(ფრაგმენტები დაკარგული პოემისა)

 

მეორე ვარიანტი

 

*

გრგვინავს თბილისი, დიდი ბაზარი,

რა ღრიანცელი, რა ტკარცალია,

ბრძოლა გროშისთვის არის საზარი,

აქ ოცნებისთვის არა სცალიათ!

 

სიმსუქნისაგან დალექებული

და ჩაგოდრილი მუცელ-ფაშვები...

ვაჭრები ჯიბე გასუქებულნი,

ჩარჩები ბაზრის ყიზილბაშები.

ასე ჰგონიათ, საწუთროება,

რომ მათს გაქონილ დახლზე თავდება

და რომ სინდისი და სათნოება

მხოლოდ მათ ფულზე დახურდავდება!

ირგვლივ არტალის ოშხივარია

და შამაიის სუნი ტრიალებს,

აქ ოცნებისთვის არა სცალიათ,

აქ ყველას ფული სულს უმტვრიანებს.

 

*

ვის გაქვთ კედელი თავისუფალი

ღვინის სარდაფში! მე დაგიხატავთ!

ჰეი, ვის გინდათ, მოდით, დაგხატოთ,

მე ფუნჯის ერთი მოსმა მწყურია!

თუმცა, ქალაქი, თბილის-ქალაქი,

მისი ნახატით მოკირწყლულია.

დღე აღვსებისა ჰქონდა მარადის,

დიდ კოცონივით მუდამ იწვოდა.

დასრულებულ დღის სიცარიელე

არა სტანჯავდა, მან არ იცოდა!

წუთით არ ჰქონდა ცეცხლი დამცხრალი.

მზეს და ცხოვრებას ერთად იწოვდა

ნიკალას ფუნჯი გაუმაძღარი...

- ჩვენ ყველაფერი უნდა დავხატოთ,

რასაც კი ვხედავთ, რაც თვალწინ არი!

მუყაო, ტილო, ავაღაღადოთ,

ქარი მღვიძარი, ხალხი მძინარი!

ჩვენ ყველაფერი უნდა დავხატოთ,

და გულის ცეცხლით უნდა დავდაღოთ -

ზვირთი მდინარის, ცა მომცინარი,

ხალხი, ცხოვრება, რაც თვალწინ არი!

ხალხში და არა სახლში ტრიალი!

ერთად და არა ცალცალკეობით!

ავაგოთ სახლი სინათლიანი,

შიგ ვიმუშაოთ ძმებო, მხნეობით.

 

*

ნიკალას უკვეთავს მედუქნე რიხით,

რწყილიატყავე, ეშმაკის ბრიყვი:

- ეს დამიხატე, დამისურათე:

აქ უნდა ზღვაში გემი სცურავდეს.

აქ შესძახოდეს მთვარეს ბულბული,

აქ გამორბოდეს დათვი ბუბუნით.

იმ დათვს მე ვკლავდე, თოფი მეჭიროს,

თავი ვაჟკაცად გამომეჩინოს.

ცხელი ხარჩო და ხელადა ღვინო

ულუფად გქონდეს! მეტი რა გინდა?

მხოლოდ იცოდე, არ შემარცხვინო.

 

მე ვარ ამ დუქნის ღმერთიც, უფალიც...

დახატე ისე, როგორც მე მინდა!

რომ არ დააკლდეს ერთი კურცხალიც,

ზღვა-ოკეანე მთვარით, გემითა...

 

- დახე ტილოზე რა მოხდა:

მებადემ ბადე გაშალა,

ტყიდან ირემი გამოხტა,

ნუკრი მოსდევდა თვალშავა,

დასხმულ ვარდებმა დაფარა

ბილიკები და გზაშარა...

- ეს ღვთიდან არი, იცოდე,

ეს არ გეგონოს უბრალოდ!

- ვის გინდათ ნიკას სურათი,

ღვინოში გამოუბაროთ,

- ჭიქა არაყი ეყოფა!

ფული რად უნდა ნიკოლას.

- ჯიბე ხომ არ აკერია,

რას არგებს ფულის მიყოლა? -

იტყვის ეშმაკის ჩახმახი,

მიაწვდის არყის ნაწურალს...

