ თავთა თჳსთა.
359. და სხუანი მრავალნი სახენი არიან ნეფსითთა და უნებლიეთთა კაცის კლვათანი, რომელნი-იგი განაწესნენ გულისჴმის-მყოფელთა მოძღუართა, და შემსგავსებული კანონი მისცენ, გინათუ ნეფსით იყოს, გინათუ თუ უნებლიეთი.
360. პჱ. რომელმან იმრუშოს ქმრის ცოლთა თანა, ათხუთმეტ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა საჲდუმლოთა: ოთხ წელ შესტიროდის, ხუთ წელ მსმენელთა თანა დაეწესოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ორ წელ მორწმუნეთა თანა დადგეს და მერმეღა ღირს იქმნას ზიარებასა.
361. პთ. რომელმან ისიძვოს, შჳდ წელ უზიარებელ იყოს წმიდათა საჲდუმლოთა: ორ წელ შესტიროდის, ორ წელ მსმენელთა თანა იყოს, ორ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ მორწმუნეთა თანა დადგეს და მერვესაღა წელსა შეიწყნარონ ზიარებად.
362. ჟ. რომელმან მონაზონებისა გინა ენკრატისობისა აღთქუმაჲ უარყოს, ჟამი იგი მრუშებისა ცოდვისაჲ აღასრულოს.
363. სინანულად თუ მოიქცეს და წესი თჳსი მიიღოს და ვითარცა მის ცოდვისათჳს წერილ არს, ეგრეთ განეწესოს მის ზედაცა.
364. ჟა. მპარავმან უკუეთუ თავით თჳსით აღიაროს, ერთსა წელსა უზიარებელ იყოს.
365. უკუეთუ კულა შესწამონ სხუათა და ამხილონ, ორ წელ განიკანონოს დავრდომით და თანა-დგომით და მერმე ეზიაროს.
366. ჟბ. რომელმან უშუერებაჲ იგი მამათმავლობისაჲ აჩუენოს, ჟამი იგი მემრუშეთა უშჯულოებისაჲ მიეცეს მას სინანულად, ვითარ-იგი მუნ განწესებულ არს.
367. ჟგ. რომელმან პირუტყუთა თანა ურჩულოებაჲ თჳსი აღასრულოს და აღიაროს, იგივე ჟამი მემრუშეთაჲ დაიმარხოს სინანულად.
368. ჟდ. ცრუდ მფიცავი ათ წელ უზიარებელ იყოს: ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა იყოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ თანა დადგეს და მერმე ღირს იქმნას ზიარებასა.
369. ჟე. რომელმან გრძნებაჲ და მწამლველობაჲ აღიაროს, კაცის კლვისა კანონი აღასრულოს, ვითარცა მუნ განწესებულ არს.
370. ჟვ. საფლავის მჭკუერველი ათ წელ უზიარებელ იყოს: ორ წელ შესტიროდის, სამ წელ მსმენელთა თანა იყოს, ოთხ წელ დავრდომით აღასრულოს, ერთ წელ თანა დადგეს და მერმე ღირს იქმნეს ზიარებასა.
371. ჟზ. ძმაჲ თუ დასა თანა აღერიოს, კაცის კლვისა კანონსა თანამდებ არს.
372. ხოლო მამის ძმისწულთა ქორწინებაჲ თუ გამოჩნდეს, კანონი ზემოწერილი არს.
373. ესევითარნი ქორწინებანი ყოველნი და-მცა-ჴსნილ არიან.
374. ჟჱ. რომელმან თჳნიერ ჭირისა ქრისტე უარყოს და შეურაცხ-ყოს საიდუმლოჲ იგი ცხორებისაჲ, ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა თანა-აც შეტირებაჲ და აღსაარებაჲ,
375. ხოლო ჟამსა მას აღსრულებისა და სოფლით განსლვისასა ღირს იქმნას ზიარებასა წმიდათა საიდუმლოთასა სარწმუნოებითა კაცთმოყუარისა ღმრთისაჲთა.
376. ხოლო რომელნი პყრობილად წარიყვანნეს წარმართთაგან და ძნელოვანი ჭირი შეემთხჳა სატანჯველთაგან და ვერ თავს-ისხნეს და ვერცა მოითმინნეს ტკივილნი იგი და გუემით მივიდეს უარისყოფად,
377. სამ წელ შესტიროდინ გარეშე ეკლესიისა, ორ წელ მსმენელთა თანა იყვნენ, სამ წელ დავრდომით აღასრულონ და ესრეთ შეიწყნარნენ ზიარებად.
378. ხოლო ყოველნივე ზემოწერილნი ბრალეულნი და კანონსა ქუეშე მყოფნი, უკუეთუ პირველ კანონისა მის აღსრულებისა აღსასრულად მიიწინენ, ეზიარნენ წმიდათა საიდუმლოთა,
379. ვითარცა ზემოწერილ არს, რაჲთა არა წარვიდენ თჳნიერ საგზლისა მის განმაცხოველებელისა შორიელსა მას მგზარობასა სიკუდილისასა.
380. უკუეთუ კულა შემდგომად ზიარებისა კუალად მოიქცეს სიმრთელე, კუალად წესი კანონისა თჳსისაჲ აღასრულოს: ლოცვასა მორწმუნეთა თანა დადგეს, ხოლო ზიარებასა ჟამსა თჳსისა კანონისა აღსრულებისასა მოემთხჳოს წესისაებრ მამათა მიერ განჩინებულისა.
381. ხოლო რომელმან მწამლველობაჲ ვისთჳსმე შემზადოს, მამაკაცმან გინა დედაკაცმან, და მივიდეს გრძნეულთა და მწამლველთა თანა, უკუეთუ ეშმაკთა უზოროს და ეშმაკთა ხადოდის, ყოველთა დღეთა ცხორებისათა უზიარებელ იყოს და ჟამსა სიკუდილისასა ეზიაროს.
382. უკუეთუ კულა წამალი ოდენ შეასუას, კაცის კლვისა კანონი აღასრულოს.
383. ჟთ. ხოლო ამასცა ვიტყჳთ: უკუეთუ ზემოწერილთა მათ ცოდვათა მოქმედნი მოვიდენ აღსაარებად და იპოვნენ ვიეთნიმე მათგანნი, მოსწრაფენი და ლმობიერნი და მოღუაწებითა კეთილითა და ცრემლითა მჴურვალითა აღიარებდენ და ინანდენ ბრალთა მათთა,
384. რომელ-იგი რწმუნებულ იყოს კაცთმოყუარისა ღმრთისა მიერ წინამძღურობად და შეკრვად და განჴსნად, უკუეთუ მიხედნეს ფრიადსა მას ლმობიერებასა შეცოდებულისასა და შეამოკლოს ჟამი იგი კანონისაჲ, არა საბრალობელ არს იგი,
385. რამეთუ გჳსწავიეს საღმრთოთა წერილთაგან, ვითარმედ: „რომელნი დიდითა ტკივილითა გულისაჲთა და ლმობიერებითა მჴურვალითა აღიარებდენ და შეუვრდებოდინ უფალსა,
386. ადრე მიემთხუევიან შენდობასა აურაცხელითა მით კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
387. რ. აწ უკუე ესე ყოველი აღვწერეთ, რაჲთა წესი სინანულისაჲ განვაჩინოთ და რაჲთა ნაყოფნი ლმობიერებისანი განვიცადნეთ, რამეთუ არა ჟამითა ოდენ განვიკითხავთ ესევითართა, არამედ სახესა მას სინანულისასა ვხედავთ,
388. რამეთუ არა მარტივი არს სენი იგი ცოდვათაჲ, არამედ მრავალ სახე და მრავალგუარი და მრავალნი რტონი ვნებისანი აღმოეცენებიან მისგან.
389. უჴმს უკუე რომლისადა მადლი იგი კურნებისაჲ რწმუნებულ იყოს, რაჲთა განიცდიდეს წესსა მას და გონებასა შეცოდებულისასა, გინათუ სიმართლედ მოვალს, გინათუ სნეულებასავე ზედა ცოდვისასა ჰგიეს.
390. უკუეთუ ჭეშმარიტად მოქცეულ არს და მოუძულებიეს ცოდვაჲ თჳსი სიძულილითა სრულითა და მკურნალსა მას სულიერსა კეთილად ჰმორჩილობს და წამალთა მათ კურნებისათა გულსმოდგინედ შეიწყნარებს და ესევითარითა სახითა წყალობისა ღირს იქმს თავსა თჳსსა,
391. რამეთუ ყოვლითურთ ესე არს სათნო ღმრთისა და ამას ზედა უჴმს ხარკებაჲ და მოსწრაფებაჲ მწყემსსა მას სულიერსა, რაჲთა შეცთომილი იგი ცხოვარი მოაქციოს და უძლური იგი განკურნოს და არცა კაპანსა მას სასოწარკუეთილობისასა უჭენოს შთაგდებად,
392. არცა აღჳრნი წარუჴსნნეს უდბებად და დაჴსნილობად, არამედ გინათუ ფიცხელთა და მტკივანთა წამალთა დადებითა, გინათუ ლბილთა და მოტკბეთა სალბუნთა ცხებითა, იღუაწოს წყლულებათა მათ ცოდვისათა კურნებად და ბრძჳლთა მათ გესლიანისა მის გუელისა ნაკბენისათა განქარვებად.
393. და ნაყოფნი სინანულისანი ასწავლნეს მონანულსა მას გამოღებად.
394. ხოლო უკუეთუ ვიეთმე არა ენებოს ბოროტთა მათ ჩუეულებათა მათთაგან მოწყუედად, არამედ გულისთქუმათა ჴორციელთაჲ ენებოს მონებად და არა უფლისა და მოქალაქობასა მას, რომელი უფალმან ამცნო მორწმუნეთა, არა თავს-იდებდენ.
395. ზემოწერილნი იგი კანონნი ვაუწყნეთ მათ და გზაჲ სინანულისაჲ უჩუენოთ.
396. უკუეთუ მოიქცენ და შეინანონ, პოონ წყალობაჲ უფლისა მიერ, უკუეთუ არა მოიქცენ, არა არს ჩუენი მათდა მიმართ სიტყუაჲ.
397. რამეთუ ჩუენ ერსა შორის ურჩსა და წინაღმდგომსა გჳსწავიეს წერილთაგან, ვითარმედ ცხორებით აცხოვნენ და განარინენ კაცმან სული თჳსი.
398. ნუმცა უკუე თავს-ვიდებთ ესევითართა მათ თანა წარწყმედად, რომელნი გინა თუ მართლისა სარწმუნოებისაგან განდრეკილ იყვნენ, გინათუ საქმეთა ბოროტთა ერეოდინ და არა მოიქცეოდინ ჩუეულობათა მათგან ხენეშთა,
399. არამედ შევიშინოთ საშჯელისაგან უფლისა და დღისა მის საშინელისა საბჭოჲ მოვიჴსენოთ და ნუ თავს-ვიდებთ უცხოთა ცოდვათა თანაწარწყმედად თანამიყოლითა და თანაწამებითა მათითა,
400. რამეთუ ესევითართა საქმეთათჳს მოიწევის ღმრთისა მიერ დატევებაჲ და მივეცემით ჴელთა მტერთასა, არამედ თანა-გუაც, რაჲთა ვასწაოთ და უწამოთ ესევითართა ბრალთა შინა მყოფთა მათ და შევრჩულოთ და ვამხილოთ დღე და ღამჱ თჳსისაგან და ზოგადცა.
401. ხოლო თანამიყოლად ბოროტთა საქმეთა ნუმცა თავს-ვიდებთ, არამედ ვილოცვიდეთ, რაჲთა უფროჲსად იგინი შევიძინნეთ და გამოვიჴსნნეთ საბრჴეთაგან მტერისათა
402. და სულნი ჩუენნი განვარინნეთ საუკუნოჲსა საშჯელისაგან მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
403. რომლისა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
404. ესე ზემოწერილი სარწმუნოებაჲ და თავნი ესე რჩულისკანონისანი წარიკითხნეს წინაშე მორწმუნისა მის მეფისა.
405. კოსტანტინე ღმრთისმსახურმან მეფემან თქუა: „იტყოდენ წმიდაჲ ეგე და ღმრთივშემოკრებული კრებაჲ წამებითა და ნებითა და განზრახვითა თქუენ ყოველთაჲთა“.
406. აღწერილ არს ძეგლი ესე სარწმუნოებისაჲ და რჩულისკანონი ესე, რომელ წარიკითხეს.
407. წმიდამან კრებამან ჴმა-ყო: „ყოველთა ესრეთ გურწამს, ყოველნი ესრეთ აღვიარებთ, ყოველთა განგჳწესებიან ესე კანონნი, ყოველთა გონებაჲ და სარწმუნოებაჲ ერთ არს, ყოველთა წამებაჲ ჩუენი კაცად-კაცადსა თჳსითა ჴელითა დაგჳწერია.
408. ყოველნი მართლმადიდებელნი ვართ.
409. ესე არს სარწმუნოებაჲ მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ.
410. ადიდენ უფალმან მეფობაჲ თქუენი“.
411. და სხუაჲ შემდგომი ამისი შეასხეს ქებაჲ და აკურთხეს მორწმუნე იგი მეფე, ვითარცა თითოეულად წერილ არს წიგნსა მას წმიდათა კრებათასა და ცხორებასაცა შინა ნეტარისა მამისა მაქსიმე აღმსაარებელისა.
412. მაშინ ღმრთისმსახურმან მეფემან კოსტანტინე თჳსითა ჴელითა დაწერა სინგურითა წამებაჲ და დამტკიცებაჲ ძეგლისა მის სარწმუნოებისა და თავთა მათ რჩულისკანონისათა.
413. და იქმნა ერთობაჲ კათოლიკე ეკლესიისაჲ და სიხარული დიდი და ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა თჳსითა ჴელითა კაცად-კაცადმან დაწერა წამებაჲ და დაამტკიცეს ყოველი ესე ზემოწერილი.
414. და მტკიცე არს და შეუცვალებელ უკუნისამდე ჟამთა.
415. და ყოველთა მადლობაჲ შეწირეს ღმრთისა.
416. ხოლო მეფემან წმიდათა მათ მღდელთმოძღუართა დიდად პატივ-სცა და კაცად-კაცადსა მრავლითა ნიჭითა კეთილი უყო და ფრიადითა არზანიგითა წარგზავნნა საყდართა თჳსთა სადიდებელად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა განუყოფელისა მის და შეურევნელისა ერთ ღმრთეებისა,
417. რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ და სიმტკიცჱ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
4
1. კანონნი შეცოდებულთანი, აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანეს მიერ, კოსტანტინეპოვლელ მთავარებისკოპოსისა, რომელსა მმარხველ ეწოდებოდა
2. ქრისტე, ადიდე მამაჲ გრიგოლ.
3. უწყებულ იყავნ, ვითარმედ ესე ნეტარი იოვანე მმარხველი უკუანაჲსკნელ იყო უფროჲს ყოველთა მათ, რომელთა რჩულისკანონისა წესნი აღწერნეს.
4. და მეექუსისაცა კრებისა შემდგომად იყო მრავლითა ჟამითა კეთილი მღდელთმოძღუარი და სავსე მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელმან-იგი ფრიადისა უძლურებისათჳს ნათესავისა ამის ჩუენისა წყალობით ფრიად სუბუქად განაწესნა კანონნი შეცოდებულთანი უფროჲს სხუათა მამათა.
5. და ესე ღმრთისა მიერ სახიერისა მოეცა მას მადლი და აწ ყოველნი მოძღუარნი ამას წესსა ზედა განჰკანონებენ შეცოდებულთა.
6. და, ნეტარ, თუ ამას ზედაცა შეუძლონ დადგრომად და აღსრულებად კანონთა ამათ.
7. და არავინ საბრალობელ იქმნების, არამედ ჰპოებენ შენდობასა წყალობითა სახიერისა მის და მრავალმოწყალისა ღმრთისაჲთა.
8. სახიერი და კაცთმოყუარე და მრავალმოწყალე ჭეშმარიტი ღმერთი და მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე აურაცხელითა მით სიტკბოებითა მისითა მარადის ქველისმოქმედებათა მისთა აჩუენებს და წყალობასა მისსა დაუცხრომელად უხუებით მოჰფენს ჩუენ ზედა.
9. ჯერ-არს უკუე ჩუენდაცა, მონათა მისთა, დაღაცათუ ჯერისაებრ სხუასა ვერარას შევსწირავთ მადლობასა ქველისმოქმედებისა მისისასა, არამედ რაოდენცა შემძლებელ ვართ,
10. ვქადაგებდეთ დიდებულებათა სახიერებისა მისისათა და სასმენელ-ვყვნეთ ძლიერებანი და ქებულებანი სიტკბოებისა და მოწყალებისა მისისანი, და გამოუთქუმელი იგი სულგრძელებაი კაცთმოყუარებისა მისისაჲ, რომელსა აჩუენებს აურაცხელთა მათ და გარდარეულთა ცოდვათა ჩუენთა ზედა.
11. რაოდენცა ჩუენ ნათესავით-ნათესავად უძჳრესთა და უბოროტესთა ცოდვათა შთავვარდებით განდგომილებითა და განდრეკილებითა გონებათა ჩუენთაჲთა და უზომოჲთა მით და უწესოჲთა გემოთმოყუარებითა ჩუენითა,
12. ეგოდენ სახიერი იგი და კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი უმეტესად აჩუენებს სივრცესა მას აურაცხელთა წყალობათა და სიტკბოებათა მისთასა და ძჳირუჴსენებელ გუექმნების და ყოვლით კერძო სინანულად და ცხორებად გჳწოდს,
13. ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“.
14. და ესე ბრძანებაჲ საქმით აჩუენა და დაამტკიცა დასაბამითგან მოაქამდე და მიუწდომელი იგი უფსკრული სახიერებისა მისისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა.
15. რამეთუ პირველვე გარდავჰჴედით რაჲ პირმშოსა მას მცნებასა, არა წარგუწყმიდნა, არცა მოგუსპოლნა, არამედ წყალობით სამოთხისაგან ოდენ ექსორია-გუყვნა, რაჲთამცა მოვიქეცით და შევინანეთ.
16. ხოლო ვინაჲთგან უგუნურებით უძჳრეს ვიქმნენით და სრულიად დავივიწყეთ შიში მისი, მოავლინა სამართლად წყლითრღუნაჲ და აჴოცნა ბოროტის მოქმედნი იგი,
17. გარნა არცა მაშინ სრულიად განრისხნა უკეთურებასა ზედა ჩუენსა, არამედ ჩუენისავე ნათესავისაგან დაჰმარხა თესლი მართალი განახლებად კუალად სოფლისა ამის.
18. ხოლო იწყო რაჲ კუალად უკეთურებამან განმრავლებად, ვითარცა პირველ არღარა მოაწია წყლითრღუნაჲ,
19. რამეთუ სახიერებით ებრძანა თავადსა არღარა მოწევნაჲ წყლითრღუნისა, არამედ ცეცხლითა ვიეთნიმე ქალაქნი დაწუნა, ხოლო სხუანი სიყმილითა წუართნა, რაჲთა ნეშტნი იგი სინანულად მოიყვანნეს.
20. იხილა რაჲ ვითარმედ არა არს სინანული, არცა დაცხრომაჲ ცოდვათაგან, მოსცა ძუელი იგი რჩული მოსეს მიერ აღწერილი და ბრძანა ჴორციელითა ტანჯვითა წურთად მოქმედთა ცოდვისათა, რაჲთამცა შიშითა მით ცოდვისაჲთა დასცხრა უკეთურებაჲ კაცთაჲ და ცოდვისა მიმართ წარმდებობაჲ.
