დაბადების ადგილი: სოფელი უხუთი, დღევანდელი ვანის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.
იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრების განყოფილების ინსპექტორი 1921–1965წწ., თოჯინების თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე 1965–1982წწ. პირველი მოთხრობა "აბზიანიძეების ოჯახი" გამოაქვეყნა 1962 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2007 - თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია "გალა"
1999 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
განზომილება : რომანი / ჯემალ ქარჩხაძე.– თბილისი, დიოგენე, 2001.– 447გვ.
მოხუც სულეიმანს სტამბოლის გარეუბანში გადავეყარე.
სხვისა არ ვიცი და მე კი, რამდენჯერაც მოგზაურობიდან შინ დავბრუნებულვარ, ყველაზე ტკბილ მოგონებად მუდამ უცხო ქალაქების შუკებსა და ქუჩაბანდებში ხეტიალი გამომყოლია. ამიტომ იმ დღესაც, დამთავრდა თუ არა დარბაზობა სულთნის დიდ ვეზირთან, ჰერცოგს დავეთხოვე და მყისვე სახეტიალოდ გავეშურე. ძველ მესას რომ გავცდი, გეზი დასავლეთით ავიღე, გადავწყვიტე, ის ადგილები მენახა, სადაც, გადმოცემის თანახმად, ბიზანტიელებმა ჯერ კიდევ მეოთხე კონსტანტინოსის დროს გააშენეს საუცხოო ბაღები და ვენახები.
ალალბედზე მივდიოდი და იმ პატარა, დამრეც, მწვანეში ჩაფლულ ქუჩაზეც შემთხვევით აღმოვჩნდი.
როგორც კი შევუხვიე, მაშინვე დავინახე მოხუცი თურქი, რომელიც გარინდებული იჯდა მზის გულზე, გზის პირას, ღობეზე მიმაგრებულ დაბალ, ვიწრო მერხზე; გაძვალტყავებული და დანაოჭებული ხელები მუხლებზე ეწყო, ოდნავ წინ წახრილიყო და თვალები მიელულა; ვერ გაიგებდით, ფიქრებს მისცემოდა თუ თვლემდა. ფეხებთან სახელდახელო ყუთი ედგა და შიგ რაჰათ-ლუხუმის მოგრძო, ოთხკუთხა ნაჭრები ეწყო. სიბერეს (და სიბერეზე მეტად ალბათ თრიაქის უზომოდ ხმარებას) ისე გაელია, ისე ჩამოედნო და გამოეშრო, შორიდან პატარა და ჩია მომეჩვენა, თუმცა მერე, კარგად რომ დავაკვირვდი, მივხვდი, რომ გვარიანად მაღალი კაცი ყოფილა. შავგვრემანი სახე, რომელსაც უკვე ავადმყოფური სიყვითლე შეჰპარვოდა, ღრმა და ხშირი ნაოჭებით ჰქონდა დაღარული, ყვრიმალის ძვლები ისე ამოშვეროდა, თხელი, სიფრიფანა კანი ძლივსღა უფარავდა. თავზე წითელი ჩალმა ეხურა, გრძელი, ჭაღარა, ბოლოწაწვეტებული წვერი ჩავარდნილ მკერდზე ეფინა. ღრმად ჩამსხდარ, წვრილსა და ცივ თვალებს მძიმედ გადმოფარებული ქუთუთოების ქვეშ სახედველად მცირე ნაპრალიღა დარჩენოდა. იჯდა ასე ვიწრო მერხზე, გამომხმარი, გამოფიტული და უცხოდ, არაამქვეყნიურად გარინდებული, თითქოს სულს პატრონი სახლიდან გაეგდო და ქუჩის პირას რაჰათ-ლუხუმის გამყიდველად გაემწესებინა, რათა მარტო დარჩენილიყო და ისეთ საფიქრალზე ეფიქრა, რასაც სხეულთან უკვე აღარაფერი ესაქმებოდა.
სტამბოლში, ამ დიდ, ჭრელსა და ხმაურიან ქალაქში, სადაც მოგზაურის თვალს ათასი რამ ახარებს და ატკბობს, თრაქიასაგან გამომშრალი ბერიკაცები, რომელთაც ყოველ ქუჩაზე თუ არა, ყოველ მეორე ქუჩაზე მაინც წააწყდები, დიდი ვერაფერი სანახაობაა. მეც ერთი შევავლე თვალი რაჰათ-ლუხუმის მოხუც გამყიდველს და, მისი ხმა რომ არ გამეგონა და მისი სიტყვებისთვის არ მომეკრა ყური, რომლებიც ასე უცნაურად ჩამრჩა გულში, ყურადღებას არ მივაქცევდი და, ისე გავემგზავრებოდი სტამბოლიდან, ამ ქუჩისკენ პირს აღარ ვიზამდი.
ტუჩებს რომ აცმაცუნებდა, ეს შორიდანვე შევნიშნე, მაგრამ ამის გამო ცნობისწადილი არ აღმძვრია, რადგან კარგად ვიცი, რომ მოხუცებს სჩვევიათ ხმამაღლა ფიქრი (პაპაჩემმაც ასე იცოდა).
ამასობაში ახლო მივედი და იმ ადგილიდან, სადაც პირველად მოსწვდა ყურს მისი ხმა, ვიდრე იმ ადგილამდე, საცა ეს ხმა ისევ მიწყდა, მკაფიოდ გავიგონე (თურქების ენა მაშინ უკვე კარგად ვიცოდი) სიტყვები: `...უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს, სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული! ო, ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ! ფერფლი და ნაცარი დარჩება...~
ეს სიტყვები ჯერ თითქოს შორიახლო მომდევდნენ. ქუჩა რომ ჩავათავე, მაშინღა წამომეწივნენ და ისეთი ხმაურით შემოცვივდნენ გონებაში, რომ შევკრთი და შევჩერდი. ვის ემუქრებოდა ასე გაბოროტებით ეს კაცი, რომელიც ოთხმოცდაათს გადაცილებული თუ არა, მიტანებული მაინც უნდა ყოფილიყო და ალბათ უკვე იმ ქვეყნისად უფრო ითვლებოდა, ვიდრე ამ ქვეყნისად? ასე მწარედ რა ჩაჰყვა სულში, რომ ღრმა სიბერეშიც კი, როცა კაცი ღვთის სიახლოვეს უნდა გრძნობდე და მასთან შეყრის მოლოდინმა ყველა ამქვეყნიური ამაოება, ავიცა და კარგიც, უნდა დაგავიწყოს, ჯავრი ვერ მოენელებინა?
ერთი დაპირება გზის გაგრძელება დავაპირე, მაგრამ გულმა არ მომითმინა, მივტრიალდი და უკან წავედი. ამჯერად უფრო ნელა მივაბიჯებდი იმ იმედით, რომ მეტს გავიგონებდი და ეგებ გამეგო კიდეც, ასეთი რა ბალღამი უტრიალებდა გულში.
მალე შევნიშნე, რომ მოხუცი აღარ ლაპარაკობდა. ტუჩების ცმაცუნი შეეწყვიტა, უკვე სრულიად გაშეშებული და გახევებული იჯდა და ისე ღრმად ჩაძირულიყო უცხო გარინდებაში, რომ დასჭირვებოდა, ალბათ, თვითონვე გაუჭირდებოდა საკუთარი თავის მოძებნა. მაგრამ სწორედ იმ წამს, რა წამსაც გავუსწორდი და წინ უნდა ჩამევლო, მოულოდნელად ცივი, გამკინავი ხმით დასძახა:
– იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
და ისევ ისე, ერთბაშად და მოწყვეტით, გაჩუმდა.
ამ ხმის გაგონებაზე ისე შევკრთი, წამით მომეჩვენა, თითქოს მკვდარმა დაილაპარაკა, რომელსაც უეცრად მოაგონდა, რომ სიცოცხლეში რაღაც დარჩა სათქმელი. ასე იყო თუ ისე, მოხუცი არ შერხეულა, ძარღვი არ შეტოკებია და ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, ალბათ თვითონაც არ გაუგია.
მე შევჩერდი და ერთხანს შევიცადე, მაგრამ რა დავინახე იმქვეყნიური სიღრმიდან ამოსვლას აღარ აპირებდა, გამოლაპარაკება ვერ გავბედე, უკანვე გავტრიალდი, სხვა ქუჩაში შევუხვიე და ჩემი გზა განვაგრძე.
იმედი მქონდა, სტამბოლის დიდებული სანახების წყალობით მოხუცის უცნაური სიტყვები მალე გულიდან გადამვარდებოდა. ჩემდა გასაკვირად პირიქით მოხდა: რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ფიქრები მით უფრო მჭიდროდ იყრიდნენ თავს რაჰათ-ლუხუმის გამყიდველის ირგვლივ. რა უკეთური ძალა ტანჯავდა ასე საბრალო ბერიკაცს? რომელი მიწა-წყალი უნდოდა ამოეწვა ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე? რა ბოღმა და ნაღველი ჰქონდა ასეთი, რომ ამქვეყნად ვერ მოეშორებინა და იმ ქვეყნად მიმავალს თან მიჰყვებოდა?
ეს კითხვები ისე მაწვალებდა და მაფორიაქებდა, რომ ვერ მოვისვენე და მეორე დღეს, მზის ჩასვლის ჟამს, კვლავ იმ ქუჩას მივადექი.
მოხუცი იქ დამხვდა, საცა დავტოვე. იჯდა გაშეშებული, გარინდებული, ფიქრებში ჩაძირული. მე ნაბიჯი შევანელე და გამოლაპარაკების საბაბს დავუწყე ძებნა. ბედად, ახლო რომ მივედი, ტუჩები ააცმაცუნა და მალე წუწუნს მოჰყვა:
– შენ ახლა ალაჰის კალთაში გიდევს თავი, ომან ფაშავ, ჩემო არწივო, მაგრამ მოხუც სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სახელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე, სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუხუმს ვყიდი, ისინი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგიან, სასახლეში სხედან და სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ...
ესა თქვა და გაჩუმდა.
მაშინ მე მორიდებით შევეხმიანე:
– მიუტევე კადნიერება უცხო ქვეყნიდან მოსულ მოგზაურს. ჩემდა უნებურად ყური მოვკარი შენს მწუხარე სიტყვებს და დაუძლეველმა ცნობისწადილმა შემიპყრო; ჩანს, ომან ფაშას ამბავი ფრიად საგულისხმო და ღირსსაცნობი უნდა იყოს.
მოხუცი არ შერხეულა. ვიფიქრე, ჩემი ნათქვამი ვერ გაიგონა-მეთქი, და ის იყო თავიდან უნდა დამეწყო, რომ უცებ ნაღვლიანად და სინანულით თქვა:
– ხედავ, ჩემო დიდებულო ომან ფაშავ: შორეული ქვეყნებიდან უცხო გვარ-ტომის ხალხი მოდის შენი ამბის გასაგებად... – აქ ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე თავი ნელა ასწია, ჯერ ჩემს დაშნას დააცქერდა, მერე მანტიას ისე ააყოლ-დააყოლა მუშტრის თვალი, თითქოს რაღაცას ანგარიშობსო, ბოლოს ცივი მზერა სახეზე მომაბჯინა და უცებ დაჰკივლა: – იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
მიყურებდა და მიმქრალ თვალებში მოლოდინი ედგა. მე აღმოსავლეთის ქვეყნებში ბევრი მიმოგზაურია და ადვილად მივხვდი, რომ ომან ფაშას ამბის საფასურად რაჰათ-ლუხუმის ყიდვა მომიწევდა. ტკბილეულის მოყვარული საერთოდ არა ვარ, მით უმეტეს მისი ხელით მოწოდებული არაფრად მეპიტნავებოდა, მაგრამ ახლა ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი ცნობისწადილის დაკმაყოფილება, ამიტომ სწრაფად გავიკარი ხელი ჯიბეზე და რაჰათ-ლუხუმი გამოვართვი.
მთელ სტამბოლი რომ მოგევლოთ, ამაზე უგემურ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავდით. ერთი კი შევშინდი, მოხუცს არ შეემჩნია, რა ზიზღით ვჭამდი მის ნაქებ ნუგბარს, და ცალი თვალით ქურდულად გავხედე, მაგრამ მას ჩემთვის აღარ ეცალა: ფული კარგად, დაკვირვებით გასინჯა, მერე ხვანჯარი გაიწია და შარვლის ქვეშ ჩაიტენა. ამას რომ მორჩა, ხელები მუხლებზე დაიწყო, მილულული თვალები შორს, ჩემთვის უხილავ რომელიღაც წერტილს მიაპყრო და გაირინდა. მანამ იჯდა ასე გარინდებული, სანამ დანაოჭებულ სახეზე სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანი არ წაეშალა. როდესაც მთლიანად ჩაიძირა სადღაც, არარსებობის უფსკრულში, და მეგონა მეც დავავიწყდი და რაჰათ-ლუხუმიც-მეთქი, უცებ დაბალ ხმაზე მოთქმით თუ წამღერებით დაიწყო:
– ო, ბრწყინვალე და დიდებულო ომან ფაშავ, მოხუცი სულეიმანის იმედო და სასოებავ! ო, ლომისა და მზის ნაშიერო! შენი მხარ-ბეჭი ფართო იყო, როგორც ქაფადაღის მთა, შენი ტანი ჩამოქნილი იყო, როგორც თაფლის სანთელი, შენი თვალები კაშკაშა იყო, როგორც ზაფხულის მზე! შენი მშვენიერი პირისახის დანახვაზე ტურფა ხათუნები ჩუმად ოხრავდნენ! მე შენ არწივად და შევარდნად გზრდიდი, რათა ღრუბლების თავზე გეფრინა. ო, მამაცო და ლომგულო! შენი მოკვეთილი თავი მკვდარ მზეს ჰგავდა, ბრძენო და გმირო! შენ მთვარე ტახტად უნდა გდგმოდა, ვარსკვლავთა ჯარი ფეხქვეშ ხალიჩად გფენოდა და მზე ჩირაღდნად გნთებოდა, ო, ომან ფაშავ!..
აქ მოხუცი გაჩუმდა და ერთხანს ჩუმად იყო, მერე ნელ-ნელა გამოერკვა, სახეზე კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლის მცირედი ნიშანი, თვალებშიც ძველებური სიცივე ჩაუდგა, მძიმედ ასწია თავი, ერთი გაკვირვებით ამათვალ-ჩამათვალიერა, თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა, ვინ ვიყავი და აქ რა მინდოდა, ბოლოს ისევ სივრცეს ჩააცქერდა, წეღანდელივით ჩაიძირა სადღაც, უხილავ სიღრმეში, და ახლა უკვე წყნარი, ბუნებრივი ხმით განაგრძო:
– მეშვიდე წელიწადში იდგა, როდესაც მის მასწავლებლად მიმიწვიეს. მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე ბევრი რამ მენახა და ბევრი რამ ვიცოდი. თავიდან საბრძოლო ხელოვნება მიტაცებდა და მალე მამაცი და თავზეხელაღებული მეომრის სახელი დავიგდე. ბრძოლა რომ მომბეზრდა, ხან ყურანის შესწავლას მივყავი ხელი, ხან სიბრძნისმეტყველებას ჩავუღრმავდი; ერთხანს ლექსებსაც ვთხზავდი და სასახლის მგოსნებს ვეჯიბრებოდი. მაგრამ ბოლომდე არც ერთ საქმეს არ მივყოლივარ. დაუდგრომელი გული მქონდა, ყველაფერი მალე მყირჭდებოდა და ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვძლებდი. თავად არ ვიცოდი, რა მინდოდა. ომან ფაშას მასწავლებლად რომ მიმიწვიეს, ჯერ უარის თქმა დავაპირე, მაგრამ მერე დავთანხმდი. ვიფიქრე, როცა მომბეზრდება, ავდგები და ამასაც მივატოვებ-მეთქი. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ თურმე ალაჰის ნებით ჩემი ცხოვრების თავ-მიზანს მივდგომოდი, სწორედ ის მეპოვა, რასაც მთელი სიცოცხლე შეუცნობლად ვეძებდი! ომან ფაშა საკვირველი ყმაწვილი გამოდგა. მარდი იყო, მოქნილი, შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა და მკვირცხლი გონება. ჯერ კიდევ ბალღი ისე დააგელვებდა უბელო რაშს, როგორც ზღაპრული ჭაბუკი, ხმალს გაწაფული მეომარივით ატრიალებდა, ყურანის ცოდნით სწავლულები განცვიფრებაში მოჰყავდა. ყველაფერი უხვად ჰქონდა მომადლებული – ჭკუა-გონებაც, ძალ-ღონეც, სილამაზეც. ერთი სიტყვით, ალაჰის ბრწყინვალე მზის ქვეშ საუკეთესო შეგირდმა საუკეთესო ოსტატი იპოვა. და მე კადნიერი მიზანი ამოვიჭერი გულში: გადავწყვიტე, ისე გამეზარდა, მთელ ოსმალეთში მისი მჯობნი არავინ ყოფილიყო და, თუ ალაჰიც ინებებდა, თავის დროზე სულთნის ტახტი ჩაეგდო ხელთ. ომან ფაშა სულთნად იყო დაბადებული, მაგრამ ამისათვის ოსტატად სულეიმანი უნდა შეხვედროდა, ხოლო სულეიმანი სულთნის აღმზრდელად იყო დაბადებული, მაგრამ ამისთვის შეგირდად ომან ფაშა უნდა შეხვედროდა. რაკი ამ შეხვედრას დიდმა ალაჰმა დასტური მისცა, ჩემს სიცოცხლეს ამის შემდეგ სხვა მიზანი არა ჰქონია. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და თანდათან ნათლად ვხედავდი ჩვენს მომავალს: ის, მზე და ლომი, დიდი და ბრწყინვალე სახელმწიფოს ტახტზე იჯდა, მე კი, მისი გამზრდელი და მთავარი მრჩეველი, მხარმარჯვნივ ვედექი... ოცი წლისა რომ შეიქნა, მისი განსწავლულობის, სიბრძნის, გონიერებისა და ჭაბუკისთვის ესოდენ ნაადრევი სიდინჯისა და წინდახედულობის ამბავი სასახლეში უკვე ცნობილი იყო. მისი თვალტანადობა, პირმშვენიერება, მომხიბლაობა, თავდაჭერილობა და სიტყვა-პასუხი მთელ სტამბოლს პირზე ეკერა. მალე ძალგულოვნება და სიჩაუქეც დაამტკიცა: მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა და სახელიც გაითქვა, სულთნის წინაშე წარვადგინე გამოსაცდელად და დიდი აღლუმის დროს, რომელიც სულთნის დაბადების დღეს მიეძღვნა, ქვეყნის საუკეთესო მხედართა და მეომართა ასპარეზობაზე ყველა სახელგანთქმული ვაჟკაცი დაჯაბნა. სულთანი დიდად ნაამები დარჩა. გამარჯვებული ომან ფაშა შვილივით მიიღო და გურჯისტანიდან თავის დროზე დავლად წამოღებული ოქროსტარიანი ხანჯალი უბოძა. ო, რა დიდებული სანახავი იყავი, სწორუპოვარო ომან ფაშავ, როდესაც სულთნის წინ მუხლმოყრილმა ნაჩუქარი ხანჯალი ბაგეებთან მიიტანე და ეამბორე!.. იმ დღეს ჩემმა არწივმა ფრთები ისე დაიქნია, რომ ცხადი შეიქნა, ასაფრენად უკვე მზად იყო. მაგრამ დიდი სიფრთხილეც სწორედ ამ დროსაა საჭირო. მართალია, სულთანმა შვილივით მიიღო და მიეალერსა, მაგრამ ამან სასახლის დიდებულთა უგუნურ შურს კიდევ მეტი ცეცხლი შეუნთო, არწივი კი ჯერ იმდენად მოღონიერებული არ იყო, მტრებისა და მოშურნეების თვალწინ შიგ სატახტო ქალაქის შუაგულში აფრენილიყო. ახლა ყველაფერს ისა სჯობდა, სადმე, ქვეყნის განაპირა მხარეში წავსულიყავით, სადაც თავის გამოჩენა უფრო იოლია, და როცა დიდების შარავანდედით დაბრუნდებოდა, ჯარისკაცების შური და მტრობაც შიშად და მოწიწებად იქცეოდა. ბევრი ვიფიქრეთ და არჩევანი გურჯისტანის ვილაიეთზე შევაჩერეთ. იქ, ყიზილბაშებთან მეტოქეობაში, ჭკუაც უკეთ გამოჩნდებოდა და მკლავიც. ოღონდ ყოველივე ისე მოვაწყეთ, თხოვნა არ დაგვჭირვებოდა. რომ გვეთხოვა, დიდებულებს ეგებ ეჭვი აეღოთ და საქმე უკუღმა შეეტრიალებინათ. ჩვენ ჭკუა ვიხმარეთ და სწორედ ის დიდებულები გამოვიყენეთ, რომლებსაც ომან ფაშა ყველაზე მეტად სძულდათ. მოხერხებულად ჩავაწვეთეთ ყურში, რომ ომან ფაშას აღზევება მათს სიძლიერეს დიდ ხიფათს უქმნიდა და ერჩივნათ, სანამ დრო იყო, თავიდან მოეშორებინათ და სადმე შორს, ვთქვათ ახალციხეში, გადაეკარგათ. ხერხმა იოლად გაჭრა და ამგვარად განზრახვა ჩვენივე მტრების ხელით შევისრულეთ. ომან ფაშა ახალციხეში დაინიშნა ჯარის უფროსად... – აქ მოხუცმა თავი ჩაჰკიდა, – ეე-ჰე-ჰე-ჰე, ჩემო ბრწყინვალე და დიდებულო ომან ფაშავ! შენ კი ალაჰის კალთაში გიდევს თავი, მაგრამ საბრალო სულეიმანს რა პასუხს აძლევ?! მე, ვინც სახელმწიფო საქმეებს უნდა ვწყვეტდე, სტამბოლის ქუჩებში რაჰათ-ლუხუმს ვყიდი, ისინი კი, ვინც რაჰათ-ლუხუმის გამყიდველადაც არ ვარგიან, სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ... – მოხუცი გაჩუმდა. მე ვიდექი და მოთმინებით ველოდი. ბოლოს, როგორც იქნა, განაგრძო, – ახალციხეში მართლაც სულ მალე დიდი სახელი მოიხვეჭა. განსაკუთრებით მეომრებს უყვარდათ, ისე უყვარდათ, მისი გულისთვის თუნდაც ცეცხლში გადაცვივდებოდნენ. ყველაფერი რიგზე მიდიოდა. ახლა საჭირო იყო ერთი დიდი ბრძოლა გადაგვეხადა და ისე მოგვეგო, რომ მთელი სტამბოლი აგველაპარაკებინა. ომან ფაშა არ ჩქარობდა და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა. მალე ეს შემთხვევაც მოგვეცა. დაჰკრა გადამწყვეტმა ჟამმა. ო, რა კარგად გვქონდა მთელი გეგმა დაწყობილი და მოფიქრებული! თუ ალაჰი არ გადაგვიდგებოდა, სხვა ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს: ლუარსაბ-ხანს დატყვევებულს მივგვრიდით დიდ სულთანს, მთელ გურჯისტანს, ვიდრე კახეთამდე, ოსმალეთის ხელდებულად ვაქცევდით და პირშიჩალაგამოვლებულ ირანის შაჰს სიმწრისაგან სულ წვერს ვაგლეჯინებდით. მაშინ გამარჯვებული არწივიც ისეთ კამარას შეკრავდა, მისი მტრები და მოშურნეები კურდღლებივით სოროებში მიიმალებოდნენ. მაგრამ ვაი, რომ ჩვენს სანუკვარ იმედს აღსრულება არ ეწერა... ეეჰ, ალი მირზა, როგორ გაცუდდა შენი მისნობა!.. – აქ მოხუცი ისევ გაჩუმდა და დიდი ხნით ჩაიძირა ფიქრებში. მერე, როდის-როდის, განაგრძო, – ათასი წელ რომ ვიცოცხლო, ათასი წელი ჩემთან ერთად იცოცხლებს ის საშინელი სანახაობა, რომელსაც მას შემდეგ მუდამდღე ვხედავ და ვერსად დავმალვივარ... პირველი ბრძოლა გურჯებმა ვიწრო ხეობაში გაგვიმართეს. თუმცა იმ ბრძოლას ბრძოლა არც ეთქმოდა, თამაში უფრო იყო, რადგან გურჯები ცოტანი იყვნენ და მხოლოდ იმას ცდილობდნენ, დავეყოვნებინეთ და დრო მოეგოთ, რათა ლუარსაბ-ხანს ლაშქრის შეყრა მოესწრო. მართალია, იმ უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ დაღლილობისაგან ფეხზე ძლივსღა ვიდექით, მაგრამ ასეთ მცირერიცხოვან მოწინააღმდეგეს მაინც იოლად ვეყოფოდით და, ესეც არ იყოს, ბრძოლის დროს კაცს დაღლა სწრაფად გავიწყდება. აბა, მაშინ რა ვიცოდით, რომ თურმე ალაჰმა ხელი აგვაღო და ბედისწერა ფეხდაფეხ მოგვდევდა!.. ფიცხელი ბრძოლა ატყდა, ჩანს, გურჯებს ჩვენს შესაკავებლად სულ დარჩეული მეომრები გამოეგზავნათ. გუნდ-გუნდად ვიბრძოდით. მე ბრძოლაში გავერთე და არ გამიგია, როგორ დავშორდი ომან ფაშას. ესეც, ეტყობა, ალაჰის ნება იყო და ბედისწერის განჩინება, თორემ აკი დათქმული მქონდა, ჩემს გაზრდილს გვერდიდან არასოდეს მოვცილებოდი! ახლაც არ ვიცი, ასე როგორ გამიტაცა ბრძოლამ, რომ აღთქმა დავარღვიე. ოი, ბედკრულო სულეიმან! დავარღვიე თუ არა აღთქმა, მოსახდენიც მაშინვე მოხდა: ბრძოლაში გართულს უეცრად რაღაც საზარელი, ველური კივილი შემომესმა, რომელიც დღესაც ყურებში მიდგას: `ჰაიტ! ტა-ტა-ტა-ტა-ტა!~ ისეთი ხმა იყო, ძარღვებში სისხლი გამეყინა და ხმალი ჰაერში გამიშეშდა. წამიც და ჩემი მოპირდაპირე დამასწრებდა. ნეტა დაესწრო! ნეტა ნაწილ-ნაწილ ავეკუწე! მაშინ ხომ ჩემი უბედური თვალები აღარ იხილავდნენ იმას, რაც იხილეს!.. სწრაფადვე მოვეგე გონს, მოწინააღმდეგეს ხმალი მხარში დავკარი და, ცხენიდან რომ გადმოვარდა, იმ მხარეს მივიხედე, საიდანაც ის შემაძრწუნებელი ხმა მომესმა... ო, მუხთალო წუთისოფელო! ო, ბედისწერის მსახვრალო ხელო!.. მივიხედე და ვხედავ, ჩემი არწივი შუბით მკერდგანგმირული მიწაზე გდია, ზედ ერთი ვეება, გაბურძგნული გურჯი დადგომია, ცალი ხელი წვერში ჩაუვლია, მეორეში ხანჯალი უჭირავს და ყელს ღადრავს... გონს რომ მოვეგე, უკვე ცხენზე იჯდა და ომან ფაშას თავი ხელში ეჭირა. აქ სხვებმაც დაინახეს და ისინი, ვინც უფრო ახლო იყვნენ, ხმალამოწვდილები მისკენ გაქანდნენ. ხიფათი რომ იგრძნო, გურჯმა ომან ფაშას თავი უეცრად პირისკენ წაიღო. ო, ალაჰ! იდიდოს შენი სახელი! მეგონა, შეჭმას უპირებს-მეთქი. გაოგნებული შევცქეროდი. გურჯმა კი ომან ფაშას თავი წვერით კბილებშუა მოიქცია, ხელი გაითავისუფლა, ხმალი იშიშვლა და ცხენი ადგილს მოწყვიტა. ომან ფაშას თავი მის ბანჯგვლიან მკერდზე უსასოოდ კონწიალობდა. თითქოს რაღაც უმძიმეს კითხვაზე მწარე დასტურს იძლევაო. სანამ რამეს მოვისაზრებდი, გურჯმა დაბნეულ მეომრებს შორის ცხენდაცხენ გაიკაფა გზა და მალე თვალს მიეფარა... – მოხუცმა თავი ჩაჰკიდა და შეძრწუნებით ჩაიბუტბუტა, – შორიდან ორთავიან ურჩხულს ჰგავდა... – აქ გაჩუმდა და დიდხანს ჩუმად იყო. ვიდექი და ველოდი. მოხუცი როგორც იქნა გამოერკვა, ერთი შემოხედვა შემომხედა კიდეც ჩაბჟუტული თვალებით, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია.