შეიღიმილა ნიკოლამ,

არყის ტალღაზე გაცურა...

 

*

სძულს ყრიალი და აურზაური,

ქალაქის უხმო ამპარტავნება,

ბალახ-ბულახში გახვევა უყვარს,

ჩანჩქერი გულზე ეტორტმანება.

ყრმობის ბაღების ნასურნელები

ქალაქშიც ისევ მოედინება,

სოფლის მდინარე დედის ხელებით

ფიროსმანის გულს ეფოფინება.

ელამაზება მინდვრის ჩითები

ფერადფერადი, რა უფასური.

და გული ნაზად აუჩვილდება

თუ ნახა ვაზი - სვეტზედ ასული.

უყვარს კვირადღით სუფთა საცვალი,

უნაბქვეშ ჯდომა, ხალხის ყურება.

თბილისის ვარდი, დილის ნაცვარი,

გულს სისპეტაკით მოეწყურება.

რად ეძახიან მაშ, სარდაფები

ნესტით, ბუღითა და ოშხივარით,

ქუჩების მწვირე ნაღვართქაფები,

კირით, გოგირდით, ნავთით მქშინავი.

 

*

- აქ ვინ ჩააგდო, ვინ გაიმეტა

და რომელ ქაჯმა გამოატარა?

- საცოდავია! - ამბობს მოკეთე,

ლოთია! - იტყვის ენაჭარტალა.

- მღებავი არი! - სთქვა დიდმხატვარმა

თან პირზე შხამი გადაედინა.

ფუნჯის აღება ბავშვურ ნატვრამა,

თუ თავხედობამ გააბედინა?

 

- ნიჭიერია უსათუოდ, - მართალი არი,

გაურანდავი მხატვარია! -

ამბობს ცილინდრში

ჩიტირეკია სათვალიანი.

მაგრამ სტუდენტი ლურჯხალათა

                        სიტყვას მიახლის:

- ასეთ ნიჭს გვტყორცნის

საქართველოს ალმას-წიაღი!

და არ არსებობს არა ძალა დედამიწაზე

ჩაკეტოს იგი,

რაც ხალხის გულს აამეტყველებს...

თვით ფიროსმანი კასრებშუა ზის გრძელ ფიცარზე,

მინახშირებულ ცეცხლზე ითბობს,

გაყინულ ხელებს...

 

- მე გინდაც მოვკვდე უსაფლავოდ... ჩემსავ ჯოჯოხეთს

მე შეურიგდი... მე ვიშრომე... ჩემი მივიწყე.

ჩემს ბედის ფრინველს ქვა ესროლეს, ფრთები მოსტეხეს,

ამოვარდნილი ვენახივით გადამივიწყეს...

 

*

- ლიტერატურულ ფარვანას ჰხედავ,

გათავხედებით როგორ ახევდა?

ღაღადებს: ნიჭის დიდი გვალვაა,

შემოქმედების არი შიმშილი!

თუმც გვერდით ჰყვანან - ვაჟა-ფშაველა,

ფიროსმანი და სულხანიშვილი!

- ჩვენ გვინდა ნიცშე!

ჩვენ გვინდა ნიცშე!

ზეკაცი გვინდა მაღლა ამწევი.

საქართველოში, კარგად იცი, შენ,

მეტად მომრავლდნენ ქონდრის კაცები,

ჩამორჩენაა! რა უნდა მოგვცენ!

დიდი აზრები გამოილია,

ჩვენი მგოსნები ვერ გავლენ დოღზე,

ხომ ყველა გზები გადაჭრილი აქვთ!

გამონაძალი საცოდაობა,

დაობებული სიტყვის მჭევრობა,

უიმედოა ჩვენი თაობა,

ჩვენი ხსნა არის - მხოლოდ

                        ევროპა!

რა ხალხურობა,

            და ეროვნება?

ხალხურ-გლეხური

ერთფეროვნება!

 

*

ტვინგალაყებულ მოლაყბის ყბები

ასე ამკობენ ქართულ ნიჭს ყეფით:

- ბატონო, ნახეთ!

