1905 წლის დეკემბრის შუა რიცხვები, ქ. თბილისი
I. ძირითადი პრინციპები.

§ 1. განმარტება საქართველოს ეკლესიისა. საქართველოს ეკლესია არის მორწმუნე ქართველებისაგან შემდგარი და “ერთის, წმიდის, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის” პრინციპებზე დამყარებული სარწმუნოებრივი საზოგადოება, რომელშიაც და რომლის საშუალებითაც ხორციელდება ამ ქვეყნად “ღვთის სასუფევლის” დედა-აზრი.

§ 2. მისი მიზანი. ამ საზოგადოების მიზანს შეადგენს მისი წევრების სარწმუნოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და მათი ზნეობრივი სრულ-ყოფა ქრისტეს მცნების თანახმად: “იყავით სრული, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულ არს”.

§ 3. სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან ურთიერთობა. როგორც ისტორიულათ, ისე კანონიურათ საქართველოს ეკლესიას აქვს სრული უფლება სხვა ეკლესიათაგან დამოუკიდებლათ იარსებოს; ამას მედგრათ მოითხოვს თანამედროვე ცხოვრებაც. სხვა ეკლესიათაგან დამოუკიდებლობა საქართველოს ეკლესიისა მდგომარეობს: ა) მისი იერარქიის სხვა ეკლესიათა იერარქიისაგან დამოუკიდებლობაში; ბ) ადგილობრივ კანონმდებლობისა და სამართლის უფლებაში და გ) ადგილობრივთა საეკლესიო ჩვეულებათა და სამღვდელო-წესთა სხვაობაში.

§ 4. ეკლესიის ურთიერთობა სახელმწიფოსთან. როგორც ზნეობრივ-სარწმუნოებრივი მიზნით არსებული საზოგადოება, საქართველოს ეკლესია შეეხება თავის წევრებს მარტო ზნეობრივ პრინციპის მხრივ და მიზნად არა აქვს შეეხოს მათ, როგორც წევრებს სახელმწიფოსას ან რომელისამე პოლიტიკური ორგანიზაციისას. მსგავსათვე არც სახელმწიფოს აქვს უფლება ამ საზოგადოების შინაგან წეს-წყობილებასა და ცხოვრებაში ჩაერიოს, რადგან, როგორც ითქვა, ეს საზოგადოება არავითარს პოლიტიკურსა და ეკონომიურს მიზანს არ ესწრაფვის. სახელმწიფო, როგორც ყველგან, ისე ამ შემთხვევაშიც ვალდებულია მხოლოდ უზრუნველ-ჰყოს ამ საზოგადოების წევრთა ნამდვილი სარწმუნოებრივი თავისუფლება (17 ოქტომბრის მანიფესტით აღსარებული) და მის დაწესებულებათა ხელშეუხებლობა ეკლესიის გარეშე მდგომ პირთა და დაწესებულებათაგან. რომ საქართველოს ეკლესიამ სამუდამოთ აიცილოს თავიდან ეჭვი ან ბრალდება ეგრეთ წოდებულს “კლერიკალიზმში” და თანაც სავსებით განახორციელოს თავის წევრთა სინიდისის თავისუფლება, აუცილებლათ საჭიროა – განთავისუფლდეს არა მარტო ეკლესია სახელმწიფოსაგან, არამედ სახელმწიფოც – ეკლესიისაგან: არც სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და არც ეკლესია – სახელმწიფოს საქმეებში.

ამ ძირითად პრინციპების თანახმად უნდა მოეწყოს მთელი შინაგანი ცხოვრება და გარეგანი მდგომაროება საქართველოს ეკლესიისა.

II. საქართველოს ეკლესიის წეს-წყობილება.

ა. ტერიტორია და მისი დაყოფა

§ 5. საქართველოს ეკლესიის ტერიტორიას შეადგენს ქართველის ტომით დასახლებული ადგილები ეხლანდელის თფილისის და ქუთაისის გუბერნიებისა, ზაქათალისა, სოხუმისა, ბათუმისა და ყარსის ოლქთა საზღვრებაში.

შენიშვნა: საკუთარის სურვილით შეუძლიათ საქართველოს ეკლესიას ეკუთვნოდნენ ამ ტერიტორიის გარეშე მცხოვრები ქართველები და, აგრეთვე, არა-ქართველებიც, როგორც ამავე ტერიტორიის საზღვრებში, ისე მათ გარეშეც.

§ 6. მთელი ეს ტერიტორია დანაწევრებულია ოთხ ეპარქიად: ა) კახეთ-ზაქათალისა, ბ) ქართლისა (სამცხე-საათაბაგოჲთურთ), გ) იმერეთ-გურია-სვანეთისა (ამავე ეპარქიაში შედის ბათუმის ოლქიც) და დ) სამეგრელო-სამურზაყანოისა. თვითეული ეპარქია განიყოფება საძმო ოლქებად, ხოლო ეს უკანასკნელნი – სამრევლოებად.

 

ბ. სამღვდელოება და მორწმუნენი.

§ 7. საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებას შეადგენენ: ა) სრულიად საქართველოს კათალიკოს-მამათ-მთავარი, რომელიც იმავე დროს არის მთავარ-ეპისკოპოსი ქართლისა; ბ) სამი ეპისკოპოსი; გ) მღვდლები; დ) დიაკვნები (=მთავრები) და ე) მედავითნეები.

§ 8. ეკლესიის უდიდეს ნაწილს შეადგენენ მორწმუნენი. მორწმუნედ ანუ ეკლესიის წევრად ითვლება ყოველი კაცი და ქალი, რომელსაც ნათელუღია, აღიარებს მართლ-მადიდებლობითს სწავლას და ემორჩილება საეკლესიო წყობილებას. როგორც ეკლესიის წევრად გახდომა, ისე მასში დარჩენა ანუ გასვლა დამოკიდებულია თვით მორწმუნის სინიდისსა და სურვილზე; ხოლო რამდენადაც საქმე ბავშვებს შეეხება, იმათი ეკლესიის წევრებად დატოვება თუ იქიდან გაყვანა მათი მშობლებისა და მზრუნველების სინიდისის საქმეა.

 

გ. მართვა-გამგეობის ორგანოები.

§ 9. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა დამყარებულია კრებითს პრინციპზე. მთელს საქართველოს ეკლესიას თავში უდგას: ა) სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება და ბ) საკათალიკოსო საბჭო კათალიკოსის თავჯდომარეობით; ეპარქიას მოთავეობს: ა) საეპარქიო კრება და ბ) საეპარქიო საბჭო ეპისკოპოსის თავჯდომარეობით; საძმო ოლქს განაგებს: ა) საოლქო კრება და ბ) საოლქო საბჭო; ხოლო სამრევლოს მართავს: ა) სამრევლო კრება და ბ) სამრევლო საბჭო ადგილობრივ მღვდლის დახმარებითა და ხელმძღვანელობით.

 

1. სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, საკათალიკოსო საბჭო და კათალიკოსი.

§ 10. სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. ეს კრება შესდგება 120 წევრისაგან, რომელთა შორის 40 სამღვდელოების წარმომადგენელია (ცხრა-ცხრა ეპარქიებიდან და 4 ქალაქ თბილისიდან), ხოლო 80 მორწმუნეთა დელეგატი (თვრამეტ-თვრამეტი ეპარქიებიდან და 8 ქალ. თბილისიდან). ამათ გარდა კრების მუდმივ წევრებად ითვლებიან ყველა ქართველი ეპისკოპოსები. კრებას თავჯდომარეობს კათალიკოსი, ხოლო, როცა იგი არაა, ერთ-ერთი მღვდელმთავარი კრებისავე არჩევით. კრება ირჩევს საქმის-მწარმოებელსაც. – ამ კრების კომპეტენციას ექვემდებარება: ა) საეკლესიო კანონმდებლობა, ბ) საეკლესიო სამართალი, გ) ყოველგვარი საეკლესიო საქმეების გარჩევა და გადაწყვეტა, დ) პირველის კათალიკოსისა და პირველი საკათალიკოსოს საბჭოს წევრების არჩევა. კრება არის ჩვეულებრივი – სამს წელიწადში ერთხელ და არა-ჩვეულებრივი, როცა საჭიროება მოითხოვს. კრება კანონიერია, თუ მასზე ყველა წევრების 2/3 მაინც გამოცხადდება; თუ კრება პირველ მოწვევაზე ვერ შესდგა, მეორეთ მოწვეული კრება კანონიერია, უკეთუ დაესწრება არა უმცირეს ყველა წევრების 1/3-სა.