21. ხოლო ვინაჲთგან ყოველნი-იგი სახენი და ღონენი ბოროტთაგან მოქცევისა კაცთაჲსანი აჩუენნა და იხილა, ვითარმედ არარაჲთა იქმნა მოკლებაჲ ცოდვისაჲ, არცა მოქცევაჲ კაცთაჲ სიმართლედ,
22. მაშინ სახიერმან მან და მრავალმოწყალემან უფალმან მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა ქუეყანად და იშვა უბიწოჲსა მის და უმეტესად კურთხეულისა მარადის ქალწულისა მარიამისა და კაც-იქმნა ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა,
23. ვითარცა-იგი პირველვე მოასწავა ქადაგებითა წინაწარმეტყუელთაჲთა, მან სახიერმან და ტკბილმან უფალმან აიხუნა ცოდვანი ჩუენნი, ვითარცა თქუა დიდმან წინამორბედმან და ნათლისმცემელმან იოვანე, ვითარმედ: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისნი“.
24. და რისხვაჲ იგი და ტანჯვაჲ, ცოდვათა ჩუენთათჳს განწესებული, თანა-წარგუჴდა, რაჲთა არღა თანამდებ ვიყუნეთ ჴორციელთა სატანჯველთა და ძჳრ-ძჳრად სიკუდილთა, არამედ ბრძანა წყალობით,
25. რაჲთა შემუსრვილითა და მდაბლითა გულითა ვინანდეთ, და მოწყალებათა მისთა მიმართ მივივლტოდით, და ლმობიერითა გონებითა და ცრემლითა მჴურვალითა აღვიარებდეთ ბრალთა ჩუენთა ურცხჳნელად.
26. და არა ხოლო თუ განწესებულთა მათ ტანჯვათაგან აქავე თავისუფალ ვიყუნეთ, არამედ დღესცა მასცა საშჯელისასა მოწყალე გუექმნებოდის თუალუხუავი იგი მსაჯული და ღმერთი ყოველთაჲ,
27. და ექსორიობათა წილ და წყლითრღუნათა, და ცეცხლის წჳმათა, და სიყმილთა, და სრვათა, და თითო-სახეთა ტანჯვათა და ძჳრ-ძჳრად სიკუდილითა წილ, რომელ-იგი ძუელსა რჩულსა შინა შეცოდებულთათჳს განჩინებულ იყო, მის ყოვლისა წილ ესოდენ განაწესა.
28. და უხრწნელი იგი და პატიოსანი ჴორცი და სისხლი მისი, რომელი ნეფსითითა მით სიკუდილითა მისითა მოგუცა ზიარებად დაგჳდვა კანონად სინანულისა,
29. რაჲთა ყოველივე სახელსა ზედა მისსა წოდებულმან ქრისტეანე, რომელმან შემდგომად ნათლისღებისა შეაგინოს თავი თჳსი აღრევითა ცოდვათაჲთა, განეყენოს ზიარებისაგან წმიდათა მათ საიდუმლოთასა, გინათუ მცირედთა წელთა, გინათუ მრავალთა,
30. ანუ თუ სიკუდილამდისცა, შემსგავსებულად კაცად-კაცადისა ცოდვათა, ვითარცა განაწესა პირითა წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოწაფეთა და მოციქულთა მისთაჲთა თითოეულისა ცოდვისათჳს, ვითარცა-იგი ნეტართა მათ ყოვლისა სოფლისა მოძღუართა ძლიერად დაკანონეს.
31. კუალად შემდგომად მრავლისა ჟამისა, შემდგომად ესოდენისა ამის სახიერებისა, ხედვიდა რაჲ კაცთა, ვითარმედ კუალადცა ერევიან ცოდვათა და ვერ უძლეს მათგან მოწყუედად სრულიად,
32. აღადგინნა მნათობნი ეკლესიისანი წმიდანი მღდელთმოძღუარნი და შორის მათსა, ვარსკულავი ბრწყინვალე, წმიდაჲ და ნეტარი ბასილი კესარიელ მთავარებისკოპოსი და უბრძანა მას კუალად აღწერაჲ კანონთაჲ მათ წყალობით,
33. რომელმან-იგი კანონნი წმიდათა მოციქულთანი განაზოგნა და ფრიადი ნუგეშინისცემაჲ მისცა შეცოდებულთა, რაჲთა არა სასოწარკუეთილ იქმნენ;
34. და რომელთა ცოდვათათჳს მათ ათი ანუ ოცი, ანუ თუ ოცდაათი წელი უზიარებლობისაჲ განეწესა, ამან ნეტარმან ნახევარსა ზედა განაზოგა, რაჲთა არა სიმრავლისა მისთჳს წელთაჲსა ეშინოდის შეცოდებულთა და აღსაარებად უდებ-იქმნებოდინ.
35. ამისა შემდგომად კუალად სხუათა მამათა ბრძანებითავე უფლისაჲთა უმეტესად აღასუბუქნეს ჟამნი იგი უზიარებლობისანი.
36. და ყოველთა მათ მიერ სახიერმან მან და ტკბილმან უფალმან ბრძანა, რაჲ-იგი ღმერთშემოსილთა მათ განაჩინეს,
37. რომელი-იგი აურაცხელითა მით მოწყალებითა მისითა, რაოდენცა ხედავს ნათესავითი-ნათესავად უძჳრესთა მიმართ ბრალთა მიმავალად გლახაკთა კაცთა უძლურსა მას ბუნებასა, ბრძოლათაგან და მანქანებათა ბოროტისა მის მტერისა ჩუენისა ეშმაკისაჲთა.
38. არა რისხვასა თჳსსა აღაორძინებს შეცოდებულთა მათ ზედა, არამედ უფროჲსად წყალობით და სახიერებით აღასუბუქებს სინანულსა მას ცოდვათასა, პირითა სულიერთა მათ მკურნალთაჲთა,
39. რომელნი მსგავსად მისისა, სიტკბოებისა აჩუენებენ წყალობასა და ძმათმოყუარებასა შეცოდებულთა ზედა, რომელნი ლმობიერად და სინანულითა მჴურვალითა აღიარებენ ბრალთა თჳსთა, რომელნი შეემთხჳნეს შურითა და ბრძოლითა ბოროტისა მის მჴდომისაჲთა.
40. ამის ყოვლისა გამოუთქუმელისა სახიერებისათჳს მეუფისა და ღმრთისა ჩუენისა დიდებაჲ დიდად შუენიერსა მას კაცთმოყუარებასა მისსა.
41. ჭეშმარიტად ვინმე იტყოდის ძლიერებათა მისთა და სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი.
42. ხოლო ესევითარსა ამას განგებასა და წესიერსა განკანონებასა შეცოდებულთასა ვიეთნიმე მსგავსად ჩემსა უმეცარნი, ანუ ამპარვანებისაგან არა მეცნიერნი თჳსისა საზომისანი,
43. უწესოდ და უჯეროდ განკანონებითა თავთაცა თჳსთა და სხუათაცა მრავალთა სავნებელ ექმნეს გამოუცდელობითა და უსწავლელობითა
44. და კურნებისა წილ მათდა შევედრებულთა სულთაჲსა უმეტესად უკურნებელ-ყვნეს წყლულებანი მათნი, ანუ უზომოჲთა, სიფიცხითა კანონთაჲთა, ანუ კუალად ფრიადითა აღსუბუქებითა უკანონებლობითა.
45. და ჰგონებდეს ორნივე თუ კეთილად იქმნა: ერთი იგი – უწყალოებასა მას და სიფიცხესა უჯეროსა და მეორე იგი – მოწყალებასა უწესოსა და თანა-მიყოლასა ნებათა მათ ცოდვილთასა.
46. პირველი იგი – რაჲთა ვითარცა აღმასრულებელი მცნებათა მათ სახარებისათა საქებელ იქმნას და სრულებისა სახელი მიიღოს;
47. და მეორე იგი – რაჲთა, ვითარცა ფრიად მოწყალე და ქრისტეს მობაძავი, იდიდოს კაცთაგან და სანატრელ იქმნას, გინათუ რაჲთა საფასეცა ანუ სხუაჲ რაჲმე მონაგები ამით ჯერითა მოირეწოს.
48. ხოლო ორნივე ესე ჭეშმარიტისა მის და საღმრთოჲსა გზისა და წესისაგან მოცთომილ არიან.
49. აწ უკუე ჩუენცა უბადრუკთა ამათ და უღირსთა, რომელნი-ესე უსწავლელად და უღირსად შესრულ ვართ წესსა ამას უზეშთაესსა საზომისა ჩუენისასა და სხუათა კურნებად წოდებულ ვართ უგუნურებით,
50. რომელნი-ესე თავით თჳსით უძლურნი და მოწყლულნი ვართ და სასიკუდინედ მწყუდარნი მოვედით, გამოვიძიოთ და განვიკითხოთ და გულისჴმა-ვყოთ და აღვწეროთ და შემდგომად ჩუენსა მომავალთა დაუტეოთ საჴსენებელად,
51. თუ ვითარითა გონებითა და რაბამითა სახითა და წესითა უჴმს მონანულსა აღსაარებაჲ და მიღებაჲ კანონისაჲ სინანულად, ანუ თუ ვითარ ჯერ-არს რომელი აღსაარებასა სხუათასა თავს-იდებდეს და თუ ვითარ ამის საქმისაგან ოდენ იქმნების, რაჲთა პოოს მან შენდობაჲ თჳსთა ცოდვათაჲ.
52. და კუალად იქმნების ამის საქმისაგან ოდენ წარწყმედაჲ, დაღაცათუ სხუანი ცოდვანი არა აქუნდენ, რამეთუ ესე არს, ვითარ მე გულისჴმა-ვჰყოფ, გამოცხადებაჲ იგი მადლთაჲ, რომელსა იტყჳს წმიდაჲ მოციქული პავლე,
53. ვითარმედ: „თითოეულსა ჩუენგანსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს: რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, რომელსამე – სიტყუა მეცნიერებისაჲ“.
54. და თითოეულნი იგი მადლნი წარმოთქუნა და მერმე თქუა: „რომელსამე მიცემულ არს განკითხვაჲ სულთაჲ, რამეთუ ესეცა დიდი მადლი არს ღმრთისა მიერ ჯეროვნად განკითხვაჲ სულთაჲ და სამართლად კაცად-კაცადისა წესთა და კანონთა შემსგავსებულთა თითოეულთა ბრალთა განჩინებად.
55. აწ უკუე მე, გლახაკი ესე და უდები, არა თუ ვითარმცა ჯეროვნად მიწევნულ ვიყავ გულისჴმის-ყოფასა და მეცნიერებასა,
56. ამისთჳს ვჰყოფ გამოძიებასა და განკითხვასა და განწესებასა კანონთასა და განყოფილებასა ბრალთასა მდიდართა და გლახაკთა, ბერთა და ჭაბუკთა, მეცნიერთა და უმეცართა, მონათა და აზნაურთა, სიმრთელით მყოფთა და სნებათაგან მიჭირვებულთა, გინათუ სიკუდილად მებრ მიწევნულთა,
57. რამეთუ ამათ ყოველთა შორის ფრიადი არს განყოფილებაჲ, ვითარცა-ესე გჳჴმს თითოეულისა აღრაცხვაჲ, და ვითარცა ვთქუ, არა თუ მინდობითა მეცნიერებისა და გულისჴმის-ყოფისა ჩემისაჲთა ვიქმ გამოძიებასა ამას და განწესებასა,
58. არამედ ვითარცა გლახაკი და ნარჩევთა უნარჩევესი ნაბიჭევსა ღირსთა და მეცნიერთა ტაბლისასა შევჰკრებ და უმეტესად გამოცდილებისაგან და გულისჴმის-ყოფისა სულიერისა მის მოძღურისა ჩემისა, რომელმან აღმზარდა,
59. რომელი-იგი სანთელი იყო განკითხვისა და მეცნიერებისაჲ, რომლისაგან ყოველი სულიერი სწავლაჲ მისწავლიეს, დაღაცათუ საქმით ვერ უძლე სწავლათა მათ აღსრულებად,
60. ვინაჲთგან უკუე მაიძულეს ღმრთისმოყუარეთა და სულიერთა ძმათა აღწერად მცირედი ესე რჩულისკანონნი და თითოეულისა ცოდვისა განწესებული სინანული, რაჲთა არა ურჩებისა ბრალსა შთავვარდე, კრძალულებით და შიშით ჴელ-ვყავ საქმესა ამას და ვთქუა სრულიცა გულისსიტყუაჲ ჩემი,
61. დაღაცათუ ვიეთნიმე ურწმუნო იქმნენ სიტყუასა ამას, არა არს ესე ჩემდა ზრუნვა, რამეთუ „ღმერთმან კაცსა არა თუალ-ახუნის“, ვითარცა წერილ არს.
62. დიდთა და წმიდათა მამათაგან მასმიოდა, ვითარმედ ჟამსა მას სქემის კურთხევისასა, რაჲცა-ვინ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა ითხოოს ღმრთისაგან, მიეცემის.
63. და მრწმენა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე და სარწმუნოებითა მჴურვალითა და სასოებითა მტკიცითა ვითხოე უშურველად მომანიჭებელისა ღმრთისაგან,
64. რაჲთა მომცეს გულისჴმის-ყოფაჲ ჯეროვანი და სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ აღებასა პირისა ჩემისასა, რაჲთა ჯეროვნად ნუგეშინის-ვცე, რომელმანცა შეცოდებულმან აღმიაროს ბრალი თჳსი და თითოეულისა ცოდვისა კანონი ესრეთ განვაჩინო და განვაწესო,
65. ვითარცა სათნო იყოს წინაშე შენსა, მეუფეო სახიერო და კაცთმოყუარეო, რაჲთა რომელმანცა აღმიარნეს გულის-სიტყუანი და საქმენი თჳსნი, გულსავსებით და სიხარულით წარვიდეს ჩემგან.
66. ხოლო, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „ყოველივე, რავდენი ითხოოთ სარწმუნოებით, მოგეცეს თქუენ“.
67. და კუალად იტყჳს:
68. „ამენ გეტყჳ თქუენ: ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, ვითარმედ მოიღოთ და გეყოს თქუენ, და სარწმუნოებისაებრ თქუენისა გეყავნ თქუენ“.
69. და სხუასა მრავალსა ესევითარსა ბრძანებს უშურველი იგი მეუფე და უხუად მიმნიჭებელი, ყოველთა კეთილთა მიზეზი, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მოელის ცოდვილთა მიქცევასა და სინანულსა.
70. მან სახიერმან, ვითარცა თჳთ უწყის, ყო ჩემთანა, უღირსისა ამის, ნიჭი კეთილთა მისთაჲ.
71. აწ უკუე შეწევნითა და წინამძღურობითა სახიერისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა ვიწყო სიტყუად წინამდებარისა ამის პირისათჳს, და პირველად ვთქუა რიცხჳ და განყოფილებაჲ ცოდვათაჲ ბუნებითთაჲ და გარეშეთა ბუნებისათა,
72. ვითარცა არა ხოლო თუ წიგნთაგან, არამედ აღსარებისაგანცა მრავალთაჲსა გჳსწავიეს და არა ესე ხოლო, არამედ თუ ვითარ ჯერ-არს გამოძიებაჲ და გამოწულილვაჲ მოძღუარსა, რომელი შეიწყნარებდეს აღსაარებათა
73. და თუ ვითარ უჴმს განკანონებაჲ და თუ ვითარ თანა-აც შეცოდებულთა აღსაარებაჲ და ვითარ ჯერ-არს მათდა კანონსა მოძღურისაგან მიცემულსა მითუალვად.
74. პირველად უკუე ვთქუათ რიცხჳ და სახენი ცოდვათანი და მერმე განყოფილებაჲ და თითოსახეობაჲ დიდთა და საშუვალთა და მცირეთაჲ და თითოეულისა წესი და კანონი, ვითარცა ითხოეს მორწმუნეთა მათ ძმათა განმარტებად.
75. არიან უკუე ჴორციელნი ცოდვანი რვანი, ვითარცა-იგი თქუეს წმიდათა მამათა, ვითარმედ: „რვანი არიან გულისსიტყუანი ვნებათანი“.
76. სხუათა კუალად შჳდად თქუეს სულნი იგი უკეთურებისანი.
77. ხოლო რვანი იგი ჴორციელნი ცოდვანი ესე არიან: ჴელითდაცემაჲ; სიძვაჲ; მრუშებაჲ; მამათმავლობაჲ; უჰასაკოჲსა განხრწნაჲ; პირუტყუთა თანა დაცემაჲ; და მრავალგუარი იგი და მრავალ სახე და ბუნებისა შემრეველი თჳსთა და ნათესავთა თანა აღრევაჲ.
78. და მერვე არს ნეფსითი, გინა უნებლიეთი კაცის კლვაჲ.
79. ა. ხოლო აღრიცხუვასა ამას შინა ცოდვათასა პირველად ვაჴსენე ბოროტი იგი და მრავალთა წარმტყუენველი ჴელითდაცემაჲ, რომელსა ეწოდების ჩუკენობაჲ,
80. ვითარცა იტყჳს წმიდაჲ მოციქული პავლე: „ნუ სთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არც მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“.
81. ამისთჳს უკუე პირველად ესე ვაჴსენე, რამეთუ ყოველთა ცოდვათა უპირატესად ესე ებრძვის კაცთა, ჰასაკად რაჲ სიჭაბუკისა მოვიდენ და უმრავლესთა ქალწულებაჲ ამის ვნებისა მიერ განიხრწნების, რამეთუ რომელმან ჴელითდაცემაჲ ქმნას, არღა აქუს მას ქალწულებაჲ.
82. და რომელი-იგი მრავალგზის მეცნიერთაცა და გულისჴმის-მყოფელთა კაცთა ეუფლის ბოროტი იგი ჩუეულებაჲ და მრავალთა ვიდრე სიბერედმდე, გინათუ სიკუდილამდე ვერ მოიწყჳდიან, არა ხოლო თუ ერისკაცთა, არამედ სოფლისაგანცა განშორებულთა.
83. არს უკუე ორი განყოფილებაჲ ჴელითდაცემისაჲ: ერთი იგი, რომელ იქმნების თჳსითა ჴელითა, ვითარცა გუეუწყა აღსარებითა მრავალთაჲთა და საცნაურ არს ყოველთა მიერ.
84. ხოლო მეორე იგი არა მრავალთა უწყიან, რომელ-იგი არს სხჳსა ჴელითა, ვითარცა გუესმა მოქმედთაგან ბოროტისა მის ვნებისათა,
85. რამეთუ ეძაგებინ სიბილწესა მას თჳსითა ჴელითა ქმნად და მსახურთა მათთამონათა, გინა აზნაურთა მოუწოდიან და ჴელითა მათითა ბოროტი იგი და საძაგელი დაცემაჲ აღასრულიან, რომელთათჳს ნეტარი იოვანე კლემაქსისა აღმწერელი იგლოვს და იტყჳს,
86. ვითარმედ: „საწყალობელ არს რომელი დაეცემოდის, ხოლო უსაწყალობელეს არს, რომელი მეორესა მომატყუებელ ცოდვისა ექმნებოდის, რამეთუ ორთავე დაცემათა და მოძღურებისა მის ბოროტისა სიმძიმე მას უტჳრთავს“.
87. და ნუუკუე მასწავლელმან მან შეიგონის სადმე და დასცხრის ცოდვისა მისგან, ხოლო მის მიერ სწავლული იგი დაადგრის ცოდვასა მასვე ზედა და ამით მიზეზითა უძლურ იქმნის სინანული მასწავლელისაჲ.