- ახ ფიროსმანი!

ნეტა ვინ არი,

ქურთი? ოსმალი? -

წამოთქვა მკვახეთ.

- არ ურიგდება დღეის ცხოვრებას,

მას ფეხქვეშ ხოხვით არ დაგებია;

გაუტანია ცეცხლის ცხროებას,

და მხოლოდ ფუნჯზე გადაგებულა.

დახეულებში დადის ამაყად

ჰხედავ, ის ფუნჯით, როგორ ამაღლდა...

მაგრამ გულზე კი ასი ლოდია!

ათასი წყლული მწარედ ატყვია,

გოლგოთას ოფლი

დასდის თქრიალა...

მჭლე გულით მოდიან,

მშრალ სიტყვას ეტყვიან,

იმედებს აძლევენ

და პურს კი არა!

 

*

გულქვა არი ქვაფენილი

ოფლის ჟანგით დაფერილი...

გულქვა არის ის ფანარიც

შემოდგომით მჟინჟლავ ნისლში

განა სხივებს?

                        ეკლებს ისვრის...

ობობაა, რომ ანათებს,

იგი მხოლოდ სიკვდილს მოჰქსოვს,

დაგიჭერს და მთლად გამოგწოვს...

                        ვერაგული მოღალატე.

 

*

ტიროდა ღამე შემოდგომისა

ნისლში ბჟუტავენ კრთომით ფანრები.

აღარ გაქვს ღონე ფეხზე დგომისა,

მთვარეზე მეტი ვინ გყავს მფარველი!

- ვინ გამოგაგდო?

კითხულობს წვიმის

შიშველი სული...

- ვის ეფარები?

- ახლა, ნიკალა, საით წავიდეთ

ხომ ვართ ორივე თანამგზავრები!..

ჩქეფით შესძახებს საწვიმე ღარი,

სახურავების გამდნარი შხამის,

ქალაქის ჭუჭყის გადამრეცხავი,

ეჩურჩულება, ესაუბრება,

ეჟღურტულება, როგორც მერცხალი:

- რად ხარ ფერმრკთალი?

არ გაქვს ფერწყალი!

აღარც კერა გაქვს,

არც ნაკვერცხალი!

საით წავიდეთ?

            დავრჩით მე და შენ!

აღარც საფლავი, აღარც ზედაშე!

თავში ნაშენით მოსთქვამს და სტირის

ნოემბრის ცრემლთა საწვიმე ღარი.

ხან ლაზღანდარობს, როგორც სატირი,

ხან ფიროსმანის შავ ბედს შეჰხარის...

ვიღაც ეძახის: ბედს გაგინასკვავ,

ქუჩას მიგაკრავ, სიკვდიილს ინატრებ!

მე ამოგიჩენ ბედის სხვა ვარსკვლავს,

შავ სარდაფებში დაგაბინადრებ!

- ნუ დამისაზღვრავ ქუჩის ქვაფენილს,

მე საწყალი ვარ,

            ნუ დამამწყრალებ,

ერთხელ მიყვარდა,

            ერთხელ დავთვერი,

მარად მივტირი მთვარეს ნამცხრალევს...

სარდაფში სევდით სტირის არღანი,

საწუთროსავით დაიმკვნესარებს,

ფქვავს ძველ იმედებს,

            ტალღა ტალღაზე,

სძირავს უფსკრულში ცრემლით მკვესარე.

მიჰქრიან დღენი ყორნის ფრთებივით

საწვიმე ღართან სტირის არღანი...

ცვივიან დღენი ნაფერთლებივით,

რა ჯილდო არი...

                        რა არმაღანი...

იწვიმოს წვიმამ...

იდინოს ღვარმა...

ცეცხლს ვერ ჩაგიქრობს ქვეყნის წარღვნანი...

 

*

რამდენი ჰხატა მთები და ზღვები,

ვარდი და ვაზი ააღაღადა,

ერთი სწყენია საწყალ ნიკალას, -

თავისუფლების ხე ვერ დახატა,

ხე - მწვანოსნობით სახელგანთქმული, -

ერის აღთქმული!

