თავი XI. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს სამსახურები

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, შეიქმნა საკათოლიკოსო საბჭო, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის თავმჯდომარეობით ყოველკვირეულ სხდომებზე იხილავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭირბოროტო საკითხებს. საკათოლიკოსო საბჭოს წევრები (სულ 11 კაცი) იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. საკათოლიკოსო საბჭოს გარდა მუშაობდა საკათოლიკოსო სასამართლო, რომელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თავმჯდომარეობითა და საერო და საეკლესიო სამართლის ცნობილი სპეციალისტების მონაწილეობით, გამოჰქონდა გადაწყვეტილებანი. საპატრიარქოში იყო საკათოლიკოსო კანცელარია, ჟურნალ "სვეტიცხოვლის" რედაქცია.

საქართველოს საპატრიარქოს სამსახურების საქმიანობა შეიზღუდა 1921 წლის შემდეგ. 1923 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ოფიციალურად ჩამოართვა საპატრიარქო რეზიდენცია. ამ დროს საქართველოს ეკლესიას ასევე ჩამორთმეული ჰქონდა იურიდიული პირის სტატუსი. 1927 წლიდან გაუქმდა საკათოლიკოსო საბჭო, უფრო ადრე - საკათოლიკოსო სასამართლო. საპატრიარქოში შეიქმნა პატრიარქის სამეურნეო-საფინანსო თანაშემწის - ქორეპისკოპოსის - სამსახური. საკათოლიკოსო საბჭო შეცვალა სასინოდო პლენუმმა, რომელიც 1932 წლიდან კათოლიკოსის თანაი სინოდად გარდაიქმნა, XX საუკუნის 40-იანი წლებიდან კი მას წმიდა სინოდი ეწოდა. საქართველოს საპატრიარქოში აღარ ფუნქციონირებდა არც ერთი სამსახური. ხელისუფლებამ მოახერხა ეკლესიის საზოგადოებისაგან იზოლაცია. საპატრიარქო დარჩა კათოლიკოს-პატრიარქის, მისი თანაშემწისა და ქორეპისკოპოსის ამარა. XX საუკუნის 70-იან წლებში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო-საფინანსო სტრუქტურების საგადასახადო პოლიტიკის წყალობით ყველა სამსახური უპატრონოდ დარჩა და ისე ჩანს, საქართველოს საპატრიარქოს ლიკვიდაციამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩაო.

1977 წელს, როდესაც უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახდა, მან მიზნად დაისახა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო სტრუქტურების შექმნა, რომლებიც დაკომპლექტებული იქნებოდა მორწმუნე და პროფესიონალი ადამიანებით. 1979 წელს საპატრიარქოში ფუნქცონირებდა: 1. საგარეო საქმეთა სამმართველო, 2. საშინაო საქმეთა სამმართველო, 3. სარედაქციო-საგამომცემლო სამმართველო, 4. საეკლესიო ნაგებობათა, არქიტექტურულ-სარემონტო და ბუნების დაცვის განყოფილებები.

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საპატრიარქოს საგარეო განყოფილებას. ამ განყოფილებას მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდა ქართველ მეცნიერებთან, უნდა მოეგვარებინა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა საქართველოში ვიზიტების დეტალები, შეედგინა კათოლიკოს-პატრიარქის უცხოეთში ვიზიტის სამუშაო გრაფიკი. 1977-2007 წლებში საპატრიარქოს საგარეო განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ: მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე), მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ამჟამად განყოფილების ხელმძღვანელია მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).

XX საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს საპატრიარქოს სახელით ყოველწლიურად იბეჭდებოდა მხოლოდ საეკლესიო კალენდარი, მაგრამ, უწმიდესისა და უნეტარესის ღვაწლით, შესაძლებელი გახდა საეკლესიო ჟურნალის, საღვთისმსახურო და საეკლესიო წიგნების ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით მომზადება და გამოცემა, სხვადასხვა ენიდან აუცილებელი სასულიერო ლიტერატურის თარგმნა. ყოველივე ეს დიდ მუშაობას მოითხოვდა. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოში ფუნქციონირებს საგამომცემლო განყოფილება (გამგე პროფესორი გვანცა კოპლატაძე), საღვთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისია (თავმჯდომარე მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)), გამომცემლობისა და საღვთისმეტყველო წიგნების რეცენზირების დეპარტამენტი (თავმჯდომარე მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)).  საპატრიარქოს ეგიდით იბეჭდება მრავალფეროვანი სასულიერო ლიტერატურა დოგმატიკის, საეკლესიო კანონიკის, ღვთისმეტყველების, საეკლესიო სამართლის საკითხებზე.

XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირთა და მეცნიერთა ჯგუფმა შეადგინა წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის მარშრუტი ფარავნის ტბიდან მცხეთამდე. ამ მარშრუტით მომლოცველებმა დაიწყეს მოგზაურობა. ისინი სასულიერო პირებთან ერთად ხვდებიან ნინოწმიდის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის რაიონების მოსახლეობას, ესაუბრებიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაზე, წმიდა ნინოს მოციქულებრივ ღვაწლზე. მათი მეშვეობით მრავალი ადამიანი მოინათლა, დაუბრუნდა დედაეკლესიას. უწმიდესი და უნეტარესი მომლოცველებს სვეტიცხოველში ხვდება 1 ივნისს და მათ სამახსოვრო საჩუქრებით აჯილდოებს. მომლოცველები ასევე მოგზაურობენ წმიდა ანდრია პირველწოდებულის გზაზე დიდაჭარიდან აწყურამდე. საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოში შექმნილი მომლოცველობის სამსახური (გამგე არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი) აწყობს ქართველ მორწმუნეთა ორგანიზებულ გასვლებს საზღვარგარეთის ქართულ სიწმიდეთა მოსალოცად.

1987-2007 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შეირაცხა არაერთი გამოჩენილი საეკლესიო და საერო მოღვაწე. წმინდანად ამა თუ იმ პიროვნების შერაცხვას წინ დიდი სამუშაოები უძღვის. წყაროების, ლიტერატურის, საეკლესიო კანონიკის შეჯერების საფუძველზე თავიდან იწერება მისი ბიოგრაფია, რომელშიც მკაფიოდ უნდა ჩანდეს პიროვნების დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე, მისი სულიერი ცხოვრების დეტალები. ყოველივე ამას წარმატებით ასრულებს საპატრიარქოს წმინდანთა კანონიზაციის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).

ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის მიზნით საქართველოში ფუნქციონირებდა ძეგლთა დაცვის კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ირაკლი ციციშვილი. ამ კომიტეტმა არაერთი მონასტრის რესტავრაცია შეძლო, მაგრამ ოფიციალური ხელისუფლებისათვის ეკლესია-მონასტრებს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა აღდგენილ ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურების ჩატარებას. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრების საპატრიარქოსათვის დაბრუნების რთული პროცესი, შეუდგნენ ახალი ეკლესიების მშენებლობას. შექმნილი ვითარება მოითხოვდა საპატრიარქოსთან ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის შექმნას, რომელიც საეკლესიო კანონიკის დაცვით წარმართავდა ამ პროცესს. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). ჯერ კიდევ 1957 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ისადმი გამოგზავნილ წერილში ზაგორსკის სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტი ილია შიოლაშვილი საჭიროდ მიიჩნევდა ხალხში გაბნეული საეკლესიო სიწმიდეების შეგროვებას და, საეკლესიო მუზეუმის შექმნას. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქოში შექმნა სიწმიდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე).