§ 11. საკათლიკოსო საბჭო. საკათალიკოსო საბჭო შესდგება 8 წევრისაგან, რომელთა შორის 4 სამღვდელოების წარმომადგენელია და 4 მორწმუნეებისა (თითო-ეპარქიიდან), არჩეულნი სამი წლის ვადით. საბჭოს თავჯდომარეობს კათალიკოსი, ხოლო, როცა იგი არ არის, ერთ-ერთი ეპისკოპოსი, რომელიც ამ შემთხვევისათვის სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მიერ იქნება წინდაწინვე არჩეული. საბჭოს ჰყავს საქმის მწარმოებელი და მისი თანაშემწე, რომელთაც იწვევს თვითონ საბჭო 3 წლის ვადით – ამ ორგანოს კომპეტენციას ექვემდებარება: ყოველგვარი საქმეები სრულიად საქართველოს ეკლესიის შესახებ – საკუთარივ საეკლესიო, სასულიერო-სამოსწავლო და სამეურნეო, რომელთაც მას სრულიად საქართველოს კრება დააკისრებს.

§12. კათალიკოსი. კათალიკოსი არის მხოლოდ “პირველი თანასწორ ეპისკოპოსთა შორის” (მოციქულთა კანონი – 34) და მარტოოდენ შემდეგს საქმეებში ეკუთვნის მას სხვა ეპისკოპოსთაგან განსხვავებული უფლებანი: ა) იგი თავჯდომარეობს საკათალიკოსო საბჭოსა და სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას, ბ) უფლება აქვს მწყემსთ-მთავრულად მიმოიხილოს ყველა ეპარქიები, გ) მისს სახელს იხსენიებენ წირვა-ლოცვის დროს მასზე დამოკიდებული ეპისკოპოსები; საკათალიკოსო საბჭოსთან ერთად მას ეკუთვნის: აა) მზრუნველობა უეპისკოპოსოდ დარჩენილს ეპარქიებზე, ბბ) მიღება საჩივრისა ეპისკოპოსთა და საეკლესიო დაწესებულებათა შესახებ და გამოძიების დანიშვნა; გგ) უმაღლესი ხელმძღვანელობა და ზედა-მხედველობა ყველა საეკლესიო საქმეებისა მასზე დამოკიდებულს ეპარქიებში; დდ) მიცემა დათხოვნითი სიგელებისა იმ ეპისკოპოსთათვის, რომელნიც ეპარქიიდან დროებით სხვაგან სადმე მიდიან; ეე) დასასრულ, იგი ხელმძღვანელობს საეპისკოპოსო კანდიდატების არჩევნებს საეპარქიო კრებაზე; ხოლო სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ხელდასხმას არჩეულ კანდიდატს. მაგრამ დაწყება ისეთის საქმისა, რომელიც მთელს საქართველოს ეკლესიას შეეხება, კათალიკოსს შეუძლია მხოლოდ ყველა დანარჩენ ეპისკოპოსებისა და სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების თანხმობით, - და როგორც სხვა ეპისკოპოსები, იგიც ამავე კრების სამართალს ემორჩილება.

§ 13. კათალიკოსის არჩევა და კურთხევა. კათალიკოსს ირჩევენ ყველა ქართველი ეპისკოპოსები, წარმომადგენელნი სრულიად საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებისა – რიცხვით 30 (რომელთაგანაც 15 ქართლის ეპარქიისაა, რადგან კათალიკოსი ამ ეპარქიისათვის მთავარ ეპისკოპოსადაც ითვლება, ხოლო ხუთ-ხუთი დანარჩენი სამი ეპარქიიდან) და მორწმუნეთა დელეგატები რიცხვით 60 (ცამეტ-ცამეტი ოთხივე ეპარქიიდან და 8 ქალ. თბილისიდან). როცა კათალიკოსის არჩევა გათავდება, კრება წარუდგენს დასამტკიცებლად ხელმწიფეს და, დამტკიცებისა და კურთხევის შემდეგ, აცნობებს ყველა ავტოკეფალურს ეკლესიებს.

 

2. საეპარქიო კრება, საეპარქიო საბჭო და ეპისკოპოსი.

§ 14. საეპარქიო კრება. საეპარქიო კრება შესგდება 90-ის წევრისაგან, რომელთYშორის 30 სამღვდელოების წარმომადგენელია და 60 მორწმუნეებისა. კრებას თავჯდომარეობს ადგილობრივი ეპისკოპოსი, ხოლო როცა იგი არაა, თავჯდომარეს კრება თვითონვე ირჩევს სამღვდელო პირთა შორის. კრებავე ირჩევს საქმის-მწარმოებელსაც. კრება კანონიერია, თუ ყველა წევრების 2/3 გამოცხადდება, ხოლო განმეორებით მოწვევის შემდეგ კრება კანონიერად ჩაითვლება, უკეთუ მას დაესწრება არა უმცირეს ყველა წევრების 1/3-ისა. საეპარქიო კრება არის: ჩვეულებრივი – წელიწადში ერთჯერ და არა-ჩვეულებრივი – საჭიროებისდაგვარათ. – საეპარქიო კრების კომპეტენციას ეკუთვნის: ა) მღვდელმთავრისა, საკათალიკოსო და საეპარქიო საბჭოების წევრთა არჩევა და აგრეთვე არჩევა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებისათვის დელეგატებისა; ბ) ყოველგვარი საეკლესიო საქმეების განხილვა და გადაწყვეტა ეპარქიაში.

§ 15. საეპარქიო საბჭო. საეპარქიო საბჭოს თავჯდომარეობს ეპისკოპოსი, ხოლო როცა იგი არ არის, მაშინ საბჭოს წევრები თვის შორის ირჩევენ თავჯდომარეს. ეპისკოპოსს გარდა საეპარქიო საბჭოში შედის 6 წევრი, რომელთაგან 2 ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენელია (ერთი მღვდლებისა და ერთი მედავითნეების) და 4 მორწმუნეთა წარმომადგენელი. საბჭოს წევრები ირჩევიან 3 წლის ვადით. საქმის-მწარმოებელს საბჭოსათვის ნიშნავს საეპარქიო კრება. საბჭოს სხდომა კანონიერია, უკეთუ მასზე გამოცხადდება არა უმცირეს 4 წევრისა. – საბჭოს კომპეტენციას ეკუთვნის: ა) უმაღლესი ზრუნვა სარწმუნოებისა და ზნეობის დაცვა-განმტკიცებაზე ეპარქიაში; ბ) უმაღლესი თვალყურის დევნება სამონასტრო და საეკლესიო ქონებათა მართვა-გამგეობისა ეპარქიაში; ეს ქონება საეპარქიო საბჭოს უცნობელად არ უნდა იხმარებოდეს; გ) განხილვა იმ საქმეებისა, რომელთაც მას საოლქო კრება ან საოლქო საბჭო წარუდგენს; დ) უუმაღლესი სასულიერო სამართალი ეპარქიაში, უკეთუ ამ სამართალს მიმართავს ვინმე; ე) უუმაღლესი მეთველყურეობა ყველა საეკლესიო დაწესებულებათა და საეკლესიო თანამდებობის პირთა მოქმედებისა ეპარქიაში; ვ) მის ნებადაურთველად არვის შეუძლია ტაძრის ან მონასტრის შენება დაიწყოს; ზ) საბჭოს შეუძლია მღვდელს მღვდელ-მოქმედება აღუკრძალოს; ჱ) შეუძლია შეამციროს ან გააძლიეროს დადებული ეპითიმია; უკანვე მიიღოს ეკლესიიდან განკვეთილი წევრები; თ) თუ იგი ამტკიცებს საეკლესიო მიზნით დაარსებულ საზოგადოებათა ანუ ძმობათა წესდებას; ი) შეუძლია მიიღოს და გაანაწილოს საეკლესიო საჭიროებათათვის კეთილმორწმუნე ქრისტიანეთაგან შეწირული ფული და უძრავ-მოძრავი ქონება; ია) დასასრულ, მას აქვს უფლება აღსნას ქორწინების დროს ზოგიერთნი დაბრკოლებანი, რომელნიც ნათესაურ კავშირიდან გამომდინარეობენ; აგრეთვე – ზოგიერთი აღთქმანიც, გარდა ბერობის აღთქმისა.