- მინდოდა მენახა სამშობლოს სიკეთე,

ბედნიერება,

დიდება მისი!

გზები ორთავეს გადაგვიკეტეს,

თავისუფლების ვერ გავხდით ღირსნი!

- და თუ დღეს ცრემლად სწვიმს ჩემი ერი,

და იწვის, როგორც ძველი აბედი,

წარსულით სავსე ჩემს ქვეყანაში,

ვიცი, მომავალს ექნება ბედი!

 

...თოვლი დნება და გაზაფხულს ველი,

მაისის ძარღვი მწამს ადუღდება!

ჰაეროვანი, უჩინარ ხელით

მამულის მიწა აზურმუხტდება!

(ფრაგმენტები დაკარგული პოემისა)

 

პირველი ვარიანტი

 

- ნუ ამაყენებ ჯერ სუფრიდან,

შენ გენაცვალე,

მე ჭიქის ძირში ღვინო ჩამრჩა...

ასწი, დაცალე!

ვერა, ვერ დავცლი, საყვარელო,

რენო რა-ნინო...

შიგ ანგელოზებს ფეხი მინდა

ჩავაბანინო!

 

*

რქაწითლის ჭიქას

კახეთისა ადგა ნათელი,

ყანწი, შამფური...

ტოლუმბაშის სიტყვა ტრიალებს.

ბასტურმა. თევზი.

ხაშის ქვაბი ღამე-ნათევი,

ამ დუქნის ბუღში

            ოცნებას ვინ გაიმტვრიანებს?!

 

დახლზე ტარხუნას სძოვს ბატკანი

დანა-გაჩრილი,

რუმბი წევს,

თითქოს მუცელია ეპიკურელის...

 

მტლაშა-მტლუშებით ალავერდს სვამს

ნოეს აჩრდილი,

ახალუხზე აქვს საფერავი

შენაპკურები.

- ეს რა ღავღავი, რა სოდომი,

რა ტკარცალია...

- ადე, გეყოფა,        

გამომზერა რად გაქვს ყვითელი...

აქ ოცნებისთვის, ჩემო ძმაო,

არა სცალიათ,

ვაი, ჩაგძირავს,

თუკი ერთხელ ჩაიყვინთები...

 

- ადე, ნიკალა,

დამიხატე: რთველი, ქორწილი,

თამარი, შოთა, მთვარის წარბი,

ხე დაკორძილი;

და მარგარიტა,

სამოთხეში რომ ირგო წილი,

ოქროს ბუშტები,

ჯიქანი და მსუყე თაველი...

კალო ბზიანი,

სახედარი ბავშვის თვალებით...

- დავხატე... მაგრამ...

არაყზეა გაქვითებული...

- დოვლათდამწვარო,

სარდაფი გაქვს აკიდებული,

შენ კი დაგეძებს

ალაზანზე ხოხბის ყივილი,

ირმის ყვირილი,

ჩანჩქერების გადაშხივილი!

 

- შენ აქ რა გინდა,

ღრიანცელსა და ოშხივარში!

- შენ უნდა იჯდე

მოხასხასე ვერხვის შრიალში!..

თავად ჰკითხულობს

და თვითონვე ეპასუხება,

წასულა ბედი,

მის გზასავალს ვიღა მოძებნის,

პილატეს ცრემლი

დაქანცულ გულს ემარწუხება,

ფრთებდამსხვრეული

გაჰქცევიან ანგელოზები...

           

            *

დამინახია ბნელ სარდაფში

                        მიმომზირალი,

კუთხეში მჯდარი ფიროსმანი,

სვამს მარტოდ-მარტო...

ირგვლივ,

სუფრებზე ჩაქინდრულან

                        მზისუმზირანი,

ტირის არღანი მოღრიალე,

ეძახის მარგოს:

 

- მარგო სად არი,

სად წასულა, ვის გაჰყოლია,

დახურულია ეს ქვეყანა

განა ჩალითა?

შემოფრინდება

ოქროს მტრედი ორთაჭალიდან,

მხარს დააჯდება,

გადმოაბნევს თეთრ მაგნოლიას.