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალსაუკუნოვანი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლის, დაცვისა და ღვთისმსახურების დროს მისი გამოყენების საკითხებს. 1977 წლიდან საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში აღდგა ქართული ტრადიციული გალობა. უწმიდესი და უნეტარესი არაერთი ქართული საგალობლის ავტორია. საპატრიარქოში ფუნქციონირებს სამგალობლო ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლიდან ამოქმედდა გალობის უმაღლესი სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. ბოლო ხანს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო და საერო პირთა ერთმა ჯგუფმა სცადა ბერძნულ ერთხმიან სამგალობლო მელოდიებზე აგებული ქართული გალობის შემოტანა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა ამგვარი ექპერიმენტი მიუღებლად მიიჩნია. უწმიდესმა და უნეტარესმა ამასთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ეს არის შეურაცხყოფა ქართული გალობისა და ქართული ტრადიციებისა, მამებისა და ჩვენი წარსულისა. მისმა უწმიდესობამ 2003 წლის 14 თებერვალს ბერძენ მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისთან შეხვედრაზე აღნიშნა: “ვფიქრობ, რომ ბერძნული მუსიკის ქართულ სიტყვებზე გალობა ცოტა უხერხულია. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საერთოდ ბიზანტიურ მუსიკას, მაგრამ ყველა ერს თავისი გალობა და თავისი ტრადიციები აქვს.”

მრავალხმიანი უნიკალური ქართული გალობის შენარჩუნება და განვითარება უწმიდესისა და უნეტარესის სახელთანაა დაკავშირებული.

საპატრიარქოში ფუნქციონირებს გამწვანებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია). საპატრიარქოში ფუნქციონირებს აგრეთვე აგროსამრეწველო დეპარტამენტი, რომელსაც არქიმანდრიტი მიქაელ გაბრიჭიძე ხელმძღვანელობს. საპატრიარქოს აღნიშნულ სამსახურებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან. ეკლესია ზრუნავს საქართველოს უნიკალური ფლორისა და ფაუნის დასაცავად.

საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება (ხელმძღვანელი დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე) კოორდინაციას უწევს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერი შვილების ქრისტიანულ ცხოვრებას, შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებში სასულიერო პირთა საქმიანობას. მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილება, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ხელმძღვანელობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებთან აგზავნის სასულიერო პირებს აღსარებისა და ზიარების მოსურნეთა სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. უწმიდესი და უნეტარესი თვითონაც სისტემატურად დაბრძანდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ხვდება მსჯავრდებულებს. მას მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების ადგილებში ისეთი პირობები უნდა იყოს, რომ მსჯავრდებულს საშუალება მიეცეს, დაუფიქრდეს ჩადენილ დანაშაულს, მოინანიოს და იფიქროს გამოსწორებაზე. უწმიდესი და უნეტარესი ილია II თვლის, რომ ამ ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული დაავადება - ნარკომანია - ადამიანში ცხოვრების სიძნელეების შიშითა და ამქვეყნიური პრობლემებისაგან განრიდების სურვილით არის გამოწვეული. პატრიარქის ინიციატივით, საპატრიარქოში არაერთი შეხვედრა გაიმართა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემებზე.

საპატრიარქოში ფუნქციონირებს საფინანსო-ეკონომიური საბჭო  (თავმჯდომარე დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე), ხალხური რეწვის განყოფილება (უფროსი ელისო არაბული), საპატრიარქოს ბიბლიოთეკა (ხელმძღვანელი მონაზონი ნინო გრიგოლაძე), საეკლესიო ხელოვნების ცენტრი (ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა სხირტლაძე), საინფორმაციო სამსახური (თავმჯდომარე მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი). უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდობასთან ურთიერთობას, მომავალი თაობის მართლმადიდებლური რწმენითა და სულიერებით აღზრდას. ამ ამოცანის წარმატებით შესრულებას ემსახურება საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი (თავმჯდომარე ეპისკოპოსი სტეფანე კალაირჯიშვილი), ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი" (ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანიძე). საპატრიარქოს სასულიერო სასწავლებლებს, სკოლა-ლიცეუმებსა და გიმნაზიებს ხელმძღვანელობს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი (თავმჯდომარე პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი). საპატრიარქოსთან არსებობს სოციალური დაცვის უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი (თავმჯდომარე იღუმენი ადამ ახალაძე), რომელიც ეხმარება შეჭირვებულ ადამიანებს. საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს მზია კაცაძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში ეხმარებიან: ქორეპისკოპოსი - მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, კანცელარიის გამგე  იოანე გაგუა. საპატრიარქოს პრესცენტრი (ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე) უწმიდესსა და უნეტარესთან შეთანხმებით საზოგადოებას აცნობს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას ქვეყნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს საპატრიარქოს სამსახურების გამართული, შეთანხმებული საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წარმატების საფუძველია.


წყაროები და ლიტერატურა:

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3


სერგო ვარდოსანიძე

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.

თავი X. ერისა და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე

"მკაცრი იშვიათად ვარ, მაგრამ, თუ ეს შეეხება სამშობლოსა და ეკლესიის ბედს, შეუვალი ვხდები. ღვთისა და ერის მოღალატეს მკაცრი სასჯელი შემიძლია დავადო, ამავე დროს, სულ ველოდები მისგან სინანულს და, თუ მოინანიებს, მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო"[30, 379], - ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

მძიმე და საპასუხისმგებლოა ერის სულიერი წინამძღოლობა. ადამიანების უმრავლესობა გარედან ხედავს პატრიარქის საქმიანობას. პატრიარქი ლოცვაზეა, პატრიარქი წირავს, ტაძარში საზეიმოდ იმოსება, ზოგიერთს აინტერესებს, ოქროსია თუ არა პატრიარქის მიტრა, კვერთხი... უწმიდესი გრძნობს ამას და გვაფრთხილებს: "როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია"[30, 436].

მისი უწმიდესობის პატრიარქობის ოცდაათწლიანი ხანა, ესაა ხილული და უხილავი წინააღმდეგობების დაძლევის პერიოდი. 1977 წლის 25 დეკემბრიდან, როდესაც მისმა უწმიდესობამ სვეტიცხოველში განაცხადა, რომ შეგნებული ჰქონდა ის საპატიო მოვალეობა, რომელიც დააკისრა წმიდა ტაძრის თაღებქვეშ მაღალმა ღმერთმა, პატრიარქს ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი ცხოვრება. საბჭოთა იმპერიის მესვეურნი ცდილობდნენ ეკლესია ხალხისგან მოწყვეტილი ყოფილიყო. სათქმელად ადვილია, სიონის საპატრიარქო ტაძარს მრევლი მოაწყდაო, მაგრამ ამ ძიების პროცესში მყოფ ადამიანებს მოფერება, გაფრთხილება და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ღირებულებებთან ზიარება სჭირდებოდათ. ხელისუფლებას აღიზიანებდა ხალხის ეკლესიისაკენ შემობრუნება. როგორც მისმა უწმიდესობამ გაიხსენა, მას პირდაპირ უთხრეს, რომ იქნებ უმჯობესი ყოფილიყო მხოლოდ დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს ეწირა სიონში. პატრიარქი არ დასთანხმდა ამ წინადადებას. მისთვის ყველაზე რთული იყო 1977 წლის 9 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე პერიოდი. როგორი სისასტიკით იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ იგი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა. უწმიდესსა და უნეტარესს საყვედურიც კი არ უთქვამს იმ ადამიანებისათვის, რომელთაც უსამართლო ცილისწამებით გული ატკინეს მას; მაგრამ პატრიარქობის პირველივე დღეებიდანვე იგი მტკიცე და შეუვალი იყო ეროვნული და საეკლესიო ინტერესების დაცვაში.

