დაბადების ადგილი: სოფელი გორის უბანი, საგურამოს თემი.
სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. დაახლოებით 1727-1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია. გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში - მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით.როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი "დავითიანი" პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია. გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. "დავითიანი" მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული თხზულებანი კი თარგმნილია ყოფილ სსრკ-სა და მსოფლიოს ხალხთა ენებზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ.,1978.- გვ.310-311
დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა – კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული მზევინარი სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 სუკუნის ქართველი ისტორიკოსის ცნობით, საგურამო განთქმულია. «ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით… პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი» (ვახუშტი).
საგურამოს უფრო ამაღლებულ ადგილს, რომელსაც გორისუბანს ეძახიან, დღესაც ემჩნევა ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილია გურამიშვილების სამყოფელი, რაზეც პირდაპირ მითითებას ჩვენ «დავითიანშიც» ვპოულობთ: «მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო». (სარგის ცაიშვილი, «დავით გურამიშვილი», თბ. 1980)
საგურამოს მიდამოებში გურამიშვილები შედარებით გვიან დამკვიდრებულან. ისტორიული ქრონიკების მოწმობით მათი წინაპრები, რომლებიც დიდგვაროვან ზევდგინიძეთა ოჯახს ეკუთვნოდნენ, დაახლოებით მე-15, მე-16 საუკუნეთა მიჯნაზე გადმოსახლებულან სამხრეთ საქართველოდან, როცა საქართველოს ამ პროვინციებში (მესხეთ-ჯავახეთი) ძალიან გაძლიერდა თურქეთის ექსპანსია.
ზევდგინიძეთა გვარი ქართლსა და კახეთში გადმოსახლების შემდგომ რამდენიმე შტოდ დაიყო. მე-15 საუკუნის ერთ-ერთ ქრონიკაში («მცხეთის გუჯარი») მოხსენიებულია თავადი გურამ ზედგინიძე, რომელიც, როგორც ჩანს, სათავეს უდებს ახალ გვარეულობას, რომელთა შთამომავლები _ გურამიშვილები _ დამკვიდრებულან ქართლ-კახეთის საზღვარზე, სწორედ საგურამოს მიდამოებში (სოფლის სახელიც «საგურამო», როგორც ჩანს, მათი გვარიდან მომდინარეობს). გურამ ზედგინიძე წიწამურის ბატონი ყოფილა. ამ გვარის წარმომადგენლები შიდა ქართლის ამილახორებად, ანუ მეფეთა გვარის მეჯინიბეთუხუცესებად ითვლებოდნენ.
საქართველოს მეფეები ხშირად იხსენებენ ამ გვარის შტოს წარმომადგენელთ, რომლებიც ქვეყნის გამგებელთა ყურადღებას «ერთგულებით, თავდადებითა და დამსახურებით» იქცევდნენ.
დავითს ბავშვობა გურამიანთ-კარში (როგორც საგურამოს ეძახდნენ ზოგჯერ) ან უფრო ზუსტად, მის განაპირა მხარეს მდებარე სოფელში, გორისუბანში გაუტარებია. ძველ საქართველოში დამკვიდრებული წესისამებრ მაღალი წოდების ბავშვები პირველ წლებში აღსაზრდელად მიჰყავდათ გლეხების ოჯახში. ეს მტკიცე ტრადიცია იყო და მისი დადებითი მნიშვნელობა იმთავითვე სწორად ესმოდათ. დავითიც, როგორც ამას თვით პოეტი გვიმოწმებს თავის ლექსებში, აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს, ეტყობა იმდენად ღარიბ ოჯახში, რომ მასაც არაერთხელ საკუთარ თავზე უგრძვნია მშრომელ ადამიანთა გასაჭირი. ღმუილაანთ მიხაკო ყოფილა მისი აღმზრდელი გლეხი. უთუოდ ძიძასთან ყოფნის დროს შეითვისა დავითმა მდიდარი ხალხური სიტყვიერება, მადლიანი ქართული, რომელიც მას ღრმა მოხუცებულობამდე, სამშობლოდან მოწყვეტილს ასე ცოცხლად შემორჩა.
იმდროინდელი აფორიაქებული ცხოვრების გამო, დავითს შესაფერისი სასკოლო განათლება ვერ მიუღია. «ჩემს ყრმობაში სულს გარს მტრად გვადგა თურქ-ყიზილბაშობა, მით იკლო სწავლამა…» _ იგონებს გურამიშვილი.
ზედაზენის იოანეს ტაძრის მღვდელი პავლე ლეკურიანიშვილი ასწავლიდა მას ვარსკვლავთმრიცხველობას, მათემატიკას, ხაზვას, ბერძნულ და ლათინურ ენებს, მაგრამ ყველაზე მეტად ფილოსოფიურ-რელიგიური საკითხები აინტერესებდა. სავარაუდოა, პოეტს მცხეთაში _ სვეტიცხოველში ესწავლა «წიგნი და გალობა».
დავით გურამიშვილი ტრაგიკული ამბების მოწმე და მონაწილე იყო. ქართლი რიგ-რიგად გადათელეს, დაარბიეს, ააოხრეს ჯერ ყიზილბაშებმა, შემდეგ ოსმალებმა. ლეკებიც სარგებლობდნენ ქვეყნის აწიოკებითა და ითბობდნენ ხელს რბევა-თარეშით. თბილისის მიდამოებსა და ქართლის ბარში ცხოვრება შეუძლებელი გახდა.
ჭაბუკ პოეტს, როგორც ჩანს, ადრევე მიუღია მონაწილეობა ბრძოლებში, რომლებსაც მამლის ყივილივით ყოველ გათენებაზე ელოდნენ მისი თანამემაულეები. იგი, როგორც უშუალო მონაწილე, ისე გვიამბობს ერთ-ერთ დიდ ბრძოლაზე გორის მახლობლად გაშლილ ტაფობზე, რომელსაც ზედაველა ეწოდებოდა. ეს იყო კიდევ ერთი ძმათა სისხლისმღვრელი შეტაკება, რომელშიც გარეშე ძალები: თურქები და ლეკებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვება ამ ბრძოლაში დამარცხების ტოლფასი იყო, რადგან ფაქტიურად საქართველოს მოძმე ტომები ებრძოდნენ ერთმანეთს.
1727 წელს დავითი ოცდაორი წლის ჭაბუკი იყო, როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებული. მისი მეუღლე, აზნაურ გარაყანიძეთა ოჯახიდან. საგურამოს რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლამისყანის მკვიდრი ყოფილა.
ლეკიანობის შიშით, გურამიშვილების ოჯახიც თავის მოყვრებს შეფარებია ლამისყანაში. მაგრამ ჩანს, რომ დაღესტნელი მოთარეშენი აქაც თავისუფლად აღწევდნენ. მკათათვის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დასხმიან თავს. თითქმის კინემატოგრაფიული სიცხადით აგვიწერს პოეტი თავის დატყვევების ამბავს.
იმ დროისთვის გურამიშვილის მოყვრები გარაყანიძეებიც მკისათვის ემზადებოდნენ. მამითადისათვის თადარიგის დაჭერა დავითს დავალებია, რომელიც ორი კაცითურთ დილიდანვე შედგომია სამზადისს. მდინარე ქსნის ჭალაზე, სადაც მდებარეობდა გარაყანიძეების ყანა-მამული, ახლაც მოჩქეფს ანკარა წყარო. მუშახელის მოლოდინში დავითს იარაღი აუხსნია, იქვე მუხის ძირას მიუყუდებია და პირის საბანად გასულა წყაროზე.
თურმე სწორედ ამას ელოდა იქვე ბუჩქნარებში ჩასაფრებული შეიარაღებული ლეკების რაზმი (პოეტის გადმოცემით ისინი თხუთმეტნი ყოფილან). თავდასხმა იმდენად სწრაფი და მოულოდნელი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერც კი მოუსწრიათ. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწიათ პოეტის მხლებლებს. ისინი იქვე დახოცეს, თუ მასთან ერთად გაუყენეს ძნელსა და სახიფათო გზას. პოეტი თავის ბიოგრაფიაში მათ შესახებ არას ამბობს. მხარშეკრული პოეტი მყისვე გაუტაცნიათ ლამისყანიდან დაღესტნის მიმართულებით. დავით გურამიშვილის ბიოგრაფიაში დაიწყო სრულიად ახალი ხანა, რომელმაც აუწერელი ტანჯვით აღსავსე ცხოვრება არგუნა მომავალში პოეტს.
დავითის დატყვევებისას ლეკებს ერთი მიზანი ამოძრავებდათ. ისე როგორც სხვა ტყვე ქართველები, ისიც ან საქონელში უნდა გადაეცვალათ, ან მიეყიდათ ყირიმელი ვაჭრებისათვის, რომლებიც ხშირ-ხშირად ჩამოდიოდნენ ტყვეთა ბაზრობაზე დაღესტანში.
მრავალ დოკუმენტთა შორის ამ თვალსაზრისით საგულიხმოა ერთი მოხსენებითი ბარათი, რომელიც სწორედ იმავე ეპოქას ეხება (ინახება რუსეთის საგარეო საქმეთა კომისიის ძველ ფონდებში). მოხსენების ავტორი კოლეგიას აცნობს, მართლაც, ბარბაროსულ ვითარებას: «ლეკები უამრავ ქართველებს ატყვევებენ, მაგრამ სიღარიბის გამო მათი შენახვა არ ძალუძთ. არც მათი დასახლება მიწის სიმწირის გამო. ცხვრებივით შეკრულები ქვეითად მიჰყავთ თავის მებატონეებთან და ჰყიდიან ყირიმელ თათრებზე. ხოლო მათ ბატონებთან და მათ სამფლობელოში ყირიმიდან და ყუბანიდან მოდიან თათრები და შემოაქვთ ტილო, ყუმაში, ჩითეული, ქაღალდი, მატერიები, აგრეთვე ხმლები, ტყვია, თოფის წამალი, კაჟი და სხვა. აგრეთვე ცხენები, რაც მათ ძალზე სჭირდებათ, ამიტომ ტყვეებს სცვლიან ზემოხსენებულ საქონელზე სულ მცირე ფასად, ხოლო თათრებს ის ტყვეები ხელშეკრულები, დაჭედილები მიჰყავთ ყირიმში, ყუბანში და იქ მათ ტირანულ წამებას აყენებენ». *1
გურამიშვილი დიდხანს როდი შერიგებია ამგვარ ყოფას და არც ლოცვა-ვედრებას დანდობია მხოლოდ. მან ურყევი გადაწყვეტილება მიიღო და სცადა კიდეც, გაპარულიყო. იგი შეუპყრიათ და კიდევ უფრო სასტიკად უწამებიათ, მაგრამ მარცხმა ვერ გატეხა მისი უდრეკი ნება.
გურამიშვილი კვლავ გაუსხლტება მოძალადეებს, საოცარი სულიერი დაძაბვით იგი გადალახავს ათასგვარ დაბრკოლებას და ამჯერად თავს დააღწევს კიდეც ტყვეობას.
დავითი თერთმეტი დღე მიიკვლევდა გზას და როგორც თვითონვე გადმოგვცემს, მშიერმა და ფიზიკურად განადგურების ზღვრამდე მისულმა, მხოლოდ მე-11 დღეს გააღწია «სარუსეთოს».
გაქცევის მარშრუტი პოეტს, როგორც ჩანს, ტყვეობაშივე ჰქონდა მოფიქრებული. ამაზე მეტყველებს მისი ცნობილი ლექსის «ტყვეობითგან გაპარვა დავითისა» შემდეგი სტრიქონები:
«დღისით წინამძღვრად მზე მყვანდის, ღამით ვუჭვრეტდი მთვარესა,
მივენდევ შვიდთა ვარსვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა».
კავკასიონის გადმოლახვა და საქართველოში დაბრუნება ფაქტიურად განუხორციელებელი ოცნება იყო, თანაც მას კარგად ახსოვდა, რა საშინელი ანარქია სუფევდა იმ ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში.
ხსნის ერთადერთი გზა «ჩრდილოეთის მხარეზე» იდო. რუსული დასახლებები უკვე მჭიდროდ ეკვროდა დაღესტანს, ხოლო მოსკოვში მას თავისი დიდი მოძღვარი ვახტანგ მეექვსე და ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი დასი ეგულებოდა.
მფარველი რუსი მეგობრების ხელშეწყობით თერგი-ასტრახანის გზით 1729 წლისათვის პოეტი უკვე მოსკოვშია ვახტანგ მეექვსის კარზე.
მოსკოვში, ვახტანგ მეექვსის კარზე, დავითი დიდი პატივით მიუღიათ. მას ჯაბადარბაშის საკმაოდ მაღალი სახელო (თანამდებობა) უბოძეს და საქართველოს გამოხსნისთვის, რის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავდა ვახტანგ მეექვსე, მომავალ ბრძოლებში საჭირო იარაღის საწყობები ჩააბარეს.
დავით გურამიშვილისთვის მეტად სასარგებლო აღმოჩნდა მოსკოვში, გატარებული წლები, ვახტანგის კარი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის აქტიურ კერად გადაიქცა.
1737 წელს ასტრახანში გარდაიცვალა ვახტანგ VI. 1738 წელს დავით გურამიშვილმა მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. რუსთა სამსახურში შესვლისას, ქვეშევრდომობის ფიცის მიღების შემდეგ, ქართველობას საუკუნო მფლობელობაში დაენიშნა ჯამაგირი და მამულები უკრაინაში.
მე-18 საუკუნის 30-იანი წლებიდან აღზევების გზაზე მდგარ რუსეთის სახელმწიფოს მწვავე პოლიტიკური კონფლიქტები ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც აქტიური მოქმედებით ცდილობდნენ, აელაგმათ რუსეთის გაძლიერება. ერთ ომს მეორე მოჰყვა და ქართველი ჰუსარები, რომელთა რიგებშიც იმყოფებოდა დავით გურამიშვილი, თავდადებით იბრძოდნენ რუსეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ, საფუძველს უყრიდნენ რუსეთ-საქართველოს მხედრული თანამეგობრობის შემდგომი განმტკიცების საქმეს. მამაცი მხედარი დავით გურამიშვილი, რომელსაც საომარი ნათლობა სამშობლოშივე ჰქონდა მიღებული, წლების მანძილზე ღირსეულად ატარებდა ბრძოლებში უშიშარი ჰუსარის სახელს.
ქართველ ჰუსართა პოლკი 1739 წლიდან მონაწილეობდა ე.წ. ყირიმის ომში, რომლის მიზანი იყო თურქთა შემოტევების შეკავება შავი ზღვისა და ბალკანეთის მიდამოებიდან.
ქართველი მეომრები მალე ჩრდილოეთში გადაისროლეს. 1741-1742 წლებში ისინი ფინეთის მარცხენა მხარეს შვედების წინააღმდეგ იბრძვიან (როგორც ცნობილია, შვეციას სურდა, რუსეთს დაეთმო ის ადგილები, რომლებიც ბრძოლით მოიპოვა პეტრე პირველმა). ამ ომშიც თავი გამოუჩენიათ ქართველ ჰუსარებს.
მხოლოდ ამ კამპანიის შემდეგ დააბრუნეს ქართველები უკრაინაში. გურამიშვილი შეუდგა თავის ადგილ-მამულის მოვლა-პატრონობას. როგორც მისივე პოემიდან ვიცით, მას მამული გაპარტახებული დახვედრია, მეურნეობა კი მთლიანად მოშლილი, მაგრამ პოეტს თავისი ადგილ-მამულის მოწესრიგება ალბათ მთლიანად არც კი ჰქონდა დამთავრებული, როცა ქართველ ჰუსართა პოლკი კვლავ ომში გაიწვიეს.
ფრიდრიხ II ექსპანსიური პოლიტიკის წინააღმდეგ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად გამოდის რუსეთიც. 1757 წელს დაიწყო რუსეთ-პრუსიის შვიდწლიანი ომი.
ამ სასტიკ და სისხლისმღვრელ ომში პოეტს ახალი ხიფათი ელოდა. კისტრინის სახელგანთქმულ ბრძოლაში, როცა გამარჯვების სასწორი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იხრებოდა, პირველი იძულებითი უკან დახევის შემდეგ რუსთა და ქართველთა კავალერიამ საშინელი სისწრაფით შეუტია მტერს. პრუსიელთა რაზმები შედრკნენ და უწესრიგოდ იხევდნენ უკან. გაქცეულ მტერს მისდევდა დავითიც, როდესაც ანაზდეულად მისი ცხენი ჭაობში ჩაეფლო, ხოლო მხედარს ჩამოვარდნისას მხარი დაუშავდა. მძიმედ დაზარალებულ პოეტს მოულოდნელად თავზე წამოსდგომია პრუსიელთა ძირითად ძალებს მოწყვეტილი რაზმი. თითქმის უგონო პოეტი ტყვედ შეუპყრიათ. ეს მოხდა 1758 წელს, 15 აგვისტოს. სხვა ტყვეებთან ერთად იგი გადაიყვანეს შორს და ბოლოს მაგდებურგის ციხე-ბასტიონში მოათავსეს. გარკვეულ მკვლევართა აზრით, შემდგომი პერიოდი ტყვეობაში გაუტარებია დავითს, მხოლოდ 1763 წელს დაბრუნებულა.