 

შეშინებული ნიამორი

ჰკოცნის ცივწყაროს,

მოსწყდება, მოჰქრის,

სანამ ტყვიას შეეგებება.

ასწი, დალიე,

რომ ოცნება ააცინცხალო,

ნამარილევი ირემივით

სმა შეგერგება!

 

- დაბნეული ვარ

და უღმერთოდ გზადაბურდული,

ვით ქარხანაში

ჩარხებ-შუა მფრინავი ჩიტი!

ცხოვრების ქარო,

რათ დამიხშე კარი ურდულით,

რასაც ვხატავდი,

შავი ხელით მაშინვე ჰშლიდი!

 

გულში ჰყვავიან

ხარბ სურვილთა ყაყაჩოები,

დიდი ტაძრები ოცნებათა

ზღვაზე სცურავენ:

მოსახატავად

მეძახიან ხარაჩოები

და დიდთვალება ანგელოზი

მიქმნის სურათებს.

თავზე მათრახით

დამადგება წმინდა გიორგი:

- ნუ გეშინიან, ნიკალაი,

ის მახატვინებს...

როგორ იქნება, ხალხის ძალამ

რომ არ ივარგოს...

 

*

- ერთი უყურე ამ ქარიანს,

რამ გადარია!

არყის ჭიქების ცვლაში ჰხატავს,

ჯადოქარია! -

სთქვა მიკიტანმა,

წარბის ქვეშ რომ უზის სატანა.

- მართლაც კარგია,

ღირს ბაზარზე გამოსატანად!

 

*

შეჭვარტულ ჭერზე

მოღანცალობს ლამპის ნაშუქი,

ბუზების ხროვა

დღეის ქეიფს დაათარიღებს,

თარზე ყბებს იმტვრევს

ნათათრალი, მთვრალი აშუღი:

„წუთისოფელში ზღვამ მომაგდო

ქარი წამიღებს!

 

- ჰეი, გავთავდი,

სიყვარულის ავადმყოფობით,

გულიც შენ მოგე,

რაღა დამრჩა გაუცემელი?

ქაბაბად შეწვი,

საყვარელო, სულის ხოხობი,

და ზედ მარილად მოაყარე

ჩემი ცრემლები!..“

 

შენ კი, სხვა გახსოვს,

მესტვირე და მისი ქარახსა,

ზურმუხტის ტევრი,

გომბორის ცა, მზე უქარვესი...

ღონე ძლიერი რად მიჰყიდე

ჭიქა არაყსა,

როგორღა გინდა ამოავსო

ძმაო, ხარვეზი?

 

ცისარტყელაზე

ჩამოეშვა შენი ბავშვობა,

გულზე ბულბული დაიბუდებს,

სულში - ბადახში...

აქ რას შეგმატებს

კინტოების ტოლუმბაშობა,

ფოთოლს აკოცე,

გაეხვიე სოფლის ბალახში.

 

მისწყდა არღნის ხმა...

ცისკარს ღამე გაუწელია,

- ნუ ამაყენებ,

არ მასვენებს მიწის ღადარი...

გულს ვარსკვლავივით

მოსვენება არ უწერია...

ისევ მეძახის

ბროწეულთა ნაღაღადარი.

 

- დავასხი ვაზი,

საქართველო ვაპურმარილე...

ერთი კუფხალი,

ერთი ლუკმაც არა მრგებია,

არ მქონდა ტილო,

არც სახლისთვის მარმარილონი,

სამზეურის წილ -

სარდაფის ცა დამსარქლებია.

სულში ამოდის სუმბული და

მესურნელება,

გულში ირხევა კოცონი და

მწვავს უნელებლად...

მე ღმერთსაც ვხედავ!

ამას ვამბობ ნიკო ფიროსმან!..

............................................

- ადე ნიკალა,

გაათავე უნაპირო სმა!

 

- ნუ ამაყენებ,

ყელს მეხვევა ვაზის ბაბილო.

ასე მგონია, თითონვე ვარ

მე ვაზის რქაში!

საქართველოში ჩამოვივლი

მე ჩემს ალილოს,

გაშხეფებთ მირონს...

ჯერ ბევრი დგას ქართლის ჯიქანში!