88. ხოლო ესე სიტყუაჲ ჴელითდაცემისათჳს სხუათა მიერისა და მატყუებლობისათჳს თქმულ არს, რამეთუ თანაწარიტანა არაწმიდამან ჴელითდაცემამან ბოროტი იგი დაჲ თჳსი მატყუებლობაჲ,
89. დაღაცათუ რიცხუსა მას შინა ცოდვათასა არა ვაჴსენეთ, ამის ესევითარისა მრავალფერობისა და მრავალბოროტებისათჳს ვნებისა ამის ბოროტისა პირველ სხუათა ვნებათასა დავაწესეთ.
90. ბ. ხოლო სიძვისაჲ სამი არს განყოფილებაჲ: ქურივსა თანა დაცემაჲ და მჴევალსა და მეძავსა.
91. ხოლო მეძავი არა მას ეწოდების, რომელი ერთგზის, ანუ ორგზის და უმეტსცა შეემთხჳოს, ანუ იძულებით წაეკიდოს, არამედ რომელი განზრახვით და წარმდებებით იყოს მოქმედი ცოდვისაჲ.
92. გ. ხოლო მრუშებად მას ვიტყჳთ, რაჟამს ქმრის ცოლსა თანა ვინმე დაეცეს;
93. ანუ ცოლოსანსა მამაკაცსა მოუწოდოს დედაკაცმან თჳსთანა დაცემად.
94. ეგრეთვე სქემოსანი მონაზონი, გინა ენკრატისი სადაცა დაეცნენ, მრუშებაჲ არს და მრუშებისა კანონი მიეცემის, ვითარცა განა ესა მნათობმან მან ეკლესიათამან და მოციქულთა მადლისა თანა-ზიარმან დიდმან ბასილი, რომელმან-იგი რაჲცა თქუა, ღმერთი იტყოდა პირით მისით.
95. დ. ხოლო მამათმავლობისა სამი არს განყოფილებაჲ: სხუაჲ არს ოდეს სხჳსა მიერ შეემთხჳა, ანუ სიყრმესა, ანუ სიგლახაკისაგან, ანუ მძლავრობით.
96. და უსუბუქე არიან ესე ბრალნი.
97. და სხუანი მრავალნი სახენი არიან ამის პირისანი;
98. რომელნიმე სუბუქნი, რომელნიმე მძიმენი.
99. და სხუაჲ არს, ოდეს სხუასა თანა დაეცეს, ესე უმძიმეს არს.
100. ხოლო უკუეთუ ვინ სხუასა თანა მამათმავლობდეს და სხუაჲ მის თანა, ესე სრულიად მძიმე არს და არა რაჲ აქუს სიტყჳს-გებაჲ.
101. ე. ხოლო უჰასაკოჲსა განხრწნაჲ იგი არს: ქალისა ქალწულისა უწინარეს ჰასაკად მოსლვისა განხრწნაჲ პირველ ათექუსმეტისა წლისა, გინათუ ყრმისა უჰასაკოჲსა, რომელ-ესე უმძიმესი ცოდვაჲ არს.
102. ვ. ხოლო პირუტყუთა ანუ მფრინველთა თანა დაცემისა ჩანს თუ ერთსახე არს, გარნა ორი აქუს განყოფილებაჲ: რამეთუ შეემთხუევის ვიეთმე არა ხოლო თუ დედალთა პირუტყუთა თანა, არამედ მამალთაცა, ვითარცა გუეუწყა მრავალთა აღსაარებისაგან.
103. ზ. ხოლო თჳსთა და ნათესავთა ურთიერთას აღრევაჲ მრავალ სახე და მრავალ ფერი არს.
104. და ვერცა ეგების ყოვლისავე წერით უწყებაჲ;
105. რამეთუ სხუაჲ არს ორთა დათა თანა დაცემაჲ;
106. და სხუაჲ არს – უმძიმესი – დასა თანა ერთკერძოჲსა, ანუ მამით, ანუ დედით, ცოდვისა აღსრულებაჲ;
107. და სხუაჲ კუალად უძჳრესი ორკერძოჲსა დისა თანა ქმნაჲ ბოროტისაჲ;
108. და სხუაჲ კუალად მამის ცოლსა თანა, რომელი-იგი სწორი არს ერთკერძოჲსა მის დისა თანა აღრევისაჲ, ხოლო ორკერძო დისაჲ უმძიმესი არს და უბოროტესი.
109. კუალად სხუაჲ არს მამის ძმისწულთა აღრევაჲ;
110. და სხუაჲ არს მამის ძმისწულის წულთაჲ;
111. სხუაჲ არს ძმის ცოლსა თანა;
112. და სხუაჲ არს მამის ძმისწულის ცოლსა;
113. და სხუაჲ არს სძალსა თანა-ცოლისა ძისასა – ცოდვაჲ.
114. სხუაჲ არს ცოლისა ასულსა თანა სხჳსა ქმრისაგან ქმნილსა;
115. და სხუაჲ არს ასულის ასულსა თანა;
116. ხოლო უძჳრესი და უსაწყალობელესი თჳსსა ასულსა თანა ანუ თჳსსა დედასა, რომელ-ესე წარმართთა შორის იქმნების, სპარსთა და უჟიკთა და სხუათა ურჩულოთა, უფალმან ნუ მიუშუას ქრისტიანეთა შორის ესევითარი საქმე, რამეთუ გუესმა ჩუენ უბადრუკთა ესევითარიცა ბოროტი.
117. ეგრეთვე მამათმავლობაჲცა თჳსთა და ნათესავთა შეემთხუევის ურთიერთას, რომელ-ესე უმძიმეს არს მამის ძმისწულთა და მამის ძმისწულის წულთა და სხუათა ესევითართა.
118. რამეთუ მესმა ოდესმე თჳსთა აღრევაჲ ბოროტი და ბუნებისაგან უცხოჲ მამათმავლობაჲ: სამნი ძმანი, ერთისა მამისა და ერთისა დედისა შობილნი, ურთიერთას დაეცნეს, ხოლო უმშუანესმან აღმიარა ესე, ვითარმედ უხუცესისაგან შეემთხჳა მას და მან ქმნა უმრწემესსა თანა.
119. ჵ ბოროტო მტერო და მბრძოლო მზაკუვარო ეშმაკო მჴდომო კაცთაო, რაოდენთა მთხრებლთა და საბრჴეთა შთააგდებ მორჩილთა შენთა და არა განძღები წარწყმედითა კაცთაჲთა!
120. შეგრისხენინ შენ უფალმან და მართლუკუნაქციენ და განაქარვენ ღონენი და მანქანებანი შენნი, ბელიარ უკეთურო, ყოვლისა ბოროტისა მიზეზო და მომპოვნებელო!
121. არს დედათაცა თანა მამათმავლობაჲ, რომელსა შინა შთავარდებიან მამაკაცნი დაბნელებულნი მტერისაგან და ბუნებითსა მას საქმესა დაუტეობენ დაბრმობილნი იგი საგურკველით აიძულებენ სიძვად უბადრუკთა მათ დედათა თანა.
122. და ვიეთნიმე თჳსთაცა ცოლთა თანა იქმან ბოროტსა მას.
123. ესევითართა მათ უმეტესი და უმძიმესი კანონი სხუათა მამათმავალთასა მიეცეს, მოიქცენ თუ სინანულად, ხოლო უკუეთუ უნანელად იპოვნენ, უძჳრესა და უმწარესსა სატანჯველსა მიეცნენ საუკუნესა მას.
124. ამათ ბოროტთა მოქმედნი ემხილებიან წმიდისა მოციქულისა პავლესგან, რომელი იგლოვს მათთჳს და იტყჳს, ვითარმედ: „დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა ბუნებად, ეგრეთვე მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ,
125. განჴურდეს გულისთქუმათა მათითა ურთიერთას, მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს და კუალად საგებელი იგი, რომელი ჯერ უჩნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
126. არს სულიერისაცა თჳსებისა ცოდვითა აღრევაჲ – რომელი აექუას ნათლისღებისაგან სულიერი ასული და კუალად აქმულისა მის დედაჲ სჳნდიკნოზი,
127. რომელ-ესე ფრიად უმძიმეს არს და უსაწყალობელს ჴორციელისა თჳსებისაჲსა და უფროჲსად, უკუეთუ არა ერთგზის ოდენ, არამედ მრავალგზის ვის შეემთხუეოდის ცოდვაჲ სულიერსა მას ასულსა თანა ანუ სჳნდიკნოზსა.
128. ჱ. არს რიცხუსა ამას შინა ცოდვათასა მერვე ცოდვაჲ მძიმე – ნეფსითი კაცის კლვაჲ და კუალად სხუაჲ უნებლიეთი, უსუბუქესი და უმოლხინეს ფრიად ნეფსითისასა.
129. ამათ რვათა ჴორციელთა ცოდვათა კანონი უზიარებლობისაჲ მონანულთათჳს განწესებულ არს წმიდათა მოციქულთაგან და პირველთა მამათა და ნეტარისა მამისა ჩუენისა დიდისა ბასილისა.
130. და მერმე კუალად წმიდათა მათ მამათა მეექუსისა კრებისათა აჴსენნეს და დააწესნეს კანონნი იგი მათ მიერ აღწერილსა მას რჩულისკანონსა შინა, რომელ-იგი განაწესეს მათ კეთილად და შუენიერად.
131. და ყოველნი პირველთა წმიდათა კრებათა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ აღწერილნი კანონნი აჴსენნეს და დაამტკიცნეს ნეტართა მათ.
132. არს უკუე კანონი უზიარებლობისაჲ ნეფსითისა კაცის კლვისაჲ ოც წელ და უნებლიეთისაჲ – ათ წელ.
133. მრუშებისაჲ ქმრის ცოლსა თანა იე წელ.
134. ეგრეთვე სქემოსანთა მონაზონთა, გინა ენკრატისთა სიძვასა მრუშებისა კანონი განწესებულ არს, ხოლო უსქემოსა თუ შეემთხჳოს, სიძვისა კანონი მიეცემის.
135. ხოლო სიძვაჲ ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა თუ იქმნას, შჳდ წელ განიკანონების.
136. მამათმავლობისა კანონი იე წელ განწესებულ არს.
137. ეგრეთვე მსგავსად პირუტყუთა თანა აღრევისაჲ იე წელი არს, ვითარიცა იყოს პირუტყჳ იგი: გინა ოთხფერჴი, გინა მფრინველი;
138. ხოლო მამალ-დედლობისათჳს არარაჲ წერილ არს.
139. ხოლო თჳსთა და ნათესავთა თანა სიძვანი მრავალსახენი და მრავალგუარნი არიან.
140. რომელი სჳნდიკნოზსა თანა დაეცეს, რვა წელ განწესებულ არს კანონი მისი.
141. უკუეთუ კულა აქმულსა თანა შეემთხჳოს, რომელ არს სულიერი ასული, ოცდაათ წელ განიკანონების, ვითარცა თქუეს ვიეთმე მამათა: „ვითარცა იგი უკუეთუ თჳსსა დედასა თანა ანუ ასულსა ვის შეემთხჳოს ამათ ესევითართა პირთა თანა,
142. უკუეთუ ვინ დააბრკოლოს და დასცეს ბოროტმან ეშმაკმან და იქმნას ცოდვაჲ იგი ერთგზის ანუ ორგზის და გარდაიკუეთოს, ოცდაათი წელი თქმულ არს კანონად“.
143. უკუეთუ კულა ესოდენ ვის ეუფლოს ეშმაკი, რომელ მრავალგზის აქმნიოს ურჩულებაჲ იგი, სიკუდილადმდე განწესებულ არს უზიარებლობაჲ მისი.
144. უკუეთუ ვინ მამის ცოლსა თანა დაეცეს, ანუ დასა ერთ-კერძოსა – ანუ მამისაგან, ანუ დედისა – მრუშებისა კანონი აქუს, ათხუთმეტ წელ.
145. უკუეთუ კულა ორკერძოსა დასა თანა ცოდოს – რომელი მამით და დედით იყოს – კაცის კლვისაჲ აქუს კანონი, ოც წელ.
146. ეგრეთვე ხუცის ცოლისაჲ და მთავარდიაკონისაჲ, რამეთუ მეუღლეთა მათთა მკლველი არს, რამეთუ უკუეთუ მიერითგან ხუცესი იგი ანუ დიაკონი ცოლისა თჳსსა თანა მივიდეს, მღდელობისაგან განიკუეთების და მემრუშესა მას კაცის კლვასა კანონი დაესაჯების.
147. ხოლო კერძოდიაკონისა ანუ წიგნის მკითხველისა ივ წელი აქუს კანონისაჲ;
148. რამეთუ ვერღარა წარემატებიან მღდელობად ქმარნი მათნი, უკუეთუ შემდგომად დაცემისა ცოლთა მათთაჲსა მათ თანაღა იყვნენ.
149. უკუეთუ ვინ სძალსა თჳსსა თანა ცოდოს – ცოლსა ძისასა – ათორმეტ წელ განიკანონების.
150. ხოლო ძმის ცოლსა თანა თუ ცოდოს – ათ წელ.
151. ხოლო სხუათა ნათესავთა ცოლსა თანა თუ შეემთხჳოს – შჳდ წელ.
152. ხოლო ესე კანონნი მაშინ მიეცემიან, უკუეთუ ქმარნი მათ დედათანი მომკუდარ იყუნენ და იგინი დაქურივებულ.
153. უკუეთუ კულა ქმარნი ცოცხალ იყვნენ და ცოდოს ვინ სძალსა თანა, ანუ ძმის ცოლსა, ანუ სხუათა თჳსთა ცოლებსა, ბოროტისა მრუშებისა კანონი დაესაჯების, არა ათხუთმეტ წელ ოდენ, არამედ ოც წელცა, გინა უმეტეს.
154. დედათა თანა მამათმავლობის სახედ დაცემაჲ ოცდაათ წელ განკანონეს, ვითარცა სრულიად ბუნებისაგან უცხოჲ და ბოროტი საქმე.
155. ხოლო უჰასაკოჲსა ქალისა განხრწნაჲ ათორმეტ წელ განიკანონების და ყრმისა მცირისაჲ – ათექუსმეტ წელ.
156. მრუშებისა კანონი ქმრის ცოლსა თანა დაცემისაჲ არს ათხუთმეტი წელი;
157. ეგრეთვე მონაზონთა და ენკრატისთა სქემოსანთაჲ, ხოლო უსქემოთაჲ სიძვით დაცემაჲ შჳდ წელ განიკანონების, ვითარცა ზემოწერილ არს;
158. ეგრეთვე სიძვისათჳს ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა შჳდი წელი წერილ არს.
159. ხოლო ესე კანონნი არა ჩემ მიერ განწესებულ არიან, არამედ, ვითარცა ზემოწერილ არს, წმიდათა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილის მიერ.
160. ხოლო ბოროტისა მის და საძაგელისა ჴელითდაცემისათჳს წმიდათა მოციქულთა და კრებათა კანონი არაჲ განუწესებიეს,
161. რამეთუ ახლად მოქცეულთა მათ მრავალთა წარჩინებულთაცა ვნებაჲ იგი დიდად ჰმძლავრობდა და კანონი არაჲ დაწერეს, თჳნიორ ხოლო რომელ წმიდამან მოციქულმან პავლე აჴსენა,
162. ვითარმედ: „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკჳდრონ“.
163. ჩუკენობაჲ ჴელითდაცემასა უწოდა და გამოაჩინა, ვითარმედ ბოროტი საქმე არს და სასუფეველსა ვერ დაიმკჳდრებს ესევითარისა მის ვნებისა მოქმედი, უკუეთუ არა მოიწყჳდოს და შეინანოს.
164. ხოლო კანონი არარაჲ განაწესეს, ვითარცა-იგი არცა მტაცებელთათჳს, არცა მომთრვალეთათჳს, არცა მაგინებელთა.
165. ხოლო შემდგომთა მათ წმიდათა მამათა არა უგულებელს-ყვეს ვნებაჲ იგი, არამედ განაწესეს სუბუქი კანონი,
166. ორმეოც დღე უზიარებლობაჲ და ყოველთა დღეთა ნ მუხლთდრეკაჲ და სამგზის „მიწყალე“ კჳრიელეისონი რ „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ – ნ, და „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ – ნ.
167. რამეთუ ამათ წმიდათა მამათა და შემდგომითი-შემდგომად მრავალთა ღმერთშემოსილთა ყოველთა მათ ცოდვათა ბუნებითთა და ბუნებისა გარეშეთათჳს ფრიად აღასუბუქნეს და შეამოკლნეს კანონნი,
168. რამეთუ ესე კეთილად და წყალობით გამოუცხადა მათ სულმან წმიდამან უძლურებისათჳს ამის ნათესავისა.
169. და უმჯობესად ქმნეს, რამეთუ უკუეთუმცა ესე არა, ეგრეთ განეგო ფრიად, მცირედნიმცა მოვიდოდეს სინანულად და აღსაარებად ცოდვათა თჳსთა.
170. ხოლო არს სხუაჲცა ცოდვაჲ, რომელი-იგი უმძიმეს არს ჴელითდაცემისა და უსუბუქეს მამათმავლობისა, რომელი-იგი ორთა მამაკაცთა მიერ იქმნების ერთმანერთსა ბარკალთა შინა ანუ თეძოთა.
171. დაცემაჲ იქმნების ესე დედათა მიერცა, თჳნიერ მამაკაცისა, და არს ესე, ვითარცა ვთქუ: ჴელითდაცემისა უმძიმეს და მამათმავლობისა უსუბუქეს და განწესებულ არს ამის ცოდვისათჳს კანონი სიძვისაჲ პირველთა მამათაგან, რომელ არს შჳდი წელი.
172. აწ უკუე ესე ზემოხსენებულნი რომელნიმე აღწერილნი რჩულისკანონსა შინა და რომელნიმე უწერელნი ცოდვანი, და თუ ვითარ განწესებულ არს პირველთა მამათაგან თითოეულისა ცოდვისა კანონი, ესერა აღმიწერიეს მე გლახაკსა ამას უღირსსა.
173. ხოლო რაჲ-იგი მე უდებსა ამას და კადნიერსა, ვითარცა შემდგომთა მათ ჩემზე უპირატესცა ჩემსა გამოჩინებულთა წმიდათა მამათაგან მისწავიეს და მადლითა სახიერისა და მრავალმოწყალისა ღმრთისაჲთა გულსავსე ქმნილ ვარ
174. და განმიწესებიან კანონნი სიმრავლისათჳს ერისკაცთა და მონაზონთაჲსა და დედათა ენკრატისთა და ერისკაცთათჳს, გლახაკთა და მდიდართათჳს, მრთელთა და უძლურთათჳს და სიკუდილისა ჟამსაცა სინანულად მომავალთათჳს და ყოვლისა კაცისათჳს,
175. ვითარცა დამიწესებიეს, აღვწერო და გაუწყო ძალითა და შეწევნითა კაცთმოყუარისა და კეთილთა მომნიჭებელისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
176. რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ და მას შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
5
1. კანონნი შეცოდებულთანი, განწესებული ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მმარხველისა მიერ, კოსტანტინეპოლელ პატრიარქისაჲ
2. ქრისტჱ, ადიდჱ წმიდათა შენთა თანა მამაჲ გრიგოლ მთაწმიდელი.