თუმც უკანასკნელ ხანებში რუსეთის სამხედრო არქივში აღმოჩენილი მასალებით დოკუმენტურად გაირკვა, რომ გურამიშვილი უკრაინაში ადრე დაბრუნებულა (იხ. ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში, 1956 წ.). ომის დამთავრებამდე, 1759 წლის 4 ოქტომბერს რუსეთსა და პრუსიას შორის დაიდო ხელშეკრულება ტყვეების გაცვლის შესახებ. ჩანს, სწორედ ამ ხელშეკრულების ძალით, 1759 წლის 7 დეკემბერს გურამიშვილიც გაუთავისუფლებიათ.
ტყვეობიდან პოეტი დასნეულებული ჩამოვიდა, აღარც დაზიანებული მხარი აღუდგა. იგი, როგორც მძიმე ავადმყოფი, გაუთავისუფლებიათ მშობლიური პოლკიდან, რომელიც ამ დროს კვლავ ბრძოლის ველზე იმყოფებოდა.
ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ მისი მხედრული დამსახურება სათანადოდ შეუფასებია უმაღლეს ხელისუფლებას. მატერიალურად დახმარებიან, 1760 წელს პორუჩიკის ჩინით დავითი გასულა სამხედრო სამსახურიდან (ძვირფას მასალას პოეტის სამხედრო ბიოგრაფიისთვის ამ მხრივ წარმოადგენს მისი თხოვნა, ე.წ. ჩელობიტიეს სახით რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედის სახელზე და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ინახება მოსკოვში, ცენტრალურ სამხედრო არქივში).
უკრაინაში მობრუნებულ პოეტს მამული სრულიად გაპარტახებული დახვედრია, რასაც მძიმე შთაბეჭდილება მოუხდენია ისედაც ჯანგატეხილ პოეტზე. ერთ თავის ლექსში, რომელსაც ეწოდება: «ოდეს დავით გურამიშვილი პრუსიაში დატყოვდა და, თუ რამ აქვნდა თავისი საცხოვრებელი ისიც დაეკარგა, იმისათვის ტირილი», პოეტი გადმოგვცემს თავის მაშინდელ უიმედო განწყობილებას და სულიერ მიუსაფრობას.
მაგრამ, როგორც ჩანს, დავითს კვლავ მოუკრებია ძალა და თავის ახალგაზრდა მეუღლე ტატიანა ვასილის ასულთან ერთად მოუწესრიგებია გარეშე თუ შინაური მტრის მიერ გაჩანაგებული სახლ-კარი, მოშლილი მეურნეობა.
გადის ათეული წლები, პოეტი ცხოვრების მიმწუხრს ატარებს თავის მეორე სამშობლოში, უკრაინაში, მაგრამ როგორც მისივე შემოქმედებიდან ჩანს, მას არა ერთი და ორი ღამე გაუთენებია ფიქრში სამშობლოზე, _ საგურამოსა და ზედაზენზე, სადაც განისვენებდნენ მისი წინაპრები (სადაც იყო მათი წმიდათა-წმინდა «სასაფლაო და ძვალთ შესალაგი»).
ჩვენ ზუსტად არ ვიცით მისი მთელი საქმიანობა ამ ხანებში. როგორც ჩანს, დავითი აქტიური წევრი უნდა ყოფილიყო იქაური ქართული ახალშენისა და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. (ქართული ახალშენის ნაშიერნი დღესაც სახლობენ ამ მიდამოებში).
1787 წელს, როცა უკრაინაში (კერძოდ, კრემენჩუგში) პოტიომკის კარზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩიონი ერეკლე II-ის ვაჟის მირიან ბატონიშვილის მეთაურობით, გურამიშვილი სასოებით გადასცემს მას ერთადერთ პირმშოს, როგორც მან უწოდა თავის ლექსების კრებულს. სწორედ ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გურამიშვილის «დავითიანმა» გაიკვლია გზა მშობლიური ქვეყნისაკენ.
დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით) 87 წლის ასაკში. მოგვიანებით აღმოჩნდა მისი სამარე და საფლავის წარწერაც. პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
*1. სარგის ცაიშვილი, «დავით გურამიშვილი», თბ. 1980, გვ. 25.
burusi.wordpress.com
XVIII ს-ის ქართველი პოეტი, რუსეთში ქართული ემიგრაციის წევრი, მებრძოლი და კულტურული მოღვაწე
დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს გორისუბანში. როგორც ადასტურებს უკრაინის არქივებში დაცული დოკუმენტები (კოსარიკი), მის ოჯახს ჰქონია სასაფლაო და სახლები იოანე ზედაზნელისა და შიო მღვიმის მონასტრებში. თავადთა შთამომავალი აღსაზრდელად ძიძისთვის მიუბარებიათ. პოეტის მთელი შემდგომი ცხოვრება - ტყვეობა, დამცირება, ემიგრაცია, უცხოობაში სიკვდილი ქვეყნის უაღრესად რთულ, წინააღმდეგობებით სავსე და ტრაგიკულ ბედს ასახავს. ცხრამეტი წლის ჭაბუკს მონაწილეობა მიუღია გორისციხის ბრძოლაში, რომელიც თურქ დამპყრობლებს ჰქონდათ დაკავებული. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, თუმცა პირველი იერიშის დროს წარმატებას მიაღწიეს. ამ ბრძოლის შემდეგ დავით გურამიშვილი აღარ დაბრუნებულა საგურამოში და თავის მოყვრებთან, ქსნის ხეობაში, ლამისყანაში შეუფარებია თავი. სწორედ აქედან გაიტაცეს იგი ლეკებმა 1727-1728 წწ.-ში და წაიყვანეს დაღესტანში, ოსოქოლოში. აქედან პოეტი გაიპარა და შეეკედლა თერგისპირას ახალმოსახლე რუსებს. 1729 წელს იგი სოლარ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც შეუერთდა ვახტანგ VI-ის ამალას. თავად დავითის თქმით, მოსკოვში ვახტანგი მასზე ექვსი წლით ადრე ჩავიდა. ამ დროს მეფის ამალა დიდად დამწუხრებული ყოფილა, რადგან მოკლე პერიოდში რუსეთში სამი ხელმწიფე გარდაიცვალა და ვახტანგმა აღარ იცოდა ვისთვის მიემართა.
ქართველები ცხოვრობდნენ ვსეხსვიატსკოეში, სოფელში, რომელიც პეტრე პირველმა უწყალობა ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონს; მისი სიკვდილის შემდეგ ეს ტერიტორია ვახტანგ VI-სა და მის მემკვიდრეებს დარჩათ.
მოსკოვში ჩასვლისთანავე პოეტი ჩაება კულტურულ საქმიანობაში, რომელიც ქართველ ემიგრანტებს უკავშირდება და რომელსაც მრავალმხრივი მიმართულება ჰქონდა. აქვე იმყოფებოდა პოეტის ძმა ქრისტეფორეც. ცნობილია, რომ ვახტანგის ინიციატივით გამართულ პოეტურ პაექრობაში მის მელექსეობას დიდი მოწონება ხვდა წილად. ამის თაობაზე ისევე, როგორც მთელი თავისი ცხოვრებისეული გზის შესახებ, დავითი თავის “დავითიანში” მოგვითხრობს.
დავით გურამიშვილი თავის პოემაში ასახავს იმ იმედსა და ნაღველს, რაც ქართველ ემიგრანტებში სუფევდა რუსეთსა და აზიაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესაბამისად. აზიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი იყო. დაიწყო ომი ირანსა და თურქეთს შორის. რუსეთმა გადაწყვიტა ესარგებლა მომენტით და მეფე ვახტანგი სამხედრო დავალებით გააგზავნა კასპიის მხარეში. ქართველები სოლაღისაკენ გაემართნენ თბილისში დაბრუნების დიდი იმედით. დავითი ამ მომენტის შესახებ ამბობს: “მოსკოვს ქალაქს მზეს ველოდითო”. ვიდრე ვახტანგი დანიშნულების ადგილამდე ჩააღწევდა, უაღრესად გაძლიერებულმა ირანმა შეძლო არა მარტო თურქეთის დამარცხება, არამედ ის მიწებიც დაიპყრო, რომლებიც მანამადე რუსებს ეჭირათ. ნადირ შაჰის შესახებ, რომელიც მთელ წინა აზიაში გაბატონდა, გურამიშვილი წერს:
“ხმლით შეაშინა თურქეთი,
დაღისტანი და ბუხარა;
რუსთ ხელმწიფესაც მოსწერა:
“გამეცა, ბაქოს ნუ ხარა”.
სოლაღს, დარუბანდს, არმოანს,
თქვენ რა ხელი გაქვთ ბაქოსა?
დასაბაქველი მბაქველმან
არც აგრე უნდა ბაქოსა.”
ვახტანგმა ბოლო იმედიც დაკარგა და ასტრახანში გადავიდა საცხოვრებლად, გადახვეწილი ქართველები კი ბაქარს ჩააბარა. 1737 წელს იგი გარდაიცვალა. “ვაი, რა ბოძი წაგვექცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო” – ასე დაიტირა პოეტმა უცხოობაში გარდაცვლილი მეფე.
ამის შემდეგ სხვა ქართველი ემიგრანტების მსგავსად დავითმაც მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. 1738 წლიდან იგი ქართველ ჰუსართა პოლკის შეუპოვარი და მამაცი მებრძოლია. (ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში). ამ პოლკის წევრებს რუსეთის მთავრობამ გადასცა მამულები. დავითმაც მიიღო მამული სამხრეთ უკრაინაში – მირგოროდსა და ზუბოვკაში.
1738-1760 წლებში დავითი აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის მიერ წარმოებულ ბრძოლებში ოსმალეთის, შვედეთის, პრუსიის წინააღმდეგ. იგი იყო გაუტეხელი, მამაცი მეომარი, მუნდირისა და ფიცის ერთგული. მან წარმატებული სამხედრო კარიერა გაიკეთა, მიაღწია პოდპორუჩიკის ჩინს. პრუსიასთან შვიდწლიანი ომისას (1758-1763) ერთ-ერთ ბრძოლაში, კიუსტრინის მიდამოებში დავითი ჭაობში ჩაეფლო და ტყვედ ჩავარდა. იგი მაგდებურგის ციხეში ჩაამწყვდიეს.
ციხეში მას მარჯვენა ხელი დაუზიანებია და თვალთაც დაჰკლებია (გ. ნატროშვილი). 1959 წლამდე მაგდებურგის ციხეში იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ იგი გადაგა სამხედრო სამსახურიდან და თავის ახალგაზრდა მეუღლესთან, ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად დასახლდა უკრაინაში. აქ მან ხელი მიჰყო მეურნეობას ( “ქერი ვხან და ყანა, ფეტვი”) და შექმნა თავისი პირმშო - “დავითიანი”. კრებულის შედგენა ჱდავითს უნდა დაეწყო მაგდებურგის ტყვეობამდე. 1774 წლისათვის იგი უკვე დასრულებულია (კ. კეკელიძე). კრებული პოეტმა საქართველოში პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს, ერეკლეს ძეს გამოატანა. სამშობლოს მოწყვეტილი პოეტი უცხოობაში, მირგოროდში გარდაიცვალა და დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.
“დავითიანი” დაცულია ერთადერთი ავტოგრაფული ხელნაწერით, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში – შ -1598. იგი 1787 წლით თარიღდება. ხელნაწერი 309 გვერდს მოიცავს. ის, რომ ხელნაწერი ავტოგრაფია, მითითებულია 268-ე და 289-ე გვერდებზე. მასში 286-ე გვერდზე თავად პოეტის ავტოგრაფია. აქვეა მის მიერვე შედგენილი წისქვილისა და სარწყავის მოხაზულობის გეგმა. გეგმის ზემოთ ჩაკრულია ახტირკის ღვთისმშობლის ხატის ნაბეჭდი სურათი. ხელნაწერი შემოუწირავს პეტრე უმიკაშვილს, მასში ამ უკანასკნელის მინაწერებიცაა.
დავით გურამიშვილი “დავითიანს” თავის პირმშოდ მიიჩნევს:
“ამად ვახოტბე, შევკრიბე ცრუის საწუთროს ყბედობა,
მე ძე არ დამრჩა ბედკრულსა, ე სარის ჩემი ბედობა...
მე რაც ვშობე, შვილად ვსჯერვარ, ეს თუ მზრდელმან გამიზარდა,
ვზრდი მომღერლად, მე თუ ჩემი სიმღერა არ გამიზარდა.”
“დავითიანი” უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივი კრებულია როგორც შინაარსობრივი, ისე ქართული ვერსიფიკაციის თვალსაზრისით. მასში წარმოდგენილი თხრობა და მოტივები ორგანულადაა დაკავშირებული დავითისა და საქართველოს ძნელბედობასთან, რაც განსაკუთრებული სიცხადით, ისტორიკოსის სიზუსტითა და პოეტური ოსტატობითაა გადმოცემული “ქართლის ჭირში”. ასე უწოდებენ პოემის ერთ ნაწილს, რომელიც მოგვითხრობს XVIII ს-ის 20-ინი – 30-იანი წლების ქართლ-კახეთის ისტორიის, ომებისა და ძმათა შუღლის, ვახტანგ VI-ისა და მისი ამალის რუსეთში ყოფნის შესახებ. პოემა იწყება ერის სარწმუნოებრივ-ზნეობრივი გადაგვარების აღწერით, რამაც მოიტანა ღვთის სასჯელი – სტიქიური უბედურებანი, გარეშე მტერთა (თურქების, სპარსების, ლეკების, ქისტების და სხვათა) თარეში, შინაური უთანხმოება და მტრობა. გურამიშვილი აღწერს იმ პერიოდს ჩვენი ისტორიისას, როდესაც იკვეთება აუცილებლობა რუსეთთან კავშირისა, თუმცა არ არის ამისათვის მომწიფებული პირობები. პეტრე პირველის გეგმაში, რომელიც ირანზე გალაშქრებას ისახავდა მიზნად ხელსაყრელი მომემტის შერჩევით, ქართლის სამეფოს სამხედრო ძალების გამოყენებას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა, რაც საქართველოსათვის, ვახტანგ VI-ისა და მისი გარემოცვის ნაწილისათვის ქვეყნის დაბრუნების პერსპექტივასაც ნიშნავდა, თუმცა ამ აზრს არ ეთანხმებოდა ფეოდალთა მნიშვნელოვანი ნაწილი. მეფის მცდელობამ შედეგი არ გამოიღო - “ქართლი ოსმალომ დაიპყრო, კახეთი ლეკთა მოლამა”.... პოეტის სტრიქონები მძიმე ემოციითა და პესიმიზმითაა გამსჭვალული.
დავით გურამიშვილს “მართლის თქმა” საკუთარი ზნეობრივი კრედოს რანგში აჰყავს და ამბობს:
“მართალს ვიტყვი, შევიქნები
ტყუილისა მოამბე რად?
ვერსა ვუქებ საძაგელთა,
უფერულთა პირსაფერად”.
პოეტი მკაცრი მამხილებელია და ერის გადარჩენას უპირველესად მის ზნეობრივ განწმენდაში ხედავს. პოემაში ერთმანეთს ერწყმის სიფხიზლე და პესიმიზმი, რეალობა და მისტიკა. პოეტი ღრმადმორწმუნე ადამიანია. მის მიერ გამოყენებული ბიბლიური სახეები, ქრისტიანული სიმბოლოები, ჟღერადობა და რემინისცენციები პოემას განსაკუთრებულ გამომსახველობას, სიღრმესა და პოეტურ ხიბლს მატებს. ისინი უშუალოდ დავითის ფსალმუნებს უკავშირდება და აბრუნებს პოეტს VIII-X ს.-ის ქართულ ტრადიციებათან.
“დავითიანში” მძლავრი ხალხური ნაკადიც იგრძნობა – წინაქრისტიანული ეპოქის კოპალას, ხალხური მითოლოგიის კვალი (“მხიარული ზაფხული” ანუ “ქაცვია მწყემსი”). მასში, როგორც აღნიშნულია სამეცნიერო ლიტერატურაში, ძველი სლავური ყოფის სურათებიც ირეკლება.
დავითის დიდაქტიკა დიდადაა დავალებული ვახტანგ VI-ის პოეზიით, განსაკუთრებით მისი აპოფთეგმით “სიბრძნე მალაღობელი”. როგორც ცნობილია, იგი უარესად პოპულარული იყო მოსკოველი ქართველებისათვის. აქ წარმოდგენილია ძველი ბერძენი ფილოსოფოსების აფორიზმები სხვადასხვა საკითხზე. თხზულება უშუალოდ უკავშირდება პოლონელი ავტორის ბენიაშ ბუდნის აპოფთეგმას, რომელიც რუსულ ენაზე თარგმნა პროზით ერასტი თურქესტანიშვილმა, ხოლო შემდეგ იგი გალექსა ვახტანგ VI-მ “სიბრძნე მალაღობელის” სახელით. საგრძნობია არჩილის “ზნეობათა” გავლენაც დავითის პოეზიაზე.
