გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი,
ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.
ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება, ვით ღიმილი,
ფერმიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...
ნისლში მყოფი არემარე ნანგრევების არის ჩრდილი,
არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე.
ყოველი ხე და სამარე, ხევხუვებში მოფენილი,
არის უღვთოდ მოწყენილი.
ამოვდივარ!.. ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.
ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს,
მთის მწვერვალო, მაგ შენ კალთებს ნუ ელტვიან იმედები,
მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს!
ამოვდივარ!.. გულისნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები,
როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს!..
მალე, მალე ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები,
ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს!..
წარსულმა ღამემ შენს ფანჯარაში
დათოვა თოვლი ია-ზამბახის!
შენი ალვა დგას, როგორც დარაჯი,
მზეთუნახავი და მკრთალი სახის.
სისხლივით ელავს ფოთლები ვაზის,
ბროლი, მარჯანი და ნელი რვალი,
ხალივით მთვრალი ხაზი შირაზის
ალვაში შედის მრავალთ-მრავალი.
ნელ ლერწებით და ვაზის მტევნებით
მიყვარს ქალწულის დაგვირგვინება.
წარსულს ჩვენ აღარ დავედევნებით
და არც ცრემლები დაგვედინება.
ამ მწიფე მტევნებს დალეწავს ქარი.
თუ მწიფობისთვემ შესცვალა დარი -
მებაღემ მოსვლა თუ არ ინება!
შენ სული გქონდა ისე კეთილი,
ოჰ! სერაფიმის ცისფერი სული!
ეხლა დაღლილი და დაფლეთილი
არის ქსოვილი ფერ-მიღებული.
ვის დაიფარავს სუსტი ქსოვილი?
ვერც შენ, და ვერც სხვას... ცივია წვიმა!
ქსოვილი წვიმის ცვრებით სოველი,
წაიღო ქარმა, ქორმა, არწივმა.
ფიქრები ქარის ქვითინში კვდება,
ფიქრები კვდება ნისლში და ქარში:
არ არის არსად ბედნიერება!
ფიქრები კვდება ნისლში და ქარში.
ეს მწუხარე და მწველი ზუზუნი
მიყვება ფიქრებს ნისლში და ქარში!
ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი
მიყვება ფიქრებს ნისლში და ქარში.
ჩამავალი მზის მომაკვდავ ალებს
ისვრის ღრუბლები და დაღლილობა:
მთებს, ირმებს, შველებს, ხევს და ნაპრალებს
აწუხებთ ღრუბლის მძიმე ჭრილობა.
მძაფრი ბურუსი იტაცებს ბურუსს,
თითქოს ქაოსში ხმაურობს განგი,
ხეების რყევა ბაძავს კენგურუს
და დახრილ ვერხვებს ორანგუტანგი.
ტყეს რიდეები ეწევა ტანზე
და ჰკივის იგი ცეცხლმოდებული,
შიმპანზეს მთებში მისდევს შიმპანზე,
გრიგალს - გრიგალი აშფოთებული.
ოჰ, როდის ვიტყვი: გრიგალი ჩადგა!
იქნება დაცხრეს მშფოთვარე გული...
იქნებ გამოჩნდეს სადმე კამჩატკა,
რუქაზე არსად არ აღნიშნული.