3. უკუეთუ ვის შეემთხჳნენ ბუნებითნი ცოდვანი, ესე იგი არს სიძვანი დედათა თანა, გინა თუ ქურივთა, ანუ მჴევალთა, ანუ მეძავთა წესითა მით ბუნებითისა ცოდვისაჲთა და დაიყოვნოს საქმესა მას შინა ცოდვისასა მრავალ ჟამ
4. და მერმე მოვიდეს სინანულად აღიარნეს ცოდვანი იგი თჳსნი და მოიწყჳდნეს სრულიად, სამ წელ განიკანონოს არა ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა, რამეთუ ზემოწერილთაცა კანონთა შინა კრებათაგან და წმიდისა ბასილისგან დაწესებულთა,
5. სადა-იგი შჳდი წელი წერილ არს სიძჳსათჳს, არა ამას აჩინებს, თუ რავდენიცა ვისდა სიძვაჲ შემთხუეულ იყოს, თითოეულისა ცოდვისათჳს შჳდ-შჳდი წელი დაიმარხოს, არამედ ოდეს სინანულად და აღსაარებად მოვიდეს,
6. უკუეთუ სიძვითა ოდენ უქმროთა დედათაჲთა ეცოდოს, შჳდ წელ განიკანონოს, უკუეთუ მრუშებაჲ ექმნას ანუ მამათმავლობაჲ – იე წელ;
7. და სხუანი იგი ცოდვანი, ვითარცა აღწერილ არიან.
8. აწ უკუე შჳდსა მას წელსა სიძვისათჳს დაწესებულსა სამ წლად მოვიყვანებთ უძლურებისათჳს ამის ნათესავისა, გინათუ ცოლოსანი იყო კაცი იგი, გინათუ უცოლოჲ,
9. რამეთუ უკუეთუ ცოლოსანსა კაცსა შეემთხჳოს სიძვაჲ დედაკაცსა თანა უქმროსა, არა მიეცემის კანონი მრუშებისაჲ, არამედ სიძვისაჲ ოდენ, უკუეთუ კულა ქმრის ცოლსა თანა ცოდოს, მაშინ დაესაჯების მრუშებაჲ.
10. და კუალად უკუეთუ ცოლი თჳსი განიშოროს, გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშა, ვითარცა წმიდასა სახარებასა წერილ არს.
11. ხოლო ვიდრემდის თჳსსა ცოლსა თანა იყოს, დაღაცათუ სიძვაჲ შეემთხჳოს ქურივსა თანა, ანუ მჴევალსა, ანუ მეძავსა, სიძვისა კანონი მიეცემის.
12. ხოლო დედაკაცმან ქმროსანმან, უკუეთუ სხუასა მამაკაცსა თანა ცოდოს, იმრუშა, რამეთუ იტყჳს წმიდაჲ ბასილი, ვითარმედ: „ბრძანებაჲ უფლისაჲ მამათათჳს და დედათა სწორად გულისჴმა იყოფების“.
13. გარნა ჩუელებაჲ წესისაჲ ესრეთ იქმნა: დედათათჳს ქმროსანთა დიდი კრძალულებაჲ დაეწესა, რაჲთა არა ჴელ-ეწიფებოდის სხჳსა მამაკაცისა მისლვად;
14. უკუეთუ მივიდეს, მემრუშე არს და არღარა შეიწყნარებს ქმარი მისი, არამედ განიშორებს, ვითარცა იტყჳს იერემია წინაწარმეტყუელი: „უკუეთუ მივიდეს დედაკაცი სხჳსა მამაკაცისა, ვერღარა მიიქცეს ქმრისა თჳსისა“.
15. – და კუალად წერილ არს: „რომელმან იპყრას მრუშებული იგი თჳს თანა, უგუნურ არს და ურჩულო“.
16. ხოლო მამაკაცი, თუ ცოლოსანი ისიძვიდეს, არა ჴელ-ეწიფების ცოლსა მისსა განშორებად მისგან, რამეთუ ესრეთ არს ჩუეულებაჲ ამის საქმისაჲ: დაღაცათუ ურწმუნოჲ იყოს ქმარი და ცოლი მორწმუნე და ქმარსა მას ჯერ უჩნდეს ყოფაჲ მის თანა,
17. არავე უბრძანებს მოციქული დატევებად ქმრისა მის, რამეთუ: „განწმიდნებისო ქმარი ურწმუნოჲ ცოლისა მის მორწმუნისაგან“.
18. ესე იგი არს – სარწმუნოებითა მორწმუნისა მის დედაკაცისაჲთა მოსლვად არს ქმარიცა სარწმუნოებად, ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს,
19. ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ გინათუ ცოლოსანი იყოს, გინათუ უცოლოჲ და შეემთხჳოს სიძვაჲ, გინათუ მცირედ, გინათუ მრავალგზის და მოვიდეს აღსაარებად, სამ წელ უზიარებლობაჲ დაიმარხოს, უკუეთუ ცოდვანი იგი მოიწყჳდინეს და გულსმოდგინებით ინანდეს.
20. ეგრეთვე უკუეთუ ბუნებისა გარეგანნი ვის ცოდვანი ექმნენ: პირუტყუთა თანა დაცემანი, ანუ მამათმავლობანი – ანუ მას სხუათა თანა, ანუ სხუათა მას თანა – ანუ თჳსთა ნათესავთა თანა დაცემულ იყოს:
21. ძმის ცოლთა, ანუ მამის ძმისწულის ცოლსა, ანუ სხუათა ესევითართა თჳსთა და მსწრაფლ მოეწყჳდნენ საქმენი იგი და არა დაჰყოვნებოდის [!] მათ შინა და მოვიდეს სინანულსა ლმობიერსა და აღიარნეს ცოდვანი იგი, მან სამი, გინა ოთხი წელი უზიარებლობისაჲ დაიმარხოს.
22. უკუეთუ კულა დაცემულ იყოს დედაკაცსა თანა და მისვე დედაკაცისა ასულსა, ანუ ორთა დათა თანა, ანუ ორთა ძმათა, ანუ სძალსა თჳსსა თანა, ანუ სიძესა –ასულისა ქმარსა – ხუთ წელ უზიარებელ იყოს.
23. უფროჲსად, უკუეთუ სხუანიცა ცოდვანი აქუნდენ სიძვისანი, გარეშე მრუშებისა, რამეთუ უკუეთუ მრუშებაჲცა შემთხუეულ იყოს, უმეტესი კანონი თანა-აც.
24. ხოლო სხუათა მათ ურჩულოთა და საწარმართოთა საქმეთაგან თუ ექმნას ვის რომელ-იგი, ნუმცა ვისდა შემთხუეულ არს თჳსსა დედასა თანა ანუ ასულსა, ანუ დასა, ანუ ძმასა – დაცემაჲ – ანუ პირუტყუთა თანა ნეზუთა,
25. ანუ დედათა თანა მამათმავლობის სახით და უფროჲსად თჳსთა მეუღლეთა, ანუ სჳნდიკნოზსა თანა, გინა აქმულსა, ამათ ესევითართა ცოდვათა კანონნი მამათა მიერ განწესებულნი ზემოწერილ არიან.
26. ხოლო მე ვიტყჳ სასოებითა აურაცხელისა მის სახიერებითა ღმრთისაჲთა: უკუეთუ ვის ბოროტნი ესე ცოდვანი შეემთხჳნენ და მოიწყჳდნეს სრულიად, და აღიარნეს ბრალნი თჳსნი და მოიგოს სინანული ლმობიერი,
27. მიეცეს მას კანონი უზიარებლობისაჲ რვა წელ, გინა თუ ათ წელ, გინა ათ ორმეტ წელ, ვითარცა სინანულსა და მოღუაწებასა ბრალეულისასა მას ხედვიდეს მოძღუარი იგი სულიერი.
28. ხოლო უკუეთუ ვის შეემხჳოს მამათმავლობაჲ ერთგზის ოდენ, გინათუ პირუტყუსა თანა, და იყოს იგი უმეცარი და უსწავლელი და შინაგან ოცდაათისა წლისა და მეჴსეულად მოიწყჳდოს ცოდვაჲ იგი და მოვიდეს სინანულად, ესევითარსა მას ერთი, გინა ორი წელი კმა-ეყავნ კანონად.
29. უკუეთუ კულა უმეტეს ოცდაათისა წლისა იყო ჰასაკითა და სხუანიცა ბუნებითნი ცოდვანი აქუნდენ და ბუნებისა გარეშენიცა იგი ექმნენ ერთგზის ანუ ორგზის, სამ წელ განიკანონოს, რამეთუ ყოველი ცოდვაჲ,
30. რომელი უწინარეს ოცდაათისა წლისა ჰასაკისა შემთხუეულ ვისდა იყოს, უსუბუქესად განიკანონების, დაღაცათუ მძიმეთა ცოდვათაგანი იყოს, რამეთუ ვიდრე ოცდაათ წლამდის უმეცრებაჲ გონებისაჲ და მჴურვალებაჲ ჴორცთაჲ დიდად ჰმძლავრობს კაცსა და ამისთჳს უსუბუქესად განიკანონების.
31. და ხოლო ყოველი ცოდვაჲ, რომელი ოცდაათის წლისა აღმართ შეემთხჳოს ვის, დაღაცათუ უდარესთა ცოდვათაგანი იყოს, უმეტესისა კანონისა თანამდებ არს.
32. და ყოველსავე ზედა მოძღუარსა მას, რომელი აღსაარებასა შეცოდებულისასა ისმენდეს თანა-აც ხილვაჲ სიჭაბუკისაჲ და სიბერისაჲ და ძლიერებისა და უძლურებისაჲ და განყოფილებანი ადგილთანი და სახენი, რომლითა იქმნა ცოდვაჲ, რამეთუ მრავალ სახე არს და მრავალგუარი.
33. და გინათუ მან დაჰპატიჟა მეორესა, გინათუ მის მიერ დაეპატიჟა მას, გინათუ განზრახვით და წურთით მივიდა ცოდვასა მას, ანუთუ იშობრივ და აღტაცებით შეემთხჳა, ანუთუ მთრვალი იპოა,
34. ანუთუ პატრონისა ბრძანებითა ჴელმწიფებით შეემთხჳა შიშითა მისითა, ანუთუ სიგლახაკისაგან და მსგავსთა ამათგან, ანუ თჳსითა ოდენ გულისთქუმითა და ნებითა ქმნა,
35. ამის ყოვლისა გამოძიებაჲ ჯერ-არს მოძღურისა მიერ ჟამისაჲ და ჰასაკისაჲ და ადგილისაჲ და იძულებითისაჲ და ფლობილობისაჲ და მის ზედა მიცემაჲ კანონისაჲ, რამეთუ ამათ პირთა და საქმეთაგან უმძიმეს და უსუბუქეს იქმნებიან ცოდვანი,
36. რამეთუ არა ერთად განიკანონების, რომელსა იძულებით და მძლავრობით და ჭირით შეემთხჳოს, და რომელმან ჴელმწიფებით დაჰპატიჟოს და მძლავრ ქმნას, გინა აქმნიოს ბოროტი.
37. და კუალად რომელმან ნეფსით და განზრახვით და წურთით ცოდოს და რომელსა ანაზდაჲთ აღტაცებით შეემთხჳოს.
38. და კუალად ადგილთაგან ფრიად იქმნების განყოფილებაჲ: რომელნიმე სახლთაცა შინა თჳსთა ერიდებიან ცოდვისა ქმნად და რომელნიმე ეკლესიათაცა და საშინელთა ადგილთაგან არა შეიკდემენ.
39. და კუალად მღდელთა ანუ ებისკოპოსთა ცოდვანი ერისკაცთასა ფრიად უმძიმე და უძნელეს არიან.
40. და სწავლულთა და მეცნიერთაჲ უძნელეს არიან უსწავლელთა და უმეცართასა.
41. ამის ყოვლისა გამოკითხვაჲ უჴმს მოძღუარსა და ეგრეთ მიცემაჲ კანონისაჲ.
42. ეგრეთვე შემუსრვილებაჲ და სიმდაბლე და ლმობიერებაჲ შეცოდებულისაჲ განიცადოს, გინათუ კუალად გულფიცხელობაჲ და თავჴედობაჲ და ულმობელობაჲ და დაუმდაბლებელობაჲ.
43. რამეთუ არიან კაცნი, რომელნი გონებითა მდაბლითა და გულითა ლმობიერითა და შემუსრვილითა დიდთა ცოდვათა და მძიმეთა აღასუბუქებენ
44. და სხუანი კუალად მცირეთაცა და სუბუქთა ცოდვათა განადიდებენ და დაამძიმებენ გულფიცხელობითა და ზუაობითა და უგულებელს-ყოფითა ბრალთა მათთაჲთა, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე, ვითარმედ: „არა გულისჴმა-ყვეს ყოველთა, რომელნი იქმნან ურჩულოებასა“.
45. ხოლო მდაბალთათჳს და შემუსრვილთა გულითა იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელისა მიერ: „ვისა მივხედნე, გარნა მშჳდსა და მყჳდროსა და რომელი ძრწოდის სიტყუათაგან ჩემთა?“
46. კუალად არიან რომელნიმე ბუნებით მჴურვალენი და ბრძოლისაგან ჴორცთაჲსა ფრიად იმძლავრებიან.
47. ესევითართა ბრძოლათა მძლავრებისაგან უკუეთუ შეემთხჳოს ერთგზის, გინა ორგზის ცოდვაჲ, გინათუ თუ ბუნებითი, გინათუ გარეშე ბუნებისა და მყის მოიწყჳდოს
48. და აჩუენოს ლმობიერი სინანული და არღარა მიაქციოს ცოდვისა მიმართ, არამედ შიშისათჳს ღმრთისა წინააღუდგეს გულისთქუმათა და ბრძოლათა ჴორცთასა, ესევითართა ერთ წელ ანუ ორ წელ ჴმა-ვყავ და მივეც მათ შენდობაჲ.
49. სხუანი არიან ბუნებით გრილნი და არა ჰპატიჯობს ბუნებითი სიმჴურვალე და ბრძოლაჲ, არამედ უშიშობითა ღმრთისაჲთა და უკრძალველობითა თჳსითა ცოდვენ.
50. ესევითარნი-იგი უმძიმესსა და უმეტესსა კანონსა თანამდებ არიან, რამეთუ არა ბუნებაჲ ჰმძლავრობს მათ, არამედ ნებაჲ ცოდვისმოყუარე.
51. ეგრეთვე რომელნი დაბერდენ ცოდვათა შინა და ვიდრე სიბერედმდე არა მოიქცენ სინანულად, ფრიადსა კანონსა თანამდებ არიან აღსრულებად.
52. ხოლო რომელნი სიჭაბუკისა ოდენ ჟამსა უწინარეს ოცდაათისა წლისა მიემთხჳნეს ბრალთა ცოდვისათა, გინათუ უსწავლელნი იყუნეს ანუ თუ სწავლულნიცა
53. და კუალად უკუეთუ არა განზრახვით და წურთით ქმნეს, არამედ ცთომით და აღტაცებით შეემთხჳა და მყის მოიწყჳდეს, უსუბუქესად განიკანონებიან და ადრე მიეცემის შენდობაჲ ერთ წელ, გინა ორ წელ, გინა სამ წელ.
54. უკუეთუ არა დიდთა ცოდვათა შთავრდომილ იყვნენ, ვითარ-იგი არს სჳნდიკნოზსა თანა ანუ აქმულსა დაცემაჲ, ანუ დასა, გინა დედასა, რომელ-ესე ნუმცა სადა ქმნილ არს,
55. ანუ დედათა თანა მამათმავლობის სახითა დაცემაჲ, ანუ ესევითარი რაჲმე მძიმე და ბოროტი ცოდვაჲ თუ იყოს, ზემოწერილ არს კანონი ესევითართა საქმეთაჲ.
56. ხოლო სხუანი იგი ცოდვანი უსუბუქესნი, ვითარცა ვთქუ, უკუეთუ ვის სიჭაბუკისა და ბრძოლისა ჟამსა შეემთხჳოს ცთომით და მყის მოიწყჳდოს და მოვიდეს სინანულად, უსუბუქესად და წყალობით განიკანონოს,
57. ვითარცა მოძღუარმან განიცადოს საზომი და ძალი და ჰასაკი შეცოდებულისაჲ მის და ლმობიერებაჲ და სინანული, გინათუ კუალად წინააღმდგომი ამათ სახეთაჲ, ესე იგი არს უშიშოებაჲ და ულმობელობაჲ და გულფიცხელობაჲ.
58. რომელნი თჳნიერ ჭირისა და კაცობრივისა შიშისა ანუ დიდისა სიგლახაკისა წარმართთა თანა შეიგინნეს მამანი, გინა დედანი, უკუეთუ მამანი იგი უცოლონი იყუნეს, ანუ დედანი უქმრონი, სამ წელ უზიარებელ იყუნენ და მარხვაჲ აღასრულონ და ლოცვაჲ,
59. ვითარცა ქუემო ვთქუათ, ვითარცა ეძლოს სამისა მის სახისაგან, რომელი გუეგულების აღწერად;
60. უკუეთუ კულა ცოლოსანნი იყუნეს მამანი იგი ანუ დედანი ქმროსანნი, ოთხ წლამდე, გინა ხუთ წლადმდე განიკანონებიან და უფროჲსად – უკუეთუ სხუათაცა ბრალთა თანამდებ იპოვნენ.
61. ხოლო უკუეთუ შიშისაგან და ჴელმწიფებით მძლავრობისა, ანუ დიდისა ჭირისა და სიგლახაკისაგან შეემთხჳა, ერთი ანუ ორი წელი მიეცეს კანონად.
62. მეუღლენი ხუცესთა ანუ დიაკონთანი უკუეთუ დაეცნენ, მრუშებაჲ არს ბოროტი, რამეთუ მეუღლეთაცა თჳსთა მკლველ ექმნებიან,
63. რამეთუ უკუეთუ ინებონღა მათ თანა ყოფად, მღდელობისგან გამოეჴუებიან და ამისთჳს არს ცოდვაჲ მათი მრუშებაჲ ბოროტი, უკუეთუ მოვიდენ სინანულად, ოთხ წელ, გინა ხუთ წელ განიკანონნენ.
64. ხოლო მღდელნი დიაკონნი, გინა ხუცესნი, ანუ ებისკოპოსნი სადაცა დაეცნენ და საქმე იგი ცოდვისაჲ სრულებით ქმნან, გინათუ დედაკაცსა თანა, გინათუ სხუას რას ნათესავსა,
65. უკუეთუ ერთგზისცა ოდენ შეემთხჳოს განსრულებული ცოდვაჲ და განჴრწნაჲ, ვერღარა ჴელ-ეწიფების მღდელობაჲ ხოლო ზიარებისაგან ნუ დაეყენებიან, რამეთუ არა იქმნების ორი შურისგებაჲ ერთბამად.
66. ეზიარებოდინ და წარდგომასა იტყოდენ, და საკითხავსა იკითხვიდენ, და რასა სხუანი წიგნის-მკითხველნი იქმან, იგინიცა იქმოდინ, ხოლო მღდელობისაგან იჯმნან.
67. ეგრეთვე პირველ კურთხევისა უკუეთუ ვინ დაეცეს სიძვითა, ვერღარა მოვალს მღდელობად.
68. წიგნისმკითხველისა ცოლმან თუ ისიძვოს, წიგნისმკითხველი იგი დიაკონად ანუ ხუცად არღარა იქმნების,
69. უკუეთუ ცოლსა მას თანაყოფაჲ ენებოსღა, უკუეთუ კულა მემრუშე იგი ცოლი განიშოროს და სხუაჲ არღარა შეირთოს, არამედ სიწმიდით ცხოვნდებოდის, ჴელ-ეწიფების მღდელობისა პატივსა მოსლვად.