პოეტის წინამორბედთა კვალი განსაკუთრებით იგრძნობა “დავითიანის” ნაწილში, რომელსაც “სწავლა მოსწავლეთა”-ს სახელით ვიცნობთ. პოეტის შეხედულებები სწავლა-აღზრდის საკითხზე “სწავლის მაძებართ”, სიბრძნისოყვარეთ განუყრელი ცოდნის შეძენის საჭიროებასა და აუცილებლობაზე მიუთითებს. ეს თანმყოფი განძი, რომელსაც მცოდნელს ვერავინ შეეცილება, ძნელად მოსაპოვებელია, თუმცა მისი მწარე ძირი “კენწეროში გატკბილდება”. ბრძენი, მცოდნე ადამიანი მყარად მიჰყვება ცხოვრების გზას, რადგან “ჭკვის უკეთესი საქონლად არარა საქონელია”.
“ვსძებნე და ვერა ვპოვე რა, მჯობი ამ სწავლა-მცნებისა;
ბრძენსა აქვს თავისუფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი სადაც არს დარჩების, საუნჯე თან ექნებისა...”
დავით გურამიშვილის შემოქმედების უმთავრესი ხაზი და უმთავრესი დამსახურებაც პოეტური სიტყვის ეროვნულ წიაღში დაბრუნებაა. ეს იყო კულტურული გამოღვიძება, რომლის მოთავენი ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი იყვნენ. თავის კულტურულ წინამორბედად დავითი რუსთაველს მიიჩნევს, “ბრძენ რიტორს”, რომელმაც დარგო ქართული პოეზიის მარადწვანე ხე.
ამასთანავე დავითს მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული ლექსწყობის ახალი ფორმების შექმნის თვალსაზრისით. იგი გარსევან ჩოლოყაშვილისა და მამუკა ბარათაშვილის სკოლის ღირსეული წარმომადგენელია. რუსთაველის 16-მარცვლიან და ჩახრუხაულ 20-მარცვლიან ლექსთან ერთად დავითი იყენებს 5, 6, 7, 11, 12 და 14 მარცვლიან ლექსს, ქმნის აკროსტიქულ ლექსებს და ანბანთქებას.
პოეტის ღრმა პესიმიზმი ფართოა და მრავლისმომცველი: ეს არის უიმედობის, უსასოობის მძიმე განცდა, გამოწვეული პირადი, ეროვნული და ზოგადადამიანური ტკივილით. ამავე დროს “დავითიანში” აშკარად იგრძნობა დაუძლეველი სურვილი და ტრფობა სიცოცხლისა, მიწიერი ცხოვრებისა. კაცისა და საწუთროს გაბაასება ადამიანური არსებობის სწორედ ამ მარადიულ დავას წარმოგვიდგენს. პოეტი შთამომავლობას უტოვებს მის ამქვეყნიურ მოსაგონებელს, ტკივილიან პოეზიას, რომელიც “ცოდვის მუხრუჭით შეკრულ” პოეტს შეუკრებია და “ია-ვარდის კონებად” უძღვნია ყრმათათვის.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. დავითიანი, მე-9 გამოცემა, (რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის), თბილისი, 1955
2. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი, 1981
3. გიორგი ნატროშვილი, დავით გურამიშვილი, თბილისი, 1943
4. ვარლამ დონდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია, თბილისი, 1959
5. ელგუჯა მაღრაძე, ცხოვრება დავით გურამიშვილისა, თბილისი, 1976
6. დ. კოსარიკი, დავით გურამიშვილი უკრაინაში, თბილისი, 1949
7. ტრიფონ რუხაძე, “დავითიანის” ლიტერატურული წყაროებისათვის, თბილისი, 1949
8. ს. ცაიშვილი, დავით გურამიშვილი, თბილისი, 1986
9. სოლ. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბილისი, 1955
10. მიხ. ჩიქოვანი, დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია, თბილისი, 1955
11. გ. ლეონიძე, დავით გურამიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, რუსთაველი სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1966
qim.ge
დალაქი ბუნბულა ფარსმანიშვილი მეტადჩვილი, გულნაზუქი მახსოვს,-- მოსიყვარულე, უწყინარი, ძვირუხსენებელი, მეგულკეთილე, თან გაგებული, შესმენილი კაცი.
__არავის აწყენინო, მოშიშება უნდა გქონდეს, ჩვენი ბოლო სამი ფიცარია!-ზედ დააყოლებდა ამ სიტყვებს, სამართებელს რომ ღვედზე ლესვას დაუწყებდა. კარგი მემუსაიფე იყო, ხალხის შემაქცევარი. სიტყვის თავზე ,,ჩემი ხარ ბატონი― არ დაავიწყდებოდა.
__სიწმინდის დარზე ვიდგეთ, და-ძმობაზე ვიაროთო!
__თავი და თავი გულის მოსავალია! ჯერ გულის მოსავალი მოირეწე და მოკრიფე, მერე მიწისა!
ბუნბულას მიერ შემეცნებულნი თავს აკანტურებდნენ ნიშნად თანხმობისა და თვით ბუნბულას საპატიურობისა.
დალაქის აზრით, სიგიჟით მოგებული არაფერია სინდისით, მოგებულთან! ადამიანს რომ შეხვდები, მარტო საქმეზე კი არ უნდა ელაპარაკო, გუნებიერად მოიალერსე, გუნება მოიმყუდროვე, ორივეს ჯანი და აგებულობა დაგიმშვიდდებათო!
იმდენად სათნო და წმინდა ადამიანი იყო ბუნბულა, რომ მისმა მტერ-მოყვარეებმა ხმა დაუყარეს, ბუნბულამ სთქვაო, ჩემს ჯეელობაში ქალები სულაც არ ყოფილანო!
იყვნენ თუ არა ქალები მის ახალგაზრდობაში, არ ვიცი, მაგრამ თითონ თორმეტი შვილი კი ჰყავდა: გოგოები- თათია, ნია, ფაცაცი, მზესა, გაია; ბიჭები-ბატატა, საჩინო, ჯაბა,გეგენა, ბათუა, ხოხორა, ბაბღია. ზოგი დაოჯახებულიყო, ზოგი ახლად იდგამდა ფეხს.
მე მიკვირდა, როგორ ეტეოდა ამოდენა ხალხი ბუნბულას ორ პატარა ოთახში? ერთხელ კიდევაც შევეკითხე.
__ ზოგი იატაკზეა, ზოგი სხვენზე, ზოგი ჭერში, ზოგი ერდოზე, ზოგი აივანზე, ზოგი ეზოში, ზოგი წყალზეა წასული, ზოგი პურზე, ზოგი დუქანში და ასე __ ვეტევით. იოლას გამოვდივართ, __ მომიგო ბუნბულამ. ამდენ შვილებში ყველაზე მეტად ბატატა უყვარდა, მე მგავსო, ხელს გაიშვერდა ბატატაზე და სიამაყით იტყოდა: __ ჩემი გვირგვინის შვილია!
ძვალად, ძარღვად კარგი იყო ბატატა მამასავით, მაგრამ ნიჭმოკლე, გონების თვალით უხედავი,დაბდური, ოტროველა.
რას აჭმევ. რითი ჰკვებავ შვილებს?
სამართებლით! განა არა ვარ გაოგნებული? ფიქრით სოფელი გადავაბნელე! ბედის ბედაური გავაჭენე და ეს მომერგო საწუთროში!
მაინც საწყენი, საკრული სიტყვა პირიდან არ ამოუიდოდა. ენად კარგი იყო. გულდებით იცოდა საუბარი, თითქოს ცეცხლზე შემდგარი თაფლის ქვაბი ტკბილი ჩუხჩუხით გელაპარაკებაო . სადალაქოში უყვარდა პოლიტიკაზე ლაპარაკი, პოლიტიკოსებს საქმიანობას უწუნებდა, თუ კაი ხალხია, ომი რად უყვართო, ომს რად აჩენენო! ნაპოლეონიც მიყვარს, გიორგი სააკაძეც, მაგრამ ომები იმათ მოიგონეს, მათი ძვლები ხალხის ცოდვით ვერ მოისვენებენო!
ყველა ნადობი, ნაძმობი, მოკეთე, სახლიკაცი, მეზობელი, თვისტომნი და მოყვარენი ვართ! ყველა რომ სიამტკბილობით ვიყვნეთ, განა ავკაცობა მოხდება დედამიწაზე? ჩვენი ბრალია, ჩვენით მოდის ყველაფერი! შუღლს შფოთი მოსდევს, შფოთს ჩხუბი, სისხლი და ციხე! სისხლს ომი მოსდევსო.
პირველი მსოფლიო ომი რომ ატყდა, ბუნბულა მართლა შეგეცოდებოდათ. კინაღამ არ შეირყა. __ქვეყანა ბოროტების მტვერით აივსო! აჰა ეგეც სიმწრის ჭაშნიკი! ვაი, სადა ხარ, სირცხვილო, ვაი, ადამიანის გაღორებას!
__ ღმერთო ჩვენსკენ მოღერებული ხანჯალი დაუმოკლე ჩვენს მტერს!
და შეწუხებული, დამწუხრებული ბუნბულა მიადგებოდა გამვლელ-გამომვლელს. __ კაცი არა ხარ?
__ მერე?
__ განა ძმები არა ვართ, გულის ძმავ?
__ მერე?
__ ხომ ადამიანი ხარ? ხომ ვართ ადამის შვილები!
__ მერე?
__ მერე ისა, რომ ჩემი სული შენს მუჭაში დევს!
__ რა გინდა?
__ ის მინდა ,რომ თუ საქართველოს მირონი გიყვართ,შევერთდეთ, ერთმანეთს მხარი მოვაბათ, ხელმწიფესთან წავიდეთ, დავუჩოქოთ, შევეხვეწოთ-ომი არ გვინდა-თქო!
__ ვინ მიგიშვებს ხელმწიფესთან?
__ ჩვენ ჩვენი საცადური არ დავაკლოთ!
__ მერე რა გამოვა?
__ როგორ თუ არა? ფარა ცხვრმა ხეს შეჰბღავლა და ხე გახმაო ! ხატიცხოვლის მადლმა, მართალია! როდის ვამბობ გულის მოსაპირავად?
საწყალ დალაქს გულწრფელად სჯეროდა კეთილ ადამიანთა ნების შეერთების ძალა. __ ეჰ, მოგცლია! -ეტყოდა ვინმე ილაჯგაწყვეტილი.
__ მაშ, ხალხი არ გენანება, დედამიწა, ცა-მზე? მაშ, სიცოცხლე უნდა ყმად მიუგდოთ სიკვდილს? მაშ, საკაცო მადლი დავკარგოთ?!
__ ენდე ღმერთს! ხელმწიფესთან წავიდეთ, ფეხქვეშ ჩავუცვივდეთ, მუხლ_დადგმით ვთხოვოთ, შევეხვეწოთ,_ მუდარით შესთხოვდა ბუნბულა უცნობსა თუ ნაცნობს,ახლობელსა თუ შორებელს, გამვლელსა თუ გამომვლელს. მაგრამ მის წინადადებაზე ყველას ეღიმებოდა. ერთმა ვირულა ბიჭმა შეჰკადრა კიდევაც: ტვინი ამოგიღვარესო?
სიმართლისა და მშვიდობის მაძიებელი დალაქი გაოცებული იყო ადამიანთა უმადურობით:_ვაი, გზა ვერ ვიპოვე ვერავის გულში! _ბოლოს წყრომამ ამოხეთქა მის გულს:
__მაშ, არ გინდათ ერთობის კარი? არ გსურთ ომი ავიცდინოთ? მაშ, ქრისტეს სიმართლეში მომეცით პასუხი! __ჩაიქნია ხელი და განმარტოვდა.
ხან ვენახში მუშაობდა, ხან ბოსტანში, ხან თავის ხელობაზე. უფრო კი დაშინაურდა, დვრიტა დაიდვა ... თავი ვეღარ მოიძია...ცალარქად დადიოდა.
...ერთ დღეს ბუნბულა გაჰქრა სოფლიდან. ცოლ-შვილი დარდობდა, დაეძებდა, მოკითხუკობდა, თუმცა ამაოდ. ატყდა ზრინვა-ტირილი, ვაი-უშველებელი.
ცოლმა__გულჩინამ ხატს ზვრაკი აღუთქვა. ვიღაცამ სთქვა, მატარებელში ვნახეთო! ცოტათი დაშოშმინდნენ.
ბუნბულას თანაზიარი ბიძაჩემი სუთლხანი ძალზე შეაწუხა მეგობრის დაკარგვამ და საყვარელი კაკლის ქვეშ პურისჭამა აკვეთა.
__ნაწყენი ვარ, ნაწყენი! ჩემზე უმახლობლესი ვინა ჰყავდა, რომ ხვაშიადი არ გამიზიარა, თუ სადმე წავიდა,- მაგრამ ავიტან,ავიტან, ოღონდ მშვიდობით დაგვიბრუნდებოდეს! - ეუბნებოდა ბიძაჩემი გულჩინას.
ბუნბულას ოჯახი და ბიძაჩემი ბუნბულას გზას დაეძებდნენ, ფოსტალიონს ავედრებდნენ, მოვიდეს წერილი თუ არა, მყისვე, იწვე თუ იდგე, მაშინვე გამოაქანეო!
გულჩინა ჩიოდა; ვინ იცის, სად რა კლდის ფხაზე სძინავსო! ვინ იცის, უსაზრდელო მათხოვრად დადისო, ვინ იცის, ყელიც გამოჭრეს ავაზაკებმაო!
ბიძაჩემი ანუგეშებდა:-ქვეყნის დამანგრეველი კაცია, რა უნდა გასჭირებოდაო, ესეც არი, ავი ამბავი ცხენით მოჭენდება და მადლობა ღმერთს, ჯერ ხომ ცუდი არა გაგვიგია რაო, წინასწარ გული რაზე გავიხეთქოთო! შეიძლება სოფელი უდალაქოდ დარჩესო! მართლაც ვერ წარმოედგინა, როგორ გაუბედავნენ სოფელს?
ბუნბულას ოჯახში კი ისევ გაისმოდა კვნესიანი სიტყვები: ვაი დაქცეულობას, გატეხილობას! დარდი ცალკე ჰკლავდა ოჯახს, უცნობლობა ცალკე.
თორმეტი შვილი ერთად ტიროდა, ცოლი ცალკე იმდუღრებოდა.
მეზობელი ქალები აშოშმინებდნენ. ისიც კი გაუბედეს: ვის რად უნდა შენი ბეხრეკი ბუნბულაო, ვინ გაიტაცებდაო! ზოგმა ბოროტმა ჭორშესხმულმა ამბავიც დააფრინა: __ბუნბულა ქარიან ცოლს გაექცაო,და თორმეტი შვილის შენახვასაო!
გულჩვილი ბიძაჩემი დარდით მთლად მომჩვარდა, ხმას არ გვცემდა, ბუნბულას განსაცდელზე ფიქრობდა.
მახსოვს კვირას დღე იყო და სადილად ღვინო აღარ მიიღო. მაგრამ იმ საღამოს ისეთი ამბავი მოხდა, რომ ბიძაჩემმა ხელადა ღვინო მარტო გამოცალა და ბაღდადურიც კი დაუარა!
რა მოხდა? ის მოხდა რომ... მარაგიანი ღამე იყო. ახლად პურმოხდილ თონის ფიცრებზზე ვისხედით ბალღები. თონე ნებივრად გვათბობდა. თონის განელებულ ცეცხლში ახალი კარტოფილი იწვოდა. მოჯამაგირე ჯუღურა გრძელ ზღაპარს გვიყვებოდა მზის ვაჟზე, რომ ამ დროს შმაგურად შემოვარდა ჩვენს ეზოში ბუნბულას ვაჟი ბატატა, კიბე სასწრაფოდ აირბინა და ბიძაჩემს შესძახა:_ სამახარობლო, სამახარობლოო!
ბიძაჩემი სიხარულით შეტორტმანდა კიდეც, მაგრამ თავს მოერია, არ წაიქცა. სირბილით, ფაციფუცით, ყველამ ბუმბულას სახლს მივაშურეთ.
ბუნბულა დარცხვენილი იდგა, ტანისამოსშემოლახული.აღშფოთებული მამასახლისი უღრინავდა..
__ რაები დაგიწყვია ქალაქში, ვინ მოგცა მთავარმამობა, რომელი სისხლმაჭარა ხარ, რომ ხელმწიფის საქმეში ერევიო!ქალაქიდან ჩაგვაბარეს შენი თავი, ფეხი არსად გადგასო. დაჯექი და ლუკმა ლოღნე!