მე ერთხანს კიდევ შევცქეროდი მოლოდინით და ბოლოს, რაკი დუ-მილს განაგრძობდა, ვკითხე:
– მერე? მერე რაღა მოხდა, სულეიმან ეფენდი?
მოხუცმა ოდნავ ასწია თავი და მოჭუტული თვალები შორეულ სივრცეს მიაპყრო.
– რაღა უნდა მომხდარიყო... – თქვა წყნარად და მწარე ნაღველით, – მზე ჩაქრა და ქვეყნიერება სიბნელეში გაეხვია... სარდლობა ისმაილ ფაშამ ითავა, მაგრამ აბა ისმაილ ფაშა ომან ფაშას მაგივრობას როგორ გასწევდა!.. აკი ვერც გასწია. გადამწყვეტ ბრძოლაში, მდინარის პირას, რომელიც ჩვენი მდინარეა, რადგან ჩვენი მიწიდან მიედინება, ლუარსაბ-ხანმა და სააკაძემ ისეთი დღე დაგვაყარეს, ახალციხეში რამდენიმე კაციღა დავბრუნდით... ეეჰ, სული ტკბილია, თორემ დაბრუნებას სიკვდილი მიჯობდა. აბა, მას შემდეგ ჩემს ცხოვრებას განა კიდევ ცხოვრება ჰქვია?!.
მოხუცი კვლავ გაჩუმდა. ამჯერად დუმილი ჩვეულებრივზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბოლოს, რა შევიტყე, ხმის ამოღებას აღარ აპირებდა, გავბედე და, უხერხულობა რომ გამეფანტა და ჩემი თავიც შემეხსენებინა, ვთქვი:
– საკვირველი კია, ასეთ ვაჟკაცს იმ გურჯმა როგორ აჯობა...
მოხუცმა ცერად გამომხედა და მინავლულ თვალებში წამით თითქოს ზიზღი გაუკრთა. მერე მზერა ისევ ამარიდა, სივრცეს ჩააცქერდა და გაირინდა. მეგონა, კვლავ ფიქრებში ჩაიძირა-მეთქი, მაგრამ უცებ შემცივნულივით გააკანკალა და გამოერკვა.
– ის ჯოჯოხეთი, რომელიც, ახლაც არ ვიცი, მართლა გადაგვხვდა თუ მოგველანდა, ჯერ კიდევ თვალწინ გვედგა. ყველაზე მეტად ომან ფაშა იყო გაოგნებული. დროდადრო გახევდებოდა, ლაპარაკს შუა სიტყვაზე შეწყვეტდა და თვალი გაუშტერდებოდა. ახლა დანამდვილებით ვიცი, იმ წყეული მღვდლის უცნაურ ღიმილს ხედავდა, ტანჯულსა და ნეტარს. ერთხელ ყურიც მოვკარი, ამგვარად გახევებულმა როგორ ჩაილაპარაკა: `აკი ყველანიო, ალი მირზავ? მაშ, ეს რა იყო?..~ ასეთ დროს ბავშვიც კი აჯობებდა. ჩანს, ბრძოლაშიც ეგრე მოუვიდა. აკი ვამბობ, იმ წყეული მღვდლის სული ბედისწერასავით მოგვდევდა ფეხდაფეხ... თორემ ისე ერთი გურჯი რას მიქვია, გურჯების მთელი გუნდი ვერ გაუმკლავდებოდა.
აღმოსავლეთში კაცს თავშეკავება გმართებს. სულწასულობა თუ შეგატყეს, ძვირად დაგისვამენ. მაგრამ ეს სიბრძნე მაშინ გულიდან გადამვარდა, ცნობისწადილი ვეღარ დავიოკე და მოუთმენლად ვკითხე:
– ასეთი რა შეგემთხვათ, სულეიმან ეფენდი? ან ის მღვდელი ვინ იყო?
მოხუცმა მწარე სინანულით გადაიქნია თავი.
– შორეული ქვეყნებიდან მოსული უცხო გვარ-ტომის ხალხი მღვდლის ამბავსაც კითხულობს, ომან ფაშავ, ჩემო არწივო... თუმც რა გასაკვირია: განა ის წყეული მღვდელი შენი ბედისწერა არ იყო?! ალაჰის ნება, ალაჰის რისხვა და ალაჰის მახვილი... – და უცებ დაჰკივლა, – იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი! მთელი სტამბოლი რომ მოიაროთ, ასეთ გემრიელ რაჰათ-ლუხუმს ვერსად ნახავთ! იყიდეთ რაჰათ-ლუხუმი!
აქ პირველად გამკრა ეჭვმა, ეგებ ყველაფერი ეს მხოლოდ და მხო-ლოდ სავაჭრო ხრიკია, რაჰათ-ლუხუმის გასასაღებლად მოგონილი, და ვინ იცის, ცბიერი მოხუცი გულში ჩემს მიამიტობაზე იცინის-მეთქი. არადა, მე აქ, სტამბოლში, ჰერცოგს სწორედ სავაჭრო საქმეთა მრჩევლად ვახლდი! მაგრამ, ტყუილი იყო თუ მართალი, ომან ფაშას თავგადასავალმა უკვე ისე გამიტაცა, რომ უკან დახევა აღარ შემეძლო. ამიტომ კიდევ ერთი ულუფა ვიყიდე და ძალისძალად შევჭამე. მოხუცმა ფული წეღანდელივით ყურადღებით გასინჯა, შარვალში ჩაიტენა, მერე ხელები მუხლებზე დაიწყო, გაშეშდა, გაირინდა და, საბოლოოდ რომ ჩაიძირა სადღაც, თვალუწვდენელ სიღრმეში, წეღანდელივით მოთქმითა თუ წამღერებით ალაპარაკდა:
– ო, წყეულო მიწავ, ცბიერებისა და მზაკვრობის ბუდევ! ალაჰი უპატრონოდ არ დაყრის თავის შვილებს. ალაჰი ურიცხვ ლაშქარს გამოგზავნის და ქვეყნიერების ვრცელ ფარდაგზე შანთით ამოწვავს იმ ადგილს, სადაც შენი ტურფა მიწა-წყალია ამოქარგული. ო, ბოროტებისა და უკეთურობის აკვანო! ცეცხლის ენები გადაბუგავს შენს სამყოფელს! სისხლის მდინარეში დაიხრჩობი! ფერფლი და ნაცარი დარჩება შენი ქალაქებიდან და დაბებიდან! – ეს რომ თქვა, მოხუცი გაჩუმდა. ერთხანს ჩუმად იყო და მერე წყნარად განაგრძო, – ომან ფაშა ახალციხეში ჯარს წვრთნიდა და ბედს ელოდა. ხოლო ბრძენი სწორედ ის არის, ვისაც ლოდინი შეუძლია. მართლაც, ერთ დღეს ამბავი მოგვივიდა, ლუარსაბ-ხანს მცირე ამალით თავის საზაფხულო სამყოფელში დაედო ბინა, რომელიღაც სოფელში, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი, მაგრამ მერე დამავიწყდა. ჩვენ ეს ამბავი კარგად შევამოწმეთ და, რა დავრწმუნდით, ყველაფერი მართლა ასე იყო, საიდუმლოდ შევუდექით ლაშქრობის სამზადისს. თუ საზღვარს სწრაფად და უჩუმრად გადავლახავდით, ადვილად შეგვეძლო მოულოდნელად დავცემოდით ლუარსაბ-ხანს და ტყვედ ჩაგვეგდო თავის ამალიანად, რომელთა შორის სააკაძეც იყო. მაშინ სააკაძეს არ ვიცნობდით და ერთი უბრალო დიდებულთაგანი გვეგონა, სხვათა მსგავსი და ფარდი. თურმე რა გველეშაპი და ტარტაროზი გაგვიშვია ხელიდან! მაგრამ ალაჰმა ინება, რომ ის სისხლის ზღვა, რაც მისი მუხანათობითა და ავკაცობით დაიღვარა, დაუღვრელი არ დარჩენილიყო... მე და ომან ფაშა გურჯისტანში ნამყოფი არ ვიყავით და იქაურობას ნაკლებად ვიცნობდით. მართალია, ახალციხეში მრავალი გურჯი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი უმეტესად ქლესა მონები იყვნენ, ხოლო მონების მიხედვით რომ მთელ ხალხზე იმსჯელო, უეჭველად მოტყუვდები. ჩვენი ვარაუდით, როდესაც ლუარსაბ-ხანს შევიპყრობდით, ქართლის გამგებლობას სულთანი ომან ფაშას მისცემდა. უცხო ქვეყანა რომ მართო, დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებს. მონების ცნობა აქ არას გარგია, მონა ყველგან ერთნაირია. ხალხის ზნე და ადათი უნდა შეისწავლო, უნდა მიუხვდე, რა გულისთქმა აქვს, რა სწადია და რას გიმალავს; უნდა გამოიცნო, რა მანქანებით მოუქონო თავი და როგორ ჩაუნერგო შიში და სიყვარული. იმ დროს ახალციხეში მრავალი დიდებული იყო, გურჯისტანს რომ კარგად იცნობდა, მაგრამ მე და ომან ფაშამ ალი-მირზასთან დათათბირება ვამჯობინეთ. ალი-მირზას მრავალი წელი დაეყო გურჯისტანში და კიდევაც დიდხანს აპირებდა დარჩენას, მაგრამ ქართლის მაშინდელმა მპყრობელმა, სვიმონ-ხანმა, რაღაცაზე აითვალწუნა, აუხირდა, ბოლოს, საბაბი რომ ჰქონოდა, მსტოვრობა დასწამა, დაასაჭურისებინა და თავისი სამფლობელოდან გამოაძევა. მას შემდეგ ახალციხეში ცხოვრობდა და მთელ სამაჰმადიანოში გამოჩენილი ბრძენისა და მისნის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ჩვენი სტუმრობა დიდად ეამა და შესაფერი პატივითაც მიგვიღო. როდესაც შეიტყო, გურჯისტანში ლაშქრობას ვაპირებდით, თვალები ნეტარებით მილულა და სასოებით, თითქოს ლოცვას ამბობსო, ჩაიმღერა: `გურჯისტანი ტკბილია, როგორც იქაური ყურძნის მარცვალი. ნელ-ნელა უნდა დააჭირო კბილი და ისე გასრისო, რომ სისხლის ყოველ წვეთს გემო ჩაატანო...~ ომან ფაშამ ჩვენი გეგმა წვრილად უამბო და უთხრა, თუ რა რჩევა და თათბირი გვჭირდებოდა მისგან, ხოლო მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო. ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო. გურჯი უნდა აქოო, დაგვარიგა, თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შენ იმის ფერხთა მტვრად არა ღირხარო, გურჯი გულუბრყვილოა, თანაც გადამთიელის ნათქვამს ყოველთვის უფრო იოლად იჯერებს, ვიდრე თავისიანისას, ამიტომ სწრაფად მოგენდობა და შეუყვარდები, ხოლო რაკი შენ შეუყვარდები, საკუთარი ძმა შესძულდება, რადგან ერთი გურჯის გულში ორი სიყვარული ვერ ეტევაო. გურჯების უგუნურობა ყვეელაზე უკეთ მათს ამპარტავნობაში ჩანსო; თავიანთ ურიცხვ ნაკლს ისე სასოებით მალავენ, თითქოს ერთი რამ ძვირფასი საგანძური იყოს; ყველაფერი შეიძლება გაპატიონ, მაგრამ მათი ნაკლი თუ შეამჩნიე, ამას არამც და არამც არ გაპატიებენ, ამიტომ თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ გურჯისთანა სრულქმნილი თქვენს დღეში არავინ გენახოთ; ამით ორ რამეს მიაღწევთ – მორჩილებაშიც გეყოლებათ და თავის უთვალავ ნაკლსაც ვერასოდეს მოიშორებსო. ოქრო წაიღეთ გურჯისტანშიო, გვირჩია, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა. გახსოვდეთ, მაძღარი გურჯი კარგი გურჯია, მაძღარ გურჯს ბრძოლა არ უყვარს, მაძღარ გურჯს მხართეძოზე წოლა და სლოკინი უყვარსო. მე სულთნის ლაშქარში მრავალი გურჯი მენახა, რომელთაც ომებში დიდად გაეთქვათ სახელი, ამიტომ ვკითხე, ბრძოლა როგორი იციან-მეთქი. ბრძოლა კარგი იციანო, მომიგო ალი-მირზამ, მაგრამ ისეთი არა, როგორც ღალატი, ღალატის ხელოვნებაში მაგათ ბადალი არა ჰყავთო, ისე კი, სხვის ლაშქარში უფრო მონდომებით იბრძვიან, ვინაიდან უცხოთა წინაშე თავის გამოჩენა უყვართო. ბოლოს მე და ომან ფაშამ სიტყვა იმაზე ჩამოვუგდეთ, რაც ყველაზე მეტად გვაფიქრებდა: ლუარსაბ-ხანს, ეჭვი არაა, საზღვარზე მეთვალყურე ლაშქარი ეყოლებოდა დაყენებული, რომელიც, შეგვნიშნავდა თუ არა, მეფესთან მყისვე მაცნეს აფრენდა. ჩვენ ამ ლაშქრისა არც ადგილსამყოფელი ვიცოდით და არც რიცხვმრავლობა, ამიტომ იმედს სისწრაფეზე ვამყარებდით. საზღვრამდე შეძლებისდაგვარად უჩუმრად უნდა გვევლო, ისე რომ, როცა შეგვნიშნავდნენ და მაცნეს გაგზავნიდნენ, ეს მაცნე იმდენად ვერ დაწინაურებულიყო, რომ ლუარსაბ-ხანს ლაშქრის შეყრა მოესწრო. ალი-მირზამ ჩვენი გეგმა მოიწონა. მაცნეს სულაც არ გაგზავნიანო, გვითხრა, მთა-მთა კოცონებს დაანთებენ და თვალის დახამხამებაში აცნობებენ თქვენს გამოჩენას, ამიტომ ისა სჯობს, როგორმე მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი დაადგინოთო. გვასწავლა კიდეც, თუ როგორ უნდა დაგვედგინა: ლაშქრობის ამბავი, ასე საიდუმლოდ რომ ინახავთ, სანდო მსტოვრებს გაუმხილეთ, რათა იმათ საეჭვო გურჯებს ჩააწვეთონ ყურში, ოღონდ თვალიც ადევნონ, რომ მეტი არ მოუვიდეთ, და თუ სამ დღეში ლუარსაბ-ხანის მენაპირე გუნდის ადგილსამყოფელი ვერ შეიტყეთ, მაშ მე ალი-მირზა არ ვყოფილვარ და გურჯისტანი არ მცნობიაო. ხოლო ადგილსამოყფელს რა გაიგებთ, ნაშუაღამევს წაადექით თავს; გურჯი არხეინია და უზრუნველი, მუდამ ღვთის იმედზეა და თავისი გასაკეთებელიც ღმერთს უნდა გააკეთებინოს. ღამე ღვინოს დალევენ და, თუ ხერხიანად ივლით და ალაჰის ნებაც იქნება, მთვრალებსა და მძინარეებს ამოხოცავთო. ალი-მირზას რჩევა ჭკუაში დაგვიჯდა, საიდუმლო სამზადისს მცირე რამ ჭუჭრუტანა დავუტანეთ და საიმედო მსტოვრების მეშვეობით უაღრესად ფრთხილად გავავრცელეთ ხმა, რომ სალაშქროდ ქართლს მივდიოდით. მართლაც მესამე საღამოს ერთი გურჯი გვეწვია და ომან ფაშას ნახვა ითხოვა. შესახედავად მშვენიერი ვაჟკაცი იყო, მაღალი, წარმოსადეგი, ლამაზი, მხარბეჭიანი. კეხიანი ცხვირი ჰქონდა, აზიდული წარბები და გრძელი ულვაშები. ამაყად შემოვიდა, დარდიმანდულად, ბეჭების რხევით. თავი ღირსებით დაუკრა ომან ფაშას, ფრიად საიდუმლო სალაპარაკო მაქვსო, უთხრა და თვალით ჩემზე ანიშნა. ომან ფაშა ისე შეხვდა, როგორც საპატიო სტუმარს, მაგრამ ისიც უთხრა, სულეიმანი ჩემი მარჯვენა ხელია და მისგან დამალული არაფერი მაქვსო. გურჯს ეს მაინცდამაინც არ მოეწონა და მთელი საუბრის განმავლობაში დროდადრო ამრეზით გადმომხედავდა ხოლმე. სათქმელი კი პირდაპირ დაიწყო, მიუკიბავ-მოუკიბავად. მე ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, ვიცი, ქართლს მიდიხართ სალაშქროდო. მე და ომან ფაშამ თავი მოვიკატუნეთ, ვითომ გურჯის ნათქვამი დიდად გაგვიკვირდა. გურჯმა რომ ეს შენიშნა, ეამა, გაიღიმა კიდეც და კმაყოფილმა დაგვიწყო დამშვიდება, ნუ გეშინიათ, არავისთვის მითქვამს და არც ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, პირიქით, აქ იმისთვის მოვედი, რომ სამსახური გაგიწიოთ. ლუარსაბ მეფე მე თქვენზე ნაკლებ არ მეჯავრება, ადგილ-მამული წამართვა და, რომ არ გამომესწრო, თავსაც გამაგდებინებდა, ასე რომ, მეგობრად მიგულეთ, მაგრამ ერთი კი იცოდეთ, ეს საქმე არც ისე იოლია, თქვენ რომ გგონიათ, ლუარსაბი ახლა ღონიერია, და თუ მოულოდნელად არ დაეცით, ვერაფერს დააკლებთ. პირველ რიგში მენაპირე ლაშქარი უნდა მოუსპოთ, ისე უნდა მოუსპოთ, რომ მეფეს ამბავი არ მიუვიდეს, მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი კი ამჟამად ახალციხეში ჩემს გარდა არავინ იცისო. და გაჩუმდა. ომან ფაშამ ოქროთი სავსე ქისა აიღო, ხელში შეათამაშა, და, ეს თუ იკმარებსო, ჰკითხა. გურჯი შეეცადა სიხარული დაემალა, მაგრამ ისე ვერ დამალა, როგორც ეწადა. თუმცა თავი მაინც ყოჩაღად დაიჭირა. ჩემი მიზანი შურისძიებაა და არა ოქროს შოვნაო, თქვა, ლუარსაბ მეფის წყალობით რომ შიშველ-ტიტველი და ცარიელ-ტარიელი არ გადმოვხვეწილიყავი ახალციხეში, მაგ ოქროს ხელსაც არ ვახლებდიო. მერე წვრილად, გასაგებად აგვიხსნა მენაპირე ლაშქრის ადგილსამყოფელი. როცა დაამთავრა, წამოდგა და ხელი ქისისკენ გაიწოდა. ომან ფაშა ჩემი გაზრდილი იყო! ქისა ზურგსუკან დამალა, თავი გაიქნია და ღიმილით უთხრა, ჯილდოს საზღვარზე მიიღებ, როცა მენაპირე ჯართან მიგვიყვანო. გურჯს თვალებში რისხვა გუკრთა, მაგრამ თავი შეიკავა და ესღა თქვა, გეტყობა, ქართველი კარგად ვერ გცნობია, თორემ ისიც გეცოდინებოდა, რომ ქართველის სიტყვა კლდესავით მტკიცეაო. მაინც ასე სჯობსო, მიუგო ომან ფაშამ და იმ გურჯსაც სხვა რა დარჩენოდა, დათანხმდა, თავი ცივი ღირსებით დაუკრა და ბეჭების უკმაყოფილო რხევით გავიდა. სალაშქროდ რომ ავიყარეთ და ახალციხიდან გავედით, ომან ფაშას ის გურჯი გვერდიდან არ მოუშორებია. ამჯერადაც ალი-მირზას რჩევას მივდიეთ და გურჯების ბანაკს ნაშუაღამევს მივადექით. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ალი-მირზამ იწინასწარმეტყველა: ღვინით დამთვრალ გურჯებს ღრმა ძილით ეძინათ და, სანამ გამოფხიზლდებოდნენ და მიხვდებოდნენ, რა რისხვა დაატყდათ თავს, საქმე უკვე მოთავებული გვქონდა. არავინ წაგვსვლია, უკლებლივ გავჟლიტეთ ყველანი, ჩვენ კი სულ სამი კაცი მოგვიკლეს და ორიც მსუბუქად დაგვიჭრეს. დილამდე იქ დავრჩით. მეორე დღეს კიდევ ბევრი გვქონდა სავალი და ლაშქარს დასვენება სჭირდებოდა. ჩვენ – ომან ფაშა, მე და სხვა დიდებულები – გურჯების მეთაურთა კარავში დავბანაკდით. დილაუთენია ომან ფაშას ის ჩვენი გურჯი ეწვია. შემოვიდა მაღალი, ტანადი, ულვაშებაპრეხილი, დინჯად დაგვიკრა თავი და ომან ფაშას ნიშნისმოგებით უთხრა, ახლა ხომ დარწმუნდი, რომ ქართველის სიტყვა სანდოაო. არც აქამდე მეპარებოდა ეჭვიო, თავაზიანად მიუგო ომან ფაშამ. აბა, მაშ მე ამას იქით აღარ გჭირდები და ახალციხეში დავბრუნდებიო, თქვა გურჯმა. ომან ფაშამ ქისა გაუწოდა. გურჯმა ქისა ჩამოართვა, კიდევ ერთხელ დაგვიკრა თავი ყველას დინჯად და ღირსებით, შეტრიალდა და, წელში ამაყად გამართული, მხრების რხევით წავიდა. ახლა მხრებს უფრო ათამაშებდა, ვიდრე არხევდა. მანამდეც შემიმჩნევია, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ამის შემდეგ კი საგანგებოდ ვაკვირდებოდი და დავრწმუნდი, რომ, როცა გურჯი მხრებს ასე არხევს და ათამაშებს, ეს იმის ნიშანია, რომ სინდისი სუფთა არა აქვს. ომან ფაშა ყოველგვარ იარაღს კარგად ხმარობდა, მაგრამ განსაკუთრებით დანის ტყორცნა ემარჯვებოდა. უყვარდა კიდეც. გურჯი სწორედ კარვის გასასვლელამდე იყო მისული. ერთი შეკრთა და უცბად გაშეშდა. მხრების თამაშიც წამსვე შეწვიტა, ოდნავ აიზიდა, თითქოს ფეხის წვერებზე უნდა შედგესო. მცირე ხანს ასე იყო გახევებული, გეგონებოდათ, რაღაცაზე დაფიქრდაო. მერე ნელა შემოტრიალდა და განცვიფრებული მზერა ომან ფაშას მიაპყრო. ამ დროს მუხლებმაც უმტყუნეს. თითქოს პირქვე უნდა დამხობილიყო, მაგრამ უეცრად უკან გადაქანდა და მოწყვეტით დაეცა ზურგზე. ბეჭებში გარჭობილი დანა მკერდში გამოუვიდა. `ჭეშმარიტად ბრძენია ალი-მირზა~, თქვა ომან ფაშამ, მცველებს უხმო და გვამი გაატანინა, ქისა კი თავის თანაშემწეს გადასცა და უბრძანა ლაშქრისთვის დაერიგებინა. – სულეიმანი გაჩუმდა. მე ველოდი, თან ვცდილობდი, მოუთმენლობა არ დამტყობოდა. მოხუცი დიდხანს დუმდა და იმის გაფიქრებაზე, რომ ერთი ულუფა რაჰათ-ლუხუმის შეჭმა კიდევ მომიწევდა, ტანში გამაჟრჟოლა. ცოტა ხნის შემდეგ ხავილი დაიწყო. ეტყობოდა, ყელში თუ ფილტვებში ჰაერის მოძრაობას რაღაც აბრკოლებდა და ყოველ ჩასუნთქვაზე და ამოსუნთქვაზე გაბმული, საწყალობელი, გულისგამაწვრილებელი ხმა ამოსდიოდა. იმ დროს, როდესაც მომეჩვენა, ჩაეძინა-მეთქი, და იმედი საბოლოოდ გადამიწყდა, მოხუცი ისევ ალაპარაკდა. ოღონდ ახლა ხმა შეეცვალა, რაღაც უცხო გაუხდა, ცივი და შორეული, თითქოს მისი დაწყებული ამბავი ვიღაც სხვამ განაგრძო, – ორჯერ მოგვცა ნიშანი ყოვლადძლიერმა ალაჰმა. პირველი ნიშანი იმ ღამეს მოგვცა, მენაპირე ლაშქარი რომ გავწყვიტეთ, მაგრამ გამარჯვებამ ისე დაგვათრო და გაგვაბრუა, ვერ შევიტყეთ. თუ გულისყური მუდამ გამახვილებული არა გაქვს, ზეგარდმო ნიშანი ძნელი შესამჩნევია. ახალციხიდან ომან ფაშამ ორი მეგზური იახლა, რომლებიც ლუარსაბ-ხანის სამფლობელოს ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ. ერთი ქართლში ნაცხოვრები სპარსი იყო, მეორე კი ახალციხელი გურჯი. მენაპირე ლაშქართან ბრძოლაში, როდესაც სამი კაცი მოგვიკლეს, ამ სამიდან ერთი სწორედ ის სპარსი მეგზური იყო. რაკი მეორე მეგზურიც გვყავდა, მაშინ ამ ამბისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და ალაჰის ნიშანი არ დაგვინახავს. ადრიანად ავიყარეთ და გზა განვაგრძეთ. შუადღის ხანს დასახლებულ ადგილებს მივაღწიეთ. ორი სოფელი ისე გავიარეთ, ძეხორციელი არ შეგვხვედრია, ჩანს, მაცხოვრებლებმა შორიდანვე შეგვამჩნიეს და, როგორც სჩვეოდათ, დიდიან-პატარიანად ტყეში გაიხიზნენ. დავლაც ბევრი ვერაფერი ჩავიგდეთ ხელთ. მეორე სოფელს რომ გავცდით, ალაჰმა კიდვ ერთი ნიშანი მოგვცა: გურჯი მეგზურიც დაიღუპა. ვიწრო თავდაღმართში, კლდიან და ქვიან ადგილას, მეგზურის ცხენს მოულოდნელად ფეხი აუსხლტა, წაიფორხილა, თავი ვეღარ შეიმაგრა, მოწყვეტით დაეცა და მხედარი ქვეშ მოიყოლა. ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. როცა რამდენიმე კაცი ჩამოქვეითდა და ცხენი რის ვაი-ვაგლახით გვერდზე გადაათრია, მეგზური უკვე მკვდარი ეგდო. ჩვენ ყველანი ლუარსაბ-ხანის მალე შეპყრობის იმედით ვიყავით დაბრმავებული და დაყრუებულები, თორემ ეს მეორე ნიშანი იმდენად ცხადი და მკაფიო იყო, ბავშვიც კი მიხვდებოდა. ეეჰ, ვინც ალაჰს ყურს არ უგდებს, არ შეიძლება თავი არ წააგოს... ომან ფაშამ ლაშქარი შეაყენა, დიდებულები მიგვიხმო და რჩევა გვკითხა. გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით გზა გაგვეგრძელებინა, როცა გაშლილ ადგილს მივადგებოდით, სადაც შეუმჩნევლად გავლა არ მოხერხდებოდა, იქ ლაშქარი გაგვეჩერებინა, რამდენიმე კაცი უჩუმრად დაგვეწინაურებინა, პირველსავე სოფელს დავცემოდით და ახალი მეგზური გაგვეჩინა. ის იყო, თათბირს მოვრჩით და ომან ფაშას ლაშქრისთვის დაძვრის ნიშანი უნდა მიეცა, ქვემოთ, ცოტა მოშორებით, სადაც მოსახვევი იწყებოდა, ფლოქვების ხმა მოგვესმა. ომან ფაშამ სიჩუმე ბრძანა. რაღაც უამური რომ ვიგრძენი, მაშინვე მივხვდი, მაგრამ რისგან იყო, ვერ გავიგე და, ჩემდა საუბედუროდ, არც შემიწუხებია თავი, რომ გამეგო. მხოლოდ მერე, – ვაგლახ, გვიანღა – მომაგონდა, რომ ხმა უცნაური მეჩვენა, მოგუდული, უცხო, შორეული, თითქოს სადღაც ვიღაცის ვეება გული გამალებით სცემდა. მცირე ხნის შემდეგ მოსახვევში ჯორზე ამხედრებული მღვდელი გამოჩნდა. თავი ჩაეკიდა და ისე ჩაფლულიყო ფიქრებში, სანამ ჩვენს დანახვაზე ჯორი მოწყვეტით არ შედგა, არაფერი გაუგია. ჯორი რომ შედგა, მაშინღა აიღო თავი. ოცდათხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა, მრგვალი პირისახე ჰქონდა, ქერა თმა-წვერი და თაფლისფერი თვალები. ამოდენა ლაშქარი რომ დაინახა, ფერი დაკარგა, წამით შეტრიალება და გაქცევა დააპირა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ვერსად წაგვივიდოდა, და გადაიფიქრა. იჯდა ჯორზე გახევებული, კანკალებდა და უაზროდ შემოგვცქეროდა. ჩვენ ჩვენი სიბრმავითა და სიბრიყვით ამ მღვდლის გამოჩენა მივიღეთ ალაჰის ნიშნად: მართლაცდა, წუთის წინ მეგზური დავკარგეთ და ვერც კი მოვასწარით საგონებელს მივცემოდით, რომ ახალი მეგზური თავისი ფეხით გვეახლა. სხვა რაღა გვინდოდა? `ალაჰი დიდია და მწყალობელი, – თქვა ომან ფაშამ, – აქ მომგვარეთ ეგ გურჯი!~ ორი მებრძოლი წამსვე ჩამოქვეითდა, მღვდელი ჯორიდან ჩამოსვა და ომან ფაშას წინ დაუყენა. მღვდელი შიშისაგან წამხდარი იყო და თვალებს დაფეთებული აცეცებდა. ომან ფაშამ გაუღიმა და უთხრა: `შენი თავი ალაჰმა გამომიგზავნა, გურჯო~. როდესაც გურჯთა ენის მცოდნემ ომან ფაშას სიტყვები მის ენაზე უთხრა მღვდელს, იმან ჯერ ომან ფაშას შეხედა, წამსვე ისევ აარიდა თვალი, აკანკალებული ხელი ასწია და პირჯვარი გამოისახა. `ნუ გეშინია, არას გერჩი, – დაყვავებით უთხრა ომან ფაშამ, – ოღონდ, რასაც გიბრძანებ, ის უნდა შეასრულო~. მღვდელი ისე იყო გონებაარეული, ომან ფაშას დაპირება, ეტყობა, ვერც კი გაიგო. `ხომ იცი, ლუარსაბ-ხანი სად იმყოფება?~ – ჰკითხა ომან ფაშამ. მღვდელი, როგორც იქნა, გონს მოეგო, თვალებში აზრის ნატამალი გაუკრთა, მიხვდა, რას ეკითხებოდნენ, და უარის ნიშნად თავი გაიქნია, არ ვიციო. მაშინ ომან ფაშამ ის სოფელი უხსენა, რომლის სახელი მაშინ ვიცოდი და მერე დამავიწყდა, და ჰკითხა, ეს სოფელი ხომ იცი სადააო. მღვდელმა ჯერ ომან ფაშას შეხედა, მერე მე შემომხედა, მერე სხვა დიდებულებს მოავლო თვალი, თითქოს რაღაცის გაგებას ლამობსო. ბოლოს თავი დაიქნია, ვიციო. `ძალიან კარგი, – თქვა ომან ფაშამ და ბრძანა, – მოჰგვარეთ ჯორი! – ბრძანება რომ შეასრულეს, ისევ მღვდელს მიუბრუნდა, – აბა, შეჯექი ჯორზე, გაგვიძეხ და პირდაპირ მაგ სოფელში მიგვიყვანე!~ მღვდელი ახლა ისე აღარ კანკალებდა, მაგრამ ჩუმად იყო და მაშინ ვერ მივხვდით, ყოყმანობდა თუ სხვა რამეს ფიქრობდა. მღვდლის სიჩუმეზე ომან ფაშა, ცოტა არ იყოს, გაწყრა და ხმაში სუსხი გამოურია: `ვერ გაიგე, გურჯო, რა გითხარი?! – მერე ისევ დაუწია ხმას და ტკბილად განაგრძო, – თუ გაგვიძღვები და ლუარსაბ-ხანთან მიგვიყვან, სიცოცხლეს გაჩუქებ და სართად ერთ ქისა ოქროსაც დაგიმატებ, თუ არა და დაუყოვნებლივ მოკვდები, ლუარსაბ-ხანის ადგილსამყოფელს კი უშენოდაც იოლად მივაგნებთ~. როდესაც ეს სიტყვები გურჯთა ენაზე უთარგმნეს, მღვდელმა ომან ფაშას შეხედა და თვალებში წამით რაღაც ნაპერწკალი გაუკრთა. მე ეს ნაპერწკალი ოქროს ხსენებას მივაწერე და გულში გამეცინა. მღვდელმა კი, უკვე თითქმის სრულიად დამშვიდებულმა, ომან ფაშას შემდეგი უთხრა: `მე მაშინ მოვკვდები, როცა უფალი ჩემი ღმერთი იესო ქრისტე ინებებს~, – და კვლავ პირჯვარი გამოისახა. ჩემი ვარაუდით მღვდელი ვაჭრობას აპირებდა, რათა, რაც შეიძლება, მეტი ოქრო დაეცინცლა ჩვენთვის, მაგრამ მისმა ყბედობამ ომან ფაშა რისხვით აავსო. სწრაფად გადაიხარა ცხენიდან, მღვდელს წვერში წაავლო ხელი, თავი აუწია, თვალებში ჩახედა და კბილთა ღრჭენით უთხრა: `ახლა მე ვარ შენი ღმერთი და შენი სული ჩემს ხელთაა!~ ამ სიტყვებით მისი წვერი ერთი მძლავრად შეანჯღრია, მერე თავი კიდევ უფრო მაღლა აუწია და, როცა მღვდელს ყელის ძარღვები დაეჭიმა, თვალები გადმოეკარკლა და სუნთქვა შეეკრა, მაშინღა გაუშვა. `აბა, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ~. მღვდელს ხველება აუვარდა და ტკივილისაგან ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო, ბოლოს, როგორც იქნა, ყელი ჩაიწმინდა და თქვა: `მეფის ღალატს მე ჩემი ნებით ვერ გავბედავ. უნდა ვილოცო და ჩემს მაცხოვარ იესო ქრისტეს დავეკითხო. თუ დასტურს მომცემს, გაგიძღვებით, თუ უარს მეტყვის, ვერ გაგიძღვებით~. მე ვიცოდი, რომ მრისხანების ჟამს ომან ფაშას შეიძლებოდა გონება ამღვრეოდა და ისეთი რამ ჩაედინა, რაც მერე სანანებელი გაგვიხდებოდა, ამიტომ სწრაფად ამოვუდექი გვერდით და სწორედ იმ წამს, რა წამსაც დანა იძრო, ვუთხარი: `ნუ აჩქარდები, დიდო სარდალო. დაე, ილოცოს და დაეკითხოს თავის იესო ქრისტეს. მაგას ლოცვა იმისთვის სჭირდება, რომ ღალატი ღმერთს გადააბრალოს და ოქრო ისე იშოვოს, სინდისმა არ შეაწუხოს~. ომან ფაშას, როგორც სჩვეოდა, სიბრაზემ უცბადვე გაუარა და მღვდელს მიუბრუნდა: `ნება მომიცია, გურჯო. ილოცე და დაეკითხე შენს ღმერთს. ისიც უთხარი, ომან ფაშას ასე სწადია-თქო, უფრო იოლად გამოსტყუებ დასტურს!~ ამ სიტყვებმა ლაშქარში მხიარული სიცილი გამოიწვია. ეეჰ, მაშინ ჯერ კიდევ ვიყავით ოხუნჯობის გუნებაზე... მღვდელი რამდენიმე ნაბიჯზე გაგვშორდა, პირი აღმოსავლეთით ქნა, დაიჩოქა, თვალები მაღლა აღაპყრო და გაუგებარ ბუტბუტს მოჰყვა. ვიწრო ხეობაში ვიდექით, ქვიან, ოღრო-ჩოღრო გზაზე. შუადღე იყო და უმოწყალოდ ცხელოდა. გზას ორსავ მხარეს კლდოვანი ბექობი მისდევდა, რომლის თავზე მაღალი, ხშირი ტყე იწყებოდა. სიჩუმე იდგა და ირგვლივ არაფერი მოძრაობდა, მხოლოდ ხვლიკი თუ გაისრიალებდა დროდადრო მზისგან გახურებულ ბექობზე. მღვდელმა ბუტბუტი მალე შეწყვიტა, მაგრამ კიდევ დიდხანს იდგა მუხლებზე, გაშეშებული და ზეცისკენ თვალებაპყრობილი, ბოლოს წამოდგა და მოტრიალდა. სახე უელავდა და თვალებიდან თითქოს სხივებს აფრქვევდა. მე ეს მაინცდამაინც არ გამკვირვებია. მართალია, ამ დამფრთხალი ქრისტიანი მღვდლისაგან ცოტა მოულოდნელი კი მეჩვენა, მაგრამ, საერთოდ, ვიცი, ჩემს თავზეც გამომიცდია და სხვებისთვისაც შემიმჩნევია, რომ ღრმა და გულწრფელი ლოცვის დროს, როცა თვალის მაგიერ სულით იხედები, კაცს ასეთი რამ ზოგჯერ გემართება. მღვდელი ომან ფაშასკენ წამოვიდა. ახლა სავსებით დამშვიდებული იყო და შიშისა აღარაფერი ეტყობოდა. მივიდა ომან ფაშასთან და უთხრა: `უფალმა ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, შენი მორჩილება და სამსახური მიბრძანა~. `საუცხოო ღმერთი გყოლია, გურჯო. მაშ, დროს ნუღარ დავკარგავთ, შეჯექი ჯორზე და გაგვიძეხ, – შორია მაგ სოფლამდე?~. `მოკლე გზით თუ წავალთ, დაღამებამდე მივაღწევთ, – მიუგო მღვდელმა, – ოღონდ სავალი ძნელია~. `ალაჰის ლაშქარს გზის სიძნელე ვერ შეაშინებს, – უთხრა ომან ფაშამ, – მოკლე გზით გაგვიძეხ!~ სავალი მართლა ძნელი გამოდგა, სულ კლდე-ღრეებით, დაბურული ტყეებითა და დახრამული, ვიწრო ხეობებით ვიარეთ. მღვდელი წინ მიგვიძღოდა, ჩვენ უკან მივყვებოდით. საშუალო ტანის კაცი იყო, ოდნავ წახრილი იჯდა ჯორზე, თავი ჩაეკიდა და ეტყობოდა ღრმა საფიქრალს მისცემოდა. უკან არც ერთხელ არ მოუხედავს. მიდიოდა უხმოდ და, რაზე ფიქრობდა, არავინ იცის. ეეჰ, წუთისოფლის სიმუხთლევ!.. აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ბედისწერა მიგვიძღოდა სიკვდილის გზაზე და ეს ამოდენა ლაშქარი უდრტვინველი მორჩილებით მივდევდით უკან... მხოლოდ ერთხელ აიღო თავი. მაღალი ბუჩქების ტევრში მივდიოდით. არც მანამ და არც მერე სხვაგან ისეთი ბუჩქები არსად შემხვედრია და რა ჰქვია, არ ვიცი. დიდრონი ყვავილები ჰქონდა, თეთრი და სქელფურცლიანი. მღვდელმა თავი აიღო, გადაიხარა, ერთი ყვავილი მოწყვიტა, ცოტა ხანს უცქირა და უბეში ჩაიდო. რად უნდოდა, არ ვიცი. მერე ისევ ჩაჰკიდა თავი და გზა განაგრძო. დიდხანს ვიარეთ. ხალხიც დაიღალა და ცხენებიც, მაგრამ დასვენება არც გვიფიქრია. იმის იმედით, რომ მალე მიზანს მივაღწევდით, სადაც გამარჯვებაც გველოდა, სასმელ-საჭმელიც და განცხრომაც, დაღლილობას იოლად ვიტანდით. მზე უკვე ჩადიოდა, როცა იმ დაწყევლილ ადგილს მივაღწიეთ. ვიწრო ხეობას გავცდით, ფერდობს შევუყევით და ერთ ვეება, შიშველსა და ციცაბო, მომწვანო-მონაცრისფრო კლდეს მივადექით, რომელიც დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული და ქონგურებივით ჩაკბეჩილი წვერით ბოლოვდებოდა. კლდეს ორსავ მხარეს დაბურული, გაუვალი ტყე ერტყა. ჩამავალი მზის სხივებში გახვეული კლდე უცხოდ ბრწყინავდა. წინ გასასვლელი არსად ჩანდა, მაგრამ ბედისწერის ხელი მაშინ ჯერ კიდევ არ დამინახავს, ვიფიქრე, ტყე-ტყე იქნება სადმე ბილიკი და ვერ ვამჩნევ-მეთქი. მღვდელმა ფერდობი აათავა, ჯორი ზედ კლდის ძირას შეაყენა, ჩამოხდა და ჩვენკენ მოტრიალდა. ჩვენც შევდექით. ლაშქარიც შედგა. კლდე რაღაც უცხო ბრჭყვიალებით ირეკლავდა დაცემულ სხივებს, სხვადასხვა ფერის ათინათი თვალისმომჭრელად ირეოდა ერთმანეთში და ო, ალაჰ! წამით მომეჩვენა, თითქოს მზის მეწამულ შუქში გახვეული მღვდელი თავადაც მზესავით აფრქვევდა სხივებს. მე თვალი დავხუჭე და თავი გავიქნიე, რათა ეს უცნაური და შიშისმომგვრელი ხილვა მომეშორებინა. ამ დროს მღვდელმა პირჯვარი გადაიწერა და წყნარი, ნაღვლიანი ხმით თქვა: `მოვედით~. ომან ფაშამ, რომელიც აქამდე ცოტა გაკვირვებული შესცქეროდა მღვდელს, ახლა კითხვის თვალი გურჯთა ენის მცოდნეს მიაპყრო. როცა გაიგო, რა თქვა მღვდელმა, ისევ მიუბრუნდა. `მოვედით? – ჰკითხა და ჯერ ერთ მხარეს შეათვალიერა ტყე, მერე მეორე მხარეს. ბოლოს კლდეს ააყოლა თვალი, თითქოს გადაღმა გადახედვას ლამობსო, და თითით ჰაერში რკალი მოავლო, – აქ არის სოფელი?