70. ეგრეთვე ხუცესმან ანუ დიაკონმან უკუეთუ შეაცნას ცოლსა თჳსსა სიძვაჲ და მეჴსეულად განიშოროს, აქუნდინ მღდელობაჲ თჳსი შეუცვალებელად.
71. უკუეთუ კულა ენებოს ცოლსა მას თანა-ყოფაჲ, მღდელობაჲ არღარა ხუდების, არამედ იჯმნას პატივისა მისგან და არცა სხჳსა ცოლისა შერთვაჲ ჴელ-ეწიფების.
72. უკუეთუ ვინ იყოს ჰასაკსა სიყრმისასა გინათუ ერისკაცი, გინათუ მონოზონებისა სახითა, ანუ დიაკონი და შეემთხჳოს სხჳსა მამაკაცისაგან მის თანა დაცემაჲ,
73. უკუეთუ ბარკალთა მისთა ანუ თეძოთა იქმნას დაცემაჲ იგი და მერმე მოვიდეს ჰასაკად და იქმნას კაცი წესიერი და სხუასა ცოდვასა არღარას შთავარდეს, კანონი დაიმარხოს ჟამ რავდენმე, ვითარცა მოძღუარმან მისმან განკანონოს და მოვიდეს მღდელობად.
74. უკუეთუ კულა საგურკველსა შინა მისსა იქმნა დაცემაჲ იგი და შეემთხჳვა განჴრწნაჲ, ვერღარა მოვალს კურთხევასა მთავარდიაკონობისა ანუ ხუცობისასა,
75. რამეთუ დაღაცათუ მისი ბრალი არა იყო სიყრმისათჳს და უმეცრებისა, გარნა ვინაჲთგან გუამი მისი განიჴრწნა ბილწებითა მით, ვერ ეგების მღდელობაჲ მისი.
76. ხოლო უკუეთუ ჴელითდაცემაჲ შეემთხჳოს პირველ კურთხევისა უმეცრებით არა უწყინ, თუ საქმე იგი ბოროტ არს, ანუ სხჳსა მაცთურისაგან ისწავის და იყოს კაცი იგი წესიერი და სწავლული, განიკანონოს პირველად მოძღურისაგან და ეგრეთ ღირს იქმნას კურთხევასა მღდელობისასა.
77. და უკუეთუ შემდგომად კურთხევისა შეემთხჳა ცოდვაჲ იგი ჴელითდაცემისაჲ მითვე სახითა, ვითარცა ზემო ვთქუ, ანუ უმეცრებით, ანუ სხჳსა ბოროტისა კაცისაგან სწავლითა, მყოარჟამ განეყენოს ჟამისწირვისაგან.
78. და ყოველთა დღეთა სამგზის „მიწყალესა“ იტყოდის და ნ მუჴლთ იდრეკდეს და ნ „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ და ნ „უფალო, შეგცოდე, შემინდვე“ და მერმე მიეცინ შენდობაჲ, რაჲთა მღდელობდეს.
79. უკუეთუ კულა განამრავლოს ცოდვაჲ იგი და არა მოიწყჳდოს, დასცერინ მღდელობისაგან და წიგნისმკითხველთა წესსა მივედინ.
80. უკუეთუ ვინ იპარვიდეს საჩინოთა ნაპარევთა, ვერ მოვალს მღდელობად და ეგრეთვე მღდელობაჲ თუ აქუნდეს და იპოოს პარვასა შინა, ვერღარა ჴელ-ეწიფების მღდელობად, რამეთუ მპარავთა მღდელობაჲ ვერ ეგების.
81. ეგრეთვე ცილ-ფიცობად მღდელთა არა ჴელ-ეწიფების.
82. არცა ყოვლადვე წეს არს მღდელთა ფიცი.
83. კუალადცა უკუე ვიტყოდით აღსაარებისათჳს მონანულთაჲსა.
84. არიან სახენი ცოდვათა აღსაარებისანი ათნი:
85. ა. რამეთუ სხუაჲ არს რომელსა მცირედ ეცოდოს ერთსა თანა პირსა და ნეფსით თჳსით შეინანოს და მოიწყჳდოს ცოდვაჲ.
86. ბ. და სხუაჲ არს რომელსა მრავალგზის ეცოდოს და – მრავალთა პირთა თანა.
87. გ. და სხუაჲ არს რომელსა ბუნებითითა ცოდვითა სიძვისაჲთა ეცოდოს ერთსა, გინა ორსა პირსა თანა და დაეყოს ცოდვასა მას შინა მრავალჟამ ანუ თუ სიბერედმდისცა.
88. დ. და სხუაჲ არს რომელსა ბუნებისა გარეგან ეცოდოს და ადრე მოეწყჳდოს შიშისათჳს ღმრთისა.
89. ე. და სხუაჲ არს რომელი სნეულებისაგან ანუ სხჳსა რაჲსმე ჭირისა და განსაცდელისა მოვიდეს აღსაარებად, გინათუ ჟამსამებრ სიკუდილისასა ქმნას აღსაარებაჲ და მეჴსეულად მოკუდეს.
90. ვ. და სხუაჲ არს რომელსა მოეწყჳდის ყოველივე ცოდვაჲ და მერმე აღიარნის ყოველნივე ბრალნი მისნი.
91. ზ. და სხუაჲ არს რომელი აღსაარებამდინ ცოდავნ და შემდგომად აღსაარებისა მოიწყჳდის ცოდვაჲ და იწყის სინანულად.
92. ჱ. და სხუაჲ არს რომელი აღიარებნ ცოდვათა თჳსთა და ვერ მოიწყუედნ, არამედ კუალადცა მთხრებლსა მას ცოდვისასა შთავარდებინ.
93. თ. და სხუაჲ არს რომელი მოწყუედასა ყოვლისა ცოდვისასა აღუთქუამნ, ხოლო ერთისა ოდენ პირისაგან ვერ ელევინ.
94. ი. და სხუანი არიან რომელნი ლაშქრობათა შინა და მგზავრობათა და იძულებით ანუ შიშისაგან, ანუ ნიჭითა, ანუ უმეცრებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე ესევითარითა სახითა შთავრდომილ იყვნენ ცოდვათა და მერმე მოვიდიან სინანულად და აღსაარებად.
95. ესე ყოველნი, მოვიდენ რაჲ აღსაარებად, თანა-აც მოძღუარსა მას სულიერსა, რაჲთა განიკითხნეს და გამოიძიოს თითოეული ცოდვაჲ, ვითარ სახედ შეემთხჳა,
96. ანუ რომელსა წესსა არს ზემოთქმულთა მათ ათთა სახეთაგან და თუ რაოდენთა პირთა თანა უცოდავს, გინა დედათა, გინა მამათა, გინათუ სხუასა რას.
97. ეგრეთვე უკუეთუ დედაკაცი იყოს მონანული იგი, მანცა აღიაროს, თუ რაოდენთა უცოდავს მას თანა.
98. და კუალად განიკითხენ მოძღუარმან მან, თუ რაოდენთა ქმრის ცოლთა თანა უცოდავს რაოდენთა ქურივთა, რაოდენთა მეძავთა, რაოდენთა მჴევალთა, რაოდენთა ენკრატისთა ანუ თუ ცოლთა თანა ხუცეს-დიაკონთასა.
99. და ოდეს ესე ყოველი გამოჰკითხოს და აღიაროს მონანულმან მან, კუალად ჰკითხოს, თუ რაოდენ ჟამ ერეოდა თითოეულსა მას ცოდვასა და თუ სიძვათა მათგან შვილ ესხნესა.
100. და უკუეთუ ესუა მას ცოლი ანუ არა, და თუ ბუნებითითა წესითა ცოდა ანუ გარეშე ბუნებისა და გინათუ ადრე მოიწყჳდნა ცოდვანი იგი, ანუ თუ სიბერემდე მათ შინა განფრდილ იყო.
101. და ოდეს ესე ყოველი აღიაროს, კუალად ჰკითხოს თჳსებისათჳს, უკუეთუ ნათესავთა და თჳსთა თანა უცოდავს.
102. და კუალად ჰკითხოს მამათმავლობისათჳს, ნუუკუე დაცემულ არს ყრმასა თანა, ანუ ქალსა უჰასაკოსა, გინათუ პირუტყუსა თანა, ანუ თუ მის თანა, ვინ დაცემულ არს.
103. და მერმე ჰკითხოს, უკუეთუ შეჰმთხუევია კაცის კლვაჲ ნეფსით გინა უნებლიეთი;
104. ეგრეთვე ჰკითხოს ორგუარისა მისთჳს ჴელითდაცემისა და ოდეს ესე ყოველი ჰკითხოს მოძღუარმან მან და მონანულმან აღიაროს და არღარაჲ დაუტეოს,
105. მაშინ გულისჴმა-ყოს მოძღუარმან ძალი მონანულისაჲ მის და ლმობიერებაჲ და სიმდაბლე და ცრემლნი და მოწყალებაჲ, რომელ ძალ-უცნ ანუ რომელი სწადინ ყოფად და აღუთქუამნ და სარწმუნოებაჲ მისი და გულსმოდგინებაჲ და მას ზედა მისცეს კანონი წერით, გინა უწერელად.
106. და ზიარებისათჳს, ვითარცა ზემოწერილ არს, მისცეს უზიარებლობისა კანონი, გინათუ ერთ წელ, გინა ორ წელ, ანუ სამ წელ, ანუ ოთხ წელ, ანუ ხუთ, გინა ექუს გინა შჳდ წელ, ვითარცა ცოდვანი იგი იყვნენ და ვითარცა სინანული აჩუენოს.
107. ხოლო მარხვისათჳს და ლოცვისა, ვითარცა კაცად-კაცადისა ძალი იყოს და ვითარცა გულსმოდგინებაჲ და ლმობიერებაჲ მისი აიძულებდეს მოღუაწებად.
108. რამეთუ სამნი განყოფილებანი არიან მონანულთა მარხვისანი, გინათუ მამათა, გინათუ დედათანი და სამისაგან მის, რომელიცა სწადოდის, მიიღოს.
109. წმიდისა ჟამისწირვისა ჟამსა სახარებაჲ რაჲ მოისმინონ, მონანულნი კათაკუმეველთა თანა ეკლესიით განვიდენ და ეზოსა დადგენ;
110. ხოლო მწუხრისა და ცისკრისა ლოცვათა ეკლესიას დგენ.
111. ქრისტეს შობად და განცხადებად და დიდსა ხუთშაბათსა და დიდსა შაბათსა და დიდსა კჳრიაკესა აჴუსებისასა და მარტჳლიასა და წმიდათა მოციქულთასა, ვარდობად ზიარებისა წილ მიიღებდენ ევლოგიასა განცხადებისასა და ეგრეთ განიჴსნიდენ მონაზონნი წუელასა და ერისკაცნი – ჴორცსა.
112. ხოლო დედანი თუ იყუნენ მონანულნი იგი, უმეტესი გამოძიებაჲ ჯერ-არს,
113. რამეთუ უძჳრესთა ცოდვათა შთავარდებიან მწამლველობათა და გრძნებათა და მისნობათა და სხუათა ბილწებათა, უმეტეს მამათასა და შეაგინებნცა მამათა უმეცრებით ჟამსა მას წიდოვნებისა მათისასა საწოლითა მათითა და კაცისკლვათა მრავალფერთა იქმან მუცლადღებასა შინა.
114. რომელნიმე პირველ მუცლადღებისა განირყუნიან საშოთა მწამლველობითა შესუმითა წამალთაჲთა რაჲთა არა მუცლად-იღებდენ.
115. რომელნიმე შემდგომად მუცლადღებისა სუმენ წამალსა მოკლვად ჩჩჳლისა.
116. სხუანი სრულსა ყრმასა შობილსა თჳსითა ჴელითა ანუ სხჳსაჲთა მოჰკლვენ და ბოროტისა კაცის კლვასა თჳსთა შვილთასა აღასრულებენ.
117. და ჴელითდაცემასა იქმან მსგავსად მამათასა ქალწულნიცა დაქორწინებულნი და ამით ჯერითა განიჴრწნიან ქალწულებასა.
118. ესე უკუე ყოველნი – გინათუ მამანი, გინათუ დედანი შეცოდებულნი – უკუეთუ მოვიდენ სინანულად და აღიარნენ ბრალნი თჳსნი, უზიარებლობაჲ მიეცეს, ვითარცა ზემოწერილ არს შემსგავსებულად თითოეულისა ცოდვისა.
119. ა. ხოლო მარხვაჲ და მუჴლთადრეკაჲ მიეცეს ესრეთ: ორშაბათსა და ოთხშაბათსა და პარასკევსა წუელასა და ჴორცსა არა ჭამდენ, არამედ ზეთსა ოდენ და თევზსა;
120. ხოლო სამშაბათსა და ხუთშაბათსა წუელასაცა და თევზსა იჴმარებდენ;
121. ხოლო შაბათსა და კჳრიაკესა ყოველსავე ზედა ჭამადსა ჴსნილ იყუნენ: ჴორცსა და წუელასა და ღჳნოსა.
122. ეგრეთვე საუფლოთა დღესასწაულთა;
123. და წმიდისა ღმრთისმშობლისათა;
124. და წმიდათა იბ მოციქულთასა, ოდესცა დახუდეს თითოეულისა დღესასწაული;
125. და წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისა;
126. და ათორმეტთა მათ დღეთა ქრისტეს შობითგან ვიდრე განცხადებამდის და შემდგომად განცხადებისა ზატიკსა;
127. და აჴუსებითგან ახალ კჳრიაკედმდე;
128. და მსგეფსსა მას სულისა წმიდისა მოსლვისასა მარტჳლიითგან ვიდრე კჳრიაკედმდე თჳნიერ ოთხშაბათ-პარასკევთასა.
129. ეგრეთვე მსგეფსი იგი არაჯვორთაჲ და აღებათა ჴსნილნი არიან მონაზონთათჳს წუელაჲ და ერისგანთათჳს – ჴორცი.
130. ხოლო ყველიერისა მსგეფსსა წუელაჲ ჴსნილ არს მონაზონთათჳსცა და ერისკაცთა;
131. რამეთუ ჴორცი კჳრიაკესა მას ჴორცის აღებისასა აკრბების.
132. ხოლო ღჳნისაცა წესი აქუნდინ მონანულთა, უკუეთუ ძალ-ედვას, ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა ნუ სუმენ, არამედ შაბათ-კჳრიაკეთა ოდენ და დღესასწაულთა მათ ზემოწერილთა.
133. ხოლო ესე თუ ვერ შეეძლოს ბარე ორშაბათ-ოთხშაბათ-პარასკევთა უეჭუელად იმარხვიდენ უღჳნოდ, რაჲთა მიეცეს ღმრთისა მიერ მადლი.
134. უკუეთუ კულა ვერცა ესე შეეძლოს, ასისა წონსა ლიტრასა სუმიდენ დღითი-დღე.
135. და ყოველსავე ზედა კაცად-კაცადისა ძალი გინა უძლურებაჲ ვითარცა იხილოს მოძღუარმან, ეგრეცა განაწესოს ღჳნისა სუმაჲ, რამეთუ მონანულსა უმეტეს ყოვლისა ღჳნისაგან უჴმს კრძალვაჲ.
136. ხოლო ორთა მათ მარხვათა ქრისტესშობისა და ვარდობისათა ჴორცისა აკრებად ვამცნებთ ერისკაცთა და მონაზონთა, – წუელისა თჳნიერ იოვანეს შობად და ღმრთისმშობლისა ტაძრად მიყვანებად.
137. უკუეთუ კულა ამათცა დღეთა არა ენებოს განჴსნაჲ, არავინ არს დამაყენებელ.
138. ხოლო დიდთა მარხვათა, ერისკაცნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, თევზსა ნუ იჴმარებენ, ნუმცა ღჳნოსა სუმენ, გარეშე შაბათ-კჳრიაკეთასა.
139. ხოლო მონაზონნი თუ იყუნენ, ნუცა თევზსა, ნუცა ზეთსა, ნუცა ღჳნოსამცა მიიღებენ ხუთთა მათ დღეთა შჳდეულისათა.
140. ხოლო შაბათ-კჳრიაკეთა ზეთითა ზავებული ჭამონ და მცირედი ღჳნოჲ მიიღონ, ხოლო თევზი ხარებისა დღესასწაულსა განიჴსნან.
141. უკუეთუ კულა ძალ-ედვას, ყოველთა მათ დღეთა წმიდათა მარხვათასა არა სუმად ღჳნისა კეთილ არს და სათნო, ხოლო უძლურებაჲ თუ შეემთხჳოს, იჴმაროს სასუმელი და ვითარცა-რაჲ სნეულებასა მას შეჰგვანდეს.
142. ხოლო უკუეთუ ვიეთნიმე უდბებისაგან ანუ უძლურებისა ამას კანონსა ვერ იმარხვიდენ, ბარე პირველი შჳდეული წმიდათა მარხვათა იმარხონ უღჳნოდ და უზეთოდ, ეგრეთვე ვნების კჳრიაკე თჳნიერ დიდისა ხუთშაბათისა.
143. და სხუათა მათ შჳდეულთა სამშაბათსაცა და ხუთშაბათსა მიიღონ ზეთი და მცირედი ღჳნოჲ.
144. ესე არს პირველი სახე და წესი კანონისაჲ.
145. ხოლო მეორე ესრეთ არს: უკუეთუ ზემოწერილი იგი წესი ვერ ეძლოს მონანულთა მათ აღსრულებად, ანუ უძლურებისაგან, ანუ არა ლმობიერებისა, ესე დაიმარხონ.
146. ორშაბათ-ოთხშაბათ-პარასკევნი ურწყოდ იმარხნენ ჴორცისაგან და წუელისა და ღჳნისა და თუ ძალ-ედვას, თევზისაცა;
147. ზეთსა ოდენ იჴმარებდენ;
148. ხოლო მონაზონნი თუ იყვნენ მონანულნი იგი, ნუცა ზეთსა ჭამენ.
149. ხოლო სხუათა მათ ოთხთა დღეთა ჴსნილად გარდაიჴდიდენ ერისაგანნი – ჴორცსა და მონაზონნი – წუელასა და სასუმელსა და თევზსა.
150. ხოლო მესამე სახე ესრეთ არს ჭირის მაგიერ: უკუეთუ ზემოწერილთა მათ წესთა ვერ იმარხვიდენ, მრავალთა რაჲმე მიზეზთათჳს, სამთა მათ დღეთა ბარე იმარხვიდენ ერისაგანნი ჴორცსა და წუელასა,
151. ხოლო თევზსა იჴმარებდენ და მცირედსა ღჳნოსა დღეთა მათ კანონისა და სინანულისა მათისათა, ხოლო მონაზონნი მიიღებდენ ზეთითა ზავებულსა და მცირედსა სასუმელსა;
152. ხოლო სხუათა მათ ოთხთა დღეთა თითოეულნი თჳსისა წესისა ჭამადთა ზედა ჴსნილ იყოს: ერისკაცნი ერისკაცთასა და მონაზონნი სამონოზნოსა.
153. ხოლო მონათა და მჴევალთათჳს წმიდათაცა მამათა მიერ განწესებულ არს, რაჲთა ნახევარსა ზედა განიკანონებოდინ აზნაურთა კანონისასა, რამეთუ არა არიან თავისუფალ, არამედ სხუათა ჴელმწიფებასა ქუეშე.
154. რომელთა აქუნდეს აზნაურებაჲ, სრული კანონი აღასრულონ.
155. ხოლო ლოცვისა კანონი ესრეთ აქუნდეს: გარეშე განწესებულთა ჟამთასა სამგზის აღასრულებდენ ლოცვასა სინანულისასა: განთიად და შუადღე და მწუხრი.