თავდადრეკილი ბუნბულა არას ამბობდა, მხოლოდ ცოლს უთხრა,_მაჟრიალებსო, საბანი წამახურეო და, საბანს თავზე იფარებდა. ბიძაჩემისათვის ხმა არ გაუცია, ისე რომ, ბიძაჩემი სულხანი ნაწყენივით დარჩა_მე მაგისთვის ღამეები არ მეძინაო მაგან კი ზედაც არ შემომხედაო! ახლა ეს საჭირვვეულო ფიქრი გაუჩნდა.
ბიძაჩემი ამაოდ ეჭვიანობდა. ერთი კვირის მერე ბუნბულა თვითონ ეახლა ბიძაჩემს სადილობისას, კაკლის ქვეშ და ყოველივე უამბო.
გრძელ სიტყვაობას რომ მოვერიდოთ, ბუნბულას ოხვრანი და გმინვანი რომ გამოვტოვოთ, მისი თავგადასავალი ასე ყოფილა:
შაშვის წყაროზე მჯდარა---თვალი რომ მოვკიდე მწვანე ხევჭალებს და ვენახებს, გულმა ძაგაძუგი დამიწყო, ცრემლმა დამხეთქა,--- მაშ, აღარ უნდა იმწვანილონ, აღარ უნდა იკეკლუცონო? მაშ, სისხლმა უნდა დაფაროს-მეთქი!როგორ უნდა გაიმეტოს ადამიანმა დასაბუგავად ეს შრომილი სილამაზე,მონაგარი ჭირნახული,ახლავე უნდა ვუშველოთ,სანამ დიდი ვეშაპი ზღვაში შეიძვრება-მეთქი!აქ ხომ არავინ მიგდო ყური,ქალაქში წავალ, იქ განვითარებული ხალხია, დამიჯერებენ, ხელმწიფესთან გამომყვებიან, სიცოცხლის საქმეზე გაირჯებიან, მე ხომ ჩემი ოჯახისთვის არასა ვცდილობ-მეთქი! გული ამიჩუყდა,გადაღმა რკინიგზის სადგურში ზარი აწკარუნდა. ქალაქს წასვლის ნდომამ უფრო და უფრო დამრია ხელი, სულ ვტორტმანობდი, იქნებ ხალხი გადავარჩინო _მეთქი. ცოლ-შვილს არაფერი შევატყობინე, ვიცოდი, არ გამიშვებდნენ. შენ ხომ იქ არ იყავ, რჩევა მეკითხნა. მე კი ხალხის შველა მინდოდა. როგორ მოგრიალდა მატარებელი, როგორ ჩავჯექი, მე თვითონ არ მახსოვს და არც ის, როგორ ამოვყავი თავი ქალაქში. მეტის სიხარულისაგან თავბრუ მეხვეოდა.
პირდაპირ სასახლისკენ გავწიე მთავარ_მართებლის სანახავად, რომ მეთქვა ყველაფერი, არ უნდა ხალხს ომი-მეთქი! სასახლის კართან დავდექი – გამომიცვივდნენ, აქ რა გინდაო, მუჯლუგუნი მკრეს, ქიმუნჯებით გამომაგდეს.
__ არ წავალ, საქვეყნო საქმეზე ვარ მოსული-მეთქი! წამითაქეს, ახლა ქუჩაში შევჩივლე ნაცნობს თუ უცნობს. ერთს გადავუდექ,-გაიცინა, მეორემ- შემომაგინა, მესამემ – გიჟიაო! ეს არ მაკმარეს, ახლა პოლიციამ ჩამჭიდა ხელი, ვინა ხარ, ალბათ ჯაშუში იქნებიო, სხვა სახელმწიფოს მოსყიდულიო!
პოლიციაში წამიყვანეს. ერთი კვირა ცარიელ ფიცრებზე ვიწექი მშიერ-მწყურვალი, ჩამაცივდნენ, მეკითხებოდნენ. მაწვალეს, მცემეს, რაც გროშები მქონდა, ქრთამში ამართვეს, მერე გამაპანღურეს. გასწი, აქეთ აღარ მოიხედოო, შენი ფეხი არ ვნახო ქალაქში, შე მეტიჩარაო! რას მერჩოდნენ? მე ხომ საქვეყნო საქმეზე ვიყავ წასული, ქვეყნის სამჯობინარი მინდოდა? რად ჩამცხეს წიხლი შიგ გულში? რისთვის? რატომ არ ესმით, რომ ვიღუპები? რამ გააქვავა ადამიანის გული? ვის დარჩენია ქვეყანა? მე მეგონა, ადამიანი განაგებდა! ასე დავბრუნდი გაუკაცრავებული, თითქოს დანაშავები მქონდეს. ახლა რა ვქნა?_შეეკითხა ბიძაჩემს თვალგანმარტებით, სასოებით.
მდუმარე ბიძაჩემს თავი არ აუღია. ბოლოს, აიღო ხელადა, ღვინო დაუსხა ბუნბულას და ჯამი გაუწოდა.
ბუნბულამ ხელი გაასავსავა_მე ღვინის ულუფა აღარ მერგება! იქ იმოდენა სისხლი იღვრება, მე ღვინოს როგორ დავლევო, სისხლს მაგონებსო! ჩემ გულს სიმწრის ბოლი ასდის, რა დროს ღვინოაო!
ბიძაჩემმა გაკვირვებით შჰხედა, მერე აიღო თავისი ჯამი:_ეს გაუმარჯოს ჩვენი მეგობრების მშვიდობით დაბრუნებასო!
ბუნბულა გათავისდა, ხალხს აღარ ეკარებოდა. დადიოდა განაპირებული, განკვეთილი , გადაცოდინარებული, მისი გული სევდის სადგური გამხდარიყო. წინათ სიტყვით მაინც იკლავდა ჟინს, ახლა სიტყვის ნებაც მოუსპეს. ისე მოჰპარსავდა მუშტარს, ერთ სიტყვასაც არ გასცემდა. გულის ძარღვებშივე ჩაუსრისეს რწმენა და ჭეშმარიტებაც. რაღა დარჩენილიყო ბუნბულას არსებაში? მხოლოდ ჩენჩო, მხოლოდ ცარიელი ლენჯო , ეს იცოდა ბუნბულამ და მიწის ზურგზე სიარული ეზარებოდა.
ჩამქრალ თვალებს აქეთ_იქით უიმედოდ აცეცებდა, იმ ორიოდე სიტყვასაც ზოზინით , უხალისოდ იტყოდა.
იყო კაცი თავმომწონე და გარემოებამ ნაკაცარი გახადა.მერე რისთვის? _ კაცობრიობის გულისთვის!
ასეთი იყო ბუნბულას ბედი!
სკოლიდან მხიარულად გამოცვივნულ ბავშვებს სოფლის დიდ ცაცხვთან დაგვხვდებოდა ჩორეხი და როგორც ბატკნებს მწყემსი, ისე გადაგვარჩევდა რამოდენიმეს და გვმოძღვრიდა, გვწვრთნიდა, გვრჯულავდა, გვასწავლიდა...
ჩვენი ნამდვილი მასწავლებელი მართლაც ჩორეხი იყო და არა ჭროღა ლონგო, რომელმაც თავისი გაკვეთილების მეტი არაფერი იცოდა!
დარბაისელი ჩორეხის საგანი ერთადერთი იყო - საქართველო და მისი სიყვარული!
და აი, ახლაც, ცაცხვის ქვეშ, გვიკითხავს „საქართველოს ისტორიიდან― თევდორე მღვდლის თავდადებას და ბოლოს ლოცვასავით ჩაგვიკითხავს ზეპირად, როგორც გულში გადამდნარ საკუთარ გულისთქმას, და ხმამაღლა გაგვამეორებინებს „კალმასობიდან―:
„ქართველნი წინაპარნი ჩვენნი იყვნენ თუმცა კირთებასა შინა სხვათა და სხვათა მპყრობელთა მიერ, - მაკედონელთაგან, რომაელთაგან, ბერძენთაგან, ეგვიპტელთაგან, სპარსთაგან, სკვითთაგან, ოსმალთაგან და ჩინგიზთაგან, მაგრამ სიყვარული მამულისა და სიმაგრე სულისა ვერა დაატოვებიეს, იძლევდნენ და სძლიეს, იდევნენ და განდევნეს და ესრეთ მოიგეს უკვდავებისა სახელი!―
ამ სიტყვებზე ჩვენ ვბორგავდით, ვბობოქრობდით, აღარ ვიცოდით, სად წაგვეღო ხელები. რა გვაწრთობდა მაშინ ქართველ ბავშვებს? - „დედა ენა―, „ჯეჯილი― და რუსთა მეფის სიძულვილი!
მამულის თავისუფლების აზრის ცეცხლი იძვროდა ჩვენს სულში, მან დააალმურა ჩვენი გონებაც და უკვე მოზარდები, მამულის სევდით სახეშეკომლილები დავდიოდით. ეს სევდა გვაკაჟებდა მაშინაც, ულვაშის გინგლი რომ დაგვეტყო, როცა „ყოველივე ფერმკრთალდებოდა ოცნების წინაშე!―
თუ აქამდე ჩვენ გვწამდა „წმინდანნი ზეცისანი―, ახლა შემოგვესხივნენ „წმინდანნი ქვეყნისანი―, - ჩვენი ქვეყნის მამულიშვილები, - ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე და, როგორც ჩორეხი იტყოდა, „ხმალშეუხსნელი ერეკლე!―
ერეკლეს სახელს ჩორეხი უსათუოდ ოხვრით დაატანდა: - ა, ბეჩავ, ბაგრატიონო! ბაზალეთის ლერწმოვანები ჩვენთვის საიმედოს მღეროდნენ და ყურიც კარგად არჩევდა შორეულ მუსიკას.
„უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყე მარჯვენე ჩვენი―! - ეს იყო ჩვენი პირველი აღთქმა მამულისადმი, აღთქმის საყვარელი გამოთმა! - ემთხვიეთ ქართულ მიწას! - და ჩვენც ვემთხვეოდით.
- აკოცეთ წარსულის ნაშთებს! - ჩვენც ვასრულებდით ჩორეხის ბრძანებას და ძველი ტაძრის თუ კოშკის ხავსიან ქვებს დაჩოქილები ვეამბორებოდით.
ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას, როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს წარსულ დიდებას.
გაშლიდა რუკას, შემოგვისხამდა გარს, დაადებდა თითს რუკაზე:
- მესხეთი, - შეეალერსებოდა, თან ღიმილით იტყოდა, - ჩემი გვარიც იქიდან არი! იქიდან ვართ წამოსულები!
- სამცხე, აჭარა, შავშეთი, ტაო, კლარჯეთი, ერუშეთი, სრულიად ჭანეთი, - აი, საქართველოს ნატამალი! კურთხეული მხარე! არ დაივიწყოთ საქართველოს მოჭრილი ძუძუ! ჩვენი აკვანი! ქართული სალმით ამოდის იქ მზე. იქ გამოიგონეს ქართველებმა პირველი ფოლადი; იქ დაარტყა პირველად ურო თუბალაურმა!
„აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე!―
თითებს შემოატარებდა ჩვენს დაგლეჯილ მიწა-წყალს და მთრთოლვარე იტყოდა:
- იქ ჩვენი ქედ-წაგრეხილი მოძმენი ცხოვრობენ, ქართველები. გადაწვეს ჩვენი ტაძრები, ციხე- კოშკები, სულ ნაღმებით ააფეთქეს, ბევრი იმაგრა მესხეთმა, ომში გადადნა, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა, ბევრი სისხლი გვაქვს გამოშვებული!
- მეცოდება ჩემი სამშობლო - საქართველო ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!
მოთქვამდა და მოთქვამდა:
- ეჰ, როდის აიკუწება წიბონი გველეშაპისა? ვაი, მამულო, ნაჭირნახულევო, სისხლით შეღებილო, აკლებულო, დამწვარო, ტყვექმნილო, იავარქმნილო, ვაი, ძნელბედო, ვაი, მამულო, გამესამედებულო!
ჩორეხი თვალნათლივ ხედავდა საქართველოს ჭრილობებს, თითქოს ხელს ურევს ამ წყლულებში და იქიდან იღებს გამოულეველ ძალას ბრძოლისას, სიყვარულისასო!
ეს იყო მისი გულის ნაღარი.
უცბად დაეცემოდა გულის სიღამე:
- ვაი, ნაოხრობას, დაქცეულობას! არ გესმით ნანგრევების ღაღადისი?
- იმარხება საქართველო, იმარხება ქრისტეს კუნძული!
- ღმერთო, შენი მაქვს იმედი! ფეხზე ააყენე ჩვენი მამული, ჩვენი შემფერხებელი ისტორია, მოგვეც განახლების ძალთა ღონიერება! ღმერთო, შენ დაამხე ჩვენი მტერი ქართველთყლაპია!
- აღსდექ საქართველოვ! - თან ფეხს ღონივრად დაარტყამდა მიწას.
- აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდეს მოძულენი მისნი პირისაგან მისისა!
- ესე არს დღე იგი, რომელ ქმნა უფალმან! ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა! - თითქოს წინასწარ ზეიმობდა ჩორეხის სული. - მალე გავიგონებთ მომავლის ხმას, მალე!
მაგრამ უეცრივ მოიღუშებოდა მისი შავი და მკაცრი სახე.
- შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი! რაღა ამოიყვანს?
- რამ შეგადარდა, ჩორეხო?
- რათ დაჩუმებულა საქართველოს წიაღი, რათ? მესხია რას იგვიანებს? - გმინავდა ჩორეხი.
- პატარა ერი ვართ! ეჰ, რაც მკლავზე სისხლი დაგვდენია! სულ სისხლმა იავდრა ჩვენს მიწაზე! აი, ეს მარწყვიც კი ჩვენი წინაპრების სისხლის წვეთია, - იტყოდა ჩორეხი, როცა მარწყვს მოსწყვეტდა.
- ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა! საქმე საჭირო, საქმე! - და თვალებში რომ სევდას შეგვატყობდა, გაგვამხნევებდა: - ისევ დაისხავს ჩვენი ვენახი. ისევ დაგვებადება რუსთაველი, აღმაშენებელი, თამარი! ნუ გეშინიათ!
იმედის დაოქროებაც კარგია! რა ვქნა, რა ვუყო ამ სიყვარულს, სათქმელად რომ დუღდება გულში!
- ქუდზე კაცი! ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული! - შესძახებდა უცბად აღგზნებული ჩორეხი და თვალები ცეცხლით ევსებოდა.
- ქუდზე კაცი! - ყვიროდა ჩორეხი და ცოლი ორივე ხელს პირზე აფარებდა:
- დაჩუმდი, კაცო, არ გაგიგონ, არ დაგვღუპო!
ღონემიხდილი ჩორეხი უღონოდ მიეშვებოდა ტახტზე.
- ო, ყური მომიგდეთ, რა არის თქვენი სამშობლო და კარგად დაიხსომეთ! - გვეტყოდა ბავშვებს და თვითვე მიუგებდა: „გარნა არს ქვეყანა მშვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ―!
- „ნაყოფიერი ყოვლითვე, ვენახ-ხილითა, თესლ-მარცვლითა, ფრინველნი მრავალნი, გარეულნი და შინაურნი, ზამთარ თბილი და მშვენი, ზაფხულ შეზავებული. წყარონი ცივნი, მშვენნი, ჭალა-ტყენი, ბალახნი და ყვავილნი მრავალნი― - ო, აი, ჩვენი სამშობლო!
კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ, ლამაზად მორთულ და მოკაზმული. მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გული!
ჩამარცვლით ჩააყოლებდა ლექსს და იქვე შეგვასწავლიდა...
- დიდი მშრომელი ხალხი ყოფილა ჩვენი წინაპარი ქართველობა! შეხედეთ, ჩვენ სამშობლოში პატარა გორაკიც კი არ არის, რომ ზედ არ იდგეს ტაძარი, ციხე-კოშკი, სიმაგრე. დიდი ოფლია დაღვრილი, დიდი! ეს უნდა გვახსოვდეს. მარტო ყანწის ტრიალი კი არ ვიცოდით! სამაგალითოდ გვაჩვენებდა ძველ, საგვარეულო ხელნაწერს, მისი პაპის პაპის, მამამზეს მიერ ერთი კალმით გადაწერილს. წიგნის ბოლოს მართლაც ეწერა:
„მოიხსენეთ, რომელ ერთის გამოჭრილის კალმით დამიწერია, რომ არ გამომივცლია კალამი და ჩვემ შემდგომ, ვინც ეს ასე მწერლობა ეცადნოს, საქებელ იყავნ―!
ჩორეხი ხელს დაჰკრავდა წიგნს და იტყოდა:
- აი, ვინ იყო ჩემი პაპა! მათი სული კიდევ მუშაობს, - ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი დადგეს და არწევენ ახლაც, ამწამს, შიგ ოქროს ხუჭუჭთმიანი ყრმა წევს, ჩვენი მომავალი, ის ყრმა გაიზრდება და გაათავისუფლებს საქართველოს!