 

ნუ ამაყენებ...

ღვინო ჩამრჩა მღვრიე ჭიქაში,

შიგ ჩემს ოცნებას

ფრთები მინდა ჩავაბანინო!..

 

*

მტკვარზე ღრუბლები

დაბურდულან, იალქანებად

დიდუბის თავზე

ლამპიონი ლიფლიფებს კრთოლვით,

ბოლო ტრამვაი

ყორანის ხმით მიექანება,

მოდის ნიკალა თავშიშველი,

მოჰბარდნის თოვლი...

დაეძებს სარდაფს,

თუ თვისს საფლავს უმისამართოს, -

თუ ძიმწარის წვენს,

გაათაოს ბარემ შავი დღე!

ერთ მუშამბაზე საქართველო

როგორ განმარტოს,

მალაკნის ქუჩით -

მთაწმინდაზე როგორ ავიდეს!

 

გული დაიწვა

და მაყალიც გაციებულა,

მთვარესაც სცივა, მოწანწალეს...

ჭირხლი გაუშვა...

ფანჯრის მინები ნაჭედ ვერცხლით

დამძივებულან,

ფუნჯშეყინული შეეხიზნე კიბეს,

რა უშავს!

 

თუ გაგიხურდეს შუბლი ცეცხლით,

ნუ გეშინიან,

დაფნის რტოებით

გაგიგრილებს ერი, ფიროსმან,

და თუ დანაცრდი,

შავარდენი დაგეშილია,

ძირს დასცემს სიკვდილს,

რაც არ უნდა დააპიროს მან!

 

თანამგზავრებად მოგყვებიან

შენი ფერები, -

სხივნარა დილა წიწილებით,

ვარდის ალმასი,

სავსე ქართული საწნახელი,

დაუბერები,

თავთუხის ყანა.

დურაჯი და ჭრელი კალმახი!

 

- მე არსად წავალ, არც ინდოეთს,

არცა ხატავეთს,

ფუძის მიწიდან ამონაფრქვევს

შევსრუტავ ფერებს,

ჭვარტლში აურევ ჩემს ტანჯვებს და

მით ვიმხატვარებ,

ავფერავ მიწავ, მშობლიურო,

რაც შენ შთამბერე!

 

*

ჩარექა, ხონჩა.

ხოხბის ბაღჩა. ჯოგი მსუქანი.

გადმოფარჩული გაზაფხული

აღდგომის კვერცხით.

ტივი ჩირაღდნით.

დუდუკი და „თეთრი დუქანი“,

ვაზშემოკრული ეკლესია

ყურძნის ნაკვერცხლით.

 

- აძაბულ ირემს რა უთხარი,

რა დაავალე,

თუ შენი სევდა მიათვალე

ჟირაფის თვალებს?

თუ მეეზოვეს ჩააბარე

თბილისის ღამე,

მაშ, ღელეები

ნათლით როგორ აასისხამე?

და ორთაჭალის

კოჭიბროლა სირინოზები

მთვარის ლოგინში

ვით აქციე ანგელოზებად?

 

ფრთასისხლიანი ფრინველივით

გულს ურტყამ სარდაფს,

ფართხალებს გული,

ვით ბადეში ლურჯი ჭანარი.

იქნებ ტკივილი საჭიროა?

ცრემლების ღვართქაფს

რომ შეუერთე ჭაობური

ფერი მსჭვალავი...

 

შენი სავანე საყუდარი,

გამხდარა კიბე,

სადაც ბავშვები ქვებს ესვრიან

შენ სიღარიბეს...

გულში ჩაიწყე შენ ის ქვები...

ცრემლებით ჰკრიბე...

და აპატიე ყველა გულშავთ,

ჭკუით აფრაკებს...

- იცით, ჩემ სახელს რომ იცნობენ

რუსეთს... საფრანგეთს...

გამკაცრებული გადაავლებ თვალს

ამ ყეინებს,

მაგრამ წუთიერ...

და არავის არ აწყენინებ...

თავდაბალი ხარ

ყანასავით, შენმა ცხონებამ.

გაჰკვირვებიათ,

არ იცოდი შემათხოვრება!