XX საუკუნის 90-იანი წლების ახალგაზრდობა, ვერც მომდევნო თაობა სიღრმისეულად ვერ გაიაზრებს 60-80-იანი წლების საბჭოთა პოლიტიკური სისტემის რეალობას. ამ დროს ბეწვის ხიდზე უნდა გევლო, რათა შეგენარჩუნებინა შენი მრწამსი, გებრძოლა მრევლთან მისასვლელ გზებზე ხელისუფლებისაგან შექმნილ დაბრკოლებათა გადასალახავად.

უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის მზარდმა ავტორიტეტმა ოფიციალური ხელისუფლება შეაშფოთა. მათ დაიწყეს ეკლესიის შიგნით დასაყრდენი ძალის ძიება, რათა შიდასაეკლესიო არეულობით ეკლესიის მიმართ საზოგადოების უნდობლობა  გამოეწვიათ. ამას ემსახურებოდა 1982-1983 წლების საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მოვლენები, როდესაც არნახული შეტევა დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის მიერ მიღებული დადგენილება "მავნე ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ ბრძოლა" ფაქტობრივად ეროვნული და სარწმუნოებრივი ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ბრძოლას შეეწირა რამდენიმე მაღალი იერარქიც.

პატრიარქი ჩვეული სიბრძნითა და შეუპოვრობით ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდიდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტს. ოფიციალური ხელისუფლების სურვილი - საქართველოს ეკლესია თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოეყენებინა - უშედეგოდ დამთავრდა.

1983 წელს, მოსკოვის მითითების შესაბამისად, საქართველოში დიდი ზეიმით უნდა აღენიშნათ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პატრიარქს მოსთხოვა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიაც გამოხმაურებოდა ამ მნიშვნელოვან თარიღს. მაშინ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო გადაწყვეტილება, აღენიშნა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 1500, ავტოკეფალიის აღდგენიდან 65 და თავისი პატრიარქად აღსაყდრებიდან 5 წლისთავი. საქმეში ჩაუხედავი ზოგიერთი პიროვნება კი ამტკიცებდა, თითქოს მისი უწმიდესობა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ერიდებოდა ოფიციალურ საერო ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. კონფრონტაცია-დაპირისპირება არ არის მისი უწმიდესობის ცხოვრების წესი, მაგრამ 1980 წლის დასაწყისში უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის წერილი, გაგზავნილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ პატარიძისადმი, ბევრ კითხვას სცემს პასუხს. საქმე ეხება საერო ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესია-მონასტრებში საკონცერტო ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
"ჩვენთვის გაუგებარია, - წერდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II,- რატომ ანგარიში არ გაუწიეს იმას, რომ შიომღვიმის მონასტერი მოქმედი მონასტერია, ამ მონასტერს ჰყავს წინამძღვარი და აქ ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა; ხომ საკითხავია, რა უნდა ქართულ მონასტერში ორღანს?.. გადავავლოთ თვალი სხვა ტაძრების მდგომარეობასაც. მეტეხის ტაძარში, სადაც დაკრძალულია წმიდა დიდმოწამე შუშანიკი, ახალგაზრდული თეატრია, სპექტაკლები და ცეკვები იმართება; ბიჭვინთის დიდებულ ტაძარში, სადაც იყო კათედრა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამჟამად ორღანია და კონცერტები იმართება; თბილისში წმიდა ნიკოლოზის ეკლესია საკონცერტო დარბაზადაა ქცეული; ანჩისხატის საპატრიარქო ტაძარში სახელოსნოა, ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში აბანოა, წყნეთის ეკლესიაში - პურის საცხობი. საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მრავალი მონასტერი, ეკლესია გადაქცეულია საწყობებად, სახალხო გართობისა და დასასვენებელ ადგილებად. მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან უძველეს სიწმიდეებს. ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ეკლესია-მონასტრები ჩვენმა წინაპრებმა სალოცავად ააშენეს და არა გასართობ ადგილებად... ჩვენ სინანულით მივსტირით ათონის ივერთა მონასტერს, იერუსალიმის ჯვრის მონასტერს იმ დროს, როდესაც საქართველოში არსებულ ტაძრებსა და მონასტრებს უდიერად ვექცევით... მე, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ვალდებული ვარ ღვთისა და ერის წინაშე, ვთქვა გულწრფელი, გულმართალი სიტყვა ამ უაღრესად დიდი და სულიერად ფაქიზი საქმის შესახებ"[27, 6578].

1983 წლის 18 ნოემბერს  ქართველ ახალგაზრდებს (სოსო წერეთელს, ძმებ ივერიელებს, გეგა კობახიძეს, დავით მიქაბერიძეს),  რომელთაც საბჭოთა სინამდვილისადმი პროტესტის ნიშნად თბილისის აეროპორტიდან სცადეს თვითმფრინავის გატაცება და უცხოეთში გაქცევა, საბჭოთა სასამართლომ ულმობელი განაჩენი გამოუტანა - ისინი უნდა დაეხვრიტათ, მათ შორის -  ბეთანიის მონასტრის მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც იმ თვითმფრინავში არ იმყოფებოდა. ოფიციალური ხელისუფლება  საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით შეეცადა საზოგადოებრივი აზრის შექმნას დახვრეტის მუხლის მხარდასაჭერად, მაგრამ მეცნიერებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ახალგაზრდების დასაცავად. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1984 წლის 14 აგვისტოს საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს პავლე გილაშვილს: "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდისა და ჩემი სახელით, მოგმართავთ თხოვნით თქვენ და პრეზიდიუმის წევრებს, შეიწყალოთ და სიცოცხლე შეუნარჩუნოთ მათ, ვინც დაკავშირებულნი არიან თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან"[27, 10708]; მაგრამ ხელისუფლებას საზოგადოების დაშინების მიზნით მათი დახვრეტა გადაწყვეტილი ჰქონდა და სასწრაფო წესით აღასრულა განაჩენი.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II შეუვალი და მტკიცე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების აღორძინების, ახალი მღვდელთავრების კურთხევის საქმეში და არ ითვალისწინებდა ოფიციალური ხელისუფლების  "რეკომენდაციებს".

დღეს სიამაყით ვამბობთ, რომ 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, მაგრამ ეს იოლად არ მომხდარა. 1977-1990 წლებში სტამბულსა და თბილისში არაერთი დაძაბული მოლაპარაკება გაიმართა. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბერძენმა მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ წმიდა მირონს თავიანთი ხარჯებით გამოგზავნიდნენ ხოლმე. პატრიარქი წამოდგა, მისი სახე შეუვალი გახდა. - ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს, ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიური ეკლესია მირონს კონსტანტინოპოლიდან იღებს, ვერავინ იკისრებს, - განაცხადა მან.

პატრიარქი დაემშვიდობა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს... შეთანხმება ვერ შედგა. ბერძნები წავიდნენ, აეროპორტიდან დარეკეს მსოფლიო საპატრიარქოში და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის პოზიციის შესახებ მოახსენეს. მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის მიერ წამოყენებული პირობები.