ასე სწამდა ჩორეხს, სასწაულით, ხელგაუნძრევლად თავისუფლების მოპოვება. გაიზრდება და გაათავისუფლებსო! ჩაგვიკითხავდა ლექსს ბაზალეთის აკვანზე და შემპარავი სიტკბოებით მოგვიყვებოდა: ბაზალეთის ტბის ძირას ძვირფასი ოქროს სახლია თურმე! ჭერი ვაარსკვლავებისა არის, იატაკი თვალ-მარგალიტით შემკული, შუა იატაკზე ოქროს აკვანი დგას თვლებითვე მოჭედილი. ზედ მტრედი ზის და არწევს ამ აკვანს... ის მტრედი თამარ დედოფლის სულია!
დღევანდელი ცხოვრებისა ჩორეხს ბევრი არა გაეგებოდა რა, „არა შეესმოდა―, შოთას თქმისა არ იყოს, „სოფლის გაღმა გაებიჯა―. იგი მხოლოდ წარსულში იყო შელტოლვილი და იყოცა მისი მძევალი!
თვით მისი მეზობელი სოფლის მღვდელი ზირაქი, სულის კაცი, ისიც კი დასძენდა: - არც მეტის მეტი განტევება უნდა ცხოვრებისაგანო. ნათქვამია, ეშმაკი რომ სახლს აგებდეს, ერთი ქვა შენც დაადეო!
მაგრამ ჩორეხი მხოლოდ წარსულით სუნთქავდა.
როცა წარსულზე ჩამოვარდებოდა საუბარი, პირველად თამარი უნდა ეხსენებინა. გზნებით აღიგზნებოდა: - ჯერ გული გავიწმინდოთ, სიტყვა მოვილამაზოთ, მერე ისე ვახსენოთ ჩვენი ლამაზი დედაო, და დაატანდა მამია გურიელის ლექსს:
თამარ! - ვინ იტყვის რა იყო, მეათასედსა ნაწილსა!
თან დაადიდებდა: „დიდი თამარი, საქართველოს დედათა პირის წყალი!―
თამარის ნაწაღმართევი საქართველოს ყველა გორაკსა და მწვერვალზეა დარჩენილიო, აბა,
შეხედეთო! არ ასვენებდა თამარის ასხივებული დიდება:
- სიცოცხლითვე დედამიწას არ ეკარებოდა! ერთ ადლზე მაღლა დადიოდა მიწიდგან.
- მაშ შვილი როგორღა ეყოლა?
- როგორ არ იცი, მზის სხივის მიერ ეყოლა შვილი! - ისეთი დარწმუნებით გვეტყოდა, რომ შეუძლებელი იყო, არ დაგეჯერებინათ. ძალიანაც აწყენინებდით.
თუ რამეს დავაშავებდით ბავშვები, დაგვაშინებდა, - დიდი პირიმზე გაჯავრდება, თამარ მეფეო!
ერთხელ, ერთ მორჩილს, საფქვილე გუდაში ბლომად ფქვილი რომ ჩაუყარა, ჰკითხა: - რომელ წმიდანს ემსახურები?
- თამარ ღვთისა სწორის სამლოცველოს!
- სად არის ეგ საყდარი?
- გომარეთში, ხევ-გაღმა დვალეთთან!
აღარ გაუშო მორჩილი. მთელი დღე დასვა, ასადილა, პატივი სცა. ფულიც აჩუქა და ბევრიც ელაპარაკა თამარ მეფეზე. მეორე კვირას, შეჯდა თავის კავშა ცხენზე და გაემგზავრა გომარეთს, თამარის ხატის სანახავად და დიდადაც კმაყოფილი დაბრუნდა.
შინგაზრდილი მწიგნობარი ჩორეხი „ვეფხისტყაოსანს― „შოთას ძღვენს― უწოდებდა. - ნეტა ჩემს გახარებას! - და გაშლიდა რუსთველის წიგნს.
- შენს პირს შაქარი, ოქროს ნისკარტო! - შეელხინებოდა, თითქოს ოქროს ბულბულს იჭერს წიგნის თითოეულ კაბადონზეო. კვირაძალზე შოთას სურათს სანთელს უნთებდა, როგორც წმიდანს და ოთახში ჩაკეტილი, მარტო, ხელაპყრობით ავედრებდა საქართველოს.
- დიდო რუსთველო, ლექსთა მამაო!
- ოდეს ენანი დადუმდეს და არავინ ღაღადებდეს, მაშინაც რუსთველის სიტყვა იჟღერებს მხოლოდ! შოთას ლექსის წინაშე ყოველი საქმე დადუმდება!
დიდად მონდომებული იყო ჩორეხი, წასულიყო რუსთავს და ჩოქით, თაყვანისცემით შემოევლო რუსთავის მიწა-წყალი!
- რა წიგნია! რა მაღლად და მშვენივრად თქმული! საქართველოსი კი არა მარტო, სამთელქვეყნოა! ტყუილად კი არ უთქვამს თვითონ შოთას: სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!
- ნეტავ, რა გულიღა უნდა შერჩენოდა შოთას, როცა თავისი გული ასე მძლავრად დაადნო თავის ნაწერში.
ტკბილად ჩაიკითხავდა:
„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი,
ვით ზღაპარი, ასე ესმის, უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უძს, ვითა ტრედი!―
შოთას ამ ლექსსში ჩორეხი უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდა, დღიურ საქმეთაგან განდგომილსა და შორეულ ოცნებაში გარდასულ საკუთარ პიროვნებას. და მისთვისაც საგანგებოდ მოსწონდა ეს ადგილი. შოთას კითხვით დამტკბარი, აღფრთოვანებული, ხელს მაღლა აიშვერდა და იტყოდა:
- რით არის სახარებაზე ნაკლები? - მიაჩერდებოდა მღვდელს და თან დასძენდა: - შემრისხენ და შემიწყალენ, მამაო, ვითხოვ მეოხებას!
მაგრამ მღვდელს არცა სწყინდა, არც ეცალა რუსთველისათვის. ის მეტად მიწიერი კაცი იყო და ხვეჭაში გართული.
- ვკითხულობ და გულს ძგერა ემატება! - განაგრძობდა ჩორეხი, განა ასეთი თაყვანისმცემელი და ტრფიალი სხვა კიდევ იქნებოდა რუსთველისა?
- მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები! ტყუილად კი არ უთქვამს დალოვცილს! მაგრამ რუსთველის ლექსის გარდა, მამულიშვილ ჩორეხს კიდევ უყვარდა ბიბლიიდან ეს ადგილი:
„მდინარეთა ზედა ბაბილონისათა დავსხედით და ვსტიროდით, რაჟამს მოვიხსენიერთ ჩვენ სიონი!
...ძეწნთა ზედა შორის მისთა დავკიდენით საგალობელნი ჩვენნი.
...უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯვენე-ცა ჩემი!―
დადიოდა ქედდადრეკილი, გულშეძრული მამულიშვილი, ოხრავდნენ მისი გულის ბაგენი და გმინვანი შორს ისმოდა:
- ვაი, ფრთამოტეხილო არწივო! ბოლომოჭრილო ხოხობო! ვაი, ქართლო, საქართველო! მორწმუნე ჩორეხს სრულიადაც არ სჯეროდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომი იყო:
- ღვთისმშობელო, თუ შენი წილი ვართ, შენი წილდებული და ხელდებული, რაღათ ააოხრებინე ლეკსა და თათარს საქართველო, ეს ვერ გამიგიაო!
- არა, ძმაო, თუ ღვთისმშობლისა იყო საქართველო, განა თავის მამულს ვერ მოუვლიდა? -
იტყოდა გაკვირვებული.
სულ ერთთავად დადიოდა, ან შარაგზაზე უნდა გენახათ, ან ტყე-ღრეში იარებოდა აწოწილი, წვერულვაშიანი, სათვალიანი, გამხდარი, ახოვანი ჩორეხი. მკაცრი შესახეოდაობისა, თმაგაბურძგნული, უქუდო, მტვრიანი, გაოფლიანებული, ძველებურ მასრებიან ჩოხაში, ხარაზულ წუღებში.
ყოველდღიური ხეტიალისა და წანწალისათვის მუდამ ჩანთით, წერაქვითა და ჭოგრით მავალს, წანწალოსანს უწოდებდნენ:
- მოდის ჩვენი წანწალოსანი!
სოფელში ალმაცერად უყურებდნენ. თუმცა პატივს სცემდნენ უანგარობისათვის.
- ნეტავი დღეს რა გათხარა, სად რა ხაზინა იპოვა? - კითხულობდნენ მეზობლები, მეგობრები, დასცინოდნენ. მაგრამ როცა მოუახლოვდებოდათ, პატივისცემით შეეგებებოდნენ, ისიც გააცნობდა თავის ახალ აღმოჩენებს, წყნარად, დამაჯერებლად.
ღამეობით ჩორეხს ერთთავად ვახუშტის ისტორია თუ გეოგრაფია ედო წინ და მის შემოწმება- შესწავლაში ათენებდა ღამეს.
- ვეჟო, ნუ მისცემიხარ უქმსა და უსიცოცხლო არქეოლოგიურ ოცნებებს! გეყო გუნდრუკის კმევა წარსულისადმი, სულს ნუ იჭუჭყიანებ წარსულის მტვერით! - შესძახებდა მეგობარი.
- ერის დაცემა იწყება იქიდან, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა! - უპასუხებდა ჩორეხი და განაგრძობდა: - ჩემი გონების მანათობელი ჩემი ქვეყნის წარსულია! მისი შუქი მესხივნათელა! იცი, რა ტკბილია წარსულზე ოცნება!
მართლაც, წარსულზე ფიქრით იყო დაფერფლილი და მით სამშობლოზე მტლედ შემოდებული ჩორეხი.
- აფსუს, რა ბიჭი იღუპება ქვეყნისათვის! - გულმტკივნეულად დასძენდნენ მეზობლები.
დიდი ფიქრი ჰქონდა ჩორეხს ნატვირთი, დიდ სევდას ატარებდა; მისი არავის ესმოდა და ასეთ განდგომასა და ხვაშიადის კრძალულებას ზოგი ზვიადობაში ართმევდა.
დილით გასწევდა ტყისკენ, მთისკენ, ახალ-ახალი ისტორიული ნაშთების საძებრად. ხელით გადასწევდა დაბურულ შინდსა თუ თხილსა, კუნელსა თუ წითელი ასკილის ტოტებს, ტაძარს რომ გარსმოჰხვეოდა, გულმოდგინედ ეძიებდა ფრესკებს და უსურვაზიან ქვებზე ამოკვეთილ წარწერებს. სევდით ივსებოდა, გული ეტირებოდა, როცა ნანგრვებთან იხილავდა გადაჯიშებულ ვაზს, - ველურ კრიკინას, ზოგჯერ მხარს რომ ძლივს შემოატევდი.
შინგასწავლული აზნაური ჩორეხი უძვილძირო იყო.
შავი გურანა თითქმის ძალით შერთეს, რომ გვარი არ ამოვარდნილიყო. უსწავლელი იყო გურანა, ძლივს იცოდა ყვავისფრჩხილოვანი წერა.
უმეცარმა და უწყინარმა პატარძალმა მალე გამოაჩინა მიმალული ჭანგები. ტყე-ღრეში მოსიარულე ჩორეხს უსაფუძვლო ეჭვებით სტანჯავდა, საყვარელთან პაემანზე ხომ არ დადის ტყეშიო! ბევრი დღე უსამართლოდ გაუმწარებია ჩორეხისათვის, მაგრამ რომელ ქმარს არ გადაჰხედია „ესე ამბავი― მგრძნობიარე ცოლისაგან?
ჩორეხმა ძილში ლაპარაკი იცოდა, და პირველ ხანებში ალქატი გურანა ჩუმად ხაშხაშს აპარებდა, აძინებდა და მთელი ღამეობით სულ თავთ ეჯდა ქმარს, ეგებ საყვარლის სახელი, ანუ საქმე წამოსცდესო! გაფაციცებით ეჭირა გულისყური! გათენებამდე ფხიზელსა და ღამენათევს მხოლოდ დილით ჩაეძინებოდა. ასე ნებაყოფლობით იწამებდა თავს ბედკრული ქსანტიპა, ახალმა სოკრატემ კი არაფერი იცოდა.
რა უნდა წამოსცდენოდა ხეტსა და ოლოლოს თუ არა ნადარბაზევი, ნაპალატევი, ნაქალაქარი, ნაკოშკარი, ნარუჯები, ნაოხრები, ნალეწები... ბევრი ღამე უთია მძვინვარე ცოლმა მშვიდად მძინერე ქმარს და ბოლოს მიანება თავი. ახლა კი ჩორეხს გინდაც ათი საყვარელი მოეყვანა, სულაც აღარ ენაღვლებოდა გურანას. ერთი კი სჭირდა, საღამოობით, ნაშთების ძიებიდან დაღლილი, ტყე-ღრეში ნახეტიალები ჩორეხი შინ რომ დაბრუნებოდა, გურანა უსათუოდ ცეცხლზე წყალს დაასხამდა, ეგონა, ძველი კოშკებიდან, ეკლესიებიდან, აკლდამებიდან ჩორეხს უსათუოდ ქაჯები, ეშმაკები და ავი სულები მოჰყვებიანო და შემოყოლილ ეშმაკებს ოხშივარი გარეკსო! ახლა იმათ ებრძოდა გამწარებული, ქმარი არ მიმიხილონ, არ წამართვანო! აი, ასეთი თანამოაზრე მეგობარი ჰყავდა საბრალო ჩორეხს...
ერთხელ, ნაქალაქარის ტყის ნატაძრალიდან ძველი ხატი ჩამოიტანა. ზედ გამოსახული იყო წმიდა გიორგი, ხუჭუჭთმიანი, ალისფერ ტანისამოსში, თავზე ჩაჩქანი უელავდა, ხელთ შუბი და ფარი ეპყრა. ძირს, წმიდანის ფერხთა ქვეშე ხმლით დასისხლული, კბილებდაღრჭენილი ვეშაპი გართხმულიყო.
- ერთხელ ვეშაპი დაამარცხა, ახლა კი წვიმის წვეთებს დაუჯაბნიათ! - შეწუხებული ხმით მეტყოდა ჩორეხი წმიდაზე და თან დასძენდა:
- ნაწვეთს უდენია ზედ ხატზე! ეჰ, რამდენი ძველი დახატულობა იღუპება. წვეთი რო დასდით, თითოეული წვეთი მე გულს მიღარავს, გულს მიხვრეტს, ღამეებით არ მეძინება, ტანჯვაში ვარ, გამოუთქმელ ტანჯვაში! იღუპებიან ჩვენი სიძველეები ყოველწამიერ, შეიძლება ჩემს სიცოცხლეში სულაც წაიშალონ! იღუპება, ჩემს თვალწინ იღპება! - გმინავდა ჩორეხი, გულთ ეყრებოდა და წამალი ვერსით ეპოვნა.
- რათ გინდა დაობებული ხატები? - შეკრებილებაში შეეკითხა ახალგაზრდა კნეინა. სჯობდა კი, რომ არ ეთქვა, ისე მრისხნედ შეხედა ჩორეხმა.
მახსოვს, იმავ შეყრილობაში ამბობდა გულმობრუნებული ჩორეხი:
- ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა! რძეც სდის და თაფლიც! ჩვენი ბუნება ერთი ხელით ოქროსა ჰყრის, მეორეთი - ვერცხლს! ღალიანი მიწაა, მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?
ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ვითარებაც აფიქრებდა წანწალოსანს. ამიტომაც, ძველი ნაშთების გარდა, ხეტიალის დროს ღელეებსა და ხევებში მადნებსაც ეძებდა. დიდი სისათუთით ჰქონდა პარკებში შენახული ოქრონარევი ქვიშა, მომბზინავი რიყის ქვები და სხვა მინერალები, როგორც დიდი მადნების ნიშნები და დიდ იმედებსაც ამყარებდა მათზე, - მომავალი მოდგმისათვის.
ნაღვლიანი ჩორეხი მთლად იმედიანი გახდა მას მერე, რაც ერთხელ, ნანახი სიზმრის შემდეგ, უცნაური ქვა აღმოაჩინა საჩვენოში, უჯარმის ნანგრევებში, სწორედ იმ ადგილას, სადაც სიზმარში ეჩვენა, ქვემო კოშკის ლიბოში.
მეც თვითონ მსმენია ხალხში, რომ უჯარმის მფლობელი ვახტანგ გორგასალი ხელთ ოქროს ბურთს ათამაშებდაო.