156. და თითოეულსა ლოცვასა იტყოდინ: „მიწყალესა“ ერთგზის, „წმიდაო ღმერთოსა“ სამგზის, „მამაო ჩუენოსა“ ერთგზის;
157. კჳრიელეისონი რ, „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ ნ, „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ ნ, და მუჴლთმოდრეკაჲ ნ.
158. ხოლო რომელთა ესრეთ ვერ შეეძლოს, ანუ არა ენებოს, ნახევარი ამის კანონისაჲ აღასრულონ.
159. ხოლო რომელთა ვერცა ესე შეეძლოს, მესამედი კანონისაჲ მის დაიმარხონ.
160. რამეთუ არიან ვიეთნიმე უდებნი, ანუ უძლურნი, ანუ ბერნი, ანუ მგზავრობასა შინა, ანუ მსახურებასა უხუცესთასა, ანუ ფრიადისა სიგლახაკისაგან ჭირვეულნი
161. და ამისთჳს თანა-აც მოძღუარსა კაცად-კაცადისასა ამის ყოვლისა გამოძიებაჲ წესისა და ჰასაკისა და ძალისა და ზრდილობისა და მჴურვალებისა ანუ სიგრილისა და მეცნიერებისა,
162. ანუ უსწავლელობისა და სიგლახაკისა, ანუ სიმდიდრისა და შუებულობისა, ანუ ჭირვეულობისა და ქუემჯდომარისა, ანუ ზექუეკუეთებულისა და კაცად-კაცადისა ძალსა ზედა და ჯერსა.
163. რამეთუ იქმნების ესეცა: რომელ იტყვის კაცი მცირედთა ცოდვათა მიმთხუეული და აქუნ მჴურვალებაჲ და ლმობიერებაჲ ფრიადი და გულსმოდგინებისა მისისათჳს მისცნის მას სულიერმან მოძღუარმან კანონნი მძიმენი,
164. რაჲთა არა ხოლო თუ ცოდვათა მისთა მიტევებაჲ მიიღოს, არამედ სასყიდელიცა შრომათა მისთაჲ მიეცეს სახიერსა და ტკბილისა მის მეუფისაგან, რომელი ხედავს გულთა და გონებათა და კაცად-კაცადისა გულსმოდგინებისაებრ მისცემს სასყიდელსა.
165. და კუალად სხუაჲ იყვის მრავალთა ცოდვათა მოქმედი და არნ იგი უდები ანუ უძლური და არა მოსწრაფე მოღუაწებად, და მისცის მას მოძღუარმან უსუბუქესი და უმცირესი კანონი პირველისა მის, რაჲთა ვითარითაცა სახითა წესსა შინა სინანულისასა იყოს და არა სრულიად წარწყმდეს,
166. რამეთუ უკუეთუ მიხედნეს მოძღუარმან ფრიადსა უძლურებასა გონებისასა ანუ ჴორცთასა, მისცის ორი, გინა ერთი ლოცვაჲ კანონად და მცირედი მუჴლთადრეკა, ანუ თუ თაყუანისცემაჲ, რაჲთა არა სრულიად უნაყოფოდ და უნანელად დარჩეს.
167. და არა საბრალობელ არს ამას ზედა მოძღუარი იგი, უკუეთუ კულა პოოს ჴორცითაცა შემძლებელი და გონებითა მჴურვალე, განუწესის მას ჯეროვანი და შემსგავსებული კანონი,
168. რამეთუ ამისთჳს წერილ არს, ვითარმედ: „განკითხვაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ ნათელი არს სულთა მათ პირმეტყუელთაჲ და უძღჳს ყოველსა კეთილსა“.
169. ამათ უკუე სუბუქთა და ადვილთა კანონთათჳს არა უწყი, ნუუკუე ბრალეულ ვიქმნე წინაშე ღმრთისა, გარნა უმჯობეს არს ჩემდა, რაჲთა ამის ჯერისათჳს მიმეჴადოს ბრალი, ვიდრე უწყალო თუმცა ვიპოე და სასოებისა წარმკუეთელ ცოდვილთა და უძლურთა.
170. რამეთუ რომელნი ხედვიდენ სიმრავლესა ანუ სიმძიმესა ცოდვათასა, გინათუ რომელ მრავალთა ჟამთა ვის ეცოდოს და მრავალთა ვნებათა შინა განფრდილ იყოს, ანუ ჩუეულობითა, ანუ ზრდილობითა ბოროტითა,
171. გინათუ დიდთა და მძიმეთა ცოდვათა შინა შებღალულ იყოს კაცისკლვათა ანუ მამათმავლობათა და სხუათა ბუნებისა გარეშეთა ცოდვათა და შემსგავსებულად სიმრავლისა მის და სიმძიმისა მათ ცოდვათაჲსა მისცემდენ კანონსა სინანულად მოქცეულთა ძმათა
172. და უმეტეს ძალისა მათისა აჰკიდებდენ ტჳრთთა მძიმეთა, ესევითარნი იგი პირველად უმეცარ სადმე არიან სახიერებისა და მრავალ-მოწყალებისა ღმრთისა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.
173. მეორედ თჳსთაცა სულთა წარიწყმედენ, უკუეთუ უზომოჲთა უწყალოებითა და კანონისა დამძიმებითა სასოებაჲ წარუკუეთონ შეცოდებულთა და გარე მიაქცინენ სინანულისაგან.
174. რამეთუ რომელმან წინაშე ღმრთისა სული კაცისაჲ შეივედროს, სახიერი და მოწყალე გული უჴმს ქონებად მიმსგავსებული და მომბაძავი სიტკბოებასა მას ჩუენთჳს განკაცებულისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა.
175. ჯერ-არს უკუე, ოდეს ვინ აღსაარებასა მონანულისასა შეიწყნარებდეს, რაჲთა შეიყვანოს იგი ეკლესიასა ანუ სენაკსა თჳსაგან და მხიარულითა პირითა და გულითა სახიერითა ტკბილად ეუბნოს, ვითარცა სტუმრობად ხადოდა, ანუმცა მეგობარსა საყუარელსა შეიტკბობდა.
176. და პირველ ყოვლისა ილოცოს და წართქუას „მიწყალე“ და „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“.
177. მერმე მოიდრიკნეს მუჴლნი მონანულმან მან აღმოსავლით და თქუას ქუემდებარემან:
178. „აღგიარებ შენ, უფალო ღმერთო ცათაო და ქუეყანისაო, ყოველთავე დაფარულთა გულისა ჩემისათა“.
179. მერმე აღადგინოს იგი და დაჯდეს მოძღუარი იგი და მონანული იგი შემსგავსებულად საზომისა მისისა, გინათუ ქუე დასუას, გინათუ ზე დგეს.
180. და ჰკითხოს სახიერითა პირითა ყოველთათჳს ბრალთა მისთა გამოწულილვით და ოდეს ყოველივე აღიაროს მან, კუალად სასოებაჲ შენდობისაჲ მისცეს მოძღუარმან და ჰრქუას:
181. „ამას გამცნებ, ძმაო, ანუ შვილო, და ყოვლისა პირველ ამას კანონსა მიგცენ, რაჲთა ამიერითგან რაჲცა ბრალი შეგემთხჳოს, ყოველსა სიხარულით და სასოებით აღმიარებდე“.
182. და ოდეს აღასრულოს მონანულმან ყოველთა ცოდვათა მისთა აღსაარებაჲ, კუალად აღდგეს მოძღუარი იგი და თქუას „წმიდაო ღმერთოჲ“ სამგზის და „მამაო ჩუენოჲ“.
183. მონანულმან მან მუჴლნი მოიდრიკნეს, ხოლო მოძღუარმან ესე ლოცვაჲ წართქუას:
184. „სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან ჩუენმან, რომელი ჩუენთჳს კაც იქმნა და ყოვლისა სოფლისა ცოდვანი აღიხუნა აურაცხელითა მით წყალობითა მისითა, შეგინდვენ, ძმაო, ყოველივე ესე, რომელი წინაშე მისა აღმიარე მე, უღირსსა ამას
185. და აჴოცენ ყოველნი ბრალნი შენნი ამასცა სოფელსა და მას საუკუნესა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მოელის ყოველთა მოქცევასა და სინანულსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
186. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.“
187. და მერმე აღადგინოს იგი და მოიკითხოს, ვითარცა შვილი საყუარელი.
188. და უკუეთუ ხედვიდეს ფრიადისა მწუხარებისაგან დაღონებულად, ნუგეშინის-სცეს.
189. და თუ ეგებოდის, ჴელიცა მისი ქედსა თჳსსა ზედა დაიდვას და ჰრქუას: „ჩემ ზედა იყვნენ, ძმაო, ბრალნი შენნი“.
190. მერმე კუალად დასხდენ და მისცეს მას კანონი უზიარებლობისაჲ, ვითარცა ზემოწერილ არს შემსგავსებულად ცოდვათა ამათ, ხოლო ლოცვისათჳს და მარხვისა ჰკითხოს, თუ რომელი სახე ძალ-უც დამარხვად ზემოწერილთა მათ წესთაგან რომელიცა სწადოდის, მისცეს.
191. რამეთუ განჩინებული კანონი ცოდვილთაჲ წმიდისა ზიარებისაგან განყენებაჲ არს.
192. რამეთუ უმძიმეცა ყოველთა ცოდვათასა არს უღირსად ზიარებაჲ და ამისცა ჯერისთჳს გამოკითხვაჲ უჴმს მოძღუარსა, უკუეთუ ცოდვათა შინა მისთა ეზიარებოდაა?
193. და თუ თქუას, ვითარმედ: „ჰე, ვეზიარებოდე“, უმეტესი უჴმს ამისთჳს სინანული.
194. ხოლო მარხვაჲ და ლოცვაჲ და მუჴლთადრეკაჲ კაცად-კაცადისა ძალსა ზედა და გულსმოდგინებასა მიეცემის სულიერთა მოძღუართაგან.
195. ხოლო შაბათ-კჳრიაკეთა და საუფლოთა დღესასწაულთა და წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ქრისტესშობითგან ვიდრე განცხადებისა ზატიკადმდე და აჴუსებითგან ვიდრე მარტჳლიისა მსგეფსამდე ნუვინ იდრეკენ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ თაყუანისცემით ილოცვიდენ.
196. ეგრეთვე წმიდისა იოვანე ნათლისმცემლისასა და წმიდისა იოვანე მახარებლისასა და წმიდათა პეტრე და პავლე მოციქულთასა და წმიდათა მთავარანგელოზთასა.
197. ხოლო სხუათა დღეთა, დაღაცათუ ეკლესიას საეროდ მუჴლთა არა იდრეკდენ, არამედ თჳსაგან კაცად-კაცადმან კანონნი თჳსი აღასრულოს.
198. ესე არიან მსუბუქნი და შემოკლებულნი წესნი და კანონნი მონანულთანი, ჩემ მიერ განწესებულნი.
199. ხოლო ამის განკითხვისა წამებაჲ და შეწევნაჲ მოგუცა ჩუენ წმიდამან ბასილი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ესე ყოველი აღვწერეთ, რაჲთა წესი სინანულისაჲ განვაჩინოთ და რაჲთა ნაყოფნი ლმობიერებისანი განვიცადნეთ,
200. რამეთუ არა ჟამითა ოდენ განიკითხავთ ესევითართა, არამედ სახესა მას სინანულისასა ვხედავთ,
201. რამეთუ უკუეთუ ზემოწერილთა მათ ცოდვათა მოქმედნი მოვიდენ სინანულად და აღსაარებად და იპოვნენ ვიეთნიმე მათგანნი მოსწრაფენი და ლმობიერნი და მოღუაწებითა კეთილითა და ცრემლითა მჴურვალითა აღიარებდენ და ინანდენ ბრალთა მათთა,
202. რომელი-იგი რწმუნებულ იყოს კაცთმოყუარისა ღმრთისა მიერ წინამძღურობად და შეკრვად და განჴსნად.
203. უკუეთუ მიხედნეს ფრიადსა მას ლმობიერებასა შეცოდებულისასა და შეამოკლოს ჟამი იგი კანონისაჲ, არა საბრალობელ არს იგი, რამეთუ გჳსწავიეს საღმრთოთა წერილთაგან,
204. ვითარმედ: „რომელნი დიდითა ტკივილითა გულისაჲთა და ლმობიერებითა მჴურვალითა აღიარებდენ და შეუვრდებოდინ უფალსა, ადრე მიემთხუევიან შენდობასა აურაცხელითა მით კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა“.
205. ხოლო რომელთა არა ენებოს ბოროტთა მათ ჩვეულებათა მათთაგან მოწყუედაჲ, არამედ გულისთქუმათა მათ ჴორციელთა ენებოს მონებაჲ და არა უფლისაჲ,
206. და მოქალაქობასა მას, რომელი უფალმან ამცნო მორწმუნეთა არა თავს-იდებდენ, ზემოწერილნი იგი კანონნი ვაუწყნეთ მათ და გზაჲ სინანულისაჲ უჩუენოთ.
207. უკუეთუ მოიქცენ და შეინანონ, პოონ წყალობაჲ უფლისა მიერ, უკუეთუ არა მოიქცენ, არა არს ჩუენი მათდა მიმართ სიტყუაჲ, რამეთუ ერსა შორის ურჩსა და წინააღმდგომსა, გჳსწავიეს წერილთაგან, ვითარმედ ცხორებით აცხოვნენ და განარინენ კაცმან სული თჳსი.
208. ნუმცა უკუე თავს-ვიდებთ ესევითართა მათ თანა წარწყმედად, რომელნი გინათუ მართლისა სარწმუნოებისაგან განდრეკილ იყვნენ,
209. გინათუ საქმეთა ბორიტთა ერეოდინ და არა მოიქცეოდინ ჩუეულებათა მათგან ხენეშთა, არამედ შევიშნოთ საშჯელისაგან უფლისა და დღისა მის საშინელისა საბჭოჲ მოვიჴსენოთ.
210. და ნუ თავს-ვიდებთ უცხოთა ცოდვათა თანა წარწყმედად თანამიყოლითა და თანაწამებითა მათითა, არამედ ვასწაოთ და უწამოთ ესევითართა ბრალთა შინა მყოფთა მათ და შევრჩულოთ და ვამხილოთ დღე და ღამე თჳსგან და ზოგადცა.
211. ხოლო თანამიყოლად ბოროტთა საქმეთა მათთა ნუმცა თავს-ვიდებთ, არამედ ვილოცვიდეთ, რაჲთა უფროჲსად იგინი შევიძინნეთ და გამოვიჴსნნეთ საბრჴეთაგან მტერისათა
212. და სულნი ჩუენნი განვარინნეთ საუკუნოჲსა საშჯელისაგან მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა,
213. რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
214. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
6
1. კანონნი დღითი-დღეთა ცთომათანი, ვითარცა წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი განაწესნა
2. პირველი მოსლვაჲ გულისსიტყჳსაჲ, რომელი მოუჴდეს და გონებამან მსწრაფლ განიოტოს, რომელსა ეწოდების ბერძულებრ პროსვოლინ, უცოდველი არს არა შეერაცხების ბრალად, რამეთუ მტერისაგან მოუჴდების.
3. უკუეთუ შეიწყნაროს გონებამან და თანა-ეზრახოს, „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“ თქუას და იბ მუჴლი მოიდრიკოს.
4. უკუეთუ უმეტესადრე იწუართოს და განიგემოვნოს, ბრალსა ქუეშე არს: „მიწყალე“ თქუას და „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“ და მ მუჴლი მოიდრიკოს.
5. ბრძოლაჲ ანუ გჳრგჳნისა ანუ ბრალსა მომატყუებელი არს.
6. უკუეთუ ვის დაცემაჲ შეემთხჳოს ძილსა შინა, მას დღესა ნუ ეზიარების და სამი „მიწყალე“ თქუას.
7. ყოველსა „მიწყალესა“ ზედა „წმიდაო ღმერთოჲ“ და „მამაო ჩუენოჲ“ და მესამესა „მიწყალესა“ ზედა კჳრიელეისონი – რ, „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ – ნ;
8. „უფალო, შეგცოდე, შემინდვე“ ნ და მუჴლთადრეკაჲ ნ.
9. უკუეთუ მღჳძარედ გულისსიტყუათაგან შეემთხჳოს შეგინებაჲ ოც დღე უზიარებელ იყოს და დღითი-დღე ზემოწერილსა მას კანონსა აღასრულებდეს: სამსა „მიწყალესა“ და ნ მუჴლთადრეკასა.
10. ხოლო ჴელითდაცემასა აქუს კანონი: მ დღე უზიარებლობაჲ და დღითი-დღე – სამი „მიწყალე“ და ნ მუჴლთადრეკაჲ, და რ კჳრიელეისონი, „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ – ნ, „ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ – ნ.
11. დედაკაცი, რომელი პირითა დაეცეს მამასა თანა, იგი მამათმავლისა ჟამთა ინანდეს.
12. უკუეთუ სხუასა თანა კოცნითა და ურთიერთას მიახლებითა შეემთხჳოს შეგინებაჲ, ოთხმეოც დღე უზიარებელ იყვნენ ორნივე და ზემოწერილსა მას კანონსა დღითი-დღჱ აღასრულებდენ და პურსა და წყალსა და მხალსა უმგბარსა ანუ ცერცუსა ჭამდენ უღჳნოდ და უზეთოდ.
13. უკუეთუ კულა ჴელისმიყოფაჲ და კოცნაჲ იქმნას და დაცემაჲ დინებისაჲ არა შეემთხჳოს, მ დღე ოდენ აღასრულონ კანონნი, ვითარცა ჴელითდაცემისაჲ.
14. სიძვისა კანონი ერისკაცთათჳს რვა წელი განწესებულ არს;
15. ხოლო მონაზონთა სქემოსანთაჲ ანუ ენკრატისთაჲ სიძვისა კანონი არა განწესებულ არს, არამედ სიძვითა თუ დაეცნენ, მრუშებისა კანონი მიეცემის, ვითარცა წმიდამან ბასილი განაწესა ი~ე წელი.
16. თჳნიერ არცა პირველთა მამათა, არცა წმიდისა ბასილის კანონთა შინა განწესებულ არს შეცოდებულთათჳს მარხვაჲ ანუ მღჳძარებაჲ, ანუ მუჴლთადრეკაჲ მრავალი, არამედ წმიდისა ზიარებისაგან განყენებაჲ ოდენ.
17. აწ უკუე განიცადე თითოეული ამათ საქმეთაჲ: უკუეთუ მონანული იგი ღჳნისა სუმასა აიკრებდეს, შენცა ამის მოღუაწებისათჳს წელიწადი ერთი უზიარებლობისაჲ მოუწყჳდე;
18. უკუეთუ წუელაჲ აიკრიბოს, ეგრეთვე;
19. უკუეთუ თევზი, გინა ზეთი იმარხოს, ეგრეთვე კანონი შეუმოკლე;
20. უკუეთუ მუჴლთადრეკაჲ მრავალი მიიღოს, შენცა კანონი იგი შეუმოკლე.
21. უკუეთუ მონანული იგი ერისკაცი იყოს და მონაზონებისა სახესა შეიმოსდეს, შეუმოკლე კანონი და ადრე მიეც შენდობაჲ, რამეთუ მოვიდა ჭეშმარიტად სინანულად და ეგულების სიკუდილადმდე შრომაჲ და მოღუაწებაჲ.
22. და სხუათა მათ დიდთა ცოდვათა: კაცისკლვათაჲ და მრუშებისა და მამათმავლობისა და პირუტყუებისაჲ და მწამლველობისაჲ და სხუათა ესევითართა კანონნი ზემოწერილ არიან.