XX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ცხოვრებამ დიდი გამოცდა მოუწყო როგორც მთელ ერს, ასევე საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. 1989 წლის 9 აპრილს საქართველო იყო ერთიანი და დიადი. მართალია, მთავრობის სასახლესთან სისხლი დაიღვარა, მაგრამ ზნეობრივად ამაღლებულმა ქართველმა ერმა დაამარცხა საბჭოთა იმპერია. ვერც კომენდანტის საათი და ვერც თბილისის ქუჩებში მოგრიალე ტანკები ვეღარ შეაჩერებდნენ ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ.

სამწუხაროდ, ქართველთა ეს ერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. თავი იჩინა პირადმა ამბიციებმა, შექმნილი ვითარების რეალურად შეუფასებლობის ტენდენციებმა,  გაჩნდა უამრავი პოლიტიკური პარტია თავისი ლიდერებით, დროშებითა და ჰიმნებით. თითოეული მათგანი ქართველ ხალხს ჰპირდებოდა სანუკვარ თავისუფლებას, ეკონომიკურ სასწაულებს, ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის მრავალფეროვან მოდელებს. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები ხვდებოდნენ უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, საკუთარ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდნენ უწმიდესთან გადაღებულ ფოტოებს და ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ უწმიდესი და უნეტარესი იწონებდა მათ პროგრამას. უწმიდესი და უნეტარესი ილია II მამაშვილურად განუმარტავდა მათ, რომ საქართველოში ადგილი არ უნდა ჰქონოდა დაპირისპირებას, რომ პარტიებად ქვეყნის დაყოფას კარგად გამოიყენებდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის მტრები, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა უნდა ეყრდნობოდეს მაღალზნეობას და არა ურთიერთუპატივცემულობასა და  ცილისწამებას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია არის არა ცალკეული პარტიებისა და პიროვნებების ინტერესების გამომხატველი, არამედ იგი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ, რომ ეკლესია არასოდეს არ უნდა ჩაერიოს წვრილმან პარტიულ დაპირისპირებაში.

მიუხედავად იმისა, რომ უწმიდესისა და უნეტარესის ამ მკაფიო, მართალმა პოზიციამ პოლიტიკური პარტიის ბევრი ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია, დრომ დაამტკიცა მისი მართებულობა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არაერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს ურთიერთპატივისცემისა და შერიგებისაკენ,  გამოთქვა მზადყოფნა მათ შორის მოლაპარაკებების საპატრიარქოში ჩატარებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო 1991-1992 წლებში შიდადაპირისპირებათა და გარე ძალების მეშვეობით სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გაეხვია. "ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არ არის, - აღნიშნავდა მისი უწმიდესობა, - ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით... ერი დაიყო ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში, ოჯახებში... მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს. განა შეიძლება ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?"[33, I, 275].

უწმიდესი და უნეტარესი ილია II მტკიცე, შეუვალი და პრინციპული იყო რუსეთის რეაქციული ძალების მიერ აფხაზეთსა და შიდა ქართლში ინსპირირებული კონფლიქტების შეფასებაში. იმ დროს, როდესაც საერო ხელისუფლება იარაღის ძალით იქნა დამხობილი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იყო ერთადერთი, რომელიც გამოხატავდა ქართველი ერის სულიერ და პოლიტიკურ ინტერესებს. პატრიარქმა საგანგებო წერილით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, მსოფლიო პატრიარქს, რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის პატრიარქს. მან დაუფარავად მიანიშნა რუსეთის აგრესიაზე ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ და, როგორც 1922 წელს _ უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, დახმარებოდნენ საქართველოს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში XX საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებული მოვლენებით შეძრწუნებულ თანამემამულეებს ამ სიტყვებით მიმართა: "ჩვენს სწრაფად ცვალებად და ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა, გადალახოს ცხოვრების გზის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვიყვანოს"[30, 437].

უწმიდესმა და უნეტარესმა 1993-2007 წლებში კვლავ იმოგზაურა საქართველოს ყველა კუთხეში, შეხვდა მოსახლეობას, ადგილობრივ ინტელიგენციას, სასულიერო პირებს და მოუწოდა მათ, რომ არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, რაგინდ მიმზიდველი პროგრამაც უნდა ჰქონოდა, არ დაეყენებინათ ქართველი ერის ერთიანობის ინტერესებზე მაღლა, რომ ის გამოცდა, რომლის წინაშეც  უფალმა ქართველი ხალხი დააყენა, დაფიქრებისა და სულიერი ამაღლების საფუძველი უნდა გამხდარიყო...

XX საუკუნის მიწურულს საქართველოში მრავლად არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა აშკარად, დაუფარავად  გაილაშქრა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციათა მრავალრიცხოვან ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას აფერხებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, რომელიც, მათი აზრით, შუასაუკუნოებრივი ტრადიციების დამცველი იყო. ამ ორგანიზაციებმა შეადგინეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გათანამედროვეობის მრავალი პროექტი, სცადეს ეკლესიის შიგნით დასაყრდენის მოპოვება, დაიწყეს ეროვნული ღირებულებების გამოცხადება ჩამორჩენილ აზროვნებად. ისინი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ლიბერალიზაციას მოითხოვდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პასუხი ამ გამოწვევებზე კარგად ჩანს უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის საახალწლო, სააღდგომო და საშობაო ეპისტოლეებში, საკვირაო ქადაგებებში. ვინც გულდასმით გაეცნობა მათ, დაინახავს 1990-2007 წლების საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების ობიექტურ სურათს. `ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს. ასეთი ადამიანები სულიერებაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მსგავსად განიხილავენ. მათ არ ესმით, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე, ქრისტეს ეკლესია კი არის სულიწმიდის მადლით განახლებული სიცოცხლე ქრისტესთან და ქრისტეში~[30, 435], - წერდა მისი უწმიდესობა.

გასაოცარი იყო ეკლესიის არაკეთილმოსურნეთა აქტიურობა 2002-2004 წლებში, განსაკუთრებით - სამების საკათედრო ტაძრის გახსნის წინ. მავანნი ამტკიცებდნენ, რომ ეკონომიკურად შეჭირვებულ საქართველოში მიზანშეუწონელი იყო ასეთი გრანდიოზული მასშტაბის ტაძრის მშენებლობა. ცნობისმოყვარე ჟურნალისტები პატრიარქს სთხოვდნენ, გამოეთქვა თავისი აზრი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირთა შესახებ. პატრიარქმა მშვიდად, ღიმილით უპასუხა მათ - სამების საკათედრო ტაძრის გახსნა ყველა კითხვაზე პასუხს გასცემსო. იგი არც შემცდარა. 2004 წლის 23 ნოემბერს, წმიდა გიორგობის დღესასწაულზე, საოცარი სანახავი იყო საქართველოს დედაქალაქი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა მოქმედი ეპარქიიდან ათასობით მორწმუნე, ეპარქიის მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების თანხლებით, წმიდა ხატებითა და საეკლესიო დროშებით ელიას მთაზე წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე მიიჩქაროდა. მრავალრიცხოვანი მორწმუნენი იყვნენ მცხეთა-თბილისის ეპარქიის ეკლესიებიდანაც. სამების საკათედრო ტაძრის ეზოსა და შემოგარენში ასი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ეს იყო საუკეთესო პასუხი ეკლესიის არაკეთილმოსურნეთა მიმართ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუფარავად აღნიშნა, რომ მან თვითონ ნახა იმ გეგმათა მონახაზი, რომელიც საქართველოს ეკლესიის დაშლას ითვალისწინებდა და, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