§ 16. ეპისკოპოსი. მისი უფლება და მოვალეობანი. ეპისკოპოსს ეკუთვნის: ა) სრული უფლება მთელს ეპარქიაში სწავლა-მოძღვრებისა; ბ) უფლება ყოველგვარის მღვდელ-მოქმედების შესრულებისა; გ) უზენაესი ზრუნვა, რათა მის ეპარქიაში ყველა მორწმუნენი საღს საეკლესიო სწავლას იცავდნენ; დ) სარწმუნოებრივს საქმეებში მასზე დამოკიდებული არიან ეპარქიის ყველა წევრები და ე) მისს სახელს აღავლენს წირვა-ლოცვის დროს მთელი ეპარქიის სამღვდელოება. – ეპისკოპოსი ვალდებულია: ა) ყველაფერში პატივსა სცემდეს ყველა საეკლესიო დაწესებულებებს ეპარქიაში, რომელნიც კანონიერათ არიან დაარსებულნი, და იმ საქმეებში, რომლებიც აღნიშნულს დაწესებულებებს ექვემდებარება, მათი წესდების თანახმად იქცეოდეს; ბ) დაემორჩილოს საეკლესიო კანონებს და კანონიერათ გამოცემულს დადგენილებათ როგორც საეკლესიო მთავრობისას, ისე სამოქალაქოსას, რამოდენათაც ამ უკანასკნელის დადგენილებანი საეკლესიო მიზანს არ ეწინააღმდეგება; როცა ამა თუ იმ საეკლესიო კანონის ან დადგენილების შესახებ აზრის ორჭოფობა დაიბადება, განსამარტებლად უმაღლეს საეკლესიო მთავრობას უნდა მიმართოს; გ) განუწყვეტლივ თავის ეპარქიაში იმყოფებოდეს, ხოლო საკუთარ საჭიროებისათვის ეპარქიიდან წასვლა შეუძლია მხოლოდ სათანადო მთავრობის (საკათალიკოსო საბჭოს) თანხმობით; დ) თავისს სამღვდელოებასა და სამწყსოს ხშირ-ხშირათ უგზავნოს მოძღვრებითი ეპისტოლეები, რითაც ასწავლოს მათ ქრისტიანობრივი ჭეშმაირტებანი და მათთან ცხოველი კავშირი იქონიოს; ე) მიმოიხილოს ხოლმე თავისი ეპარქია, რათა მის მდგოამრეობას პირადათ გაეცნოს; ვ) ყველაფერში დაემორჩილოს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების დადგენილებას; ზ) საეპარქიო საბჭოსთან ერთათ მოახსენებდეს ხოლმე აღნიშნულს კრებას ყველა ღირს-შესანიშნავ შემთხვევათა შესახებ მის ეპარქიაში, აცნობებდეს მას თვისის ეპარქიის მიმოხილვის შედეგებსა და თანაც აღნიშნავდეს იმ ზომებს, რომელნიც საეკლესიო საქმეთა უკეთ მოსაწყობადაა საჭირო; ჱ) როცა სათანადო მთავრობა მოიწვევს, სრულ. საქ. საეკლ. კრებაზე გამოცხადდეს; თ) უმაღლესი საეკლესიო მთავრობის უცოდინრათ არა მოიმოქმედოს რა ისეთი, რაც მის უფლებას აღემატება; ი) წირვა-ლოცვის დროს კათალიკოსის სახელს იხსენიებდეს; ია) სხვის ეპარქიაში თავის ნებით არა დაიწყოს-რა; იბ) დასასრულ, პატივისცემით ეპყრობოდეს სხვა მღვდელ-მთავრებსა და საეპარქიო საბჭოების ანუ საეპარქიო კრებების გადაწყვეტილებას.

§ 17. ეპისკოპოსის არჩევა და ხელდასხმა. ეპისკოპოსს ირჩევს, კათალიკოსის ან მისი რწმუნებულის ხელმძღვანელობით, კრება ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლებისა რიცხვით 30 (20 სამღვდელო ხარისხის მქონეთა და 10 მედავითნეებისა) და მორწმუნეთა დელეგატებისა რიცხვით 60 (რომელთა შორის 5 საკათედრო ქალაქიდან); ხოლო ხელდასხმას კათალიკოსი და ორი ეპისკოპოსი ან მარტო ორი ეპისკოპოსი. ეპისკოპოსის არჩევის დროს კრებას თავჯდომარეობს ან თვით კათალიკოსი ან საკათალიკოსო საბჭოს მიერ არჩეული პირი.

შენიშვნა: აღნიშნული კრებისათვის დეპუტატების არჩევის დროს სამღვდელო ხარისხთა მქონე ბერები, არქიმანდრიტები, იგუმენები, მღვდელ-მონაზვნები და ბერ-დიაკვნები სამღვდელოებასთან ერთად ჰყრიან კენჭს, დანარჩენი ბერები კი – ერისკაცებთან ერთად. მეორე აზრი: არც ერთ ბერს, თუნდაც იგი სამღვდელო ხარისხითაც იყოს შემოსილი, უფლება არა აქვს საეპარქიო არჩევნებში ან საეკლესიო მართვა-გამგეობაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან მას, თავისი აღთქმის თანახმად, ერთხელვე უარი აქვს ნათქვამი საკუთარს ნება-სურვილზედ და, სანამ იგი ბერად დარჩება, ამ აღთქმასაც ძალა არ დაეკარგება.

 

3. საოლქო საძმო კრება და საოლქო საძმო საბჭო.

§ 18. საოლქო კრება და საოქლო საბჭო. ორივე მარტო საკრებული დაწესებულებაა. საძმო საოლქო კრებაში თანასწორის ხმით მონაწილეობას იღებენ ოლქის ყველა კრებულთა წევრები (მღვდლები, დიაკვნები და მედავითნეები). თავჯდომარესა და საქმის მწარმოებელს კრება თვითონ ირჩევს. კრების კომპეტენციას ეკუთვნის: ა) საოლქო საბჭოს წევრებისა და თავჯდომარის არჩევა სამ-სამი წლით; ბ) საძმო საბჭოს ყოველგვარი მოქმედების ანგარიშთა განხილვა; გ) საძმო საბჭოს წევრების ან კრებულთა წევრების უთანადო მოქმედების წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვა და განსამართლება; დ) ყოველგვარი საძმო საქმეები.

§ 19. საძმო საოლქო საბჭო. შესდგება თავჯდომარისა და 4-ის წევრისაგან (რომელთა შორის 2 მღვდლების წარმომადგენელია მთავრებითურთ და 2 მედავითნეებისა); თავჯდომარედ უსათუოდ მღვდელი უნდა იქნას.

შენიშვნა: საბჭოს აქვს საკუთარი ბეჭედი.

საბჭოს კომპეტენციას ეკუთვნის: ა) სამღვდელო, სამთავრო და სამედავითნო კანდიდატის გამოცდა (მარტო ღვთისმსახურებისა და მღვდელ-მოქმედების ცოდნაში) და სათანადო მოწმობის მიცემა; ბ) ხელმძღვანელობა სამრევლო კრებათა, როცა ეს უკანასკნელნი კრებულის წევრებს ირჩევენ; გ) სამრევლო კრებულთა წევრებს შორის მომხდარ უთანხმოების განხილვა და გადაწყვეტა; დ) ზრუნვა სარწმუნოებისა და ზნეობის დაცვა-გაძლიერებაზე ოლქში; ე) გამგეობა საოლქო საძმო წიგნთსაცავ-სამკითხველოსი და მასზე ზრუნვა; ვ) გამგეობა საძმო კასისა; ზ) მოწვევა საძმო საოლქო კრებისა (2-ჯერ მაინც წელიწადში, ხოლო, თუ საჭიროება მოითხოვს, უფრო ხშირადაც); კრება უნდა მოწვეულ-იქნას იმ შემთხვევაშიაც, უკეთუ ამას მოითხოვს არა უმცირეს 5-ს საკრებულო პირისა; ჱ) დასასრულ, ზრუნვა ოლქის სამღვდელოების გაჭირვებულ წევრთა, ქვრივთა და ობლებზე.

 

4. მრევლი, სამრევლო კრება, სამრევლო საბჭო და კრებული.

§ 20. მრევლი. სამრევლოს გახსნა არ შეიძლება, თუ მორწმუნეთა რიცხვი იმდენათ მცირეა, რომ საკუთარი ტაძრისა და კრებულის შენახვა არ შეუძლია. სამრევლოს უსათუოდ უნდა ჰქონდეს საკუთარი ტაძარი; ხოლო თუ ამავე სამრევლოში სხვა ტაძრებიცაა, იგინი ზედ-მიწერილ ტაძრებად ითვლებიან.

შენიშვნა: მრევლი, როგორც ერთის მიზნით და განსაზღვრული წყობილებით შეერთებული საზოგადოება, იურიდიულს პირს წარმოადგენს.

§ 21. სამრევლო კრება. სამრევლო კრებას შეადგენს ყველა სრულწლოვანი მორწმუნე კაცი და ქალი (არა უმცირეს 21-ს წლისა).

შენიშვნა: ქალს, როგორც მამაკაცს, უფლება აქვს როგორც სხვა აირჩიოს ყოველგვარ საეკლესიო თანამდებობაზე, ისე თვითონაც არჩეულ-იქნას დელეგატად და საბჭოს წევრად.

