ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს
ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს,
ჩვენებურადა,
ძველებურადა,
ვსვამდეთ,
ვიძახდეთ:
იარი-არალი!
ჯეირნის მწვადი შიშინით
ცეცხლზედა დასტრიალებდეს,
ყნოსვა დამტკბარი მის სუნით,
მადასა განგვიღვიძებდეს.
კახურის ღვინით აღვსილი
აზარფეშაცა ხელს გვეპყრას,
მოთალი, თევზი, მწვანილი
აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას.
ცა მშვენიერი,
ცა მშობლიური
მარად ბრწყინვალე ზე დაგვნათიდეს,
გაცხელებულთა
ღვინისგან შუბლთა
კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს...
შენ მომითხრობდე,
მე ყრმა გისმენდე,
გამოუცდელი მოხუცებულსა,
თუ ვით ივერნი,
ლომგულნი გმირნი,
ჰბრძოდნენ, ჰსცხოვრებდნენ დროსა წარსულსა.
გისმენდე, თუ ვით მდევარის ხმაზე
ჭაბუკნი მხნობით აღტაცებულნი,
მტერთ საძიებლად, დაცემად მათზე
შეგროვდებოდნენ წამს შეჭურვილნი.
ვაჲ მას მტერსა, ვის ანუ კლდენი,
ანუ ტყეთ სიღრმე ვერ დაჰფარვიდნენ,
ვითა შურდულებრ, ტრედთ შავარდენნი
მიესეოდნენ და შემუსვრიდნენ.
დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე თვისსა მამულსა
შეჰსწირა მსხვერპლად,
დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი
გულს აღბეჭდილად,
როს ერთგულება, სარწმუნოება,
ივერთ თვისებას შეადგინებდნენ,
ოდესცა ბრძოლა და მამაცობა
მათსა სახელსა განადიდებდნენ...
გისმენდე, თუ ვით დღესასწაულსა,
შექცევით, ლხინით მოწოდებულნი,
ჭაბუკ მხედარნი ყაბახსა∗ ვრცელსა
ტურფად დარახტულ და დაკაზმულნი,
ვით ალვა რგულნი, ცხენზედ უძრავად,
ესრედ მოჰქრიან, ვითა ნიავი;
ჰკრეს ნაღარასა - განიყვნენ ორად,
აჰა, საამო სჩანს სანახავი.
ცხენთა გრიალი,
შუბთა ტრიალი,
ჯირითთ სრიალი,
ყურთ მაჯთ ბრიალი,
ცხენით ქვე ხტომა,
კვალად შეხტომა,
უზანგთა ცემა
და ხმალთ კრიალი!..
ზოგი არწივსა
ზეცას მფრინავსა
ისრითა მკვეთრით განუპობს გულსა.
ჯირითი ზოგის
ზუზუნით მოჰქრის
და მოხვდა ქვაზე *∗თასს ნიშნად დგმულსა.
ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი**∗ სიამით მარად უმზერდა შორით,
ვისცა ეწერა დიდება სახეს, ვინცა არღა არს, ვისთვისაც ვჰსტირით.
წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს,
აწ უცხოს ცის ქვეშ, ზოგსა ვჰჭვრეტთ ოხრვით, და ცრემლით
ზოგის წმიდა სამარეს!..
ვინ აღჩნდეს გმირი,
რომ მის ძლიერი
ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?
რომელ მარჯვენით,
ერთისა დაკვრით
უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?
მაგრამ ამაო, ჩემო იარალი,
არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!
სად აზარფეშა, სად არს მწვანილი?
ღვინის წილ - კვასი, მზისა წილ - ყინვა!
გარდმოხვეწილმან ჩრდილოს წყვდიადსა
სადღა იხილოს ცა მშობლიური?
შენ ხარ პეტერბურღს, მე ნოვღოროდსა,
გარეთ მკლავს ყინვა და შინ “უგარი”.
გულს ეწუხების, რა აგონდების დღენი წარსულნი ნეტარებისა,
მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა.
1832 წ.
∗სადაც ეხლა არის სასეირნო ბაღი ალექსანდროვსკისა, იყო დიდი საჯირითო მეიდანი, სახელად ყაბახი.
∗∗ ყაბახის თავს და ბოლოს იდგნენ ორნი ქვანი, რომელთა ზედაც დაჰსმიდნენ თასსა და ესროდნენ ჯირითს და ვინც მოარტყამდა, თასი იმისი იყო ჯილდოდ გამარჯვებისა. უკანასკნელ ჯირითში კონა ერისთავმა გაიმარჯვა.
∗∗∗ მეფე ირაკლი.