23. მონაზონი, გინა ენკრატისი, უკუეთუ განვიდეს მონასტრით და იქორწინოს, მემრუშე არს და წარწყმედულ, უკუეთუ კულა შეიგონოს და მოიქცეს, სინანულისაებრ მისისა მიეცეს კანონი.
24. უკუეთუ კულა შემძლებელ იყოს წინამძღუარი მისი, უნებლიეთცა მოიყვანოს მონასტრად და უზიარებლობაჲ დასდვას, ვითარცა მრუშებისათჳს განწესებულ არს და სხუაჲ კანონი ყოველი მისცეს და წყლულებაჲ იგი სულისა მისისაჲ განკურნოს.
25. უკუეთუ ვინ იპაროს რაჲ და შეინანოს და აღიაროს და ნაპარევი იგი შეაქციოს, მ დღე უზიარებლობაჲ დაიმარხოს.
26. უკუეთუ კულა შეაცნან და შესწამონ, კანონი მისი ორ წელ განწესებულ არს.
27. გარნა უკუეთუ ლმობიერად შეინანოს, ექუს თუედმდე შენდობა ეყოს.
28. უკუეთუ კულა ნაპარევი იგი ეკლესიისა ჭურჭელი იყოს, ეკლესიისა მკრეხველთა კანონი მიეცემის წყალობით: სამ წელ უზიარებლობაჲ მიეცეს და კანონი სინანულისაჲ.
29. საფლავის მჭკუერველთა კანონი ათ წელ არს.
30. უკუეთუ ლმობიერად ინანდეს ბრალეული იგი, სამ წელ შეენდოს.
31. უკუეთუ დედაკაცი იძულებით განიჴრწნას მამაკაცისაგან, უკუეთუ ჟამსა მას მახლობელ არავინ იყო, რაჲთამცა ჴელი აღუპყრა და დაჰყარა, ქალწული იგი უბრალო არს, ხოლო მაიძულებელი იგი მკლველი არს;
32. ხოლო უკუეთუ იყვნეს კაცნი მახლობელად და არა ჴმა-ყო, არცა უჴმო დედაკაცმან მან, ჩანს, ვითარმედ ინება მან საქმე იგი.
33. უკუეთუ ერისკაცი იყოს, სიძვისა კანონი მიეცეს;
34. უკუეთუ კულა ენკრატისი იყო, მემრუშე კანონისა თანამდებ არს.
35. უკუეთუ თაგჳ ანუ სხუაჲ რაჲ ქუეწარმავალი შთავარდეს ლაკუასა წყლისასა, ანუ ზეთსა, გინა ღჳნოსა და მსწრაფლ ცნან და განაგდონ, ევლოგიაჲ განცხადებისაჲ შთაასხან და მღდელმან ლოცვაჲ წართქუას და განწმენდილ არს იგი.
36. უკუეთუ კულა ღჳნოსა მას, ანუ ზეთსა, გინა წყალსა შინა მოკუდეს ქუეწარმავალი იგი და უმეცრებით ჭამონ მისგან ანუ სუან, პირველ ლოცვისა შჳდ დღე არა ეზიაროს, ხოლო სამ დღე წუელაჲ და ღჳნოჲ იმარხოს.
7
1. მონასტერსა შინა ყოველნივემცა წესიერად არიან
2. მონაზონმან, რომელმან ფიცოს სახელი ღმრთისაჲ, შჳდეულსა ერთსა არა ეზიაროს და ყოველთა დღეთა მის შჳდეულისათა მ მუჴლთადრეკაჲ მიიღოს.
3. რომელმან აგინოს ძმასა და უფროჲსად თუ უხუცჱსთაგანი იყოს, უზიარებელ იყოს, ვიდრემდის შეუნდოს მან, რომელი შეურაცხ-ყო.
4. რომელი ძმისათჳს ბოროტსა იტყოდის და უზრახვიდეს, განიკანონოს შჳდეულსა ერთსა.
5. რომელი ცუდად მეტყუელებდეს და სიცილსა აღაზრზენდეს, განიკანონოს სამ დღე არა ზიარებად და მეტანიაჲ – მ.
6. უკუეთუ ვინ წინამძღუარმან განკანონოს სამართლად და მეორე მეშუელად აღუდგეს, იგივე კანონი მიეცეს მას.
7. რომელი დრტჳნვიდეს მსახურებასა, განიკანონოს მას დღესა.
8. რომელმან უგულებელს-ყოს მსახურება თჳსი, პური და წყალი ჭამოს მას დღესა და მეტანიაჲ მ მიეცეს.
9. რომელი სამოსელთა შუენიერთა ირჩევდეს, შეუთუალოს მამამან, რაჲთა არა ეგრეთ იყოს;
10. უკუეთუ მერმეცა ეგრეთ იყოს, განიკანონოს ჴმელითა პურითა და წყლითა და მეტანიაჲ მ მიეცეს.
11. რომელი განვიდეს მონასტრით და მივიდეს მამისა, გინა დედისა, ანუ სხჳსა სადა თჳნიერ ბრძანებისა წინამძღუარისა, განიკანონოს შჳდ დღე ჴმელითა პურითა და წყლითა და დღითი-დღე მეტანიაჲ რ.
12. რომელი დაითროს, ზ დღე ღჳნოსა სუამს.
13. რომელმან ღჳნისა სუმითა ამოაგდოს, მ დღე უზიარებელ იყოს და დღითი-დღე „მიწყალესა“ და „წმიდაო ღმერთოსა“ და „მამაო ჩუენოსა“ იტყოდის და ლ მუჴლსა მოიდრეკდეს.
14. რომელი საცისკროსა ლოცვასა თჳნიერ უძლურებისა უდბებით არა მივიდეს, მას დღესა პური და წყალი მიიღოს და რ მუჴლი იდრიკოს.
15. რომელი ეკლესიას დგეს და არა გალობდეს, არამედ გულის-სიტყუათა ამაოთა იწურთიდეს, მეტანია ნ.
16. რომელი დაუტეობდეს სენაკსა ანუ მსახურებასა თჳსსა და სენაკითი-სენაკად ვიდოდის და ცუდად მეტყუელებდეს, ამცნონ, რაჲთა არა ესრეთ იქმოდის.
17. უკუეთუ არა ისმინოს, შეაყენენ ერთსა სენაკსა შჳდ დღე, რაჲთა ყოვლადვე არა გამოვიდეს.
18. რომელი განიკანონოს და იდრტჳნოს და არა მადლობით მიითუალოს, ორკეცად მიიღენ კანონი.
19. რომელმან იცოდის სხჳსა ძმისა დაფარული ცოდვაჲ და არა აუწყოს წინამძღუარსა, მისვე ბრალისა თანამდები არს, ვითარცა წერილ არს: „იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდი მას“.
20. რომელი ტრაპეზსა ზედა უბნობდეს, უკუეთუ მეტრაპეზემან ამცნოს დუმილი და არა უსმინოს, ზედგომით ჭამოს პური.
21. უკუეთუ მერმეცა არა დუმნეს, განიდევნოს ტრაპეზით.
22. რომელი განრისხნეს და მწუხრამდე არა დაეგოს, რომელსა-იგი შეელალა, უზიარებელ იყავნ, ვიდრემდის დაეგოს.
23. რომელმან იდუმალ ჭამოს გარეშე ტრაპეზისა, ორ დღე იმარხოს, რაჲთა ისწაოს წესიერებაჲ.
24. რომელი ეკლესიას უბნობდეს გარეშე მსახურთა ეკლესიისათა, ამცნონ დუმილი, უკუეთუ არა ისმინოს, ნ მუჴლი იდრიკოს და ჴმელი პური ჭამოს.
25. რომელი თჳსაგან მოირეწდეს სამოსელთა ანუ სხუასა რას ნაქონებსა ეგევითარსა მას, არა უარუყოფია სოფელი და საქმენი სოფლისანი.
26. ასწაონ უკუე წინამძღუართა, რაჲთა არარაჲ თჳსი მოსაგებელი აქუნდეს, არამედ ყოველივე ზოგად შეერაცხოს;
27. უკუეთუ კულა თჳსსავე ვერაგობასა ზედა დგეს, განიდევნენ ძმათაგან, რამეთუ კრებულს შინა მყოფსა არა ჴელ-ეწიფების მოსაგებელისა და ნაქონებისა რაჲსავე მორეწად.
28. რომელი კრებულსა შინა ეძიებდეს საჭმელსა ანუ სასუმელსა უმჯობესსა და საზეპუროსა, უმეტეს მისა, რომელი ტრაპეზსა დაეგებოდის, წინა-დაგებულისა მისგანცა განეყენენ, ვიდრემდის ისწაოს დაჯერებაჲ განწესებულისა მის.
29. ეგრეთვე, რომელი სამოსელსა უკეთესსა სხუათასა ეძიებდეს, განიკანონოს, რაჲთა განემართოს ზუაობაჲ და სიფუდულე მისი.
30. რომელი იდუმალ ივლტოდის მონასტრისაგან, მოიქცეს რაჲ, სინანული მიეცეს დგომად ბჭეთა ეკლესიისათა და გამომავალთა შეუვრდებოდის და ითხოვდეს ლოცვასა და შენდობასა.
31. ნუ ჟამითა განიკითხავ და განაწესებ კანონსა მონანულთასა, არამედ მჴურვალებისაებრ და წესისა და ლმობიერებისა გონებათა მათთაჲსა და საზომისაებრ სინანულისა მათისასა.
32. ხოლო უკუეთუ თჳსთავე ცოდვათა ზედა ეგნენ და მაცილობელ იყვნენ, შენ უბრალო-ყავ თავი შენი, ჵ წინამძღუარო, და განარინე და აცხოვნე სული შენი მადლითა უფლისაჲთა, რომლისა არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
8
1. ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელი აღწერს წმიდათა მამათა კოსტანტინეპოლეს შეკრებულთა, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისათჳს, რომელ-ესე წარიკითხვის სოფია წმიდას პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა
2. წინაწარმეტყუელთა ქადაგებისაგან დამტკიცებულნი წმიდისა სახარებისა ბრძანებათა დამორჩილებულნი ვდღესასწაულობთ დღესა ამას სატფურებისა და განახლებისა სარწმუნოებისა ჩუენისასა, რამეთუ ესაია წინაწარმეტყუელი იტყჳს: „განახლებოდით ჭალაკნი ღმრთისა მიმართ“.
3. და ამით სიტყჳთა წარმართთაგანთა მათ მოასწავებდა ეკლესიათა და მათ უწოდა ჭალაკად განახლებულად.
4. ხოლო ეკლესიანი არიან არა ხოლო თუ შენებანი და შემკობანი ტაძართანი, არამედ სავსებაჲ იგი მათ შინა შეკრებულთა ღმრთისმსახურთა მათ ერთა სიმრავლისაჲ და გალობანი იგი, რომლითა ადიდებენ მეუფესა და დამბადებელსა ყოველთასა წმიდასა სამებასა,
5. ვითარცა-იგი პავლე წმიდაჲ მოციქული იტყჳს: „განახლდებოდეთ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი ღმრთისა მიერ დაბადებული“.
6. ხოლო წმიდაჲ სახარებაჲ იტყჳს: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს და ზამთარი იყო“.
7. გინათუ ამბოხებასა მას და შფოთსა ჰურიათასა, რომელსა ჰმზადებდეს მაცხოვრისათჳს, უწოდა ზამთრად მახარებელმან, გინათუ ჰაერისა სიცივესა და ნეფხვასა ესრეთ სახელ-სდვა,
8. რამეთუ იქმნა ჩუენ ზედაცა და მოიწია ჭეშმარიტად ზამთარი არა მცირჱ, არამედ მძაფრი და სასტიკი, სავსე ნიავ-ქარითა და სეტყჳთა უკეთურებისაჲთა,
9. არამედ კუალად აღმოგჳცენა ჩუენ მადლმან ღმრთისამან ყუავილი სულიერისა მის არისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ დაჰბადე ზაფხული და არე“.
10. ამისთჳსცა შემოვკერბით მადლისა მიცემად ღმრთისა, ყოველთაგან ქალაქთა და სოფელთა, მადლითა ღმრთისაჲთა და ბრძანებითა ღმრთისმსახურთა მეფეთაჲთა: მიქაელ მართლმადიდებლისა მეფისა და თეოდორაჲს, დედისა მისისა, მღდელთმოძღუარნი ესე, მოშურნენი მართლისა სარწმუნოებისათჳს,
11. რომელნი შემოვკერბით სამეუფოსა ამას ქალაქსა, ტაძარსა წმიდისა იოვანე მახარებელისა და ღმრთსმეტყუელისა, მადლობისა და დიდებისა მიცემად უფლისა სულიერისა ამის ნაყოფიერებისათჳს.
12. რამეთუ მტერნი იგი, რომელთა აყუედრეს უფალსა და თაყუანისცემაჲ წმიდისა ხატისა მისისაჲ შეურაცხ-ყვეს და აღზუავნეს და ამაღლდეს უშჯულოებითა მათითა და სცნა იგინი და დააკუეთნა ღმერთმან მან საკჳრველებისამან და ზახებაჲ იგი განდგომილებისა მათისაჲ დაამჴუა,
13. რამეთუ არა უგულებელს-ყვნა ჴმანი მვედრებელთა მისთანი, რომელნი ღაღადებდეს მისა მიმართ: „მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთაჲ, რომელი დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალ თესლთაჲ, რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა“.
14. ხოლო ნაცვალი ცხებულისა მისისაჲ არიან ყოველნი, რომელნი სისხლითა ქრისტესითა მოიყიდნეს და ჰრწმენა სახელი მისი, სიტყჳთა მით ქადაგებისაჲთა და გამოსახვითა წმიდათა ხატთაჲთა,
15. რომლითაცა დიდი იგი საქმე განგებულებისა მისისაჲ კეთილად გულისჴმა-იყოფების მორწმუნეთა მიერ მისთა, დიდებულნი იგი სასწაულნი მისნი და განმაცხოველებელი იგი ვნებაჲ მისი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ამაღლებაჲ და სხუანი იგი საკჳრველებანი,
16. რომელთა მიერ ბაძვაჲ წმიდათა მათ ვნებათა მისთაჲ მოციქულთა ზედა მოვიდა და მათგან მოწამეთა მოვიდა აღმსარებელთა და მამათა მიიწია.
17. იგი უკუე ყუედრებაჲ, რომელსა აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა მისისასა, მოიჴსენა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
18. სახიერებისათჳს თჳსისა მოწყალე იქმნა და მეოხებაჲ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ და ვედრებაჲ ყოველთა წმიდათაჲ შეისმინა.
19. და აღასრულა აწ მეორედ, რომელ-იგი ქმნა პირველ, რამეთუ პირველად შემდგომად მრავალჟამეულისა მის წმიდათა ხატთა შეურაცხებისა და დევნულებისაჲ, რომელი ქმნეს უშჯულოთა მათ მეფეთა და მიმდგომთა მათთა უღირსთა და მედგართა ვიეთმე ებისკოპოსთა.
20. მოაქცია უფალმან ღმრთისმსახურებაჲ ყოველთა ზედა და მართლმადიდებლობაჲ დაამტკიცა.
21. ხოლო კუალად აწ მეორედ, შემდგომად ოცდაათისა წლისა ჭირისა და დევნულებისა ჩუენისა მოგუანიჭა ჩუენ უღირსთა ჴსნაჲ ჭირთა მათგან და განსაცდელთა და კადნიერებით ქადაგებაჲ ღმრთისმსახურებისაჲ და უშიშად თაყუანისცემაჲ წმიდათა ხატთა
22. და აღმოგჳბრწყინვა ჩუენ ჭეშმარიტად დღესასწაული ცხორებისაჲ.
23. რამეთუ ხატთა შინა განვიცდით მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღმრთისა ვნებათა, რომელნი ჴორცითა ჩუენთჳს თავს-ისხნა, ჯუარცუმასა, დაფლვასა, შემუსრვასა მას და წარმოტყუენვასა ჯოჯოხეთისასა, აღდგომასა მკუდრეთით და ზეცას ამაღლებასა და ყოველსა მას ცხორებასა,
24. რომელი ქმნა შორის ქუეყანასა ღმერთმან და მეუფემან ჩუენმან.
25. ეგრეთვე განვიცდით ღუაწლსა მას და ახოვნებასა მოწამეთასა და გჳრგჳნოსნებასა მათსა, რომელ მოიღეს ჴელისაგან მეუფისა მათისა დასაბამისა მის და სრულმყოფელისა წამებისა მათისაჲსა.
26. ამისთჳს კრებასა ამას სულიერსა ვდღესასწაულობდეთ და ლოცვითა და ლიტანიითა ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და ფსალმუნითა და ქებითა ვგალობდეთ და ვიტყოდით: „ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩუენი?“
27. „შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკჳრველი მხოლომან.“
28. „შეურაცხისმყოფელნი დიდებისა შენისანი შეურაცხ-ჰყვნენ.
29. კადნიერად და ამპარტავნად მდევარნი ხატისა შენისანი დაკნინებულად და ლტოლვილად მეოტად გამოაჩინენ.
30. ვინმე იტყოდის ძლიერებათა შენთა და სასმენელ ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?
31. დიდებაჲ შენდა და ქებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
32. ესე არს მადლობაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელთა მათ კეთილთა მისთათჳს და ჴსენებაჲ ძლევისა მისისაჲ, რომელი ქმნა წინააღმდგომთა მათ მიმართ.
33. ხოლო მბრძოლთა მათ მიმართ წმიდათა ხატთასა სიტყჳსგებაჲ და მხილებაჲ ბოროტისა მის წვალებისა მათისაჲ სხუასა თავსა შინა ვრცელად და განგებულებით ჯერ-არს აღწერად.
34. ხოლო აწ, ვითარცა-სახედ შემდგომად მრავალჟამეულისა მის უდაბნოთა ზედა სლვისა შევიდა ერი იგი ისრაელთაჲ ქუეყანასა მას აღთქუმისასა და განისუენა,
35. ეგრეთვე ჩუენ მრავალთა მათ დევნულებათა და ჭირთაგან მოვედით განსუენებად ახალსა ამას იერუსალჱმსა, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისაჲ.
36. ამისთჳს ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძეგლისწერასა ამას აღვასრულებთ და დავსწერთ, ვითარცა ძეგლსა ზედა აღუჴოცელსა კურთხევათა მათ,
37. რომელნი შუენიან მოღუაწეთა და აღმასრულებელთა საღმრთოჲსა შჯულისათა და შეჩუენებათა წყევისათა, რომელსა მოაწევენ თავთა ზედა თჳსთა გარდამავალნი საუფლოჲსა მის ბრძანებისა და შჯულისანი.
38. პირველად უკუე ესე ვთქუათ, ვითარმედ არარას დავაკლებთ, არცა შევჰმატებთ, არამედ ყოველთავე წესთა კათოლიკე ეკლესიისათა შეუცვალებელად დავიცავთ და წმიდათა მათ და დიდთა კრებათა სწავლასა და წესსა და სარწმუნოებასა მიმდგომნი ვართ და მორჩილნი.
39. და ვითარცა კრებასა მას დიდსა ნიკიისასა ტიჱ მამათა მიერ აღიწერა მრწამსი მართლისა სარწმუნოებისა, ქადაგებაჲ, შეურყეველად და შეუცვალებელად გვიპყრიეს სარწმუნოებაჲ იგი მართალი და ყოველსა სოფელსა ვქადაგეთ.
40. ხოლო სხუაჲ ყოველი, რომელი წმიდამან კრებამან და სხუათა მათ დიდებულთა კრებათა, რომელნი ადგილ იქმნნეს, განაწესეს და გჳბრძანეს, დავიმარხავთ შეუცვალებელად.