~ `არა~, – ისევ ისე წყნარად და ნაღვლიანად თქვა მღვდელმა. სახე მშვიდი და უძრავი ჰქონდა. `არა? – განცვიფრებით გაიმეორა ომან ფაშამ, – მაშ, სად მოვედით? სოფელი სადაა?~ `სოფელი შორსაა, – მიუგო მღვდელმა, – უფალმა ჩემმა ღმერთმა იესო ქრისტემ, კურთხეულ იყოს მისი სახელი, – ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, – აქ მიბრძანა შენი მოყვანა~. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ომან ფაშამ ელვის უსწრაფესად ისკუპა ცხენიდან, ორი ნახტომით გაჩნდა მღვდელთან და საკინძეში ჩაავლო ხელი. `რას ამბობ, გურჯო?!~ – ძლივს გამოცრა მოკუმული ტუჩებიდან. მღვდელი ჩუმად გასცქეროდა სივრცეს. მაშინ ომან ფაშამ მძლავრად შეანჯღრია. ხოლო იმ დროს, როცა მე კვლავ მკაფიოდ დავინახე, თუ როგორ აფრქვევდა სხივებს მღვდლის მზესავით მოელვარე სახე, და თვალი დავხუჭე, რათა ეს საშინელი ხილვა წეღანდელივით მომეშორებინა, გვერდით ისმაილ ფაშას შემკრთალი ხმა მომესმა: `დიდება ალაჰს! თვალი მატყუებს თუ ეს გურჯი...!~ ისმაილ ფაშას სიტყვა არ დაუსრულებია, ისე გაჩუმდა, თითქოს ხმა ჩაუწყდაო. თვალი რომ გავახილე და მისკენ მივიხედე, დავინახე, რომ განცვიფრებითა და შეძრწუნებით მისჩერებოდა მღვდელს. ომან ფაშა კი მღვდელს მთელი ძალით ანჯღრევდა და უკვე ყვირილით ეკითხებოდა: `სოფელი სად არის, გურჯო?!~ მღვდელი ხმას არ იღებდა. მაშინ ომან ფაშა ყელში ეცა, ორივე ხელი წაუჭირა, მერე ისევ გაუშვა და უეცრად მუხლებზე დაეცა. `მითხარი, გურჯო, სად არის სოფელი. ხომ ხედავ, მუხლმოყრილი გემუდარები! ომან ფაშა, გურჯო, მუხლმოყრილი გემუდარება! ოღონდ აქედან გაგვიყვანე და ლუარსაბ-ხანის სამყოფელი გვაჩვენე, თუ გინდა, ნუ წამოგვყვები, ისე გვასწავლე სად არის, ოღონდ გვასწავლე და რაც გინდა მთხოვე...~ მზე ჩადიოდა და მიწა თანდათან ჩრდილში ეხვეოდა. ფერდობს ჩრდილი ეფინა, ლაშქარი ჩრდილში იდგა, ჩვენც ჩრდილში ვიდექით, ომან ფაშაც ჩრდილში იდგა მუხლებზე. სხივები მაღლა-მაღლა მიიწევდა და მღვდელსაც ნელ-ნელა ჩრდილი ეფინებოდა, მზე ახლა მხოლოდ მის პირისახესა და წაბლისფერ თმა-წვერს ანათებდა. `მუხლებს დაგიკოცნი, გურჯო, – ევედრებოდა ომან ფაშა, – ოღონდ აქედან გაგვიყვანე!~ მღვდელი დუმდა. `გურჯო... – კიდევ ერთხელ სასოებით თქვა ომან ფაშამ და უეცრად საშინლად დაიღრიალა, – გურჯო!~ ზეზე წამოვარდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შეანჯღრია, მერე ფრჩხილებით ჩააფრინდა ლოყებში და ხორცი ჩამოაფლითა. მღვდლის ლოყებზე სისხლის ნაკადულებმა იწყეს დენა. `გაგვიძღვები თუ არა?! გვასწავლი თუ არა გზას?!~ მღვდელი არც იძვროდა და არც ხმას იღებდა. ომან ფაშა კი უკვე გონდაკარგული იყო. ჯერ ცერა თითი აძგერა და ცალი თვალი ამოუგდო, მერე ყელში კბილებით ჩააფრინდა და ძიძგნა დაუწყო, თან უაზროდ იმეორებდა: `გაგვიძღვები თუ არა... გვასწავლი თუ არა გზას...~ წყეულ მღვდელს კრინტი არ დაუძრავს და ერთი კვნესა არ დასცდენია. მხოლოდ მაშინ, როცა ფეხზე დგომა ვეღარ შეიძლო და ძალაწართმეული მუხლებზე დავარდა, მისუსტებული, ძლივსგასაგონი ხმით თქვა: `გმადლობ, უფალო...~ მერე წამოდგომა დააპირა, წამოიწია კიდეც, მაგრამ ძალა არ ეყო, გვერდზე გადაიხარა და მარცხენა მხარით დაეცა ძირს. ომან ფაშა, როგორც გააფთრებული ნადირი, ზედ დაემხო. ამ დროს მზეც ჩავიდა და ბინდმა იწყო ჩამოწოლა. მღვდელი და ომან ფაშა ახლა უკვე ჩრდილებადღა ჩანდნენ. მღვდლის ჩრდილი უძრავად იწვა, ომან ფაშას ჩრდილი კი დაჩოქილი ტრიალებდა მის ირგვლივ და გამეტებით ძიძგნიდა. ხან დანით, ხან კბილებით, ხან ფრჩხილებით. ცოტაც და ბინდმა ყოველივე დაფარა. უკვე აღარაფერი ჩანდა და მხოლოდ ომან ფაშას ქშენა და მძიმე-მძიმე სუნთქვა ისმოდა. მერე, როცა ესეც მიწყდა, უეცრად იელვა და არემარე დღესავით განათდა. ო, ალაჰ! ახლაც არ ვიცი, რა იყო მაშინ ნამდვილი და რა მოლანდება. ელვამ დაკვესა და, თითქოს დაავიწყდა, რომ ისევ უნდა ჩამქრალიყო, დიდხანს ენთო ცაზე. მღვდელი, მკვდარი, დაფლეთილი, დასახიჩრებული, ერთიანად ალუფხული, მოკუნტული ეგდო ძირს. ომან ფაშა თავზე ადგა, გაბოროტებული თვალებით დასცქეროდა და მთელი სხეული უცახცახებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ელვა ჩაქრა და კვლავ სიბნელე ჩამოწვა. ცოტა ხნის შემდეგ ნაბიჯების ხმა გაისმა და გავარჩიე კიდეც ჩვენკენ მომავალი ომან ფაშას ჩრდილი. ომან ფაშა ჩემთან მოვიდა, ხელები მხრებზე დამაწყო, მთელი სიმძიმით ჩამომაწვა, სახე მკერდზე მომადო და ათრთოლებული, ცრემლიანი ხმით მითხრა: `ათა სულეიმან, – როცა სასოწარკვეთაში ჩავარდებოდა, სულ მთლად უმწეო ხდებოდა და ბალღივით სჭირდებოდა დაყვავება და ნუგეშის ცემა. ასეთ დროს ყოველთვის ათა სულეიმანს მეძახდა ხოლმე. – ათა სულეიმან, აკი ალი-მირზამ, იმ ბებერმა ქოფაკმა, ყველანიო?..~ `დაწყნარდი, შვილო ჩემო, – ვუთხარი მე, – შენი უძლეველი ლაშქარი შენთანაა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინა გვაქვს~. ამ დროს ჭექა-ქუხილი ატყდა, ზედიზედ იელვა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. პირველ გაელვებაზე კლდის მხარეს, ო, ალაჰ, ცის კაბადონზე ის გურჯი მღვდელი დავინახე. მუხლმოყრილი იდგა, თვალები მაღლა აღეპყრო და სახეზე ტანჯვისა და ნეტარების უცხო ღიმილი ეფინა. კვლავ რომ იელვა, კლდეს თვალი ავარიდე, სხვა მხარეს გავიხედე და ახლა სხვა მხარეს დავინახე იგივე სურათი. განუწყვეტლივ ელავდა და ცის ოთხივ მხრიდან გურჯი მღვდლის ტანჯული და ნეტარი ღიმილი დაგვცქეროდა. არ ვიცი, სხვებიც ამჩნევდნენ თუ არა ამ უცნაურ და გულისშემძვრელ სანახაობას, ჩემთვის კი ნათელი შეიქნა, რომ ჩვენს თავზე ბედისწერის მახვილი იყო აღმართული. ალაჰი გვირისხდებოდა, ვინაიდან მის მიერ ორგზის მოცემული ნიშანი ვერ გამოვიცანით. ახლა, თუკი ხსნა ჯერ კიდევ იყო, იმაში იყო, რომ ლაშქრობაზე ხელი აგვეღო და დაუყოვნებლივ ახალციხეში დავბრუნებულიყავით. მაგრამ ომან ფაშამ ჩემი რჩევა შორს დაიჭირა. ეგებ ვერც მე ვურჩიე ბეჯითად. მართლაცდა, ვინ იცის, რა სჯობდა: ვიღაც ბანჯგვლიანი გურჯის ხელით მომკვდარიყო და მისი მშვენიერი თავი ლუარსაბ-ხანს სპარსეთის შაჰისთვის მიერთმია, თუ დამარცხებული და სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო ახალციხეში, როგორც ფრთებდაჭრილი არწივი, რომელსაც ცის ლაჟვარდებში აფრენა აღარ უწერია?.. ეჰეი, ომან ფაშავ, ჩემო იმედო და ნუგეშო, როგორ წავაგეთ თავი!.. ვინ იცის, თავისი ქვეყნის ერთგული ერთადერთი გურჯი ბოგინობდა მთელ იმ არემარეზე და მაინცდამაინც ჩვენ გადავაწყდით!.. მომყევითო, ომახიანად დასჭექა ომან ფაშამ და გაბოროტებული და დიდებული ფიცხლად მოახტა ცხენს... მივდიოდით უკუნ ღამეში. ღვთის რისხვასავით ქუხდა და ელავდა. ცა ლამის მიწაზე ჩამოსულიყო. მივდიოდით და უკან, როგორც საკუთარი ჩრდილი, ფეხდაფეხ მოგვდევდა ბედისწერა – იმ წყეული მღვდლის სული, რომელიც ვერ მოვკალით... ვაი შენს მოხუც სულეიმანს, ომან ფაშავ, ჩემო არწივო!.. შენი მოკვეთილი თავი რომ ვიხილე, რომელიც მკვდარ მზეს ჰგავდა, ჩემი მზეც მაშინ ჩაესვენა და მოკვდა... ე-ჰე-ჰე, რა ამაო ყოფილხარ, საწუთროვ, რა ცრუ და მუხთალი!.. კიდევ ხომ არ იყიდი რაჰათ-ლუხუმს, უცხოელო?
დღესაც არ ვიცი, ნამდვილად მოხდა ეს ამბავი, თუ ცბიერმა მოხუცმა ყველაფერი მართლა რაჰათ-ლუხუმის გასასაღებლად მოიგონა.
პრეისტორიული მოთხრობა
– როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.
ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე,როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.
შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა.
ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.
იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა.
ოღონდ ისე არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება.
არა.
მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე.
ირგვლივ დუმილი იდგა.
თანამოძმეებს თვალები გაფართოვებოდათ და იგის შესცქეროდნენ.
მაშინ იგი კიდევ უფრო გაიმართა, თავი უკან გადაიგდო და შორეული მთების სიმაღლესმიაბჯინა მზერა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთება ნელ-ნელა გამოდევნასხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც გაილია.
იგიმ მთების სიმაღლეს მადლობა შეუთვალა.
თანამოძმეთა გაფართოებული თვალები ერთმანეთში შეცურდნენ.
იგის ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრიდან.
ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა.
იგიმ ბელადს შეხედა.
ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა.შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები – მრისხანედ დაკრეჭილი.
მორიგეობით ინაცვლებდა ფეხებს და ადგილზე ირწეოდა.
ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირებიც კი დამფრთხალი გარბოდნენ.
დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც არარავის ახსოვს, ვისაც მკლავებშიდა მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღარც კეტის ტრიალი შეუძლია და აღარცნადირის დევნა.
დაბინდებისას ბელადი მთელ ტომს შეყრის და იტყვის.
ხოლო ცაზე რომ დღის თვალი ამოცურდება და სიბნელეს სინათლით გაფანტავს, კაცებიაღმართს შეუდგებიან. წინ ის მიდის, ვინც ქარაფიდან უნდა გადაეშვას. უკანდანარჩენები მიჰყვებიან. ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე დგას, დანარჩენებიშეჩერდებიან და მარტო ის განაგრძობს გზას. მიდის, მიდის, მიდის. მწვერვალს რომმიაღწევს, მოიხედავს. თუ მანამდე არ მოიხედა, მწვერვალთან მაინც მოიხედავს. და ამდროს სახეზე ცოცხლად შეპყრობილი ნადისრის ფერი ადევს. მერე ისევ შეტრიალდება,მოიკუნტება, შეიკუმშება, დაპატარავდება, თვალებდახუჭული (იგიმ არ იცის,თვალებდახუჭული თუ გახელილი, მაგრამ ახლა, როცა თვითონ მიუყვება დიდიდაძინების ციცაბო აღმართს, რატომღაც ჰგონია, რომ თვალებდახუჭული) გადააბიჯებსდა მისი კივილი დიდი დაძინების ხახაში ჩაიკარგება.
თანამოძმეები კეტებს მაღლა შემართავენ, გამარჯვების ყიჟინას დასცემენ დაგამოქვაბულში დაბრუნდებიან.
ის აღარ დაბრუნდება.
იგიმ არ იცის, რატომ არასოდეს იღვიძებს დიდი დაძინებით დაძინებული, მაგრამ იცის,რომ არ იღვიძებს, რაკი უკან დაბრუნებული არავინ უნახავს.
აქამდე ასე იყო.
და ბელადი…
კიდევ დამარცხებული ბელადი ადის დიდი დაძინების ქარაფზე.
დამარცხებულ ბელადს არც მკლავში უდგას სიძაბუნის გემო და არც მუხლებში. კეტისმოქნევაც შეუძლია და ნადირის დევნაც.
მაგრამ მაინც ადის დიდი დაძინების ქარაფზე.
რატომ ადისო, არავინ კითხულობს.
ალბათ ჰგონიათ, რომ რაც არის, ის მუდამ იყო.
(თავიდან იგისაც ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა მრავალი გაკვირვება უკვე ცოდნად ექცა,მიხვდა, რომ მუდამ არაფერი ყოფილა, ყველაფერი ოდესღაც გაჩნდა, და უხმოდ იკითხათავის სხეულში: “რატომ ადის დამარცხებული ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე?”)
იმიტომ რომ დამარცხებული ბელადი მაინც ბელადია, მაგრამ რაკი დამარცხდა, ბელადიაღარაა. ხოლო როცა ბელადია და თანაც ბელადი აღარაა, ეტყობა რაღაც ირღვევა, რისიდარღვევაც არ შეიძლება. aმიტომ ადის…
ადრე, უცხო სიტყვები რომ შემოესეოდნენ და იგი მათს ასხმასა და დალაგებასშეუდგებოდა, გაურკვეველი სიმძიმე სხეულში ტკივილად ეღვრებოდა, თვალებიეხუჭებოდა და ძილი ერეოდა.
ახლა ასეთი რამ აღარ ემართება. ახლა უცნობ სიტყვებს იოლად და სწრაფად ალაგებს.სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ გზას, როგორც ნადირიმიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ.
ესეც იმის ბრალია, ალბათ, წელში რომ გაიმართა…
პირველად იმ დღეს შენიშნა, რა დღესაც ძველი ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე ავიდა.
… როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მქრქალი თვალი გაახილა, კაცებიდაბრუნდნენ. ბედმა გაუღიმათ და მარჯვედ ინადირეს.
წინ ბელადი მოდიოდა. კეტი მხარზე ჰქონდა გადებული. დანარჩენები უკანმოჰყვებოდნენ და ვეებერთელა ნადირი მოჰქონდათ.
ქალები და ბავშვები ჟივილ-ხივილით გამოეგებნენ და ნანადირევის დანახვაზე თვალებშიშიმშილის ფერი ჩაუდგათ.
ბელადი გამოქვაბულში შევიდა. სახეზე, როგორც ყოველთვის, სიმშვიდისა და სითბოსსუნი ასდიოდა. მისთვის განკუთვნილ ქვას მიაშურა, დაჯდა, კეტი გვერდით მოიდო დახელები მუხლებზე დაიწყო.
ამასობაში დანარჩენებიც შემოვიდნენ, ნანადირევი შუა გამოქვაბულში დადეს და ძველიმონადირეები ხორცის განაწილებას შეუდგნენ.
როგორც წესია, წამახული ქვებით ჯერ თავი წააცალეს მოკლულ ნადირს, ბელადსმიუტანეს და ფერხთით დაუდეს.
იგი მერე დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, რა ადგილას იდგა ამ დროს ბელადისშვილი, მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან მაშინ სტომაქში შიმშილი დაფუსფუსებდა დაირგვლივ ხორცის მეტს ვერაფერს ხედავდა.
ასე იყო თუ ისე, ბელადმა რომ ხელები გაიწოდა თავისი წილის ასაღებად, შვილი თვალისდახამხამებაში მასთან გაჩნდა, ცალი ფეხი ნადირის თავს დააბიჯა და გადმოკარკლულითვალები მამას მიაპყრო. მხარზე გადებული კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა, შავი ფაფარიმხრებზე სცემდა, კბილები დაეკრიჭა და სახეზე გაავებული ნადირის სუნი ასდიოდა.
გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა.
მერე ღმუილმა გადაიარა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
ბელადის სახეს სითბოს სუნი ისე გადაეცალა, როგორც ტყეს გადაეცლება ბურუსი, ქარირომ დაუბერავს. იგის მოეჩვენა, თითქოს სიმშვიდის სუნმაც იწყო გადაცლა, მაგრამ ამდროს ბელადმა თვალები ნელა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა. გაწვდილი ხელებიუკანვე წაიღო, ისევ მუხლებზე დაიწყო და თვალები გაახილა. ერთხანს გაუნძრევლადიჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე ნელა ააყოლათვალი. სახეს რომ მიწვდა, კვლავ გაშეშდა. უყურა. შვილის ავი სუნი მამის სიმშვიდისსუნს ებრძოდა. გმოქვაბულში დაძაბული დუმილი იდგა. იგის ტყუილად ეგონა, ბელადისსახეზე თეთრი შიში გადაირბენსო; ბელადი მისჩერებოდა შვილს ჩასისხლიანებულ,გადმოკარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ მოშორდასითბოს სუნი. ბოლოს შვილს თვალი მოარიდა, ხელკეტს დასწვდა და წამოდგა.
ძველმა მონადირეებმა ნანადირევი გვერდზე გასწიეს და მამა-შვილს გამოქვაბულისშუაში დაუთმეს ადგილი.