ჩემდა ნუგეშად, ჩემდა შვებად სასიხარულოდ,
ლხენად გლახ გულის უდროოდა მწარ დამჭკნარისა,
დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ,
და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა!
ცხოვრების ბნელ გზას შენ მინათი შვების ვარსკვლავი,
შენის ღიმილით შეჭმუხვნილი სახე მინათლე,
შენი ალერსი მშვიდი, წყნარი, მიხარის შორით,
და გულ დაჩაგრულს მენატრების კვალად სიცოცხლე!
სიცოცხლე ჩემი, ძლივს გაშლილი სასიხარულოდ,
ძლივ დილა ჩემი, მზისა ნათლით გაბრწყინვებული,
მიჩვენებდნენ მე ამა სოფლის ყვავილთა მხოლოდ,
და ახლად ლამპარს აღმინთებდა გულს სიყვარული,
რომლისა სხივნი თვით ეკალთა შეჰქმიდენ ვარდად,
რომლით აღვსილი არა ვჰსცნობდი ჭმუნვისა ცრემლთა,
მეგობართ შორის უზრუნველი დავმღერდი მარად
და სიამითა უმზერდიცა დღეთ მომავალთა!
აწ სად წარვიდნენ ნეტარების წამნი ძვირფასნი,
რომე აჩრდილიც არა დაჰშთა ჩემდა ნუგეშად,
რომ გლახ ჩემს გულსა მოსეულნი ჭმუნვათა დასნი
ესრედა ჰგლეჯენ უღონო მსხვერპლს შეუბრალებლად?
უცებ გრიგალმა უბედობის დამქროლა ესრედ,
რომ ცა, მომფენი ჩემდა ნათლის ჰფარა ღრუბელთ ქვეშ;
სიტკბოს ფიალი წარიტაცეს მის წყეულთა ფრთეთ,
და დამცა უფსკრულს ვაებისას უმწედ, უნუგეშ,
სადაც ოხრვანი, აღმოსულნი გულისა სიღრმით,
არვის ესმოდნენ და ჰქრებოდნენ ზღუდეთა შორის!
სადაცა ჰსწვავდნენ, ვითა ცეცხლი, ღაწვთ ცრემლნი დენით,
და მათ არ ჰსწყვეტდა არავისი ხელი ნუგეშის;
სად ვერა ჰსცნობდი ცისკრის ბრწყინვას, ვერც მწუხრის ჟამსა,
სად დღე უნათლო იყო ღამედ, ღამე — უვარსკვლავ,
და სად სიკვდილსა ვინატრიდი ვით ცის ნუგეშსა,
თუმცა სამარეს შეედრების სადაცა ვიყავ.
მწუხარების დროს ჟამნი მსწრაფლნი ვლიან ნელიად,
და უბედურის სახეზედა ღრმად ჰბეჭდვენ თვის კვალთ,
არღა აჰყვავდეს გული ჩემი ორგზის ამ სოფლად,
მახვილი გულით ვერ აჰგლიჯონ შემდეგ სიხარულთ.
ვიყავ უსაგნოდ, უიმედოდ, მაგრამ ოდესმე
გულსა რაღაცა გაელვებით განახარებდა...
ან დავიწყებით. ან შებრალვით წარსულს სიამე
თითქოს ჩემს გულში სურვით ნაცნობს ძველ კვალს ჰპოებდა;
თითქოს ჰსცდილობდა განბნევასა გულის სიბნელის
და ვით თვის სადგურს, ჩვეულებრივ მუნ დამკვიდრებას!
მაგრამ მით უფრო გული გრძნობდა ფასს დაკარგულის,
წარსულთა დღეთა იგონებდა რა ნეტარებას.
ესრედ ამშვენებს სიტურფითა ვარდი სამარეს,
ესრედ მშვენიერთ ბაგეთ ზედან იელვებს ღიმი,
თუმცაღა გულში უზომოსა ჰფარავს სიმწარეს;
ესრედ ვარდს დამჭკნარს დაეცემის უდროდ ცის ნამი.
უჩინოდ ჩემთვის მდინარებდნენ თვისითა წესით
დღენი და თვენი, და ვერც ვჰსთვლიდი მე მათსა დენას,
შემაშრნენ ცრემლნი, მაგრამ არ თუ ჭმუნვათ განქარვით,
არ-თუ ვისგანვე მოვისმენდი ნუგეშის ცემას.
არა! წყვდიადსა მას სადგურსა სხივი ნუგეშის
ვერ მოეფინნენ საშვებელად გულსა უბედურს.
ვაი მას, ვინცა ჰრაცხს ნუგეშად, ვით მე მიმაჩნის,
რომ შევეჩვიე მწუხარებას და ვაის სადგურს!