კრება თვითონ ირჩევს თავჯდომარეს და, თუ საჭიროა, საქმის-მწარმოებელსაც. კრება კანონიერია, უკეთუ მასზე მრევლის (სრულწლოვანები იგულისხმებიან) 2/3 მაინც გამოცხადდება; ხოლო, თუ კრება პირველ მოწვევაზე ვერ შესდგა, მეორეთ იგი კანონიერია, უკეთუ მას დაესწრება არა უმცირეს მრევლის 1/3-სა. არჩევნების დროს საჭიროა კრებაზე მრევლის 2/3 გამოცხადდეს და არჩეულადაც მხოლოდ ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც ერგება არა უმცირეს ყველა კენჭების 3/4-ისა (თუ საჭიროება მოითხოვს, განმეორებითი კენჭის ყრაც შესაძლებელია; კენჭი ეყრება ორს უკანასკნელ კანდიდატს, რომელთაც ყველა კანდიდატებზე მეტი კენჭი ერგო პირველი კენჭის ყრის დროს). ჩვეულებრივს საქმეებს კი კრება სწყვეტს ხმის უბრალო უმეტესობით. ამავე წეს-რიგს ემორჩილება ყველა სხვა საეკლესიო კრებებიც (საოლქო, საეპარქიო და სრულიად საქართველოსი). სამრევლო კრების კომპეტენციას ეკუთვნის: ა) კრებულის და საბჭოს წევრთა არჩევა; ბ) ეკლესიის და კრებულის შესანახ ხარჯის მორწმუნეთა შორის შეძლებისდაგვარად გაწერა; გ) სარწმუნოებრივ და ზნეობრივ დანაშაულთათვის მრევლის წევრთა (=მორწმუნეთა) გასამართლება; დ) გასამართლება და სამართალში მიცემა სამრევლო საბჭოს წევრებისა სამსახურის აღსრულების დროს დაუდევრობისა, უფლებების აღმატებისა და ბოროტ-მოქმედებისათვის; ე) აღძვრა საქმისა საოლქო ანუ საეპარქიო საბჭოებისა გინდ კრებათა წინაშე კრებულის წევრთა შესახებ მათი უთანადო მოქმედებისა და ცუდი ყოფაქცევისათვის.

§ 22. სამრევლო საბჭო. სამრევლო საბჭო შესდგება 5-ს წევრისაგან, რომელთაც სამრევლო კრება ირჩევს ერთის წლის ვადით; თავჯდომარეს ირჩევენ თვის შორის თვითონ საბჭოს წევრები.

შენიშვნა: საბჭოს წევრებად მრევლს შეუძლია კრებულის წევრნიც აირჩიოს; ყოველს შემთხვევაში, კრებულის წევრთ სამრევლო საბჭოში სათათბირო ხმა მაინც უსათუოდ ეკუთვნისთ; კერძოთ მღვდელი ამ საბჭოს ხელმძღვანელად ითვლება. - საბჭოს აქვს საკუთარი ბეჭედი.
სამრევლო საბჭოს კომპეტენციას ეკუთვნის: ა) საეკლესიო უძრავ-მოძრავ ქონების მართვა-გამგეობა სამრევლოში; ბ) ყოველგვარი სტატისტიკური ცნობების შეკრება, რასაც კი სამრევლოს მართვა-გამგეობისათვის აქვს რაიმე მნიშვნელობა; გ) აკრეფა საეკლესიო გადასახადისა მრევლში და მისი დანიშნულებისამებრ განკარგულება; დ) ზრუნვა ტაძრისა და ღვთისმსახურების კეთილ-მოწყობაზე; ე) ზრუნვა ქვრივ-ობლებსა და ღარიბებზე საქველ-მოქმედო აზრით; ვ) აღძვრა საქმისა იმ პირთ წინააღმდეგ, რომელნიც ეკლესიასა და მორწმუნეთა სარწმუნოებრივს გრძნობას შელახავენ; ზ) მოწვევა სამრევლო კრებისა.

შენიშვნა: სამრევლო კრება უნდა მოწვეულ იქნას იმ შემთხვევაშიაც, უკეთუ ამას მოითხოვს არა უმცირეს 20 მორწმუნისა.

§ 23. კრებული. კრებულს შეადგენენ: მღვდელი, დიაკონი (უკეთუ იგი არის) და მედავითნე.

ა) მღვდელი. მისი მოვალეობანი. მღვდელი ვალდებულია: აა) მუდამ თავის მრევლში იცხოვროს და, სამრევლო საბჭოს ნებადაურთველათ, უფლება არა აქვს მრევლი დასტოვოს, განსაკუთრებით როცა იქ რაიმე მოარული სენი გაჩნდება ან როდესაც სამრევლოს განსაცდელი რამ მოელის; ბბ) განსაკუთრებულ თვალ-ყურს ადევნებდეს საკუთარს ყოფაქცევას როგორც საზოგადოებაში, ისე თავის სახლში; გგ) აასრულოს საზოგადოებრივი ღვთისმსახურებანი საეკლესიო ტიბიკონით დაწესებულ დროებში; დდ) თავისი მრევლის მოთხოვნისამებრ დაუყონებლივ აასრულოს საჭირო მღვდელ-მოქმედებანი; ეე) თვალყური ადევნოს ტაძრისა და საღვთისმსახურო საგნების სისუფთავესა და კეთილშვენიერებას; ვვ) თვალყური ადევნოს მრევლში საეკლესიო დისციპლინისა და ზნეობის დაცვას; ზზ) როცა სამსახურის დროს ამა თუ იმ საკითხის შესახებ რაიმე ეჭვი დაებადება, მოვალეა ახსნა-განმარტებისათვის საოლქო ან საეპარქიო საბჭოს მიმართოს; ჱჱ) მისს უპირველეს მოვალეობას შეადგენს ეკლესიაში ქადაგება და საზოგადოთ სწავლა-მოძღვრება; თუ ამ მხრივ იგი ზარმაცი ან დაუდევარია, სამსახურიდან დათხოვნილ იქნება; დასასრულ, იგი მოვალეა ღვთისმსახურების დროს თავისი ეპისკოპოსის სახელი მოიხსენიოს. – თავის მრევლში მღვდელს უფლება აქვს, სხვა მღვდლებს რომლისამე მღვდელ-მოქმედების შესრულების ნება არ მისცეს.

ბ) დიაკონი (=მთავარი) და მედავითნე. მთავარი და მედავითნე არიან მხოლოდ მღვდლის თანაშემწენი და უმისოდ არავითარი მღვდელმოქმედების შესრულება არ შეუძლიათ. ერთ მღვდელთან უსათუოდ ერთი მედავითნეც უნდა იყოს; ხოლო, რომელ მრევლშიაც ორი ან მეტი მღვდელია, იმ მრევლს, თუ ჰსურს, მთავარიც შეუძლია იყოლიოს.

გ) კრებულის წევრთა თვისებანი. აა) წლოვანებით სამღვდელო კანდიდატი უნდა იყოს არა უმცირეს ოცის წლისა; მეორე აზრი: არა უმცირეს – 25-ს წლისა. ბბ) გონებრივის მხრით საჭიროა სამღვდელო, სამთავრო და სამედავითნო კანდიდატს საშუალო საზოგადო განათლება ჰქონდეს მიღებული, მაგრამ დროებით, სანამ ასეთი კანდიდატის შოვნა გასაჭირია, შესაძლოა საკრებულო წევრთა კანდიდატად წამოყენებულ იქნას ისეთი პირიც, რომელსაც მიღებული აქვს არა უმცირეს დაბალის საზოგადო განათლებისა (მაგალითად: პროგიმნაზიისა, ოთხ-კლასიანი სასულიერო და სამოქალაქო სასწავლებელთა კურსისა); ამასთანავე როგორც სამღვდელო, ისე სამთავრო და სამედავითნო კანდიდატმა უნდა იცოდეს წირვა-ლოცვისა და მღვდელ-მოქმედების წესები, რაც წინდაწინვე (არჩევამდე) უნდა იყოს შემოწმებული რომლისამე საოლქო საბჭოსაგან; ამგვარათ შემოწმებულ კანდიდატების სიები საჭიროა საეპარქიო საბჭოშიაც ინახებოდეს; გგ) კანდიდატის ზნეობრივ თვისებათა გარკვევა და გამოცნობა თვით ამომრჩეველთა ნდობისა და სინიდისის საქმეა.

დ) კრებულის წევრთა არჩევა. კრებულის წევრებს ირჩევს სამრევლო კრება, რომელსაც ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობას უწევს საოლქო საბჭო ან, მისივე მინდობილობით, ერთ-ერთი მისი წევრი. არჩევის შემდეგ, საოლქო საბჭოს წარმომადგენელი შეადგენს საარჩევნო სიგელს და სამღვდელო და სამთავრო კანდიდატს წარუდგენს ეპისკოპოსს საკურთხად, ხოლო მედავითნეს – დასამტკიცებლად.

შენიშვნა: საკათედრო კრებულის მდგომარეობისა და რაოდენობის გარკვევა უნდა გადაიდვას საკათალიკოსო საბჭოს არჩევამდე.