აი, ამ ბურთად მიიჩნია ოცნებით მთვრალმა ჩორეხმა ეს მართლა ბურთივით მრგვალი ქვა, სხვინარა, ოქროს ზოდივით მომბზინვარე. ზედმიწევნით სჯეროდა ჩორეხს, რომ სწორედ ის ოქროს ბურთია, გორგასალი რომ ხელთ ათამაშებდაო! რაკი სიზმარმა უთხრა, რომ ეს ქვა კარგი ნიშანიაო, ჩორეხმა, დიდი იმედების ნიშნად, პირდაპირ ეროვნების სამლოცველოდ გაიხადა ეს ქვა. ხან უჩოქებდა, ხან ემთხვეოდა, ხან გულში იკრავდა. მართლაც, სწორედ აღგზნებულ ქადაგს ჰგავდა მაშინ ჩვენი ჩორეხი!
სულ გამოიცვალა, რაც მოიპოვა ელვასავით გამომკრთალი, ბრწყინვალებით აელვარებული ქვა;
მას ეგონა, ქვის ოქროს კრთომა თავისუფლების ღვთის კრთომა იყო. არც ერთ მპყრობელს არ ჰქონდა ამქვეყნად ასე დანივთებული სიმდიდრე, როგორც მეოცნებე ჩორეხს.
- ნეტავ, სადმე კიდევ თუ იქნება ასეთი განძი და შესამკობელი? - იტყოდა გულში სახემტკბარი. - ახლა კი ეშველა საქართველოს! - გულში გალობა და ზატიკობა უნდოდა...
ეს ყოველივე მისი ფიცხელი გონების ნაგონარი იყო და ჩორეხს ნამდვილად ეგონა, რომ ეს პატარა ქვა სიკეთის უცილოდ ზეგარდმო ნიშანი იყო.
ბოლოს იხმო მღვდელი, დიდი საიდუმლოებით სახარების ფიცით გაენდო, ქვაც უჩვენა, თუმცა ხელი არ ახლებინა, როგორც სიწმინდეს, და ფიცის ჩამორთმევის შემდეგ დაავედრა, წმიდა ქვა ტრაპეზში დაეკრძალა, მთავრობისაგან ფარულად, შთამომავლობისათვის გადასაცემად. მხოლოდ წელიწადში ერთხელ უნდა ეხილა ეს ქვა თვით ჩორეხს, - სახელდობრ, აღდგომა ღამეს, ლიტანიის შემდეგ.
გორგასლის ქვა დაგილიდგულებული ჰქონდა ჩორეხს, - მისი დარდების მოსაფონარი. ახლა ქართლოსის საფლავი და ქართლოსის ძეგლის თავის აიჟინა.
- უნდა ვიპოვოთო!
- წმიდა ნინოს ლოცვით სეტყვამ არმაზი კი არ დაამსხვრია, არამედ ქართლოსის ოქროს ძეგლი! ქართლოსს ოქროს თავი ჰქონდა გამოქანდაკებული, ბრწყინვალე! სეტყვის და ქარიშხლის მერე იქვე, ხევებში ჩაგორებულა, იქ უნდა ვეძიოთ, სადღაც იქ არის ჩამარხული, უნდა ვიპოვოთ და ისევ იქ დავდგათ, სადაც უწინ.
მსმენელები იღიმებოდნენ - მოზღაპრე გახდაო!
ჩორეხი კი შეუპოვრად მისდევდა თავის ოცნებას, ვიდრე, ერთხელ, ჩვენდა საოცრად, სრულიად არ გამოიცვალა, რაღაც დარდმა მოიქვეშია, მაგრამ ვინ იყო მისი ახალი დარდის თანამხილველი?
ოდესღაც მტკიცე და ლაღი, ახლა რაღაც შესეტყვილი, მოღვედილი გეგონებოდათ.
რა დაემართა, რა ჩაქრა ჩორეხის გულში ან საიდან გაჩნდა მის გულში ნაცარი? რა სევდის ზღვა შემოადგა გულზე? ვერავინ ვერა თქვა! იყო სიტყვების გადაკოწიწება, ნართაული ხმები ჭორელებისა, ფარული გაღიმებაც, მაგრამ კვანძი ვერ გაიხსნა, ვერა და ვერა!
- რა მოხდა? - საიდუმლო მერე ძლივს შევიტყვეთ, როცა მოვისმინეთ ჩორეხის აფოთებული ლაპარაკი. წირვის შემდეგ ვეება ცაცხვთან ცეცხლმოკიდებული შეეძგერა ზირაქ მღვდელს.
- ქვა მოუპარავთ, გორგასლის ქვა! მოიპარა მღვდელმა, რათა დაწინაურებულიყო მთავრობაში, ანგარმა, უძველეს ტაძარში ძველითგანვე დახიზნული ნივთეული, ხელნაწერები, საძნე ურმით ჩაუტანა თბილისში რუს ექსარხოსს, ზედ გორგასლის ქვაც მიაყოლა ტრაპეზში ჩამალული!
- ერის ქვა! ინდოეთიდან მოტანილი!
- რა პასუხს გასცემ ერს, შე უკეთურო, შენ ხომ გაძარცვე ქართველი ერი! მზეზე გაშავდა შენი სახელი! დაიღუპა დიდი განძი, გორგასლის ქვა! საოცარი, იმედის ქვა, რომელსაც სითბოცა ჰქონდა, ცეცხლივით შუქსაც იძლეოდა. განა ოქროს სჯობდა? უოქროესი ქვა იყო, წმიდა ქვა, დალოცვილი, შელოცვილი გორგასლის ხელით! - ჩორეხმა ხომ მღვდელს ჩააბარა შესანახად, ვიდრე „მამულის გამოხსნის დღე― დადგებოდა.
ახლა კი...
გულაზავთებული, გულდამსხვრეული, ცეცხლმოკიდებული ეძგერა მღვდელს:
- რა უყავ ჩემი დიდებული ქვა - საქართველოს სიმტკიცე, წმიდა ქვა! ფესვი მოათალე ჩვენს სიმაგრეს და მტერს მიართვი, შენივე ხელით ჩააბარე! - მღვდელს კი არაფერი ესმოდა, - რა გესაწყენარა? - ჰკითხავდა მღვდელი.
- და ნუთუ არ იცი, რა მნიშვნელობა ჰქონდა გორგასლის ქვას, ანუ ვინ იყო გორგასალი? შე ღვთის გარეგანო, ურჯულო, უკეთურო, მწარედ ცოდვილო, გაქსუებულო, საქართველოს დამშლელო, დამაქცეველო! ჩემი ცოდვის პასუხი შენ გაეცი! - თითქმის თავზე ნაცარი გადაიყარა...
ზირაქ მღვდელი გაშტერებული იყურებოდა; სად ჰქონდა შესაქციელი, შესაგებარი სიტყვა? მას ჩორეხის რისხვისა არც ეშინოდა, მხოლოდ ენანებოდა, რომ ცდებოდა, საქმეზე მიმავალს უგვიანდებოდა და ჩორეხის პატივისცემით იდგა მის წინაშე, მეტი არაეფრი.
მაღალი, ქერა, აწითლებული, ამოგანგლული, მუდამ ანაფორაშემოკეცილი, სოფლის ამაოებაში გართული ქვრივი ზირაქ მღვდელი მეტად მიწიერი ადამიანი იყო, თუმცა სულის მხედრობას ეკუთვნოდა. მას წირვა-ლოცვისათვის არ ეცალა, ერთგულად მუშაობდა თავის საოჯახო საქმეებზე და სხვასაც ამუშავებდა თავის გასამდიდრებლად.
სად ეცალა გორგასალის ქვისათვის? - ჰყავდა მოჯამაგირეები, მწყემსები, მეღორეები, მეჯიგეები. ჰქონდა საკუთარი წისქვილი, ჰყავდა ცხვრისა და ღორის ფარები, ვაჭრობდა ტყით, ჯონჯოლით, თაფლით, სანთლით, პურით, ღვინით, სინდისით; ჰქონდა საკუთარი ეტლი, ანუ „დილიჯანი―, თბილისში რომ დაჰყავდა მგზავრები, ჩუმად ჰხდიდა არაყს და ფულს ასესხებდა დიდი სარგებლით, ჰყავდა საყვარლები და ჩუმჩუმადვე კიდეც მაჭანკლობდა.
აბა, ასეთ მოუცლელ კაცს სად ეცალა გორგასლის ქვაზე საოცნებოდ?
დიდი და პატარა მღვდელს ემორჩილებოდა სოფელში. უიმისოდ არც ერთი საქმე არ ისკვნებოდა: არცა მამულის ყიდვა-გაყიდვა, არც საძირკვლის ჩაყრა და მით უფრო, არც ქორწილ-ძეობა-ნათლობა, სახლის განათვლა, სიკვდილი, საღვთო და საერო საქმე, სულისა თუ ხორცისა!
ყოველივე და ყველაფერი ზირაქ მღვდელს უნდა დაელოცნა.
მრავალი ქორწილი ჩაშლილა მხოლოდ მისთვის, რომ მღვდელს სასიძო ან საპატარძლო არ მოსწონებია. მრავალი გონჯი ქალი გათხოვილა კოხტად შეღერებულ ბიჭზე და მრავალი უსახური, მაგრამ შეძლებული ვაჟი, მღვდლის იმედით, ლამაზი ქალის პატრონი გამხდარა. ამ ნიადაგზე მღვდელს მრავალი მომდურავიც ჰყავდა სოფლის მზეთუნახავებში! მაგრამ ვინ შებამდა „სულქონიან― კატას ეჟვანს? ხშირად, ქრთამაღებული მღვდელი ასე ლოცავდა შებერებულ, შემჭკნარ პატარძალს: „გამრავლდით, ვითარცა აბრამ და სარა, ვითარცა იაკობ და რახილი―-ო!
არ უყვარდა ბერს ბერწი, უშვილო, უნაშენო ხალხი, რომელთა საგულდაგულოდ იტყოდა ფსალმუნიდან: „ნეტარ არს კაცი, ვითარცა ხე დანერგილი, თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი თვისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ―!
აივნის დაპირისპირებით, ეზოს ყურეში, შემოწნული იყო საქონლის ბაკი. იქ მღვდლის საქონელი ება. ბაკი სავსე იყო ნეხვითა და ყვითელი, ჩაგუბებული წუმპით. შებინდებისას დაეყრებოდნენ ნახირიდან დაბრუნებული კამეჩები, ხარები, ძროხები, განარებული შავი ბუღა. ისმოდა თქერა, დგრიალი, ხვნეშა. ქვრივი მღვდელი იჯდა აივანზე, სვამდა ჩაის და თან პურისმცხობელ მარინეს ეაშიკებოდა.
აბა, მითხარით, სად ეცალა ზირაქ მღვდელს გორგასლის ქვისათვის?
გავიდა დრო, მღვდელმა არ აპატია და ჩორეხი დაასმინა. გაფითრებული ჩორეხი ჩუმად იდგა განრისხებული ექსარხოსის წინაშე, როგორც მთავრობის წინააღმდეგ დასმენილი მეამბოხე. ჩორეხს ხმაც არ ამოუღია... ციხეში ჩასვეს, რამდენიმე თვის შემდეგ გამოუშვეს, რადგან ხელმოსაკიდი ვერა უპოვნეს რა.
დაბრუნდა შინ ჩორეხი მოტეხილი, მობერებული, მომჩვარული. თითქმის არავის არ სცემდა ხმას. მხოლოდ ჩიოდა, იმდენად ციხემ არ მომტეხა, რამდენადაც ქართველი კაცის ღალატმაო! მას ვერ წარმოედგინა ზირაქ მღვდლის საქციელი. ამიტომ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული დადიოდა... ბოლოს ლოგინში ჩაწვა. სულის დროშა დაკეცა... ჩუმად დნებოდა, ჩაწვა, ჩაიმუმლა. ვერ შეებრძოლა უცნაურ სენს, არც უნდოდა.
შემოდგომის წვიმიან დღეს სოფლის დუქანში რამდენიმე კაცი „შესანდობარს― სვამდა. - რას წვალობდა, წანწალობდა ამდენს საწყალი?
- თან რა წაიღო, არაფერი! - თქვა აზნაურმა დოლამ და თვალი შეატარა სავსე სუფრას და კიდევ დასძინა:
- პურის მადლმა, არაფერი!
- ან ჩვენ რა უნდა წავიღოთ წუთისოფლიდან?
- არაფერი! თქვენმა დღეგრძელობამ! - დაიძახა ძგვლიფამ.
- არც არაფერი! მამითქვენის მზემ, არაფერი! - კვერი დაუკრა წვერიკმაზიამ.
- მაშ, დავლიოთ, - აზნაურმა დოლამ დიდი ჯამი გაავსო ღვინით და ჩამოარიგა: - ღმერთმა შეიწყალოს ჩორეხი და სულით გაანათლოს!
- რა უნდოდა საწყალ ჩორეხს, არც ჩვენ გვიდებდა თავს! მთელი სიცოცხლე ნანგრევებსა და ხაზინის ძიებაში გაატარა! ეცხოვრა, ჩვენსავით ღვინო მაინც ესვა, არ ერჩივნა? ღმერთო, შეუნდე!
-ხ ზირაქ მღვდელმა დამარხა. სიტყვაც კი შეაწია.
- უსასყიდი კაცი იყოო, გარდაუწეველი მოსამართლეო, თუმცა ფიცხი და ეჭვიანიო! მშვიდობის ანგელოზმა დაამშვიდოსო იმქვეყნად! მადლი და მშვიდობა ვუსურვოთ ჩორეხის სულსაო, თუ რაც უსჯულოებანი და ცოდვანი ჰქონია, მაღალმა ღმერთმა აპატიოსო! - ეს იყო და ეს!
სოფელი არ შეძრულა... კუბოს გარშემო არ ისმოდა სალმობა, სულთქმა-მწუხარება... თმები არავის გაუწეწია... პირი არავის არ ჩამოუხოკია სისხლიანი თითებით. დასაკლისი ვერ გაიგეს. გურანა დაღვრემილი იდგა - ამდენი ჭიდრებულება გამოვიარეთ ერთად, ახლა მარტოს რადა მტოვებო!
ანდერძის მიხედვით, ჩორეხმა კოტმანის წმიდა გიორგის სამრეკლოს ქვეშ დაიმკვიდრა საფლავი.
ასე წავიდა ამ სოფლიდან კეთილი, თუმცა ძველმანი ადამიანი, დახავსებული თვალებით, დაღამებული გუნების კაცი, რომელიც მხოლოდ წარსულის ღამეში ცხოვრობდა, რადგან არ ჰქონდა აწმყოს მხედაობა; იყო ცალმაგი, ერთმაგად ნაქსოვი ადამიანი, ერთის თვალით მხედავი!
- ახლა შენ გაიხარე ჩორეხის მემკვიდრევ!
- ჩორეხის ნებაწადილობით შენ დაგრჩა მისი მამული - სახლი, კარი, მთა-ბარი, წისქვილი, ვენახი, სახნავი, სათიბი, მარანი, ბაღი, კალო, საბძელი, კარ-მიდამო, - მიმართა დიდი ჯამით წვერიკმაზიამ ახალმოზარდ ოფიცერს - მამრიკა ჩაღლაძეს - გურანას ძმისწულს, - ჩორეხს კეთილი სახსოვარი, შენ - კარგად ყოფნის სიხარული! შენ იცი, დღეიდან როგორი კარგი მეზობელი გვეყოლებიო!
მამრიკა იღიმებოდა, ჯერ თვითონაც არ იყო გამორკვეული, რომ ასე უცბად ხელთ ჩაუვარდა ამოდენა მამული, და დაბნეულიყო.
- ტომბახი ჩამოგვისხი, შენც მოილხინე, ხუმრობა ხომ არ არი ამოდენა მამული მოიგდე ხელთაო! - მიმართავდნენ ღვინის ნათლულები და მამრიკაც უხვად იხარჯებოდა მიცვლილი ჩორეხის ხარჯზე.
***
მთელი ცხოვრება ჩორეხმა ვახუშტის შესწავლასა და სიყვარულში გაატარა! რამდენი ღამე დასთენებია ზედ ვახუშტის გამო, რამდენი წყრომა გაუგონია ცოლისაგან! და ისე მოკვდა ჩორეხი, რომ ცოლმა ვერ შეიტყო, ვინ იყო ვახუშტი, ან რა ფასი ჰქონდა მის ნაღვაწს.
ჩორეხის სიკვდილის შემდეგ გურანამ მოკრიფა მისი მონაპოვარი თუ შენაძენი ძველი, არქეოლოგიური ნივთები: ქოთნები, სურები, მძივები, სამაჯურები, ჟანგშეწმული ხანჯლები, მახვილები, მათთან ერთად სამადნე პარკები და მთლად გადაყარა, - „ნასაფლავარიაო!― - ეზიზღებოდა, ეშინოდა. გოგოებმაც კი არ წაიკარეს მისაჩუქრებული ნამკვდრევი მძივები.
ხოლო ვახუშტის წიგნები, თვითონ ჩორეხის ნაწერები და წერილები გურანამ ხელიერთპირწმინდად გასახვევ ქაღალდად მიჰყიდა ისაკა ებრაელს. დარჩა მხოლოდ ვახუშტის სურათი, თვით ჩორეხის მიერ ფერადი საღებავით დახატული.