შეიბნენ.
შვილი ღონიერი იყო და ბრძოლა მალე დასრულდა. მამა ძირს დასცა, ხელკეტი ააცალა,თავის ხელკეტთან ერთად მაღლა შემართა და დამარცხებულ მეტოქეს ძლევამოსილიყიჟინით რამდენჯერმე ირგვლივ შემოურბინა. მერე წავიდა და მამის ადგილას დაჯდასაბელადო ქვაზე. ნადირის თავი აიღო, ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და მკერდზემიიკრა. ეჭირა ასე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე კი მაინც ასდიოდასიმშვიდის მსუბუქი სუნი.
იგის უკვირდა.
ძველმა მონადირეებმა ნანადირევი კვლავ შუა გამოქვაბულში გამოათრიეს და განაწილებაგანაგრძეს…
როდესაც შიშველი მთის თავზე ცამ თვალი გაახილა, კაცები დიდი დაძინების ქარაფსშეუყვნენ.
ყველაზე წინ ძველი ბელადი მიაბიჯებდა. მარტო, უხელკეტოდ. ცოტა მოშორებით ახალიბელადი მიჰყვებოდა. ახალ ბელადს დანარჩენები მისდევდნენ უკან.
იგიც.
ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა.
წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა.
ნი ლამაზი იყო.
ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე იდგა, ახალი ბელადი შეჩერდა. დანარჩენებიცწამოეწივნენ და შეჩერდნენ. ყველა სველი იყო.
მხოლოდ ძველი ბელადი მიდიოდა.
იგი ზურგს ხედავდა და, ნეტა ახლაც თუ ასდის სახეზე სიმშვიდის სუნიო, უხმოდკითხულობდა თავის სხეულში.
ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა.
ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინებისქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა.
იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ.
ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა.ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზემიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა.
ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივითმოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა.
ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა სეჩერდება დამოიხედავსო.
ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან დაგაქრა.
არც მოუხედავს, არც დაუყვირია.
ახალმა ბელადმა კი დაიყვირა.
ხელკეტი მაღლა შემართა, დიდი ხმით დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო, დანარჩენებიცაყვნენ.
იგიც.
(იგის მერე უკვირდა)
ახალმა ბელადმა ყვირილი და ხტუნვა მოათავა, ხელკეტი ისევ მხარზე გაიდო დათავდაღმართს დაუყვა. დანარჩენებიც აედევნენ.
მარტო ძველი ბელადი დარჩა სადღაც.
ისე წვიმდა, ცა კი არა, ღრუბლებიც აღარ ჩანდა.
ძველ ბელადს არც მოუხედავს და არც დაუყვირია. კვალი კი დატოვა.
იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა.
კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბელადის ფეხიბელადთან ერთად გაქრა, როტომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდიდაძინებით იძინებს, მთლად არ ქრება?
იგიმ ნაბიჯი შეანელა. კაცებს ჩამორჩა, თმიდან და სახიდან წვიმის წვეთები ორივეხელით ჩამოიწურა და უკან მიიხედა. ნაფეხურები უნდოდა დაენახა.
ქარაფის წვერზე თეთრი ნისლი იწვა, მეტი არაფერი ჩანდა.
იგი უკანვე მოტრიალდა.
კაცების დაწინაურებული ჯგუფი უცნაურად შემჭიდროვებულიყო, შეკრულიყო დაერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში.
იგი ისე მიაჩერდა გორგალს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ნადირს წაწყდომოდეს.
ფეხს აუჩქარა. ჭამოეწია.
ერთიანი გორგალი კვლავ ცალ-ცალკე კაცებად იქცა.
ზოგი მეტად იყო მოხრილი, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ყველანი მოხრილები იყვნენ.შუბლები მიწისათვის მიეშვირათ, გრძელი ხელები უსიცოცხლოდ ქანაობდნენ.
წინ ბელადი მიდიოდა.
ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა.
იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა.
იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!
გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა.
ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმაგადაურბინა და ბალანი აუჯაგრა.
და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა.
“კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, – უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. –იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები.
მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”.
იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენმოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, – თავის სხეულშითქვა იგიმ.
მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი.
იგიმ შეჰყვირა და გაიმართა.
ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტოთავები მოაბრუნეს.
იგის ბევრი სახე უყურებდა.
მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო.
დანარჩენებიც მიჰყვნენ.
ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს.სახეები ისე მოსჩერებოდნენ, თითქოს არასოდეს ენახოთ.
საღამოს, როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა, იგისსხეულში წუხილმა დაიდო ბინა.
წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი.
იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა; თუ იჯდა,ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლაუნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კიმივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა.
ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის.
ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა.მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი რომ ძვალს ღრღნიდეს.
იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა, იწვა თვალდახუჭული და უყურებდა, როგორდაძვრებოდა სხეულში წუხილი.
დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულში კაცები და ქალები,დიდები და პატარები.
“ნისაც სძინავს.” – თავის სხეულში თქვა იგიმ.
წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა, წუხილი რომდაიმალა, მერე კიდევ თქვა: “ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა.”
წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს.
“ნი, ნი, ნი, ნი…” – იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზოუკვლოდ დაიკარგა და იგიერთხანს მოსვენებით იწვა. მაგრამ წუხილი ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევშემოიპარა სხეულში. aხლა იგი სულ ტყუილად იმეორებდა: “ნი, ნი, ნი…” წუხილიძველებურად თავის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნადაუწყო.
მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო, რაღაც უნდა ექნა.
წამოდგა, სიბნელეს თვალი შეაჩვია; ფეხაკრეფით დაიძრა გასასვლელისაკენ. ფრთხილადმიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძმეებისათვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა,მიაღწია გასასვლელს და გავიდა.
თყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა.
იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა, ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნთქა. მწვანე სუნმარაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოს ჰგავდა. წუხილი შეკრთა და ძვალსპირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო, და ისევ დაუწყო ღრღნა.
იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს,მაგრამ ფეხიგულები ხედავდნენ.
ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო.
თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნიც წუხილად აქცია. მართალია, ძვალსაღარ ღრღნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და, საცა გაივლიდა, ისეთ გემოს ტოვებდა,იღლიას რომ სველი ფოთოლი გამოედოს და ტანში ჟრჟოლამ დაუაროს.
ვერც ტყეში მოისვენა.
მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველ სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგრილე ეამა. წუხილიმცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და ამოძრავდა. …
ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა.
წუხილი ავი იყო.
ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა.
გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა.
“იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება დაწუხილიც თავს დაანებებს”.
იგიმ სცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა ზურგში. იგიმ დაიკვნესადა გაიმართა.
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა. მერე კიდევ სცადა.
ტკივილი ყვიროდა.
იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო.
“იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ მოიხარა.
ტკივილი იცოდა რაც იყო.
ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლიგამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგადუნდა გაილოკოს და დანერწყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება.
წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არხეინად იჯდა სხეულში დანადირივით ღრღნიდაძვლებს.
ამიტომ ერჩივნა ტკივილი.
მოიხრებოდა იგი, იყო ასე, სანამ ტკივილს გაუძლებდა, მერე გაიმართებოდა, ცოტასშეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა.
როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდადა დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა.
მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდგააყოლოს თვალი.
როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინგრძნობდა.
კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხო რამ სულიერს და მის გვერდით ყოფნასერიდებოდნენ. ბელადს კბილები ავად უელავდა და თვალებში მრისხანება ედგა.
იგი ყველანაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და მოახლოებული ხიფათიაეცდინა.
როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მიეცემოდნენ, ფრთხილადდგებოდა, თავის პატარა გამოქვაბულს მიაშურებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამცასა და მიწას შორის ჩაწოლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა.
ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა. მაგრამ ბოლოს მაინცთავისი გაიტანა, ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგადღე, როცა სანადიროდ მიმავალი იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილიიყო, ხელები კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურგშიჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივილის შვილი,რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები.
იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბოდა, აღარავინერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება.
იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებრძოდა.
როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში:
“ახლა იგის შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს”.
იგი დიდ გამოქვაბულში იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო, თვალები დაეხუჭა და ძილსელოდებოდა.
სხვებს უკვე ეძინათ.
საცა იყო იგისაც ცაეძინებოდა. იგი ფაფუკ ბურანში იყო გახვეული და ძილი ჩუმად,ფეხახრეფით მოდიოდა მისკენ.
სწორედ ამ დროს, სად იყო, სად არა, წუხილი გამოჩნდა.
წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა, უჩუმრად მომავალ ძილს გადაასწრო, ფაფუკიბურანი გაარღვია და იგის სხეულში შეუძვრა.
თან მარტოობის გემო შეიტანა.
იგი გამოფხიზლდა. გაკვირვებული გაინაბა, სუნთქვა შეიკრა, ყური მიუგდო წუხილს.
წუხილი სხეულში დაძვრებოდა.
მაშინ იგი ფრთხილად წამოჯდა.
“რა უნდა წუხილს იგისაგან? – უზმოდ ჰკითხა იგიმ წუხილს. – იგი ხომ უკვე ისეთია,როგორიც არიან სხვები?”
წუხილმა არაფერი უპასუხა, ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.
იგის სიბრაზის ფერი დაედო.
“თავი დაანებოს წუხილმა იგის!” – უხმოდ დაუყვირა იგიმ წუხილს.
ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, ცდილობდა წუხილისათვის ყურადღება არ მიექცია დაძილს დადარაჯებოდა.
მაგრამ ძილი აღარ მოდიოდა.
წუხილი არ უშვებდა ახლო ძილს.
იგი ხან გულაღმა დაწვა, ხან პირქვე, ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე.
არაფერი გამოუვიდა. ძილს ეშინოდა წუხილის და მოსვლას ვერ ბედავდა.
“არ მოვა ძილი, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს”, უხმოდ თქვა იგიმ.
წამოჯდა. ფეხები შემოიკეცა, მკლავები შემოაჭდო, ნიკაპი მუხლებს შუა ჩაიდო.
წუხილი ძვალს ჩაფრენოდა და ხარბად ღრღნიდა.
იგის ვერარაფერი გაეგო. განა იმისთვის არ იწვალა ამდენი, რომ წუხილის ნებაშეესრულებინა და ისეთი გამხდარიყო, როგორიც არიან სხვები? განა ამას არ მოითხოვდაწუხილი მისგან? მაშ რაღად დაბრუნდა? რაღას მოითხოვს?
იგის ვერაფერი გაეგო. ახლა მარტო ის იცოდა, რომ ვერ მოისვენებდა, ვერ დაიძინებდა. იქუნდოდა ყოFნა, საცა არ იყო, და თუმცა ძველი გამოცდილება აფრთხილებდა, როგორც კიიგი “იქ” მივა, მაშინვე, “სხვაგან” ყოფნა მოუნდებაო, მაინც არ შეეძლო წუხილის ნებას არდაჰყოლოდა.
იგი წამოდგა, ნაჩვევი სიფრთხილით გადააბიჯა თანამოძმეებს, გამოქვაბულიდან გავიდადა ტყისკენ გასწია.
ტყე სიბნელით იყო სავსე. იგი მიაბიჯებდა და სველი ბალახი ფეხის გულებსუღიტინებდა. შუაგულ ტყეს რომ მიაღწია, სიბნელეს მკრთალი შუქი შეერია. ხეებსშორის, მიწაზე, აქა-იქ ბალახი აკიაფდა. იგი მიხვდა, რომ ღამის თვალი ღრუბლებს გასცდადა ქვეყანაზე ბრჭყვიალა სხივები მიმოაბნია. სხივები უმთავრესად ხეთა კენწეროებსეფინებოდა, მაგრამ როცა რომელიმე მათგანი ფოთლებს შუა ხვრელს იპოვიდა, იმ ხვრელსჩამოყვებოდა და ბალახში აკიაფდებოდა. ეს იგიმ ძველი დაკვირვებით იცოდა.
ახლაც ხის კენწეროებს შუა სხივი შემოპარულიყო და პატარა ბალახს დასცემოდა. იგიახლო მივიდა. ბალახის პაწაწკინტელა ფოტოლზე მრგვალი წვეთი იდო და ისებრჭყვიალებდა, ვითომ თვითონაც ცის თვალი ყოფილიყოს. იგი ჩაცუცქდა და ბალახსზემოდან ხელი დააფარა. სხივი ახლა ხელს სცემდა. მაშინ ამ ხელს მეორე ხელი დააფარა.სხივმა მეორე ხელზე გადაინაცვლა. მეორე ხელს სახით გადაეფარა. სხივი აღარ ჩანდა.იგიმ იცოდა, რომ სხივი არ გამქრალა, სადღაც მის თმებში ბრჭყვიალებდა. მართლაც,თავი რომ გადასწია, ქვედაზე გადაინაცვლა; ქვედაც გადასწია და მრგვალი წვეთიწეღანდელივით აბრჭყვიალდა ბალახის ფოთოლზე.
იგი წამოდგა და გზა განაგრძო.
სანამ სხივთან თამაშით იყო გართული, წუხილს, როგორც ჩანს ჩასძინებოდა; ან არადა,შეშინებული მიკუნჭულიყო სადღაც კუთხეში. ახლა, რაკი იგიმ გზა განაგრძო, საფარიდანგამოვიდა და ძვალს დაუწყო ძებნა.
ტყე გაილია და ზღვა გამოჩნდა.
იგიმ გვერდზე გაუხვია; თავის გამოქვაბულს მიაშურა. გამოქვაბულში რომ შევიდა, მაშინკი გაუკვირდა და თავის სხეულში თქვა: “ნეტა რისთვის მოვიდა აქ იგი?” მართალია,ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარცხა, მაგრამ მაშინ იცოდა, რომ წუხილისდასამარცხებლად წელში უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინწუხილს მარტოობა ერქვა.
ეხლანდელ წუხილს რა ერქვა, იგიმ არ იცოდა.
ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. წუხილი მოუსვენრად წრიალებდა სხეულში და ისეუღიტინებდა, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო.
წამოდგა. სიარული დაიწყო. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა გამოქვაბულში. იარა და იარა.მაინც ვერ მოისვენა. მაშინ გარეთ გავიდა და ზღვისკენ გასწია.
დიდხანს იარა ზღვისპირას. მერე ტყეში შევიდა. ახლა ტყეში იარა დიდხანს. ვერ იქნა დავერ მოისვენა. ბოლოს ისევ ზღვისპირას გავიდა. სილაში ჩაჯდა, მუხლები შემოიკეცა დაზედ მკლავები შემოაჭდო.
ზღვა მშვიდად სუნთქავდა, წყალი წამოვიდოდა, ფეხის წვერებს დაუსველებდა დაუკანვე ბრუნდებოდა.
წუხილი სხეულში უღიტინებდა და სხეულს აჟრჟოლებდა.
“თქვას მაინც წუხილმა რა უნდა! იგი ყველა სურვილსშეუსრულებს. იმიტომ, რომ იგისმეტი არარ შეუძლია!”
უცებ შორს, სადაც ცა ზღვაში ეშვებოდა, სხივი გამოჩნდა. იგი დააკვირდა და თვალიააყოლა. სხივი ერთ ადგილას გაწყვეტილი იყო, ზემოთ ისევ ჩანდა. იგიმ უფრო მაღლაააყოლა თვალი, კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა. ზურგში ტკაცანი გაისმა, მაგრამყურადღება არ მიუქცევია. ბოლოს სხივის დედა დაინახა, ღამის თვალი, რომელიცღრუბელზე იჯდა და იგის უყურებდა. მთელი ცა ბრჭყვიალა კენჭებით იყო მოფენილი.
იგის რაღაცნაირი ხმა აღმოხდა.
ხმა თითქოს ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ უფრო რბილი და თბილისუნი ასდიოდა.
და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა.
სწრაფად წამოხტა, გაშეშდა და საკუთარ სხეულს მიაყურადა.
წუხილი გამქრალიყო. წუხილს რაღაცის შეშინებოდა. ძვლისთვის პირი გაეშვა და , იგისრომ ხმა აღმოხდა, იმ ხმას გაჰყოლოდა.
იგი იდგა. ცის თვალს შესცქეროდა. და უნებურად კბილები გამოუჩნდა. ოღონდ ისე არა,სხვა დროს რომ გამოსჩენია. სხვა დროს სხვებივით გამოსჩენია: ავი კბილები, ბრძოლის,ხიფათის, სიბრაზის; როცა არავის დაინდობდა, როცა მზად იყო საკუთარი სხეულიც კინაფლეთებად ექცია. ახლა იგის კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოს და სიხარულისსუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა, წეღან რომ აღმოხდა.
იდგა გამართული და ცის თვალს შესცქეროდა. და ცის თვალსაც, შორეულ ბრჭყვიალაკენჭებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ხელ-ფეხს.
არაფერი იყო “ცუდი”. არაფერი იყო “კარგი” ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც “ცუდი”დააკლებდა რამეს და ვერც “კარგი” შეჰმატებდა.
მერე საკვურველი სითბო, რომელსაც ზღვა გამოსცემდა, ცა, ცის თვალით მკრთალადგანათებული ქედები, ტყე და ყველაფერი, რაც ირგვლივ ჩანდა, ყოველი მხრიდანშემოვიდა იგის სხეულში. იგიმ უნებურად თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ ისე იყო,თითქოს სულაც არ ყოფილიყო.
ხოლო როცა შორეული ქედები, ზღვა, ტყე, ცა და ცის ბრჭყვიალა კენჭები ისევ გაიკრიფნენიგის სხეულიდან და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, იგის ტანზე გაკვირვების მსუბუქისუნი აუვიდა.
თავში უცხო და გაუგებარი სიტყვების კორიანტელი ედგა.
მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას კარგა ხანია მიეჩვია, მაგრამ ამჯერად,რაც ქვეყანაზე სიტყვაა, ეტყობა ყველა ერთად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები,აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ და ნამსხვრევები უწესრიგოდ ირეოდნენერთმანეთში. იგის თავი ისე იყო, პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს,ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს.
სიტყვებსაც გაკვირვების სუნი ასდიოდა.
“რა მისდის იგის?” – უხმოდ იკითხა იგიმ და თავი მძლავრად გადაიქნია.
წეღან იგი ისე იყო, თითქოს სულაც არ არისო. ამავე დროს არაფერი არ არსებობდაირგვლივ ისეთი, რაც იგი არ ყოფილიყოს. რა მოხდა? სად გაქრა იგი? ან როგორ დაიშალადა როგორ შეერია ყველაფერს? რისგანაა, რომ იგი ცას უყურებდა და ცა იგი იყო, ზღვასუყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო?
ან წუხილი რაღა იქნა? რამ დააფრთხო? ნუთუ იმან, რომ იგი წელში გაიმართა? აკი ამასწინათ სწორედ იმიტომ შეუძვრა სხეულში, რომ წელში გამართული დაინახა!
“უკვირს იგის!” – თავის სხეულში თქვა იგიმ.
(ახლა, როცა დიდი დაძინების ქარაფს მიუყვება, ყველაფერი ეს იცის. მაშინ კი, ის, რაცახლა ცოდნაა, მხოლოდ გაკვირვება იყო).
იგიმ კვლავ რამდენჯერმე გაიქნია თავი, რათა უცნობი სიტყვები გამოერეკა. მერე პეშვითწყალი აიღო, სახეზე სეისხა, მოტრიალდა და აღმართს აუყვა. ტყეში რომ შევიდა,სხეულში ის ბალახი გაუჩნდა, ზედ რომ ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, დაძებნა დაუწყო, მაგრამ ვერ იპოვა. ღამის თვალს თავისი სხივები წაეღო და სხვაგანწასულიყო.
იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა და გაქრა.
ნი ძალიან კარგი იყო.
იგიმ გზა განაგრძო, ტყე გადაიარა, დიდ გამოქვაბულში ფეხაკრეფით შევიდა, ფრთხილადგადააბიჯა მძინარე თანამოძმეებს და თავის ადგილას დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო,თვალები დახუჭა.
თანამოძმეები კარგები იყვნენ.
ბელადიც კარგი იყო…
იგის ჩაეძინა.
როდესაც დილით, სანადიროდ წასვლისას, იგის დანახვაზე ბელადმა ხმადაბლა ჩაიღრინადა მისმა დიდრონმა თეთრმა კბილებმა დღის თვალის შუქზე ავად გაიელვა, იგისგაახსენდა, რომ წინა ღამეს ბელადი კარგი იყო, და არც ბალანი აჯაგვრია და არც შიშიაწრიალებია სხეულში.
თანამოძმეებმა ისე შეხედეს, თითქოს იგი იგი არ ყოფილიყო, თითქოს იგი სულაც არარსებობდა. ვისაც კი გვერდით ამოუდგა, ყველა სასწრაფოდ გაეცალა. ზედ არავინუყურებდა.
მხოლოდ პატარა ზუ, რომელიც დღეს პირველად წაიყვანეს სანადიროდ, დროდადროგამოაპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ, წააწყდებოდა თუ არა იგის მზერას, მაშინვეშეტრიალდებოდა და დანარჩენ მონადირეებში მიიმალებოდა.
ტანი რაღაცას უგრძნობდა იგის. რას უგრძნობდა, ვერ გაეგო.
მთელი დღე ამაოდ იწანწალეს და საღამოს ხელცარიელი დაბრუნდნენ უკან.
უხმოდ მიდიოდნენ.
ბელადი კიდევ უფრო მოხრილი ჩანდა. ისე იყო შეკუმშული, თითქოს ნადირის სუნი იკრადა ნახტომისათვის მოემზადაო.
გამოქვაბულს რომ მიუახლოვდნენ, პატარა ზუმ ბილიკიდან გადაუხვია. მონადირეებსმისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იგის მიუქცევია ყურადღება, ალბათ მუცელშიშიმშილი აუწრიალდა და საჭმელს ეძებსო, თავის სხეულში თქვა. მართლაც პატარა ზუგაბარდნილ ბუჩქს მიადგა და მის წვრილ, შავ ნაყოფს ჭამა დაუწყო.ცოტა გზა რომ გაიარა,იგის სხეულში პატარა ზუ გაჩნდა, რომელიც ფეხაკრეფით გადადიოდა ბილიკიდან და თანცალი თვალი ეჭირა თანამოძმეებისაკენ, თითქოს რაღაცის ეშინიაო.
“ვის ემალება პატარა ზუ?” – თავის სხეულში იკითხა იგიმ და სწრაფად მიიხედა.