III. ეკლესიის ქონებრივი უფლებანი და სამღვდელოების რჩენის წესი.

§ 24. ეკლესიის ქონებრივი უფლებანი. როგორც იურიდიულ პირს, მრევლსა და სრულიად საქართველოს ეკლესიას უფლება აქვს სარწმუნოებრივისა და საქველ-მოქმედო მიზნით რაიმე ქონება შეიძინოს (როგორც ყიდვით, ისე ანდერძით და შემოწირვით).

§ 25. სამღვდელოების რჩენის წესი. აუცილებლათ საჭიროა შეიცვალოს არსებული წესი სამღვდელოების რჩენა-შენახვისა. დღევანდელი სამღვდელოება ჯამაგირს იღებს ხაზინიდან, ხოლო საზრდოს და წვრილ-წვრილ შემოსავალს – ხალხისაგან. აქედან წარმოსდგება თვით სამღვდელოების მდგომარეობის ორჭოფობა; იგი არც მთლათ ხალხს ეკუთვნის და არც მთლათ მთავრობას, რაიცა ჰქმნის მრევლისა და სამღვდელოების გამწვავებულს ურთიერთობას. რომ ეს უხერხული მდგომარეობა მოისპოს და სამღვდელოება მარტო მორწმუნეებს ეკუთვნოდეს, საჭიროა სამღვდელოებას ინახავდეს მარტი ის, ვისაც იგი ემსახურება, ე.ი. მრევლი ანუ მორწმუნეები. მაშასადამე, პრინციპიალურათ, საჭიროა მრევლმა პირდაპირ თვითონ უზრუნველჰყოს თავისი კრებული, საქართველოს ეკლესიამ – თავისი სამღვდელოება.

§ 26. მაგრამ, სანამ ის საეკლესიო ქონებანი, რომელნიც ხაზინის ხელში გადავიდა და დღესაც ხაზინის ხელში იმყოფება, ქართველ ხალხს არ დაუბრუნდება და სანამ იმ საეკლესიო ქონებათა ღირებულება, რომელნიც კერძო პირთა ხელშია გადასული, მომავალს საკათალიკოსო საბჭოს არ გადაეცემა საქართველოს ეკლესიის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; აგრეთვე, სანამ ის ჯამი, რომელიც დღეს ქართველ სამღვდელოებას ხაზინიდან ჯამაგირად ეძლევა, ხალხის სახელმწიფო გადასახადს არ ჩამოაკლდება, მანამდე ქართველი სამღვდელოება მარტო ხალხს ვერ დააწვება სარჩენად; ამიტომ, სანამ რუსეთის ან კერძო კავკასიის წარმომადგენლობითი კრება სამღვდელოების რჩენის საკითხს გადასწყვეტდეს, სახელმწიფო ვალდებულია ქართველ სამღვდელოებას ჯამაგირი აძლიოს; ხოლო მრევლმა იმდენი მისცეს, რამდენიც მის არსებობას უზრუნველ-ჰყოფს.

გამოსაცემად მოამზადა ზაზა ვაშაყმაძემ

საქართველოს საპატრიარქოს
წმ. ანდრია პირველწოდების სახელობის
ქართული უნივერსიტეტი

თბილისი, 2010 წ.

ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების შემდეგ (IV ს-ის პირველი ნახევარი) საქართველოში სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრები ეკლესია–მონასტრების ბაზაზე ჩამოყალიბდა. მართალია, თავდაპირველად გარკვეული  პერიოდის განმავლობაში (IVს-დან VI ს-ის 20-30-იან წლებამდე) საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრებად ანტიოქიიდან მოვლინებული არაქართველი სასულიერო პირები ინიშნებოდნენ, მაგრამ მღვდელთმსახურთა მომზადება ადგილობრივად ხდებოდა.

აქვე ქართულ ენაზე ითარგმნებოდა აუცილებელი საღვთისმსახურო ლიტერატურა, საღმრთო წერილი და სხვა. წერილობითმა წყაროებმა თითქმის არავითარი ცნობები არ შემოგვინახა პირველი სასულიერო სასწავლო–საგანმანათლებლო სკოლების შესახებ. საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრების შემდეგ (VI-IX სს) მონასტრები იქცა მძლავრ სასწავლო–საგანმანათლებლო ცენტრებად. მართალია დასახელებულ პერიოდში მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა შვილები სამეფო კარზე ან საკუთარ ოჯახში ღებულობდნენ განათლებას, მაგრამ მომავალი სასულიერო პირთა აღზრდა  ეკლესია – მონასტრებში ხდებოდა. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში მწირი, მაგრამ საინტერესო ცნობებია დაცული სამონასტრო სასწავლო სკოლების შესახებ. მის მიერ IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთში დაარსებულ ეკლესია – მონასტრებში ფუნქციონირებდა სასულიერო სასწავლებლები, სადაც მცირე ასაკიდან ყმაწვილები სასულიერო განათლებას ეუფლებოდნენ. ტაო-კლარჯეთის სამონასტრო სკოლებიდან გამოსული   სასულიერო პირთა  ძალისხმევით X-XI საუკუნეებში საზღვარგარეთ (ათონის მთა, სინას მთა და სხვა.) შეიქმნა მძლავრი სამონასტრო – სამეცნიერო ცენტრები.

როგორც წყაროებიდან ჩანს ეკლესია – მონასტრებთან არსებული  სასწავლებლები  ძირითადად სასულიერო კადრებს ამზადებდა, რომელთაგან ზოგიერთი სასულიერო საქმიანობასთან ერთად შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. დავით აღმაშენებლის (1089-1125) დროს დაარსებული გელათის აკადემია სამეცნიერო-სასწავლო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც სასულიერო ლიტერატურასთან  ერთად საერო საგნებსაც ასწავლიდნენ. აკადემიაში მოღვაწე არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი და სხვები მთარგმნელობით მოღვაწეობასთან ერთად ორიგინალური ხასიათის ნაწარმოებებსაც ქმნიდნენ. საქართველოს ეკლესიაში ძველი პერიოდიდანვე დამკვიდრდა იოანე ოქროპირის, ბასილ დიდის, მაქსიმე აღმსარებლის და სხვა წირვა-ლოცვის წესი, რითაც მნიშვნევლოვნად გამდიდრდა საქართველოს ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკა. ეკლესია დიდ ყურადღებას უთმობდა სასულიერო კადრების მომზადებას. საღვთისმსახურო პრაქტიკასთან ერთად, მათ შესაბამისი განათლებაც უნდა ჰქონოდათ. მომავალი სასულიერო პირთა  სწავლება ქართველ მოღვაწეთა ორიგინალურ სასულიერო მწერლობასა და ამავე ხასიათის ნათარგმნ ლიტურგიკულ ძეგლებს ეყრდნობოდა.

წყაროებმა მცირე ცნობები შემოგვინახეს თუ როგორ ხდებოდა მომავალი სასულიერო პირთა აღზრდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, 1083 წელს გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ პეტრიწონში (დღევანდელი ბულგარეთი) დაარსებულ მონასტერთან არსებული სემინარია, სადაც ადგილობრივი მონასტრისათვის ამზადებდნენ სასულიერო კადრებს. სემინარიაში ღებულობდნენ უწვერ – ულვაშო მოზარდებს, რომელთა პატრონობას მონასტერი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა. მოძღვარი მათ ასწავლიდა საღმრთო წერილს, გრამატიკას, რიტორიკას, დიალექტიკას, გალობას. ტიპიკონის მიხედვით, როდესაც ისინი წამოიზრდებოდნენ და "წუერთა განასრულენ," ვინც მღვდლობის ხარისხს შეეფერებოდა სასულიერო პირად აკურთხებდნენ, დარჩენილი ნაწილი კი სემინარიას ტოვებდა [1, 116].

XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ვითარებისა და გარეშე მტერთა შემოსევების შედეგად მრავალი ეკლესია–მონასტერი განადგურდა, საზღვარგარეთ არსებულმა ქართულმა ქრისტიანულმა ცენტრების უმრავლესობამ არსებობა შეწყვიტა. მართალია დასახელებულ პერიოდში სამონასტრო ცხოვრება არ შეწყვეტილა, მაგრამ აღნიშნული მიზეზების გამო გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა სასულიერო კადრების მომზადებაში.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ანტონ I-ის (1744-1788) ხელმძღვანელობით თბილისსა და თელავში დაარსებულმა სასულიერო სასწავლებლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სასულიერო კადრების მომზადებაში, მაგრამ ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ აღნიშნულმა სასწავლებლებმა ფუნქციონირება შეწყვიტა[2, 36].

საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, 1817 წელს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით თბილისში დაარსდა რუსული სასულიერო სემინარია. გარდა ამისა ჩამოყალიბდა დაბალი საფეხურის სასწავლებლები: სამრევლო სკოლები და სამაზრო სასულიერო სასწავლებლები. ეგზარხოსობის პერიოდში არსებული სასულიერო სასწავლებლები ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის გატარებას ემსახურებოდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (1917 წლის 12 მარტი) შემდეგ სასულიერო სასწავლებლები მართალია რუსეთის სინოდის მმართველობას გამოეყო, მაგრამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ათეისტური სოციალ–დემოკრატიული მთავრობის გადაწყვეტილებით 1918-1919 წლებში სასულიერო სასწავლებლების ნაციონალიზაცია განხორციელდა. საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქებმა: კირიონ II-მ (1917-1918 ) და ლეონიდემ (1919-1921) სასულიერო კადრების მომზადების მიზნით არაერთხელ მოითხოვეს სასულიერო სასწავლებლის გახსნის ნებართვა, მაგრამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას უარით პასუხობდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლებიდანვე ეკლესია მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. სარწმუნოების მიმართ აგრესიულად განწყობილმა ათეისტურმა საბჭოთა მთავრობამ ეკლესია კანონგარეშედ გამოაცხადა. გართულებული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, 1921 წელს ახლადარჩეულმა კათოლიკოს – პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ (1921-1927) აქტიური მოქმედება დაიწყო სასულიერო სასწავლებლის დაარსებისათვის. მან 1922 წელს საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე დააყენა საკითხი სამოძღვრო სასწავლებლის დაარსების შესახებ. სასულიერო სასწავლებლის დაფინანსება ეკლესიის შემოსავლებიდან უნდა მომხდარიყო. ეკლესიას უნდა ეზრუნვა სასაწავლებლის მოსწავლეთა ჩაცმა-დახურვაზე, დაბინავებაზე და კვებაზე. პატრიარქის წინადადებით სამოძღვრო სასწავლებელი წინამორბედი პატრიარქის ლეონიდე ოქროპირიძის სახელობის უნდა ყოფილიყო. საკათოლიკოსო საბჭომ მოიწონა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის წინადადება და მისივე დადგენილებით ლეონიდეს სახელობის სამოძღვრო სასულიერო სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება დაევალა იმხანად ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს. იგი გულისხმიერად მოეკიდა კათოლიკოს-პატრიარქის და საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებას. მან უმოკლეს დროში შეადგინა სასწავლო გეგმა და პედაგოგებად შესაბამისი დარგის სპეციალისტებიც მოიწვია.

1922 წლის 27 აპრილს საკათალიკოსო საბჭოს დარბაზში სასულიერო პირთა თანდასწრებით, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის გარდა ესწრებოდა საკათალიკოსოს საბჭოს წევრები, საზეიმოდ გაიხსნა ლეონიდეს სახელობის სამოძღვრო სასწავლებელი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სასწავლებლის გახსნის ორგანიზატორმა დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ, რომელმაც აღნიშნა: "...დღეს იხსნება კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს სახელობის სამოძღვრო სასწავლებელი, ეს ჩვენი ერის ცხოვრებაში უბადლო სწავლა-აღზრდის ტაძარი...

მართალია, წარსულში ჩვენ გვქონდა აკადემია-სემინარიები, იყალთო-გელათში და თელავ–თბილის–ქუთაისში, მაგრამ ის სასწავლებლები არსებითად განირჩეოდნენ ჩვენის შობად გამზადებულის სასწავლებლებისაგან: ისინი იძლეოდნენ სპეციალურ ცოდნასთან ერთად საზოგადოსაც და არსებობდნენ სახელმწიფოს მეოხებით თუ არა მისი მძლავრის დახმარებით მაინც. ჩვენი სასწავლებელი კი პირდაპირ პროფესიონალურია და იარსებებს თვით თავადი ეკლესიის საკუთარი ძალ-ღონით...

თავის თავად ცხადია, ჩვენ მოგველის მრავალი დაბრკოლებანი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს: უმთავრესი დაბრკოლება დაძლეულია, სასწავლებელი უზრუნველყოფილია გამოცდილ – დახელოვნებულ მასწავლებლებით, რომელნიც შეკავშირებულნი არიან მტკიცე სურვილით, მისცენ მშობლიო დედა-ენაზე მომზადებულნი, სპეტაკი ზნეობის სიტყვით და საქმით მქადაგებელნი მოძღვარნი...

ნაკლებად არის ჩვენი სასწავლებელი უზრუნველყოფილი მოსწავლეთა რაოდენობით, (სიაში აღნიშნულ 12-დან, დღეს გამოცხადდა მხოლოდ 4 ), მაგრამ ჩვენ გულს მაინც არ ვიტეხავთ, - ქრისტე-მაცხოვრის მოწაფეთა რაოდენობა პირველად განისაზღვრებოდა ორი ადამიანით...

უფრო ნაკლებად არის იგი უზრუნველყოფილი ნივთიერად, მაგრამ ჩვენ არც ამას უშინდებით: ვინც ზრუნავს მფრინველთათვის ცისა და შროშანთათვის ველისა, ის არ მოაკლებს თავის მადლსა და მფარველობას მოციქულებრივი სიყვარულით გამსჭვალულ მოღვაწეთ"[3, 101].

სიტყვის დასასრულს დეკანოზი კალისტრატე მიმართავს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსის: "ამ იმედებით შევცქერით ჩვენ, მეუფეო წმინდაო, მომავალს და ვსასოებთ, თქვენი უწმინდესობა დაუთმობთ ეკლესიას სიყვარულით აღსავსე გულში შესაფერ ადგილს საქართველოს ეკლესიის მომავალ დედაბოძს..." [3, 101].

ახლად დაარსებულ სასულიერო სასწავლებელში ისწავლებოდა ღვთისმეტყბელება, საეკლესიო ისტორია, გალობა, ღვთისმსახურება, ქართული ენა, მქადამგებლობა, კანონიკა და საღმრთო წერილი.

საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით სამოძღვრო სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე. მანვე სასწავლებლის პედაგოგებად მოიწვია ცნობილი სასულიერო პირები. ღვთისმეტყველებას ასწავლიდა დეკანოზი ილია შუბლაძე, საეკლესიო ისტორიას - დეკანოზი გიორგი გამრეკელი, ქართულ გალობას – დეკანოზი სოლომონ უსტიაშვილი, ღვთისმსახურებას - დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე, ქართულ ენას - ეპისკოპოსი ქრისტეფორე ციცქიშვილი, ქადაგებას - დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, კანონიკას - დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, საღმრთო წერილს - დეკანოზი მიხეილ ფხალაძე.

წერილობით წყაროებში აღნიშნული სასწავლებელი ზოგჯერ სამოძღვრო კურსების სახელითაა ცნობილი.

სამოძღვრო სასწავლებელში ირიცხებოდა 12 მოსწავლე. სამწუხაროდ წყაროებში არავითარი ცნობები არ გვაქვს მოსწავლეთა ვინაობის შესახებ. რაიონიდან ჩამოსული მოსწავლეები ცხოვრობდნენ კათოლიკოს – პატრიარქის რეზიდენციის (ყოფილი ეგზარქოსის შენობა) ქვედა სართულზე. მათ კვებაზე და  ჩაცმა-დახურვაზე ეკლესია ზრუნავდა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. წირვა-ლოცვის დროს მოსწავლეები სასულიერო პირებს ეხმარებოდნენ ღვთისმსახურების ჩატარებაში. დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს არდადეგები ცხადდებოდა. სასწავლო პროცესი ტარდებოდა კათალიკოსის კარის ეკლესიაში.