უწმიდესი და უნეტარესი თავისუფალი აზროვნებითა და ქცევით გატაცებულებს შეახსენებს: "სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსებითა და პასუხისმგებლობით ხასიათდება. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს, შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და ააშენოს სრულფასოვანი სახელმწიფო"[30, 227]. უღირსებო ერის დამონება ყველაზე ადვილია. საუკუნეთა მანძილზე მტრები ყოველთვის ცდილობდნენ, ქართველ ხალხში ჩაეკლათ ეროვნული ღირსების გრძნობა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. უკიდურესი განსაცდელის ჟამს ერის წიაღიდან ამოიზარდნენ ზნეობრივად და სულიერად გაუტეხელი გმირები წმიდა შუშანიკის, წმიდა მეფე არჩილის, წმიდა აშოტ კურაპალატის, წმიდა დემეტრე თავდადებულის, წმიდა ცოტნე დადიანის, წმიდა ბერი თევდორეს, წმიდა ლუარსაბ II-ის, წმიდა ქეთევან დედოფლის, წმიდა ილია მართლის, წმიდა კირიონის, წმიდა ამბროსი აღმსარებლისა და სხვათა სახით, რომელთა მოწამებრივი ცხოვრება იყო ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების დაცვისა და სულიერი სიმტკიცის დიადი მაგალითი.

XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოსათვის აქტუალურია საკითხი, როგორ იპოვოს თავისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში. უწმიდესი და უნეტარესი აფრთხილებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უყვარს საკუთარის უარყოფის ხარჯზე სხვისი მიბაძვა: "პოსტიმპერიულ საზოგადოებაში ხშირ შემთხვევაში უჩნდებათ არასრულფასოვნების განცდა, რაც მათ დამოუკიდებლობის მოპოვების ნაცვლად ხშირად ახალი "კეთილი ბატონის" ძიებისაკენ უბიძგებს. ამას შეიძლება პირობითად პროვინციალიზმი ვუწოდოთ, როცა არასრულფასოვნების განცდის გამო ხდება უპირობო აღიარება სხვისი პრიმატისა, მაქსიმალური დამსგავსება და მონური ლტოლვა მისადმი, საკუთარი ფასეულობების უგულებელყოფის ხარჯზე"[30, 427]. სამწუხაროა, მაგრამ ამ საშიშროების წინაშე რეალურად აღმოჩნდა ქართველი საზოგადოება. პატრიარქი ღიად აცხადებს: "თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისაკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს საზოგადოებრივი ცხოვრებისას"[30, 426].

ჩვენი საზოგადოება იმდენად გაიტაცა ევროამერიკულ პროცესებში ინტეგრაციის პროპაგანდამ, რომ, ჩვენდა სამარცხვინოდ, დაგვავიწყდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღები. არც მარაბდობა, არც დიდგორობა, არც კრწანისობა გვახსოვს. სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებიდან და სახელმძღვანელოებიდან თანდათან ქრება სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მქონე მასალა, რომელიც ეროვნულ სიამაყესა და ქართველობას აღვივებდა ახალგაზრდობაში. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი მეზობლებისათვის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია იმას ეფუძნება, რის დავიწყებასაც ჩვენ ვცდილობთ. უწმიდესი და უნეტარესი ილია II გვაფრთხილებს: "როგორც ადამიანისათვის მიწიერი სურვილებით გატაცება არის დიდი ცოდვა და უაზრობა, ასევე უაზრობაა სახელმწიფო ინტერესების შემოფარგვლა მარტო ყოფითი პრობლემებითა და მიწიერი საკითხებით. თუ ხელისუფლებას სურს, არ ჩაეფლოს ამაოების ჭაობში და არ უნდა, საზოგადოების წევრები გაწიროს უმიზნო ყოფისათვის, მას ყოველთვის და ყოველ საქმეში ცათა სასუფეველი უნდა ჰქონდეს და ყველგან და ყველაფერში ქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრებას უნდა ცდილობდეს. ასეთი სახელმწიფოა სიცოცხლისუნარიანი, სულით ძლიერი და გაუტეხელი. აუცილებელია, რომ საქართველომ, როგორც ძველმა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, იხელმძღვანელოს ქრისტიანული ეთიკით და ააშენოს ეროვნული სახელმწიფო ჩვენს ტრადიციებსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაყრდნობით"[30, 426].

ეროვნული სახელმწიფოს აშენება, ეროვნულობის, ქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრდება გარეგნულ ეფექტებს გამოდევნებით შეუძლებელია. ყველაფერ ამას დიდი ნებისყოფა და სულიერი სიმაღლე სჭირდება. საზოგადოების არც ერთი წევრი თავს დამცირებულად, უსასოოდ არ უნდა გრძნობდეს. უწმიდესი და უნეტარესი ბრძანებს: "იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია, უფრო მეტად, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს"[30, 431]. პატრიარქი იმ ადამიანთა საყურადღებოდ, ვისაც საქართველოს ეკლესიის დაშლა-დანაწევრება სურთ, აცხადებს, რომ ეკლესია შეუვალია და ამაოა მათი იმედები, ვინც ამაზე ოცნებობს.

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ინტერესები ერის სულიერი წინამძღოლის დიდ სიფხიზლესა და ყურადღებას მოითხოვს. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბრძენი წინამძღოლია. ყველა ქართველმა უნდა დაიმახსოვროს მისი სიტყვები: "მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანები, ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს. მიწიერ საცდურზე ნუ გავცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვინ იქნება"[30, 435].


წყაროები და ლიტერატურა:

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3


სერგო ვარდოსანიძე

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.

თავი IX. უკვდავებაში გარდასულ სახეთა არდავიწყება

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს დიდ წინაპართა სახელებს, მათ ხსოვნას. უწმიდესი და უნეტარესი წმინდანებად შერაცხულ ქართველ მეფეთაგან განსაკუთრებით გამოარჩევს წმიდა მირიანს, წმიდა ვახტანგ გორგასალს, წმიდა არჩილს, წმიდა დავით აღმაშენებელს, წმიდა თამარს, ლუარსაბ წამებულს, წმიდა ქეთევან დედოფალს... საეკლესიო კალენდრის მიხედვით მათი ხსენების დღეებში წირვის შემდეგ პატრიარქი მრევლს არაერთხელ ესაუბრა მათ სულიერ სიმაღლეზე, სამშობლოსათვის თავდადებაზე. უწმიდესი ხშირად სტუმრობს გელათის მონასტერს.

დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მის დიად საქმეთა  შეხსენებით ქართველობას განუმტკიცებს წარსული ისტორიით აწმყოსა და მომავლის რწმენას. პატრიარქი ხშირად იხსენებს ქართლ–კახეთის მეფის, ერეკლე II-ის მიერ სამშობლოსათვის თავგანწირვას, კრწანისის ბრძოლას, სადაც 75 წლის მოხუცი მეფე უკანასკნელად გავიდა ბრძოლის ველზე. უწმიდესმა და უნეტარესმა 300 არაგველის ბაღში არაერთხელ გადაიხადა პარაკლისი აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მეომართა სულების მოსახსენებლად. მანვე   გადაარჩინა 300 არაგველის ბაღი გასხვისებას. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა 1987 წლის 20 ივლისს, წმიდა სინოდის თანხმობით, დიდი ქართველი მწერალი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული მეთაური ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. წმიდა ილია მართალი XX საუკუნის დასაწყისში სოციალ–დემოკრატების მსხვერპლი გახდა, მისი სახელი იდევნებოდა XX საუკუნის 20_30–იან წლებში, ხოლო 40–70–იან წლებში ხან რევოლუციონერ–დემოკრატად, ხან კი განმანათლებლად იწოდებოდა. წმინდანად შერაცხვის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა ქართველი ერის, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.. პატრიარქმა აღასრულა ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლის - აკაკი წერეთლის წინასწარმეტყველება: თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც უკვდავი იქნებიო. წმიდა ილია მართლის უკვდავება 1987 წლიდან დაიწყო.