პატარა ზუ გაშეშებული იდგა ბუჩქის ძირას, კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა დათვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის. როგორც კი იგიმ მიიხედა, სახეზედამფრთხალი ნადირის ფერმა გადაურბინა, ბუჩქისკენ შეტრიალდა და ფაცხაფუცხითდაიწყო ნაყოფის კრეფა და ჭამა.
იგი მობრუნდა და გზა განაგრზო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, წეღანდელივითსწრაფად მოიხედა. პატარა ზუ მისკენ აღარ იყურებოდა, შავი ნაყოფის ჭამით იყოგართული.
ქალები და ბავშვები ხმამაღალი ღრიანცელით გამოეგებნენ მონადირეებს, მაგრამ,ხელცარიელები რომ დაინახეს, უცბადვე დადუმდნენ, სახეზე შეშფოთების ფერიდაედოთ და ბელადს მიაჩერდნენ. Bელადს ხმა არ ამოუღია, არც ნაბიჯი შეუნელებია.მაშინ ქალები და ბავშვები მიიწ-მოიწიენ. ბელადსა და დანარჩენ მონადირეებს გზადაუთმეს და, როცა კაცები გამოქვაბულში შევიდნენ, მახლობელ ტყეში მიმოიფანტნენ.
ბელადი საბელადო ქვაზე დაჯდა, კეტი ფეხებთან დაიდო. დაჯდა ასე, ხელები კოჭებშიჩაევლო, შუბლი მიწისათვის მიეშვირა. იჯდა უხმოდ და ოდნავ ირწეოდა.
დანარჩენებიც დასხდნენ.
იგიმ გამოქვაბულის შორეულ კუთხეში მოიკალათა. ახლა, როცა შიმშილი ბელადსბელადობას ედავებოდა, იგის ერჩივნა მოშორებით ყოფილიყო და მისი გამართულისხეული თვალში არავის მოხვედროდა. რომელიღაც გაუგებარი სიტყვა კარნახობდა, ასემოიქცეს იგიო, თორემ შიშით არ ეშინოდა. არც შიში და არც შეშფოთება იმ დღეს იგის არგაკარებია. შიმშილიც კი ისე უჩუმრად დასრიალებდა მის სხეულში, რომ ძლივს ამჩნევდა.ეგ იყო მხოლოდ, ტანი უგრძნობდა რაღაცას და უცნობი სიტყვა ურჩევდა, შორს იყოს იგიდა თვალში ნურავის შეეჩხირებაო.
ამასობაში ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ და ნაირნაირი ნაყოფი და ფესვებიმოიტანეს. ნაყოფი და ფესვები დაძინებით ვერ დააძინებდა შიმშილს, მაგრამ ცოტათიმაინც დააშოშმინა.
გამოქვაბულის ცივი დუმილი ხრამუნმა დაარღვია. ყველანი ჭამდნენ, მარტო ბელადიიჯდა უძრავად. ბელადს პირი არაფრისთვის დაუკარებია.
იგიმაც მალე მიატოვა ჭამა; ცოტაოდენი ფესვები გაღეჭა და თავი მიანება.
გამოქვაბულში ხრამუნი და ქშენა ისმოდა.
უცებ იგიმ იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ერთი კი შეკრთა ოდნავ, მაგრამ არშერხეულა. გატრუნულმა მიუგდო ყური. მერე ოდნავ, სულ ოდნავ მიაბრუნა თავი იმმხარეს და ცალი თვალი გააპარა.
ზუ იყო. ზუ იჯდა, პირი გამოტენილი ჰქონდა, ორივე ლოყა გამობერილი, მაგრამდაღეჭვა და გადაყლაპვა თითქოს დავიწყებოდა. თვალებგაფართოებული მისჩერებოდაიგის.
“ზუს რაღაც უნდა”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და სწრაფად მიტრიალდა ზუსკენ.
ზუმ მაშინვე აარიდა თვალი და გამალებით აამუშავა ყბა.
ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა დახედავდა, რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა, რომ ზღვა იგი იყო, ტყესუყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო.
მთელ სხეულში თბილმა, ძალიან კარგმა გემომ დაუარა და გაეღვიძა.
ნის სუნი რომ მოუვიდოდა, მაშინ დაუვლიდა ხოლმე სხეულში ასეთი გემო.
დილით ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, როცა ყველანი გაჩუმდნენ, თქვა.
– იგი არ წავა სანადიროდ.
იგის სხეულში გაკვირვება შეკრთა. გაკვირვებას უცხო სუნი ასდიოდა.
მონადირეებს ყრუ და გაუგებარი ხმა აღმოხდათ. მერე ისევ გაჩუმდნენ და ბელადსმიაჩერდნენ. ყველანი ბელადს უყურებდნენ. მარტო ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაცუკან იდგა და იგი ვერ ხედავდა მას, მაგრამ ბეჭები უგრძნობდა, რომ ზუ უყურებდა.
როცა სხეულში გაკვირვება გაჩუმდა, იგიმ თქვა:
– იგი ქალი არ არის. იგი ბავშვი არ არის. რატომ არ წავა იგი სანადიროდ?
ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის, მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყველანიდუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, კაცი რომ დიდ ქვასდაეჭიდოს და ვერ ასწიოს.
იგი მიხვდა, რომ ბელადს თქმა უნდოდა და სიტყვებს წყობისად ვერ ალაგებდა.ბოლოს, დიდი დუმილის შემდეგ, მაინც თქვა:
– იგი თუ წავა სანადიროდ, მონადირეები შიმშილს ინადირებენ. – აქ ისევ გაჩუმდა.მერე თვალი მიწას მოსწყვიტა, იგის ახედა, თეთრი კბილები ავად დაკრიჭა, კეტი მიწასდაჰკრა. – იგი არ წავა სანადიროდ!
მონადირეებმა უკან დაიხიეს და ბელადსა და იგის გამოქვაბულის შუაში ადგილიდაუთმეს. იგის თავში სიტყვები ჩნდებოდა და წყობისად ლაგდებოდა. ან უნდა შებმოდაბელადს, ან უნდა გასცლოდა.
ბელადი ძლიერი იყო.
იგი გაეცალა. შეტრიალდა, მონადირეებს გასცდა. ქალებისა და ბავშვების ავ მზერასწააწყდა და, ნეტა ნი სად არისო, სხეულში იკითხა.
ბეჭები ზუს მზერას გრძნობდა. მერე ზუს მზერა მოშორდა ბეჭებს და იგი მიხვდა,რომ მონადირეები წავიდნენ.
ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ვისაც ნადირობა შეეძლო, ყველა დადიოდასანადიროდ. ვისაც არ შეეძლო, ის დიდი დაძინების ქარაფზე აჰყავდათ.
იგი ხის ძირას იჯდა, ზურგითა და კეფით ხის ტანს ეყრდნობოდა და ცასშეჰყურებდა. თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა ჯოგი მიდისწყაროზე, ხოლო სხეულში ხან ბელადი ჩნდებოდა, ხან ზუ, ხან სხვები. ბელადიიღრინებოდა იგის სხეულში და მისი თეთრი კბილები ავად ელავდნენ.
რა უნდა ბელადს? რატომ არ წაიყვანა იგი სანადიროდ? ხომ არ ჰგონია, იგისნადირობა არ შეუძლია? იქნებ ისა ჰგონია, ხელი რომ მოეცარათ და ვერაფერიმოინადირეს, იგის ბრალია?
იგი გაიტრუნა და საკუთარ თავს ყური მიუგდო. ბოლო სიტყვები უკან დაბრუნდნენდა ხელახლა გაიარეს იგის თავში. იქნებ მართლა იგის ბრალია? აქამდე არასოდესდაბრუნებულან ხელცარიელი…
იგი წამოდგა და ტყისკენ გასწია. ქალებმა, რომლებიც გამოქვაბულის წინ ისხდნენდა თოთო ბავშვებს თავიანთ სხეულს აწოვებდნენ, თვალი გააყოლეს. იგის მათკენ არმიუხედავს. ნელი ნაბიჯით გასცდა იქაურობას.
ტყეში, ნაკადულთან, სხვა ქალებს წააწყდა. ესენი ნადირის ტყავებს ალბობდნენწყალში და, რომ ჩაუარა, მათაც გააყოლეს თვალი.
იგი ამ ქალებსაც გასცდა და ნაკადულს ქვემოთ დაუყვა. არც მარტოობას გრძნობდა,არც წუხილს, არც შეშფოთებას, მაგრამ ისე მაინც არ იყო, როგორც იყო ადრე, სანამბელადი ქალებთან და ბავშვებთან დატოვებდა. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდასხეულში. რისი გემო იყო, ვერ გაეგო.
იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადული ზღვას ერთვოდა, უცებ ნის სუნიეცა.
თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა “ნი” დარჩა.სხეულიდანაც ყველა სახე ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე დარჩა. შეჩერდა.იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა.
ნი გაღმა იყო; გულაღმა იწვა, მკლავები აქეთ-იქით გადაეშალა, თვალებიდახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნელა ადიოდა დაცადიოდა. იგი შეყოყმანდა, ჯერ გზის გაგრძელება დააპირა, მერე სეტრიალდა დანაკადულში შეტოპა.
ნიმ თვალი გაახილა, მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წამოჯდა,ხელისგულები თეძოების ორსავე მხარეს მიწას დააყრდნო და მისკენ მომავალ იგისმიაჩერდა.
ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უცებ გაქრა და მის ადგილას მძაფრი დაგამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემდაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა დაჰაერი ხარბად შეისუნთქა.
იგი რომ მიუახლოვდა, ნი წამოხტა და უკან დაიხია. იგი სეჩერდა. მერე ნაბიჯი წინწადგა. ნი შეტრიალდა და გაიქცა. იგი დაედევნა. ნიმ ხის ირგვლივ დაიწყო სირბილი,დროდადრო უკან იხედებოდა და ნაბიჯს თანდათან უნელებდა. ბოლოს იგი წამოეწია დახელები წელზე შემოხვია. ნის სხეული აუკანკალდა, ჩაიჩოქა, მერე გულაღმა დაწვა დათვალები მილულა.
იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც იქცევიანასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამო სუნიშემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელშისიმხურვალე გაქრა.
ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თანთბილი სუნი შემოჰქონდა.
იგიმ ხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა:
– ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და საამო.
ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.
იგიმ კიდევ თქვა:
– ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა.
ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა იგის.
ხოლო იგიმ კიდევ თქვა:
– ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.
ნი სწრაფად წამოჯდა.
– იგის სხვა რამე უნდა?
ნის თვალებში გაკვირვებას ავი ფერი დაკრავდა და ყველა და ყველა სიტყვა,რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან. ნის საამოსუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სუნმა შეცვალა და იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთდროს სხვები: ხელები მხრებში მოჰკიდა, დააწვინა და თვითონაც ქშენით დააწვაზემოდან. ნიმ თვალები ისევ მილულა, მკერდით მკერდზე მიეკრა და ასხმარტალდა.მერე, როცა იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან სხვები, ნიმ სხმარტალი შეწყვიტა. ახლა ისუძრავად იწვა, მოშვებული და თვალებდახუჭული.
იგი ფრთხილად მოშორდა ნის სხეულს და წამოჯდა. თავში აღარც ერთი კარგისიტყვა აღარ ჰქონდა. იჯდა, უკვირდა და ვერ მიმხვდარიყო, რატომ მაინცადამაინც ნიჩნდებოდა ხოლმე მის სხეულში და არა სხვა ვინმე.
ნიმ თვალი გაახილა.
– აღარ უნდა იგის ნისთან?
იგიმ არ უპასუხა. ადგა და ნაკადულს დაუყვა ქვემოთ. მის სხეულში ისევ ნი იყო,მაგრამ ახლა არ იცოდა კარგი იყო ნი თუ ცუდი, რადგან ნი ისე იყო დამახინჯებული, კაცირომ გუბეში თავის თავს უყურებდეს და ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს. იგი ცდილობდა ესუცნაურად დაშლილი და დარღვეული ნი გაესწორებინა თავის სხეულში, მაგრამ არაფერიგამოსდიოდა.
დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის. ამიტომ გაძევება სცადა.
“გავიდეს ნი იგის სხეულიდან!”
ნი არ გადიოდა. ტანი მოღრეცილი ჰქონდა, სახე უსაშველოდ გაგრძელებული,ნიკაპი გვერდზე გაგდებული, ცალი თვალი შუბლზე აჯდა, მეორე სულ არ ჩანდა, ფეხებიშეშუპებული იყო და შუაში გადატეხილი.
ცუდი სანახავი იყო ნი.
“გავიდეს ნი იგის სხეულიდან!”
ნი არ გადიოდა.
მაშინ იგი თვითონ გაჩნდა თავის სხეულში და გამეტებით ჰკრა ხელი ნის. ნი კიდევუფრო დაირღვა და დაიშალა. იგი მთელი ძალით მიაწვა ნის. ნის ნაწილები სხეულისკუთხეში მიიყუჟა, მაგრამ გასვლით არ გავიდა.
” იგიმ არ იცის სად არის ხვრელი, საიდან უნდა გავიდეს ნი”. – მწუხარედ თქვა იგიმთავის სხეულში და გძა განაგრძო.
სხეულში იგი ებრძოდა ნის და ერეოდა კიდეც, მაგრამ გაძევებით ვერ აძევებდა.
ამასობაში ზღვის სველი სუნი ეცა და ამით მიხვდა, რომ ზღვის პირას გავიდა,თორემ დანახვით ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, რადგან საკუთარ სხეულში იყურებოდა,სადაც იგი ნის ებრძოდა.
თბილ სილაში ჩაიჩოქა.
სხეულში იგი და ნი იბრძოდნენ.
თითს ყაზროდ უსვამდა სილას.
მახინჯი ნი ტკივა სხეულს. მაგრამ მახინჯი ნი არ გამოდის სხეულიდან. რაუცნაური სანახავია! წაგრძელებული სახე, გვერდზე გავარდნილი ნიკაპი, ცალი თვალიშუბლზე…ტანი დაბრეცილი…ფეხები ასე შეშუპებული…შუაში, აი აქ, გატეხილი…
უეცრად მახინჯი ნი გაქრა სხეულიდან და მყისვე იგის ტვალებმა მახინჯი ნისილაში დაინახეს.
იგის თითქოს რაღაცამ უბიძგაო, ზეზე წამოვარდა. თვალებში შიშისა და გაოცებისფერი ჰქონდა, სხეულში ყრუ ბაგაბუგი ისმოდა.
დამფრთხალმა დაიხია უკან. მერე შეტრიალდა და გაიქცა. თავში სიტყვებილაპარაკობდნენ, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ, არ ესმოდა.
მერე სიტყვები ნელ-ნელა დალაგდნენ, ბაგაბუგიც ცოტა მიწყნარდა სხეულში დაიგიმ ნაბიჯი შეანელა.
იქ, სილაში, მახინჯი ნი წევს. მახინჯი ნი იგის სხეულიდან გამოვიდა და სილაშიცაწვა.
იგიმ ფრთხილად მოიხედა, მაგრამ ნი ვერ დაინახა; სილაში მხოლოდ საკუთარიკვალი ჩანდა.
როგორ გაჩნდა ნი?
უცებ იგის სხეულში იგი შემოვიდა. ეს იგი მუხლებზე იდგა და თითს სილაშიუსვამდა. თითის ნაკვალევი ერთმანეთს უერთდებოდა და რაღაცას ემსგავსებოდა.
და იგი მიხვდა!
იგის თითმა გააკეთა სილაში ნი!
იგის ჯრუანტელმა დაუარა სხეულში. თითი ოდნავ ასწია და ზედ დაიხედა. თითითითი იყო.
იგი შეტრიალდა და უკან წავიდა. ისე მიდიოდა, მძინარე ნადირს რომ წამოეპაროს.მიდიოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა.
ნეტა წავიდა მახინჯი ნი, თუ ისევ სილაში წევს?
ბევრი კი ურბენია აქეთობას.
ეტყობა წასულა,” – თავის სხეულში თქვა იგიმ და ამ დროს ნიც გამოჩნდა სილაში.
იგი შედგა. კინაღამ წეღანდელივით შეტრიალდა და გაიქცა. ძლივს შეიკავა თავი.მერე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნი იწვა და არ ინძრეოდა, იგიმ კენჭი აიღო დაესროლა, თან გასაქცევად მოემზადა. კენჭი ნის გვერდით დაეცა. ნი არ განძრეულა. იგიმკიდევ ესროლა კენჭი და დაბრეცილ მკერდში მოარტყა. რაკი ნი არც ამჯერად გაინძრა,გული მოეცა და გაბედულად მიუახლოვდა. აქ ისევ შეჩერდა, დააკვირდა.
– ნი! – დაუძახა და გასაქცევად მოემზადა.
ნის არც მოუხედავს და არც ხმა გაუცია.
“ეს ნი ნამდვილი არ არის, – უხმოდ თქვა მაშინ იგიმ, – ეს ნი ისეთია, როგორიც იგისსხეულში იყო.”
ეს კი თქვა იგიმ, მაგრამ კარგახანს მაინც ვერ გაბედა მისვლა. ბოლოს მივიდა,ზემოდან დააცქერდა, მერე ფეხი ფრთხილად ასწია, ოდნავ შეეხო ნის ხელს და მაშინვემოაშორა, თან ყოველი შემთხვევისათვის უკან დაიხია.
იმ ადგილას, სადაც იგი შეეხო, ნის ხელი სხეულს მოწყდა.
“ეს იგის ფეხის კვალია, – თავის სხეულში თქვა იგიმ, – იგის ფეხის კვალმა ნის ხელიმოსწყვიტა”.
იგიმ კვლავ ასწია ფეხი და ნის სახეზე მიუს-მოუსვა.
ნის სახე გაქრა.
მაშინ იგი დაიხარა, ნის სხეულს, ნის ხელებს, ნის ფეხებს თავისი ხელები გადაუსვაზემოდან.
ნი სულ გაქრა.
“ეს ნი არ იყო, – თავის სხეულში თქვა იგიმ, – ეს ნის კვალი იყო”.
ამ სიტყვებს გაკვირვების სუნი აუვიდა.
იგი ფეხს დაადგამს სილას და იქ იგის თითების კვალი რჩება. იგი გაჩაჩხულ ხელსდაადებს სილაზე და იგის თითების კვალი რჩება. ეს მას სემდეგ იცის იგიმ, რაც ერთხელდიდი დაძინების ქარაფზე ძველი ბელადის ნაფეხურები ნახა.
მაგრამ იგის კვალს იგი ტოვებს. ბელადის კვალს ბელადი ტოვებს. თუკი ნი არ იყო,ნის კვალი როგორღა დარჩა? განა იგის თითი ნი არის, რომ ნის კვალი გააკეთოს?
იგიმ კვლავ დახედა თავის თითს. თითი არაფრით არ ჰგავდა ნის.
იგი ჩაცუცქდა, თითი ფრთხილად დაადო სილას და გაუსვა. სილაზე რაღაც კვალიდარჩა, მაგრამ ეს არ იყო ნი. იქნებ ჯერ არ არის ნი და მერე გახდეს? იგიმ თითის მოსმაგანაგრძო. ესვამდა და უსვამდა. სილაში ხაზები იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს კვეთდნენ,ერთმანეთში ირეოდნენ, მაგრამ ნის არ ჰგავდნენ. იგი შეჩერდა, კარგად დააკვირდათავისი თითის ნამოქმედარს. ხან ამ მხრიდან უყურა, ხან იმ მხრიდან, უცებამასწინანდელი ღამე გაახსენდა, როცა აქ იდგა და ირგვლივ ყველაფერი იგი იყო, ცაც იგიიყო, ზღვაც იგი იყო, ტყეც და ქედებიც…ალბათ ზოგჯერ ნიც იგია. ალბათ წეღან იგისთითი მართლა ნი იყო, ამიტომ დატოვა კვალი სილაში.
იგიმ ხაზები საგულდაგულოდ წაშალა, მუხლებზე დადგა და ნი მოიხმო.
“ნი შემოვიდეს იგის სხეულში. ნი შემოვიდეს იგის სხეულში!”
და ნი შემოვიდა იგის სხეულში. ნი წეღანდელივით დარღვეული და მახინჯი იყო.
იგი დაკვირვებით უყურებდა ნის და თითი მსუბუქად დაცურავდა სილაში.თავიდან თითის მოძრაობას ვერ ხედავდა, რადგან მთელი გულისყური სხეულში ჰქონდა.მერე და მერე მოახერხა ისე, რომ ნისაც უყურებდა და თითსაც ადევნებდა თვალს.
ნი ნელ-ნელა ქრებოდა სხეულში და სილაში ჩნდებოდა.
ბოლოს თითი გაჩერდა. ნი სილაში იწვა. მახინჯი, დაბრეცილი, დაშლილი.
იგი იდგა მუხლებზე და სილის ნის დასცქეროდა. სხეული ცარიელი ჰქონდა, თავშისიტყვები არ მოძრაობდნენ.
მერე წელში გასწორდა, შორეულ ქედებს გახედა, თითქოს გაიშალა, გაიზარდა დამთელი სივრცე ამოავსო. ახლა რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთ არსადიქცა ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო…ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაციყო…
იგი იდგა მუხლებზე და მთელ სივრცეში მხოლოდ თავის თავს ხედავდა.
მერე, როცა გარემოს მოწყდა და ისევ საკუთარ სხეულში მოექცა, დანარჩენისაგნებიც თათვიანთ სხეულში დაბრუნდნენ და ზღვარი, რომელიც მათ ერთმანეთისგანჰყოფდა, აღდგა. ახლა ზღვა ზღვა იყო, ცა ცა იყო, ტყე ტყე იყო და იგი იგი იყო.ყველაფერი თავის ძველ სახეს დაუბრუნდა; ოღონდ მათ შორის რაღაც იდუმალი კავშირიმაინც დარჩა და ეს კავშირი იგი იყო. იგი უცნაურ წინათგრძნობას შეეპყრო; თითქოსქვეყნად უამრავი იგი არსებობდა, ოღონდ ზოგ მათგანს ზღვა ჰქონდა სხეულად, ზოგსმთა, ზოგს ცა… და იგის სეეძლო, როცა მოისურვებდა, გადაეხსნა ეს სხეული და მაშინქვეყნიერება წეღანდელივით მხოლოდ იგი იქნებოდა, ერთიანი და განუყოფელი იგი, რომელსაც არაფერი არ ექნებოდა სხეულად.
რაკი იგი კვლავ თავის სხეულს დაუბრუნდა, თვალებმა სილის ნის დახედეს.
სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, მანამ იგის სხეულში მუდამ სხვანაირი ნი ჩნდებოდა, ლამაზი, თბილი, კარგი, თვალები რომ ზღვას უგავდა და თმა - ჩამოცვენილ ფოთოლს. ახლა რაღა მოუვიდა ნის? რად დამახინჯდა? რად დაირღვა?
თვალები სილის ნის უყურებდნენ. ასეთი სახე არ ჰქონდა ადრე ნის.
იგიმ ფრთხილად გადაუსვა ხელი სილის ნის სახეს და წაუშალა.
როგორი სახე ჰქონდა ნის ადრე?
იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში ძველი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მერე ახალი ბელადი გაჩნდა და გაქრა. მთელმა ტომმა გაიარა, როცა ციდან წვიმა მოდიოდა. და აი, ბოლოს ნიც გაჩნდა.
ნი გაჩნდა, მაგრამ ძალიან სწრაფად გაქრა და იგიმ ვერ გაარჩია, როგორი სახე ჰქონდა.
იგიმ თვალები გაახილა და ისევ დახუჭა.
ახლა მის სხეულში პატარა ბალახი გაჩნდა, რომლის ფოთოლზე ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, იქვე იგი ჩაჩოქილიყო და ბალახს დაჰყურებდა. მერე ბალახიც გაქრა და იგიც. მათ ადგილას ზღვა გაჩნდა. ზღვა ლივლივებდა და შორს, დასალიერთან, ცას ერთვოდა.
და უცებ კვლავ გაჩნდა ნი. ნი წეღანდელივით სწრაფად გაქრა, მაგრამ ამჯერად იგიმ მოასწრო იმის შემჩნევა, თუ როგორი ცხვირი ჰქონდა ნის. იგი უყურებდა ნის ცხვირს და ნის ცხვირს ნელ-ნელა მთელი სახე გამოესხა. ძველი ნის სახე. კარგი, საყვარელი, ცის თაღივით რომ სითბოს აფრქვევდა. აი, ეს არის ნამდვილი ნი, და არა ის დაშლილი და დაბრეცილი ნი, რომელსაც არაფრით არ უნდოდა იგის სხეულიდან გასვლა. იგის თითი ნელა მოძრაობდა სილაში. იგი ახლა მკაფიოდ ხედავდა, როგორ ქრებოდა მის სხეულში ნი ნაწილ-ნაწილ და როგორ ჩნდებოდა სილაში ასევე ნაწილ-ნაწილ.
თითმა მოძრაობა დაამთავრა. სილაში ახლა ძველი ნი იყო, ის ნი, რომლის ყოველ შემოსვლაზე იგის სხეულში უჩვეულო და საამო ბაგა-ბუგი ატყდებოდა ხოლმე და უჩვეულო და საამო სუნი დატრიალდებოდა.
იგი წამოდგა და მაღლიდან დახედა სილის ნის. მერე ირგვლივ შემოუარა, თან თვალს არ აშორებდა. შემოვლა რომ დაამთავრა, სილის ნის იგის ფეხის ნაკვალევი შემოეკრა. იგიმ კვლავ შემოუარა, ისე, რომ ფეხს კვალსა და კვალს შორის ადგამდა. რამდენჯერმე რომ შემოუარა, სილის ნის უკვე ერთიანი კვალი ერტყა გარშემო.
იგის მოეწონა.
და არც კი განუზრახავს, ისე თქვა სხეულში:
"იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც სხვებმა არ იციან".
ეს რომ თქვა, მაშინღა იგრძნო, რომ მთელ სხეულში ცხელი გემო ტრიალებდა. ცხელი გემო ტრიალებდა, თან ზემოთ მოიწევდა და თითქოს იგის სხეულსაც სადღაც ზემოთ ეწეოდა.
"იგიმ რაღაც იცის ისეთი, რაც თვით ბელადმაც კი არ იცის".
და ბელადი გაჩნდა იგის სხეულში. ბელადმა კეტი შემართა და თქვა: "იგი არ წავა სანადიროდ!" მერე ასეთი ბელადი გაქრა და სხვანაირი ბელადი გაჩნდა. ის ბელადი გაჩნდა, რომელმაც თავისი მამა დაამარცხა, მის ადგილას დაჯდა, ნადირის თავი ჩაბღუჯა და გულში ჩაიკრა.
ეს ბელადი დარჩა იგის სხეულში. ავი ბელადი, კბილებდაკრეჭილი, ფაფარაყრილი, თვალებცასისხლიანებული.
იგის თითი კვლავ ამოძრავდა სილაში.
ბელადი ნელ-ნელა გამოდიოდა იგის სხეულიდან და სილაში ჩნდებოდა.
იგიმ სილის ბელადსაც შემოავლო კვალი.
"იგიმ დიდი რაღაც იცის".
ცხელი გემო, რომელიც სხეულში ტრიალებდა და მაღლა მიიწევდა, უცნაურად საამო იყო. ისეთი, როგორიცაა პირველი ნადირობა და ისეთიც, როგორიცაა ნისთან წოლა ნაკადულის პირას.
ამ დროს ქვეყანაზე წვიმა წამოვიდა.
იგიმ დააპირა პატარა გამოქვაბულში შეეფარებია თავი, მაგრამ უცებ შენიშნა, როგორ ეცემოდა წვეთები სილის ნისა და სილის ბელადს, და შეჩერდა.
წვეთები პატარ-პატარა ღრმულებს აკეთებდნენ ნისა და ბელადის სახეებზე. მერე ღრმულები გაფართოვდნენ, ერთმანეთს შეუერთდნენ, მთელ სახესა და მთელ სხეულს მოედვნენ და მალე ნისა და ბელადის ადგილას სველი სილის მეტი აღარაფერი დარჩა.
იგი უყურებდა სველ სილას და სხეული გაკვირვებით ევსებოდა.
როცა დიდი დაძინების ქარაფზე წვიმაში ძველი ბელადის ნაბიჯები კვალს ტოვებდა, იგის ეგონა, კვალი წვიმის გამო რჩებოდა. აქ კი წვიმამ სილის ნიც წაშალა, სილის ბელადიც და იგის კვალიც.
იგი უყურებდა სველ სილას და თვითონაც სველდებოდა. მერე თავის სხეულში თქვა:
"ნეტა როგორ უნდა გააკეთოს იგიმ ისეთი კვალი, რომ არ წაიშალოს?"
იგის თავში არ იყო ისეთი სიტყვები, რომლებიც ამ კითხვას უპასუხებდნენ.
ერთხელაც დახედა სველ სილას და დიდი გამოქვაბულისაკენ გაუდგა გზას.
ქალებსა და ბავშვებს გამოქვაბულში შეეფარებინათ თავი. ქვეყანაზე ძლიერი წვიმა მოდიოდა და იგის გაუკვირდა, ნი რომ გარეთ დაინახა. ნი ბალახში იდგა. მკლავები განზე გაეშვირა, მთელი სხეული წვიმისთვის შეეშვირა, თავით ფეხებამდე სველი იყო და ისეთი სახე ჰქონდა, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.
იგი შედგა და ცქერა დაუწყო.
ნის რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი იყო, და რაღაც ჰქონდა ისეთი, რის გამოც ძველი ნი არ იყო.
ამ დროს ნიმ იგი იგრძნო და მოიხედა. ახლა აღარ ჰქონდა ისეთი სახე, პატარა ბავშვი რომ დედას დაინახავს.
მკლავებიც დაუშვა.
იგი იდგა და უყურებდა.
- რა უნდა იგის? - იკითხა ნიმ. ნი რაღაცნაირი იყო.
- ნი არ არის ნამდვილი, - თქვა იგიმ. - ნამდვილი ნი სილაში იყო და წვიმამ წაშალა.
იგი უყურებდა ნის და სხეულში ნამდვილი ნი გაჩნდა; ძველი ნი, რომელსაც უჩვეულო სუნი ასდიოდა.
- ნუ უყურებს იგი ნის, - ჩურჩულით თქვა უცებ ნიმ. - ნის ეშინია.
იგი შეკრთა, სწრაფად აარიდა თვალი და ზურგი შეაქცია.
"რატომ ეშინია ნის? - უხმოდ თქვა იგიმ. - განა იგი მძვინვარე მხეცია, რომ საშიში იყოს?"
მაშინვე ტანმა რაღაც უგრძნო და ცივმა ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დაუარა. ამჯერად თითქოს მიხვდა კიდევ, რა სიტყვა ერქვა ამ გრძნობას, მაგრამ ყურს მონადირეების შორეული ხმა მიწვდა და ნაპოვნი სიტყვა ისევ გაქრა.
მონადირეების ხმამ გამოქვაბულშიც შეაღწია. ქალები და ბავშვები გნიასით გამოცვივდნენ გარეთ.
წინ, წესისამებრ, ბელადი მოდიოდა. და თუმცა კარგად ენადირათ, მაინც ქუშად ჩაჰყურებდა მიწას. უკან ძველი მონადირეები მოჰყვებოდნენ. ამათ ვეებერთელა ნადირი გაედოთ მხრებზე და მოჰქონდათ. ზუ ბოლოში მოაბიჯებდა.
ქალები და ბავშვები მონადირეების ირგვლივ დახტოდნენ, ხელებს იქნევდნენ და ყურთასმენის წამღებად ჭყიოდნენ.
იგი განზე იდგა.
ბელადმა და დანარჩენმა მონადირეებმა ისე ჩაუარეს, არ მოუხედავთ. მხოლოდ ზუმ მოიხედა. ზუმ ნელა მოატრიალა სახე, მაგრამ როგორც კი იგის მზერას წააწყდა, მაშინვე აარიდა თვალი.
გამოქვაბულის შესასვლელთან ქალები და ბავშვები გვერდზე მიდგნენ და კაცებს დაუთმეს გზა.
ძველმა მონადირეებმა ნადირი გამოქვაბულის შუაში დადეს და განაწილებას შეუდგნენ. სხვები ისხდნენ და მათ უყურებდნენ. თვალებიდან ყველას შიმშილის სუნი ასდიოდა.
თავი ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს. ბელადმა აიღო, შეატრიალა და, სადაც წითელი სისხლი ჰქონდა შერჩენილი, იმ ადგილს დაეწაფა. ისე ნელა წოვდა, ჩვილმა ბავშვმა რომ დედის სხეული მოწოვოს. თან თვალები დახუჭა. სახიდან სიავის სუნიც გადაეცალა და სითბოს სუნი დაეფინა.
მონადირეები ნადირის განაწილებას განაგრძობდნენ.
იგი შორეულ კუთხეში იჯდა.
ყველაზე ძველი მონადირე რიგრიგობით ეძახდა თანამოძმეებს.
"ახლა იგის დაუძახებენ!" - უხმოდ თქვა იგიმ, როცა მისი ჯერი მოვიდა.
მაგრამ ყველაზე ძველმა მონადირემ სხვას დაუძახა. მერე კიდევ სხვას დაუძახა და მერე კიდევ სხვას. ზუც რომ გაისტუმრა, მხოლოდ ამის შემდეგ დაუძახა იგის.
იგი წამოდგა.
ბელადმა წოვა შეწყვიტა. პირი არ მოუშორებია ნადირის სისხლიანი კისრისათვის, ისე შეწყვიტა წოვა, ცალი თვალი გაახილა და ძველ მონადირეებს გადმოხედა. სახეზე სითბოს სუნი გადაეცალა და სიავის სუნი დაეფინა. მერე წამოდგა, ნადირის თავი საბელადო ქვაზე დადო და შუა გამოქვაბულისაკენ წამოვიდა.
ყველანი ბელადს მისჩერებოდნენ.
ის იყო იგიმ თავისი წილი ხორცი ჩამოართვა ყველაზე ძველ მონადირეს, რომ ბელადიც მოვიდა.
ბელადმა გრძელი კბილები გადმოჰყარა, ქვემოდან ახედა იგის და იგიმ განძრევაც ვერ მოასწრო, ისე უცებ გამოგლიჯა ხორცი ხელიდან გამოქვაბულს გაკვირვების ღმუილმა გადაუარა.
- იგის არ უნადირია, - თქვა ბელადმა და ტავის ადგილს დაუბრუნდა. დაჯდა, ნადირის თავი კალთაში ცაიდო და ზედ იდაყვები დააჭირა, იგის წილ ხორცს ლი ძიძგნა დაუწყო, თან ცალი თვალი იგისკენ ეჭირა.
მთელი გამოქვაბული ახლა იგის უყურებდა. ძველმა მონადირეებმაც კი შეწყვიტეს ხორცის განაწილება და ისინიც იგის მიაჩერდნენ.
იგის ბალანი აეჯაგრა, სხეული მრისხანებამ აუვსო, კეტს ხელი მაგრად მოუჭირა და მაღლა ასწია. ბელადმა მაშინვე შეწყვიტა ჭამა და თვითონაც კეტს დაავლო ხელი, ოღონდ წამოდგომით არ წამომდგარა.
უცებ საიდანღაც სიმშვიდის სუნი მოვიდა. სიმშვიდის სუნი ირგვლივ შემოეფინა იგის, მერე სხეულშიც შეაღწია და იქიდან მრისხანება გამოდევნა.იგიმ კეტი დაუშვა და წყნარად თქვა:
- იგის არ უნადირია, იმიტომ რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.
ბელადმაც დადო კეტი და იგის წილი ხორცის ძიძგნა განაგრძო.
მაშინ იგი ახლო მივიდა, ზემოდან დახედა და გაიმეორა:
- იგის არ უნადირია იმიტომ, რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ.
ბელადმა ხორცის ძიძგნა შეწყვიტა, თავისი წილი და იგის წილი ერთად ჩაბღუჯა, საიმედოდ მიიკრა გულზე და იგის შეხედა. სახე ისეთი ჰქონდა, მონადირეს რომ ტყეში ღმუილი შემოესმის და ვერ გამოიცნოს, რომელმა ნადირმა დაიღმუვლა.
იგი ატყობდა, რომ ბელადის ტავში უცნობი სიტყვები დაქროდნენ და ბელადი ვერ ახერხებდა მათ დალაგებას და დაკავშირებას. იგის სხეულში უხმოდ გაჩნდა გამარჯვების ყიჟინა. ბელადმა იცოდა, რომ რაკი იგის არ უნადირია, არც ხორცი ერგებოდა. მაგრამ ახლა გაიგო, რომ თვითონვე უთხრა უარი სანადიროდ წაყვანაზე. ხოლო უარი რატომ უთხრა, ამას ვერ გაიგებდა, რადგან გუშინდელი დღე ბელადის სხეულში არ გაჩნდებოდა. ეს იცოდა იგიმ და მშვიდად ელოდა. ბელადისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ წართმეული ხორცი უკანვე უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ნადავლი არ ეთმობოდა და ამიტომ ჯიუტობდა.
გამოქვაბულში სიჩუმე იდგა.
იგი ელოდა. მაგრამ უცებ ეს სიმშვიდე რაღაცამ შეაკრთო. იგის უკნიდან ვიღაც ჩაციებით მოსცერებოდა. ბეჭებს ეტკინა დაჟინებული მზერა. იგის ჯერ ზუ ეგონა, მერე მიხვდა, რომ ზუ არ იყო. და როცა უხმოდ თქვა, ნეტა ვისი მზერა სტკივა ასე იგის ბეჭებსო, გამოქვაბულში ნის ხმა გაისმა:
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები.
ღმუილი მიწყნარდა გამოქვაბულში, ნის ხმამ კიდევ თქვა:
- იგი სხვა ჯიშისაა.
ამჯერად არავის დაუღმუვლია. გამოქვაბულში დიდი სიჩუმე იდგა და დიდი სიჩუმე ყურებში წიოდა.
ნის სიტყვები ავი ნადირის კბილებივით ჩაესო იგის. სხეულში ძლიერმა ტკივილმა იყვირა. იგიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ თვითონაც არ ეყვირა; კბილი კბილს მაგრად დააჭირა, თვალები დახუჭა და ასე ერთიანად დაძაბული ელოდა, როდის გადაივლიდა ტკივილი.
ტკივილმა მართლაც გადაიარა და იგიმ თვალები გაახილა.
გამოქვაბულში კვლავ სიჩუმე იდგა.
ბელადს ხორცი, ნადავლიცა და თავისი წილიც, ისევ ისე გულში ჰქონდა ჩაკრული, პირი გაეღო და ქვემოდან ამოსცქეროდა იგის. გაფართოებულ თვალებში გაკვირვება ედგა და იგის მოეჩვენა, რომ ამ გაკვირვებაში თეთრი შიშიც ერია.
გამოქვაბულის ყოველი კუთხიდან თანამოძმეთა თვალები მოსჩერებოდნენ იგის.
იგის სხეულში ნი ლამაზი და თბილი იყო და საამო სუნი ასდიოდა. და იგის ვერ გაეგო, რატომ გაუჩნდა სხეულში ასეთი ნი და არა ის ნი, რომელმაც საშინელი სიტყვები თქვა.
ამასობაში ბელადის თვალებს გაკვირვების სუნი გადაეცალა. ბელადმა ცალი ხელი შეუშვა ხორცს, ძირს დაგდებულ კეტს მოჰკიდა ხელი და თქვა:
- იგი სხვა ჯიშისაა.
საიდან გაჩნდა ეს სიტყვები ან რას ნიშნავდა, არავინ იცოდა. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ საშიში და ავი სიტყვები იყო, ისეთი საშიში და ავი, როგორიცაა "მძვინვარე მხეცი".
ბელადი წამოდგა, კეტი მაღლა შემართა (ხორცი ცალი ხელით ისევ გულში ჰქონდა ჩაკრული) და დიდი ხმით თქვა:
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა.
ბეჭები ახლა ზუს მზერას გრძნობდნენ, მაგრამ ზუს მზერა არ ტკიოდა ბეჭებს. ეს ამბავი ცოტათი უკვირდა, მაგრამ ამისათვის არ ეცალა. ბელადის თვალებში ახლა ისევ სიავე და მრისხანება იდგა.
თავში სიტყვები აიშალნენ. სიტყვები იყო ახლა ერთადერთი ხსნა, რადგან იგიმ იცოდა, რომ ასეთ ღონიერ ბელადს კეტით ვერ გაუმკლავდებოდა.
თვალი თვალში გაუყარა ბელადს. მანამ უყურა, სანამ მის მრისხანე მზერაში შეშფოთება არ შეერია. მერე კი მშვიდად თქვა:
- იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები. იგი არ არის სხვა ჯიშის.
ბელადმა პირი გააღო. მერე თავი გვერდზე გადაიგდო, ლამის ბეჭს დაეყრდნო და ისე მიაჩერდა იგის. სახეზე ავი სუნი გადაეცალა და ისევ დაეფინა, კიდევ გადაეცალა და კიდევ დაეფინა, როგორც მინდორს გადაეცლება და დეფინება ჩრდილი, როცა ცის თვალის ქვეშ რრუბლები დაცოცავენ. ბოლოს ტავი ისევ აწია, პირი მოკუმა. ისეთი სახე ჰქონდა, დაღლილი მონადირე რომ დიდი ხეტიალის შემდეგ ნადირის კვალს წააწყდეს.
და თქვა:
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი გამართულია.
ეს სიტყვები ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იყო და ბელადს მათი პოვნა არ გაუჭირდებოდა. ეს იცოდა იგიმ და ამიტომ პასუხიც მომზადებული ჰქონდა. როგორც კი ბელადმა თავისი სიტყვები თქვა, იგი მოიხარა; ზურგში ტკივილი კბენდა, მაგრამ მოითმინა, ბოლომდე მოიხარა, ბელადს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:
- ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?
და იგიმ მკაფიოდ დაინახა, როგორ გადაირბინა თეთრმა შიშმა ბელადის სახეზე. ბელადმა ნაბიჯი უკან გადადგა და, ხორცი რომ ეჭირა, ის ხელიც კეტს დაავლო. ხორცი ძირს დავარდა. იგის წილი ფეხებთან დაეცა, ნადირის თავი თავი კი გაგორდა და მოშორებით გაჩერდა. ბელადმა ცალი ფეხი გაიშვირა, გაჭიმა, როგორც იქნა, მიაწვდინა ნადირის თავს და ახლო მოიჩოჩა. თან იგის თვალს არ აშორებდა. ბოლოს ხორცი, თავისიც და იგისიც, ფეხებშუა საიმედოდ მოიქცია; იდგა ავი და კბილებდაკრეჭილი, კეტი მომარჯვებული ეჭირა და იგის შესცქეროდა. მაგრამ მის სიავეში დროდადრო მაინც ჩანდა თეთრი შიში.
იგი უყურებდა და ელოდა.
ბელადი უხმოდ მისჩერებოდა.
მაშინ იგი გაიმართა და ისევ მოიხარა. კიდევ გაიმართა და კიდევ მოიხარა.
და ჰკითხა:
- ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები?
ბელადს შიში გაუქრა. ახლა მის გაავებულ სახეს გაკვირვების სუნი ასდიოდა. ბოლოს თქვა:
- ახლა იგი ისეთია, როგორიც არიან სხვები.
და კეტი დაუშვა.
ამ დროს ნიმ თქვა:
- იგის ისეთი სიტყვები აქვს, როგორიც სხვებს არა აქვთ.
ბელადმა ისევ მოიმარჯვა კეტი და დაიძაგრა.
- რა სიტყვები აქვს იგის?
ზურგში ნის მზერა და ზუს მზერა ერთმანეთს შეერია. იგი ვერ ატყობდა ტკიოდა თუ არა. სხეული გამოქვაბულში წუხდა და გარეთ ყოფნა უნდოდა.
ბელადი იდგა ერთიანად მოზიდული და ავად სესცქეროდა.
უცებ იგის დიდი სიმშვიდე დაეუფლა. ბელადს თვალი აარიდა, სივრცეს გახედა მის აშლილ ფაფარს ზემოთ და თქვა:
- იგის არა აქვს სიტყვები. სიტყვები არავის არა აქვს. სიტყვები რაღაცაა და თავისთვისაა. ხოლო რაღაცა ყველგანაა. ხეში, ზღვაში, შორეულ ქედებში, ტყის მწვანე სუნში, ბალახის რეროში. ხანდახან იგის თავში შემოდის, იქ სიტყვებად იქცევა და პირიდან გამოდის. განა სხვებს არ დამართნიათ ასეთი რამ? განა ბელადს არ დამართნია ასეთი რამ?
- არა. ბელადს არ დამართნია! - დიდი ხმით თქვა ბელადმა.
იგის პირი თავისთავად გაეხსნა, თეთრი კბილები გამოუჩნდა, სახეზე სითბოს სუნი აუვიდა.