სამოძღვრო სასწავლებელმა რამდენიმე თვე იარსება. კათოლიკოს ამბროსი ხელაიას მიერ გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე მიმართვის გაგზავნის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესიაზე ზეწოლა გააძლიერა. აღნიშნული მიზეზით 1923 წლის 12 იანვარს სამოძღვრო სასწავლებელმა ფუნქციონირება შეწყვიტა. იმავე წლის 13 იანვარს დააპატიმრეს სასწავლებლის დირექტორი დეკანოზი კალისტრატე და პედაგოგი ილია შუბლაძე. შემდგომ დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს წევრები და კათოლიკოსი ამბროსი. საბჭოთა მთავრობის განკარგულებით ეკლესიას ჩამოართვეს საკათალიკოსო რეზიდენციაც. რაიონიდან ჩამოსული მოსწავლეები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ იყო სასულიერო სასწავლებლის გახსნის მცდელობა, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ კათოლიკოს ამბროსის თხოვნა არ დააკმაყოფილი. არადა აშკარა იყო, რომ ეკლესია სასულიერო პირთა და მგალობელთა გუნდის ნაკლებობას განიცდიდა. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გაძლიერებული ათეიზმის პირობებში ეკლესიებში წირვა-ლოცვა უსახსროობის გამო მგალობელთა გუნდის გარეშე ტარდებოდა. ახლადნაკურთხმა ეპისკოპოსმა კალისტრატე ცინცაძემ მორწმუნე მრევლის მხარდაჭერით (ა. თიკანაძე, ნ, მუსხელიშვილი, ქ. მადიჩი, ბ. მასხარაშვილი და სხვა) იმდროინდელი საბჭოთა კანონების შესატყვისად ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის მგალობელთა გუნდის მატერიალური უზრუნველყოფისათვის 1925 წლის 10 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის კურთხევით დაარსა "ქალთა წრე." კალისტრატემ შეიმუშავა "ქალთ წრის" წესდება, რომელსაც ამშვენებდა კათოლიკოს ამბროსის შემდეგი რეზოლუცია: "ვამტკიცებ სიამოვნებით, საქართველო ქალის (ღვთისმშობლის) წილხვდომილია, ქალისა მიერ (ნინოს) განათლებულია, ქალის მიერ (თამარი) აყვავებულია და ქალისავე მიერ (შუშანიკი და ქეთევანი) გაბრწყინებულია. ვამტკიცებ, რომ ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის "ქალთა წრე” დააყენებს გალობის საქმეს ისე, რომ შეიქმნება სამაგალითოდ სხვებისათვის. მოვიწვევ უფლის კურთხევას ახლად დაყენებულ საქმეზე" [4, 325].

"ქალთა წრის" წევრები ძირითადად იყვნენ მორწმუნე მანდილოსნები. წესდების მიხედვით საზოგადოების წევრად გახდომა შეეძლო აგრეთვე მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც. "ქალთა წრის” წევრებს ყოველთვიურად საწევროს სახით ფულადი თანხები შეჰქონდათ საზოგადოების ფონდში.

კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით შექმნილი "ქალთა წრის" მიზანი არამარტო ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის მგალობელთ გუნდის მატერიალური უზრუნველყოფა იყო, არამედ აღნიშნული წრე მიზნად ისახავდა ძველი საეკლესიო საგალობლების შესწავლას და მის პოპულარიზაციას. აქედან გამომდინარე აღნიშნულ "ქალთა წრეს" საგანმანათლებლო დანიშნულებაც ჰქონდა.

ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიასთან არსებულმა "ქალთა წრემ" 1929 წლის 31 დეკემბრამდე იარსება. თავისი არსებობის მანძილზე მან ათეისტური რეჟიმის პირობებში დიდი როლი შეასრულა საეკლესიო საგალობლების პოპულარიზაციაში და რაც მთავარია მისი დაფინანსებით 4 წლის მანძილზე ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიას წირვა-ლოცვის დროს ემსახურებოდა პროფესიონალი მგალობელთა გუნდი.

შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელთა დიდი მცდელობის მიუხედავად საბჭოთა ათეისტური რეჟიმის გამო 1963 წლამდე (დასახელებულ წელს მცხეთაში სასულიერო კადრების მომზადების მიზნით გაიხსნა სამოძღვრო სასწავლებელი) ვერ მოხერხდა სასულიერო სასწავლებლის დაარსება.

----------------------------------------------------------------------

გამოყენებული ლიტერატურა

1 - ა. შანიძე, ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971.

2 - ა. როგავა, სახალხო განათლება ერეკლე მეორის ხანის ქართლ-კახეთში და ანტონ პირველი, თბ., 1950.

3 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის პირადი ფონდი, საქმე №97.

4 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის პირადი ფონდი, საქმე №117.

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ელდარ ბუბულაშვილი

(საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყდრის ლეონიდის (ოქროპირიძის) მიმართვა აფხაზ თავადს ალექსანდრე შერვაშიძეს)

უძველესი დროიდან აფხაზეთი პოლიტიკურად და ეკლესიურად საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულებოდა. მართალია, XIV საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ფეოდალური დაქუცმაცებულობის შედეგად იმერეთის სამეფოს ხელისუფალთა ხელშეწყობით ერთიან მცხეთის საკათალიკოსო ტახტს გამოეყო და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ლიხთ-იმერეთის საკათალიკოსო, რომელიც შემდგომ აფხაზეთის საკათალიკოსოს სახელითაა ცნობილი, მაგრამ იგი მაინც საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდ. კავკასიელთა შემოსევებისა და თურქთა აგრესიის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე თანდათან შესუსტდა ქრისტიანობა, მოიშალა მოქმედი ეკლესია-მონასტრები, ადგილობრივ მკვიდრთა ნაწილი გამაჰმადიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს დაპყრობისა და 1814 წელს იქ არსებული საკათალიკოსოს გაუქმების შემდეგ რელიგიური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა აფხაზეთში. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან "კავკასიაში მართმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებაზე" დაყრდნობით რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში აქტიურად დაიწყო სამისიონერო საქმიანობა ქრისტიანობის აღდგენის მიზნით, მაგრამ აფხაზეთში, ისე როგორც კავკასიის მასშტაბით, სამისიონერო მოღვაწეობა რუსეთის დიდმპყრობელური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. აფხაზეთში რუსული საეკლესიო პოლიტიკის გატარებას ემსახურებოდა 1886 წლიდან  ახლადდაარსებული სოხუმის ეპარქია, რომლის ხელმძღვანელებად ძირითადად რუსი ეპისკოპოსები ინიშნებოდნენ (გამონაკლისის სახით 1906-1907 წლის დასაწყისში სოხუმის ეპარქიას განაგებდა ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი).

XX საუკუნის დასაწყისიდან რუსი მღვდელმთავრები საერო ხელისუფლებასთან ერთად ყოველმხრივ ცდილობდნენ აფხაზეთი პოლიტიკურად და ეკლესიურად საქართველოსგან ჩამოეშორებინათ, მაგრამ ქართველი და აფხაზი ხალხის დიდი წინააღმდეგობის გამო რუსეთმა ეს გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფალთა აღნიშნული გეგმის წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურობდა აფხაზები. აღნიშნულის დასტურია ის ფაქტი, რომ 1916 წლის 26 აპრილს აფხაზების წარმომადგენელთა დელეგაცია (ა. შერვაშიძე, პ. ანჩაბაძე, მ. ემხვარი, ა. ინალიფა, ნ. მარღანია და სხვ.) თბილისში ჩამოვიდა და თავიანთი მოთხოვნებით წარუდგა მეფისნაცვალს და საქართველოს ეგზარქოსს. სხვა მოთხოვნებთან ერთად ისინი წინააღმდეგი იყვნენ საქართველოსაგან აფხაზეთის ტერიტორიული და ეკლესიური გამოყოფისა.1 მართალია, იმხანად ხელისუფლებამ ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ ხელი არ აუღიათ თავიანთი განზრახვის განხორციელებაზე.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ სასიკეთოდ იმოქმედა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. იმავე წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საერო და სასულიერო პირთა მონაწილეობით ჩატარებილმა ყრილობამ აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის მარტის ბოლოს დროებითმა მთავრობამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეროვნული ნიშნის მიხედვით აღიარა, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში გამართულმა რუსეთის საეკლესიო კრებამ საქართველოს ეკლესიის კანონიერება არ ცნო და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის აფხაზეთში, არსებულ არაქართულ სამრევლოებზე დაყრდნობით (დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით ისინი საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში არ შედიოდნენ) აქტიური ბრძოლა დაიწყეს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას არ ცნობდა სოხუმის ეპისკოპოსი სერგი და აფხაზეთის მონასტრებში არსებული რუსი სამღვდელოება. რაც შეეხება აფხაზ სამღვდელოებას და აფხაზურ სამრევლოებს, მათ 1917 წლის 22 – 27 მაისს სოხუმში გამართულ ყრილობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკლესიის დროებით ხელმძღვანელობას მისასალმებელი მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნული იყო: "აფხაზური სამრევლოების წარმომადგენლები აფხაზური სამღვდელოებისა და მთელი აფხაზეთის არჩევითი ერისკაცების სახით მიესალმება მრავალტანჯულ ქართულ ეკლესიას და მის მიერ აღდგენილ ავტოკეფალიას. წმიდა ქართულმა ეკლესიამ ტანჯვაში შვა ეს დამოუკიდებლობა და, ისტორიული უფლებით, ის ავტოკეფალიის ღირსია."2 მილოცვის მიუხედავად, აფხაზეთის სამღვდელოება სეპარატისტულ გზას დაადგა, ზემოაღნიშნული კრების გადაწყვეტილებით ისინი საქართველოს ეკლესიისაგან გამოყოფილ, დამოუკიდებელ ეკლესიას ქმნიდნენ.

საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის დროებითმა მმართველობამ 1917 წლის მარტიდან სექტემბრამდე დიდი მუშაობა გასწია იმისათვის, რომ აფხაზეთის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიეღოთ თბილისში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. სწორედ ზემოაღნიშნულ პოლიტიკური პროცესების ფონზე დაიწერა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობის თავმჯდომარის, საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყრდის ეპისკოპოს ლეონიდის (ოქროპირიძე) მიმართვა აფხაზეთის გამოჩენილი მოღვაწის ალექსანდრე შერვაშიძის მიმართ. ეპისკოპოს ლეონიდის მიერ შერჩეული ადრესატი შემთხვევითი პიროვნება არ ყოფილა. აფხაზეთის მთავრის შთამომავალი ალექსანდრე შერვაშიძე (1860 – 1932) ერთხანს სოხუმის ქალაქის თავი იყო და იქაურ აფხაზთა და ქართველთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი მოღვაწეობის დასაწყისში აშკარად გამოხატავდა თავის პროქართულ პოზიციას. 1903 წელს მან სოხუმში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს საკუთარ ბაღში დიდი მიღება გაუმართა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა სოხუმის სოფლის მეურნეობის საზოგადოებაში.3 ეპისკოპოს ლეონიდისათვის ისიც იყო ცნობილი, რომ ალექსანდრე შერვაშიძე სხვა აფხაზ მოღვაწეებთან ერთად იმ დეპუტაციაში შედიოდა, რომლებიც 1916 წლის აპრილში თბილისში ჩამოვიდნენ და აფხაზი ხალხის სურვილი - საქართველოსაგან პოლიტიკური და ეკლესიური  განუყოფლობის შესახებ - კავკასიის მეფისნაცვალს და საქართველოს ეგზარხოს აცნობეს.

მიმართვის გაგზავნის დროს ალექსანდრე შერვაშიძე სოხუმის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა.4 როგორც ირკვევა, საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყრდეს იმედი ჰქონდა, რომ ალექსანდრე შერვაშიძე მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ეკლესიური ერთიანობის შენარჩუნებაში. ეპისკოპოსი ლეონიდი აფხაზ თავადს წერდა:

"დიდად პატივცემულო თავადო ალექსანდრე გრიგოლის ძევ!

განთავისუფლებული საქართველოს ეკლესია, როგორც მოეხსენება თქვენს ბრწყინვალებასაც, ახლო მომავალში იწვევს ქალაქ თბილისში თავის შვილთა წარმომადგენლების კრებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ეკლესიის ცხოვრების მოწესრიგებას და აგრეთვე ეკლესიის თავის სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის არჩევას. კრება დაიწყება 8 სექტემბერს ტფილისში ჩვენ უძველეს სიამაყე სიწმინდე – სიონში.

თქვენს ბრწყინვალებას კარგად მოეხსენება ის საუკუნოებრივი სულიერი კავშირი, რომელიც მუდამ აერთიანებდა ჩვენი ქვეყნის ჭირსა თუ ლხინში აფხაზთა და ქართველ ტომებს, ბედით დაჩაგრულთ, მაგრამ უკეთეს მომავლისათვის და თავის ხალხოსნობის შესანარჩუნებლად ყოველთვის მედგრად მებრძოლთ.

საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ იქონია სახეში ის სულიერი ერთობა, რომელიც ახასიათებდა აფხაზთა და ქართველთა განწყობილებას მრავალსაუკუნეთა განმავლობაში მათი დღიდან საისტორიო ასპარეზზე გამოსვლისა, დაადგინა მოიწვიოს საპატიო სტუმრად ქართველი ერის განუყრელ ხმათა აფხაზთა სამღვდელოების და ერის კაცთა წარმომადგენელნი იმ ბედნიერ დღეებისათვის, როდესაც საქართველოს ეკლესია პირველად ერთი საუკუნის შემდეგ თავს უყრის თავის ერთგულ შვილთ ეკლესიისა და სარწმუნოებრვი ცხოვრების კეთილმოწყობისათვის.

გაცნობებთ რა ამას, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი ბრწყინვალება პირადად დაესწროს იმ დღესასწაულს, ხოლო, როგორც აფხაზთა ქვეყნის წარჩინებულს და სახელოვანს შვილს კეთილ ინებოთ და აცნობოთ აფხაზთა სამღვდელოებას და ერს მათი ძმების ქართველთა ეს სურვილი იხილონ ჩვენი ეკლესიის დღესასწაულზე აფხაზთა წარმომადგენლები.

ვიმედოვნებ რა, რომ ძმური ურთიერთობა აფხაზთა და ქართველთა შორის თავისუფლების, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე თქვენი ბრწყინვალების კეთილი ღვაწლით მეოხებით ახლო მომავალში კვლავ აღსდგება და განმტკიცდება. გიგზავნით, პატივცემულო თავადო, მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ღმერთს ვსთხოვ თქვენს მშვიდობით სუფევას.

დავშთები მარადის თქვენის ბრწყინვალებისათვის მლოცველი.

სრ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი

თბილისი, 1917 წლის 28 აგვისტო."5

ზემოხსენებული მიმართვა ფრიად საინტერესოა. ალექსანდრე შერვაშიძე არ გამოხმაურებია საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყდრის მიმართვას. როგორც ჩანს, ამ დროისათვის იგი აღარ ემხრობოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. უფრო მეტიც, როგორც შემდგომი მოვლნები გვიჩვენებს, მას შეუცვლია თავისი ორიენტაცია. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოდის.6

საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყდრის, ეპისკოპოს ლეონიდის მიმართვის იგნორირების მიუხედავად 1917 წლის სექტემბერში თბილისის სიონის ტაძარში ჩატარებულ პირველ საეკლესიო კრებას აფხაზეთ-სამურზაყანოდან ესწრებოდა 22 დელეგატი. აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენელი რაფაელ ჩხოტუა კრების პრეზიდიუმის წევრადაც კი აირჩიეს. კრებამ მიიღო სამურზაყანოდან თავად მიხეილ ანჩაბაძის მიერ  გამოგზავნილი მისასალმებელი დეპეშა, რომელშიც აღნიშნული იყო: "აბხაზეთის საზოგადოება ძმური სალამით მიესალმება მოძმე ერს, ულოცავს დღესასწაულს და აუწყებს აბხაზეთის საქართველოსთან შეერთებას." დეპეშაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ "კრება არ წინააღუდგეს აბხაზეთის სურვილს საქართველოსთან ეკლესიურად შეერთებაზედო."7

პირველ საეკლესიო კრებას ქართულის არ ცოდნის გამო რუსულ ენაზე მიესალმა რაფაელ ჩხოტუა, რომელმაც ქართველ ხალხს დიდი ეროვნული დღესასწაული – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და საეკლესიო კრების ჩატარება მიოლოცა.8

მართალია, პირველ საეკლესიო კრებაზე ცხუმ – ბედიის ეპარქია შეიქმნა, მაგრამ აფხაზეთის ტერიტორიაზე სრული იურისდიქციის აღდგენამდე და ახლადშექმნილი ეპარქიის ჩამოყალიბებამდე ამ ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები დროებით ჭყონდიდის ეპარქიას დაექვემდებარა. საქართველოს ეკლესიის წიმამძღოლთა ძალისხმევითა და საერო ხელისუფალთა მხარდაჭერით თანდათან აღსდგა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთში. 1919 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ოფიციალურად საქართველოს საკათალიკოსოს შემადგენლობაში იქნა მიღებული.9 თუმცა, რუსეთის ეკლესია სოხუმში მოღვაწე რუს სასულიერო პირებზე დაყრდნობით XXსაუკუნის 20-იანი წლების დასაწყისშიც ცდილობდა გარკვეული პრობლემები შეექმნა საქართველოს ეკლესიისათვის აფხაზეთში. 

-------------------------------------------------------------------------

ლიტერატურა

1 - საქართველო, 1916, 5 მაისი, 100, გვ. 2.

2 - ჯ. გამახარია, აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (I ს. -- 1921 წ.), თბ; 2005, გვ. 778; მისივე "ქართული ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის გავრცელება აფხაზეთში," ცოტნე დადიანის სახ. სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბედია, 2019, 8-9, გვ. 138.

3 - Ю. Чиковани, Род Абхазких Князей Шервашидзе, (Историко – генеалогическое исследование), Тб. 2007,  с. 55.

4 - იქვე.

5 - საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწ. 1, საქმე 424, ფურცელი 2.

6 - წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი, კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ, თბ; 2006 გვ. 461.

7 - წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) და აფხაზეთ, კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ, თბ; 2006 გვ. 194.

8 - იქვე, გვ. 195.

9 - იქვე, გვ. 280; შდრ. ჯ. გამახარია, "ქართული ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის გავრცელება აფხაზეთში," ც. დადიანის სახ. სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბედია, 2019, 8-9. გვ. 146.

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ელდარ ბუბულაშვილი