უწმიდესი და უნეტარესი ილია  II სამართლიანად თვლიდა, რომ ცოტნე დადიანის გმირობა და მოყვასისათვის თავდადება საკმარისი იყო მისი წმინდანად კანონიზაციისათვის. 1999 წლის 26 ოქტომბერს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირი ცოტნე დადიანი წმინდანად შეირაცხა. პატრიარქმა ასევე უკვდავყო XVII–XVIII საუკუნეებში სპარსეთში დაღუპულნი "წმიდა მოწამენი ქართველნი", სარწმუნოებისათვის თავდადებულნი ლაზნი, საქართველოს მეფე ვახტანგ III, რომელიც აღესრულა 1303 წელს.

დიდი ქართველი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ყველა ინტელექტუალისათვის ცნობილია. მისი დაუღალავი საქმიანობით XIX–XX საუკუნეთა მიჯნაზე შესაძლებელი გახდა  მრავალი უცნობი ხელნაწერისა და საისტორიო საბუთის მოძიება და გადარჩენა. ფასდაუდებელი იყო მეცნიერის მიერ მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციები როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე - თურქეთის საქართველოში, ისტორიულ ტაო–კლარჯეთში. ექვთიმე თაყაიშვილი პატრონობდა 1921 წელს ემიგრაციაში წასული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატანილ ქართულ სიწმინდეებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამ დიდმა ადამიანმა ბოლშევიკური  ხელისუფლებისგან დამცირება, შეურაცხყოფა, ცილისწამება და მრავალი უსიამოვნება გადაიტანა. იგი აღესრულა 1953 წელს. ქართველი საზოგადოება სინანულით იხსენებს მეცნიერის სამშობლოში ცხოვრების ბოლო წლებს. მრავალი წიგნი და სამადლობელი წერილი მიეძღვნა მის ხსოვნას, მაგრამ ყოველივე ეს მის დამსახურებასთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ 2002 წლის 18 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოწამებრივად აღსრულებული ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეს ისტორიული გადაწყვეტილება დიდი ადამიანის უკვდავებისა და შთამომავლობის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების უბადლო მაგალითია.

საუკუნეთა მანძილზე ქართველ წმინდანთა შესახებ ცნობები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ბევრი წყარო დაიკარგა, ბევრი ღირსეული მოღვაწე თავის დროზე ვერ იქნა სათანადოდ დაფასებული. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ საპატრიარქოში შექმნილ წმინდანთა კანონიზაციის კომისიას (ხელმძღვანელი ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი) დაავალა,  მოეძია მასალები საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებებზე, რათა წმიდა სინოდის სხდომებზე მოეხდინათ მათი წმინდანებად შერაცხვა. 1996 წლის 23 დეკემბერს წმინდანებად შეირაცხნენ წმიდა ნინოს მშობლები - ზაბილონი და სუსანა, 2002 წლის 18 ოქტომბერს _ ქართლის პირველი კათოლიკოსი  პეტრე I, კათოლიკოსი სამოელ I, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი მელქისედეკ I,  XVI საუკუნის საეკლესიო მოღვაწე ზოსიმე კუმურდოელი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ ეპისკოპოსების: გაბრიელის, ალექსანდრეს, მიტროპოლიტ ნაზარისა და სამღვდელო კრებულის, მღვდელ–მონაზონ ალექსი შუშანიას, ილარიონ ყანჩაველის, გრიგოლ ფერაძის, ექვთიმე კერესელიძის, იოანე მაისურაძის, გიორგი მხეიძის, მიტროპოლიტების: დოსითეოზისა და  ექვთიმეს  წმინდანებად შერაცხვით ისტორიული სამართლიანობა აღადგინა.

1995 წლის 18–19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ამბროსი  წმინდანად შერაცხა. როდესაც პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება ამცნო კრების მონაწილეებს, ცრემლი ვერ შეიკავა. ეს იყო სინანული იმ ადამიანთა ნაცვლად, რომელთაც ქართველი ხალხის პოლიტიკური და ეკლესიური თავისუფლებისათვის მებრძოლ კათოლიკოს ამბროსის მრავალი უსიამოვნება მიაყენეს, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი სამშობლოს ღალატის ბრალდებით ციხეშიც კი გამოკეტეს.  კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ თავის სასამართლო პროცესზე  ქრისტეს სიტყვებით მიმართა მრევლს: "ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირით ჩემდა, არამედ იტირეთ თავთა თქვენთა და შვილთა თქვენთა“. წმიდა ამბროსი აღმსარებელი ახლად შერაცხულ წმინდანთა დასში გამორჩეულად ბრწყინავს.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეცნიერ ისტორიკოსებთან მრავალწლიანი კონსულტაციების შემდეგ კიდევ უფრო სრულად გაიაზრა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ავტოკეფალიური მოძრაობის  მეთაურის, დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის კირიონ II-ის ღვაწლი. კირიონ II–მ მრავალი დაბრკოლება, ცილისწამება, დევნა–გადასახლება გადაიტანა, მაგრამ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტია. მან აღასრულა თავისი სიტყვები: "მამულიშვილობის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ჰკიდიაო“ და 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოწამეობრივად აღესრულა. ქართველ მეცნიერთა და სასულიერო წრეებში ოთხმოც წელზე მეტ ხანს არ შეწყვეტილა დავა და აზრთა ურთიერთჭიდილი, თუ რა მოხდა 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უწმიდესი კათოლიკოს–პატრიარქის, კირიონ II-ის წმინდანად შერაცხვით ღირსეულად დააფასა დიდი წინამორბედის ღვაწლი ქართველი ერისა და დედაეკლესიის წინაშე.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ასეთივე პატივი მიაგო სამშობლოდან უსამართლოდ დევნილი ბაგრატოვანთა სამეფო სახლის წარმომადგენლის, 1815 წელს ტრაპიზონში აღსრულებული იმერთა მეფის სოლომონ II–ის ხსოვნას: 1990 წელს პანაშვიდები გადაუხადა სიონისა და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრებში, ხოლო 2005 წლის 27 ივნისს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი თავდადებული მეფე წმინდანად შერაცხა. პატრიარქმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ  ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსეულ პატივს მიაგებს დიდ წინაპართა ხსოვნას.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II დიდ წინამორბედთა საქმის ღრსეული გამგრძელებლი და, ამავე დროს, მათი ღვაწლის საოცარი დამფასებელია. იგი არაერთხელ შეხებია 1927–1932 წლების საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმძიმეს მდგომარეობას და აღუნიშნავს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის ალღო და მოქნილობა, ახალ საბჭოთა ხელისუფლებასთან დიალოგი და თანამშრომლობა, რომლითაც მან სრული განადგურებისგან იხსნა საქართველოს სამოციქულო ეკლესია.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ 1979 წელს საპატრიარქოში შექმნა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც  უნდა მოეძია მასალები უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს შესახებ. შეიკრიბა უწმიდესი კალისტრატეს თანამედროვეთა მოგონებები, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა დიდი პატრიარქის ღვაწლი და დამსახურება. Mმისი უწმიდესობა ილია II სტუდენტობის პერიოდში არაერთხელ შეხვედრია უწმიდეს და უნეტარეს მელქისედეკ III–ს. უწმიდესსა და უნეტარესს მისალოც ბარათებში ლაკონურად, მაგრამ სრულად წარმოუჩენია უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს–პატრიარქების: ეფრემ II–ისა და დავით V–ის ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე.