გურანამ სცადა სურათის გაყიდვაც, მაგრამ არავინ იყიდა, როგორც იყო, ჩარჩო გაასაღა, მაშინ გაძარცული სურათი გატეხილი მინის მაგიერ ჩასვა სარკმელში!
ჭუჭყიანი ფანჯრიდან სევდიანად იყურებოდა დაღვრემილი ბატონიშვილი ვახუშტი... თითქოს ჩორეხის დაკარგვასა და თავის ბედს დასტიროდა გურანას ხელში!
გურანას კი უკვირდა, რომ მისი მეუღლისაგან არავითარი საქმე და დოვლათი არ დარჩა. მართლაც, აბა, რას უჯდა იმისი კაცი მთელი სიცოცხლე?
ამ წიგნების იქით, ამ ძველმანების გადაღმა, გურანას კიდევ რაღაც „დიდი― ეგულებიდა და ეს „რაღაცა― რომ ვერ აღმოაჩინა, რომ მას ხელი ვერ შეახო, - ეს ძალზე უკვირდა...
***
აღარ არის ჩორეხი - სამშობლოს ბედით მუდამ მჭმუნვარე, ჭირნანახი, სევდით გულდაღამებული, მხოლოდ წარსულის ტრფიალი, კეთილშობილი, თუმც უღვაწი კაცი, მაინც დიდი მოწადინე და სევდით ნაჯაფარი...
გულჭირიანს და ფესვმოკვეთილს ღრმა ძილით სძინავს თავის შავ სევდასთან ერთად... მის გარშემო აღარ ტრიალებდა ეჭვები და ჭორები.
რატომღაც მგონია, რომ ჩორეხი არ არის მკვდარი; და რომ სადღაც, შავს ტყეში თუ ძველ ნანგრევში არის შეხიზნული! თითქოს მისი ხმაც კი მომესმის მკაფიოდ; ხან ბინდისას ვხედავ შარაგზაზე აჩქარებით მიმავალს, თმადაბურდულს, აქეთ-იქით თვალის მაძგერებელს.
და ისევ ისე წრიალებს ჩემს ფიქრებში წარსულზე პირაკვამლებული, ჩანაცრული, მწირი ჩორეხი, სამშობლოს დარდით მოავადე.
ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...
და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი... ნიშარძეულის წყალი როდესაც რომელიმე კრებას თუ საქმიან თათბირს ვესწრები ხოლმე და ფიცხი ორატორების გამოსვლას ყურს ვუგდებ, მაშინვე ჩვენი ფორე მომაგონდება!
ფორე! გუგულიანი საათი რომ გამოიწერა ვარშავიდან! ნათლად მახსოვს ის დღე, როცა მან ჩემი დასწრებით ამანათი გახსნა და ყუთიდან ამოღებულმა საათმა ფორეს ხელშივე ,,გუგუ‖ დაიძახა!
ფორე! რომელმაც 1910 წელს, ლევ ტოლსტოის სიკვდილზე სთქვა, რუსეთის მზე მოკვდა, მე რომ ფული მქონდეს, მთელ რუსეთს შავებს ჩავაცმევდიო!
ფორემ, პირველმა სოფელში, სამკალი მანქანა შემოიტანა, მთელი სოფელი ზედ დაეცა გაკვირვებული. ალბათ ისე აღტაცებული იყო ადამიანი, როდესაც პირველად წყლის წისქვილი გამოიგონეს და მძიმე ხელსაფქვავების ბრუნვისაგან გაანთავისუფლა მონა ქალები.
ეს ის ფორეა __ ქრისტეფორე თამარიძე, რომლის ოთახის კედლებზე ეკიდა რუსთაველის, შექსპირის, სპენსერის, ოუენის სურათები. გორის საოსტატო სემინარია ჰქონდა გათავებული, მაშ, რა გეგონათ!
სწორედ ის ფორეა, რომელმაც მღვდელს შენიშვნაზე, __ რათა სჭამ მარხვას, სულს გაუფრთხილდიო, უპასუხაა: მეც იმიტომ ვჭამ ცოცხალი ფერზე დავრჩე, სული არ დამემშესო!
რით იყო სახელდებული ფორე?
იგი იყო დაუღალავი წყლისთვის მებრძოლი, მეცადინე წყლის ჩა ყვანისა თავის უწყლო სოფელში!
აქედან დაიწყო მისი გასახელება!
ჭეშმარიტად საყვარელი იყო ფორე, წყლის ტრფიალი, წყლის სიყვარულით გაშმაგებული! მთელი სიცოცხლე მეცადინეობდა, რათა მრავალქაფა ნიშარძეულის წყალი ჩვენს სოფელში ჩამოეყვანა.
სოფელში ფორეს სახელქება ისმოდა, მაგრამ არავინ არ ეხმარებოდა, მხოლოდ ორიოდე მეზობელი ტკბილი სიტყვით აქეზებდა ამ წმინდა საქმეზე! გაწყალებულ პატარა სოფელს, სიღარიბის ბურტყლი რომ ასდიოდა, რა დახმარების გაწევა შეეძლო მეოცნებისთვის? ვინ გამოიღებდა ხელს? არავინ! ამიტომაც შერჩნენ ერთმანეთს მარტონი, __ ოცნება და ფორე, ფორე და სოფელი!
იდგა კლდის რქაზე და მუდამ პირდაცული ფორე ახლა მტკიცე გონებით ღაღადებდა:
__ მოდით, მხარი მომაბით, მიშველეთ,სათხარი, მიმართება მივცეთ ამ ფურის ძუძუსავით ნაწველ ნიშარძეულის წყალს!
დაწვრილებით აგიხსნიდა რა დამართებით უნდა წაეყვანა წყალი: აი, __ აგზნებით ამბობდა ფორე, __ ჯერ წმინდა კაჟის კლდეზე გადმოვაქცევთ, მერე ხმელი კლდის გამოვილით დიდგვერდზე, გოხიან კლდეებზე, კამაროვანსა და მარმაროვანზე გადმოცურდება, რომ იმინდვრებს, ურწყულ მინდვრებს სარწყავად გაჰხდის, გამინდვრებულის მერე, სოფელში შემოსრიალდება ნიშარძეული და ბელტს დაალბობს. მერე... ფესვმა უნდაა გაიბას ჩინჩლი; როგორ იმედიანად აიყრის ზრო ტანს და დაყვავილდება ბუტკო; __ აგიყვავდებათ ძმებო, მწვანილი, ფეხის მოსავალი, დაისხამს ვაზი, ხეხილი! სამპირ მოსკდება __ შავფხა, შავთაველა, წითელი დიკა, დატაროვებული სიმინდი; მაშინ ნახეთ საქონლის მეხორცულობა, ყოჩი, შაქი! ნახეთ ავსებულობა, __ წველა, რძე, ერბო, თაფლი! თქვე პირუბანელებო, პირი ვერ დაგიბანიათ უწყლოობით. საწყალობელნო, უწყალო გაჭირვება გადგათ კარს! სად არი ღვთის წყალობა, მისი მოიმედენი რომ ხართ! ,, წყალობა‖_ც ხომ ,, წყალი‖_დან მოდის? გაანძრიეთ ხელი, მიშველეთ ერთკილოვნად, უგზაური ნიშარძეულის წყალი სოფელში ჩამოვიყვანოთ, მუხათწყაროში!
ასე მოუწოდებდა მიწურებში ჩასულ სოფელს, გულში კი უფრო თავისი ფხისა, გამჭრიახობის და მონდომების იმედი ჰქონდა! უნდოდა, ერთ დღეს, აღდგომი წითელ კვერცხივით მიემკვლია სოფლისათვილ ნიშარძეული!
თითქმის ყოველ კვირას ნიშარძეულში ადიოდაა ფორე, იქ ჩანჩქრის ჩქროს ესაუბრებოდა, ესაყვარლებოდა, ელაციცებოდა. მართლაც და, უპაემნო რა კაცია? უმიჯნურო სიარული რა ცხოვრებაა!
წყლის მხურვალე მაძიებელსა და გამომძიებელს გახრიოკებულ სოფელში შემრგო, სუბუქი, გემრიელი და იაფი წყალი შემოჰყავდა! რა იყო ამაზე კეთილშობილური საქმე? და აი, ზრუნვაში გართული ფორე ძიობდა წყლებს ჩვენი მიდამოების ტყესა თუ ღრეში. ჰსინჯავდა წყაროებს, ნაკადულებს, წყაროსთვალს, კოდას, ხევებს, სჩხრეკდა მათ სათავეებს, __ სათაურებს უსინჯავდა ფესვებს, ნიადაგს, ეძებდა მოკლე სადენ გზებს , გეზებს, ჰსახავდა გეგმებს, ჰხაზავდა მიმართულებას; დღემუდამ ჩოთქი ეჭირა ხელში, წყლის გამოსაყვან ხარჯთაღრიცხვას ანგარიშობდა; კიდევ კაპიკებს სწურავდა, მომჭირნეობდა.
ფორეს ჰნახავდით ტყის შეუვალ ტევრში, კლდის რქაზე, უძირო ხევებში, ჩამორიყულ ხეწვრილებში, ჭალებში, მწვერვალებზე.
ოცნების მიმდევარი, ხალხისათვის ბედნიერების მაძებარი, ხელში წერაქვით, ქაფჩით, რაღაც შინგაკეთებული საზომებით, მუდამ საწვიმარგადაცმული; გახუნებული ქუდით, ტალახიანი, მტვრიანი ფეხსაცმელებით, შეჭაღარევებული, შუბლდანაოჭებული, სევდიანი, საქმიანი, მზისაგან ამწვარი, გარუჯული, სიცოცხლის ალმურადენილი, ზეშთაგონებული! აი, ფორეს მაშინდელი სურათი!
გაზაფხულდა, მწვანე ნერგი აყვავდა...
აპრილის ბალახი ნიავზე სივსივებდა. ვანახის დედოფალი __ ატამი ყვავილით ბრწყინვალებდა.
თაფლატყეში, შხეფით სოველ კლდეზე იდგა ფორე და ნიშარძეულის ჩანჩქრის სამყვირალო ხმას ისმენდა, თითქოს ჯიხვების ჯახანი ისმისო. უყურებდა პიტალო ალმასგადმოფანტულ ჩანჩქერს.
და თითქოს გულში შესძახოდა:
__ მე დაგიმორჩილებ! მე შენზე ღონიერი ვარ!
მთაში ნაშობი თეთრ_ლურჯი ქაფი, თითქოს რძის ათასი აუზი გადმოსჩქეფსო გრიალით, ჩადიოდა ჩახევებულ ღრანტეკლდეებში და მერე ჯურღმულებში იკარგებოდა.
ბროლით ამტვერებული გარდმოსაქანელი, შვიდ-წალიკად ჩამოდიოდა. მთების ძუძუს წყარო პიტალოზე შხეფსა და ბუნგალს იტყორცნებოდა...
უყურებდა სიხარულით მორჭმული ფორე წყლის მჩქეფარებას, კაშკაშს და ჩანჩქერის საფიცხე მის გულს ემატებოდა. ფორე წყალს დაშტერებოდა, თითქოს ცხენთა ჯოგი დგრიალებსო, და ფორეს უნდა ქამანდი ესროლოს, რომ ეს ათასობით თეთრი ქურანი გააბასო.
სანახაობამ დაბანგა...
__ ჰეიდა, გულს აღარ უნდოდა შემოცდა! პირდაპირ ჰსურდა, ახლავე შესდგომოდა მდინარის დაურვებას; მოცდა, მოსაათება ეძნელებოდა... __ ჩაიყვანე სოფელში და გააძღე წყლით მიწა!
ჩანჩქერი კი... იფრქვეოდა და კლდე იწველებოდა, როგორც სიმაძღრის ძუძუ და ვერცხლის ღვარს მოჰქონდა ლოდნარი, ქვაყრილი, ძელყორე...
უსაღვთოესი, მყოფადი ოცნება ახლა თითქოს ხორციელდებოდა. ფორე გონებაში ამ წყალს სოფლის ვენახებსა და ხოდაბუნებში ჰხედავდა უკვე. ორივე ხელი გაეშალნა და არ ვიცი, მღეროდა, თუ ჩანჩქერს შესძახოდა:
__ მე დაგიმორჩილებ, დაგიურვებ, მე ხომ შენზე ღონიერი ვარ!
ჩანჩქერი, რომ იტყვიან, ღმერთში ადიოდა შეუწონელი ძალით.
რაღა უნდა ენახა ფორეს __ დასიცხულ, დაგვალულ სოფლის შვილს, ამაზე უსანატრესი, უტკბესი?
__ იცი რა არი ნიშარძეული? __ ოქრო ჯიღა!
ზემო მთებიდან მომავალი გლეხი წაადგა ფორეს კონცხზე მდგომარეს, ნეტარების ბურანში დაბანგულს, მოხათრე გლეხმა გაუბედავად შეახო ხელი.
__ მოგწონს?
__ განა რომ საყვარელია? __ უპასუხა ფორემ.
__ როდის გახდება ჩვენი ნიშარძეული? __ შეეხითხა გლეხი ჩანჩქერს. __ ხვალ! მტკიცედ უთხრა ფორემ.
ეს იყო დიდი ხნის წინათ...
კაი სახელებია: ვარდისოფელი, ვარდიგორა, ოქრობაგეთი, ოქროწყარო, მაგრამ ჩემი სოფელი მუხათწყარო მეკერძებოდა; თუმცა აღარც მუხა იდგა, აღარც წყარო მჩქეფარებდა. სიპოხეგამოწოვილი მიწა თვალცემულივით ბერწობდა.
__ მოხრეკილი ხევი, მშრალხევი, გოხნარი, ნაწყაროვალი, ნატბეურა, ნარუალი, ნაჭალევი __ ასეთი სახელები ერქვა ჩვენი სოფლის მიდამოებს და აქედანაც კი ჩანდა უწყლოობა, თვალიც რომ არ გადაევლოთ უხეტყეო, მაგრამ ოდესღაც ნატყევარი მიდამოებისთვის.
ბავშვებს არასდროს არ ენახათ არც ჩანჩქერი, არც ჩახრიალა, არც შადრევანი, არც უხვი წყლით გახარებული ბაღნარი, არც მტევნის ძუძუ, არც მზის ყანა!
ბავშობიდანვე მეზობლები გვალვას, სიცხესა და მტვერს, შესთხოვდნენ კმასაყოფელ წყალს, წვიმის მომცემელ ლაზარეს __ ქვეყნის ნაყოფით გამომზრდელს და ცხოვრობდნენ ნაკლულად, მწყურვალედ!
ეჰ, რა უსაწყურვილესი იყო სოფელი! ოჰ, რა ბრეს ადენდა ხორშაკი ქარი! სოფელი მტვერში ეხვეოდა; რასაც დასთესდნენ ბოსტანში თიბათვის დამდეგ აიფშრუკებოდა, მკათათვეში ამტვერდებოდაა.
__ რაღადა სთესთ? __ შევეკითხებოდი სოფლის დედაკაცებს. __ მაშ. რა ვქნათ, სოფელს ხომ არ გავაციებთ, სირცხვილია!
.......
ერთადერთი ნუგეში წვიმაღა იყო, თუ ავდრიანი გაზაფხულ-ზაფხული იქნებოდა, ჩვენი ბოსტნებიც ღაღანებდნენ, ხეხილიც მხიარულობდა. ვაი, რომ უფრო გვალვა იცოდა ჩვენს მხარეში! გაქვავებული ნახეთქი, უხალისო, გამშრალი მიწა.
აბუზული ხეები სევდიან სიჩუმეს გამოსცემდნენ. სოფელს თვალები ცაზე ყურებით სტკიოდა შავღრუბლის ცვარის მოლოდინში!
ჰხედავდა ფორე სოფლის არემარეს, ამპირ-იმპირ გადამწირულს, გადაბუგულს. წარღვნის წყალი არ ეყოფა ამ ნამშრალ მიწას! იტყოდა გულში:
ახ, ბედი გაიხსნებოდეს! ახ, შეიმარეშოს აქ წყალმა მადინარმა!
ბოლო ხნის გვალვების გამო, სოფელში რაც წყაროები იყო ან დაშრნენ, ან დამოკლდნენ. ჩვენი უბნის წყაროს ნაწრეტი წყალიც ნეკის სისხოდღა მოღანცალებდა. აღარ ისმოდამისი ცქაფი ჩხრიალი, ყრმობისას რომ სიმღერასავით მომესმოდა.
წყაროს თავზე მდგარი ნაგალი ხეც ჩათუთქულიყო, დაღონებული ტოტები ჩამოეყარა: უხალისო ფოთლები სევდიანად შრიალებდნენ.
__ ახ, ერთი მენახა ჩემი სოფლის მიწა გასველებული! წყალგამჯდარი! ჭყანტი იდგეს, ბჟანტალი ნიადაგი მენახოს!
და როცა ხალხზე ზრუნვას უქებდნენ, __ ბარაქალა, ფორე!