 

დიდი ოსტატი მწარე ბედმა

დუქანს მიგლურსმა!

ვერ გაგახარა

საქართველოს ცათა ფირუზმა;

ვერ დაიტიოს ვერც ეტრატმა,

ვერც პაპირუსმა,

ეკლები, რითაც

დაგისერეს გული, ფიროსმან!

შენ ხარ იგი ხე,

ათას წელში ერთხელ რომ ჰყვავის...

შენ - ხალხის გულის ყვავილი ხარ,

ცრემლით ნარწყავი...

ფესვივით სვამდი...

თვით ფესვი ხარ,

ხალხში გადგმული.

ხალხის სისხლხორცო,

დღე დაგიდგა გულის დათქმული...

 

ფუნჯის სანთელი

სარდაფიდან დაიჩახჩახებს,

თუმცა მუშამბას

გაუვიდა ყველა ვადანი,

ვემთხვევით დამზრალს,

შენ დამაშვრალ ხელს, მოცახცახეს,

რომ ჯადოსნურად გადაგვიხსნა

ოქროს მადანი!

 

ძველმა აბრებმა,

დაცვარულმა ვარდის კონებმა,

გახსენეს ღიმით,

მოხეტევ და ბავშვო ძმობილო!

მე დავაწვეთე ღვინო პურზე

მოსაგონებლად,

გთხოვე, კალამი შენს მირონში

ჩამაწობინო!

 

შენში ათასი უსახელოს

იწვის ოცნება,                     

ათი-ათასი გარდასულთა

ფიქრი ნატარი,

საუკუნეთგან

ეგ სახელი გაიკოცნება,

ქართული ფერის, სურნელების,

სიბრძნის მხატვარის.

 

ბრმებისთვის იყო

უხილავი შენი ნათელი,

აწ ოქროს პერანგს

შთაგონება იცვამს მჩვრიანი,

მიწას დაგვალულს

გაანედლებს შენი ჯანმთელი

რძიანობა და

შენი ძროხის ცურის შხრიალი!

 

შენ დაიკარგე,

შენ გადადნი ხალხში უჩინრად,

როგორც მწვერვალი დნება ხოლმე

ბინდში ხვეული;

რომ განთიადზე

აღიმართოს ახალ სიმაღლით,

შედედებული ბურუსიდან

ამორხეული...

 

შენი მარჯვენა

ქართულ მიწის სიმაღლე არი,

ბარაქის დამდე

და ამწევი საზეპუროდაც...

მონაგრებულა

შენი ფუნჯის ლუკმა მდღევარი,

გამოღალულთა,

უღალოთა დასაპურებლად.

 

არ გაფრენილან

არწივები საქართველოდან,

აქვე რჩებიან,

რათა სული მაღლა ასწიონ!

თუ საოცრებას ჩვენი სული

აღარ ელოდა,

შენ შეგვასწარი,

შენ, ქართული ფუნჯის არწივო!

 

კახეთის ღონეს საწნახელის

ღარებით სვამდი,

მის ნათელს სვამდი,

ისრუტავდი მის მრავალ ფერებს,

მართალი იყავ გუთანივით,

უკუნისამდი,

ძლიერი იყავ და ჯანმრთელი,

რა დაგაბერებს?

 

დამტევნებული ვენახებით,

ვარდისუბნებით,

საწნახელებში

ოქროხმოვან ღვართა დუღილით,

ცეცხლით, ქარიშხლით,

სინათლით და თავისუფლებით,

სცოცხლობდეს შენი

ქართლის მიწა გულდაუღლელი!

 

შარავანდედი მრავალ შვილის

მოიფინოს მან,

ბევრი კოკორი

ხვალეც არი გადასახსნელი...

დაგეამბორე სიმღერის ხმით,

ნიკო ფიროსმან,

და საქართველო

დავიფიცე შენი სახელით...

როცა გულია აყვირებული,

მე დიდ აჩრდილებს

დავეწინდრები,

მასწავლონ, როგორ დავრაზმო

სიტყვა,

როგორ  მ ო ვ გ ე თ ო  ლექსის მინდვრები...