პატრიარქი ერთნაირად ყურადღებიანია მღვდელმთავრებისა და რიგითი სასულიერო პირების მიმართ. მან პატივი მიაგო სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერს _ პახუმ ობოლაძეს, მიტროპოლიტებს: გიორგის (ღონღაძე), ზინობს (მაჟუგა), გრიგოლს (ცერცვაძე), კონსტანტინეს (მელიქიძე).

უწმიდესი და უნეტარესი საოცრად მიმტევებელია. ამის დასტურია პატრიარქის პატივისცემა ბათუმ–შემოქმედელი მიტროპოლიტების - რომანოზისა (პეტრიაშვილი) და შიოს (ავალიშვილი) მიმართ, რომელნიც თავის დროზე  მისი უწმიდესობის შეურიგებელი ოპონენტები იყვნენ. ისინი, პატრიარქის გადაწყვეტილებით, სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. ხოლო როდესაც გარდაიცვალა ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსყოფილი იოანე (ანანიაშვილი), უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო  გადაწყვეტილება მისი სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალვის შესახებ.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი პატივი მიაგო მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის, გიორგი ჭანტურიას, აკაკი ბაქრაძის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. 2007 წელს გროზნოდან საქართველოში გადმოასვენეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ნეშტი. ქართველი ხალხი თვალცრემლიანი მიაცილებდა მრავალტანჯული ადამიანის ცხედარს სვეტიცხოვლის ტაძრიდან მთაწმინდისაკენ. Uუწმიდესმა და უნეტარესმა თვითონ გადაუხადა პანაშვიდი განსვენებულ პრეზიდენტს.

მისი უწმიდესობა განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობა ბაგრატოვანთა სამეფო სახლის წარმომადგენლებს, მიიჩნევს, რომ ბაგრატიონებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი საქართველოსათვის. იგი არ გამორიცხავს საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის ისეთი სახით აღდგენის შესაძლებლობას, როცა მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, XX საუკუნის 90–იან წლებიდან განახლდა ბაგრატიონთა სამეფოს სახლის გარდაცვლილ წევრთა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალვის პროცესი.

სიონის საპატრიარქო ტაძარში შაბათობით შავოსანი ადამიანები იკრიბებიან. მათ სახეზე უდიდესი ტკივილი და მწუხარებაა აღბეჭდილი. უმრავლესობას ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დაატყდა თავს - ისინი შვილგარდაცვლილი დედები არიან. თუ არა ეკლესია, უწმიდესი და უნეტარესი ილია II–ის ყურადღება, მათი ცხოვრება მაშინ დამთავრდებოდა, როდესაც საკუთარ შვილებს გამოეთხოვნენ. პატრიარქმა მათ უჩვენა სულიერი ცხოვრების გზა ხსნისა.

"ვცხოვრობდი წუთისოფლის ორომტრიალში ყოველდღიური საზრუნავით ჩემს ოჯახთან ერთად, ღმერთი კი რატომღაც არ გვახსოვდა. მაგრამ ღმერთმა თვითონ გაგვახსენა თავისი არსებობა. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბოროტმოქმედის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა ჩემი უფროსი ვაჟი _ 21 წლის კახაბერი. დრო თითქოს გაჩერდა, შიშმა შემიპყრო, მომავალს ვეღარ ვხედავდი. ერთ დღეს მომინახულა შვილგარდაცვლილმა დედამ. იგი თურმე სიონში არსებული შვილგარდაცვლილი დედების ჯგუფში იყო და უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, გარდაცვლილი შვილებისათვის შეკვეთილ წირვებს ესწრებოდა. მან ეკლესიაში წამიყვანა და იქიდან დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება. დავდიოდი წირვა–ლოცვებზე, ვისმენდი მოძღვრისა და თვით უწმიდესისა და უნეტარესის ქადაგებებს. ვგრძნობდი, რომ ჩემი გონება უკვე სხვაგვარად აზროვნებდა. მივხვდი, რომ რწმენის გარეშე სიცოცხლე ბნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელი იყო. ახლა კი არის წუთები, როდესაც გული სიხარულით მევსება და ეს მომავალ ცხოვრებაში შვილთან შეხვედრის სიხარულია, რომელიც ადრე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა; მაგრამ წინ დიდი გზაა განსაცდელებით სავსე წუთისოფლისა და მის გაკაფვაში მისი უწმიდესობა დიდად გვეხმარება. პატარა ბავშვივით გულში გვიხუტებს და გვეფერება, ჩვენი განცდა გულთან მიაქვს და გვარიგებს, რომ უსაზღვრო გლოვა და გოდება, ტირილი ამძიმებს ჩვენი  შვილების უკვდავ სულებს და ვამძიმებთ ოჯახურ ცხოვრებასაც... მადლობა უფალს და მის უწმიდესობას, რომ გვიხსნა სულიერი სიბრმავისაგან, აგვაცილა იმ განსაცდელს, რომელიც ჩვენი წარსული ურწმუნოებითი ცხოვრების მიხედვით საუკუნო ცხოვრებაში გველოდებოდა“[43, 54-55], – წერს ლიანა ბარნოვა.

უწმიდესისა და უნეტარესის ღვაწლით, შვილგარდაცვლილი დედები მრავალი კეთილი საქმის აღმსრულებელნი არიან. მათთვის მისი უწმიდესობა რწმენის, იმედის, სიხარულისა და სიყვარულის ხატებაა. აუღელვებლად ვერ წაიკითხავ იმ მრავალრიცხოვან სამადლობელ ბარათებს, რომლებიც შვილგარდაცვლილმა დედებმა მის უწმიდესობას გაუგზავნეს. საპატრიარქოს არქივის გამგემ, ქალბატონმა მზია კაცაძემ 1987 წლის 6  დეკემბერს ორი შვილი - მიხეილი და მაიკო დაკარგა. `მყავს ორი შვილი მიხეილი და მაიკო, ამჟამად მკვიდრნი ზეციური საქართველოსი, – წერს ქალბატონი მზია, – როგორც ყველა დედა, იმდენად ვიყავი ჩემი შვილების სიყვარულით დაბრმავებული, რომ თვით ღმერთიც კი არ მახსოვდა. არაფერი მინდოდა ამქვეყნად გარდა იმისა, რომ ისინი კარგ მამულიშვილებად აღმეზარდა. შედეგითაც არ ვიყავი უკმაყოფილო. მშობელთა კრებებიდან სიხარულისგან თავბრუდახვეული ვბრუნდებოდი. რა თქმა უნდა, ჩემს შვილებს წამით გვერდიდან არ ვიშორებდი, მაგრამ იმ საღამოს, მეც არ ვიცი, როგორ, ახლობლების დაჟინებული თხოვნით, მე და ჩემმა მეუღლემ ისინი მარტო დავტოვეთ და მეგობრის ქორწილში წავედით. რამდენიმე საათში უკან მობრუნებულებს ჩვენი სახლის წინ სახანძრო მანქანები და უამრავი ხალხი დაგვხვდა. ჩემი სახლ–კარი ცეცხლის ალში იყო გახვეული და ჩემი ორი შვილიც შიგნით იყო. ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით მე და ჩემი მეუღლე. ბოლომდე არ მინდოდა დამეჯერებინა, რაც შემდგომ მოხდა. სიმართლის თქმას ვერავინ მიბედავდა. მე თვითონ მივხვდი ყველაფერს, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა... დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა _ მე და ჩემს მეუღლეს შვილების დასაფლავების შემდეგ თავი მოგვეკლა, მაგრამ, სანამ ამას ჩავიდენდით, მივსულიყავით საქართველოს პატრიარქთან და გვეკითხა, თუ ღმერთი მართლა არსებობს, ასე რატომ გაგვიმეტა.