სხეულში ბელადი გაჩნდა. მაგრამ ეს ბელადი ნადირის უმწეო ლეკვსა ჰგავდა, ახალშობილს, ბრმას, რომელიც წკავწკავებს და უსინათლო თვალებით დედას ეძებს.
იგიმ სხეული შეიბერტყა და ხილვა გააძევა. მერე ბელადს შეხედა. მისი სახის ავ გამომეტყველებას სინამდვილეშიც ახლდა რაღაც ისეთი, რაც ბრმა ლეკვის უმწეობას ჰგავდა.
და იგიმ თქვა:
- რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა. - უცებ თავში სიტყვები მოზღვავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. - ქვეყანა ზეცაა, მაგრამ ქვეყნის სახე აქვს, ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს, რამის სიბნელე ცის თვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს, ყველაფერი რაღაცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც, ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია... იგი...
მოზღვავებული სიტყვები ნის ხმამ შეაჩერა.
ნიმ თქვა:
- იგი ნიც არის?
- ნიც არის. იგი ყველაფერია.
ბელადი შეკრთა. ცალი ფეხი უკან გადადგა. თვალები გაუფართოვდა და იგის მოეჩვენა, რომ ხმაც გაუფართოვდა.
- იგი ბელადიც არის?
გამოქვაბულმა ერთი დაიღმუვლა და მერე სიჩუმეზე უფრო ძლიერი სიჩუმე ჩამოწვა.
დუმილი დაჟინებით მისჩერებოდა და პასუხს ელოდა.
იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში აწრიალებული შეშფოთება მიყუჩდა. თავში სიტყვების გაუგებარი გროვა ნელა შეირხა, გადაიხსნა და წყობისად დალაგდა. მაშინ იგიმ თვალები ისევ გაახილა და ბელადს მიაპყრო.
- იგიმ ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგიმ იცის, რომ იგი ყველაფერია და დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის სხეულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოუყვანოს. იგი აჩვენებს ბელადს, როგორ გამოვა იგის სხეულიდან ყველაფერი. გამოვიდეს ბელადი გარეთ. დანარჩენებიც გამოვიდნენ.
იგი შეტრიალდა და წელში გამართული, ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისაკენ.
თავიდან არავინ განძრეულა. ყველა გაშეშებული იდგა და იგი გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა.
იგის არ მოუხედავს, ისე გავიდა გამოქვაბულიდან.
ქადილით კი დაიქადნა, მაგრამ არ იცოდა, შეასრულებდა ნათქვამს თუ ვერა. რაც ზღვის პირას მოხდა, თავისთავად გაჩნდნენ იგის სხეულში ნიცა და ბელადიც, თავისტავად გამოვიდნენ იქიდან და მერე სილაში ჩაწვნენ. ახლა კი იგი ბედს იყო მინდობილი, როგორც მონადირე, რომელმაც კვალს ვერ მიაგნო და ალღოთი დაეძებს ნადირს. თუ ალღომ უმტყუნა იგის, ბელადის რისხვა დიდი იქნება და ძლიერი.
იგიმ აქაც უნდა გააკეთოს ის, რაც ზღვის პირას გააკეთა.
იგი ჩაცუცქდა, საჩვენებელი თითი გაშალა და, მიწას რომ შეახო, სხეულში ცივმა შეშფოთებამ დაუარა. ზღვის პირას რბილი სილა იყო და თითი ადვილად ეფლობოდა შიგ, აქ კი მაგარი მიწაა, ამ მიწას თითი ვერაფერს დააკლებს...
იგის ბრძოლა მოუწევდა ბელადთან. კეტი მაინც არ დარჩენოდა გამოქვაბულში.
იგი ზეზე წამოვარდა, უკანვე შეტრიალდა, მაგრამ გვიანღა იყო: გამოსასვლელში უკვე მოჩანდა ბელადი. თავში, თითქოს იგის სულაც არ ეხებოდა, ისე ჩაიქროლეს სიტყვებმა: "რომც არ დარჩენოდა კეტი გამოქვაბულში, ასეთ ბელადთან მაინც რას გახდებოდა იგი!"
მაგრამ სხეული ხსნას ეძებდა და სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. სხეული სწრაფად დატრიალდა, თვალებმა რაღაცას დაუწყეს ძებნა, ბოლოს ქვაზე შეჩერდნენ. ფეხებმა სწრაფად მიირბინეს იმ ქვასთან, ხელებმა აიტაცეს. იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს.
"რაღა რბილი ქვა მოყვა ხელში იგის!" - უხმოდ თქვა გამწარებულმა იგიმ და ქვას ხელი გაუშვა. ნატეხი ძირს დაეცა და კვლავ შუაზე გადატყდა.
იგი დამტვრეულ ქვას დააცქერდა და უცებ სხეულში ძლიერი სინათლე შემოიჭრა. მაშინვე თვითონაც სინათლედ იქცა, ყოველ მხარეს გაიფანტა, ყველაფერში შეაღწია, ყველაფრად იქცა და ყველაფრად იგი აქცია. ახლა სამყარო და იგი ერთი განუყოფელი რარაც იყო.
იგის არ გაუგია, როგორ დავარდა მუხლებზე და როგორ აიღო დამსხვრეული ქვის მოზრდილი ნატეხი, რადგან, როცა საკუთარ თავს დაუბრუნდა, ქვის ნატეხი ხელში ეჭირა და ზედ გამალებით უსვამდა ფრჩხილს. ფრჩხილი მკრთალ კვალს ტოვებდა. სხეულიდან კი ძლიერი ბაგაბუგი ისმოდა.
როცა ქვა სულ ერთიანად დაიკაწრა, იგი შეჩერდა და ნაკაწრს დააკვირდა. ის ხელი, რომელიც წეღან კაწრავდა, ახლა იგის გვერდით მიწაზე დაფათურობდა და რაღაცას ეძებდა. ბოლოს ამ ხელმა მაგარი ქვის ნატეხი იპოვა და აიღო.
იგიმ რბილი ქვა გადმოაბრუნა და მეორე, დაუკაწრავ მხარეს მაგარი ქვა გაუსვა. მაგარი ქვის კვალი კიდევ უფრო ღრმა და მკაფიო იყო, ვიდრე ფრჩხილის კვალი.
სხეულიდან კვლავ ისმოდა ბაგაბუგი.
მაშინ იგიმ თავი ასწია. უკვე ყველანი გამოსულიყვნენ გამოქვაბულიდან. იდგნენ და იგის შესცქეროდნენ.
იგის სახეზე სითბოს სუნი აუვიდა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ბელადს მიუბრუნდა.
- რომელი ქვა აიღოს იგიმ?
ბელადმა იგის შეხედა. მერე თავი გვერდზე გადახარა, ლამის ბეჭზე დაიდო და ისე უყურა. ბოლოს თქვა:
- რომელიც უნდა.
თან კეტს მაგრად მოუჭირა ხელი.
იგიმ ბრტყელი ქვა აირჩია. ფრთხილად აიღო, რომ არ გადამტყდარიყო, ბელადთან მიიტანა და აჩვენა.
- ხომ ხედავს ბელადი ამ ქვას? იგის შეუძლია, რაც ბელადს სურს, ის გამოიყვანოს თავისი სხეულიდან და ამ ქვაზე დადოს.
ბელადმა პირი გააღო, ნაბიჯი უკან გადადგა და ფრთხილად მიხედა თანამოძმეებს.
- რა გამოიყვანოს იგიმ თავისი სხეულიდან? - ჰკითხა იგიმ.
ბელადს კეტი მომარჯვებული ეჭირა. იგისთვის არ შეუხედავს, მიწას დაჰყურებდა. ბოლოს თქვა:
- რაც თვითონ უნდა, ის გამოიყვანოს. - და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
- კარგი. - თქვა იგიმ, ჩაიმუხლა, რბილი ქვა მიწაზე დადო, ცალი ხელი ზედ დააჭირა, მეორე ხელით მაგარი, წვეტიანი ქვა მოიმარჯვა, თვალები დახუჭა და სხეულში ნი მოიხმო.
ნი გაჩნდა. ლამაზი ნი იყო. მაშინ იგიმ თვალი გაახილა, წვეტიანი ქვა რბილ ქვას დაადო და ნელა გაუსვა.
ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე.
ირგვლივ ისეთი დუმილი იდგა, თითქოს იმ არემარეზე კაცი არ ჭაჭანებდა.
სხეულში ბაგაბუგი მაშინ შეწყდა, როცა ნი მთლიანად გადმოვიდა ქვაზე.
იგი წამოდგა, ჯერ თვითონ დახედა ქვის ნის, მერე მაღლა ასწია და თანამოძმეებისკენ შეტრიალდა.
ისეთი წივილ-კივილი ატყდა, თითქოს მძვინვარე მხეცი სახმოდეთ თავს.
თვალის დახამხამებაში ყველანი გამოქვაბულში შეცვივდნენ.
გარეთ მხოლოდ ზუ დარჩა. ზუ იდგა და ქვის ნის თვალს არ აშორებდა.
იგის გაუკვირდა.
"არ ეშინია ზუს?" - იკითხა თავის სხეულში და ის იყო ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ გამოქვაბულიდან ბელადის თავი გამოჩნდა.
ბელადმა ქვის ნის შეხედა და ისევ მიიმალა, მაგრამ მალე კვლავ გამოჩნდა. ერთხანს ზღურბლზე იდგა, მერე წამოვიდა და შორიახლოს გაჩერდა.
მაშინ დანარჩენებიც გამოვიდნენ და ბელადის უკან დადგნენ.
- ქვის ნი საშიში არ არის. - თქვა იგიმ.
ბელადმა კბილები დაკრიჭა, სახეზე ავმა ფერმა გადაკრა.
- ბელადს არ ეშინია! - დიდი ხმით თქვა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა იგისთან, ქვის ნი გამოართვა და დახედა. უყურა, უყურა და თქვა:
- ქვის ნი საშიში არ არის. - მერე იგის მიუბრუნდა, ქუშად სეხედა. - ქვის ბელადსაც გამოიყვანს იგი თავის სხეულიდან?
- გამოიყვანს. - თქვა იგიმ.
ბელადმა ქვის ნი დაუბრუნა იგის, კეტი მაგრად ჩაბღუჯა. თვალებში მრისხანების ფერი ჰქონდა.
- მაშ გამოიყვანოს იგიმ ქვის ბელადი.
იგიმ ქვის ნი ძირს დადო, სხვა რბილი ქვა მოძებნა, ჩაიმუხლა, თვალები დახუჭა, ბელადს მოუხმო სხეულში. მერე, როცა ბელადი შემოვიდა, თვალები ისევ გაახილა და საქმეს შეუდგა.
ზუს მზერას ძალიან ახლოდან გრძნობდა.
როდესაც ბელადი სხეულიდან მთლიანად გადმოვიდა ქვაზე, იგი წამოდგა. ქვა ასწია და ქვის ბელადი ყველას დაანახა.
ამჯერად მხოლოდ ღმუილი გაისმა. გაქცევით არავინ გაქცეულა.
ბელადმა ქვის ბელადი გამოართვა იგის. დახედა. დიდი ფაფარი ეყარა მხრებზე და ავი თვალები ჰქონდა.
- ახლა აღარა ჰყავს იგის სხეულში ბელადი? - იკითხა ბელადმა.
- ჰყავს! - მიუგო იგიმ.
- ხომ გამოიყვანა? - ბელადი თვალებში უყურებდა იგის.
ჰყავს. - გაიმეორა იგიმ. - სანამ იგი არის, მის სხეულში არც ბელადი გამოილევა, არც ნი, არც არაფერი. ბელადსაცა ჰყავს სხეულში იგი, ბელადი იგია და იგი ბელადია.
- ბელადი იგი არ არის! - დიდი ხმით დაიყვირა ბელადმა და კეტი მოიმარჯვა, ხოლო რაკი კეტი მოიმარჯვა, ქვის ბელადი ხელიდან გაუვარდა.
ქვის ბელადი ძირს დაეცა და შუაში გატყდა. ნახევარი ბელადი აქეთ ეგდო, ნახევარი - იქით.
ბელადმა დაიღმუვლა. დანარჩენებმაც დაიღმუვლეს.
ყველანი ახლო მოცვივდნენ და ორად გაყოფილ ბელადს დააცქერდნენ.
ბელადი დაიხარა, თავის ნაწილებს უყურა, ხელში აიღო, ატრიალა; იგის სეხედა, თანამოძმეებს შეხედა, ისევ ქვის ბელადის ნატეხებს დააცქერდა. ერთ ნატეხზე წელს ზევით იყო ბელადი, მეორეზე - წელს ქვევით. ბელადის კეტიც ნახევარი ერთ ნატეხზე იყო, ნახევარი - მეორე ნატეხზე.
იგი ზუს მზერას გრძნობდა.
უცებ ბელადმა ნატეხები მოიქნია და შორს გასტყორცნა. ნატეხები ბუჩქებში დაეცა და იქიდან მსხვრევის ხმა მოისმა. მსხვრევის ხმას საერთო ღმუილი მოჰყვა.
მერე ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, თქვა:
- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.
ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.
შეშფოთებამ იგის თავით ფეხებამდე დაუარა.
იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი სიტყვები გააჩინა.
იგიმ არ იცოდა, მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი.
ირგვლივ დუმილი იდგა.
იგიმ ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან.
ყველანი მოხრილები იყვნენ, მაგრამ ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები - მრისხანედ და ავად დაკრეჭილი. მორიგეობით ინაცვლებდა ფეხს და ადგილზე ირწეოდა.
იგიმ იცოდა, რომ ან უნდა დამორჩილებოდა ბელადს, ან უნდა შებმოდა.
შებმას აზრი არ ჰქონდა: ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირიც კი დამფრთხალი გარბოდა.
ბელადი იგის უყურებდა და ელოდა.
ვიღაცამ გამოქვაბულიდან კეტი გამოუტანა იგის და ფეხებთან დაუდო. იგიმ კეტი აიღო. ბელადი დაიძაბა და შეიკუმშა.
რომც ჰქონოდა შებმას რაიმე აზრი, იგი მაინც უარს იტყოდა. სხეული დიდი სიმშვიდით იყო სავსე და ამ დიდ სიმშვიდეს ვერაფერს ვერ დაარღვევინებდა.
იგიმ კეტი ძირს დააგდო და ბელადს ზურგი შეაქცია.
მაშინ ბელადმაც დაუშვა კეტი და გამოქვაბულში შევიდა.
დანარჩენებიც მიჰყვნენ და შეწყვეტილი ჭამა განაგრძეს. ბელადმა ჯერ იგის წილი ხორცი შეჭამა, მერე თავის წილს დაუწყო ძიძგნა.
-----
იგი თვალებდახუჭული იწვა, მაგრამ არ ეძინა.
დიდი დაძინების ქარაფზე ხშირად ასელა, ოღონდ შუაწელს არასოდეს გასცდენია. მუდამ შუაწელზე რჩებოდა, ბოლო ხის ძირას. როცა ვინმე თავისი ფეხით ადიოდა ქარაფის წვერზე, რათა დიდი დაძინების ხახაში ჩაშვებულიყო, მაშინ დანარჩენები ბოლო ხის ძირას რჩებოდნენ; ხოლო თუ ვინმე გამოქვაბულშივე დაიძინებდა დიდი დაძინებით, კაცებს აჰქონდათ ქარაფის წვერზე; იქ ხელებში და ფეხებში მოეჭიდებოდნენ, გაიქნევდნენ, გამოიქნევდნენ და გადააგდებდნენ. იგი ამ დროსაც ბოლო ხის ძირას რჩებოდა სხვებთან ერთად. ახლა იგის ჯერიც მოვიდა. ცა რომ დღის თვალს გაახელს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ დაბრუნდება.
სხვები? სხვები დაბრუნდებიან? იგის სხეულში დიდი გაკვირვება შევიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა.
როგორ დაბრუნდებიან სხვები, თუკი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, როგორ იტყვიან სიტყვებს? ან ბალახზე როგორ აბრჭყვიალდება მრგვალი წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე? შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არსებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება? იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე?
გამოქვაბულში ფაჩუნი გაისმა. იგიმ ცალი თვალი გაახილა. კუთხეში ვიღაცის ლანდი წამოდგა.
"ზუს ჰგავს, - უხმოდ თქვა თავის სხეულში. - სად მიდის ზუ?"
ზუ ფრთხილად მიიკვლევდა გზას თანამოძმეთა სხეულებს შორის. იგის რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. იგიმ თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა. ზუს მზერას სითბოს სუნი მოჰყვებოდა. "რა უნდა ზუს?" - თავის სხეულში იკითხა იგიმ. მერე ზუს მზერა წავიდა და იგიმ თვალი გაახილა. ზუმ გასასვლელს მიაღწია და გამოქვაბულს გასცდა.
იგიმ დაძინება სცადა, მაგრამ ვერ დაიძინა. დიდხანს იწვალა. ბოლოს ადგა და ფეხიაკრეფით გავიდა გარეთ. ზუ არსად ჩანდა.
"რაღაც დარჩება იგისგან, - თავის სხეულში თქვა იგიმ. - ოღონდ იგიმ არ იცის, როგორ დარჩება რაღაც... ნეტა ზუ სად უნდა წასულიყო?"
ღამის თვალი ბრჭყვიალებდა და სხივებს ჰფენდა არემარეს და იქაურობას ანათებდა.
იგი ხის ძირას დაჯდა, თვალები მოჭუტა და ღამის თვალს მიაჩერდა. ასე უფრო ბრჭყვიალებდა სხივები.
"დღის თვალიც და ღამის თვალიც დიდი დაძინების ქარაფს იქით ეშვება, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. - სად მიდიან? ან მერე რაღად ჩნდებიან შიშველი მთის თავზე? ქვის ნის მაგივრად რომ ქვის მძვინვარე მხეცი გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გამოქვაბულიდან გამოსვლას? ქვის მძვინვარე მხეცი რომ გაეკეთებინა, ალბათ გამოქვაბულში არც შეცვივდებოდნენ, სულ გადაიკარგებოდნენ ამ არემარედან. ზუს რა უნდა გარეთ? სად წავიდა ზუ? დარჩება რაღაც, იგი რომ გაქრება, თუ არ დარჩება? ძველი ბელადი რომ ჩაეშვა დიდი დაძინების ხახაში, რა დარჩა მისგან? კვალი? არა. კვალი სხვა რამეა. იქნებ ის დარჩა, რომ იგი ამბობს: ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფილიყო, იგი არ იტყოდა: "ძველი ბელადი". რაკი ძველი ბელადი იყო და გაქრა, იგი ამბობს: "ძველი ბელადი".
ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგიმ ყურები ცქვიტა.
"ზუ იქნება". - უხმოდ თქვა თავის სხეულში და ხმადაბლა დაიძახა:
- ზუ!
ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ლანდმა მინდორი გადაირბინა. ხელში რარაც ეჭირა.
"ზუს ქვა მიაქვს". - თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ დაუძახა:
- ზუ!
ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა, ის ქვა გულზე მიიხუტა, სირბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუჩინარდა.
იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ გასწია, საიდანაც წეღან ფაჩუნი შემოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვრევები ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამ იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ ჰქონდა.
აი თურმე რა უნდოდა ზუს!
იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ლანდს მოჰკრა თვალი. ლანდი გამოქვაბულიდან გამოდიოდა.
"ზუს არა ჰგავს, - უხმოდ თქვა იგიმ. - ნისა ჰგავს".
იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა: "იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა". ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა სხეულში.
ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა.
- ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, - თქვა ნიმ. - ნი იგის გამოჰყვა.
ნი ლამაზი იყო.
- რა უნდა ნის? - იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც.
ნიმ წყნარად თქვა:
- ნის იგისთან უნდა.
იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.
- კარგი, - თქვა იგიმ, - დაწვეს ნი.
- არა, - თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. - ნის არ უნდა იგისტან დაწოლა.
იგის გაუკვირდა.
- აბა, რა უნდა ნის?
- ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას.
"რა დაემართა ნის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააცქერდა.
ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა. მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ნის რარა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი...
იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა.
დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა:
- იგიმ ქვის ნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვის ნი?
- იგიმ აქ დატოვა ქვის ნი. - თქვა იგიმ და უცებ სხეულში ზუ გაჩნდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. "ქვის ნი მიჰქონდა ზუს. - უხმოდ თქვა იგიმ. - რად უნდოდა ზუს ქვის ნი?" - მერე ხმამაღლა დაუმატა: - სადმე იქნება ქვის ნი.
- იგის საკვირველი სიტყვები აქვს. - თქვა სიჩუმის მერე ნიმ. - ნის ენატრება იგის საკვირველი სიტყვები.
ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა. და უცებ ნი ისეთი გახდა, როგორიც იყო მანამ, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა.
იგი საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.
იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი ოდნავ ტოკავდა.
- როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი, - წყნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რომ დაუბერავს. - როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია...
ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. მერე ნიმ მიავივით დაიჩურჩულა:
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია.
ქარაფის შუა წელზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ.
იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში.
ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლადგახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.
ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო.
იგი ნელა მიაბიჯებდა.
ეს გზა იმთავითვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ იმთავითვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ამიტომ ეხმიანებოდნენ შორეული ქედები: გაიმართოს იგი! ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გაიმართოს იგი! ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ცის თვალები: გაიმართოს იგი! ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან.
სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე.
ბელადი ქვემოთ იცდის, ბოლო ხესთან. დანარჩენებიც იქ იცდიან.
"იგი ბელადზე უფრო ძლიერია". - მოულოდნელად თქვა იგიმ თავის სხეულში და უკან მოხედვა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს.
მშვიდად მიაბიჯებდა.
"ისიც რომ იცოდეს იგიმ, - უხმოდ ამბობდა იგი, - რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდიგვერდ ისხდნენ ხის ძირას. მაგრამ ამის ცოდნა იგიმ ვერ იპოვა. ძველი ბელადისაგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს".
იგიმ ქარაფის წვერს მიაღწია.
ისინი ქვენოთ უცდიან, ბოლო ხესთან.
იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო.
და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: "იგიმ იცის რა დარჩება მისგან!"
ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასტრევდათ, ვიწრო შუბლები მიწისათვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის.
ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მოხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის წვერს.
და იგი მიხვდა, რომ ყველაზე უფრო, ცის თვალზე, შორეულ ქედებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო, მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: გაიმართოს იგი! დაწინაურდეს იგი!
იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა - მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რარაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა.
იგი ზუსაც უყურებდა, სხივოსან ტომსაც და თავის განათებულ სხეულსაც.
მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა.
კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვერარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში: "იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო".
დასასრული