41. უკუე ჟამთა, რომელთაგანი ერთი წესი და შჯული და ბრძანებაჲ არს წმიდათა ხატთა გამოსახვაჲ, პირველითგან უფლისა მიერ ბრძანებული და მოციქულთა მიერ ქადაგებული და მამათა მიერ დაწესებული, ვითარცა წერილ არს რჩულისკანონსა შინა წმიდისა მის მეექუსისა კრებისასა,
42. რამეთუ: „ჭეშმარიტად გამოსახვაჲ ხატთაჲ თანამოწამე არს ქადაგებისა მის სახიერებისა დასამტკიცებელად ჭეშმარიტებისა, რაჲთა არავინ საოცრად შეჰრაცხოს განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ“.
43. ამისთჳსცა სამეუფოჲ გზაჲ გჳპყრიეს ჩუენ და სწავლასა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა შედგომილ ვართ.
44. და წესი ეკლესიისაჲ სულისა მიერ წმიდისა განწესებული გჳპყრიეს და განჩინებით და დამტკიცებულად განვაწესებთ,
45. რაჲთა შემსგავსებულად პატიოსნისა და ცხოველისმყოფელისა ჯუარისა აღმართებულ იყვნენ და პატივცემულ ეკლესიათა შინა წმიდანი და პატიოსანნი ხატნი, გინათუ წამლითა დაწერილ იყვნენ, გინათუ სოფიოჲთა, გინათუ ოქროჲსა, ანუ ვეცხლისანი იყვნენ, ანუ სხჳსა რაჲსმე ნივთისა.
46. ბარძიმ-ფეხუემთა ზედა, ანუ საკურთხეველისა შესამოსელთა ზედა გამოწერილნი ხატნი კედელთა ზედა, გინა ფიცართა ეკლესიათა შინა, გინა სახლთა, ანუ სადაცა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი იყოს ხატი
47. ანუ უხრწნელისა მის დედუფლისა ჩუენისა წმიდისა ღმრთისმშობლისა და წმიდათა ანგელოზთაჲ, დიდებულთა მოციქულთაჲ, ღუაწლისა მძლეთა მოწამეთაჲ, ღმერთშემოსილთა მღდელთმოძღუართაჲ და სანატრელთა მამათაჲ,
48. რამეთუ რაოდენცა იხილვებოდინ ხატნი უფლისა და წმიდათა მისთანი, მხილველნი იგი მათნი მოვლენ პირმშოთა მათ სახეთა ჴსენებად და სურვიელად.
49. თანამდებ არს უკუე ყოველი ქრისტიანე შემთხუევად, ამბორის-ყოფად, პატივად და თაყუანისცემად წმიდათა ხატთა.
50. არა თუ ღმრთად აღსაარებად, რომელ-ესე შუენის ბუნებასა მას ღმრთეებისასა, არამედ ვითარცა ხატსა ჩუენთჳს განჴორციელებულისა ქრისტეს ღმრთისასა და წმიდათა მისთა,
51. ვითარცა სახესა პატიოსანისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისასა და წმიდასა სახარებასა და სხუათა მათ სიწმიდეთა, რომელნი სადა შეხებულ არიან გუამსა უფლისასა.
52. ეგრეთვე ხატთა პატივი თანა-გუაც და კუმევაჲ საკუმეველისაჲ და ანთებაჲ კანდლისა და სანთლისაჲ, ვითარცა პირველითგან განწესებულ არის ქრისტეანეთა შორის, რამეთუ პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის სახისა მიიწევის.
53. და რომელი თაყუანის-სცემდეს ხატსა, თაყუანის-სცემს მას შინა გამოსახულისა მის გუამოვნებასა, ვითარცა თქუეს წმიდათა მამათა მეექუსისა კრებისათა, ვითარმედ: „ხატთაგან და ხატთა მიერ თაყუანის-იცემების ღმერთი და თაყუანის-იცემების ჭეშმარიტად“.
54. აწ უკუე პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ და ძეგლისწერაჲ ესე ჯეროვანი სრულ-ვყოთ.
55. ესრეთ უკუე ვიტყჳთ და დავამტკიცებთ;
56. ა. რომელნი ჴორციელსა მას მოსლვასა და განკაცებასა სიტყჳსა ღმრთისასა სიტყჳთ და საქმით, პირითა და გულითა და გონებითა, აღწერითა და გამოსახვითა აღიარებენ, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
57. ბ. რომელთა იციან ერთისა მის გუამისა ქრისტესისა ორთა ბუნებათა განყოფილებაჲ და აღიარებენ ღმრთეებისა მისისა უხილავსა და უვნებელსა და გარეშემოუწერელსა დიდებასა,
58. ხოლო კაცებისა მისისა ხილულსა და ვნებათა ჯუარცუმისა და სიკუდილისა თავსმდებელსა და გარეშემოწერილსა ბუნებასა ქადაგებენ სიტყჳთ და გამოსახვით, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
59. გ. რომელთა ჰრწამს და ქადაგებენ და ახარებენ სიტყუათა წიგნის წერითა, საქმეთა გამოსახვითა და იციან,
60. ვითარმედ ორივე ესე ერთად სარგებელად მსმენელთა მათ და მხილველთა იქმნების სიტყჳთ ქადაგებაჲ და ხატთა მიერ ჭეშმარიტებისა დამტკიცებაჲ, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
61. დ. რომელნი სიტყუათა მიერ კეთილთა წმიდა ჰყოფენ ბაგეთა და მსმენელთა სარგებელ-ეყოფიან და იციან და ქადაგებენ,
62. ვითარმედ პატიოსანთა ხატთა მიერ წმიდა იქმნებიან თუალნი მხილველთანი და ამაღლდებინ გონებაჲ მათი ღმრთის მეცნიერებად, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
63. ე. რომელნი მეცნიერ არიან, ვითარმედ კუერთხი იგი ძუელისა შჯულისაჲ, კუერთხი აჰრონისი და ფიცარნი იგი და კიდობანი შჯულისაჲ და სასანთლე და ტაბლაჲ და სასაკუმეველე წმიდასა მას ქალწულსა და ღმრთისმშობელსა მარიამს მოასწავებდეს და წინაჲთვე გამოსახვიდეს.
64. ხოლო არა იქმნა იგი ერთიცა ამათგანი, არამედ დედაკაცი იყო ქალწული წმიდაჲ და ეგო შემდგომად შობისა უფლისა და ღმრთისა იესუ ქრისტესა ქალწულადვე წმიდად და ამისთჳს ქალად გამოხატვენ სახითა დედობრივითა და არა აჩრდილთა მით წესითა სახეთაჲთა,
65. საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
66. ვ. რომელნი ხილვათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელ უჩუენა ღმერთმან, გულისჴმა-ჰყოფენ და შეიწყნარებენ და ჰრწამს რაჲ-იგი კრებულმან წინაწარმეტყუელთამან იხილა
67. და გუაუწყეს და ვითარ-იგი განაწესეს (!) მოციქულთა და მამათა წერილნი და უწერელნი ეკლესიისანი, მათ ზედა მტკიცე არიან და ამისთჳს გამოსახავენ ხატსა უფლისასა და წმიდათა მისთასა და პატივ-სცემენ, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
68. ზ. რომელნი გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარ-იგი თქუა მოსე შჯულისმდებელმან, ვითარმედ: „ეკრძალენით თავთა თჳსთა, რამეთუ დღესა მას, რომელსა იტყოდა უფალი ღმერთი ქორებს მთასა ზედა, ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ გესმა თქუენ,
69. ხოლო მსგავსებაჲ არა იხილეთ და იციან მიგებაჲ მართლად, ვითარმედ: „ჰე, ვიხილეთცა, რამეთუ ჭეშმარიტებადცა ვიხილეთ“.
70. ვითარცა გუასწავა ჩუენ ძემან ქუხილისამან და თქუა: „რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა.
71. და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა და ამას ვწამებთ“.
72. და ვითარცა თქუეს სხუათა მოციქულთა, „რომელთა ესე მის თანა ვჭამეთ და ვსჳთო არა ხოლო თუ პირველ ვნებისა, არამედ შემდგომად ვნებისაცა და აღდგომისა“.
73. აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან მადლითა ღმრთისათა განყოფად სიტყუასა მას შჯულისასა და მოძღურებასა მოციქულთასა და თუ რომელი-იგი იყო მუნ უხილავ და აქა თუალითა იხილვა და ჴელითა იმსახურა,
74. და ამისთჳს თუალით ხილულსა მას და ჴელით მსახურებულსა გამოხატვენ და ხატსა მისსა თაყუანის-სცემენ, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
75. ჱ. წინაწარმეტყუელთა ვითარცა იხილეს, მოციქულთა ვითარცა გუასწავეს, ეკლესიამან ვითარცა შეიწყნარა, მოძღუართა ვითარცა გუასწავლეს, სოფელი ვითარცა განათლდა, მადლი ღმრთისაჲ ვითარცა გამობრწყინდა, ჭეშმარიტებაჲ ვითარცა გამოჩნდა და სიცრუვე განიოტა,
76. სიბრძნე ვითარცა განეფინა ყოველთა ზედა, ქრისტემან ღმერთმან ვითარცა გჳბრძანა, ეგრეთ გურწამს და ეგრეთ ვიტყჳთ და ეგრეთ ვქადაგებთ ქრისტესა ჭეშმარიტსა მას ღმერთსა ჩუენსა
77. და წმიდათა მისთა პატივ-სცემთ სიტყჳთ, აღწერით, გონებით, შეწირვითა წმიდითა მათ შესაწირავთაჲთა, აღშენებითა ტაძართაჲთა, გამოსახვითა ხატებისაჲთა.
78. უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს პატივ-ვსცემთ, ვითარცა ღმერთსა და მეუფესა დამბადებელსა ყოველთასა.
79. ხოლო წმიდათა, ვითარცა საკუთართა მონათა და მსახურთა მისთა და სიყუარულით თაყუანის-ვსცემთ.
80. ესე არს სარწმუნოებაჲ, მოციქულთაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე არს სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ.
81. ამან სარწმუნოებამან სოფელი დაამტკიცა.
82. ამას ყოველსა ზედა ქადაგთა მათ ღმრთისმსახურებისათა სიყუარულით და სურვილით, დიდებად და პატივად უფლისა, რომლისათჳს იღუაწეს, ვქადაგებთ და ვადიდებთ და ვიტყჳთ:
83. გერმანოს და ტარასეს და ნიკიფორეს და მეთოდის ჭეშმარიტთა ათ მღდელთმოძღუართა ღმრთისათა და მართლმადიდებლობისა დამამტკიცებელთა და მოძღუართა სულიერთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
84. ეგნატისი, ფოტისი, სტეფანესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, ეფთჳმესი, წმიდათა და მართლმადიდებელთა პატრეარქთა, საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
85. ყოველივე, რაოდენიცა აღიწერა ვიეთგანმე შემასმენელად წმიდათა მათ პატრიარქთა: ტარასეს, ნიკიფორეს და მეთოდისა და ეგნატის და ფოტის და სტეფანესი, ანტონის და ნიკოლაოსისა, ცუდმცა არს და ამაო.
86. ყოველივე, რომელი გარეშე წესისა მის ეკლესიისა და მოძღურებისა წმიდათა მამათაჲსა იქმნა, ანუ სადა იქმნეს გარეშე მართლმადიდებელთა წესისა, შეჩუენებულმცა არს.
87. ეფთჳმეს და თეოფილაკტეს და ემილიანეს სანატრელთა მათ აღმსაარებელთა და მღდელთმოძღუართა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
88. იოვანე და ნიკოლაოს და გიორგი სამგზის სანატრელთა აღმსაარებელთა და ებისკოპოსთა და ყოველთა მათ თანამზრახვალთა და თანამოღუაწეთა ებისკოპოსთა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
89. თეოდორეს, ნეტარისა ასტუდიელ მამასახლისისა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
90. ისაკისი საკჳრველთმოქმედისა და იოანიკის წინაწარმეტყუელებისა მადლითა აღვსებულისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
91. ილარიონ ნეტარისა არქიმანდრიკისა (sic) დალმატეს მონასტრისაჲ საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
92. სჳმეონ წმიდისა მის მესუეტისა და სტეფანე საკჳრველთმოქმედისა ახლისა მის აღმსაარებლისა და ყოველთა მათ მამათა, რომელთა იღუაწეს მართლმადიდებლობისათჳს, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
93. ესე არიან კურთხევანი მამათანი და მათგან ჩუენ ზედა, შვილთა მათთა და მობაძავთა მართლმადიდებლობისა მათისათა, მიიწევიან.
94. ეგრეთვე წყევანი ურჩთა და განდგომილთა და უგულებელსმყოფელთა მცნებათა ღმრთისათა შეეტყუებიან.
95. ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი ესრეთ ვიტყჳთ უწესოთა მათთჳს და უკეთურთა:
96. რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან.
97. რომელნი სიტყუასა მას გარეშემო უწერელობისასა ბოროტად იწამებენ და ამისთჳს წინააღმდგომ არიან დამაყენებელ გამოხატვად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა,
98. რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რომელნიცა უკუე წმიდასა ხატსა მისსა გმობენ, შეჩუენებულმცა არიან.
99. რომელნი გამოსახვასა ყოვლისა ცხორებისასა არა შეიწყნარებენ, ვითარ-იგი იხილვა ქუეყანასა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარ განკურნა ყოველნი სენნი და ვნებანი კაცთანი,
100. ვითარ-იგი ჯუარსა ეცუა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა ზეცას და მოევლინა სული წმიდაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა, აწ უკუე რომელნი განმაცხოველებელთა ამათ სოფლისათა საქმეთა ქრისტესთა გამოხატვად და თაყუანისცემად არა თავს-იდვეს, შეჩუენებულმცა არიან.
101. რომელნი ჰგიან წვალებასა ზედა ხატთა ბრძოლისასა, უფროჲსღა განდგომილებასა ქრისტეს ბრძოლისასა და არცა წინაწარმეტყუელთა სწავლასა, არც მოციქულთა ქადაგებასა, არცა წმიდათა მამათა მოძღურებასა შეიწყნარებენ მოქცევად საცთურისა მისგან,
102. არცა ერთობასა მას ეკლესიისა შეუდგებიან, არამედ ესრე წარმდებებით მიუცემიან თავნი თჳსნი ნაწილსა ჰურიათა და წარმართთასა,
103. რამეთუ ვითარცა იგინი ჰგმობენ უფალსა, ეგრეთვე ესენი წმიდასა ხატსა მისსა შეურაცხ-ჰყოფენ, რომელნიცა უკუე მოუქცეველად ეგნენ საცთურისა მისგან და დაიყვნენ ყურნი ყოვლისაგან სულიერისა მოძღურებისა და ბოროტსა მას წვალებასა შინა დაადგრნენ, შეჩუენებულმცა არიან.
104. ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან.
105. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან.
106. წმიდამან სამებამან სამნივე იგი მოსპნა ეკლესიისაგან: თეოდოტე, ანტონი და იოვანე მწვალებელნი და პავლე ისავრი და თეოდორე,
107. რომელსა ერქუა პასტი, და სტეფანე მოლიტი და თეოდორე მექრთილე და ლალოდი ბილწი და მათ თანა ყოველნი მოყუასნი მათნი და წვალებისა თანა-შემწენი შეჩუენებულმცა არიან.
108. ყოველნივემცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან.
109. კრებაჲ იგი, რომელ აღიძრა წმიდათა ხატთა ზედა და განგმო თაყუანისცემაჲ ხატთაჲ, შეჩუენებულ იყავნ.
110. რომელნი მოიღებენ სიტყუათა წერილთასა, რომელ თქუეს კერპთათჳს წმიდათა ხატთა ზედა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და წმიდათა მისთასა, შეჩუენებულმცა არიან და წყეულ.
111. რომელნი ეზიარებიან ნეფსით და მეცნიერებით შეურაცხისმყოფელთა და მეგობართა წმიდათა ხატთასა, შეჩუენებულმცა არიან.
112. რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან.
113. ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა.
114. რომელნი იტყჳან, თუ სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ კერპთმსახურებისაგან, თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ამას საქმესა სხუასა ვის მიაჩემებენ, შეჩუენებულმცა არიან.
115. რომელნი იტყჳან, თუ კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა, ესევითარნი-იგი შეურაცხისმყოფელნი არიან ქრისტეანთა სარწმუნოებისანი, რამეთუ წმიდათა ხატთათჳს იტყჳან გმობასა, კრულნი არიან და შეჩუენებულნი.
116. მიქაელ მართლმადიდებელისა, მეფისა ჩუენისა და თეოდორა დედისა მისისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
117. ბასილისი, ლეონისი, ალექსანდრესი, ჰრომანოზისი, კოსტანტინესი, ჰრომანოზისი, ნიკიფორესი, იოვანესი, მართლმადიდებელთა მეფეთა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
118. ბასილი და კოსტანტინე მართლმადიდებელთა მეფეთა ჩუენთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
119. რომანოზ მართლმადიდებლისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელნი მეფობისა მისისანი.
120. ღმერთმან დაიცევინ სიმტკიცე მეფობისა მათისაჲ.
121. ღმერთმან მშჳდობაჲ მიეცინ მეფობასა მისსა.
122. კუალად ვიტყჳთ: გერმანოს, ტარასეს, ნიკიფორეს და მეთოდის სანატრელთა მათ პატრიარქთა საუკუნემცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
123. ეგნატისი, ფოტისი, სტეფანესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, ეფთჳმესი, სტეფანესი, ტრიფონისი, თეოფილაკტესი, პოლიევკტესი, ანტონისი, ნიკოლაოსისი, მართლმადიდებელთა პატრიარქთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ.
124. ყოველთა მათ ღმერთშემოსილთა მამათა და მართლმადიდებლობისა ქადაგებათა და ვიდრე სიკუდილადმდე მოღუაწეთა ლოცვითა და ვედრებითა დაგჳცვენინ ღმერთმან.
125. და მობაძავ ყოფად ღირს-გუყვენინ საღმრთოჲსა მის მოქალაქობისა მათისა მოწყალებითა, და მადლითა დიდისა მის და პირველისა მღდელთმოძღურისა ქრისტეს ჭეშმარიტისა მის ღმრთისა ჩუენისა.
126. შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა დიდებულისა მის დედუფლისა ჩუენისა წმიდისა ღმრთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა, წმიდათა დიდებულთა მთავარანგელოზთაჲთა, და ყოვლითა ზეცისა ძალთაჲთა,
127. ვედრებითა ყოველთა წმიდათაჲთა რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს უფალსა, დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
128. ლოცვა ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ამენ.
კლარჯული მრავალთავი (1-30)
კლარჯული მრავალთავი (31-63)
კლარჯული მრავალთავი X საუკუნის ხელნაწერი წიგნია. შეიცავს ფრაგმენტულად და სრულად შემორჩენილ 63 თხზულებას, ამათგან მნიშვნელოვანი ნაწილი აპოკრიფულია. კლარჯულ მრავალთავში გაერთიანებული თხზულებების რედაქციები ისევე, როგორც სხვა ამ სახის კრებულების ტექსტები, ძალზე ძველია და მათი დედნების მოძიება ჭირს. ამ წიგნში მსოფლიო ეკლესიის მამათა ქადაგებებისა და აპოკრიფული თხრობების პარალელურად შეტანილია, მკვლევართა აზრით, ორიგინალური ქართული მასალაც, კერძოდ, იოვანე ბოლნელის ქადაგებანი.