ჭმუნვისა ცეცხლით გულსა დამწვარს აგრილებს ცრემლი,
შემაშრნენ ცრემლნი და ესეცა შვება მომაკლდა.
მაშინ შემექნენ გონება ჩლუნგ და ქვადა გული,
და ან რაც ვიყავ, ან რაცა ვარ, ყველა მავიწყდა.
მაგრამ მახსოვს კი, ერთ გზის მესმა ჭიკჭიკი მერცხლის,
და სწორედ ვიტყვი, მრწამდა იგი ხმად მეგობრისა,
იმიერ სოფლით ჩემს ნუგეშად მოვლინებული,
და მის პასუხად მსურდა მეცა თქმა სიმღერისა!
მაგრამ შემზარდა, რა ნაცვლად ხმის განხდა ხრიალი,
და კედელთაცა დაყრუებულთ წარმოსთქვეს ბანი!
ხმა ეს უცნობი იყო ველურ და საზარელი,
გავოცდი, ვჰსდუმენ და ხმა ჩემი მევე ვერ ვსცანი.
მის ჟამით ვიყავ, ვით სამარეს, უხმოდ, უსიტყვოდ,
ვიდრე დასასრულ ვაების ბჭე არა განმიღეს.
პირველად მზის შუქს თვალთ ვერ უძლეს, დავშთი უნათლოდ.
შემდეგ სიამით მიმოვხედე გარეშე არეს: -
მდინარე იგი, იგივ მთანი, ნიავ მომფენნი,
წალკოტნი, ველნი, უწინდელებრ აღმწვანდებოდნენ,
იგივ უღრუბლო, უცვალებელ ცა ნათლოვანი,
მხიარულ ყრმანი თამაშობით მოიმღერიდნენ.
გამოვემსწრაფლე სამშობლოსას, სადაც ვგონებდი,
წარსულთა ტანჯვათ, მწუხარებათ დავიწყებასა;
მარამან იყოს წყეულიმცა ესრეთი ბედი:
მშობლის ხვევნის წილ შევხვდი ახალს მუნ ვაებასა!..
ვისგან ნუგეშსა მოველოდი, მისი სამარე
თვალთ იხილეს და არ დაბრმავდნენ მყისვე ეს თვალნი!
უგუნურადა დავჰმზერდი მის საფლავს მდუმარე,
და გლახ გულისა სანუგეშოდ ვერ ვჰპოვე ცრემლნი!
ვისგან და ვისთვის განიხაროს აწ გულმან ჩემმან?
ვისა შევჰბრალდე, რომ ეგებ მით გული განჰგრილდეს?
ღრუბელი ჭმუნვის განმიბნიოს აწ ვისმან ღიმმან?
უდროდ დავბერდი და ცხოვრებით გული როს დაჰსტკბეს?
სიყვარულისა სურვილი მას ვერ დაუთმობს გულს,
მისი სიცოცხლე ვერა დასტკბეს მართლ სიხარულით,
ვინც სოფელს მუხთალს, საამურის ოცნებით აღვსილს,
უმზერს ვით აწ მე, მიუნდობელ, გამოცდილ თვალით.
ხვალე არღა მრწამს, ვით ღამეში მაცდური სხივი.
ვინ სთქვას: ხვალეცა ვიქნები მე ვით დღეს ბედნიერ?
ვისწავლე ესე, როს განმექრო ბედის ვარსკვლავი,
და აწ თუ განვლის დღე მშვიდობით, მწუხრს პირჯვარს ვიწერ!
მაგრამ ნუგეშად, ჩემდა შვებად, სასიხარულოდ,
ლხენად გულისა, უდროოდა მწარ-დამჭკნარისა,
დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ,
და განმისვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა!
მისთვის ვლოცავ ცას, შავნი დღენი ჩემთვის შთომილნი,
არ შეჰსწყდნენ, ვიდრე კვალად ჩემთა თვალთ არ გიხილონ
და მაშინ, ოდეს საუკუნოდ მივლულო თვალნი,
მშობლიურ მიწა ხელთა შენთა გულს დამაყარონ.
1835 წ.
წინანდლის ვარდო,
სულითა ტრედო,
გულითა წმინდავ, ვით მთისა წყარო!
ვითა ცისკარი,
ხარ მოცინარი,
რომე მხილველის გული ახარო.
იმხიარულე,
ვიდრე სიცოცხლე
შენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი;
ვიდრემდის შენ ზე
დაგნათის, ვით მზე,
სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი!
ჭმუნვის ღრუბელი,
გულ-დამაბნელი,
ვიდრე მხიარულს არ შეგხებია;
ვიდრე ამ სოფლის
დაუდგრომელის
ვარდნი ეკლადა არ გარდაგცვლია!
1829 წ.