__ რა დროს ეგ არი? __ შეაწყვეტინებდა გაღიმებული. __ წყალი გამომაყვანინეთ თქვე
უღმერთოებო, დამეხმარეთ, მიშველეთ!
... და ისევ უღრან ტყეში, სოფლიდან დიდად მოშორებით გადმომჩქეფარე წყალს ჰზვერავდა, ზვირთებს უთვლიდა! შინ, კი ისევ ანგარიშობდა, ჰხაზავდა, დაფიქრებული, ჩაჰყურებდა ნახაზსა და ციფრებს. ჯიქურად წინ დასდგომოდა პირდაპირ შეუძლებელ საქმეს, წამიერად კიდევაც ხედავდა სოფელში ჩამოყვანილ წყალს და იმ წუთას იგი ახალგაზრდავდებოდა, ცმუკავდა, კიდევაც ღიღინებდა.
თუ ჩვენს კუთხეში შემთხვევით ინჟინერი ან ტექნიკოსი მოხვდებოდა ან სტუდენტი შემოივლიდა, ხელს ჩაავლებდა, წაიყვანდა, დაატარებდა, საწყლო ადგილებს აჩვენებდა, თავის აზრს გაუზიარებდა. რჩევას ჰკითხავდა და კიდევ ერთხელ აღიგზნებოდა, იქაურობას დააკორიანტელებდა!
მაგრამ მხარს არავინ აბამდა! მარტო იყო ფორე თავისს საქმიანობაში!
ბოლოს გადაწყვიტა თავდაპირველად ხარჯი თვითონ გაეღო. დაინახავენ, მომიდგებიანო! გაყიდა ცხენი, გაყიდა ფუტკარი, გაყიდა პატარა ვენახი, სამიოდა თხა, ათი კოდი პური შარშანდელ შემოსავლიდან შემონახული და ყოველივე ფულად აქცია! მაგრამ არ იყო საკმარისი მუშაობის დასაწყებად. ახლა მან გაბედა უქნელი საქმე. ერთ დილას იგი მიადგა ჩვენი დაბის წმინდა გიორგის მღვდელს და მაზრის ბლაღოჩინს მამა თევდორეს, მდიდარს, შეძლებულს, ძუნწსა და ხელმოჭერილს.
ფორემ მოურიდებლდ სთხოვა ფულით თანაშეწევნა და დაჰპირდა თავისი მამულის გირაოდ მიცემას.
თევდორე მღვდელმა, რომელიც ფულს სარგებლით ასესხებდა ხოლმე, მოიმიზეზა წმ. გიორგის საყდრის შეკეთებისათვის შემოწირული ფულის უკმარობა.
__ მე მხოლოდ წმ. გიორგის მოვალე ვარ! __ განაცხადა ბლაღოჩინმა. __ თუ მართლა წმინდა გიორგი გიყვარს, მაშინ მისი საქმე გააკეთე! __ რა საქმე?
__ ხომ იცი, რად გვწამს ქართველებს წმინდა გიორგი მთავარმოწამე? რად არი ჩვენი თავსალოცავი? თუმცა შენ ჩემზე მეტი უნდა იცოდე, მოგახსენებ... გველეშაპმა ხალხს სასმელი წყალი შეუკრა, თავის მყრალი ტანით ზედ გადაეფარა წყაროსთვალს, კლანჭებში ჩაამწყვდია. ხალხი უწყლოდ იხოცებოდა. გმირი და მხედარი გიორგი შეებრძოლა ვეშაპს, ჩასცა შუბი, სული გაანთხევინა და სახალხო წყალი დაიხსნა! ამ გმირობისათვის იწამა წმიდანად ქართველმა ხალმა, თორემ წმიდანი არა ყოფილა! და თუ შენ, წმიდა გიორგის მოსავი ხარ, დაგვეხმარე წყლის გამოყვანაში; გახდი წმიდა გიორგის მიმდევარი, წყალი მიეცი ხალხს! __ უკვე ფიცხად შეუძახა ფორემ მამამთავარს.
ბლაღოჩინს მხოლოდ წყნარად გაეღიმა მეამიტ ფორეს ახალ დებულებაზე წმიდა გიორგის შესახებ... ეს იყო და ეს...
როდი იცოდა ფორემ შეპუება! მან იყიდა სამოციოდე მილი და ეზოში დაალაგა, არხი კი ჯერ არ იყო გათხრილი! ეშმაკები ტიკებს ალბობდნენ, ღვინო არსად არ იყოო!
დიდი ფიქრის შემდეგ ფორემ გადაწყვიტა ნიშარძეულის ფონდის დაარსება გაზეთში და ამ მხრივ შეწირულების მოგროვება. ამ გამოგონებაზე ისევ გაუთბა გამყინვარებული გული, ისევ შემოიქროლა იმედმა, ისევ ეჩვენებოდა, რომ დაიმორჩილა ჩანჩქერის წყალი: ეჩვენებოდა თითქოს ნიშარძეული მერანი იყო და ქეჩოზე ხელწავლებული მოჰყავდა და მერანიც მშვიდად მოსდევდა სოფელში! ხან თითქოს ფორეს კვერთხი ეჭირა და მისს კვერთხს უკან მოსდევდა, მოსთრევდა წყალი! რას არ ჰხედავდა, რას არ წარმოიდგენდა! საორაგულე ფაცხებს სდგამდა მდინარის ტოტში, შიგ მურა კალმახს იჭერდა!
მაგრამ გრიგალ-ქარივით ატყდა მსოფლიო ომი და ყოველ კეთილ დაწყობილებას მიეცა თავისი აღსარული! ბევრი მწარე გაკვნიტა ხალხმა!
გავიდა დრო, ჩვენი ფორე მობერიკაცო გახდა, სამოცს გადასცილდა, __ მობერდა თავისი აუხდენელი ოცნების გაცამტვერებით. ფორეს შუბლი დაეღარა გუთან-გავლებულ მინდორივით, წვერ-ულვაში გადაეთოვლა, სახე შეუჭკნა, მის ღიმილს მადლიანი ეშხი გაუქრა, მოწუწუნეც გახდა, მწვავედ ჰგრძნობდა, რომ ხელიდან უსხლტებოდა ის ერთადერთი ნათელი ოცნება, რითაც იგი აქამდე ჰსუნთქავდა, სცოცხლობდა, მოქმედობდა!
მაინც ვხედავდი ნიშარძეულის კლდის ქიმზე ზევიდაან გადმომზირალს! უყურებდა ტანშევერცხლილ ჩანჩერს, ეალერსებოდა მის თვითოეულ ზვირთს; ჩანჩქერის თვითეულ წვეთში იყო ჩამწვარი ფორეს ფიქრიც და ოცნებაც!
სულ პირუკუღმა მოდიოდა ფორეს საქმე. წყალზე დაადნა ფორეს თვალგული! მაინც არაფერი გამოვიდა! არვინ წაეხმარა!
ომმა სულ გაწყვიტა სოფელი, ვინ იყო მხსნელი?
__ დაიწვას ცარიელი ჯიბე! __ წაიკვნესებდა ბერიკაცი.
უფრო დაბერდა ფორე, სამოცდაათს გადასცილდა. ,,ძია ფორე‖ ,, ფორე პაპამ‖ შესცვალა, მაგრამ წყლის საქმეს არა ეშველა რა!
ახლა სიტყვიტაც აღარაავინ ეხმარებოდა წყლის მებრძოლს, თანაგრძნობაც სამგორის ქარს გაებურთავებინა! სოფელში ეკვე ლაპარაკიც ეზარებოდათ ნიშარძეულის წყლის გამოყვანაზე, როგორც გარკვეულად აუხდენელ ოცნებაზე და ფორეს კიდევაც ალმაცერად უყურებდნენ.
__ თავში იწყვიტოს, ფორე უცოლშვილოა, შესანახი არავინა ჰყავს, ნება აქვს ქარიანობისა, ოცნების აყოლისა, ჩვენ კი __ წვრილშვილებს რაში გამოგვადგება ფორეს აყოლა?!
ასე ფიქრობდნენ ზედმიწევნით ფორეს მეზობელი გლეხები, რომელნიც სიღარიბით ისე დააიხელთნენ, რომ ვერაფრით ვერ შეეწივნენ სოფლისთვის მარტომბრძოლ ფორეს!
ხანიერმა, სახენაცვალმა ფორემ ერთხელ კიდევ შეუტია სოფელს ცეცხლოვანი მოწოდებით:
__ ძმებო, გავიდეთ კლდის გამკაფველებათ, ბელტის მჭრელებად, რუსხმულის მკეთებლად, არ უკანასკნელი კაპიკი, კალაპოტში ჩავსვათ ჩვენი გიჟმაჟი ნიშარძრეული და სოფელში გამოვიყვანოთ! რომ იცოდეთ, რა შემრგო წყალია, რა მსუბუქი, თამარ-მეფეს აუწონია ლერწმის წბილით!
ახლა ამის საპასუხოდ სოფელში თქვეს: ფორეს ტვინი უფრინავს! ურგები კაციაო! სალექსედ გახადეს.
დანართვილარი გული კიდევ ემხურვალებოდა, მაგრამ აღარაავინ არ გამოეხმაურა, ყურიც არ მიუგდეს! მობეზრდა სოფელს უქმი საქმე, სიტყვაა უსაქმო! დრო მიდიოდა, ფორე თითონ უძლურდებოდა, მუხლში სიბერემ ჩაიდგა ფესვი, გულს მყინვარი შეეპარა! მხედველობა მიუსუსტდა და... ამაზე უბედურება რაღა იქნებოდა, ნიშარძეულის სანახავადაც კი ვეღარ მიდიოდა, გულჯავრეული, ბღუნვით მავალი! ჩამოძენძილი ჩოხით, ჩამორღვეული პაჭიჭებით მოსიარულე.
რაღაც სასიცოცხლო მოაკლდა ფორეს, თითქოს მისი არსება გამოიფიტა, გამოშრა, თითქოს სამოთხეს მოსწყვიტეს! ვერც ვერავის ანდობდა თავის სევდას და ხვაშიადს. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში, თავის გულში და თავის მზერაში და ისე, უნახავად ჰხედავდა ნიშარძეულის ჩანჩქერს გახურებული გულით, შუბლგაცხელებული, გაფაციცებული!
მტკიცედ გამოფიცული, უცვალებელი ოცნება მაინც ცოცხლობდა ფორეს მკერდქვეშ.
ამ დროს ფორეს გული ნაღვერდალს ისროდა! მაგრამ ღამეობით იყო ძნელი! ვეღარ იგებდა ფორე, თუ სად იყო, შინ თუ ნიშარძეულზე? გახელებულ ტრფიალს ხშირად ეჩვენებოდა ქაფიანი ჩანჩქერი და გულს უხოკავდა შმაგური სიყვარული!
ეს იყო ფორეს საკვებელიც და გულის სატკივარიც!
... აი, უეცრივ, ძილში თითქოს არწივთ იხუვლა მთიდან და ფორეს ეზოში ჩამოვარდა, მზის ჭიატმა ციალა შუქით შეანათა ფორეს გამოხუნებული კარ-მიდამო.
მოკრეხილს, მტვრიან ეზოძი მიწიდან სცემდა და სცემდა აფეთქებული შადრევნები, დაბროლებული, მარჯნით ნაელვები ჩქეფები; შიგ მიჭვრიტანული კდემით სრიალებდნენ ელვამდგარი ცისარტყელები, ჩაცრილი ოქრო, ლურჯანა ნარგიზფერი __ ერთად.
ვერცხლურ ღვარიდან მოსრიალებდნენ ცისფერი ბაღდადები, მარმაშა ზვირთებში წყობისად იდგნენ დასხმული ვაზები, ვაშლ-ატამის ბრიალა ტოტები, ყვავილნარი, ხევნარი, კორდი, მდელო, მტილი, მოლი, ირგვლივ, შემობურვოდა კაკლის ჭალა. ნიგვზნარის ხასხასა შრიალი საამოდ ელამუნებოდა ფორეს გაბადრულ გულს.
თითქოს ირგვლივ დაჰქროდნენ ფრთალაჟვარდული ჩიტები, ფირფატები, თოლიები; თითქოს მოჟუჟუნე ქალები გალობდნენ ტკბილად საგალობულს და მრგვლივ საყნოსავი ყვავილსურნელება იდგა და მღიმარი ყვავილები უმწიკვლო ღვარებში ელვარებდნენ. უთეთრესი, უბროლესი, ულურჯესი და ჟოქროესნი, ანკარა, თაფლისა და არძის ნიაღვარშხეფი გამოსჩქეფდა თქართქარით. წაღმით ავარდნილი, დამძლავრებული შხაპი მარგალიტს იტყორცნებოდა, მცინარე ლალის გამოსხივებანი გულს ანათებდნენ, თვალებში უსრიალებდა საფირონისა, ფირუზისა და ბადახშანის ციმციმი. დაჩითული კალმახები მიმოქროდნენ ზვირთებში! ფორე სიხარულით ჰბორგავდა ძილში. როგორ შეაყელთა უწყლობამ, რამდენი იტანჯა, იწვალა და აჰა, თითონ წამოსულა წყალი სოფელში, გაურჯელად!
აუსრულდა ფორეს უსაწადლესი ნატვრა!.. სახეატკრეცილი, გაგანიერებული თვალებით, ხარბად შეჰყურებდა წყლის კაშკაშს, ბროლის მცვრევას და თვალს როდი უჯერებდა უეცარი სანახაობით მონადირებული! თითქოს ტრფიალი და სატრფიალო ერთმანეთს შემოხვდნენო! მადლი, მშვიდობა, სიხარული ჰსუფევდა ეზოში! __ სანატრელი სახილველი!
ჰქუხდა ჩაქუხა ჩანჩქერი და ემადლებოდა ფორე მოულოდნელ სიხარულს. ვაგლახ, ნაგონარი გამოდგა, მეოცნების ფიცხი გამონაფიქრი!
გამოიღვიძა, თვალშეხედული მოჩვენება განქრა! გვერდით მდგარ ლიტრაში ისევ დუბელა წყალი იდგა ნადუღარივით. თითონ სიცხესა და სიზმარს დაედუნებინა, ფორეს მკერდზე ხვითქი სდიოდა. ისევ უყვარული სინამდვილე... ისევ ურწყული, უძუძური მიწა... ამტვერებული შარა... გამხმარი ხეები. მიმჭკნარი ბოსტანი, უღიმღამო დედაკაცები, სევდიანი ბავშვები... ოცნების უსაზრდელობა...
სადღაა ბროლის ტბორები, შუშხუნასავით მფეთქავი ტანბროლა შადრევნები?!
ისე დააჭმუნვარა ფორე, ისე შეარყია ამ ცხადივით ჩვენებამ, რომ მთელი დღეები გარინდებული იჯდა დერეფანში. აღარ საქმობდა, მხოლოდ იმ ადგილებს დაჟინებით უყურებდა დერეფანში, საიდანაც სრიალა შადრევნები სცემდა სიზმარში, კვიპაროსივით ასული, მაშხალასავით ცაში შეტყორცნილი!
სად წავიდნენ? ცაში თუ ავიდნენ დაუბრუნებლივ!...
მართლაც, სად წავიდნენ შადრევნები? სად წავიდა ახალგაზრდობა, ღონე, იმედი? __დაფიქრდებოდა ღამენათევარი, როცა მთვარე თეთრად დაანათებდა ბალიშს და აღარ აძინებდა მოხუც მეოცნებეს.
__ სად წავიდა ოცნება, სიყვარული? ახალგაზრდობის ჩოხა გაცვითა, გული, გონება, შეძლება თავისს ოცნებას გარდააგო და რა უეცრად გაცურდა თითებშუა ყველაფერი, რა ძნელია, რა ძნელია ყველაფრის გაქარწყლებანი?
და სულ პირველად, ფორეს თვალზე კურცხალი დაიწურა. თითქოს მისი ცხელი ცრემლი ნიშარძეულის ჩანჩქერს შეუერთდა, მისივე ხმელი გულისა და მისი მშობლიური მიწის მოსარწყავად!
წყალს შეალია ფორემ თავისი ახალგაზრდობა, ოცნებას დააწვევინა! ქვასა და კლდეს შეაცხო თავისი სიცოცხლე, მაგრამ მარტოდმარტომ ვერ დაიმორჩილა ვერც ჩანჩქერი, ვერც ვერავის გული! ერთი საქმიანი თანამგრძნობელი არ მისცა ბედმა!
ფორე სანახევროდ კიდევაც დაბრმავდა! ეზოშიც კი ვერ იარებოდა უჯოხოდ, მაინც დიდ მეოცნებეს სჯეროდა, რომ ნიშარძეულის წყალი სოფელში უსიკვდილოდ ჩამოვიდოდა!
და აკი ერთ ღამეს, თითონაც გადამდნარიყო იმ ოცნებაში! ნიშარძეული კი მხოლოდ წრეულს ჩაამოვიდა მუხათწყაროში.