ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!
ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...
ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა,
დღეო, გადიდდი, გადდიდი,
შვილი ეყრება დედასა!
არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.
მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.
მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...
ცხრა ძმად მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს
დამხურეს მუზარადები.
თუ გაუჭირდა სამშობლოს,
კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,
ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.
არ დაიდარდო, დედაო,
ნუ მიეცემი სევდასა,
დღეო, გადდიდი, გადდიდი,
შვილი ეყრება დედასა!
1944 წ.
დასაბამიდან ანდერძად გქონდა
თავისუფლება გულს დასახული,
ახლა თვითეულ კოკორში სუნთქავ
ულევ სიცოცხლით და გაზაფხულით.
დასაბამიდან ხმალშემორტყმული
დგეხარ და მტერი უამარია,
შენი მარჯვენა და შენი დროშა
ორი ათას წლის ნაომარია!
მზიანო მხარევ, ცოტას ნათობდი,
იცოდი ბევრი შემოღამება,
ვინ ჩამოთვალოს შენი ჭრილობა,
შენი გმირობა, შენი წამება,
ყველა მოჰქროდა შენს შესამუსრად,
მეზობელი თუ გადამთიელი -
არაბი, თურქი, სპარსი, ხაზარი,
ლეკი, მონგოლი, ბიზანტიელი.
შენ ისევ დგეხარ, თუმცა სისხლის ზღვამ
და ცეცხლის წარღვნამ გადაგიარა,
ყველას უნდოდა შენი გალეწა,
თვით დაილეწნენ, იქმნენ იავარ!
1943 წ.
თბილისის მცველთა საძმო საფლავებს, -
სამგორზე სამ გორს, სამ ყურღანს ვხედავ,
ერთხელ რომ მიწას აზანზარებდნენ,
გმირნი გამხდარან საფლავის ტყვედა!
დასთმეს სიცოცხლე, მაგრამ არ დასთმეს
არც ერთი გოჯი თვისი მამულის,
აბორგდებიან სამარის მტვერში,
როცა შეესმით მტრის ჟრიამული.
ხმლებს დაეძებენ, ფარს იბღუჯავენ,
მტერზედ იწევენ გრძელტარა შუბით...
მესმის უჩინარ ლომთა ყვირილი,
მომეჩვენება ნაჩეხი შუბლი...
ახლაც მიწიდან ამოგუგუნებს
ამოძახილი მათი სამპირად
და უერთდება შვილთა ყიჟინას
იერიშებზე ვისლის ნაპირად!
1943 წ.