ამ დროს ოჯახის ახლობელმა შეგვატყობინა, რომ ჩვენთან ოჯახში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II მობრძანდებოდა. ოთახში კათოლიკოსის შემობრძანებისთანავე რამდენიმე წუთის წინ სიგიჟის ზღვარზე მისული გააფთრებული დედა, ახლა უკვე გაწონასწორებული, წამოვდექი, სწრაფი ნაბიჯებით გავეშურე მისი უწმიდესობისკენ, დავემხე მის მუხლებთან, მჭიდროდ შემოვხვიე ხელები, გულში ჩავიკარი და შველა ვთხოვე. მან ფრთხილად წამომაყენა და მოძღვარს თვალით ანიშნა, რომ პანაშვიდი დაეწყო. საეკლესიო წესის შესრულების შემდგომ პატრიარქმა ბრძანა: "თქვენ ბედნიერი მშობლები ხართ, თქვენი შვილები ანგელოზები არიან, ღმერთი ასეთ უბედურებას დედამიწაზე არ მოაწევდა, მაგრამ ეტყობა ძალიან დასჭირდა თქვენი შვილები და ისინი არა მარტო თქვენ, ბევრ სხვასაც გადაარჩენენო“.

მე და ბედნიერი?, _ ვიფიქრე გონებით, მაგრამ გულით კი ყველაფერი ვიწამე და დამეუფლა საოცარი სიმშვიდე. ეს რამდენიმე წინადადება იქცა ჩემი შემდგომი ცხოვრების სულიერ საზრდოდ. წაბრძანების წინ მისმა უწმიდესობამ მთხოვა, ცრემლებით არ დამემძიმებინა მათი სულები, ფსალმუნები მეკითხა, ეკლესიაში მევლო, საპატრიარქოს კარები მუდამ ღია იქნებოდა ჩემთვის. გადმომცა სანთლები, ხატები, ჯვრები ჩემი შვილებისათვის, შემდეგ გულში თბილად ჩამიკრა და გამომემშვიდობა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა... დავრწმუნდი, რომ სული უკვდავია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ აღდგომითა და ამაღლებით გრძელდება და რომ არსებობს გარდაცვალება და არა სიკვდილი. და რომ გარდაცვალება არის მარადიულობის საწყისი.

თბილისში შვილგარდაცვლილ დედათა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. დიდმა ტკივილმა გააერთიანა ისინი. როგორც მისმა უწმიდესობამ ბრძანა, ასეთი ერთობა შვილგარდაცვლილი დედებისა ერთადერთია ქრისტიანობის ოცსაუკუნოვან მსოფლიო ისტორიაში. დედების ერთად ყოფნა ხომ მართლმადიდებლობის უსიტყვო ქადაგებაა"[43, 9-11].

შვილგარდაცვლილი დედები მრავალ სასიკეთო საქმეთა ინიციატორები არიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა საპატრიარქოსთან არსებულ მოწყალების სახლში, რომელიც დაარსდა 1994 წელს და სადაც ასობით უპოვარ ადამიანს ყოველდღიურად უმზადებენ სადილებს, უტარებენ უფასო სამედიცინო შემოწმებას. "ჩვენმა ერთობამ, – აღნიშნავს ქალბატონი მზია, – მრავალი მშობელი გადაარჩინა იმ საშინელი ცოდვის ჩადენას, რომელსაც თვითმკვლელობა ჰქვია. ახლადშვილგარდაცვლილ მშობლებს, რომლებიც განადგურებულები, იმედდაკარგულები მოდიან სიონში შაბათის წირვაზე, სადაც ისინი ნუგეშინისცემულნი არიან საღვთო მადლით, სითბოთი და სიყვარულით. ბევრ მათგანს თავიდან არც ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წირვა-ლოცვაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ღვთის წყალობით ისინი თანდათანობით თავადაც იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას.“[43, 13].

უწმიდესმა და უნეტარესმა უმძიმესი პირადი ტრაგედიით სულშეძრულ და ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ არაერთი ადამიანს დაუბრუნა ცხოვრების სურვილი. მრავალრიცხოვანი სამადლობელი წერილებიდან მსახიობ გოგი ხარაბაძის წერილი უწმიდესისა და უნეტარესისადმი მკაფიოდ აჩვენებს შვილგარდაცვლილ მშობელთა საოცარ სითბოსა და მადლიერებას ერის სულიერი წინამძღოლისადმი: "ისეთი საოცარი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი იმ საღამოს სიონის საკათედრო ტაძარში, რომ ყველაზე ურწმუნო თომაც კი აღიარებდა ღმერთის არსებობას. 7 აპრილს, ხარებას, თქვენო უწმიდესობავ, კიდევ ერთხელ  მაგრძნობინეთ, რა არაჩვეულებრივი ქვეყნის შვილი ვარ, ქვეყნისა, რომლის სულიერი მამაც თქვენ ბრძანდებით. გმადლობთ რწმენისათვის. გმადლობთ ადამიანური თანადგომისათვის."[27, 10486].

აფხაზეთში დაღუპული ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას დედა, ქალბატონი ნინო (ფენია) დარასელია-შარტავა უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-სადმი გაგზავნილ სამადლობელ წერილში აღნიშნავს: "ხალხის მსახურების გზა ეკლიანია, მაგრამ ამდენად შეუფასებელია საქართველოს პატრიარქის ღვაწლი სრულიად საქართველოსა და პირადად ჩვენი ოჯახის წინაშე. დღეს, მართალია, ფიზიკურად დაუძლურებულნი, მაგრამ სულიერად გაძლიერებულნი, ვავედრებთ უფალს საქართველოს და მის საჭეთმპყრობელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, მადლობა უფალს, მადლობა პატრიარქს ყველაფრისათვის! უფალმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი სათაყვანებელი ქართველი ერის მამა, ერის იმედი, უწმიდესი და უნეტარესი ჩვენი პატრიარქი"[43, 20].

უწმიდესი და უნეტარესი  საოცარ ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს თანაბრად უნაწილებს ყველას, მათ შორის უძღებ შვილებსაც, და ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მაგალითს აძლევს საზოგადოებას. იგი სულიერი სიმტკიცისაკენ მოუწოდებს მათ და აფრთხილებს: "იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი ტარებაც თქვენ არ შეგიძლიათ. სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი და მუდამ გახსოვდეთ, ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება: მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ–სიცოცხლის საკითხს.“[30, 367].


წყაროები და ლიტერატურა:

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3


სერგო ვარდოსანიძე

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.